თავი მეთორმეტე - აქტიური წარმოსახვა როგორც მისტიური მოგზაურობა
აქტიური წარმოსახვის მომდევნო მაგალითი საკმაოდ განსხვავდება იმ მაგალითებისგან, რაც აქამდე ვნახეთ. ხშირად, აქტიური წარმოსახვის სესიის დაწყებისას, არაცნობიერიდან გამოდის საკითხები, რომელთაც ნაკლებად აქვთ საერთო კავშირი პირად ცხოვრებასთან. როგორც ამ მაგალითში დაინახავთ, გამოცდილება უფრო მითიურ თავგადასავალს, არქეტიპულ სამეფოში მოგზაურობას წააგავს. არაცნობიერს ისინი მიჰყავს მეფე არტურის კარზე, ან ანტიკურ საბერძნეთში, როდესაც ღმერთები ხილულად დააბიჯებდნენ.
სანამ არ გავიგებთ, რომ ასეთი თავგადასავლები სიმბოლურები არიან და რომლის ფონზეც ჩვენს არაცნობიერში რაღაც დიდი თემა თამაშდება, არასწორ დასკვნებამდე მივალთ. ჩვენ ვიფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ გასართობია; რაღაც გამოგონილი ამბავი, რომელიც მწერალმა მხოლოდ ერთჯერადი სიამოვნებისთვის დაწერა. როგორც დაინახავთ, შემდეგი მაგალითი რაღაც დიდი მითის დასაწყისივით ჟღერს - მოგზაურობა მიწაზე, სადაც ბოროტებაა გამეფებული; გმირული ძიება უდანაშაულო დედოფალის დასახმარებლად; ავადმყოფთა და დაჭრილთა მკურნალობის დავალება და ასე შემდეგ.
ღრმა გაგებით, სიუჟეტი გამოგონილი არ არის, რადგან მისი ყოველი დეტალი აბსოლუტურად სიმართლეა მათთვის, ვინც ასეთ წარმოსახვაში შედის. ზოგჯერ მხატვრული ლიტერატურის დიდებული ნაწარმოებები აქტიური წარმოსახვის მეშვეობით იწყება. გამოსახულებები წარმოადგენენ არაცნობიერის ღრმა დინამიკის ნამდვილ განსახიერებას, რომლებიც სიმბოლურად წარმოსახვის მეშვეობით საკუთარ თავს გამოხატავენ.
თუ აღმოაჩენთ შინაგან მეგზურს, რომელიც მითიური თავგადასავალის გავლაში თანამშრომლობას გაგიწევთ, ამით მიხვდებით, რომ ყოველივე ეს ლეგიტიმური და შესანიშნავი გზაა შინაგანი ნაწილების აღმოსაჩენად და მათი მეშვეობით ცხოვრებისათვის, რომელსაც უშუალოდ ფიზიკური და ყოველდღიური ცხოვრების ფარგლებში ვერ აღმოვაჩენთ. მითიური მოგზაურობა ასევე შეიძლება იყოს რიტუალური პასაჟი; როდესაც ვვითარდებით და სიმწიფის ერთი საფეხურიდან მეორეზე გადავდივართ, ყოველთვის არსებობს რაღაც დიდი არქეტიპული თემა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ ან კონფლიქტი, რომელიც ღრმა დონეზე უნდა გადაწყდეს.
თითოეული ჩვენგანის შიგნით ყველა დიდი არქეტიპული თემაა დამალული. გმირული ძიების ნაყოფიც ასევე ყველა ჩვენგანში იმალება. თითოეულ ჩვენგანში არსებობს ფსიქიკური მოგზაურობა და სამუშაო, ჩვენ შეგვიძლია ეროსთან და აფროდიტესთან შეხვედრა, რომელიც სადღაც ჩვენს შინაგან სტრუქტურაშია ჩაშენებული. არ შეიძლება რომ მოვერიდოთ ამ არქეტიპულ ლაიტმოტივებს; ადამიანმა აუცილებლად უნდა გამოხატოს და განიცადოს ისინი.
აქტიური წარმოსახვა ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ლეგიტიმური დონეა, რომელიც მოცემულ გამოცდილებას გვანიჭებს. შესაძლებელია ამაზონის ჯუნგლებში მოგზაურობა, რევოლუციაში მონაწილეობის მიღება ან გარეგნულ ასპექტში რაღაც მნიშვნელოვანის შესრულებაც კი. თუმცა, ჩვენ ურთიერთობები, ვალდებულებები და მრავალი სხვა ფაქტორი გაგვაჩნია, რომელიც ხელს უშლის ჩვენში ამ დიდი პირველყოფილი ენერგეტიკული სისტემის გამოვლენას. მაშინ, რა უნდა ვქნათ?
ჩვენს მაგალითში მოყვანილი მამაკაცი ოფისში მუშაობს და ყოველდღიური განრიგით არის დაკავებული. მას ჰყავს ოჯახი და ახლობლები, რომლებიც მასზე არიან დამოკიდებული. იგი ვერანაირად მოახერხებს ამ ყველაფრის მიტოვებას და ფეოდალური მიწებისკენ უდანაშაულო დედოფლის გამოსახსნელად წასვლას. მაგრამ, მისი არსების ნაწილში იგი რენესანსის დროინდელი გმირი და მკურნალია. მას აქვს არქეტიპული ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს შორის, მასკულინურ ძალაუფლებასა და ფემინურ, მისტიურ ხედვას შორის. ეს დიდი თემები მის არაცნობიერში ცხოვრობს და რეალურად ეს ყველაფერი იმაზე უფრო დიდი და ფართომასშტაბიანია, ვიდრე მამაკაცის პირადი ცხოვრება. არაცნობიერი არქეტიპულ თემას მითიური თავგადასავლის სახით გამოხატავს, რომელიც წარმოსახვის მეშვეობით ვლინდება.
ეს მაგალითი წარმოადგენს მხოლოდ ერთ სესიას, აქტიური წარმოსახვის გრძელი სერიებიდან, რომელსაც მამაკაცი მოცემულ თემასთან დაკავშირებით აწარმოებდა. ყოველდღიურად, როგორც კი მამაკაცი დროს გამონახავდა, იგი უბრუნდებოდა აქტიურ წარმოსახვას და თავგადასავალს იქიდან აგრძელებდა, სადაც წინა სესიის დროს ჩერდებოდა ხოლმე. აქტიური წარმოსახვისას თქვენ აღმოაჩენთ თავგადასავალს ან ღრმა დიალოგს, ხოლო შემდგომში ისევ და ისევ დაუბრუნდებით გაწყვეტილ მომენტს. მსგავსი სერიები შეიძლება გაგრძელდეს დღეების, კვირების ან თუნდაც თვეების განმავლობაში.
სანამ დავიწყებთ, რამდენიმე საკითხი უნდა გავითვალისწინოთ: პირველი, გთხოვთ დააკვირდეთ ამ ადამიანის გზას, აქტიური წარმოსახვის დაწყებასა და მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მეორე, გაითვალისწინეთ, რომ ამ მამაკაცმა მიიღო სპეციალური რიტუალური მეთოდი, შინაგან სამყაროში და ფიზიკურ სამყაროში მონაცვლეობითად დასაბრუნდებლად. როდესაც იგი აქტიურ წარმოსახვაში შესასვლელად ემზადება, იგი წარმოსახვაში ლურჯი ფერის საფარს ატარებს. ეს მისთვის შინაგან სამყაროში შესვლის განზრახვის სიმბოლოა. როდესაც იგი მზადაა დატოვოს წარმოსახვის სფერო, იგი ფხიზლდება, დგება სავარძლიდან და იცვამს ფლანელის პერანგს, რომელიც მეუღლემ აჩუქა; ამ გზით იგი ცნობიერებაში კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ ვალდებულებებს ცოლის, ოჯახის, ყოველდღიური ვალდებულებებისა და მიწიერი სამყაროს მიმართ.
ქვემოთ მოცემულია მამაკაცის აქტიური წარმოსახვის ერთ-ერთი სესია, რომელიც მან საკუთარ ბლოკნოტში დააფიქსირა:
(სალამი ბუმბულიანი ქუდის მქონე კაცისგან. ესაა რენესანსის დროინდელი ადამიანი, რომელიც არის მასწავლებელი და მეგზური. ხიდთან მესალმება. თავისი "აღჭურვილობაც" აქვს. მე თან მაქვს ჩემი ფარანი და ზურგჩანთა).
კაცი:
სალამი! შენთვის კარგი ამბავი მაქვს. ამაღამ ჩვენი მოგზაურობისათვის მშვენიერი ამინდია. თუმცა, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან ამ სამყაროში შეიძლება ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვალოს. დავიწყოთ, სანამ ენერგია გვაქვს.
მე:
მე მზად ვარ დავიწყო ეს მოგზაურობა. მზად ვარ მას ბოლომდე გავყვე. მოგზაურობას ვიწყებ იმის რწმენით, რომ ჩემი ქმედებები საკმარისი იქნება რათა ბედისწერამ ისინი მომიწონოს და კეთილგანწყობილი იქნეს ჩემს მიმართ.
კაცი:
მაშ, დავიწყოთ და ერთი რამ გახსოვდეს: უმცირესი ძალისხმევაც კი ღირებულია... მე აქ ვარ, რათა ამ მოგზაურობაში დაგეხმარო. მოდი, ერთად გადავდგათ პირველი ნაბიჯები და გზა განვაგრძოთ. ერთიც დაიმახსოვრე - ამქვეყნიურ საკითხებს აქ მნიშვნელობა არ აქვს.
მე:
მე ფიზიკურ სამყაროში ვცხოვრობ; თუმცა, აქ მხოლოდ სტუმარი ვარ და შესაძლოა გარეგანმა პასუხისმგებლობებმა მომიხმოს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ასეთ დროს დაუყოვნებლივ უნდა წავიდე. შევასრულებ ჩემს რიტუალს, ჩავიცვამ ჩემი ცოლის მიერ ნაჩუქარ ფლანელის პერანგს და წავალ. თქვენს სამყაროში შესვლისთვის კი ლურჯი ფერის საფარს წარმოვიდგენ. ეს იქნება ჩემი რიტუალი. ჩემი გარეგანი ურთიერთობებისა და პასუხისმგებლობების დაზიანების გარეშე, ვეცდები რომ აქ რაც შეიძლება ხშირად მოვიდე.
კაცი:
თანახმა ვარ. ეს კარგი რიტუალია და არ მაწყენინებს არც მე და არც იმ ქალბატონს, რომელსც ვემსახურები და რომელმაც შენს მისაყვანად გამომგზავნა.
მე:
რატომ გამოგგზავნა ჩემს წასაყვანად?
კაცი:
მას შენი დახმარება სჭირდება. მის მიწაზე უბედურება ხდება. ეს პრობლემური დროა; ბოროტება ბობოქრობს. მას შენი დახმარება სჭირდება - იმდენად, რამდენადაც შეძლებ, რომ მას დაეხმარო.
მე:
ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლია.
კაცი:
იგი აფასებს ამას... და უყვარხარ ამის გამო. მრავალი წელია, მისი ერთგული მსახური ვარ.
მე:
როგორ გაიცანი?
კაცი:
ჩემი მეფის მსახურებით, რომელიც ახლახან გარდაიცვალა. ის მარტოხელა იყო, როდესაც ოცდახუთი წლის წინ მის სამსახურში ჩავდექი. მან დედოფალი ჩემი მისვლიდან ერთი წლის შემდეგ შეირთო. მან მიიწვია მეზობლად მცხოვრები ბატონი საკუთარ მიწაზე სანადიროდ, იმ მცირე ძღვენის გამო, რომელიც მან მეფეს უსახსოვრა. როდესაც ბატონი მოვიდა, მას თან ახლდა თავისი ქალიშვილი, რომელიც მეფეზე თხუთმეტი წლით უმცროსი იყო. მეფეს შეუყვარდა გოგონა და ყოვლად სწყალობდა მას სტუმრობის ორი კვირის განმავლობაში. ისინი დაქორწინდნენ და ჩემი ერთგული მსახურების მეოხებით დედოფალს დავუახლოვდი. მეფის ჯანმრთელობა მის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე ძალიან გაუარესდა და რა თქმა უნდა მისი მტრები ამ ფაქტით სარგებლობას ცდილობდნენ. გარდაცვლილი მეფის ლაშქარი და მათი ბატონები ერთგულად და მტკიცედ დგანან, მაგრამ რაღაც დაფარული ბოროტება ხდება, დედოფალი კი ამას გრძნობს.
მე:
რატომ მოითხოვა მან ჩემი დახმარება?
კაცი:
იმის გამო, რომ ღამით, აღმოსავლეთის ცაზე გამოჩნდა ოთხქიმიანი ვარკსვლავი, რომელიც აქამდე არასდროს გვინახავს. დედოფალს ჰყავს ბრძენი მოხუცი, რომელიც მას რჩევებს აძლევს ასეთ საკითხებში. მან ურჩია დედოფალს, დავლოდებოდით ჰორიზონტზე ადამიანს, სადაც ვარსკვლავი პირველად გამოჩნდა. ისე მოხდა, რომ ეს არის ხიდი, სადაც შენ და მე პირველად შევხვდით ერთმანეთს. ჩვენ გიხმეთ და შენც გამოჩნდი. ჩვენ დაგიძახეთ სიზმრებში.
(ამ მომენტში აქტიური წარმოსახვა შევწყვიტე. ჩემი ფლანელის პერანგი ჩავიცვი და ბიზნეს შეხვედრისთვის მომზადებას შევუდექი. მოგვიანებით ვბრუნდები. ლურჯი ხალათი მოვიცვი, რათა შინაგან სამყაროში შევიდე და მამაკაცი ვიპოვო).
მე:
მე დავბრუნდი.
კაცი:
თავიდან დავიწყოთ ჩვენი მოგზაურობა. ეს არის ჩემი მოკლე ისტორია. მე გავიცანი დედოფალი და მას ვემსახურები. ბოროტება კი თანდათან ვრცელდება ჩემი მეფის გარდაცვალების შემდეგ.
მე:
მაინც, რა სახის ბოროტებაზეა საუბარი?
კაცი:
შეურაცხმყოფელი ბოროტება! ბოროტება, რომელიც უნდა შეწყდეს. გაძარცვეს პატარა სოფელი, კაცები მახვილით დახოცეს, ქალები გააუპატიურეს, პატარა ბიჭები მოკლეს, პატარა გოგოები დახოცეს და ზოგიც გააუპატიურეს, ჩვილები სიკვდილის ამარა მიაგდეს. ოცდაათი ადამიანი ყველაზე სასტიკად არის მოკლული. ნამდვილი უბედურება ის არის, რომ მკვლელები მეფის კაცთა სამოსში იყვნენ გამოწყობილი და ყველა ბოროტება ამგვარად ჩაიდინეს. სოფელში დადის ჭორი, რომ დედოფალი გრძნეული ჯადოქარია, რომელსაც მათზე ბატონობა და ქონების დასაკუთრება განუზრახავს. მაგრამ მე ვიცნობ დედოფალს. იგი ძალიან კარგი ქალია და ეს ყველაფერი მის ბუნებას ეწინააღმდეგება. მას საკუთარი, თვრამეტი წლის ქალიშვილი ჰყავს. დედოფალმა ბოროტმოქმედთა მოსაძებნად სამძებრო ჯგუფი გაგზავნა, მაგრამ ჯერ მათ პოვნაში არ უმართლებს.
მე:
სულ ესაა?
კაცი:
არა! რაღაც საშინელი ავადმყოფობაც დაძრწის. ორი ბავშვი დაიღუპა და ვერავინ გაიგო ამის მიზეზი. ამ სოფელში ახალგაზრდა გოგონა ახლა სიკვდილის პირასაა მისული. ფეხების შეშუპება და ცხელება აღენიშნება.
(სოფლის განაპირად გზას მივყვებით. გამოჩნდა ჩალის ქოხი, რომელშიც ცეცხლი ანთია. მამაკაცი კარებზე აკაკუნებს და კარები იღება. შიგნით შევდივართ. ბავშვის დედა ძალიან დაღლილად გამოიყურება, თვალებზე ცრემლები აქვს მომდგარი. მამასაც იგივე ეტყობა, თითქოს ცოტაც და ბოლომდე გატყდება. რვა წლის ქერა გოგონა, რომელიც ძალიან ლამაზი უნდა იყოს, ჩამომხმარი და მისუსტებული წევს საწოლზე. ძალიან ფერმკრთალია, თვალის უპეები ჩაცვენილი აქვს და ძალიან მძიმედ სუნთქავს. სიცხე და სურდო აქვს. სამი დღეა ავად არის, მშობლები კი მიზეზს ვერ ხვდებიან. გოგონას მარცხენა ფეხი შეშუპებულია. ჩემი მეგზური მათ ჩემს თავს აცნობს, როგორც მკურნალი, რომელიც დახმარების გასაწევად მოვიდა. მათი თვალები მუდარით ივსება.
გოგონას ვაშიშვლებთ. მე მას ვამოწმებ და ვხვდები, რომ ყველაფერი რიგზეა ერთი პატარა დეტალის გარდა, რომელსაც ფეხთან ვამჩნევ. მარცხენა ფეხის ძირში ჩირქი მოჩანს. დანა ამომაქვს. მის დანახვაზე გოგონას დედას გული მისდის. მე ვამბობ, რომ გოგონა დაიჭირონ და დანით მის ფეხზე ჩირქს ვხეთქავ. ჩირქიანი ჭრილობიდან ამომაქვს ისრის ნატეხი რომელიც ფისის მსგავსი შავი ნივთიერებით არის დაფარული, მე ვინახავ ნატეხს და ფრთხილად ვფუთავ ქსოვილის ნაჭერში.
გოგონას გრილ აბაზანაში ვაბანავებ. მშობლებს ვეუბნები, რომ წყალი აადუღონ, რათა ჭრილობა მოვბანოთ. შემდეგ ჭრილობას ვასუფთავებთ. მშობლებს ვაძლევ რჩევებს, რომ სახვევები ხშირად გამოუცვალონ, მზის შუქზე დააწვინონ, ფეხი დაუსველონ და ხორცისგან დამზადებული ბულიონი აჭამონ. მათ ვეუბნები, რომ ჩემს სამყაროში უნდა დავბრუნდე, მაგრამ უკან მალევე დავბრუნდები. შემდეგ მე ჩავიცვი ჩემი ფლანელის პერანგი და დავტოვე შინაგანი სამყარო).
ეს მაგალითი ასახავს საერთოდ განსხვავებულ დანიშნულებას, რომელშიც აქტიური წარმოსახვის გამოყენება შეიძლება. როგორც დააკვირდით, იგი განსხვავებული სტილით გამოირჩევა. ამ შემთხვევაში, მიზანს არ წარმოადგენს პიროვნულ დონეზე დაუყოვნებელი პრობლემის ან კონფლიქტის გადაჭრა. ეს უფრო მეტად ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ჰგავს, სადაც დიდ არქეტიპულ თემებს შეუძლიათ შემოსვლა და ცხოვრების პროცესში მონაწილეობის მიღება.
ასეთი სახის აქტიური წარმოსახვა მარადიულ ცეკვაში ჩაბმულ კოსმიურ არქეტიპებთან გვაკავშირებს, რომელიც არაცნობიერ დონეზე მარადიულად გრძელდება. აქტიური წარმოსახვა არის გზა იმის აღმოსაჩენად, თუ როგორ მიედინება ეს უნივერსალური ენერგეტიკული სისტემები ჩვენს პიროვნებებში და როგორ გამოხატავენ ისინი საკუთარ თავს ჩვენი უნიკალური და ინდივიდუალური პიროვნების კონტეინერში. ისინი ერთი შეხედვით ძალიან შორეულად და ზედაპირულად გამოიყურებიან, რომელთაც კავშირი არ აქვთ უშუალოდ პირად ცხოვრებასთან. თუმცა, ისინი ჩვენი პიროვნების და ცხოვრებისეული გამოცდილების სამშენებლო ბლოკები არიან. სწორედ ეს არის ელემენტები, რისგანაც შექმნილნი ვართ.
აქტიური წარმოსახვის მეშვეობით არქეტიპულ თემებს სიმბოლური ფორმა ეძლევა და დრამაში მონაწილეობით ჩვენ სიტუაციებს გარდავქმნით. არქეტიპული თემები აღარ თამაშობენ სცენის მიღმა, მხედველობისა და კოლექტიური არაცნობიერი მიღმა, არამედ ისინი ცნობიერი გონების დონეზე, წარმოსახვაში თამაშდებიან. ჩვენ, ჩვენივე ეგოს ფორმებში, რეალურად შევდივართ არქეტიპულ თამაშში და ნამდვილ გავლენას ვახდენთ დრამის შედეგზე. ყველაზე ღრმა გაგებით, არქტიპებთან ეს სიმბლური ურთიერთქმედება საოცარ მდგომარეობაში გვაყენებს ბედისწერაში მთავარი როლის შესრულებასთან მიმართებაში.
ჩვენ ვერ ვიტყვით, კონკრეტულად სად მდებარეობს ამ ადამიანის სტრუქტურაში უდანაშაულო დედოფლისადმი თავდასხმა მასკულინური ძალების მიერ. ვერც იმას ვიტყვით, სად იმყოფება ავადმყოფი პატარა გოგონა, რომელსაც მოწამლულმა ისარმა ფეხი გაუჭრა. ამ საკითხის გაანალიზება არც არის განსაკუთრებულად სასარგებლო; რა ყველაზე მთავარია არის ის, რომ აქტიური წარმოსახვაში ადამიანი თავად განიცდის ამ ყველაფერს. სიზმარხილვის სამუშაოსგან განსხვავებით, სადაც სიმბოლოების გაშიფვრა ძალიან მნიშვნელოვანია, აქტიურ წარმოსახვაში თავი არ უნდა ვიმტვრიოთ იმის გასაგებად, თუ მაინც რას უნდა ნიშნავდეს თითოეული დეტალი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. აქტიური წარმოსახვის მაგია თავად უშუალო გამოცდილებისგან წარმოიქმნება. როდესაც აქტიური წარმოსახვის თემა და სიუჟეტი კულმინაციას და რეზოლუციას მიაღწევს, შემდგომ დასაშვებია ძირითადი მნიშვნელობების ამოღება და იმის გაგება, თუ რა საკითხს აერთიანებს სიმბოლოთა ნაკრები. მაგრამ ნუ მისცემთ ანალიტიკურ აზროვნებას იმის უფლებას, რომ ხელი შეუშალოს უშუალო გამოცდილებას.
ყველა ჩვენგანში იბრძვის ერთი და იგივე არქეტიპული დედოფალი და იგივე ავადმყოფი გოგონა, რომელიც ძალაუფლებისათვის მნიშვნელოვან ბრძოლაშია ჩართული, რაც განუწყვეტლივ მიმდინარეობს იმ საზღვარზე, რომელიც პიროვნულ ფსიქიკასა და კოლექტიურ არაცნობიერს შორის დევს.
მხოლოდ მატერიალური სამყაროს მიმართ დაინტერესებით ჩვენ არ შეგვიძლია მონაწილეობის მიღება არქეტიპული დინამიკის რეზოლუციაში. მაგრამ, კოსმიური ჯახების დანახვით, მასკულინური და ფემინური ძალების ურთიერთქმედებით, სინათლისა და სიბნელის ასპექტებით, ცნობიერ ეგოს შესაძლებლობას ვაძლევთ დაინახოს ამ უზარმაზარი ძალების თამაში. ადამიანს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კოსმიურ დრამაში, შესასრულოს საკუთარი როლი, გამოხატოს თავისი სიტყვა და ნამდვილად მოახდინოს გავლენა შორეულ შედეგზე. შესაძლებელია ცნობიერად და ნებაყოფლობით შევიდეთ არქეტიპულ ცხოვრებაში, ვიდრე ვიჯდეთ უმწეო და მუნჯ მდგომარეობაში, როდესაც დიადი ძალები იმგვარად გვმართავენ, რომ მათ ვერც ვამჩნევთ და მათი არ გვესმის.
თავიდან ეს შეიძლება საკმაოდ ეზოთერული ჩანდეს ან "რეალურ ცხოვრებასთან" არ იყოს დაკავშირებული. მაგრამ, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ დიდ არქეტიპულ ეპოსში მონაწილეობით, უდანაშაულო დედოფლის დახმარებით და ავადმყოფი ბავშვის განკურნებით რაღაც კონკრეტული და რეალური განიკურნება თქვენს ცხოვრებაშიც, ძალიან ღრმად, სადღაც თქვენს შიგნით, რომელიც სიმბოლური აქტის პასუხი იქნება.
ეს ღრმად შეცვლის თქვენი ცხოვრების გრძელ კურსს, კონტურებს და მის ხასიათს. აქტიური წარმოსახვის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ განსხვავებული ძალის ბალანსი ენერგეტიკულ სისტემებს შორის, რომლისგანაც თავად ხართ შექმნილნი. როდესაც აქტიურ წარმოსახვაში არჩევანი იცვლება, შედეგებიც იცვლება.