თავი პირველი
პიოტრ უსპენსკი (1878 - 1947)
სასწაულებრივის ძიებაში
უცნობი სწავლების ფრაგმენტები
მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე
თავი პირველი
ინდოეთიდან დაბრუნება. ომი და "სასწაულის ძიება". ძველი ფიქრები სკოლათა საკითხების შესახებ. აღმოსავლეთი და ევროპა. განცხადება მოსკოვის გაზეთში. ლექციები ინდოეთის შესახებ. შეხვედრა გამორჩეულ ადამიანთან, "გიორგი გურჯიევთან". პირველი საუბარი, გურჯიევის აზრი სკოლების შესახებ. გურჯიევის ჯგუფი, "ჭეშმარიტების ნაპერწკლები". შემდგომი შეხვედრები და საუბრები. გურჯიევის მოსკოვის ჯგუფის ორგანიზაცია და სამუშაოს შესრულების საკითხი. გასაიდუმლოების საკითხი და მოსწავლეთა მიერ მისაღები ვალდებულებები. საუბარი აღმოსავლეთზე. "ფილოსოფია", "თეორია" და "პრაქტიკა". როგორ იქნა ნაპოვნი სისტემა? გურჯიევის იდეები. "ადამიანი არის მანქანა", რომელსაც გარეგანი გავლენები მართავს; ყველაფერი უბრალოდ "ხდება". არავინ არაფერს "აკეთებს", იმისათვის რომ რაღაც "აკეთო", აუცილებელია "იყო". ადამიანი პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე, მანქანა კი არ არის პასუხისმგებელი. არის თუ არა ფსიქოლოგია აუცილებელი "მანქანების" შესასწავლად? "ფაქტების" შესწავლა. შესაძლებელია ომები შეჩერდეს? საუბარი პლანეტებზე და მთვარეზე, როგორც ცოცხალ არსებებზე. მზისა და დედამიწის "ინტელექტი". "სუბიექტური" და "ობიექტური" ხელოვნება.
რუსეთში 1914 წლის ნოემბერში დავბრუნდი; ეგვიპტეში, ცეილონსა და ინდოეთში საკმაოდ გრძელი მოგზაურობის შემდეგ, ანუ პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში. ომმა კოლომბოში მიპოვა და სწორედ იქედან დავბრუნდი რუსეთში, ინგლისის გავლით.
ჩემი მოგზაურობის დასაწყისში პეტერბურგიდან წამოსვლისას ვთქვი, რომ "სასწაულის საძიებლად" მივდიოდი. "სასწაულის" განსაზღვრება ძალიან რთულია. მაგრამ, ჩემთვის ამ სიტყვას საკმაოდ გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა. დიდი ხნის წინ მივედი დასკვნამდე, რომ იმ წინააღმდეგობათა ლაბირინთიდან, რომლებშიც ვცხოვრობთ, გასაქცევი არ არსებობს, გარდა სრულიად ახლებური გზისა, რომელიც ყველაფრისგან განსხვავებული იქნება, რაც კი აქამდე იყო ჩვენთვის ცნობილი ან გამოყენებული. მაგრამ, მაინც სად იწყებდა ეს ახალი ან მივიწყებული გზა, წარმოდგენა არ მქონდა. მე უკვე ვიცოდი, როგორც უდავო ფაქტი, რომ ცრუ რეალობის თხელი ფარდის მიღმა არსებობდა სხვა რეალობა, რომელსაც გარკვეულ მიზეზთა გამო დავშორდით. "სასწაული" წარმოადგენდა შეღწევის აქტს იმ რეალობაში, რომელსაც დავშორდით და მეჩვენებოდა, რომ შეუცნობელის აღმოჩენა აღმოსავლეთში შეიძლებოდა. რატომ აღმოსავლეთი? პასუხის გაცემა რთული გახლდათ. ამ იდეაში, ალბათ იყო რაღაც რომანტიკული, მაგრამ შესაძლოა აბსოლუტურად რეალურ რწმენას ემყარებოდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ევროპაში ვერაფერს მივაგნებდი.
უკან დაბრუნებისას და ლონდონში გატარებული რამდენიმე კვირის განმავლობაში, ძიების შედეგებზე არსებული ჩემი ფიქრები მთლიანად ჩაიძირა დაბნეულობაში, რომელიც ომის ველურ აბსურდულობას უკავშირდებოდა; ყველა ემოცია, გაზეთი და საუბარი ომს უკავშირდებოდა, რომელიც ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ხშირად ზემოქმედებდა ჩემზე.
მაგრამ, როდესაც რუსეთში დაბრუნების შემდეგ ხელახლა განვიცადე ყველა ის ფიქრი, რომლითაც მოგზაურობა დავიწყე, ვიგრძენი, რომ ჩემი ძიება და მასთან დაკავშირებული ყველა ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის მოვლენები, რომლებიც "აშკარა აბსურდულობის" სამყაროში ხდებოდა ან შეიძლებოდა რომ მომხდარიყო. სწორედ მაშინ ჩემს თავს ვუთხარი, რომ ომი უნდა განიხილებოდეს, როგორც ერთ-ერთი ზოგადად კატასტოფული ცხოვრებისეული პირობა, რომლებშიც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ, ვიმუშაოთ და ვეძიოთ პასუხები ჩვენს კითხვებსა და ეჭვებზე. დიდი ევროპული ომი - შესაძლებლობა, რომლის დაჯერებაც კი არ მინდოდა და რომლის რეალობის აღიარებაც დიდი ხნის მანძილზე არ მსურდა, ჩემთვის ფაქტად იქცა. ჩვენ გამოვცადეთ და დავინახეთ, რომ ომი უნდა იქნეს მიღებული, როგორც დიდი memento mori (ლათინურად - "გახსოვდეს სიკვდილი"), რომელიც გვიჩვენებდა, რომ აჩქარება აუცილებელი იყო და შეუძლებელია ისეთი "სიცოცხლის" რწმენა, რომელსაც არსად მივყავართ.
ომი პირადად მე ვერ შემეხებოდა, ყოველ შემთხვევაში ფინალურ კატასტროფამდე მაინც, რომელიც გარდაუვალი მეჩვენებოდა რუსეთისათვის და შესაძლოა, მთელი ევროპისთვისაც, მაგრამ ჯერჯერობით ბოლომდე გარდაუვალი მაინც არ იყო. თუმცა მაშინ, რა თქმა უნდა, მოახლოებული კატასტროფის გადავადება მხოლოდ დროებითად გამოიყურებოდა და არავინ იაზრებდა ნგრევას და განადგურებას - როგორც გარეგანს, ასევე შინაგანს - რომელთან ერთადაც მომავალში უნდა გვეცხოვრა.
აღმოსავლეთისა და განსაკუთრებით ინდოეთის შთაბეჭდილებების მთლიანი შეჯამებისას უნდა მეღიარებინა, რომ დაბრუნებისას ჩემი პრობლემა კიდევ უფრო რთული და კომპლექსური ჩანდა, ვიდრე წასვლისას იყო. ინდოეთსა და აღმოსავლეთს არა მხოლოდ არ დაუკარგავთ სასწაულებრივი მომხიბვლელობა, არამედ ისეთი გლამურული ჩრდილებიც შეიძინეს, რომლებიც აქამდე არ ჰქონდათ. მე ნათლად დავინახე, რომ იქ შეიძლებოდა რაღაცის პოვნა, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს ევროპაში და მივიჩნიე, რომ ჩემს მიერ აღებული მიმართულება სწორი იყო. მაგრამ, ამავდროულად დავრწმუნდი, რომ საიდუმლო უფრო უკეთესად და ღრმად იყო დაფარული, ვიდრე ვვარაუდობდი.
წასვლისთანავე ვიცოდი, რომ სკოლების ძიებას ვაპირებდი. ამ საკითხამდე ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მივედი. მივხვდი, რომ პერსონალური, ინდივიდუალური მცდელობა არასაკმარისი იყო და ცოცხალ აზრებთან დაკავშირება იყო საჭირო, რომელიც სადღაც უნდა არსებობდეს, მაგრამ მასთან კავშირი დავკარგეთ.
თავად სკოლების მიმართ არსებული იდეა ძალიან შეიცვალა ჩემი მოგზაურობის განმავლობაში და ერთის მხრივ უფრო მარტივი და კონკრეტული გახდა, მეორეს მხრივ კი გზა უფრო ცივად და შორეულად იქცა. მინდა ვთქვა, რომ სკოლებმა ზღაპრული ბუნების ბევრი ასპექტი დაკარგეს.
ჩემი წასვლისას საკუთარ თავში დავუშვი, თუ რამდენად ფანტასტიკური იყო სკოლები. "დავუშვი" ალბათ ძალიან ძლიერი სიტყვაა. უკეთ რომ ვთქვათ, მე ვვოცნებობდი სკოლებთან არაფიზიკური კონტაქტის შესაძლებლობაზე, ანუ "სხვა დონეებთან" შეხებაზე. გარკვევით ვერ ვხსნიდი, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ სკოლასთან კონტაქტის დაწყებასაც კი შეიძლება ჰქონდეს სასწაულებრივი ბუნება. მაგალითად, წარმოვიდგენდი კონტაქტის შესაძლებლობას შორეული წარსულის სკოლებთან, პითაგორას სკოლებთან, ეგვიპტის სკოლებთან და ასე შემდეგ.
მეჩვენებოდა, რომ ასეთი კონტაქტის დამყარებისას დროისა და სივრცის ბარიერები უნდა გამქრალიყო. სკოლების იდეა თავისთავად ფანტასტიკური იყო და ამ საკითხთან დაკავშირებით ზედმეტად ფანტასტიკურად არაფერი მეჩვენებოდა. ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავდი ამ იდეებსა და ინდოეთში სკოლების პოვნას შორის. მეჩვენებოდა, რომ სწორედ ინდოეთში იქნებოდა შესაძლებელი რაიმე სახის კონტაქტის დამყარება, რომელიც შემდგომში მუდმივ და დამოუკიდებელ კავშირად იქცეოდა, ნებისმიერი გარეგანი ჩარევის გარეშე.
უკან დაბრუნებისას მთელი რიგი შეხვედრებისა და შთაბეჭდილებების შემდეგ, სკოლების იდეა ბევრად უფრო რეალური და ხელშესახები გახდა, რითაც დაკარგა ფანტასტიკური ელფერი. ძირითადად, ეს ალბათ იმიტომ მოხდა, რომ "სკოლა" მოითხოვდა არა მარტო ძიებას, არამედ "შერჩევასაც", ანუ არჩევანს - ვგულისხმობ, ჩვენი მხრიდან არჩევანს.
სკოლები რომ არსებობდა, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. მაგრამ, ამავდროულად იმაშიც დავრწმუნდი, რომ ჩემს მიერ გაგებული და აღმოჩენილი სკოლები, სადაც მისვლა შემეძლო, მე არ მეკუთვნოდნენ. ისინი ან გულწრფელად რელიგიური ბუნების სკოლები იყვნენ, ან ნახევრად რელიგიურ ხასიათს ატარებდნენ, თუმცა, აუცილებლად საკუთარი თავის მიძღვნის ჩართულობით. ასეთმა სკოლებმა არ მიმიზიდა, ძირითადად იმიტომ, რომ სურვილის შემთხვევაში რელიგიურ სკოლებს რუსეთშიც თავისუფლად მივაგნებდი. სხვა სკოლები ოდნავ სენტიმენტალურ მორალურ-ფილოსოფიური ტიპის ასკეტიზმს ატარებდნენ, მაგალითად როგორებიცაა რამაკრიშნას მიმდევართა სკოლები. ამ სკოლებთან კარგი ხალხი იყო დაკავშირებული, მაგრამ ვერ ვგრძნობდი, რომ მათ რეალური ცოდნა გააჩნდათ. სხვები, რომლებიც აღწერილია როგორც "იოგას სკოლები" და ტრანსული მდგომარეობების შექმნაზეა დაფუძნებული, ჩემს თვალში რაღაცნაირი "სპირიტუალიზმის" ბუნებას ატარებდნენ. მე მათ ვერ ვენდობოდი. მათი ყველა მიღწევა ან თავის მოტყუება იყო, ან ის, რასაც მართლმადიდებლური მისტიციზმი (ვგულისხმობ რუსულ სამონასტრო ლიტერატურას) "ხიბლის" სახელით მოიხსენიებს.
არსებობდა სხვა ტიპის სკოლაც, რომელთანაც კონტაქტი ვერ მოვახერხე და მის შესახებ მხოლოდ მსმენოდა. ეს სკოლები ძალიან ბევრს გვპირდებოდნენ, მაგრამ სანაცვლოდაც ბევრს ითხოვდნენ. ამასთანავე, ისინი ერთდროულად ითხოვდნენ ყველაფერს. საჭირო იყო ინდოეთში დარჩენა და ევროპაზე უარის თქმა, ასევე, ყველა იდეისა და მიზნის მოცილება; უცაბედი შედგომა ისეთ გზაზე, რომლის შესახებაც წინასწარ არაფერი ვიცოდი.
ამ სკოლებმა ძალიან დამაინტერესა და სკოლასთან დაკავშირებულმა ხალხმა დამანახა, რომ ყველანი გამორჩეული ნიშნით ჰგავდნენ ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, მეჩვენებოდა, რომ სკოლები რაციონალური ხასიათით უნდა გამოირჩეოდეს და ადამიანს გარკვეულ მომენტამდე მაინც უნდა ჰქონდეს ცოდნის უფლება, თუ საით აპირებს წასვლას.
ამის პარალელურად მივედი დასკვნამდე, რომ როგორი სახელიც არ უნდა ჰქონდეს სკოლას, ოკულტური, ეზოთერული თუ იოგური, ისინი ჩვეულებრივ ფიზიკურ დონეზე უნდა არსებობდნენ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სკოლა, ფერწერის სკოლის, ცეკვის სკოლის და მედიცინის სკოლის მსგავსად. მივხვდი, რომ "სხვა დონის" სკოლებზე ფუქრი სისუსტის ნიშანი იყო და რეალური ძიების ადგილს ოცნებები იკავებდნენ. მაშინ გავიაზრე, რომ სწორედ ეს ოცნებები იყო ერთ-ერთი დაბრკოლება შესაძლო სასწაულის ძიების გზაზე.
ინდოეთისკენ მიმავალ გზაზე შემდგომი მოგზაურობის გეგმები დავსახე. ამჯერად მინდოდა დამეწყო მაჰმადიანური აღმოსავლეთით: ძირითადად ცენტრალური აზიით და სპარსეთით. მაგრამ, აქედან არც ერთ მათგანს ეწერა რეალიზება.
ლონდონიდან, ნორვეგიის, შვედეთისა და ფინეთის გავლით ჩავედი სპეკულაციებითა და პატრიოტიზმით სავსე სანქტ-პეტერბურგში, რომელსაც უკვე "პეტროგრადი" ეწოდა. ამის შემდეგ, მალევე ჩავედი მოსკოვში და გაზეთში სარედაქციო მუშაობა დავიწყე, რომელსაც წინასწარ მივწერე ინდოეთიდან. იქ ექვსი კვირით დავრჩი, მაგრამ მოხდა პატარა ეპიზოდი, რომელიც იმ ბევრ მოვლენას უკავშირდებოდა, რაც მოგვიანებით მოხდა.
ერთ დღესაც, გაზეთის ოფისში მომდევნო ნომერზე მუშაობის დაწყებიდან ცოტა ხნით ადრე, ცნობა ვიპოვე (ვფიქრობ, ეს გაზეთი "მოსკოვის ხმა" იყო), რომელიც ბალეტის სცენარს, "გრძნეულთა ბრძოლას" ეხებოდა. ცნობა უკავშირდებოდა ვიღაცას, რომელიც "ჰინდუს" სახელით იყო მოხსენიებული. ბალეტის მოქმედება ინდოეთში უნდა მომხდარიყო და მასში მოყვანილი იქნებოდა აღმოსავლური მაგიის სრული სურათი, მათ შორის, ფაკირების სასწაულები, წმინდა ცეკვები და ასე შემდეგ. აბზაცების ზედმეტად მხიარული ტონი არ მომეწონა, მაგრამ მოსკოვში საბალეტო სცენარის ინდუსები გარკვეულწილად იშვიათი იყო, ამიტომაც, ცნობა ამოვჭერი და ჩემს ქაღალდებში ჩავდე. როგორც ჩანდა, ბალეტში იქნებოდა ყველაფერი, რაც ნამდვილ ინდოეთში არ მოიძებნებოდა მაგრამ ამის სანახავად სპეციალურად ჩავიდოდნენ მოგზაურები ინდოეთში.
ამის შემდეგ მალევე, სხვადასხვა მიზეზის გამო, გაზეთი დავტოვე და პეტერბურგში წავედი.
პეტერბურგში 1915 წლის თებერვალსა და მარტში ვკითხულობდი საჯარო ლექციებს ჩემი ინდოეთში მოგზაურობის შესახებ. ამ ლექციების სათაური გალხდათ "სასწაულის ძიებაში" და "სიკვდილის პრობლემები". ლექციების ციკლი ჩემი მოგზაურობის შესახებ დასაწერი წიგნის შესავალი უნდა ყოფილიყო, რომლის შექმნის განზრახვაც მქონდა. ვთქვი, რომ ინდოეთში "სასწაულებს" იქ არ ეძებდნენ, სადაც უნდა მოეძებნათ, და იმასაც ვამატებდი, რომ ყველა ჩვეულებრივი გზა უსარგებლო გახლდათ და ინდოეთი ყველა სხვა დანარჩენზე უკეთესად იცავდა თავის საიდუმლოებებს. მაგრამ "სასწაული" არსებობდა და ამაზე ბევრი რამ მიუთითებდა, როდესაც ადამიანები გააზრების გარეშე გადიოდნენ სხვადასხვა გამოცდილებებს, როდესაც მათი მიდგომისადმი ცოდნაც კი არ გააჩნდათ. აქ ისევ "სკოლები" მქონდა მხედველობაში.
ომის მიუხედავად, ჩემმა ლექციებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ალექსანდროვსკის დარბაზში თითო ლექციაზე ათასზე მეტი ადამიანი იკრიბებოდა. ბევრი წერილი მივიღე; ხალხი ჩემს სანახავად მოდიოდა და ვგრძნობდი, რომ "სასწაულის ძიების" საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა გაერთიანებულიყო ხალხის ძალიან დიდი რაოდენობა, რომელთაც უკვე აღარ შეეძლოთ გადაეყლაპათ ტყუილში ცხოვრების ჩვეული ფორმები.
აღდგომის შემდეგ ამ ლექციების წასაკითხად მოსკოვში წავედი. ლექციების განმავლობაში გავიცანი ორი ადამიანი, ერთი მუსიკოსი და მეორე მოქანდაკე, რომლებმაც ძალიან მალე დაიწყეს ჩემთან საუბარი მოსკოვში არსებული ჯგუფის შესახებ, რომელიც სხვადასხვა "ოკულტური" გამოიძიებით იყო დაკავებული და ექსპერიმენტებს ხელმძღვანელობდა ერთი კავკასიელი ბერძენი, ვინმე გიორგი გურჯიევი, იგივე "ჰინდუ". ახლაღა მივხვდი, ვის ეკუთვნოდა გაზეთში მოხსენიებული საბალეტო სცენარი, რომელიც სამი-ოთხი თვით ადრე შემხვდა. უნდა ვაღიარო, რომ მათ მიერ მოყოლილი ჯგუფი და მასში არსებული ყველანაირი სახის შელამაზებული საოცრება ძალიან მცირედით თუ მაინტერესებდა. ზუსტად ასეთი ზღაპრები, ადრეც ბევრჯერ მომისმენია და გარკვეული აზრი მქონდა ჩამოყალიბებული მათ შესახებ.
ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ მსგავსი ამბები ცუდად შეთხზული ფიქცია იყო. ხალხი იგონებს სასწაულებს საკუთარი თავისთვის და ზუსტად ის ხდება, რასაც მოელიან. ეს არის ცრურწმენის, თვით-შთაგონებისა და დეფექტური აზროვნების ნაზავი; ჩემი დაკვირვებით, ასეთი ისტორიები არასოდეს ჩნდება გარეშე პირის თანმყოფობის გარეშე, რომელსაც ასეთ უცნაურობებს უკავშირებენ.
ასე რომ, წინა გამოცდილების ფონზე, მხოლოდ ჩემი ერთ-ერთი ახალი ნაცნობის დაჟინებული მცდელობის გამო გადავწყვიტე დავთანხმებოდი გურჯიევთან შეხვედრას და მასთან საუბარს.
მასთან ჩემმა პირველმა შეხვედრამ მთლიანად შემიცვალა აზრი მასზე და იმის შესახებ, თუ რას შეიძლება მოველოდე მისგან.
ძალიან კარგად მახსოვს ეს შეხვედრა. პატარა კაფეში მივედით, რომელიც ხმაურიან ადგილას იყო, მაგრამ ცენტრალურ ქუჩაზე არ მდებარეობდა. დავინახე აღმოსავლური ტიპის კაცი, ახალგაზრდა აღარ იყო, შავი ულვაშები და გამჭოლი თვალები ჰქონდა, რომელმაც პირველ რიგში გამაოცა, რადგან ეს ადამიანი თითქოს შენიღბული იყო და საერთოდ შეუსაბამოდ გამოიყურებოდა ადგილთან და მის ატმოსფეროსთან კონტრასტში. ჯერ კიდევ სავსე ვიყავი აღმოსავლეთის შთაბეჭდილებებით. ეს კაცი ინდოელ რაჯას ან არაბ შეიხს მოგაგონებდათ, რომელიც მაშინვე ბურუსით მოცულად მომეჩვენა, რადგან ამ კაფეში წვრილმანი დილერები და კომისიის აგენტები იკრიბებოდნენ; შავი ხალათით, შავი საყელოთი და შავი ბოულერის ქუდით უცნაურ, მოულოდნელ და თითქმის საგანგაშო შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომლის დანახვაც გრცხვენია, რადგან ხედავ, რომ იგი არ არის ისეთი, როგორადაც თავს წარმოაჩენს, თუმცა მაინც უნდა ილაპარაკო და მოიქცე ისე, თითქოს ვერ ამჩნევ, რომ იგი არასწორად საუბრობს რუსულად, ძლიერი კავკასიური აქცენტით. ეს აქცენტი კიდევ უფრო აძლიერებდა უცნაურობას და შთაბეჭდილების მოულოდნელობას.
არ მახსოვს, როგორ დაიწყო ჩვენი საუბარი. ვფიქრობ, ჩვენ ვისაუბრეთ ინდოეთზე, ეზოთერიკაზე და იოგურ სკოლებზე. შევიტყვე, რომ გურჯიევს ფართო გამოცდილება ჰქონდა მოგზაურობაში და ისეთი ადგილები ჰქონდა მონახულებული, რომლის შესახებაც მხოლოდ მსმენოდა და ძალიან მინდოდა იმ ადგილებში ვიზიტი. ჩემი კითხვები არა მარტო არ უქმინდა უხერხულობას, არამედ მომეჩვენა, რომ თითოეულ პასუხში მან იმაზე მეტი ჩადო, ვიდრე ვითხოვდი. მომწონდა მისი საუბრის მანერა, რომელიც ფრთხილი და ზუსტი იყო. მალე იმ მეგობარმა დაგვტოვა, რომელმაც მასთან მიმიყვანა. გურჯიევმა მოსკოვში მისი მოღვაწეობის შესახებ მომიყვა. მე მისი ბოლომდე არ მესმოდა. გურჯიევის ნათქვამიდან გამოიკვეთა, რომ მის ნაშრომში, რომელიც უმთავრესად ფსიქოლოგიური ხასიათის იყო, ქიმია დიდ როლს თამაშობდა. პირველად მოსმენისას, რა თქმა უნდა, სიტყვასიტყვით მივიღე მისი ნათქვამი.
- რასაც თქვენ ამბობთ, - ვუთხარი მე, - მახსენებს რაღაცას, რაც სამხრეთ ინდოეთში გავიგე. ბრამინმა, მრავალი თვალსაზრისით გამორჩეულმა ადამიანმა, ტრავანკორის სკოლაში, რომელიც ადამიანის სხეულში ქიმიას სწავლობს, ახალგაზრდა ინგლისელს უთხრა, რომ ქიმიური პრეპარატების შეყვანის ან მოხსნის გზით ნივთიერებებს შეუძლიათ შეცვალონ ადამიანში მორალური და ფსიქოლოგიური ბუნება. ეს ძალიან ჰგავს იმას, რასაც თქვენ ამბობთ".
- შეიძლება ასეც იყოს, - თქვა გურჯიევმა, - მაგრამ, ამავდროულად, შეიძლება სრულიად განსხვავებულად იყოს. არსებობს სკოლები, რომლებიც როგორც ჩანს, მსგავს მეთოდებს იყენებენ, მაგრამ თვალსაზრისი სრულიად განსხვავებულად ესმით. მეთოდების ან თუნდაც იდეების მსგავსება არაფერს ამტკიცებს".
- არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ძალიან მაინტერესებს, - მივუგე, - არსებობენ სუბსტანციები, რომელთაც იოგები იღებენ გარკვეული მდგომარეობების გამოსაწვევად. შესაძლებელია თუ არა, რომ ცალკეულ შემთხვევებში ესენი ნარკოტიკები იყოს? მე თვითონ ჩავატარე მთელი რიგი ექსპერიმენტი ამ მიმართულებით და ყველაფერი, რაც მაგიის შესახებ წამიკითხავს, ამტკიცებს, რომ ნებისმიერ დროს, ყოველმა სკოლამ, ყველა ქვეყანაში ძალიან ფართოდ გამოიყენა ნარკოტიკული საშუალებები ისეთი მდგომარეობების შესაქმნელად, რომელიც "მაგიას" შესაძლებელს ხდიდა.
- დიახ, - მიპასუხა მან, - ბევრ შემთხვევაში გვხვდება სუბსტანციები, რომელსაც ნარკოტიკს ეძახით, მაგრამ მათი გამოყენება სრულიად განსხვავებული გზითაც შეიძლება. არსებობს სკოლები, რომლებიც ნარკოტიკებს სწორი კუთხით იყენებენ. ასეთ სკოლებში ადამიანები სუბსტანციებს თვითშემეცნების მიზნით იღებენ; იმისათვის, რომ წინ გავიხედოთ, ასევე შესაძლებლობების უკეთ დანახვისა და ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, შედეგის წინასწარ შეგრძნების მიზნით. როდესაც ადამიანი დაინახავს, რომ მის მიერ თეორიულად შესწავლილი საკითხები რეალურად არსებობს, შემდგომში იგი ცნობიერად იწყებს მუშაობას და იცის საითაც მიემართება. ზოგჯერ ეს ყველაზე მარტივი გზაა განსხვავებული უნარების რეალურად არსებობაში დარწმუნების შესახებ, როდესაც მანამდე საკუთარ თავში ეჭვი ეპარებათ. ამ საკითხს განსაკუთრებული სახის ქიმია ეხება. თითოეული ფუნქციისთვის მისთვის განსაზღვრული ნივთიერება არსებობს. შესაძლებელია ყოველი ფუნქციის გაძლიერება ან დასუსტება, გაღვიძება ან დაძინება. მაგრამ ამის გასაკეთებლად ადამიანური მექანიზმის დიდი ცოდნა და მასთან დაკავშირებული სპეციალური ქიმიის ცოდნაა საჭირო. ყველა იმ სკოლაში, რომელიც ამ მეთოდს იყენებს, ექსპერიმენტები მხოლოდ მაშინ ტარდება, როდესაც ეს აუცილებელია და გამოცდილი ადამიანის ხელმძღვანელობის ქვეშ ხორციელდება, რომელსაც შეუძლია წინასწარ განსაზღვროს ყველა შედეგი და მიიღოს შესაბამისი ზომები არასასურველი შედეგების საწინააღმდეგოდ. ასეთ სკოლებში გამოყენებული ნივთიერებები არ წარმოადგენენ მხოლოდ "ნარკოტიკულ საშუალებებს", როგორც ამას ეძახით, თუმცა მათგან ბევრი მზადდება ისეთი პრეპარატებისგან, როგორებიცაა ჰაშიში, ოპიუმი და ასე შემდეგ. ამ სკოლების გარდა არსებობს სხვა სკოლებიც, რომლებიც იდენტურ ან მისგან განსხვავებულ სუბსტანციებს იყენებენ, მაგრამ ექსპერიმენტისთვის კი არა, არამედ დროის მოკლე შუალედში სასურველი შედეგის მისაღწევად. ასეთი სუბსტანციების ოსტატურად გამოყენების მეშვეობით გარკვეული დროის მანძილზე ადამიანი შეიძლება გახდეს ძალიან ჭკვიანი ან ძალიან ძლიერი. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ის ან მოკვდება, ან ჭკუიდან შეიშლება, მაგრამ ამას არავინ ითვალისწინებს. ასეთი სკოლებიც არსებობენ. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ ფრთხილად უნდა ვისაუბროთ სკოლებზე. მათ შეიძლება პრაქტიკულად იგივე გააკეთონ, მაგრამ შედეგები სრულიად განსხვავებული იქნება.
მე ღრმა ინტერესი გამიჩნდა ყველაფრის მიმართ, რასაც გურჯიევი ამბობდა. მასში რამდენიმე ახლებური ხედვა ვიგრძენი, რომელიც აქამდე არსად შემხედრია.
მან მიმიპატიჟა სახლში, სადაც ის და მისი ზოგიერთი მოსწავლე იკრიბებოდნენ.
ჩვენ ვაგონით წავედით სოკოლნიკის მიმართულებით.
გზად გურჯიევმა მითხრა, როგორ ჩაერია ომის დაწყება მის ბევრ გეგმაში. მისი მრავალი მოსწავლე პირველივე გაწვევისას გაემართა ფრონტის ხაზისკენ. უცხოეთიდან გამოწერილი ძალიან ძვირადღირებული აპარატები და ინსტრუმენტები დაიკარგა. შემდეგ ისაუბრა მძიმე ხარჯებზე, რომელიც მის სამუშაოთან იყო დაკავშირებული, ნაქირავები ბინების ღირებულების შესახებ, სადაც ექსპერიმენტები ტარდებოდა და საითკენაც ამჟამად მივემართებოდით. გარდა ამისა, მისმა საქმიანობამ დააინტერესა არაერთი ცნობილი ადამიანი მოსკოვში, "პროფესორები" და "მხატვრები", როგორც თავად ამბობდა. მაგრამ როდესაც ვკითხე, კერძოდ ვინ იყვნენ დაინტერესებული პირები, ერთი სახელიც არ დაუსახელებია.
- იმიტომ ვიკითხე, - განვაგრძე მე, - რომ მოსკოვის მშობლიური შვილი ვარ. გარდა ამისა, ათი წლის მანძილზე ჟურნალ-გაზეთებში მიმუშავია და მეტ-ნაკლებად ყველას ვიცნობ.
გურჯიევს ამაზე არაფერი უპასუხია.
ჩვენ მივედით მუნიციპალური სკოლის დიდ და ცარიელ ბინაში, რომელიც აშკარად სკოლის მასწავლებლებს ეკუთვნოდათ. ვფიქრობ, ეს იყო ყოფილი "წითელი აუზის" ადგილას.
ბინაში რამდენიმე გურჯიევის მოსწავლე დაგვხვდა; სამი თუ ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი და ორი ქალბატონი, რომლებიც მასწავლებლებს ჰგავდნენ. ასეთ ბინაში ადრეც ვიყავი ნამყოფი. ავეჯის არარსებობამ კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ოთახი მასწავლებლებს ეკუთვნოდათ, რადგან მაშინ მუნიციპალურ მასწავლებლებს არ ჰქონდათ ოთახში ავეჯის ქონის უფლება. ამ ფიქრით მოცულს, რატომღაც უცნაური მეჩვენა გურჯიევის განცხადება უზარმაარი ხარჯების შესახებ, რომელიც ამ ბინასთან იყო დაკავშირებული. პირველ რიგში, ბინა მას არ ეკუთვნოდა, მეორე რიგში, ბინა უფასო იყო, ხოლო მესამე რიგში, შეუძლებელი იყო, რომ გადასახდელი თანხა თვეში ათ ფუნტზე ძვირი ყოფილიყო. ამ აშკარა ბლეფში იყო რაღაც ისეთი, რაზეც ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი რაღაცას უნდა ნიშნავდეს.
ჩემთვის საკმაოდ რთულია ზუსტად აღვადგინო გურჯიევის მოსწავლეებთან საუბრის დასაწყისი. მოსმენილისგან ზოგმა მათგანმა გამაკვირვა. ვცადე აღმომეჩინა, რას წარმოადგენდა მათი სამუშაო, მაგრამ მათ პირდაპირი პასუხები არ მომცეს და ზოგ შემთხვევაში უცნაურ, ჩემთვის გაუგებარ ტერმინოლოგიას ხმარობდნენ.
მათ შემომთავაზეს ისტორიის დასაწყისის წაკითხვა და ახსენეს გურჯიევის ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც იმ დროისათვის მოსკოვში არ გახლდათ.
ბუნებრივია, მათ შემოთავაზებას დავთანხმდი და ერთმა მათგანმა ხმამაღლა დაიწყო ხელნაწერის წაკითხვა. ავტორი თავდაპირველად გურჯიევთან შეხვედრას აღწერდა და ჩემი ყურადღება იმით მიიზიდა, რომ მისი ამბავიც გაზეთში ბალეტის სტატიის შემჩნევით დაიწყო, რომელსაც "გრძნეულთა ბრძოლა" ერქვა და რომელიც თავადაც ვნახე ზამთარში, "მოსკოვის ხმაში". შემდგომ, - ეს მესიამოვნა, რადგან მოველოდი - ავტორი აღწერდა გურჯიევთან შეხვედრას, რომელმაც თითქოს ხელის გულზე დაისვა, აწონ-დაწონა და ისევ უკან ჩამოსვა. ამ ისტორიის სახელწოდება გახლდათ "ჭეშმარიტების ნაპერწკლები" და ტექსტი ადამიანმა აშკარად ყოველგვარი ლიტერატურული გამოცდილების გარეშე დაწერა. მიუხედავად ამისა, ნაწარმოებში იყო მითითებები სისტემის შესახებ, რომელშიც რაღაც ძალიან საინტერესო ვიგრძენი, თუმცა მის ფორმულირებას ვერ ვახერხებდი; ზოგიერთმა ძალიან უცნაურმა და შეუსაბამო იდეამ ამ ხელოვნების შესახებ, ჩემში ძალიან ძლიერი ემოციური პასუხი გამოიწვია.
მოგვიანებით შევიტყვე, რომ სიუჟეტის ავტორი წარმოსახვითი პერსონაჟი იყო და ტექსტი გურჯიევის ორმა მოსწავლემ დაწერა, რომლებიც იმ დროს ოთახში იმყოფებოდნენ. ტექსტი სისტემის იდეების ლიტერატურულ ფორმაში ექსპოზიციურ ასახვას ცდილობდა. მოგვიანებით ისიც შევიტყვე, რომ სიუჟეტის იდეა თავად გურჯიევს ეკუთვნოდა.
პირველი თავი დასრულდა და ამ ეტაპზე, კითხვაც შეწყდა. მთელი ამ დროის მანძილზე გურჯიევი ძალზედ ყურადღებით უსმენდა ხელნაწერს. იგი დივანზე იჯდა, ერთი ფეხი საჯდომთან შეეკეცა, შავ ყავას სვამდა, ეწეოდა და ზოგჯერ გამომხედავდა ხოლმე. მომწონდა მისი მოძრაობები, მათში რაღაც გრაციოზულობა და მადლი იგრძნობოდა. მის სიჩუმეშიც კი იყო რაღაც, რითაც იგი სხვებისგან გამოირჩეოდა. ვგრძნობდი, რომ მერჩივნა მას შევხვედროდი არა მოსკოვში და არა ამ ბინაში, არამედ იმ ადგილებში, საიდანაც ახლახან დავბრუნდი, კაიროს ერთ-ერთ მეჩეთში ან სამხრეთ ინდოეთის ტაძრებში, ტანჯორში, ტრიქონოპოლში ან მადურაში.
- აბა, როგორ მოგწონს ამბავი? - მკითხა გურჯიევმა ხანმოკლე დუმილის შემდეგ, როდესაც კითხვა დასრულდა.
მე ვუთხარი, რომ ტექსტის მოსმენა საინტერესო იყო, მაგრამ ჩემი აზრით, მას დეფექტი ჰქონდა, რადგან არ ხსნიდა, კონკრეტულად რაზე იყო საუბარი. ისტორიაში ავტორი საუბრობდა დოქტრინაზე, რომელსაც ის შეხვდა, მაგრამ არ იძლეოდა ადეკვატურ წარმოდგენას თავად დოქტრინის შესახებ. დამსწრეებმა კამათი დამიწყეს და მითხრეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მქონდა გამოტოვებული. თავად გურჯიევს არაფერი უთქვამს.
როცა მათ ვკითხე, მაინც რას წარმოადგენდა ეს სისტემა, რომელსაც ისინი სწავლობდნენ, და რა განმასხვავებელი ნიშნები ახასიათებდა, ძალიან განუსაზღვრელი პასუხი მივიღე. ისინი საუბრობდნენ "საკუთარ თავზე მუშაობის" შესახებ, მაგრამ რისგან შედგებოდა მუშაობა, ვერ ახსნეს. გურჯიევის მოსწავლეებთან მთელი ჩემი საუბარი სახარბიელოდ არ წარიმართა და ვრგძნობდი, რომ წინასწარ გათვლილ, ხელოვნურ თამაშს თამაშობდნენ, რომელიც მანამდე ჰქონდათ ნასწავლი. გარდა ამისა, მოსწავლეები მასწავლებელს არ ემთხვეოდნენ. ისინი მოსკოვის საკმაოდ ღარიბი "ინტელიგენციის" კონკრეტულ ფენას ეკუთვნოდნენ, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი და რომელთაგანაც არაფერ საინტერესოს არ მოველოდი. მეგონა, რომ ძალიან უცნაური იყო მათთან შეხვედრა "სასწაულის ძიების" გზაზე. ამავდროულად ყველანი საკმაოდ კარგი და წესიერი ხალხის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჩემი მეგობრისგან მოსმენილი ისტორიები აშკარად არ ეხებოდა ამ ადამიანებს.
- ერთი რამ მინდოდა მეკითხა, - თქვა გურჯიევმა პაუზის შემდეგ, - შეიძლება ეს სტატია გაზეთში გამოქვეყნდეს? ვიფიქრეთ, რომ ამ გზით უკეთ გავაცნობთ საზოგადოებას ჩვენს იდეებს.
- ეს სრულიად შეუძლებელია, - ვთქვი მე, - იგი არც სტატიაა, არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. რაღაც ამბის დასაწყისია, მაგრამ მაინც ზედმეტად დიდია გაზეთისთვის. ჩვენ გამოსაქვეყნებელ მასალას ხაზების მიხედვით ვითვლით. კითხვამ ორი საათი წაიღო, ანუ დაახლოებით სამი ათასი ხაზია. ჩემი ფელეტონის ქაღალდის თითო ფურცელზე სამასი ხაზი ეტევა. ასე რომ, ისტორიის ამ მონაკვეთს ათი ფურცელი დასჭირდება. მოსკოვის გაზეთში ისტორიის გაგრძელება კვირაში ერთხელ იბეჭდება, ამიტომ, მხოლოდ ორი საათის საკითხავი მასალის გამოქვეყნებას ათი კვირა დასჭირდება. შესაძლოა იგი გამოქვეყნდეს მხოლოდ ყოველთვიურ ჟურნალში, მაგრამ ტექსტისთვის შესაფერისი ჟურნალი ამჟამად არ ვიცი. ამ შემთხვევაშიც ისინი მოითხოვენ სრულ ამბავს, იქამდე, სანამ რაიმე პასუხს გეტყვიან.
გურჯიევს არაფერი უთქვამს და საუბარიც ამით დასრულდა.
მაგრამ, თავად გურჯიევში მაშინვე ვიგრძენი რაღაც უჩვეულო. იმ ღამის განმავლობაში ეს შთაბეჭდილება მხოლოდ გაძლიერდა. მისგან წამოსვლისას გამიჩნდა აზრი, რომ სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ უნდა მომეწყო მასთან შეხვედრა, ყოველგვარი გადადების გარეშე. თუ ასე არ მოვიქცეოდი, შესაძლოა დამეკარგა მასთან ყოველგვარი კავშირი. ვკითხე, ხომ ვერ მოახერხებდა ჩემთან კიდევ ერთხელ შეხვედრას, სანამ პეტებურგში დავბრუნდებოდი. მან მითხრა, რომ მომდევნო დღეს, იგივე დროზე, იმავე კაფეში იქნებოდა.
ერთ ახალგაზრდასთან მივედი. თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობდი - დიდი ხნის მანძილე კითხვა, რომელშიც თითქმის ვერაფერი გავიგე, ადამიანები, რომლებმაც კითხვებზე არ მიპასუხეს, გურჯივების უჩვეულო მანერები და მისი სხვა ადამიანებზე გავლენა - ეს ყველაფერი ჩემში მოულოდნელ სურვილს წარმოქმნიდა, ერთდოულად მეცინა, მეყვირა, მემღერა, თითქოს სკოლიდან გაქცეული ვიყავი ან ვიღაცას დავუსხლტი ხელიდან.
მინდოდა ამ ახალგაზრდასთან გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილებები, გურჯიევზე ხუმრობებით თავი გამერთო, საკმაოდ დამღლელი და პრეტენზიული ამბავის გამასხარავებასთან ერთად. ერთბაშად წარმოვიდგინე, რომ ამ ისტორიას ჩემს ზოგ მეგობარს ვუყვებოდი. საბედნიეროდ, დროზე ადრე შევჩერდი. "მაგრამ ეს ყველას დაურეკავს და მოუყვება" - გავიფიქრე - "ისინი ყველანი მეგობრები არიან".
ამიტომ, ვეცადე თავი ხელში ამეყვანა და საკმაოდ ჩუმად მივედით ტრამვაისთან, იქედან კი მოსკოვის ცენტრისკენ გავემართეთ. საკმაოდ გრძელი მოგზაურობის შემდეგ ოხოტნი ნადთან მივედით, სადაც ჩამოვედი, მეგობარს დავემშვიდობე და ერთმანეთს დავშორდით.
გურჯიევს იმავე კაფეში შევხვდი მეორე დღეს, იმის მომდევნო დღეს და კიდევ და კიდევ, ყოველ დღე. მოსკოვში გატარებული ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღე ვხედავდი გურჯიევს. მალე გაირკვა, რომ მან ძალიან ბევრი იცოდა იმის შესახებ, რისი გაგებაც მე მსურდა. სხვა საკითხებთან ერთად მან განმიმარტა და ამიხსნა ფენომენები, რომლებსაც ინდოეთში შევხვდი და მათი ახსნა ჩემთვის ადგილზე, ინდოეთშიც კი ვერავინ შეძლო, ისევე როგორც შემდგომში. მის განმარტებებში მე ვიგრძენი სპეციალისტური დარწმუნებულობა, ფაქტების ძალიან კარგი ანალიზი და სისტემა, რომელსაც ვერ ჩავწვდი, მაგრამ რომლის არსებობასაც უკვე ვგრძნობდი, რადგან გურჯიევის განმარტებებმა არა მარტო განსახილველ ფაქტებზე დამაფიქრა, არამედ ბევრ სხვა საკითხზეც, რომელსაც აქამდე ვაკვირდებოდი და ვვარაუდობდი.
გურჯიევის ჯგუფს აღარ შევხვედრილვარ. საკუთარი თავის შესახებ ძალიან ძუნწად და ცოტას ლაპარაკობდა. ერთხელ ან ორჯერ ახსენა თავისი მოგზაურობა აღმოსავლეთში. მაინტერესებდა რა ადგილები ჰქონდა მონახულებული, მაგრამ ვერ გავარკვიე.
მოსკოვში მოღვაეწობასთან დაკავშირებით გურჯიევმა თქვა, რომ მას ორი ჯგუფი ჰყავდა, რომელიც ერთმანეთთან არ იყვნენ დაკავშირბეულნი და სხვადასხვა საქმით იყვნენ დაკავებულნი, როგორც თავად თქვა - "მათი მომზადების ხარისხისა და ძალების მიხედვით". მისი თქმით, თითოეული ამ ჯგუფის წევრი წელიწადში ათას მანეთს იხდიდა და სამუშაოში ჩართულობა ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობების ფონზე შეეძლო.
აზრი გამოვთქვი, რომ კერძო საშუალებების გარეშე წელიწადში ათასი მანეთი ძალიან დიდი თანხა იყო გადასახდელად.
გურჯიევმა ამაზე მიპასუხა, რომ სხვაგვარი შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია, რადგან თავისი სამუშაოს ბუნებიდან გამომდინარე, მას არ შეეძლო ბევრი მოსწავლე ჰყოლოდა. ამავე დროს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არ სურდა საკუთარი ხარჯები გაეღო სამუშაოს ორგანიზებაზე. მისი სამუშაო არ იყო და არ შეიძლებოდა ყოფილიყო საქველმოქმედო ნამუშევარი; მოსწავლეებს თავად უნდა მოეძებნათ ბინის დაქირავების საშუალება, სადაც მათ შეხვედრა შეეძლოთ ექსპერიმენტების ჩასატარებლად და ასე შემდეგ. გარდა ამისა, მან დასძინა, რაც დაკვირვებამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში იყვნენ სუსტები, სამუშაოშიც სუსტები აღმოჩნდებოდნენ.
- ამ იდეის რამდენიმე ასპექტი არსებობს, - თქვა გურჯიევმა, - თითოეული ადამიანის მუშაობა შეიძლება მოიცავდეს ხარჯებს, მოგზაურობას და ასე შემდეგ. თუ ადამიანის ცხოვრება იმდენად ცუდად არის ორგანიზებული, რომ მას ათასი მანეთის გაღება უხერხულობაში აყენებს, უმჯობესია, თუ საერთოდ არ შეუდგება ამ სამუშაოს. დავუშვათ, რომ წლის განმავლობაში მისი მუშაობა კაიროში ან სადმე სხვა ადგილას ვიზიტს მოითხოვს. მას უნდა ჰქონდეს ამის გაკეთების საშუალება. ჩვენი მოთხოვნების მიხედვით მივხვდებით, შეუძლია თუ არა ადამიანს ჩვენთან მუშაობა.
გარდა ამისა, - განაგრძო მან, - ძალიან ცოტა დრო მაქვს სხვებისთვის შესაწირად, ამიტომ უნდა დავრწმუნდე, რომ სხვებს ნამდვილად ვეხმარები. მე ძალიან ვაფასებ ჩემს დროს, რადგან იგი საკუთარი სამუშაოსთვის მჭირდება და როგორც უკვე ვთქვი, მისი არაპროდუქტიულად დახარჯვის სურვილი არ მაქვს. აქ არის ასევე მეორე მხარეც, ადამიანები არ აფასებენ იმას, რაშიც ისინი ფულს არ იხდიან.
ამ ყველაფერს უცნაური შეგრძნებით ვუსმენდი. ერთის მხრივ კმაყოფილი ვიყავი ყველაფრით, რასაც გურჯიევი ამბობდა. მე მიზიდავდა სენტიმენტალურობის რაიმე ელემენტის არარსებობა, სიტყვები "კაცობრიობის სასიკეთოდ მუშაობის" შესახებ და მსგავსი. მეორეს მხრივ, გაკვირვებული ვიყავი გურჯიევის აშკარა სურვილით, დავერწმუნებინე ფულის გადახდის აუცილებლობის საკითხთან დაკავშირებით, როდესაც რეალურად დარწმუნება არ მჭირდებოდა.
თუ კი რაიმეს არ ვეთანხმებოდი, ეს იყო გურჯიევის მიერ ფულის შეგროვების მეთოდი, რომელსაც იგი აღწერდა. იმ მოსწავლეებიდან, რომლებიც მე ვნახე, ვერც ერთი შეძლებდა წელიწადში მისთვის ათასი მანეთის გადახდას. თუ მან მართლაც იპოვა აღმოსავლეთში დაფარული ცოდნის სისტემა და დღემდე აგრძელებდა ძიებას ამ მიმართულებით, მაშინ ცხადია, რომ ამ სამუშაოს ისევე სჭირდებოდა სახსრები, როგორც ნებისმიერ სხვა სამეცნიერო საწარმოს, როგორებიცაა ექსპედიცია მსოფლიოს უცნობ ნაწილში, უძველესი ქალაქის გათხრები ან გამოძიება, რომელიც მრავალრიცხოვან, დახვეწილ ქიმიურ და ფიზიკურ ექსპერიმენტებს მოითხოვს. ამაში ჩემი დარწმუნება სრულიად ზედმეტი იყო. ამასთან ერთად, გონებაში უკვე მიტრიალებდა აზრი, რომ თუ გურჯიევის საქმიანობის უფრო ახლოს გაცნობის შესაძლებლობას განვიზრახავდი, ალბათ, მეც უნდა მომეძებნა მისთვის საჭირო სახსრები სამუშაოს სათანადო ადგილზე დასაყენებლად; ასევე, მისთვის უფრო მომზადებული ხალხიც უნდა მიმეყვანა. რა თქმა უნდა, მაშინ ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა იმის შესახებ, თუ რისგან შეიძლებოდა შემდგარიყო მოცემული სამუშაო.
გარკვევით დაფიქსირების გარეშე გურჯიევმა მიმახვედრა, რომ იგი მიმიღებდა მის ერთ-ერთ მოსწავლედ, თუ ამის სურვილს გამოვთქვამდი. მე ვუთხარი, რომ ჩემი მხრიდან დაბრკოლებას წარმოადგენდა მოსკოვში დარჩენის უუნარობა, რადგან პეტერბურგში გამომცემელთან შეთანხმება მქონდა დადებული და აუცილებლად უნდა დავბრუნებულიყავი, რათა გამოსაცემად გამემზადებინა რამდენიმე წიგნი. გურჯიევმა მითხრა, რომ ხანდახან ჩამოდიოდა პეტერბურგში და დამპირდა, მალე ჩამოვალ და ჩამოსვლის დროსაც წინასწარ შეგატყობინებო.
- მაგრამ, თუ თქვენს ჯგუფს შევუერთდები, - განვაგრძე მე, - ძალიან რთული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდები. არ ვიცი, რამდენად ღებულობთ პირობას თქვენი მოსწავლეებისგან, რომ მათ გარკვეული საიდუმლოებები შეინახონ, რასაც თქვენგან სწავლობენ, მაგრამ მე ასეთ პირობას ვერ მოგცემთ. ჩემს ცხოვრებაში იყო ორი შემთხვევა, როდესაც მსგავს ჯგუფში გავწევრიანდი და ორივე შემთხვევაში გაწევრიანება ნიშნავდა ყველაფრის საიდუმლოდ შენახვას, რისი შესწავლის შესაძლებლობაც მოგვეცემოდა. იმ ფაქტის გამო, რომ უპირველეს ყოვლისა, მე მწერალი ვარ, მინდა აბსოლუტურად თავისუფალი ვიყო და თავად გადავწყვიტო, რა დავწერო და რა არა. თუ შეგპირდებით, რომ საიდუმლოდ შევინახავ იმას, რასაც მეტყვით, შემდგომში ძალიან გამიძნელდება ერთმანეთისგან გავარჩიო ის, რაც გავიგე და ის, რომელიც ჩემს გონებაში გაჩნდა მასთან კავშირში ან თუნდაც, კავშირის გარეშე. მაგალითად, ჯერ კიდევ ძალიან ცოტა რამ ვიცი თქვენი იდეების შესახებ, მაგრამ ვიცი, რომ როდესაც საუბარს დავიწყებთ, ძალიან მალე მივალთ დროისა და სივრცის საკითხებამდე, უმაღლესი სფეროების საკითხებამდე და ასე შემდეგ. ეს ის საკითხებია, რომლებზეც უკვე ვმუშაობ მრავალი წლის მანძილზე. ეჭვიც არ მეპარება, რომ თქვენს სისტემაში ამათ დიდი ადგილი უჭირავთ. - გურჯიევმა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. - სწორედ ამიტომ, ახლა თუ დაპირებებზე საუბარს დავიწყებთ, პირველივე საუბრის შემდეგ აღარ მეცოდინება რა შემიძლია დავწერო და რა არ უნდა დავწერო.
- მაგრამ, რას წარმოადგენს შენი, საკუთარი იდეები ამ თემის შესახებ? - ჩამეკითხა იგი, - ადამიანმა ბევრი არ უნდა ისაუბროს. არის რაღაცეები, რაც მხოლოდ მოწაფეებისთვის არის ნათქვამი და მხოლოდ მათ ეკუთვნით.
- ასეთ პირობას მხოლოდ დროებით დავთანხმდებოდი, - ვუპასუხე, - რა თქმა უნდა, სასაცილო იქნება, თუ მაშინვე დავიწყებ წერას იმის შესახებ, რასაც თქვენგან ვისწავლი. მაგრამ, თუ პრინციპის გამო არ გსურთ დამახინჯებულად გადმოვცე თქვენი საიდუმლოებები, მაშინ თანახმა ვარ, მივიღო ასეთი პირობა და დაველოდო, სანამ უკეთ გავიგებ თქვენს სწავლებას. ერთხელ შევხვდი ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც სხვადასხვა საქმეებით იყვნენ დაკავებულნი სამეცნიერო ექსპერიმენტების დარგში, ძალიან ფართო მასშტაბით. ისინი არ მალავდნენ თავიანთ სამუშაოს. მაგრამ მათ დადეს პირობა, რომ არავის ექნებოდა სიტყვის წარმოთქმის ან ექსპერიმენტის აღწერის უფლება, თუ თავადაც არ შეეძლო იგივეს განხორციელება. ექსპერიმენტების შესწავლამდე და დამოუკიდებლად განმეორებამდე, ექსპედიციის წევრი ვალდებული იყო გაჩუმებულიყო.
- უკეთესად ფორმულირება არ შეიძლება, - მიპასუხა გურჯიევმა, - თუ ამ წესს შეინარჩუნებ, ჩვენს შორის ეს საკითხი აღარასოდეს წარმოაჩენს საკუთარ თავს.
- არის თუ არა რაიმე პირობები, თქვენს ჯგუფში შესვლისთვის? - ვიკითხე, - და არის თუ არა ვინმე, ვინც თქვენთან არის დაკავშირებული? ანუ, მინდა ვიცოდე, თავისუფალი არის თუ არა თქვენი ორგანიზაციიდან წამოსვლა თუ ვინმე საკუთარ თავზე გარკვეულ ვალდებულებებს ღებულობს?
- არანაირი პირობები არ არსებობს, - თქვა გურჯიევმა, - და არც შეიძლება არსებობდეს. ჩვენი ამოსავალი წერტილი ის არის, რომ ადამიანი არ იცნობს საკუთარ თავს, მან არ იცის, რომ ადამიანი, როგორც ასეთი, მასში არ არსებობს. - გურჯიევმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ამ სიტყვებს. - ანუ, ის ამჟამად არ არის ისეთი, როგორიც შეუძლია რომ იყოს. ამ მიზეზით, მას არ შეუძლია რაიმე შეთანხმების დადება ან ვალდებულების ტარება. იგი ვერაფერს გადაწყვეტს მომავალთან დაკავშირებით. დღეს ერთი ვინმეა, ხვალ მეორე, სრულიად სხვა, გუშინდელისგან განსხვავებული. იგი არანაირად არ არის ჩვენთან დაკავშირებული და როცა მოუნდება, შეუძლია ადგეს და წავიდეს. არანაირი ვალდებულება არ არსებობს მის მიერ ჩვენთან დაკავშირებით, ისევე როგორც ჩვენს მიერ მასთან დაკავშირებით.
თუ სისტემა მოეწონება და მასთან რეზონანსში შემოვა, სწავლა შეუძლია. - განაგრძო მან, - მას დიდხანს მოუწევს სწავლა და საკუთარ თავზე მუშაობა. როდესაც საკმარისად ისწავლის, ეს უკვე სხვა საკითხია. ამის შემდეგ თვითონ გადაწყვეტს, მოსწონს თუ არა ჩვენი საქმიანობა, სურს თუ არა ჩვენთან დარჩენა. თუ სურს, შეუძლია ჩვენთან მუშაობა. თუ არა, შეუძლია წავიდეს. ამ მომენტამდე იგი თავისუფალია. თუ დარჩება, შეძლებს გადაწყვიტოს ან მოაწყოს საკუთარი მომავალი.
მაგალითად, აიღე მოცემული ასპექტი; სიტუაცია შეიძლება წარმოიქმნას არა დასაწყისში, არამედ მოგვიანებით, როდესაც ადამიანმა საიდუმლო უნდა შეინარჩუნოს, თუნდაც მხოლოდ გარკვეული დროის შუალედში იმის შესახებ, რაც მან ისწავლა. მაგრამ, შეუძლია თუ არა ადამიანს საიდუმლოს შენახვა, რომელიც საკუთარ თავს არ იცნობს? რა თქმა უნდა, შეუძლია პირობა დადოს, მაგრამ, შეასრულებს ამ დაპირებას? იგი ერთი ადამიანი არ არის, მასში ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანია. აქედან ერთი ადამიანი გვპირდება, რომ საიდუმლოს შეინახავს. მაგრამ ხვალ მასში არსებული სხვა ადამიანი საიდუმლოს საკუთარ მეუღლეს მოუყვება, ან მეგობარს გაუმხელს ღვინის სმაში, ან ჭკვიან კაცთან წამოაყრანტალებს ყველაფერს ისე, რომ თავადაც ვერ შეამჩნევს, ყველაფერი რომ გადმოალაგა. ბოლოს და ბოლოს, მისი დაჰიპნოზება შეიძლება ან დაშანტაჟება და ყვირილი, შედეგად იგი ყველაფერს დაუფიქრებლად დაფქვავს და ყველაფერს გააკეთებს, რასაც ისურვებ. რა სახის ვალდებულებების აღება შეუძლია ასეთ ადამიანს საკუთარ თავზე? არა, ასეთ კაცთან სერიოზულად არ ვილაპარაკებთ. საიდუმლოს შესანახავად, ადამიანი უნდა იცნობდეს საკუთარ თავს და იგი უნდა არსებობდეს. ადამიანები კი ძალიან შორს არიან ამისგან.
ხანდახან, მათ გამოცდის მიზნით დროებით ვადებინებთ პირობებს. ჩვეულებრივ, ისინი ძალიან მალე არღვევენ პირობას, მაგრამ არასდროს ვეუბნებით რაიმე სერიოზულ საიდუმლოს ისეთს, რომელსაც არ ვენდობით, ამიტომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ვგულისხმობ, რომ ამას ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა ეს რა თქმა უნდა ჩვენსა და ამ პიროვნებას შორის ურთიერთობას სამუდამოდ გაწყვიტავს. მას აღარ ექნება ჩვენგან რაიმეს სწავლის შანსი, თუკი არსებობს რაიმე, რისი სწავლაც ჩვენგან შეიძლება. ასევე ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს მის ყველა მეგობარზე, თუმცა ისინი ამას არ ელოდებიან.
მახსვს, რომ გურჯიევთან ჩემი შეხვედრის პირველი კვირის განმავლობაში ვისაუბრე ჩემს განზრახვაზე, რომ ისევ მინდოდა აღმოსავლეთში წავსულიყავი.
- ღირს ამაზე ფიქრი? შემიძლია იქ ის ვიპოვო, რაც მინდა? - ვკითხე გურჯიევს.
- კარგია შვებულებაზე დასასვენებლად წასვლა, - მიპასუხა მან, - მაგრამ არ ღირს, თუ რაიმეს მოძებნა და მიღება გინდა. ყველაფრის აღმოჩენა აქაა შესაძლებელი.
მივხვდი, რომ მასთან მუშაობაზე საუბრობდა.
- მაგრამ, ნუთუ ადგილობრივ სკოლებს, რომლებიც ყოველგვარი ტრადიციების შუაში იმყოფება, გარკვეული უპირატესობა არ გააჩნია? - ვკითხე.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას გურჯიევმა რამდენიმე რამ მითხრა, რომელთა მნიშვნელობაც ჩემთვის მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი.
- სკოლები რომც იპოვო, მხოლოდ ფილოსოფიურ სკოლებს იპოვი, - თქვა მან, - ინდოეთში მხოლოდ ფილოსოფიური სკოლებია, ისინი ძალიან დიდი ხნის წინ გაიყვნენ. ინდოეთში იყო ფილოსოფია, ეგვიპტეში თეორია და დღევანდელ სპარსეთში, მესოპოტამიაში და თურქესტანში - პრაქტიკა.
- ახლაც ასეა? - ვკითხე.
- ნაწილობრივ დიახ. - მიპასუხა მან, - მაგრამ შენ აშკარად არ გესმის ცხადად, რას ვგულისხმობ ფილოსოფიაში, თეორიაში და პრაქტიკაში. ამ სიტყვების გააზრების განსხვავებული გზა არსებობს და არა ის, როგორც ჩვეულებრივ ესმით.
მაგრამ, სკოლებზე საუბრისას, არსებობს მხოლოდ სპეციალური სკოლები. არ არსებობს ზოგადი სკოლები. ყველა მასწავლებელი ან გურუ ერთი რაღაცის სპეციალისტია. ერთი ასტრონომია, მეორე მოქანდაკე და მესამე მუსიკოსი. თითოეულმა მოსწავლემ ის უნდა ისწავლოს, რაშიც მისი მასწავლებელია სპეციალიზებული, შემდეგ, სხვა საგანი და ასე შემდეგ. ისე გამოდის, რომ ყველაფრის შესასწავლად ათასი წელი იქნება საჭირო.
- მაგრამ, თქვენ როგორ ისწავლეთ?
- მე მარტო არ ვყოფილვარ. ჩვენს შორის ყველანაირი სპეციალისტი იყო. ყოველი მათგანი მისი კონკრეტული საგნის მიხედვით სწავლობდა. ამის შემდეგ, როდესაც ერთად შევიკრიბეთ, გავაერთიანეთ ყველაფერი, რისი აღმოჩენაც შევძელით.
- სად არიან ახლა თქვენი კომპანიონები?
გურჯიევი ცოტა ხნით ჩუმად იყო, შემდეგ ნელა დაილაპარაკა, თან შორს, რაღაცას გასცქეროდა.
- ზოგი მოკვდა, ზოგი მუშაობს, ზოგიც განმარტოებით წავიდა.
მისმა ნათქვამმა უცნაური და უსიამოვნო შეგრძნება დამიტოვა.
ამავდროულად, გურჯიევის მხრიდან გარკვეულ "მოქმედებას" ვგრძნობდი, თითქოს დროდადრო შეგნებულად ცდილობდა ჩემთვის საინტერესო წინადადებები მოეცა და გარკვეული მიმართულებით დავფიქრებულიყავი.
როცა ვცდილობდი უფრო ზუსტად მცოდნოდა, სად იპოვა ის, რაც მან იცოდა, რა იყო ცოდნის წყარო და რამდენად შორს მიდიოდა ეს ცოდნა, მას პირდაპირი პასუხი არ გაუცია.
- იცი, - მითხრა გურჯიევმა ერთხელ, - როდესაც ინდოეთში წახვედი, გაზეთებში შენი მოგზაურობისა და მიზნების შესახებ წერდნენ. ჩემს მოსწავლეებს შენი წიგნების წაკითხვის დავალება მივეცი, რათა განესაზღვრათ, სადამდე იყავი მისული და ამის საფუძველზე, რითი შეგეძლო დაგესრულებინა. ასე რომ, ჩვენ უკვე ვიცოდით, რითი დასრულდებოდა შენი მოგზაურობა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გზაში იყავი. შენს გზას აქ მოჰყავდი.
ამით საუბარი დასრულდა.
ერთხელ გურჯიევს იმ ბალეტის შესახებ ვკითხე, რომელიც გაზეთში იყო გამოქვეყნებული; ატარებდა თუ არა ბალეტი რამენაირად "საიდუმლო ბუნებას?".
- ჩემი ბალეტი არ არის საიდუმლო, - თქვა გურჯიევმა, - ჩემს ობიექტს საინტერესო და ლამაზი სანახაობის მომზადება წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, არსებობს გარეგნული ფორმის ქვეშ დაფარული მნიშვნელობა, მაგრამ ჩემს მიზანს არ წარმოადგენს ამ მნიშვნელობის გამოვლენა და მისთვის ხაზგასმა. ბალეტში მნიშვნელოვანი ადგილი გარკვეულ ცეკვებს ეთმობა. მოკლედ აგიხსნი. წარმოიდგინე ზეციური სხეულების მოძრაობის შესწავლა, ვთქვათ, რომ მზის სისტემის პლანეტები მათში არსებული მექანიზმის წყალობით გვაძლევენ ვიზუალიზაციის განსახიერებას მოძრაობების კანონთა შესახებ და ისინი მათ არსებობას გვახსენებენ. ამ მექანიზმში, ყოველი პლანეტა, რომელიც შესაბამისი ზომის სფეროთი არის წარმოგდენილი, მოთავსებულია ცენტრალური სფეროდან გარკვეულ მანძილზე, რომელსაც მზე განასახიერებს. მექანიზმი მოძრაობს და მასთან ერთად, მის გარშემო მოძრაობას იწყებს ყოველი სფერო, მისთვის დადგენილი ბილიკების გასწვრივ, რომელიც ვიზუალური სახით განასახიერებს კანონებს, რომელთაც პლანეტების მოძრაობები აკონტროლებენ. ეს მექანიზმი შეგახსენებს ყველაფერს, რაც კი მზის სისტემის შესახებ იცი. გარკვეული ცეკვების რიტმში არსებობს რაღაც ამის მსგავსი. მოცეკვავეებისთვის მკაცრად განსაზღვრულ მოძრაობებში და კომბინაციებში განსახიერებულია ვიზუალურად გამოხატული გარკვეული კანონები, რომლებიც იმათთვის არის გასაგები, ვინც მათ იცნობს. ასეთ ცეკვებს "წმინდა ცეკვები" ეწოდებათ. აღმოსავლეთში მოგზაურობის ჩვენი კურსის განმავლობაში ბევრჯერ ვყოფილვარ ასეთი ცეკვების მოწმე სხვადასხვა ანტიკურ ტაძრებში, წმინდა მსახურების დროს. ამ ცეკვებიდან ზოგიერთი "გრძნეულთა ბრძოლაში" არის წარმოდგენილი. უფრო მეტიც, "გრძნეულთა ბრძოლის" საფუძველში სამი იდეა დევს. მაგრამ თუ ბალეტს ჩვეულებრივ სცენაზე შევასრულებ, საზოგადოება ვერასოდეს მიხვდება ამ იდეებს.
მისი ნათქვამიდან მივხვდი, რომ ეს არ იყო ბალეტი, ამ სიტყვის მკაცრი გაგებით. მნიშვნელოვანი სცენები წარმოადგენდა "შავი მაგიის" და "თეთრი მაგიის" სცენებს, სადაც ორივე სკოლის მოსწავლეები ერთმანეთთან ჭიდილში იყვნენ ჩაბმულნი. მოქმედება უნდა მომხდარიყო აღმოსავლური ქალაქის ცხოვრების ფონზე, რომელშიც წმინდა ცეკვები იქნებოდა შერეული. დერვიშული ცეკვები და სხვადასხვა ეროვნული აღმოსავლური ცეკვები შერწყმული უნდა ყოფილიყო სიყვარულის ისტორიასთან, რომელსაც თავისთავად ალეგორიული მნიშვნელობა ექნებოდა.
განსაკუთრებით დამაინტერესა გურჯიევის ნათქვამმა, როდესაც მითხრა, რომ "თეთრი მაგების" და "შავი მაგების" ცეკვებს ერთი და იგივე მოცეკვავეები შეასრულებდნენ; პირველ სცენაში მათი მოძრაობები ლამაზი და მიმზიდველი უნდა ყოფილიყო, ხოლო მეორე სცენაში მახინჯი და შეუთავსებელი.
- უნდა გაიგო, რომ ამ გზით ისინი საკუთარი თავის ყველა ასპექტს დაინახავენ და შეისწავლიან. შესაბამისად, ბალეტს უდიდესი მნიშვნელობა ექნება თვითშესწავლისთვის - განაცხადა გურჯიევმა.
იმ დროისთვის ამ ყველაფრის მნიშვნელობის ცხადად გააზრება ჩემგან შორს იყო, მაგრამ გაოცებული ვიყავი გარკვეული შეუსაბამობების გამო.
- ცნობაში, რომელიც მე ვნახე, ეწერა, რომ მოსკოვში დადგმულ ბალეტში ცნობილი ბალეტის მოცეკვავეები მიიღებდნენ მონაწილეობას. როგორ უთავსებთ ამას თვითსწავლის იდეას? - ვკითხე მე, - ისინი არ ითამაშებენ და არ იცეკვებენ საკუთარი თავის შესწავლის მიზნით.
- ეს ყველაფერი ჯერ კიდევ შორს არის გადაწყვეტისგან, - თქვა გურჯიევმა, - შეტყობინების ავტორი, რომელიც თქვენ წაიკითხეთ, მთლიანად ინფორმირებული არ იყო. ეს ყველაფერი შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს. თუმცა, მეორეს მხრივ, ბალეტში მონაწილეები თავად ნახავენ, მოსწონთ თუ არა.
- მუსიკას ვინ წერს?
- არც ეს არის გადაწყვეტილი. - მიპასუხა მან. მეტი არაფერი უთქვამს და ბალეტი პირველად მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ ვნახე.
ერთხელ, გურჯიევს მოსკოვში ვესაუბრებოდი. ვსაუბრობდი ლონდონის შესახებ, სადაც მცირე ხნით ვცხოვრობდი და აღვნიშნე საშინელი მექანიზაცია, რომელიც ევროპის დიდ ქალაქებში ვითარდებოდა და რომლის გარეშეც ალბათ უკვე შეუძლებელი იყო ცხოვრება და მუშაობა.
- ხალხი მთლიანად მანქანებზე და მექანიზმებზეა გადართული, - ვთქვი მე, - უეჭველია, ზოგჯერ ისინი სრულყოფილ მექანიზმებს აყალიბებენ. არ მჯერა, რომ მათ ფიქრი შეუძლიათ. თუ ფიქრი შეუძლიათ, მაშინ არ უნდა იყვნენ ასეთი იდეალური მანქანები.
- დიახ, - თქვა გურჯიევმა, - ეს მართალია, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი. საკითხი პირველ რიგში დამოკიდებულია კითხვაზე, თუ რომელ გონებას იყენებენ თავიანთი სამუშაოსთვის. თუ ისინი სათანადო გონებას გამოიყენებენ, შეძლებენ კიდევ უფრო უკეთ იფიქრონ მანქანებთან მუშაობის მთელი დროის განმავლობაში. მაგრამ, კიდევ ერთხელ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სათანადო გონებით ფიქრობენ.
ვერ მივხვდი რას გულისხმობდა გურჯიევი "სათანადო გონებაში". ეს მოცემულობა ჩემთვის გასაგები მხოლოდ საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ გახდა.
- და მეორეც, - განაგრძო მან, - მექანიზაცია, რომელზეც შენ საუბრობ, არ არის ყველაზე საშიში. კაცი შეიძლება კაცი იყოს, როდესაც მანქანებთან მუშაობს - ამას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი - არსებობს სხვა სახის მექანიზაცია, რომელიც ბევრად უფრო საშიშია. სწორედ ის, რომ თავად იყო მანქანა. ოდესმე გიფიქრია იმის შესახებ, რომ ყოველი ადამიანი თავად არის მანქანა?
- დიახ, - ვუპასუხე მე, - მკაცრად მეცნიერული თვალსაზრისით, ყველა ადამიანი მანქანაა, რომელიც გარეგანი გავლენების მიერ იმართება. მაგრამ საკითხავია, შეიძლება თუ არა მთლიანად მივიღოთ მეცნიერული თვალსაზრისი?
- მეცნიერულიც და არამეცნიერულიც ჩემთვის ერთი და იგივეა, - თქვა გურჯიევმა, - მინდა გაიგო, რას ვამბობ. შეხედე, ყველა ადამიანი რომელსაც ხედავ, - ქუჩის გასწვრივ ხალხზე მიმითითა, - უბრალოდ მანქანაა, მეტი არაფერი.
- ვფიქრობ, მესმის რასაც გულისხმობთ. ხშირად მიფიქრია, რამდენად ცოტაა მთელს მსოფლიოში ისეთი, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მექანიზაციის ამ ფორმას და თავად აირჩიოს საკუთარი გზა.
- სწორედ აქ უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას, - მითხრა მან, - შენ ფიქრობ, რომ არსებობს ვიღაც, ვინც თავად ირჩევს საკუთარ გზას, ვისაც მექანიზაციის წინააღმდეგ აღდგომა შეუძლია. შენ ფიქრობ, რომ ყველაფერი არ არის თანაბრად მექანიკური.
- რა თქმა უნდა არ არის! - განვაცხადე მე, - ხელოვნება, პოეზია და მსგავსი სახის აზროვნება სრულიად განსხვავებულ ფენომენებს წარმოადგენენ.
- ზუსტად იგივე თანმიმდევრობით, ყოველი ასეთი აქტივობაც თანაბრად მექანიკურია, ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენი. ადამიანები მანქანები არიან და მანქანისგან მექანიკური მოქმედების გარდა სხვა არაფერია მოსალოდნელი.
- ძალიან კარგი, - ვუთხარი მე, - ახლა მითხარით, არსებობენ თუ არა ადამიანები, რომლებიც მექანიკურები არ არიან?
- შეიძლება არსებობდნენ, მაგრამ ის ხალხი ნამდვილად არა, ვისაც შენ ხედავ. შენ არ იცნობ ასეთ ადამიანებს. სწორედ ეს მინდა, რომ გაიგო.
საკმაოდ უცნაური მეჩვენა მისი ამგვარი დაჟინებულობა მოცემულ საკითხში. მისი ნათქვამი მაინც აშკარად უდავოდ გამოიყურებოდა. პარალელურად, არასდროს მომწონდა ასეთი მოკლე და ყოვლისმომცველი მეტაფორებით საუბარი. ასეთი საუბრები ყოველთვის გამოტოვებდნენ განსხვავებულობის არსებობას, მე კი მიმაჩნდა, რომ განსხვავებების გათვალისწინება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საგნების გასაგებად და პირველ რიგში საჭირო იყო იმ პუნქტის დანახვა, რითაც საგნები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ. ამიტომ მეჩვენა უცნაურად გურჯიევის დაჟინებულობა, რომელიც მოცემულ საკითხში გამონაკლისებს არ უშვებდა.
- ადამიანები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, - ვუთხარი მე, - არა მგონია შესაძლებელი იყოს, რომ ყველანი ერთ ქვაბში მოვხარშოთ. არსებობენ ველურები, არსებობენ მექანიკური ადამიანები, არსებობენ ინტელექტუალები და ასევე არსებობენ გენიოსები.
- სწორია, - მიპასუხა გურჯიევმა, - ადამიანები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ადამიანებს შორის რეალურ განსხვავებას ვერ ამჩნევ და ვერ ხედავ. ის განსხვავება, რომელზეც შენ საუბრობ, უბრალოდ არ არსებობს. ეს უნდა გაიგო. ყველა ადამიანი, რომელსაც ხედავ, ყველა ადამიანი, რომელსაც იცნობ, ასევე ისინიც, რომელიც შეიძლება მომავალში გაიცნო, გარეგანი გავლენების მიხედვით მართული მანქანები არიან, ზუსტად ისევე, როგორც თვითონ თქვი. ისინი მანქანებად იბადებიან და მანქანებად კვდებიან. როგორ შედიან ამ რიგში ველურები და ინტელექტუალები? ახლაც, სწორედ ამ წუთებში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რამდენიმე მილიონი მანქანა ერთმანეთის განადგურებას ცდილობს. რა განსხვავებაა მათ შორის? სად არიან ველურები და სად არიან ინტელექტუალები? ისინი ყველანი ერთნაირები არიან...
მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ ადამიანი მანქანა აღარ იყოს. სწორედ ამაზე უნდა ვიფიქროთ და არა სხვადასხვა სახის მანქანებზე, რომლებიც არსებობენ. რა თქმა უნდა, სხვადასხვა მანქანებიც არსებობენ. ავტომანქანა არის მანქანა, გრამოფონი არის მანქანა, იარაღი არის მანქანა. მაგრამ მერე რა? ეს ერთი და იგივეა - ყველანი მანქანები არიან.
ამ საუბართან დაკავშირებით სხვა დიალოგი მახსენდება.
- როგორია თქვენი აზრი თანამედროვე ფსიქოლოგიის შესახებ? - ვკითხე ერთხელ გურჯიევს ფსიქოანალიზის საგნის განმარტების მიზნით, რომლის მიმართაც დასაწყისიდანვე უნდობლობით ვიყავი განწყობილი. მაგრამ გურჯიევმა ამ საკითხში შორს არ გამიშვა.
- სანამ ფსიქოლოგიაზე საუბრს დაიწყებ, მკაფიოდ გაარკვიე, ვის ეხება ფსიქოლოგია და ვის არ ეხება. - თქვა მან, - ფსიქოლოგია ეხება ადამიანს, ჰუმანურ ქმნილებას. - მან ხაზი გაუსვა ამ სიტყვებს, - შეიძლება, რომ არსებობდეს რაიმე ფსიქოლოგია მანქანასთან მიმართებაში? მანქანების შესასწავლად საჭიროა მექანიკა და არა ფსიქოლოგია. ამიტომ, ჩვენ მექანიკით ვიწყებთ. ფსიქოლოგიამდე ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზაა გასავლელი.
- შესაძლებელია, ვინმემ შეწყვიტოს მანქანად ყოფნა?
- აჰა! მთელი კითხვაც ამაში მდგომარეობს. თუ ამგვარ შეკითხვებს საკმაოდ ხშირად დასვამ, ჩვენი საუბარი სადღაც მიგვიყვანს. შესაძლებელია შევწყვიტოთ მანქანად ყოფნა, მაგრამ ამისათვის პირველ რიგში მანქანის ცოდნაა აუცილებელი. მანქანამ არ იცის საკუთარი თავი და არ შეუძლია საკუთარი თავის შეცნობა. როდესაც მანქანა თავის თავს იცნობს, ის უკვე აღარ არის მანქანა. ყოველ შემთხვევაში, ისეთი მანქანა მაინც არ არის, როგორიც აქამდე იყო. ადამიანი ასეთ დროს იწყებს საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას.
- თქვენი მიხედვით, ადამიანი თავის ქმედებებზე პასუხისმგებელი არ არის?
- ადამიანი არის პასუხისმგებელი, - გურჯიევმა ხაზი გაუსვა ამას, - მანქანა არ არის.
ჩვენი ერთ-ერთი საუბრის დროს გურჯიევს ვკითხე:
- თქვენი აზრით, რა არის საუკეთესო შესამზადებელი მეთოდი თქვენი სისტემის შესასწავლად? მაგალითად, არის თუ არა სასარგებლო იმის შესწავლა, რასაც "ოკულტური" ან "მისტიური" ლიტერატურა ეწოდება?
ამ კითხვის დასმისას განსაკუთრებით "ტაროს" შესახებ არსებული ლიტერატურა მქონდა მხედველობაში.
- დიახ, - მიპასუხა გურჯიევმა, - წაკითხვით უამრავი რაღაცის დანახვა შეგიძლია. მაგალითად, საკუთარი თავი აიღე: შესაძლოა უკვე საკმაოდ ბევრი რამ იცოდე, თუ იცი, როგორ იკითხო. იმას ვგულისხმობ, რომ თუ შენს ცხოვრებაში წაკითხული ტექსტებიდან ყველაფერს გაიგებ, გეცოდინება რას წარმოადგენ. თუ კარგად გაიგე ყველაფერი, რაც შენს წიგნში დაწერე, მოიცა... რა ჰქვია? "ტერტიუმ ორგანუმი", (Tertium Organum - პიოტრ უსპენსკის ცნობილი წიგნი ოკულტური საკითხების შესახებ, რომელიც 1912 წელს, გურჯიევთან შეხვედრამდე რამდენიმე წლით ადრე გამოქვეყნდა. მთარგმნელის შენიშვნა). თუ შენი დაწერილიდან მართლაც ყველაფერი გესმის, შენ კი არა, მე უნდა მოვიდე, შენს წინაშე დავიჩოქო და გევედრო, რომ მოსწავლედ ამიყვანო. მაგრამ შენ არ გესმის რას კითხულობ და არც ის გესმის, რასაც წერ. შენ ისიც კი არ გესმის, რას ნიშნავს სიტყვა "გაგება". თუმცა, გაგება აუცილებელია და კითხვა შეიძლება იმ შემთხვევაში იყოს სასარგებლო, როდესაც წაკითხული გესმის. მაგრამ, ცხადია, ვერცერთი წიგნი ვერ შეგამზადებს წინასწარ. ამიტომ, შეუძლებელია იმის თქმა, რომელია უკეთესი. ადამიანმა შესაძლებელია კარგად იცოდეს მომზადება, - მან დააფიქსირა სიტყვა "მომზადება", - შეიძლება მან ყავის მომზადება იცის, ან ჩექმებს ამზადებს კარგად, ამ შემთხვევაში მასთან საუბარი შესაძლებელია. უბედურება ის არის, რომ არავინ არაფერი არ იცის კარგად და საფუძვლიანად. ყველაფერი, ყველასთვის ზედაპირულად არის ცნობილი.
ეს იყო კიდევ ერთი მოულოდნელი შემოტრიალება, რომელიც გურჯიევმა საკუთარ ახსნა-განმარტებებს მისცა. გურჯიევის სიტყვები, გარდა ჩვეულებრივი მნიშვნელობისა, უდავოდ შეიცავდა სხვა, სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობას. უკვე დავიწყე იმის გააზრება, რომ გურჯიევის სიტყვებში ფარული მნიშვნელობის გაგებამდე, მისი საუბარი ჩვეულებრივი და მარტივი კუთხით უნდა აღმექვა. გურჯიევის სიტყვები ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო მათი ჩვეულებრივი გაგებით, თუმცა, ამით მთელი მნიშვნელობა არ ჩანდა. უფრო ფართო თუ ღრმა მნიშვნელობა ჩემთვის დაფარული დარჩა დიდი ხანის განმვლობაში.
აქ არის კიდევ ერთი საუბარი, რომელიც მეხსიერებაში ჩამრჩა.
გურჯიევს ვკითხე, რა უნდა გაეკეთებინა ადამიანს სწავლების შეთვისების მიზნით.
- რა უნდა გააკეთოს? - შემომიბრუნა კითხვა აშკარად გაკვირვებულმა, - შეუძლებელია რაიმეს კეთება. უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა გარკვეული საკითხები უნდა გაიგოს. მას ათასობით ცრუ წარმოდგენა აქვს და ასეთი წარმოდგენები უმეტესად საკუთარ თავს ეხება. ცრუ წარმოდგენები იქამდე უნდა მოშოროს, სანამ რაიმე ახალს შეიძენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ახალი რამ არასწორ საფუძველზე აშენდება და შედეგი წინანდელზე უარესი იქნება.
- როგორ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ ცრუ წარმოდგენებს? - ვკითხე მას, - ჩვენ აღქმის ფორმებზე ვართ დამოკიდებულნი. ცრუ იდეები ჩვენი აღქმის ფორმებით წარმოიქმნება.
გურჯიევმა თავი გააქნია.
- აი ისევ, შენ რაღაც სხვა თემაზე ლაპარაკობ, - მითხრა მან, - შენ წარმოსახვიდან წარმოქმნილ შეცდომებზე საუბრობ, მაგრამ მე ამაზე არ გეუბნები. წარმოსახვითი აღქმის ფარგლებში ადამიანს შეუძლია, რომ მეტად ან ნაკლებად შეცდეს. ადამიანის მთავარი ბოდვა და მისი ყველაზე დიდი ილუზია არის რწმენა იმისა, რომ მას შეუძლია რაღაც აკეთოს. ყველა ადამიანი ფიქრობს, რომ კეთება შეუძლია, ყველას სურს რაღაცის გაკეთება და პირველივე კითხვა, რომელსაც ისინი სვამენ, არის "რა უნდა გავაკეთო?" მაგრამ სინამდვილეში, არავინ არაფერს აკეთებს, რადგან არავის შეუძლია რაიმეს კეთება. ეს არის პირველი, რაც უნდა გაიგო. ყველაფერი უბრალოდ ხდება. ყველაფერი, რაც ადამიანს ემართება, ყველაფერი, რასაც ადამიანი სჩადის, ეს ყველაფერი უბრალოდ ხდება და ხდება ზუსტად ისევე, როგორც წვიმის შედეგად იცვლება ტემპერატურა ან ღრუბლები, როგორც თოვლი დნება მზის სხივების ქვეშ, როგორც მტვერი იხვეტება ქარბუქის მიერ.
ადამიანი არის მანქანა. ყველა მისი აზრი, ქმედება, სიტყვა, რწმენა, ჩვევა და შეგრძნება გარეგანი გავლენებისა და შთაბეჭდილებების შედეგია. საკუთარი თავის მიღმა ადამიანს არ შეუძლია წარმოქმნას არც ერთი აზრი, არც ერთი ქმედება. ყველაფერი, რასაც იგი ფიქრობს, გრძნობს ან აკეთებს, თავისთავად ხდება. ადამიანი ვერაფერს აღმოაჩენს, ვერაფერს გამოიგონებს. ეს ყველაფერი ხდება.
მაგრამ არავინ დაგიჯერებს, თუ იტყვი, რომ არავის არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ეს ყველაზე შეურაცხმყოფელი და ყველაზე უსიამოვნო ფაქტია, რისი თქმაც ხალხისთვის შეგიძლია. იმიტომ არის ძალზედ უსიამოვნო, რომ ჭეშმარიტებაა, და არავის უნდა ჭეშმარიტების ცოდნა.
როდესაც ამას გაიგებ, ჩვენს შორის საუბარი უფრო ადვილი გახდება. მაგრამ, ერთია გონებით გაგება და მეორეა მთლიანად, ყველა უჯრედით ამის შეგრძნება, რათა ყოველთვის გახსოვდეს და არასოდეს დაივიწყო ეს ჭეშმარიტება.
კეთების მოცემულ საკითხთან სხვა საკითხებიც არის დაკავშირებული. ადამიანებს ყოველთვის ეჩვენებათ, რომ სხვები ყველაფერს არასწორად აკეთებენ და არა ისე, როგორც უნდა გაკეთდეს. ყველა ყოველთვის ფიქრობს, რომ თავად უკეთესად შეეძლო ამის გაკეთება. მათ არ ესმით და არც უნდათ გაიგონ, ის, რაც ერთი გზით კეთდება, შეუძლებელია სხვა გზით გაკეთდეს. შეგიმჩნევია, რომ ახლა ყველა ომზე საუბრობს? ყველას აქვს საკუთარი გეგმა, საკუთარი თეორია. ყველა ამბობს, რომ არაფერი კეთდება ისე, როგორც უნდა გაკეთდეს. სინამდვილეში ყველაფერი ისე კეთდება, როგორც უნდა გაკეთდეს. თუ ერთი რამ შესაძლებელია განსხვავებულად გაკეთდეს, მაშინ ყველაფერი დანარჩენიც განსხვავებულად იქნება გაკეთებული და შედეგად, ომიც აღარ იქნება.
შეეცადე გაიგო, რას ვამბობ. ყველაფერი ყველაფერზეა დამოკიდებული. ყველაფერი დაკავშირებულია, არაფერია ცალკე მდგომი, განცალკევებული. ამიტომ, ყველაფერი იმ გზით მიდის, როგორც უნდა წავიდეს. ადამიანები რომ განსხვავებულნი იყვნენ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ისინი ისეთები არიან, როგორებიც არიან, ამიტომ, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.
გავიჭედე. ამის გადახარშვა ძალიან რთული აღმოჩნდა.
- როგორ, არაფერი არსებობს? აბსოლუტურად არაფერი, რისი გაკეთებაც შესაძლებელია? - ვკითხე გურჯიევს.
- აბსოლუტურად არაფერი. - მიპასუხა მან.
- და ვერავინ ვერაფერს გააკეთებს?
- ეს სხვა საკითხია. იმისათვის, რომ რაღაც აკეთო, აუცილებელია იყო. თანაც, აუცილებელია ჯერ ის გავიგოთ, რას ნიშნავს, რომ იყო. თუ ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ საუბარს, დაინახავ, რომ სპეციალურ ენას ვიყენებთ, რომელიც ჩვენთან სასაუბროდ აუცილებელია და ამ ენის სწავლაა საჭირო. ჩვეულებრივ ენაზე საუბარი არ ღირს, რადგან ამ ენაზე შეუძლებელია ერთმანეთის გაგება. თანაც, შენთვის ამ ტერმინებით საუბარი უცნაურად ჟღერს. ერთმანეთის გასაგებად სხვა ენის შესწავლაა აუცილებელი. იმ ენაზე, რომლითაც ხალხი ერთმანეთთან საუბრობს, ერთმანეთის არ ესმით. მოგვიანებით ნახავ, რატომ არის ასე.
ადამიანმა სიმართლის თქმა უნდა ისწავლოს. ესეც უცნაურად გეჩვენება. შენ ვერ ხვდები, რომ სიმართლის თქმის სწავლაა საჭირო. შენ გეჩვენება, რომ ამისთვის სურვილი ან გადაწყვეტილებაც საკმარისია. მე გეუბნები, რომ ადამიანები იშვიათად ამბობენ განზრახ ტყუილს, რადგან უმეტეს შემთხვევაში ფიქრობენ, რომ სიმართლეს ლაპარაკობენ. და მაინც, ისინი ნებისმიერ მომენტში იტყუებიან, მაშინაც, როდესაც ტყუილს ამბობენ და მაშინაც, როცა მათი ჭუით სიმართლეს ღაღადებენ. ისინი იტყუებიან როგორც სხვებთან, ასევე საკუთარ თავთან მიმართებაშიც. ამ მიზეზით, არავის ესმის არც საკუთარი თავი და არც ვინმე სხვა. დაფიქრდი, როდესაც ამხელა სიცრუე, უთანხმოება, ღრმა გაუგებრობა და სიძულვილი არსებობს სხვების მოსაზრებებისა და შეხედულებების მიმართ, შესაძლებელია ერთმანეთის გაგება? მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან, რადგან ტყუილის გარდა არაფრის თქმა არ შეუძლიათ. სიმართლის თქმა ყველაზე რთული რამაა მსოფლიოში. სიმართლის თქმის სასწავლად ბევრი სწავლა და დიდი დროა საჭირო. მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. სიმართლის სათქმელად, პირველ რიგში უნდა იცოდე, რა არის სიმართლე და რა არის ტყუილი საკუთარ თავში. ამის ცოდნა არავის უნდა.
გურჯიევთან საუბარმა და მისმა მოულოდნელმა გადახვევებმა, რომელსაც საუბრის დროს იყენებდა, ძალიან დამაინტერესა და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ინტერესს იწვევდა ჩემში. მაგრამ პეტერბურგში აუცილებლად უნდა წავსულიყავი.
პეტერბურგში დაბრუნებამდე მასთან გამართული ბოლო საუბარი მახსოვს.
გურჯიევს მადლობა გადავუხადე ჩემს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის და ახსნა-განმარტებებისთვის, რომელმაც ამ მოკლე დროის მანძილზე ჩემთვის ბევრი რამ შეცვალა.
- მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფაქტები, - ვუთხარი მე, - რომ შემეძლოს, ცხადად დავინახო ახალი და უცნობი საკითხების მახასიათებლები, მხოლოდ ისინი დამარწმუნებდნენ, რომ სწორ გზაზე ვდგავარ.
ისევ და ისევ, "სასწაულზე" მეფიქრებოდა.
- ფაქტები იქნება, - მითხრა გურჯიევმა, - ამას გპირდები. მაგრამ თავდაპირველად ბევრი სხვა რამ არის საჭირო.
მისი ბოლო სიტყვები მაშინ ვერ გავიგე; მხოლოდ მოგვიანებით გახდა ჩემთვის ცნობილი, როდესაც "ფაქტების" წინაშე აღმოვჩნდი და დავრწმუნდი, რომ გურჯიევი საკუთარ სიტყვებს ასრულებდა. მაგრამ ეს ყველაფერი წელიწად ნახევრის შემდეგ, 1916 წლის აგვისტოში მოხდა.
მოსკოვში გამართული ბოლო საუბრიდან ჩემს მეხსიერებაში კიდევ ერთი მონაკვეთი დარჩა, რომლის დროსაც გურჯიევმა ისეთი რაღაცები ახსენა, რაც ასევე მომავალში გახდა ჩემთვის გასაგები.
იგი საუბრობდა მამაკაცზე, რომელსაც მასთან ერთად შევხვდი და მასთან ერთად სხვა ადამიანებთან მის ურთიერთობებზეც ლაპარაკობდა.
- ის სუსტი კაცია, - თქვა გურჯიევმა, - ხალხი მისგან სარგებლობს. რა თქმა უნდა, გაუცნობიერებლად. ეს ყვლაფერი იმიტომ ხდება, რომ კაცი სხვებს ითვალისწინებს. იგი რომ მათ არ ითვალისწინებდეს, ყველაფერი განსხვავებულად იქნებოდა და სხვებიც განსხვავებულად მოიქცეოდნენ.
უცნაური მეჩვენა, რომ ადამიანმა სხვები არ უნდა გაითვალისწინოს.
- რას გულისხმობთ სიტყვა "გათვალისწინებაში?" - ჩავეკითხე მე, - ერთდროულად მესმის კიდეც თქვენი და თან არც მესმის. ამ სიტყვას ბევრი განსხვავებული მნიშვნელობა აქვს.
- სინამდვილეში პირიქითაა, - მიპასუხა გურჯიევმა, - ამ სიტყვაში მხოლოდ ერთი აზრი დევს. ეცადე ამაზე დაფიქრდე.
მოგვიანებით გავიგე, რას უწოდებდა გურჯიევი "გათვალისწინებას", რამდენად დიდი ადგილი ეჭირა მას ადამიანის ცხოვრებაში და რამდენი რაღაცს წარმოქმნაში ღებულობდა მონაწილეობას. გურჯიევი "გათვალისწინებას" ეძახდა დამოკიდებულებას, რომელიც შინაგან მონობას, ანუ შინაგან დამოკიდებულებას ქმნის. ჩვენ შემდგომში მოგვეცა საშუალება ბევრი გვესაუბრა ამ საკითხის შესახებ.
მახსოვს კიდევ ერთი საუბარი ომის შესახებ. ტვერსკაიაზე, ფილიპოვის კაფეში ვისხედით. კაფე ხალხით და ხმაურით იყო სავსე. ომმა ძალიან უსიამოვნო, მხურვალე ატმოსფერო შექმნა. კაფეში წასვლაზე უარიც ვთქვი, მაგრამ გურჯიევი დაჟინებით მოითხოვდა ამ კაფეში შეხვედრას და როგორც ყოველთვის, მასთან გზა დავთმე. ამ დროისათვის უკვე მივხვდი, რომ იგი ხანდახან მიზანმიმართულად არჩევდა რთულ პირობებს საუბრისათვის, თითქოს დამატებით ძალისხმევას მოითხოვდა ჩემი მხრიდან, რადგან მასთან საუბრის მიზნით უსიამოვნო და ხმაურიან გარემოს უნდა შევგუებოდი.
მაგრამ ამჯერად შედეგი განსაკუთრებით ბრწყინვალე არ გამოდგა, რადგან გადამეტებული ხმაურის გამო მისი საუბრის ყველაზე მნიშვნელოვანმა ნაწილმა ჩემამდე ვერ მოაღწია. თავიდან მივხვდი, რაზეც გურჯიევი საუბრობდა. მაგრამ საუბრის ძაფი თანდათან ხელიდან გამისხლტა. რამდენჯერმე ვცადე გავყოლოდი მის ნათქვამს, რომელთაგან ჩემამდე მხოლოდ ცალკეული სიტყვები აღწევდა. ბოლოს უარი ვთქვი მოსმენაზე და უბრალოდ ვაკვირდებოდი, როგორ ლაპარაკობდა.
საუბარი დაიწყო ჩემი შეკითხვით:
- შესაძლებელია, რომ ომი შეჩერდეს?
- დიახ, შესაძლებელია. - წინა საუბრებიდან გამომდინარე, რატომღაც ველოდი, რომ გურჯიევი მიპასუხებდა, "ომის შეჩერება შეუძლებელიაო". - მაგრამ, მთელი საქმე იმაში მდგომარეობს, როგორ შეჩერდეს? - განაგრძო მან, - ამის გასაგებად ბევრი რამის ცოდნაა საჭირო. რა არის ომი? ეს არის პლანეტარული გავლენების შედეგი. სადღაც ზემოთ, ორი ან სამი პლანეტა ძალიან მიუახლვდა ერთმანეთს და დაძაბულობა წარმოიქმნა. ამჩნევ თუ არა, როდესაც მამაკაცი ტროტუარზე გიახლოვდება, უფრო და უფრო დაძაბული ხდები. იგივე დაძაბულობა ხდება პლანეტებს შორისაც. მათთვის ეს ალბათ, ერთ-ორი წამი გრძელდება, მაგრამ დედამიწაზე ამის გამო ხალხი ერთმანეთს ხოცავს და ასეთი ხოცვა-ჟლეტა შესაძლოა რამდენიმე წელიწადს გაგრძელდეს. ასეთ დროს მათ ეჩვენებათ, რომ ერთმანეთი სძულთ ან შესაძლოა ერთმანეთის დახოცვა რაიმე "ამაღლებული მიზნის" გამო ისურვონ. შეიძლება ვიღაცის ან რაღაცის დაცვა უნდათ და მათთვის ეს ძალიან კეთილშობილური საქმეა. ისინი ვერ აცნობიერებენ, თუ რამდენად უმნიშვნელო პაიკები არიან თამაშში. ადამიანები ფიქრობენ, რომ რაღაცას წარმოადგენენ, რომ თავიანთი სურვილისამებრ შეუძლიათ გადაადგილება. მათ ჰგონიათ, რომ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება ძალუძთ. მაგრამ სინამდვილეში ყველა მათი მოძრაობა, ყველა მათი ქმედება პლანეტარული გავლენების შედეგია. ისინი დამოუკიდებლად არაფერს აკეთებენ. ამაში უდიდეს როლს მთვარე თამაშობს. მაგრამ მთვარეზე ცალკე ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე უნდა გაიგო, რომ არც იმპერატორები, არც გენერლები ან დანარჩენები არაფერს აკეთებენ პლანეტარული გავლენების გარეშე. მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ყველაფერი, რაც დიდი მასშტაბით ხდება, გარედან რეგულირდება და ზოგადი კოსმიური კანონების კომბინაციური გავლენების შედეგად იმართება.
სულ ეს იყო რაც გავიგე. მოგვიანებით მივხვდი, რისი თქმაც სურდა, - შესაძლებელია, რომ შემთხვევითი გავლენები გადავიტანოთ ან გარდავქმნათ რაღაც ისეთში, რაც შედარებით უვნებელი იქნება. ეს მართლაც საინტერესო იდეა იყო, რომელიც ეზოთერული "მსხვერპლის გაღების" იდეასთან გახლდათ კავშირში. ყოველ შემთხვევაში, ამჟამად ამ იდეას მხოლოდ ისტორიული და ფსიქოლოგიური ღირებულება გააჩნია. მისი საუბრისას ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გამომეპარა და საუბრის რეკონსტრუქციის აღდგენამდე ერთბაშად არც კი შემიმჩნევია, როდესაც მან ხაზი გაუსვა ადამიანური და პლანეტარული დროის მსვლელობის სხვაობას.
მაშინაც კი, როდესაც ეს გამახსენდა, დიდი ხნის განმავლობაში იდეის სრულ მნიშვნელობას ვერ მივხვდი. მოგვიანებით, ამ იდეაზე ძალიან ბევრი რამ გახდა დამოკიდებული.
ძალიან გამაოგნა გურჯიევის საუბრებმა, როდესაც მან მზეზე, პლანეტებზე და მთვარეზე წამოიწყო ლაპარაკი. არ მახსოვს როგორ დაიწყო ეს საუბარი, მაგრამ მახსოვს, რომ გურჯიევმა პატარა დიაგრამა დახატა და მისი მეშვეობით ეცადა ჩემთის აეხსნა ის, რასაც მან "სხვადასხვა სამყაროებში ძალაუფლებათა კორელაცია" უწოდა. საკითხი წინა საუბართან იყო კავშირში, სადაც გურჯიევი კაცობრიობაზე მოქმედ პლანეტარულ გავლენებზე საუბრობდა. იდეა დაახლოებით ასეთი იყო: კაცობრიობა, ან უფრო სწორად, დედამიწაზე არსებული ორგანული სიცოცხლე ერთდროულად სხვადასხვა წყაროდან და სხვადასხვა სამყაროდან იღებდა მოქმედ გავლენებს. გავლენები მომდინარეობდა პლანეტებიდან, მზიდან, მთვარიდან, ვარსკვლავებიდან... ყველა ეს გავლენა ერთდროულად მოქმედებდა. ერთ მომენტში ერთი გავლენა ჭარბობდა, მეორე მომენტში მეორე. ამ გავლენების ქვეშ ადამიანისთვის არსებობდა არჩევანის გაკეთების გარკვეული შესაძლებლობა, ანუ სხვა სიტყვებით, ერთი გავლენიდან მეორეზე გადასვლა იყო შესაძლებელი.
- ამის ასახსნელად ძალიან ხანგრძლივი საუბარია საჭირო, - თქვა გურჯიევმა, - ასე რომ, ამ თემაზე სხვა დროს ვისაუბრებთ. ამ მომენტში მინდა, რომ ერთი რამ გაიგო: შეუძლებელია ერთი გავლენისგან განთავისუფლება, მეორე გავლენის ქვეშ მოქცევის გარეშე. საკუთარ თავთან არსებული მთელი სამუშაო მდგომარეობს გავლენის არჩევაზე, რომლის მიმართაც გსურს მორჩილება და შენ რეალურად მოექცევი ამ გავლენის ქვეშ. ამისთვის აუცილებელია წინასწარ იცოდე, რომელი გავლენაა უფრო მომგებიანი.
ამ საუბარში ყველაზე მეტად იმან დამაინტერესა, რომ გურჯიევი მთვარეზე და დანარჩენ პლანეტებზე ისე საუბრობდა, როგორც ცოცხალ არსებებზე, რომელთაც გარკვეული ასაკი, ცხოვრების გარკვეული პერიოდი, განვითარების შესაძლებლობა და ყოფიერების სხვა საფეხურებზე გადასვლის შანსი გააჩნდათ. მისი ნათქვამიდან ჩანდა, რომ მთვარე არ იყო "მკვდარი პლანეტა", როგორც ჩვეულებრივ არის მიღებული, არამედ ის იყო "ახლად დაბადებული", განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი პლანეტა, რომელმაც მიუხედავად საწყისი ეტაპისა, მისი სიტყვებით "დედამიწის ფლობის ინტელექტის ხარისხს" მიაღწია.
- მთვარე იზრდება და ვითარდება, - თქვა გურჯიევმა, - შესაძლოა მან დედამიწის დონეს მიაღწიოს. შემდეგ, მის მახლობლად ახალი მთვარე გამოჩნდება და დედამიწა მათი მზე გახდება. ერთ დროს მზეც ჰგავდა დედამიწას და მთვარეს.
ამან ერთბაშად მიიპყრო ჩემი ყურადღება. არაფერი მეჩვენებოდა უფრო ხელოვნურად, არასანდოდ და დოგმატურად, როგორც არსებული თეორიები პლანეტების წარმოშობის შესახებ. დაწყებული კანტ-ლაპლასის თეორიით, დამთავრებული უახლეს თეორიებამდე. "საზოგადოება" ამ თეორიებს ერთმნიშვნელოვნად ზუსტად, მეცნიერულად და დადასტურებულად თვლიდა. მაგრამ სინამდვილეში, ცხადია არსებობს ნაკლებად მეცნიერული და ნაკლებად დადასტურებული თეორიებიც. გურჯიევის სისტემა სრულიად განსხვავებულ თეორიას გვთავაზობდა, რომელიც ორგანულ თეორიას ეფუძნებოდა და ახალ პრინციპებს წარმოშობდა, რომელიც განსხვავებულ, უნივერსალურ წესრიგს წარმოაჩენდა. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
- რა მიმართებაში იმყოფება დედამიწის ინტელექტი მზის ინტელექტთან? - ვკითხე გურჯიევს.
- მზის ინტელექტი ღვთაებრივია, - თქვა მან, - მაგრამ, დედამიწა შესაძლოა იგივე გახდეს. თუმცა, ეს არ არის გარანტირებული, რადგან შესაძლებელია დედამიწა დაიღუპოს, თუ ვერაფერს მიაღწევს.
- ეს რაზეა დამოკიდებული?
ძალიან ბუნდოვანი პასუხი მივიღე.
- არსებობს გარკვეული პერიოდი კონკრეტული საქმის შესასრულებლად. თუ ამ დროის შუალედში მოცემული საქმე არ აღსრულდება, დედამიწა დაიღუპება იმის მიღწევის გარეშე, რისი მიღწევაც შეეძლო.
- ეს პერიოდი ჩვენთვის ცნობილია?
- დიახ, ცნობილია. მაგრამ თუ ადამიანს ეს ეცოდინება, ამით ვერანაირ უპირატესობას ვერ მიიღებს. პირიქით, ეს უარესიც კი იქნება. ზოგი დაიჯერებს, ზოგი არ დაიჯერებს, ზოგიც მტკიცებულებას მოითხოვს. ამის შემდეგ, ისინი ერთმანეთის ხოცვას დაწყებენ. ადამიანებთან ყველაფერი ამგვარად სრულდება.
ამის პარალელურად, მოსკვოში ხელოვნების შესახებ რამდენიმე საინტერესო საუბარიც გვქონდა. ისინი იმ ამბავს უკავშირდებოდნენ, რომელიც მასთან პირველად შეხვედრისას წამიკითხეს.
- ამჟამად შენთვის ეს გაუგებარია, - მითხრა გურჯიევმა, - ადამიანები, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ, შესაძლოა ძალიან განსხვავებულ დონეებს ეკუთვნოდნენ, თუმცა გარეგნულად ერთმანეთის მსგავსად და ძალიან ჩვეულებრივად გამოიყურებიან. ისევე, როგორც ადამიანებში არსებობს სხვადასხვა დონე, ხელოვნებაშიც არსებობს სხვადასხვა საფეხური. ახლა ვერ ხვდები, რომ ამ დონეებს შორის განსხვავება იმაზე დიდია, ვიდრე წარმოგიდგენია. სხვადასხვა საგნებს ერთ დონეზე იღებ, ერთმანეთთან ძალიან ახლოს და ფიქრობ, რომ განსხვავებული დონე შენთვის ხელმისაწვდომია.
მე არ ვუწოდებ ხელოვნებას ყველაფერს, რასაც შენ ეძახი ხელოვნებას, რადგან იგი უბრალო მექანიკური პროდუქტია, ბუნების ან სხვა ადამიანის იმიტაცია, ფანტაზია ან ორიგინალურობის მცდელობა. ნამდვილი ხელოვნება სულ სხვა რამაა. ხელოვნების ნიმუშებს შორის და განსაკუთრებით ანტიკური ხელოვნების ნიმუშებს შორის, ბევრ ისეთ რამეს შეხვდები, რასაც ვერ ახსნი და რასაც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები არ შეიცავენ. ვინაიდან ამ განსხვავებას ვერ შეამჩნევ, მის არსებობასაც დაივიწყებ და ისევ გააგრძელებ ყველაფრის ერთ დონეზე აღქმას. უზარმაზარი განსხვავება არსებობს შენთვის ცნობილ ხელოვნებასა და იმ ხელოვნებას შორის, რომელზეც მე ვსაუბრობ. შენს ხელოვნებაში ყველაფერი სუბიექტურია - ხელოვანის მიერ ამა თუ იმ შეგრძნების აღქმა. ერთსა და იმავე ფენომენში ერთმა ხელოვანმა შეიძლება იგრძნოს ერთი რამ, ხოლო სხვამ მეორე. მზის ჩასვლამ ერთ ხელოვანში შეიძლება გამოიწვიოს სიხარულის განცდა, სხვა ხელოვანში კი სევდა. ორი ხელოვანი შეიძლება ცდილობდეს გამოხატოს ზუსტად ერთი და იგივე აღქმა სრულიად განსხვავებული მეთოდებით, სხვადასხვა ფორმით, ან სრულიად განსხვავებული აღქმის გამოხატვას ერთსა და იმავე ფორმაში - იმის მიხედვით, თუ როგორ ასწავლიდნენ მათ, ან ამის საწინააღმდეგოდ. მაყურებელი, მსმენელი ან მკითხველი აღიქვამს არა იმას, რისი გადმოცემაც მხატვარს სურდა, არამედ საკუთარი შეგრძნებებისა და ასოციაციების მიხედვით. ყველაფერი სუბიექტურია და ყველაფერი შემთხვევითია, ანუ შემთხვევით ასოციაციებზე დაფუძნებული. ერთნაირად სუბიექტურია როგორც მხატვრის შთაბეჭდილება და მისი "შემოქმედება", ასევე მაყურებლის, მსმენელის ან მკითხველის აღქმა.
ნამდვილ ხელოვნებაში არაფერია შემთხვევითი. ასეთი ხელოვნება მათემატიკაა. მასში ყველაფერი გათვლილია, ყველაფერი წინასწარ შეიძლება იყოს ცნობილი; ხელოვანმა იცის და ესმის რისი გადმოცემას სურს, ამიტომ, მისი ნამუშევარი ერთ ადამიანზე ერთ შთაბეჭდილებას არ მოახდენს, ხოლო მეორეზე განსხვავებულს. რა თქმა უნდა, აქ ადამიანების საფეხურს ვგულიხმობ, რომლებიც ერთ დონეზე იმყოფებიან. ასეთი ხელოვნება ყოველთვის მათემატიკური დაწმუნებულობით იქმნება და ასეთი დარწმუნებულობა ყოველთვის ქმნის ერთსა და იმავე შთაბეჭდილებას.
ამავდროულად, ხელოვნების ერთი და იგივე ნაწარმოები სხვადასხვა შთაბეჭდილებას მოახდენს სხვადასხვა დონის ადამიანზე. დაბალი დონის ადამიანები არასოდეს მიიღებენ ხელოვნებისგან იმას, რასაც უმაღლესი დონის ადამიანები იღებენ. ეს არის რეალური, ობიექტური ხელოვნება. წარმოიდგინე რაიმე სამეცნიერო ნაშრომი, წიგნი ასტრონომიის ან ქიმიის შესახებ. შეუძლებელია, რომ ერთმა ერთი კუთხით გაიგოს და მეორემ მისგან განსხვავებულად. ყველა, ვინც საკმარისად არის მომზადებული, მიხვდება რას გულისხმობს ავტორი, ზუსტად ისევე, როგორც ამას იმ მომენტში ავტორი გულისხმობს. ობიექტური ხელოვნების ნიმუში სწორედ ასეთი წიგნია, რომელიც ადამიანის ინტელექტუალური მხარის გარდა მასზე ემოციურ გავლენასაც ახდენს.
- არსებობს თუ არა ობიექტური ხელოვნების ასეთი ნიმუშები დღევანდელ დროში? - ვკითხე გურჯიევს.
- რა თქმა უნდა ისინი არსებობენ, - მიპასუხა მან, - ეგვიპტეში სფინქსის დიდებული ქანდაკება ასეთი ხელოვნების მაგალითია, ისევე როგორც ისტორიულად ცნობილი ზოგი არქიტექტურული ნამუშევრები, ღმერთების ქანდაკებები და ასე შემდეგ. არსებობს ღმერთებისა და სხვადასხვა მითოლოგიური არსებების ფიგურები, რომელთა დანახვაც გაკრვეული წიგნების მსგავსად არა მხოლოდ გონებით არის შესაძლებელი, არამედ ემოციითაც, მხოლოდ იმ პირობით, რომ ემოციები საკმარისად განვითარებულნი არიან. ცენტრალურ აზიაში ჩვენი მოგზაურობის დროს აღმოვაჩინეთ უდაბნო ინდუკუშის ძირში უცნაური ფიგურა აღმოვაჩინეთ, რომელიც თავიდან უძველესი ღმერთის ან ეშმაკის ფიგურა გვეგონა. თავიდან იგი ძალიან უბრალო გვეგონა და ჩვენში ცნობისმოყვარეობას აღძრავდა, მაგრამ მოგვიანებით იმის შემჩნევა დავიწყეთ, რომ ფიგურაში კოსმოლოგიის დიდი და კომპლექსური სისტემა იყო წარმოდგენილი. შემდგომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ ამ სისტემის გაშიფვრა. სისტემა ვლინდებოდა ფიგურის სხეულში, ფეხებში, მკლავებში, თავში, თვალებში, ყურებში, ყველგან. მთელს ქანდაკებაში არაფერი იყო შემთხვევითი ან უაზრო. თანდათან მივხვდით იმ ადამიანების მიზნებს, რომელთაც ეს ქანდაკება შექმნეს. ჩვენ დავიწყეთ მათი აზრების, მათი გრძნობების შეგრძნება. ზოგჯერ გვეგონა, რომ მათ სახეებს ვხედავდით და მათი ხმები გვესმოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვხვდებოდით იმის მნიშვნელობას, თუ რისი გადმოცემა სურდათ ჩვენთვის ათასობით წლის წინ და აქ იყო არა მხოლოდ მნიშვნელობა, არამედ მასთან დაკავშირებული ყველა გრძნობა და ემოციაც. აი, რა იყო ნამდვილი ხელოვნება!
ძალიან დამაინტერესა გურჯიევის საუბარმა ხელოვნების შესახებ. მისი დაყოფის პრინციპებმა ხელოვნების სუბიექტური და ობიექტური სახეების შესახებ ბევრი რამ მითხრა. მაგრამ, მაინც ვერ გავიგე ყველაფერი, რაც მან სიტყვიერად გადმომცა. ხელოვნებაში ყოველთვის ვგრძნობდი გარკვეულ დაყოფას და გრადაციას, რომელსაც ვერ ვსაზღვრავდი და ვერ ვაყალიბებდი. თანაც, ასეთი სხვაობა არავის ჩამოუყალიბებია. თუმცა, ვიცოდი, რომ ასეთი დაყოფა და გრადაციები არსებობდა. ხელოვნება, ამ დანაყოფებისა და გრადაციების ამოცნობის გარეშე ცარიელად და უსარგებლოდ მეჩვენებოდა. გურჯიევის მითითებებში, სადაც იმ დონეებზე იყო საუბარი, რომელთაც ვერ ვხედავთ და ვერ ვხვდებით, ვიგრძენი მიდგომა გრადაციების მიმართ, რომელსაც აქამდეც ვგრძნობდი, მაგრამ მის განსაზღვრას ვერ ვახერხებდი.
ზოგადად, გურჯიევის ნათქვამიდან ბევრმა საკითხმა გამაოგნა. მათ შორის იყო იდეები, რომელსაც ვერ ვღებულობდი; ისინი ფანტასტიკურად და უსაფუძვლოდ მეჩვენებოდა. იყო ასევე სხვა საკითხებიც, რომლებიც უცნაურად ემთხვეოდა საკუთარ ნააზრევს, რაც დიდი ხნის წინ მქონდა ჩამოყალიბებული. ყველაზე მეტად ის მაინტერესებდა, თუ რა კავშირი ჰქონდა ამ ყველაფერს ერთმანეთთან, რაც მან მთლიანად მითხრა. უკვე ვგრძნობდი, რომ მისი იდეები ერთმანეთისგან არ იყო მოწყვეტილი, როგორც დანარჩენ ფილოსოფიურ და მეცნიერულ იდეებთან გვხვდება ხოლმე; მის ნათქვამში იყო რაღაც ერთობა, რომელსაც ჯერ კიდევ დანაწევრებულად აღვიქვამდი.
სწორედ ამაზე ვფიქრობდი ღამის მატარებელში, მოსკოვიდან პეტერბურგისკენ მიმავალ გზაზე. ჩემს თავს ვკითხე, ნუთუ მართლა ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი? ნუთუ მართლა იცოდა გურჯიევმა მეთოდები, საიდანაც სიტყვებიდან უშუალო ფაქტებზე გადასვლა შეეძლო? ჯერ კიდევ არაფერში ვიყავი დარწმუნებული და დაზუსტებით ვერც ვერაფერს ვაყალიბებდი. მაგრამ შინაგანი რწმენა მქონდა, რომ ჩემთვის რაღაც უკვე შეიცვალა და ახლა ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა.