თავი მეცამეტე
შინაგანი მუშაობის ინტენსივობა. მზადება "ფაქტებისთვის". ვიზიტი ფინეთში. "სასწაული" იწყება. მენტალური "საუბრები" გურჯიევთან. "შენ არ გძინავს". "მძინარე ადამიანების" დანახვა. ჩვეულებრივი საშუალებებით უფრო მაღალი ფენომენების გამოკვლევის შეუძლებლობა. შეცვლილი შეხედულება "მოქმედების მეთოდებთან" დაკავშირებით. "მთავარი თვისება". გურჯიევი ადამიანების "მთავარ თვისებას" განსაზღვრავს. ჯგუფის რეორგანიზაცია. ისინი, ვინც სამუშაოს ტოვებენ. ორ სკამს შორის ჯდომა. დაბრუნების სირთულე. გურჯიევის ბინა. დუმილის რეაქციები. "ტყუილის დანახვა". დემონსტრაცია. როგორ გავიღვიძოთ? როგორ შევქმნათ საჭირო ემოციური მდგომარეობა? სამი გზა. მსხვერპლის აუცილებლობა. "საკუთარი ტანჯვის მსხვერპლად გაღება". წყალბადების გაფართოებული ცხრილი. "მოძრავი დიაგრამა". ახალი აღმოჩენა. "ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს".
1916 წლის ზაფხულის შუა რიცხვები, ჯგუფის ყოველი წევრის მეხსიერებაში დარჩა, როგორც ძალიან დიდი შინაგანი ინტენსივობის ეტაპი ჩვენს საქმიანობაში. ყველანი ვგრძნობდით, რომ უნდა გვეჩქარა. ვგრძნობდით, რომ უსაზღვრო ამოცანასთან შედარებით ძალიან ცოტას ვაკეთებდით საკუთარი თავის შეცნობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხვდებოდით, რომ უფრო მეტის ცოდნის შანსი შესაძლოა ისევე მოულოდნელად გამქრალიყო, როგორი მოულოდნელობითაც იგი ჩვენამდე მოვიდა. ვცდილობდით, რომ საკუთარ თავზე მუშაობის ზეწოლა გაგვეზარდა და ყველაფერი გაგვეკეთებინა, სანამ ხელსაყრელ პირობებში ვიმყოფებოდით.
გარკვეული გამოცდილების გამოყენებით, რომლებიც ადრე შევიძინე, მე დავიწყე ექსპერიმენტების და სავარჯიშოების სერია. მოკლე პერიოდით, მაგრამ ძალიან დიდი ინტენსივობით, მარხვის სერიებს ვატარებდი. მე მათ "ინტენსიურს" ვუწოდებ, რადგან ჰიგიენური თვალსაზრისის გამოყენების ნაცვლად ვცდილობდი, რომ ორგანიზმისთვის მაქსიმალურად ძლიერი დარტყმები მიმეყენებინა. ამას გარდა, გარკვეული სისტემის მიხედვით "სუნთქვა" დავიწყე, რამაც მარხვასთან ერთად საინტერესო ფსიქოლოგიური შედეგები მომცა. ამაში შედიოდა "განმეორება" და "გონების ლოცვა", რომლებიც ადრე ძალიან დამეხმარნენ ჩემი ყურადღების კონცენტრირებაში და საკუთარი თავის დაკვირვებაში. ასევე, ყურადღების კონცენტრაციისთვის ვიყენებდი საკმაოდ რთული სახის მენტალურ ვარჯიშებს. მე არ აღვწერ ამ ექსპერიმენტებს და სავარჯიშოებს დეტალურად, რადგან ისინი, ბოლოს და ბოლოს ჩემი გზის შეგრძნების მცდელობებს ემსახურებოდნენ, როდესაც შესაძლებელი შედეგებისადმი ზუსტი ცოდნა არ მქონდა.
მაგრამ, ეს ყველაფერი, ჩვენს შეხვედრებთან და საუბრებთან ერთად, უჩვეულო დაძაბულობის მდგომარეობაში მამყოფებდა და დიდწილად მამზადებდა არაჩვეულებრივი გამოცდილებების სერიებისთვის, რომელიც 1916 წლის ზაფხულში შემემთხვა, რადგან გურჯიევმა სიტყვა შეასრულა და ფაქტების დანახვა დავიწყე. ამავდროულად დავინახე, რას გულისხმობდა გურჯიევი, რომ ნამდვილი ფაქტების დანახვამდე ბევრი რამ იყო აუცილებელი.
ეს "ბევრი რამ" შედგებოდა მომზადებისგან, გარკვეული იდეების გაგებისგან და გარკვეული მდგომარეობის ყოფიერებაში ყოფნისგან. მოცემული მდგომარეობა, რომელიც არსებითად ემოციურია, არის ის, რაც ჩვენ არ გვესმის. მის გარეშე ფაქტების დანახვა შეუძლებელია.
ახლა მივედი ყველაზე რთულ საკითხამდე, რადგან თავად ფაქტების აღწერის არანაირი გზა არ არსებობს.
რატომ?
ეს კითხვა საკუთარი თავისთვის ბევრჯერ დამისვამს. ამის შესახებ მხოლოდ იმ პასუხის გაცემა შემეძლო, რომ მათში ზედმეტად ბევრი პირადული იყო, რის გამოც ერთობლივად ყველას საკუთრება ვერ გახდებოდა. ვფიქრობდი, რომ არა მხოლოდ ჩემს შემთხვევაში იყო ასე, არამედ ყველა დანარჩენისთვისაც.
მახსოვს, როგორ მაღიზიანებდა ყოველთვის იმ ადამიანების მემუარები და ჩანაწერები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არაჩვეულებრივი გამოცდილებები გაიარეს, მაგრამ მათ აღწერაზე უარს ამბობდნენ. ისინი ამა თუ იმ ფორმით სასწაულებრივს ეძებდნენ და ეგონათ, რომ იპოვეს კიდეც. მაგრამ, მას შემდეგ, როდესაც ისინი სასწაულებრივს იპოვიდნენ, ყოველთვის ამბობდნენ: "მე ეს ვიპოვე, მაგრამ არ შემიძლია იმის აღწერა, რაც აღმოვაჩინე". - ეს მომენტი ყოველთვის ხელოვნურად და გამოგონებულად მეჩვენებოდა.
ახლა კი მეც ზუსტად იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მე ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი. დავინახე და დავაკვირდი ფაქტებს, რომლებიც მთლიანად გასცდა იმ სფეროს, რასაც ჩვენ შესაძლებლად, აღიარებულად ან დასაშვებად განვიხილავთ, მაგრამ მათზე ვერაფერს ვიტყვი.
ამ გამოცდილებების ძირითადი ნაწილი მათი შინაგანი მოტივი და ახალი ცოდნა იყო, რაც მას თან მოჰქონდა. მაგრამ, ამ გამოცდილებათა მხოლოდ გარეგნული მახასიათებლის აღწერაც კი მიახლოებით არის შესაძლებელი. როგორც უკვე ვთქვი, ჩემი მარხვის და სხვა ექსპერიმენტების შემდეგ, საკმაოდ აღელვებულ, ნერვულ და ფიზიკურად ნაკლებად სტაბილურ მდგომარეობაში ვიყავი. ფინეთში, ჯგუფის ერთ წევრთან, ე.ნ.მ-ს აგარაკზე ჩავედი, რომლის პეტერბურგის სახლშიც ხშირად ვმართავდით ლექციებს. აგარაკზე გურჯიევი და დაახლოებით რვა ჩვენი ჯგუფის წევრი იმყოფებოდა. შეღამებისას, საუბარი ჩვენი ცხოვრების ამბის მოყოლის მცდელობების შესახებ გაგრძელდა. გურჯიევი ძალიან უხეშად, მკაცრად და სარკასტულად გველაპარაკებოდა, ხან ერთი ჩვენგანის პროვოცირებას ცდილობდა, ხან მეორის. განსაკუთრებულად უსვამდა ხაზს ჩვენს შინაგან სიმხდალეს და ჩვენი აზროვნების სიზარმაცეს.
ჩემზე განსაკუთრებით იმან იმოქმედა, როდესაც გურჯიევმა ყველას თანდასწრებით დაიწყო ჩემი ნათქვამის გამეორება დოქტორ ს-სთან დაკავშირებით, რაც მხოლოდ გურჯიევს ვუთხარი, ისიც აბსოლუტური დარწმუნებულობით. ის, რაც მან თქვა, ჩემთვის ძალიან უსიამოვნო იყო, რადგან ყოველთვის ვგმობდი სხვებში ასეთ ლაპარაკს.
მგონი, დაახლოებით ათ საათზე მან ცალკე ოთახში დამიძახა მე, ასევე დაუძახა დოქტორ ს.-ს და ზ.-ს. "თურქულ ყაიდაზე" იატაკზე დავჯექით და გურჯიევმა ჩვენთვის გარკვეული მოძრაობების ახსნა და ჩვენება დაიწყო. მის ყველა მოძრაობაში სიზუსტე შევამჩნიე. მოძრაობები და პოზები თავისთავად არ წარმოადგენდა რაიმე სირთულეს, რადგან კარგად მომზადებულ სხეულს მათი განმეორება უპრობლემოდ შეეძლო. არასდროს მქონია რაიმე პრეტენზია სპორტსმენის როლზე, მაგრამ შევძელი, რომ გურჯიევის მოძრაობებისთვის მიმებაძა. გურჯიევმა განმარტა, რომ ტანმოვარჯიშე მოძრაობებს განსხვავებულად გააკეთებდა, რადგან განსხვავება იმაში იყო, რომ თავად იგი ამ მოძრაობებს მოდუნებული კუნთებით ასრულებდა.
ამის შემდეგ გურჯიევი კვლავ გადავიდა იმ თემაზე, თუ რატომ არ შეგვეძლო ჩვენი ცხოვრების ამბის მოყოლა.
სასწაული ამით დაიწყო.
სრული დარწმუნებულობით შემიძლია ვთქვა, რომ გურჯიევს არ გამოუყენებია არანაირი გარეგანი მეთოდი, ანუ მას ჩემთვის არ მოუცია რაიმე სახის ნარკოტიკი და არც რომელიმე ცნობილი მეთოდით დავუჰიპნოზებივარ.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გურჯიევის აზრების მოსმენა დავიწყე. პატარა ოთახში ვისხედით. მე გურჯიევის მოპირდაპირედ ვიყავი, ხოლო ს. და ზ. მეორე მხარეს. გურჯიევმა ჩვენს "მახასიათებლებზე" ისაუბრა, ჩვენს მიერ სიმართლის დანახვის და ლაპარაკის უუნარობაზე. მისმა სიტყვებმა ძალიან შემაშფოთა. რაღაც მომენტში უეცრად შევნიშნე, რომ იმ სიტყვებს შორის, რომელსაც იგი ლაპარაკობდა, ჩნდებოდნენ "აზრები", რომლებიც პირადად ჩემთვის იყვნენ განკუთვნილნი. ერთ-ერთი ასეთი აზრი დავიჭირე და გურჯიევს პასუხი ხმამაღლა გავეცი. მან თავი დამიქნია და საუბარი შეწყვიტა. საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა ჩამოვარდა. გურჯიევი იჯდა და არაფერს ამბობდა. ცოტა ხნის შემდეგ მისი ხმა ისევ გავიგე, თითქოს ჩემს მკერდში, გულთან ახლოს ლაპარაკობდა. მან გარკვეული შეკითხვა დამისვა. გურჯიევს შევხედე. მიღიმოდა. მისმა შეკითხვამ ჩემში ძალიან ძლიერი ემოცია გამოიწვია, მაგრამ კითხვაზე დადებითად ვუპასუხე.
- ეს მან რატომ თქვა? - ჰკითხა გურჯიევმა ს.-ს და ზ.-ს. - უსპენსკის რამე ვკითხე?
მან მაშინვე დამისვა კიდევ ერთი, უფრო რთული შეკითხვა, ისევე როგორც ადრე. პასუხზე კვლავ ვერბალურად ვუპასუხე. ს. და ზ. აშკარად გაოგნებულები იყვნენ მომხდარით, განსაკუთრებით ზ. ეს საუბარი, (თუ შეიძლება, რომ ამას საუბარი ეწოდოს) არანაკლებ ნახევარი საათის მანძილზე გრძელდებოდა. გურჯიევი კითხვებს უსიტყვოდ მისვამდა და მე სიტყვიერად ვპასუხობდი. ძალიან აჟიტირებული ვიყავი იმით, რასაც გურჯიევი მეუბნებოდა და მეკითხებოდა და რასაც აქ ვერ გადმოვცემ. საკითხი ეხებოდა გარკვეულ პირობებს, რომელსაც უნდა დავთანხმებოდი ან სამუშაო უნდა დამეტოვებინა. გურჯიევმა მოსაფიქრებლად ერთი თვე მომცა. მე დროზე უარი ვთქვი და ვუპასუხე, რომ მიუხედავად იმის სირთულისა, რასაც იგი მოითხოვდა, ამას მაშინვე განვახორციელებდი. გურჯიევმა დაჟინებით მოითხოვა, რომ ერთი თვე მეფიქრა.
ბოლოს ავდექით და ვერანდაზე გავედით. სახლის მეორე მხარეს კიდევ ერთი, დიდი ვერანდა იყო, სადაც ჩვენი დანარჩენი ხალხი ისხდა.
იმის შესახებ, თუ რა მოხდა ამის შემდეგ, ძალიან ცოტას ვიტყვი, თუმცა მთავარი რაღაცები მას შემდეგ დაიწყო, როდესაც გურჯიევი ს.-ს და ზ.-ს ესაუბრებოდა. მან ჩემს მიმართ რაღაც თქვა, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. სკამიდან ავდექი და ბაღში გავედი. ბაღიდან ტყეში ამოვყავი თავი. იქ სიბნელეში დიდხანს ვიარე, ყველაზე არაჩვეულებრივი აზრების და შეგრძნებების გარემოცვაში. ხანდახან მეჩვენებოდა, რომ რაღაც ვიპოვე, მაგრამ მომდევნო მომენტში ისევ ვკარგავდი.
ასე გაგრძელდა ერთი-ორი საათი. ბოლოს, იმ მომენტში, რაც წინააღმდეგობების და შინაგანი არეულობის კულმინაციად მომეჩვენა, გონებაში რაღაც ფიქრმა გამიელვა, რის შემდეგაც ძალიან სწრაფად მივედი ყველაფრის ნათელ და სწორ გაგებამდე, რა პოზიციაც გურჯიევმა ჩემს მიმართ დააფიქსირა. დავინახე, რომ გურჯიევი მართალი იყო. ის, რაც საკუთარ თავში მტკიცედ და საიმედოდ მიმაჩნდა, სინამდვილეში არ არსებობდა. მაგრამ, მე კიდევ რაღაც ვიპოვე. ვიცოდი, რომ გურჯიევი დამცინებდა და არ დამიჯერებდა, თუ ამ რაღაცას ვაჩვენებდი. მაგრამ, ჩემთვის ეს უდავო იყო და მოგვიანებით დავრწმუნდი, რომ მართალი ვიყავი.
რაღაც გალავნის მაგვარ ადგილას დიდხანს ვიჯექი და სიგარეტს ვეწეოდი. როცა სახლში დავბრუნდი, პატარა ვერანდაზე უკვე ბნელოდა. მეგონა, რომ ყველა დაიშალა, ამიტომ ჩემს ოთახში ავედი და დასაძინებლად დავწექი. აღმოჩნდა, რომ გურჯიევი და სხვები ამ დროს დიდ ვერანდაზე სადილობდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც დასაძინებლად დავწექი, ჩემში უცნაური მღელვარება დაიწყო, პულსმა ძლიერად დამიწყო ცემა და მკერდში გურჯიევის ხმა ისევ ჩამესმა. ამ დროს არა მხოლოდ მისი ხმა გავიგე, არამედ ძალაუნებურად ვუპასუხე კიდეც. გურჯიევმა მომისმინა და პასუხი დამიბრუნა. ამ საუბარში რაღაც ძალიან უცნაური იყო. ვცდილობდი ისეთი რამ მეპოვა, რაც ამ ფაქტს დაადასტურებდა, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. ბოლოს და ბოლოს, ეს შეიძლება "ფანტაზია" ყოფილიყო. გურჯიევს გარკვეული კითხვები დავუსვი, რომელზეც მან მიპასუხა. იგივე კითხვის დასმა საკუთარი თავისთვისაც შემეძლო, რომელსაც პასუხს ასევე თავად გავცემდი. ისეთი შთაბეჭდილებაც კი დამრჩა, რომ იგი გაურბოდა კონკრეტულ პასუხებს, რომლებიც შესაძლოა შემდგომში "მტკიცებულებებად" ქცეულიყვნენ და ერთ-ორ კითხვაზე მან განზრახ გამცა განუსაზღვრელი პასუხი. თუმცა, იმის განცდა მქონდა, რომ ეს საუბარი ძალიან ძლიერი და სრულიად ახალი იყო, რომლის მსგავსიც აქამდე არაფერი გამომეცადა.
ერთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გურჯიევმა რაღაც მკითხა, რამაც მაშინვე გამომაფხიზლა. შემდეგ ისევ გაჩუმდა, თითქოს ჩემგან პასუხს ელოდა.
მისმა ნათქვამმა უეცრად შეაჩერა ყველა ჩემი ფიქრი და გრძნობა. ეს არ იყო შიში, ყოველ შემთხვევაში ცნობიერი, როდესაც ადამიანმა იცის რომ რაღაცის ეშინია, თუმცა, მთლიანად კანკალი დამეწყო და ფაქტობრივად დამბლადაცემულივით ვიყავი, სიტყვის გამოთქმაც არ შემეძლო, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ვცდილობდი, მისთვის დადებითი პასუხი გამეცა.
ვგრძნობდი, რომ გურჯიევი მელოდა, მაგრამ დიდხანს არ დამელოდებოდა.
- კარგი, ახლა დაიღალე. - თქვა მან ბოლოს. - სხვა დროს მოვუბრუნდეთ.
რაღაცის თქმა დავიწყე, მგონი, ვთხოვდი, რომ დამლოდებოდა, ჩემი აზრების თავმოყრისთვის მცირედი დრო მოეცა.
- სხვა დროს. - თქვა მისმა ხმამ. - ახლა დაიძინე. - ამით მისი ხმა შეწყდა.
დიდხანს ვერ დავიძინე. დილით, როდესაც პატარა ვერანდაზე გამოვედი, გურჯიევი ბაღში მდგარი მრგვალი მაგიდიდან ოცი მეტრის მოშორებით იჯდა. მასთან სამი ადამიანი იყო.
- ჰკითხეთ, რა მოხდა წუხელ. - უთხრა მათ გურჯიევმა.
რატომღაც ამან გამაბრაზა. შევბრუნდი და ვერანდისკენ გავემართე. მკერდში ისევ ჩამესმა გურჯიევის ხმა.
- შეჩერდი!
გავჩერდი და გურჯიევისკენ მოვტრიალდი. მიღიმოდა.
- სად მიდიხარ? აქ დაჯექი. - თქვა მან ჩვეულებრივი ხმით.
მასთან ვიჯექი მაგრამ არაფრის თქმა შემეძლო, ლაპარაკი არც მსურდა. ამავე დროს, აზროვნების არაჩვეულებრივ სიცხადეს ვგრძნობდი და გადავწყვიტე გარკვეულ პრობლემებზე მომეხდინა კონცენტრირება, რომლებიც განსაკუთრებით რთულად მეჩვენებოდა. ვფიქრობდი, რომ შესაძლოა ამ უჩვეულო მდგომარეობაში მეპოვა კითხვები იმ საკითხებზე, რომელთაც ჩვეულებრივი გზით ვერ ვპოულობდი.
ფიქრი ქმნილების სხივის პირველ ტრიადაზე დავიწყე: სამ ძალაზე, რომელიც ერთ ძალას ქმნიდა. რას შეიძლება, რომ ისინი ნიშნავდნენ? შეგვიძლია მათი განსაზღვრა? ჩემს თავში რაღაც ფორმულირებას იწყებდა, მაგრამ როგორც კი ამის სიტყვებით გამოთქმას ვცდილობდი, ყველაფერი ქრებოდა - ნება, ცნობიერება... და მესამე რა იყო? ვეკითხებოდი ჩემს თავს. მეჩვენებოდა, რომ თუ მესამეს დასახელებას შევძლებდი, ყველა დანარჩენსაც ერთბაშად გავიგებდი.
- თავი დაანებე. - თქვა გურჯიევმა ხმამაღლა.
ერთმანეთში მზერა გავცვალეთ.
- ამის გაგება ჯერ კიდევ ძალიან შორსაა. - თქვა მან. - ახლა პასუხს ვერ იპოვი. ჯობია საკუთარ თავზე, შენს საქმეზე იფიქრო.
დანარჩენები დაბნეულები გვიყურებდნენ. გურჯიევმა ჩემს აზრებს უპასუხა და შემდეგ ძალიან უცნაური რამ დაიწყო, რაც მთელი დღე და კიდევ მომდევნო დღეები გაგრძელდა. ფინეთში კიდევ სამი დღით დავრჩით. ამ სამი დღის განმავლობაში უამრავი საუბარი გაიმართა ყველაზე მრავალფეროვან თემებზე. მთელი ამ დროის მანძილზე უჩვეულო ემოციურ მდგომარეობაში ვიყავი, რომელსაც ზოგჯერ მძიმე დასაწყისი ჰქონდა.
- როგორ შემიძლია ამის თავიდან მოშორება? მეტის ატანა აღარ შემიძლია! - ვუთხარი გურჯიევს.
- გინდა დაიძინო? - მკითხა მან.
- რა თქმა უნდა, არა. - ვუპასუხე.
- მაშინ რას მეკითხები? შენ სწორედ ეს გინდოდა, ახლა ადექი და მისით ისარგებლე. ამ მომენტში შენ არ გძინავს.
არ ვფიქრობდი, რომ მისი ნათქვამი სრული სიმართლე იყო. რაღაც მომენტებში უთუოდ "მეძინა".
ბევრი რამ, რაც მაშინ ვთქვი, ძალიან აკვირვებდა ჩემს თანამგზავრებს ამ უცნაური მოგზაურობის განმავლობაში. თავადაც ბევრი რამ მიკვირდა. უამრავი რაღაც ძილს ჰგავდა, მაგრამ ბევრ რამეს რეალობასთან საერთოდ არ ჰქონდა კავშირი. უეჭველად რაღაცებს ვიგონებდი. ამის შემდეგ ჩემთვის ძალიან უცნაური იყო იმის გახსენება, რასაც ვამბობდი.
საბოლოოდ, პეტერბურგში დავბრუნდით. გურჯიევი მოსკოვში წავიდა. ჩვენ ფინეთის სადგურიდან პირდაპირ ნიკოლაევსკის სადგურში მივედით.
გურჯიევის გასაცილებლად საკმაოდ დიდი რაოდენობით ხალხი შეიკრიბა. იგი წავიდა.
მაგრამ, სასწაულებრივი ჯერ კიდევ ძალიან შორს იყო დასასრულისგან. იმავე დღეს, მოგვიანებით ბევრ ახალ და ძალიან უცნაურ ფენომენს ჰქონდა ადგილი. მე მას მენტალურად ვესაუბრებოდი და თანაც "ვხედავდი", როგორ იჯდა მოსკოვისკენ მიმავალი მატარებლის კუპეში.
ამ მოვლენებს ძალიან უცნაური პერიოდი მოჰყვა. ეს პროცესი დაახლოებით სამი კვირა გაგრძელდა. ამ სამი კვირის მანძილზე დროდადრო "მძინარე ადამიანების" დანახვა დავიწყე.
ამას განსაკუთრებული ახსნა სჭირდება.
გურჯიევის წასვლიდან ორი ან სამი დღის შემდეგ, ტროიცკის ქუჩაზე მივდიოდი და უცებ დავინახე, რომ ჩემკენ მომავალ კაცს ეძინა. ეს ფაქტი ეჭვგარეშე იყო. მიუხედავად იმისა, რომ თვალები ღია ჰქონდა, აშკარად ოცნებებში იყო ჩაფლული, რომლებიც ღრუბლებივით დარბოდნენ მის სახეზე. ისეთი განცდა მქონდა, რომ თუ მას საკმარისად დიდხანს დავაკვირდებოდი, ცხადად დავინახავდი და გავიგებდი, რის შესახებ ფანტაზიორობდა. მაგრამ, მან ჩამიარა. შემდეგ მეორე ადამიანი დავინახე, რომელსაც ასევე ეძინა. უეცრად "მძინარე მზეთუნახავში" პრინცის პოზიციაზე აღმოვჩნდი. ჩემს გარშემო ყველას ეძინა. ეს იყო უდავო და გამორჩეული შეგრძნება. მივხვდი, რას ნიშნავდა გურჯიევის ნათქვამი, რომ ადამიანებში ისეთი რაღაცების დანახვა შეგვეძლო, რასაც ჩვეულებრივ ვერ აღვიქვამდით. შეგრძნებები რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ზუსტად იგივე რამ განმეორდა მეორე დღეს. მაშინვე აღმოვაჩინე, რომ საკუთარი თავის გახსენების მცდელობით ამ შეგრძნებების გაძლიერება და გახანგრძლივება შემეძლო, სანამ საკმარისი ენერგია მეყოფოდა, ანუ სანამ შევძლებდი, რომ ჩემს გარშემო რაიმესთვის ყურადღების გაფანტვის საშუალება არ მიმეცა. როდესაც ყურადღება სხვა რამეზე გადამქონდა, მე ვწყვეტდი "მძინარე ხალხის" დანახვას, რადგან აშკარად თავად ვიძინებდი. ამის შესახებ ჩვენი ხალხიდან მხოლოდ რამდენიმეს ვუთხარი, ხოლო ორმა მათგანმა, რომლებიც თვითგახსენებას ცდილობდნენ, ჩემი ნათქვამი საკუთარი გამოცდილებითაც დამიდასტურა.
შემდეგ ყველაფერი ნორმალური გახდა. მე არ შემეძლო გამერკვია, თუ ზუსტად რა მოხდა. მაგრამ, ჩემში ყველაფერი თავდაყირა იდგა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ სამი კვირის მანძილზე ჩემს მიერ ნაფიქრი და დანახული კარგი ფანტაზიის შედეგი იყო.
უნდა ვთქვა, რომ საკუთარ თავში ისეთი რაღაცები დავინახე, რაც ადრე არასდროს მინახავს. შემდგომში იგივე გავხდი, რაც აქამდე ვიყავი, მაგრამ არ შემეძლო, რომ ჩემი გამოცდილება დამევიწყებინა.
ერთი რამ უდავო სიცხადით გავიგე. უფრო მაღალი წესრიგის არანაირი ფენომენი, იქნება ეს ტელეპათია, წინასწარჭვრეტა თუ რაიმე სხვა, რასაც ზოგჯერ მეტაფიზიკურს უწოდებენ, ვერასდროს შეინიშნება ჩვეულებრივი საშუალებებით, ცნობიერების ჩვეულებრივ მდგომარეობაში, როგორც რაღაც ფიზიკური ფენომენი. უმაღლესი რიგის ფენომენებში არის რაღაც, რაც მათი დაკვირვებისა და შესწავლისთვის განსაკუთრებულ ემოციურ მდგომარეობას მოითხოვს. ეს გამორიცხავს ნებისმიერი "სწორად ჩატარებული" ექსპერიმენტებისა და დაკვირვებების შესაძლებლობას.
ჩემი ადრეული ექსპერიმენტების შემდეგ, რომელიც "სამყაროს ახალ მოდელში", "ექსპერიმენტული მისტიკის" თავში აღვწერე, იმავე დასკვნამდე მივედი, მაგრამ ახლაღა მივხვდი, თუ რატომ იყო ამის გაკეთება შეუძლებელი.
მეორე საინტერესო დასკვნა, რომელთანაც მივედი, გაცილებით რთული აღსაწერია. ეს ეხება ცვლილებას, რომელიც ჩემს ზოგიერთ შეხედულებაში, ჩემი მიზნების ზოგ ფორმულირებაში, სურვილებში და მისწრაფებებში შევნიშნე. ამის ბევრი ასპექტი მხოლოდ მოგვიანებით გახდა ჩემთვის ნათელი. შემდეგ კი ნათლად დავინახე, რომ სწორედ ამ დროს დაიწყო ცვლილებები საკუთარ თავზე შეხედულებაში, გარშემომყოფებში, განსაკუთრებით კი "მოქმედების მეთოდებში", თუ ამის თქმა შესაძლებელია უფრო ზუსტი განმარტების გარეშე. თავად ცვლილებების აღწერა ძალიან რთულია. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ისინი არანაირად უკავშირდებოდნენ იმას, რაც ფინეთში ითქვა, თუმცა ეს იმ ემოციების შედეგებად აღვიქვი, რაც იქ განვიცადე. პირველი, რისი დაფიქსირებაც მოვახერხე, იყო იმ უკიდურესი ინდივიდუალიზმის დასუსტება, რომელიც ამ დრომდე ჩემი ცხოვრებისადმი დამოკიდებულების ფუნდამენტურ თავისებურებას წარმოადგენდა. უფრო მეტად დავიწყე ხალხის დანახვა და ადამიანებთან ჩემი კავშირების უკეთ შეგრძნება. მეორე ის იყო, რომ სადღაც ჩემში ძალიან ღრმად მესმოდა ძალადობის შეუძლებლობის ეზოთერული პრინციპი, ანუ ძალადობრივი საშუალებების აბსოლუტური უსარგებლობა, რისი მიღწევისთვისაც არ უნდა ყოფილიყო იგი გამოყენებული. ეს ფაქტი უეჭველად დავინახე და არასოდეს ვკარგავდი შეგრძნებას, რომ ნებისმიერ რამეში გამოყენებული ძალადობრივი საშუალება უდავოდ გამოიღებდა უარყოფით შედეგებს. ამას მივაღწიე არა ეთიკური, არამედ პრაქტიკული საშუალებით. ეს ასპექტი არ გამიგია იმ თვალსაზრისით, თუ რა არის უკეთესი ან უარესი, არამედ ეფექტური და მიზანშეწონილი მიდგომის პოზიციიდან.
მომდევნო ჯერზე გურჯიევი პეტერბურგში სექტემბრის დასაწყისში ჩამოვიდა. ვეცადე მისთვის გამომეკითხა, რა მოხდა სინამდვილეში ფინეთში - მართალი იყო თუ არა ის, რაც მან მითხრა, რამაც ასე ძალიან შემაშინა და რა იყო ამ შიშის მიზეზი?
- თუ საქმე შიშთან გვქონდა, ეს ნიშნავს, რომ მზად არ იყავი. - თქვა მან.
მეტი არაფერი აუხსნია.
ამ ვიზიტის დროს მისი საუბრების სიმძიმის ცენტრი იყო თითოეული ჩვენგანის "მთავარი თვისება".
გურჯიევი ჩვენს მთავარ თვისებებს გენიალურად განსაზღვრავდა. ამ შემთხვევაში მივხვდი, რომ ყველა ადამიანის მთავარი თვისების განსაზღვრა არ შეიძლება. ზოგიერთ ადამიანში ეს თვისება შეიძლება იმალებოდეს სხვადასხვა ფორმალური მანიფესტაციების საფარქვეშ, რომლის პოვნაც თითქმის შეუძლებელია. შემდეგ ადამიანი თავის მთავარ თვისებას განსაზღვრავს და მას სახელს არქმევს, როგორც მე ვუწოდებ ჩემს თავს "უსპენსკის" ან როგორც გურჯიევი მიწოდებდა "პიოტრ დემიანოვიჩს". აქ შეცდომების დაშვება არ შეიძლება, რადგან თითოეული ადამიანის "პიოტრ დემიანოვიჩი" მასში მთავარ თვისებას აყალიბებს.
როდესაც ვინმე მისი მთავარი თვისების განმარტებას არ ეთანხმებოდა, გურჯიევი ამბობდა, რომ თავად ამის უარყოფის ფაქტი ადასტურებდა იმას, რომ იგი მართალი იყო.
- მე მხოლოდ იმას არ ვეთანხმები, რომ თქვენს მიერ ნათქვამი ჩემი მთავარი თვისებაა. - თქვა ერთმა. - მთავარი თვისება, რომელსაც მე საკუთარ თავში ვხედავ, ამაზე ბევრად უარესია, მაგრამ იმას არ უარვყოფ, რომ შესაძლოა ადამიანები ისე აღმიქვამდნენ, როგორც თქვენ აღწერთ.
- შენ საკუთარ თავში არაფერი იცი. - უპასუხა გურჯიევმა. - რომ იცოდე, ეს თვისება არ გექნებოდა. ხალხი ნამდვილად ისე გხედავს, როგორც მე გითხარი. მაგრამ, შენ ვერ ხედავ, ისინი როგორ გხედავენ. თუ მთავარ თვისებად იმას მიიღებ, რაც მე გითხარი, მიხვდები, ხალხი როგორც გხედავს. ხოლო თუ ამ თვისებასთან ბრძოლის და მისი განადგურების გზას იპოვი, ანუ მისი უნებლიე გამოვლინების განადგურების გზას (გურჯიევმა ხაზი გაუსვა ამ სიტყვებს) მაშინ ადამიანებზე აღარ შექმნი ისეთ შთაბეჭდილებას, როგორსაც ახლა ქმნი, არამედ შექმნი ნებისმიერ შთაბეჭდილებას, როგორიც მოგინდება.
ამით დაიწყო ხანგრძლივი ლაპარაკი იმ შთაბეჭდილებებზე, რომელსაც ადამიანი სხვებზე ახდენს და იმაზე თუ როგორ შეუძლია ადამიანს სასურველი ან არასასურველი შთაბეჭდილების შექმნა.
ადამიანები ჩვენში მთავარ თვისებას მაინც ხედავენ, რაც არ უნდა დამალული იყოს იგი. რა თქმა უნდა, ისინი ამას ყოველთვის ვერ განსაზღვრავენ. მაგრამ, მათი განმარტებები ზოგჯერ ძალიან ახლოსაა სინამდვილესთან. აიღეთ მეტსახელები. მეტსახელები ზოგჯერ ძალიან კარგად განსაზღვრავს მთავარ თვისებებს.
შთაბეჭდილებებზე ლაპარაკმა კიდევ ერთხელ მოგვიყვანა "შინაგან " და "გარეგან" გათვალისწინებასთან.
- სახეზე ვერ გვექნება სათანადო გარეგანი გათვალისწინება, სანამ ადამიანი თავის მთავარ თვისებაშია ჩაფლული. - თქვა გურჯიევმა. - მაგალითად, ამის (მან ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დაასახელა) მთავარი თვისება ის არის, რომ სახლში არასდროს არის. სულ სადღაც დაბოდიალობს. როგორ შეიძლება, რომ მან რამე ან ვინმე გაითვალისწინოს?
გაოგნებული დავრჩი იმ მხატვრული ფინიშით, რომელიც გურჯიევმა წარმოადგინა, როდესაც მან თქვა, რომ ეს იყო არა ფსიქოლოგია, არამედ ხელოვნება.
- ფსიქოლოგია ხელოვნება უნდა იყოს. - თქვა მან. - ფსიქოლოგია არასოდეს შეიძლება იყოს უბრალოდ მეცნიერება.
ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს გურჯიევმა უთხრა, რომ მისი მთავარი თვისება არარსებობა იყო.
- გესმის, რას გეუბნები? მე შენ საერთოდ ვერ გხედავ. - უთხრა გურჯიევმა. - ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ მუდმივად ასეთი ხარ. მაგრამ, როდესაც ისეთი ხარ, როგორც ახლა, შენ საერთოდ არ არსებობ.
გურჯიევმა სხვას უთხრა, რომ მისი მთავარი თვისება ყოველთვის ყველასთან კამათი იყო.
- მაგრამ, მე არასოდეს ვკამათობ! - უპასუხა მან გაცხარებულმა.
ყველას სიცილი აგვიტყდა.
გურჯიევმა ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთ წევრს - შუახნის მამაკაცს, რომელმაც პიროვნებისა და არსების გამიჯვნის ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო და ჯემი ითხოვა - უთხრა, რომ მისი მთავარი თვისება უსინდისობა იყო. გურჯიევმა მას პირდაპირ უთხრა, რომ სინდისი არ ჰქონდა.
მეორე დღეს ეს მამაკაცი მოვიდა და თქვა, რომ ბიბლიოთეკაში იყო წასული, რათა სიტყვა "სინდისის" განმარტება ეპოვა.
გურჯიევმა ხელი ჩაიქნია.
მეორე მამაკაცს, ექსპერიმენტის მეორე მონაწილეს გურჯიევმა უთხრა, რომ სირცხვილი არ ჰქონდა, რა დროსაც ამ კაცმა მაშინვე საკმაოდ სახალისო ხუმრობა გააკეთა საკუთარი თავის წინააღმდეგ.
გურჯიევი ნევსკის მახლობლად, ლიტეინის კვარტალში გაჩერდა. ძალიან მწვავე გაციება შეეყარა და მის საცხოვრებელში პატარა ჯგუფებად დაყოფილები ვხვდებოდით ერთმანეთს.
მან ერთხელ თქვა, რომ ამ გზით გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა და გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო, გვსურდა თუ არა მასთან მუშაობის გაგრძელება. შეგვეძლო ავმდგარიყავით და წავსულიყავით, რადგან ნახევრად სერიოზული დამოკიდებულება არანაირ შედეგს არ მოიტანდა. მან დაამატა, რომ მუშაობას მხოლოდ იმასთან გააგრძელებდა, ვინც კონკრეტულ და სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებდა საკუთარ თავში მექანიკურობისა და ძილის დასამარცხებლად.
- ამ დროისთვის უკვე იცით, რომ თქვენგან რაიმე საშინელებას არავინ მოითხოვს. - თქვა მან. - მაგრამ, ორ სკამს შორის ჯდომას არანაირი აზრი არ აქვს. ვისაც გამოღვიძება არ სურს, დაე გემრიელად ეძინოს.
მან თქვა, რომ თითოეულ ჩვენგანს ცალ-ცალკე დაელაპარაკებოდა და ყველა ჩვენგანს საკმაო მიზეზი უნდა ეჩვენებინა იმისთვის, თუ რატომ უნდა შეწუხებულიყო გურჯიევი მის მიმართ.
- თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენთან მუშაობა დიდ კმაყოფილებას მანიჭებს. - თქვა მან. - ან ფიქრობთ, რომ სხვა არაფრის გაკეთება შემიძლია. თუ ასეა, ორივე შემთხვევაში ძალიან ცდებით. კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. თუ ჩემს დროს გაძლევთ, ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ გარკვეული მიზანი მაქვს. ამ დროისთვის უნდა გაიგოთ, რას შეიცავს ჩემი მიზანი და უნდა დაინახოთ, ხართ თუ არა თქვენც იმავე გზაზე. მეტს არაფერს ვიტყვი. მომავალში მხოლოდ მათთან ვიმუშავებ, ვინც ჩემი მიზნის მისაღწევად სასარგებლო იქნება. ჩემთვის სასარგებლო მხოლოდ ის ადამიანები იქნებიან, რომელთაც მტკიცედ გადაწყვიტეს საკუთარ თავთან ბრძოლა, ანუ მექანიკურობასთან ბრძოლა.
ამით საუბარი დასრულდა. ჯგუფის წევრებთან გურჯიევის მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდა. ზოგიერთთან იგი ძალიან დიდხანს ლაპარაკობდა, ზოგთან არც ისე დიდხანს. ბოლოს, ჯგუფში თითქმის ყველა დარჩა.
შუახნის კაცი, რომელიც უკვე პიროვნების და არსების გაყოფის ექსპერიმენტთან კავშირში ვახსენე, სიტუაციიდან ღირსეულად და სწრაფად გამოვიდა, რითაც ჯგუფის ძალიან აქტიური წევრი გახდა.
ჯგუფი მხოლოდ ორმა ადამიანმა დატოვა. თითქოს რაღაც მაგიით, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ისინი წავიდოდნენ, რადგან უეცრად შეწყვიტეს ყველაფრის გაგება, რასაც გურჯიევი ამბობდა, დანარჩენებთან კი სიმპათიის და თანაგრძნობის ნაკლებობით გამოირჩეოდნენ.
ეს დამოკიდებულება ჯერ უნდობლობით და ეჭვებით დაიწყო, შემდეგ კი ყველას მიმართ ღრმად მტრულ დამოკიდებულებაში გადაეზარდათ. ჩვენ შორის არავინ იცოდა, რა იყო ამის მიზეზი, რომლებიც სავსე იყო ძალიან უცნაური და საკმაოდ მოულოდნელი ბრალდებებით, რაც ჩვენში გაოცებას იწვევდა.
ამავე დროს, თავად გურჯიევიც "მთლიანად შეიცვალა". საერთოდ განსხვავებული გახდა, ვიდრე აქამდე იყო. იგი ძალიან მომთხოვნად და მკაცრად იქცა. ჯგუფის ზოგიერთი წევრის მიმართ ყოველგვარი ინტერესი დაკარგა და ნაკლებად ითხოვდა ადამიანებისგან სიმართლეს.
ჩვენ გაოგნებულები ვიყავით საუბრებით. ამან მაშინვე მოიტანა სრულიად ახალი ატმოსფერო, რომელიც აქამდე არ გვქონია. ეს განსაკუთრებით უცნაური იყო, რადგან უმეტესობა ჩვენგანი ძალიან ემოციურ მდგომარეობაში ვიყავით და ჯგუფის მიმართ მტრულად განწყობილი ორი წევრის მიმართ კარგი დამოკიდებულება გვქონდა.
გურჯიევთან არაერთხელ ვცადეთ, რომ მათზე გვესაუბრა. იგი ძალიან ბევრს იცინოდა, როდესაც ვეუბნებოდით, რომ მათზე ყოველთვის "არასწორ შთაბეჭდილებას" ვტოვებდით.
- ახლა წარმოიდგინეთ, როგორ აფასებენ ისინი სამუშაოს და მათ თვალში რამდენად უიმედო იდიოტი ვარ თავად. - თქვა მან. - რამდენად ადვილია ჩემი მოტყუება! თქვენ ახლა ხედავთ, რომ მათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცის გაგება შეწყვიტეს. სამუშაოში მასწავლებლის მოტყუება შეუძლებელია. ეს არის კანონი, რომელიც ცოდნისა და ყოფიერების შესახებ საუბრებიდან გამომდინარეობს. თუ მომინდება, მე თვითონ ძალიან კარგად მოგატყუებთ. მაგრამ, თქვენ ვერანაირად შეძლებთ ჩემს მოტყუებას. სხვაგვარად რომ იყოს, თქვენ კი არ ისწავლით ჩემგან, არამედ მე თავად გავხდები თქვენი მოსწავლე.
- როგორ უნდა ვესაუბროთ მათ და როგორ დავეხმაროთ ჯგუფში დაბრუნებაში? - ჰკითხა ვიღაცამ გურჯიევს.
- არამარტო ვერაფერს გააწყობთ, არამედ რაიმეს გაკეთებას არც უნდა ეცადოთ, რადგან მცდელობებით გაანადგურებთ მათი გაგების უკანასკნელ შანსს და საკუთარი თავის დანახვის შესაძლებლობას. დაბრუნება ყოველთვის ძალიან რთულია. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება ყოველგვარი დარწმუნების ან შეზღუდვის გარეშე. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ყველაფერი, რაც მათგან ჩემზე და თქვენზე მოისმინეთ, არის საკუთარი თავის გამართლების მცდელობა. ისინი სხვების დადანაშაულებას ცდილობენ, რათა იგრძნონ, რომ თავად მართლები არიან. შედეგად ეს კიდევ უფრო დიდ ტყუილს ნიშნავს. ამის განადგურება აუცილებელია, რაც მხოლოდ ტანჯვის გზით ხდება. თუ ადრე საკუთარი თავის დანახვა უჭირდათ, ახლა ეს მათთვის ათჯერ უფრო რთული იქნება.
- როგორ შეიძლება, რომ ასეთი რამ მომხდარიყო? - იკითხეს სხვებმა. - რატომ შეიცვალა მათი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ ასე მოულოდნელად?
- თქვენთვის ეს პირველი შემთხვევაა. - თქვა გურჯიევმა. - ამიტომ უცნაურად გეჩვენებათ, მაგრამ მოგვიანებით ნახავთ, რომ ეს ძალიან ხშირად ხდება, თანაც იმავე გზით, როგორც ამ შემთხვევაში. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ორ სკამს შორის ჯდომა შეუძლებელია. ხალხი ჩვეულებრივ ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ ორ სკამს შორის ჯდომა, ანუ ისინი ფიქრობენ, რომ ერთდროულად შეუძლიათ ახლის მიღება და ძველის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, ისინი ამას ცნობიერად არ ფიქრობენ, მაგრამ საქმე იგივეა.
რისი შენარჩუნება სურთ მათ ყველაზე მეტად? პირველ რიგში, მათი იდეების და ადამიანებზე საკუთარი შეფასებების შენარჩუნება, ასევე იმის, რაც მათთვის ყველაზე საზიანოა. ისინი სულელები არიან და ეს იციან, ანუ ამის რეალიზება ერთხელ უკვე მოახდინეს. ამ მიზეზით სასწავლად მოვიდნენ. მაგრამ, მათ ეს ყველაფერი მომდევნო მომენტში ავიწყდებათ. მათ უკვე შეაქვთ სამუშაოში საკუთარი სუბიექტური დამოკიდებულება. ისინი ყველაფერზე განაჩენის გამოტანას იწყებენ და ეს მაშინვე აისახება მათ დამოკიდებულებაზე იდეებისა და იმის მიმართ, რასაც მე ვამბობ. ასეთ დროს ერთ რამეს იღებენ, მაგრამ არ იღებენ სხვა დანარჩენს. ერთ რამეში თანხმდებიან, მეორეში არ თანხმდებიან. ერთ რამეში ჩემი რწმენა აქვთ, მეორეში არ მენდობიან.
ყველაზე სახალისო ის არის, რომ ისინი წარმოიდგენენ, თითქოს ასეთ პირობებში მუშაობა შეუძლიათ, ანუ ჩემდამი ნდობის და ყველაფრის მიღების გარეშე. სინამდვილეში ეს აბსოლუტურად შეუძლებელია. რაღაცის არ მიღებით ან რაღაცისადმი უნდობლობით, ისინი მაშინვე იგონებენ მის ადგილზე რაღაც საკუთარს. ამით "გაჭედვა" იწყება - ახალი თეორიები და ახალი ახსნა-განმარტებები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო სამუშაოსთან და იმასთან, რასაც მე ვამბობ. შემდეგ ისინი ხარვეზების პოვნას იწყებენ და ყველაფერში პოულობენ, რასაც აქ ვაკეთებთ. ამ მომენტიდან ჩემი ნათქვამი ისე ესმით, თითქოს წარმოდგენა არ მაქვს რაზე ვლაპარაკობ, მაგრამ სამაგიეროდ მათ იციან, თანაც ჩემზე უკეთ. მათ გარდა ჯგუფის ყველა სხვა წევრი იდიოტია. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როდესაც ადამიანი ამ თემაზე იწყებს ლაპარაკს, მე უკვე ყველაფერი დანარჩენიც ვიცი, რასაც მომავალში იტყვის. ამის შედეგები თქვენც გეცოდინებათ. სახალისოა, რომ ადამიანებს ამის დანახვა სხვებთან მიმართებაში შეუძლიათ. მაგრამ, როდესაც თავად ჩადიან სიგიჟეებს, საკუთარ თავში ამის დანახვას წყვეტენ. ეს კანონია. მთაზე ასვლა ძნელია, მაგრამ იქიდან დაგორება ადვილი. ისინი არც კი გრძნობენ უხერხულობას ჩემთან და სხვა ადამიანებთან ამაზე საუბრისას. ძირითადად ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება გაერთიანდეს რაიმე სახის "სამუშაოსთან". მათ იმის გაგებაც კი არ უნდათ, რომ როდესაც ამ საფეხურზე მივლენ, მათი სიმღერა უკვე ნამღერია.
კიდევ ერთი რამ გაითვალისწინეთ. ისინი წყვილნი არიან. ცალკე რომ ყოფილიყვნენ, მათთვის უფრო ადვილი იქნებოდა საკუთარი მდგომარეობის დანახვა და უკან დაბრუნება. მაგრამ, ისინი მეგობრები არიან, ერთმანეთს მხარს უჭერენ თავიანთ სისუსტეებში. ახლა ერთი მეორეს გარეშე ვერ დაბრუნდება. დაბრუნება რომც მოინდომონ, მე მხოლოდ ერთ მათგანს მივიღებ, ხოლო მეორეს არა.
- რატომ? - იკითხა ვიღაცამ.
- ეს საერთოდ სხვა საკითხია. ჰკითხეთ მათ, ვინ არის მათთვის უფრო მნიშვნელოვანი, მე თუ მისი მეგობარი. თუ მისი მეგობარია მთავარი, მაშინ სალაპარაკო არაფერია, მაგრამ თუ მე ვარ ყველაზე მნიშვნელოვანი, მაშინ მან მეგობარი უნდა მიატოვოს და მარტო დაბრუნდეს. მაგრამ მე გეუბნებით, რომ ისინი ერთმანეთს ეჭიდებიან და ერთი მეორეს ხელს უშლის. ეს არის ზუსტი მაგალითი იმისა, თუ როგორ აკეთებენ ადამიანები ყველაზე ცუდ საქმეს, როდესაც იმას შორდებიან, რაც მათთვის კარგი იყო.
ოქტომბერში გურჯიევთან ერთად მოსკოვში, მის პატარა ბინაში ვიყავი, "ბოლშაია დმიტროვკაზე", რომლის ყველა სართული და კედელი აღმოსავლური სტილის ხალიჩებით იყო დაფარული, რაც განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა. უპირველეს ყოვლისა იქ მოსული ხალხი - რომელთაგან ყველა გურჯიევის მოწაფე იყო - სიჩუმეს იცავდა. ეს რაღაც უჩვეულო იყო. მოდიოდნენ, ეწეოდნენ და საათების მანძილზე ხშირად ერთ სიტყვასაც არ ამბობდნენ. ამ სიჩუმეში არაფერი იყო დამთრგუნველი და უსიამოვნო. პირიქით, იძულების არარსებობის და თავისუფლების განწყობა იდგა. მაგრამ, შემთხვევით და ცნობისმოყვარე მნახველებში ასეთი სიჩუმე უჩვეულოდ უცნაურ შთაბეჭდილებას იწვევდა. ისინი გაუჩერებლად იწყებდნენ ლაპარაკს, თითქოს გაჩუმების და რაღაცის შეგრძნების ეშინოდათ. მეორე მხრივ, სხვები განაწყენდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ "დუმილი" მათ წინააღმდეგ იყო მიმართული, რათა ეჩვენებინათ, რამდენად აღმატებულნი იყვნენ მათზე გურჯიევის მოსწავლეები და თვლიდნენ, რომ მათთან საუბარი არც ღირდა. სხვებმა ეს სულელურად, სახალისოდ და "არაბუნებრივად" მიიჩნიეს, თითქოს ეს ჩვენს ყველაზე უარეს თვისებებს აჩვენებდა, განსაკუთრებით კი ჩვენს სისუსტეს და სრულ დაქვემდებარებას გურჯიევის მიმართ.
პ.-მ ისიც კი გადაწყვიტა, რომ სხვადასხვა ადამიანების "დუმილის" რეაქციებზე ჩანაწერები გაეკეთებინა. ამ ბინაში მივხვდი, რომ ადამიანებს დუმილის ყველაზე მეტად ეშინოდათ. ჩვენი ლაპარაკისადმი მიდრეკილება თავდაცვიდან გამომდინარეობს და ყოველთვის ეფუძნება რაღაცის დანახვის უკმარისობას, საკუთარ თავთან რაღაცის აღიარების სურვილის უქონლობას.
გურჯიევის ბინაში კიდევ ერთი უცნაური რამ შევნიშნე. აქ ტყუილის თქმა შეუძლებელი იყო. ტყუილი მაშინვე ხდებოდა ხელშესახები, აშკარა და უდავო. ერთხელ გურჯიევის ნაცნობი მოვიდა, რომელსაც ადრე ვხვდებოდი და ხანდახან მოდიოდა ხოლმე გურჯიევის ჯგუფებში. ჩემს გარდა ბინაში ორი-სამი ადამიანი იყო. გურჯიევი იმ მომენტში იქ არ იმყოფებოდა. ცოტა ხნით ჩუმად ყოფნის შემდეგ ჩვენმა სტუმარმა ამბის მოყოლა დაიწყო, თუ როგორ შეხვდა ახლახან მამაკაცს, რომელმაც რაღაც უჩვეულოდ საინტერესო რამ უთხრა ომის, მშვიდობის შესაძლებლობის და სხვათა შესახებ. სრულიად მოულოდნელად ვიგრძენი, რომ იგი იტყუებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ არავის შეხვედრია და მისთვის არაფერი უთქვამთ. იგი ამ ყველაფერს იგონებდა, რადგან უბრალოდ დუმილს ვეღარ უძლებდა.
მისი შემყურე თავი უხერხულად ვიგრძენი. მეჩვენებოდა, რომ შეხედვისთანავე მივხვდებოდი, იტყუებოდა თუ არა. დანარჩენებს გადავხედე და დავინახე, რომ ისინიც ჩემნაირად გრძნობდნენ თავს და ძლივს ახერხებდნენ ღიმილის შეკავებას. მხოლოდ მოლაპარაკე ადამიანი ვერ ამჩნევდა ვერაფერს და კვლავ განაგრძობდა ტყუილების მოყოლას. სულ უფრო და უფრო იტაცებდა თავისი მონაყოლი და საერთოდ ვერ ამჩნევდა მზერას, რომელსაც ჩვენდა უნებურად ვცვლიდით ერთმანეთში.
ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა. უეცრად გამახსენდა საკუთარი მცდელობები და ინტონაციები, როდესაც ჩვენი ცხოვრების ამბის მოყოლას ვცდილობდით და საუბრისასა ფაქტების დამალვა გვინდოდა. მივხვდი, რომ აქაც ყველაფერი ინტონაციებით ვლინდებოდა. როდესაც ადამიანი ლაპარაკობს ან უბრალოდ ელოდება შესაძლებლობას, რომ ლაპარაკი დაიწყოს, იგი სხვის ინტონაციებს ვერ ამჩნევს და არ შეუძლია სიცრუის სიმართლისგან გარჩევა. მაგრამ, თუ ადამიანი თავად ჩუმდება, ანუ როდესაც ოდნავ მაინც იღვიძებს, იგი სხვადასხვა ინტონაციების გარჩევას იწყებს და სიცრუის გარჩევა შეუძლია.
ამ თემაზე გურჯიევის მოსწავლეებს რამდენჯერმე ვესაუბრეთ. მათ ვუთხარი, რა მოხდა ფინეთში და როგორ ვხედავდი "მძინარე ადამიანებს", რომელთაც პეტერბურგში ვხედავდი. გურჯიევის ბინაში მექანიკურად მატყუარა ადამიანების დანახვამ "მძინარე ადამიანები" გამახსენა.
ძალიან მინდოდა ჩემი რამდენიმე მოსკოველი მეგობარი გურჯიევისთვის გამეცნო. მაგრამ, იმ დღეებში მათგან მხოლოდ ერთს შევხვდი, ჩემს ძველ მეგობარს გაზეთებიდან, ვ. ა.-ს. იგი საკმაოდ ცოცხალი ადამიანი იყო, მაგრამ, ჩვეულებისამებრ შრომით გადატვირთული იყო და გამუდმებით ერთი ადგილიდან მეორეში ჩქარობდა. ჩემი მეგობარი ძალიან დაინტერესდა, როდესაც გურჯიევის შესახებ ვუამბე და გურჯიევის ნებართვით მის ბინაში სადილზე დავპატიჟე. გურჯიევმა თხუთმეტამდე თავისი ადამიანი დაიბარა და კახურ ღვინოსთან ერთად, ძალიან მდიდრული, კავკასიური სადილი მოაწყო. მან ჩემი მეგობარი თავისთან დაისვა და მის მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი იყო, გამუდმებით უმასპინძლდებოდა და ღვინოს თავისი ხელით უსხამდა. უეცრად მივხვდი, რა დავალებისთვის მოვიყვანე აქ ჩემი მეგობარი. ირგვლივ ყველა დუმდა. ჩემმა მეგობარმა ამ სიჩუმეს ხუთ წუთს გაუძლო, შემდეგ კი ლაპარაკი დაიწყო. მან ისაუბრა ომზე, ყველა ჩვენს მოკავშირეზე და მტერზე, როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე. მოსკოვისა და პეტერბურგის ყველა შესაძლო საკითხზე ისაუბრა. შემდეგ ჯარში მისაწოდებელ ბოსტნეულზე გადავიდა (რომლის შესახებაც ჟურნალისტური მუშაობით იყო დაკავებული). განსაკუთრებით დეტალურად ისაუბრა ხახვის გამოშრობაზე, ხელოვნურ სასუქებზე, სოფლის მეურნეობის ქიმიაზე და ზოგად ქიმიაზე. შემდეგ სპირიტიზმზე გადავიდა და ასევე ისეთ საკითხებზე, რომელიც ახლა აღარ მახსოვს. ლაპარაკის დაწყება დავაპირე, იმის შიშით, რომ ამდენი დუმილით ჩემი მეგობარი განაწყენდებოდა, მაგრამ გურჯიევმა ისე სასტიკად შემომხედა, რომ მომენტალურად გავჩერდი. გარდა ამისა, ჩემი შიშები უსაფუძვლო აღმოჩნდა. ჩემს საწყალ მეგობარს არაფერი შეუმჩნევია, ისე გაიტაცა საკუთარმა მჭევრმეტყველებამ. შუადღის ოთხ საათამდე ენა არ გაუჩერებია. შემდეგ, გურჯიევს დიდი გრძნობით ჩამოართვა ხელი და "ძალიან საინტერესო საუბრისთვის" მადლობა გადაუხადა. გურჯიევმა შემომხედა და ეშმაკურად ჩაიცინა.
ძალიან შემრცხვა. მათ საწყალი ჩემი მეგობარი გააბრიყვეს. იგი ნამდვილად არ ელოდა ასეთ რამეს, ამიტომ გამოიჭირეს. მივხვდი, რომ გურჯიევმა თავის ხალხს დემონსტრაცია აჩვენა.
- აი, ხომ ხედავთ. - თქვა მან, როდესაც ჩემი მეგობარი წავიდა. - ასეთი კაცი ჭკვიანად არის მიჩნეული. მისთვის შარვალიც რომ ჩამეხადა, ამასაც ვერ შეამჩნევდა. უბრალოდ ნება მიეცით, რომ ლაპარაკი დაიწყოს. სხვა არაფერი სურს. ყველა ასეა. ეს ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ბევრი სხვა. იგი ტყუილებს მაინც არ ამბობდა. ნამდვილად იცოდა, რაზეც ლაპარაკობდა, საკუთარი გაგებით, რა თქმა უნდა. მაგრამ დაფიქრდით, რა სარგებლობა აქვს ამას? იგი ახალგაზრდა აღარ არის. ალბათ, მის ცხოვრებაში ეს იყო ერთადერთი მომენტი, როცა მას სიმართლის გაგება შეეძლო. მაგრამ, სულ თვითონ ლაპარაკობდა.
გურჯიევის მოსკოვის ლექციებიდან მახსოვს ერთი, რომელიც პეტერბურგის ლექციებს უკავშირდებოდა.
- რას ხედავ ყველაზე მნიშვნელოვანს იმ ყველაფრიდან, რაც აქამდე ისწავლე? - მკითხა მან.
- რა თქმა უნდა, იმ გამოცდილებას, რომელიც აგვისტოში მქონდა. - ვუპასუხე მე. - თუ მის გამოწვევას და გამოყენებას სურვილისამებრ შევძლებ, ეს იქნება ყველაფერი, რასაც კი ოდესმე ვისურვებ, რადგან ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერ დანარჩენსაც ვიპოვი. მაგრამ ამავე დროს ვიცი, რომ ეს "გამოცდილება", დამოკიდებული იყო იმ ემოციურ მდგომარეობაზე, რომელშიც მაშინ ვიყავი და დარწმუნებული ვარ, რომ იგი ყოველთვის ამაზე იქნება დამოკიდებული. სიტყვა "გამოცდილებას" იმიტომ ვიყენებ, რომ სხვა სიტყვა არ მაქვს, მაგრამ შენ იცი, რაზეც ვსაუბრობ. ჩემში ისევ რომ შემეძლოს ამ ემოციური მდგომარეობის შექმნა, ასეთ გამოცდილებამდე ძალიან მალე მივიდოდი. ახლა ამ ემოციური მდგომარეობიდან თავს უსაზღვროდ შორს ვგრძნობ, თითქოს მძინავს. სწორედ ეს არის ძილი, როდესაც გღვიძავს. მითხარი, როგორ შეიძლება ამ ემოციური მდგომარეობის შექმნა?
- სამი გზა არსებობს. პირველი, ეს შეიძლება თავისთავად, შემთხვევით მოვიდეს. მეორე, ეს შეიძლება შენში სხვამ შექმნას და მესამე, შეგიძლია იგი თავად შექმნა საკუთარ თავში. რომელს ამჯობინებ?
ვაღიარებ, წამით ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა მეთქვა, რომ მერჩივნა ჩემში სხვას შეექმნა ის ემოციური მდგომარეობა, რაზეც ვლაპარაკობდი. მაგრამ მიხვდი, რომ გურჯიევი მეტყოდა, მან ეს ერთხელ უკვე გააკეთა, ამიტომ ახლა ან უნდა დავლოდებოდი, როდის მოვიდოდა იგი თავისით, ან თავად უნდა გამეკეთებინა რაიმე ამის მისაღებად.
- რა თქმა უნდა, მე მინდა თავად შევქმნა იგი. - ვუთხარი მას. - მაგრამ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება?
- უკვე გითხარი, რომ მსხვერპლი აუცილებელია. მსხვერპლის გარეშე არაფერი მიიღწევა. მაგრამ, თუ რამე არსებობს, რაც სამყაროში ადამიანებს არ ესმით, ეს არის მსხვერპლის იდეა. მათ ჰგონიათ, რომ რაღაც ისეთი უნდა გაიღონ მსხვერპლად, რაც გააჩნიათ. მაგალითად, ერთხელ ვთქვი, რომ მათ უნდა შესწირონ "რწმენა", "სიმშვიდე" და "კეთილდღეობა". მათ ეს პირდაპირ ესმით. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ადამიანებს არც რწმენა აქვთ, არც სიმშვიდე და არც კეთილდღეობა. ყველა ეს სიტყვა გარკვეული გზით უნდა იქნეს გაგებული. რეალურად მათ უნდა შესწირონ მხოლოდ ის, რაც წარმოუდგენიათ, რომ გააჩნიათ და არა ის, რასაც ნამდვილად ფლობენ. მათ თავიანთი ფანტაზიები უნდა შესწირონ. მაგრამ, ამის გაკეთება ადამიანებისთვის ძალიან რთულია. ბევრად უფრო ადვილია რეალური ნივთების მსხვერპლად გაღება.
კიდევ ერთი რამ, რაც ადამიანებმა უნდა შესწირონ, არის მათი ტანჯვა. საკუთარი ტანჯვის მსხვერპლად გაღებაც ასევე ძალიან რთულია. ადამიანი უარს იტყვის ნებისმიერ სიამოვნებაზე, რომელიც მოსწონს, მაგრამ ტანჯვას არაფრით დათმობს. ადამიანი ისეა შექმნილი, რომ არასდროს არაფერზეა ისე მიჯაჭვული, როგორც ტანჯვაზე. აუცილებელია, რომ იგი ტანჯვისგან თავისუფალი იყოს. არავის შეუძლია მუშაობა, თუ იგი ტანჯვისგან თავისუფალი არ არის და მას მსხვერპლად არ გაიღებს. მოგვიანებით ბევრი რამ უნდა ითქვას ტანჯვის შესახებ. ტანჯვის გარეშე რაიმეს მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს მუშაობა ტანჯვის მსხვერპლად გაღებით უნდა დაიწყოს. ახლა, მიდი და გაშიფრე, ეს რას ნიშნავს.
მოსკოვში დაახლოებით ერთი კვირა დავრჩი და პეტერბურგში ახალი იდეებითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლული დავბრუნდი. აქ მოხდა ძალიან საინტერესო მოვლენა, რომელმაც ბევრი რამ ამიხსნა სისტემაში და გურჯიევის სწავლების მეთოდებში.
მოსკოვში ყოფნის პერიოდში, გურჯიევის მოსწავლეებმა მრავალი რამ ამიხსნეს ადამიანისა და სამყაროს კანონების შესახებ. სხვა რაღაცებთან ერთად, მათ "წყალბადის ცხრილი" მიჩვენეს, მაგრამ საგრძნობლად გაფართოებული ფორმით. კერძოდ, "წყალბადების" სამი, რომელზეც გურჯიევმა ადრე გვამუშავა, თორმეტამდე იყო გაფართოებული.
ასეთ ფორმაში ცხრილი ძალიან ძნელად გასაგები იყო.
- მაგალითად, ავიღოთ მეშვიდე სკალა. - თქვა პ-მ. - აბსოლუტი აქ არის წყალბადი 96. შესაძლებელია, რომ წყალბადი 96-ის მაგალითი იყოს ცეცხლი. ამ შემთხვევაში, ცეცხლი ხის ნაჭრისთვის აბსოლუტია. ახლა შევხედოთ მეცხრე სკალას. აქ აბსოლუტი არის წყალბადი 384 ან წყალი. იგი შაქრისთვის აბსოლუტი იქნება.
მაგრამ, მე ვერ ჩავწვდი პრინციპს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ზუსტად განგვესაზღვრა, როდის გამოიყენებოდა ასეთი მასშტაბი. პ.-მ მეხუთე სკალა მიჩვენა, რომელიც პარალელურ სამყაროში სხვადასხვა დონეებს შეესაბამებოდა. მაგრამ, აქედან მაინც ვერაფერი გავიგე. იმაზე ფიქრი დავიწყე, შესაძლებელი იყო თუ არა ყველა ამ სხვადასხვა მასშტაბის განსხვავებულ კოსმოსებში გაერთიანება. ამ აზრზე ფიქრისას აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით წავედი, რომელსაც რა თქმა უნდა, სკალის განყოფილებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ამავდროულად მეჩვენებოდა, რომ საერთოდ აღარ გამაჩნდა რამენაირი გაგება "გამოსხივების სამ ოქტავაში". აქ მთავარ დაბრკოლებას სამი ძალის ურთიერთობა წარმოადგენდა: 1, 2, 3 და 1, 3, 2, ანუ ურთიერთობები "ნახშირბადს", "ჟანგბადსა" და "აზოტს" შორის.
ამავე დროს მივხვდი, რომ ეს რაღაც მნიშვნელოვანს შეიცავდა. მოსკოვიდან ისეთი უსიამოვნო განცდით წამოვედი, რომ არათუ რაღაც ახალი შევიძინე, არამედ თითქოს ძველიც დავკარგე, რაც მეგონა, რომ უკვე გავიგე.
ჩვენს ჯგუფში შევთანხმდით, რომ ნებისმიერი, ვინც მოსკოვში ჩავიდოდა და ახალ ახსნა-განმარტებებს ან ლექციებს მოისმენდა, პეტერბურგში ჩამოსვლისას ყველაფერი სხვებისთვის უნდა ეცნობებინა. მაგრამ, პეტერბურგისკენ მიმავალ გზაზე მოსკოვში მოსმენილი საუბრების ფრთხილად გადახედვისას ვიგრძენი, რომ ვერაფრის გაზიარებას შევძლებდი, რადგან ეს თავადაც არ მესმოდა. ამან გამაღიზიანა და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. პეტერბურგში ამ მდგომარეობაში ჩავედი და მეორე დღეს ჩვენს შეხვედრაზე გავეშურე.
"დიაგრამების" მაქსიმალურად გამოხატვის მცდელობებში, (როგორც ამას გურჯიევის სისტემის ნაწილს ვეძახდით), ჩემი მოგზაურობის ზოგადი შთაბეჭდილებების გადმოცემა დავიწყე. გამუდმებით ერთ რამეს ვამბობდი, თავში კი სულ სხვა რამ მიტრიალებდა: როგორ დავიწყო? რას ნიშნავს 1, 2, 3-ის გადასვლა 1, 3, 2-ში? შეიძლება თუ არა ასეთი გადასვლის მაგალითის დანახვა ჩვენთვის ცნობილ ფენომენებში?
ვგრძნობდი, რომ ახლა რაღაც სასწრაფოდ უნდა მეპოვა, რადგან თუ არ ვიპოვიდი, სხვებს ვერაფერს ვეტყოდი.
დიაგრამის დაფაზე დახატვა დავიწყე. ეს იყო ქმნილების სხივის დიაგრამა სამ ოქტავაში: აბსოლუტი-მზე-დედამიწა-მთვარე. გურჯიევის ექსპოზიციებიდან ამ ტერმინოლოგიებს უკვე მიჩვეული ვიყავით. მაგრამ, საერთოდ არ ვიცოდი, რა მეთქვა იმის გარდა, რაც უკვე ნათქვამი იყო.
უეცრად თავში ერთი სიტყვა მომივიდა, რომელმაც ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირა და ახსნა და რომელიც მოსკოვში არავის უხსენებია: "მოძრავი დიაგრამა". მივხვდი, რომ საჭირო იყო ეს დიაგრამა მოძრავად წარმომედგინა. ყოველი რგოლი ადგილებს იცვლის, როგორც ზოგიერთ მისტიურ ცეკვაში ხდება.
ეს სიტყვები იმდენად ვიგრძენი, რომ გარკვეული პერიოდი არ მესმოდა, რასაც ვამბობდი. მაგრამ, მას შემდეგ, რაც აზრებს თავი მოვუყარე, დავინახე, რომ ისინი მისმენდნენ და ყველაფერი ავხსენი, რაც შეხვედრაზე მისვლამდე ჯერ კიდეც არ მესმოდა. ამან მომცა არაჩვეულებრივად ძლიერი და მკაფიო შეგრძნება, თითქოს ჩემს თავში ახალი შესაძლებლობები, აღქმის ახალი მეთოდი და ახსნა-განმარტებებით სხვა ადამიანებისთვის გასაგებად საუბარი აღმოვაჩინე.
როგორც კი ვთქვი, რომ გარდამავალი ძალების (1, 2 3 და 1, 3 2) მაგალითები ან ანალოგები რეალურ სამყაროში უნდა მოგვეძებნა, მაშინვე დავინახე ასეთი მაგალითები ადამიანის ორგანიზმში, ასტრონომიულ სამყაროში და ტალღების მოძრაობის დინამიკაში.
ამის შემდეგ გურჯიევთან სხვადასხვა მასშტაბის შესახებ მქონდა საუბარი, რომელთა მიზანიც არ მესმოდა.
- გამოცანების ამოცნობაზე დროს ვკარგავთ. - ვთქვი მე. - უფრო მარტივი არ იქნება, რომ ამის გადაჭრაში სწრაფად დაგვეხმარო? შენ იცი, რომ ჩვენს წინაშე ბევრი სირთულეა და მათ ამ ტემპით ვერასოდეს მივაღწევთ. შენ თვითონ ძალიან ხშირად იმეორებ, რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს.
- ასე ზუსტად იმ მიზეზით ვიქცევი, რომ ცოტა დრო გვაქვს და წინ ბევრი სირთულეა. - თქვა გურჯიევმა. - თუ ამ სირთულეების გეშინია, მაშინ მომავალში საერთოდ რა იქნება? ფიქრობ, რომ სკოლებში რაიმეს დასრულებული ფორმით აძლევენ? ამას ძალიან გულუბრყვილოდ უყურებ. მზაკვარი უნდა იყო, საქმე საუბრებამდე უნდა მიიყვანო. ხანდახან ხუმრობებიდან და ისტორიებიდან რაღაცების სწავლა შეიძლება. შენ გინდა, რომ ყველაფერი მარტივი იყოს. ასე არასდროს ხდება. როცა რაღაც არ გეძლევა, უნდა იცოდე, როგორ მიიღო, საჭიროების შემთხვევაში როგორ მოიპარო, მაგრამ, რაც მთავარია, არ უნდა დაელოდო, რომ ვინმე მოვა და რამეს მოგცემს.