თავი მეთორმეტე
ჯგუფური მუშაობა ინტენსიური ხდება. თითოეული ადამიანის შეზღუდული "განმეორებადი როლები". არჩევანი საკუთარ თავზე მუშაობასა და "მშვიდ ცხოვრებას" შორის. მორჩილების სირთულეები. "დავალებების" ადგილი. გურჯიევი განსაზღვრულ დავალებას გვაძლევს. მეგობრების რეაქცია იდეების მიმართ. სისტემა ადამიანებში ავლენს საუკეთესოს ან ყველაზე უარესს. როგორ ხალხს შეუძლია სამუშაოდ მოსვლა? მომზადება. იმედგაცრუება აუცილებელია. მეგობრების გადაფასება. საუბარი "ტიპების" შესახებ. გურჯიევი მომდევნო დავალებას გვაძლევს. საკუთარი ცხოვრების ამბის გადმოცემის მცდელობები. ინტონაციები. "არსება" და "პიროვნება". გულწრფელობა. ცუდი განწყობა. გურჯიევი მპირდება, რომ ნებისმიერ კითხვას გასცემს პასუხს. "მარადიული დაბრუნება". პიროვნების არსებისგან გამიჯვნის ექსპერიმენტი. საუბარი სექსის შესახებ. სექსის როლი, როგორც მთავარი მამოძრავებელი ძალა ყოველგვარი მექანიკურობისთვის. სექსი, როგორც განთავისუფლების მთავარი შესაძლებლობა. ახალი დაბადება. სექსუალური ენერგიის ტრანსფორმაცია. სექსის ბოროტად გამოყენება. სასარგებლოა თუ არა თავშეკავება? ცენტრების სწორი მუშაობა. მუდმივი სიმძიმის ცენტრი.
1916 წლის ზაფხულის შუა რიცხვებში, ჯგუფებში მუშაობამ ახალი და უფრო ინტენსიური ფორმა მიიღო. გურჯიევი დროის უმეტეს ნაწილს პეტერბურგში ატარებდა, მოსკოვში მხოლოდ რამდენიმე დღით მიდიოდა და ორ-სამ მოსკოველ მოსწავლესთან ერთად ბრუნდებოდა ხოლმე უკან. ჩვენმა ლექციებმა და შეხვედრებმა იმ დროისთვის უკვე დაკარგა ფორმალური ხასიათი. ყველამ დავიწყეთ ერთმანეთის უკეთ გაცნობა და ჩვენი სიმცირის მიუხედავად, ძალიან აქტიურ ჯგუფად ვიქეცით, რომელიც ახალი იდეებისადმი ინტერესით და თვითშემეცნების ახალი შესაძლებლობებით იყო გაერთიანებული, რაც ჩვენს წინაშე გაიხსნა. იმ დროისთვის ოცდაათამდე ვიყავით. თითქმის ყოველ საღამოს ვხვდებოდით ერთმანეთს. რამდენჯერმე, მოსკოვიდან ჩამოსვლისას გურჯიევმა ქვეყნის გარშემო ექსკურსიები და პიკნიკები მოაწყო. განსაკუთრებით დამამახსოვრდა მწვადები, რომლებიც რატომღაც სრულიად არ შეესაბამებოდნენ პეტერბურგს. ჩემს მეხსიერებაში რჩება ოსტროვკისკენ მდინარე ნევას მეშვეობით მოგზაურობა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მივხვდი, რატომ მოაწყო გურჯიევმა ერთი შეხედვით საკმაოდ უმიზნო მოგზაურობა. მივხვდი, რომ მთელი ეს დრო გურჯიევი უკიდურესი ყურადღებით გვაკვირდებოდა. ბევრმა ჩვენგანმა ამ მოგზაურობისას საკუთარი თავის სრულიად ახლებური ასპექტები წარმოაჩინა, რომლებიც კარგად იყვნენ დაფარული პეტერბურგის ოფიციალურ შეხვედრებზე.
გურჯიევის მოსკოვის ჯგუფის მოსწავლეებთან ჩემი პირველი შეხვედრა სრულიად განსხვავებული იყო იმისგან, როდესაც ისინი პირველად ვნახე. უკვე აღარ მეჩვენებოდა, რომ ხელოვნურად იქცეოდნენ და დაზეპირებულ სიტყვებს ამბობდნენ. პირიქით, მათ ჩამოსვლას ყოველთვის მოუთმენლად ველოდი და ვცდილობდი გამერკვია, რა სახის სამუშაოსგან შედგებოდა მათი ჯგუფი, იყო თუ არა რაიმე, რასაც გურჯიევი მათ ეუბნებოდა და ჩვენ არ ვიცოდით. მათგან ბევრი რამ გავიგე, რაც შემდგომში ძალიან გამომადგა საკუთარ სამუშაოში. ჩვენ არა მხოლოდ გურჯიევისგან ვსწავლობდით, არამედ ერთმანეთისგანაც. ამაში გურჯიევის მიერ აქამდე განხილული გეგმა დავინახე და გავიგე, რასაც გულისხმობდა. გურჯიევის ჯგუფების ისეთი "სკოლის" სახით დანახვას ვიწყებდი, როგორც შუა საუკუნეების ზოგიერთ მხატვრის შემოქმედებას, რომელთაც საკუთარი "სკოლა" ჰქონდათ. ასეთ დროს მოსწავლეები მხატვართან ცხოვრობდნენ და არა მხოლოდ მისგან სწავლობდნენ, არამედ ერთმანეთსაც ასწავლიდნენ. ამავე დროს მივხვდი, რატომ ვერ მიპასუხეს გურჯიევის მოსკოველმა მოსწავლეებმა ჩვენი პირველი შეხვედრისას, ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე. მივხვდი, რამდენად გულუბრყვილო იყო ჩემი შეკითხვები: "რა იგულისხმება საკუთარ თავზე მუშაობაში?" "რას წარმოადგენს სისტემა, რომელსაც სწავლობთ?" "საიდან მოდის ეს სისტემა?" და ასე შემდეგ.
ახლა მივხვდი, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ასე უბრალოდ არ შეიძლებოდა. ადამიანმა უნდა ისწავლოს, რათა ამის გაგება დაიწყოს. მაშინ ვფიქრობდი, რომ მსგავსი კითხვების დასმის უფლება მქონდა, მაგრამ წლების შემდეგ, როდესაც ახალი წევრები მოდიოდნენ და იგივე შეკითხვებს სვამდნენ, საკუთარი თავების გვიკვირდა, რადგან მათ არ ვპასუხობდით.
მაგრამ, ახალი ხალხი მხოლოდ დიდ შეხვედრებზე ჩნდებოდა, რომელსაც გურჯიევი ატარებდა. ჩამოყალიბებულ ჯგუფთან შეხვედრები ცალკე იმართებოდა. სრულიად ნათელი იყო, ასე რატომ ხდებოდა, რადგან ასეც უნდა ყოფილიყო. უკვე ვიწყებდით თავდაჯერებულობისგან განთავისუფლებას და ადრინდელზე უკეთ ვიწყებდით გურჯიევის საფუძვლიანად გაგებას.
დიდი შეხვედრების დროს უსაზღვროდ საინტერესო იყო იმის დაკვირვება, თუ როგორ სვამდნენ ახალბედები ზუსტად იგივე კითხვებს, რასაც თავადაც ვსვამდით დიდი ხნით ადრე, შემდეგ კი ვუყურებდით, რამდენად ელემენტარულ საკითხებს ვერ იგებდნენ ისინი, ისევე როგორც ჩვენ ვერ ვიგებდით წარსულში. ახალ ადამიანებთან ამ შეხვედრებმა გარკვეული თვითკმაყოფილება მოგვანიჭა.
მაგრამ, როდესაც ისევ განცალკევებულად ვრჩებოდით გურჯიევთან, იგი ხშირად ერთადერთი სიტყვით ანადგურებდა ყველაფერს, რაც აშენებული გვქონდა და გვაიძულებდა დაგვენახა, რომ სინამდვილეში ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდით და არაფერი გვესმოდა, არც საკუთარ თავში და არც სხვებში.
- მთელი უბედურება იმაშია, რომ თქვენ გგონიათ, თითქოს გამუდმებით ერთი და იგივე ხართ. - თქვა გურჯიევმა. - მაგრამ, აბა ჩემი თვალებით დაგანახათ საკუთარი თავი. მე თქვენ სულ სხვანაირად გხედავთ. მაგალითად, ახლა რომ უსპენსკის ვუყურებ, ეს ის უსპენსკი არ არის, ვინც გუშინ იყო ჩემთან მოსული. შემდეგ თქვენ მოხვედით და დავინახე, რომ უსპენსკი სხვა ადამიანად იქცა. როდესაც მასთან მარტო ვარ, იგი სხვა ადამიანია, თქვენ მას ძალიან იშვიათად ხედავთ.
უნდა გააცნობიეროთ, რომ თითოეულ ადამიანს აქვს გარკვეული რაოდენობის "განმეორებადი როლები", რომლებსაც იგი ჩვეულებრივ გარემოებებში თამაშობს. მას ყველაფრისთვის აქვს როლი, როგორ გარემოებაშიც არ უნდა აღმოჩნდეს ცხოვრების პირობებში. ჩასვით იგი თუნდაც მხოლოდ ოდნავ განსხვავებულ გარემოებებში, რომელშიც შესაფერის როლს ვერ იპოვის და მცირე ხნით საკუთარი თავი გახდება. როლების შესწავლა თვითშემეცნების აუცილებელ ასპექტს წარმოადგენს. თითოეული ადამიანის როლი ძალიან შეზღუდულია. თუ ადამიანი ამბობს, "მე ვარ ივანი", იგი ტყუის, რადგან ასეთი "ივანიც" კი არ არის მხოლოდ ერთი: ადამიანს ხუთი ან ექვსი "ივანი" ჰყავს საკუთარ თავში. ერთი-ორი მის ოჯახში ჰყავს, კიდევ ერთი-ორი კაბინეტში (ერთი ქვეშევრდომებისთვის, ხოლო მეორე ზემდგომებისთვის), ერთი რესტორანში მყოფი მეგობრებისთვის და შესაძლოა ერთი ივანი ის იყოს, ვინც ამაღლებული იდეებით და ინტელექტუალური საუბრებით არის დაინტერესებული. სხვადასხვა დროს ადამიანი სრულად არის გაიგივებული ერთ-ერთ მათგანთან და მისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებს. როლების დანახვა, საკუთარი განმეორებადი როლების გაცნობა, განსაკუთრებით მათი შეზღუდულობის ცოდნა, უკვე ბევრის ცოდნას ნიშნავს. საქმე ის არის, რომ ამ განმეორებითი როლების მიღმა, ადამიანი თავს ძალიან უხერხულად გრძნობს, თუ რამე მაინც უბიძგებს ამ როლებიდან დროებით გამოსვლისკენ. ასეთ დროს იგი მაქსიმალურად ეცდება, რომ ისევ დაუბრუნდეს თავის ჩვეულებრივ როლებს. ადამიანი ფსკერზე ეშვება, ყველაფერი ისევ მშვენივრად მიდის და უხერხულობის და დაძაბულობის შეგრძნებაც ქრება. ასე ხდება ცხოვრებაში. მაგრამ, სამუშაოში, თვითდაკვირვების მიზნით ადამიანი უნდა შეურიგდეს უხერხულობას და დაძაბულობას, დისკომფორტისა და უმწეობის განცდას. მხოლოდ ასეთი დისკომფორტის განცდით შეუძლია ადამიანს, რომ ნამდვილად დააკვირდეს საკუთარ თავს. გასაგებია, რატომ ხდება ასე. როდესაც ადამიანი არც ერთ როლს არ თამაშობს, იგი გრძნობს, თითქოს გაშიშვლებულია. მას სცივა, რცხვენია და ყველასგან გაქცევა სურს. მაგრამ, ჩნდება კითხვა: რა სურს მას? მშვიდი ცხოვრება თუ საკუთარ თავზე მუშაობა? თუ მას მშვიდი ცხოვრება უნდა, ერთადერთ რჩევას მივცემდი: თავისი როლებიდან არასოდეს გამოვიდეს. თავს იდეალურად იგრძნობს და ყოველთვის კომფორტში იქნება. მაგრამ, თუ მას საკუთარ თავზე მუშაობა უნდა, სიმშვიდე უნდა გაანადგუროს. ორივე ერთად შეუძლებელია. ადამიანმა არჩევანი უნდა გააკეთოს. მაგრამ, არჩევანის შედეგი ძალიან ხშირად საკუთარი თავის მოტყუებაა. იგი სიტყვიერად ირჩევს მუშაობას, მაგრამ სიმშვიდის დაკარგვა არ უნდა. ამის შედეგი ის არის, რომ ორ გზას შუა არის გაჩხირული. ეს ყველაზე არასასიამოვნო სიტუაციაა. ასეთ დროს ადამიანი არც მუშაობს და არც კომფორტში იმყოფება. ადამიანისთვის ძალიან ძნელია, რომ ყველაფერი ეშმაკისკენ მოისროლოთ და ნამდვილი მუშაობა დაიწყოს. რატომ არის ამის გაკეთება ასეთი რთული? იმიტომ, რომ მისი ცხოვრება ზედმეტად მარტივია და თუნდაც თვლიდეს, თითქოს ცუდი ცხოვრება აქვს, ასეთ ცხოვრებას მაინც მიჩვეულია და ამის შეცვლა არ უნდა. ადამიანს ურჩევნია, ჰქონდეს ცუდი და ცნობილი. მაგრამ, მუშაობას მოაქვს ახალი და უცნობი. მან არ იცის, ამისგან შეიძლება თუ არა საერთოდ რაიმე სარგებლის მიღება. გარდა ამისა, ყველაზე რთული ის არის, რომ მოსწავლე მასწავლებელს უნდა დაემორჩილოს. ადამიანს რომ დამოუკიდებლად შეეძლოს სირთულეების საკუთარი თავისთვის გამოგონება და მათი გადალახვა, იგი ძალიან შორს წავიდოდა. საქმე ისაა, რომ ეს შეუძლებელია. აუცილებელია სხვის მორჩილებაში ყოფნა და მუშაობისას ზოგადი მიმართულების დაცვა, კონტროლის აღება, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანს უნდა ეკუთვნოდეს. ასეთი თანხმობის მიღწევა ყველაზე რთულია და ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაცის გაკეთება შეუძლია, სინამდვილეში კი ელემენტარულ გადაწყვეტილებასაც ვერ იცავს. რა თქმა უნდა, როდესაც იგი ასეთი ფანტაზიებისგან განთავისუფლდება და დაინახავს, თუ რა ხდება სინამდვილეში, ასეთ დროს მორჩილების სირთულე გაქრება. თუმცა, ეს მხოლოდ მუშაობის დროს შეიძლება მოხდეს. მუშაობის დაწყება და განსაკუთრებით მუშაობის გაგრძელება ძალიან რთულია, რადგან ცხოვრება ზედმეტად უდრტვინველად მიმდინარეობს. ადამიანი ისე კვდება, რომ წამითაც ვერ ახერხებს ძილისმომგვრელი ჰიპნოზიდან გამოსვლას.
ერთხელ, ჯგუფებში მუშაობის შესახებ საუბრისას, გურჯიევმა ასეთი რამ თქვა:
- მოგვიანებით ნახავთ, რომ სამუშაოში ყველას ეძლევა ინდივიდუალური დავალებები, მისი "ტიპისა" და "მთავარი თვისებების" შესაბამისად, რაც მას შესაძლებლობას მისცემს, რომ უფრო ინტენსიურად ებრძოლოს მთავარ თვისებას. მაგრამ, ინდივიდუალური დავალებების გარდა, არსებობენ დავალებები, რომლებიც ჯგუფს მთლიანობაში ეძლევა და მთელი ჯგუფი პასუხისმგებელია მის შესრულებაზე, თუმცა ზოგჯერ ჯგუფი ინდივიდუალურ დავალებებზეც არის პასუხისმგებელი. პირველ რიგში, ზოგადი დავალებები უნდა მივიღოთ. მაგალითად, აქამდე სისტემის ბუნება და მისი ძირითადი მეთოდები უნდა გაგეგოთ. თქვენ ეს იდეები იმდენად კარგად უნდა გესმოდეთ, რომ მათი სხვისთვის გადაცემა შეგეძლოთ. გახსოვთ, რომ დასაწყისში წინააღმდეგი ვიყავი ამ მოსმენილ იდეებზე გარეთ ლაპარაკთან დაკავშირებით. არსებობდა განსაზღვრული წესი, რომ არცერთ თქვენგანს, გარდა იმისა, ვისთვისაც ლაპარაკი სპეციალურად მქონდა დავალებული, სიტყვაც არ უნდა ეთქვა არავისთვის ჯგუფების, ლექციების ან იდეების შესახებ. მე თქვენ აგიხსენით, რატომაც იყო ამის გაკეთება საჭირო. თქვენ ვერ შეძლებდით აგეხსნათ სწორი ილუსტრაციით, სწორი შთაბეჭდილებით. იმის ნაცვლად, რომ ხალხისთვის ჩვენთან მოსვლის საშუალება მიგეცათ, ისინი სამუდამოდ გაიქცეოდნენ თქვენგან. მაგრამ, ახლა სიტუაცია სხვაგვარადაა. თქვენ უკვე საკმარისი გესმით. თუ თქვენ ნამდვილად ეცადეთ აქ მოსმენილის გაგებას, მაშინ მისი სხვებისთვის გადაცემა უნდა შეძლოთ. ამიტომ, ყველა თქვენგანს განსაზღვრულ დავალებას ვაძლევ.
შეეცადეთ თქვენს მეგობრებთან და ნაცნობებთან საუბრები მოცემულ თემებთან დაკავშირებით წარმართოთ. შეეცადეთ მოამზადოთ დაინტერესებულები და მათი სურვილის შემთხვევაში, აქ მოიყვანეთ. ამ ამოცანის სწორად შესრულება დაგვანახებს, რამდენად კარგად შეითვისეთ აქ მოსმენილი და ასევე იმის გარკვევასაც ისწავლით, ვისთან ღირს საუბარი და ვისთან არ ღირს, რადგან ადამიანთა უმეტესობასთან საუბარი სრულიად უსარგებლოა. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ამ იდეების მიღება და მათთან საუბარი ნამდვილად ღირს.
ამ ლექციის მომდევნო შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. ყველა ჩვენგანი სავსე იყო მეგობრებთან საუბრისას მიღებული შთაბეჭდილებებით. ყველას უამრავი კითხვა ჰქონდა და აბსოლუტურად ყველა ჩვენგანი გარკვეულწილად შემართება დაკარგული და იმედგაცრუებული ვიყავით.
ამან დაამტკიცა, რომ მეგობრები და ნაცნობები სვამდნენ ძალიან ჭკვიანურ კითხვებს, რომელზე პასუხებიც ჯგუფის უმეტეს წევრს არ გააჩნდა. მაგალითად, ისინი ითხოვდნენ მათთვის აგვეხსნა, რა მივიღეთ სამუშაოდან და რისი გაგება შევძელით "საკუთარი თავის გახსენებიდან". მეორე მხრივ, თავად მათ ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ მუდმივად იხსენებდნენ საკუთარ თავს. მათ სასაცილოდ და სრულიად უსარგებლოდ მიაჩნდათ "ქმნილების სხივი" და "შვიდი კოსმოსი". სხვებს აინტერესებდათ, ვინ ნახა ცენტრები და როგორ შეიძლებოდა მათი დანახვა. სხვები დაგვცინოდნენ, როცა ჩვენგან ესმოდათ, რომ ადამიანს არაფრის "კეთება" არ შეუძლია. ზოგიერთები ამ იდეებს "გასართობად, მაგრამ არა დამაჯერებლად" თვლიდნენ. სხვებმა თქვეს, რომ ეს იდეები რაღაც "ახალი გამოგონება" იყო. ზოგიერთი ამბობდა, რომ სისტემაში "კაცობრიობის სიყვარულზე" სიტყვაც არ იყო ნათქვამი და ასე შემდეგ.
გურჯიევი იცინოდა, როცა ჩვენს მეგობრებთან საუბრების შესახებ ვუყვებოდით.
- ეს არაფერია. - თქვა მან. - თუ თქვენ ყველაფერს გააერთიანებთ, რისი თქმაც ადამიანებს ამ სისტემის შესახებ შეუძლიათ, თავადაც აღარ დაიჯერებთ მის სერიოზულობას. სისტემას ერთი მშვენიერი თვისება აქვს: იგი ადამიანებში ავლენს საუკეთესოს ან ყველაზე უარესს. შეიძლება მთელი ცხოვრება იცნობთ ადამიანს და ფიქრობთ, რომ იგი საერთოდ არ არის ცუდი ადამიანი, პირიქით, ძალიან განათლებული და გამგები ვინმეა. შემდეგ შეეცდებით, რომ მასთან ამ იდეების შესახებ ისაუბროთ და აღმოაჩენთ, რომ იგი უიმედოდ სულელია. სხვა ადამიანზე შეიძლება ფიქრობდეთ, რომ მასში ღირებული არაფერია, მაგრამ ამ თემებზე საუბრის შემდეგ აღმოაჩინოთ, რომ ძალიან სერიოზულად აზროვნებს ამასთან დაკავშირებით.
- როგორ უნდა ამოვიცნოთ ადამიანები, რომლებსაც სამუშაოდ მოსვლა შეუძლიათ? - იკითხა ერთმა დამსწრემ.
- ის, თუ როგორ უნდა "ამოვიცნოთ", უკვე სხვა საკითხია. - თქვა გურჯიევმა. - ამისათვის გარკვეულწილად აუცილებელია, რომ "ვარსებობდეთ". მაგრამ, სანამ ამაზე ვისაუბრებთ, უნდა დავადგინოთ, რა ტიპის ადამიანებს შეუძლიათ სამუშაოდ მოსვლა, ხოლო რა ტიპის ადამიანებს არ შეუძლიათ.
უნდა გესმოდეთ, რომ ადამიანს გარკვეული მომზადება და "ბარგი" უნდა ჰქონდეს. მან უნდა იცოდეს, რისი ცოდნაც ჩვეულებრივი ეზოთერული იდეებისგან არის შესაძლებელი ფარული ცოდნის, შინაგანი შესაძლებლობების და ადამიანის ევოლუციის შესახებ. იმას ვგულისხმობ, რომ მისთვის ეს იდეები სრულიად ახლებურად არ უნდა ჟღერდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასთან საუბარი ძალიან რთულია. ასევე სასარგებლოა, თუ მას რაიმე სამეცნიერო ან ფილოსოფიური მომზადება გააჩნია. თუ ადამიანი რელიგიას კარგად იცნობს, ესეც შეიძლება სასარგებლო გამოდგეს. მაგრამ, თუ იგი რელიგიურ ფორმებზე არის მიბმული და მისი არსის გაგება არ აქვს, მაშინ ძალიან გაუჭირდება. ზოგადად, ადამიანმა იცის, მაგრამ ძალიან ცოტა, წაკითხული აქვს, მაგრამ ძალიან ცოტა, ფიქრობს, მაგრამ ძალიან ცოტას. სწორედ ამიტომ არის მასთან საუბარი ასეთი რთული. თუ ადამიანი კარგ "არსებას" ფლობს, მასთან მუშაობის სხვა გზა არსებობს, ყოველგვარი ლაპარაკის გარეშე. ამ შემთხვევაში იგი მორჩილი უნდა იყოს და თავისი ნება უნდა დათმოს. შეიძლება ითქვას, რომ ყველასთვის ერთი ზოგადი წესი არსებობს. იმისთვის, რომ ამ სისტემას სერიოზულად მივუდგეთ, ხალხი იმედგაცრუებული უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან მიმართებაში, საკუთარ ძალებში და წარსულში ნაცად გზებში. ადამიანი ვერ იგრძნობს, რა არის ამ სისტემაში ყველაზე ღირებული, თუ იგი იმედგაცრუებული არ არის იმით, რასაც აკეთებდა, რასაც ეძებდა. თუ იგი მეცნიერია, იმედგაცრუებული უნდა იყოს საკუთარი მეცნიერებით, თუ რელიგიური პიროვნებაა, იმედგაცრუებული უნდა იყოს საკუთარი რელიგიური მეცნიერებით, თუ პოლიტიკოსია, პოლიტიკით, თუ ფილოსოფოსია, ფილოსოფიით, თუ თეოსოფია, თეოსოფიით, თუ ოკულტისტია, ოკულტიზმით და ასე შემდეგ. მაგრამ, თქვენ უნდა გესმოდეთ, ეს რას ნიშნავს. თუ რელიგიური ადამიანი საკუთარი რელიგიით იმედგაცრუებულია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავისი რწმენა დაკარგოს, პირიქით, ეს ნიშნავს მხოლოდ სწავლებებში და მეთოდებში "იმედგაცრუებას" და იმის გაცნობიერებას, რომ რელიგიური სწავლება, რომელიც მისთვის არის ცნობილი, სულაც არ არის საკმარისი, იგი მას არსად მიიყვანს, თანამედროვე რელიგიები სრულიად გადაგვარებულია და შედგება ორი ნაწილისგან, დაფარულისგან და ხილულისგან. რელიგიაში იმედგაცრუება ნიშნავს ხილულში იმედგაცრუებას და დაფარულის პოვნის აუცილებლობის შეგრძნებას, რომელიც რელიგიის უცნობი ნაწილია. მეცნიერებაში იმედგაცრუება არ ნიშნავს ცოდნისადმი ინტერესის დაკარგვას, არამედ ეს ნიშნავს დარწმუნებულობას, რომ ჩვეულებრივი სამეცნიერო მეთოდები არა მხოლოდ უსარგებლოა, არამედ აბსურდული და წინააღმდეგობრივი თეორიების აგებასაც იწვევს. ფილოსოფიაში იმედგაცრუება ნიშნავს, რომ როგორც რუსულ ანდაზაშია ნათქვამი, ეს არის ერთი ცარიელი ჭურჭლიდან მეორეში სიცარიელის ჩასხმა. ადამიანებმა არც კი იციან, რას ნიშნავს ჭეშმარიტი ფილოსოფია, თუმცა ჭეშმარიტი ფილოსოფიის ცოდნა შესაძლებელია. ოკულტიზმში იმედგაცრუება არ ნიშნავს სასწაულებრივისადმი რწმენის დაკარგვას, არამედ ეს არის დარწმუნებულობა, რომ ჩვეულებრივი, ხელმისაწვდომი და თუნდაც რეკლამირებული ოკულტიზმი, რა სახელწოდებითაც არ უნდა იყოს იგი, უბრალოდ შარლატანობა და თავის მოტყუებაა, თუმცა, სადღაც რაღაც არსებობს და ადამიანმა ყველაფერი არ იცის. რისი შესწავლაც ადამიანს ჩვეულებრივი გზით შეუძლია, ის არ არის, რაც მას სჭირდება.
თუ ადამიანი იმედგაცრუების ისეთ მდგომარეობამდე მივიდა, რომელიც დასაშვები და მისაღებია, ამის შემდეგ ღირს, რომ მას ჩვენს სისტემაზე ვესაუბროთ და შეუძლია ჩვენთან მოვიდეს. მაგრამ, თუ იგი ფიქრს განაგრძობს, რომ ძველი გზებიდან ჯერ კიდევ შეუძლია რაიმეს პოვნა ან ჯერ კიდევ არ გამოუცდია შესაძლებელთაგან ყველა გზა, ან თუ ჰგონია, რომ თავად შეუძლია რაიმეს გაკეთება, ეს ნიშნავს, რომ ჯერ მზად არ არის. მე არ ვგულისხმობ, რომ მან ყველაფერი უნდა გადაყაროს, რასაც აქამდე აკეთებდა, სანამ ამის გაკეთების აუცილებლობა არ დადგება. პირიქით, ხშირად უკეთესია, რომ მან იმის კეთება განაგრძოს, რასაც აქამდე აკეთებდა, თუმცა აუცილებლად უნდა გააცნობიეროს, რომ ეს მხოლოდ პროფესია ან ჩვევაა, რომელთან "იდენტიფიკაციაც" არ შეიძლება. სამუშაოსთან შეუთავსებელი მხოლოდ ერთადერთი რამ არის და ესაა "პროფესიული ოკულტიზმი", ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროფესიული შარლატანიზმი, იქნება ეს მკურნალი, სპირიტუალისტი, ნათელმხილველი, მათთან ახლოს მყოფი ადამიანი და ასე შემდეგ. არც ერთი მათგანი ჩვენი სამუშაოსთვის სასარგებლო არ არის. თქვენ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ასეთ ადამიანებს ყველაფერი არ უთხრათ, რადგან ბევრი რამ, რასაც თქვენგან ისწავლიან, შესაძლოა საკუთარი მიზნებისთვის ან სხვა ადამიანების გასაცურებლად გამოიყენონ.
ასევე არსებობს სხვა კატეგორიებიც, რომლებიც სასარგებლონი არ არიან, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამასობაში მხოლოდ ერთი რამ დაიმახსოვრეთ: ადამიანი საკმარისად იმედგაცრუებული უნდა იყოს ჩვეულებრივი გზებისგან და მან იმავდროულად უნდა იფიქროს ან შეძლოს იმ იდეის მიღება, რომ სადღაც, რაღაც არსებობს. თუ ასეთ ადამიანს დაელაპარაკებით, მან შესაძლოა თქვენს სიტყვებში ჭეშმარიტების მარცვლები იგრძნოს, რაც არ უნდა მოუხერხებლად ლაპარაკობდეთ. თუ ისეთ ადამიანს დაელაპარაკებით, რომელიც სხვა რაღაცებშია დარწმუნებული, იგი თქვენს ნათქვამს აბსურდულად აღიქვამს და სერიოზულად არასოდეს მოგისმენთ. მასზე დროის დაკარგვა არ ღირს. ეს სისტემა მათთვისაა, ვინც უკვე ეძებდა და გადაიწვა. ვინც არ იცის და არ ეძებს, მას ეს სისტემა არ სჭირდება, ასევე არც იმათ, ვისაც საკუთარი თავი ჯერ არ გადაუწვავს.
- მაგრამ, ადამიანები ამით არ იწყებენ. - თქვა ერთ-ერთმა დამსწრემ. - ისინი გვეკითხებიან: ვაღიარებთ თუ არა ეთერის არსებობას? როგორ ვუყურებთ ევოლუციას? რატომ არ გვჯერა პროგრესის? რატომ არ ვფიქრობთ, რომ ხალხს შეუძლია ცხოვრების ორგანიზება სამართლიანობისა და საერთო სიკეთის საფუძველზე? და ასე შემდეგ.
- ყველა დასმული შეკითხვა კარგია. - თქვა გურჯიევმა. - თქვენ ნებისმიერი შეკითხვიდან შეგიძლიათ დაწყება, თუ ისინი გულწრფელები არიან. თქვენ უნდა გაიგოთ, რომ ეთერის, პროგრესის ან საერთო სიკეთის შესახებ კითხვებს ერთი მიზეზით გისვამენ: მათ უბრალოდ უნდათ, რომ რამე თქვათ, ან მათ მიერ სხვა წიგნებში წაკითხული ინფორმაცია გაიმეოროთ. მეორე მხრივ, იგი ამ კითხვებს იმიტომ სვამს, რომ მოცემული საკითხი აწუხებს. თუ ეს მისთვის მტკივნეული კითხვაა, შეგიძლიათ უპასუხოთ და ნებისმიერი კითხვის საფუძველზე მოიყვანოთ სისტემაში. მაგრამ, აუცილებელია, რომ კითხვა მტკივნეული იყოს.
ჩვენმა საუბრებმა იმ ადამიანებზე, რომლებიც შესაძლოა სისტემით იყვნენ დაინტერესებულნი და ჩვენთან მუშაობა შეეძლოთ, უნებურად მიგვიყვანა ჩვენი მეგობრების სრულიად ახლებურ შეფასებამდე. ამ მხრივ ყველამ მწარე იმედგაცრუება ვიწვნიეთ. სანამ გურჯიევი ოფიციალურად გვთხოვდა ჩვენს მეგობრებთან საუბრის დაწყებას, ამა თუ იმ გზით უკვე მოსწრებული გვქონდა მეგობრებთან სისტემის შესახებ საუბარი, რომელთაც ყველაზე ხშირად ვხვდებოდით. უმეტეს შემთხვევაში, სისტემის შესახებ ჩვენს ენთუზიაზმს ძალიან ცივად იღებდნენ. მათ ჩვენი არ ესმოდათ. იდეები, რომლებიც ჩვენთვის ახალი და ორგანული იყო, მათთვის ძველად და დამღლელად გამოიყურებოდა, რომელიც არსად მიდიოდა. ამან ჩვენ ყველაფერზე მეტად გაგვაოცა. ჩვენ გაოცებულები ვიყავით იმ ადამიანებით, რომლებთანაც შინაგან სიახლოვეს ვგრძნობდით, რომლებთანაც ადრე ყველა საკითხზე შეგვეძლო საუბარი, რაც კი გვაწუხებდა, მაგრამ ამჟამად ისინი ჩვენს მიერ შემჩნეულ ასპექტებს ვერ ხედავდნენ ან სულაც საწინააღმდეგო რაღაცას ამბობდნენ. უნდა ვთქვა, რომ ჩემმა პირადმა გამოცდილებამ, ძალიან უცნაური, მტკივნეული შთაბეჭდილება მომცა. ვსაუბრობ აბსოლუტურ შეუძლებლობაზე, რომ ადამიანებს ჩვენი ესმოდეთ. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ჩვეულებრივი საკითხების სფეროში მიჩვეულები ვართ, რომ მტრულად განწყობილ ან ვიწრო აზროვნებით შემოფარგლულ ადამიანებს ჩვენი არ ესმის, ინი ამახინჯებენ ჩვენს ნათქვამს და შეუძლიათ ისეთი აზრები მოგვაწერონ, რომლებიც არასდროს გვქონია, დაგვაბრალონ ისეთი სიტყვები, რომლებიც არასდროს გვითქვამს და ასე შემდეგ. მაგრამ, როდესაც დავინახეთ, რომ ამას ისინიც აკეთებდნენ, რომელთაც ჩვენს მსგავს ადამიანებად მივიჩნევდით, რომლებთან ერთადაც ძალიან დიდ დროს ვხარჯავდით და გვეგონა, რომ მათ ჩვენი სხვებზე უკეთ ესმოდათ, ამან ჩვენზე ძალიან დამამწუხრებელი გავლენა მოახდინა. ასეთი შემთხვევები, რა თქმა უნდა, გამონაკლისს შეადგენდა. ჩვენი მეგობრები უმეტესად გულგრილები იყვნენ და ყველა ჩვენმა მცდელობამ, რამენაირად ისინი გურჯიევის სისტემის დაგვეინტერესებინა, ფუჭად ჩაიარა. სამაგიეროდ, ზოგჯერ მათ ძალიან შთაბეჭდილებები რჩებოდათ ჩვენთან დაკავშირებით. ახლა არ მახსოვს, ჩვენი მეგობრებიდან პირველად ვინ შეამჩნია, რომ მათი მიხედვით, უარესობისკენ დავიწყეთ შეცვლა. მეგობრებს ნაკლებად საინტერესოდ მივაჩნდით, ვიდრე აქამდე ვიყავით. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ უფერულები ვხდებოდით და ყოველგვარი სპონტანურობა გვეკარგებოდა. მათი თქმით "მანქანები" ვხდებოდით, თავდაპირველ აზროვნებას აღარ მივყვებოდით და თუთიყუშივით ვიმეორებდით იმას, რასაც გურჯიევისგან ვისმენდით.
გურჯიევი დიდხანს და გულიანად იცინოდა, როცა ამის შესახებ მოვუყევით.
- მოიცადეთ, ჯერ სად ხართ, უარესი ჯერ კიდევ წინაა. - გვითხრა მან. - ის მაინც თუ გესმით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი სინამდვილეში? ეს ნიშნავს, რომ თქვენ ტყუილი შეწყვიტეთ. ყოველ შემთხვევაში, ისე კარგად აღარ იტყუებით, როგორც აქამდე, ანუ აღარ შეგიძლიათ ისე საინტერესოდ მოიტყუოთ, როგორც ადრე. საინტერესო ადამიანი ის არის, ვინც კარგად იტყუება. მაგრამ, თქვენ უკვე ტყუილის გრცხვენიათ. ახლა თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავთან ხანდახან აღიაროთ, რომ არის რაღაც, რაც არ იცით ან არ გესმით და შედეგად, აღარ შეგიძლიათ ისე ისაუბროთ, თითქოს ყველაფერი იცით. ეს რა თქმა უნდა იმას ნიშნავს, რომ ნაკლებად საინტერესო გახდით. ახლა შეგიძლიათ ნამდვილად დაინახოთ, როგორი ადამიანები გყავთ მეგობრებად. ისინი აქეთ სწუხან თქვენს ვითარებაზე. თავისებურად, ისინი მართლები არიან. თქვენ უკვე მოკვდინება დაიწყეთ. - მან ხაზი გაუსვა ამ სიტყვას. - სიკვდილამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა, მაგრამ ახლა გარკვეული იდიოტიზმისგან მაინც თავისუფლდებით. საკუთარ თავს ისე გემრიელად ვეღარ მოატყუებთ, როგორც ადრე. თქვენ ახლა ჭეშმარიტების გემო დააგემოვნეთ.
- რატომ მეჩვენება ზოგჯერ, რომ აბსოლუტურად არაფერი მესმის? - იკითხა ერთ-ერთმა დამსწრემ. - ადრე ვფიქრობდი, რომ ხანდახან რაღაცები მაინც მესმოდა, მაგრამ ახლა არაფერი მესმის.
- ეს ნიშნავს, რომ გაგება დაიწყე. - უპასუხა გურჯიევმა. - როდესაც არაფერი გესმის, შენ გგონია, რომ ყველაფერი იცი ან ნებისმიერ შემთხვევაში გგონია, რომ ყველაფერი შეგიძლია იცოდე. ახლა, როცა გაგება დაიწყე, გგონია რომ არაფერი გესმის. ეს იმიტომ ხდება, რომ გაგების გემო აქამდე შენთვის უცნობი იყო. მაგრამ ახლა, როდესაც მცირედი გაგება გეწვია, გეჩვენება, რომ საერთოდ არაფერი გესმის. აი, ეს არის სწორი გაგება.
საუბრებში ხშირად ვუბრუნდებოდით ჩვენი მეგობრების შთაბეჭდილებებს ჩვენს შესახებ და ჩვენს ახალ შთაბეჭდილებების მეგობრების შესახებ.
ერთხელ, ძალიან გრძელი და საინტერესო საუბარი გაიმართა "ტიპების" შესახებ. გურჯიევმა ყველაფერი გაიმეორა, რაც ამ თემაზე აქამდე უთქვამს, მაგრამ ასევე ბევრი ახალი დეტალიც დაამატა პერსონალურ სამუშაოსთან კავშირში.
- თითოეულ თქვენგანს, ცხოვრებაში ალბათ ერთი და იგივე ტიპის ადამიანები შეგხვედრიათ. - თქვა მან. - ასეთი ადამიანები ხშირად ერთმანეთს ფიზიკურადაც კი ჰგვანან, ხოლო საგნებთან დაკავშირებით მათი შინაგანი რეაქცია ზუსტად ერთმანეთის მსგავსია. რაც ერთს მოსწონს, მეორესაც მოეწონება. რაც ერთს არ მოსწონს, არც მეორეს მოეწონება. თქვენ ასეთი შემთხვევების შესახებ უნდა იცოდეთ, რადგან ტიპების მეცნიერების შესწავლა, მხოლოდ მათთან შეხვედრით შეგიძლიათ. სხვა მეთოდი არ არსებობს. ყველაფერი დანარჩენი, მხოლოდ წარმოსახვაა. უნდა გესმოდეთ, რომ იმ პირობებში, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, შეუძლებელია შეხვდეთ ექვს ან შვიდ ტიპზე მეტს, მაგრამ ცხოვრებაში უფრო მეტი ფუნდამენტური ტიპი არსებობს. ყველაფერი დანარჩენი, ამ ფუნდამენტური ტიპების კომბინაციას წარმოადგენს.
- სულ რამდენი ფუნდამენტური ტიპი არსებობს? - იკითხა ვიღაცამ.
- ზოგი ამბობს, რომ სულ თორმეტი ტიპი არსებობს, თორმეტი მოციქულის ლეგენდის მიხედვით - თქვა გურჯიევმა. - ისინი თორმეტ ტიპს განასახიერებენ. სხვები ამბობენ, რომ უფრო მეტი ტიპი არსებობს.
გურჯიევმა საუბარი შეწყვიტა.
- შეგვიძლია თუ არა, თორმეტივე ტიპის მახასიათებლები ვიცოდეთ? - ჰკითხა მას ერთ-ერთმა დამსწრემ.
- ამ კითხვას ველოდი. - თქვა გურჯიევმა. - არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ ტიპებზე მესაუბროს და ეს შეკითხვა არ დაესვათ ჩემთვის. თქვენ ერთი რამ არ გესმით: ამის ახსნა რომ შესაძლებელი იყოს, უკვე დიდი ხნის წინ იქნებოდა ახსნილი. მთელი საქმე იმაშია, რომ ტიპები და მათი განსხვავებები არ შეიძლება განისაზღვროს ჩვეულებრივი ენით. ხოლო იმ ენას, რომლითაც მათი განსაზღვრება ხდება, თქვენ ჯერ არ ფლობთ და კიდევ დიდი ხანი არც გეცოდინებათ. ეს ზუსტად იგივეა, რაც ორმოცდარვა კანონის შემთხვევაში. ვიღაცები უცვლელად მეკითხებიან, რა კანონები შედიან ამ ორმოცდარვა კანონში, თითქოს შესაძლებელია კანონების სიის შედგენა. თქვენ აქ გეძლევათ ყველაფერი, რისი მოცემაც შესაძლებელია, ხოლო იმის დახმარებით, რაც აქ გეძლევათ, დანარჩენი თავად უნდა მოძებნოთ. მაგრამ, ვიცი რომ ახლა ამის სათქმელად დროს ვკარგავ. თქვენ ჩემი ჯერ კიდევ არ გესმით და კიდევ დიდხანს ვერც გამიგებთ. იფიქრეთ ცოდნასა და ყოფიერებას შორის არსებულ განსხვავებაზე. არის რაღაცები, რისი გაგებისთვისაც განსხვავებული ყოფიერებაა საჭირო.
- მაგრამ, თუ ჩვენს ირგვლივ შვიდზე მეტი ტიპი არ არის, რატომ არ შეგვიძლია მათი ცოდნა? რატომ არ შეგვიძლია ვიცოდეთ, რა არის მათ შორის განსხვავება და როგორ ამოვიცნოთ და გავარჩიოთ ისინი, როდესაც მათ შევხვდებით? - იკითხა ვიღაცამ.
- თქვენ ჯერ საკუთარი თავით და იმ დაკვირვებებით უნდა დაიწყოთ, რომლებზეც ვსაუბრობთ. - უპასუხა გურჯიევმა. - ზოგიერთი თქვენგანი ფიქრობს, რომ ტიპებს ხედავს, მაგრამ ისინი, რასაც თქვენ ხედავთ, სულაც არ არიან ტიპები. ტიპების დასანახად ჯერ საჭიროა საკუთარი ტიპი ვიცოდეთ და მასთან არ-გაიგივება შეგვეძლოს. ტიპის შესაცნობად, ადამიანმა კარგად უნდა შეისწავლოს საკუთარი ცხოვრება, დასაწყისიდან მოყოლებული. ადამიანმა უნდა იცოდეს, რატომ და როგორ მოხდა ის, რასაც მის ცხოვრებაში ჰქონდა ადგილი. მინდა, რომ ყველა თქვენგანს მივცე დავალება. ეს ერთდროულად იქნება ზოგადი და ინდივიდუალური ამოცანა. დაე, ჯგუფში თითოეულმა თქვენგანმა მოგიყვეთ თავისი ცხოვრების შესახებ. ყველაფერი დეტალურად უნდა იყოს მოთხრობილი, რაიმეს დამალვისა და დათრგუნვის გარეშე. ხაზი გაუსვით ძირითად და არსებით საკითხებს, წვრილმანებზე შეჩერების გარეშე. თქვენ გულწრფელი უნდა იყოთ და არ შეგეშინდეთ, რომ სხვები რაიმეს არასწორად გაიგებენ, რადგან სინამდვილეშ ყველა ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფება. საკუთარი თავი ყველამ უნდა გაიშიშვლოთ. ყველამ ისეთად უნდა წარმოაჩინოს თავი, როგორიც არის. ეს დავალება კიდევ ერთხელ გიჩვენებთ, რომ ჯგუფის გარეთ არაფრის გატანა არ შეიძლება. ვერავინ გაბედავს ლაპარაკს, თუ ეჭვებში იქნება, რომ მის ნათქვამს გარეთაც გაიმეორებენ. ადამიანი სრულად და მტკიცედ უნდა იყოს დარწმუნებული, რომ არაფერი განმეორდება, შემდეგ კი შიშის გარეშე დაიწყებს საუბარს იმის გაგებით, რომ სხვებმაც იგივე უნდა გააკეთონ.
ცოტა ხანში გურჯიევი მოსკოვში წავიდა და მისი არყოფნისას ჩვენ სხვადასხვა გზით ვცდილობდით შეგვესრულებინა ჩვენთვის დაკისრებული ამოცანები. უპირველეს ყოვლისა, იმისათვის, რომ გურჯიევის დავალება პრაქტიკაში მარტივად გამოგვეყენებინა, ჩემი წინადადებით ზოგიერთმა ჩვენგანმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი ცხოვრების ამბავი მოგვეყოლა არა დიდ ჯგუფებში, არამედ პატარა ჯგუფებში, რომლებიც იმ ადამიანებისგან შედგებოდნენ, ვისაც სხვებზე უკეთესად ვიცნობდით.
უნდა ვაღიარო, რომ ყველა ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ზოგმა ძალიან ბევრი ილაპარაკა, დანარჩენებმა ძალიან ცოტა. ზოგიერთი ზედმეტად შედიოდა დეტალებში, რომელსაც განსაკუთრებულ და ორიგინალურ მახასიათებლებად განიხილავდნენ. სხვები საკუთარ "ცოდვებზე" და შეცდომებზე კონცენტრირდებოდნენ. მაგრამ, ამ ყველაფერმა აშკარად ვერ გამოიღო ის, რასაც გურჯიევი ელოდა. შედეგად მივიღეთ ქრონოლოგიური მოგონებები, რომლებიც არავის აინტერესებდა და ოჯახური ამბები, რომლებიც ჩვენში მთქნარებას იწვევდა. რაღაც არასწორი იყო, მაგრამ მაინც რა წარმოადგენდა პრობლემას, ისინიც კი ვერ აყალიბებდნენ, რომლებიც ცდილობდნენ ყველაზე გულწრფელები ყოფილიყვნენ. ჩემი მცდელობები მახსოვს. პირველ რიგში ვცადე გადმომეცა ადრეული ბავშვობის გარკვეული შთაბეჭდილებები, რომლებიც ფსიქოლოგიურად საინტერესოდ მეჩვენებოდა, რადგან ადრეული ბავშვობა კარგად მახსოვდა და ყოველთვის გაოგნებული ვიყავი ზოგიერთი ადრეული შთაბეჭდილებით. მაგრამ, ამით არავინ დაინტერესებულა და სწრაფად დავინახე, რომ ეს ნამდვილად არ იყო ის, რაც ჩვენგან მოითხოვებოდა. საუბარი გავაგრძელე, მაგრამ თითქმის მაშინვე დავრწმუნდი, რომ ბევრი რამ არსებობდა, რომლის მოყოლის განზრახვა საერთოდ არ გამაჩნდა. ეს საკმაოდ მოულოდნელი გაცნობიერება იყო. გურჯიევის იდეა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მივიღე და ვიფიქრე, რომ ჩემი ცხოვრების ამბის მოყოლა განსაკუთრებული სირთულის გარეშე შემეძლო. მაგრამ, სინამდვილეში ამის გაკეთება შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩემში რაღაც ისეთი მძაფრი პროტესტი წარმოიქმნა, რომ არც კი ვცდილობდი, ჩემი ცხოვრების გარკვეული პერიოდები მომეყოლა და მხოლოდ ზოგადი ფაქტების ილუსტრაციას ვახდენდი. ამასთან დაკავშირებით აღვნიშნე, რომ მოცემულ საკითხზე საუბრისას ჩემი ხმის ინტონაცია იცვლებოდა. ეს სხვა ადამიანების გაგებაში დამეხმარა. შევამჩნიე, რომ საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე საუბრისას, ისინიც სხვადასხვა ხმით და ინტონაციით საუბრობდნენ. იყო რაღაც გარკვეული სახის ინტონაცია, რომელიც პირველ რიგში საკუთარ თავში მსმენია და სწორედ ამით ვხვდებოდი, რომ ასეთ დროს საუბრისას ხალხს რაღაცის დამალვა სურდა. ინტონაციებზე დაკვირვებამ შემდგომში ბევრი სხვა რამის გაგება მომცა.
როდესაც გურჯიევი პეტერბურგში დაბრუნდა, (ამჯერად მოსკოვში ორი თუ სამი კვირით იმყოფებოდა) ჩვენი მცდელობების შესახებ მოვუყევით. მან ყველაფერი მოისმინა და სასხვათაშორისოდ დაამატა, რომ ჩვენ არ ვიცოდით, როგორ გაგვერჩია ერთმანეთისგან პიროვნება და არსება.
- პიროვნება არსების მიღმა იმალება. - თქვა მან. - ხოლო არსება პიროვნების მიღმა იმალება. ისინი ერთმანეთს უყურებენ.
- როგორ შეიძლება არსების პიროვნებისგან განცალკევება? - იკითხა ერთ-ერთმა დამსწრემ.
- როგორ უნდა გამოყოთ თქვენი საკუთარი ისეთი რამისგან, რაც თქვენი საკუთარი არ არის? - უპასუხა გურჯიევმა. - აუცილებელია ვიფიქროთ და ვიცოდეთ, საიდან მოდიან ჩვენი მახასიათებლები. ასევე აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ადამიანების უმეტესობას, ძალიან ცოტა რამ აქვს ისეთი, რაც მისი საკუთარია. ყველაფერი, რაც მათ გააჩნიათ, საკუთარი არ არის, არამედ ძირითადად მოპარული აქვთ. ყველაფერი, რასაც ისინი იდეებს, რწმენა-წარმოდგენებს, შეხედულებებს და სამყაროსეულ წარმოდგენებს უწოდებენ, სხვადასხვა წყაროდან არის მოპარული. ეს ყველაფერი ერთად აღებული, ქმნის პიროვნებას, რომელიც განზე უნდა გადგეს.
- მაგრამ, თქვენ თქვით, რომ მუშაობა პიროვნებიდან იწყება. - თქვა ვიღაცამ.
- მართალია. - უპასუხა გურჯიევმა. - ამიტომ, ზუსტად უნდა დავადგინოთ, რაზე ვსაუბრობთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ადამიანის განვითარების რომელ მომენტზე და ყოფიერების რომელ დონეზე გვაქვს საუბარი. ახლა მე ვსაუბრობდი ადამიანზე, რომელსაც სამუშაოსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ასეთი ადამიანი, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი "ინტელექტუალურ" კლასებს ეკუთვნის, მთლიანად პიროვნებისგან შედგება. უმეტეს შემთხვევაში, იგი საკუთარ არსებასთან კონტაქტს ძალიან ადრეულ ასაკში წყვეტს. ვიცნობ ოჯახების პატივცემულ მამებს, სხვადასხვა იდეებით სავსე პროფესორებს, ცნობილ ავტორებს, მნიშვნელოვან ჩინოვნიკებს, რომლებიც თითქმის მინისტრების დონეზე არიან, მაგრამ მათმა არსებამ დაახლოებით თორმეტი წლის ასაკში შეწყვიტა განვითარება. ეს არც ისე ცუდია. ზოგჯერ ხდება, რომ ხუთი-ექვსი წლის ასაკში არსების გარკვეული ასპექტები ჩერდება და შემდეგ ყველაფერი დასრულებულია. ყველაფერ დანარჩენი, რაც ამიერიდან შეიქმნება, ადამიანს აღარ ეკუთვნის. ყველაფერი განმეორებიდან, წიგნებიდან ან გამზადებული "მოდელებიდან" არის მოპარული.
ამის შემდეგ იყო ბევრი საუბარი, რომელშიც გურჯიევი ცდილობდა ჩვენთვის აეხსნა, რა იყო ჩვენთვის დასახული დავალებების შეუსრულებლობის მიზეზი, მაგრამ, რაც უფრო მეტს ვსაუბრობდით, მით უფრო ნაკლებად გვესმოდა, რა უნდოდა მას ჩვენგან.
- ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად არ იცნობთ საკუთარ თავს. - თქვა გურჯიევმა. - ეჭვიც არ მეპარება, რომ ზოგიერთ თქვენგანს მაინც გულწრფელად სურდა ჩემი დავალების შესრულება, ანუ საკუთარი ცხოვრების ამბავთან დაკავშირება. ამავდროულად, თქვენ ხედავთ, რომ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ და არც კი იცით, როგორც დაიწყოთ. გახსოვდეთ, ადრე თუ გვიან ამის გაკეთება მოგიწევთ. ეს გზაზე ერთ-ერთი პირველი ტესტია. ამის გავლის გარეშე, შორს ვერავინ წავა.
- რა არის ის, რაც ჩვენ არ გვესმის? - იკითხა ვიღაცამ.
- თქვენ არ გესმით, რას ნიშნავს იყო გულწრფელი. საკუთარი თავის და სხვების მოტყუებას იმდენად ხართ შეჩვეული, რომ აზრებს და სიტყვებს ვეღარ პოულობთ, როდესაც სიმართლის თქმა გინდათ. საკუთარი თავის შესახებ სრული სიმართლის თქმა ძალიან რთულია. მაგრამ, სანამ ამას იტყვი, მანამდე სიმართლე უნდა იცოდე. თქვენ არც კი იცით, რისგან შედგება საკუთარ თავზე არსებული სიმართლე. ოდესმე თითოეულ თქვენგანს გეტყვით, რა არის თქვენი "მთავარი თვისება". მერე ვნახოთ, გაიგებთ თუ არა.
იმ დროისთვის ერთი ძალიან საინტერესო საუბარი შედგა. ყველაფერს ძალიან ძლიერად ვგრძნობდი, რაც იმ პერიოდში ხდებოდა. განსაკუთრებით ძლიერად ვგრძნობდი, რომ მიუხედავად ყველა გაწეული ძალ-ღონისა, დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ თავს ვერ ვიხსენებდი. თავდაპირველად რაღაც წარმატებულად გამოიყურებოდა, მაგრამ მოგვიანებით ყველაფერი იკარგებოდა და თავს ძალიან ღრმა ძილში ვგრძნობდი, რომელშიც მთლიანად ვიყავი ჩაძირული. ჩემი ცხოვრების ამბავთან დაკავშირების წარუმატებლობამ და იმან, რომ არ მესმოდა, გურჯიევს ჩვენგან რა უნდოდა, კიდევ უფრო გაზარდა ჩემი ცუდი განწყობა, რომელიც ჩემს შემთხვევაში საკუთარ თავს არა დეპრესიის სახით გამოხატავდა, არამედ დიდი გაღიზიანების სახით.
ამ გაღიზიანების მდგომარეობაში ერთხელ გურჯიევთან სადოვაიას მოპირდაპირე მხარეს მდებარე რესტორანში, ოსტინოი დვორში, ლანჩზე მივედი.
- რა გჭირს დღეს? - მკითხა გურჯიევმა.
- თვითონაც არ ვიცი. - ვუპასუხე მას. - მხოლოდ იმის განცდა მაქვს, რომ ჩვენ ვერაფერს ვაღწევთ, უფრო სწორად, პირადად მე ვერაფერს ვაღწევ. სხვებზე ვერ ვილაპარაკებ. მაგრამ, მე შენი აღარ მესმის და საკითხებს ისე აღარ ხსნი, როგორც აქამდე ხსნიდი. ვგრძნობ, რომ ამ გზით არაფერი მიიღწევა.
- ცოტაც მოიცადე. - თქვა მან. - მალე საუბრები დაიწყება. ეცადე გამიგო. აქამდე თითოეული საგნისთვის ადგილის პოვნას ვცდილობდით. მალე საგნებისთვის თავიანთი სახელების დარქმევას დავიწყებთ.
გურჯიევის სიტყვები დავიმახსოვრე, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია და მასთან ლაპარაკი გავაგრძელე.
- რა მნიშვნელობა აქვს საგნებისთვის სახელების დარქმევას, როცა ერთმანეთთან ვერაფერს ვერ ვაკავშირებ? შენ არასდროს პასუხობ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებს.
- ძალიან კარგი. - მითხრა გურჯიევმა სიცილით. - გპირდები, ახლა გიპასუხებ ნებისმიერ კითხვაზე, რასაც დამისვამ, როგორც ეს ზღაპრებში ხდება ხოლმე.
ვგრძნობდი, რომ მას ამით ჩემი ცუდი განწყობიდან გამოყვანა უნდოდა და შინაგანად მისი მადლიერი ვიყავი, თუმცა ჩემში რაღაცამ უარი თქვა შერბილებაზე. უცებ გამახსენდა, რომ უპირველეს ყოვლისა მინდოდა გამეგო, რას ფიქრობდა გურჯიევი "მარადიული დაბრუნების" შესახებ, ანუ სიცოცხლის განმეორების შესახებ, როგორც ეს მე მესმოდა. ბევრჯერ ვეცადე გურჯიევთან ამ თემაზე საუბრის წამოწყება, მაგრამ იგი ყოველთვის მონოლოგის დონეზე რჩებოდა. გურჯიევი ჩუმად მისმენდა ხოლმე და მერე პასუხის ნაცვლად სხვა რამეზე იწყებდა საუბარს.
- ძალიან კარგი. - ვთქვი მე. - მითხარი რას ფიქრობ დაბრუნებაზე. არის თუ არა მასში რაიმე სიმართლე. იქნებ მთლიანად ტყუილია. იმას ვგულისხმობ, რომ ერთხელ ვცხოვრობთ და შემდეგ სამუდამოდ გავქრებით, თუ ყველაფერი უსასრულოდ მეორდება და მეორდება, ჩვენ კი უბრალოდ არ ვიცით და არც გვახსოვს, რამდენჯერ?
- განმეორების ეს იდეა არ არის სრული და აბსოლუტური ჭეშმარიტება. - თქვა გურჯიევმა. - მაგრამ, იგი ჭეშმარიტებასთან შესაძლებლის მაქსიმუმითაა დაახლოებული. ამ შემთხვევაში, ჭეშმარიტების სიტყვებით გამოხატვა შეუძლებელია. მაგრამ, რასაც შენ ამბობ, მასთან ძალიან ახლოსაა. თუ იმას გაიგებ, რატომ არ ვსაუბრობ ამ თემაზე, მაშინ კიდევ უფრო ახლოს იქნები საკითხის სრულად გაგებასთან. რა აზრი აქვს, რომ ადამიანმა განმეორების შესახებ იცოდეს, თუ თავად ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვს და ცვლილებასაც ვერ ახერხებს? თუ ასეთ ადამიანს განმეორების შესახებ ეტყვი, ამით მისი ძილის ხარისხს კიდევ უფრო გაზრდი. რატომ უნდა ეცადოს ძალისხმევის გასაწევად, როცა წინ ამდენი დრო და ამდენი შესაძლებლობაა, ფაქტობრივად, მთელი მარადისობა. რატომ უნდა შეწუხდეს იგი დღეს? ზუსტად ამიტომ, სისტემა არაფერს ამბობს განმეორების შესახებ და მხოლოდ იმ ერთ სიცოცხლეს იღებს, რომელიც ჩვენ ვიცით. თვითშეცვლისკენ სწრაფვის გარეშე სისტემას მნიშვნელობა და აზრი აღარ აქვს. საკუთარი თავის შეცვლაზე მუშაობა დღესვე უნდა დაიწყოს, ახლავე, დაუყოვნებლივ. ერთი ცხოვრების მანძილზე ყველა კანონის დანახვა შესაძლებელია. სიცოცხლის განმეორების შესახებ ცოდნა ადამიანს არაფერს შემატებს. მან უნდა დაინახოს, როგორ მეორდება თავის ცხოვრებაში ყველაფერი და სწორედ ამ ცხოვრებაში უნდა ეცადოს, რომ განმეორებისგან განთავისუფლდეს. თუ იგი რაღაც არსებითს შეცვლის საკუთარ თავში, ანუ თუ რაიმეს ნამდვილად მიაღწევს, მაშინ ეს აღარ დაიკარგება.
- მართალია თუ არა დასკვნა, რომ ყველა ტენდენცია, რომელიც იქმნება ან ყალიბდება, უნდა გაიზარდოს? - ვკითხე მას.
- დიახ და არა. ასეა უმეტეს შემთხვევაში, ისევე როგორც ეს ასეა ერთ ცხოვრებაში. თუმცა, უფრო დიდ მასშტაბზე შეიძლება ახალი ძალები შემოვიდნენ. ახლა ამაზე მეტს არაფერს გეტყვი. შენ იმაზე იფიქრე, რის თქმასაც ახლა ვაპირებ: ასეთი რაღაცები მუდმივი არ არის. გარდა ამისა, თავად ტენდენციებიც კი შეიძლება, რომ განსხვავებული იყოს. არსებობენ ტენდენციები, რომლებიც გამოჩენისთანავე მექანიკურად იწყებენ და ასევე აგრძელებენ, მაგრამ არსებობენ სხვებიც, რომელთაც მუდმივად ბიძგი სჭირდებათ, ხოლო ამ ბიძგების გარეშე მაშინვე დასუსტდებიან, საერთოდ გაქრებიან ან ოცნებებში გადაიზრდებიან, როგორც კი ადამიანი მათზე მუშაობას შეწყვეტს. უფრო მეტიც, ყველაფრისთვის არსებობს გარკვეული დრო, გარკვეული ვადა. აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობისთვის, განსაზღვრული დრო არსებობს. - მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ამ სიტყვებს.
უაღრესად დამაინტერესა ყველაფერმა, რაც გურჯიევმა მითხრა. ბევრი რამ აქამდე უკვე "მიხვედრილი" მქონდა. მაგრამ, იმ ფაქტს, რომ მან ჩემი ფუნდამენტური საფუძვლები აღიარა, ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ყველაფერმა დაუყოვნებლივ დაიწყო ერთმანეთთან დაკავშირება. ვიგრძენი, რომ "დიდებული შენობა" დავინახე, რომელზეც "ჭეშმარიტების ნაპერწკლებში" იყო საუბარი. ჩემი ცუდი განწყობა გაქრა და ვერც კი შევამჩნიე, ეს რა მომენტში მოხდა.
გურჯიევი გაღიმებული იჯდა.
- ხომ ხედავ, რა ადვილია შენი შემობრუნება. მაგრამ, იქნებ უბრალოდ ამის რომანტიზება მოვახდინე. იქნებ, განმეორება საერთოდ არ არსებობს. როგორი სანახავია, როცა მოღუშული უსპენსკი ზის და არ ჭამს, არც სვამს. "მოდი, მის გამხიარულებას ვეცადოთ", გავიფიქრე ჩემთვის. როგორ უნდა გაამხნეო ადამიანი? ერთს მხიარული ისტორიები უყვარს, მეორეს საყვარელი ჰობი. მე ვიცი, რომ უსპენსკის აქვს ასეთი ჰობი, "მარადიული დაბრუნება", ჰოდა, მეც შემოგთავაზე პასუხის გაცემა ნებისმიერ კითხვაზე. ვიცოდი, რასაც მკითხავდი.
გურჯიევის ჭაჭა ჩემზე არ მოქმედებდა. მან ახლა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მითხრა და ამას უკან ვერ დაიბრუნებდა. მისი ხუმრობის არ მჯეროდა და არც იმის დაჯერებას ვაპირებდი, რომ მარადიული დაბრუნების შესახებ ეს ყველაფერი გამოიგონა. მისი ინტონაციების გაგებაც ვისწავლე. მომავალმა მიჩვენა, რომ მართალი ვიყავი, რადგან შემდგომში მან რამდენჯერმე მოიხსენია დაბრუნების იდეა, ძირითადად იმ ადამიანების დაკარგულ შესაძლებლობებზე საუბრისას, რომლებიც სისტემას უახლოვდებოდნენ და შემდეგ შორდებოდნენ მას.
ჯგუფურად საუბრები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა. ერთხელ გურჯიევმა თქვა, რომ მას არსებისა და პიროვნების ერთმანეთისგან გამიჯვნის ექსპერიმენტის ჩატარება სურდა. ყველანი ძალიან დავინტერესდით, რადგან იგი დიდი ხნის განმავლობაში გვიპირებდა "ექსპერიმენტებს", თუმცა აქამდე არაფერი გაგვიკეთებია. მე აქ არ აღვწერ გურჯიევის მეთოდებს, არამედ აღვწერ იმ ადამიანებს, რომლებიც გურჯიევმა ექსპერიმენტების პირველი საღამოსთვის აირჩია. ერთი მათგანი ახალგაზრდა აღარ იყო და საზოგადოებაში საკმაოდ გამორჩეული ადგილი ეკავა. ჩვენს შეხვედრებზე ეს ადამიანი ხშირად საუბრობდა საკუთარ თავზე, მის ოჯახზე, ქრისტიანობაზე, ომზე და ყველა შესაძლო "სკანდალზე", რომელიც მას ეზიზღებოდა. მეორე მასზე უმცროსი იყო. ბევრი ჩვენგანი მას სერიოზულ ადამიანად არ თვლიდა. ძალიან ხშირად სულელის როლს თამაშობდა, ზოგჯერ კი გაუთავებლად შედიოდა სისტემის ზოგიერთ ასპექტთან გაუთავებელ, ფორმალურ არგუმენტებში, რომელსაც კავშირიც არ ჰქონდა მთლიან სურათთან. მისი გაგება ძალიან რთული იყო. დაბნეულად და გაუგებრად საუბრობდა, თუნდაც ყველაზე მარტივ საკითხზე, უმეტესად ერთმანეთში ურევდა სხვადასხვა თვალსაზრისის და კატეგორიის ტერმინებს.
ექსპერიმენტის დასაწყისს გამოვტოვებ.
ყველანი დიდ მისაღებში ვისხედით.
საუბარი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა.
- ახლა დააკვირდით. - დაიჩურჩულა გურჯიევმა.
უფროსი მამაკაცი, რომელიც რაღაცაზე გაცხარებული ლაპარაკობდა, უცებ წინადადების შუაში გაჩერდა, თითქოს სავარძელში ჩაიძირა და მის წინ სივრცეს ჩააცქერდა. გურჯიევმა ნიშანი მოგვცა და ჩვენ საუბარი განვაგრძეთ, რა დროსაც ამ კაცს არ ვუყურებდით. უმცროსმა ბიჭუნამ ლაპარაკის მოსმენა დაიწყო და შემდეგ თავადაც გაგვესაუბრა. ყველა ჩვენგანმა გაკვირვებით დავიწყეთ ერთმანეთისთვის შეხედვა. მისი ხმა სხვანაირი გახდა. მან საკუთარ თავზე რამდენიმე მკაფიო დაკვირვება გვიამბო, მარტივად და გადაგებად, ზედმეტი სიტყვების გარეშე, ექსტრავაგანტური გამოხტომების გარეშე. შემდეგ გაჩუმდა. სიგარეტს ეწეოდა და აშკარად რაღაცაზე ფიქრობდა. პირველი უძრავად იჯდა, ბურთივით იყო მოკუნტული.
- ჰკითხეთ, რაზე ფიქრობს. - ჩუმად გვითხრა გურჯიევმა.
- მე? - უფროსმა მამაკაცმა თავი ისე წამოსწია, თითქოს ახლა გაეღვიძა. - არაფერზე.
მან სუსტად გაიღიმა და მოიბოდიშა, თითქოს გაკვირვებული იყო, რატომ დაუსვეს ასეთი შეკითხვა.
- ახლა ომზე ლაპარაკობდით. - თქვა ერთ-ერთმა ჩვენგანმა. - რა მოხდება, თუ გერმანელებთან მშვიდობა გვექნება? ისევ ისე ფიქრობთ, როგორც ცოტა ხნის წინ?
- ნამდვილად არ ვიცი. - თქვა მან გაურკვეველი ხმით. - ეს მე ვთქვი?
- დიახ, რა თქმა უნდა. თქვენ ახლახან თქვით, რომ ყველა ჩვენგანი ვალდებული იყო, ამაზე ეფიქრა და არავის ჰქონდა უფლება, ომი დაევიწყებინა. ყველას უნდა ჰქონდეს გარკვეული აზრი: ომის მომხრედ ყოფნა ან ომის წინააღმდეგ ყოფნა.
მამაკაცი ისე უსმენდა, თითქოს საერთოდ ვერ იგებდა, რის შესახებ მიდიოდა საუბარი.
- მართლა? - თქვა მან. - რა უცნაურია, ამის შესახებ არაფერი მახსოვს.
- კარგით, მაგრამ ნუთუ არ გაინტერესებთ?
- არა, საერთოდ არ მაინტერესებს.
- ხომ არ ფიქრობთ იმ ყველაფრის შედეგებზე, რაც ახლა ხდება. რა შედეგები დადგება რუსეთისთვის, მთელი ცივილიზაციისთვის?
მან უარის ნიშნად თავი გააქნია, თითქოს რაღაცას ნანობდა.
- არ მესმის, რაზე საუბრობთ. - თქვა მან. - მე ეს არ მაინტერესებს და ამის შესახებ არაფერი ვიცი.
- კარგით. თქვენ ოჯახზე ისაუბრეთ. უფრო მარტივი არ იქნება, თუ ისინი ჩვენი იდეებით დაინტერესდებიან და სამუშაოს შეუერთდებიან?
- დიახ, ალბათ. - ისევ გაურკვეველი ხმით. - მაგრამ, ამაზე რატომ უნდა ვიფიქრო?
- კარგით. თქვენ თქვით, რომ იმ უფსკრულის გეშინოდათ, რომელიც თქვენსა და თქვენს ოჯახს შორის იწყებდა წარმოქმნას.
პასუხი არ არის.
- რას ფიქრობთ ახლა ამაზე?
- ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ.
- ვინმემ რომ გკითხოთ, "ახლა რა გინდათ?", რას უპასუხებდით?
ისევ გაკვირვებული მზერა.
- მე არაფერი მინდა.
- მაგრამ, კარგად დაფიქრდით, რა გინდათ?
მის გვერდით პატარა მაგიდაზე დაუმთავრებელი ჩაის ჭიქა იდგა. მან ჭიქას დიდი ხნის განმავლობაში უყურა, თითქოს რაღაცას ფიქრობდა. შემდეგ გარშემო ორჯერ მიმოიხედა, ისევ ჭიქას შეხედა და ისეთი სერიოზული ინტონაციით დაილაპარაკა, რომ ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ:
- ვფიქრობ, ალბათ ჟოლოს ჯემი მომეწონება.
- რატომ უწყობთ მას დაკითხვას? - წარმოთქვა ხმამ მეორე კუთხიდან, რომელიც ძლივს გვეცნო.
ეს ახალგაზრდა ბიჭი იყო, მეორე "ექსპერიმენტი".
- ვერ ხედავთ, რომ სძინავს?
- და შენ? - ჰკითხა ერთ-ერთმა ჩვენგანმა.
- მე პირიქით, ახლა გამეღვიძა.
- რატომ სძინავს ამ მამაკაცს, თუ თავად ამბობ, რომ გღვიძავს?
- არ ვიცი.
ამით ექსპერიმენტი დასრულდა.
მეორე დღეს არცერთ მათგანს არაფერი ახსოვდა. გურჯიევმა აგვიხსნა, რომ ახალგაზრდა მამაკაცში ყველა აჟიოტაჟი, განგაში და გაუგებარი საუბარი, ანუ მისი ჩვეულებრივი საუბრის მანერა, მის პიროვნებაში იმყოფებოდა. როდესაც მის პიროვნებას ეძინა, პრაქტიკულად არაფერი რჩებოდა. მეორე, უფროსი მამაკაცის პიროვნებაშიც დიდი რაოდენობით იყო ზედმეტი ლაპარაკი, მაგრამ, პიროვნების უკან იდგა არსება, რომელიც პიროვნების დაძინებისას გამოდიოდა თავის ადგილზე, რომელზეც მას გაცილებით მეტი უფლება ჰქონდა.
- გაითვალისწინეთ, რომ მისი ჩვევის საპირისპიროდ, იგი ძალიან ცოტას ლაპარაკობდა. - თქვა გურჯიევმა. - მაგრამ, ის ყველას და ყველაფერს აკვირდებოდა. მის ყურადღებას არაფერი გამორჩენია.
- მაგრამ, რა სარგებელი მოაქვს ამას, თუ უკვე აღარაფერი ახსოვს? - თქვა ერთ-ერთმა ჩვენგანმა.
- არსებას ახსოვს, მაგრამ პიროვნებამ დაივიწყა, რადგან თუ იგი რაიმეს დაიმახსოვრებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს გარყვნიდა და ამას საკუთარ თავს მიაწერდა.
- ეს ერთგვარი შავი მაგიაა. - თქვა ერთ-ერთმა ჩვენგანმა.
- მოითმინეთ და ამაზე უარესს ნახავთ. - უპასუხა გურჯიევმა.
ტიპებზე საუბრისას გურჯიევმა ერთხელ ასეთი რამ თქვა:
- შეგიმჩნევიათ, რამდენად დიდ როლს თამაშობს ტიპები ქალის და კაცის ურთიერთობაში?
- მე შევამჩნიე, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველა მამაკაცი გარკვეული ტიპის ქალებთან არის კონტაქტში და ყველა ქალიც თავის მხრივ გარკვეული ტიპის მამაკაცებთან არის კონტაქტში. - ვთქვი მე. - თითქოს ყველა მამაკაცისთვის ქალის ტიპი წინასწარ არის განსაზღვრული და ყველა ქალისთვის მამაკაცის ტიპიც ასევეა მოწყობილი.
- ამაში დიდი სიმართლე დევს. - თქვა გურჯიევმა. - მაგრამ, ეს ცხადია, ძალიან ზოგადად არის ფორმულირებული. სინამდვილეში თქვენ არ გინახავთ მამაკაცებისა და ქალების ტიპები, არამედ მხოლოდ მოვლენების ტიპებთან გქონიათ შეხება. ის, რაზეც მე ვსაუბრობ, ეხება რეალურ ტიპს, ანუ არსებას. ხალხი რომ თავიანთი არსებით ცხოვრობდეს, ყოველთვის იპოვის მეორე ტიპს და არასწორი ტიპები ერთმანეთს არასოდეს შეხვდებიან. მაგრამ, ადამიანები თავიანთ პიროვნებაში ცხოვრობენ. პიროვნებას საკუთარი გემოვნება და ინტერესები გააჩნია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არსების გემოვნებასთან და ინტერესებთან. პიროვნება ჩვენს შემთხვევაში ცენტრების არასწორი მუშაობის შედეგია. ამ მიზეზით, პიროვნებას შეუძლია არ მოსწონდეს ზუსტად ის, რაც არსებას მოსწონს და მოსწონდეს ის, რაც არსებას არ მოსწონს. აქ იწყება ბრძოლა არსებასა და პიროვნებას შორის. არსებამ იცის, რა უნდა, მაგრამ ამას ვერ ხსნის. პიროვნებას არსების მოსმენა არ სურს და მას არასდროს ითვალისწინებს. პიროვნებას საკუთარი სურვილები აქვს. იგი თავისებურად მოქმედებს. მაგრამ, მისი ძალაუფლება ამ მომენტის იქით აღარ გრძელდება. ამის შემდეგ, ამა თუ იმ გზით, არსებამ და პიროვნებამ ერთად უნდა იცხოვრონ. მათ ერთმანეთი სძულთ. ამაში დახმარება შეუძლებელია. ასე თუ ისე, სხვა ტიპი უპირატესობას იძენს და ის წყვეტს, როგორ უნდა წარიმართოს ქმედება.
ამის შედეგად, ვერაფერი გაკეთდება რაიმე მიზეზით ან წინასწარ გამოთვლით. არც ე.წ. "სიყვარული" უშველის რამეს, რადგან ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით, მექანიკურ ადამიანს სიყვარული არ შეუძლია - მას ან უყვარს, ან არ უყვარს.
ამავდროულად, სექსი უზარმაზარ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში მექანიკურობის შენარჩუნებისთვის. ყველაფერი, რასაც ადამიანები აკეთებენ, სექსთან არის დაკავშირებული. პოლიტიკა, რელიგია, ხელოვნება და თეატრი, მუსიკა - ეს ყველაფერი სექსია. როგორ ფიქრობთ, ხალხი თეატრში რაიმე ახლის სანახავად ან ეკლესიაში სალოცავად დადის? ეს ასე მხოლოდ გარეგნულად გამოიყურება. სინამდვილეში, თეატრში და ეკლესიაში ბევრი კაცი და ქალი დადის. სწორედ ეს არის ყველანაირი თავშეყრის სიმძიმის ცენტრი. როგორ ფიქრობთ, რა დაჰყავს ხალხს კაფეებში, რესტორნებში, სხვადასხვა დღესასწაულებზე? მხოლოდ ერთი რამ: სექსი. ეს არის ყოველგვარი მექანიკური ძალის მთავარი მოტივი. ყველა სახის ძილი, ყველანაირი ჰიპნოზი მასზეა დამოკიდებული.
თქვენ უნდა შეეცადოთ იმის გაგებას, რასაც ვგულისხმობ. მექანიკურობა განსაკუთრებით საშიშია, როდესაც ადამიანები მის ახსნას სხვა მიზეზებით ცდილობენ და არა იმით, რაც მას სინამდვილეში წარმოშობს. როდესაც სექსი საკუთარი თავისთვის ცნობიერია და საკუთარ თავს სხვა რამით არ ფარავს, ეს აღარ არის იგივე მექანიკა, რომლის შესახებაც მე ვლაპარაკობ. პირიქით, სექსი, რომელიც თავისთავად არსებობს და არაფერზეა დამოკიდებული, უკვე დიდი მიღწევაა. მაგრამ, ბოროტება იმაშია, რომ ადამიანი მუდმივად თავს იტყუებს!
- მაშინ, რა უნდა შეიცვალოს ან რა არ უნდა შეიცვალოს ასეთ დროს? - იკითხა ვიღაცამ.
გურჯიევს გაეღიმა.
- ეს არის ის, რასაც ხალხი ყოველთვის კითხულობს. - თქვა მან. - რა თემაზეც არ უნდა მიდიოდეს ლაპარაკი, ხალხს ყოველთვის აინტერესებს: როგორ უნდა შეიცვალოს ასეთი რამ? რა უნდა გაკეთდეს ასეთ შემთხვევაში? თითქოს რაიმეს შეცვლა შესაძლებელი იყოს, თითქოს რაიმეს გაკეთება შეუძლიათ. აქამდე ის მაინც უნდა გაგეგოთ, რამდენად გულუბრყვილოა მსგავსი კითხვები. ეს მდგომარეობა კოსმოსურმა ძალებმა შექმნეს და სწორედ ისინი აკონტროლებენ ყველაფერს. ახლა თქვენ მეკითხებით: რა უნდა შეიცვალოს? მამა ღმერთიც კი ვერაფერს შეცვლის! გახსოვთ, რა ითქვა ორმოცდარვა კანონის შესახებ? მათი შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილისგან განთავისუფლება შესაძლებელია, ანუ არსებობს ამ მდგომარეობის შეცვლის შესაძლებლობა, რათა ზოგადი კანონებისგან თავი დავაღწიოთ. უნდა გესმოდეთ, რომ თავად ზოგადი კანონი ვერ შეიცვლება, მაგრამ შესაძლებელია შეიცვალოს თქვენი პოზიცია, ამ კანონთან მიმართებაში. ზოგადი კანონისგან თავის დაღწევა შეიძლება. ეს უნდა მოხდეს, რადგან სექსუალური ენერგიის ძალაში მრავალი განსხვავებული შესაძლებლობა იმალება. სექსი არის მონობის მთავარი მიზეზი და ასევე განთავისუფლების მთავარი შესაძლებლობა. სწორედ ეს უნდა გაიგოთ.
"ახალი დაბადება", რომლის შესახებაც ადრე ვისაუბრეთ, ისევე არის დამოკიდებული სექსუალურ ენერგიაზე, როგორც სექსუალური ენერგია არის დამოკიდებული ფიზიკურ დაბადებაზე და სახეობების გამრავლებაზე.
წყალბადი სი 12 განასახიერებს წყალბადს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში საკვების ტრანსფორმაციის საბოლოო პროდუქტს განასახიერებს. ეს არის მატერია, რომელიც სექსით მუშაობს და რომელსაც სექსი აწარმოებს. ეს არის "სპერმა".
წყალბადი სი 12 შესაძლოა შემდეგი ოქტავის დო-ში დამატებითი ბიძგის საშუალებით გადავიდეს. მაგრამ, ეს ბიძგი შესაძლოა ორმაგი ხასიათის იყოს და განსხვავებული სახის ოქტავების განვითარება დაიწყოს: ერთი ორგანიზმის გარეთ, რომელიც სი-ს გამოიმუშავებს, ხოლო მეორე თავად ორგანიზმში. მამრობითი და მდედრობითი სქესის სი 12-ის კავშირით და ყველაფრით რაც მას თან ახლავს, დამოუკიდებლად ვითარდება ახალი ოქტავა, როგორც ახალი ორგანიზმი ან ახალი სიცოცხლე.
ეს არის სი 12-ის გამომუშავების ნორმალური და ბუნებრივი გზა. მაგრამ, ამავე დროს, ორგანიზმს გააჩნია შემდგომი შესაძლებლობაც: ეს არის ახალი ცხოვრების შექმნის შესაძლებლობა რეალურ ორგანიზმში, რომელშიც სი 12 იყო წარმოებული, რაც ორი პრინციპის, მდედრობითი და მამრობითი პრინციპების გაერთიანების გარეშე წარმოიქმნება. შემდეგ, ორგანიზმში და არა მის გარეთ, ვითარდება ახალი ოქტავა, რომელიც "ასტრალური სხეულის" დაბადებას იწვევს. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ასტრალური სხეული იბადება იმავე მასალისგან, იგივე მატერიისგან, რომლისგანაც ფიზიკური სხეული იბადება. განსხვავება მხოლოდ პროცესში მდგომარეობს. მთელი ფიზიკური სხეული, მთელი მისი უჯრედები, ასე ვთქვათ, გაჟღენთილია სი 12-ის მატერიის ემანაციებით, ხოლო როდესაც ისინი საკმაოდ გაჯერდებიან, სი 12-ის მატერია კრისტალიზაციას იწყებს. ამ მატერიის კრისტალიზაცია წარმოადგენს ასტრალური სხეულის ფორმირებას.
სი 12-ის მატერიის ორგანიზმში თანდათანობით გაჯერება არის სწორედ ის, რასაც ალქიმიკოსები ტრანსმუტაციას ან ტრანსფორმაციას უწოდებენ. ეს არის ფიზიკური სხეულის ასტრალურ სხეულად ტრანსფორმაცია, რომელსაც ალქიმია "უხეშის" "წმინდად" გარდაქმნას ან უხეში ლითონების ოქროდ გარდაქმნას უწოდებს.
დასრულებული ტრანსმუტაცია, ანუ ასტრალური სხეულის ფორმირება შესაძლებელია მხოლოდ ჯანმრთელ, ნორმალურად მოქმედ ორგანიზმში. ავადმყოფ, გარყვნილ ან დაშლილ ორგანიზმში რამენაირი ტრანსმუტაციის განხორციელება შეუძლებელია.
- სექსუალური თავშეკავება აუცილებელია? ზოგადად, სასარგებლოა თუ არა სექსუალური თავშეკავება საკუთარ თავზე მუშაობისთვის?
- აქ რამდენიმე კითხვა ჩანს. - თქვა გურჯიევმა. - პირველ რიგში, ტრანსმუტაციისთვის სექსუალური თავშეკავება მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში არის საჭირო, ანუ გარკვეულ ადამიანურ ტიპებში. სხვებისთვის ეს საერთოდ არ არის საჭირო. მაგრამ, ეს სხვების შემთხვევაშიც თავისთავად მოდის, როდესაც ტრანსმუტაცია იწყება. უფრო გარკვევით ავხსნი. გარკვეული ტიპებისთვის ტრანსმუტაციის დასაწყებად აუცილებელია ხანგრძლივი და სრული სექსუალური თავშეკავება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხანგრძლივი და სრული სექსუალური თავშეკავების გარეშე ტრანსმუტაცია არ დაიწყება. მაგრამ, როგორც კი ტრანსმუტაცია დაიწყება, თავშეკავება საჭირო აღარ არის. სხვა შემთხვევებში, ანუ სხვა ტიპებთან, ტრანსმუტაცია შეიძლება ნორმალური სექსუალური ცხოვრების პირობებში დაიწყოს. ისეც შეიძლება, რომ ტრანსმუტაცია ადრე დაიწყოს და დიდი სექსუალური ენერგიის ხარჯვით უკეთესადაც გაგრძელდეს. მესამე შემთხვევაში ტრანსმუტაციის დასაწყისი თავშეკავებას არ მოითხოვს. მაგრამ, დაწყების შემდეგ, ტრანსმუტაცია იღებს მთელ სექსუალურ ენერგიას და ნორმალურ სექსუალურ ცხოვრებას წყვეტს ან ძალიან ბევრი სექსუალური ენერგიის ხარჯვას იწყებს.
- მეორე კითხვა: სასარგებლოა თუ არა სექსუალური თავშეკავება სამუშაოსთვის?
- სასარგებლოა იმ შემთხვევაში, თუ თავშეკავებას ყველა ცენტრში აქვს ადგილი. თუ თავშეკავებას მხოლოდ ერთ ცენტრში აქვს ადგილი, მაგრამ სხვა ცენტრების ფანტაზიებში გამუდმებით ძუძუებზე ფიქრობთ, მაშინ ამაზე უარესი არაფერი არსებობს. უფრო მეტიც, თავშეკავება შეიძლება სასარგებლო იყოს, თუ ადამიანმა იცის, რა მოუხერხოს იმ ენერგიას, რომელსაც თავშეკავებით ზოგავს. თუ მან არ იცის, რა გააკეთოს ამ ენერგიით, მაშინ თავშეკავება არაფერს მოუტანს.
- ზოგადად რომ ვთქვათ, რა არის ამ მხრივ ცხოვრების ყველაზე სწორი ფორმა, მუშაობის თვალსაზრისით?
- ამის თქმა შეუძლებელია. ვიმეორებ, სანამ ადამიანს ცოდნა არ ექნება, უკეთესია თუ არაფრის გაკეთებას ეცდება. სანამ მას ახალი და ზუსტი ცოდნა ექნება, სავსებით საკმარისი იქნება თუ მის ცხოვრებას ჩვეული წესებითა და პრინციპებით უხელმძღვანელებს. თუ ადამიანი ამ სფეროში აქტიურობას დაიწყებს, ფსიქოზის გარდა არაფერს მიიღებს. უნდა გვახსოვდეს, რომ სექსთან დაკავშირებით მხოლოდ სრულიად ნორმალურ დამოკიდებულების მქონე ადამიანს შეუძლია სამუშაოში რაიმე შანსი გააჩნდეს. ნებისმიერი სახის "ორიგინალურობა", უცნაური სურვილები ან გემოვნება, ასევე შიშები, რომლებიც მუდმივად მუშაობენ ბუფერებზე, თავიდანვე უნდა განადგურდეს. თანამედროვე განათლება და თანამედროვე ცხოვრება ქმნის სექსუალური ფსიქოპათების უზარმაზარ რაოდენობას. სამუშაოში მათ არანაირი შანსი არ აქვთ.
ზოგადად, სექსუალური ენერგიის დახარჯვის მხოლოდ ორი სწორი გზა არსებობს - ნორმალური სექსუალური ცხოვრება და ტრანსმუტაცია. ორივე სფეროში ყველანაირი გამოგონება ძალიან საშიშია.
ადამიანები სექსუალურ თავშეკავებას უხსოვარი დროიდან ცდილობდნენ. ხანდახან, ძალიან იშვიათად, ეს რაღაც შედეგს იწვევდა, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში იგი ნორმალურ შეგრძნებებს არანორმალურ შეგრძნებებად გარდაქმნიდა, რადგან არანორმალურის დამალვა უფრო ადვილია. მაგრამ, ახლა ამაზე საუბარი არ მსურს. უნდა გესმოდეთ, სად იმალება მთავარი ბოროტება, ის რაც მონობას ქმნის. ეს არ იმყოფება თავად სექსში, არამედ სექსის ბოროტად გამოყენებაში. მაინც რას ნიშნავს სექსის ბოროტად გამოყენება, ისევ გაუგებარია. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს ზედმეტ სექსს ან გარყვნილებას ნიშნავს. თუმცა, ესენი სექსის ბოროტად გამოყენების შედარებით მსუბუქი ფორმები არიან. აუცილებელია ადამიანური მანქანის ძალიან კარგად ცოდნა, რათა ჩავწვდეთ, რას ნიშნავს სინამდვილეში სექსის ბოროტად გამოყენება, ამ სიტყვების რეალური მნიშვნელობით. ეს ნიშნავს ცენტრების არასწორ მუშაობას სექსთან მიმართებაში, ანუ სექსუალური ცენტრის მოქმედებას სხვა ცენტრების მეშვეობით, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სექსუალური ცენტრის მოქმედებას სხვა ცენტრებიდან ნასესხები ენერგიით, ხოლო სხვა ცენტრების მუშაობას სექსუალური ცენტრიდან ნასესხები ენერგიით.
- შეიძლება თუ არა, რომ სექსუალური ცენტრი დამოუკიდებელ ცენტრად ჩაითვალოს? - იკითხა ერთ-ერთმა დამსწრემ.
- შეიძლება. ამავდროულად, თუ უკვე ნათქვამს ერთიანობაში ავიღებთ, სექსი შეიძლება ჩაითვალოს მამოძრავებელი ცენტრის გამანეიტრალებელ ნაწილად.
- რა წყალბადებით მუშაობს სექსუალური ცენტრი? - იკითხა მეორემ.
ეს კითხვა დიდი ხნის განმავლობაში გვაინტერესებდა, მაგრამ აქამდე ვერ ვახერხებდით პასუხის მიღებას. გურჯიევს აქამდე ამაზე პირდაპირი პასუხი არასდროს გაუცია.
- სექსუალური ცენტრი მუშაობს წყალბად 12-თან. მაგრამ ფაქტია, რომ იგი ძალიან იშვიათად მუშაობს მისთვის სათანადო წყალბადით. სექსუალური ცენტრის დარღვევები განსაკუთრებულ შესწავლას მოითხოვს.
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვეულებრივ, სექსუალურ ცენტრში, ისევე როგორც უმაღლეს ემოციურ და უმაღლეს ინტელექტუალურ ცენტრში, უარყოფითი მხარე არ არსებობს. ყველაში სხვა ცენტრში, გარდა უმაღლესი ცენტრებისა, ანუ ინტელექტუალურ, ემოციურ, ინსტინქტურ და მამოძრავებელ ცენტრებში, ორი ნახევარი არსებობს - დადებითი და უარყოფითი, დადასტურება და უარყოფა, დიახ და არა. სექსუალურ ცენტრში ასეთი დაყოფა არ არსებობს. მასში არ არის დადებითი და უარყოფითი მხარეები, არც უსიამოვნო შეგრძნებები ან უსიამოვნო ემოციები. სექსუალურ ცენტრში არის მხოლოდ სასიამოვნო სენსაცია, სასიამოვნო შეგრძნება, ან სრულიად არაფერი, აბსოლუტური გულგრილობა. მაგრამ, ცენტრების არასწორი მუშაობის შედეგად ისე ხდება, რომ სექსუალური ცენტრი ემოციური ან ინსტინქტური ცენტრების ნეგატიურ ნაწილების იღებს. სექსუალურ ცენტრთან ნებისმიერი სტიმულაციის შემდეგ, იგი ძალიან უსიამოვნო გრძნობებს აღძრავს. ადამიანები, რომლებიც უსიამოვნო გრძნობებს და შეგრძნებებს განიცდიან სექსუალურ ცენტრთან დაკავშირებული წარმოსახვებით, ამას დიდ სათნოებად ასაღებენ. სინამდვილეში, ეს უბრალოდ დაავადებაა. სექსთან დაკავშირებით ყველაფერი უნდა იყოს სასიამოვნო ან გულგრილი. უსიამოვნო გრძნობები და შეგრძნებები ემოციური ან ინსტინქტური ცენტრებიდან მოდიან.
ეს არის სექსის ბოროტად გამოყენება. გარდა ამისა, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ სექსუალური ცენტრი მუშაობს წყალბად 12-თან. ეს ნიშნავს, რომ იგი ყველა დანარჩენ ცენტრზე სწრაფი და ძლიერია. ფაქტობრივად, სექსუალური ცენტრი ყველა ცენტრს მართავს. ჩვეულებრივ გარემოებებში, როდესაც ადამიანს არც ცნობიერება გააჩნია და არც ნება, სექსუალურ ცენტრს ბუფერები ფლობენ. ბუფერებს შეუძლიათ მთლიანად აღკვეთონ სექსუალური ცენტრი ან მისი ნორმალური გამოვლინება შეაჩერონ. მაგრამ, ბუფერებს არ შეუძლიათ სექსუალური ცენტრის ენერგიის განადგურება. ენერგია ნარჩუნდება და იგი სხვა ცენტრებში გადადის, რომელთა მეშვეობითაც საკუთარ თავს გამოხატავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სხვა ცენტრები სექსუალურ ცენტრს ენერგიას ართმევენ, რომელსაც ეს უკანასკნელი თავად არ იყენებს. სექსუალური ცენტრის ენერგია ინტელექტუალურ, მამოძრავებელ და ინსტინქტურ ცენტრებში შესაძლებელია ამოვიცნოთ კონკრეტული "გემოთი", განსაკუთრებული ენთუზიაზმით და სიმძაფრით, რომელსაც საქმიანობის ბუნება არ მოითხოვს. ინტელექტუალური ცენტრი წიგნებს წერს, მაგრამ სექსუალური ენერგიით იგი არა მხოლოდ ფილოსოფიით, მეცნიერებით ან პოლიტიკით არის დაკავებული, არამედ ყოველთვის რაღაცას ებრძვის, კამათობს, კრიტიკოსობს, ახალ სუბიექტურ თეორიებს ქმნის. ემოციური ცენტრი ქადაგებს ქრისტიანობას, თავშეკავებას, ასკეტიზმს, ასევე ცოდვის, ჯოჯოხეთის შიშს და ათასგვარ საშინელებას. ცოდვილთა ტანჯვა, მარადიული ცეცხლი, ეს ყველაფერი სექსუალური ცენტრის ენერგიით ხდება... მეორე მხრივ, იგი იმავე ენერგიით ძარცვავს, რევოლუციებს აწყობს, ატყუებს და კლავს. მამოძრავებელი ცენტრი დაკავებულია სპორტით, ქმნის სხვადასხვა რეკორდებს, მთებზე დაცოცავს, მოძრაობს, თუმცა სექსუალურ ცენტრთან განსაკუთრებულ სიმძაფრეს იძლევა, რაც სამუშაოს უსარგებლოს ხდის. არც ერთ ცენტრს არ შეუძლია რაიმე სასარგებლოს შექმნა სექსუალური ცენტრის ენერგიით. ეს არის სექსის ბოროტად გამოყენების მაგალითი.
მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი ასპექტია. მეორე ასპექტი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც სექსუალური ცენტრის ენერგია სხვა ცენტრების მიერ იძარცვება და უსარგებლო სამუშაოზე იხარჯება, ასეთ დროს თავად სექსუალურ ცენტრს არაფერი რჩება საკუთარი თავისთვის და იძულებულია, რომ სხვა ცენტრებიდან აიღოს ენერგია, რომლებიც ბევრად უფრო დაბალ და უხეშ ენერგიას აწარმოებენ, ვიდრე თავად ქმნის. სექსუალური ცენტრი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის ზოგადი აქტივობისთვის და შინაგანი ზრდისთვის, რადგან წყალბად 12-თან მუშაობისას მას შეუძლია მიიღოს შთაბეჭდილებების ძალიან კარგი საკვები, რომელსაც ვერც ერთი ჩვეულებრივი ცენტრი ვერ იღებს. შთაბეჭდილებების კარგი საკვები ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლესი წყალბადების წარმოქმნისთვის. მაგრამ, როდესაც სექსუალური ცენტრი ისეთი ენერგიით მუშაობს, რომელიც მისი საკუთარი არ არის, ანუ შედარებით დაბალი წყალბადებით, 24-ით და 48-ით, ასეთ დროს მისი შთაბეჭდილებები გაცილებით უხეში ხდება და იგი ორგანიზმში იმ როლის შესრულებას წყვეტს, რომლის შესრულებაც შეეძლო. ინტელექტუალურ ცენტრთან მისი გაერთიანება წარმოქმნის ძალიან დიდ წარმოსახვას სექსის თემაზე, რომელიც ასეთი ფანტაზიებით დაკმაყოფილებაში გადაიზრდება. ემოციურ ცენტთან კავშირი ქმნის სენტიმენტალობას ან პირიქით, ეჭვიანობას და სისასტიკეს. ესენი არიან დამატებითი მაგალითები სექსის ბოროტად გამოყენების შესახებ.
- რა უნდა გაკეთდეს სექსის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ საბრძოლველად? - იკითხა ვიღაცამ.
გურჯიევს გაეცინა.
- ზუსტად ამ კითხვას ველოდი. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ამ საკითხის ახსნა შეუძლებელია ისეთი ადამიანისთვის, ვისაც მუშაობა არ დაუწყია და არ იცის, რას ნიშნავს სექსის ბოროტად გამოყენება. საკუთარ თავზე სწორი მუშაობა მუდმივი სიმძიმის ცენტრის შექმნით იწყება. როდესაც მუდმივი სიმძიმის ცენტრი შეიქმნება, ყველაფერი საკუთარ ადგილზე განლაგებას და მის დაქვემდებარებაში გადანაწილებას დაიწყებს. ჩნდება კითხვა: რისგან და როგორ შეიძლება მუდმივი სიმძიმის ცენტრის შექმნა? ამაზე შეიძლება ვუპასუხოთ, რომ მხოლოდ სამუშაოსადმი დამოკიდებულებას, სკოლას, მუშაობის სწორად შეფასებას, მექანიკურობის და უმიზნობის რეალიზაციას შეუძლია მუდმივი სიმძიმის ცენტრის შექმნა.
სექსუალური ცენტრის როლი ზოგადი წონასწორობისა და მუდმივი სიმძიმის ცენტრის შექმნაში ძალიან დიდია. თუ იგი საკუთარ ენერგიას გამოიყენებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ცენტრი დგას უმაღლესი ემოციური ცენტრის დონეზე. ყველა სხვა ცენტრი მის დაქვემდებარებაშია. ამიტომ, კარგი იქნება, თუ საკუთარი ენერგიით იმუშავებს. მხოლოდ ეს მიუთითებს ადამიანის ყოფიერების ძალიან მაღალ საფეხურზე. თუ სექსუალური ცენტრი საკუთარ ენერგიით, საკუთარ ადგილზე იმუშავებს, ყველა დანარჩენი ცენტრიც შეძლებს სწორად იმუშაოს თავის ადგილზე, თავიანთი ენერგიებით.