თავი მეექვსე
საუბრები მიზნების შესახებ. აქვს თუ არა სწავლებას განსაზღვრული მიზანი? არსებობის მიზანი. პირადი მიზნები. მომავლის ცოდნა. არსებობა სიკვდილის შემდეგ. იყო საკუთარი თავის ოსტატი. იყო ქრისტიანი. კაცობრიობის დახმარება. ომების შეჩერება. გურჯიევის განმარტებები. ბედისწერა, შემთხვევა და ნება. "შეშლილი მანქანები". ეზოთერული ქრისტიანობა. რა უნდა იყოს ადამიანის მიზანი? შინაგანი მონობის მიზეზები. რა გზით იწყება განთავისუფლება. "საკუთარი თავის განთავისუფლება". ამ იდეის განსხვავებული გაგება. თვითშემეცნება. როგორ ვისწავლოთ? თვითდაკვირვება. დაფიქსირება და ანალიზი. ადამიანური მანქანის მუშაობის ფუნდმენტური პრინციპები. ოთხი ცენტრი: ინტელექტუალური, ემოციური, მამოძრავებელი და ინსტინქტური. ცენტრების მუშაობის გარჩევა. მანქანის მუშაობაში ცვლილებების შექმნა. ბალანსის დარღვევა. როგორ აღადგენს ბალანსს მანქანა? შემთხვევითი ცვლილებები. ცენტრების არასწორი მუშაობა. წარმოსახვა. ოცნებები. ჩვევები. საპირისპირო ჩვევები თვითდაკვირვების მიზნისათვის. ბრძოლა ნეგატიური ემოციების გამოხატვის წინააღმდეგ. მექანიკურობის დაფიქსირება. სწორი თვითდაკვირვების შედეგად მიღებული ცვლილებები. მამოძრავებელი ცენტრის იდეა. ადამიანური ქმედებების ჩვეულებრივი კლასიფიკაცია. კლასიფიკაცია ცენტრების დაყოფის საფუძველზე. ავტომატურობა. ინსტინქტური მოქმედებები. განსხვავება ინსტინქტურ და მამოძრავებელ ფუნქციებს შორის. ემოციების დაყოფა. სხვადასხვა საფეხურის ცენტრები.
ერთ-ერთი მომდევნო ლექცია დამსწრეს მიერ დასმული შეკითხვით დაიწყო:
- რა არის თქვენი სწავლების მიზანი?
- რა თქმა უნდა, მე გამაჩნია საკუთარი მიზანი, - თქვა გურჯიევმა, - მაგრამ ამ საკითხში გაჩუმების უფლებას ვირჩევ. ამჟამად ჩემს მიზანს თქვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არის, რომ თქვენ თავად განსაზღვროთ საკუთარი მიზანი. თავისთავად სწავლებას არ შეუძლია რაიმე კონკრეტული მიზნის მიღწევა. მას შეუძლია აჩვენოს საუკეთესო გზა ადამიანებისთვის, ნებისმიერი მიზნის მისაღწევად, რაც შეიძლება, რომ ჰქონდეთ. მიზნის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. სანამ ადამიანი საკუთარ მიზანს არ განსაზღვრავს, იგი ვერაფრის "კეთებას" ვერ შეძლებს. არის თუ არა რაიმეს გაკეთება შესაძლებელი მიზნის გარეშე? უპირველესად, რაიმეს კეთება მიზანს მოითხოვს.
- მაგრამ სამყაროში არსებობის მიზნის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა ფილოსოფიურ საკითხებს შორის. - თქვა ერთ-ერთმა დამსწრემ, - თქვენ გინდათ, რომ სწავლება ამ კითხვის გადაჭრით დავიწყოთ. მაგრამ, ალბათ ყველა ჩვენგანი აქ იმიტომ მოვიდა, რომ სწორედ ამ კითხვაზე იპოვოს პასუხი. თქვენ ელით, რომ ეს რამენაირად წინასწარ გვეცოდინება. თუ კაცმა საკუთარი არსებობის მიზანი იცის, მაშინ მან ყველაფერი დანარჩენიც იცის.
- შენ არასწორად გამიგე, - უპასუხა გურჯიევმა, - არსებობის მიზნის ფილოსოფიურ გაგებაზე საერთოდ არ ვსაუბრობ. ადამიანმა ეს არ იცის და თავის ამჟამინდელ მდგომარეობაში ამაზე პასუხი ვერც ეცოდინება. პირველ რიგში, პასუხი იმიტომ ვერ ეცოდინება, რომ არსებობს არა ერთი, არამედ არსებობის რამდენიმე მიზანი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემის ჩვეულებრივი მცდელობები და მეთოდოლოგია სრულიად უიმედო და უსარგებლოა. საერთოდ სხვა საკითხზე ვსაუბრობ. მე შეგეკითხეთ თქვენი პირადი მიზნების შესახებ, იმის შესახებ, რისი მიღწევაც გსურთ და არა თქვენი არსებობის მიზეზის შესახებ. ყველას თავისი მიზანი უნდა ჰქონდეს: ერთს სიმდიდრე უნდა, მეორეს ჯანმრთელობა, მესამეს ცათა სასუფეველი, მეოთხეს გენერლობა და ასე შემდეგ. ამ ტიპის მიზნების შესახებ გეკითხებით. თუ მეტყვით რა მიზანი გაქვთ, მე გეტყვით, ვდგავართ თუ არა ერთ გზაზე.
- ჩემი მიზანი საკმაოდ მკაფიოდ ჩამოვაყალიბე რამდენიმე წლის წინ, - ვთქვი მე, - მაშინ ჩემს თავს ვუთხარი, რომ "მინდა მომავალი ვიცოდე". ამ კითხვის თეორიული შესწავლით მივედი დასკვნამდე, რომ მომავლის ცოდნა შესაძლებელია, ხოლო ამ საკითხში რამდენიმეჯერ ჩატარებული ექსპერიმენტის ფონზე ჩემთვის ზუსტი აღმოჩნდა მომავალი, რისი დანახვაც შევძელი. აქედან დავასკვენი, რომ ჩვენ უფლება გვაქვს და შეგვიძლია კიდეც ვიცოდეთ მომავალი. სანამ ჩვენი მომავალი არ გვეცოდინება, ვერ შევძლებთ საკუთარი ცხოვრების ორგანიზებას. ამ კითხვასთან ძალიან ბევრი რამ არის დაკავშირებული. მივიჩნევ, რომ ადამიანს უფლება აქვს იცოდეს, ზუსტად რამდენი დრო დარჩა მას სიცოცხლისათვის, რამდენი დროა მის განკარგულებაში. ადამიანმა საკუთარი სიკვდილის დღე და საათი უნდა იცოდეს. ყოველთვის მეგონა, რომ სიკვდილის დროს ცოდნის გარეშე ადამიანის ცხოვრება დამამცირებული იყო და გადავწყვიტე არაფერი მეკეთებინა, სანამ რაიმეს შესახებ საკმარის ცოდნას არ შევიძენდი. რა აზრი აქვს რაიმე სამუშაოს დაწყებას, თუ კაცმა არ იცის, ეყოფა თუ არა საქმის დასამთავრებლად მისთვის განკუთვნილი დრო?
- ძალიან კარგი, - თქვა გურჯიევმა, - მომავლის ცოდნა შენთვის უპირველესი მიზანია. სხვას ვის შეუძლია ჩამოაყალიბოს თავისი მიზანი?
- მინდა დავრწმუნდე, რომ ფიზიკური სიკვდილის შემდეგ არსებობას გავაგრძელებ. თუ ეს ჩემზეა დამოკიდებული, მსურს მუშაობა განვაგრძო, რათა სიკვდილის შემდეგ ვიარსებო, - თქვა ვიღაცამ.
- არც მომავალი მაინტერესებს და არც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე, თუ ისეთად დავრჩები, როგორიც ახლა ვარ, - გაეპასუხა მეორე, - რასაც ამჟამად ყველაზე ძლიერად ვგრძნობ, ის არის, რომ მე არ ვარ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი. თუ მიზნის ჩამოყალიბებაზე ვსაუბრობთ, ვიტყვი, რომ მსურს ვიყო საკუთარი თავის ოსტატი.
- მე მინდა ქრისტეს ჭეშმარიტ სწავლებას ჩავწვდე, - თქვა მესამემ, - მინდა ვიყო ქრისტიანი, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით.
- მინდა ადამიანებს დავეხმარო. - თქვა მეოთხემ.
- მინდა ომები შევაჩერო. - თქვა მეხუთემ.
- კარგით, საკმარისია, - თქვა გურჯიევმა, - ახლა საკმარისი მასალა გვაქვს გასაგრძელებლად. საუკეთესო ფორმულირება, რაც თქვენს მიერ ითქვა, არის საკუთარი თავის ოსტატად ყოფნის მიზანი. ამის გარეშე სხვა ყველაფერი შეუძლებელია და არც არაფერს აქვს ღირებულება საკუთარი თავის ოსტატად ყოფნის გარეშე. მაგრამ დავიწყოთ პირველი კითხვით, ანუ პირველი მიზნით.
იმისათვის, რომ მომავალი ვიცოდეთ, ჩვენთვის საჭიროა აწმყოს ყველა დეტალი იყოს ცნობილი და ასევე აუცილებელია წარსულის შეცნობაც. დღეს არის ის, რაც არის, რადგან გუშინ იყო ის, რაც იყო. თუ დღევანდელი გუშინდელს ჰგავს, ხვალინდელი დღევანდელს დაემგვანება. თუ გვსურს ხვალინდელი იყოს განსხვავებული, მაშინ დღევანდელი უნდა იყოს განსხვავებული. დღევანდელი გუშინდელის შედეგია და ზუსტად იგივე იქნება ხვალინდელთან მიმართებაშიც. თუ ადამიანი კარგად შეისწავლის რა მოხდა გუშინ, გუშინწინ, ერთი კვირის, ერთი წლის და ათი წლის წინ, მას ზუსტად ეცოდინება რა მოხდება ან რა არ მოხდება მომავალში. მაგრამ ამჟამად ჩვენ ხელთ არ გვაქვს საკმარისი მასალა, სერიოზულად განვიხილოთ ეს საკითხი. ჩვენს გარშემო არსებული მოვლენები სამი მიზეზის გამო ხდება, ესენია: შემთხვევა, ბედისწერა და ნება. ისეთები, როგორებიც ახლა ვართ, თითქმის მთლიანად შემთხვევითობის კანონებზე ვართ დამოკდებულნი. ჩვენ არ შეიძლება გვქონდეს ბედისწერა, ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით, და თქვენ იცით, რომ იგივე ითქმის ნებაზეც. თუ ნება გვექნება, მხოლოდ მისი ფლობაც მოგვცემს მომავლის ცოდნის შესაძლებლობას, რადგან ჩვენ უნდა შევქმნათ მომავალი და იგი ისეთად უნდა ვაქციოთ, რომ ჩვენი ბედისწერა გახდეს. ბედისწერა რომ გვქონდეს, მომავალი გვეცოდინებოდა, რადგან ბედისწერა გარკვეულ ტიპებს შეესაბამება და მისი ცოდნა შესაძლებელია. მაგრამ შემთხვევის პროგნოზირება შეუძლებელია. დღეს ადამიანი ერთია, ხვალ მეორე; დღეს ერთი რამ ემართება, ხვალ სხვა.
- თქვენ ხომ ვერ შეძლებთ წინასწარ განსაზღვროთ, რა დაემართება თითოეულ ჩვენგანს? - ჰკითხა ვიღაცამ, - ანუ თქვენ ვერ იწინასწარმეტყველებთ რა შედეგს მიაღწევს თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავზე მუშაობაში და საერთოდ ღირს თუ არა მისთვის მუშაობის დაწყება.
- შეუძლებელია. - უპასუხა გურჯიევმა. - ადამიანს, ჰუმანურ ქმნილებას შეიძლება უწინასწარმეტყველო, მაგრამ შეშლილ მანქანას ვერაფერს უწინასწარმეტყველებ. მისი მიმართულება ყოველ ჯერზე იცვლება. ერთ მომენტში იგი განსაზღვრული მიმართულებით მიდის და შეგიძლია გამოთვალო სად მივა, მაგრამ ხუთი წუთის შემდეგ სასწრაფოდ გადაუხვევს სხვა მიმართულებით და აღმოჩნდება, რომ ყველა თქვენი გამოთვლა არასწორია. ამიტომ, მომავლის შეცნობისას უნდა გავითვალისწინოთ, ვის მომავალზე გვაქვს საუბარი. თუ კაცს საკუთარი მომავლის ცოდნა სურს, იგი საკუთარ არსებას უნდა იცნობდეს. შემდეგ ნახავს, ღირს თუ არა მომავლის ცოდნა. ხანდახან უკეთესია, შენი მომავალი არ იცოდე.
პარადოქსულია, მაგრამ ჩვენ სრული უფლება გვაქვს განვაცხადოთ, რომ საკუთარი მომავალი ვიცით ზუსტად ისევე, როგორც საკუთარი წარსული ვიცით. თავისთავად არაფერი შეიცვლება.
მომავლის პრაქტიკული შესწავლისას, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ და დავიმახსოვროთ მომენტები, როდესაც ნამდვილად ვიცოდით მომავალი და ამის შესაბამისად მოვიქცეთ. როცა შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, შესაძლებელი იქნება დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად ვიცით მომავალი. ბიზნესში ეს მარტივად ხდება. კარგმა კომერციულმა ბიზნესმა საკუთარი მომავალი იცის. თუ მომავალი არ იცი, ბიზნესი ჩაიშლება. საკუთარ თავზე მუშაობაშიც ჩვენ უნდა ვიყოთ კარგი ბიზნესმენი, კარგი ვაჭარი. მომავლის ცოდნა მხოლოდ მაშინ ღირს, როცა ადამიანი საკუთარი თავის ოსტატია.
აქ მომავალ ცხოვრებაზეც იყო შეკითხვა, იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან საბოლოო სიკვდილი, ანუ როგორ არ მოვკვდეთ.
ამისათვის აუცილებელია, რომ "იყოთ", რომ "არსებობდეთ". თუ წამდაუწუმ იცვლებით, თუ თქვენში არაფერია ისეთი, რასაც შეუძლია გარეგან გავლენებს გაუძლოს, ეს ნიშნავს, რომ თქვენში სიკვდილსაც ვერაფერი გაუძლებს. მაგრამ თუ თქვენ დამოუკიდებელნი გახდებით გარეგანი გავლენებისგან, თუ თქვენში რაღაც იქნება, რაც თავისთავად იცოცხლებს, მაშინ შესაძლოა იგი ფიზიკური სიკვდილის შემდეგ არ მოკვდეს. ჩვეულებრივ გარემოებებში ჩვენ ყოველ წამს ვკვდებით. გარეგანი მოვლენები იცვლება და ჩვენც მათთან ერთად ვიცვლებით, ანუ ამ მონეტში ჩვენი ბევრი "მე" კვდება. თუ ადამიანი საკუთარ თავში ავითარებს მუდმივს "მე-ს", რომელიც გარეგანი პირობების ცვლილებას გადაურჩება, მაშინ იგი სიკვილსაც გადაურჩება. მთელი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ამის გარეშე შეუძლებელია მომავალ ცხოვრებაზე მუშაობა. სიცოცხლისთვის მუშაობისას ადამიანი სიკვდილისთვის მუშაობს, უფრო სწორად, უკვდავებისთვის. მაშასადამე, უკვდავებისთვის შრომა არ შეიძლება განცალკევდეს სისტემის ზოგადი სამუშაოსგან. როცა ერთს მივაღწევთ, მეორესაც მივაღწევთ. ადამიანი შესაძლოა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით იყოს დაკავებული. მას შეუძლია მხოლოდ ამის მეშვეობითაც გახდეს უკვდავი. ჩვენ არ ვსაუბრობთ კონკრეტულად მომავალი ცხოვრების შესახებ და არ ვიკვლევთ არსებობს თუ არა იგი, რადგან არსებითად კანონები ყველგან ერთნარია. საკუთარი ცხოვრებისა და სხვების შესწავლისას, ადამიანი ეთდროულად სწავლობს სიცოცხლის, სიკვდილისა და უკვდავების კანონებს. თუ ადამიანი საკუთარი ცხოვრების ბატონი გახდება, შესაძლოა საკუთარი სიკვდილის ბატონიც გახდეს.
მომდევნო კითხვა ეხებოდა ქრისტიანად გახდომას. როგორ გავხდეთ ქრისტიანი?
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია იმის გაგება, რომ ქრისტიანი არ არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს ან რომელსაც სხვები უწოდებენ ქრისტიანს. ქრისტიანი არის ის, ვინც ცხოვრობს ქრისტეს მცნებების მიხედვით. ჩვენ ამჟამად არ შეგვიძლია ვიყოთ ქრისტიანები. ქრისტიანად ყოფნისთვის, "კეთება" უნდა შეგვეძლოს, მაგრამ ჩვენ "კეთება" არ შეგვიძლია, ჩვენს თავს ყველაფერი უბრალოდ ხდება. ქრისტე ამბობს: "გიყვარდეთ თქვენი მტრები". როგორ შეგვიძლია მტრები გვიყვარდეს, როცა მეგობრების სიყვარულიც არ შეგვიძლია. ჩვენ ზოგჯერ გვიყვარს, ზოგჯერ არ გვიყვარს. იგივე ასპექტში, ჩვენ ნამდვილად არ გვსურს ქრისტანად ყოფნა, რადგან ზოგჯერ გვინდა, ზოგჯერ არ გვინდა. ქრისტანად ყოფნის სურვილის ნაცვლად მეორე წუთას მაღაზიაში ნანახი ძვირიანი ხალიჩის ყიდვა გვინდება და მუდმივად ვივიწყებთ ყველაფერს ქრისტიანობის შესახებ. ნამდვილ ქრისტიანად ყოფნისთვის, ჯერ მუდმივი "მე" უნდა გქონდეთ, რაც ნიშნავს იყოთ საკუთარი თავის ოსტატი. თუ ადამიანი არ არის საკუთარი თავის ოსტატი, მას არაფერი აქვს და არც შეუძლია რომ რაიმე ჰქონდეს. ასეთი ადამიანი ქრისტიანი ვერ იქნება. იგი უბრალოდ მანქანაა, მექანიკური ავტომატი. შეიძლება, რომ მეგაფონი ან საბეჭდი მანქანა ქრისტიანი იყოს? ისინი საგნები არიან, და არაფერზე აქვთ პასუხისმგებლობა. იყო ქრისტიანი, ნიშნავს იყო პასუხისმგებელი. პასუხისმგებლობა მოგვიანებით მოდის, როცა მამაკაცი ნაწილობრივ მაინც შეწყვიტავს მანქანად ყოფნას ფაქტობრივად, და არა მხოლოდ ცარიელი სიტყვებით, რომ მას ქრისტიანად ყოფნა სურს.
- რა კავშირი აქვს თქვენს სწავლებას ქრისტიანობასთან, იმ სახით, რომელიც დღეს ჩვენ ვიცით? - იკითხა ვიღაცამ.
- მე არ ვიცი, თქვენ რა იცით ქრისტიანობის შესახებ. - უპასუხა გურჯიევმა, - საჭიროა ხანგრძლივი საუბარი, რათა გავარკვიოთ, რას გულისხმობთ ამ ტერმინში. მაგრამ ვინც უკვე იცის, მასთან გავიმეორებ, რომ ეს არის ეზოთერული ქრისტიანობა. ამ სიტყვების მნიშვნელობის შესახებ თავის დროზე ვისაუბრებთ. ამჟამად კითხვების განხილვას მივუბრუნდეთ.
თქვენს მიერ ნათქვამი სურვილებიდან ყველაზე სწორი იყო საკუთარი თავის ოსტატად ყოფნის სურვილი, რადგან ამის გარეშე სხვა არაფერია შესაძლებელი. სხვა სურვილები ამასთან შედარებით ბავშვური ოცნებებია, რომლებიც ამასთანავე უსარგებლოა, თუნდაც ისინი ადამიანებს მიეცეთ.
მაგალითად, აქ ითქვა, რომ სხვების დახმარება გინდათ. ადამიანების დასახმარებლად ჯერ საკუთარი თავის დახმარება უნდა ისწავლო. ხალხის დიდი რაოდენობა უბრალოდ ფანტაზიაში წარმოიდგენს სხვების დახმარებას და ფაქტობრივად სხვისი დახმარება ეზარება. ასე იმიტომ ხდება, რომ მათ პირველ რიგში საკუთარ თავზე მუშაობა ეზარებათ და ამავდროულად მათთვის ძალიან სასიამოვნოა ფანტაზიორობა, სადაც თითქოსდა სხვებს ეხმარებიან. ეს არის სიცრუე და არაგულწრფელობა საკუთარი თავის მიმართ. თუ ადამიანი საკუთარ თავს ცხადად აღიქვამს, იგი სხვა ადამიანის დახმარებაზე ფიქრს არ დაიწყებს, რადგან ამაზე ფიქრი შერცხვება. კაცობრიობის სიყვარული, ალტრუიზმი, ეს ყველაფერი ძალიან კარგი სიტყვებია, მაგრამ მათ მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ აქვთ, როდესაც ადამიანს საკუთარი ნებით შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, უყვარდეს თუ არ უყვარდეს, ალტრუისტი იყოს თუ ეგოისტი. მის არჩევანს ღირებულება აქვს. მაგრამ როდესაც არჩევანი საერთოდ არ არის, მას არ შეუძლია იყოს სხვებისგან გასნხავევებული; იგი დღეს ალტრუისტი იქნება, ხვალ ეგოისტი და ასე დაუსრულებლად. სხვების დასახმარებლად ჯერ ეგოისტად ყოფნა უნდა ისწავლოთ. თქვენ უნდა იყოთ შეგნებული, ცნობიერი ეგოისტი. მხოლოდ ცნობიერ ეგოისტს შეუძლია სხვების დახმარება. ამჟამად ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ. ადამიანი გადაწყვეტს, რომ ეგოისტი იყოს, მაგრამ უკანასკნელ პერანგსაც გაანიავებს, ან პირიქით, მცირედსაც არ გასცემს, როდესაც სხვების დახმარება უნდოდა. ეს არის ის, რაც ყველაზე ხშირად ხდება და მუდმივად ასე გრძელდება.
უპირველეს ყოვლისა, რთულის გასაკეთებლად მარტივის გაკეთება უნდა ისწავლოთ. არ შეიძლება, რომ კეთება ყველაზე რთულით დაიწყოთ.
შეკითხვა ომზეც დაისვა. როგორ შევაჩეროთ ომები? ომებს ვერ შეაჩერებთ, იგი მონობის შედეგია, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ. მკაცრად რომ ვთქვათ, ადამიანები ომის დაწყებისათვის დამნაშავეები არ არიან. ომი კოსმიური ძალების მიერ არის გამოწვეული, ანუ პლანეტარული გავლენების შედეგად. მაგრამ ადამიანებში არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელიც ამ გავლენებს წინ აღუდგება. წინააღმდეგობა ვერ იარსებებს, რადგან ადამიანები მონები არიან. ჰუმანური ქმნილებები რომ იყვნენ, შეძლებდნენ რაიმეს "კეთებას" და წინააღმდეგობის გაწევას. ისინი თავს შეიკავებდნენ და ერთმანეთს დახოცვას არ დაუწყებდნენ.
- როდესაც ამას ვინმე აცნობიერებს, შეძლებს რაიმეს გაკეთებას? - იკითხა იმან, რომელმაც ომის შესახებ დასვა კითხვა, - თუ ადამიანების გარკვეული რაოდენობა მივა დასკვნამდე, რომ ომი არ უნდა იყოს, შეძლებენ თუ არა სხვებზე ზემოქმედებას?
- ისინი, რომელთაც ომი არ მოსწონთ, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე სწორედ ამას ცდილობენ. - უპასუხა გურჯიევმა, - და მაინც, არასოდეს ყოფილა ისეთი საშინელი ომი, როგორიც ახლაა. ომები შემცირების მაგივრად იზრდება და მათი შეჩრება ჩველებრივი საშუალებებით შეუძლებელია. ყველა თეორია საყოველთაო მშვიდობის, სამშვიდობო კონფერენციების და მსგავსი თემების შესახებ, ისევ და ისევ სიზარმაცე და თვალთმაქცობაა. ადამიანებს არ უნდათ საკუთარ თავზე ფიქრი, საკუთარ თავზე მუშაობა; ამისგან განსხვავებით, ისინი სხვებს აიძულებენ იმის კეთებას, რაც მათ სურთ. თუ ომის წინააღმდეგ საკმარისი რაოდენობის ადამიანები შეიკრიბებიან, ისინი პირველ რიგში იმათ დაუწყებენ ომს, ვინც მათ აზრს არ ეთანხმება. ისინი იმათაც ეომებიან, ვისაც მათსავით ომის შეჩრება სურთ, მაგრამ განსხვავებული მეთოდებით. ასეთები არიან ადამიანები, სხვანაირად შეუძლებელია რომ მოხდეს. ომს ბევრი მიზეზი აქვს, რომლებიც ჩვენთვის უცნობია. ზოგიერთი მიზეზი თავად ადამიანშია, ზოგი კი მის გარეთ. მან იმ მიზეზებით უნდა დაიწყოს, რაც თავად მასშია. როგორ შეიძლება ადამიანი დამოუკიდებელი გახდეს უძლიერესი კოსმიური გავლენებისგან, როდესაც ამხელა მონობაში იმყოფება ყველაფერთან დაკავშირებით. ადამიანს მის გარშემო ყველაფერი აკონტროლებს. თუ იგი რაღაცებისგან განთავისუფლდება, მაშინ შესაძლოა პლანეტარული გავლენებისგანაც განთავისუფლდეს.
თავისუფლება, განთავისუფლება, აი რა უნდა იყოს ადამიანის მიზანი. მონობიდან განთავისუფლება. როცა ადამიანი საკუთარ პოზიციას ოდნავ მაინც შეიგნებს, სწორედ აქეთკენ უნდა მიმართოს საკუთარი ბრძოლა. მისთვის არაფერია შესაძლებელი, სანამ შინაგანად და გარეგანად მონად რჩება. მაგრამ იგი ვერ განთავისუფლდება გარეგნულად, თუ შინაგანად მონაა. ამიტომ, განთავისუფლებისათვის, ადამიანი პირველ რიგში შინაგანად უნდა გახდეს თავისუფალი.
ადამიანის შინაგანი მონობის პირველი მიზეზი არის უმეცრება და საკუთარი თავის არცდონა. თვითშემეცნების სამუშაოსა და საკუთარი მანქანის ფუნქციების გააზრების გარეშე, ადამიანი თავისუფალი ვერ გახდება, ვერ მართავს საკუთარ თავს და ყოველთვის მონად დარჩება; იგი გამუდმებით მასზე მოქმედი ძალების სათამაშოდ დარჩება.
ამიტომ, ყველა ანტიკურ სწავლებაში გზის დასაწყისშივე პირველი მოთხოვნა განთავისუფლება იყო. "შეიცან თავი შენი".
შემდეგი ლექცია გურჯიევმა სწორემ ამ სიტყვებით დაიწყო:
- "შეიცან თავი შენი". ეს სიტყვები ზოგადად სოკრატეს მიეწერება, მაგრამ სინამდვილეში იგი მრავალი სისტემის საფუძველს წარმოადგენს, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც სოკრატემდე დიდი ხნით ადრე არსებოდნენ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე გონებამ ამ პრინციპის არსებობის შესახებ იცის, "მოდურ აზროვნებას" მოცემული სიტყვების მნიშვნელობაზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. ჩვეულებრივი ადამიანი, თუნდაც მეცნიერი ან ფილოსოფოსი, ვერ აცნობიერებს, რომ პრინციპი "შეიცან თავი შენი" საკუთარი მანქანის ცოდნის აუცილებლობაზე საუბრობს. მანქანის მექანიზმი ყველა ადამიანში მეტ-ნაკლებად ერთნაირია; მაშასადამე, ადამიანმა უნდა შეისწავლოს ფუნქციების სტრუქტურა და მისი ორგანიზმის კანონები. ადამიანურ მანქანაში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ერთი რამ იმდენად არის დამოკიდებული მეორეზე, რომ სრულიად შეუძლებელია შეისწავლოთ რომელიმე ფუნქცია, ყველა დანარჩენის შესწავლის გარეშე. იმისათვის, რომ ერთი რამ ვიცოდეთ, - ყველაფერი დანარჩენიც უნდა ვიცოდეთ. ადამიანში ყველაფრის ცოდნა შესაძლებელია, მაგრამ შესწავლას დიდი დრო და სწორი მეთოდის გამოყენება სჭირდება. სწორად ხელმძღვანელობაც ასევე თანაბრად აუცილებელია.
"საკუთარი თავის შეცნობის" პრინციპი ძალიან მდიდარ შინაარსს მოიცავს. პირველ რიგში ადამიანმა უნდა გაიგოს, რას ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობა, რასთან არის იგი დაკავშირებული და დამოკიდებული.
საკუთარი თავის შეცნობა ძალიან დიდი, მაგრამ უდაოდ ბუნდოვანი და შორეული მიზანია. ადამიანი, თავისი დღევანდელი მდგომარეობით ძალიან შორს არის საკუთარი თავის შეცნობისგან. ამიტომ, მკაცრად რომ ვთქვათ, მისი მიზანი საწყის ეტაპზე თვითშემეცნება არ უნდა იყოს. ვიტყოდი, რომ ამის ნაცვლად ადამიანის დიდ მიზანს თვითშესწავლა უნდა წარმოადგენდეს. ადამიანმა საკუთარი თავის შესწავლა უნდა დაიწყოს და სწორედ ეს უნდა იყოს მისი მიზანი.
თვითშესწავლა არის სამუშაო და გზა, რომელსაც თვითშემეცნებისკენ მივყავართ.
მაგრამ, საკუთარი თავის შესასწავლად ჯერ უნდა ისწავლოთ თავად შესწავლა, ანუ საიდან დაიწყოთ, რა მეთოდები გამოიყენოთ.
თვითშესწავლის მთავარი მეთოდი არის თვითდაკვირვება. სწორად გამოყენებული თვითდაკვირვების გარეშე ადამიანი ვერასოდეს გაიგებს კავშირს და შესაბამისობას ადამიანური მანქანის ფუნქციებს შორის. იგი ვერასოდეს ჩაწვდება როგორ და რა მიზეზით "ხდება" მის თავს ყველაფერი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.
მაგრამ თვითდაკვირვებისა და სწორი თვითშესწავლის მეთოდების შესწავლა ადამიანური მანქანის ფუნქციებისა და მათი მახასიათებლების გარკვეულ გაგებას გულისხმობს. ამრიგად, ადამიანური მანქანის ფუნქციებზე დაკვირვებისას აუცილებელია გავიგოთ ფუნქციების სწორი დაყოფა და მათი ზუსტად და ერთდროულად განსაზღვრა, ისევე, როგორც ჩვენ განვსაზღვრავთ ყველა შინაგან გამოცდილებას დაგემოვნებით, შეგძნებით, ყნოსვით და ასე შემდეგ.
არსებობს თვითდაკვირვების ორი მეთოდი: ანალიზი ან ანალიზის მცდელობა, რათა იპოვოთ პასუხი ისეთ კითხვებზე, როგორებიცაა: რაზეა გარკვეული რამ დამოკიდებული და რატომ ხდება იგი. მეორე მეთოდი არის რეგისტრაცია, უბრალოდ გონებაში "დაფიქსირება" იმისა, რაც კონკრეტულ მომენტში შეიმჩნევა.
თვითდაკვირვება, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს ანალიზის მცდელობის მიზეზი. ანალიზი მხოლოდ მოგვიანებით გახდება შესაძლებელი, როცა ადამიანს ყველა ფუნქცია და მასთან დაკავშირებული ყველა კანონი ეცოდინება, რომლებიც მათ მართავს.
ადამიანში არსებული ფენომენების გაანალიზების მცდელობისას, ადამიანს ზოგადად კითხვა უჩნდება: რა არის ეს? რატომ ხდება ასე და არა სხვანაირად? შემდგომში იგი ამ კითხვებზე პასუხების ძიებას იწყებს და სულ უფრო იპყრობს ასეთი კითხვები. შემდეგ მთლიანად კარგავს თვითდაკვირვების ძაფს და საერთოდ ავიწყდება იგი. დაკვირვება ჩერდება. აქედან ნათელია, რომ მხოლოდ ერთი რამ შეიძლება გაგრძელდეს: ან დაკვირვება, ან ანალიზის მცდელობები.
ზოგადი კანონების ცოდნის გარეშე ცალკეული ფენომენების ანალიზის მცდელობა დროის სრულიად უსარგებლო კარგვაა. ყველაზე ელემენტარული ფენომენების ანალიზის მცდელობამდეც კი აუცილებელია ადამიანმა დააგროვოს საკმარისი რაოდენობის მასალა "რეგისტრაციის" მეშვეობით. რეგისტრაცია, იგივე დაფიქსირება, ეს არის პირდაპირი დაკვირვება იმაზე, რაც მომცემულ მომენტში ხდება. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი მასალა თვითშესწავლის მუშაობაში. როდესაც გარკვეული რაოდენობის მასალა დაგროვდება და ამავდროულად კანონებიც გვეცოდინება, მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ანალიზის დაწყება.
დასაწყისიდანვე, დაკვირვება ან "ჩაწერა" ადამიანური მანქანის ფუნდამენტური პრინციპების გაგებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. თვითდაკვირვება არ შეიძლება სათანადოდ იქნას გამოყენებული ამ პრინციპების ცოდნის გარეშე და მათი მუდმივი გათვალისწინების გარეშე. ამიტომ, ჩვეულებრივი თვითდაკვირვება, რომლითაც ყოველი ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე კავდება, სრულიად უსარგებლოა და მას არსად მივყავართ.
დაკვირვება ფუნქციების დაყოფით უნდა დაიწყოს. ადამიანის მთელი აქტივობა იყოფა ოთხ მკვეთრად განსაზღვრულ ჯგუფად, რომელთაგან თითოეული საკუთარი განსაკუთრებული გონების ან "ცენტრის" მიერ კონტროლდება. საკუთარ თავზე დაკვირვებისას ადამიანმა ერთმანეთისგან უნდა განასხვაოს ეს ოთხი ფუნქცია: ინტელექტუალური, ემოციური, ინსტინქტური და მამოძრავებელი. ყველა ფენომენი, რომელსაც ადამიანი აკვირდება, ამ ფუნქციებთან არის დაკავშირებული. სანამ დაიწყებთ, უნდა გააარკვიოთ რითი განსხვავდება ფუნქციები ერთმანეთისგან: რას ნიშნავს ინტელექტუალური აქტივობა, ემოციური აქტივობა, მამოძრავებელი აქტივობა და ინსტინქტური აქტივობა.
დაკვირვება თავიდანვე უნდა დაიწყოს. განზე გადადეთ მთელი წინარე გამოცდილება, თვითდაკვირვების ყველა წინა შედეგი. ისინი შეიძლება ბევრ ღირებულ მასალას შეიცავენ, მაგრამ ეს მასალა დაკვირვებადი ფუნქციების არასწორ დაყოფას შეესაბამება. ამიტომ, მას ვერ გამოიყენებთ; ყოველ შემთხვევაში, თვითშესწავლის მუშაობის დასაწყისში მისი გამოყენება არ შეიძლება. ადამიანმა ისე უნდა დაიწყოს საკუთარი თავის დაკვირვება, თითქოს საერთოდ არ იცნობს საკუთარ თავს და არასდროს დაკვირვებია მას.
საკუთარი თავის დაკვირვებისას, ადამიანმა დაუყოვნებლივ უნდა განსაზღვროს, რომელ ცენტრს მიეკუთვნება ფენომენები, რომელსაც იგი აკვირდება.
ზოგს უჭირს განსხვავების დანახვა აზრსა და გრძნობას შორის.
ძალიან ფართო გაგებით რომ ვთქვათ, ინტელექტუალური ფუნქცია ყოველთვის შედარების გზით მუშაობს. ინტელექტუალური დასკვნები ყოველთვის ორი შთაბეჭდილების ერთმანეთთან შედარების შედეგია.
შეგრძნება და ემოცია არ მსჯელობს და არ ადარებს; ისინი მოცემულ შთაბეჭდილებას თავიანთი ასპექტით განსაზღვრავენ, იქნება ეს სასიამოვნო თუ უსიამოვნო, ფერი, გემო თუ სურნელი. უფრო მეტიც, შეგრძნებები შესაძლოა გულგრილი და ნეიტრალური იყოს, - არც ცხელი, არც ცივი, არც სასიამოვნო და არც უსიამოვნო. ყოველ შემთხვევაში, ამა თუ იმ ფერთან არ არის აუცილებელი რაიმე სასიამოვნო ან უსიამონო იყოს დაკავშირებული. ასეთი შეგრძნებები, რომელთაც საზოგადოდ "ხუთი შეგრძნების" სახელით მოიხსენიებენ, ინსტინქტურ ფუნქციას ეკუთვნის. ემოციური ფუნქციები ყოველთვის სასიამოვნოა ან უსიამოვნო. გულგრილი ემოციები არ არსებობს.
ფუნქციების გარჩევის სირთულეს ზრდის ის ფაქტი, რომ ადამიანები ძალიან განსხვავდებიან საკუთარი ფუნქციების შეგრძნებით. ეს არის ის, რაც ჩვენ არ გვესმის. ჩვენ ადამიანებს ერთმანეთთან იმაზე მსგავსად ვთვლით, ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან. ფორმებისა და აღქმების მეთოდებში სინამდვილეში მათ შორის დიდი განსხვავებაა. ზოგი ძირითადად გონებით აღიქვამს, ზოგი შეგრძნებით, სხვები კი ემოციით. განსხვავებული კატეგორიების და აღქმის სხვადასხვა რეჟიმების გამო თითქმის შეუძლებელია ადამიანებს ერთმანეთის ესმოდეთ. შესაძლებელია სხვადასხვა კომბინაციებიც, მაგალითად, ერთი ადამიანი აღიქვამს აზრებითა და შეგრძნებებით, მეორე აზრებითა და გრძნობებით და ასე შემდეგ. ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ მოვლენებს, რადგან მათ არც ერთმანეთის ესმით და არც საკუთარი თავის. ძალიან ხშირად ადამიანი საკუთარ აზრებს და ინტელექტუალურ აღქმებს შეგრძნებებს უწოდებს, შეგრძნებებს აზრებს ეძახის, ხოლო გრძნობებს შეგრძნებებს. ეს ბოლო ყელაზე გავრცელებულია. მოდით ასე ვთქვათ: თუ ერთი ადამიანი გრძნობით აღიქვამს, ხოლო მეორე შეგრძნებით, მათ შეუძლიათ მთელი თავიანთი ცხოვრება კამათში გაატარონ და მაინც ვერ გაიგონ, რაში მდგომარეობს დამოკიდებულების განსხვავება მოცემული ობიექტის მიმართ. სინამდვილეში, ერთი მათგანი ობიექტის მხოლოდ ერთ ასპექტს ხედავს, ხოლო მეორე ადამიანი ობიექტის მეორე ასპექტს.
მათ შორის განსხვავების საპოვნელად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ნორმალური ფსიქიკური ფუნქცია არის რაღაცის ცოდნის საშუალება ან ინსტრუმენტი. გონების დახმარებით ჩვენ საგნებისა და მოვლენების ერთ ასპექტს ვხედავთ, ემოციების დახმარებით მეორე ასპექტს, შეგრძნებების დახმარებით კი მესამე ასპექტს. მოცემული საგნის ყველაზე სრულყოფილი ცოდნის მიღება ჩვენთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ერთდროულად გამოვიკვლევთ გონებით, ემოციით და შეგრძნებით. ყველა ადამიანი, რომელიც სწორი ცოდნის მიღებისკენ ისწრაფვის, ასეთი აღქმის მიღწევის შესაძლებლობას უნდა ისახავდეს მიზნად. ჩვეულებრივ პირობებში ადამიანი სამყაროს დამახინჯებულად აღიქვამს. იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანი ამ ფაქტს გააცნობიერებს, იგი ვერაფერს შეცვლის. აღქმის ესა თუ ის რეჟიმი დამოკიდებულია ორგანიზმის მთლიან მუშაობაზე. ყველა ფუნქცია ურთიერთდაკავშირებულია და ამავდროულად ერთმანეთს უპირისპირდება. შეეცადეთ ყველა ფუნქცია ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ, როგორშიც ისინი იმყოფებიან. როდესაც ადამიანი საკუთარი თავის შესწავლას დაიწყებს, მან უნდა გაიგოს, რომ როდესაც ისეთ რაღაცას აღმოაჩენს, რაც არ მოეწონება, ამას ვერ შეცვლის. შესწავლა ერთია, რაღაცის შეცვლა მეორე. მაგრამ შესწავლა პირველი ნაბიჯია მომავალში ცვლილების შესაძლებლობისაკენ. თავდაპირველად, საკუთარი თავის შესასწავლად ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ დიდი ხნის განმავლობაში მთელი სამუშაო მხოლოდ შესწავლას ეხება.
ჩვეულებრივ პირობებში ცვლილება შეუძლებელია, რადგან როდესაც ადამიანს რაღაცის შეცვლა სურს, მას ამით მცირე ნაწილის ცვლილება უნდა. მაგრამ ფუნქციებში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ყოველი ფუნქცია აუცილებლად დაუპირისპირდება სხვა ფუნქციებს, თუმცა ჩვენ საკუთარ თავში ასეთი ფუნქციური ურთიერთკავშირის შესახებ არაფერი ვიცით. ადამიანური მანქანა საქმიანობის ყველა მომენტში დაბალანსებულია. თუ ადამიანი საკუთარ თავში ისეთ რაღაცას აკვირდება, რაც მას არ მოსწონს, მას შეუძლია გრკვეული შედეგის მიღწევა. მაგრამ ამ შედეგთან ერთად იგი აუცილებლად მიიღებს სხვა შედეგს, რომელსაც საერთოდ არ ელოდა და რომელზეც ეჭვიც არ ჰქონდა. იმის განადგურებით, რაც მას არ მოსწონს, ადამიანი აპარატის ბალანსს არღვევს. მანქანა ბალანსის აღდგენას ეცდება და ამას ახალი ფუნქციის შექმნით შეძლებს, რომელიც ადამიანს გათვალისწინებული არ ჰქონდა. მაგალითად, ადამიანმა თვითდაკვირვების პროცესში შეიძლება შეამჩნიოს, რომ იგი საშინლად გონებაგაფანტულია, ყოველთვის ყველაფერი ავიწყდება, მოვლენებში იკარგება და ასე შემდეგ... როდესაც ამ ჩვევებთან ბრძოლას საკმარისად მეთოდურად და შემართებით დაიწყებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ სასურველ შედეგს მიიღებს: იგი შეწყვიტავს საკუთარი თავის დავიწყებას. ადამიანი ამას შეამჩნევს, მაგრამ მიხვდება, რომ არის კიდევ რაღაც, რასაც ვერ ამჩნევს და რასაც სხვები ამჩნევენ, კერძოდ, ადამიანში გაიზრდება გაღიზიანება, პედანტობა, შეცდომებზე დაკვირვება და უთანხმოება. თავდავიწყების ადგილას გაღიზიანება გაჩნდება. რატომ? ამის თქმა შეუძლებელია. მხოლოდ კონკრეტული ადამიანის ფსიქიკური თვისებების დეტალურმა ანალიზმა შეიძლება აჩვენოს, რატომ გამოიწვია ერთი თვისების დაკარგვამ ახლის გაჩენა. სხვებთან შესაძლოა ისეთი მახასიათებლები გამოჩნდეს, რომელთაც ერთი შეხედვით კავშირი არ აქვს თავდავიწყებასთან, მაგალითად შური, სიძუნწე ან რამე სხვა.
ასე რომ, თუ ადამიანი საკუთარ თავზე სწორად მუშაობს, მან უნდა განიხილოს შესაძლებლობის სახით არსებული დამატებითი ცვლილებები და წინასწარ გაითვალისწინოს ისინი. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი თავიდან ავიცილოთ არასასურველი ცვლილებები ან ისეთი თვისებების გამოჩენა, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგებიან სამუშაოს მიზანს და მიმართულებას.
მაგრამ, ადამიანური მანქანის მუშაობაში და ფუნქციების გენერალურ გეგმაში არსებობს გარკვეული პუნქტები, რომლებშიც შესაძლოა ცვლილება რაიმე დამატებითი შედეგების წარმოშობის გარეშე მოხდეს.
აუცილებელია ვიცოდეთ რას წარმოადგენენ ეს პუნქტები და როგორ მივუახლოვდეთ მათ, რადგან თუ ამას არ შევისწავლით, შედეგებს საერთოდ ვერ მივიღებთ ან არასასურველ შედეგებს მივიღებთ.
როდესაც ადამიანი საკუთარ გონებაში ერთმანეთისგან განასხვავებს ინტელექტუალურ, ემოციურ და მამოძრავებელ ფუნქციებს, თვითდაკვირვებისას მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს საკუთარი შთაბეჭდილებები ამა თუ იმ კატეგორიას. თავდაპირველად მან გონებრივად უნდა ჩაინიშნოს ისეთი დაკვირვებები, რომელშიც ეჭვი არ ეპარება, ანუ ისინი, სადაც მკაფიოდ ხედავს, რომელ კატეგორიას ეკუთვნიან დაკვირვებადი გამოვლინებები. ადამიანმა ყველა ბუნდოვანი ან საეჭვო უნდა უარყოს და მხოლოდ ის დაიმახსოვროს, რაც უდავოა. თუ მუშაობა გამართულად მიმდინარეობს, უდავო დაკვირვებების ალბათობა სწრაფად გაიზრდება და ის, რაც ადრე საეჭვოდ ჩანდა, აშკარად გამოჩნდება, თუ რომელ ცენტრს ეკუთვნის, პირველს, მეორეს თუ მესამეს. თითოეულ ცენტრს საკუთარი მეხსიერება, ასოციაციები და აზროვნება გააჩნია. თითოეული ცენტრი კიდევ იყოფა სამ ნაწილად: ინტელექტუალურად, ემოციურად და მამოძრავებლად. მაგრამ ჩვენ ძალიან მცირედ თუ ვიცით საკუთარი ბუნების ამ ასპექტების შესახებ. თითოეულ ცენტრში ჩვენ მხოლოდ ერთი ნაწილი ვიცით. თუმცა, თვითდაკვირვება ძალიან სწრაფად გვაჩვენებს, რომ ჩვენი მენტლური ცხოვრება გაცილებით მდიდარია, ვიდრე გვგონია, ანუ იგი ნებისმიერ შემთხვევაში იმაზე მეტ შესაძლებლობას მოიცავს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.
ამავდროულად, ცენტრების მუშაობის დაკვირვებისას ჩვენ დავინახავთ მათ სწორ მუშაობას და არასწორ მუშაობას, ერთმანეთთან მიმართებაში. ჩვენ შევამჩნევთ ინტელექტუალური ცენტრის მცდელობას, რომ რაღაც იგრძნოს ან თავი მოაჩვენოს, თითქოს გრძნობს; ასევე შევამჩნევთ ემოციური ცენტრის მცდელობას, რომ რაღაც იფიქროს ან თავი მოაჩვენოს, რომ ფიქრობს; დავინახავთ მამოძრავებელი ცენტრის მცდელობებს, როცა მას აზროვნება ან შეგრძნება უნდა. ერთი მეორეზე მომუშავე ცენტრები გარკვეულწილად სასარგებლოა, რადგან ისინი გონებრივი აქტივობის უწყვეტობას ინარჩუნებენ. მაგრამ ჩვეულებრივ, იგი საზიანოც ხდება, ვინაიდან სწორ მუშაობაში ხელის გვიშლის, რითაც თითოეულ ცენტრს საშუალებას აძლევს თავი აარიდოს საკუთარ უშუალო მოვალეობას და ამის ნაცვლად ის აკეთოს, რაც მას მოცემულ მომენტში ყველაზე მეტად მოწონს. ნორმალურ, ჯანსაღ ადამიანში ყოველი ცენტრი საკუთარ სამუშაოს ასრულებს , ანუ იმას, რაც მისთვის სპეციალურად არის განკუთვნილი და რომლის შესრულებაც მას საუკეთესოდ შეუძლია. ცხოვრებაში არსებობს სიტუაციები, როდესაც მხოლოდ ინტელექტუალურ ცენტრს შეუძლია პრობლემასთან გამკლავება და გამოსავლის პოვნა. თუ ასეთ მომენტში ემოციური ცენტრი დაიწყებს მუშაობას, ყველაფერს აურევს და მისი ჩარევის შედეგი ყველაზე არადამაკმაყოფილებელი იქნება. დაუბალანსებელ ადამიანში ერთი ცენტრის მუშაობაში მეორე ცენტრი თითქმის განუწყვეტლივ ერევა და სწორედ ამას ნიშნავს დაუბალანსებლობის ტერმინი, - "ნევროზი". თითქოს თითოეული ცენტრი ცდილობს, საკუთარი სამუშაო სხვას გადასცეს და თავადაც სხვა ცენტრის სამუშაოს შესრულებას ცდილობს, რომელსაც იგი ვერ ერგება. ინტელექტუალურ ცენტრში მომუშავე ემოციურ ცენტრს მოაქვს გადამეტებული ნერვიულობა, ორგანიზმში ტემპერატურის მატება და მოუთმნელობა, როდესაც პირიქით, მშვიდი განსჯაა საჭირო. ემოციურ ცენტრში მომუშავე ინტელექტუალური ცენტრი სწრაფი გადაწყვეტილებების საჭიროების დროს ადამიანს ატორმუზებს და იგი ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს წვრილმანს და საჭიროებას. ფიქრი ძალიან ნელია. იგი მოქმედებების გარკვეულ გეგმას ამუშავებს და აგრძელებს მის დაცვას, მიუხედავად იმისა, რომ გარემოებები იცვლება და სრულიად განსხვავებული კურსის მქონე ქმედებებია აუცილებელი. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში ინტელექტუალური ცენტრის ჩარევა იწვევს სრულიად არაადეკვატურ რეაქციებს, რადგან ინტელექტუალური ცენტრი უამრავი საკითხის წახნაგებისა და განსხვავებების გასარჩევად უბრალოდ უუნაროა. მისი გადაწყვეტილებები ძალიან ზოგადია და არ შეესაბამება გადაწყვეტილებებს, რომელსაც ემოციური ცენტრი მიიღებდა. ეს სრულიად ნათელი ხდება, როდესაც აზროვნების, ანუ თეორიული გონების ჩარევას ემოციურ, ინსტინქტურ ან მამოძრავებელ ცენტრში წარმოვიდგენთ. სამივე შემთხვევაში ამას სრულიად არასასრუველ შედეგებამდე მივყავართ. გონება ვერ აღიქვამს შეგრძნებების წახნაგებს. ჩვენ ამას ნათლად დავინახავთ, თუ ორ ადამიანს შორის მსჯელობას წარმოვიდგენთ, სადაც ერთ-ერთი მათგანი ემოციურად არის განწყობილი. მეორე ადამიანი თავად არაფერს გრძნობს, ამიტომ სხვისი გრძნობები მისთვის უბრალოდ არ არსებობს. მაძღარ კაცს მშიერის არ ესმის. ინტელექტუალური გადაწყვეტილებები ვერასოდეს დააკმაყოფილებს ემოციურს. ზუსტად ასევე, გონება არასდროს აფასებს შეგრძნებებს. გონებისთვის ისინი მკვდრები არიან. მას არ შეუძლია ასეთი მოძრაობების კონტროლი. ამ ტიპის შემთხვევების პოვნა ყველაზე მარტივია. რა სამუშაოსაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი, საკმარისია, რომ შეეცადოს თითოეული მოქმედების შესრულებას განზრახ, საკუთარი გონებით, რომელსაც იგი მიჰყვება, და მაშინვე დაინახავს, რომ მუშაობის ხარისხი მაშინვე შეიცვლება. თუ იგი ბეჭდავს, მამოძრავებელი ცენტრი თავად პოულობს საჭირო ასოებს, მაგრამ თუ ადამიანი შეეცდება საკუთარ თავს ჰკითხოს, - სად არის ასო 'კ'? სად არის მძიმე? როგორ იწერება ეს სიტყვა? იგი მაშინვე შეცდომებს დაუშვებს ან წერის პროცესი საგრძნობლად შენელდება. თუ ვინმე მანქანას გონებით მართავს, ასეთ დროს შესაძლებელია ყველაზე დაბალი სიჩქარით წასვლა. გონება უბრალოდ ვეღარ შეინარჩუნებს ფუნქციონირების ტემპს სიჩქარის გაზრდით.
მამოძრავებელი ცენტრის მუშაობა ინტელექტუალურ ცენტრში წარმოქმნის, მაგალითად, მექანიკურ კითხვას ან მექანიკურ მოსმენას, როდესაც რაღაცას ვკითხულობთ ან ვუსმენთ, მაგრამ ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია კითვის და მოსმენილის არსი. ეს ზოგადად მაშინ ხდება, როდესაც ინტელექტუალური ცენტრის აქტიურობის მიმართულება, ანუ ყურადღება, სხვა რაღაცით არის დაკავებული და ასეთ დროს მამოძრავებელი ცენტრი აბსტრაქტული აზროვნების ადგილის დაკავებას ცდილობს. მაგრამ ეს ძალიან ადვილად იქცევა ჩვევად, რადგან ინტელექტუალური ცენტრი ძირითადად არ ამახვილებს ყურადღებას სასარგებლო შრომაზე ან ფიქრზე, არამედ დროის უმეტეს ნაწილს ოცნებაში და წარმოსახვაში ატარებს.
წარმოსახვა ცენტრების არასწორი მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. ცენტრებს წარმოსახვისა და ოცნებების საკუთარი ფორმა აქვთ, მაგრამ, როგორც წესი, წარმოსახვისთვის მამოძრავებელი და ემოციური ცენტრები ინტელექტუალურ ცენტრს იყენებენ, რომელიც ძალიან ადვილად ღებულობს ამ განკარგულებას საკუთარ თავზე, ვინაიდან ოცნებობა მის მიდრეკილებას შეესაბამება. წარმოსახვა და ოცნებობა "სასარგებლო" გონებრივი აქტივობისგან აბსოლუტურად საპირისპიროა. "სასარგებლო" ამ შემთხვევაში ნიშნავს საქმიანობას, რომელიც მიმართულია გარკვეული მიზნისკენ და გარკვეული შედეგის მიღების მიზნით არის განხორციელებული. წარმოსახვა არანაირ მიზანს არ მისდევს და არანაირი შედეგის მისაღწევად არ იბრძვის. წარმოსახვის მოტივი ყოველთვის ემოციურ ან მამოძრავებელ ცენტრში მდებარეობს. წარმოსახვის ფაქტობრივ პროცესს ინტელექტუალური ცენტრი ახორციელებს. წარმოსახვისკენ მიდრეკილება გარკვეულწილად ინტელექტუალური ცენტრის სიზარმაცით არის გამოწვეული, ანუ იგი ცდილობს, თავიდან აიცილოს გარკვეული მიზნისკენ მიმავალი მიზანმიმართული მუშაობა და ძალისხმევა, ამის ნაცვლად კი ნაწილობრივ მამოძრავებელი და ემოციური ცენტრებისკენ მიემართება, რათა ერთად მათ იდენტური იდეები გაიმეორონ, თავი ცოცხლად იგრძნონ ან ხელახლა შექმნან იგივე გამოცდილება, როგორც სასიამოვნო, ასევე უსიამოვნო, რაც წარსულში უკვე განიცხოვრეს ან "წარმოიდგინეს". არასასიამოვნო, ავადმყოფური სიტუაციების წარმოსახვა გაუწონასწორებელი ადამიანური მანქანისთვის ძალიან დამახასიათებელი თვისებაა. ბოლოს და ბოლოს, სასიამოვნო ოცნებები შეიძლება ლოგიკურად მაინც გავამართლოთ, მაგრამ ნეგატიური წარმოსახვა სრული აბსურდია. და მაინც, ადამიანთა უმეტესობა ცხოვრების ცხრა მეათედს სწორედ მტკივნეული უბედურებებისა და სამომავლოდ გადასატანი ტანჯვების წარმოსახვაში ატარებს. წარმოსახვა და მეოცნებეობა არის ინტელექტუალური ცენტრის არასწორი მუშაობის შედეგი.
წარმოსახვისა და ოცნებების დაკვირვება თვითშესწავლის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ქმნის.
თვითდაკვირვების მომდევნო ობიექტი ჩვევები უნდა იყოს. ყველა ზრდასრული ადამიანი მთლიანად ჩვევებისაგან შედგება, თუმცა მათ ამის შესახებ არ იციან და ხშირად რაიმე ჩვევის არსებობასაც კი უარყოფენ. სინამდვილეში სხვანაირად შეუძლებელია. სამივე ცენტრი დროთა განმავლობაში ჩვევებით ივსება და ადამიანი ვერასოდეს შეიცნობს საკუთარ თავს, სანამ მისთვის დამახასიათებელ ყველა ჩვევას არ შეისწავლის. ჩვევების დაკვირვება და შესწავლა განსაკუთრებით რთულია, რადგან მათი დანახვისა და დაფიქსირების მიზნით მათგან თუნდაც ერთი წამით მაინც უნდა განთავისუფლდეთ. თუ ადამიანს გარკვეული ჩვევა მართავს და აკონტოლებს, იგი მას ვერ შეამჩნევს და ვერ დააკვირდება, მაგრამ პირველივე მცდელობისას, როგორც კი მის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებს, მას დაინახავს და დააკვირდება. ამიტომ, ჩვევების დაკვირვებისა და შესწავლის მიზნით მათ წინააღმდეგ ბრძოლას უნდა ეცადოთ. აქ იხსნება თვითდაკვირვების პრაქტიკული მეთოდი. ადრეც ითქვა, რომ ადამიანს არ შეუძლია საკუთარ თავში რაიმეს შეცვლა, საწყის ეტაპზე იგი მხოლოდ უნდა დააკვირდეს და შეისწავლოს. ეს მეთოდი სწორია. მაგრამ ისიც სწორია, რომ ადამიანი ვერც ვერაფერს დააკვირდება და შეისწავლის, თუ საკუთარ თავთან ბრძოლას არ ეცდება, ანუ საკუთარ ჩვევებთან ბრძოლას. ეს ბრძოლა პირდაპირ შედეგს ვერ გამოიღებს, სხვანაირად რომ ვთქვათ, იგი არსობრივად ვერაფერს შეცვლის, მითუმეტეს რაიმე მუდმივ ან ხანგრძლივ ცვლილებას ვერ გამოიწვევს. მაგრამ ეს გვიჩვენებს, რა არის იქ. ბრძოლის გარეშე ადამიანი ვერ დაინახავს რისგან შედგება თავად. მცირე ჩვევებთან ბრძოლა ძალიან რთული და მოსაწყენია, მაგრამ ამის გარეშე თვითდაკვირვება შეუძლებელია.
მამოძრავებელი ცენტრის ელემენტარული საქმიანობის შესწავლის პირველივე ცდაზე ადამიანი ჩვევებს აწყდება. მაგალითად, ადამიანს შეიძლება მოძრაობების შესწავლა სურდეს, შეიძლება უნდოდეს დაკვირვება, როგორ დადის. მაგრამ იგი ვერასდროს დააკვირდება ამას, სანამ ჩვეულებრივად განაგრძობს სიარულს. მაგრამ თუ გაიგებს, რომ მისი სიარულის ჩვეულებრივი მეთოდი რიგი ჩვევებისგან შედგება, (ნაბიჯების სიგრძე, გარკვეული სიჩქარე და ასე შემდეგ) სიარულის ჩვევის შეცვლილას იგი შეძლებს საკუთარი თავის დაკვირვებას და იმას, თუ როგორ მოძრაობს. თუ ადამიანს წერის დროს სურს საკუთარი თავის დაკვირვება, იგი უნდა დააკვირდეს, როგორ უჭირავს კალამი და ჩვეულებისგან განსხვავებულად უნდა დაიკავოს. თვითდაკვირვებისთვის, ადამიანმა უნდა ეცადოს არ იაროს ჩვეული გზით, იჯდეს, როცა დგომა სჩვევია და იდგეს, როცა ჯდომის ჩვევა აქვს. მან უნდა აკეთოს მარცხენა ხელის მოძრაობები, რომლებიც მარჯვენას სჩვევია და პირიქით. ეს ყველაფერი მას საშუალებას მისცემს დააკვირდეს საკუთარ თავს, შეისწავლოს ჩვევები და მამოძრავებელი ცენტრის ასოციაციები.
ემოციების სფეროში ძალიან სასარგებლოა მყისიერად გამოხატული უარყოფითი ემოციების ჩვევებთან ბრძოლა. უამრავი ადამიანისთვის ძალიან ძნელია უარყოფითი ემოციის გამოხატვის შეჩერება მაშინაც კი, როცა ამინდის გაუარესების შესახებ შეიტყობენ. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია არ გამოვხატოთ უარყოფითი ემოციები, როცა წესრიგის ან სამართლიანობის განცდას გვირღვევენ.
გარდა იმისა, რომ ეს თვითდაკვირვებისთვის ძალიან კარგი მეთოდია, უარყოფითი ემოციების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლას სხვა მნიშვნელობაც აქვს. ეს არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე მიმართულებიდან, რომლის მეშვეობითაც ადამიანს საკუთარი თავის შეცვლა შეუძლია ან ჩვევების იმგვარად ცვლილება, რომ მის ადგილას სხვა ჩვევები არ წარმოიქმნას. ამიტომ, თვითდაკვირვებას და თვითშესწავლას, პირველ რიგში თან უნდა ახლდეს უარყოფითი ემოციების წინააღმდეგ ბრძოლა.
თუ ადამიანი ყველა ამ წესს შეასრულებს, იგი საკუთარი არსების ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტების მთელ სერიას დააფიქსირებს. დასაწყისისთვის იგი უტყუარი სიცხადით და სიზუსტით დააფიქსირებს და მიხვდება, რომ მისი ქმედებები, აზრები და სიტყვები გარეგანი გავლენების შედეგია და ამათგან არაფერი მოდის უშუალოდ საკუთარი თავიდან. ადამიანი მიხვდება, რომ იგი ავტომატური ქმნილებაა, რომელიც გარეგანი სტიმულების გავლენების ქვეშ მოქმედებს. ადამიანი სრულ მექანიკურობას იგრძნობს. ეს არის რეალიზაცია, როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ ყველაფერი "ხდება", თავად იგი ვერაფერს "აკეთებს". ყოველი გავლენა ზედაპირზე იხმობს მის ერთ-ეთ "მეს", ხოლო ახალი გავლენა წინას აქრობს და მომდევნოს იხმობს. ადამიანი დაიწყებს იმის გაგებას, რომ მას არ აქვს საკუთარი თავის კონტროლი, მან არ იცის რას გააკეთებს მომდევნო მომენტში და იგი იმასაც გაიგებს, რომ საკუთარი თავიდან იგი სწორ პასუხს ვერაფერს გასცემს, თუნდაც დროის სულ მცირე მონაკვეთში. ადამიანი გაიგებს, რომ თუ ისევ იგივედ დარჩება, არასდროს ექნება ცვლილების შესაძლებლობა, რადგან გარეგან გავლენებში არაფერი ახალი არ ხდება. ადამანი გაიგებს, რომ მასში მის ქმედებებს მთლიანად გარეგანი მოვლენები აკონტრლებს და მასში მუდმივი არაფერია, საიდანაც შესაძლოა, რომ კონტროლი გამოვიდეს. არ არსებობს არც ერთი მუდმივი ფუნქცია, არც ერთი მუდმივი სახელმწიფო.
გურჯიევის ფსიქოლოგიურ თეორიებში იყო რამდენიმე პუნქტი, რომელმაც განსაკუთრებით გამოიწვია ჩემი ინტერესი. პირველი გახლდათ საკუთარი თავის შეცვლის შესაძლებლობა, ანუ ის ფაქტი, რომ ადამიანი პირველ რიგში საკუთარი თავის სწორად დაკვირვებას იწყებდა.
მეორე საკითხი ეხებოდა უარყოფითი ემოციების არ-გამოხატვას. ამ იდეის უკან რაღაც ძალიან დიდს ვგრძნობდი და მომავალმა მიჩვენა, რომ მართალი ვიყავი. ემოციების შესწავლა და მათზე მუშაობა მთელი შემდგომი განვითარების და სისტემის საფუძველი გახდა. მაგრამ ეს გაცილებით გვიან მოვიდა.
მესამე, რომელმაც მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება და რაც პირველად გავიგე, იყო მამოძრავებელი ცენტრის იდეა. მთავარი საკითხი, რაც მაინტერესებდა, გახლდათ მამოძრავებელი ფუნქციის ინსტინქტურ ფუნქციასთან მიმართება, რომელიც გურჯიევმა ჩამოაყალიბა. ისინი ერთნაირები იყვნენ თუ განსხვავებულნი? და შემდგომ, რა მიმართებაში იმყოფებოდნენ გურჯიევის დაყოფები ზოგადი ფსიქოლოგიის დანაყოფებთან? გარკვეული შესწორებებით და ჩამატებებით, ვთვლიდი, რომ ვიზიარებდი ძველი დაყოფების იდეას: ადამიანის ქმედებები იყოფოდა "ცნობიერ" მოქმედებებად, "ავტომატურ" მოქმედებებად (რომლებიც ცნობიერი უნდა გამხდარიყვნენ), "ინსტინქტურ" მოქმედებებად (მიზანშეწონილად, მაგრამ ცნობიერების არსებობის გარეშე) და "რეფლექსებად", მარტივად და რთულად, რომლებიც არასდროს იყვნენ ცნობიერნი და გარკვეულ შემთხვევებში მიზანშეწონილად ითვლებოდნენ. გარდა ამისა, არსებობდა მოქმედებები, რომლებიც ფარული ემოციური განწყობების ქვეშ ხორციელდებოდა ან შინაგანი უცნობი იმპულსების მიერ იმართებოდა.
გურჯიევმა მთელი ეს სტრუქტურა თავდაყირა დააყენა.
უპირველეს ყოვლისა, მან მთლიანად უარყო "ცნობიერი" ქმედებები, რადგან მისი სიტყვებით, ადამიანი ვერაფერს აცნობიერებდა. ტერმინი "ქვეცნობიერი", რომელიც უზარმაზარ როლს თამაშობდა უამრავი ავტორის თეორიებში, გურჯიევის მიხედვით თანაბრად იყო უსარგებლოც და შეცდომაში შემყვანიც, რადგან ამ კატეგორიაში განსხვავებული კლასიფიკაციის ფენომენები ირიცხებოდა.
მაკონტროლებელი ცენტრების მიხედვით მოქმედებების დაყოფამ ყველანაირი ეჭვი გაანადგურა დანაყოფების სისწორის შესახებ.
გურჯიევის სისტემაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მითითება, რომ ქმედებებს შესაძლოა სხვადასხვა ცენტრში ჰქონოდათ წარმოშობის ადგილი.
მაგრამ გურჯიევი მამოძრავებელი ცენტრის მიერ მართულ ქმედებებს "ავტომატურს" არ უწოდებდა. იგი ტერმინ "ავტომატურს" მხოლოდ მაშინ იყენებდა, როცა ადამიანის მიერ შეუმჩნეველ მოქმედებებზე საუბრობდა. თუ ადამიანი იგივე ქმედებებს აკვირდება, მათ ვეღარ დაერქმევათ "ავტომატური". გურჯიევმა დიდი ადგილი დაუთმო ავტომატურობის განმარტებებს, მაგრამ მამოძრავებელ ფუნქციას ავტომატური ფუნქციებისგან განსხვავებულად მიიჩნევდა და ხაზს უსვამდა, რომ ავტომატური მოქმედებები ყველა ცენტრში არსებობდა. მაგალითად, მან ისაუბრა ავტომატურ აზრებზე და ავტომატურ ემოციებზე. როცა მას რეფლექსების შესახებ ვკითხე, მან იგი ინსტინქტური მოქმედებების ტერმინით მოიხსენია. მის მიერ ახსნილიდან მივხვდი, რომ გარეგანი მოძრაობებიდან ინსტინქტურ ქმედებებს მხოლოდ რეფლექსები წამროადგენდა.
ძალიან მაინტერესებდა მამოძრავებელი და ინსტინქტური ცენტრების ურთიერთქმედების აღწერა და ხშირად ვუბრუნდებოდი ამ საკითხს მასთან საუბრისას.
უპირველეს ყოვლისა, გურჯიევი ყურადღებას ამახვილებდა ორ სიტყვაზე და ამბობდა, რომ სიტყვა "ინსტინქტი" და სიტყვა "ინსტინქტური" არ იყო ერთი და იგივე მნიშვნელობის. მისი ნათქვამიდან გაირკვა, რომ ამ სიტყვების გამოყენება მხოლოდ ორგანიზმის შინაგანი ფუნქციების აღწერისას იყო დასაშვები. ასეთი გალხდათ გულისცემა, სუნთქვა, სისხლის მიმოქცევა, საჭმლის მონელება. - ესენი იყვნენ ინსტინქტური ფუნქციები. ერთადერთი გარეგანი ფუნქცია, რომელიც ამ კატეგორიას ეკუთვნოდა, გალხდათ რეფლექსები. ინსტინქტურ და მამოძრავებელ ფუნქციებს შორის განსხვავება არის შემდეგი: საჭიროა ადამიანის, ცხოველების, ფრინველების ან თუნდაც ძაღლის მამოძრავებელი ფუქნციები ყველა მათგანმა თავად ისწავლოს. ანუ მამოძრავებელი ფუნქცია არ არის თანდაყოლილი. ინსტინქტური ფუნქციები თანდაყოლილია. ადამიანს ძალიან ცოტა თანდაყოლილი გარეგანი მოძრაობის ფუნქციები აქვს. ცხოველებს მეტი აქვთ, თუმცა ისინი განსხვავდებიან; ზოგს მეტი აქვს, ზოგს ნაკლები. ის, რაც ჩვეულებრივ განიმარტება, როგორც "ინსტინქტი", ძალიან ხშირად განასახიერებს მამოძრავებელი ფუნქციის კომპლექსების სერიას, რომელსაც პატარა ცხოველები დიდებისგან სწავლობენ. მამოძრავებელი ცენტრის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება არის იმიტაციის უნარი. მამოძრავებელი ცენტრი პირდაპირ ბაძავს მსჯელობის გარეშე.
დამოუკიდებელი მამოძრავებელი ცენტრის იდეა ერთის მხრივ, გონებაზე არ არის დამოკიდებული რადგან მას საკუთარი გონება გააჩნია და მეორეს მხრივ, არც ინსტინქტზეა დამოკიდებული. მამოძრავებელი ცენტრის არსებობა იმიტაციის გზით ხსნის ფუტკრების მიერ "არსებული წესრიგის" შენარჩუნებას, ტერმიტებისა და ჭიანჭველების ბორცვების მოწესრიგებულობას და ასე შემდეგ. იმიტაციის გზით, ახალი თაობა მთლიანად აყალიბებს საკუთარ არსებობას ძველზე დაყრდნობით. ცვლილებები შეუძლებელია, ისინი არსებული მოდელიდან ვერ გავლენ. თუ ობობის სახეობა ხუთკუთხედის მსგავს ქსელს ქსოვს, ვერავინ შეძლებს ექვსკუთხედი მოაქსოვინოს. მაგრამ იმიტაცია არ ხსნის, საიდან წარმოიშვა ასეთი მოდელი სულ თავიდან. ხშირად ძალიან მინდოდა ამ თემაზე და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე გურჯიევთან მესაუბრა, მაგრამ იგი გაურბოდა ასეთ საუბრებს, რადგან ისინი საბოლოოდ ადამიანთან და თვითშესწავლის რეალური პრობლემების შესწავლასთან მიჰყავდა.
შემდგომში ჩემთვის ბევრი რამ გაირკვა, როდესაც გავიგე, რომ თითოეული ცენტრი არა მხოლოდ მამოძრავებელი ძალა იყო, არამედ "მიმღები აპარატიც", რომელიც ზოგჯერ ძალიან შორეულ გავლენებსაც ღებულობდა. ომებზე, რევოლუციებზე და ხალხის მიგრაციაზე საუბრისას წარმოვიდგენდი, როგორ აკონტროლებდა მასებს პლანეტარული გავლენები და შემდგომში ამის გააზრება ინდივიდის ქმედებების განსაზღვრებისას ფუნდამენტური შეცდომების დაშვებით დავიწყე. ჩვენ ინდივიდის ქმედებებს განვიხილავთ, როგორც თავისთავად წარმოშობილს, რაც საკუთარი თავიდან მოდის. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რომ მასები ავტომატური ქმედებებისგან შედგება, რომლებიც გარეგან სტიმულს ემორჩილებიან და არა ინდივიდუალურ ნებას ან ცნობიერებას. პირიქით, ასეთი გავლენები ადამიანთან შესაძლოა ძალიან შორიდან მოდიოდნენ.
- შეუძლიათ თუ არა ინსტინქტურ და მამოძრავებელ ფუნქციებს ორი განსხვავებული ცენტრის მეშვეობით კონტროლი? - ვკითხე ერთხელ გურჯიევს.
- შეუძლიათ, - თქვა მან, - და მათ უნდა დაემატოს სექსუალური ცენტრი. ესენია სამი ქვედა საფეხურის ცენტრები. სექსუალური ცენტრი გამანეიტრალებელი ცენტრია ინსტინქტურ და მამოძრავებელ ცენტრებთან მიმართებაში. სამივე ცენტრი სამი ძალის გამტარია. ინტელექტუალური და ემოციური ცენტრები არ არის სიცოცხლისთვის აუცილებელი.
- ამ ცენტრებიდან, რომელია აქტიური და პასიური?
- ისინი იცვლებიან. ერთ მომენტში მამოძრავებელი ცენტრია აქტიური, ინსტინქტური კი პასიური. სხვა მომენტში პირიქით ხდება. შენ უნდა იპოვო ორივე მდგომარეობის მაგალითები საკუთარ თავში. მაგრამ სხვადასხვა მდგომარეობების გარდა განსხვავებული ტიპებიც არსებობს. ზოგიერთ ადამიანში მამოძრავებელი ცენტრი ინსტიქტურზე მეტად აქტიურია, ზოგში პირიქით. მაგრამ მსჯელობის მოხერხებულობისთვის და განსაკუთრებით, დასაწყისისთვის, როდესაც მხოლოდ პრინციპების ახსნაა მნიშვნელოვანი, ჩვენ სხვადასხვა ფუნქციების მქონე ერთ ცენტრს ვიღებთ, რომლებიც იმავე დონეზე იმყოფებიან. ინტელექტუალურ, ემოციურ და მამოძრავებელ ცენტრებს სხვადასხვა დონეზე შეუძლიათ მუშაობა, მაგრამ მამოძრავებელ და ინსტინქტურ ცენტრებს ერთ დონეზე. მოგვიანებით გაიგებ, რას ნიშნავს ეს დონეები და რაზე არიან ისინი დამოკიდებულნი.