სასწაულებრივის ძიებაში

პიოტრ უსპენსკი
5
2

პიოტრ უსპენსკი სასწაულებრივის ძიებაში  უცნობი სწავლების ფრაგმენტები მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

თავი მეხუთე

 ლექცია "სამყაროს მექანიკაზე". ქმნილების სხივი და აბსოლუტიდან მისი ზრდა. მეცნიერული შეხედულებების წინააღმდეგობრიობა. მთვარე, როგორც ქმნილების სხივის დასასრული. აბსოლუტის ნება. სასწაულის იდეა. ჩვენი ადგილი სამყაროში. მთვარე ორგანული ცხოვრებით იკვებება. მთვარის გავლენა და მთვარისგან განთავისუფლება. სხვადასხვა სამყაროს განსხვავებული "მატერიალურობა". სამყარო, როგორც "ვიბრაციების" სამყარო. აბსოლუტიდან მანძილის გაზრდით ვიბრაციები პროპორციულად ნელდება. შვიდი სახის მატერია. ადამიანის ოთხი სხეული და სხვა სამყაროებთან მათი კავშირი. სად არის დედამიწა. სამი ძალა და მატერიის კოსმიური თვისებები. რთული ნივთიერებების ატომები. მატერიის განმარტება მასში გამოვლენილი ძალების მიხედვით. "ნახშირბადი", "ჟანგბადი", "აზოტი" და "წყალბადი". სამი ძალა და ოთხი მატერია. არის თუ არა ადამიანი უკვდავი? რას ნიშნავს უკვდავება? ადამიანი, რომელსაც მეოთხე სხეული აქვს. სემინარისტისა და ღმერთის ყოვლისშემძლეობის ამბავი. საუბრები მთვარეზე. მთვარე, როგორც საათის წონა. საუბარი უნივერსალურ ენაზე. საიდუმლო სერობა. 

 ჩვენ სამგანზომილებიანი სამყარო განვიხილეთ, როგორც სამყაროს მატერია და ძალა, ამ ტერმინების უმარტივესი და ელემენტარული მნიშვნელობით. მოგვიანებით ვისაუბრებთ უმაღლესი სფეროების, სივრცისა და დროის მატერიის ახალი თეორიების, ასევე მეცნიერებისათვის უცნობი სამყაროების ცოდნის შესახებ. ამჟამად აუცილებელია "ქმნილების სხივი" წარმოვაჩინოთ ასოციაციის სახით, აბსოლუტიდან მთვარემდე.

 1. აბსოლუტი.

 2. ყველა სამყარო.

 3. ყველა მზე.

 4. ჩვენი მზე.

 5. ყველა პლანეტა.

 6. დედამიწა.

 7. მთვარე. 

 "ქმნილების სხივი" ერთი შეხედვით სამყაროს ძალიან ელემენტარული გეგმასავით გამოიყურება, მაგრამ მისი შემდგმი შესწავლისას ცხადი გახდება, რომ ამ მარტივი გეგმის მიხედვით შესაძლებელია სამყაროს შესახებ მრავალი ფილოსოფიური, რელიგიური და მეცნიერული ურთიერთსაწიმააღმდეგო შეხედულების გაერთიანება და ერთ სისტემაში მოქცევა. ქმნილების სხივის იდეა ანტიკურ ცოდნას ეკუთვნის და სამყაროს შესახებ ჩვენს დროში არსებული გეოცენტრული იდეები, სწორედ ქმნილების სხივის გულუბრყვილო და არაკომპეტენტური ექსპოზიციების შედეგია. ხშირად ეს არის მოცემული იდეის დამახინჯება, მისი პირდაპირი მნიშვნელობით გაგების გამო. 

 უნდა აღინიშნოს, რომ ქმნილების სხივის იდეა და აბოლუტიდან მისი ზრდა ეწინააღმდეგება ზოგიერთ თანამედროვე შეხედულებას, თუმცა, იგი არ ეწინააღმდეგება ჭეშმარიტ სამეცნიერო შეხედულებებს. ავიღოთ მაგალითად სცენა, - მზე, დედამიწა და მთვარე. ყველასთვის ჩვეული გაგების მიხედვით მთვარე ცივი და მკვდარი ციური სხეულია, რომელიც ოდესღაც დედამიწას ჰგავდა, ანუ შინაგან სითბოს ფლობდა და ჯერ კიდევ ადრინდელ პერიოდში მზის მსგავსად დნობადი მასისგან შედგებოდა. ზოგადი შეხედულებით, ოდესღაც დედამიწაც მზეს ჰგავდა და შემდგომ თანდათანობით გაცივდა, შემდგომში კი ისიც მთვარის მსგავსი გაყინული მასა გახდება. ჩვეულებრივ, იმასაც ვარაუდობენ, რომ ოდესღაც მზეც ამოწურავს ენერგიის მარაგს და დროთა განმავლობაში ისიც ჩაქვრება, ჯერ დედამიწის მსგავსი გახდება, შემდეგ კი მთვარის. 

 რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოსაზრებას არ შეიძლება რამენაირად "მეცნიერული" ეწოდოს ამ ტერმინის მკაცრი გაგებით, რადგან მეცნიერებაში, ანუ ასტრონომიაში, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ასტროფიზიკაში, ბევრი განსხვავებული ურთიერთგამომრიცხავი ჰიპოთეზა და თეორია არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით, რომელთაგან არც ერთს არ გააჩნია რაიმე სერიოზული საფუძველი. მაგრამ ეს შეხედულება ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მოსაზრებაა, რომელიც თანამედროვე საზოგადოებაში ჩვეულებრივი ადამიანების საკუთრება გახდა.

 ქმნილების სხივისა და აბსოლუტიდან მისი ზრდის იდეა ეწინააღმდეგება დღევანდელ სამყაროში და  დღევანდელ დროში აღქმულ ზოგად შეხედულებებს. 

  ჩვენი იდეის მიხედვით, მთვარე ჯერ კიდევ დაუბადებელი პლანეტაა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იგი დაბადების პროცესში იმყოფება. მთვარე თანდათან გათბება, (ხელსაყრელი ქმნილების სხივის განვითარება) დედამიწას დაემსგავსება და საკუთარი თანამგზავრი ეყოლება, ანუ საკუთარი მთვარე. ქმნილების სხივს ახალი ბმა დაემატება. დედამიწა არც გაცივდება და არც გათბება, თუმცა დიდი ხნის შემდეგ იგი შესაძლოა მზეს დაემსგავსოს. ასეთ პროცესს ჩვენ იუპიტერის სისტემაში ვაკვირდებით, რომელიც თავისი თანამგზავრებისთვის მზეს წარმოადგენს. 

 შეაჯამეთ ყველაფერი, რაც ადრე იყო ნათქვამი ქმნილების სხივის შესახებ პირველი სამყაროდან ოთხმოცდათექვსმეტ სამყრომდე. ამას უნდა დაემატოს კანონების რაოდენობა, ანუ ძალების რაოდენობა, რომელთა მმართველობის ქვეშაც ისინი არიან მოქცეულნი. აბსოლუტში არის მხოლოდ ერთი ძალა ან ერთი კანონი, ესაა ერთარსი და დამოუკიდებელი ნება. მომდევნო სამყაროში არსებობს სამი ძალა ანუ კანონთა სამი რიგი. მომდევნოში ექვსი, თორმეტი და ასე შემდეგ, ჩვენს სამყარომდე, რომელიც ორმოცდარვა კანონს ექვემდებარება. ამ კანონებს ვექვემდებარებით ჩვენ და მათი მიხედვით მთელი ჩვენი ცხოვრება იმართება. ჩვენ რომ მთვარეზე ვცხოვრბდეთ, დავემორჩილებოდით ოთხმოცდათექვსმეტ კანონს, ანუ ჩვენი ცხოვრება და საქმიანობა კიდევ უფრო მექანიკური იქნებოდა და არანაირი შანსი არ იარსებებდა მექანიკურობისგან გასაქცევად, რა შანსებსაც ახლა ვფლობთ. 

 როგორც უკვე ითქვა, აბსოლუტის ნება მხოლოდ მის მიერ შექმნილი სამყაროს შიგნით ვლინდება, ანუ სამყარო ნომერ სამში. სამყარო ნომერ ექვსში აბსოლუტის უშუალო ნება არ აღწევს და მასში იგი მექანიკური კანონების მიხედვით ვლინდება. მომდევნო სამყაროებში, ანუ თორმეტში, ოცდაოთხში, ორმოცდარვაში და ოთხმოცდათექვსმეტში, აბსოლუტის ნებას გამოვლინების სულ უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვს და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს დანარჩენი სამყაროს ზოგადი გეგმა შემდგომში მექანიკურად ვითარდება. აბსოლუტის ნებას არ შეუძლია საკუთარი თავი ამ სამყაროებში წარმოაჩინოს და მისი გამოვლინების საშუალება მხოლოდ მექანიკური კანონებია, რაც ნიშნავს, რომ იგი თავად იღებს მექანიკური კანონების სახეს. თუ აბსოლუტს ჩვენს სამყაროში საკუთარი ნების გამოხატვა მოესურვება, მას ყველა შუალედური სამყაროს განადგურება მოუწევს, რომელიც ჩვენსა და აბსოლუტს შორის არსებობს. 

 კანონის დარღვევის მნიშვნელობით სასწაულის იდეა არა მხოლოდ საღ აზრს ეწინააღმდეგება, არამედ თავად ნებასაც. სასწაული შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმ კანონების გამოვლინება, რომლებიც უცნობია, რომელთაც ვერ ვხედავთ ან ძალიან იშვიათად ვლინდებიან. სასწაული არის სხვა სამყაროების კანონთა გამოვლინება ჩვენს სამყაროში. 

 დედამიწაზე ჩვენ ძალიან შორს ვართ აბსოლუტის ნებისგან. ფაქტობრივად, მისგან მექანიკური ორდენების ორმოცდარვა კანონი გვაშორებს. თუ ჩვენ ამ კანონებისგან განთავისუფლება შეგვიძლია, მაშინ დავემორჩილებით ოცდაოთხ კანონს და შემდგომში აბსოლუტთან და მის ნებასთან ერთი ნაბიჯით ახლოს ვიქნებით. თუ ამ კანონებისგანაც განვთავისუფლდებით, მაშინ გადავალთ თორმეტი კანონის მორჩილებაში (მზის კანონების მორჩილებაში) და შესაამისად კიდევ უფრო მივუახლოვდებით აბსოლუტს. ამ კანონებიდან განთავისუფლების შემთხვევაში გადავალთ ვარსკვლავური სამყაროს კანონების მორჩილებაში და აქედან აბსოლუტის უშუალო ნებამდე ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩება. ამგვარად, ჩვენთვის ეტაპობრივად შესაძლებელია მექანიკური კანონებისგან განთავისუფლება. 

 

 ორმოცდაორი კანონის შესწავლა, რომელსაც ადამიანი ექვემდებარება, არ შეიძლება, რომ ასტროლოგიასავით აბსტრაქტული იყოს. ამ კანონების შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი თავის დაკვირვებით და მათგან ეტაპობრივად განთავისუფლებით. თავიდან ადამიანმა უბრალოდ უნდა გაიგოს, რომ იგი სრულიად უსაფუძვლოდ ექვემდებარება ათასობით წვრილმან, მაგრამ საზიზღარ კანონს, რომელიც მისთვის სხვა ადამიანების მიერ შეიქმნა ან თავად შექმნა ისინი. ასეთი კანონებისგან თავისუფლების მოპოვების ხანგრძლივი და დაჟინებული მცდელობები ადამიანს საკუთარ მონობაში დაარწმუნებს. კანონები, რომლებსაც ადამიანი ექვემდებარება, შესაძლებელია მხოლოდ მათთან ბრძოლით შევისწავლოთ, როდესაც მათგან განთავისუფლებას ვეცდებით. მაგრამ დიდი რაოდენობით ცოდნაა საჭირო იმისათვის, რათა ერთი კანონისგან იმგვარად განვთავისუფლდეთ, რომ მის ადგილას სხვა კანონი არ ჩავანაცვლოთ. 

 კანონთა წესრიგი და მისი ფორმები იმისდა მიხედვით განსხვავდება, თუ რა თვალსაზრისით განვიხილავთ ქმნილების სხივს. 

 ჩვენს სისტემაში ქმნილების სხივის დასასრული, ანუ მზარდი დასასრული, არის მთვარე. მთვარის ზრდისთვის, განვითარებისთვის  და ახალი ქმნილების სხივის ტოტების ფორმირებისთვის საჭირო ენერგია მთვარეზე დედამიწიდან იგზავნება, სადაც იგი მზის და ყველა დანარჩენი პლანეტის ერთობლივი მოქმედებით იქმნება. ეს ენერგია გროვდება და ინახება უზარმაზარ აკუმულატორში, რომელიც დედამიწის ზედაპირზე მდებარეობს. ამ აკუმულატორს ეწოდება დედამიწის ორგანული სიცოცხლე, რომელიც მთვარეს კვებავს. ყველაფერი, რაც დედამიწაზე ცხოვრობს, ადამიანები, ცხოველები, მცენარეები, მთვარის საკვებია. მთვარე უზარმაზარი ცოცხალი არსებაა, რომელიც ყველაფრით იკვებება, რაც დედამიწაზე ცოცხლობს და იზრდება. მთვარე დედამიწის ორგანული სიცოცხლის გარეშე ვერ იარსებებს. უფრო მეტიც, ორგანულ სიცოცხლესთან დაკავშირებით მთვარე უზარმაზარი ელექტრომაგნიტია. თუ ელექტრომაგნიტის მოქმედება მოულოდნელად შეჩერდება, ორგანული სიცოცხლე დაიშლება და გადაშენდება. 

 მთვარის ზრდისა და გათბობის პროცესი დაკავშირებულია დედამიწაზე არსებულ სიცოცხლესა და სიკვდილზე. ყველაფერი ცოცხალის სიკვდილი გარდაცვალების მომენტში ათავისუფლებს გარკვეული რაოდენობის ენერგიას, რომესაც მთვარე "ისრუტავს". ეს ენერგია, ანუ ყოველი ცოცხალი არსების, მცენარის, ცხოველისა და ადამიანის "სული", მთვარის მიერ მიიზიდება, როგორც უზარმაზარი ელექტრომაგნიტის მიერ, რომელსაც მთვარისთვის სითბო და სიცოცხლე მოაქვს. სწორედ ამ ენერგიაზეა დამოკიდებული მთვარის ზრდა, ანუ ქმნილების სხივის ზრდა. სამყაროში მცირედი ენერგიაც არ იკარგება და ერთ სფეროში ენერგიის ფუნქციონირების დასრულების შემდეგ, იგივე ენერგია სხვა სფეროში ფუნქციონირებისთვის გადადის. 

 სულები, რომლებიც მთვარეზე მიდიან, ალბათ გარკვეული რაოდენობის ცნობიერებას და მეხსიერებას ფლობენ. ისინი იქ ოთხმოცდათექვსმეტი კანონის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდებიან; სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის პირობა, საიდანაც თავის დაღწევის არანაირი შანსი არ არსებობს განუზომლად გრძელი პლანეტარული ციკლების განმავლობაში. მთვარე სამყაროს უკიდურეს კიდეზე იმყოფება, ანუ მთვარე სამყაროს დასასრულია. ქრისტიანულ მოძღვრებაში ეს არის მდგომარეობა, რომელზეც ქრისტე საუბრობს: "ვიღაცამ უთხრა: უფალო, ნუთუ ცოტანი ცხონდებიან? ხოლო მან პასუხად თქვა: იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო ბჭით, რადგანაც გეუბნებით: მრავალნი ეცდებიან შესვლას და ვერ შესძლებენ.  ვინაიდან ადგება სახლის პატრონი და ჩაკეტავს კარს, ხოლო თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე კაკუნს და იტყვით: ბატონო, ბატონო, გაგვიღე; ის კი მოგიგებთ: არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი. მაშინ დაიწყებთ ჩივილს: შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს მოედნებზე გვმოძღვრავდი. მაგრამ ის იტყვის: გეუბნებით, არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი; შორს ჩემგან უსამართლობის ყველა მოქმედი. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა, როცა იხლავთ აბრაამს, ისააკს, იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღმრთის სასუფეველში, ხოლო თქვენს თავს - გარეთ გამოყრილთ" (ლუკა, თავი 13, 23:28). 

 მთვარის გავლენა ყველა ცოცხალ არსებაზე და დედამიწაზე არსებულ ყველა საგანზე ვლინდება. მთვარე არის უახლოესი, უშუალო, მთავარი მამოძრავებელი ძალა, რაც დედამიწის ორგანულ სიცოცხლეში ხდება. ყველა მოძრაობა, ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების მოქმედებები მთვარის მიერ იმართება და ყველაფერს მთვარე აკონტროლებს. ორგანული ცხოვრების მიწიერი გლობუსი მთლიანად დამოკიდებულია უზარმაზარი ელექტრომაგნიტის გავლენაზე, რომელიც მისგან სიცოცხლისუნარიანობას შთანთქავს. ადამიანს, ისევე როგორც ყველა დანარჩენ არსებას, ჩვეულებრივი ცხოვრების პირობებში არ შეუძლია მთვარის გავლენისგან განთავისუფლდეს. ყველა მის მოძრაობას და ქმედებას მთვარე აკონტროლებს. თუ ადამიანი ვიღაცას მოკლავს, ამას მთვარე აკეთებს. თუ იგი თავს სწირავს სხვებისთვის, ამასაც მთვარე აკეთებს. ყველა ბოროტი საქმე, ყველა დანაშაული,  ყველა თავგანწირული ქმედება, ყველა გმირული ექსპლუატაცია, ისევე როგორც ყველა ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრების ქმედება მთვარის მიერ კონტროლდება. 

 განთავისუფლება, რომელიც მენტალური ძალების და შესაძლებლობების ზრდასთან ერთად მოდის, ნიშნავს მთვარისგან განთავსიუფლებას. ჩვენი ცხოვრების მექანიკური ნაწილი მთვარეზეა დამოკიდებული და მთვარეს ექვემდებარება. თუ ჩვენ საკუთარ თავში ცნობიერებას და ნებას განვავითარებთ, შევძლებთ მთვარის ძალისგან თავის დაღწევას. 

 შემდეგი იდეა, რომლის ათვისებაც აუცილებელია, არის სამყაროს მატერიალურობის საკითხი, რომელიც ქმნილების სხივის ფორმისგან არის აღებული. ამ სამყაროში ყველაფრის აწონვა და გაზომვა შეიძლება. აბსოლუტი ისეთივე მატერიალურია, ისეთივე აწონვადი და გაზომვადი, როგორც მთვარე ან როგორც ადამიანი. თუ აბსოლუტი მატერიალური მოცემულობაა, ეს ნიშნავს, რომ ღმერთის აწონვა და გაზომვა შესაძლებელია, ხოლო გაზომილი კომპეტენტურ ელემენტებად გადანაწილდება გარკვეული ფორმულით გამოხატული ფორმით. 

 მაგრამ, ცნება "მატერიალურობა" ისევე ფარდობითია, როგორც ყველაფერი დანარჩენი. ცნება "ადამიანი" და ყველაფერი, რაც მას ეხება, - სიკეთე, ბოროტება, სიმართლე, სიცრუე და ასე შემდეგ, სხვადასხვა კატეგორიებად იყოფა, (ადამიანი ნომერი პირველი, ნომერი მეორე და სხვა). ამგვარად ჩვენ ვიცით, რომ "სამყაროს" ცნება და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი რამ მოცემულ ასპექტში იყოფა. აბსოლუტის მატერიალურობა არის კანონთა წესრიგის მატერიალურობა, რომელიც "ყველა სამყაროსგან" განსხვავდება. "ყველა სამყაროს" მატერიალურობა განსხვავდება "ყველა მზის" მატერიალურობისგან. "ყველა მზის" მატერიალურობა განსხვავებულია "ჩვენი მზისგან". "ჩვენი მზის" მატერიალურობა განსხვავებულია "ყველა პლანეტის" მატერიალურობისგან. "ყველა პლანეტის" მატერიალურობა განსხვავდება "დედამიწის" მატერიალურობისგან. "დედამიწის" მატერიალურობა განსხვავებულია "მთვარის" მატერიალურობისგან. ამ იდეის აღქმა თავიდან რთულია. ხალხი მიჩვეულია იფიქროს, რომ საკითხი ყველგან ერთნაირია. მთელი ფიზიკა, ასტროფიზიკა, ქიმია და უამრავი სხვა დარგი ამ ვარაუდს ეფუძნება. მართალია, რომ მატერია ერთი და იგივეა, მაგრამ მატერიალურობა განსხვავებულია. მატერიალურობის სხვადასხვა ხარისხი პირდაპირ დამოკიდებულია გამოვლენილი ენერგიის თვისებებზე მოცემულ წერტილში. 

 მატერია ან სუბსტანცია აუცილებლად გულისხმობს ძალის ან ენერგიის არსებობას. ეს არ ნიშნავს, რომ სამყაროს დუალისტური წარმოდგენა აუცილებელია. მატერიისა და ძალის ცნებები ისეთივე ფარდობითია, როგორც სხვა ყველაფერი. აბსოლუტში, სადაც ყველაფერი ერთია, მატერიაც და ძალაც ერთია. მაგრამ ამ მხრივ მატერია და ძალა არ მიიღება როგორც სამყარს რეალური პრინციპი, არამედ როგორც ჩვენს მიერ დაკვირვებადი ფენომენალური სამყაროს თვისებები და მახასიათებლები. სამყაროს შესწავლის დასაწყებად საკმარისია ელემენტარული წარმოდგენა გვქონდეს მატერიასა და ენერგიაზე. მატერია მიიღება როგორც "მუდმივი", ხოლო ამ "მუდმივში" არსებულ "ცვლილებებს", ძალის ან ენერგიის გამოვლინებები ეწოდებათ. ყველა ეს ცვლილება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ტალღოვანი მოძრაობების ან ვიბრაციების შედეგი, რომლებიც იწყება ცენტრიდან, ანუ აბსოლუტიდან და ყველა მიმართულებით მოძრაობს, ერთმანეთს გადაკვეთს, ეჯახება და ერწყმის იქამდე, სანამ ქმნილების სხივის დასასრულში არ გაჩერდება.

 ამ თვალსაზრისით, სამყარო შედგება ვიბრაციისგან და მატერიისგან. სამყარო არის მატერიის ვიბრაციული მდგომარეობა. ვიბრაციის სიჩქარე მატერიის სიმკვრივის ფარდობითია. 

 აბსოლუტში ვიბრაციები ყველაზე სწრაფია და მატერიაც ყველაზე ნაკლებად მკვრივია. შემდეგი სამყაროს ვიბრაციები უფრო შენელებულია და მატერიაც მეტად მკვრივია. 

 მატერია შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ატომების შემადგენელი ნაწილი. ატომები მატერიის საბოლოო დაყოფის შედეგად არიან მიღებულნი. ნებისმიერ წესრიგში ატომები მოცემული მატერიის მცირე ნაწილაკებს წარმოადგენენ, რომლებიც მოცემულ სფეროში განუყოფელნი არიან. მხოლოდ აბსოლუტის ატომები არიან ნამდვილად განუყოფელნი, მომდევნო სიბრტყეში, ანუ მესამე სამყაროში სამი ატომი არსებობს, იგი სამჯერ დიდი და სამჯერ მძიმეა, შესაბამისად მისი მოძრაობაც შედარებით ნელია. მეექვსე სამყაროში ატომები კიდევ უფრო მძიმე და ნელია, და ასე შემდეგ. მომდევნო სამყაროებში ატომებთან ერთად მატერიაც უფრო და უფრო მკვრივდება. 

 ქმნილების სხივის შვიდი სამყარო განასახიერებს მატერიალურობის შვიდ წესრიგს; ამგვარად, მატერიის ერთი კონცეფციის ნაცვლად, ჩვენ გვაქვს შვიდი სახის მატერია, მაგრამ ჩვენი მატერიალურობის ჩვეულებრივი კონცეფცია მხოლოდ ორმოცდამერვე და ოთხმოცდამეთექვსმეტე სამყაროებს მოიცავს. ოცდამეოთხე სამყაროს საკითხი ძალზედ იშვიათია იმისთვის, რათა მისი მატერია ჩვენი ფიზიკისა და ქიმიის თვალსაზრისით განიხილებოდეს. ასეთი მატერია პრაქტიკულად ჰიპოთეტურია. მეთორმეტე სამყაროს კიდევ უფრო დახვეწილი მატერიალურობა აქვს; ჩვეულებრივი გამოკვლევისას აღმოვაჩენთ, რომ მას საერთოდ არ აქვს მატერიალურობის მახასიათებელი იმ გაგებით, როგორც ჩვენ აღვიქვამთ. ყოველი სამყაროს ასეთი წესრიგი სხვადასხვა ფენებად კი არ იყოფა, არამედ ისინი ერთმანეთშია შერეული, უფრო სწორად, ისინი ერთმანეთში იჭრებიან. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მსგავსი ურთიერთშეღწევადობის იდეა ჩვენთვის ცნობილი სხვადასხვა სიმკვრივის მატერიის მქონე საგნებისგან. ხის კუნძი შესაძლოა წყლით გაიჟღინთოს, ან წყალი გაიჟღინთოს გაზით. ეს და მრავალი ასეთი მაგალითი მთელს სამყაროში უამრავ საგანში შეინიშნება; უფრო დახვეწილი მატერია შედარებით ხისტში აღწევს. 

 მატერია, რომელსაც ჩვენთვის გასაგები მატერიალურობის მახასიათებლები გააჩნია, მისი სიმკვრივის მიხედვით რამდენიმე მდგომარეობად იყოფა: მყარი, თხევადი და აირადი. არსებობს მატერიის დამატებითი გრადაციები: ჭარბი ენერგია, ანუ ელექტროობა, სინათლე, მაგნეტიზმი და ასე შემდეგ. მაგრამ ნებისმიერ სფეროში, მატერიალურობის ყველა წესრიგში მსგავსი ურთიერთობების მოძებნა შესაძლებელია მოცემული მატერიის სხვადასხვა მდგომარეობების დაყოფით. მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, უფრო მაღალი სფეროს მატერია საერთოდ არ არის მატერიალური ქვედა სფეროებისთვის. 

 სამყაროს ყოველი მატერია, რომელიც გარს გვაკრავს, - საკვები, რომელსაც ვჭამთ, წყალი, რომელსაც ვსვამთ, ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, ქვები, რომლითაც ჩვენი სახლებია აშენებული, ჩვენივე სხეულები, - ეს ყველაფერი გაჟღენთილია იმ მატერიით, რომელიც მთლიანად სამყაროში არსებობს. მზის მატერიის აღმოსაჩენად მზეზე წასვლა და მისი შესწავლა საჭირო არ არის, იგი ჩვენში არსებობს და ჩვენი ატომების დაყოფის შედეგია. ადამიანი, ამ სიტყვის სრული გაგებით, არის "მინიატურული სამყარო". მასში იმყოფება ყველა ის მატერია, რომლისგანაც სამყარო შედგება. ადამიანზე მოქმედებს იგივე ძალები და იგივე კანონები, რომლებიც მთელს სამყაროზე მოქმედებს. ამიტომ, ადამიანის შესწავლისას ჩვენ შეგვიძლია მთელი სამყაროს შესწავლა, ისევე როგორც სამყაროს შესწავლისას შეგვიძლია ადამიანის შესწავლა. 

 მაგრამ ადამიანსა და სამყაროს შორის სრული პარალელის გავლება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ სიტყვა "ადამიანს" მისი ტოტალური მნიშვნელობით ავიღებთ. ეს იქნება ადამიანი, რომელშიც თანდაყოლილი ძალები განვითარებულია. განუვითარებელი ადამიანი არ შეიძლება ჩაითვალოს სამყაროს ხატად და მსგავსად. ასეთი ადამიანი დაუმთავრებელი სამყაროა. 

 როგორც უკვე ითქვა, საკუთარი თავის შესწავლა მხარდამხარ უნდა მიდიოდეს სამყაროს კანონების შესწავლასთან ერთად. კანონები ყველა სფეროში ერთნაირია. მაგრამ ერთი და იგივე კანონი სხვადასხვა სფეროში განსხვავებულად მანიფესტირდება, ანუ სხვადასხვა პირობებში კანონი სხვადასხა ფენომენებს წარმოქმნის. ამ სფეროებში კანონთა ურთიერთობების შესწავლას ფარდობითობის პრინციპებამდე მივყავართ. 

 ფარდობითობის იდეას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ამ სწავლებაში და ჩვენ მას მოგვიანებით დავუბრუნდებით. თავდაპირველად აუცილებელია იმის გაგება, თუ რა ფარდობითობაში იმყოფება ნებისმიერი ქმნილება იმ ადგილის მიხედვით, რა ადგილსაც იგი კოსმიურ წესრიგში იკავებს. 

 ჩვენ დედამიწაზე ვიმყოფებით და მთლიანად დამოკიდებულნი ვართ იმ კანონებზე, რომლებიც დედამიწაზე მოქმედებს. კოსმიური თვალსაზრისით დედამიწა ძალიან ცუდი ადგილია. ჩვენი აღქმით იგი ყველაზე მეტად ჩრდილოეთ ციმბირის ყველაზე შორეულ კუნჭულს ჰგავს, სადაც კატასტროფულად ცივა და ცხოვრება ძალიან რთულია. ყველაფერი, რაც სხვა ადგილებში თავისთავად მოდის ან ადვილად მოიპოვება, აქ მხოლოდ მძიმე შრომით არის შეძენილი. ყველაფრისთვის უნდა იბრძლო როგორც ცხოვრებაში, ასევე სისტემის სამუშაოშიც. შესაძლოა კაცს მემკვიდრეობით მილიონები ერგოს და ამიერიდან არაფრის გაკეთებამ აღარ მოუწიოს, მაგრამ მუშაობაში იგივე არ ხდება. სამუშაოში ამ მხრივ ყველა თანასწორია და ყველა თანაბრად მათხოვარია. 

 დავუბრუნდეთ "სამის კანონს". თქვენ ამ კანონის გამოვლინების პოვნა ყველაფერში უნდა ისწავლოთ, რასაც ვაკეთებთ და რასაც ვსწავლობთ. მოცემული კანონის გამოყენება ნებისმიერ სფეროში ერთდროულად ავლენს ბევრ ახალ გაგებას, რაც აქამდე არ გვინახავს. აიღეთ მაგალითად ქიმია. ჩვეულებრივმა მეცნიერებამ არ იცის სამის კანონის შესახებ და მატერიას კოსმიური პრინციპების გათვალისწინების გარეშე სწავლობს. მაგრამ, ჩვეულებრივი ქიმიის მიღმა არსებობს სხვა სახის ქიმია, ეგრეთ წოდებული სპეციალური ქიმია, რომელსაც ალქიმიას ვუწოდებთ. ალქიმია მატერიას კოსმიური პრინციპების გათვალისწინებით შეისწავლის. როგორც უკვე ითქვა, თითოეული ნივთიერების კოსმიური თვისება პირველ რიგში მისი ადგილმდებარეობით განისაზღვრება, ხოლო შემდგომში ძალით, რომელიც მოცემულ მომენტში მისი მეშვეობით მოქმედებს. თუნდაც იგივე ადგილას, მოცემული ნივთიერება დიდ ცვლილებას განიცდის მასზე მოქმედი ძალის გავლენით. თითოეული ნივთიერება შესაძლოა სამი ძალიდან რომელიმეს გამტარი იყოს, ანუ შესაბამისად, იგი ან აქტიურია, ან პასიური, ან ნეიტრალური. თუ ნივთიერებაზე არანაირი ძალა არ ვლინდება, იგი არ შეიძლება იყოს არც პირველი, არც მეორე და არც მესამე. ყოველი ნივთიერება მდგომარეობის ოთხ სხვადასხვა ასპექტში ვლინდება. უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც მატერიაზე ვსაუბრობთ, ჩვენ არ ვგულისხმობთ ქიმიურ ელემენტებს. განსაკუთრებული ქიმია, რომელზეც მე ვსაუბრობ, თითოეულ ნივთიერებაში ითვალისწინებს ცალკეული ფუნქციის არსებობას, რომლებშიც თუნდაც ყველაზე კომპლექსური ნივთიერებები, ანუ ელემენტები იგულისხმება. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი მატერიის კოსმიური თვისებების შესწავლა, რადგან ყველა კომპლექსურ ნაერთს საკუთარი კოსმიური დანიშნულება და მნიშვნელობა გააჩნია. ამ თვალსაზრისით, ატომი განასახიერებს მოცმეული ნივთიერების უმცირეს წერტილს, რომელიც ინარჩუნებს ნივთიერების ფიზიკურ, ქიმიურ და კოსმიურ თვისებებს. შესაბამისად, სხვადასხვა ნივთიერების ატომების ზომა ერთი და იგივე არ არის. ზოგ შემთხვევაში ატომის ნაწილაკის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი. 

 ყოველი ნივთიერების ოთხ ასპექტს, ანუ მდგომარეობას, საკუთარი დასახელება აქვს.

 როდესაც ნივთიერება პირველადი, ანუ აქტიური ძალის გამტარია, მას ეწოდება ნახშირბადი და ქიმიის ნახშირბადის მსგავსად აღინიშნება, როგორც C.

 როდესაც ნივთიერება მეორადი, ანუ პასიური ძალის გამტარია, მას ეწოდება ჟანგბადი და ქიმიის ჟანგბადის მსგავსად აღინიშნება, როგორც O.

 როდესაც ნივთიერება მესამე, ანუ გამანეიტრალებელი ძალის გამტარია, მას ეწოდება აზოტი და ქიმიის აზოტის მსგავსად აღინიშნება, როგორც N.

 როდესაც ნივთიერება იმ ძალებთან მიმართების გარეშე ვლინდება, რომლის მეშვეობითაც მანიფესტირდება, მას უწოდებენ წყალბადს და ქიმიის წყალბადის მსგავსად აღინიშნება, როგორც H.

 აქტიური, პასიური და გამანეიტრალებელი ძალები აღინიშნება, როგროც 1, 2 და 3, ხოლო ნივთიერებები აღინიშნება, როგორც C, O, N და H. ეს აღნიშვნები უნდა გაიგოთ და დაიმახსოვროთ. 

 - შეესაბამება თუ არა ეს ოთხი ელემენტი ძველ ალქიმიურ ტექსტებში მოხსენიებულ ელემენტებს, ცეცხლს, ჰაერს, წყალს და მიწას? - იკითხა ერთ-ერთმა ჩვენგანმა. 

 - დიახ, შეესაბამება. - უპასუხა გურჯიევმა, - მაგრამ ჩვენ სწორედ ამას გამოვიყენებთ. მოგვიანებით გაიგებ, რატომ. 

 მოსმენილმა ძალიან დამაინტერესა, რადგან გურჯიევის სისტემის კავშირი დავინახე ტაროს სისტემასთან, რომელიც ჩემი აზრით დაფარული ცოდნის საკვანძო გასაღები იყო. უფრო მეტიც, გურჯიევმა დამანახა სამისა და ოთხის ურთიერთობა, რაც ჩემთვის ახალი იყო და ამ კონცეფციას ტაროსთან ვერ ვაკავშირებდი. ტარო ცხადად არის აგებული ოთხის კანონის პრინციპზე. აქამდე გურჯიევი მხოლოდ სამის კანონის პრინციპის თვალთახედვიდან საუბრობდა, მაგრამ ახლა დავინახე, როგორ გადავიდა სამიანი ოთხიანში, რითაც მათი დაყოფის აუცილებლობა დავინახე, სანამ ჩვენთვის ძალისა და მატერიის აუცილებელი დაყოფა არსებობდა, დაუყოვნებელი დაკვირვების ფონზე. "სამი" აღნიშნავდა ძალას, ხოლო "ოთხი" მატერიას. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის უფრო ღრმა მნიშვნელობა ჩემთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო, მაგრამ გურჯიევის მიერ თუნდაც მცირედით ნათქვამი მომავალში საკითხის სრულად გაშლას და გაგებას გვპირდებოდა. 

 გარდა ამისა, ძალიან დამაინტერესა ელემენტების დასახელებებმა, რომელიც გურჯიევმა მოიხსენია: ნახშირბადი, ჟანგბადი, აზოტი და წყალბადი. აქვე უნდა აღვნიშნო, მიუხედავად იმისა, რომ გუჯრიევი დაგვპირდა სამომავლოდ ზუსტად აეხსნა ჩვენთვის რატომ უნდა გამოგვეყენებინა ეს დასახელებები და არა სხვები, საბოლოო ჯამში მას ეს საკითხი არასოდეს განუმარტავს. მოგვიანებით კიდევ ერთხელ დავუბრუნდები ამ დასახელებებს. მოცემული სახელების წარმომავლობის დადგენამ ბევრი რამ ამიხსნა როგორც გურჯიევის სისტემის, ასევე მისი ისტორიის შესახებ. 

 

 ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობის ახალი წევრები ესწრებოდნენ, ერთ-ერთმა დამსწრემ, რომელიც გურჯიევს პირველად ხვდებოდა, მას კითხვა დაუსვა:

 - არის თუ არ ადამიანი უკვდავი? 

 - შევეცდები ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ. მაგრამ გაფრთხილებთ, რომ ამ კითხვაზე ნამდვილი პასუხის გაგება არ შეიძლება იმ საფეხურზე, რომელზეც ამჟამად ჩვენი ცოდნა და ჩვენს მიერ გამოყენებული ჩვეულებრივი ენა იმყოფება. თქვენ სვამთ კითხვას, არის თუ არა ადამიანი უკვდავი? ჩემი პასუხია: კიც და არაც. ამ კითხვას ბევრი განსხვავებული მხარე აქვს. პირველ რიგში, რას ნიშნავს უკვდავება? აბსოლუტურ უკვდავებას აღიარებთ თუ რაღაც განსხვავებულ ხარისხს გულისხმობთ? აი მაგალითად, თუ ადამიანის სიკვდილის შემდეგ რჩება რაღაც, რაც გარკვეული დროის განმავლობაში არსებობას აგრძელებს და ცნობიერებას ინარჩუნებს, შეიძლება თუ არა ამას ეწოდოს უკვდავება? მოდით, კითხვა სხვანაირად დავსვათ: რამდენი ხანი იქნება თქვენთვის სიკვდილის შემდგომი არსებობის პერიოდი საკმარიად ხანგრძლივი, რომ მას უკვდავება ეწოდოს? მოიცავს თუ არა ეს შეკითხვა განსხვავებული "უკვდავებების" შესაძლებლობას სხვადასხვა ხალხისთვის? ამათ გარდა, სხვა მრავალი კითხვაც არსებობს. მე ამას მხოლოდ იმისთვის გეუბნებით, რომ დაგანახოთ, რამდენად ბუნდოვან საკითხზე ვსაუბრობთ და რამდენად ადვილია სიტყვა "უკვდავებამ" ილუზიაში შეგვიყვანოს. გაინტერესებთ ამ კითხვაზე ნამდვილი, ობიექტური პასუხი? სინამდვილეში არაფერია უკვდავი. ღმერთიც კი მოკდავია. მაგრამ ადამიანსა და ღმერთს შორის უზარმაზარი განსხვავება არსებობს. ღმერთი სხვა სახით არის მოკვდავი, ვიდრე ადამიანი. ბევრად უკეთესი იქნება სიტყვა "უკვდავება" ჩავანაცვლოთ სიტყვებით, "არსებობა სიკვდილის შემდეგ". მაშინ მე გიპასუხებთ, რომ ადამიანს აქვს შესაძლებლობა სიკვდილის შემდეგ იარსებოს. მაგრამ შესაძლებლობა და შესაძლებლობის რეალიზება ორი სრულიად განსხვავებული რამ არის. 

 მოდით, ახლა ვცადოთ და შევხედოთ, რაზეა დამოკიდებული ეს შესაძლებლობა და რას ნიშნავს მისი განხორციელება. 

 შემდეგ გურჯიევმა შემოკლებული სახით გაიმეორა ყველაფერი, რაც ადრე იყო ნათქვამი ადამიანის აგებულებისა და სამყაროს შესახებ. მან ისევ დახატა ქმნილების სხივის დიაგრამა და შემოიტანა ახალი დეტალი, რომელიც მანამდე არ უთქვამს. 

 მან კვლავ გამოიყენა ადამიანის აღმოსავლური შედარება ეტლთან, ცხენთან, მგზავრთან და მძღოლთან, მაგრამ დიაგრამა ერთი დანამატით წარმოადგინა, რომელიც აქამდე არ იყო. 

 - ადამიანი არის რთული ორგანიზაცია, რომელიც ოთხი ნაწილისგან შედგება. ამ ოთხი ნაწილიდან თითოეული შესაძლოა კარგად იყოს დაკავშირებული ან საერთოდ მოწყვეტილი იყოს ერთმანეთისგან. ვაგონი ჯაჭვებით და ლურსმნებით არის დამაგრებული, რომელიც თოკით ცხენს უმაგრდება, ცხენს თავის მხრივ უნაგირი და ლაგამი აკონტროლებს, რაც სადავეებით უჭირავს მძღოლს, რომელიც თავის მხრივ ოსტატის ბრძანების განკარგულებით კონტროლდება. მძღოლმა უნდა იცოდეს ცხენის ტარება, ცხენი გაწვრთნილი უნდა იყოს, რათა სადავეებს დაემორჩილოს და ეტლი სათანადოდ უნდა იყოს აღკაზმული. ამრიგად, ამ ოთხს შორის არსებობს სამმაგი კავშირი (იხ. სქემა ქვემოთ). თუ ამ კავშირებიდან ერთ-ერთს მაინც აკლია რაიმე, ორგანიზაცია ვერ იმოქმედებს, როგორც ერთი მთლიანობა. ამრიგად, კავშირები არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე რეალური "სხეულები". საკუთარ თავზე მუშაობისას ადამიანი ერთდროულად მუშაობს ამ სხეულებზე და კავშირებზე. მაგრამ ეს სხვა სახის სამუშაოა. 

 საკუთარ თავზე მუშაობა მძღოლთან მუშაობით იწყება. მძღოლი გონებაა; იმისათვის, რომ მან ბატონის ხმა გაიგოს, მძღოლს პირველ რიგში, არ უნდა ეძინოს და ყურში უნდა ესმოდეს, ანუ მას უნდა ეღვიძოს. მძღოლი აღმოაჩენს, რომ ბატონი იმ ენაზე საუბრობს, რომელიც მას არ ესმის. შედეგად, მძღოლს მოუწევს ისწავლოს ბატონის ენა. როცა ისწავლის, შემდგომ გაიგებს. მძღოლმა პარალელურად უნდა ისწავლოს ცხენის ტარება, ეტლის შეკვრა, ცხენის გამოკვება, მოვლა, შენახვა და ასე შემდეგ, რადგან, რა ურთიერთობა ექნება მძღოლს ბატონთან, თუ მან საკუთარი ქმედებების განხორციელება სწორად არ იცის? ბატონი მძღოლს ეუბნება, რომ მარჯვნივ წავიდეს, მაგრამ მძღოლს არ შეუძლია გადაადგილება, რადგან ცხენი გამოკვებილ არ არის, უნაგირი არ ადგას და სადავეების მოძრაობის მნიშვნელობა არ იცის. ცხენი ჩვენი ემოციებია, ხოლო ეტლი სხეული. გონებამ უნდა ისწავლოს ემოციების კონტროლი. ემოციებს ყოველთვის თან მიჰყავთ სხეული, - ცხენს ყოველთვის თან მიჰყავს ეტლი. ეს არის თანმიმდევრობა, რომლითაც უნდა გაგრძელდეს მუშაბა საკუთარ თავზე. მაგრამ, უნდა დააკვირდეთ, რომ სხეულზე მუშაობა, (ანუ მძღოლზე, ცხენზე და ეტლზე მუშაობა) ერთია, ხოლო მათი ერთმანეთთან დაკავშირება - მეორე. მძღოლს ოსტატთან ენა აერთიანებს, სადავეები ცხენთან აკავშირებს, ცხენს აღკაზმულობა ეტლთან აკავშირებს და ასე შემდეგ. ესენი სხვადასხვა რაღაცებს განასახიერებენ. 

 ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სხეული საკმაოდ კარგი და მოწესრიგებულია, მაგრამ კავშირები არ მუშაობს. მაშინ რა სარგებლობა მოაქვს სხეულის მთლიან ორგანიზმს? შედეგი ზუსტად იგივე იქნება, რაც განუვითარებელი ორგანოების შემთხვევაში, ანუ მთელი ორგანიზმი ოსტატის მაგივრად ქვემოდან გაკონტროლდება, რაც შემთხვევითობას და გარეგან გავლენებს ნიშნავს. 

 ორი სხეულის მქონე ადამიანში მეორე სხეული პირველზე მეტად აქტიურია. ეს ნიშნავს, რომ ასტრალურ სხეულს უნარი აქვს ძალაუფლება გააჩნდეს ფიზიკურ სხეულზე. 

 გურჯიევმა სქემა დახატა და ასტრალური სხეულის თავზე პლიუსი დააწერა, ხოლო ფიზიკური სხეულის თავზე მინუსი. 

Screenshot 2023-09-30 at 22.39.01

  სამი სხეულის მქონე ადამიანის შემთხვევაში მენტალური სხეული წინა ორ სხეულთან მიმართებაში უფრო აქტიურია. ეს ნიშნავს, რომ მენტალურ სხეულში არსებულ ცნობიერებას ასტრალურ და ფიზიკურ სხეულზე ძალაუფლება გააჩნია. 

 გურჯიევმა ამჟამად მხოლოდ მენტალურ სხეულს დააწერა პლიუსი, ხოლო ასტრალურს და ფიზიკურ სხეულებს მინუსი. 

 - ოთხი სხეულის მქონე ადამიანში აქტიური სხეული მეოთხეა, - განაგრძო გურჯიევმა, - ეს ნიშნავს, რომ მეოთხე სხეულის ცნობიერებას სრული ძალაუფლება აქვს დანარჩენ სამ სხეულზე. 

 გურჯიევმა იგივე გაიმეორა და ამჯერად მხოლოდ მეოთხე სხეულს დაუსვა პლიუსი, დანარჩენებს კი მინუსი. 

  - როგორც ხედავთ, არსებობს ოთხი სრულიად განსხვავებული სიტუაცია. ერთ შემთხვევაში ყველა ფუნქციას ფიზიკური სხეული ასრულებს, რადგან მხოლოდ იგია აქტიური. მასთან მიმართებაში ყველა დანარჩენი სხეული პასიურია. ფიზიკური სხეულის მქონე ადამიანში ზუსტად იგივე წესრიგი და ურთიერთობა შეიმჩნევა ოთხ ფუნქციას შორის. ფიზიკურმა ფუნქციებმა შესაძლოა გააკონტროლონ გრძნობები, აზროვნება და ცნობიერება. გრძნობამ შეიძლება ფიზიკური ფუნქციები გააკონტროლოს. აზოვნებამ შესაძლოა გააკონტროლოს ფიზიკური ფუნქციები და გრძნობები. ხოლო ცნობიერებას შეუძლია აკონტროლოს ფიზიკური ფუნქციები, შეგრძნებები და აზროვნება. ორი, სამი და ოთხი სხეულის მქონე ადამიანში ყველაზე აქტიური სხეული ყველაზე დიდხანს ცოცხლობს. ანუ, იგი "უკვდავია" ქვედა სხეულებთან მიმართებაში. 

 

 გურჯიევმა მოგვიანებით გვიჩვენა ქმნილების სხივი და ოთხი სხეულის დამოკიდებულება მასთან მიმართებაში: 

 1. აბსოლუტი.

 2. ყველა სამყარო.

 3. ყველა მზე - მეოთხე სხეული, ანუ ღვთაებრივი სხეული. ექვსი კანონის გავლენა.

 4. ჩვენი მზე - მესამე სხეული, ანუ მენტალური სხეული. თორმეტი კანონის გავლენა. 

 5. ყველა პლანეტა - მეორე სხეული, ანუ ასტრალური სხეული. ოცდაოთხი კანონის გავლენა. 

 6. დედამიწა - პირველი სხეული, ანუ ფიზიკური სხეული. ორმოცდარვა კანონის გავლენა. 

 7. მთვარე. - ჯოჯოხეთი.

 -  პირველი სხეულის მქონე ადამიანი სრულიად ჩვეულებრივი ადამიანია. როდესაც ფიზიკური სხეული კვდება, მისგან არაფერი რჩება. მტვერი მტვრად მიიქცევა. ფიზიკური სხეული მატერიალური ელემენტებისგან შედგება და სიკვდილის შემდეგ ყველა ელემენტს დედამიწა იბრუნებს. ამ ტიპის ადამიანის შესახებ რამენაირ უკვდავებაზე საუბარი ყოვლად შეუძლებელია. მაგრამ, თუ ადამიანს მეორე სხეული გააჩნია, ასეთ დროს ასტრალური სხეული პლანეტარული სამყაროს მასალისგან შედგება და მას შეუძლია გადარჩეს ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ. ეს არ არის უკვდავება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ ისიც კვდება. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, იგი არ კვდება ფიზიკურ სხეულთან ერთად. 

 თუ ადამიანს მესამე სხეული გააჩნია, ასეთ დროს მენტალური სხეული მზის მასალისგან შედგება და ასტრალური სხეულის სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს არსებობას. 

 მეოთხე სხეული ვარსკვლავური სამყაროს მასალისგან შედგება, ანუ ისეთი მასალისგან, რომელიც მზის სისტემას არ ეკუთვნის და შესაბამისად, მზის სისტემის შიგნით კრისტალიზაციის ფარგლებში ისეთი არაფერი არსებობს, რაც მის განადგურებას შეძლებს. ეს ნიშნავს, რომ მეოთხე სხეულის მფლობელი ადამიანი უკვდავია მზის სისტემის საზღვრებში. 

ახლა ხედავთ, რატომ არის შეუძლებელი ერთბაშად გავცეთ პასუხი კითხვას, არის თუ არა ადამიანი უკვდავი? ერთი ადამიანი უკვდავია, მეორე არ არის უკვდავი, მესამე ცდილობს, რომ უკვდავი გახდეს, მეოთხეს საკუთარი თავი უკვდავი ჰგონია, სინამდვილეში კი უბრალოდ ხორცის ნაჭერია და ასე შემდეგ. 

 როდესაც გურჯიევი მოსკოვში დაბრუნდა, ჯგუფის წევრებმა მის გარეშე დავიწყეთ შეკრება. გავიხსენებ ჩვენს ჯგუფში გამართულ რამდენიმე საუბარს, რომელიც გურჯიევის მიერ ახლახან ნათქვამთან იყო დაკავშირებული. ჩვენ ბევრი საუბარი გავმართეთ სასწაულებრივის იდეის შესახებ და იმაზე, თუ რატომ არ აღწევდა ჩვენამდე აბსოლუტის გავლენა, რატომ ვლინდებოდა აბსოლუტის გავლენა მექანიკური კანონების სახით და თავად ამ კანონების დარღვევით. 

 არ მახსოვს, რომელმა ჩვენგანმა გაიხსენა სკოლის დროინდელი მოკლე ისტორია, რომელშიც მაშინვე დავინახეთ მოცემული კანონის ილუსტრაცია. 

 ეს იყო სემინარისტის ამბავი, რომელმაც დასკვნით გამოცდაზე ღმერთის ყოვლისშემძლეობის იდეა ვერ გაიგო. 

 - კარგი, მომეცი მაგალითი, რისი გაკეთებაც ღმერთს არ შეუძლია. - უთხრა გამომცდელმა ეპისკოპოსმა სემინარისტს. 

 - თქვენო უწმინდესობავ, ამას დიდი დრო არ დასჭირდება, - მიუგო სემინარისტმა,  - ყველამ იცის, რომ კარტის თამაშისას კოზირის ტუზს უფალიც ვერ აჯობებს.

 უფრო ნათლად არც შეიძლება. 

 ამ სულელურ ამბავში მეტი აზრი დევს, ვიდრე თეოლოგიური ტრაქტატების უმეტესობაში. თამაშის კანონები თამაშის არსს ქმნიან. ამ კანონების დარღვევა თამაშს მთლიანად გაანადგურებს. აბსოლუტი ნაკლებად ერევა ჩვენს ცხოვებაში და იგი უბრალოდ ჩვენს მიერ შექმნილი მიზეზების ადგილას შესაბამის შედეგებს ათავსებს, ან სულაც შემთხვევით მიზეზებსა და შედეგებს გვიგზავნის. ტურგენევმა სადღაც დაწერა, რომ ყველა ლოცვის არსი ერთ აზრამდე შეიძლებოდა დასულიყო: "უფალო, ისე გააკეთე, რომ ორჯერ ორი ოთხი არ იყოს". ეს იგივეა, რაც სემინარისტის კოზირის ტუზი. 

 

 ჩვენი საუბრები მთვარეს და ორგანულ სიცოცხლესთან მის დამოკიდებულებასაც ეხებოდა. ისევ, ერთ-ერთმა ჩვენგანმა იპოვა ძალიან კარგი მაგალითი, რომელიც ორგანულ ცხოვრებასთან მთვარის მიმართებას აჩვენებდა. 

 მთვარე არის საათის წონა. ორგანული სიცოცხლე არის საათის მექანიზმი, რომელიც საათის წონის მეშვეობით მოდის მოძრაობაში. სიმძიმის მეშვეობით კბილანებს წნევა აწვება, ბორბლები მოქმედებს და ისრები მოძრაობს. თუ სიმძიმე გაქრება, ყველა ჭანჭიკი და ისარი გაჩერდება. მთვარე არის კოლოსალური წონა, რომელიც ორგანულ სიცოცხლეზე არის ჩამოკიდებული და ამით თავად ორგანულ სიცოცხლეს ამოძრავებს. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, იქნება ეს ჭკვიანური, სულელური, კარგი თუ ცუდი, ყველა მოძრაობა მთვარეზეა დამოკიდებული, რომელიც მუდმივად ახორციელებს თავის ზეწოლას ჩვენზე. 

 მე პირადად ძალიან მაინტერესებდა ფარდობითობის საკითხი სამყაროში ჩვენს ადგილთან დაკავშირებით. ფარდობითობის იდეა დიდი ხნის მანძილზე მესმოდა, როგორც ზომისა და სიჩქარის ურთიერთქმედების საკითხი, მაგრამ მისი ადგილი კოსმიური წესრიგის იდეაში სრულიად ახალი იყო როგორც ჩემთვის, ასევე ყველა დანარჩენისთვის. ჩემთვის გამაოგნებელი იყო რეალიზაცია, როდესაც გარკვეული პერიოდის შემდეგ დავრწმუნდი, რომ გურჯიევი იგივე საკითხზე ლაპარაკობდა. სისტემაში ზომა და სიჩქარე განსაზღვრავდა ადგილს, ხოლო ადგილი განსაზღვრავდა ზომას და სიჩქარეს. 

 

 მახსოვს კიდევ ერთი საუბარი, რომელიც იმავე პერიოდში შედგა. ვიღაცამ უნივერსალური ენის არსებობის შესაძლებლობის შესახებ იკითხა. არ მახსოვს, რასთან კავშირში იყო ეს კითხვა დასმული. 

 - უნივერსალური ენის არსებობა შესაძლებელია, - თქვა გურჯიევმა, - მაგრამ ხალხი ამას არასოდეს გამოიგონებს. 

 - რატომ? - იკითხა ერთ-ერთმა ჩვენგანმა.

 - პირველ რიგში იმიტომ, რომ იგი უკვე გამოიგონეს დიდი ხნის წინათ. მეორეც იმიტომ, რომ ამ ენის გაგება და მასში იდეების გამოხატვა დამოკიდებულია არა მხოლოდ ენის ცოდნაზე, არამედ ყოფიერებაზეც. მეტსაც გეტვყით, არსებობს არა ერთი, არამედ სამი უნივერსალური ენა. პირველი მათგანის წარმოთქმა და დაწერა შესაძლებელია საკუთარი ენის ფარგლებში. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ როდესაც ადამიანები საკუთარ ენაზე ლაპარაკობენ, მათ ერთმანეთის არ ესმით, მაგრამ ამ სხვა ენაზე ესმით. მეორე უნივერსალურ ენაში ყველასთვის ყველაფერი ერთი და იგივეა, მაგალითად, როგორც ფიგურები და მათემატიკური ფორმულები. მესამე უნივერსლური ენა ყველასთვის ერთნარია, დაწერილიც და სალაპარაკოც. ამ საფეხურზე ენობრივი განსხვავება საერთოდ ქრება. 

 - ეს იგივე არ არის, როცა სახარებაში მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლის შესახებ ვკითხულობთ? - ჰკითხა ვიღაცამ.

 შევამჩნიე, რომ მსგავსი შეკითხვები გურჯიევს ყოველთვის აღიზიანებდა. 

 - არ ვიცი, იქ არ ვყოფილვარ. - უპასუხა მან. 

 თუმცა, არსებობდა შემთხვევები, როცა ზოგიერთი შესაფერისი კითხვა ახლებულ და აქამდე უცნობ განმარტებებს იძლეოდა. 

 ვიღაცამ იკითხა, იყო თუ არა რაიმე რეალური და მივყავდით თუ არა რაღაც საფეხურამდე მაინც, დღევანდელ დროში არსებულ რელიგიებს. 

 - კიც და არაც, - თქვა გურჯიევმა, - წარმოიდგინეთ, ჩვენ აქ ვსხედვართ და რელიგიებზე ვსაუბრობთ, ამ დროს მოახლე მაშა უსმენს ჩვენს საუბარს. მას, რა თქმა უნდა, ყველაფერი თავისუებურად ესმის და ამას მეგობარ ივანესთან იმეორებს. ივანე მეზობლად პეტრეს უყვება იგივეს. თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენი ნათქვამი და მათ მიერ მონაყოლი ერთი და იგივე იქნება? საერთოდ რამეთი თუ ემგვანება ჩვენს ნათქვამს? ეს არის დღეს არსებული რელიგიების საფუძველი. ლოცვებს, რელიგიებს, ტრადიციებს და მცნებებს მეორე ხელში კი არ ღებულობთ, არამედ ოცდამეხუთე ხელში. რა თქმა უნდა, თითქმის ყველაფერი უდანაკარგოდ დამახინჯებულია და ყველაფერი არსებითი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ არის დავიწყებული. 

 მაგალითად, ავიღოთ საიდუმლო სერობა, რომელსაც ქრისტიანულ მრწამსში, რიტუალებში და ლიტურგიებში დიდი ადგილი უჭირავს. უამრავი რამ არის მასზე დაფუძნებული, მაგრამ თავის დროზე ეს დიდი განხეთქილების საფუძველი აღმოჩნდა. საიდუმლო სერობის არსმა გამოიწვია უამრავი საეკლესიო გამოყოფა და სექტების ჩამოყალიბება, რადგან მრავალი არ ეთანხმებოდა მის ნამდვილ ინტერპრეტაციას. არ არსებობს თანამედროვე ახსნა, რომელიც თუნდაც მიახლოებით ჰგავს სიმართლეს, რადგან პირველ რიგში ის, რაც სახარებაში წერია, ძალიან დამახინჯებულია გადაწერის, თარგმნის და გადაკეთების შედეგად. და მეორეც, ამ ადგილს მხოლოდ ის გაიგებს, ვისაც დანახვის უნარი შესწევს. უცოდინარი ვერაფერს გაიგებს, რადგან რაც უფრო მეტად ეცდება გაგებას, მიტ მეტად შევა შეცდომაში. 

 საიდუმლო სერობის გასაგებად, პირველ რიგში, საჭიროა გარკვეული კანონები გესმოდეს. 

 გახსოვთ რა ვთქვი ასტრალურ სხეულზე? მოდით, მოკლედ გადავხედოთ ამას. ასტრალური სხეულის მქონე ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაცია დისტანციურად შეუძლიათ, ფიზიკური საშუალებების გამოყენების გარეშე. მაგრამ, ასეთი კომუნიკაციის არსებობისთვის, მათ "კავშირი" უნდა დაამყარონ. ამ მიზნით, სხვადასხვა ადგილას, ან სხვა ქვეყანაში მგავრობისას ადამიანებს მიაქვთ იმ ადამიანის კუთვნილი ნივთი, ვისთან კავშირის გაწყვეტაც არ სურთ და ვისი მონახულებაც უნდათ. ანალოგიური კანონი მოქმედებს გარდაცვლილი ადამიანის შემთხვევაშიც. გარდაცვლილის ნივთები გაკრვეულ ენერგეტიკას ატარებს, რომელიც გარდაცვლილთან არის კავშირში და სივრცეში ერთგვარი ძაფების მეშვეობით მასთან კავშირს ინარჩუნებს. ადამიანებმა ეს უძველესი დროიდან იცოდნენ და სხვადასხვანაირად იყენებდნენ ამ ცოდნას. 

 მისი კვალი მრავალი ტომის წეს-ჩვეულებებს შორის შეიძლება მოიძიებნოს. თქვენ იცით, რომ რამდენიმე ერს სისხლის ძმობის ჩვეულება აქვს. რამდენიმე ადამიანი ერთ თასში საკუთარ სისხლს ურევს და თასიდან სვამენ. ამის შემდეგ ისინი სისხლით ძმებად ითვლებიან. მაგრამ ამ ჩვეულების წარმოშობა უფრო ღრმა ფესვებიდან იღებს სათავეს. თავის არსში, ეს რიტუალი მაგიური წარმომავლობისაა და ასტრალურ სხეულებს შორის კავშირის დამყარებას ემსახურება. სისხლს განსაკუთრებული თვისებები გააჩნია. ზოგიერთი ხალხი, მაგალითად ებრაელები, სისხლს განსაკუთრებულად ანიჭებენ მაგიურ თვისებებს. ასტრალურ სხეულებს შორის კავშირის დამყარების შემდეგ ასეთი კავშირი არც ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ გაწყდება. 

 ქრისტემ იცოდა, რომ უნდა მომკვდარიყო. ასე იყო წინასწარ გადაწყვეტილი და ეს მისმა მოსწავლეებმაც იცოდნენ. თითოეულმა მოწაფემ იცოდა, რა როლი უნდა ეთამაშა თავად. მაგრამ ამავე დროს, მათ დროდადრო სურდათ ქრისტესთან მუდმივი კავშირის დამყარება. სწორედ ამ მიზნით, ქრისტემ მოციქულებს დასალევად საკუთარი სისხლი და საჭმელად საკუთარი ხორცი მისცა. საიდუმლო სერობისას მოწაფეებს არ მიუღიათ პური და ღვინო, არამედ ქრისტეს სისხლი და ხორცი. ვიმეორებ, სახარებაში ეს ადგილი ძალიან დაზიანებულია და მრავალჯერ არის შეცვლილი. ("აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა, მისცა მათ და თქვა: ეს არის ჩემი ხორცი, რომელიც მოგეცათ თქვენ. ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად. აგრეთვე სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემი სისხლის მიერ, რომელიც დაითხევა თქვენთვის". (ლუკა 22 : 19,20). 

 საიდუმლო სერობა გახლდათ მაგიური ცერემონია, სისხლით ძმობის მსგავსი, რომლის მიზანიც ასტრალურ სხეულებს შორის კავშირის დამყარება იყო. მაგრამ, განა ვინ იცის ამის შესახებ დღევანდელ რელიგიაში და ვის ესმის მისი მნიშვნელობა? ეს ყველაფერი დიდი ხანია დავიწყებას მიეცა და ყველაფერს განსხვავებული მნიშვნელობა მიენიჭა. სიტყვები დარჩა, მაგრამ მათი მნიშვნელობა დიდი ხანია დაკარგულია. 

 ამ ლექციამ, განსაკუთრებით მისმა დასასრულმა, ჩვენს ჯგუფებში დიდი საუბრები გამოიწვია. ბევრი ვერ ღებულობდა ამ იდეას, სხვები კი მასში ჭეშმარიტებას ხედავდნენ, რომელსაც დამოუკიდებლად ვერასდრს ჩასწვდებოდნენ. 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff