თავი მეშვიდე
შესაძლებელია თუ არა "კოსმიური ცნობიერების" მიღება? რა არის ცნობიერება? გურჯიევის შეკითხვა იმის შესახებ, თუ რას ვამჩნევთ თვითდაკვირვების დროს. ჩვენი პასუხები. გურჯიევის შენიშვნა, რომ ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანს ვერ ვამჩნევთ. რატომ ვერ ვამჩნევთ, რომ საკუთარი თავი არ გვახსოვს? "ვიღაც სხვა აკვირდება", "ვიღაც სხვა ფიქრობს", "ვიღაც სხვა ლაპარაკობს". საკუთარი თავის გახსენების მცდელობები. გურჯიევის განმარტებები. ახალი პრობლემის მნიშვნელობა. მეცნიერება და ფილოსოფია. ჩვენი გამოცდილებები. ყურადღების გაყოფის/განაწილების მცდელობები. საკუთარი თავის გახსენების პირველი შეგრძნება. რისი შეგროვება შეგვიძლია წარსულიდან? შემდგომი გამოცდილებები. ძილი მღვიძარე მდგომარეობაში და ძილიდან გამოღვიძება. რა ვერ შეამჩნია ევროპულმა ფსიქოლოგიამ. განსხვავებები ცნობიერების იდეის გაგებაში. ადამიანის შესწავლა სამყაროს შესწავლის პარალელურად. სამის კანონიდან გამომავალი სამყაროს ფუნდამენტური კანონი: შვიდის კანონი, ანუ ოქტავების კანონი. ვიბრაციების უწყვეტობის არარსებობა. ოქტავები. შვიდ ნოტიანი შკალა. "ინტერვალების" კანონი. დამატებითი დარტყმების აუცილებლობა. რა ხდება დამატებითი დარტყმების არარსებობის შემთხვევაში. "კეთებისათვის" აუციელებლია შეგვეძლოს "დამატებითი დარტყმების" კონტროლი. დაქვემდებარებული ოქტავები. შინაგანი ოქტავები. ორგანული ცხოვრება "ინტერვალის" ადგილზე. პლანეტარული გავლენები.
ერთხელ გურჯიევს ვკითხე, იყო თუ არა შესაძლებელი "კოსმიური ცნობიერების" მიღება არა მხოლოდ მოკლე დროის შუალედით, არამედ დიდი ხნის მანძილზე. "კოსმიურ ცნობიერებაში" ვგულისხმობდი ცნობიერების უმაღლეს საფეხურს, რომლის მიღწევაც შესაძლებელია და ამის შესახებ ჩემს ადრეულ ნაშრომში, "Tertium Organum"-ში მქონდა დაწერილი.
- არ ვიცი რას ეძახი კოსმიურ ცნობიერებას, - თქვა გურჯიევმა, - ეს ბუნდოვანი და განუსაზღვრელი ტერმინია. ნებისმიერს შეუძლია ეს სახელი იმას დაარქვას, რას მას მოეწონება. უმეტეს შემთხვევაში, რასაც კოსმიურ ცნობიერებას ეძახიან, უბრალოდ ფანტაზიაა, იგივე ასოციაციური წარმოსახვა, რომელიც ემოციური ცენტრის გაძლიერებულ მუშაობასთან არის დაკავშირებული. ზოგჯერ იგი ექსტაზის განცდას უახლოვდება, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს მაინც სუბიექტური ემოციური გამოცდილებაა, სიზმრების დონეზე. თუმცა, ამ ყველაფრის გარდა, სანამ კოსმიურ ცნობიერებაზე ვისაუბრებთ, ჯერ უნდა განვსაზღვროთ, რა არის ზოგადად ცნობიერება. როგორ განსაზღვრავ ცნობიერებას?
- ცნობიერება განუსაზღვრელად ითვლება. - ვთქვი მე, - და მართლაც, როგორ შეიძლება განვსაზღვროთ, რომ იგი შინაგანი ხარისხია? ჩვენს ხელთ არსებული ჩვეულებრივი საშუალებებით შეუძლებელია სხვა ადამიანში ცნობიერების არსებობის დამტკიცება. ჩვენ ეს მხოლოდ საკუთარ თავზე ვიცით.
- სისულელეებს იძახი, ეს ყველაფერი ნაგავია. - მითხრა გურჯიევმა, - ჩვეულებრივი მეცნიერული სოფისტიკაა და მეტი არაფერი. შენს ნათქვამში მხოლოდ ერთი რამ არის მართალი: ცნობიერების შეცნობა მხოლოდ საკუთარ თავში შეგვიძლია. დააკვირდი, მე სულ ვამბობ, რომ შენ შეგიძლია იცოდე, რადგან ამის ცოდნას მხოლოდ მაშინ შეძლებ, როცა გექნება. როცა ის არ გაქვს, შეგიძლია იცოდე, რომ არ გაქვს, მაგრამ არა მაშინვე, არამედ მოგვიანებით. მე ვგულისხმობ, რომ როცა ის მოვა, დაინახავ, რომ იგი დიდხანს არ ჩერდება, შემდეგ კი შეგიძლია იპოვო ან გაიხსენო მომენტი, როცა გაქრა და კვლავ გამოჩნდა. ასევე შეგიძლია განსაზღვრო მომენტები, როცა უფრო ახლოს ხარ ცნობიერებასთან ან უფრო შორს ხარ მისგან. საკუთარ თავზე დაკვირვებისას ცნობიერების გამოჩენა და გაქრობა გარდაუვალია. ახლა შენ ფაქტს ვერ ხედავ და არ აღიარებ, რომ ცნობიერების მომენტები ძალიან ხანმოკლეა და დიდი ინტერვალებით არის გამოყოფილი აპარატის გაუცნობიერებელი, მექანიკური მუშაობის გამო. მომდევნო მომენტში დაინახავ, რომ შეგიძლია იფიქრო, ილაპარაკო და იმუშაო ამ ყველაფრის გაცნობიერების გარეშე. თუ საკუთარ თავში ცნობიერების მომენტების და მექანიკურობის ხანგრძლივი ინტერვალების დანახვას ისწავლი, სხვა ადამიანებში უშეცდომოდ დაინახავ, როდის არიან ცნობიერები და როდის არიან მექანიკურები.
შენი მთავარი შეცდომა ის არის, რომ გამუდმებით ფიქრობ, თითქოს ცნობიერება გაგაჩნია, ან არასდროს არ გაგაჩნია. სინამდვილეში, ცნობიერება არის თვისება, რომელიც მუდმივად იცვლება. ამ წამს არის, მეორე წამს არ არის. ცნობიერების სხვადასხვა დონე და ხარისხი არსებობს. ცნობიერებაც და ცნობიერების სხვადასხვა ხარისხიც საკუთარ თავში "სენსაცით", შეგრძნებით უნდა გაიგო. არცერთი განმარტება და განსაზღვრება არ დაგეხმარება, რამენაირი განმარტების მოცემა შეუძლებელია, სანამ არ გეცოდინება, რასთან დაკავშირებით აკეთებ განმარტებას. მეცნიერებას და ფილოსოფიას არ შეუძლია განსაზღვროს ცნობიერება, რადგან მათ ამის განსაზღვრა იქ უნდათ, სადაც იგი არ არსებობს. აუცილებელია ერთმანეთისგან განვასხვაოთ ცნობიერება და ცნობერების შესაძლებლობა. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ცნობიერების შესაძლებლობა და ცნობიერების იშვიათი გამონათებები. ამიტომ, არ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა არის ცნობიერება.
ვერ ვიტყვი, რომ გურჯიევის მიერ ცნობიერების შესახებ ნათქვამი ჩემთვის მაშინვე ნათელი გახდა. მაგრამ, ერთ-ერთმა შემდგომმა საუბარმა განმიმარტა, რა პრინციპებზე იყო ეს არგუმენტები დაფუძნებული.
ერთხელ, შეხვედრის დასაწყისში, გურჯიევმა დაგვისვა შეკითხვა, რომელზეც ყველას სათითაოდ უნდა გვეპასუხა. კითხვა იყო შემდეგი:
- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც თვითდაკვირვების დროს ამჩნევთ?
ზოგიერთმა დამსწრემ თქვა, რომ თვითდაკვირვების მცდელობებისას განსაკუთრებულად ძლიერად გრძნობდნენ აზრების განუწყვეტელ ნაკადს, რომელთა გაჩერებასაც ვერ ახერხებდნენ. სხვები ცენტრების მუშაობის ერთმანეთისგან გარჩევის სირთულეზე საუბრობდნენ. მე კითხვის არსს ვერ ჩავწვდი და ვუპასუხე, რომ სისტემაში ყველაფრის ერთმანეთთან კავშირი მაოცებდა, რადგან ეს იყო ერთი მთლიანი "ორგანიზმი", რომელიც არა მხოლოდ ამა თუ იმ საგნის ცოდნას მოიცავდა, არამედ ყველა დანარჩენს შორის კავშირსაც წარმოაჩენდა.
გურჯიევი აშკარად უკმაყოფილო იყო ჩვენი პასუხებით. უკვე დავიწყე იმის გაგება, რომ ასეთ მომენტებში ჩვენთვის რაღაც მნიშვნელოვანის მითითებას ცდილობდა, რაც ჩვენ გამოგვრჩა ან ვერ გავიგეთ.
- არც ერთ თქვენგანს არ შეუმჩნევია ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაზეც უკვე გესაუბრეთ კიდეც. არც ერთ თქვენგანს არ შეუმჩნევია, რომ თქვენ საკუთარი თავი არ გახსოვთ (მან ამ სიტყვებს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი). თქვენ ვერ გრძნობთ საკუთარ თავს. თქვენ ვერ აცნობიერებთ საკუთარ თავს. თქვენთან ერთად, ვიღაც სხვა აკვირდება, ვიღაც სხვა ლაპარაკობს, ფიქრობს, იცინის. თქვენ ვერ გრძნობთ, რომ თავად აკვირდებით, თავად ლაპარაკობთ, თავად ფიქრობთ, თავად იცინით. იმისთვის, რომ მართლა დააკვირდეთ საკუთარ თავს, თქვენ საკუთარი თავი უნდა გახსოვდეთ. (მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ სიტყვებს). შეეცადეთ გახსოვდეთ თქვენი თავი როდესაც საკუთარ თავს აკვირდებით და შედეგები მოგვიანებით მითხარით. მხოლოდ ისეთ შედეგებს ექნებათ რაიმე ღირებულება, რომელთაც საკუთარი თავის გახსენება თან ახლავს. სხვა შემთხვევაში, თქვენს დაკვირვებებში თავადვე არ არსებობთ და რა აზრი აქვს ასეთ დაკვირვებას?
მისმა ამ სიტყვებმა ძალიან დამაფიქრა. მაშინვე მომეჩვენა, რომ ისინი იმ სიტყვების გასაღებებს წარმოადგენდენ, რაც ცოტა ხნის წინ მითხრა ცნობიერების შესახებ. გადავწყვიტე არავითარი დასკვნები არ გამომეტანა, არამედ საკუთარი თავის დაკვირვებისას ჩემი თავის გახსენება მეცადა.
პირველივე ცდებმა მიჩვენა, თუ რა რთული იყო ამის გაკეთება. საკუთარი თავის გახსენების მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო, გარდა იმისა, რომ მთლიანად დავრწმუნდი, - რეალურად ჩემი თავი არასდროს მახსოვდა.
- კიდევ რა გინდათ? - გვკითხა გურჯიევმა, - ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეალიზაციაა. ადამიანმა, ვინც ეს იცის (მან ხაზი გაუსვა ამას) უკვე ბევრი რამ იცის. მთელი უბედურება ის არის, რომ ამის შესახებ არავინ იცის. თუ ადამიანს ჰკითხავთ, შეუძლია თუ არა საკუთარი თავის გახსენება, ის რა თქმა უნდა გიპასუხებთ, რომ შეუძლია. თუ ეტყვით, რომ მექანიკურია და საკუთარი თავი არ ახსოვს, თქვენზე გაბრაზდება ან სულელად ჩაგთვლით. ადამიანური არსებობის მთელი ცხოვრება ამას ეფუძნება. ეს არის კაცობრიობის სიბრმავე. თუ ადამიანმა ნამდვილად იცის, რომ საკუთარ თავს ვერ იხსენებს, იგი უკვე ახლოსაა თავისი არსის გაგებასთან.
ყველაფრიდან, რაც გურჯიევმა თქვა და ასევე განსაკუთრებით იმ ყველაფრიდან, რაც საკუთარი თავის გახსენების მცდელობებმა მიჩვენა, მე სრულიად ახალი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი, რომელიც მეცნიერებას და ფილოსოფიას აქამდე არ განეხილა.
სანამ ამ თემას შევეხები, შევეცდები საკუთარი თავის გახსენების ჩემი მცდელობები აღვწერო.
პირველი შთაბეჭდილება ის იყო, რომ საკუთარი თავის გახსენების ან ცნობიერად ყოფნის მცდელობებისას, ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ამ მომენტში დავდიოდი, რაღაცას ვაკეთებდი და ასე შემდეგ. ვხედავდი, რომ თვითგახსენების შეგრძნების მომენტებში ჩემი აზროვნების პროცესი ჩერდებოდა და სხვა რაღაცებზე ფიქრს ვწყვეტდი. როდესაც ვგრძნობდი, ვერც ვაზროვნებდი და ვერც ვსაუბრობდი, შეგრძნებებიც კი დაბინდული გახდა. ასევე, საკუთარი თავის გახსენება მხოლოდ ძალიან მოკლე დროით შემეძლო.
უფრო ადრეულ პერიოდში აზრების შეჩერების მიზნით იოგურ პრაქტიკებზე ვატარებდი გარკვეულ ექსპერიმენტებს, რომლებიც წიგნებში იყო აღწერილი. თვითგახსენების პირველი მცდელობებისას სწორედ ეს მახსენდებოდა. სინამდვილეში ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ იოგური პრაქტიკებისას მთელი ძალისხმევა აზრების გაჩერებისკენ არის მიმართული, ხოლო თვითგახსენებისას ყურადღების ერთი ნაწილი იმავე ძალისხმევას ეხება, მაგრამ მეორე ნაწილი საკუთარი თავის განცდაზე, შეგრძნებაზეა მიმართული.
ამ უკანასკნლემა რეალიზაციამ საშუალება მომცა გარკვეულწილად, თუმცა შესაძლოა ძალიან არასრულად გამეგო, რას ნიშნავდა თვითგახსენება; იგი პრაქტიკულ ასკექტში ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა.
მე ვსაუბრობ ყურადღების გაყოფაზე და განაწილებაზე, რომელიც თვითგახსენებისას არის დამახასიათებელი.
საკუთარ თავში ამას შემდეგნაირად წარმოვიდგენდი:
როდესაც რაღაცას ვაკვირდები, ჩემი ყურადღება მიმართულია იმაზე, რასაც ვაკვირდები, ანუ ეს არის ისარი ერთი მიმართულებით:
მე ------------------->>>>>>>>>>>> დაკვირვებული ფენომენი.
ახლა, ამავდროულად ვცდილობ გავიხსენო საკუთარი თავი, ამიტომ ჩემი ყურადღება მიმართულია როგორც დაკვირვებად ფენომენზე, ასევე საკუთარ თავზეც. ეს არის ისარი ორი მიმართულებით:
მე <<<<<<<<<<--------------->>>>>>>>> დაკვირვებული ფენომენი.
ამის განსაზღვრების შემდეგ დავინახე, რომ პრობლემა მდგომარეობდა საკუთარ თავზე ყურადღების მიქცევაში ისეთნაირად, რომ სხვა ფენომენზე მიმართული ყურადღების შესუსტებას ან გაქრობას ადგილი არ უნდა ჰქონოდა. უფრო მეტიც, ეს "სხვა ფენომენი" შეიძლება იყოს როგორც ჩემში, ასევე ჩემს გარეთ.
ყურადღების ასეთი განაწილების მცდელობებმა პრაქტიკის შესაძლებლობა მიჩვენა. ამავდროულად, ორი რამ ნათლად დავინახე.
პირველ რიგში დავინახე, რომ თვითგახსენებას არაფერი ჰქონდა საერთო "თვითგანცდასთან" ან "თვითანალიზთან". ეს იყო ახალი და ძალიან საინტერესო მდგომარეობა, უცნაურად ნაცნობი არომატით.
და მეორე, მივხვდი, რომ ცხოვრებაში საკუთარი თავის გახსენების მომენტები დგება, თუმცა ძალზედ იშვიათად. მხოლოდ ამ მომენტების მიზანმიმართულმა წარმოებამ შექმნა სიახლის შეგრძნება. ფაქტობრივად, მე მათ ადრეული ბავშვობიდან ვიცნობდი. ისინი ახალ და მოულოდნელ გარემოში მოდიოდნენ; ახალ ადგილას, ახალ ხალხში, მაგალითად მოგზაურობისას, როდესაც რაღაც ახალს შევხედავდი და ვამბობდი: რა უცნაურია! მე ახლა ამ ადგილას ვარ! ან კიდევ, ეს მოდიოდა ძალიან ემოციურ მომენტებში, საფრთხისშემცველ სიტუაციებში, როცა საკუთარი თავის ხელში აყვანა იყო საჭირო.
აშკარად დავინახე, რომ ჩემი ბავშვობის ადრეული პერიოდის პირველი მოგონებები სწორედ თვითგახსენების მომენტებს წარმოადგენდნენ. ამ უკანასკნელმა რეალიზაციამ ბევრი რამ გამიმხილა, ანუ დავინახე, რომ ის მომენტები, რაც წარსულიდან ნამდვილად მახსოვდა, თვითგახსენების დამსახურება იყო. დანარჩენი მოვლენებიდან მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მათ უბრალოდ ადგილი ჰქონდათ ჩემს ცხოვრებაში. მე არ შემეძლო მთლიანად გამეცოცხლებინა, ხელახლა აღმედგინა და განმეცადა ასეთი მომენტები. მაგრამ თვითგახსენების მომენტები იმდენად ცოცხლად მახსოვდა, რომ აწმყოსგან არაფრით განსხვავდებოდნენ. დასკვნების გამოტანის ჯერ კიდევ მეშინოდა. მაგრამ უკვე ვხედავდი, რომ რაღაც ძალიან დიდი აღმოჩენის ზღურბლზე ვიდექი. მე ყოველთვის გაოცებული ვიყავი ჩემი მეხსიერების სისუსტით და უკმარისობით. უამრავი რამ ქრება. რატომღაც ჩემთვის ცხოვრების მთავარი აბსურდულობა იმაში მდგომარეობდა, რომ რა აზრი ჰქონდა ამდენი რაღაცის განცდას, თუ მაინც ყველაფერი მავიწყდებოდა? გარდა ამისა, იყო ამაში რაღაც ძალიან დამამცირებელი და დეგრადაციული. ადამიანი რაღაც ძალიან დიდს გრძნობს და ფიქრობს, რომ ამას არასოდეს დაივიწყებს: ერთი-ორი წელი და ამ გამოცდილებისგან არაფერი დარჩება. ახლა ჩემთვის გასაგები გახდა, თუ რატომ იყო სწორედ ასე და რატომ არ შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო. თუ ჩვენი მეხსიერება ყველაზე მკაფიოდ მხოლოდ თვითგახსენების მომენტებში ინახება, მაშინ გასაგებია, რატომ გვაქვს ასეთი ცუდი მეხსიერება.
ეს ყველაფერი პირველი დღეების რეალიზაცია იყო. მოგვიანებით, თვითგახსენების მომენტებში ყურადღების განაწილებისას დავინახე, რომ საკუთარი თავის გახსენება მშვენიერ შეგრძნებებს იძლეოდა, რაც ბუნებრივად, ანუ თავისთავად ჩემამდე ძალიან იშვიათად და გამონაკლის პირობებში მოდიოდნენ ხოლმე. მაგალითად, პეტერბურგში ღამით ხეტიალი ძალიან მიყვარდა; სიარულის დროს თვითგახსენებას ვცდილობდი და ასეთ მომენტებში მშვენიერ შეგრძნებებს ვგრძნობდი. ეს არ იყო "ფანტაზია".
მოგვიანებით ამ გზით ბევრი მოულოდნელი რამ აღმოვაჩინე, მაგრამ მათზე მოგვიანებით ვისაუბრებ.
ზოგჯერ თვითგახსენება წარმატებული არ იყო. სხვა დროს კი ძალიან საინტერესო დაკვირვებები ახლდა.
ერთხელ, ნევსკის გასწვრივ ლიტეინს მივუყვებოდი და მიუხედავად ყველაფრისა, ძალისხმევით ვახერხებდი ყურადღების გამახვილებას თვითგახსენებაზე. ხმაური, მოძრაობა, ყველაფერი ყურადღებას მიფანტავდა. ყოველ წუთს ვკარგავდი ყურადღების ძაფს, შემდეგ კი ისევ ვპოულობდი და ისევ ვკარგავდი. ბოლოს ერთგვარი გაღიზიანება ვიგრძენი საკუთარ თავზე და მარცხენა ქუჩაში შევუხვიე. მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე, რომ სანამ ქუჩის ბოლომდე არ მივიდოდი, მკაფიოდ უნდა გამეხსენებინა საკუთარი თავი. ნადეჟდინსკაიას ისე მივაღწიე, რომ ყურადღების ძაფი არ დამკარგვია, გარდა მოკლე მომენტებისა. შემდეგ ისევ ნევსკისკენ მივტრიალდი და მივხვდი, რომ ხმაურიანი ქუჩებისგან განსხვავებით წყნარ ქუჩებში ჩემთვის უფრო მარტივი იყო ყურადღების ხაზი არ დამეკარგა. მინდოდა უფრო მეტად გამომეცადა საკუთარი თავი ხმაურიან ქუჩებში. ნევსკიმდე ისე მივაღწიე, რომ თვითგახსენება არ დამიკარგავს და უკვე ვიწყებდი შინაგანად უცნაური ემოციური მდგომარეობის განცდას, ერთგვარ სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას, რომელიც თვითგახსენების დიდი ძალისხმევის შედეგად მოდის. ნევსკის კუთხეში თამბაქოს მაღაზიასთან შევუხვიე, სადაც ჩემს სიგარეტს ამზადებდნენ. ვფიქრობდი, რომ სიგარეტებს შევუკვეთავდი და თვითგახსენება არ დამავიწყდებოდა.
ორი საათის შემდეგ ტავრიჩესკაიაში "გამომეღვიძა". ეს ადგილი ნევსკიდან შორსაა. პრინტერებისთვის იზვოსტჩიკის გავლით მივდიოდი. "გამოღვიძების" შეგრძნება არაჩვეულებრივად ნათელი იყო. შემეძლო მართლა მეთქვა, რომ ძილიდან გამომეღვიძა. ყველაფერი ერთბაშად გამახსენდა, როგორ დავდიოდი ნადეჟდინსკაიას გავლით, როგორ ვიხსენებდი საკუთარ თავს, როგორც ვფიქრობდი სიგარეტზე და როგორ ჩავვარდი ამ ფიქრიდან პირდაპირ ღრმა ძილში.
ამავდროულად, ძილში ჩაძირულმა განვაგრძე თანმიმდევრული და მიზანშეწონილი ქმედებების შესრულება. თამბაქო შევუკვეთე, წამოვედი და გზაში ორი წერილიც დავწერე.
შემდეგ ისევ გავედი სახლიდან. ნევსკის მარცხენა მხარეს, გოსტინოი დვორიდან ოფიცერსკაიასკენ მივდიოდი. მზე ჩადიოდა და ცოტა ხანში წასვლა გადავიფიქრე. ტავრიჩესკაიას გასწვრივ სიარულისას უცნაური უხერხულობის განცდა დამეუფლა, თითქოს რაღაც მავიწყდებოდა, - და უცებ გამახსენდა, რომ საკუთარი თავის გახსენება დამვიწყებია.
ჩემი დაკვირვებისა და გამოკვლევების შესახებ ჯგუფის წევრებსაც ვესაუბრე და ჩემს ლიტერატურულ მეგობრებსაც.
მათ ვუთხარი, რომ მთელი სისტემისა და სამუშაოს სიმძიმის ცენტრი საკუთარ თავზე მუშაობა იყო. ამ სისტემაში საკუთარ თავზე მუშაობა არა მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყო, არამედ რეალური მნიშვნელობით სავსე ფაქტი, რომლის წყალობითაც ფსიქოლოგია ზუსტი და პრაქტიკული მეცნიერება ხდებოდა.
მე ვთქვი, რომ ევროპულმა და ზოგადად დასავლურმა ფსიქოლოგიამ მხედველობიდან გამოტოვა უზარმაზარი მნიშვნელობის ფაქტი, კერძოდ ის, რომ ჩვენ საკუთარი თავი არ გვახსოვს. ჩვენ ვცხოვრობთ, ვმოქმედებთ და ვმეტყველებთ ღრმა ძილში; ძილი ამ შემთხვევაში არ არის მეტაფორული სიტყვა, არამედ იგი აბსოლუტურ რეალობას ასახავს. ამავდროულად, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ საკუთარი თავი, თუ საკმარის ძალისხმევას ჩავდებთ იმაში, რომ გამოღვიძება შეგვიძლია.
გამაოცა ადამიანების გაგების სხვაობამ იმათ შორის, რომლებიც ჩვენს ჯგუფებს ეკუთვნოდნენ და გარეთ იმყოფებოდნენ. ჯგუფებში მყოფმა ადამიანებმა გაიგეს (თუმცა არა ერთბაშად), რომ კონტაქტში შევდიოდით რაღაც "სასწაულებრივთან" და "ახალთან", რასაც აქამდე ჩვენთვის არასდროს უარსებია.
სხვა ადამიანებს ეს არ ესმოდათ; ჩემი ნათქვამი ძალიან ზერელედ აღიქვეს და ზოგჯერ იმის მტკიცებასაც მიწყებდნენ, რომ ასეთი თეორიები ადრეც არსებობდა.
ა.ლ. ვოლინსკი, რომელსაც 1909 წლიდან ხშირად ვხვდებოდი, ვისთანაც ბევრს ვლაპარაკობდი და ვის აზრსაც ვაფასებდი, თვითგახსენების იდეაში ვერაფერ ახალს ვერ პოულობდა, რაც მან აქამდე არ იცოდა.
- ეს ერთგვარი აღქმაა, - მითხრა მან, - ვუნდტის "ლოგიკა" წაგიკითხავს? იქ მის უახლეს განმარტებებს იპოვი. ზუსტად იგივეს ლაპარაკობს, რასაც შენ ამბობ. "მარტივი დაკვირვება" იგივეა, რაც აღქმა. ეს არის "დაკვირვება საკუთარი თავის მახსოვრობით", როგორც შენ არქმევ ამას. რა თქმა უნდა, ვუნდტმა იცოდა ამის შესახებ.
ვოლინსკისთან ამ თემაზე კამათი არ მინდოდა. ვუნდტი წაკითხული მქონდა და ცხადია, იქ საერთოდ არ იყო საუბარი იმაზე, რასაც ვოლინსკის ვუხსნიდი. ვუნდტი ახლოს იყო ამ იდეასთან, ისევე როგორც სხვები, მაგრამ მალევე განსხვავებული მიმართულებით აგრძელებდნენ მსჯელობას. მას არ ჰქონდა ნანახი იმ იდეის სიდიდე, რომელიც აღქმის სხვადასხვა ფორმების უკან იმალებოდა. უცნაურად მეჩვენა, რომ ვოლინსკიმ ეს იდეა მაშინაც კი ვერ დაინახა, როცა მას ამაზე მივუთითე.
მოგვიანებით დავრწმუნდი, რომ ეს იდეა შეუღწევადი ფარით იყო დალუქული თუნდაც ძალიან ინტელექტუალური ადამიანებისთვის; მოგვიანებით ისიც დავინახე, თუ რატომ იყო ასე.
შემდეგ ჯერზე, როცა გურჯიევი მოსკოვიდან დაბრუნდა, მას თვითგახსენების ექსპერიმენტებში და მათი განხილვის დისკუსიებში ჩაძირულები დავხვდით. მიუხედავად ამისა, თავის პირველ ლექციაში მან სხვა რამეზე ისაუბრა.
- სწორი ცოდნის მიხედვით ადამიანის შესწავლა სამყაროს შესწავლასთან პარალელურად უნდა ამიმდინარეობდეს. კანონები ყველგან ერთნაირია, სამყაროშიც და ადამიანშიც. ნებისმიერი კანონის პრინციპების გამოვლინებას ერთდროულად უნდა ვეძებდეთ სამყაროშიც და ადმაიანშიც. უფრო მეტიც, ზოგი კანონი სამყაროში უფრო ადვილად შეინიშნება, ზოგიც ადამიანში. ამიტომ, ცალკეულ შემთხვევებში უმჯობესია სამყაროთი დავიწყოთ და შემდეგ გადავიდეთ ადამიანზე ან პირიქით, ადამიანით დავიწყოთ და შემდეგ გადავიდეთ სამყაროზე.
სამყაროსა და ადამიანის პარალელური შესწავლა სტუდენტს ფუნდამენტურად უჩვენებს ყველაფრის ერთიანობას და ურთიერთკავშირს, რაც მას სხვადასხვა რიგის მოვლენებში ანალოგების პოვნაში ეხმარება.
ფუნდამენტური კანონების რაოდენობა, რომლებიც სამყაროში და ადამაიანში ყველა პროცესს მართავენ, ძალიან მცირეა. რამდენიმე ელემენტალური ძალის სხვადასხვა რიცხოვნობის კომბინაცია ერთი შეხედვით მრავალფეროვან ფენომენებს წარმოქმნის.
სამყაროს მექანიკის გასაგებად საჭიროა რთული ფენომენები ამ ელემენტარულ ძალებში გადავჭრათ.
სამყაროს პირველი ფუნდამენტური კანონი არის სამი ძალის კანონი ან სამი პრინციპი, როგორც მას უწოდებენ ხოლმე. შემოკლებით ამას სამის კანონი ეწოდება. ამ კანონის მიხედვთ, სამყაროში არსებული ყველა ფენომენი, ყველა მოვლენა ერთდროულად არის სამი ძალის მქომედების შედეგი, - დადებითის, უარყოფითის და გამანეიტრალებელის. ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ და მომავალშიც დავუბრუნდებით ამ კანონს, ყოველი ახალი სასწავლო ხაზის ჩამოყალიბებასთან ერთად.
სამყაროს შემდეგი ფუნდამენტური კანონი არის შვიდის კანონი, ანუ ოქტავების კანონი.
ამ კანონის მნიშვნელობის გასაგებად საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ მთელი სამყარო ვიბრაციებისგან შედგება. ეს ვიბრაციები ყველანაირი სახის არსებობს, იქნება ეს სხვადასხვა მატერიის სიმკვრივე თუ განსხვავებული ასპექტების გამოვლინება, დაწყებული ყველაზე მოძრავიდან, ყველაზე უხეშამდე. ისინი სხვადასხვა წყაროებიდან მომდინარეობენ და სხვადასხვა მიმართულებით მიდიან, ერთმანეთს კვეთენ, ეჯახებიან, აძლიერებენ, ასუსტებენ, ბოჭავენ და ასე შემდეგ.
ამ კუთხით დასავლეთში მიღებული ჩვეული შეხედულებების მიხედვით, ვიბრაცია უწყვეტია. ეს ნიშნავს, რომ ვიბრაცია უსასრულოდ განიხილება, როგორც უწყვეტი ნაკადი, იქნება ეს აღმავალი თუ დაღმავალი, სანამ იგი იმ წინააღმდეგობას არ გადალახავს, რომელშიც ვიბრაცია მიმდინარეობს. როცა იმპულსის ძალა იწურება და საშუალო წინააღმდეგობა ვიბრაციას ჯაბნის, იგი ბუნებრივად ჩერდება. მაგრამ სანამ ამ მომენტს მიაღწევს, ანუ სანამ მისი ბუნებრივად შესუსტება დაიწყება, ვიბრაციები ერთნაირად და თანდათანობით ვითარდება, წინააღმდებობის არარსებობის შემთხვევაში კი იგი შესაძლოა მან გაუთავებლად იდინოს. ასე რომ, ჩვენი ფიზიკის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს ვიბრაციების უწყვეტობის საკითხი, რომელიც დაზუსტებით არასდროს ყოფილა ჩამოყალიბებული, რადგან ამ თეორიას მოწინააღმდეგე არ ჰყოლია. ზოგიერთ უახლოეს თეორიაში ეს პრინციპი შერყევას იწყებს. ფიზიკა ჯერ კიდევ ძალიან შორს არის ვიბრაციების შესახებ სწორი შეხედულებისგან, თუ რას შეესაბამება რეალურ სამყაროში ვიბრაციების კონცეფცია სინამდვილეში.
ანტიკური ცოდნის შეხედულება ვიბრაციების შესახებ ეწინააღმდეგება თანამედროვე მეცნიერების შეხედულებას, რადგან ვიბრაციების გაგების საფუძველს მისი უწყვეტობის არარსებობა წარმოადგენს.
"ვიბრაციების უწყვეტობის არარსებობის" პრინციპი არის აუცილებელი და ბუნებისათვის დამახასიათებელი მოცემულობა, რომელიც სამყაროში არსებულ ყველა ვიბრაციას ეხება, იქნება ეს აღმავალი თუ დაღმავალი, განვითარებადი თუ ერთგვაროვანი, პერიოდულად აჩქარებითი თუ ჩამორჩენადი. ამ პრინციპს კიდევ უფრო ზუსტად ჩამოვაყალიბებთ, თუ ვიტყვით, რომ თავდაპირველი იმპულსის ძალა ყველგან ერთნაირად არ მოქმედებს, არამედ მონაცვლეობით ძლიერდება და სუსტდება. იმპულსის ძალა მისი ბუნების შეცვლის გარეშე მოქმედებს და ვიბრაციები მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში ვითარდება, რომელიც განისაზღვრება ბუნებრივი იმპულსებით, პირობებით და ასე შემდეგ. მაგრამ გარკვეულ მომენტში მასში ერთგვარი ცვლილება ხდება, ვიბრაციები მოკლე დროის შეფერხებას ემორჩილება და გარკვეულწილად იცვლის ბუნებას ან მიმართულებას. მაგალითისთვის, აღმავალი ვიბრაციები გარკვეულ მომენტში უფრო ნელა იწყებს აღმასვლას და დაღმავალი ვიბრაციები უფრო ნელა იწყებს დაცემას. ამ დროებითი ჩამორჩენის შემდეგ, როგორც აღმავალში, ისე დაღმავალში, ვიბრაციები კვლავ შემოდის არსებულ არხში და მათი განვითარება ხელახლა ხდება. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ერთგვაროვანი იმპულსის პერიოდები თანაბარი არ არის და ჩამორჩენის მომენტებში ვიბრაციები არ არის სიმეტრიული. ერთი პერიოდი უფრო მოკლეა, ხოლო მეორე უფრო გრძელი.
იმისათვის, რათა ჩამორჩენის ეს მომენტები განისაზღვროს, უფრო სწორად, იმისათვის, რომ ვიბრაციების აღმასვლისა და დაღმასვლის მომენტები შემოწმდეს, ვიბრაციის განვითარების ხაზები იყოფა პერიოდებად, რომლებიც შეესაბამება ვიბრაციების რაოდენობის გაორმაგებას ან განახევრებას, დროის მოცემულ სივრცეში.
მოდით, წარმოვიდგინოთ მზარდი ვიბრაციების ხაზი. ავიღოთ ისინი წამში ათასი ერთეულის სიჩქარით. გარკვეული დროის შემდეგ ვიბრაციების რაოდენობა გაორმაგდება, ანუ ორიათასს მიაღწევს.
1000---------------------------------------------------------2000
აღმოჩნდა და დადგინდა, რომ ვიბრაციების ამ ინტერვალს შორის, ვიბრაციების ორჯერ დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, არის ორი ადგილი, სადაც ვიბრაციების მატების შეფერხება ხდება. ერთი მათგანი დასაწყისთან ახლოსაა, მაგრამ არა თავად დასაწყისში. მეორე შეფერხება თითქმის ბოლოს ხდება.
დაახლოებით ასე:
1000------------------!------------------------------!-----2000
კანონები, რომლებიც ვიბრაციების შეფერხებას ან პირველადი მიმართულებიდან მათ გადახრას არეგულირებენ, უძველესი მეცნიერებისთვის ცნობილი გახლდათ. ეს კანონები სათანადოდ იყო მოთავსებული კონკრეტულ ფორმულაში ან დიაგრამაში, რომელიც ჩვენს დრომდე შენარჩუნებულია. ამ ფორმულაში, რომლის დროსაც ვიბრაციები ორმაგდება, იგი იყოფა რვა არათანაბარ საფეხურად, რომელიც რომელიც ვიბრაციების ტემპის ზრდას შეესაბამება. მერვე საფეხურზე, პირველი საფეხურის ვიბრაციები ორმაგდება. ამ ვიბრაციების გაორმაგების პერიოდს, ანუ ვიბრაციების განვითარების ხაზს ეწოდება ოქტავა, რომელიც რვა საფეხურისგან შედგება.
ამ ფორმულაში გადმოცემული ოქტავის იდეები მოსწავლიდან მასწავლებელს, სკოლიდან სკოლას გადაეცემოდა. ძალიან დიდი ხნის წინათ, ერთ-ერთ ასეთ სკოლაში დაადგინეს, რომ შესაძლებელი იყო მოცემული ფორმულის მუსიკაში გამოყენება. ამ გზით ჩვენ მივიღეთ შვიდნოტიანი მუსიკალური ოქტავა, რომელიც ყველაზე შორეულ ანტიკურ ხანაშიც ცნობილი იყო, შემდეგ იგი დავიწყებას მიეცა და გარკვეული ხნის შემდეგ ხელახლა "იპოვეს".
შვიდნოტიანი შკალა არის კოსმიური კანონის ფორმულა, რომელიც უძველესმა სკოლებმა შეიმუშავეს და შემდგომში მუსიკას მიუსადაგეს. ამასთან, თუ ჩვენ შევისწავლით ოქტავების კანონის გამოვლინებებს სხვა სახის ვიბრაციებში, დავინახავთ, რომ კანონი ყველგან ერთნაირია და სინათლე, სითბო, ქიმიური, მაგნიტური და სხვა სახის ვიბრაციები იმავე კანონებს ექვემდებარება, როგორსაც ხმის ვიბრაცია. ქიმიაში პერიოდული სისტემის ელემენტები უდავოდ მჭიდროდ არის დაკავშირებული ოქტავების პრინციპთან, თუმცა ეს კავშირი მეცნიერებისათვის ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ნათელი.
შვიდნოტიანი მუსიკალური სტრუქტურის შესწავლა ძალიან კარგ საფუძველს იძლევა ოქტავების კოსმიური კანონის გასაგებად.
კიდევ ერთხელ ავიღოთ აღმავალი ოქტავა, ანუ ისეთი ოქტავა, რომელშიც ვიბრაციების სიხშირე იზრდება. დავუშვათ, რომ ეს ოქტავა წამში ათასი ვიბრაციით იწყება. მოდით, აღვნიშნოთ ეს ათასი ვიბრაცია ნოტით, - "დო". ვიბრაციები იზრდება, ანუ მათი სიხშირე იზრდება. იმ ადგილას, სადაც იგი წამში ორი ათას ვიბრაციას მიაღწევს, იქნება ახალი ოქტავის მეორე "დო", ანუ მომდევნო "დო".
"დო" 1000-------------------------"დო" 2000
ერთ "დოს" და მეორე "დოს" შორის არსებული პერიოდი, ანუ ოქტავა, იყოფა შვიდ არათანაბარ ნაწილად, რადგან ვიბრაციების სიხშირე ერთნაირად არ იზრდება.
დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო.
ნოტების სიმაღლის ან ვიბრაციის სიხშირის თანაფარდობა შემდეგნაირად იქნება:
თუ "დოს" ავიღებთ, როგორც ერთიანს, მაშინ "რე" იქნება 9/8; "მი" 5/4; "ფა" 4/3; "სოლ" 3/2; "ლა" 5/3; "სი" 15/8; "დო" 2.
ნოტებს შორის აჩქარებაში ან მატებაში ტონთა განსხვავება შემდეგი იქნება:
შუალედი დო-რეს შორის: 9/8 : 1 = 9/8
შუალედი რე-მის შორის: 5/4 : 9/8 = 10/9
შუალედი მი-ფას შორის: 4/3 : 5/4 = 16/15 აქ ზრდა ფერხდება
შუალედი ფა-სოლს შორის: 3/2 : 4/3 = 9/8
შუალედი სოლ-ლას შორის 5/3 : 3/2 = 10/9
შუალედი ლა-სის შორის: 15/8 : 5/3 = 9/8
შუალედი სი-დოს შორის: 2 : 15/8 = 16/15 ზრდა ისევ შეფერხდა
ნოტებს შორის ან ნოტების სიმაღლეებს შორის განსხვავებას ინტერვალები ეწოდებათ. ჩვენ ვხედავთ, რომ ოქტავაში არის სამი სახის ინტერვალი: 9/8, 10/9 და 16/15, რომელსაც მთელ რიცხვებში შეესაბამება 400, 405 და 384. ყველაზე პატარა, 16/15 ინტერვალი ხდება მი-ფასა და სი-დოს შორის. ესენი არიან ოქტავაში ჩამორჩენის ადგილები.
მუსიკალურ (შვიდნოტიან) შკალასთან მიმართებაში, ზოგადად, თეორიულად განიხილება, რომ თითოეულ ორ ნოტს შორის არსებობს ორი ნახევარტონი, მაგრამ გამონაკლისია მი-ფა და სი-დო ინტერვალები, რომელთაც მხოლოდ თითო ნახევარტონი აქვთ და მათში ერთი ნახევარტონი გამოტოვებულად ითვლება. დააკვირდით პიანინოს კლავიშებზე თითო ოქტავაში ორ ადგილს, სადაც შავი კლავიშები გამოტოვებულია.
ამ გზით მიიღება ოცი ნოტი, რომელთაგან რვა ფუნდამენტურია: დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო.
თორმეტი შუალედური ნოტი; აქედან ათში ორიდან ორი ნახევარტონი გვხვდება, ესენია: დო-რე; რე-მი; ფა-სოლ; სოლ-ლა; ლა-სი.
ხოლო ორიდან თითოში თითო ნახევარტონი: მი-ფა; სი-დო.
მაგრამ პრაქტიკაში, ანუ მუსიკაში, თორმეტი შუალედური ნახევარტონის ნაცვლად იღებენ მხოლოდ ხუთს, რომლებშიც ორიდან ორი ნახევარტონია: დო-რე; რე-მი; ფა-სოლ; სოლ-ლა; ლა-სი.
მი-ფასა და სი-დოს შორის ნახევარტონი საერთოდ არ არის აღებული.
ამგვარად, მუსიკალური შვიდნოტიანი შკალის სტრუქტურა იძლევა კოსმიური კანონის "ინტერვალების" სქემას. როდესაც ოქტავებზე კოსმიური ან მექანიკური გაგებით ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მხოლოდ ორ ინტერვალს, რომელიც მი-ფასა და სი-დოში იგულისხმება.
თუ ამის სრულ მნიშვნელობას ჩავწვდებით, ოქტავების კანონი ცხოვრების სრულიად ახლებურ ახსნას გვაძლევს, ჩვენს მიერ დაკვირვებადი სამყაროს ყველა საფეხურზე ფენომენების პროგრესისა და განვითარების ჩათვლით. ეს კანონი განმარტავს, რატომ არ არსებობს ბუნებაში სწორი ხაზი და ასევე, რატომ არ შეგვიძლია კეთება, რატომ არის ჩვენთვის ყველაფერი ფიქრის დონეზე, რატომ ხდება ჩვენს თავს მოვლენები იმის საპირისპიროდ, როგორც ჩვენ გვინდა ან მოველით. ეს ყველაფერი "ინტერვალების" აშკარა და პირდაპირ ეფექტს წარმოადგენს ან ვიბრაციების განვითარებაში მათი შეფერხების შედეგს.
ზუსტად რა ხდება ვიბრაციების შენელების მომენტში? ასეთ დროს საწყისი მიმართულებიდან გადახრას აქვს ადგილი. ოქტავის მიმართულება სურათზე ისრით არის ნაჩვენები.
მაგრამ მი-სა და ფა-ს შორის გადახრა ხდება. დო-დან დაწყებული ხაზი გადახრის შედეგად ისრის მიმართულებას ცვლის.
ფა, სოლ, ლა, სის მეშვეობით იგი ეშვება თავდაპირველი მიმართულების კუთხით, რომელიც პირველ სამ ნოტშია ნაჩვენები (დო, რე, მი). სი-დოს შორის ხდება მეორე ინტერვალი, ახალი გადახრა, ანუ მიმართულების მომდევნო ცვლილება.
შემდეგი ოქტავა კიდევ უფრო მკვეთრ გადახრას იძლევა, რომელიც უფრო შესამჩნევია, ასე რომ, ოქტავების ხაზი მთლიანად წრეს კრავს და საწყისი მიმართულების საპირისპიროდ იწყებს მოძრაობას.
შემდგომი განვითარებისას, ოქტავების ხაზი ან ვიბრაციების განვითარების ხაზი შეიძლება დაუბრუნდეს საწყის მიმართულებას, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი სრულ წრეს ასრულებს.
ეს კანონი გვიჩვენებს, თუ რატომ არასდროს ჩნდება სწორი ხაზები ჩვენს საქმიანობაში, რატომ ვიწყებთ ერთ რაღაცას და ვაგრძელებთ სრულიად განსხვავებული რაღაცით, ხშირად პირველის საპირისპიროს. თუმცა, ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ და ვაგრძელებთ ფიქროს, თითქოს იგივეს ვაკეთებთ, რითაც დავიწყეთ.
ეს ყველაფერი და კიდევ მრავალი სხვა რამ ოქტავების კანონის მიხედვით იხსნება.
ასეთ მსვლელობას, ანუ ვიბრაციების ხაზების მსგავს მიმართულებას შეგვიძლია ყველგან დავაკვირდეთ. გარკვეული პერიოდის ენერგეტიკული აქტივობის, ძლიერი ემოციის ან რეაქციების სწორი გაგების შემდეგ, სამუშაო მონოტონური და დამღლელი ხდება. გრძნობებში დაღლილობის და გულგრილობის მომენტები შემოდის. სწორი აზროვნების ნაცვლად კომპრომისის ძიება იწყება. ეს არის ჩახშობა, პრობლემებისგან თავის არიდება. ხაზი აგრძელებს განვითარებას, მაგრამ არა იგივე მიმართულებით, როგორც დასაწყისში. სამუშაო ხდება მექანიკური, შეგრძნებები უფრო და უფრო სუსტდება და ყოფითი მოვლენების დონეზე ეშვება. აზროვნება ხდება დოგმატური, პირდაპირი. გარკვეული დროის მანძილზე ყველაფერი ამგვარად მიდის, შემდეგ ისევ რეაქცია, რასაც ისევ შეფერხება მოჰყვება, ისევ გადახრა. ძალის განვითარება შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ საქმე, რომელიც დიდი მონდომებით და ენთუზიაზმით დავიწყეთ, სავალდებულ და უსარგებლო ფორმალობად იქცა. გრძნობებში მთელმა რიგმა უცხო ელემენტებმა მოიყარეს თავი, - გათვალისწინება, შფოთვა, გაღიზიანება, მტრობა. აზროვნება წრეში ტრიალებს და იმას იმეორებს, რაც მისთვის ადრე იყო ცნობილი. აქედან გამოსავლის ძიებაში იგი უფრო და უფრ იკარგება.
იგივე ხდება ადამიანთა საქმიანობის ყველა სფეროში, ლიტერატურაში, მეცნიერებაში, ფილოსოფიაში, ხელოვნებაში, რელიგიაში და ინდივიდუალურ, უპირველეს ყოვლისა სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ ყველგან შეგვიძლია დავაკვირდეთ, როგორ იხრება ძალთა განვითარების ხაზი თავდაპირველი მიმართულებიდან და გარკვეული დროის შემდეგ სიმეტრიულად საპირისპირო მიმართულებით მიდის, თუმცა იგი კვლავ ინარჩუნების თავის პირველყოფილ სახელს. კაცობრიობის ისტორიის ამ თვალსაზრისით შესწავლა ყველაზე გასაცარ ფაქტებს გვიჩვენებს, რომლის შემჩნევაც კაცობრიობის მექანიკურ ნაწილს არ სურს. ალბათ, ამგვარი ცვლილების ყველაზე საინტერესო მაგალითები რელიგიაში გვხვდება, განსაკუთრებით კი ქრისტიანობაში; ძალების არაპირდაპირი განვითარების შედეგად სიყვარულისა და ძმობის სახარება ინკვიზიციის ქადაგებად გადაიქცა.
ოქტავების კანონი ჩვენს ცხოვრებაში არსებულ უამრავ გაუგებარ მოვლენას ხსნის.
პირველი არის "ძალების გადახრის პრინციპი".
მეორე ის არის, რომ სამყარში არაფერი რჩება ერთსა და იმავე ადგილას, ყველაფერი მოძრაობს და იცვლება, ყველაფერი სადღაც მიდის, აუცილებლად ვითარდება ან სუსტდება და დაღმავალი მიმართულებით მოძრაობს.
და მესამეც, ფაქტობრივ განვითარებაში მუდმივად ხდება ოქტავების აღმავალი და დაღმავალი მოძრაობა, რყევა, აღზევება და დაცემა.
ჩვენ მოკლედ ვისაუბრეთ ვიბრაციების უწყვეტობის არარსებობაზე და ძალების გადახრაზე. ჩვენ ახლა ნათლად უნდა ჩავწვდეთ ორ სხვა პრინციპს: ეს არის ძალების განვითარების აღმასვლისა და დაღმასვლის გადაუვალობა და პერიოდული რყევები ყველა არსებულ ხაზში, იქნება ეს აღმავალი თუ დაღმავალი.
ვერაფერი განვითარდება, თუ ერთ დონეზე დარჩება. აღმასვლა ან დაღმასვლა გარდაუვალია ნებისმიერი მოქმედების კოსმიურ მდგომარეობაში. ჩვენ არ გვესმის და ვერ ვხედავთ რა ხდება ჩვენს გარშემო და ჩვენს შიგნით. ჩვენ არ ვიცით, რომ აღმასვლას დაღმასვლა მოჰყვება, ან პირიქით, როცა დაღმასვლას აქვს ადგილი, იგი აღმასვლა გვგონია. ეს ორი რამ არის საკუთარი თავის მოტყუების ფუნდამენტური მიზეზი. პირველს იმიტომ ვერ ვხედავთ, რომ განუწყვეტლივ ვფიქრობთ, თითქოს საგნებს დიდხანს შეუძლიათ ერთ დონეზე დარჩენა. მეორე შემთხვევაში ვერ ვხვდებით, რომ ისეთ ადგილას გვსურს მოხვედრა, სადაც მისვლა შეუძლებელია, რადგან წარმოუდგენელია, რომ ცნობიერება მექანიკური საშუალებებით განვითარდეს.
ცხოვრებაში აღმავალი და დაღმავალი ოქტავების გარჩევასთან ერთად, თავად ოქტავებშიც უნდა ვისწავლოთ იგივეს გარჩევა. სულ ერთია ცხოვრების რომელ სფეროზე ვსაუბრობთ, მუდმივად ერთ დონეზე ვერასდროს ვერაფერი დარჩება. ყველგან და ყველაფერში გრძელდება ქანქარის რხევა, ყველგან და ყველაფერში ტალღები იზრდება და ეცემა. ჩვენი ენერგია, რომელიც ამა თუ იმ მიმართულებით უეცრად იზრდება, შემდეგ მომენტში ასევე უეცრად სუსტდება და ეცემა. ჩვენი განწყობა "უმჯობესდება" ან "უარესდება" ყოველგვარი თვალსაჩინო მიზეზის გარეშე. ჩვენი გრძნობები, ჩვენი სურვილები, ჩვენი ზრახვები, ჩვენი გადაწყვეტილებები, - დროდადრო ყველაფერი გადის აღმასვლის ან დაღმასვლის ეტაპებს.
ადამიანში ასობით ქანქარა მოძრაობს, ზოგი მაღლა, ზოგიც დაბლა. ეს არის როგორც ძალების განვითარების პერიოდები ინტერვალებს შორის, ასევე თავად ინტერვალებიც.
ოქტავების კანონის მიმართ სამი პრინციპის გამოვლინებაზე უამრავი ფენომენია დამოკიდებული. ესენი ვლინდებიან როგორც ფსიქიკური ხასიათის ფნომენები, ასევე ისეთებიც, რომლებიც უშუალოდ ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება. ოქტავების კანონზე არის დამოკიდებული ჩვენი არასრულყოფილება და უცდინრობა გამონაკლისის გარეშე ყველა სფეროში; უმთავრესად იმიტომ, რომ ყოველთვის ერთი მიმართულებით ვიწყებთ, მაგრამ შემდგომში შეუმჩნევლად ვაგრძელებთ სხვა მიმართულებით.
როგორც უკვე ითქვა, ოქტავების კანონი ყველა მისი გამოვლინებით ცნობილი იყო ანტიკური ცოდნისთვის.
თუნდაც ჩვენს მიერ დროის დაყოფა და კვირის დღეების განაწილება მუშაობისა და დასვენების დღეებად, ამ კანონზეა დამოკიდებული. გაიხსენეთ ბიბლიური მითი სამყაროს შექმნის შესახებ; ექვს დღიანი ქმნადობა, მეშვიდე დღეს კი ღმერთმა დაისვენა თავისი შრომისგან. აქ ოქტავების კანონზეა მითითება, საკმაოდ არასრულად, მაგრამ მაინც.
ოქტავების კანონის გაგებაზე დაფუძნებული დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ ვიბრაციები შესაძლოა სხვადასხვა გზით განვითარდეს. შეწყვეტილ ოქტავებში ისინი დაცემას იწყებენ ან სხვა, უფრო ძლიერი ვიბრაციების მიერ ხდებიან შთანთქმულნი, რომლებიც მათთან იკვეთება ან საპირისპირო მიმართულებით მიდიან. ოქტავებში, სადაც ვიბრაციები საწყისი მიმართულებიდან გადახრილები არიან, საპირიქპირო მიმარტულება მათ ხასიათს ცვლის და მოსალოდნელის საპირისპირო შედეგებს იძლევა.
მხოლოდ კოსმიური რიგის ოქტავებში გვხვდება აღმავალი და დაღმავალი ვიბრაციების თანმიმდევრული განვითარება, რომლებიც იმავე მიმართულებით მოძრაობენ, რასაც დასაწყისშივე ჰქონდა ადგილი.
შემდგომი დაკვირვებები აჩვენებს, რომ ოქტავების სწორი და თანმიმდევრული განვითარება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იშვიათია, შესაძლოა შეინიშნოს ცხოვრების ყველა ფენომენში და ადამიანის საქმიანობაშიც.
ამ ოქტავების სწორი განვითარება იმას ემყარება, რაც ერთი შეხედვით შემთხვევით გამოიყურება. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ოქტავები მოცემული ოქტავის პარალლურად მიდიან, იკვეთებიან ან ერთმანეთს ხვდებიან; ინტერვალების ამა თუ იმ გზით შევსება შესაძლებელს ხდის მოცემული ოქტავა თავისუფლად განვითარდეს, ყოველგვარი შემოწმების გარეშე. სწორად განვითარებადი ოქტავების დაკვირვებით აღმოვაჩენთ, რომ თუ საჭირო მომენტში (ანუ ისეთ მომენტში როცა ოქტავა ინტერვალს გადის) ისეთ დამატებით დარტყმას აქვს ადგილი, რომელიც ოქტავის ძალას და ხასიათს შეესაბამება, მაშინ ოქტავა დაბრკოლების გარეშე გაგრძელდება თავდაპირველი მიმართულებით, არც არაფერს დაკარგავს და არც მისი ბუნება შეიცვლება.
ასეთ შემთხვევებში აღმავალ და დაღმავალ ოქტავებს შორის არსებითი განსხვავება არსებობს.
აღმავალ ოქტავაში პირველი ინტერვალი მი-ფასთან მოდის. თუ შესაბამისი დამატებითი დარტყმის ენერგია განვითარდება, ოქტავა დაბრკოლების გარეშე განვითარდება სი-მდე, მაგრამ სი-დოსთან მას დასჭირდება ბევრად უფრო ძლიერი დამატებითი დარტყმა, რადგან ოქტავის ვიბრაციები ამ ადგილას გაცილებით მაღალია და შეფერხების დასაძლევად ოქტავის განვითარების მიზნით უფრო დიდი ინტენსივობის ენერგიაა საჭირო.
მეორე მხრივ, დაღმავალ ოქტავაში ყველაზე დიდ ინტევრალს დასაწყისშივე აქვს ადგილი. ეს ძალიან ხშირად გვხვდება თავად დო-ში ან გვერდით ვიბრაციებში, რომელიც დო-სგან არის გამოწვეული. ამ მიზეზით დაღმავალი ოქტავა ბევრად უფრო ადვილად ვითარდება, ვიდრე აღმავალი ოქტავა და იგი სი-ს გავლისას დაუბრკოლებლად აღწევს ფა-მდე. აქ დამატებითი დარტყმა აუცილებელია, თუმცა ნაკლებად ძლიერი, ვიდრე პირველი დარტყმა დო-სის შორის.
დიდ კოსმიურ ოქტავაში, რომელიც ჩვენამდე ქმნილების სხივის სახით აღწევს, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ოქტავების კანონის პირველი სრული მაგალითი. ქმნილების სხივი აბსოლუტიდან იწყება. აბსოლუტი არის ყველაფერი ერთად აღებული. მას აქვს სრული ერთობა, სრული ნება და სრული ცნობიერება. იგი ქმნის სამყაროებს საკუთარ თავში და ამ გზით იწყება აღმავალი სამყაროსეული ოქტავა. აბსოლუტი არის ამ ოქტავის დო. აბსოლუტის მიერ შექმნილი სამყაროები არის სი. დო-სის შორის არსებული ინტერვალი ამ შემთხვევაში აბსოლუტის ნებით ივსება. ქმნილების პროცესი შემდგომში ძალის თავდაპირველი იმპულსის და დამატებითი დარტყმის მიერ ვითარდება. სი გადადის ლა-ში, რომელიც არის ჩვენი ვარსკვლავური სამყარო, ირმის ნახტომი. ლა გადადის სოლ-ში, ჩვენს მზეში, ანუ მთლიანად მზის სისტემაში. სოლ გადადის ფა-ს პლანეტარულ სამყაროში. ხოლო აქ, პლანეტარულ სამყაროსა და დედამიწას შორის გვხვდება ინტერვალი. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა გავლენების მატარებელი პლანეტარული სხივები ვერ აღწევენ დედამიწამდე, უფრო სწორად რომ ვთქვათ, დედამიწა ამ გავლენების მიღების ნაცვლად, მათ ირეკლავს. ამ ინტერვალის შესავსებად, ქმნილების სხივიდან იქმნება სპეციალური აპარატი, პლანეტარული გავლენების მიღებისა და გაცემისათვის. ეს აპარატი/მოწყობილობა არის დედამიწაზე არსებული ორგანული სიცოცხლე. ორგანული სიცოცხლე გადასცემს დედამიწას მისთვის განკუთვნილ ყველა გავლენას და შესაძლებელს ხდის კოსმიური ოქტავის მი-მდე, ანუ დედამიწამდე განვითარებას, შემდეგ კი რე-მდე, ანუ მთვარემდე, რასაც მოჰყვება მომდევნო დო, ანუ არაფერი. ქმნილების სხივი ყველაფერს და არაფერს შორის მოძრაობს.
გაგიგიათ ლოცვა, "წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო?" ეს ლოცვა უძველესი ცოდნიდან მომდინარეობს. წმინდაო ღმერთო ნიშნავს აბსოლუტს და ყველაფერს. წმინდაო ძლიერო ნიშნავს აბსოლუტს და არაფერს. წმინდაო უკვდავო ნიშნავს იმას, რაც მათ შორის არსებობს, ანუ ქმნილების სხივის ექვს ნოტს, ორგანულ სიცოცხლესთან ერთად. სამივე ერთად აღებული ქმნის ერთ მთლიანს. ეს არის ერთარსი და განუყოფელი სამება.
ახლა უნდა ვიფიქროთ დამატებითი დარტყმების იდეაზე, რაც შესაძლებელს ხდის, ძალთა ხაზებმა დასახულ მიზანს მიაღწიონ. როგორც უკვე ვთქვი, დარტყმა შეიძლება შემთვხევითაც მოხდეს. შემთხვევა, რა თქმა უნდა, ძალიან გაურკვეველი რამ არის. მაგრამ, განვითარების ხაზები, რომლებიც შემთხვევის მიერ იქმნება, ადამიანს ილუზიას უქმნის, რომ იგი ამას თავად აკეთებს, რადგან ასეთ დროს მის ვარაუდსა და მოლოდინს რაღაცები ემთხვევა. ადამიანი ფიქრობს, რომ სწორი ხაზები ასეც უნდა იქცეოდნენ, ხოლო შეწყვეტილი და გადახრილი ხაზები გამონაკლისები არიან. ეს რა თქმა უნდა თავის მხრივ ადამიანში ილუზიას ქმნის, რომ მისთვის მიზნის მიღწევა შესაძლებელია. სინამდვილეში ადამიანს არაფერის კეთება არ შეუძლია. როდესაც შემთხვევითი აქტივობა შედეგს იძლევა, ყველა ადამიანი საკუთარ თავსაც და სხვებსაც იმაში არწმუნებს, რომ ეს თავად გააკეთა და სხვებსაც შეუძლიათ თავიანთი მიზნების მიღწევა. შედეგად, სხვებიც იჯერებენ ამ ზღაპარს. სინამდვილეში ეს ილუზიაა. კაზინოში რაღაცის მოგება შეგიძლიათ, მაგრამ ეს შემთხვევითობით ხდება. მიზნის მიღწევაც ან კონკრეტულ სფეროში ჩანაფიქრის ასრულებაც იგივე შემთხვევითობის შედეგია. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ კაზინოში ადამიანმა იცის, იგებს თუ აგებს, მაგრამ სხვა საქმიანობებში ან საკუთარი თავისთვის დასახულ მიზნებში, როდესაც თუნდაც წლების შემდეგ რაღაცას მიიღებთ, თქვენ მარტივად შეძლებთ საკუთარი თავის მოტყუებას და მიღებულ შედეგს სასურველად მიიჩნევთ, ანუ დაიჯერებთ, რომ მოიგეთ, მაშინ, როცა სინამდვილეში პირწმინდად წააგეთ.
ადამიანი-მანქანისთვის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა არის იმის თქმა, რომ მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია, იგი ვერაფერს მიაღწევს და ერთი მისწრაფებით აუცილებლად შექმნის მეორეს. სინამდვილეში, სხვანაირად შეუძლებელია. ადამიანი-მანქანა შემთხვევითობის ძალის ქვეშ იმყოფება. მისი ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება შეფერხდეს ან ჩაიშალოს, კოსმიური ან მექანიკური ძალების გავლენების შედეგად, ან პირიქით, მოვლენები გარკვეული დროით შესაძლოა განვითარდეს თავდაპირველად აღებული კურსის მიმართულებით, რაც შექმნის ილუზიას, რომ მიზანი მიღწეულია. ასეთი შემთხვევითი შედეგები და მიზნები მექანიკურ ადამიანში ქმნის ილუზიას, რომ მას რაღაცის კეთება შეუძლია ან სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ მიზანს მიაღწევს.
სინამდვილეში ადამიანი ვერაფერს აკეთებს, რადგან მას უბრალოდ არ აქვს გარეგან მოვლენებზე კონტროლის უნარი, თუმცა, რა დროს გარეგანი მოვლენებია, იგი საკუთარ თავშიც კი ვერ აკონტროლებს ვერაფერს. ეს უკანასკნელი ძალიან ნათლად უნდა იყოს გაგებული და ათვისებული. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ საგნებზე კონტროლი იწყება საკუთარ თავში არსებულ საგნებზე კონტროლით. ადამიანი, რომელიც ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს ან მასში არსებულ მსვლელობას, ვერასდროს ვერაფერს გააკონტროლებს.
რა გზით შეიძლება კონტროლის მიღწევა?
ამის ტექნიკური ნაწილი ოქტავების კანონით იხსნება. ოქტავების ზედიზედ და სასურველი მიმართულებით განვითარება შესაძლებელია, თუ საჭირო მომენტში დამატებითი დარტყმები შემოვა, ანუ ისეთ მომენტებში, როცა ვიბრაცია ნელდება. თუ დამატებითი დარტყები არ იქნება, მაშინ ოქტავა მიმართულებას შეიცვლის. საიდანღაც წამოსული შემთხვევითი დარტყმების იმედად ყოფნა, რა თქმა უნდა, გამორიცხულია. ადამიანი ჩართულია მოვლენების მექანიკურ ხაზში, მან ან არჩევანი უნდა გააკეთოს და კონტროლი დაამყაროს, ან ყოველთვის ისეთ სიტუაციაში იქნება, რასაც სხვადასხვა გამოთქმებს უძებნიან, როგორებიცაა: "საითაც ქარი დაუბერავს, იქით მიდიხარ", "დინების მიყოლა" და ასე შემდეგ. ადამიანს შეუძლია ინტერვალების მომენტების ამოცნობა და ასევე შეუძლია ინტერვალების ყველა მომენტში დამატებითი დარტყმების შექმნის სწავლა, სხვა სიტყვებით, მან საკუთარ აქტივობებში უნდა ისწავლოს მეთოდი, რომელსაც კოსმიური ძალები იყენებენ საჭირო მომენტებში დამატებითი დარტყმების შესაქმნელად.
ხელოვნური, ანუ სპეციალურად შექმნილი დამატებითი დარტყმების შექმნის შესაძლებლობას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ოქტავების კანონის შესწავლაში და მისი შესწავლა სავალდებულო და აუცილებელია, თუ ადამიანს პასიური მაყურებლის როლიდან გამოსვლა უნდა იმასთან დაკავშირებით, რაც მასში და მის გარეთ ხდება.
ადამიანი-მანქანა ვერაფერს გააკეთებს. Მის გარშემო ყველაფერი უბრალოდ ხდება. Რაიმეს გასაკეთებლად აუცილებელია იცოდეთ ოქტავების კანონი, ინტერვალების მომენტები და დამატებითი დარტყმების შექმნა.
ამის სწავლა მხოლოდ სკოლაშია შესაძლებელი, ანუ სწორად ორგანიზებულ სკოლაში, რომელიც ყველა ეზოთერულ ტრადიციას მიჰყვება. Სკოლსი დახმარების გარეშე ადამიანი თავად ვერასოდეს გაიგებს ოქტავების კანონს, ინტერვალებს და დამატებითი დარტყმების ცოდნას. იგი იმიტომ ვერ გაიგებს, რომ ამის გასაგებად გარკვეული პირობების არსებობაა აუცილებელი, ხოლო ასეთი პირობების შექმნა მხოლოდ სკოლას შეუძლია, რომელიც თავად არის ამ პრინციპებზე აგებული.
იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება სკოლა ოქტავების კანონის პრინციპებით, აუცილებლად ვისაუბრებთ. ეს თავის მხრივ აგიხსნით კანონების გაერთიანების ერთ ასპექტს შვიდის კანონისა და სამის კანონის შესახებ. ამჟამად მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ სკოლაში სწავლებისას ადამიანს ეძლევა როგორც დაღმავალი (შემოქმედებითი/კრეატიული), ასევე აღმავალი (ევოლუციური) კოსმიური ოქტავები. დასავლურმა აზროვნებამ არ იცის ოქტავებისა და სამის კანონის შესახებ და აღმავალ და დაღმავალ ხაზებს ერთმანეთში ურევს, ამიტომ, მათ არ იციან, რომ ევოლუციის ხაზი ეწინააღმდეგება შემოქმედებით ხაზს, რადგან იგი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს.
ოქტავების კანონის შესწავლისას უნდა გვახსოვდეს, რომ ოქტავები ერთმანეთთან ურთიერთობაში ფუნდამენტურ და დაქვემდებარებულ ნაწილებად იყოფა. ფუნდამენტური ოქტავა შეიძლება შევადაროთ ხის ტოტებს, რომელიც გვერდითი ოქტავების განშტოებებს გამოყოფს. ოქტავის შვიდ ფუნდამენტურ ნოტში და ორ ინტერვალში ჩვენ გვაქვს სულ ჯაჭვის ცხრა რგოლი; სამი ჯგუფისგან შემდგარი სამი რგოლი.
ფუნდამენტური ოქტავები, მეორად ან დაქვემდებარებულ ოქტავებთან განსაზღვრული გზით არის დაკავშირებული. პირველი რიგის დაქვემდებარებული ოქტავებიდან მეორე რიგის დაქვემდებარებული ოქტავები გამოდიან და ასე შემდეგ. Მათი კონსტრუქცია შეგვიძლია შევადაროთ ხის აგებულებას. ღეროდან ძირითადი ტოტები გამოდიან, რომლებიც თავის მხრივ კიდევ ტოტებად იყოფიან, შედარებით პატარები ხდებიან და ფოთლებით იფარებიან. იგივე პროცესი გრძელდება ფოთლების კონსტრუქციაში, ძარღვების ფორმირებაში, ნაოჭებში და ასე შემდეგ.
ყველაფერ დანარჩენის მსგავსად, ადამიანის სხეულიც მსგავსი კორელაციებისგან შედგება. ნოტებიდან და ინტერვალებიდან გამომდინარე, ადამიანს გააჩნია ცხრა ძირითადი საზომი, რომელიც განსაზღვრული რაოდენობის რიცხვებით არის გამოხატული. ინდივიდუალურად ამ რიცხვების რაოდენობა თითოეულში განსხვავდება, თუმცა ესეც გარკვეულ საზღვრებში. ერთი ოქტავა მეორეზეა დაქვემდებარებული და ასე შემდეგ; ამ გზით შესაძლებელია ადამიანის სხეულის ნებისმიერ ნაწილის გაზომვა, რადგან ისინი ერთი მეორესთან გარკვეულ ურთიერთობაში იმყოფებიან.
ბუნებრივია, ოქტავების კანონმა ჩვენს ჯგუფებში უამრავი საუბარი და ბევრი გაურკვევლობა გამოიწვია. გურჯიევი ყოველთვის გვაფრთხილებდა ზედმეტი თეორიების წინააღმდეგ, რომ მათგან თავი შეგვეკავებინა.
- თქვენ ეს კანონი საკუთარ თავში უნდა იგრძნოთ და გაიგოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ამ კანონის თქვენს გარეთ დანახვას. - თქვა მან.
რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. მაგრამ სირთულე მხოლოდ ამაში არ მდგომარეობდა. ოქტავების კანონის “ტექნიკურად” გაგება დიდ დროს მოითხოვს. ჩვენ მას გამუდმებით ვუბრუნდებოდით და ხშირად მოულოდნელ აღმოჩენებს ვაკეთებდით ხოლმე, მოგვიანებით კი იმასაც ვკარგავდით, რაც უკვე ჩამოყალიბებული გვეგონა.
ამჟამად ძნელია იმის გადმოცემა, თუ როგორ ხდებოდა სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული იდეები ჩვენი მუშაობის სიმძიმის ცენტრი, რომელიც უდიდეს ყურადღებას იპყრობდა და უამრავ საუბარს იწვევდა. ოქტავების კანონის იდეა ჩვენი გრავიტაციის მუდმივ ცენტრად იქცა. ჩვენ მას ყოველ ჯერზე ვუბრუნდებოდით. ყოველ შეხვედრაზე მის სხვადასხვა ასპექტებს განვიხილავდით, სანამ თანდათან ყველაფრის დანახვა ამ იდეის თვალსაზრისით არ დავიწყეთ.
თავის პირველ საუბარში გურჯიევმა მოცემული იდეის მხოლოდ მოანხაზი წარმოგვიდგინა, შედმგომში კი მუდმივად უბრუნდებოდა და სხვადასხვა ასპექტებსა და მნიშვნელობებზე გვესაუბრებოდა.
ერთ-ერთ მომდევნო შეხვედრაზე მან ოქტავების კანონის შესახებ ძალიან საინტერესო ილუსტრაცია გადმოგვცა, რომელიც ცალკეულ საკითხებში ძალიან ღრმად შევიდა.
- იმისათვის, რომ ოქტავების კანონის მნიშვნელობა კარგად გავიგოთ, აუცილებელია წარმოდგენა გვქონდეს ვიბრაციის სხვა თვისებაზე, რომელთაც “შინაგანი ვიბრაციები” ეწოდებათ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის ცნობილი ვიბრაციების შიგნით კიდევ არსებობს ვიბრაციები და ყოველი ოქტავა შიდა ოქტავების დიდ რაოდენობად შეიძლება დაიყოს.
ნებისმიერი ოქტავის თითოეული ნოტი სხვა სიბრტყეზე შესაძლოა ოქტავად ჩაითვალოს.
ამ შიდა ოქტავის თითოეული ნოტი ისევ შეიცავს სხვა ოქტავას, მაგრამ არა უსასრულოდ, რადგან შიდა ოქტავების განვითარებაში გარკვეული ლიმიტი არსებობს.
ეს შინაგანი ვიბრაციები ერთდროულად სხვადასხვა სიბრტყეში მიმდინარეობს, ერთმანეთში გადადის, სხვას წარმოშობს, აჩერებს ან ერთმანეთს ცვლილებას აიძულებს.
მოდით, წარმოვიდგინოთ ვიბრაციები გარკვეული სიმკვრივის ნივთიერებაში ან გარემოში. დავუშვათ, რომ ეს ნივთიერება ან გარემო შედგება ორმოცდამერვე სამყაროს შედარებით უხეში ატომებისგან, ანუ ასე ვთქვათ, პირველყოფილი ატომებისგან. ვიბრაციები, რომლებიც ამ გარემოში წარმოიქმნება, იყოფა ოქტავებად, ხოლო ოქტავები იყოფა ნოტებად. წარმოვიდგინოთ, რომ აქედან ერთი ოქტავის ვიბრაციები გამოკვლევის მიზნით ავიღეთ. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ამ ოქტავების საზღვრებში უფრო დახვეწილი ნივთიერების ვიბრაციები არსებობს. ორმოცდამერვე სამყარო ოცდამეოთხე სამყაროს სუბსტანციებით არის გაჯერებული. ოცდამეოთხე სამყარო ორმოცდამერვე სამყაროს სუბსტანციასთან განსაზღვრულ მიმართებაში იმყოფება. კერძოდ, ორმოცდამერვე სამყაროს თითოეული ნოტი, ოცდამეოთხე სამყაროს სუბსტანციების მთელი ვიბრაციების ოქტავას მოიცავს.
ამათ ეწოდებათ შინაგანი ოქტავები.
ოცდამეოთხე სამყაროს სუბსტანცია, თავის მხრივ, მეთორმეტე სამყაროს სუბსტანციით არის გაჟღენთილი. ოცდამეოთხე სამყაროს თითოეული ნოტი მეთორმეტე სამყაროს ვიბრაციების მთელს ოქტავას მოიცავს. მეთორმეტე სამყარო გაჯერებულია მეექვსე სამყაროს სუბსტანციებით, მეექვსე მესამით, ხოლო მესამე პირველით. შესაბამისი ვიბრაციები ყველა ამ სამყაროში არსებობს და წესრიგი ყოველთვის იგივე რჩება, კერძოთ უხეში ვიბრაციების თითოეული ნოტი უფრო დახვეწილი ვიბრაციების მთელს ოქტავას შეიცავს.
თუ ორმოცდამერვე სამყაროზე, ანუ დედამიწაზე ვისაუბრებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სამყაროში ვიბრაციების ერთი ნოტი პლანეტარული ვიბრაციების შვიდ ნოტს, ანუ ოქტავას მოიცავს. პლანეტარული ვიბრაციების თითოეული ნოტი მზის ოქტავას მოიცავს. მზის სამყაროს ყოველი ვიბრაცია ვარსკვლავური სამყაროს შვიდ ნოტს მოიცავს და ასე შემდეგ.
შინაგანი ოქტავებისა და გარეგან ოქტავებთან მათი ურთიერთობების შესწავლა ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს სამყაროსა და ადამიანის შესწავლის საკითხში.
მომდევნო შეხვედრაზე გურჯიევმა კვლავ ისაუბრა ქმნილების სხივზე, სადაც ნაწილობრივ აქამდე ნათქვამი გაიმეორა, ხოლო ნაწილობრივ უფრო შეავსო და მის მიერ ნათქვამი განავითარა.
- ქმნილების სხივი, ისევე როგორც ყველა სხვა პროცესი, მოცემულ მომენტში შეგვიძლია ჩავთვალოთ, როგორც ოქტავა. ამ შემთხვევაში ეს არის დაღმავალი ოქტავა. დავაკვირდეთ სქემას:
1 - აბსოლუტი - დო.
3 - ყველა სამყარო - სი.
6 - ყველა მზე - ლა.
12 - ჩვენი მზე - სოლ.
24 - ყველა პლანეტა - ფა.
48 - დედამიწა - მი.
96- მთვარე - რე.
ისევ აბსოლუტი - ისევ დო.
ქმნილების სხივი მთვარეთი მთავრდება. მის მიღმა არაფერია. აბსოლუტიც არაფერს წარმოადგენს (ყველაფერთან ერთად). ეს იგივეა, რაც დო. Გარკვეული ახალი პირობების შექმნა, ფიქსირებული ენერგიის გარღვევის მიზნით გარდაუვალია.
დედამიწის ადგილას ინტერვალის არსებობის გამო ძალთა გადასვლისა და მიღებისათვის შეიქმნა სპეციალური მექანიკური აპარატი, ერთგვარი “ძალების გადამცემი” სადგური, რომელსაც ორგანული სიცოცხლე ეწოდება. დედამიწაზე ორგანული სიცოცხლე პლანეტებსა და დედამიწას შორის ინტერვალის შევსების მიზნით შეიქმნა.
ორგანული სიცოცხლე დედამიწის აღქმის ორგანოს წარმოადგენს. Დედამიწა ქმნის მგრძნობიარე ფირის მსგავს არეკვლას, რომელიც პლანეტარული სფეროებიდან მომდინარეობენ, რაც სხვაგვარად არ მოხდებოდა და დედამიწამდე გავლენები ვერ მოაღწევდა. მცენარეული, ცხოველური და ადამიანური სფეროები თანაბრად მნიშვნელოვანია დედამიწისთვის. ბალახით დაფარულ მინდორზე გარკვეული სახის პლანეტარული გავლენები მოქმედებს. სხვა ადგილას ხალხით სავსე ბრბო სხვა გავლენების მიხედვით მოქმედებს. ევროპა ერთი სახის პლანეტარულ გავლენებს იღებს, აფრიკა ევროპოსგან განსხვავებულს და ასე შემდეგ.
ადამიანთა მასების ცხოვრებაში წარმოქმნილი ყველა დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენა პლანეტარული გავლენების შედეგად არის გამოწვეული. ადამიანთა საზოგადოების ფართო ნაწილი ძალიან მგრძნობიარენი არიან პლანეტარული გავლენების მიმართ. ნებისმიერი პატარა პლანეტის შემთხვევითი დაძაბულობა შესაძლოა წლების განმავლობაში აისახოს ადამიანთა მასებზე და მათი საქმიანობის სხვადასხვა სფეროზე. ასეთ დროს შემთხვევითი და რაღაც ძალიან გარდამავალი ხდება პლანეტარულ სივრცეში. ადამიანები ამ გავლენებს იღებენ, სიძულვილი უჩნდებათ და ერთმანეთის ხოცვას იწყებენ, ხოლო თავინთ საქციელს სიყვარულით, ძმობით და სამართლიანობით ამართლებენ.
დედამიწა არის როგორც მიმღები ორგანო, ასევე რადიაციის წარმომქმნელი ორგანიზმიც. ორგანული სიცოცხლის დახმარებით დედამიწის ზედაპირის თითოეული ნაწილი ყოველ მომენტში საკუთარ რადიაციას გარკვეული მიმართულებით აგზავნის მთვარეზე, მზეზე და პლანეტებზე. მზეს ერთი სახის რადიაცია სჭირდება, მთვარეს მეორე და ასე შემდეგ. დედამიწაზე მიმდინარე ყველა მოვლენა ამ სახის რადიაციებს ქმნის. ბევრი რამ ჩვენს პლანეტაზე მხოლოდ იმიტომ ხდება ხოლმე, რომ გარკვეული ადგილიდან, გარკვეული სახის გამოსხივება/რადიაცია არის საჭირო.
ამ თემაზე საუბრისას გურჯიევმა ჩვენი ყურადღება ადამიანური ცხოვრებისა და პლანეტარული სამყაროს დროის ცდომილებაზე გაამახვილა. მისი დაჟინებულობა მოცმეულ საკითხში ჩემთვის მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი.
ასევე, გურჯიევი მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ ორგანულ ცხოვრებაში მომხდარი ნებსიმიერი რამ ყოველთვის ემსახურებოდა დედამიწას, მზეს, მთვარეს და პლანეტებს. არაფერი ზედმეტი და დამოუკიდებელი ვერ მოხდებოდა დედამიწაზე, რადგან დედამიწა გარკვეული მიზნით შეიქმნა და იგი მხოლოდ დაქვემდებარებული პლანეტა იყო მასზე ზემდგომ სფეროებთან მიმართებაში.
ოქტავების კანონის შესწავლამ განსაკუთრებული სიცხადით აჩვენა თუ რამდენად სწორად იყო სისტემაში ყველაფერი კლასიფიცირებული. ყველაფერი ანომალიური, მოულოდნელი და შემთხვევითი გაქრა, ხოლო მის ადგილას უზარმაზარმა და მკაცრი სიზუსტით განსაზღვრულმა გეგმამ დაიწყო გამოჩენა.