სასწაულებრივის ძიებაში

პიოტრ უსპენსკი
5
2

პიოტრ უსპენსკი სასწაულებრივის ძიებაში  უცნობი სწავლების ფრაგმენტები მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

 თავი მეთერთმეტე

"ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს". აფორიზმების წიგნი. გამოღვიძება, მოკვდინება, დაბადება. რა უშლის ხელს ადამიანს ხელახლა დაბადებაში? რა უშლის ხელს ადამიანს სიკვდილში? რა უშლის ხელს ადამიანს გამოღვიძებაში? საკუთარი არარაობის გაცნობიერების არარსებობა. რას ნიშნავს საკუთარი თავის არარაობის რეალიზაცია? რა უშლის ხელს ამ რეალიზაციას? ცხოვრების ჰიპნოზური გავლენები. ძილი, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ, არის ჰიპნოზური ძილი. ჯადოქარი და ცხვარი. "კუნდალინი". წარმოსახვა. მაღვიძარა. ორგანიზებული სამუშაო. ჯგუფები. შესაძლებელია თუ არა ჯგუფებში მასწავლებლის გარეშე მუშაობა? ჯგუფებში არსებული თვითშესწავლის სამუშაო. სარკეები. დაკვირვებების გაცვლა. ზოგადი და ინდივიდუალური პირობები. წესები. "მთავარი თვისება". საკუთარი თავის არარაობის რეალიზაცია. იმიტაციური მუშაობის საფრთხე. "ბარიერები". სიმართლე და სიცრუე. საკუთარ თავთან გულწრფელობა. ძალისხმევა. აკუმულატორები. დიდი აკუმულატორი. ინტელექტუალური და ემოციური მუშაობა. შეგრძნების აუცილებლობა. განცდით გაგების შესაძლებლობა, რისი გაგებაც გონებით არ შეიძლება. ემოციური ცენტრი უფრო დახვეწილი აპარატია, ვიდრე ინტელექტუალური ცენტრი. მთქნარების ახსნა აკუმულატორებთან კავშირში. ცხოვრებაში სიცილის როლი და მისი მნიშვნელობა. მაღალ ცენტრებში სიცილის არარსებობა.

 - მე აქ ხშირად მისვამენ კითხვებს სხვადასხვა ტექსტებთან და იგავებთან დაკავშირებით. ასევე ხშირად ისმის შეკითხვა სახარების შესახებ. - თქვა გურჯიევმა ერთხელ. - ჩემი აზრით, ჩვენთვის ჯერ სახარებაზე სასაუბრო დრო არ დამდგარა. ამას გაცილებით მეტი ცოდნა სჭირდება. მაგრამ, დროდადრო სახარების გარკვეულ მონაკვეთებს განვმარტავთ, როგორც შემავსებელ პუნქტებს ჩვენი დისკუსიისთვის. ეს სახარებასთან სწორად მოპყრობას და უპირველეს ყოვლისა იმის გაცნობიერებას გასწავლით, რომ ჩვენთვის ცნობილ ტექსტებში, როგორც წესი, ყველაზე არსებითი პუნქტები დაკარგულია.

 დასაწყისისთვის, ავიღოთ ცნობილი ტექსტი მარცვლის შესახებ, რომელიც იქამდე უნდა მოკვდეს, სანამ დაიბადება. "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს" (იოანე. 12-24). 

 ამ ტექსტს ბევრი განსხვავებული მნიშვნელობა აქვს და მას ხშირად მივუბრუნდებით, მაგრამ, პირველ რიგში აუცილებელია გვესმოდეს ტექსტში მოცემული პრინციპი, რომელიც ადამიანს მიესადაგება. 

 არსებობს ერთი აფორიზმების წიგნი, რომელიც არასოდეს გამოქვეყნებულა და ალბათ არც არასდროს გამოქვეყნდება. ეს წიგნი ადრეც ვახსენე ცოდნის მნიშვნელობის შესახებ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით და მაგალითის სახით ამ წიგნიდან ერთი აფორიზმი მოვიყვანე. 

 იმასთან დაკავშირებით, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ეს წიგნი შემდეგ რამეს ამბობს: 

 "ადამიანი შესაძლოა დაიბადოს, მაგრამ დაბადებისთვის იგი თავდაპირველად უნდა მოკვდეს, ხოლო სანამ მოკვდება, იქამდე უნდა გამოიღვიძოს".

 სხვა ადგილას ნათქვამია: 

 "როცა ადამიანი იღვიძებს, მას შეუძლია, რომ მოკვდეს. როცა ადამიანი მოკვდება, მას შეუძლია, რომ დაიბადოს".

 ახლა ჩვენ უნდა გავარკვიოთ, ეს რას ნიშნავს.

 გამოღვიძება, მოკვდინება, დაბადება. ეს არის სამი თანმიმდევრული ეტაპი. თუ სახარებას ყურადღებით კითხულობთ, დაინახავთ, რომ ხელახლა დაბადებაზე ხშირად კეთდება მითითებები, ასევე რამდენიმე მინიშნება გვხვდება "სიკვდილის" აუცილებლობაზე და ძალიან ბევრ მინიშნებას ვხედავთ "გამოღვიძების" აუცილებლობაზე: "იფხიზლეთ, რადგან არ იცით დღე და საათი..." და ასე შემდეგ. მაგრამ, ადამიანის ეს სამი შესაძლებლობა, გამოიღვიძოს, მოკვდეს და დაიბადოს, ერთმანეთთან არ არის გადაბმული. მიუხედავად ამისა, ეს არის მთლიანი მოცემულობა. თუ ადამიანი გამოღვიძების გარეშე მოკვდება, ვეღარ დაიბადება. თუ ადამიანი სიკვდილის გარეშე დაიბადება, იგი "უკვდავი რაღაც" გახდება, ამრიგად, არ-მოკვდინება მას ხელს უშლის დაბადებაში, გამოღვიძების არარსებობა ხელს უშლის მოკვდინებაში, ხოლო სიკვდილის გარეშე დაბადება ხელს უშლის "არსებობაში". 

 ჩვენ უკვე საკმარისად ვისაუბრეთ "დაბადების" მნიშვნელობაზე. ეს ეხება არსების ახალი ზრდის დასაწყისს, ანუ ინდივიდუალობის ფორმირების დასაწყისს, ერთი და განუყოფელი "მეს" წარმოქმნის დასაწყისს. 

 ამის მიღწევის მიზნით, ადამიანი უნდა მოკვდეს, ანუ ათასობით წვრილმანი მიჯაჭვულობისგან და იდენტიფიკაციისგან უნდა განთავისუფლდეს, რომლებიც პიროვნებას იმ პოზიციაში ამყოფებენ, რომელშიც ამჟამად ცხოვრობს. იგი ცხოვრებაში ყველაფერზეა მიჯაჭვული: წარმოსახვაზე, იდიოტიზმზე, ტანჯვაზეც კი. იქნებ, ადამიანი საკუთარ ტანჯვაზე უფრო მეტადაა მიჯაჭვული, ვიდრე სხვა დანარჩენზე. მან უნდა გაათავისუფლოს საკუთარი თავი ამ მიჯაჭვულობებისგან. ნივთებთან მიჯაჭვულობა და მათთან იდენტიფიკაცია ადამიანში ათასობით უსარგებლო "მე-ს" ინარჩუნებს. ეს მე-ები უნდა მოკვდნენ, რათა ერთი დიდი "მე" დაიბადოს. მაგრამ, როგორ შეიძლება, რომ ისინი მოკვდნენ? მათ არ სურთ სიკვდილი. სწორედ ამ ეტაპზე მოდის საშველად გამოღვიძების შესაძლებლობა. გამოღვიძება ნიშნავს საკუთარი არარაობის გაცნობიერებას. არარაობაში იგულისხმება არა რაიმე სახის შეურაცხყოფა, არამედ სრული და აბსოლუტური მექანიკურობის გაცნობიერება, რომელსაც აბსოლუტური უმწეობა ემატება. ამის ფილოსოფიურად გაგება საკმარისი არ არის. აუცილებელია მისი რეალიზება მკაფიო, მარტივ და კონკრეტულ ფაქტებში, საკუთარი გამოცდილებით დადასტურებულ ფაქტებში. როდესაც ადამიანი საკუთარი თავის სულ მცირედით შეცნობას მაინც დაიწყებს, იგი დაინახავს ბევრ რამეს, რაც ნამდვილად შეაშინებს. იქამდე, სანამ ადამიანს საკუთარი თავის არ ეშინია, მან არაფერი იცის საკუთარი თავის შესახებ. ადამიანმა საკუთარ თავში უნდა დაინახოს ისეთი რამ, რაც მას აშინებს. ამის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს, რომ მორჩეს, დაასრულოს, წერტილი დაუსვას. მაგრამ, რამდენიც არ უნდა ეცადოს, ამის გაკეთებას ვერ შეძლებს. ყველაფერი ისე რჩება, როგორც აქამდე იყო. სწორედ აქ დაინახავს ადამიანი თავის უძლურებას, უმწეობას და არარაობას. როცა ადამიანი საკუთარი თავის შეცნობას იწყებს, იგი ხედავს, რომ არაფერი გააჩნია, რასაც "საკუთარ თავს" დაარქმევს, ანუ ყველაფერი, რაც მას თავისად თვლიდა, შეხედულებები, აზრები, რწმენა-წარმოდგენები, გემოვნება, ჩვევები, მანკიერებები - ეს ყველაფერი მისი კუთვნილება არ არის, არამედ მიბაძვით და ხელოვნურად არის ჩამოყალიბებული. ამის განცდისას ადამიანი იგრძნობს სრული არარაობის შეგრძნებას. თავისი არარაობის შეგრძნებით ადამიანმა საკუთარი თავი ისეთად უნდა დაინახოს, როგორც სინამდვილეშია, მაგრამ ერთი წამით ან ერთი წუთით კი არა, არამედ გამუდმებით, ყოველწუთიერად, არასოდეს უნდა დაივიწყოს ეს ფაქტი.

 არარაობის და უმწეობის მუდმივი ცნობიერება საბოლოოდ ადამიანს "მოკვდინების" გამბედაობას მისცემს, მაგრამ არა მხოლოდ მენტალურად და ცნობიერად, არამედ რეალურად და ფიზიკურად, რათა სამუდამოდ უარი თქვას იმ ასპექტებზე, რომლებიც არასაჭიროა შინაგანი ზრდის თვალსაზრისით და ხელს გვიშლის. ეს ასპექტები, უპირველეს ყოვლისა, განასახიერებენ "ცრუ მეს" და ყველა ფანტასტიკურ იდეას, რაც ადამიანს საკუთარ თავზე გააჩნია: ინდივიდუალობას, ნებას, ცნობიერებას, კეთების უნარს, მონდომებას, ძალაუფლებას და ასე შემდეგ.

 მაგრამ იმისათვის, რომ რაღაცას მუდმივად ვხედავდეთ, საჭიროა, რომ წამით მაინც მოვკრათ თვალი. ყველა სახის ახალი ძალა და რეალიზაციის შესაძლებლობა გამუდმებით ერთი და იმავე გზით მოდის. თავდაპირველად ისინი იშვიათი და მოკლე გამონათებების სახით გამოჩნდებიან. შემდგომში ისინი უფრო ხშირად და ხანგრძლივად რჩებიან, ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ კი მუდმივნი ხდებიან. იგივე ეხება გამოღვიძებას. შეუძლებელია უეცრად და ერთბაშად გამოღვიძება. გამოღვიძების მომენტები ჯერ მოკლე და იშვიათ შემთხვევებში უნდა დაიწყოს. მაგრამ, გარკვეული ძალისხმევის გაწევის, გარკვეული დაბრკოლებების გადალახვის და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, ადამიანი ერთბაშად და სამუდამოდ უნდა მოკვდეს. ეს რომ არა, ადამიანისთვის გამოღვიძება შეუძლებელი იქნებოდა, რომელიც თანდათანობით და ნელი ტემპით გამოღვიძებას წინ უსწრებს. 

 მაგრამ, არსებობს კიდევ ათასი ფაქტორი, რაც ადამიანის გამოღვიძებას ხელს უშლის და ამის განხორციელების შესაძლებლობას ოცნებების დონეზე ამყოფებს. გამოღვიძების ძალისხმევის ცნობიერად გაწევისთვის, აუცილებელია იმ ძალების ბუნება ვიცოდეთ, რომლებიც ადამიანს ძილის მდგომარეობაში ინარჩუნებენ. 

 უპირველეს ყოვლისა უნდა გვესმოდეს, რომ ძილი, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, არ არის ჩვეულებრივი ძილი, არამედ ეს არის ჰიპნოზური ძილი. ადამიანი დაჰიპნოზებულია და ეს ჰიპნოზური მდგომარეობა მასში მუდმივად ნარჩუნდება და ძლიერდება. წარმოიდგინეთ, რომ არსებობენ ძალები, რომელთათვისაც ადამიანების ჰიპნოზურ მდგომარეობაში ყოფნა და მათი ამგვარად შენარჩუნება ძალიან მომგებიანია. ეს ძალები ადამიანს გამოღვიძებაში და საკუთარი პოზიციის გააზრებაში ხელს უშლიან.

 არსებობს აღმოსავლური ზღაპარი, რომელიც მოგვითხრობს ძალიან მდიდარ ჯადოქარზე, რომელსაც უზარმაზარი ცხვრის ფარა ჰყავდა. ეს ჯადოქარი ძალიან ბოროტი კაცი იყო: არც მწყემსების დაქირავება უნდოდა და არც ღობის აღმართვა, რათა საძოვარი დაცული ყოფილიყო. შესაბამისად, ცხვრები ტყეში ხშირად ხეტიალობდნენ, ხევებში ვარდებოდნენ და ასე შემდეგ. უპირველეს ყოვლისა, ცხვრები ხშირად გარბოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ჯადოქარს მათი ხორცი და მატყლი უნდოდა, ეს ფაქტი კი ცხვრებს სულაც არ მოსწონდათ. 

 საბოლოოდ, ჯადოქარმა გამოსავალს მიაგნო, ცხვრები დააჰიპნოზა და ჩააგონა, რომ ისინი უკვდავები იყვნენ, არც მატყლის გაკრეჭით ან თავის მოჭრით მიადგებოდათ რაიმე ზიანი. პირიქით, ეს ყველაფერი მათთვის სასარგებლო და სასიამოვნო იქნებოდა. ჯადოქარმა ცხვრებს ჩააგონა, რომ იგი კეთილი იყო და მისი ფარა იმდენად უყვარდა, რომ მათთვის ყველაფერს გააკეთებდა. და ბოლოს, ჯადოქარმა ცხვრებს უთხრა, რომ თუ რაიმე უნდა მომხდარიყო, იგი მაინც და მაინც დღეს არ მოხდებოდა, ამიტომ ამაზე არ ენერვიულათ. დამატებით, ჯადოქარმა ცხვრებს შთააგონა, რომ ისინი სულაც არ იყვნენ ცხვრები, არამედ არწივები, ლომები, ადამიანები და ჯადოქრები იყვნენ. 

 ამის შემდეგ, ჯადოქრის საზრუნავი დასრულდა. ცხვრები არასდროს გარბოდნენ, არამედ მშვიდად ელოდნენ, როდის მოითხოვდა ჯადოქარი მათ ხორცს და მატყლს. 

 ადამიანის მდგომარეობის გასაგებად ეს ზღაპარი ძალიან კარგი ილუსტრაციაა. 

  ე.წ. "ოკულტურ" ლიტერატურაში ალბათ შეგხვედრიათ გამოთქმა - "კუნდალინი", "კუნდალინის ცეცხლი" ან "კუნდალინის გველი". ეს გამოთქმა ხშირად გამოიყენება რაღაც უცნაური ძალის აღსანიშნავად, რომელიც ადამიანში თვლემს და რომლის გამოღვიძებაც შესაძლებელია. მაგრამ, არც ერთი ცნობილი თეორია არ იძლევა კუნდალინის ძალის სწორ ახსნას. ზოგჯერ ეს დაკავშირებულია სექსთან, სექსუალურ ენერგიასთან, ანუ სექსუალური ენერგიის სხვა მიზნებისთვის გამოყენების იდეასთან. ეს უკანასკნელი მთლიანად არასწორია, რადგან კუნდალინი ყველაფერში შეიძლება, რომ იმყოფებოდეს. და რაც მთავარია, კუნდალინი სულაც არ არის სასურველი ან სასარგებლო ადამიანის განვითარებისთვის. ძალიან საინტერესოა, როგორ მიიღეს ოკულტისტებმა საიდანღაც ეს სიტყვა, მაგრამ მისი მნიშვნელობა მთლიანად შეცვალეს. რაღაც ძალიან საშინელი და საშიში მნიშვნელობიდან მათ სასურველი და საიმედო საკითხი შეფუთეს, თითქოს რაღაც კურთხევაზე ლაპარაკობენ. 

 სინამდვილეში, კუნდალინი არის წარმოსახვის ძალა, ფანტაზიის ძალა, რომელიც რეალური ფუნქციის ადგილს იკავებს. როდესაც სიფხიზლის ნაცვლად ადამიანს სძინავს, როდესაც რეალობის ნაცვლად სიზმარში იმყოფება, როდესაც ადამიანს საკუთარი თავი არწივი, ლომი ან ჯადოქარი ჰქონია, სწორედ ეს არის მასში მოქმედი კუნდალინის ძალა. კუნდალინს ყველა ცენტრზე შეუძლია მოქმედება, რისი მეშვეობითაც წარმოსახვის შედეგად ყველა ცენტრი კმაყოფილდება, იმის ნაცვლად რომ გამოფხიზლდეს და რეალობას შეხედოს. ცხვარი, რომელიც თავს ლომად ან ჯადოქრად თვლის, კუნდალინის ძალაუფლების ქვეშ ცხოვრობს. 

 კუნდალინი არის ძალა, რომელიც ადამიანში სწორედ იმ მიზეზით იმყოფება, რათა იგი დღევანდელ მდგომარეობაში შეინარჩუნოს. ადამიანებს რომ ნამდვილად შეეძლოთ თავიანთი პოზიციის საშინელების დანახვა, წამითაც ვერ დარჩებიან იქ, სადაც ამჟამად არიან. ისინი გამოსავლის ძიებას დაიწყებდნენ და მას მალევე იპოვიდნენ, რადგან გამოსავალი არსებობს. მაგრამ, ადამიანები ამას მხოლოდ იმიტომ ვერ ხედავენ, რომ ჰიპნოზში იმყოფებიან. კუნდალინი არის ძალა, რომელიც ადამიანებს ჰიპნოზურ მდგომარეობაში ინარჩუნებს. გამოღვიძება ნიშნავს ჰიპნოზიდან გამოსვლას. ამ სირთულეში გამოღვიძების შესაძლებლობის გარანტია იმყოფება, რადგან ადამიანში ძილისთვის ორგანული მიზეზი არ არსებობს, ამ მიზეზით კი მას გამოღვიძება შეუძლია. 

 თეორიულად გამოღვიძება შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად თითქმის შეუძლებელია, რადგან, როდესაც ადამიანი წამიერად იღვიძებს, ასეთ დროს ყველა ძალა, რომელიც მას მძინარე მდგომარეობაში ინარჩუნებს, ათმაგად იწყებს მასზე ზემოქმედების გაძლიერებას და შედეგად ადამიანი მაშინვე ძილის მდგომარეობას უბრუნდება. ამისგან განსხვავებით, ადამიანს ხშირად ჰგონია, რომ გამოიღვიძა ან გამოღვიძების პროცესში იმყოფება, მაგრამ არაფერი მსგავსი არ ხდება. 

 ჩვეულებრივ ძილში არსებობს მდგომარეობები, როდესაც ადამიანს გაღვიძება სურს, მაგრამ არ შეუძლია. იგი საკუთარ თავს ეუბნება, რომ ფხიზლობს, მაგრამ სინამდვილეში, ძილს აგრძელებს - ეს შეიძლება რამდენჯერმე მოხდეს, სანამ იგი საბოლოოდ გამოიღვიძებს. როდესაც გამოფხიზლდება, უკვე სხვა მდგომარეობაში იმყოფება. ჰიპნოზურ ძილში საქმე სხვაგვარადაა. გამოღვიძების დასაწყისში ობიექტური მახასიათებლები საერთოდ არ არსებობს. ადამიანი ვერაფერს გააკეთებს იმაში დასარწმუნებლად, რომ მას არ სძინავს. იმ შემთხვევაშიც, თუ ღვთის წყალობით ადამიანი ობიექტური მახასიათებლების შესახებ გაიგებს, კუნდალინი ამას მაშინვე გარდაქმნის ფანტაზიებად და სიზმრებად. 

 მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც სრულიად აცნობიერებს გამოღვიძების სირთულეს, შეუძლია გაიგოს, თუ რამდენად აუცილებელია ხანგრძლივი და შეუპოვარი მუშაობა გამოღვიძებისათვის. 

 ზოგადად რომ ვთქვათ, რა არის საჭირო მძინარე ადამიანის გამოსაღვიძებლად? კარგი შენჯღრევაა საჭირო. მაგრამ, როცა ადამიანს ღრმად სძინავს, ერთი შენჯღრევა საკმარისი არ არის. საჭიროა მუდმივი შენჯღრევა, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. შესაბამისად, უნდა არსებობდეს ვინმე, ვინც ამ შენჯღრევას ხელმძღვანელობს. ადრე ვთქვი, რომ თუ ადამიანს გამოღვიძება უნდა, მან გამოღვიძებული უნდა დაიქირაოს, ვინც ხანგრძლივად გააგრძელებს მის შენჯღრევას. მაგრამ, ვის დაიქირავებთ, თუ ყველას სძინავს? ადამიანი ვიღაცას დაიქირავებს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ დაქირავებულსაც ღრმად სძინავს. ამას ისიც ემატება, რომ ადამიანი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია გამოღვიძებულ მდგომარეობაში დარჩენა, ალბათ უარს იტყვის სხვების გამოსაღვიძებლად დროის დახარჯვაზე: მას შესაძლოა საკუთარი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სამუშაო ჰქონდეს შესასრულებელი. 

 გამოღვიძების მექანიკური საშუალებებიც არსებობს. შეიძლება მაღვიძარამ გამოგვაღვიძოს. მაგრამ, უბედურება ის არის, რომ ადამიანი მაღვიძარას ძალიან სწრაფად ეჩვევა და მის მოსმენასაც აიგნორებს. საჭიროა ბევრი მაღვიძარა, ყოველ ჯერზე სრულიად ახალი. მაგრამ, აქაც გარკვეული სირთულეები არსებობს. მაღვიძარა ყოველ 24 საათში ერთხელ არ უნდა წკრიალებდეს, არამედ ძალიან ხშირად. დროთა განმავლობაში მაღვიძარების გამოცვლა და ხშირად გამოღვიძების ხშირად გახსენება შესაძლოა ადამიანს გამოღვიძებაში დაეხმაროს. მაგრამ, გარეგანი დახმარების გარეშე, გამოღვიძების ძალიან მცირე შანსი გვაქვს. ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ ადამიანი გამოღვიძების სამუშაოს დაიწყებს, მაგრამ ცოტა ხანში დაიძინებს, თუმცა თავად ჩათვლის, რომ პროგრესს განიცდის და ეტაპობრივად იღვიძებს. 

 ამიტომ, გასაღვიძებლად საჭიროა ძალისხმევის ერთობლიობა. აუცილებელია, რომ ვიღაცამ გააღვიძოს მძინარე ადამიანი, შემდეგ კი მისი მეთვალყურეობა აიღოს საკუთარ თავზე, რადგან ძალიან ხშირად, გამოღვიძებული ადამიანი თავდაპირველად შოკში იმყოფება. 

 ამ ყველაფრის მისაღწევად და შედეგის მისაღებად გარკვეული რაოდენობის ხალხია აუცილებელი, რომლებიც ერთად მუშაობენ.

 ერთ ადამიანს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. 

 უპირველესად, ადამიანს დახმარება სჭირდება. ეს დახმარება მარტო მყოფ ადამიანთან ვერ მივა. ისინი, რომელთაც დახმარება მართლა შეუძლიათ, თავიანთ დროს ძალიან ძვირად აფასებენ და ცხადია, რომ ოცდაათი ადამიანის ერთდროულად დახმარებას ამჯობინებენ, ვიდრე ერთი ადამიანის დახმარებას. უფრო მეტიც, როგორც უკვე ითქვა, ერთი ადამიანი საკმაოდ ადვილად მოატყუებს საკუთარ თავს და გამოღვიძების ნაცვლად უბრალოდ ახალ სიზმარს მიიღებს. თუ რამდენიმე ადამიანი ერთად იბრძვის ძილის წინააღმდეგ, ისინი ერთმანეთს გააღვიძებენ. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ოც ადამიანს ეძინოს, მაგრამ ოცდამეერთემ გაიღვიძოს და მან ყველა დანარჩენიც გამოაღვიძოს. ამ დახმარების გარეშე არავის შეუძლია რაიმეს მიღწევა.

 ამიტომ, გამოღვიძების სურვილით აღვსილმა ადამიანმა სხვები უნდა მოძებნოს, რომელთაც იგივე რამ სურთ და მათთან ერთად დაიწყოს მუშაობა. ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება, რადგან ასეთი სამუშაოს ორგანიზებისთვის და წარმართვისათვის ისეთი ცოდნაა საჭირო, რომელსაც დამწყები ფიზიკურად არ ფლობს. საჭიროა სამუშაოს ორგანიზება და ასევე საჭიროა საზოგადოების ლიდერის არსებობა. მხოლოდ ასეთ დროს არის შესაძლებელი მოსალოდნელი შედეგების მიღება. ამ პირობების გარეშე, ვერანაირი ძალისხმევა შედეგს ვერ მოგვცემს, როგორიც არ უნდა იყოს იგი. ადამიანმა შეიძლება საკუთარი თავი აწამოს, მაგრამ წამება გამოღვიძებას ვერ გამოიწვევს. გარკვეული ადამიანებისთვის, ეს პუნქტი ყველაზე ძნელად გასაგებია. მათ საკუთარი ინიციატივით დიდი ძალისხმევის და დიდი მსხვერპლის გაღება შეუძლიათ. ვინაიდან ისინი დედამიწაზე რაიმესადმი მორჩილებაზე უარს ამბობენ, მაინც აუცილებლად მოუწევთ, რომ სხვა რაღაცას დაემორჩილონ, თუმცა უარს იტყვიან იმის აღიარებაზე, რომ მათ ძალისხმევას და მსხვერპლს შედეგი არ მოაქვს. 

 სამუშაოს ორგანიზება აუცილებელია და ეს იმან უნდა გააკეთოს, ვინც ორგანიზების მიზნების, მეთოდების და პრობლემების შესახებ ცოდნას ფლობს. 

 ჩვეულებრივ, ადამიანი სწავლას მცირე ჯგუფებში იწყებს, რომელიც სხვა ჯგუფებთან არის დაკავშირებული სხვადასხვა დონეზე. ისინი ერთად აღებულნი შეადგენენ იმას, რასაც შეიძლება "მოსამზადებელი სკოლა" ეწოდოს. 

 ჯგუფების პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია ის ფაქტი, რომ ისინი არ არიან შედგენილი მათი წევრების სურვილისა და არჩევანის მიხედვით. ჯგუფები იქმნება მასწავლებლის მიერ, რომელიც ადამიანთა ტიპებს მიზნის თვალსაზრისით და ერთმანეთის მიმართ სარგებლის მიხედვით ირჩევს. 

 ჯგუფური მუშაობა მასწავლებლის გარეშე შეუძლებელია. ჯგუფებში არასწორი მასწავლებლის მუშაობა მხოლოდ უარყოფით შედეგებს გამოიწვევს. 

 ჯგუფური მუშაობის შემდეგი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ის არის, რომ ჯგუფები შესაძლოა ისეთ მიზნებთან იყოს დაკავშირებული, რომელთა შესახებაც მუშაობაში მონაწილეებს წარმოდგენაც კი არ აქვთ. ამ მიზნების ნაადრევად ახსნას აზრი არ აქვს, სანამ ისინი მუშაობის პრინციპებს და არსებით ასპექტებს არ გაიგებენ, რომლებიც სკოლის იდეებთანაა დაკავშირებული. მიზნის გაგების შემდეგ, (თუნდაც ბოლომდე ვერ გაიგონ) განხორციელებული შრომა მეტად ცნობიერი ხდება და შესაბამისად, უკეთეს შედეგს იძლევა. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ხშირად ისე ხდება, რომ მასწავლებელი ამ მიზანს სწავლების დასაწყისში ვერ ახსნის. 

 მაშასადამე, ჯგუფში ადამიანური მუშაობის დაწყების პირველი მიზანი თვითშესწავლა უნდა იყოს. თვითშესწავლის სამუშაო შეიძლება წარიმართოს მხოლოდ სწორად ორგანიზებულ ჯგუფებში. მარტო ერთი ადამიანი საკუთარ თავს ვერ ხედავს. მაგრამ, როცა ადამიანების გარკვეული რაოდენობა გაერთიანდება, ისინი უნებურადაც კი დაეხმარებიან ერთმანეთს. ადამიანის ბუნებრივი მახასიათებელია, რომ იგი სხვის ნაკლოვანებებს უფრო მეტად ხედავს, ვიდრე საკუთარს. ამავე დროს თვითშეავლის გზაზე იმას იგებს, რომ თავად ფლობს ყველა იმ ნაკლს, რასაც სხვებში პოულობს. ამის გარდა, კიდევ მრავალი რამ არის, რასაც ადამიანი საკუთარ თავში ვერ ხედავს, ხოლო სხვებში დანახვას იწყებს. თუმცა, ამ შემთხვევაში მან უკვე იცის, რომ ეს თვისებები თავად მისი საკუთრებაა. ამგვარად, ჯგუფის წევრები გვემსახურებიან, როგორც სარკეები, რომლებშიც საკუთარ თავს ვხედავთ. სხვა ადამიანებში საკუთარი ხარვეზების დასანახად, ადამიანი საკუთარ თავთან ძალიან ფრთხილი და გულწრფელი უნდა იყოს. 

 ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ იგი არ არის ერთი, არამედ ათასი. მის ერთ ნაწილს გამოღვიძება სურს, დანარჩენი კი ივანია, პეტროვი ან ზახაროვი, რომელსაც არანაირად არ სურს გამოღვიძება, იქნება ეს მუშაობით თუ დაძალებით. ეს არის საკუთარ "ცრუ პიროვნებებთან" გამართული ბრძოლა.

 ავიღოთ პეტროვი. პეტროვი შედგება ორი ნაწილისგან - "მე" და "პეტროვი". "მე" უძლურია "პეტროვის" წინააღმდეგ. "პეტროვი" ოსტატია. დავუშვათ, რომ ჯგუფში ოცი ადამიანია: ახლა ოცი "მე" იწყებს ერთი "პეტროვის" წინააღმდეგ ბრძოლას. ამ შემთხვევაში მასზე გაიმარჯვებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, რომ "პეტროვის" ძილი საფუძვლიანად დაარღვიონ. იგი ვეღარ შეძლებს ისე ხანგრძლივად და ტკბილად დაძინებას, როგორც აქამდე. ეს არის მუშაობის მთელი მიზანი. 

 გარდა ამისა, თვითშესწავლის პროცესში ერთი ადამიანი მასალის დაგროვებას თვითშესწავლის გზით იწყებს. ოც ადამიანს ოცჯერ მეტი მასალა ექნება. თითოეულ მათგანს შეეძლება მთელი ამ მასალის გამოყენება, რადგან დაკვირვებების გაცვლა ჯგუფის არსებობის ერთ-ერთ მიზანს განასახიერებს. 

 ჯგუფის ორგანიზებისას, წევრები გარკვეულ პირობებს იღებენ. პირველ რიგში, ეს არის ყველა წევრის ზოგადი პირობები, ხოლო მეორეც, ეს არის ინდივიდუალური პირობები ცალკეული წევრებისთვის. 

 სამუშაოს დასაწყისში ზოგადი პირობები, როგორც წესი, ასეთია: უპირველეს ყოვლისა, ჯგუფის ყველა წევრს უხსნიან, რომ მათ საიდუმლოდ უნდა შეინახონ ყველაფერი, რასაც ჯგუფში ისმენენ და სწავლობენ. საიდუმლო უნდა შეინახონ არა მხოლოდ ჯგუფში ყოფნისას, არამედ სამუდამოდ. 

 ეს არის შეუცვლელი პირობა, რომლის იდეაც დასაწყისიდანვე ყველასთვის გასაგები უნდა გახდეს. 

 ამ შეზღუდვის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მათ არ შეუძლიათ ჯგუფებში ნათქვამის სწორად გადმოცემას. ისინი ძალიან მალე იწყებენ იმის გაგებას, თუ რამხელა პირადი გამოცდილება, რამდენი ძალისხმევა, რამდენი დრო და რამდენი ახსნა სჭირდება ჯგუფებში ნათქვამის სწორად გაგებას. მათთვის ცხადი ხდება, რომ ისინი ვერ ახერხებენ მეგობრებისთვის სწორი წარმოდგენის მიცემას იმის შესახებ, რასაც თავად სწავლობენ. არასწორი გაგების და მისი ამგვარად გამოთქმის შემთხვევაში ისინი სამომავლოდ ძალიან ბევრ სირთულეს შეუქმნიან საკუთარ თავს. თუ ადამიანი ამ ყველაფრის მიუხედავად ცდილობს იდეების ჯგუფს გარეთ გატანას, იგი ძალიან მალე დარწმუნდება, რომ ამ მიმართულებით მცდელობები სრულიად მოულოდნელ და არასასურველ შედეგებს იძლევა. 

 მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მხარე არის ის, რომ ადამიანისთვის ძალიან რთულია ისეთ საკითხებზე გაჩუმება, რომელიც მას აინტერესებს. ადამიანს სურს, რომ ამაზე ყველასთან ისაუბროს, ვისთანაც საკუთარი "აზრების გაზიარებას" არის მიჩვეული, როგორც ამას თავად ეძახის. ასეთი სურვილი ყველაზე მექანიკურია და ამ შემთხვევაში თავის შეკავება და დუმილის დაცვა ყველაზე რთულია. თუ ადამიანი ამას გაიგებს, ეს საუკეთესო ვარჯიში იქნება თვითგახსენების პრაქტიკისთვის და ნების განვითარებისათვის. მხოლოდ იმ ადამიანს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გაჩუმება შეუძლია, აქვს უნარი, რომ საკუთარი თავის ოსტატი გახდეს. 

 ბევრისთვის ძალიან რთულია იმ აზრთან შეგუება, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ბევრი ლაპარაკია. განსაკუთრებით ეს იმას ეხება, ვისაც საკუთარი თავი სერიოზული და საღად მოაზროვნე ადამიანი ჰგონია. შესაძლოა ადამიანი თვლიდეს, რომ ბევრი საუბარი არ უყვარს და ამ მიზეზით ეს ვერასდროს შეამჩნიოს, რომ ენას არასდროს აჩერებს. ამ მიზეზით, მოცემული მოთხოვნა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი განხორციელებისას ადამიანი იწყებს საკუთარი თავის ისეთი მხარეების დანახვას, რომლებიც მანამდე არასდროს შეუნიშნავს. 

 შემდეგი მოთხოვნა ის არის, რომ ჯგუფის წევრები მასწავლებლისგან სრული სიმართლის გაგებისკენ უნდა იყვნენ მოწოდებულნი. 

 ესეც ძალიან ნათლად და სწორად უნდა გავიგოთ. ხალხი ვერ აცნობიერებს, მათ ცხოვრებაში რამხელა ადგილი უჭირავს ტყუილს და სიმართლის დათრგუნვას. ადამიანებს არ შეუძლიათ გულწრფელები იყვნენ არც საკუთარ თავთან და არც სხვებთან. მათ არც ის ესმით, რომ გულწრფელობის სწავლა, როდესაც მისი გამოხატვა აუცილებელია, ყველაზე რთული რამ არის დედამიწაზე. ადამიანებს ჰგონიათ, რომ სიმართლის თქმა, გულწრფელობა ან მათი დამალვა თავიანთ სურვილზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ადამიანმა სრული გულწრფელობა და სიმართლის თქმა მასწავლებელთან მიმართებაში უნდა ისწავლოს. მასწავლებლისთვის მიზანმიმართული ტყუილის თქმა ან მასთან არაგულწრფელად ყოფნა, ჯგუფს სრულიად უსარგებლოდ აქცევს. ეს უფრო უარესია, ვიდრე უხეშობა და სიცივის გამომჟღავნება მასწავლებლის მიმართ. 

 მომდევნო მოთხოვნა ჯგუფის წევრების მიმართ ის არის, რომ მათ უნდა ახსოვდეთ, რატომ მოვიდნენ ჯგუფში. ისინი მოვიდნენ, რათა საკუთარ თავზე იმუშაონ, მაგრამ არა ისე, როგორც მათ ესმით, არამედ ისე, როგორც ეტყვიან. 

 თუ ადამიანი მასწავლებლისადმი უნდობლობის განცდას იწყებს, მასწავლებელი მისთვის ზედმეტი ხდება, რადგან ასეთი მოსწავლე მასწავლებელს აღარ სჭირდება. ამ შემთხვევაში ჯობია, რომ იგი წავიდეს და სხვა მასწავლებელი მოძებნოს ან მის გარეშე მუშაობას ეცადოს. ეს მას კარგ შედეგებს არ მოუტანს, მაგრამ უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებს, ვიდრე ტყუილი, წინააღმდეგობა ან უნდობლობა მასწავლებლის მიმართ. 

 სინამდვილეში, ჯგუფში შედგენილი წესები წარმოადგენს მთავარ და პირველად დახმარებას, რომელსაც ადამიანები სამუშაოდან იღებენ. წესები მიზნად არ ისახავს მათ გართობას ან საქმის გაადვილებას. წესები განსაზღვრულ მიზანს ემსახურება. ადამიანს რომ საკუთარი თავის გახსენება და გაცნობიერება შეეძლოს, წესები საჭირო აღარ იქნებოდა. მაგრამ, მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის გახსენება, ამიტომ, სამუშაოს დასაწყისში წესების დაცვა გარდაუვალია. თუმცა, წესები არასოდეს იქნება მარტივი, სასიამოვნო ან კომფორტული. პირიქით, ეს უნდა იყოს რთული, უსიამოვნო და არაკომფორტული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვერ უპასუხებენ საკუთარ მიზანს. წესები განასახიერებენ მაღვიძარებს, რომლებიც ადამიანებს აღვიძებენ. მაგრამ, ადამიანი თვალს ახელს, მაღვიძარას გამო აღშფოთებულია და კითხვას სვამს: არ შეიძლება, რომ ამ მაღვიძარას გარეშე გავიღვიძო?

 ზოგადი წესების გარდა, არსებობს გარკვეული ინდივიდუალური პირობები, რომლებიც თითოეულ ადამიანს ცალ-ცალკე ეძლევა და ზოგადად მის "მთავარ თვისებასთან" არის დაკავშირებული.

 ამას გარკვეული ახსნა-განმარტება სჭირდება.

 ყოველ ადამიანს თავის ხასიათში აქვს გარკვეული თვისება, რომელიც ცენტრალურია. ეს ჰგავს ღერძს, რომლის გარშემოც მთელი "ცრუ პიროვნება" ტრიალებს. ყოველი ადამიანის პირადი სამუშაო ამ მთავარ თვისებასთან ბრძოლას უნდა წარმოადგენდეს. ეს განმარტავს, რატომ არ შეიძლება არსებობდეს ზოგადი წესები ინდივიდუალურად ყველასთან მიმართებაში. ის, რაც სასარგებლოა ერთისთვის, საზიანოა მეორისთვის. ვთქვათ, ვიღაც ძალიან ბევრს ლაპარაკობს: მან დუმილი უნდა ისწავლოს. ადამიანი ძალიან ბევრს დუმს: მან ლაპარაკი უნდა ისწავლოს. ჯგუფში ზოგადი წესები ყველას ეხება, მაგრამ პირადი მიმართულება მხოლოდ ინდივიდუალური შეიძლება, რომ იყოს. ადამიანი საკუთარ თავში "მთავარ თვისებას" დამოუკიდებლად ვერ იპოვის. პრაქტიკულად, ეს კანონია. ასეთი თვისება ადამიანს მასწავლებელმა უნდა აჩვენოს და ისიც უნდა უთხრას, თუ როგორ ებრძოლოს მას. მასწავლებლის გარდა ამის გაკეთება არავის შეუძლია. 

 მთავარი თვისების შესწავლა და მის წინააღმდეგ ბრძოლა ყველასთვის ინდივიდუალურია, მაგრამ მიზანი ყველასთვის ერთი და იგივე უნდა იყოს. ეს მიზანი არის საკუთარი თავის არარაობის რეალიზაცია. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ნამდვილად და გულწრფელად მივა უმწეობის და არარაობის დარწმუნებულობაში, და ასევე მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ყველაფერს იგი მუდმივად იგრძნობს, იგი მზად იქნება მუშაობის მომდევნო და ბევრად უფრო რთული ეტაპებისთვის.

 ლექციებზე ხშირად მეკითხებიან, რა არის "შავი მაგია", რაზეც ვუპასუხებ, რომ არ არსებობს არც წითელი, არც მწვანე და არც ყვითელი მაგია. არსებობს მექანიკა, როდესაც რაღაც "ხდება" და როდესაც რაღაც "კეთდება". "კეთება" არის მაგია, რომელიც მხოლოდ ერთი სახის შეიძლება იყოს. არ არსებობს ორი სახის "კეთება". მაგრამ, შესაძლოა არსებობდეს "კეთების" გაყალბება, მისი გარეგნული იმიტაცია, რომელსაც რაიმე ობიექტური შედეგის მოტანა არ შეუძლია, მაგრამ ის მაინც შეუძლია, რომ გულუბრყვილო ადამიანები მოატყუოს, რაც მათ გატაცებას, ენთუზიაზმს და ფანატიზმსაც კი გამოიწვევს. 

 სწორედ ამიტომ, ნამდვილი მუშაობისას წარმოქმნილი "კეთების" დროს დაუშვებელია, რომ ეს სხვა ადამიანებში აღტაცების გამოწვევას ემსახურებოდეს. რასაც თქვენ შავ მაგიას ეძახით, ეს არის ადამიანის სისუსტეებზე თამაში. შავი მაგია არანაირად არ ნიშნავს ეშმაკეულ მაგიას. ადრე უკვე ვთქვი, რომ ეშმაკეული ინტერესების გულისთვის არავინ არაფერს აკეთებს. ყველა ადამიანი, ყოველთვის "სიკეთის" ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, იმისდა მიხედვით, თავად როგორ ესმის ასეთი "სიკეთე". ანალოგიურად, სრულიად არასწორია იმის მტკიცება, რომ შავი მაგია აუცილებლად ეგოისტურ მიზნებს ემსახურება. ეს საკმაოდ არასწორია. შავი მაგია შესაძლოა საკმაოდ ალტრუისტული იყოს და რეალური ან წარმოსახვითი ბოროტების წინააღმდეგ მიისწრაფოდეს. შავ მაგიას ყოველთვის გააჩნია ერთი განსაზღვრული მახასიათებელი: ეს არის ადამიანების გამოყენების ტენდენცია, რომელთაც ცოდნა და გაგება არ გააჩნიათ, რა დროსაც მათში რწმენის ან გატაცების გამომუშავება შიშის ხარჯზე ხორციელდება.

 ამასთან დაკავშირებით უნდა გვახსოვდეს, რომ შავი მაგი ნებისმიერ შემთხვევაში სკოლაში არის ნამყოფი. მან რაღაც ისწავლა, ისეთი რამ გაიგო, რაც სხვებმა არ იციან. შავი მაგი "ნახევრად ცოდნის კაცია", რომელიც სკოლიდან გაუშვეს ან ამის გაკეთება თავად გადაწყვიტა, რადგან ჩათვალა, რომ მან უკვე საკმარისად იცის და აღარ სურს დაქვემდებარებაში ყოფნა, ვინაიდან დამოუკიდებლად მუშაობის სურვილი ამოძრავებს. შავ მაგს შესაძლოა უნდოდეს, რომ სხვებს ჩაუდგეს სათავეში. მისი "მუშაობა" მხოლოდ სუბიექტურ შედეგებს გამოიღებს და ძილის ხარისხის შემცირების ნაცვლად, მას კიდევ უფრო მეტად გაზრდის. შავი მაგისგან რაღაცის სწავლა შეიძლება, მაგრამ ეს არასწორი გზით იქნება ნასწავლი. ასეთ ადამიანს შეუძლია, რომ ზოგჯერ, შემთხვევით სიმართლე თქვას. ამიტომაც ვამბობ, რომ შავ მაგიაზე ბევრად უარესი რაღაცებიც არსებობს, მაგალითად სხვადასხვა თეოსოფიური და "ოკულტური" სკოლები. მათი იმიტაცია დიდ თვითკმაყოფილებას იძლევა. ერთი ადამიანი თავს "მასწავლებლად" გრძნობს, სხვები კი "მოსწავლეებად", რა დროსაც ყველა იდიოტურად კმაყოფილია. ასეთ სკოლებში არავითარი გაცნობიერება არ მიიღება. ერთადერთი, რაც მიიღება, ეს არის თავის მოტყუება. საკუთარი არარაობის გაცნობიერების ნაცვლად, მოცემული საზოგადოების წევრები საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობას ზრდიან და "ცრუ პიროვნებების" რაოდენობას ამრავლებენ. 

 თავიდან ძალიან ძნელია გადაამოწმო, რამდენად სწორი ან არასწორი მიმართულებით არის წარმართული მათი სამუშაო. სამუშაოს თეორიული ნაწილით შეიძლება მისი სარგებელი დადასტურდეს, რადგან ამ ასპექტიდან განსჯა უფრო ადვილია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს შორს არის სრული გარანტიისგან, რადგან შეცდომების ალბათობა ძალიან დიდია. ყველა ოკულტური და სულიერი საზოგადოება ამტკიცებს, რომ ისინი ახალ ცოდნას ფლობენ, სხვებს კი მათი სჯერა. 

 სწორად ორგანიზებულ ჯგუფებში, რწმენა საჭირო არ არის. საჭიროა მხოლოდ მცირედი ნდობა და ისიც ცოტა ხნით, რადგან ადამიანი მალე გაიგებს, რომ ყველაფერი, რაც ესმის, მისთვის საუკეთესოს ემსახურება.

 "ცრუ მე-ებთან" ბრძოლა სამუშაოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. იგი საქმით უნდა წარიმართოს და არა სიტყვებით. ამ მიზნით, მასწავლებელი თითოეულ ადამიანს განსაზღვრულ დავალებებს აძლევს, რომლებიც "მთავარი თვისების" დაპყრობას მოითხოვს. როდესაც ადამიანი ამ ამოცანებს ასრულებს, იგი იბრძვის და საკუთარ თავზე მუშაობს. თუ მოსწავლე დავალებებს თავს აარიდებს და მათ შესრულებას არ ეცდება, ეს ნიშნავს, რომ მას არ უნდა ან ამის გაკეთება არ შეუძლია. 

 როგორც წესი, დასაწყისში ძალიან მარტივ დავალებებს ვიძლევით, რასაც არც კი დავარქმევდი დავალებებს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ასეთ დავალებებზე ბევრს არ საუბრობენ, არამედ მინიშნებების სახით გაძლევენ. თუ მასწავლებელი დაინახავს, რომ მოსწავლეებს მისი ესმით დავალებები სრულდება, იგი უფრო და უფრო რთული დავალებების მოცემას დაიწყებს.  

 გართულებული დავალებები უბრალოდ სუბიექტურად გამოიყურება რთულად, რომელთაც "ბარიერები" ეწოდებათ. ბარიერების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ სერიოზული ბარიერის გადალახვის შემდეგ, ადამიანი ძილს და ჩვეულებრივ ცხოვრებას ვეღარ დაუბრუნდება. თუ მოსწავლეს შეეშინდება და მხოლოდ პირველ ბარიერს გადალახავს, იგი ასე ვთქვათ, ორი ბარიერის შუაში გაჩერდება, ვერც წინ იმოძრავებს და ვერც უკან. ეს არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს. ამიტომ, მასწავლებელი ძალიან ფრთხილად არჩევს ამოცანებს და ბარიერებს, რომელიც შინაგანი ბარიერების დაძლევის განსაზღვრულ რისკს მოიცავს. ასეთი დავალებები მხოლოდ იმ ადამიანებს ეძლევათ, რომელთაც უკვე საკმარისად გამოიჩინეს თავი შედარებით მცირე ბარიერების დაძლევასთან დაკავშირებით. 

 ხშირად ისეც ხდება, რომ ყველაზე მარტივ და პატარა ბარიერთან მუშაობისას, ადამიანები მასწავლებლის და სკოლის წინააღმდეგ განეწყობიან, რადგან არ მოსწონთ, რასაც საკუთარ თავში ხედავენ. 

 ისინი ზოგჯერ ინანიებენ და აღიარებენ, რომ სხვებს სრულიად უაზროდ ადანაშაულებდნენ. შემდეგ ისევ ჭკუიდან გადადიან, ისევ ინანიებენ და ასე... მაგრამ, ადამიანს არაფერი წარმოაჩენს იმაზე მეტად, ვიდრე მისი დამოკიდებულება მასწავლებლის და სკოლის მიმართ, მას შემდეგ, რაც მას დატოვებს. ზოგჯერ ასეთი ტესტი განზრახ კეთდება. ადამიანს ისეთ მდგომარეობაში ათავსებენ, რომ იგი ვალდებულია სკოლა დატოვოს, როდესაც მასწავლებლის ან ვინმე სხვის მიმართ სავსებით გამართლებული პრეტენზია ექნება. შემდეგ კი მას აკვირდებიან, როგორ მოიქცევა. წესიერი ადამიანი მაშინაც კი წესიერად მოიქცევა, როდესაც ჩათვლის, რომ უსამართლოდ და არასწორად მოექცნენ. მაგრამ, ბევრი ადამიანი ასეთ ვითარებაში საკუთარი ბუნების ისეთ მხარეებს აჩვენებს, რომელსაც სხვაგვარად ვერასოდეს აჩვენებდნენ. ზოგჯერ ეს აუცილებელია ადამიანის ბუნების გამოსავლენად. სანამ ადამიანის მიმართ კეთილი ხარ, ისიც კეთილია შენს მიმართ. მაგრამ, როგორი იქნება, თუ ოდნავ გაკაწრავთ? 

 მაგრამ, ეს არ არის "მთავარი თვისება". "მთავარი თვისება" არის მისი პირადი დამოკიდებულებები, საკუთარი იდეების შეფასება. ადამიანმა შესაძლოა დიდხანს და საკმაოდ გულწრფელად იფიქროს, რომ მუშაობა უნდა და დიდი ძალისხმევის გაწევისთვისაც მზად არის, თუმცა მალევე მოისროლოთ ყველაფერი. ასეთ დროს ადამიანი საკუთარ თავს იმართლებს, მის მიერ მოსმენილს მიზანმიმართულად მიაწერს არასწორ მნიშვნელობას და ასე შემდეგ. 

 - რა მოელის მას ამის გამო? - იკითხა ვიღაცამ. 

 - არაფერი. რა უნდა მოელოდეს? - უპასუხა გურჯიევმა. - იგი თავად არის საკუთარი თავისთვის სასჯელი. რა შეიძლება ამაზე უარესი სასჯელი იყოს?

 შეუძლებელია სრულად აღწერო, თუ როგორ მიმდინარეობს ჯგუფში მუშაობა. თქვენ ეს თავად უნდა გამოცადოთ. ყველაფერი, რაც აქამდე ითქვა, მხოლოდ მინიშნებებია და ამას მხოლოდ ის გაიგებს, ვისაც გამოცდილებიდან გამომდინარე მუშაობის გაგრძელება უნდა. 

 ზოგადად, ყველაზე რთული ბარიერი არის ტყუილის დაპყრობა. ადამიანი იმდენად ხშირად ატყუებს საკუთარ თავსაც და სხვებსაც, რომ ამის შემჩნევაც კი დავიწყებული აქვს. მიუხედავად ამისა, ტყუილი უნდა დაიძლიოს. პირველი ძალისხმევა არის ტყუილის დამარცხება მასწავლებელთან მიმართებაში. მან უნდა გადაწყვიტოს, რომ არაფერი თქვას სიმართლის გარდა, ან ერთბაშად თქვას ყველაფერზე უარი. 

 თქვენ უნდა გაიგოთ, რომ მასწავლებელი საკუთარ თავზე ძალიან რთულ დავალებას იღებს, რომელიც ადამიანური მანქანის გასუფთავებას და შეკეთებას ეხება. რა თქმა უნდა, იგი მხოლოდ ისეთ მანქანებთან მუშაობს, რომელსაც შეკეთების შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვს შერჩენილი. თუ რაიმე არსებითი გატეხილია ან მწყობრიდან არის გამოსული, მასწავლებელი უარს ამბობს ასეთი მანქანის მიღებაზე. ისეთი მანქანებიც კი, რომელთაც გამოკეთების შანსი შერჩენიათ, სრულიად უიმედონი გახდებიან, თუ ტყუილის თქმას გააგრძელებენ. ყველაზე მცირე ტყუილი მთელ ძალისხმევას წყალში ყრის, რომ არაფერი ვთქვათ დიდ ტყუილებზე. 

 აქ არის რაღაც, რაც უნდა გაითვალისწინოთ. ყოველი ძალისხმევა, რომელსაც ადამიანი აკეთებს, ზრდის მასზე წამოყენებულ მოთხოვნებს. მანამ, სანამ კაცს რაიმე სერიოზული ძალისხმევა არ გაუკეთებია, მასზე მასზე ძალიან მცირეა, მაგრამ მისი ძალისხმევა მყისიერად ზრდის წამოყენებულ მოთხოვნებს. რაც უფრო დიდია ძალისხმევა, მით უფრო დიდია ახალი მოთხოვნა. 

 ამ ეტაპზე ადამიანები ძალიან ხშირად უშვებენ შეცდომებს, რომლებიც მუდმივად გრძელდება. ისინი ფიქრობენ, რომ მათ მიერ ადრე გაწეული ძალისხმევა, მათი ყოფილი დამსახურება, ასე ვთქვათ, თითქოს რაიმე სახის უფლებებს ან უპირატესობებს აძლევთ. ეს რა თქმა უნდა, ყველაზე ღრმა სიცრუეა. არაფერი, რაც ადამიანმა გუშინ გააკეთა, დღეს მას არ ამართლებს. თუ მან გუშინ რაიმე გააკეთა, ეს ნიშნავს, რომ დღეს მეტი უნდა გააკეთოს. ვინც არაფერს აკეთებს, არაფერს იღებს. 

 როგორც უკვე ვთქვი, ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა გულწრფელობაა. მაგრამ, არსებობს სხვადასხვა სახის გულწრფელობა. არსებობს ჭკვიანური გულწრფელობა და იდიოტური გულწრფელობა, ისევე როგორც არსებობს ჭკვიანური არაგულწრფელობა და იდიოტური არაგულწრფელობა. სულელური გულწრფელობაც და იდიოტური არაგულწრფელობაც თანაბრად მექანიკურია. მაგრამ, თუ ადამიანს ჭკვიანური გულწრფელობის და ჭკვიანური არაგულწრფელობის სწავლა სურს, იგი უპირველეს ყოვლისა თავის მასწავლებელთან და იმათთან უნდა იყოს გულწრფელი, რომლებიც სამუშაოში მასზე წინ არიან. ეს იქნება ჭკვიანური გულწრფელობა. მაგრამ, აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ გულწრფელობა არ უნდა იქცეს "გათვალისწინების ნაკლებობაში". როგორც უკვე ვთქვი, სამუშაოში გათვალისწინების ნაკლებობა ყველანაირი მუშაობის შესაძლებლობას ანადგურებს. ჭკვიანური არაგულწრფელობის სწავლისთვის, ადამიანი სამუშაოს სხვებისთვის გაზიარებისას უნდა იყოს არაგულწრფელი და დუმილი უნდა ისწავლოს, რადგან მან იცის, რომ გარეთ მყოფ ადამიანებს არაფერი ესმით და არაფერს აფასებენ. 

 ძალიან ხშირად, მეორე ბარიერი არის შიშის დაპყრობა. ჩვეულებრივ ადამიანს უამრავი არასაჭირო, წარმოსახვითი შიში აწუხებს. სიცრუე და შიშები - ეს ის ატმოსფეროა, რომელშიც ჩვეულებრივი ადამიანი ცხოვრობს. ვინაიდან სიცრუის დაპყრობა ინდივიდუალურია, ასევე არის შიშის შემთხვევაშიც. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი შიშები, რომლებიც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი. ეს შიშები ჯერ უნდა მოიძებნოს, შემდეგ კი განადგურდეს. შიშები, რომელთა შესახებაც ვსაუბრობ, ზოგადად იმ ტყუილებთანაა დაკავშირებული, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. უნდა გესმოდეთ, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო ობობების, თაგვების ან ბნელი ოთახების შიშებთან. 

 საკუთარ თავში სიცრუის წინააღმდეგ ბრძოლა და შიშებთან ბრძოლა პირველი პოზიტიური სამუშაოა, რომლის შესრულებასაც ადამიანი იწყებს.

 თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ  პოზიტიური ძალისხმევა და თუნდაც მსხვერპლშეწირვა არ გაამართლებს შეცდომებს, რომლებსაც დაუშვებთ. პირიქით, არ ეპატიება არავის, ვინც ძალისხმევას არ ხარჯავს და ასევე არ ეპატიება არავის, ვინც უკვე დიდი მსხვერპლი გაიღო. 

 ერთი შეხედვით ეს უსამართლოა, მაგრამ კანონი უნდა გაიგოთ. თქვენი თავგანწირვა ჩაწერილია წიგნის ერთ მხარეს, ხოლო შეცდომები მეორე მხარეს. ის, რაც დადებით მხარეს წერია, ვერასოდეს გამოისყიდის იმას, რაც უარყოფით მხარეს წერია. ის, რაც უარყოფით მხარეს წერია, შესაძლოა წაიშალოს მხოლოდ ჭეშმარიტებით, ანუ მყისიერი და სრული აღიარებით, როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვებთან და უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელთან. თუმცა, როდესაც ადამიანი საკუთარ დანაშაულს ხედავს, იგი მაინც თავის მართლებას აგრძელებს. ეს პატარა დანაშაული წლების მანძილზე გაწეული შრომის და ძალისხმევის შედეგს გაანადგურებს. მაშასადამე, ხშირად საკუთარი დანაშაულის აღიარება მაშინაც კი ჯობია, როცა დამნაშავეები არ ვართ. ეს დელიკატური საკითხია და მისი გადაჭარბება არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი ისევ იქნება შიშით გამოწვეული ტყუილი. 

 არ იფიქროთ, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ ჯგუფის შექმნით შეგვიძლია დავიწყოთ. ჯგუფი დიდი რამეა. იგი იწყება გარკვეული შეთანხმებული მუშაობისთვის, გარკვეული მიზნისთვის. თქვენ მე უნდა გენდობოდეთ, თქვენ კი ერთმანეთს და მე უნდა მენდობოდეთ. სწორედ მაშინ გვექნება ჯგუფი. სანამ ზოგადი სამუშაო არ გვექნება, ეს მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოა. ჩვენ ისე უნდა მოვემზადოთ, რომ დროთა განმავლობაში ჯგუფი გავხდეთ. 

 რა არის ამისთვის საჭირო? თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ყველა ერთმანეთზე არის პასუხისმგებელი. ერთის შეცდომა ყველას შეცდომად ჩაითვლება. ეს კანონია. მოგვიანებით იხილავთ, რომ მოცემული კანონი საფუძვლიანია, რადგან რასაც ერთი ადამიანი შეიძენს, ყველა დანარჩენიც შეიძენს. 

  საერთო პასუხისმგებლობის კანონი კარგად უნდა იქნეს გათვალისწინებული, რადგან ამას მეორე მხარეც აქვს. ჯგუფის წევრები პასუხისმგებლები არიან არა მხოლოდ სხვის შეცდომებზე, არამედ სხვების წარუმატებლობაზეც. ერთის წარმატება ყველას წარმატებაა. ერთის წარუმატებლობა ყველას მარცხია. ერთი ადამიანის მიერ სერიოზული წესის დარღვევა, როგორიცაა მაგალითად რომელიმე ფუნდამენტური კანონი, მთელი ჯგუფის დაშლას გამოიწვევს.

  ჯგუფი უნდა მუშაობდეს, როგორც ერთი მანქანა. მანქანის ნაწილები ერთმანეთს უნდა იცნობდნენ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ჯგუფში პირადი ინტერესები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სხვათა ინტერესებს. ჯგუფის ყოველი წევრი ერთმანეთის მეგობარია, მაგრამ თუ ერთ-ერთი წავა, განსაკუთრებით, თუ მას მასწავლებელი გაუშვებს, ასეთი ადამიანი უცხო ხდება, ჯგუფისგან და მეგობრებისგან მოწყვეტილი. ეს ძალიან მკაცრი წესია, მაგრამ აუცილებელია. შესაძლოა ორი ადამიანი მთელი ცხოვრება ერთმანეთის მეგობარია და ისინი ჯგუფში ერთად შედიან. შემდეგ, თუ ერთი მათგანი ჯგუფიდან მიდის, მეორეს არ აქვს უფლება, რომ მას ჯგუფის მუშაობის შესახებ ესაუბროს. წასული თავს შეწუხებულად იგრძნობს და ისინი იჩხუბებენ. ამიტომ, ჩვენ ცოლ-ქმარს, დედა-შვილს და მსგავს წყვილებს ერთ წევრად აღვიქვამთ. როდესაც ერთი მათგანი მიდის, მეორეც დამნაშავეა და მასაც წასვლა მოუწევს. 

 გარდა ამისა, უნდა გესმოდეთ, რომ მე თქვენი დახმარება იმდენად შემიძლია, რამდენადაც თქვენ დამეხმარებით. უფრო მეტიც, დასაწყისში ჩემი თქვენდამი დახმარება თითქმის ნულის ტოლია, მაგრამ ამ მაჩვენებლის გაზრდა მხოლოდ თქვენს ძალისხმევას შეუძლია. 

 ამის შემდეგ, გურჯიევი ჩვენი "მთავარი თვისებების" განსაზღვრაზე და ინდივიდუალური დავალებების მოცემაზე გადავიდა. შემდეგ მან მოგვცა რამდენიმე კონკრეტული დავალება, რომლითაც ჩვენი ჯგუფის მუშაობა დაიწყო.

  

 მოგვიანებით, 1917 წელს, როდესაც საქართველოში ვიყავით, გურჯიევმა ჯგუფის ფორმირების ზოგად პრინციპებზე რამდენიმე საინტერესო დაკვირვება გაგვიზიარა. ვფიქრობ, რომ მათი ციტირება აქ უნდა მოვიყვანო.

 - თქვენ ამას ძალიან თეორიულად უდგებით. - თქვა გურჯიევმა. - თქვენ უკვე ბევრი რამ უნდა იცოდეთ. თავისთავად ჯგუფების არსებობას განსაკუთრებული სარგებელი არ აქვს და არც მასში ყოფნას გააჩნია განსაკუთრებული დამსახურება. ჯგუფის სარგებლიანობა ან უსარგებლობა მისი შედეგებით განისაზღვრება. 

 ყოველი ადამიანის შრომა შეიძლება წარიმართოს სამი მიმართულებით. მას შეუძლია სასარგებლო იყოს სამუშაოს მიმართ. ასევე შეუძლია სასარგებლო იყოს ჩემთვის ან სასარგებლო იყოს საკუთარი თავისთვის. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ადამიანმა სამივე მიმართულებით გამოიღოს სასურველი შედეგი. მაგალითად, თუ ადამიანი ჩემთვის სასარგებლოა, ამით იგი სარგებლობას იძლევა სამუშაოშიც და პირიქით. მაგრამ, თუ იგი საკუთარი თავისთვის არ არის სასარგებლო, ეს ყველაზე უარესია, რადგან ასე დიდხანს ვერ გააგრძელებს. თუ ადამიანი თავად არ იზრდება და არ იცვლება, იგი მუშაობას ვერ გააგრძელებს. მას ჯგუფიდან ჩამოცილება მოუწევს, რადგან რაც აქამდე სასარგებლო იყო, შესაძლოა საზიანოდ იქცეს. 

 

 1918 წლის ზაფხულში პეტერბურგში დავბრუნდი. 

 ჩვენი "მოსამზადებელი ჯგუფის" ჩამოყალიბების შემდეგ, გურჯიევმა დასახული ამოცანებისთვის საჭირო ძალისხმევაზე გვესაუბრა:

 - თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ჩვეულებრივი ძალისხმევა არ ითვლება. მხოლოდ ზედმეტი ძალისხმევა ითვლება. ყოველთვის და ყველაფერში ასეა. ვისაც გადამეტებული ძალისხმევის გაწევა არ სურს, ჯობია ყველაფერს თავი დაანებონ და უბრალოდ თავიანთ ჯანმრთელობას მიხედონ. 

 - გადამეტებული ძალისხმევა საშიში არ არის? - იკითხა ვიღაცამ, რომელიც აშკარად შიშობდა თავისი ჯანმრთელობის შერყევაზე. 

  - რა თქმა უნდა, საშიშია. - უპასუხა გურჯიევმა. - მაგრამ, უკეთესია გამოღვიძების პროცესში მოვკვდეთ, ვიდრე ძილში ვიყოთ ცოცხალი. ეს ერთი საკითხია. მეორე ისაა, რომ გადამეტებული ძალისხმევისას სიკვდილი არც ისე ადვილია. ჩვენ გაცილებით მეტ ძალას ვფლობთ, ვიდრე გვგონია. ამისათვის ადამიანური მანქანის ერთი მახასიათებელი უნდა გააცნობიერო.

 ადამიანის მანქანაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარკვეული სახის აკუმულატორი. თითოეულ ცენტრს ორი პატარა აკუმულატორი გააჩნია, რომლებიც მოცემული ცენტრის მუშაობისთვის აუცილებელი ნივთიერებებით ივსება. 

Screenshot 2024-05-10 at 10.49.46

 გარდა ამისა, ორგანიზმში არსებობს დიდი აკუმულატორი, რომელიც პატარა აკუმულატორებს კვებავს. 

 გურჯიევმა "ადამიანური მანქანის" დიაგრამა დახატა და პატარა და დიდ აკუმულატორებს შორის კავშირი გვიჩვენა.

Screenshot 2024-05-10 at 10.50.00

  აკუმულატორები შემდეგნაირად მუშაობენ: დავუშვათ, რომ ადამიანი რთულ წიგნზე მუშაობს, კითხულობს და მის გაგებას ცდილობს. ამ შემთხვევაში, მის ტვინის "სააზროვნო აპარატში" რამდენიმე ჭანჭიკი მუშაობს. ან ვთქვათ, რომ ადამიანი დარბის და იღლება. ამ შემთხვევაში, გარკვეული ჭანჭიკები მამოძრავებელ ცენტრში მოძრაობენ. 

 პირველ შემთხვევაში ინტელექტუალური ცენტრი და მეორე შემთხვევაში მამოძრავებელი ცენტრი, მუშაობისთვის საჭირო ენერგიას პატარა აკუმულატორებიდან იღებენ. როდესაც აკუმულატორი თითქმის ცარიელია, ადამიანი თავს დაღლილად გრძნობს. თუმცა, საკმაოდ მოულოდნელად, იგი ისევ გრძნობს ძალების შემოდინებას და კიდევ ერთხელ შეუძლია სიარული ან მუშაობა. ეს ნიშნავს, რომ ცენტრი დაუკავშირდა მეორე აკუმულატორს და მისგან იღებს ენერგიას. ამასობაში პირველი აკუმულატორი დიდი აკუმულატორიდან ივსება ენერგიით. ცენტრის მუშაობა გრძელდება. ამისათვის ზოგჯერ ხანმოკლე დასვენებაც საკმარისია. ზოგჯერ ეს იქნება დამატებით გაწეული ძალისხმევა. ყოველ შემთხვევაში, მუშაობა გრძელდება. გარკვეული დროის შემდეგ მეორე აკუმულატორში ენერგიის მარაგი ამოიწურება და ადამიანი ისევ დაღლილობას იგრძნობს. 

 ისევ, სახეზე გვაქვს ხანმოკლე დასვენება, დამატებითი დარტყმა ან ღერი სიგარეტი... შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ მეორე აკუმულატორში ენერგია ძალიან სწრაფად დაიხარჯოს და პირველმა აკუმულატორმა ვერ მოასწროს ენერგიით შევსება. ასეთ დროს პირველი აკუმულატორი მხოლოდ ნახევრად სავსეა. 

 პირველ აკუმულატორთან ხელახლა დაკავშირების შემდეგ ცენტრი ენერგიის აღებას მისგან იწყებს, რა დროსაც დიდი აკუმულატორი მეორე აკუმულატორს ავსებს. მაგრამ, ამჯერად პირველი აკუმულატორი მხოლოდ ნახევრად არის სავსე. შესაბამისად, ცენტრი სწრაფად ამოწურავს ენერგიას და ამასობაში მეორე აკუმულატორმა მხოლოდ მეოთხედით მოასწრო შევსება. მეორე აკუმულატორში ენერგია კიდევ უფრო მალე იწურება, შემდეგ ისევ პირველთან ხდება შეერთება და ასე შემდეგ. გარკვეული დროის შემდეგ ორგანიზმი იმ დონემდე მიდის, რომ არც ერთ აკუმულატორს წვეთი ენერგიაც აღარ აქვს შერჩენილი. ამჯერად, ადამიანი თავს ნამდვილად დაღლილად გრძნობს, წაქცევაზეა, ეძინება, ორგანიზმი ზიანდება, თავის ტკივილი იწყება ან დაავადება ჩნდება. 

 დასვენების შემთხვევაში ენერგია ისევ ბრუნდება. ეს ნიშნავს, რომ ცენტრი პირდაპირ კავშირშია დიდ აკუმულატორთან. დიდი აკუმულატორი უზარმაზარ ენერგიას შეიცავს. ფაქტობრივად, დიდ აკუმულატორთან დაკავშირებულ ადამიანს სასწაულების მოხდენა შეუძლია. ცხადია, თუ დიდ აკუმულატორში ჭანჭიკები მუდმივად გააგრძელებენ ენერგიის დახარჯვას, რომლებიც ჰაერისგან, საკვებისგან და შთაბეჭდილებებისგან მიიღება, ამის შედეგად ორგანიზმი კვდება. მაგრამ, ეს ძალიან იშვიათად ხდება. ჩვეულებრივ, ორგანიზმი ავტომატურად და დიდი ხნით ადრე წყვეტს მუშაობას, რადგან იცის, რომ თუ ასე გააგრძელებს, მოკვდება. დაღლილობისგან სიკვდილისთვის სპეციალური პირობებია საჭირო. ჩვეულერბივ პირობებში, ადამიანს გული წაუვა ან ჩაეძინება. შესაძლოა რაიმე სახის შინაგანი გართულებაც განვითარდეს, რომელიც სიკვდილის დადგომამდე დიდი ხნით ადრე შეაჩერებს ორგანიზმის მუშაობას. 

 ამისდა მიუხედავად, თქვენ ძალისხმევის გაწევის არ უნდა გეშინოდეთ. ძალისხმევისგან სიკვდილის საშიშროება ძალიან დაბალია. ბევრად უფრო ადვილია მოკვდეთ უმოქმედობისგან, სიზარმაცისგან და ძალისხმევის შიშისგან.

 პირიქით, ჩვენი მიზანია ვისწავლოთ საჭირო ცენტრის დიდ აკუმულატორთან დაკავშირება. სანამ ამას ვერ შევძლებთ, შესაძლოა მთელი ჩვენი შრომა დაიკარგოს, რადგან იქამდე დავიძინებთ, სანამ მთელი გაწეული ძალისხმევა რაიმე შედეგს მოიტანს. 

 პატარა აკუმულატორები საკმარისია ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებისათვის, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობისთვის, შინაგანი ზრდისთვის და გასაწევი ძალისხმევისთვის, პატარა აკუმულატორების ენერგია საკმარისი არ არის. 

 ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ ავიღოთ ენერგია პირდაპირ დიდი აკუმულატორიდან. 

 ეს მხოლოდ ემოციური ცენტრის დახმარებითაა შესაძლებელი და ამის გაგება აუცილებელია. დიდ აკუმულატორთან კავშირი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ემოციური ცენტრის მეშვეობით. ინტელექტუალური, ინსტინქტური და მამოძრავებელი ცენტრები მხოლოდ პატარა აკუმულატორებით იკვებებიან. 

 ეს ზუსტად ის საკითხია, რაც ხალხს არ ესმის. ადამიანების მიზანი ემოციური ცენტრის აქტივობის განვითარება უნდა იყოს. ემოციური ცენტრის აპარატი ბევრად უფრო დახვეწილია, ვიდრე ინტელექტუალური ცენტრი, განსაკუთრებით თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მთელს ინტელექტუალურ ცენტრში მხოლოდ მაფორმირებელი აპარატი მუშაობს, რის გამოც ამ ცენტრისთვის ბევრი რამ საერთოდ მიუწვდომელია. თუ ვინმეს იმაზე მეტის ცოდნა და გაგება უნდა, ვიდრე ამჟამად იცის და ესმის, საჭიროა ისიც გაიგოს, რომ ასეთი რამ მხოლოდ ემოციური ცენტრის მეშვეობით მოვა და არა ინტელექტუალური ცენტრის საშუალებით. 

 

 აკუმულატორებთან დაკავშირებით, გურჯიევმა საინტერესო შენიშვნები გააკეთა მთქნარებისა და სიცილის შესახებ. 

 - ჩვენს ორგანიზმში არის ორი ფუნქცია, რომელიც მეცნიერული თვალსაზრისით აუხსნელი და გაუგებარია. ეს არის მთქნარება და სიცილი. თუმცა, მეცნიერება არ აღიარებს, რომ ისინი აუხსნელია და სრულიად უსარგებლო განმარტებებს იძლევიან მათთან დაკავშირებით. აკუმულატორებისა და ორგანიზმში მათი როლის ცოდნის გარეშე ამ ორს ფუნქციას ვერავინ გაიგებს. 

 შეგიმჩნევიათ, რომ დაღლილობისას ამთქნარებთ? მთქნარება არის სატუმბი საშუალება პატარა აკუმულატორებისთვის. როდესაც ორივე აკუმულატორი მალე იცლება ენერგიისგან და ვერც ერთი მათგანი ენერგიის დაგროვებას ვერ ასწრებს, მთქნარება თითქმის უწყვეტი ხდება. არსებობს გარკვეული ავადმყოფური პირობები, რამაც შეიძლება გულის გაჩერება გამოიწვიოს, როდესაც ადამიანი ვეღარ ამთქნარებს ან სატუმბს რაღაც ემართება და ადამიანი გამუდმებით ამთქნარებს, მაგრამ აკუმულატორიდან ენერგიას ვერ იღებს. 

 მთქნარების ამ კუთხით შესწავლამ შესაძლოა ბევრი ახალი და საინტერესო ცოდნა გამოავლინოს. 

 სიცილიც პირდაპირ კავშირშია აკუმულატორებთან. სიცილი მთქნარებისგან საპირისპირო ფუნქციას ასრულებს. მას აკუმულატორებში დაგროვილი ზედმეტი ენერგია ამოაქვს. სიცილი ყველა ცენტრში არ არსებობს, არამედ მხოლოდ ორ ნაწილად (დადებით და უარყოფით) დაყოფილ ცენტრებში. ამ დეტალზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ როდესაც ცენტრების უფრო დეტალურ შესწავლაზე გადავალთ, აუცილებლად ვისაუბრებ. ამჟამად მხოლოდ ინტელექტუალური ცენტრი ავიღოთ. შესაძლოა სახეზე გვქონდეს შთაბეჭდილებები, როდესაც ისინი ცენტრის ორივე ნახევარს ერთდროულად ეხება, როგორიცაა მაგალითად "დიახ" და "არა". ასეთი ერთდროული და მკვეთრი შეხება ცენტრში გარკვეულ შეკუმშვას წარმოშობს, რომლის დროსაც ორი საპირისპირო შთაბეჭდილება სიცილის სახით იწყებს ენერგიის გამოსროლას. არსებობს სხვა შემთხვევაც: აკუმულატორებში ბევრი ენერგია გროვდება, რომლის გამოყენებასაც ცენტრი ვერ ახერხებს. შემდეგ, ყველაზე ჩვეულებრივი შთაბეჭდილება შესაძლოა "ორმაგად" იქნეს აღქმული და წარმოქმნას სიცილი, ანუ ზედმეტი ენერგიის განდევნა. 

 უნდა გესმოდეთ, რომ მე მხოლოდ მონახაზს გაძლევთ. მთქნარებაც და სიცილიც ძალიან გადამდებია. ეს აჩვენებს, რომ ისინი არსებითად ინსტინქტურ და მამოძრავებელ ცენტრებს ეკუთვნიან. 

 - რატომ არის სიცილი ასეთი სასიამოვნო? - იკითხა ვიღაცამ.

 - იმიტომ, რომ სიცილი ზედმეტ ენერგიას გვაშორებს. - უპასუხა გურჯიევმა. - თუ ასეთი ენერგია გამოუყენებელი დარჩება, იგი შესაძლოა უარყოფითად იქცეს, ანუ შხამი გახდეს და მოგვწამლოს. ჩვენში ყოველთვის ჭარბად არის ასეთი შხამი. სიცილი ამის ანტიდოტია. მაგრამ, ეს ანტიდოტი მხოლოდ ერთი მიზეზით არის აუცილებელი: მთლიან ენერგიას სასარგებლო სამუშაოსთვის არ ვიყენებთ. სახარებაში ვერსად იპოვით მონაკვეთს, სადაც ქრისტე იცინის. მაგრამ, გაუცინარობის სხვადასხვა გზა არსებობს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ იცინიან, რადგან ნეგატივში, ბრაზში, ბოღმაში, შურში, სიძულვილში, ეჭვებში და შიშებში იხრჩობიან. ასევე, არსებობენ სხვებიც, რომლებიც არ იცინიან, რადგან მათში უბრალოდ ნეგატიური ემოციები არ არსებობს. ერთი რამ უნდა გაიგოთ. მაღალ ცენტრებში სიცილი შეუძლებელია, რადგან იქ არ არსებობს ისეთი დაყოფა, როგორიცაა "დიახ" და "არა", დადებითი და უარყოფითი. 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff