სასწაულებრივის ძიებაში

პიოტრ უსპენსკი
5
2

პიოტრ უსპენსკი სასწაულებრივის ძიებაში  უცნობი სწავლების ფრაგმენტები მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

თავი მერვე

 ცნობიერების სხვადასხვა მდგომარეობები. ძილი. სიფხიზლე. თვითცნობიერება. ობიექტური ცნობიერება. თვითცნობიერების არარსებობა. რა არის პირველი პირობა თვითცნობიერების მოსაპოვებლად. ცნობიერების უმაღლესი მდგომარეობები და უმაღლესი ცენტრები. ჩვეულებრივი ადამიანის "მღვიძარე მდგომარეობა", როგორც ძილი. მძინარე ადამიანის ცხოვრება. როგორ შეიძლება გამოღვიძება? რა არის ადამიანი, როდესაც იგი იბადება. რა "განათლებას" და აღზრდას ასწავლიან გარშემომყოფები. ადამიანის შესაძლებლობები. თვითშესწავლა. "მენტალური ფოტოგრაფია". სხვადასხვა ადამიანი ერთ ადამიანში. "მე" და "უსპენსკი". ვინ არის აქტიური და ვინ არის პასიური? ადამიანი და მისი ნიღაბი. საკუთარი თავის დაყოფა, როგორც საკუთარ თავზე მუშაობის პირველი ეტაპი. ადამიანის ყოფიერების ფუნდამენტური თვისება. რატომ არ ახსოვს ადამიანს საკუთარი თავი. "გაიგივება". "გათვალისწინება". "შინაგანი გათვალისწინება" და "გარეგანი გათვალისწინება". "უსამართლობა". გულწრფელობა და სისუსტე. "ბუფერები". სინდისი. მორალი. არსებობს თუ არა ყველასთვის საერთო მორალის იდეა? არსებობს თუ არა ქრისტიანული მორალი? არსებობს თუ არა ყველასთვის საერთო ცნებები სიკეთისა და ბოროტების შესახებ? სიკეთის განსხვავებული კონცეფციები და მათი შედეგები. რაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული მუდმივი წარმოდგენა სიკეთისა და ბოროტების შესახებ? სიმართლისა და სიცრუის იდეა. ბრძოლა "ბუფერებთან" და სიცრუის წინააღმდეგ. სასკოლო მუშაობის მეთოდები. დაქვემდებარება. "მეს" არარსებობის რეალიზაცია. პიროვნება და არსება. მკვდარი ხალხი. ზოგადი კანონები. ფულის საკითხი. 

 

  ერთ-ერთ მომდევნო ლექციაზე გურჯიევი ცნობიერების საკითხს მიუბრუნდა. 

 - ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ფუნქციების გაგება შეუძლებელია, თუ ვერ გავიაზრებთ იმ ფაქტს, რომ მათ ცნობიერების სხვადასხვა მდგომარეობაში შეუძლიათ მუშაობა. 

 ადამიანისთვის ცნობიერების ოთხი მდგომარეობაა ხელმისაწვდომი. (მან ხაზგასმით აღნიშნა სიტყვა "ადამიანი"). მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანი, ანუ ადამიანი ნომერი პირველი, მეორე და მესამე, ცნობიერების ყველაზე დაბალ, მხოლოდ ორ მდგომარეობაში ცხოვრობს. დანარჩენი ორი უმაღლესი ცნობიერება მისთვის მიუწვდომელია და მიუხედავად იმისა, რომ მას შესაძლოა ცნობიერების გამონათებები ჰქონდეს, იგი მაინც ვერ შეძლებს მათ გაგებას და ისეთი გადმოსახედიდან განმარტავს, როგორც მიჩვეულია ხოლმე. 

 ცნობიერების ჩვეულებრივი, ყველაზე დაბალი ორი მდგომარეობიდან პირველი არის ძილი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ პასიური მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი თავისი ცხოვრების მესამედს და ხშირად ნახევარსაც ატარებს. ასევე არსებობს მეორე მდგომარეობა, რომელშიც ადამიანები თავიანთი ცხოვრების მეორე ნაწილს ატარებენ, ქუჩაში დადიან, წიგნებს წერენ, აღმატებულ თემებზე საუბრობენ, პოლიტიკას ეწევიან და ერთმანეთს ხოცავენ. ამ მდგომარეობას ისინი "ფხიზელ ცნობიერებას" ეძახიან. ეს ხუმრობასავით ჟღერს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გაიგებთ რას ნიშნავს ცხადი ცნობიერება სინამდვილეში და რა არის მდგომარეობა, რომელშიც ადამიანები ამჟამად იმყოფებიან. 

 ცნობიერების მესამე მდგომარეობას ეწოდება თვით-გახსენება ან თვით-ცნობიერება. ჩვეულებრივ გვგონია, რომ ჩვენ მას ვფლობთ, ან მინიმუმ შეგვიძლია გვქონდეს, როცა მოგვინდება. ჩვენი მეცნიერებისთვის და ფილოსოფიისთვის შეუმჩნეველია ის ფაქტი, რომ ჩვენ არ გვაქვს ცნობიერების ეს მდგომარეობა და საკუთარ თავში მას მხოლოდ სურვილით ან გადაწყვეტილებით ვერ შევქმნით. 

  ცნობიერების მეოთხე მდგომარეობას ეწოდება ობიექტური ცნობიერება. ამ მდგომარეობაში ადამიანს შეუძლია ყველაფერი ისე დაინახოს, "როგორიც არის". ადამიანში ასეთი ცნობიერების გამონათებებიც არსებობს. ყველა ერის რელიგიაში არსებობს მინიშნებები ამ ცნობიერების შესახებ, რომელსაც ცალკეულ ადგილებში "გასხივოსნება" ან სხვა სახელები ეწოდება, მაგრამ მისი სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. ობიექტური ცნობიერების მისაღწევად ერთადერთ გზას თვითცნობიერების განვითარება წარმოადგენს. თუ ჩვეულებრივ ადამიანს ხელოვნურად შევუქმნით ობიექტური ცნობიერების მდგომარეობას და შემდეგ თავის ჩვეულ მდგომარეობაში დავაბრუნებთ, მას არაფერი ემახსოვრება ან იფიქრებს, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ცნობიერება საერთოდ დაკარგა. მაგრამ თვითცნობიერების მდგომარეობაში ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ობიექტური ცნობიერების გამონათებები და ისინი დაიმახსოვროს. 

 ადამიანში ცნობიერების მეოთხე მდგომარეობა ნიშნავს ყოფიერების სრულიად განსხვავებულ მდგომარეობას. ეს არის შინაგანი ზრდის და საკუთარ თავზე ხანგრძლივი და რთული მუშაობის შედეგი.

 ცნობიერების მეოთხე მდგომარეობა ადამიანისთვის სამყაროს მიერ ნაბოძებ ბუნებრივ უფლებას წარმოადგენს და თუ ადამიანი მას არ ფლობს, ეს მისი ცხოვრების არასწორი პირობების ბრალია. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად ცნობიერების მესამე მდგომარეობა ადამიანში ძალიან იშვიათად ციმციმებს და მისი მეტ-ნაკლებად მუდმივი გამომუშავება მხოლოდ სპეციალური წვრთნის საშუალებით არის შესაძლებელი. 

 ადამიანების უმეტესობისთვის, თუნდაც განათლებული და მოაზროვნე ადამიანებისთვის., თვითცნობიერების შეძენის გზაზე მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს შეხედულება, თითქოს მათ იგი უკვე გააჩნიათ, ანუ თითქოს ისინი უკვე ფლობენ თვითცნობიერებას და ყველაფერს, რაც მასთან არის კავშირში: ინდივიდუალობა, მუდმივი და უცვლელი "მე", ნება, კეთების უნარი და ასე შემდეგ. აშკარაა, ადამიანს ეს თემა არ დააინტერესებს, თუ ეტყვით, რომ მისი მოპოვება მუდმივი და ხანგრძლივი შრომით არის შესაძლებელი. კი მაგრამ, რა უნდა შევიძინო? მე ხომ უკვე ვფლობ ამას? ეს არის პრობლემა. შეიძლება ისიც იფიქროს, რომ გიჟი ხართ და პირადი სარგებლის გამო მისი მოტყუება განგიზრახავთ. 

 ცნობიერების ორი უმაღლესი მდგომარეობა, თვითცნობიერება და ობიექტური ცნობიერება ადამიანში უმაღლესი ცენტრების ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული. 

 იმ ცენტრების გარდა, რომელზეც აქამდე ვსაუბრობდით, ადამიანში არის კიდევ ორი ცენტრი, უმაღლესი ემოციური ცენტრი და უმაღლესი ინტელექტუალური ცენტრი. ეს ცენტრები ჩვენში არიან. ისინი სრულიად განვითარებულები არიან და მუდმივად მუშაობენ, მაგრამ მათი სამუშაო ვერ აღწევს ჩვენს ჩვეულებრივ ცნობიერებამდე. ამის მიზეზი ჩვენი ეგრეთ წოდებული "ნათელი ცნობიერების" განსაკუთრებულ თვისებებში მდგომარეობს. 

 იმისათვის, რომ გავიგოთ, რა განსხვავებაა ცნობიერების მდგომარეობებს შორის, მოდით დავუბრუნდეთ ცნობიერების პირველ მდგომარეობას, რომელიც არის ძილი. ეს ცნობიერების მთლიანად სუბიექტური მდგომარეობაა. ადამიანი საკუთარ სიზმრებშია ჩაძირული და ახსოვს თუ არა რაიმე ამ სიზმრებიდან, მნიშვნელობა არ აქვს. მაშინაც კი, თუ მას რეალური შთაბეჭდილებები მოაქვს, როგორიცაა ხმები, სითბო, სიცივე, საკუთარი სხეულის შეგრძნება და სხვა, ეს ყოველივე მაინც ფანტასტიკური სუბიექტური გამოსახულებებიდდან არის აღქმული. დილას ადამიანი იღვიძებს. ერთი შეხედვით იგი ამჟამად სრულიად განსხვავებულ ცნობიერების მდგომარეობაში იმყოფება. მას შეუძლია გადაადგილება, საუბარი, გამოთვლა, საფრთხის თავიდან აცილება და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ცოტათი უფრო ღრმად ჩავხედავთ ადამიანის შინაგან სამყაროს, აღმოვაჩენთ, რომ ის თითქმის იგივე მდგომარეობაშია, როგორც ძილის დროს. ეს თანაბრად უარესია, რადგან პასიური ძილის მდგომარეობაში ადამიანი ვერაფერს აკეთებს. სიფხიზლეში ადამიანები აცხადებენ, რომ მათ მუდმივად შეუძლიათ რაღაცის გაკეთება და ყველა მათი ქმედების შედეგი როგორც საკუთარ თავზე, ასევე გარშემომყოფებზე აისახება. და მაინც, ამ დროს ადამიანს საკუთარი თავი არ ახსოვს. იგი მანქანაა, მის თავს ყველაფერი უბრალოდ ხდება. ადამიანს არ შეუძლია თავისი აზრების ნაკადის გაჩერება, არ შეუძლია წარმოსახვის, ემოციის და ყურადღების გაკონტროლება. იგი მთლიანად სუბიექტურ სამყაროში ცხოვრობს: ეს მიყვარს, ის არ მიყვარს, ეს მომწონს, ის არ მომწონს, ეს მინდა, ის არ მინდა. ესენიც არეულია: რაზეც ფიქრობს, რომ მოსწონს, ის არ მოსწონს და რაზეც ამბობს, რომ არ უნდა, სწორედ ის უნდა. ადამიანი ვერ ხედავს სამყაროს ისეთად, როგორიც სინამდვილეშია. რეალური სამყარო მისგან წარმოსახვის კედლით არის დაფარული. იგი ძილში ცხოვრობს. მას სძინავს. ის, რასაც "ნათელ ცნობიერებას" ეძახიან, არის ძილი და ამავდროულად ბევრად უფრო საშიში ძილის მდგომარეობა, ვიდრე ღამით საწოლში ხვრინვა. 

 მოდით ავიღოთ რაიმე მოვლენა კაცობრიობის ცხოვრებაში, მაგალითად ომი. იგი ამ მომენტშიც მიმდინარეობს. რას ნიშნავს ეს ფაქტი? ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე მილიონი მძინარე ადამიანი ცდილობს გაანადგუროს რამდენიმე მილიონი სხვა მძინარე ადამიანი. ისინი ამას რა თქმა უნდა არ გააკეთებდნენ, ფხიზლები რომ იყვნენ. ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ძილის შედეგია.

 ცნობიერების ორივე მდგომარეობა, ძილიც და სიფხიზლეც, ერთნაირად სუბიექტურია. ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავის გახსენების დაწყებით იღვიძებს. გარემომცველი ცხოვრება მისთვის სხვა ასპექტს და სხვა აზრს იძენს. ადამიანი დაინახავს, რომ ეს არის მძინარე ადამიანების ცხოვრება, რომლებიც ძილში ცხოვრობენ. ყველაფერს, რასაც ადამიანები ლაპარაკობენ ან აკეთებენ, ძილში ლაპარაკობენ და აკეთებენ. ამ ყველაფერს არავითარი ღირებულება არ გააჩნია. მხოლოდ გამოღვიძებას და იმას, რასაც გამოღვიძებამდე მივყავართ, შესაძლოა ჰქონდეს რაიმე ღირებულება. 

 დაითვალეთ, რამდენჯერ მკითხეს აქ, შესაძლებელია თუ არა ომების შეჩერება? ფაქტობრივად, შესაძლებელია. ამისთვის მხოლოდ ხალხის გამოღვიძებაა საჭირო. ისე ჟღერს, თითქოს პატარა დეტალზე ვსაუბრობთ. თუმცა, ეს ყველაზე რთულია, რადგან ძილი გამოწვეულია და შენარჩუნებულია მთელი გარემომცველი ცხოვრების მიერ, მასში ჩართული ყველა გარემომცველი პირობით. 

 როგორ შეიძლება გამოღვიძება? როგორ შეიძლება ამ ძილისგან თავის დაღწევა? ეს კითხვები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე სასიცოცხლო, რასაც კი შეიძლება ოდესმე დაუპირისპირდეს ადამიანი. მაგრამ მანამდე აუცილებელია დავრწმუნდეთ ძილში ყოფნის ფაქტში. ამაში დარწმუნება მხოლოდ გამოღვიძების მცდელობით არის შესაძლებელი. როცა ადამიანს ესმის, რომ საკუთარი თავი არ ახსოვს და საკუთარი თავის გახსენება გარკვეულწილად გამოღვიძებას გულისხმობს, იგი საკუთარი გამოცდილებით დაინახავს, თუ რამდენად რთულია საკუთარი თავის გახსენება. ადამიანი გაიგებს, რომ მხოლოდ სურვილით გამოღვიძებას ვერ შეძლებს. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ადამიანი თავისთავად ვერ გაიღვიძებს. მაგრამ შესაძლოა ოცი ადამიანი შეთანხმდეს, რომ რომელსაც პირველი გაეღვიძება, დანარჩენები გააღვიძოს. მათ უკვე აქვთ გარკვეული შანსი. თუმცა ესეც კი არასაკმარისია, რადგან ოცივეს შეუძლია ერთდროულად ეძინოს და იოცნებონ, რომ იღვიძებენ. ამიტომ, ამისთვის კიდევ უფრო მეტია საჭირო. მათ უნდა უხელმძღვანელოს ადამიანმა, რომელსაც არ სძინავს ან მათსავით ადვილად არ იძინებს, ან ვინც ცნობიერად მიდის დასაძინებლად, როცა ეს შესაძლებელია, როცა არანაირ ზიანს არ მიაყენებს არც საკუთარ თავს და არც სხვებს. მათ უნდა იპოვონ ასეთი ადამიანი და დაიქირავონ, რათა გამოიღვიძონ და ამ ადამიანმა აღარ მისცეს მათ ისევ დაძინების საშუალება. ამის გარეშე გამოღვიძება შეუძლებელია. ეს არის ის, რაც უნდა გაიგოთ. 

 შესაძლებელია ვიფიქროთ ათასი წლის განმავლობაში, დავწეროთ მთელი ბიბლიოთეკები და შევქმნათ მილიონობით თეორია, მაგრამ ეს ყველაფერი ძილში ხდება, გამოღვიძების ყოველგვარი შესაძლებლობის გარეშე. პირიქით, ძილში შექმნილი ამდენი წიგნი და თეორია სხვებსაც ძილში გაგზავნის და ასე შემდეგ. 

 ძილის იდეაში ახალი არაფერია. ხალხს თითქმის სამყაროს შექმნიდან მოყოლებული ეუბნებოდნენ, რომ მათ სძინავთ და უნდა გამოიღვიძონ. რამდენჯერ გხვდებათ სახარებაში მსგავსი სიტყვები? "გაიღვიძე", "შეხედე", "არ დაიძინო", "ვისაც ყური აქვს ისმინოს". ქრისტეს მოწაფეებს მაშინაც კი ჩაეძინათ, როცა გეთსიმანიის ბაღში ქრისტე უკანასკნელად ლოცულობდა მათთან ერთად: "...უთხრა მათ: სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად. ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი, მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ. მივიდა მოწაფეებთან და ჰპოვა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: ნუთუ ვერ შესძელით, ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად? იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხორცი კი - უძლური." (მათე; 26:38-41). აქ ყველაფერი წერია. მაგრამ შეუძლია ადამიანს იმის გაგება, რა იგულისხმება ამ სიტყვებში? ადამიანები ამას უბრალოდ მეტყველების ფორმად აღიქვამენ, როგორც რაღაც მეტაფორას. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს სიტყვები პირდაპირ უნდა იქნეს გაგებული. მაგრამ გასაგებია, რომ ადამიანებს ეს არ ესმით. ამის გასაგებად აუცილებელია მცირედით მაინც  იყოთ გამოღვიძებული, ან თუნდაც მცდელობა მაინც უნდა გქონდეთ. სერიოზულად გეუბნებით, მე აქ რამდენჯერმე მკითხეს, რატომ არაფერია ნათქვამი სახარებაში ძილის შესახებ. მიუხედავად ამისა, სახარებაში ძილზე თითქმის ყველა გვერდზეა საუბარი. ეს უბრალოდ იმას გვიჩვენებს, რომ ხალხი სახარებას ძილში კითხულობს. სანამ ადამიანს ღრმად სძინავს და მთლიანად ჩაძირულია სიზმარში, ის ვერც კი ფიქრობს, რომ სძინავს. თუ იფიქრებს, რომ სძინავს, მაშინ შეძლებს გამოღვიძებას. ადამიანებს ოდნავი წარმოდგენაც არ გააჩნიათ, რას კარგავენ ძილის გამო. როგორც უკვე ვთქვი, ბუნების მიერ შექმნილ ადამიანს შეუძლია იყოს თვითცნობიერი არსება. იგი ამისთვის არის შექმნილი და ამგვარად იბადება. მაგრამ იგი მძინარე ადამიანებს შორის იბადება ცხადია, ზუსტად იმ მომენტში იძირება ღრმა ძილში, როცა წესით მას საკუთარი თავის გაცნობიერება უნდა დაეწყო. ამაში საკუთარ როლს ყველაფერი თამაშობს: უფროსი ადამიანებისადმი ბავშვის მიმბაძველობა, ნებაყოფლობითი და უნებლიე განცხადებები, რასაც "განათლება" ჰქვია. ბავშვის მხრიდან გამოღვიძების ყოველი მცდელობა მყისიერად ჩერდება. ეს გარდაუვალია. ხოლო მომავალში დიდი ძალისხმევა და დიდი დახმარებაა საჭირო გამოღვიძებისთვის, როცა უკვე ათასობით ძილისმომგვრელი ჩვევაა ადამიანში დაგროვებული. გამოღვიძება ძალიან იშვიათად ხდება. ძირითადად, ადამიანი ჯერ კიდევ ბავშვობაში კარგავს გამოღვიძების ყოველგვარ შესაძლებლობას. იგი მთელი ცხოვრება ძილში ცხოვრობს და ძილში კვდება. გარდა ამისა, უამრავი ადამიანი ფიზიკურ სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე კვდება. მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

 ახლა ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც ადრე გითხარით. სრულად განვითარებული ადამიანი, რომელსაც ამ სიტყვის სრული გაგებით "ადამიანს", "ჰუმანურ ქმნილებას" ვუწოდებ, ცნობიერების ოთხივე მდგომარეობას ფლობს. ჩვეულებრივი ადამიანი, ანუ ადამიანი ნომერი ერთი, ნომერი ორი და ნომერი სამი, ცნობიერების მხოლოდ ორ მდგომარეობაში ცხოვრობს. ასეთ ადამიანს შეუძლია იცოდეს, რომ არსებობს ცნობიერების სხვა მდგომარეობებიც. ცნობიერების "მისტიკური მდგომარეობები" არასწორ განმარტებებს წარმოადგენენ, მაგრამ მათი ხანმოკლე გამონათებები ცნობიერების ობიექტური მდგომარეობის გამონათებებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. 

 მაგრამ, ადამიანმა არ იცის ცნობიერების მესამე მდგომარეობის შესახებ და მის არსებობაში ეჭვიც არ უჩნდება. თუ ამ მდგომარეობას ადამიანს აღვუწერთ, ის გვეტყვის, რომ იგი მისი ჩვეული მდგომარეობაა. ადამიანი თავის თავს ცნობიერ არსებად თვლის, რომელიც საკუთარ ცხოვრებას მართავს. ფაქტები ამ შეხედულებას ეწინააღმდეგება. თუ ადამიანს ჰგონია, რომ თვითცნობიერება გააჩნია, იგი რა თქმა უნდა არ შეეცდება მასთან მიახლოებას და მის მოპოვებას, ხოლო თვითცნობიერების გარეშე ობიექტურ ცნობიერებამდე მისვლა შეუძლებელია, თუ უიშვიათეს გამონათებებს არ ჩავთვლით. ცოდნის მიღება, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით, შესაძლებელია მხოლოდ ობიექტური ცნობიერების მდგომარეობაში. ცნობიერების ჩვეულებრივ მდგომარეობაში შეძენილი ცოდნა წარმოსახვასთან, სიზმრებთან და ოცნებებთან არის შერეული. აქ საუბარია პირველი, მეორე და მესამე ადამიანის ყოფიერების საფეხურის შესახებ.

 

 გურჯიევმა შემდეგი საუბარი ასე დაიწყო:

 - ადამიანის შესაძლებლობები ძალიან დიდია. თქვენ აჩრდილის დონეზეც კი ვერ წარმოიდგენთ, რისი მიღწევა შეუძლია ადამიანს. მაგრამ ძილში რაიმეს მიღწევა შეუძლებელია. მძინარე ადამიანის ცნობიერებაში ილუზიები და ოცნებები რეალობასთან არის შერეული. იგი ასეთ დროს სუბიექტურ სამყაროში ცხოვრობს და მისგან ვერასოდეს გაიქცევა. ეს არის მიზეზი, რის გამოც იგი ვერასოდეს შეძლებს მისი შესაძლებლობების გამოყენებას და სწორედ ამ მიზეზით იგი მუდმივად საკუთარი არსების მხოლოდ მცირე ნაწილში იცხოვრებს.

 ადრე ითქვა, რომ თვითშესწავლა და თვითდაკვირვება სწორად განხორციელების შემთხვევაში ადამიანს იმის გააზრებამდე მიიყვანს, რომ მის მანქანას და ფუნქციებს რაღაც სჭირს. იგი მიხვდება, რომ ამის მიზეზი არის ძილი და საკუთარი არსების მცირე ნაწილში ცხოვრება. სწორედ ამ მიზეზით, ადამიანის შესაძლებლობების უდიდესი ნაწილი განუხორციელებელი რჩება და ადამიანის უფლებამოსილებები გამოუყენებელია. ადამიანი გრძნობს, რომ იგი ცხოვრებისგან ვერ ღებულობს ყველაფერს, რისი მიღებაც მას შეუძლია, ხოლო ამის მიზეზი აპარატის ფუნქციონალურ დეფექტებში იმყოფება. თვითშესწავლის იდეა მის თვალში ახალ მნიშვნელობას იძენს. იგი იმასაც იგრძნობს, რომ იქნებ არც ღირდეს საკუთარი თავის შესწავლა ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც ამჟამად იმყოფება. თვითდაკვირვებას ადამიანი საკუთარი თავის შეცვლის აუცილებლობამდე მიჰყავს. საკუთარ თავზე დაკვირვებისას ადამიანი ამჩნევს, რომ თვითდაკვირვება თავისთავად იწვევს გარკვეულ ცვლილებებს მის შინაგან პროცესებში. ის იწყებს იმის გაგებას, რომ თვითდაკვირვება არის საკუთარი თავის შეცვლის ინსტრუმენტი, გამოღვიძების საშუალება. თვითდაკვირვებით ადამიანი ერთგვარად სინათლის სხივს ისვრის იმ შინაგანი პროცესებისკენ, რომლებიც აქამდე სრულ სიბნელეში მუშაობდნენ. ამ სინათლის გავლენით თავად პროცესები იწყებენ ცვლილებას. არსებობს უამრავი ქიმიური პროცესი, რომელიც მხოლოდ სინათლის არსებობის შემთხვევაში ხორციელდება, ზუსტად ისევე, როგორც უამრავი ფსიქიკური პროცესი შესაძლოა სიბნელეში მიმდინარეობდეს. ცნობიერების სუსტი შუქიც კი საკმარისია, რომ მთლიანად შეცვალოს პროცესის ხასიათი. ჩვენს შინაგან ფსიქიკურ პროცესებს (შინაგანი ალქიმია) ბევრი საერთო აქვს იმ ქიმიურ პროცესებთან, სადაც სინათლე საგანთა ბუნებას ცვლის და ისინი ანალოგიურ კანონებს ექვემდებარებიან. 

 როდესაც ადამიანი აცნობიერებს არა მხოლოდ თვითშესწავლისა და თვითდაკვირვების აუცილებლობას, არამედ საკუთარ თავზე მუშაობის აუცილებლობას საკუთარი თავის შეცვლის მიზნით, მისი თვითდაკვირვების ხასიათი უნდა შეიცვალოს. აქამდე მან შეისწავლა ცენტრების მუშაობის დეტალები, რომელიც მიუკერძოებლად ცდილობს ამა თუ იმ მოვლენის დარეგისტრირებას. ადამიანმა მანქანის აპარატის მუშაობა შეისწავლა. ახლა მან საკუთარი თავის დანახვა უნდა დაიწყოს, ანუ დაინახოს არა ცალკეული დეტალები, არამედ ყველაფერი ერთად აღებული, როგორც მთლიანობა, - ისევე როგორც სხვები ხედავენ მას. 

 ადამიანმა ამ მიზნით ე.წ. "მენტალური ფოტოგრაფია" უნდა ისწავლოს, თავისი ცხოვრების სხვადასხვა მომენტში და სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობაში: მაგრამ არა დეტალების ფოტოები, არამედ მთლიანობის ფოტოები, როგორსაც იგი ხედავს. სხვა სიტყვებით, ეს ფოტოგრაფია ერთდროულად უნდა შეიცავდეს ყველაფერს, რისი დანახვაც ადამიანს მოცემულ მომენტში შეუძლია. ემოციები, განწყობა, აზრები, შეგრძნებები, პოზები, მოძრაობები, ხმის ტონები, სახის გამომეტყველება და ა.შ. თუ ადამიანი ამ ფოტოგრაფიებში საინტერესო ასპექტების დანახვას მოახერხებს, იგი ძალიან მალე შეაგროვებს საკუთარ თავზე მთელს ალბომს, რომელიც საკმაოდ ნათლად აჩვენებს, რას წარმოადგენს სინამდვილეში. მაგრამ, არც ისე ადვილია ვისწავლოთ, როგორ გადავიღოთ ეს ფოტოები ყველაზე საინტერესო და დამახასიათებელ მომენტებში, როგორ დავიჭიროთ დამახასიათებელი პოზები, დამახასიათებელი სახის გამომეტყველებები, დამახასიათებელი ემოციები და დამახასიათებელი აზრები. თუ ფოტოები წარმატებით და საკმარისად იქნება გადაღებული, ადამიანი დაინახავს, რომ საკუთარ თავზე შექმნილი წარმოდგენა, რომლითაც იგი წლიდან წლამდე ცხოვრობდა, ძალიან შორს არის რეალობისგან. 

 იმ ადამიანის ნაცვლად, როგორადაც მას თავი მიაჩნდა, იგი სრულიად სხვა ადამიანს დაინახავს. ეს "სხვა" ადამიანი ერთდროულად არის საკუთარი თავი და ამ დროს არც არის საკუთარი თავი. ადამიანი გაიგებს, რომ არსებობს უამრავი არარეალური და გამოგონილი ასპექტი, რომელსაც სხვა ადამიანები მასში აღიქვამენ და იგივეს დაინახავს საკუთარი თავის აღქმაშიც. თქვენ უნდა ისწავლოთ გამოგონილის და რეალურის ერთმანეთისგან გარჩევა. თვითდაკვირვების და თვითშესწავლის დასაწყებად საკუთარი თავის დაყოფა აუცილებელია. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის მართლაც ორი ადამიანისგან შედგება. 

 პირველი ადამიანი ისაა, რომელიც საკუთარ თავს "მეს" უწოდებს, ხოლო სხვები უსპენსკის, ზახაროვს ან პეტროვს ეძახიან. მეორე ადამიანი არის ნამდვილი "მე", რომელიც მის ცხოვრებაში ძალიან მოკლე მომენტებში ჩნდება და რომელიც მტკიცე და მუდმივი მხოლოდ ძალიან ხანგრძლივი მუშაობის პერიოდის შემდეგ შეიძლება, რომ გახდეს. 

 სანამ ადამიანი საკუთარ თავს ერთ ადამიანად აღიქვამს, იგი არასდროს დაიძვრება იმ ადგილიდან, სადაც იმყოფება. მისი მუშაობა საკუთარ თავზე იწყება იმ მომენტიდან, როდესაც იგი საკუთარ თავში ორი ადამიანის შეგრძნებას დაიწყებს. ერთი მათგანი პასიურია და მაქსიმუმ იმის გაკეთება შეუძლია, რომ მოვლენები დაარეგისტრიროს და მათ დააკვირდეს. მეორე ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს "მეს" უწოდებს, აქტიურია და თავის თავზე პირველ პირში საუბრობს, სინამდვილეში კი მხოლოდ პირობითი უსპენსკი, ზახაროვი და პეტროვია. 

 ეს არის პირველი გაცნობიერება, რომელიც შეიძლება, რომ ადამიანს ჰქონდეს. თუ სწორად აზროვნებას დაიწყებს, ძალიან მალე დაინახავს, რომ მთლიანად უსპენსკის, ზახაროვის და პეტროვის ძალაუფლების ქვეშ იმყოფება. არ აქვს მნიშვნელობა რას გეგმავს, რის გაკეთებას ან თქმას აპირებს, ეს არ არის ნამდვილი "მე". რა თქმა უნდა, უსპენსკი, ზახაროვი და პეტროვი იმას არ იტყვიან და არ იზამენ, რასაც "მე" იტყოდა ან იზამდა. ისინი სიტყვებში და ქმედებებში საკუთარი მნიშვნელობის აჩრდილებს დებენ, რაც ხშირად მთლიანად ცვლის იმას, რისი გაკეთებაც "მეს" უნდოდა. 

 ამ კუთხით, თვითდაკვირვების პირველი მომენტიდანვე ძალიან ცალსახა საფრთხე წარმოიქმნება. თვითდაკვირვებას სწორედ "მე" იწყებს, მაგრამ თითქმის მაშინვე დაკვირვებას უსპენსკი აგრძელებს. მაგრამ უსპენსკის თვითდაკვირვებისას ძალიან მცირე ცვლილების გამოწვევა შეუძლია, რომელიც, როგორც ჩანს, საკმაოდ უმნიშვნელოა, მაგრამ რეალობაში ყველაფერს ძირეულად ცვლის. 

 დავუშვათ, კაცმა სახელად ივანმა, მოისმინა ამ თვითდაკვირვების მეთოდის შესახებ. მას ეუბნებიან, რომ ადამიანმა უნდა დაყოს საკუთარი თავი "მედ" და "ივანად". იგი საკუთარ თავს იმგვარად ჰყოფს, როგორც მას ესმის. "ეს მე ვარ", ამბობს იგი, მაგრამ ამას ივანი, უსპენსკი და ზახაროვი ამბობს. ისინი არასოდეს იტყვიან, "ეს უსპენსკია, ეს ივანია". ამის თქმა არასასიამოვნოა. უფრო მეტიც, ივანი "მეს" იმას უწოდებს, რაც საკუთარ თავში მოსწონს ან იმას, რასაც ძლიერად თვლის, როცა ამ სიტყვას იყენებს. მაგრამ მისთის "ივანი" ის არის, რაც არ მოსწონს ან რაც მისთვის სუსტია. ამის საფუძველზე, იგი საკუთარ თავზე მრავალმხრივ მსჯელობას იწყებს და საწყისი ეტაპიდანვე საფუძველი არასწორია, რადგან მან მოასწრო და უკვე მოატყუა საკუთარი თავი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხში. ადამიანმა აიღო არა თავისი ნამდვილი "მე", არამედ წარმოსახვითი ივანი და უსპენსკი. 

 ძნელი წარმოსადგენია, რამდენად ხშირად არ უყვარს ადამიანს საკუთარი სახელის მესამე პირში გამოყენება, საკუთარ თავზე საუბრისას. იგი ყველანაირად ცდილობს თავიდან აიცილოს მესამე პირში საუბარი. ის საკუთარ თავს სხვა სახელს უწოდებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ. ადამიანი იგონებს საკუთარი თავის ხელოვნურ სახელს, რომელიც წარმოსახვის ნაყოფია. ადამიანები ძალიან მიეჩვივნენ საკუთარ თავთან საუბრისას თავიანთი ქრისტიანული სახელის ან გვარის გამოყენებას. რაც შეეხება თვითდაკვირვებას, ისინი ამჯობინებენ საკუთარ თავს "უსპენსკი" უწოდონ ან თქვან, "უსპენსკი ჩემში". უსპენსკისთვის ისედაც საკმაოდ საკმარისი "უსპენსკები" არსებობს. 

 მაგრამ, როცა ადამიანს კარგად ესმის საკუთარი უმწეობა "უსპენსკის" წინაშე თავისი თავის მიმართ, მაშინ "უსპენსკის" მიმართ დამოკიდებულება გულგრილი ან უდარდელი ხდება.

 თვითდაკვირვება ხდება "უსპენსკის" დაკვირვება და ადამიანს ესმის, რომ თავად იგი "უსპენსკი" არ არის. "უსპენსკი" სხვა არაფერია, თუ არა ის ნიღაბი, რომელსაც იგი ატარებს და რომლის თამაშსაც სამწუხაროდ ვერ წყვიტავს. ეს ნაწილი მართავს მას და აიძულებს რაღაცეების ჩადენას, ასევე ათასი სისულელის თქმას, რასაც თავად არასოდეს იტყოდა ან ჩაიდენდა. 

 თუ ადამიანი საკუთარ თავთან გულწრფელია, იგრძნობს, რომ "უსპენსკის" ძალაუფლებაში იმყოფება და ამავდროულად იმასაც გრძნობს, რომ თავად იგი "უსპენსკი" არ არის. 

 ადამიანი იწყებს "უსპენსკისადმი" შიშის განცდას, რადგან ხედავს, რომ იგი მისი მტერია. არ აქვს მნიშვნელობა, თავად მას რისი გაკეთება სურს, ყველაფერს "უსპენსკი" წყვიტავს. "უსპენსკი" მისი მტერია. "უსპენსკის" სურვილები, გემოვნება, სიმპათიები, ანტიპათიები, აზრები და დამოკიდებულებები ან ეწინააღმდეგება მის საკუთარ შეხედულებებს, ან საერთო არაფერი აქვთ მათთან. და ამავდროულად, "უსპენსკი" მისი ბატონია. ადამიანი საკუთარი ნიღაბის მონაა. მას არ აქვს საკუთარი ნება. მას არ აქვს საშუალება გამოხატოს თავისი სურვილები, რადგან რასაც ისურვებდა ან იტყოდა, მის მაგივრად ამას "უსპენსკი" იზამს. 

 თვითდაკვირვების ამ დონეზე ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ მის მთლიან მიზანს ამ "უსპენსკისგან" განთავისუფლება წარმოადგენს. და ვინაიდან მას არ შეუძლია ფაქტობრივად განთავისუფლდეს "უსპენსკისგან", (რადგან იგი თავად მას წარმოადგენს) ამიტომ იგი უნდა დაეუფლოს "უსპენსკის" და ის გააკეთებინოს, რაც მას სურს და არა ის, რაც "უსპენსკის" უნდა. "უსპენსკი" ბატონობიდან მსახურად უნდა იქცეს. 

 საკუთარ თავზე მუშაობის პირველი ეტაპი არის "უსპენსკისგან" მენტალურად, ფაქტობრივად და არსებითად განცალკევება. მაგრამ, გასათვალიწინებელია ის ფაქტი, რომ "უსპენსკიზე" მთელი ყურადღების კონცენტრაციისას ადამიანმა არ ეცადოს საკუთარი თავისვის იმის ახსნას, თუ ვინ არის მაშინ თავად საკუთარი თავი. ამისგან განსხვავებით, მას შეუძლია ახსნას, ვინ არის "უსპენსკი" და ამით უნდა დაიწყოს, თუმცა ამასთანავე ახსოვდეს, რომ იგი "უსპესნკი" არ არის. ასეთ შემთხვევაში ყველაზე საშიშ ქმედებას საკუთარ განსჯაზე დაყრდნობა წარმოადგენს. თუ ადამიანს გაუმართლა, მას შეუძლია გვერდით ჰყავდეს სხვა ადამიანი, რომელიც ეტყვის, სად დგას იგი თავად და სად იმყოფება "უსპენსკი". იგი ყველაზე მეტად ამ ადამიანს უნდა ენდოს, რადგან მან იცის ზემოთ მოყვანილ საკითხებზე ჭეშმარიტი პასუხი. სხვა შემთხვევაში, დამკვირვებელი ჩათვლის, რომ კარგად იცის სად დგას თავად და სად იმყოფება "უსპენსკი" არა მხოლოდ საკუთარ თავში, არამედ სხვა ადამიანებშიც. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავის მოტყუებაა. ამ ეტაპზე ადამიანი ვერაფერს ხედავს ვერც საკუთარ თავთან და ვერც სხვებთან მიმართებაში. რაც უფრო დარწმუნებულია ადამიანი, რომ რაიმე ესმის, მით უფრო ცდება. მაგრამ თუ მას შეუძლია თუნდაც ოდნავ გულწრფელი იყოს საკუთარ თავთან და ნამდვილად აქვს სიმართლის ცოდნის სურვილი, მაშინ შეუძლია ჯერ იპოვნოს ზუსტი და უტყუარი საფუძველი სწორი განსჯისთვის საკუთარ თავზე და სხვა ადამიანებზე. მთელი აზრი საკუთარ თავთან გულწრფელობაში მდგომარეობს. ეს სულაც არ არის ადვილი. ხალხს არ ესმის, რომ გულწრფელობის სწავლაა საჭირო. ისინი ფანტაზიორობენ, რომ გულწრფელობა ან არაგულწრფელობა თავიანთ სურვილზე და გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანი გულწრფელი იყოს საკუთარ თავთან, როცა რეალურად თავის თავში გულწრფელად არაფრის დანახვა არ შეუძლია? მას ვიღაცამ უნდა აჩვენოს.

 ეს არის სამუშაოს ძალიან სერიოზული მომენტი. ადამიანი, რომელიც მოცემულ მომენტში მიმართულებას კარგავს, მას უკვე ვეღარასდროს იპოვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი დამოუკიდებლად არ ფლობს საშუალებას საკუთარ თავში ერთმანეთისგან განასხვაოს "მე" და "უსპენსკი". შეუძლია ამის გაკეთება ეცადოს, რაღაცები მოიგონოს, საკუთარი თავი მოატყუოს და შედეგად ვერასოდეს დაინახავს რეალურად საკუთარ თავს. უნდა გვესმოდეს, რომ გარეგანი დახმარების გარეშე საკუთარი თავის დანახვა შეუძლებელია. 

 იმის გასაგებად, თუ რატომ არის ასე, თქვენ ბევრი რამ უნდა გახსოვდეთ, რაც ადრე ვისაუბრეთ. როგორც ადრე ითქვა, თვითდაკვირვებისას ადამიანი იმ ფაქტს აცნობიერებს, რომ საკუთარი თავი არ ახსოვს. საკუთარი თავის გახსენების უუნარობა ადამიანური ყოფიერების ერთ-ერთი უმთავრესი დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც გამოხატულებას მრავალმხრივ ჰპოვებს. ადამიანს არ ახსოვს გადაწყვეტილებები, დაპირებები, რომლებიც საკუთარ თავს ტყუილად მისცა, ასევე არ ახსოვს რას გრძნობდა ერთი თვის, ერთი კვირის ან ერთი საათის წინ. იგი რაიმე სახის სამუშაოს იწყებს და გარკვეული დროის შემდეგ აღარ ახსოვს, რატომ დაიწყო საერთოდ ამის გაკეთება. ეს განსაკუთრებით ხშირად საკუთარ თავზე მუშაობისას ხდება. ადამიანს შეუძლია დაიმახსოვროს სხვა პირისთვის მიცემული დაპირება და ისიც მხოლოდ ხელოვნური ასოციაციების მეშვეობით, რომლის განათლებაც მასში ჩადეს. ისინი, თავის მხრივ, დაკავშირებულია კონცეფციებთან, რომლებიც ასევე ხელოვნურად არიან შექმნილნი "პატივის", "მოვალეობის", "პატიოსნების" სახელით და ასე შემდეგ. მაგრამ, თუ სიმართლეს ფართო გაგებით ვიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ თუ ადამიანს ერთი რამ ახსოვს,  დანარჩენი ათი ავიწყდება, რაც აშკარად გაცილებით მნიშვნელოვანია. ადამიანი განსაკუთრებით ადვილად ივიწყებს იმას, რაც საკუთარ თავს ეხება, მაგალითად იმ "მენტალურ ფოტოგრაფიას", რომელიც მანამდე ჰქონდა დაფიქსირებული. 

 ამის დაკვირვება ადამიანს თავისი შეხედულებებისა და მოსაზრებების სტაბილურობის არარსებობაში არწმუნებს. მას არ ახსოვს რა იფიქრა ან რა თქვა ცოტა ხნის წინ. ასევე, არც ის ახსოვს, როგორ ფიქრობდა ან როგორ ლაპარაკობდა. 

 ეს თავის მხრივ დაკავშირებულია ადამიანის მიერ საკუთარ თავთან და გარემოსთან მისი დამოკიდებულების ერთ-ერთ ფუნდამენტურ მახასიათებელთან. კერძოდ, ეს არის მუდმივი "გაიგივება" იმასთან, რაც მოცემულ მომენტში იპყრობს მის ყურადღებას, ფიქრებს, სურვილებს ან ფანტაზიას. 

 გაიგივება იმდენად გავრცელებული თვისებაა, რომ დაკვირვების მიზანში მისი დანარჩენი ასპექტებისგან განცალკევება საკმაოდ რთულია. ადამიანი ყოველთვის გაიგივების მდგომარეობაში იმყოფება და მხოლოდ მისი გაიგივების ობიექტი იცვლება. 

 ადამიანი გაიგივებას ახდენს მცირე პრობლემებთან, რომლებიც მას თავს ატყდება და ივიწყებს დიდ  მიზნებს, რომლითაც მან თავისი მოღვაწეობა დაიწყო. იგი თავს აიგივებს ერთ აზრთან და ივიწყებს ყველა დანარჩენს. ადამიანი გაივივებულია ერთ განცდასთან, ერთ განწყობასთან და ასე შემდეგ. მას ავიწყდება უფრო ფართომასშტაბიანი აზრები, ემოციები და განწყობები. თუნდაც საკუთარ თავზე მუშაობაში ადამიანები იმდენად არიან გაიგივებულნი ცალკეულ მიზნებში, რომ მხოლოდ ფოთლებს ხედავენ და ხეებს ვერ აღიქვამენ. მათთვის ორი ან სამი ხე მთელს ტყეს წარმოადგენს. 

 გაიგივება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მტერია, რადგან იგი ყველაფერში აღწევს და ადამიანს იმ მომენტში იტყუებს, როცა მას ეჩვენება, რომ გაიგივებას ებრძვის. გაიგივებისგან თავის დაღწევა განსაკუთრებულად რთულია, რადგან ადამიანი ბუნებრივად ხდება გაიგივებული მარტივ საგნებთან, რაც მას ყველაზე მეტად აინტერესებს და რაშიც იგი დროს და ყურადღებას დებს. გაიგივებისგან თავის დასაღწევად ადამიანი საკუთარ თავთან გამუდმებით ფხიზელი და დაუნდობელი უნდა იყოს, ანუ მას არ უნდა ეშინოდეს ყველა იმ დახვეწილი ფორმის დანახვა, რომელსაც გაიგივება ირგებს. 

 აუცილებელია საკუთარ თავში ამოვიცნოთ გაიგივების ფესვები. გაიგივებასთან ბრძოლის სირთულე სამომავლოდ კიდევ უფრო იზრდება, რადგან როდესაც ადამიანები მას საკუთარ თავში ამჩნევენ, ძალიან კარგ თვისებებად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ეს არის ეთუზიაზმი, ვნება, სპონტანურობა, შთაგონება და ასე შემდეგ. ადამიანები თვლიან, რომ მხოლოდ გაიგივების მდგომარეობაში შეუძლია ადამიანს კარგი შრომის გაწევა და არ აქვს მნიშვნელობა, რა სფერო იქნება ეს. სინამდვილეში, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ილუზიაა. ადამიანს გონივრულად არაფრის გაკეთება არ შეუძლია, როცა გაიგივების მდგომარეობაში იმყოფება. თუ ადამიანები ცხადად გააცნობიერებდნენ, რას ნიშნავს გაიგივებაში ყოფნა, ისინი აუცილებლად შეიცვლიდნენ თავიანთ აზრს. გაიგივების დროს ადამიანი ხდება ნივთი, უბრალო ხორცის ნაჭერი. იგი კარგავს თუნდაც იმ მცირედ ადამიანურ იერსახეს, რაც გააჩნია. აღმოსავლეთში, სადაც ადამიანები ჰაშიშს და სხვა ნარკოტიკებს ეწევიან, ხშირად იმდენად ვარდებიან გაიგივებაში, რომ ჰაშიში და ჩილიმი თავად საკუთარი თავი ჰგონიათ. არ ვხუმრობ, ეს ფაქტია. ადამიანი ასეთ დროს მართლა ჩილიმი ხდება. ეს არის გაიგივება. მაგრამ ასეთი გაიგივებისთვის ჰაშიში ან ოპიუმი სულაც არ არის საჭირო. შეხედეთ ხალხს მაღაზიებში, რესტორნებში, თეატრებში. ნახეთ, როგორ იგივდებიან სიტყვებთან, როდესაც კამათობენ და თავიანთი მოსაზრებების დამტკიცებას ცდილობენ. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როცა განსახილველ საკითხზე წარმოდგენაც არ აქვთ. ადამიანები თავად ხდებიან სიხარბის, სურვილების ან სიტყვების განსახიერებები. თავისთავად, მათში სხვა არაფერი რჩება. 

 გაიგივება არის მთავარი დაბრკოლება საკუთარი თავის გახსენების მცდელობებში. ადამიანი, რომელიც გაიგივებულია, საკუთარ თავს ვერ გაიხსენებს. გასახსენებლად პირველ რიგში აუცილებელია არ-გაიგივება. მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანმა არ-გაიგივება ისწავლოს, მან პირველ რიგში უნდა შეწყვიტოს საკუთარ თავთან გაიგივება. აღარ უნდა უწოდოს საკუთარ თავს "მე", ყოველთვის და ყველგან. მას უნდა ახსოვდეს, რომ მასში არის ორი ადამიანი: საკუთარი თავი და "მე", რომელიც საკუთარ თავად მიაჩნია. ადამიანმა ამ "მეს" გამუდმებით უნდა ებრძოლოს, თუ ნებისმიერ მომენტში რაიმეს მიღწევა უნდა. სანამ ადამიანი თავს აიგივებს ან გაიგივება შეუძლია, იგი ყველაფერზე დაქვემდებარებული მონაა, რაც კი შეიძლება, რომ შეემთხვას. თავისუფლება პირველ რიგში ნიშნავს გაიგივებისგან თავისუფლებას. 

 გაიგივების ზოგადი ფორმების შემდეგ პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს გაიგივების კონკრეტულ ფორმებს, კერძოდ, ადამიანებთან გაიგივებას, რაც "გათვალისწინების" ფორმას ღებულობს. 

 არსებობს რამდენიმე სახის გათვალისწინება. 

 ყველაზე გავრცელებულ შემთხვევაში ადამიანი ითვალისწინებს იმას, თუ რას ფიქრობენ სხვები მასთან დაკავშირებით, როგორ ექცევიან და რა დამოკიდებულებას იჩენენ მის მიმართ. ადამიანი ყოველთვის ფიქრობს, რომ სხვები მას საკმარისად არ აფასებენ და საკმარისად თავაზიანად არ ეპყრობიან. ადამიანს ყველაფერი აწამებს, რაც მასში გადამეტებული ფიქრის, ვარაუდების და ეჭვების გამო უზარმაზარი ენერგიის დაკარგვას იწვევს. ეს ყველაფერი მას უვითარებს უნდობლობას და მტრულ დამოკიდბეულებას გარშემომყოფი ადამიანების მიმართ. ადამიანი ითვალისწინებს როგორ უყურებდნენ, როგორ ფიქრობდნენ და რას ლაპარაკობდნენ მასზე, - ეს ყველაფერი მისთვის უდიდეს მნიშვნელობას იძენს.  

 ადამიანი ითვალისწინებს არამარტო ცალკეულ პირებს, არამედ საზოგადოებისა და ისტორიის მიერ შექმნილ პირობებს. ყველაფერი, რაც ადამიანს არ მოსწონს, უსამართლოდ, უკანონოდ, არასწორად და ალოგიკურად ეჩვენება. მისი განსჯის ამოსავალს წერტილს ყოველთვის ის იდეა ემყარება, რომ ყველაფერი უნდა შეიცვალოს. "უსამართლობა" არის ერთ-ერთი სიტყვა, რომელიც თითქმის ყოველთვის ამ შეხედულებების უკან იმალება. როდესაც ადამიანი უსამართლობით აღშფოთებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ასეთ შემთხვევაში მისთვის გათვალისწინების შეჩერება "უსამართლობასთან შერიგება" იქნება. 

 არსებობენ ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ უსამართლობას, წარუმატებლობას ან სხვის აზრებს ითვალისწინებენ, არამედ ამინდის პროგნოზსაც. სასაცილოდ ჟღერს მაგრამ ფაქტია. ადამიანებს შეუძლიათ გაითვალისწინონ კლიმატი, სიცხე, სიცივე, თოვლი, წვიმა. ადამიანი შეიძლება გააღიზიანოს ღრუბელმა, ან წვიმამ გაანაწყენოს და გააბრაზოს. ადამიანები ყველაფერს იმდენად პერსონალურად ღებულობენ, თითქოს სამყაროში ყველაფერი მათ საწინააღმდეგოდაა მიმართული ან პირიქით, ყველაფერი მისთვის სიამოვნებისა და ნეტარების მინიჭებას ემსახურება. 

 ეს ყველაფერი და კიდევ მრავალი სხვა, მხოლოდ გათვალისწინების ფორმაა. ასეთი გათვალისწინებები "მოთხოვნილებებს" ემყარება. ადამიანი შინაგანდ "ითხოვს", რომ ყველამ დაინახოს, რამდენად შესანიშნავი ადამიანია თავად და მუდმივად ყველას მხრიდან პატივისცემის გამოხატვის სურვილს განიცდის. მას უნდა, ყველამ ხაზი გაუსვას მის სილამაზეს, ინტელექტს, ორიგინალურობას და სხვა თვისებებს. ასეთი მოთხოვნილებები საკუთარ თავზე სრულიად ფანტასტიკურ წარმოდგენებს ეფუძნება, რომლებიც ხშირად გვხვდება ძალიან მოკრძალებულ ადამიანებთანაც. სხვადასხვა მწერლები, მსახიობები, მუსიკოსები, მხატვრები და პოლიტიკოსები გამონაკლისი არ გახლავთ და ისინი დანარჩენებივით ავადმყოფები არიან. რისგან იტანჯება თითოეული მათგანი? პირველ რიგში, ეს არის არაჩვეულებრივი წარმოდგენა საკუთარ თავზე, რომელსაც მოთხოვნილებები და გათვალისწინება მოჰყვება. საჭიროა წინასწარი მზადყოფნა შეურაცხყოფისათვის, გაგების ნაკლებობისთვის ან დაფასების სიმწირისათვის. 

არსებობს გათვალისწინების სხვა ფორმა, რომელსაც ადამიანისგან დიდი ენერგიის გამოცლა შეუძლია. ეს ფორმა იწყება იმით, რომ ადამიანი ფიქრობს: იგი სხვა ადამიანს საკმარისად არ ითვალისწინებს, რაც სხვაში განაწყენებას აღძრავს, რადგან იცის, რომ იგი საკმარისად გათვალისწინებული არ არის. ადამიანი იწყებს ფიქრს, რომ იგი სხვა ადამიანს საკმარის ყურადღებას არ აქცევს და მასზე საკმარისად არ ფიქრობს. ეს ყველაფერი უბრალოდ სისუსტეა. ადამიანებს ერთმანეთის ეშინიათ. მაგრამ ეს საკითხი შესაძლოა ძალიან შორს წავიდეს. ბევრი ასეთი შემთხვევა მინახავს. ამ გზით ადამიანს შეუძლია საბოლოოდ დაკარგოს საკუთარი ბალანსი, თუ საერთოდ გააჩნდა ასეთი რამ; შედეგად იგი სრულიად უაზრო მოქმედებების შესრულებას დაიწყებს. იგი საკუთარ თავზე გაბრაზდება, თვითგვემას დაიწყებს და ვეღარ გაჩერდება. ასეთ დროს მთელი აზრი გათვალისწინების არარსებობაში მდგომარეობს. თქვენ უნდა შეწყვიტოთ გათვალისწინება. 

 არსებობს იდენტური შემთხვევა, ალბათ კიდევ უფრო უარესიც, როცა ადამიანი თვლის, რომ რაღაც უნდა გააკეთოს, მაშინ როცა ფაქტობრივად ეს საერთოდ არ უნდა გააკეთოს. "უნდა" - "არ უნდა" ასევე რთული თემაა, ანუ ძნელი გასაგებია, როდის უნდა ადამიანს რაღაც ნამდვილად ან როდის არ უნდა. მოცემულ საკითხთან მიახლოება მხოლოდ "მიზნის" თვალსაზრისით არის შესაძლებელი. როდესაც ადამიანს მიზანი გააჩნია, მან მხოლოდ ის "უნდა" აკეთოს, რაც მიზანთან მიიყვანს, ხოლო "არ უნდა" აკეთოს ის, რაც ხელს უშლის მიზნისკენ. 

 როგორც უკვე ვთქვი, ადამიანები ძალიან ხშირად ფიქრობენ, რომ თუ საკუთარ თავში გათვალისწინების წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებენ, ეს მათ "არაგულწრფელობას" გაზრდის. მათ ამის ეშინიათ, რადგან ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში ისინი საკუთარ თავში რაღაც ნაწილს დაკარგავენ. ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება, რაც უარყოფითი ემოციების გამოხატვის წინააღმდეგ ბრძოლის შემთხვევაში. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ერთ შემთხვევაში ადამიანი ებრძვის ემოციების გარეგნულ გამოხატვას და სხვა შემთხვევაში შესაძლოა იგივე ემოციების შინაგან გამოვლინებასთან მოუწიოს ბრძოლა.

 გულწრფელობის დაკარგვის შიში, რა თქმა უნდა, თავის მოტყუებაა. ეს არის ტყუილის ერთ-ერთი გამოხატულება, რომელიც ადამიანურ სისუსტეებზეა დაფუძნებული. ადამიანს არ შეუძლია ამ ფაქტორების შინაგან ასპექტში ამოცნობა, გათვალისწინების შეჩერება და უსიამოვნო ემოციების გამოხატვა, რადგან იგი უბრალოდ სუსტია. 

 გაიგივება, გათვალისწინება და უარყოფითი ემოციების გამოხატვა სისუსტისა და საკუთარი თავის კონტროლის უქონლობის გამოვლინებაა. მაგრამ ადამიანს არ სურს საკუთარი სისუსტის აღიარება. ამის ნაცვლად, იგი მოცემულ გამოვლინებებს "გულწრფელობას" ან "პატიოსნებას" უწოდებს და საკუთარ თავს ეუბნება, რომ არ სურს გულწრფელობასთან ბრძოლა, სინამდვილეში კი მას უბრალოდ საკუთარ სისუსტეებთან ბრძოლა არ შეუძლია. 

 გულწრფელობა და პატიოსნება სინამდვილეში სულ სხვაა. ამ შემთხვევაში, რასაც ადამიანი გულწრფელობას ეძახის, სინამდვილეში საკუთარი თავის შეკავების სურვილზე უარის თქმას წარმოადგენს. გულის სიღრმეში ადამიანმა იცის, რომ ეს ასეა. მაგრამ ადამიანი გამუდმებით თავს იტყუებს. 

 

 აქამდე შინაგან გათვალისწინებაზე ვსაუბრობდი. ამასთან დაკავშირებით შესაძლებელია კიდევ მრავალი მაგალითი მოვიხმოთ. მაგრამ ეს თქვენ თავად უნდა გააკეთოთ, ანუ მაგალითები საკუთარ თავზე და სხვებზე დაკვირვებებში უნდა იპოვოთ. 

 შინაგანი გათვალისწინების საპირისპირო მხარე და ბრძოლის კიდევ ერთი ხაზი არის გარეგანი გათვალისწინება. გარეგანი გათვალისწინება ადამიანებთან ურთიერთობის სრულიად განსხვავებულ ასპექტებს ეფუძნება, ვიდრე შინაგანი გათვალისწინება. ეს არის ადამიანებთან ადაპტაცია, მათი მოთხოვნილებების გაგება. გარეგანი გათვალისწინებით ადამიანი ცხოვრებას უადვილებს როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებსაც. გარეგანი გათვალისწინება ადამიანების ჩვევების, გემოვნებისა და ცრურწმენების ცოდნას მოითხოვს. ამავდროულად, გარეგანი გათვალისწინება საკუთარ თავზე დიდ კონტროლს მოითხოვს. ხშირად ადამიანს სურვილი უჩნდება მეორე ადამიანის მიმართ გულწრფელად გამოხატოს რას ფიქრობს და რას გრძნობს მასთან დაკავშირებით. თუ იგი სუსტი ადამიანია, თავის სურვილებს უკონტროლოდ დაუთმობს გზას და შემდეგ თავს იმართლებს, რომ ტყუილი არ სურდა და უნდოდა უბრალოდ გულწრფელი ყოფილიყო. შემდეგ საკუთარ თავს დაარწმუნებს, რომ ეს სხვისი ბრალი იყო. ურთიერთობებში ხშირად ხდება, რომ ყველაფერი კურთხევით იწყება და წყევლით მთავრდება. ადამიანი იწყებს სხვისი გათვალისწინების დასრულებას და შემდეგ სხვას აბრალებს, რომ იგი თავად არ ითვალისწინებს მას. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ გადადის გარეგანი გათვალისწინება შინაგან გათვალისწინებაში. მაგრამ, თუ ადამიანს ნამდვილად ახსოვს საკუთარი თავი, მას ესმის, რომ სხვა ადამიანიც ისეთივე მანქანაა, როგორიც თავად არის. თუ ადამიანი შემდგომში საკუთარ პოზიციაზე დადგება, იგი ნამდვილად შეძლებს იმის გაგებას, თუ რას ფიქრობს და რას გრძნობს სხვა ადამიანი. თუ ადამიანს ამის გაკეთება შეუძლია, სამუშაო მისთვის უფრო ადვილი გახდება. მაგრამ, თუ ადამიანი მეორე ადამიანს საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით მიუახლოვდება, შედეგად მასში ახალი შინაგანი გათვალისწინების გარდა ვერაფერს მოიპოვებს.  

 სამუშაოში სწორი გარეგანი გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანებს გარეგანი გათვალისწინების იდეა კარგად ესმით, მაგრამ სამაგიეროდ სამუშაოში არ ესმით გარეგანი გათვალისწინების იდეა. მოსწავლეები თვლიან, რომ მუშაობის მიზეზით მათ უფლება აქვთ ერთმანეთი არ გაითვალისწინონ. სინამდვილეში, საკუთარ თავში წარმატებული მუშაობისთვის სკოლაში გარეგანი გათვალისწინება ათჯერ უფრო აუცილებელია, ვიდრე ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან მხოლოდ გარეგანი გათვალისწინება გვიჩვენებს სამუშაოს ღირებულებას და გაგების ხარისხს. სამუშაოში მიღწეული წარმატება ყოველთვის მის ღირებულებასთან და გაგებასთან არის პროპორციული. გახსოვდეთ, რომ მუშაობა ვერ დაიწყება და ვერ გაგრძელდება უფრო დაბალ დონეზე, ვიდრე ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანი იმყოფება ყოველდღიური ცხოვრების ფარგლებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზით მარტივად ივიწყებენ. მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ. 

 

 გურჯიევმა ერთ-ერთი მომდევნო საუბარი იმით დაიწყო, რომ ჩვენ საკუთარი პოზიციის სირთულეები გვავიწყდებოდა. 

 - თქვენ ძალიან გულუბრყვილოდ ფიქრობთ. უკვე ფიქრობთ, რომ რაღაცის კეთება შეგიძლიათ. ამ წარმოდგენისგან თავის დაღწევა ადამიანისთვის ყველაზე რთულია. თქვენ არ გესმით თქვენი არსების მთელი ორგანიზაციის სირთულე და ვერ ხვდებით, რომ ყველა ძალისხმევა, გარდა სასურველი შედეგებისა, (თუნდაც მას იძლეოდეს) კიდევ ათასობით მოულოდნელ და არასასურველ შედეგებს იძლევა. თქვენ გავიწყდებათ, რომ მუშაობას სუფთა და მწყობრში მყოფი მანქანით არ იწყებთ. თქვენს უკან მრავალწლიანი იდიოტური, არასოწრი და სულელური ცხოვრება იმყოფება, რომელიც სავსეა სისუსტით, საკუთარ შეცდომებზე თვალის დახუჭვით, უსიამოვნო ჭეშმარიტებების თავიდან აცილების მცდელობებით, საკუთარი თავის მიმართ მუდმივი ტყუილით, თავის გამართლებით, სხვების დადანაშაულებით და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მანქანაზე გავლენას ვერ მოახდენს. მანქანა ჭუჭყიანია და დაჟანგული, ზოგან კი ხელოვნურად მუშაობს, რომლის აუცილებლობაც მისმა არასწორმა მუშაობამ შექმნა. 

 ეს ხელოვნური მექანიზმები ამჟამად ხელს ძალიან შეგიშლით ყველა კეთილი განზრახვის შესრულებაში. 

 ამათ ეწოდებათ "ბუფერები".  

 ბუფერი არის ტერმინი, რომელიც განსაკუთრებულ ახსნას მოითხოვს. ჩვენ ვიცით, რომ ბუფერები რკინიგზის ვაგონებზე დაგებულ დამცავ საშუალებებს წარმოადგენენ. ეს ამცირებს ბიძგს, როდესაც ვაგონები ან სატვირთო მანქანები ერთმანეთს ეჯახებიან. ბუფერების გარეშე ბიძგი ძალიან უსიამოვნო და საშიში იქნება. ბუფერი ამცირებს დარტყმის შედეგებს და მათ შეუმჩნეველს ხდის. 

 ზუსტად იგივე "მოწყობილობა" გვხვდება ადამიანშიც. ბუფერი ბუნების მიერ არ არის შექმნილი; ამას ადამიანი ქმნის, თუმცა უნებლიედ. ბუფერის არსებობის მიზეზს ადამიანში მრავალი წინააღმდეგობის არსებობა წარმოადგენს. ესენია აზრების, გრძნობების, სიმპათიების, სიტყვებისა და მოქმედებების წინააღმდეგობები. თუ ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იგრძნობდა ყველა წინააღმდეგობას, რაც მასში იმყოფება, შედეგად აღარ ექნებოდა მშვიდად ცხოვრებისა და მოქმედების საშუალება, როგორიც ახლა აქვს. სახეზე გვექნებოდა მუდმივი არეულობა, მუდმივი ქაოსი. ჩვენ ვერ ვხედავთ, რამდენად წინააღმდეგობრივნი და მტრულად განწყობილნი არიან ჩვენში არსებული პიროვნებები ერთმანეთის მიმართ. თუ ადამიანი ამ წინააღმდეგობებს იგრძნობს, იგი დაინახავს, რას წარმოადგენს სინამდვილეში. ადამიანი ასეთ დროს იგრძნობს, რომ ჭკუიდან შეიშალა და საბოლოოდ გაგიჟდა. უფრო მეტიც, მათი დანახვა ადამიანს ართმევს თავდაჯერებულობას, ასუსტებს მის ენერგიას და უკარგავს "თავმოყვარეობას". ადამიანი ან უნდა დაეთანხმოს ამ მოცემულობას, ან ყველანარიად უნდა ეცადოს მის განდევნას. ადამიანმა უნდა გაანადგუროს წინააღმდეგობები ან როგორც მინიმუმ, მათი დანახვა. მაგრამ, არავის შეუძლია წინააღმდეგობების განადგურება, თუმცა, თუ მასში ბუფერები იარსებებს, იგი შეწყვიტავს ამ წინააღმდეგობების შეგრძნებას და ვეღარ იგრძნობს ურთიერთამომრიცხავ ემოციებს და განცხადებებს. 

 ბუფერები ნელა და თანდათანობით იქმნება. ე.წ. "განათლების" საშუალებით ადამიანში ხელოვნურად უამრავი ბუფერი იქმნება. დანარჩენი ბუფერები გარშემო არსებული ჰიპნოზური გავლენების შედეგად ჩნდება. ადამიანი გარშემორტყმულია სხვა ადამიანებით, რომლებიც ცხოვრობენ, საუბრობენ, ფიქრობენ და გრძნობენ ბუფერების მოქმედების შედეგად. მოსაზრებებში, ქმედებებში და სიტყვებში ადამიანი თავისდა უნებურად სხვებს ბაძავს და მათ მსგავს ბუფერებს ქმნის. ბუფერები ადამიანის ცხოვრებას აადვილებს. ბუფერების გარეშე ცხოვრება ძალიან რთულია. მაგრამ ისინი შინაგანი განვითარების შესაძლებლობაში ბარიერს ქმნიან, რადგან ბუფერები შოკის შესამცირებლად არიან შექმნილნი, ხოლო მოცემული მდგომარეობიდან ადამიანის გამოყვანა სწორედ შოკს შეუძლია, ანუ გამოღვიძებას. ბუფერი ადამიანს მძინარე მდგომარეობაში ინარჩუნებს, მას სასიამოვნო და მშვიდ შეგრძნებას აძლევს, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება, წინააღმდეგობები არ იარსებებს და მშვიდად დაძინება შეიძლება. ბუფერი არის მოწყობილობა, რომლის გამართლებაც ადამიანს მუდმივად შეუძლია. ბუფერი ადამიანს ეხმარება, არასდროს იგრძნოს თავისი სინდისი. 

 სინდისიც ისეთი ტერმინია, რომელსაც განსაკუთრებული ახსნა სჭირდება. 

 ჩვეულებრივ ცხოვრებაში სინდისის ცნება ძალიან მარტივად აღიქმება. ამ სიტყვას ისე ვიყენებთ, თითქოს სინდისი მართლაც გაგვაჩნდეს. ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა წმინდა წყლის უსინდისოა. სინამდვილეში, ცნება სინდისი ემოციურ სფეროში ისეთივე ადგილს იკავებს, როგორსაც ცნება ცნობიერება იკავებს ინტელექტუალურ სფეროში. ვინაიდან ჩვენ ცნობიერება არ გაგვაჩნია, შესაბამისად არ გაგვაჩნია სინდისიც. 

 ცნობიერება არის მდგომარეობა, რომელშიც ადამიანმა ერთდროულად იცის ყველაფერი, რა ცოდნასაც საერთო ჯამში ფლობს და ამავდროულად იგი ასეთ ცოდნაში იმ წინააღმდეგობებსაც ხედავს, რაც მან იცის. 

 სინდისი არის მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი ერთდროულად გრძნობს ყველაფერს, რასაც ზოგადად გრძნობს, ან შეუძლია იგრძნოს. ვინაიდან ყველა ადამიანში ათასობით ურთიერთგამომრიცხავი გრძნობა არსებობს, რომლებიც საკუთარი არარსებობის ღრმა რეალიზაციებში იმალებიან, იგი მოიცავს ყველაფრის მიმართ არსებულ შიშებს და ყველაზე სულელური სახის თავმოყვარეობას, თავდაჯერებულობას, თვითკმაყოფილებას, საკუთარი თავის შექებას და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის ერთდროულად შეგრძნება არა მხოლოდ მტკივნეული, არამედ ფაქტობრივად აუტანელიც იქნებოდა. 

 თუ ადამიანი, - რომლის მთელი შინაგანი სამყარო წინააღმდეგობებისაგან შედგება - ერთდორულად იგრძობს ყველა ამ წინააღმდეგობას, იგი ჭკუიდან გადავა. წარმოიდგინეთ აღმოჩენა, რომ ერთბაშად გძულთ ყველაფერი, რაც გეგონათ რომ გიყვარდათ და ერთბაშად გიყვართ ყველაფერი, რაც გეგონათ, რომ გძულდათ. წარმოიდგინეთ აღმოჩენა, რომ როცა იტყუებით, სიმართლეს ამბობთ, ხოლო როცა სიმართლეს ამბობთ, იტყუებით. ამ ყველაფრის შედეგად განცდილი საშინელი შეგრძნება არის მდგომარეობა, რასაც სინდისი ჰქვია. ადამიანი ამჟამად ასეთ მდგომარეობაში ვერ იცხოვრებს. იგი ვერ გაუძლებს, ჭკუიდან გადავა, თავს მოიკლავს. შედეგად, მან უნდა აირჩიოს: ან წინააღმდეგობები გაანადგუროს, ან სინდისი. ადამიანს არ შეუძლია სინდისის განადგურება, მაგრამ შეუძლია, რომ იგი მძინარე მდგომარეობაში ამყოფოს, დაშორდეს ან მის წინააღმდეგ გადაულახავი ბარიერები ააშენოს. შედეგად იგი არასოდეს იგრძნობს შეუთავსებლობას, წინააღმდეგობას და აბსურდულობას, რაც მისგან ხელის გაწვდენის მანძილზე არსებობს. 

 საბედნიეროდ, ადამიანებში სინდისის ასეთი მდგომარეობა იშვიათია, რაც ძილისთვის და სიმშვიდისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ადრეული ბავშობიდან ადამიანში ბუფერები ზრდას და გაძლიერებას იწყებენ, რაც თრგუნავს შინაგანი წინააღმდეგობების დანახვის შესაძლებლობას, ამიტომ, ადამიანისთვის უეცარი გამოღვიძების საფრთხე არ არსებობს. გამოღვიძება მხოლოდ იმათთვისაა შესაძლებელი, ვინც ამას ეძებს, ვინც საკუთარ თავთან ბრძოლისთვის მზადაა და საკუთარ თავზე მუშაობას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დაჟინებით აპირებს. ამისათვის საჭიროა ბუფერების განადგურება, ანუ ყველა იმ შინაგან ტანჯვასთან შესახვედრად მზაობა, რომელიც წინააღმდეგობების შეგრძნებასთან არის დაკავშირებული. უფრო მეტიც, ბუფერების განადგურება თავისთავად ძალიან დიდ შრომას მოითხოვს და ადამიანმა ამ სამუშაოს იმის გაცნობიერებით უნდა დათანხმდეს, რომ იგი მზად არის ყველა შესაძლო დისკომფორტისთვის და ტანჯვისთვის, რასაც სინდისის გამოღვიძება იწვევს. 

 მაგრამ, სინდისი სწორედ ის ცეცხლია, რომელსაც შუშის რეტორტში ყველა იმ ფხვნილის შერწყმა შეუძლია, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ. ეს ქმნის ერთიანობას, რომელიც ადამიანს საკუთარ თავზე მუშაობის დასაწყისში აკლია. 

 სინდისის ცნებას არაფერი აქვს საერთო მორალის ცნებასთან. 

 სინდისი საერთო და მუდმივი მოვლენაა. იგი ყველა ადამიანისთვის ერთი და იგივეა და მისი არსებობა მხოლოდ ბუფერების არარსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი. ადამიანის სხვადასხვა კატეგორიის გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი სინდისი არსებობს ადამიანში, რომელშიც წინააღმდეგობები არ არსებობენ. ასეთი სინდისი ტანჯვა არ არის. პირიქით, ეს არის სრულიად ახალი პიროვნების მიერ განცდილი სიხარული, რომლის გაგებაც ჩვენ არ შეგვიძლია. მაგრამ, ათასობით წინააღმდეგობით სავსე ადამიანში თუნდაც წამიერი სინდისის გამოღვიძება ტანჯვას იწვევს. თუ ასეთი სინდისის მომენტები გახანგრძლივდება, თუ ადამიანს მისი არ შეეშინდება და მასთან თანამშრომლობასა და შენარჩუნების მცდელობებს დაიწყებს, მაშინ ეს ძალიან დახვეწილი სიხარულის ელემენტად იქცევა. ამ მომენტებში მომავალი "ნათელი ცნობიერების" ელემენტები ადამიანში შემოდის და ადამიანი მის არსებობას წინასწარ უსინჯავს გემოს. 

 მორალის ცნებაში ზოგადი არაფერია. მორალი ბუფერებისგან შედგება. არ არსებობს ზოგადი მორალი. ის, რაც ჩინეთში მორალურია, ევროპაში ამორალურია და პირიქით. რაც პეტერბურგში მორალურია, კავკასიაში ამორალურია და პირიქით. მორალი საზოგადოების კლასებზეა დამოკიდბეული. იგი ყოველთვის და ყველგან ხელოვნური ფენომენია. მორალი სხვადასხვა "ტაბუებს", შეზღუდვებს და მოთხოვნილებებს შეიცავს, რომლებიც ზოგჯერ საფუძველში გონივრული იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მნიშვნელობა დაკარგეს, ან დასაწყისშივე არ ჰქონდათ არანაირი მნიშვნელობა და ცრუ საფუძველზე არიან შექმნილნი, ცრურწმენებისა და ცრუ შიშების ნიადაგზე. 

 მორალი ბუფერებისგან შედგება. ვინაიდან ბუფერები სხვადასხვა სახის არსებობს და სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივი კლასები ერთმანეთისგან მნშვნელოვნად განსხვავდება, მათ მიერ შექმნილი მორალი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული და წინააღმდეგობრივია. ყველასთვის საერთო მორალი არ არსებობს. იმის თქმაც შეუძლებელია, რომ მორალის რაიმე ზოგადი იდეა არსებობს, თუნდაც მხოლოდ ევროპაში. ხანდახან ამბობენ, რომ ევროპისათვის ზოგადი მორალი არის "ქრისტიანული მორალი". მაგრამ პირველ რიგში, ქრისტიანული მორალის იდეა თავის თავში მრავალ განსხვავებულ ინტერპრეტაციას მოიცავს და უამრავი დანაშაული ქრისტიანული მორალის სახელით მართლდება.  მეორეს მხრივ, თანამედროვე ევროპას ძალიან ცოტა საერთო აქვს ქრისტიანულ მორალთან. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გვესმის მორალის იდეა. 

 ყოველ შემთხვევაში, თუ ქრისტიანულმა მორალმა ევროპა ისეთ ომამდე მიიყვანა, როგორსაც ახლა ვხედავთ, უმჯობესია მაქსიმალურად შორს ვიყოთ ასეთი მორალისგან. 

 - ბევრი ამბობს, რომ თქვენი სწავლების მორალური მხარე არ ესმის. - თქვა ერთ-ერთმ დამსწრემ. - ხოლო სხვები ამბობენ, რომ თქვენ სწავლებას საერთოდ არ აქვს მორალი. 

 - რა თქმა უნდა, არ აქვს. - თქვა გურჯიევმა. - ხალხს ძალიან უყვარს მორალზე საუბარი. მაგრამ მორალი მხოლოდ საკუთარი თავის შეთავაზებაა. რაც საჭიროა, ეს არის სინდისი. ჩვენ მორალს არ ვასწავლით. ჩვენ ვასწავლით სინდისის პოვნას. ხალხს არ სიამოვნებს, როდესაც ამას ვამბობთ. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ სიყვარული არ გვაქვს, და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ სისუსტეს და თვალთმაქცობას მხარს არ ვუჭერთ, ხოლო ამის ნაცვლად ყველა ნიღაბის ჩამოხსნას ვცდილობთ. ვისაც სიმართლე სურს, არ მოუნდება სიყვარულზე და ქრისტიანობაზე საუბარი, რადგან მან იცის, რამდენად შორს არის ამ ყველაფრისგან. ქრისტიანული სწავლება ქრისტიანებისთვის არსებობს. ხოლო ქრისტიანი მხოლოდ ის არის, ვინც ყოველთვის, ყველა ასპექტში ქრისტეს მცნებების მიხედვით ცხოვრობს. შეუძლიათ სიყვარულზე და ქრისტიანობაზე მოლაპარაკე ადამიანებს ქრისტეს მცნებების მიხედვით ცხოვრება? რა თქმა უნდა, არ შეუძლიათ. მაგრამ ხალხში ასეთი საუბარი ყოველთვის იქნება, რადგან ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომელთათვსიაც სიტყვა ყველა დანარჩენზე ძვირფასია. მაგრამ ეს არის ნამდვილი ნიშანი! ვინც ასე ლაპარაკობს, ცარიელი ადამიანია. მასზე დროის დაკარგვა არ ღირს. 

 მორალი და სინდისი ერთმანეთისგან განსხვავებული რამაა. ერთი ადამიანის სინდისი ვერასოდეს შეეწინააღმდეგა მეორე ადამიანის სინდისს. ერთის მორალი ყოველთვის ძალიან ადვილად შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს და სრულიად უარყოს მეორეს მორალი. ბუფერების მქონე ადამიანი შეიძლება ძალიან მორალური იყოს. ბუფერები შესაძლოა ძალიან განსხვავებულნი იყვნენ, ანუ ორმა ძალიან მორალურმა ადამიანმა შესაძლოა ერთმანეთი ძალიან ამორალურად მიიჩნიოს. როგორც წესი, ეს თითქმის გარდაუვალია. რაც უფრო მორალურია ადამიანი, მით უფრო ამორალურად თვლის სხვა მორალურ ადამიანებს. 

 მორალის იდეა სიკეთისა და ბოროტების იდეასთან არის დაკავშირებული. სიკეთისა და ბოროტების იდეა ყოველთვის განსხვავებულია სხვადასხვა ადამიანისთვის. ადამიან ნომერ პირველში, მეორეში და მესამეში იგი ყოველთვის სუბიექტურია. სუბიექტურ ადამიანს სიკეთისა და ბოროტების შესახებ ზოგადი კონცეფცია ვერ ექნება. სუბიექტური ადამიანისთვის ბოროტება არის ყველაფერი, რაც მის სურვილებს ეწინააღმდეგება, ხოლო სიკეთე ის არის, რაც მის სურვილებს ემთხვევა. 

 შეიძლება ითქვას, რომ სუბიექტური ადამიანისთვის ბოროტება საერთოდ არ არსებობს; მისთვის არსებობს მხოლოდ სიკეთის განსხვავებული წარმოდგენები. არავინ არაფერს აკეთებს მიზანმიმართული ბოროტების ინტერესებიდან გამომდინარე. ყველა ყველაფერს სიკეთის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს, ცხადია იმ გაგებით, როგორც მას სიკეთე ესმის. სიკეთე ყველა ადამიანს განსხვავებულად ესმის. შედეგად, ადამიანები სიკეთის ინტერესებისთვის ასახიჩრებენ, აწამებენ და ერთმანეთს ხოცავენ. მიზეზი ისევ და ისევ იგივეა, ადამიანთა უცოდინრობა და ღრმა ძილი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. 

 ეს იმდენად აშკარაა, რომ უცნაურადაც კი გამოიყურება, როგორ არ უფიქრია ხალხს ამაზე მთელი ამ დროის მანძილზე. თუმცა ფაქტია, რომ ამას ვერავინ ხვდება და ყველას მიაჩნია, რომ მისი სიკეთე ერთადერთია, ხოლო ყველა დანარჩენის ბოროტებაა. გულუბყვილო და უსარგებლოა იმედი გვქონდეს, რომ ადამიანები ამას ოდესმე გაიგებენ და ერთობლივ იდეას განავითარებენ საყოველთაო სიკეთის შესახებ.

- მაგრამ, არსებობს თუ არა სიკეთე და ბოროტება თავისთავად ადამიანის გარეთ? ადამიანის გარეშე? - იკითხა ვიღაცამ.

 - არსებობს. - უპასუხა გურჯიევმა, - მაგრამ ეს ჩვენგან ძალიან შორსაა და ამის განხილვა არც კი ღირს, თუნდაც მის გაგებას ამჟამად მთელი ძალებით ეცადოთ. უბრალოდ ერთი რამ დაიმახსოვრეთ. სიკეთისა და ბოროტების ერთადერთი შესაძლო მუდმივი წარმოდგენა ადამიანისთვის ევოლუციის იდეასთან არის დაკავშირებული. აქ იგულისხმება არა მექანიკური ევოლუცია, არამედ ადამიანის ცნობიერი განვითარებით გაწეული ძალისხმევა, მისი არსების შეცვლა, ერთიანობის შექმნა და მასში მუდმივი მეს ჩამოყალიბება. 

 სიკეთისა და ბოროტების მუდმივი წარმოდგენა შეიძლება ადამიანში ჩამოყალიბდეს მუდმივი მიზნისა და სარგებლის გაგებით. თუ ადამიანს ესმის, რომ სძინავს და ძილიდან გამოღვიძება უნდა, მაშინ ყველაფერი, რაც გამოღვიძებაში დაეხმარება სიკეთე იქნება, ხოლო ყველაფერი, რაც მის ძილს გაახანგრძლივებს - ბოროტება. ზუსტად ასევე, იგი გაიგებს რა წარმოადგენს სიკეთეს და ბოროტებას სხვა ადამიანებისთვის. რაც მათ გაღვიძებაში ეხმარება სიკეთეა, ხოლო რაც ხელს უშლის, ბოროტებაა. მაგრამ ეს მხოლოდ მათთვისა ასე, ვისაც გაღვიძება სურს, ანუ ვისაც ესმის, რომ სძინავს. დანარჩენ ადამიანებს არ შეუძლიათ სიკეთისა და ბოროტების გაგება. ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ აცნობიერებს და ვერც ვერასოდეს მიხვდება, რომ სძინავს და სიკეთე და ბოროტება მისთვის რეალურად არსებობს. 

 მაგრამ, რა თქმა უნდა, მძინარე ადამიანების უმეტესობა იტყვის, რომ მათ მიზანი გააჩნიათ და ეს რაღაც წარმატების მიღწევას წარმოადგენს. იმის გაცნობიერება, რომ ადამიანს მიზანი არ გააჩნია და ვერაფერს მიაღწევს, არის მოახლოებული გამოღვიძების პირველი ნიშანი. ასეთ დროს გამოღვიძების შანსი ადამიანისთვის მართლაც შესაძლებელი ხდება. გამოღვიძება იწყება მაშინ, როცა ადამიანი ხვდება რომ არსად მიდის და არ იცის სად წავიდეს.

 

 როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს მრავალი თვისება, რომელსაც ადამიანები საკუთარ თავს მიაწერენ, რაც რეალურად შესაძლოა მხოლოდ უმაღლესი დონის ადამიანებს ეკუთვნოდეთ, რომლებიც განვითარებისა და ევოლუციის უფრო მაღალ ხარისხზე იმყოფებიან, ვიდრე ადამიანი ნომერი ერთი, ორი და სამი. ინდივიდუალობა, ერთი და მუდმივი მე, ცნობიერება, ნება, კეთების უნარი, შინაგანი თავისუფლების მდგომარეობა, ეს ყველაფერი ის თვისებებია, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი საკუთარ თავზე მიიწერს, მაგრამ არ ფლობს. იმავე კატეგორიას მიეკუთვნება სიკეთისა და ბოროტების იდეა, რომლის არსებობაც დაკავშირებულია მუდმივ მიზანთან, მუდმივ მიმართულებასთან და მუდმივ სიმძიმის ცენტრთან. 

 სიკეთისა და ბოროტების იდეა ზოგჯერ სიმართლისა და სიცრუის იდეასთან არის დაკავშირებული. მაგრამ, ისევე როგორც ჩვეულებრივი ადამიანისთვის სიკეთე და ბოროტება არ არსებობს, იგივე ასპექტში არ არსებობს სიმართლე და სირცუეც. 

 მუდმივი სიმართლე და მუდმივი სიცრუე მხოლოდ მუდმივი ადამიანისთვის შეიძლება არსებობდეს. თუ ადამიანი მუდმივად იცვლება, მაშინ მისთვის სიმართლეც და სიცრუეც მუდმივად იცვლება. და თუ ადამიანები ყოველ მოცემულ მომენტში სხვადასხვა მდგომარეობაში იმყოფებიან, შესაბამისად მათი შეხედულებები ჭეშმარიტების შესახებ ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მათი წარმოდგენები სიკეთის შესახებ. ადამიანი ვერასდროს ამჩნევს, როგორ მიიჩნევს სიმართლედ იმას, რასაც გუშინ მანკიერებად მიიჩნევდა და პირიქით. ასეთი გადასვლები ისევე შეუმჩნეველია, როგორც ერთი მე-დან მეორე მე-ში გადასვლის შეუმჩნევლობა. 

 ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებაში სიმართლეს და სიცრუეს არანაირი მორალური ღირებულება არ გააჩნია, რადგან ადამიანი ვერასოდეს შეინარჩუნებს თუნდაც ერთადერთ სიმართლეს. მისი სიმართლე იცვლება. თუ გარკვეული დროის მანძილზე სიმართლე არ იცვლება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ბუფერი ინარჩუნებს. შესაბამისად, ადამიანის სიმართლეს და სიცრუეს ღირებულება არ გააჩნია: არც ერთი მათგანი თავად მასზე არ არის დამოკიდებული, რადგან ორივე მათგანი შემთხვევითობის მიერ იმართება. ეს თანაბრად მართალია ადამიანის სიტყვების, აზრების, გრძნობების და წარმოდგენების შემთხვევაშიც. 

 ცხოვრებაში სიმართლისა და სიცრუის ურთიერთმიმართების გასაგებად, ადამიანმა საკუთარ თავში სიცრუე და განუწყვეტელი ტყუილი უნდა გაიგოს, რომელსაც მუდმივად წარმოთქვამს.  

 ეს ტყუილები ბუფერების მიერ იქმნება. მათ გასანადგურებლად პირველ რიგში ბუფერები უნდა განადგურდეს. მაგრამ ადამიანი ბუფერების გარეშე ვერ იცხოვრებს. ბუფერები ავტომატურად აკონტროლებენ ადამიანის ქმედებებს, სიტყვებს, აზრებს და შეგრძნებებს. თუ ბუფერები განადგურდებოდა, მაშინ მასთან ერთად გაქრებოდა ყოველგვარი კონტროლიც. ადამიანი ვერ იარსებებს კონტროლის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ავტომატური კონტროლია. ბუფერების გარეშე ცხოვრება მხოლოდ ისეთ ადამიანს შეუძლია, რომელსაც ნება, ანუ ცნობიერი კონტროლი გააჩნია. შესაბამისად, თუ ადამიანი საკუთარ თავში ბუფერების გადადგურებას დაიწყებს, მან პარალელურად უნდა დაიწყოს ნების განვითარება. ვინაიდან ნება დროის მოკლე მონაკვეთში ვერ შეიქმნება, ადამიანი შესაძლოა განადგურებული ბუფერების წინაშე სუსტ მდგომარეობაში დარჩენილი აღმოჩნდეს. ერთადერთი შანსი, რაც მას ასეთ დროს ექმნება, სხვისი ნების დახმარებით წინსვლაა, რომელიც სხვა ადამიანს გაძლიერებული აქვს. 

 სწორედ ამიტომ, სასკოლო სამუშაოებში, რომელიც ბუფერების განადგურებას მოიცავს, ადამიანი მზად უნდა იყოს, რათა სხვის ნებას დაემორჩილოს, სანამ მისი ნება ბოლომდე არ განვითარდება. როგორც წესი, პირველ რიგში სხვა ადამიანის ნებაზე დაქვემდებარება ისწავლება. მე ვიყენებ სიტყვას "სწავლა", რადგან ადამიანმა უნდა გაიგოს, რატომ არის ასეთი მორჩილება აუცილებელი და რატომ უნდა ისწავლოს მან მორჩილება. ეს უკანასკნელი სულაც არ არის ადვილი. თვით-შესწავლის დასაწყისში ადამიანი საკუთარი თავის კონტროლის მიზნით დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილებების დაჯერებას იწყებს. თუნდაც ის, რომ მან ცვლილების აუცილებლობა დაინახა, იგი საკუთარი თავის რწმენას გაუძლიერებს. მაგრამ, როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობას დაიწყებს, მან თავისი გადაწყვეტილებები უნდა დათმოს, "გადაწყვეტილებები მსხვერპლად უნდა გაიღოს", რადგან სხვაგვარად მისი ხელმძღვანელის ნება მუშაობაში ადამიანის ქმედებებს ვერ გააკონტროლებს.

 რელიგიურ სკოლებში მორჩილება ყველაფერზე უპირველესად მოითხოვება, რომელიც გაუგებარ წარმოდგენას გვიქმნის. მეოთხე გზაში ყველაფერზე უპირველესად გაგება მოითხოვება. ძალისხმევის შედეგი ყოველთვის გაგების პროპორციულია. 

 საკუთარ გადაწყვეტილებებზე უარის თქმამ და სხვისი ნებისადმი დაქვემდებარებამ შესაძლოა ადამიანს გადაულახავი დაბრკოლება შეუქმნას, თუ იგი იმის გაგებას ვერ მოახერხებს, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე გარეგან გავლენებს ექვემდებარებოდა და არასოდეს ჰქონია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს. იგი მიიჩნევს, რომ მას თავისუფალი არჩევანის უფლება გააჩნია. მისთვის ძნელია უარი თქვას ილუზიაზე, რომ იგი თავად წარმართავს საკუთარ ცხოვრებას. მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობა შეუძლებელია, სანამ ადამიანი ამ ილუზიისგან არ განთავისუფლდება. 

 ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ იგი არ არსებობს. უნდა დაინახოს, რომ მას არაფრის დაკარგვა არ შეუძლია, რადგან დასაკარგი არაფერი აქვს. მან უნდა გააცნობიეროს ცნება "არაფერი", ამ სიტყვის სრული გაგებით. 

 მხოლოდ საკუთარი არარსებობის ცნობიერებას შეუძლია სხვისი ნებისადმი დაქვემდებარების შიშის დამარცხება. რაც არ უნდა უცნაური ჩანდეს, ეს შიში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დაბრკოლებაა ადამიანის გზაზე. ყველას ეშინია, რომ იგი იძულებული იქნება გააკეთოს ისეთი რამ, რაც მის იდეებს, შეხედულებებს და პრინციპებს ეწინააღმდეგება. უფრო მეტიც, ეს შიში მასში მომენტალურად ჩნდება. სწორედ ასეთი ილუზიაა ხელის შემშლელი ფაქტორი, თითქოს მას მართლაც გააჩნია იდეები, შეხედულებები და პრინციპები, რაც სინამდვილეში არასოდეს ჰქონია. ადამიანი, რომელსაც თავის სიცოცხლეში მორალზე არასოდეს უფიქრია, მომენტალურად იწყებს ფიქრს, რომ მისთვის უზნეო საქმის კეთებას აიძულებენ. ადამიანი, რომელსაც არასოდეს უფიქრია თავის ჯანმრთელობაზე და რომელმაც ყველაფერი გააკეთა მის დასანგრევად, იწყებს იმის შიშს, რომ მას რაღაც საზიანოს გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ადამიანს, რომელიც ყველას ყოველთვის ატყუებდა, ეშინია, რომ სიცრუეში შეიყვანენ. ერთ ლოთს ვიცნობდი, რომელსაც ყველაზე მეტად იმის ეშინოდა, რომ დალევას აიძულებდნენ. 

 სხვისი ადამიანის ნებაზე დაქვემდებარების შიში ხშირად ყველაფერ დანარჩენზე ძლიერია. ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ ცნობიერი დაქვემდებარება ერთადერთი გზა არის საკუთარი ნების მოსაპოვებლად. 

 

 შემდეგ შეხვედრაზე გურჯიევმა საუბარი ნების საკითხით დაიწყო:

 - საკუთარი ან სხვისი ნების საკითხი გაცილებით რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ადამიანს არ გააჩნია საკმარისი ნება საკუთარი თავის და მისი ქმედებების გასაკონტროლებლად, თუმცა მას შესაძლოა გააჩნდეს საკმარისი ნება, რომ სხვის ნებას დაემორჩილოს. მხოლოდ ამ გზით შეუძლია მას თავი დააღწიოს შემთხვევითობის კანონისგან. სხვა გზა არ არსებობს. 

 ადრე აღვნიშნე ადამიანის ცხოვრებაში ბედისწერა და შემთხვევა. ახლა ამ სიტყვებს უფრო დეტალურად განვიხილავთ. ბედისწერა არსებობს, მაგრამ არა ყველასთვის. ადამიანთა უმეტესობა საკუთარ ბედისწერას დაშორებულია და მხოლოდ შემთხვევითობის კანონში ცხოვრობს. ბედისწერა არის პლანეტარული გავლენების შედეგი, რომელიც ადამიანის ტიპებს შეესაბამება. ამ ტიპებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამასობაში ერთი რამ უნდა გაითავისოთ, ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ბედისწერა, რომელიც მის ტიპს შეესაბამება, მაგრამ პრაქტიკულად არასოდეს განიცხოვროს იგი. ეს ხდება იმ მიზეზით, რომ ბედისწერა ადამიანის მხოლოდ ერთ ნაწილს ეხება, რომელსაც არსება ეწოდება. 

 უნდა გავიგოთ, რომ ადამიანი ორი ნაწილისგან შედგება: პიროვნებისგან და არსებისგან. არსება არის ის, რაც ადამიანს ეკუთვნის. პიროვნება ის არის, რაც მას არ ეკუთვნის. ეს ნიშნავს, რომ პიროვნება გარედან არის მოსული, საკუთრებას არ წარმოადგენს და ასახავს იმას, რაც ადამიანმა ცხოვრების მანძილზე ისწავლა, რა დააგროვა მეხსიერებაში და შთაბეჭდილებებში, ყოველი სიტყვით, მოძრაობით, ქმედებით, მიბაძვით შექმნილი ყველა შეგრძნება, - ეს ყველაფერი მისი საკუთარი არ არის, და სწორედ ესაა პიროვნება. 

 ჩვეულებრივი ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ადამიანის დაყოფა პიროვნებად და არსებად, ძნელად გასაგებია. აღოვაჩენთ, რომ ფსიქოლოგიაში ასეთი დაყოფა საერთოდ არ არსებობს.

 პატარა ბავშვს პიროვნება ჯერ არ აქვს. იგი ის არის, რაც სინამდვილეშია, ანუ პატარა ბავშვი მთლიანად მისი არსებაა. იგი თავის ყველა სურვილს, მოწონებას, არმოწონებას და არსების დანარჩენ ასპექტებს ისე გამოხატავს, როგორც არის. 

 მაგრამ, როგორც კი ე.წ. "განათლება" იწყება, პიროვნება იწყებს ზრდას. პიროვნება ნაწილობრივ სხვა ადამიანების მიზანმიმართული გავლენით იქმნება, ანუ "განათლებით", ხოლო ნაწილობრივ თავად ბავშვის მიერ მათი უნებლიე მიბაძვით. პიროვნების შექმნაში ასევე დიდ როლს თამაშობს "წინააღმდეგობა", რომლის დროსაც ბავშვი გარშემომყოფებისგან ცდილობს დამალოს ის, რაც "მისი საკუთარი" ან "რეალურია". 

 არსება ჭეშმარიტია. პიროვნება ყალბია. მაგრამ, პიროვნების პროპორციულ ზრდასთან ერთად, არსება უფრო და უფრო იშვიათად და სუსტად ვლინდება, რის შედეგადაც ძალიან ხშირად არსება ჯერ კიდევ ძალიან ადრეულ ასაკში ზრდას ვეღარ ახერხებს და აღარ იზრდება. ძალიან ხშირად ისე ხდება, რომ უაღრესად "განათლებული" და ინტელექტუალური ადამიანის არსება ხუთი ან ექვსი წლის ბავშვის დონეზე იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც ამ ადამიანში ვხედავთ, მას არ ეკუთვნის. ასეთ დროს მისი არსება მხოლოდ ინსტინქტებში და უმარტივეს ემოციებში გამოიხატება. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როცა არსება პიროვნების პარალელურად იზრდება. ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათ გამონაკლისებს წარმოადგენს, განსაკუთრებით თანამედროვე კულტურული ცხოვრების პირობებში. არსების განვითარებას უფრო მეტი შანსი აქვს ისეთ ადამიანებში, რომლებიც ბუნებასთან ახლოს ცხოვრობენ და რთულ პირობებში მუდმივად ებრძვიან საფრთხეებსა და გამოწვევებს.

 მაგრამ, როგორც წესი, ასეთ ადამიანებს პიროვნება აქვთ განუვითარებელი. ანუ მათ აკლიათ განათლება და კულტურა. კულტურა ქმნის პიროვნებას და ამავდროულად თავად არის პიროვნების პროდუქტი. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება, რასაც ჩვენ ცივილიზაციას, ხელოვნებას, მეცნიერებას, ფილოსოფიას და პოლიტიკას ვუწოდებთ, ადამიანში პიროვნებას ქმნის, ანუ ისეთ რაღაცას, რაც ადამიანს არ ეკუთვნის. 

 ელემენტი, რომელიც ადამიანში "არა-საკუთარისგან" განსხვავდება, წარმოადგენს იმას, რომ საკუთარს ადამიანი ვერ დაკარგავს, ხოლო ყველაფერი დანარჩენი შესაძლოა დაიკარგოს, შეიცვალოს ან ხელოვნურად გაქრეს. 

 პიროვნებასა და არსებას შორის ურთიერთობის ექსპერიმენტული მეთოდი არსებობს. აღმოსავლურ სკოლებში გვხვდება გზები და საშუალებები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია პიროვნების არსებისგან გამიჯვნა. თუ პიროვნება და არსება ადამიანში დროებით გამოიყოფა, ისეთი განცდა იქმნება, თითქოს ადამიანში ორი პიროვნება ჩნდება, რომლებიც განსხვავებული ხმებით ლაპარაკობენ, სრულიად განსხვავებული გემოვნება, მიზნები და ინტერესები გააჩნიათ, ხოლო აქედან ერთ-ერთი მათგანი ხშირად ამტკიცებს, რომ პატარა ბავშვის დონეზე იმყოფება. შემდგომში ექსპერიმენტის გაგრძელება შესაძლებელია იმგვარად, რომ ამ ქმნილებათაგან ერთ-ერთმა დაიძინოს. მსგავსი მეთოდით ექსპერიმენტის თავდაპირველად დაწყებაც შესაძლებელია. ზოგიერთ ნივთიერებას პიროვნების დაძინების საშუალება აქვს, თანაც იმგვარად, რომ არსებაზე გავლენა არ მოახდინოს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ ნივთიერების მიღების შედეგად ადამიანში პიროვნება ქრება და მხოლოდ მისი არსება რჩება. ადამიანი ასეთ მომენტში ხვდება, რომ აქამდე არსებული ყველაზე მრავალფეროვანი და ამაღლებული იდეები, სიმპათიები, ანტიპათიები, სიყვარული, სიძულვილი, მიჯაჭვულობი, პატრიოტიზმი, გემოვნება, სურვილები, რწმენა-წარმოდგენები და ჩვევები მასში ცარიელდება. აზრები და ემოციები ქრება. ყველაფერი, რაც ადამიანს აქამდე აღიზიანებდა, ახლა სრულიად გულგრილს ტოვებს. ის, რის გამოც აქამდე სიცოცხლესაც გაიღებდა, ახლა სასაცილოდ და ყურადღების ღირსად აღარ ეჩვენება. ერთადერთი, რისი აღმოჩენაც ადამიანს ასეთ დროს საკუთარ თავში შეუძლია, ინსტინქტური მიდრეკილებები და გემოვნების მცირე პორციებია. მას უყვარს ტკბილეული, სითბო, არ უყვარს სიცივე, მუშაობა ან პირიქით, ფიზიკური მოძრაობის იდეა ხიბლავს. სულ ესაა. 

 ზოგჯერ, თუმცა ძალიან იშვიათად, ხანდახან ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელ მომენტშიც, ადამიანში არსება სრულყოფილად ვითარდება და იზრდება. ამ შემთხვევაში არსება აერთიანებს ყველაფერს, რაც ადამიანში სერიოზული და რეალურია. 

 მაგრამ, ეს ძალიან იშვიათად ხდება. როგორც წესი, ადამიანის არსება პრიმიტიული, ველური და ბავშვურია, ან თუნდაც ძალიან სულელური. არსებაზე მუშაობა საკუთარ თავზე მუშაობასთან არის დაკავშირებული. 

 სამუშაოში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი დგება, როდესაც ადამიანი საკუთარ თავში პიროვნებისა და არსების გარჩევას იწყებს. ადამიანის ნამდვილი მე, მისი ჭეშმარიტი ინდივიდუალობა, მხოლოდ არსებიდან შეიძლება, რომ გაიზარდოს. შეიძლება ითქვას, რომ ინდივიდუალობა არის მოწიფული და გაზრდილი არსება. მაგრამ, არსების გაზრდისთვის აუცილებელია პიროვნების მხრიდან მუდმივი ზეწოლის შესუსტება, რადგან არსების ზრდაში დაბრკოლებას პიროვება წარმოქმნის. 

 თუ საშუალო ადამიანს ავიღებთ, დავინახავთ, რომ უმეტეს შემთხვევაში მასში აქტიურ ელემენტს პიროვნება განასახიერებს, ხოლო პასიურს არსება. ადამიანის შინაგანი ზრდა შეუძლებელია, სანამ ეს წესრიგი უცვლელი რჩება. პიროვნება უნდა გახდეს პასიური, ხოლო არსება აქტიური. ეს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ ბუფერები განადგურდება ან დასუსტდება, რადგან სწორედ ბუფერი წარმოადგენს მთავარ იარაღს, რომლის დახმარებითაც არსება პიროვნების დაქვემდებარებაში იმყოფება. 

 როგორც უკვე ითქვა, ნაკლებად კულტურული ადამიანების შემთხვევაში არსება ხშირად პიროვნებაზე მეტად არის განვითარებული, ვიდრე კულტურულ ადამიანში. როგორც ჩანს, ასეთი ადამიანები უფრო ახლოს უნდა იყვნენ განვითარების შესაძლებლობასთან, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, რადგან განუვითარებლობას პიროვნება ადასტურებს. შინაგანი ზრდისთვის და საკუთარ თავზე მუშაობისთვის გარკვეულწილად აუცილებელია პიროვნების განვითარებულობა და არსების გარკვეული სიძლიერე. პიროვნება "როლებისგან" და "ბუფერებისგან" შედგება, რომლებიც ცალკეული ცენტრების მუშაობისგან წარმოიქმნებიან.  არასაკმარისად განვითარებული პიროვნება ნიშნავს როლების ნაკლებობას, ანუ ცოდნის ნაკლებობას, ინფორმაციის ნაკლებობას, მასალის ნაკლებობას, რომელზეც საკუთარ თავზე მუშაობა უნდა იყოს დაფუძნებული. ცოდნის გარკვეული რაოდენობის გარეშე, ანუ იმის გარეშე, რაც ადამიანს არ ეკუთვნის, იგი ვერ დაიწყებს საკუთარ თავზე მუშაობას და შესწავლას. ადამიანი ვერ დაიწყებს ბრძოლას მექანიკურ ჩვევებთან, უბრალოდ იმიტომ, რომ მას არ ექნება მიზეზი ან მოტივი ასეთი სამუშაოს წამოწყებისთვის.

 ეს არ ნიშნავს, რომ მისთვის ყველა გზა დაკეტილია. ფაკირის გზა და ბერის გზა, რომელიც არ საჭიროებს არანაირ ინტელექტუალურ განვითარებას, მისთვის ღიად რჩება. მაგრამ, მეთოდები და საშუალებები, რაც განვითარებული ინტელექტის მქონე ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი, ასეთი ადამიანისთვის მიუღწეველია. ამრიგად, ევოლუცია ერთნაირად რთულია კულტურული თუ უკულტურო ადამიანისთვის. კულტურული ადამიანი ბუნებისგან შორს ცხოვრობს, არსებობის ბუნებრივი პირობებისგან მოშორებით, სიცოცხლის ხელოვნურ პირობებში, სადაც მისი პიროვნება არსების ხარჯზე ვითარდება. ნაკლებად კულტურული ადამიანი, უფრო ნორმალურ და ბუნებრივ პირობებში ცხოვრობს, რომელიც თავის არსებას პიროვნების ხარჯზე ავითარებს. საკუთარ თავზე მუშაობის წარმატებული დასაწყისი მოითხოვს პიროვნებისა და არსების თანაბარი განვითარების ბედნიერ შემთხვევას. ასეთი შემთხვევა ადამიანს წარმატების ყველაზე დიდ გარანტიას მისცემს. თუ არსება ძალიან განუვითარებელია, ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდია საჭირო, ხოლო სამუშაო უსარგებლო იქნება, თუ არსება შიგნიდან არის დამპალი და დეფორმირებული, გამოუსწორებელი დეფექტების გამო. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირად გვხვდება. პიროვნების არანორმალური განვითარება ხშირად ისეთ ადრეულ სტადიაზე აქრობს არსების განვითარების შანსებს, რომ არსება პატარა და დეფორმირებული საგანი ხდება. რისი მიღება შეიძლება პატარა და დეფორმირებული საგნისგან? არაფრის.

 უფრო მეტიც, საკმაოდ ხშირად ხდება, რომ ადამიანში არსება კვდება, ხოლო მისი პიროვნება და სხეული ჯერ კიდევ ცოცხალია. ადამიანების მნიშვნელოვანი პროცენტულობა, რომელთაც ქუჩებში ხედავთ, შინაგანად ცარიელები არიან, ანუ რეალურად უკვე მკვდრები არიან. 

 ჩვენ ბედნიერები ვართ, ვინაიდან არ შეგვიძლია იმის დანახვა, ადამიანთა რაოდენობის რამხელა ნაწილი დაიარება მკვდარი და რა მართავს მათ მოძრაობებს და ქმედებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ფაქტის საშინელებისგან შევიშლებოდით. და მართლაც, ადამიანები ხშირად გიჟდებიან, რადგან ისინი ზოგჯერ სათანადო მომზადების გარეშე ახერხებენ ამ ფაქტის დანახვას, ანუ იმას ხედავენ, რაც არ უნდა ნახონ. საფრთხის გარეშე დასანახად თქვენ მომზადებულები უნდა იყოთ.  თუ ადამიანი, რომელსაც არაფრის გაკეთება შეუძლია, სიმართლეს დაინახავს, აუცილებლად გაგიჟდება. თუმცა, ეს იშვიათად ხდება. ჩვეულებრივ ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ადამიანი ნაადრევად ვერაფერს ხედავს. პიროვნება მხოლოდ იმას ხედავს, რაც მოსწონს და დანარჩენ საკითხებში არ ერევა. პიროვნება არასოდეს ხედავს იმას, რაც არ მოსწონს. ეს ერთდროულად კარგიცაა და ცუდიც. კარგია მაშინ, თუ ადამიანს ძილი უნდა და ცუდია მაშინ, თუ გამოღვიძება უნდა. 

 - თუ არსება ბედისწერას ექვემდებარება, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შემთხვევითობასთან შედარებით ადამიანისთვის ბედისწერა ყოველთვის უმჯობესია? - იკითხა ვიღაცამ.

 - არა, ეს საერთოდ არ ნიშნავს ამას. - უპასუხა გურჯიევმა. - ბედისწერა შემთხვევას იმ გაგებით სჯობს, რომ მისი გათვალისწინება შესაძლებელია, ანუ თქვენ შეგიძლიათ იგი წინასწარ იცოდეთ. შემთხვევითობის დროს წინასწარ ვერაფერი გეცოდინებათ. მაგრამ, ბედისწერა შესაძლოა უსიამოვნო და რთული იყოს. თუმცა ამ შემთხვევაში, ბედისწერისგან იზოლირების საშუალებები არსებობს. ამისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ზოგადი კანონებისგან თავის დაღწევას მოიცავს. ინდივიდუალური შემთხვევითობის მსგავსად, არსებობს ასევე ზოგადი ან კოლექტიური შემთხვევითობა, და ინდივიდუალური ბედისწერის ნაცვლად, არსებობს ასევე ზოგადი ან კოლექტიური ბედისწერა. კოლექტიური შემთხვევები და ბედისწერა ზოგადი კანონებით რეგულირდება. საკუთარი ინდივიდუალობის შესაქმნელად ადამიანი ჯერ უნდა განთავისუფლდეს ზოგადი კანონებისგან. ზოგადი კანონები ყველასთვის სავალდებულო სულაც არ არის. ჩვენ მრავალი ასეთი კანონისგან შეგვიძლია განვთავისუფლდეთ, თუ მოვიშორებთ ბუფერებს და წარმოსახვას. ეს ყველაფერი პიროვნებისგან განთავისუფლებას უკავშირდება. პიროვნება წარმოსახვით და სიცრუით იკვებება. თუ სიცრუე და წარმოსახვა მცირდება, პიროვნება ძალიან მალე სუსტდება და ადამიანი ბედისწერის კანონის ქვეშ აღმოჩნდება, ან სამუშაოში მასწავლებლის ნებას დაემორჩილება. ნების გამომუშავება ადამიანს შესაძლებლობას მისცემს გაუძლოს როგორც შემთხვევითობებს, ასევე ბედისწერასაც. 

 

 აქ მოყვანილი საუბრები რამდენიმე თვეს მოიცავს. საფუძვლიანია, რომ გურჯიევის საუბრების აღდგენა ზუსტი თანმიმდევრობით შეუძლებელია, რადგან თითო საღამოს ოც სხვადასხვა თემას მაინც ეხებოდა. ბევრ საკითხს იმეორებდა, ასევე ბევრი რამ იყო დამოკიდებული დამსწრეთა მიერ დასმულ შეკითხვებზე და ბევრი იდეა იმდენად მჭიდროდ იყო ერთმანეთთან კავშირში, რომ მათი განცალკევება მხოლოდ ხელოვნურად შეიძლებოდა.

 ამ დროს გარკვეული ტიპის ადამიანებმა უკვე დაიწყეს ნეგატივიური დამოკიდებულების გამომჟღავნება ჩვენი საქმიანობის მიმართ. "სიყვარულის" არარსებობის გარდა, ბევრი ძალიან აღშფოთებული იყო ფულის გადახდის მოთხოვნის გამო. საინტერესო ის გახლდათ, რომ ამაზე ისეთი ადამიანები წუწუნებდნენ, ვისთვისაც გადასახდელი თანხები წვრილმანს წარმოადგენდა. 

 გურჯიევის ჩვენთან ვიზიტები მის ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რადგან იგი მოსკოვიდან პეტერბურგში ჩამოდიოდა, მაგრამ ფულიან ხალხს ამის გაგება არ სურდათ. 

 - ეს ნიშნავს, რომ სასუფეველში შესასვლელად ფული უნდა გადავიხადოთ? - ამბობდნენ ისინი. - ასეთ რაღაცებში ხალხი ფულს არ ითხოვს. ქრისტე ქადაგებებში ფულს იღებდა? 

 გურჯიევს ყოველთვის ეღიმებოდა, როცა მსგავსი დიალოგების გამართვის შესახებ ვეუბნებოდი. 

 - მატარებლის ბილეთიც არ ავიღო? სასტუმროს ფულს ვინ გადამიხდის? ხედავ, რამდენი სიცრუე და თვალთმაქცობაა. თუნდაც ფული საერთოდ არ მჭირდებოდეს, მისი გადახდის გაგრძელება მაინც საჭირო იქნებოდა. ფული ბევრ უსარგებლო ადამიანს გვაშორებს. არაფერი წარმოაჩენს ადამიანებს ისე, როგორც მათი დამოკიდებულება ფულის მიმართ. ისინი მზად არიან მილიონები დახარჯონ პირად ფანტაზიებზე, მაგრამ სხვისი შრომის დაფასება არ უნდათ. მე უნდა ვიმუშაო მათთვის და უსასყიდლოდ მივცე ყველაფერი, რისი აღებასაც ისინი ითხოვენ? ზოგიერთი ადამიანი ამ ბარიერს ვერასდროს გაცდება. გარდა ამისა, არსებობს სხვა მოსაზრებებიც. მოგვიანებით გაიგებ. 

 სხვა მოსაზრებები ძალიან მარტივი იყო. ბევრ ადამიანს ნამდვილად არ შეეძლო თანხის გადახდა და მიუხედავად იმისა, რომ გურჯიევმა თანხის გადახდის საკითხი ძალიან მკაცრად დააყენა, პრაქტიკაში არასოდეს არავისთვის უთქვამს უარი იმის გამო, რომ ისინი ფულს ვერ იხდიდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ იგი თავადაც ეხმარებოდა ფინანსურად მის ბევრ მოსწავლეს. ისინი, ვინც ათას მანეთს იხდიდნენ, არა მარტო საკუთარ თავს უხდიდნენ, არამედ სხვებსაც. 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff