თავი მეათე
საიდან იწყება გზა? შემთხვევის კანონი. გავლენების სახეობები. ცხოვრებაში შექმნილი გავლენები. ცნობიერად წარმოქმნილი გავლენები. მაგნიტური ცენტრი. გზის ძიება. ადამიანის პოვნა, რომელმაც იცის. მესამე სახის გავლენა: ცნობიერი და პირდაპირი. შემთხვევის კანონისგან განთავისუფლება. "ნაბიჯი", "კიბე" და "გზა". მეოთხე გზის განსაკუთრებული პირობები. არასწორი მაგნიტური ცენტრის არსებობა შესაძლებელია. როგორ უნდა ამოვიცნოთ არასწორი გზები? მასწავლებელი და მოსწავლე. ცოდნა იწყება კოსმოსების შესწავლით. ორი კოსმოსის ჩვეულებრივი კონცეფცია: მაკროკოსმოსი და მიკროკოსმოსი. შვიდი კოსმოსის სრული სწავლება. კოსმოსებს შორის კავშირი: ნულიდან უსასრულობამდე. ფარდობითობის პრინციპი. "აღმართი გზა იგივეა, რაც დაღმართი გზა". რა არის სასწაული. "განზომილებების პერიოდი". კოსმიური სისტემის გამოკვლევა მრავალი განზომილების თეორიის თვალსაზრისით. გურჯიევის კომენტარი: "დრო არის სუნთქვა". რომელი არის მიკროკოსმოსი, "ადამიანი" თუ "ატომი"?
ერთხელ, უამრავ ადამიანთან გვქონდა შეხვედრა. ეს ხალხი ადრე ჩვენს ლექციებზე ნამყოფი არ იყო. ერთ-ერთმა მათგანმა იკითხა: "საიდან იწყება გზა?" ამ ადამიანს გურჯიევის მიერ ოთხი გზის აღწერა არ გაუგია და სიტყვა "გზა" ჩვეულებრივი, რელიგიურ-მისტიური გაგებით გამოიყენა.
- გზის გაგების მთავარი სირთულე მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ ადამიანებს როგორც წესი წარმოუდგენიათ, თითქოს "გზა" ცხოვრების ჩვეულებრივ დონეზე იწყება. - გურჯიევმა ხაზი გაუსვა ამ სიტყვებს. - ეს საკმაოდ არასწორია. გზა სხვა ადგილიდან იწყება, ბევრად უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ჩვეულებრივი ცხოვრების დინების ხაზზე. სწორედ ეს არ ესმით ადამიანებს. ითვლება, რომ გზის დაწყება საკმაოდ ადვილია, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. ვეცდები, რომ ეს საკითხი სხვანაირად აგიხსნათ.
ადამიანი შემთხვევის კანონის და ორი სახის გავლენის ქვეშ ცხოვრობს, რომლებიც თავად შემთხვევის კანონის მიერ იმართება.
პირველ სახეობას განასახიერებს გავლენები, რომლებიც ცხოვრების მიერ იქმნება. ეს არის ერის, რასის, ქვეყნის, კლიმატის, ოჯახის, განათლების, საზოგადოების, პროფესიის, სიმდიდრის, სიღარიბის, წეს-ჩვეულებების და ა.შ. გავლენები. მეორე სახის გავლენები ცხოვრების მიღმა იქმნება, ეს არის შინაგანი წრის, ეზოთერული სახის გავლენები. ასეთი გავლენა სხვა კანონების მიერ არის შექმნილი. მოცემული გავლენა პირველი სახის გავლენისგან პირველ რიგში მათი წარმოშობის გაცნობიერებით განსხვავდება. ეს ნიშნავს, რომ მეორე სახის გავლენები ცნობიერად არის შექმნილი ცნობიერი ადამიანების მიერ, რომლებიც გარკვეულ დანიშნულებას ემსახურებიან. ამ ტიპის გავლენები გვხვდება რელიგიურ სისტემებში, ფილოსოფიურ დოქტრინებში, ხელოვნების ნიმუშებში და ასე შემდეგ.
ისინი ცხოვრებაში გარკვეული მიზნით იმყოფებიან და პირველი სახის გავლენებთან არიან შერეულნი. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს გავლენა წარმოშობით ცნობიერია. ცხოვრების ზოგად მორევში მოხვედრისას ისინი შემთხვევითობის კანონს ექვემდებარებიან და მოქმედებას მექანიკურად იწყებენ, ანუ გარკვეულ ადამიანებზე ან მოქმედებენ, ან არა. ასეთი გავლენა ადამიანამდე ან მიაღწევს, ან არა. მიმდინარე ცვლილებებში და ინტერპრეტაციის ცხოვრებისეულ დამახინჯებებში მეორადი გავლენები პირველად გავლენებად გარდაიქმნებიან.
თუ ამაზე დავფიქრდებით, დავინახავთ, რომ სირთულეს არ წარმოადგენს ცხოვრებაში და მის მიღმა წარმოქმნილი გავლენების ერთმანეთისგან გარჩევა. მათი ჩამოწერა და გავლენების კატალოგის შედგენა შეუძლებელია. ამის გაგება აუცილებელია. ყველაფერი ამ გაგებაზეა დამოკიდებული. ჩვენ გზის დასაწყისზე ვისაუბრეთ. გზის დაწყება დამოკიდებულია სწორად გაგებაზე, ანუ ორი სახის გავლენებს შორის განსხვავების დანახვის უნარზე. რა თქმა უნდა, მათი განაწილება არათანაბარია. ერთი ადამიანი ცხოვრების მიღმა არსებულ გავლენებს მეტად იღებს, მეორე ნაკლებად, მესამე მათგან თითქმის იზოლირებულია. ამ საკითხში რაიმეს გაკეთება და ვინმეს დახმარება შეუძლებელია. ეს უკვე ბედისწერაა. ცხოვრების ნორმალურ მდგომარეობაში, პირობები მეტ-ნაკლებად ერთნაირია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სირთულეები ყველასთვის თანაბარია. სირთულე ორი გავლენის ერთმანეთისგან გამიჯვნაში მდგომარეობს. თუ ადამიანი, რომელიც გავლენებს იღებს, მათ ერთმანეთისგან არ განასხვავებს, გავლენების მოქმედება განსხვავებული არ იქნება, ანუ ისინი სტანდარტულ დონეზე იმოქმედებენ და იდენტურ შედეგებს მოგვცემენ. მაგრამ, თუ ადამიანი გავლენებს შორის განსხვავების გაგებას იწყებს და ცალ მხარეს ისეთ გავლენებს ათავსებს, რომლებიც თავად ცხოვრებაში არ წარმოიქმნება, ასეთ დროს მათი გარჩევა უფრო ადვილი გახდება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას ერთმანეთში აღარ აერევა ორი სხვადასხვა გავლენა.
გავლენის შედეგები, რომელთა წყაროც ცხოვრების მიღმა იმყოფება, ადამიანში ერთიანად უნდა დაგროვდეს, ერთიანად უნდა ვიგრძნოთ. ისინი ადამიანში გარკვეული მთლიანობის ფორმაციას იწყებენ. ადამიანი საკუთარ თავს მკაფიო ანგარიშს არ აბარებს, რა, როგორ და რატომ ხდება, ან თუ აბარებს, მაშინაც არასწორად განმარტავს. მაგრამ, საქმე ამაში კი არ მდგომარეობს, არამედ იმაში, რომ გავლენების შედეგები ადამიანში გროვდება და გარკვეული დროის შემდეგ ისინი ქმნიან ერთგვარ მაგნიტურ ცენტრს, რომელიც მისკენ ნათესაური გავლენების მოზიდვას იწყებს და ამ გზით იზრდება. თუ მაგნიტური ცენტრი საკმარისად იკვებება და ადამიანის პიროვნების სხვა ნაწილებთან ძლიერ წინააღმდეგობებში არ იმყოფება, - რომელიც პირველადი გავლენების შედეგია - მაგნიტური ცენტრი იწყებს ადამიანის ორიენტაციაზე გავლენის მოხდენას და გარკვეული მიმართულებით გადაადგილებას. როდესაც მაგნიტური ცენტრი განვითარების საკმარის საფეხურს და ძალას აღწევს, ადამიანს უკვე მკაფიოდ ესმის გზის იდეა და ამ გზის ძიებას იწყებს. გზის ძიებას შეიძლება მრავალი წელი დასჭირდეს და შესაძლოა შედეგად არც არაფერი გამოიწვიოს. ეს დამოკიდებულია პირობებზე, გარემოებებზე, მაგნიტური ცენტრის ძალაზე და შინაგანი ტენდენციების მიმართულებაზე, რომელსაც ადამიანის ძიება არ აინტერესებს და შესაძლოა იმ მომენტში გადააგდოს გზიდან, როცა ის-ის იყო გზის პოვნის შესაძლებლობა ჩნდებოდა.
თუ მაგნიტური ცენტრი სწორად მუშაობს და ადამიანი ნამდვილად ეძებს, ან თუნდაც აქტიურად არ ეძებს მაგრამ თავს სწორი მიმართულებით გრძნობს, იგი შეიძლება შეხვდეს სხვა ადამიანს, რომელმაც გზა იცის ან გზის მცოდნე სხვა ხალხთან არის კავშირში.
აქაც მრავალი შესაძლებლობა არსებობს. მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ შევხვდით ადამიანს, რომელმაც გზა ნამდვილად იცის და ჩვენს დასახმარებლად მზად არის. ამ ადამიანის გავლენა მაგნიტური ცენტრის გავლით მოქმედებს. ასეთ დროს ადამიანი საკუთარ თავს შემთხვევითობის კანონისგან ათავისუფლებს. ეს არის ის, რაც უნდა გავიგოთ. იმ ადამიანის გავლენა, რომელმაც გზა იცის, წარმოადგენს განსაკუთრებული სახის გავლენას, რომელიც წინა ორისგან განსხვავდება. პირველ რიგში, ეს არის პირდაპირი გავლენა, ხოლო მეორეც, სახეზე გვაქვს ცნობიერი გავლენა. მეორე სახის გავლენები, რომლებიც მაგნიტურ ცენტრს ქმნიან, თავიანთ წარმოშობაში ცნობიერები არიან, მაგრამ ცხოვრების ზოგად მორევში მოხვედრის შემდეგ თანაბრად ექვემდებარებიან შემთხვევითობის კანონს. მესამე სახის გავლენა არასოდეს დაექვემდებარება შემთხვევითობის კანონს. ისინი შემთხვევითობის კანონის მიღმა არიან. მეორე სახლის გავლენა შეიძლება გაგრძელდეს წიგნებით, ფილოსოფიებით, რიტუალებით. მესამე სახის გავლენები შეიძლება მხოლოდ ერთი ადამიანიდან მეორეზე გადავიდეს, პირდაპირი, ვერბალური გზით.
მომენტს, როდესაც ადამიანი გზის მცოდნეს ხვდება, პირველი ნაბიჯი ან პირველი ეტაპი ეწოდება. პირველი ნაბიჯიდან კიბე იწყება. "ცხოვრებასა" და "გზას" შორის "კიბე" იმყოფება. მხოლოდ კიბის გავლით შეუძლია ადამიანს, რომ გზაზე აღმოჩნდეს. გარდა ამისა, ადამიანი კიბეზე დამხმარეს მეშვეობით ადის. არავის არ შეუძლია მასზე დამოუკიდებლად, მარტო ასვლა. გზა იწყება მხოლოდ იქ, სადაც კიბე მთავრდება, ანუ კიბის ბოლო ზღურბლის შემდეგ. გზა იწყება ბევრად უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ცხოვრების ჩვეულებრივი დონეა.
ამიტომ, შეუძლებელია პასუხი გავცეთ კითხვას: საიდან იწყება გზა? გზა ისეთი რაღაცით იწყება, რასაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში საერთოდ არ აქვს ადგილი, ამიტომ შეუძლებელია ვთქვათ, რისგან იწყება თავად გზა. ზოგჯერ ასეც ხდება: კიბეზე ასვლისას ადამიანი არაფერში არ არის დარწმუნებული. მას შეუძლია ეჭვი შეიტანოს ყველაფერში, საკუთარ ძალებში, ქმედებების სისწორეში, მეგზურის ცოდნაში და ძალაუფლებაში. ამავე დროს, რასაც იგი აღწევს, ძალიან არასტაბილურია. მაშინაც კი, თუ ადამიანი კიბეზე საკმაოდ მაღლა ავიდა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოვარდეს და ასეთ შემთხვევაში ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. მაგრამ, როდესაც ბოლო ბარიერს გადალახავს და გზაზე ფეხს დადგამს, ეს ყველაფერი იცვლება. პირველ რიგში, აქამდე ყველა ეჭვი, რომელიც ადამიანს აწუხებდა, ქრება, ხოლო წინამძღოლი უკვე ნაკლებად სჭირდება, ვიდრე აქამდე. მრავალი თვალსაზრისით, მან შეიძლება დამოუკიდებლად გააგრძელოს გზა და ისიც იცოდეს, სად მიდის. კიდევ ერთი რამ: საკუთარი შრომის შედეგებს ასე მარტივად ვეღარ დაკარგავს და ჩვეულებრივ ცხოვრებაში საკუთარ თავს ვეღარ იპოვის. თუნდაც გზა მიატოვოს, იქ მაინც ვეღარ დაბრუნდება, საიდანაც დაიწყო.
ეს არის თითქმის ყველაფერი, რისი თქმაც ზოგადად კიბის და გზის შესახებ შეიძლება, რადგან სხვადასხვა გზები არსებობს. ამაზე ადრეც ვისაუბრეთ. მაგალითად, მეოთხე გზაზე არსებობს სპეციალური პირობები, რომლებიც სხვა გზებზე არ არსებობენ. მეოთხე გზაზე, კიბეზე ასვლისას ადამიანი მომდევნო საფეხურზე ვერ გადავა, სანამ თავის საფეხურზე ვინმეს არ დააყენებს. მეორემ, თავის მხრივ მესამე უნდა დააყენოს თავის საფეხურზე, რათა თავად მაღლა ავიდეს. ადამიანი, რომელიც მაღალ საფეხურზე იმყოფება, უფრო მეტად იმაზეა დამოკიდებული, ვინც მას მიჰყვება. თუ უკან მყოფი გაჩერდება, მასაც მოუწევს გაჩერება. ასეთი სიტუაციები შეიძლება გზაზეც მოხდეს. ადამიანმა შესაძლოა რაღაცას მიაღწიოს, მაგალითად განსაკუთრებული სახის ძალას, მაგრამ მომავალში მსხვერპლად გაიღოს ეს ძალა, რათა სხვა ადამიანები მის დონეზე ამოიყვანოს. თუ ადამიანები მის დონეზე ამოვლენ, იგი ყველაფერს დაიბრუნებს, რაც მსხვერპლად გაიღო. მაგრამ, თუ სხვები ვერ ამაღლდებიან, მან შეიძლება საერთოდ დაკარგოს საკუთარი ძალები.
ეზოთერული ცენტრის მასწავლებელთან დაკავშირებით სხვადასხვა შესაძლებლობა არსებობს. ადამიანმა შეიძლება მეტი იცოდეს ან ნაკლები იცოდეს ეზოთერული ცენტრის შესახებ. მან შეიძლება ზუსტად იცოდეს, კონკრეტულად სად არის ასეთი ცენტრი და რა სახის ცოდნა და დახმარება შეუძლია მისგან მიიღოს. შესაძლოა მან არც არაფერი იცოდეს ამის შესახებ და მხოლოდ ერთ ადამიანს იცნობდეს, რომელმაც ცენტრისგან ცოდნა მიიღო. მხოლოდ საკუთარი განვითარების პროპორციულად შეძლებს ადამიანი იმის დანახვას, თუ საიდან მოვიდა ის ცოდნა, რასაც იღებს.
ადამიანის მუშაობის შედეგები, რომელიც თავის თავზე მასწავლებლის როლს იღებს, იმაზე არ არის დამოკიდებული, იცის თუ არა მან ზუსტად საიდან მოდის ცოდნა, რასაც ასწავლის, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, მოდის თუ არა ეს ცოდნა ეზოთერული ცენტრიდან და შეუძლია თუ არა ეზოთერული იდეების, ანუ ობიექტური ცოდნის სუბიექტური ცოდნისგან, მეცნიერული და ფილოსოფიური იდეებისგან გარჩევა.
აქამდე ვსაუბრობდი სწორ მაგნიტურ ცენტრზე, სწორ წინამძღოლზე და სწორ გზაზე. მაგრამ, შესაძლებელია ისეთი სიტუაციის არსებობა, რომელშიც არასწორი მაგნიტური ცენტრი ყალიბდება. შეიძლება მაგნიტური ცენტრი თავად გაიყოს, ანუ თავის თავში წინააღმდეგობებს ატარებდეს. უფრო მეტიც, იგი შეიძლება პირველი სახის გავლენების ქვეშ აღმოჩნდეს. ეს ნიშნავს, რომ მეორე სახის კეთილშობილი გავლენების ძლიერი დამახინჯების გამო იგი სრულიად საპირისპირო ხდება. არასწორად ჩამოყალიბებული მაგნიტური ცენტრი სწორ ორიენტაციას ვერ იძლევა. ასეთი ადამიანი შეიძლება ვიღაცას შეხვდეს, რომელიც საკუთარ თავს მასწავლებელს უწოდებს და იბრალებს, რომ შემთხვევის კანონის მიღმა არსებულ ცენტრთან არის კავშირში. მაგრამ, სინამდვილეში შეიძლება არც გზა იცოდეს და მით უმეტეს, არც ასეთ ცენტრთან იყოს კავშირში. ისევ, აქაც ბევრი შესაძლებლობა არსებობს:
1. ადამიანი შეიძლება ცდება და ფიქრობს, რომ რაღაც იცის, მაშინ როცა რეალურად არაფერი არ იცის.
2. შეიძლება ისეთს დაუჯეროს, რომელმაც არაფერი არ იცის.
3. მან შეიძლება შეგნებულად თქვას ტყუილი.
თუ მაძიებელი ასეთ ადამიანს დაუჯერებს, შეიძლება მან სრულიად განსხვავებული მიმართულებით წაიყვანოს და არა იქ, სადაც დაჰპირდა. ამან შეიძლება მიგვიყვანოს სწორი გზის აბსოლუტურად საპირისპირო შედეგებამდე.
საბედნიეროდ, ეს ძალიან იშვიათად ხდება. არასწორი გზები ძალიან ბევრია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ისინი არსად მიდიან. ასეთ დროს ადამიანი უბრალოდ წრეზე ტრიალებს და ფიქრობს, რომ სადღაც მიდის.
- როგორ შეიძლება არასწორი გზის ამოცნობა? - იკითხა ვიღაცამ.
- სწორი გზის ცოდნის გარეშე არასწორი გზის ამოცნობა შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ თუ სწორი გზა არ იცით, თავს ნუ შეიწუხებთ იმაზე ფიქრით, როგორ უნდა ამოიცნოთ არასწორი გზა. ადამიანმა იმაზე უნდა იფიქროს, თუ როგორ იპოვოს სწორი გზა. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ მთელი ამ დროის განმავლობაში. ორი სიტყვით ამის თქმა არ შეიძლება. მაგრამ, ჩემი ნათქვამიდან, ბევრი სასარგებლო დასკვნის გაკეთება შეგიძლიათ, თუ გახსოვთ ყველაფერი, რაც აქამდე ითქვა და რაც მისგან გამომდინარეობს. მაგალითად, მასწავლებელი ყოველთვის მოსწავლის დონეს შეესაბამება. რაც უფრო დიდია მოსწავლის დონე, მით მაღალ დონეზეა მასწავლებელი. მაგრამ, ისეთი დონის მოსწავლე, რომელიც მაღალ საფეხურზე არ არის, არ შეიძლება ძალიან მაღალი დონის მასწავლებელს დაეყრდნოს. რეალურად მოსწავლე ვერასოდეს ხედავს მასწავლებლის დონეს. ეს კანონია. ვერავინ დაინახავს სხვას საკუთარი დონის მიღმა. როგორც წესი, ადამიანებმა ეს არ იციან, მაგრამ კიდევ ერთი რამ ხდება: რაც უფრო დაბალია მოსწავლის დონე, მით უფრო მაღალი დონის მასწავლებლის პრეტენზია აქვს. ამ პუნქტის სწორი გაგება ძალიან მნიშვნელოვანი რეალიზაციაა. მაგრამ, ეს ძალიან იშვიათად ხდება. როგორც წესი, ადამიანი სპილენძის ფასადაც არ ღირს, მაგრამ თუ კითხავთ, იესო ქრისტეს გარდა სხვა მასწავლებელი არ უნდა. ამაზე ნაკლებს არ დათანხმდება. თუნდაც იგი იესო ქრისტეს შეხვდეს, ვერასდროს შეძლებს მის მოსწავლედ ყოფნას, რადგან ქრისტეს მოწაფეობას მოციქულად ყოფნა სჭირდება. ეს არის კანონი. რაც უფრო მაღალ დონეზეა მასწავლებელი, მით უფრო რთულია მოსწავლისთვის მისი გაგება. თუ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის განსხვავება გარკვეულ ზღვარს გაცდება, მოსწავლის გზაზე აღმოჩენილი სირთულეები გადაულახავი იქნება. სწორედ ამ კანონთან დაკავშირებით მეოთხე გზაზე ფუნდამენტური წესები არსებობს. მეოთხე გზაზე ერთი მასწავლებელი არ არის. ვინც უფროსია, ის არის მასწავლებელი. როგორც მასწავლებელია მოსწავლისთვის შეუცვლელი, ასევე მოსწავლეც შეუცვლელია მასწავლებლისთვის. ეს არ არის ზოგადი მოსაზრება, არამედ სიტყვა "შეუცვლელში" საკმაოდ კონკრეტული მნიშვნელობა დევს, რომელიც ადამიანის აღმასვლის კანონს ეფუძნება. როგორც უკვე ითქვა, ვერავინ მოახერხებს მომდევნო საფეხურზე ასვლას, თუ ვინმეს თავის საფეხურზე არ დააყენებს. ის, რაც ადამიანმა მიიღო, მაშინვე უნდა დააბრუნოს, უნდა გასცეს. მხოლოდ ასე შეძლებს უფრო მეტის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებულიც წაერთმევა. სწორედ ამაზე საუბრობს ქრისტე სახარებაში: "რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა და მიემატება, ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც ხელთ უპყრია ". (მათე: 13:12).
ერთ-ერთ მომდევნო შეხვედრაზე, როდესაც გურჯიევმა მაგნიტური ცენტრის შესახებ აქამდე ნათქვამი გამამეორებინა, მისი იდეა მოცემულ დიაგრამაში გამოვხატე:
V: ცხოვრება.
H: ინდივიდუალური ადამიანი.
A: ცხოვრებაში შექმნილი გავლენები, ანუ პირველი სახის გავლენები.
B: ცხოვრების მიღმა შექმნილი გავლენები, ანუ მეორე სახის გავლენები.
H1: ადამიანი, რომელიც მემკვიდრეობით არის დაკავშირებული ეზოთერულ ცენტრთან.
E: ეზოთერული ცენტრი, რომელიც ცხოვრების ზოგადი კანონების მიღმა დგას.
M: ადამიანში არსებული მაგნიტური ცენტრი.
C: H1 ადამიანის გავლენა ინდივიდუალურ ადამიანზე. ცნობიერი და პირდაპირი, მესამე სახის გავლენა.
H2: ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ატყუებს და იბრალებს, რომ ეზოთერულ ცენტრთან აქვს კავშირი, სინამდვილეში კი მსგავსი არაფერი ხდება.
ერთ-ერთ მომდევნო შეხვედრაზე, ცოდნის და ყოფიერების შესახებ საკმაოდ ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, გურჯიევმა ასეთი რამ თქვა:
- მკაცრად რომ ვთქვათ, თქვენ ჯერ არ შეგიძლიათ ცოდნაზე საუბარი, რადგან არ იცით, იგი საიდან იწყება. ცოდნა იწყება კოსმოსის შესწავლით. თქვენ გსმენიათ გამონათქვამები, მაკროკოსმოსი და მიკროკოსმოსი. ეს ნიშნავს დიდ კოსმოსს და პატარა კოსმოსს, ანუ დიდ სამყაროს და პატარა სამყაროს. სამყარო განიხილება, როგორც დიდი კოსმოსი, ხოლო ადამიანი, როგორც პატარა კოსმოსი. ეს ერთი შეხედვით სამყაროსა და ადამიანის ერთობის შესახებ აყალიბებს გარკვეულ იდეოლოგიას.
ორი კოსმოსის სწავლება კაბალისტური მეცნიერებიდან და სხვა უძველესი სწავლებებიდან არის ცნობილი. მაგრამ, ეს სწავლება არასრულია და მისგან არაფერი გამოვა, მასზე ვერაფერი აშენდება. ასეთი სწავლება უბრალოდ ერთი ფრაგმენტია უძველესი ეზოთერული სწავლებისა, რომელიც კოსმიური სამყაროების შესწავლისგან შედგება. "რაც ზევით, ის ქვევით" - ეს არის გამოთქმა, რომელიც კოსმიურ სწავლებებს ეხება.
მაგრამ, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ კოსმოსების შესახებ სრული სწავლება საუბრობს არა ორ, არამედ შვიდ კოსმოსზე, რომლებიც ერთმანეთში თანაარსებობენ.
მხოლოდ შვიდი კოსმოსის ერთმანეთში თანაარსებობა წარმოადგენს სამყაროს სრულ სურათს. ორი ანალოგიური კოსმოსის იდეა უფრო დიდ და სრულყოფილ სწავლებას იცავს. ორი სამყაროს იდეა იმდენად არასრულია, რომ ვერაფერს გვეუბნება ადამიანის და სამყაროს ანალოგიის შესახებ. კოსმოსების სწავლება იკვლევს შვიდ კოსმოსს:
პირველი კოსმოსი არის პროტოკოსმოსი. მეორე კოსმოსი არის აიოკოსმოსი, წმინდა კოსმოსი, ანუ მეგალოკოსმოსი, დიადი კოსმოსი. მესამე კოსმოსი არის მაკროკოსმოსი, დიდი კოსმოსი. მეოთხე კოსმოსი არის დეტეროკოსმოსი, ანუ მეორე კოსმოსი. მეხუთე კოსმოსი არის მესოკოსმოსი, ანუ შუა კოსმოსი. მეექვსე კოსმოსი არის ტრიტოკოსმოსი, ანუ მესამე კოსმოსი. ხოლო მეშვიდე კოსმოსი არის მიკროკოსმოსი, ანუ პატარა კოსმოსი. პროტოკოსმოსი არის ქმნილების სხივის აბსოლუტი, ანუ პირველი სამყარო. აიოკოსმოსი არის მესამე სამყარო, ანუ ქმნილების სხივში არსებული ყველა სამყარო. მაკროკოსმოსი არის ჩვენი ვარსკვლავური სამყარო, ანუ ირმის ნახტომი, ქმნილების სხივის მეექვსე სამყარო. დეტეროკოსმოსი არის მზის სისტემა, ანუ მეთორმეტე სამყარო. მესოკოსმოსი არის ყველან პლანეტა, ანუ ოცდამეოთხე სამყარო, ასევე დედამიწა, როგორც პლანეტების შემადგენელი ნაწილი. ტრიტოკოსმოსი არის ადამიანი, ხოლო მიკროკოსმოსი არის ატომი.
როგორც უკვე ავხსენი, ატომი არის ნებისმიერი ნივთიერების ყველაზე მცირე პორცია, რომელშიც ინარჩუნებს ყველა თავის თვისებას, ფიზიკურ, ქიმიურ, ფსიქიკურ და კოსმიურ თვისებებს. ამ თვალსაზრისით, არსებობს მაგალითად "წყლის ატომი" და ასე შემდეგ.
თქვენ ხედავთ, რომ შვიდი კოსმოსის საერთო წესრიგში მიკროკოსმოსი და მაკროკოსმოსი იმდენად შორს დგას ერთმანეთისგან, რომ მათ შორის რაიმე პირდაპირი ანალოგიის დადგენა შეუძლებელია.
თითოეული კოსმოსი არის ცოცხალი არსება, რომელიც ცხოვრობს, სუნთქავს, ფიქრობს, გრძნობს, იბადება და კვდება.
ყველა კოსმოსი წარმოიქმნება ერთი და იგივე ძალებისგან და კანონებისგან. კანონები ყველგან ერთნაირია, მაგრამ ისინი თავს განსხვავებულად ავლენენ, ან სულ მცირე, თავიანთი სამყაროს შიგნით ავლენენ და არა სამყაროს სხვადასხვა სიბრტყეზე. შესაბამისად, კოსმოსები ერთმანეთის აბსოლუტურად იდენტური არ არის. ოქტავების კანონის არარსებობის შემთხვევაში მათი ანალოგი ზუსტი იქნებოდა, მაგრამ ოქტავების კანონის არსებობის გამო, სხვადასხვა ოქტავაში ერთმანეთისგან განსხვავებული ჟღერადობის ნოტები გვხვდება. ამ სამყაროებიდან მხოლოდ სამი კოსმოსი ჰგავს ერთმანეთს, სხვა დანარჩენთან შედარებით.
კანონების მოქმედების პირობები თითოეულ სიბრტყეზე, ანუ თითოეულ კოსმოსში, ორი მიმდებარე კოსმოსით განისაზღვრება: ერთი, რომელიც მის ზემოთაა, ხოლო მეორე, რომელიც მის ქვემოთაა. სამი ერთმანეთის გვერდით მდგარი კოსმოსები იძლევა სრულ სურათს, სამყაროსეული კანონების მანიფესტაციის შესახებ. მხოლოდ ერთი კოსმოსი სრულ სურათს ვერ იძლევა. იმისათვის, რომ ერთი კოსმოსი ვიცოდეთ, აუცილებელია ასევე ვიცოდეთ ორი მიმდებარე კოსმოსი, ერთი ზემოთ, მეორე ქვემოთ, ანუ ერთი დიდი და მეორე პატარა. ეს ორი კოსმოსი განსაზღვრავს მათ შუაში არსებულ კოსმოსს. ამგვარად, მესოკოსმოსი და მიკროკოსმოსი, ერთად აღებული, განსაზღვრავს ტრიტოკოსმოსს. მეორე კოსმოსი და ტრიტოკოსმოსი განსაზღვრავს მესოკოსმოსს და ასე შემდეგ.
ერთი კოსმოსის მეორესთან ურთიერთობა ასტრონომიული მასშტაბებით განსხვავდება ერთმანეთისგან. ქმნილების სხივში სამყაროები ერთმანეთთან რეალური კავშირის სახით არის წარმოდგენილი: მთვარე, დედამიწა, პლანეტები, მზე, ირმის ნახტომი და ასე შემდეგ. ქმნილების სხივთან სამყაროების რაოდენობრივი ურთიერთმიმართება მუდმივი არ არის. ამაში ის იგულისხმება, რომ მაგალითად, ყველა მზის ჩვენს მზესთან ურთიერთმიმართება ბევრად დიდია, ვიდრე დედამიწის მთვარესთან ურთიერთმიმართება. თუმცა, კოსმოსების ურთიერთმიმართება მუდმივი და ყოველთვის იდენტურია, ანუ ერთი კოსმოსი ნულიდან უსასრულობამდე არის მეორე კოსმოსთან დაკავშირებული.
კოსმოსებად დაყოფის მნიშვნელობისა და მათი ურთიერთკავშირის გასაგებად, საჭიროა გავიგოთ, რას ნიშნავს ნულიდან უსასრულობამდე ურთიერთმიმართება. ამის გაგების შემთხვევაში მოცემული ასპექტი ჩვენთვის მაშინვე ნათელი გახდება.
კოსმოსების იდეა სამყაროში ჩვენი ადგილის გასაგებად გვეხმარება. მოცემული იდეა სივრცესთან და დროსთან დაკავშირებულ პრობლემებს წყვეტს. უპირველეს ყოვლისა, ეს იდეა ფარდობითობის პრინციპის დამკვიდრებას ემსახურება. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სამყაროს ზუსტი კონცეფციის არსებობა შეუძლებელია, თუ მასში ფარდობითობის პრინციპს ვერ ჩავწვდებით.
კოსმოსების იდეა საშუალებას გვაძლევს, რომ ფარდობითობის პრინციპი მყარ საფუძველზე შევისწავლოთ. ერთი შეხედვით, კოსმოსების სისტემაში ბევრი რამ არის პარადოქსული. თუმცა, სინამდვილეში ეს პარადოქსი უბრალოდ ფარდობითობის საკითხია.
ადამიანის ცნობიერების გაფართოებისა და მისი ცოდნის გაზრდის შესაძლებლობის იდეა პირდაპირ კავშირშია კოსმოსების სწავლებასთან. ცნობიერების ჩვეულებრივ მდგომარეობაში ადამიანი საკუთარ თავს ერთ კოსმოსში აღიქვამს, ხოლო ყველა დანარჩენ კოსმოსს ცალკე აღებულად უყურებს. ცნობიერების და ფსიქიკური ფუნქციების გაფართოებას ადამიანი ორი სხვა კოსმოსის აქტივობისკენ და სიცოცხლისკენ მიჰყავს: ერთი ზემოთ, მეორე ქვემოთ, ანუ ერთი დიდი და მეორე პატარა. ცნობიერების გაფართოება არ მიდის მხოლოდ ერთი, უმაღლესი კოსმოსების მიმართულებით, არამედ იგი ამასთან ერთად დაბლაც ეშვება.
ეს უკანასკნელი იდეა, ალბათ, აგიხსნით ზოგიერთ გამონათქვამს, რომელიც შესაძლოა ოკულტურ ლიტერატურაში შეგხვედრიათ: აღმართი გზა იგივეა, რაც დაღმართი გზა, ან უბრალოდ, რაც მაღლა, ის დაბლა. როგორც წესი, ეს გამოთქმა საკმაოდ არასწორად არის განმარტებული.
სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ თუ, მაგალითად, ადამიანი პლანეტარული ცხოვრების შეგრძნებას დაიწყებს, ან თუ მისი ცნობიერება პლანეტარული სამყაროს დონეზე გადავა, იგი ამავე დროს ატომების სიცოცხლის შეგრძნებასაც დაიწყებს. ამ გზით ცნობიერების გაფართოება მიმდინარეობს ერთდროულად ორი მიმართულებით, დიდის და მცირეს მიმართ. ადამიანში განსახორციელებელი ცვლილება დიდის და პატარას შემეცნებას მოითხოვს. პარალელების და ანალოგების ძიებაში, ჩვენ შეგვიძლია თითოეული კოსმოსი სამ ურთიერთმიმართებაში ავიღოთ:
1. საკუთარ თავთან მიმართებაში.
2. უფრო მაღალ ან უფრო დიდ კოსმოსთან მიმართებაში.
3. ქვედა ან უფრო პატარა კოსმოსებთან მიმართებაში.
ერთი კოსმოსის კანონების მეორე კოსმოსში გამოვლინება არის ის, რასაც ჩვენ სასწაულს ვუწოდებთ. სხვა სახის სასწაული არ არსებობს. სასწაული არ არის კანონების დარღვევა და არც მათ მიღმა არსებული ფენომენი.
ფარდობითობის კანონების გასაგებად ძალიან სასარგებლოა ცხოვრების და ფენომენების იმგვარად გამოკვლევა, თითქოს მას შორეული კოსმოსიდან ვუყურებთ, ანუ მას სხვა კოსმოსის კანონების თვალსაზრისით შევისწავლით. როდესაც მოცემული კოსმოსის ცხოვრების ფენომენები, სხვა კოსმოსიდან განიხილება, ისინი სრულიად განსხვავებულ ასპექტებს და მთლიანად განსხვავებულ მნიშვნელობებს ავლენენ. ჩნდება ბევრი ახალი ფენომენი, ხოლო ქრება სხვა მრავალი. ეს მთლიანად ცვლის სამყაროს და საგნების სურათს.
როგორც უკვე ითქვა, მხოლოდ კოსმოსის იდეას შეუძლია შექმნას მყარი საფუძველი ფარდობითობის თეორიის დამკვიდრებაში. ნამდვილი მეცნიერება და ნამდვილი ფილოსოფია ფარდობითობის კანონის გაგებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. შესაბამისად, იმის თქმა შეგვიძლია, რომ რომ მეცნიერება და ფილოსოფია, ამ ტერმინების ჭეშმარიტი მნიშვნელობით, კოსმოსების იდეით იწყება.
ამ სიტყვების შემდეგ, გურჯიევი ხანგრძლივი დროის მანძილზე დუმდა, შემდეგ კი მე მომიბრუნდა და დაამატა:
- შეეცადე, რომ ამჟამად ჩემს მიერ ნათქვამი შენი განზომილებების თვალსაზრისით განიხილო.
- ყველაფერი, რაც თქვენ თქვით, უდავოდ განზომილებების პრობლემას ეხება. - ვთქვი მე. - მაგრამ სანამ მათზე გადავიდოდე, მსურს ერთი პუნქტი განვმარტო, რომელიც ჩემთვის არც ისე ნათელია. ეს იმას ეხება, რაც თქვენ მიკროკოსმოსის შესახებ თქვით. ჩვენ მიჩვეულნი ვართ, რომ მიკროკოსმოსი ადამიანთან დავაკავშიროთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი საკუთარ თავში სამყაროს ატარებს, რომელიც დიდი სამყაროს, მაკროკოსმოსის ანალოგია. მაგრამ, თქვენ ადამიანს ტრიტოკოსმოსი უწოდეთ, ანუ მესამე კოსმოსი. რატომ მესამე? პირველი არის პროტოკოსმოსი, მეორე დეტეროკოსმოსი. რატომ არის ადამიანი მესამე კოსმოსი?
- ამჟამად ეს ძნელი ასახსნელია. - მიპასუხა გურჯიევმა. - ამას მოგვიანებით გაიგებ.
- მაგრამ თქვენ ნამდვილად გულისხმობთ, რომ მიკროკოსმოსის კონცეფციის ადამიანთან მიმართებაში გამოყენება არ შეიძლება?
- დიახ, დიახ. ადამიანი არის ტრიტოკოსმოსი. მიკროკოსმოსი არის ატომი, ან უფრო სწორად, მიკრობი.
შემდეგ ისევ ჩემკენ შემობრუნდა:
- ახლა ყველაფერი შენი გადმოსახედიდან აღიქვი და ისე განიხილე, როგორც მე ვთქვი.
- უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ, თუ რას ნიშნავს ნულიდან უსასრულობამდე ურთიერთმიმართება. - ვთქვი მე. - თქვენი მიხედვით, ამის გაგებით კოსმოსების ერთმანეთთან კავშირსაც ჩავწვდებით. ჩვენი კვლევისთვის ხელმისაწვდომ სამყაროში ჩვენ გვაქვს სრულიად ნათელი მაგალითი, ნულიდან უსასრულობამდე ურთიერთმიმართების შესახებ. გეომეტრიაში ეს არის ერთი სხეულის მეორესთან მიმართება განზომილებების განსხვავებულ მოცემულობაში, ანუ უფრო დიდი რაოდენობის განზომილებებში. წერტილის მიმართება წრფესთან, წრფის სიბრტყესთან, სიბრტყის მყართან, ანუ სამგანზომილებიანის მიმართება ოთხგანზომილებიანთან და ასე შემდეგ.
თუ ამ თვალსაზრისს მივიღებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ერთი კოსმოსის მეორესთან მიმართება ორი განსხვავებული განზომილების ურთიერთობას გულისხმობს. თუ ერთი კოსმოსი სამგანზომილებიანია, მაშინ შემდეგი კოსმოსი, ანუ მის ზემოთ არსებული კოსმოსი, ოთხგანზომილებიანი უნდა იყოს, მომდევნო ხუთგანზომილებიანი და ასე შემდეგ. თუ ატომს ან მიკრობს ავიღებთ, ანუ როგორც თქვენ ამბობთ, თუ მიკროკოსმოსს წერტილის სახით ავიღებთ, მაშინ ამ წერტილთან შედარებით ადამიანი გავლებული ხაზი იქნება, ანუ ერთგანზომილებიანი ფიგურა. მომდევნო კოსმოსი, ანუ დედამიწა, ორგანზომილებიანი იქნება, მზის სისტემა სამგანზომილებიანი, ვარსკვლავური სამყარო ოთხგანზომილებიანი, ყველა სამყარო ხუთგანზომილებიანი, ხოლო აბსოლუტი ან პროტოკოსმოსუ ექვსგანზომილებიანი.
ყველაზე მეტად, რაც კოსმოსების სისტემაში მაინტერესებს, არის "განზომილებების პერიოდი", რომელსაც ზუსტი ანალოგის სახით ვხედავ, რაც ჩემს წიგნში, "სამყაროს ახალ მოდელში" დავწერე. ეს არ არის უბრალო დამთხვევა, ეს არის აბსოლუტურად იდენტური მოცემულობა. არ ვიცი, ასეთი რამ საერთოდ როგორ მოხდა. არასოდეს მსმენია შვიდი კოსმოსის შესახებ, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან ნულის უსასრულობამდე ურთიერთმიმართებით. მიუხედავად ამისა, ჩემი "განზომილებების პერიოდი" მას ზუსტად ემთხვევა.
"განზომილებების პერიოდი" შვიდ განზომილებას შეიცავს. ნულოვანი განზომილება, პირველი განზომილება და ასე შემდეგ, მეექვსემდე. ნულოვანი განზომილება, ანუ წერტილი, არის ლიმიტი, საზღვარი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვხედავთ რაღაცას, როგორც წერტილს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა იმალება ამ წერტილის მიღმა. ეს შეიძლება სინამდვილეში უბრალოდ წერტილი იყოს, ან რაღაც სხეული, რომელსაც ზომები გააჩნია. იქნებ ეს წერტილი მთელი სამყაროა, მაგრამ იგი ჩვენგან იმდენად შორსაა და იმდენად პატარაა, რომ უბრალო წერტილად გვეჩვენება. ამ წერტილის სივრცეში მოძრაობა სიბრტყეზე გავლებულ ხაზად მოგვეჩვენება.
სამგანზომილებიანი სხეული წერტილისგან, ხაზისგან და სიბრტყისგან იმით განსხვავდება, რომ მას რეალური, ფიზიკური არსებობა გააჩნია ჩვენი აღქმისთვის.
სიბრტყე სინამდვილეში მხოლოდ სხეულის პროექციაა, ხაზი თავად სიბრტყის პროექციაა, ხოლო წერტილი ხაზის პროექციაა.
სხეულს დამოუკიდებელი, ფიზიკური არსებობა აქვს, ანუ რიგ სხვადასხვა თვისებებს ფლობს.
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ რაიმე "არსებობს", იმას ვგულისხმობთ, რომ იგი დროში არსებობს. მაგრამ, სამგანზომილებიან სივრცეში დრო არ არსებობს. დრო, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ, მეოთხე განზომილებაა. არსებობა ჩვენთვის იგივეა, რაც დროში არსებობა. დროში არსებობა არის მოძრაობა ან გაფართოება მეოთხე განზომილების გასწვრივ. თუ არსებობას მეოთხე განზომილების გასწვრივ ავიღებთ და თუ სიცოცხლეს ისე მივიჩნევთ, როგორც ოთხგანზომილებიან სხეულს, მაშინ სამგანზომილებიანი სხეული მისი მონაკვეთი, პროექცია ან ლიმიტი იქნება.
მაგრამ, დროში არსებობა არ მოიცავს არსებობის ყველა ასპექტს. დროში არსებობის გარდა, ყველაფერი რაც არსებობს, ასევე მარადისობაშიც არსებობს.
მარადისობა არის დროის ყოველი მომენტის უსასრულობა. თუ დროს ხაზის სახით წარმოვიდგენთ, მაშინ იგი ყოველ წერტილში მარადისობის ხაზებით გადაიკვეთება. დროის ხაზში არსებული ყოველი წერტილი მარადისობა იქნება. შესაბამისად, დროის ხაზი მარადისობის სიბრტყე იქნება. მარადისობას, დროზე ერთით მეტი განზომილება აქვს. ამიტომ, თუ დრო მეოთხე განზომილებას წარმოადგენს, მარადისობა მეხუთე განზომილება იქნება. თუ დროის სივრცე ოთხგანზომილებიანია, მაშინ მარადისობის სივრცე ხუთგანზომილებიანია.
შემდეგ, მეხუთე და მეექვსე განზომილებების იდეის გასაგებად, დროის აღქმის გარკვეული ხედვა უნდა ჩამოყალიბდეს.
დროის ყოველი მომენტი შეიცავს გარკვეული რაოდენობის შესაძლებლობებს, ზოგჯერ მცირეს, სხვა დროს უფრო მეტს, მაგრამ, არასოდეს უსასრულოს. აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ არსებობს შესაძლებლობები და ასევე არსებობს შეუძლებლობა. მე ახლა შემიძლია მაგიდიდან იატაკზე დავყარო ფანქარი, ფურცელი და სიგარეტის ფერფლი, მაგრამ ფორთოხალს იატაკზე ვერ დავყრი, რადგან იგი უბრალოდ მაგიდაზე არ დევს. ეს აშკარად განსაზღვრავს განსხვავებას შესაძლებლობასა და შეუძლებლობას შორის. ასევე, შემიძლია ნივთები წყვილად, ცალ-ცალკე ან ერთიანად დავყარო. იქნებ, სულაც არაფერი დავყარო იატაკზე. ჩემთვის მხოლოდ ეს შესაძლებლობები არსებობს. თუ დროის იმ მომენტს ავიღებთ, როდესაც შესაძლებლობები არსებობს, მაშინ მომდევნო მომენტი ამ შესაძლებლობების აქტუალიზაციას განასახიერებს. ფანქრების იატაკზე დაყრის მომენტი არის ერთ-ერთი შესაძლებლობის აქტუალიზაცია. შემდეგ მოდის ახალი მომენტი. ამ მომენტს ასევე გააჩნია გარკვეული რაოდენობის შესაძლებლობები. ამის შემდეგ მომენტი კვლავ იქნება ერთ-ერთი შესაძლებლობის აქტუალიზაცია. შესაძლებლობის აქტუალიზაციის ამ მომენტების თანმიმდევრულობა წარმოადგენს დროის მსვლელობას. მაგრამ, დროის თითოეულ მომენტს მარადისობაში უსასრულო არსებობა აქვს. აქტუალიზებული შესაძლებლობები უსასრულოდ აქტუალიზდება მარადისობაში, ხოლო არარეალიზებული შესაძლებლობები კვლავაც არააქტუალიზებულად რჩება.
მაგრამ, ყოველი შესაძლებლობა, რომელიც სამყაროში წარმოიქმნება, უნდა აქტუალიზდეს. ყველა შექმნილი ან წარმოშობილი შესაძლებლობის აქტუალიზაცია წარმოადგენს სამყაროს ყოფიერებას. ამავდროულად, მარადისობის ფარგლებში ამ შესაძლებლობების აქტუალიზაციის ადგილი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ მარადისობაში ყველაფერი, რაც აქტუალიზებული იყო, კვლავაც აგრძელებს აქტივიზაციას, ხოლო რაც არ ყოფილა აქტუალიზებული, ისევ აგრძელებს არააქტუალიზებულად ყოფნას. მარადისობა არის სიბრტყე, რომელსაც დროის ხაზი ჰკვეთს. ამ ხაზის ყველა წერტილში რჩება არააქტუალიზებული შესაძლებლობების გარკვეული რაოდენობა. თუ ამ შესაძლებლობების აქტუალიზაციის ხაზს წარმოვიდგენთ, ისინი მოძრაობას თავიანთი რადიუსის გასწვრივ, დროის და მარადისობის ხაზის სხვადასხვა კუთხეში გააგრძელებენ. ეს ხაზები გაგრძელდება მარადისობის გარეთ, ხუთგანზომილებიანი სივრცის გარეთ, "უმაღლეს მარადისობაში" ან ექვსგანზომილებიან სივრცეში.
მეექვსე განზომილება არის ყველა შესაძლებლობის აქტუალიზაციის ხაზი.
მეხუთე განზომილება არის რეალიზებული შესაძლებლობების განმეორების ხაზი.
მეოთხე განზომილება არის თანმიმდევრული მომენტებისას ერთი შესაძლებლობის აქტუალიზაციის ხაზი.
როგორც ვთქვი, შვიდი განზომილება, ნულიდან მეექვსე განზომილებამდე, წარმოადგენს განზომილებების სრულ პერიოდს. ამ პერიოდის მიღმა ან არაფერია, ან იგივე პერიოდი სხვა მასშტაბით გრძელდება.
როგორც უკვე ვთქვი, კოსმოსების სისტემა, რომლის ექსპოზიციაც ახლახან მოვისმინე, გაკვირვებულს მტოვებს, რადგან იგი სრულად შეესაბამება განზომილებების პერიოდს. განზომილებების პერიოდი, რომელიც ჩემი წიგნის, "სამყაროს ახალი მოდელის" საფუძველია, კოსმოსების სისტემასთან ერთად კიდევ უფრო შორს მიდის და ბევრ რამეს ხსნის, რაც აქამდე არ იყო ნათელი, "სამყაროს ახალ მოდელში".
ამრიგად, თუ მიკროკოსმოსს, ანუ ატომს ან მიკრობს ავიღებთ, როგორც გურჯიევმა განსაზღვრა, ტრიტოკოსმოსი (ადამიანი) იქნება ოთხგანზომილებიანი სივრცე, მესოკოსმოსი იქნება ხუთგანზომილებიანი სივრცე, ხოლო დეტეროკოსმოსი იქნება ექვსგანზომილებიანი სივრცე.
ეს ნიშნავს, რომ ატომის ან მიკრობის ყველა შესაძლებლობა მზის სისტემის ფარგლებშია რეალიზებული.
თუ ადამიანს ტრიტოკოსმოსად მივიღებთ, მაშინ მისთვის მესოკოსმოსი იქნება ოთხგანზომილებიანი სივრცე, დეტეროკოსმოსი ხუთგანზომილებიანი, ხოლო მაკროკოსმოსი ექვსგანზომილებიანი. ეს ნიშნავს, რომ ტრიტოკოსმოსის ყველა შესაძლებლობა მაკროკოსმოსშია რეალიზებული.
ამიტომ, ამის პარალელურად, მესოკოსმოსის ყველა შესაძლებლობა რეალიზებულია აიოკოსმოსში, ხოლო დეტეროკოსმოსის ყველა შესაძლებლობა რეალიზებულია პროტოკოსმოსში.
ვინაიდან ყველა კოსმოსს რეალური, ფიზიკური არსებობა გააჩნია, შესაბამისად ყოველი კოსმოსი სამგანზომილებიანია. ქვედა კოსმოსთან მიმართებაში იგი ოთხგანზომილებიანია, ხოლო ზედა კოსმოსებთან მიმართებაში მხოლოდ წერტილს ასახავს. ეს ბოლო წერტილი ალბათ ყველაზე პარადოქსულია, მაგრამ ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს. სამგანზომილებიანი კოსმოსისთვის მეოთხე განზომილება ისეთივე დიდი იქნება, რამდენადაც უსასრულობა განსხვავდება ნულისგან.
ასევე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თუნდაც ერთი და იმავე სამგანზომილებიანი სხეული შეიძლება განსხვავებული იყოს. მხოლოდ ექვსგანზომილებიანი სხეული შეიძლება იყოს სრულიად რეალური. ხუთგანზომილებიანი სხეული არის ექვსგანზომილებიანი სხეულის არასრული ხედი, ოთხგანზომილებიანი სხეული არის ხუთგანზომილებიანი სხეულის არასრული ხედი, სამგანზომილებიანი სხეული არის ოთხგანზომილებიანი სხეულის არასრული ხედი. ანალოგიურად, ხაზი არის სიბრტყის არასრული ხედი, ხოლო წერტილი ხაზის არასრული ხედია.
უფრო მეტიც, ჩვენ არ ვიცით როგორ და რანაირად, მაგრამ ექვსგანზომილებიან სხეულს სამგანზომილებიანი სხეულიდან შეუძლია საკუთარი თავის დანახვა. მაგალითად, ჩვენ საკუთარ თავს დედამიწაზე სამგანზომილებიანი სახით წარმოვიდგენთ, მაგრამ ეს მხოლოდ წარმოსახვაა. დედამიწა საკმაოდ განსხვავებულია იმისგან, რაც ჩვენ მის შესახებ წარმოგვიდგენია. ჩვენი შეხედულება მასზე არასრულია. ჩვენს მიერ შექმნილი გლობუსი წარმოსახვითი სხეულია. იგი ნამდვილი დედამიწის ძალიან მცირე ნაწილია. ეს არის ექვსგანზომილებიანი დედამიწის ძალიან მცირე ნაწილი. მაგრამ ეს ექვსგანზომილებიანი დედამიწა საკუთარი თავისთვის შეიძლება სამგანზომილებიანი იყოს, ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, თუ საიდან და როგორ აღიქვამს დედამიწა საკუთარ თავს. აიოკოსმოსში აქტუალიზებულია დედამიწის ყველა შესაძლებლობა. ეს ნიშნავს, რომ აიოკოსმოსში დედამიწა ექვსგანზომილებიანი სხეულია, მაგრამ ქვედა კოსმოსებში იგი განსხვავებულ სახეებს იღებს. "სამგანზომილებიანობა", თუნდაც ერთი და იგივე სახის, შეიძლება სრულიად განსხვავებულ სხეულებს ატარებდეს.
ეს უკანასკნელი პუნქტი იმასთან დაკავშირებულად მეჩვენება, რასაც გურჯიევი "ფარდობითობის პრინციპს" უწოდებს. მის მიერ მოცემულ ფარდობითობის პრინციპს არაფერი აქვს საერთო აინშტაინის თეორიასთან. ეს იგივეა, რაც "სამყაროს ახალ მოდელშია" აღწერილი. ეს არის სამყაროსეული არსებობის ფარდობითობის პრინციპი.
ამ ეტაპზე კოსმოსების სისტემის თვალსაზრისით მრავალი განზომილების თეორიის გამოკვლევა დავასრულე.
- შენს ნათქვამში დიდი მასალა დევს. - თქვა გურჯიევმა. - მაგრამ, ამ მასალას დამუშავება სჭირდება. თუ გეცოდინება, როგორ დაამუშაო ეს მასალა, ბევრ ახალ რამეს გაიგებ, რაც აქამდე თავშიც არ მოგსვლია. მაგალითად გაითვალისწინე, რომ სხვადასხვა კოსმოსში დრო განსხვავებულია. მეტიც, ამის გამოთვლის ზუსტი გზაც არსებობს. შესაძლებელია ზუსტად ვიცოდეთ, ერთი კოსმოსის რამდენი დრო არის დაკავშირებული მეორე კოსმოსის დროსთან. მხოლოდ ერთ რამეს დავამატებ: დრო არის სუნთქვა. ამაზე იფიქრე.
გურჯიევს მეტი არაფერი უთქვამს.
მოგვიანებით, გურჯიევის მოსკოვის ჯგუფის ერთ-ერთმა მოსწავლემ ამ საკითხს დაამატა, რომ გურჯიევის მიხედვით ცოცხალი არსებებისა და მცენარეების მღვიძარება და ძილი, ანუ ოცდაოთხი საათი, წარმოადგენს "ორგანული ცხოვრების სუნთქვას".
გურჯიევის ლექციებმა კოსმოსების შესახებ ჩემში დიდი ცნობისმოყვარეობა აღძრა, რადგან იგი პირდაპირ კავშირში იყო იმ საკითხებთან, რომელსაც წლების მანძილზე ვიკვლევდი.
თუმცა, კიდევ ერთი წლის განმავლობაში, გურჯიევს ამ ლექციისთვის სიტყვაც არ დაუმატებია.
რამდენიმე ჩვენგანი ცდილობდა ეს პრობლემები სხვადასხვა მხრიდან განეხილა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ჩვენგანი კოსმოსების იდეაში ძალიან დიდ ენერგიას გრძნობდა, დამოუკიდებლად რაიმე შედეგამდე მაინც ვერ მივდიოდით. განსაკუთრებით დაგვაბნია "მიკროკოსმოსმა" და მისმა განმარტებამ.
მახსოვს, ერთხელ, (თუ სწორად მახსოვს, 1917 წელს ეს მისი ბოლო ვიზიტი იყო), როდესაც გურჯიევი პეტერბურგს ტოვებდა, ერთ-ერთმა ჩვენგანმა ერთ-ერთმა ჩვენგანმა მას კოსმოსებთან დაკავშირებით რაღაც კითხვა დაუსვა.
- ეცადე გაიგო, რას ნიშნავს მიკროკოსმოსი. - უპასუხა გურჯიევმა. - თუ ამის გაგებაში წარმატებას მიაღწევ, მაშინ ყველაფერი დანარჩენი, რასაც ამჟამად მეკითხები, შენთვის გასაგები გახდება.
მახსოვს, როცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბრეთ, კითხვა საკმაოდ მარტივად გადასაჭრელი იყო, თუ ადამიანს მიკროკოსმოსის სახით ავიღებდით.
ცხადია, ეს პირობითი იყო, მაგრამ მთელს სისტემასთან შესაბამისობაში მოდიოდა. ყოველი ცალკეული არსება, ძაღლი, კატა, მცენარე, ადამიანი, უნდა განგვეხილა, როგორც მიკროკოსმოსი. ამ ქმნილებათა ერთიანობა, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობდნენ, ტრიტოკოსმოსს განასახიერებდნენ. ამ შემთხვევაში, ასეთი მოცემულობა შესაძლებელთაგან ერთადაერთ ლოგიკურ დასკვნად მეჩვენებოდა და ვერ ვხვდებოდი, რატომ აპროტესტებდა გურჯიევი ამგვარ მიდგომას.
ამან კიდევ უფრო გაგვაძლიერა ჩვენი გადაწყვეტილება, "მიკროკოსმოსი" ადამიანთან მიმართებაში განგვემარტა. მოგვიანებით ჩვენთვის ნათელი გახდა, თუ რატომ სურდა გურჯიევს ეს კონცეფცია უფრო მცირე ელემენტთან დაგვეკავშირებინა და საით სურდა ჩვენი ყურადღების გამახვილება.
ამ თემაზე ერთი საუბარი მახსოვს:
- თუ გვსურს გრაფიკულად წარმოვაჩინოთ კოსმოსების ურთიერთმიმართება, ჩვენ უნდა მივიღოთ ადამიანი, როგორც მიკროკოსმოსი, ანუ წერტილი. - ვთქვი მე. - ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ძალიან მცირე მასშტაბით უნდა ავიღოთ, ჩვენგან ძალიან შორს. შემდეგ, მისი ტრიტოკოსმოსში ცხოვრება, - ადამიანების და ბუნების შუაგულში - იქნება გავლებული ხაზი. მისი ღერძის გარშემო მოძრავი დედამიწა ასეთ დროს გადაიქცევა სიბრტყედ და მზის გათვალისწინებით იგი გახდება სამგანზომილებიანი სხეული, ანუ ეს იქნება მისი რეალიზაცია. თუმცა, მიკროკოსმოსიც, ანუ ადამიანიც სამგანზომილებიანია. სახეზე გვაქვს ორი სამგანზომილებიანი ქმნილება.
ამ შემთხვევაში ადამიანის ყველა შესაძლებლობა მზეში არის აქტუალიზებული. ეს იმას შეესაბამება, რაც გურჯიევმა ადრე თქვა, რომ ადამიანი ნომერი შვიდი უკვდავი ხდება მზის სისტემის ფარგლებში.
მზის მიღმა, ანუ მზის სისტემის მიღმა, მას არ გააჩნია და არც შეუძლია გააჩნდეს არსებობა. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო კოსმოსის თვალსაზრისით, მაკროკოსმოსში ადამიანი საერთოდ არ არსებობს. მაკროკოსმოსი არის კოსმოსი, რომელშიც ტრიტოკოსმოსის შესაძლებლობები არის რეალიზებული, ხოლო ადამიანს მაკროკოსმოსში არსებობა შეუძლია, როგორც მხოლოდ ტრიტოკოსმოსის ატომი. დედამიწის შესაძლებლობები აქტუალიზებულია მეგალოკოსმოსში და მზის შესაძლებლობები აქტუალიზებულია პროტოკოსმოსში.
თუ მიკროკოსმოსი, ანუ ადამიანი, არის სამგანზომილებიანი სხეული, მაშინ ტრიტოკოსმოსი - დედამიწაზე არსებული ორგანული სიცოცხლე - იქნება ოთხგანზომილებიანი სხეული. დედამიწას აქვს ხუთი განზომილება, ხოლო მზეს ექვსი.
ჩვეულებრივი მეცნიერული შეხედულება ადამიანს, დედამიწას, მზეს და მთელ მზის სისტემას სამგანზომილებიან სხეულად აღიქვამს. ამ თვალსაზრისის უზუსტობა აშკარა ხდება, თუ კოსმოსების ერთმანეთთან ურთიერთობის ასპექტის გაგებას შევეცდებით. ამ შემთხვევაში ორგანული სიცოცხლე აუცილებლად დროის ფარგლებში უნდა იქნეს მიღებული. დროში არსებობა არის გაფართოება მეოთხე განზომილების გასწვრივ.
არც დედამიწა შეიძლება ჩაითვალოს სამგანზომილებიან სხეულად. იგი სამგანზომილებიანი იქნებოდა, სტაციონარული რომ ყოფილიყო, მაგრამ ღერძის გარშემო მისი მოძრაობა ადამიანს ხუთგანზომილებიან ქმნილებად აქცევს. ხოლო მზის გარშემო მოძრაობა თავად დედამიწას ოთხგანზომილებიანს ხდის. დედამიწა არ არის სფერო, არამედ სპირალი, რომელიც მზის გარშემო ბრუნავს. თავად მზე რაღაც სპირალის გარშემო ბრუნავს. სპირალი, რომლის გარშემოც მზე ბრუნავს, მომდევნო კოსმოსის გარშემო ბრუნავს, მაგრამ ამ მოძრაობის შედეგი არ ვიცით, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ, რა არის ამ მოძრაობის მიმართულება და ბუნება.
მიკროსკოპული უჯრედი, რომელიც მიკროსკოპული ხედვის სასაზღვრო ხაზზე იმყოფება, შედგება მილიარდობით მოლეკულისგან, რომელიც მოიცავს შემდეგ საფეხურს, შემდეგ კოსმოსს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი კოსმოსი იქნება ელექტრონი. ამრიგად მივიღეთ მეორე მიკროკოსმოსი - უჯრედი. მესამე მიკროკოსმოსი - მოლეკულა. მეოთხე მიკროკოსმოსი - ელექტრონი. ეს დაყოფა და მათი დასახელებები, შესაძლოა ძალიან არასრულყოფილია. შეიძლება დროთა განმავლობაში მეცნიერებამ სხვა მიდგომა ჩამოაყალიბოს, მაგრამ პრინციპი ყოველთვის იგივე იქნება. კოსმოსები ყოველთვის ზუსტად ასეთ კავშირში იქნებიან მიკროკოსმოსთან.
ძნელია აღადგინო ყველა ის საუბარი, რაზეც მაშინ ვსაუბრობდით კოსმოსების შესახებ.
განსაკუთრებით ხშირად ვუბრუნდებოდი გურჯიევის მიერ ნათქვამს, სხვადასხვა კოსმოსში არსებული განსხვავებული დროის შესახებ. ვგრძნობდი, რომ აქ იყო გამოცანა, რომლის ამოხსნაც შემეძლო. მოგვიანებით ამ სისტემამ მრავალი საინტერესო კონსტრუქციის გამოჩენა გახადა შესაძლებელი.
კოსმოსის იდეამ შემდგომი განვითარება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ პოვა, ანუ 1917 წლის გაზაფხულზე, როდესაც პირველად მოვახერხე "სხვადასხვა კოსმოსის დროის ცხრილის" აგება. ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებ. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ გურჯიევს არასდროს აუხსნია, საიდან მოდიოდა ეს სახელები ან კოსმოსების ამგვარი დაყოფა, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამხელას დაგვპირდა.