თავი მეორე
1915 წელი, გურჯიევი პეტერბურგში. საუბარი ჯგუფების შესახებ. მითითება "ეზოთერული" სამუშაოს შესახებ "ციხესთან" მიმართებაში და "ციხიდან გაქცევა". რა არის საჭირო გაქცევისათვის? ვის შეუძლია დახმარება და როგორ? პეტერბურგში შეხვედრების დასაწყისი. კითხვა რეინკარნაციისა და მომავალი ცხოვრების შესახებ. როგორ მიიღწევა უკვდავება? ბრძოლა "დიახ" და "არას" შორის. კრისტალიზაცია სწორ და არასწორ საფუძველზე. მსხვერპლის აუცილებლობა. დაკვირვებები და საუბრები გურჯიევთან. ხალიჩებზე საუბარი და მათი გაყიდვა. რას ამბობდა გურჯიევი საკუთარ თავზე. კითხვა ანტიკური ცოდნის შესახებ და რატომ არის იგი დაფარული. გურჯიევის პასუხი. ცოდნა დაფარული არ არის. ცოდნის მატერიალურობა და ადამიანის მიერ ცოდნაზე უარის თქმა. კითხვა უკვდავების შესახებ. ხორციელი სხეული, ბუნებრივი სხეული, სულიერი სხეული და ღვთაებრივი სხეული. მაგალითი მეტალის ფხვნილებით სავსე რეტორტის შესახებ. ფაკირის გზა, ბერის გზა, იოგის გზა და "მეოთხე გზა". არსებობს თუ არა ცივილიზაცია და კულტურა?
პეტერბურგში ზაფხულმა ჩვეულებრივი ლიტერატურული სამუშაოების ფონზე ჩაიარა. ჩემს წიგნებს ახალი გამოცემებისთვის ვამზადებდი, ვკითხულობდი და ასე შემდეგ. 1915 წლის ზაფხული საშინელება იყო თავისი დაძაბული ატმოსფეროთი, რომლისგანაც მიუხედავად ყველა მცდელობისა, ვერ განვთავისუფლდი. ომი ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე მიდიოდა და უფრო და უფრო გვიახლოვდებოდა. გარშემო ყველაფერი რყევას იწყებდა. ფარული სუიციდური აქტივობა რუსეთის ცხოვრებაში ბევრს განკარგავდა და უფრო და უფრო აშკარა ხდებოდა. ერთგვარი "ძალების გამოცდა" მიმდინარეობდა. მბეჭდავები მუდმივად გაფიცულები იყვნენ. ჩვენი მუშაობა შეჩერდა. უკვე ვიწყებდი იმაზე ფიქრს, რომ კატასტროფა იმაზე ადრე მოხდებოდა, ვიდრე ჩანაფიქრის განხორციელებას შევძლებდი. ჩემი ფიქრები ძალიან ხშირად უბრუნდებოდა მოსკოვში გამართულ საუბრებს. რამდენჯერმე, როდესაც საქმე განსაკუთრებით გართულდა, მახსოვს, რომ საკუთარ თავს ვუთხარი, "ახლა ყველაფერს დავთმობ და მოსკოვში გურჯიევთან ჩავალ"; ამ ფიქრში ყოველთვის მშვიდად ვგრძნობდი თავს.
დრო გავიდა. ერთ დღეს, როდესაც უკვე შემოდგომა დამდგარიყო, ტელეფონზე დამირეკეს და გურჯიევის ხმა გავიგე. პეტერბურგში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული. მაშინვე წავედი მის სანახავად და მასთან მისულ სხვა ადამიანებთან ერთად გამართულ საუბრებს შორის, იგი ისევე დამელაპარაკა, როგორც მოსკოვში.
მოსკოვში დაბრუნების წინა დღეს მითხრა, რომ მალე ისევ დაბრუნდებოდა. მისი მეორე ვიზიტის დროს ვუთხარი, რომ პეტერბურგში რომელიღაც ჯგუფში შევედი, სადაც ყველა შესაძლო საგანი განიხილებოდა, ომიდან ფსიქოლოგიამდე. მან თქვა, რომ მსგავსი ჯგუფების გაცნობა შესაძლოა სასარგებლო ყოფილიყო და თავადაც ფიქრობდა პეტერბურგში მსგავსი სამუშაოს შესრულებას, რომელსაც მოსკოვში ხელმძღვანელობდა.
შემდეგ კვლავ მოსკოვში დაბრუნდა და ორ კვირაში დაბრუნებას დამპირდა. ზოგ ჩემს მეგობარს მასზე ვესაუბრე და ერთად დავიწყეთ მისი ჩამოსვლის ლოდინი.
ცოტა ხნით ისევ დაბრუნდა. მოვახერხე და მას რამდენიმე ადამიანი გავაცანი. რაც შეეხება თავის გეგმებს და განზრახვებს, მან თქვა, რომ სამუშაოს უფრო ფართო მასშტაბით ორგანიზება სურდა, სადაც საჯარო ლექციებს წაიკითხავდა, ექსპერიმენტების სერიებსა და დემონსტრაციებს მოაწყობდა, რითაც საკუთარ საქმიანობაში უფრო მრავალრიცხოვან ადამიანებს მოიზიდავდა. ამ ყველაფერმა გამახსენა მოსკოვში მოსმენილის ნაწილი, მაგრამ ნათლად არ მესმოდა, რას გულისხმობდა "ექსპერიმენტებში" და "დემონსტრაციებში". ეს მხოლოდ მოგვიანებით გახდა ჩემთვის ნათელი.
მახსოვს ერთი საუბარი, რომელიც ჩემსა და გურჯიევს შორის ნევსკის პატარა კაფეში შედგა.
გურჯიევმა დაწვრილებით მომიყვა თავისი სამუშაოსთვის ჯგუფების ორგანიზებისა და საქმეში მათი როლის შესახებ. ერთი-ორჯერ მან გამოიყენა სიტყვა "ეზოთერული", რაც მისგან მანამდე არ მომისმენია და მაინტერესებდა, რას გულისხმობდა ამ სიტყვაში. როდესაც ვცადე გამეჩერებინა და მეკითხა, რას გულისხმობდა სიტყვა "ეზოთერულში", პასუხს თავი აარიდა.
- ეს არ არის მნიშვნელოვანი. ამას რაც გინდა ის დაარქვი. - თქვა მან, - ამაში არ არის საქმე. საქმე იმაშია, რომ "ჯგუფი" ყველაფრის დასაწყისია. ერთ ადამიანს არაფრის გაკეთება შეუძლია, იგი ვერაფერს მიაღწევს. ჯგუფი, რომელსაც ნამდვილი ლიდერი ჰყავს, მეტის გაკეთებას შეძლებს; ადამიანთა ჯგუფი იმას გააკეთებს, რასაც ერთი ადამიანი ვერასდროს შეძლებს.
შენ ახლა ვერ აცნობიერებ შენსავე სიტუაციას. შენ ციხეში ხარ. თუ გონიერი კაცი ხარ, ერთადერთი, რასაც ისურვებ, გაქცევა იქნება, მაგრამ როგორ უნდა გაიქცე? კედლის ქვეშ გვირაბის გათხრაა აუცილებელი. ერთ კაცს არაფრის გაკეთება შეუძლია. მაგრამ დავუშვათ, რომ ათი ან ოცი კაცია - მათ შეუძლიათ მორიგეობით მუშაობა და ერთის სამუშაო მეორეს დაეხმარება, რითაც გვირაბს ბოლომდე გაიყვანენ და გაიქცევიან.
გარდა ამისა, ვერავინ გაიქცევა ციხიდან იმ ადამიანის გარეშე, ვინც მასზე ადრე გაიქცა. მხოლოდ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ გითხრან, თუ რა გზით არის შესაძლებელი ციხიდან გაქცევა. მარტო ერთი ადამიანი ვერ პოულობს საჭირო საშუალებებს ან ვერ უკავშირდება ასეთ ადამიანებს. ორგანიზაცია აუცილებელია. ორგანიზაციის გარეშე რაიმეს მიღწევა შეუძლებელია.
გურჯიევი ამის შემდეგ ხშირად უბრუნდებოდა საუბრებში ციხიდან გაქცევის მაგალითს. ხანდახან პირდაპირ ამით იწყებდა საუბარს და მისი ფავორიტი განცხადება იყო, რომ "თუ ადამიანს ციხიდან გაქცევა სურს, ჯერ უნდა გააცნობიეროს, რომ ციხეში იმყოფება. სანამ ის ამას ვერ აცნობიერებს და სანამ ფიქრობს, რომ თავისუფალია, მას არანაირი შანსი არ აქვს. ვერავინ დაეხმარება იძულებით და ვერც ვერავინ გაანთავისუფლებს თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ. თუ განთავისუფლება შესაძლებელია, იგი შესაძლებელია მხოლოდ დიდი შრომისა და დიდი ძალისხმევის შედეგად. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა იყოს გაცნობიერებული ძალისხმევა, რომელიც კონკრეტული მიზნისკენ იქნება მიმართული".
თანდათან გურჯიევს უფრო და უფრო მეტი ხალხი გავაცანი, როდესაც ყოველ ჯერზე პეტერბურგში ჩამოდიოდა. წინასწარ მოვაწყე მოლაპარაკებები და ლექციები, რომლებშიც მან მონაწილეობა მიიღო როგორც კერძო სახლებში, ასევე უკვე არსებულ ჯგუფებშიც. ოცდაათი თუ ორმოცი ადამიანი რეგულარულად მოდიოდა. 1916 წლის იანვრის შემდეგ გურჯიევმა უფრო ხშირად დაიწყო პეტერბურგში ჩამოსვლა, ანუ ყოველ ორ კვირაში ერთხელ. ხანდახან ზოგიერთ საკუთარ მოსკოველ მოსწავლესთან ერთად ჩამოდიოდა.
ამ შეხვედრების ორგანიზების შესახებ ჯერ კიდევ არ მესმოდა ყველაფერი. მომეჩვენა, რომ გურჯიევი ყველაფერს ზედმეტად ართულებდა. მაგალითად, იგი იშვიათად მაძლევდა შეხვედრის წინასწარ გაგების უფლებას. საუბრის შემდეგ კი ჩვეულებრივ განაცხადებდა, რომ მეორე დღეს მოსკოვში ბრუნდებოდა. გამგზავრების დილას იტყოდა, რომ საღამომდე დარჩენა გადაწყვიტა. მთელი დღე გადიოდა კაფეებში საუბრებით, სადაც გურჯიევის ნახვის მსურველები მოდიოდნენ. შეხვედრამდე საათით ან საათ-ნახევრით ადრე მეუბნებოდა:
- ხომ არ შევხვედროდით ერთმანეთს ამაღამ? დაურეკე შეხვედრის მსურველებს და უთხარი, რომ ამა და ამ ადგილას მოვიდეს.
სასწრაფოდ ვეცემოდი ხოლმე ტელეფონს, მაგრამ ცხადია, უმრავლესობას სხვა გეგმები ჰქონდა და მხოლოდ რამდენიმე ადამიანის შეგროვება შემეძლო. ისინი, ვინც პეტერბურგის გარეთ, ცარსკოეში ცხოვრობდნენ, ვერასდროს ასწრებდნენ ჩვენს შეხვედრებზე მოსვლას.
ბევრი რამ მოგვიანებით სხვანაირად გავიგე, ვიდრე მაშინ მესმოდა. დროთა განმავლობაში გურჯიევის მოტივები ჩემთვის უფრო ნათელი გახდა. მას არავითარ შემთხვევაში არ სურდა ხალხისთვის გაეადვილებინა მისი იდეების მიღება. პირიქით, იგი თვლიდა, რომ მხოლოდ სიძნელეების გადალახვით და შეუსაბამო სიტუაციების გავლით შეეძლოთ ადამიანებს მისი იდეებს დაფასება.
- ხალხი არ აფასებს იმას, რაც მათთან ადვილად მოდის, - თქვა მან, - დამიჯერე, თუ ადამიანმა ინტერესი იგრძნო, იგი მთელი დღით ტელეფონთან დაჯდება და დაელოდება შესაძლო მოწვევას, ან თვითონ დარეკავს და იკითხავს. რა თქმა უნდა ქალაქგარეთ მცხოვრებთათვის ეს ნამდვილად რთულია, მაგრამ ჩვენ მათ ვერ დავეხმარებით. მოგვიანებით, ალბათ გვექნება გარკვეული შეხვედრები ფიქსირებულ დღეებში. ამჟამად ამის გაკეთება შეუძლებელია. ხალხმა თავად უნდა გამოიჩინოს საკუთარი თავი და იმის შეფასება, რასაც მოისმენს.
ეს ყველაფერი და ამის გარდა სხვა მრავალი საკითხი ჩემთვის ნახევრად ღიად რჩებოდა.
მაგრამ გურჯიევის ლექციები და საერთოდ მის მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა, როგორც შეხვედრებზე, ასევე მის გარეთ, უფრო და უფრო მაინტერესებდა.
ერთხელ, ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ვიღაცამ გურჯიევს ჰკითხა რეინკარნაციის იდეის შესახებ და შესაძლებელი იყო თუ არა გარდაცვლილებთან კომუნიკაციის შემთხვევების დაჯერება.
- ბევრი რამ არის შესაძლებელი, - თქვა გურჯიევმა, - მაგრამ აუცილებელია ადამიანის ყოფიერების დონის გაგება როგორც სიცოცხლეში, ასევე სიკვდილის შემდეგ. თუ ყოფიერება სიკვდილის შემდეგ არსებობს, იგი ხარისხობრივად ძალიან განსხვავებული იქნება. "ადამიანი მანქანისთვის" ყველაფერი გარეგან გავლენებზეა დამოკიდებული, მის თავს ყველაფერი უბრალოდ ხდება, იგი ერთ მომენტში ერთია, მეორე მომენტში მეორე, შემდეგ მომენტში კი მესამე. ასეთ მანქანას არანაირი მომავალი არ აქვს. როცა მოკვდება, უბრალოდ დაიკრძალება და სულ ეს არის. მტვერი მტვრად მიიქცევა. ეს სიტყვები "ადამიან მანქანას" ეხება. სიკვდილის შემდეგ რაიმე სახის მომავალ ცხოვრებაზე საუბრისათვის აუცილებელია არსებობდეს გარკვეული კრისტალიზაცია, ადამიანის შინაგანი თვისებების გარკვეული შერწყმა, გარეგანი გავლენებისგან გარკვეული დამოუკიდებლობა. თუ ადამიანს შეუძლია გარეგანი გავლენების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, მაშინ თავად ამ ფაქტმა შესაძლოა საშუალება მისცეს გაუძლოს ფიზიკური სხეულის სიკვდილს. დაფიქრდით, რამ შეიძლება გაუძლოს ადამიანში ფიზიკურ სიკვდილს, როდესაც თითის გაჭრისას გული მისდის და პანიკაში ვარდება? თუ ადამიანში რაიმე არსებობს, იგი შეიძლება გადარჩეს. თუ მასში არაფერია, მაშინ გადასარჩენიც არაფერია. თუ რაღაც მაინც გადარჩება, მომავალში იგი შესაძლოა ძალიან მრავალფეროვანი იყოს. უფრო სრული კრისტალიზაციის ცალკეულ შემთხვევებში, რასაც ადამიანები "რეინკარნაციას" ეძახიან, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე შესაძლებელია. სხვები ამას "ყოფიერების მეორე მხარეს" ეძახიან. მათი გაგებით ორივე შემთხვევაში ეს არის სიცოცხლის გაგრძელება "ასტრალური სხეულის" მიერ ან "ასტრალური სხეულის" მეშვეობით. ასეთი აღქმა საკმაოდ არასწორია. "ასტრალური სხეულის" შექმნა შერწყმის გზით არის შესაძლებელი, რაც საშინლად მძიმე შინაგან შრომას და ბრძოლას ნიშნავს. ადამიანი "ასტრალური სხეულით" არ იბადება. ადამიანთა ძალიან მცირე რაოდენობა იძენს "ასტრალურ სხეულს". თუ იგი ჩამოყალიბებას ახერხებს, მაშინ ფიზიკური სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელება შესაძლებელია და შესაძლოა იგი შემდგომში ხელახლა დაიბადოს სხვა ფიზიკურ სხეულში. ეს არის "რეინკარნაცია". თუ "ასტრალური სხეული" აღარ იბადება, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ისიც კვდება. "ასტრალური სხეული" უკვდავი არ არის, მაგრამ ფიზიკური სიკვდილის შემდეგ გარკვეული ხნით შეუძლია სიცოცხლის გაგრძელება.
შერწყმა, ანუ შინაგანი ერთობა, ერთგვარი "ხახუნის" გზით მიიღწევა. ეს არის ადამიანში არსებული ბრძოლა "დიახ" და "არას" შორის. თუ ადამიანი შინაგანი ბრძოლის გარეშე, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ცხოვრობს, და თუ იქით მიდის, საითაც ქარი დაუბერავს, ყოველთვის ისეთად დარჩება, როგორიც არის. მაგრამ თუ მასში ბრძოლა იწყება და განსაკუთრებით, თუ ამ ბრძოლაში გარკვეული ხაზი არსებობს, შემდგომში თანდათანობით იწყება მუდმივი თვისებების ფორმირება, ანუ ადამიანი "კრისტალიზაციას" იწყებს. მაგრამ "კრისტალიზაცია" შესაძლებელია მოხდეს სწორ საფუძველზეც და არასწორ საფუძველზეც. "ხახუნი", "დიახ" და "არას" ორთაბრძოლა შესაძლოა არასწორ საფუძველზე ხდებოდეს. მაგალითად, ფანატიკურმა რწმენამ, "ცოდვის შიშმა" ან ზოგიერთმა სხვა იდეამ შეიძლება საშინლად ინტენსიური ბრძოლა წარმოქმნას "დიახ" და "არას" შორის და ადამიანი შესაძლოა მოცემულ საფუძველზე კრისტალიზდეს. ასეთ ადამიანს არ ექნება შემდგომი განვითარების შესაძლებლობა. იმისათვის, რომ ასეთი კრისტალიზების შემდეგ განვითარება კვლავ შესაძლებელი გახდეს, იგი ხელახლა უნდა დადნეს და ამის განხორციელება მხოლოდ საშინელი ტანჯვით არის შესაძლებელი.
კრისტალიზაცია შესაძლებელია ნებისმიერ საფეხურზე მოხდეს. ავიღოთ მაგალითად ყაჩაღი; ნამდვილი, მაგრად გაწვრთნილი ყაჩაღი. ასეთ ყაჩაღებს ვიცნობდი კავკასიაში. მათ შეუძლიათ ქვის უკან ჩაიმალონ თოფმომარჯვებულნი და ასეთ პოზაში დარჩნენ რვა საათის განმავლობაში. თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება? გაითვალისწინეთ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მასში ბრძოლა მიმდინარეობს, სწყურია, ცხელა, მწერები კბენენ, მაგრამ მაინც გაუნძრევლად ზის. სხვა მაგალითი არის ბერი. მას ეშმაკის ეშინია. ყოველ ღამით იატაკზე თავს ურტყამს და ლოცულობს. ამრიგად, ორივე შემთხვევაში კრისტალზაცია მიღწეულია. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარ თავში გამოიმუშავონ უზარმაზარი შინაგანი ძალა. მათ შეუძლიათ წამებას გაუძლონ და ასევე შეუძლიათ ის მიიღონ, რაც მოესურვებათ. ეს ნიშნავს, რომ ამჟამად მათში რაღაც მყარი, რაღაც მუდმივი იმყოფება. ასეთი ადამიანები შეიძლება უკვდავები გახდნენ. მაგრამ რა არის ამაში კარგი? ასეთი ადამიანი ხდება "უკვდავი არსება", ვინაიდან მასში ხანდახან ნარჩუნდება ცნობიერების გარკვეული რაოდენობა. უნდა გახსოვდეთ, რომ თავად ასეთი შემთხვევებიც კი ძალზედ იშვიათად ხდება.
მახსოვს, როგორ დამაფიქრა გურჯიევის მიერ მომდევნო საღამოებზე გამართულმა საუბრებმა, რადგან გამოკითხვის შემდეგ აშკარა გახდა, რომ ხალხმა იმისგან სრულიად განსხვავებული დასკვნები გამოიტანა, რასაც გურჯიევი ამბობდა. სხვები გურჯიევის მეორეხარისხოვან და არაარსებით სიტყვებზე ამახვილებდნენ ყურადღებას. გურჯიევის ნათქვამში არსებული ფუნდამენტური პრინციპები მათ ხელიდან უსხლტებოდათ. მხოლოდ ძალიან ცოტა სვამდა კითხვებს მისი ნათქვამის არსებით საკითხებზე. ერთ-ერთი ასეთი შეკითხვა ჩემს მეხსიერებას შემორჩა:
- როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავში "დიახ" და "არას" შორის ბრძოლა გამოიწვიოს? - იკითხა ვიღაცამ.
- მსხვერპლშეწირვა აუცილებელია, - უპასუხა გურჯიევმა, - თუ არაფერი შეიწირა, არაფერი მიიღება. აუცილებელია რაიმე ძვირფასის შეწირვა დიდი ხნის განმავლობაში და რაიმე დიდის მსხვერპლად გაღება. თუმცა, არა სამუდამოდ. ეს უნდა გავიგოთ, რადგან ხშირად არ გვესმის. მსხვერპლშეწირვა აუცილებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც კრისტალიზაციის პროცესი მიმდინარეობს. როცა კრისტალიზაცია მიღწეულია, უარის თქმა, ხელმოკლეობა და მსხვერპლი აუცილებელი აღარ არის. მაშინ კაცს შეიძლება ჰქონდეს ყველაფერი, რაც უნდა. მისთვის აღარ არსებობს კანონები, რადგან იგი თავად არის საკუთარი თავისთვის კანონი.
ლექციებზე დამსწრეთაგან თანდათანობით მსმენელთა მცირე ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომლებიც ხელიდან არ უშვებდნენ გურჯიევის მოსმენის არც ერთ შესაძლებლობას. ეს იყო პეტერბურგის ჯგუფის ჩამოყალიბების საწყისი ეტაპი.
იმ პერიოდში გურჯიევთან კარგი ურთიერთობა მქონდა და მისი უკეთ გაგება დავიწყე. გაოცებული ვიყავით გურჯიევის შინაგანი სიმარტივით და ბუნებრიობით, რითაც სრულებით გვავიწყდებოდა, რომ იგი ჩვენთვის სასწაულებივი და უცნობი სამყაროს წარმომადგენელი იყო. უფრო მეტიც, ხალხი ინტენსიურად გრძნობდა, რომ მასში არ არსებობდა აფექტურობის ან სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის რაიმე სურვილი. ამასთან ერთად ვგრძნობდით მის მიერ პირადი ინტერესის არარსებობას რაიმეს მიმართ, რასაც იგი აკეთებდა; მისგან სრული გულგრილობა, სიმარტივე და კომფორტი იგრძნობოდა საკუთარ სამუშაოსთან მიმართებაში; საკუთარ საქმეს თავს არ უძღვნიდა და მასში ჩაფლული არ იყო. ზოგჯერ ცოცხალ და ხმაურიან საზოგადოებაში ყოფნა მოსწონდა. უყვარდა დიდი ვახშამის მოწყობა, თავად ყიდულობდა ღვინოს და საკვებს, რომელთაგანაც ხშირად პრაქტიკულად არაფერს სვამდა ან ჭამდა. ბევრს ექმნებოდა ჭშთაბეჭდილება, რომ იგი გურმანი იყო და ზოგადად კარგი ცხოვრება უყვარდა; გვეჩვენებოდა, რომ ხშირად მას თავად სურდა ასეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თუმცა ყოველი ჩვენგანი ვხედავდით, რომ მხოლოდ "თავს გვაჩვენებდა" ასე.
გამორჩეულად ძლიერი იყო ჩვენი შეგრძნება მის მიერ "თავის მოჩვენებასთან" დაკავშირებით. ჩვენს შორის ხშირად ამბობდნენ, რომ გურჯიევი სინამდვილეში არასდროს გვინახავს და ვერც ვერასდროს ვნახავდით. ნებისმიერ სხვა ადამიანში ამდენი "მსახიობობა" სიცრუის შთაბეჭდილებას შექმნიდა. მის "მსახიობობაში" უფრო ძლიერების შთაბეჭდილება იქმნებოდა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნიე, ყოვლთვის არა; ზოგჯერ ზედმეტი მოსდიოდა.
გურჯიევს საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა და განსაკუთრებით მიმიზიდა მისმა ამ უნარმა; აბსოლუტურად არ გამოთქვამდა პრეტენზიას "წმინდანობაზე" და არც "სასწაულებრივი" ძალების ფლობის სურვილი ჰქონდა. თუმცა, როგორც მოგვიანებით დავრწმუნდით, იგი ფლობდა ცოდნას და შესაძლებლობას, ფსიქოლოგიური ხასიათის უჩვეულო ფენომენები შეექმნა. მაგრამ თავად ყოველთვის დასცინოდა ადამიანებს, რომლებიც მისგან სასწაულებს ელოდნენ.
ის იყო არაჩვეულებრივად მრავალმხრივი ადამიანი; მან ყველაფერი იცოდა და ყველაფრის გაკეთება შეეძლო. ერთხელ მან მითხრა, რომ აღმოსავლეთში მოგზაურობიდან რამდენიმე ხალიჩა ჩამოიტანა, რომელთა შორის უმეტესობას მხატვრული თვალსაზრისით განსაკუთრებული ღირებულება არ გააჩნდა. ვიზიტების დროს აღმოაჩინა, რომ ხალიჩების ფასი პეტერბურგში უფრო მაღალი იყო ვიდრე მოსკოვში და ყოველ ჯერზე, როცა მოდიოდა, ხალიჩები ჩამოჰქონდა და პეტერბურგში ყიდდა.
სხვა ვერსიით, მან ხალიჩები უბრალოდ მოსკოვში იყიდა და გასაყიდად პეტერბურგში ჩამოჰქონდა.
საერთოდ არ მესმოდა, რატომ აკეთებდა ამას, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ესეც კავშირში იყო "თავის მოჩვენების" იდეასთან.
ხალიჩების გაყიდვა თავისთავად შესანიშნავი იყო. გურჯიევი რეკლამას აკეთებდა ქაღალდებზეც და ხალიჩების საყიდლად მოსულ მყიდველებთანაც. ასეთ შემთხვევებში გურჯიევი ცხადია, ჩვეულებრივი კავკასიელი ხალიჩების გამყიდველი ეგონათ. ხშირად საათობით ვიჯექი და ვუყურებდი, როცა მოსულებს ესაუბრებოდა. შევამჩნიე, რომ ხანდახან ადამიანების სუსტ მხარეებზე თამაშობდა.
ერთ დღესაც, მას ან ეჩქარებოდა, ან დაიღალა ხალიჩების გამყიდველის როლის თამაშით; ამ დროს მასთან აშკარად მდიდარი ქალბატონი იყო მოსული და გურჯიევმა იმდენი გააკეთა, რომ ათეულობით ხალიჩა აყიდინა ქალბატონს ისეთ ფასში, რომელიც ოთხჯერ აღემატებოდა ხალიჩების ნამდვილ ღირებულებას. ქალბატონს თავიდან გაუკვირდა, მაგრამ ფულის გადახდის შემდეგ ხელახლა სცადა გურჯიევთან შევაჭრება. გურჯიევმა გაიღიმა და ქალბატონს უთხრა, რომ დაფიქრდებოდა და პასუხს მომდევნო დღეს შეატყობინებდა. მეორე დღეს იგი აღარ იყო პეტერბურგში და ქალბატონსაც არაფერი მიუღია.
მსგავსი რამ თითქმის ყოველთვის ხდებოდა. მოგზაური ვაჭრის როლთან ერთად, იგი კვლავ ტოვებდა შენიღბული კაცის შთაბეჭდილებას, თითქოს ერთგვარი ჰარუნ-ალ-რაშიდი იყო ან უხილავ სამოსში გამოწყობილი ზღაპრის პერსონაჟი.
ერთხელ, როდესაც იქ არ ვიყავი, მასთან შარლატანის ტიპის "ოკულტისტი" მივიდა, რომელიც გარკვეულ როლს თამაშობდა პეტერბურგის ზოგიერთ სპირიტუალურ წრეში და რომელიც მოგვიანებით ბოლშევიკების თაოსნობით "პროფესორი" გახდა. შარლატანმა საუბარი იმით დაიწყო, რომ მას ბევრი რამ სმენოდა გურჯიევის შესახებ და მისი გაცნობა სურდა.
როგორც თვითონ მითხრა გურჯიევმა, იგი ნამდვილი ხალიჩების გამყიდველის როლს თამაშობდა. ყველაზე ძლიერი კავკასიური აქცენტით და გატეხილი რუსულით, მან დაიწყო "ოკულტისტის" გადარწმუნება, რომ ვიღაცაში შეეშალა და თავად მხოლოდ ხალიჩების გამყიდველი იყო. მან მაშინვე დაიწყო ხალიჩების გაშლა და "კლიენტს" რამდენიმე მათგანი შესთავაზა.
"ოკულტისტი" იქითკენ წავიდა, საიდანაც მოვიდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ მეგობრებმა მოატყუეს.
ხალიჩების შესაკეთებლად მასთნ ერთი სპარსელი მოდიოდა. ერთ დღესაც შევამჩნიე, რომ გურჯიევი ყურადღებით აკვირდებოდა, როგორ აკეთებდა სპარსელი თავის საქმეს.
- მინდა გავიგო, როგორ აკეთებს ამას და ჯერ კიდევ ვერ გავიგე ბოლომდე. - მითხრა გურჯიევმა, - ხედავ, როგორი ინსტრუმენტი აქვს? მთელი საქმეც მაგაშია. მინდოდა მისგან ეგ ინსტრუმენტი მეყიდა, მაგრამ არ ყიდის.
მეორე დღეს მასთან ჩვეულებრივზე ადრე მივედი. გურჯიევი იატაკზე იჯდა და ხალიჩას ზუსტად ისე ასწორებდა, როგორც სპარსელი აკეთებდა. ირგვლივ სხვადასხვა ფერის მატყლები იყო მოფენილი და ხელში ისეთივე კაუჭი ეჭირა, რომელიც სპარსელს ჰქონდა. გაირკვა, რომ გურჯიევმა თავად გააკეთა იაფფასიანი დანის პირისგან ხალიჩის ინსტრუმენტი და დილის განმავლობაში ხალიჩის შეკეთების ყველა საიდუმლო ამოხსნა.
მან ბევრი რამ მითხრა ხალიჩებზე, როლმლებიც, როგორც ხშირად ამბობდა, ანტიკური ხელოვნების ერთ-ერთ უძველეს ფორმას წარმოადგენდა. იგი მესაუბრებოდა ხალიჩებთან დაკავშირებულ უძველეს წეს-ჩვეულებებზე, რომლებიც ცენტრალური აზიის გარკვეულ ადგილებში მზადდებოდნენ. ასეთ დროს მთელი სოფელი ერთ ხალიჩაზე მუშაობდა. ზამთრის ღამეებში, სოფლის ყოველი მცხოვრები, ახალგაზრდა თუ მოხუცი, ტრადიციის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილას იკრიბებოდა და თანმიმდევრობით იწყებდა მისთვის განკუთვნილი სამუშაოს შესრულებას. ზოგიერთი მატყლიდან ქვებსა და ნარჩენებს აშორებდა, ზოგი მატყლს ამუშავებდა, ატრიალებდა, წნავდა ან ღებავდა. მთელი სამუშაო მუსიკისა და სიმღერის თანხლებით სრულდებოდა. ქალები სპეციალურ ცეკვას ასრულებდნენ და მათი მუშაობის პროცესი მუსიკის რიტმში იყო სინქრონიზებული. მეტიც, ხალიჩაზე მუშაობის თითოეულ მომენტს მისთვის განკუთვნილი მელოდია, ცეკვა და სიმღერა ჰქონდა, რომლებიც უხსოვარი დროიდან ხალიჩის დამზადებასთან იყო დაკავშირებული.
ფიქრმა გამიელვა და ჩემი ფიქრები გურჯიევმა დაადასტურა, როდესაც მითხრა, რომ ხალიჩის ფერი, ხაზები, გამომხატველობა და დიზაინი მუსიკასთან იყო დაკავშირებული; მან მითხრა, რომ შესაძლოა ხალიჩის ფორმები მუსიკის გამომხატველობაა, ნოტები მისი დიზაინია, ჰანგები მისი ნახატები. ჩემთვის ამ აზრში უცნაური არაფერი იყო, რადგან ხშირად შემეძლო მუსიკა რთული დიზაინის სახით "დამენახა".
გურჯიევთან რამდენიმე შემთხვევითი საუბრის შედეგად გარკვეული წარმოდგენა შემექმნა მის განვლილ ცხოვრებაზე.
მისმა ბავშვობამ მცირე აზიის საზღვარზე ჩაიარა, რომელიც ძალიან უცნაური, შორეული და ცხოვრების თითქმის ბიბლიური გარემოებებით იყო განპირობებული; უთვალავი ცხვრის ფარა, ერთიდან მეორე ადგილზე ხეტიალი, შეხება სხვადასხვა უცნაურ ადამიანთან; მისი ფანტაზია განსაკუთრებით უკავშირდებოდა იეზიდებს, რომელსაც "ეშმაკის თაყვანისმცემლებად" მოიხსენიებდა და ადრეული ასაკიდანვე მიიპყრო მისი ყურადღება გაუგებარი წეს-ჩვეულებებით და უცნაური კანონებისადმი დამოკიდებულებით. სხვა რაღაცებთან ერთად მან მითხრა, როგორ აკვირდებოდა ბავშვობაში ხშირად იეზიდებს, რომლებიც მიწაზე გამოსახულ წრეში შესვლის შემდეგ იქიდან ვერ გამოდიოდნენ, სანამ წრე არ წაიშლებოდა. (ამის შესახებ გურჯიევი დაწვრილებით საუბრობს თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში, "შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან", მთარგმ. შენ.).
მან ახალგაზრდული წლები ზღაპრების, ლეგენდებისა და ტრადიციების ატმოსფეროში გაატარა. მის გარშემო "სასწაული" არსებული ფაქტი იყო და არა აბსტრაქცია. მომავლის წინასწარმეტყველური პროგნოზები, რაც მან იმ დროისათვის მოისმინა, პირწმინდად ახდა და ამან შემდგომში ბევრი რამ დააჯერა გურჯიევს. (ისევ, იხ. "შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან").
ამ ყველაფრის კომბინაციამ მასში ადრეული ასაკიდანვე შექმნა მიდრეკილება იდუმალი, გაუგებარი და მაგიური სამყაროს შესწავლის მიმართ. მითხრა, რომ საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში მან რამდენიმე მოგზაურობა განახორციელა აღმოსავლეთში. მის მიერ მოთხრობილი ისტორიებიდან რა იყო მართალი და რა გამონაგონი, ვერასდროს შევიტყვე. მაგრამ, როგორც მან მითხრა, ამ მოგზაურობების ფარგლებში იგი წააწყდა ბევრ ფენომენს, რომელიც გარკვეული ცოდნის, უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების შესახებ მიუთითებდა. ასეთი ძალაუფლება აღემატება ადამიანის ჩვეულებრივ შესაძლებლობებს, რადგან განვითარების შემთხვევაში ვლინდება ნათელმხილველობა და სასწაულებრივი ძალები. თანდათან შემატყობინა, რომ სახლიდან სიშორე და მისი მოგზაურობები ერთ კონკრეტულ მიზანს მიჰყვებოდა. იგი ეძებდა ცოდნას და ადამიანებს, რომლებიც ამ ცოდნას ფლობდნენ. მისი თქმით, დიდი სირთულეების შემდეგ მიაკვლია ამ ცოდნას და იპოვა კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მის მსგავსად ეძებდნენ სასწაულს.
მის მიერ საკუთარ თავზე მოყოლილი ისტორიებიდან ბევრი რამ იყო წინააღმდეგობრივი და ძნელად დასაჯერებელი. მაგრამ მე უკვე ვხვდებოდი, რომ მისთვის ჩვეულებრივი მოთხოვნების წაყენება არ შეიძლებოდა და მისი აღწერის მიზნით უბრალო სტანდარტებს ვერ გამოვიყენებდით. ადამიანი ვერაფერში იქნებოდა დარწმუნებული მასთან დაკავშირებით. შესაძლოა ერთ დღეს ერთი რამ ეთქვა, ხოლო მეორე დღეს სრულიან განსხვავებული, თუმცა, რატომღაც, მაინც ვერასდროს დაადანაშაულებდით წინააღმდეგობრიობაში. ადამიანს უნდა გაეგო მისი ნათქვამი და ყველაფერი ერთმანეთთან უნდა დაეკავშირებინა.
ცოდნისა და სკოლების შესახებ, სადაც მან ამ ყველაფერს მიაკვლია, ძალიან ცოტას საუბრობდა და ისიც ყოველთვის ზედაპირულად. მან ახსენა ტიბეტის მონასტრები, ჩიტრალი, ათონის მთა, ბოხარასა, სუფიური სკოლები სპარსეთში და აღმოსავლეთ თურქესტანი. ახსენებდა სხვადასხვა ორდენის დერვიშებსაც, მაგრამ ყველა მათგანი ძალიან განუსაზღვრელად იყო განმარტებული.
ერთ-ერთი საუბრისას, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩვენი ჯგუფი მუდმივი სახით ყალიბდებოდა, გურჯიევს ვკითხე:
- რატომ არის ანტიკური ცოდნა დაფარული და ზოგადად, არსებობს თუ არა ჩვენი მეცნიერებისგან და ფილოსოფიისგან განსხვავებული ცოდნა, რომელიც მას აღემატება? რატომ არ არის ასეთი ცოდნა ხალხის საერთო საკუთრება? რატომ არ სურთ ამ ცოდნას დაუფლებულ ადამიანებს მათი სხვებისთვის გადაცემა ან გასაჯაროება, რომელიც ტყუილის, ბოროტებისა და უმეცრების წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება?
ვფიქრობ, ეს კითხვა ნებისმიერი ადამიანის თავში პირველ რიგში ჩნდება, როდესაც ეზოთერული იდეების გაცნობას იწყებს.
- ამაზე ორი პასუხი არსებობს, - თქვა გურჯიევმა, - პირველ რიგში, ეს ცოდნა დაფარული არ არის. მეორეც, იგი თავისი ბუნებიდან გამომდინარე არ შეიძლება საერთო საკუთრება გახდეს. ამ განცხადებებიდან ჯერ მეორე მათგანი განვიხილოთ. ამის შემდეგ მე დაგიმტკიცებთ, რომ ასეთი ცოდნა იმაზე უფრო ხელმისაწვდომია მისი ათვისების უნარის მქონე ადამიანისთვის, ვიდრე ჩვეულებრივ ვარაუდობენ. მთელი უბედურება ისაა, რომ ადამიანებს არ სურთ ან ვერ იღებენ ამ ცოდნას.
უპირველეს ყოვლისა სხვა რამ უნდა გავიგოთ, კერძოდ: ცოდნა არ შეიძლება, რომ ყველას ეკუთვნოდეს. მეტიც, იგი ბევრსაც კი არც შეიძლება ეკუთვნოდეს. ასეთია კანონი. თქვენ ეს არ გესმით, რადგან არ იცით, რომ ცოდნა, ისევე როგორც სხვა ყველაფერი სამყაროში, მატერიალურია. რახან იგი მატერიალურია, ეს ნიშნავს, რომ მას მატერიალურობის ყველა მახასიათებელი გააჩნია. მატერიალურობის ერთ-ერთი უპირველესი მახასიათებელი ის არის, რომ იგი შეზღუდულია, ანუ მატერიის რაოდენობა მოცემულ დროს, მოცემულ ადგილას და მოცემულ პირობებში შეზღუდულია. უდაბნოს ქვიშა და ზღვის წყალიც კი გარკვეული რაოდენობის არსებობს და მისი ოდენობა უშუალოდ არის მოცემული. ასე რომ, თუ ცოდნა მატერიალურია, ეს ნიშნავს, რომ არსებობს მისი განსაზღვრული რაოდენობა მოცემულ ადგილას, მოცემული დროის შუალედში. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, - ვთქვათ ერთი საუკუნის, - კაცობრიობას მის ხელთ არსებული ცოდნის განსაზღვრული რაოდენობა გააჩნია. ცხოვრების ჩვეულებრივი დაკვირვების შედეგად ვიცით, რომ ცოდნის მატერიალურობა სრულიად განსხვავებულ თვისებებს ფლობს იმისდა მიხედვით, მცირე რაოდენობით ვლინდება იგი თუ შედარებით დიდი რაოდენობით. როდესაც მოცემულ მომენტში ცოდნის დიდ რაოდენობას ერთი ადამიანი ან ადამიანთა მცირე ჯგუფი ფლობს, ეს ძალიან კარგ შედეგებს იძლევა. როდესაც ცოდნა მცირე რაოდენობით ვლინდება ერთ ადამიანში ან ადამიანთა დიდ ჯგუფებში, იგი საერთოდ არ იძლევა შედეგს. ამან შესაძლოა მოსალოდნელის საწინააღმდეგო, უარყოფითი შედეგებიც გამოიწვიოს. ამრიგად, თუ ცოდნის რაოდენობა მილიონებს შორის განაწილდება, თითოეული მხოლოდ მცირე პორციას მიიღებს და ეს მცირე პორცია ცოდნა ვერაფერს შეცვლის ვერც მის ცხოვრებაში და ვერც საგანთა გაგებაში.
მაგრამ პირიქით, თუ დიდი რაოდენობით ცოდნა ადამიანთა მცირე ჯგუფშია კონცენტრირებული, მაშინ ასეთი ცოდნა უზარმაზარ შედეგებს მოგვცემს. ამ გადმოსახედიდან ბევრად უფრო ხელსაყრელია, რომ ცოდნა შენახული იყოს ადამიანთა მცირე რაოდენობას შორის და არ იყოს იგი ხალხთა დიდ მასებში გაფანტული.
თუ ოქროს გარკვეულ რაოდენობას ავიღებთ, ზუსტად უნდა ვიცოდეთ ან უნდა გამოვთვალოთ, რა რაოდენობის საგანი შეიძლება იყოს მისით მოოქროვილი. თუ საჭიროზე მეტ საგანს მოვაბნევთ ოქროს, იგი არ ეყოფა, ლაქებით დაიფარება და წინანდელზე უარესი გამოვა, ანუ ამით საგანიც გაფუჭდება და ოქროსაც ტყუილად დავკარგავთ.
ცოდნის განაწილებაც ზუსტად ამ პრინციპს ემყარება. თუ ცოდნა ყველას მიეცემა, საბოლოო ჯამში მას ვერავინ მიიღებს, ხოლო თუ იგი რამდენიმეს მიერ შენარჩუნდება, თითოეული არა მხოლოდ იმდენს მიიღებს რათა შეინარჩუნოს, არამედ იმის გაზრდის უნარსაც, რასაც ფლობს. "რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა და მიემატება, ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც ხელთ უპყრია", (მათე, 13:12), ქრისტეს სიტყვები სწორედ ამას ეხება.
ერთი შეხედვით ეს თეორია ძალზედ უსამართლოდ ჟღერს, რადგან ცოდნის ფართო მასების მიერ მიუღებლობა მცირე რაოდენობას მეტი წილის მიღების საშუალებას აძლევს, ამიტომაც ეს ფაქტი ძალიან სევდიანად და დაუმსახურებლად გამოიყურება. თუმცა ეს მთლად ასე არ არის. ცოდნის გადანაწილებაში არ არსებობს თუნდაც მცირედი უსამართლობა.
ფაქტია, რომ ადამიანთა უდიდეს უმრავლესობას ცოდნის სურვილიც კი არ გააჩნია. ისინი უარს ამბობენ მათთვის განკუთვნილ წილზე და არ იღებენ რაციონს, რომელიც მათ ეკუთვნით. ეს ფაქტი განსაკუთრებით აშკარა ხდება მსობრივი შეშლილობის პერიოდებში, როგორებიცაა ომი, რევოლუციები და ასე შემდეგ. ასეთ დროს, როგორც ჩანს, მამაკაცები იმ მცირე საღ აზრსაც ჰკარგავენ, რაც შერჩენიათ და სრულყოფილ მანქანებად იქცევიან, რითაც მასობრივი განადგურების იარაღს წარმოადგენენ; სხვა სიტყვებით, ასეთ დროს თვითგადარჩენის ინსტინქტსაც კარგავენ. ამის გამო უზარმაზარი ცოდნის რაოდენობა რჩება, რომელიც გაცხადებული არ არის და იგი შესაძლოა განაწილდეს იმათ შორის, ვინც აცნობიერებს ცოდნის ღირებულებას.
ამაში უსამართლო არაფერია, რადგან ის ვინც ცოდნას იღებს, ისეთს არაფერს ღებულობს, რაც სხვას ეკუთვნის. იგი არავის არაფერს ართმევს. ისინი მხოლოდ იმას იღებენ, რაც სხვების მიერ უარყოფილია, როგორც რაღაც უსარგებლო; რას კარგავს ვინმე, როდესაც არაფერი მიუღია?
ზოგიერთის მიერ ცოდნის შეგროვება და მიღება, სხვების მხრიდან ცოდნის უარყოფაზეა დამოკიდებული.
კაცობრიობის ცხოვრებაში არის პერიოდები, რომლებიც ზოგადად ემთხვევა კულტურებისა და ცივილიზაციების დაცემის დასაწყისს; ასეთ დროს მასები შეუქცევადად კარგავენ საღად აზროვნების უნარს და ყველაფრის განადგურებას იწყებენ, რაც საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში შეიქმნა კულტურის მიერ. მასობრივი სიგიჟის ასეთ პერიოდებს ხშირად ემთხვეოდა გეოლოგიური კატაკლიზმები, კლიმატური ცვლილებები და პლანეტარული ხასიათის კონფიგურაციები, რომელიც ცოდნის მატერიის ძალიან დიდ რაოდენობას ათავისუფლებს. ეს თავის მხრივ ცოდნის შეგროვების სამუშაოს მოითხოვს, რომელიც სხვაგვარად დაიკარგება. ამგვარად, ცოდნის დაფანტული მატერიის შეგროვების სამუშაო ხშირად ემთხვევა კულტურებისა და ცივილიზაციების განადგურების დასაწყისს.
კითხვის ეს ასპექტი ნათელია. ბრბოს არ სურს და არც ეძებს ცოდნას; ბრბოს ლიდერები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობენ გააძლიერონ ხალხში შიში და სიძულვილი ყველაფერი ახალის მიმართ. მონობა, რომელშიც კაცობრიობა ცხოვრობს, სწორედ ამ შიშს ეფუძნება. ძნელი წარმოსადგენია ამ მონობის მთელი საშინელება. ჩვენ არ გვესმის, რას კარგავს ხალხი. მაგრამ იმისათვის, რომ მონობის მიზეზი გავიგოთ, საკმარისია იმის დანახვა, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები, რა არის მათი არსებობის მიზანი, რა არის მათი სურვილები, ვნებები და მისწრაფებები, რაზე ფიქრობენ, რაზე ლაპარაკობენ, რას ემსახურებიან და რას ეთაყვანებიან.
განვიხილოთ, რაში ხარჯავს ფულს ჩვენი დროის კულტურული კაცობრიობა. დავივიწყოთ ომის არსებობა და ვიკითხოთ, რას აქვს ყველაზე მაღალი ფასი? სად არის ხალხის ყველაზე დიდი მასა? ამ კითხვაზე ერთი წუთით მაინც თუ ვიფიქრებთ, გაირკვევა, რომ კაცობრიობა ახლანდელ მდგომარეობაში და მისი ინტერესებით, რომლითაც იგი ცხოვრობს, ვერ დაელოდება იმისგან განსხვავებულს, რაც სახეზე აქვს. მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, სხვაგვარად არც შეიძლება. წარმოიდგინეთ, რომ ერთ წელიწადში მთელს კაცობრიობას ნახევარი ფუნტი ცოდნა ეძლევა. თუ ეს ცოდნა ათასებზე გადანაწილდება, თითოეული იმდენად ცოტას მიიღებს, რომ ყველა ისეთივე იდიოტად დარჩება, როგორიც იყო. მაგრამ, მადლობა გადავუხადოთ იმ ფაქტს, რომ ცოდნა ძალიან ცოტას სურს, ამიტომ ადამიანს მცირედის მომატებით შეუძლია შეიქმნას შანსი, რათა ახლანდელზე ოდნავ ინტელექტუალური მაინც გახდეს. სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ გახდება ყველა ერთად ინტელექტუალური. თუნდაც გახდნენ ასეთები, მხოლოდ ინტელექტი და სიჭკვიანე საქმეს არ შველის. არსებობს ზოგადი წონასწორობა, რომლის დარღვევაც შეუძლებელია.
ეს არის ერთი ასპექტი. მეორე, როგორც უკვე ვთქვი, მდგომარეობს იმაში, რომ არავინ არაფერს მალავს. არ არსებობს რაიმე საიდუმლო. მაგრამ შეჭმარიტი ცოდნის შეძენა დიდ შრომას და უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს ორივეს მხრიდან, ანუ იმათი მხრიდან, ვინც იღებს და ვინც იძლევა. როდესაც ვინმე ცოდნას ფლობს, იგი შესაძლებელთაგან ყველაფერს აკეთებს, რათა ცოდნა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გადაეცეს და ხელი შეუწყოს ჭეშმარიტების მიღებისთვის მზადებას. მაგრამ ცოდნას ძალით ვერავინ ვერავის მისცემს და როგორც უკვე ვთქვი, ადამიანის ინტერესები მაშინვე ცხადად გვიჩვენებს, შესაძლებელია თუ არა ცოდნის კაცების დადანაშაულება რაიმეს დამალვასთან დაკავშირებით. ხალხს უბრალოდ არ სურს იმის სწავლა, რაც მათ იციან.
იმან, ვისაც ცოდნა სურს, თავად უნდა განახორციელოს ძალისხმევა ცოდნის წყაროს მოსაძებნად და მასთან მიახლოებისათვის იმ დახმარებისა და მითითებების გათვალისწინებით, რომელიც ყველას ეძლევა, მაგრამ რომელთა დანახვაც და აღიარებაც, როგორც წესი, ადამიანებს არ უნდათ. ცოდნა ადამიანთან საკუთარი ძალისხმევის გარეშე ვერ მოვა. მათ ძალიან კარგად ესმით ეს დებულება ჩვეულებრივ ცოდნასთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც უფრო დიადი ცოდნის არსებობის შესაძლებლობას აღიარებენ, რატომღაც რაღაც განსხვავებულს ელიან. ყველამ კარგად იცის, რომ თუ ჩინურის შესწავლა უნდათ, რამდენიმე წლის განმავლობაში ინტენსიური მუშაობა დასჭირდებათ. ასევე ყველამ იცის, რომ მედიცინის ძირითადი პრინციპების გასაგებად ხუთი წელია საჭირო და ალბათ ორჯერ უფრო მეტი, ფერწერის ან მუსიკის შესასწავლად. და მაინც, არსებობს თეორიები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ცოდნა შესაძლოა ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მოვიდეს, თვით ძილშიც კი. ამგვარი თეორიების არსებობაც კი უკვე დამატებით ხსნის იმას, თუ რატომ არ მოვა ადამიანთან ცოდნა თავისით. ამავდროულად აუცილებელია გვესმოდეს, რომ ადამიანის დამოუკიდებელი ძალისხმევაც არ იძლევა შედეგს. ადამიანს მხოლოდ ცოდნის მფლობელის დახმარებით შეუძლია ცოდნას მიაღწიოს. ეს დასაწყისშივე უნდა გაიგოთ. იმისგან უნდა ისწავლოთ, ვინც იცის.
ერთ-ერთ მომდევნო შეხვედრაზე გურჯიევმა განაგრძო განმარტება, რომელიც მის მიერ ადრე მოცემულ იდეებს ავითარებდა რეინკარნაციისა და მომავალი ცხოვრების შესახებ.
საუბარი დაიწყო ერთ-ერთი დამსწრეს შეკითხვით;
- შესაძლებელია ითქვას, რომ ადამიანი უკვდავებას ფლობს?
- უკვდავება არის თვისება, რომლის აღსაწერადაც ადამიანებს კარგად არ ესმით მისი ზუსტი მნიშვნელობა, - უპასუხა გურჯიევმა, - და ეს არ არის ერთდაერთი თვისება, რომლის მნიშვნელობაც არ გვესმის. კიდევ ერთი ასეთი თვისებაა მაგალითად "ინდივიდუალობა", შინაგანი ერთობის, "მუდმივი და უცვლელი მეს" გაგებით. ამგვარ თვისებებში შედის "ცნობიერებაც" და "ნებაც". ყოველი ეს თვისება შესაძლებელია, რომ ადამიანს ეკუთვნოდეს. - მან ხაზგასმით აღნიშნა სიტყვა "შესაძლებელია", - მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნვას, რომ განურჩევლად ყველა ადამიანს გააჩნია ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები.
იმისათვის, რომ გავიგოთ, რას წარმოადგენს ადამიანი ამჟამად, ანუ განვითარების ახლანდელ დონეზე, აუცილებელია გარკვეულწილად წარმოვიდგინოთ რა არის მისი შესაძლებლობა, ანუ პოტენციურად რისი მიღწევა შეუძლია. მხოლოდ განვითარების სწორი თანმიმდევრობის გაგებით არის შესაძლებელი ადამიანებმა შეწყვიტოსნ საკუთარ თავზე იმის მიწერა, რასაც ამჟამად არ ფლობენ და რაც შესაძლებელია, რომ დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგად შეიძინონ.
ანტიკური სწავლების თანახმად, რომლის კვალის მოძიებაც მრავალ სისტემაში არის შესაძლებელი, სრულ განვითარებას მიღწეულ ადამიანს, ამ სიტყვის სრული გაგებით, ოთხი სხეული გააჩნია. ეს ოთხი სხეული შედგება ნივთიერებებისგან, რომლებიც თანდათან უფრო და უფრო იხვეწებიან და ქმნიან ოთხ დამოუკიდებელ ორგანიზმს, რომლებიც ერთმანეთთან მიმართებაში გარკვეულ ურთიერთობას აწარმოებენ, მაგრამ დამოუკიდებლად მოქმედების უნარი შესწევთ.
ოთხი სხეულის არსებობის მიზეზი არის ადამიანის ორგანიზმი, რომელიც იმდენად რთული და კომპლექსური სისტემაა, რომ გარკვეულ პირობებში შესაძლებელია მასში გაიზარდოს დამოუკიდებელი ორგანიზმი, რომელიც გაცილებით მოსახერხებელი და საპასუხისმგებლოა ცნობიერების აქტივობისთვის, ვიდრე ფიზიკური სხეული. ამ ახალ სხეულში გამოვლენილ ცნობიერებას შეუძლია სხეულის მართვა და მისი კონტროლი. ამ მეორე სხეულში, გარკვეულ პირობებში იზრდება მესამე სხეული, რომელსაც ასევე საკუთარი მახასიათებლები გააჩნია. მესამე სხეულში გამოვლენილ ცნობიერებას აქვს სრული ძალაუფლება აკონტროლოს წინა ორი სხეული. იგი ასევე ფლობს ისეთი ცოდნის შეძენის შესაძლებლობას, რომელიც მიუწვდომელია საწყისი ორი სხეულისათვის. მესამე სხეულში გარკვეულ პირობებში შესაძლოა მეოთხე სხეული გაიზარდოს, რომელიც სამივე სხეულისგან განსხვავდება. მეოთხე სხეულის ცნობიერებას სრული კონტროლი აქვს წინა სამს სხეულზე და საკუთარ თავზეც.
ეს ოთხი სხეული სხვადასხვა სწავლებაში სხვადასხვაგვარად არის განსაზღვრული, - გურჯიევმა დიაგრამა დახატა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:
- პირველი არის ფიზიკური სხეული, - განაგრძო გურჯიევმა, - ეზოთერული ქრისტიანობის ტერმინოლოგიით "ხორციელი სხეული". მეორე ამავე ტერმინოლოგიით არის "ბუნებრივი სხეული", მესამე "სულიერი", ხოლო მეოთხე "ღვთაებრივი" სხეული. თეოსოფიური ტერმინოლოგიით მათ ეწოდებათ ფიზიკური, ასტრალური, მენტალური და უმაღლესი სხეულები.
გარკვეულ აღმოსავლურ ტერმინოლოგიაში მათ ეწოდებათ მგზავრი (სხეული), ცხენი (გრძნობები, სურვილები), მძღოლი (გონება) და ოსტატი (მე, ცნობიერება, ნება).
ასეთი დაყოფა და პარალელები შესაძლებელია მოიძებნოს სისტემებში და სწავლებათა უმეტესობაში, რომლებიც ადამიანში ფიზიკური სხეულის გარდა რაღაც აღმატებულის არსებობას აღიარებენ. თითქმის ყველა ეს სწავლება მეტად ან ნაკლებად იმეორებს ანტიკური სწავლების დაყოფას, თუმცა მათში გამოტოვებულია ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება: ადამიანი არ იბადება ნატიფი სხეულებით და მათი შექმნა მხოლოდ ხელოვნურად, პოტენციალის სახით არის შესაძლებელი, რომელშიც კულტივირებული უნდა იყოს განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები როგორც ადამიანის შიგნით, ასევე გარეთ.
ასტრალური სხეული არ არის აუცილებლად მოცემული სხეული ადამიანში; იგი დიდი ფუფუნებაა, რომელსაც მხოლოდ მცირე რაოდენობა ფლობს. ადამიანს შეუძლია საკმაოდ კარგად იცხოვროს ასტრალური სხეულის გარეშე. ასტრალური სხეულის გარეშე ადამიანმა შესაძლოა დატოვოს ძალიან ინტელექტუალური ან სულიერი ტიპაჟის შთაბეჭდილება და შეიძლება მოატყუოს არა მარტო სხვები, არამედ საკუთარი თავიც.
რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტად ეხება მესამე და მეოთხე სხეულებს. ჩვეულებრივი ადამიანი არ ფლობს ამ სხეულებს ან მათ შესაბამის ფუნქციებს. მაგრამ ადამიანი ხშირად ფიქრობს და სხვებსაც აფიქრებინებს, რომ ასე არაა. ამის მიზეზი პირველ რიგში ის არის, რომ ფიზიკური სხეული იგივე ნივთიერებების გავლენით მუშაობს, რომლითაც უმაღლესი სხეულები, თუმცა ეს ნივთიერებები მასში კრისტალიზებული არ არის, ანუ მას არ ეკუთვნის; და მეორეც, ყველა უმაღლეს ორგანოს ფიზიკური სხეულის ანალოგიური ფუნქცია გააჩნია, თუმცა სხეული, რომელიც საკუთარ თავში თავისი ქმედებების მიზეზს ატარებს, დამოუკიდებელია გარეგანი გავლენებისგან და სწორედ ის არის "ნების/განზრახვის სხეული".
რა თქმა უნდა, ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მთავარი განსხვავება, რომელიც მხოლოდ ფიზიკურ სხეულსა და ოთხივე სხეულის ფუნქციებს შორის არსებობს, არის ის, რომ ფიზიკური სხეული ყველა სხვა ფუნქციას განაგებს, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერს მართავს ფიზიკური ორგანოები, რომლებიც თავის მხრივ გარეგანი გავლენების მიერ იმართებიან. მეორე შემთხვევაში განკარგულება და კონტროლი უმაღლესი სხეულებიდან მოდის.
ფიზიკური სხეულის ფუნქციები შეიძლება წარმოდგენილი იყოს ოთხი სხეულის ფუნქციების პარალელურად.
გურჯიევმა კიდევ ერთი დიაგრამა დახატა, რომელიც ოთხი სხეულის პარალელურ ფუნქციებს წარმოადგენს:
- პირველ შემთხვევაში, - განაგრძო გურჯიევმა, - ანუ მხოლოდ ფიზიკური ადამიანის ფუნქციებთან მიმართებაში, სხეულის მექანიზმი დამოკიდებულია გარეგან გავლენებზე, ხოლო დანარჩენი სამი სხეულის შემთხვევაში ფუნქციები დამოკიდებულია ფიზიკურ სხეულზე და მის მიერ მიღებულ გარეგან გავლენებზე: სურვილები, ანტიპათიები, "მინდა", "არ მინდა", "მომწონს" და "არ მომწონს" იკავებენ მეორე სხეულის ადგილს და დამოკიდებულნი არიან შემთხვევით დარტყმებზე და გავლენებზე. აზროვნება, რომელიც მესამე სხეულის ფუნქციებს შეესაბამება, მთლიანად მექანიკურ პროცესში იმყოფება. ჩვეულებრივ მექანიკურ ადამიანში "ნება" არ არსებობს, მას მხოლოდ სურვილები აქვს, ხოლო სურვილების მეტად ან ნაკლებად ძლიერ ზემოქმედებას, ძლიერი ან სუსტი ნებისყოფა ეწოდება.
მეორე შემთხვევაში, ანუ ოთხი სხეულის ფუნქციებთან მიმართებაში, ფიზიკური სხეულის ავტომატურობა დანარჩენ სხეულებზეა დამოკიდებული. განსხვავებული სურვილების არათანმიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავი აქტივობის ნაცვლად, არსებობს ერთი "მე", მთლიანი, განუყოფელი და მუდმივი. ასეთ დროს არსებობს ინდივიდუალურობა, იგი დომინირებს ფიზიკურ სხეულზე, მის სურვილებზე და შეუძლია დაძლიოს სხეულის უხალისობაც და მისი წინააღმდეგობაც. აზროვნების მექანიკური პროცესის ნაცვლად აქ არის ცნობიერება. აქვე არსებობს ნება/განზრავა, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგო სურვილებისგან არ შედგება, რაც სხვადასხვა "მეს" მიეკუთვნება, არამედ იგი ცნობიერებიდან გამოდის და ინდივიდუალობის მიერ იმართება. მხოლოდ ასეთ ნებას შეიძლება ეწოდოს "თავისუფალი", რადგან იგი დამოუკიდებელია ინციდენტებისგან და არ შეიძლება შეიცვალოს ან ზემოქმედებას ექვემდებარებოდეს გარეგანი გავლენებიდან.
აღმოსავლური სწავლება ოთხი სხეულის ფუნქციებს და მათი თანდათანობით ზრდის პირობებსა და პროცესს შემდეგნაირად აღწერს:
მოდით წარმოვიდგინოთ ჭურჭელი ან რეტორტი, რომელიც სხვადასხვა მეტალის ფხვნილებით არის სავსე. ფხვნილები არანაირად არ არის კავშირში ერთმანეთთან და რეტორტის პოზიციის ყოველი ცვლილება ფხვნილების პოზიციის ცვლილებას იწვევს. თუ რეტორტს შევანჯღრევთ ან მასზე თითს დავაკაკუნებთ, შესაძლოა ზემოთ მყოფი ფხვნილი შუაში ან ბოლოში აღმოჩნდეს, ხოლო რომელიც ბოლოში იყო, შუაში ან ზემოთ ამოვიდეს. ფხვნილების პოზიციაში მუდმივი არაფერია. ეს არის ჩვენი ფსიქიკური ცხოვრების ზუსტი სურათი. ყოველმა მომდევნო მოვლენამ და ახალმა გავლენებმა შესაძლოა შეცვალოს ფხვნილების პოზიცია, რომელებიც იმ მომენტში ზევით, შუაში ან ბოლოში იმყოფებიან. მეცნიერება ფხვნილების ამ მდგომარეობას მექანიკური ნარევის მდგომარეობას უწოდებს. ფხვნილების ურთიერთმიმართებაში მათი დამახასიათებელი თვისება არის ურთიერთკავშირების არასტაბილურობა და მათი მუდმივი ცვალებადობა.
ფხვნილების ურთიერთობის სტაბილიზაცია შეუძლებელია მექანიკური მიქსტურის მდგომარეობაში. მაგრამ ფხვნილების შერწყმა შესაძლებელია. თავად ფხვნილების ბუნება იძლევა ამის გაკეთების შესაძლებლობას. ამისათვის რეტორტის ქვეშ სპეციალური ტიპის ცეცხლი უნდა აინთოს, რომელიც ფხვნილებს გაათბობს, გაადნობს და გაერთიანებს. ამ გზით შერწყმული ფხვნილი ქიმიური ნაერთის მდგომარეობაში იქნება. ახლა ისინი ვეღარ განცალკევდებიან მარტივი მეთოდებით, რომლებიც მათ ადგილის შეცვლას აიძულებდათ. რეტორტის შიგთავსი გახდა ერთარსი, განუყოფელი, "ინდივიდუალური". ეს არის მოერე სხეულის ფორმირების სურათი. ცეცხლი, რომლის საშუალებითაც შერწყმა მიიღწევა, "ხახუნის" შედეგად წარმოიქმნება, რომელიც ადამიანში "დიახ" და "არას" შორის ბრძოლით ვლინდება. თუ ადამიანი ყველა მის სურვილსა და ახირებას გზას დაუთმობს, მასში არ იქნება შინაგანი ბრძოლა, არ იქნება "ხახუნი", არ იქნება ცეცხლი. მაგრამ, თუ გარკვეული მიზნის მისაღწევად ადამიანი ამ სურვილებს ებრძვის, შემდგომში იგი შექმნის ცეცხლს, რომელიც თანდათან გარდაქმნის შინაგან სამყაროს ერთ მთლიანობაში.
დავუბრუნდეთ ჩვენს მაგალითს. შერწყმის შედეგად მიღებულ ქიმიურ ნაერთს გააჩნია გარკვეული თვისებები, გარკვეული სპეციფიკურ სიმძიმე, გარკვეული ელექტროგამტარობა და ასე შემდეგ. ეს თვისებები მოცემული ნივთიერების მახასიათებლებს წარმოადგენენ, მაგრამ მასზე მუშაობის მეშვეობით შესაძლებელია ამ მახაიათებლების გაზრდა, ანუ შენადნობს შესაძლოა მიენიჭოს ახალი თვისებები, რომელიც თავდაპირველად არ ეკუთვნოდა. შესაძლებელია მისი მაგნიტურად დამუხტვა, რადიოაქტიურად გარდაქმნა და ასე შემდეგ.
შენადნობისთვის ახალი თვისებების მინიჭების პროცესი შეესაბამება მესამე სხეულის ფორმირების პროცესს და ახალი ცოდნის შეძენის უფლებამოსილებათა პროცესს მესამე სხეულის დახმარებით.
როდესაც მესამე სხეული ჩამოყალიბდება, იგი ყველა თვისებას, შესაძლებლობასა და ძალას შეიძენს, რისი ფლობაც მას შეუძლია, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება ამ თვისებების დაფიქსირებისა და შესაძლებლობების გამოვლენის პრობლემა, რადგან როდესაც მას გაკრვეული გავლენები გადაეცემა, შესაძლოა იგივე გავლენებმა ან სხვა პირობებმა წაართვან მესამე სხეულს შეძენილი უნარები.
ამ შეძენილი თვისებების დაფიქსირების პროცესი მეოთხე სხეულის ფორმირების პროცესს შეესაბამება.
ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, "კაცი" მხოლოდ მას შეიძლება ეწოდოს, რომლსაც ოთხივე სხეული სრულად აქვს განვითარებული. ასეთ ადამიანს აქვს მრავალი თვისება, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი არ ფლობს. ერთ-ერთი ასეთი თვისებაა უკვდავება. ყველა რელიგია და უძველესი ანტიკური სისტემა შეიცავს აზრს, რომ მეოთხე სხეულის ფორმირებით ადამიანი უკვდავებას იძენს და ყოველი მათგანი შეიცავს მითითებებს მეოთხე სხეულის, ანუ უკვდავების მოპოვების შესახებ.
ამ მხრივ, გარკვეული სწავლებები ადამიანს ადარებენ ოთხოთახიან სახლში მცხოვრებ პიროვნებას; იგი ყველაზე პატარა და ღარიბ ოთახში ცხოვრობს და სანამ არ ეტყვიან, რომ სხვა ოთახიც არსებობს, ეჭვიც არ უჩნდება სხვა ოთახების არსებობის შესახებ, რომლებიც საგანძურებით არის სავსე. ამის გაგების შემდეგ, ადამიანი იწყებს ოთახების გასაღებების ძიებას და განსაკუთრებით მეოთხე ოთახის გასაღების ძიებას, რომელიც ყველაზე მნიშნელოვანი ოთახია. როცა იგი ოთხივე ოთახის გასაღებს იპოვის და მათ დაეუფლება, ადამიანი ნამდვილად ხდება სახლის ბატონ-პატრონი, რადგან მხოლოდ მაშინ ეკუთვნის მას სახლი მთლიანად და სამუდამოდ.
მეოთხე ოთახი ადამიანს უკვდავებას აძლევს და ყველა რელიგიური სწავლების გზა ცდილობს დაგვანახოს ბილიკი მისი მოპოვებისკენ. ბევრი გზა არსებობს, ზოგი მოკლე და ზოგიც უფრო გრძელი; ზოგი რთული და ზოგი შედარებით ადვილი, მაგრამ ყველა გამონაკლისის გარეშე, უკვდავების მოპოვებისკენ არის მიმართული.
მომდევნო შეხვედრაზე გურჯიევმა იქედან დაიწყო, სადაც ბოლოს გაჩერდა.
- ბოლოს ვთქვი, რომ უკვდავება არ არის ისეთი თვისება, რომლითაც ადამიანი იბადება, მაგრამ მას შეუძლია უკვდავების შეძენა. უკვდავების ყველა არსებული და ზოგადად ცნობილი გზა შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიადნ: ფაკირის გზა, ბერის გზა და იოგის გზა.
ფაკირის გზა არის ფიზიკურ სხეულთან ბრძოლის გზა, ესაა პირველ ოთახში მუშაობა. ეს გრძელი, რთული და გაურკვეველი გზაა. ფაკირი ისწრაფვის განავითაროს ფიზიკური ნება სხეულზე გაბატონების გზით. ეს მიიღწევა საშინელი ტანჯვის გზით, სხეულის წამებით. მთელი ფაკირის გზა სხეულზე ჩატარებული სხვადასხვა რთული ფიზიკური ვარჯიშებით შედგება. ფაკირი გაუნძრევლად დგას ან ზის დღეების, თვეების ან წლების მანძილზე შიშველ ქვზე, წვიმაში და თოვლში; ან ცეცხლით აწამებს საკუთარ თავს, ფეხებს მკბენარი ჭიანჭველების ბუდეში დებს და ასე შემდეგ. იგი შეიძლება დაავადდეს და იქამდე მოკვდეს, ვიდრე მასში მეოთხე სხეულის შექმნის შესაძლებლობა შეიქმნება. მაგრამ მისი სხვა ფუნქციები - ემოციური, ინტელექტუალური და ასე შემდეგ, განუვითარებელი რჩება. მან შეიძინა ნება, მაგრამ არაფერი აქვს, რისი გამოყენებაც შეუძლია. იგი ვერ იყენებს საკუთარ ნებას ცოდნის მიღებისათვის და სრულყოფისათვის.
ფაკირების სკოლებთან არსებობს იოგური სკოლებიც. ზოგადად, ისინი თვალს ადევნებენ ფაკირებს. ღრმა სიბერის მიღწევამდე, თუ ფაკირი მიაღწევს იმას, რისკენაც მანამდე მიისწრაფვოდა, იგი მიჰყავთ იოგურ სკოლებში, რათა სხეულმა მოძრაობის ძალა აღიდგინოს. მას ხელახლა ასწავლიან სიარულს და ლაპარაკს. ფაკირი ახლა ნებას ფლობს, რაც შესაძლოა დაეხმაროს მას გზის მეორე ეტაპზე, ინტელექტისა და ემოციების განვითარების საქმეში.
თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა გაჭირვებას გადიან ფაკირები. არ ვიცი, გინახავთ თუ არა ნამდვილი ფაკირი. მე ბევრი მათგანი მინახავს. ერთს ინდოეთის ტაძრის ეზოში შევხვდი და მის გვერდით მეძინა კიდეც. ოცი წლის განმავლობაში, დღე და ღამე იგი ფეხის წვერებზე იდგა.
ადამიანი ფაკირი მხოლოდ შესაძლებლობების გაგებისა და რელიგიური გრძნობების გამო არ ხდება. აღმოსავლეთის ყველა ქვეყანაში, სადაც ფაკირები არიან, არსებობს ჩვეულება, რომ ბედნიერი მოვლენის შემდეგ ხალხმა ფაკირებს ახალშობილი უნდა აჩუქოს. ისინი ზოგჯერ ღარიბი მშობლებისგან იშვილებენ კიდეც ბავშვებს და ბავშვები იძულებულნი არიან შემდგომში ფაკირების მოსწავლეები გახდნენ, ბოლოს კი თავად გახდნენ ფაკირები.
ამათ გარდა სხვებიც ხდებიან ფაკირები მიბაძვის გამო. უნდა გესმოდეთ, რომ სიტყვა "ფაკირს" ბრჭყალებში ვიყენებ. სპარსეთში ფაკირი უბრალო მათხოვარს ნიშნავს. ხოლო ინდოეთში ბევრი ჟონგლიორი საკუთარ თავს ფაკირს უწოდებს. ევროპელები, განსაკუთრებით სწავლული ევროპელები, ძალიან ხშირად აძლევენ ფაკირის სახელს იოგებს, ასევე სხვადასხვა მოხეტიალე ორდენის ბერებს.
მაგრამ სინამდვილეში ფაკირის გზა, ბერის გზა და იოგის გზა სრულიად განსხვავებულები არიან. აქამდე ფაკირებზე ვლაპარაკობდი. ეს არის პირველი გზა.
მეორე გზა არის ბერის გზა. ეს არის რწმენის, გზა, რელიგიური გრძნობის და მსხვერპლის გზა. მხოლოდ ძალიან ძლიერი რელიგიური გრძნობისა და წარმოსახვის ადამიანის შეიძლება გახდეს ბერი, ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით. ბერის გზაც ძალიან გრძელი და მძიმეა. იგი მრავალი წლის განმავლობაში ებრძვის საკუთარ თავს, მაგრამ მთელი მისი მუშაობა კონცენტრირებულია მეორე ოთახში, მეორე სხეულზე, ანუ გრძნობებზე. ყველა სხვა ემოცია ექვემდებარება ერთ ემოციას, რწმენას. იგი ამ გზით ავითარებს ერთიანობას საკუთარ თავში, ემოციებზე იქმნის საკუთარ ნებას და ამგვარად აღწევს მეოთხე ოთახამდე. მაგრამ მისი ფიზიკური სხეული და მისი აზროვნების შესაძლებლობები შეიძლება განუვითარებელი დარჩეს. ამ ორი ასპექტის განვითარებისთვის მას ხელახალი ტანჯვა მოუწევს; ახალი უარის თქმა, ახალი გაჭირვება, ახალი მსხვერპლი. ბერი უნდა გახდეს იოგი და ფაკირი. ძალიან ცოტა აღწევს აქამდე, ხოლო კიდევ უფრო ცოტას შეუძლია ყველა სირთულის გადალახვა. ისინი ან მიზნის მიღწევამდე კვდებიან, ან მხოლოდ გარეგნულად გამოიყურებიან ბერებად.
მესამე გზა არის იოგის გზა. ეს არის ცოდნის გზა, გონების გზა. იოგის გზა მესამე ოთახში ხორციელდება და ცოდნის საშუალებით მეოთხე ოთახში შეღწევისაკენ ისწრაფვის, მაგრამ მისი სხეული და ემოციები განუვითარებელი რჩება. ფაკირისა და ბერის მსგავსად, მას არ შეუძლია გამოიყენოს საკუთარი უნარები. იოგმა ყველაფერი იცის, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. რაიმეს გასაკეთებლად მან უნდა მოიპოვოს ოსტატობა სხეულზე და ემოციებზე, ანუ პირველ და მეორე ოთახებზე. ამისათვის, მას მოუწევს ხელახლა შეუდგეს ხანგრძლივ მუშაობას. იოგს საკუთარი პოზიციის გააზრების უპირატესობა აქვს; მან იცის, რა აკლია, რა უნდა გააკეთოს და რომელი მიმართულებით უნდა წავიდეს, მაგრამ ფაკირისა და ბერის გზების მსგავსად, ძალიან ცოტა იოგი იძენს ასეთ გაგებას, ანუ ძალიან ცოტა მიდის გაგების იმ საფეხურამდე, სადაც მან იცის, საით მოძრაობს. უამრავი ჩერდება ერთი ასპექტის მიღწევისას და გზას აღარ აგრძელებს.
გზები ასევე განსხვავდება ერთმანეთისგან მასწავლებლებთან ურთიერთობის მიხედვით.
ფაკირის გზაზე კაცს არ ყავს მასწავლებელი ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით. მასწავლებელი ამ შემთხვევაში კი არ ასწავლის, არამედ მისთვის მაგალითია. ფაკირის გზაზე მოსწავლის ნამუშევარი მასწავლებლის მიმბაძველობისგან შედგება.
ბერს ჰყავს მოძღვარი, რომელიც ბერის მხრიდან მოძღვრისადმი აბსოლუტურ რწმენას მოითხოვს, რომელიც მორჩილებაში ვლინდება. მაგრამ ბერის გზაზე ყველაზე მთავარი არის ღმერთის რწმენა და მისდამი სიყვარული. ბერი მუდმივად ცდილობს დაემორჩილოს და ემსახუროს ღმერთს, თუმცა მისდამი მსახურების იდეაში ბევრი რამ შეიძლება იყოს სუბიექტური და წინააღმდეგობრივი.
იოგის გზაზე ადამიანს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, მითუმეტეს, მასწავლებლის გარეშე. თავდაპირველად მან ფაკირივით უნდა მიბაძოს თავის მასწავლებელს და ბერივით ჰქონდეს მასში რწმენა. შემდგომში იგი დამუკიდებლად სწავლობს მასწავლებლის მეთოდების გამოყენებას.
ფაკირის გზას, ბერის გზას და იოგის გზას ერთი საერთო აქვს. ისინი თავიდანვე ყველაზე რთულით იწყება, ანუ ცხოვრების მომენტალური და სრული ცვლილებით, ამქვეყნიური საგნების სრული უარყოფით. კაცი უნდა დაემშვიდობოს სახლს, ოჯახს, სიამოვნებებს, მიჯაჭვულობებს, ცხოვრებისეულ მოვალეობებს და წავიდეს უდაბნოში, მონასტერში ან იოგურ სკოლაში. პირველივე დღიდან უნდა მოკვდეს სამყაროს მიმართ. მხოლოდ ამგვარად შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ ერთ-ერთი გზიდან წარმატებას მიაღწევს.
იმისათვის, რომ ნათლად გავიგოთ ამ სწავლების არსი, აუცილებელია ცხადად დავინახოთ, რომ საყოველთაო შეხედულებით ეს სამი გზა განასახიერებს ფარული შესაძლებლობების განვითარების ერთადერთ მეთოდებს. ასეთი მოცემულობა თავის მხრივ გვიჩვენებს, რამდენად რთული და იშვიათია ასეთი განვითარება. შესაძლებლობების განვითარება კანონი არ არის. ადამიანისთვის კანონი არის განვითარების მექანიკურ წრეში ცხოვრება, ანუ "ადამიანი-მანქანას" მდგომარეობა. ფარული შესაძლებლობების განვითარების შესაძლებლობა ბუნების კანონების წინააღმდეგ და ღმერთის წინააღმდეგ მიდის. სწორედ ეს განმარტავს განვითარების სირთულეს და მის იშვიათობას. მაგრამ ამავე დროს, მხოლოდ მათ მიერ არის შესაძლებელი ყველაფრის მიღწევა. ყოვლდღიური ცხოვრების საერთო მასაში გზები ძალიან პატარაა, რომლებიც ცხოვრებისეული თვალსაზრისით, საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მაგრამ ეს პატარა ფენომენი თავისთავად შეიცავს ყველაფერს, რაც ადამიანს ფარული შესაძლებლობების განვითარებისთვის გააჩნია. გზები ეწინააღმდეგება ყოველდღიურობას, რადგან სრულიად განსხვავებულ პრინციპებს და კანონებს ეფუძნება. სწორედ ამაში მდგომარეობს მათი ძალა და მნიშვნელობა. ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც არ უნდა მეცნიერული, რელიგიური ან ფილოსოფიური იყოს იგი, არაფერია ისეთი, რაც ადამიანს განვითარების შესაძლებლობას მისცემს. გზებს ადამიანი მიჰყავს ან უნდა მიიყვანოს უკვდავებამდე. ყოველდღიური ცხოვრებას, თუნდაც საუკეთესოს, - ადამიანი სიკვდილამდე მიჰყავს და სხვა არაფრისკენ. გზების იდეის გაგება შეუძლებელია, თუ ადამიანს სხვების დახმარების მეშვეობით განვითარების შესაძლებლობის მნიშვნელობა არ ესმის.
როგორც წესი, ადამიანს უჭირს ამ აზრთან შეგუება, რადგან გაზვიადებულად, უსამართლოდ და აბსურდულად ეჩვენება. მას აშკარად ცუდად ესმის რას ნიშნავს სიტყვა "შესაძლებლობა". ადამიანს სჯერა, რომ თუ მას საკუთარ თავში რაიმე შესაძლებლობა აქვს, იგი აუცილებლად უნდა განვითარდეს და გარემოში უნდა არსებობდეს მათი განვითარების საშუალებები. იგი სასწრაფოდ და გარდაუვალად მოითხოვს განვითარების ამ შესაძლებლობას. მისთვის ძნელია შეეგუოს იმ აზრს, რომ მისი შესაძლებლობები შესაძლოა სრულიად განუვითარებელი დარჩეს ან საერთოდ გაქრეს. მეორეს მხრივ, იმასაც წაუყრუებს, რომ ასეთი შესაძლებლობების განვითარება დიდ ძალისხმევას და გამძლეობას მოითხოვს. ფაქტობრივად, თუ ავიღებთ ყველა ადამიანს, რომელიც ფაკირი, იოგი ან ბერი არასდროს გახდება, უდავო დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ არასდროს ექნებათ ფარული შესაძლებლობების განვითარების შანსი. ეს მკაფიოდ უნდა იქნეს გაგებული, რათა შევძლოთ დანარჩენის გაგება, რაც ამას მოჰყვება.
კულტურული ცხოვრების ჩვეულებრივ პირობებში, თუნდაც ცოდნას მოწყურებული ინტელექტუალი ადმიანის ძიება უიმედოა, რაგდან მის გარშემო არსებული გარემოებები არ ჰგავს არც ფაკირის, არც იოგის და არც ბერების სკოლებს, ხოლო დასავლური რელიგიები იმდენად გადაგვარებულია, რომ დიდი ხანია მათში არაფერი ცოცხალი აღარ არსსებობს. ასევე, სხვადასხვა ოკულტური და მისტიკური საზოგადოებების მეირ ჩატარებული გულუბრყვილო ექსპერიმენტები შედეგებს ვერ მოიტანს.
განვითარების პოტენციალი მართლაც უიმედო იქნებოდა, მეოთხე გზა რომ არ არსებობდეს.
მეოთხე გზა არ მოითხოვს უდაბნოში განმარტოებას და არც ყველაფერზე უარის თქმისკენ მოუწოდებს ადამიანს, რომლითაც იგი ადრე ცხოვრობდა. მეოთხე გზა ბევრად უფრო შორს იწყება, ვიდრე იოგის გზა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი მზად უნდა იყოს მეოთხე გზაზე შესადგომად და ეს მომზადება მან ჩვეულებრივი ცხოვრების პირობებში უნდა შეიძინოს; ამასთანავე, იგი საქმისადმი ძალიან სერიოზულად უნდა იყოს განწყობილი, რომელიც ბევრ სხვადასხვა მხარეს მოიცავს. უფრო მეტიც, ადამიანი უნდა ცხოვრობდეს მეოთხე გზაზე მუშაობისთვის ხელსაყრელ პირობებში. უნდა გვესმოდეს, რომ როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი გარემოებებიც შესაძლოა ისეთ პირობებში იმყოფებოდეს, რომ მეოთხე გზისთვის გადაულახავი ბარიერები შექმნას. გარდა ამისა, მეოთხე გზას არ აქვს გარკვეული ფორმები, როგორებიც ახასიათებს ფაკირის, ბერის და იოგის გზებს. პირველ რიგში, მეოთხე გზის ფორმა უნდა მოიძებნოს. ეს არის პირველი ტესტი. იგი არც ისე კარგად არის ცნობილი, როგორც პირველი სამი ტრადიციული გზა. უამრავ ადამიანს მეოთხე გზის შესახებ არასდროს სმენია და არსებობენ სხვები, რომლებიც უარყოფენ მისი არსებობის შესაძლებლობას.
ამავე დროს, მეოთხე გზის დასაწყისი უფრო ადვილია, ვიდრე დანარჩენი სამი გზის. მეოთხე გზაზე მუშაობისას შესაძლებელია მივყვეთ ამ გზას ჩვეულ პირობებში ყოფნისას, ჩვეული საქმის გაგრძელებისას, წინანდელი ურთიერთობების შენარჩუნების ფონზე, რაიმეზე უარის თქმის გარეშე. ცხოვრებისეული პირობები, რომელშიც ადამიანი მუშაობის დასაწყისში არის მოთავსებული, მისთვის საუკეთესოა, რადგან თავად იგი ამ პირობების გავლენისა და მოქმედების შედეგია. ასეთი პირობები მისთვის ბუნებრივი მოცემულობაა. ეს პირობები არის თავად ადამიანი, რადგან ადამიანის ცხოვრება და მისი პირობები ადამიანს შეესაბამება. ამ პირობებისგან განსხვავებული ცხოვრება ადამიანისთვის ხელოვნური იქნებოდა და ხელოვნურ პირობებში მუშაობა ვერ შეეხებოდა მისი არსების ყველა მხარეს.
ბუნებრივი პირობების წყალბით, მეოთხე გზა ერთდროულად მოქმედებს ადამიანის არსების ყველა მხარეზე. მეოთხე გზაზე სამუშაო ერთდროულად სამივე ოთახში მიმდინარეობს. ფაკირი მუშაობს პირველ ოთახში, ბერი მეორეში, ხოლო იოგი მესამეში. მეოთხე ოთახამდე მიღწევისას სამივე მათგანი ბევრ სამუშაოს დაუმთავრებელს ტოვებს და შედეგებით ვერ სარგებლობენ, რადგან თავიანთი ფუნქციების ოსტატები არ არიან. ფაკირი სხეულის ბატონია, მაგრამ არა ემოციების და გონების. ბერი ემოციების ბატონია, მაგრამ არა სხეულის და გონების. იოგი გონების ბატონია, მაგრამ არა სხეულის და ემოციების.
მეოთხე გზა სხვებისგან იმითაც განსხვავდება, რომ მთავარი მოთხოვნა ადამიანისგან არის გაგების მოთხოვნა. კაცმა ისეთი არაფერი უნდა აკეთოს, რაც არ ესმის, გარდა ექსპერიმენტებისა, რომელსაც ხელმძღვანელის ქვეშ შეასრულებს. რაც უფრო მეტად გაიგებს ადამიანი იმას, რასაც აკეთებს, მით უკეთესი იქნება მისი ძალისხმევის შედეგი. ეს არის მეოთხე გზის ფუნდამენტური პრინციპი. მუშაობის შედეგები პირდაპირპროპორციულია ცნობიერად გაწეულ სამუშაოსთან. მეოთხე გზაზე არაფრის "რწმენა" არ არის საჭირო. პირიქით, ნებისმიერი სახის რწმენა ეწინააღმდეგება მეოთხე გზას. მეოთხე გზაზე ადამიანმა უნდა დააკმაყოფილოს საკუთარი თავი მხოლოდ იმ სიმართლის თქმით, რომელიც იცის. სანამ სიმართლეში არ დარწმუნდება და იგი არ დააკმაყოფილებს, იქამდე არაფერი უნდა თქვას ან გააკეთოს.
მეოთხე გზის მეთოდი შედგება ერთ ოთახში მუშაობისგან, რომლის დროსაც ერთდროულად ხორციელდება მუშაობა ორ დანარჩენ ოთახშიც. მაგალითად, ფიზიკურ სხეულზე მუშაობისას ერთდროულად უნდა ვიმუშაოთ გონებაზე და ემოციებზე; გონებაზე მუშაობისას ვმუშაობთ სხეულზეც და ემოციებზეც; ემოზიებზე მუშაობისას ვმუშაობთ სხეულზე და გონებაზე. ეს იმის წყალობით არის შესაძლებელი, რომ მეოთხე გზა შეიცავს ცოდნას, რომელიც მიუწვდომელია ფაკირის, ბერის და იოგის გზისათვის. მეოთხე გზის ცოდნა შესაძლებელს ხდის ერთდროულად ვიმუშაოთ სამივე მიმართულებით. მთელ ამ მიზანს ემსახურება ფიზიკური, გონებრივი და ემოციური ვარჯიშების პარალელური სერია. გარდა ამისა, მეოთხე გზაზე შესაძლებელია მუშაობის ინდივიდუალზაცია, ანუ თითოეულ ადამიანს შეუძლია გააკეთოს მხოლოდ ის, რაც აუცილებელია და არა ის, რაც მისთვის უსარგებლოა. ეს განპირობებულია იმით, რომ მეოთხე გზა უარს ამბობს უამრავ მეთოდზე, რომლებიც ზედმეტია და მხოლოდ ტრადიციების ან სხვა მიზეზთა გამოა შენარჩუნებული სხვა სისტემებში.
ასე რომ, როდესაც ადამიანი მეოთხე გზაზე ნებას მიაღწევს, შეუძლია თავისუფლად გამოიყენოს იგი, რადგან მან უკვე შეიძინა კონტროლი ყველა სხეულებრივ, ემოციურ და ინტელექტუალურ ფუნქციაზე. გარდა ამისა, მან დიდი დრო დაზოგა სამივე სხეულზე ერთდროულად მუშაობისას, მათთან ცალ-ცალკე მუშაობის გარეშე. მეოთხე გზას ზოგჯერ "ცბიერი ადამიანის გზას" უწოდებენ. "ცბიერმა" იცის რაღაც საიდუმლო, რომელიც ფაკირმა, ბერმა და იოგმა არ იცის. როგორ ისწავლა "ცბიერმა" ეს საიდუმლო - უცნობია. ალბათ ზოგიერთ ძველ წიგნში იპოვა ან მემკვიდრეობით მიიღო, იქნებ იყიდა ან ვინმესგან მოიპარა. ამას მნიშვნელობა არ აქვს. "ცბიერმა" იცის საიდუმლო და ამის მეშვეობით უსწრებს ფაკირს, ბერს და იოგს.
ფაკირი უხეშად მოქმედებს. მან ძალიან ცოტა იცის და ძალიან ცოტა ესმის. დავუშვათ, რომ მთელი თვის განმავლობაში იგი ინტენსიური წამებით ავითარებს საკუთარ თავში გარკვეულ ენერგიას, გარკვეულ სუბსტანციას, რომელიც მასში გარკვეულ ცვლილებებს გამოიმუშავებს. ის ამას აბსოლუტურად ბრმად აკეთებს და არ იცის მიზანი, მეთოდები და შედეგები; ფაკირი უბრალოდ სხვების მიბაძვით ავითარებს საკუთარ თავს.
ბერმა შედარებით უკეთ იცის რა უნდა. იგი რელიგიური ტრადიციით და რწმენით ხელმძღვანელობს, ამასთანავე თავის მასწავლებელს ენდობა და სჯერა, რომ მისი ტანჯვა-წამება "სასიამოვნოა" ღმერთისთვის. დავუშვათ, რომ მარხულობა, მუდმივი ლოცვა და გაჭირვება საშუალებას აძლევს მას ერთ კვირაში მიაღწიოს დასახულ მიზანს; იგივე საფეხურს ფაკირი ერთ თვეში მიაღწევს წამების გზით.
იოგმა ორივეზე გაცილებით მეტი იცის. მან იცის რა სურს და ისიც იცის, როგორ შეიძლება ამის შეძენა. მაგალითად, იოგმა იცის, რომ მიზნის მისაღწევად აუცილებელია საკუთარ თავში გარკვეული ნივთიერება გამოიმუშაოს. ამ ნივთიერების წარმოქმნა მის მიერ გონებრივი ვარჯიშით ან ცნობიერების კონცენტრაციით ერთ დღეში არის შესაძლებელი. იგი ვარჯიშობს ისე, რომ საკუთარ თავს სხვა არაფერზე ფიქრის უფლებას არ აძლევს და შედეგად იმას იღებს, რაც მას სჭირდება. ამვარად, იოგი ერთ დღეში ღებულობს იმას, რასაც ფაკირი ერთ თვეში, ბერი კი ერთ კვირაში მიიღებს.
მეოთხე გზაზე ცოდნა ბევრად უფრო ზუსტი და სრულყოფილია. კაცი, რომელიც მეოთხე გზას მიჰყვება, ცალსახად ცნობს ნივთიერებებს, რომელიც მას სჭირდება მიზნებისათვის და მან იცის, რომ ამ ნივთიერების წარმოქმნა სხეულში შესაძლებელია ერთი თვის ფიზიკური ტანჯვით, ემოციური დაძაბულობის ერთი კვირით და გონებრივი ვარჯიშის ერთი დღით. ამასთან ერთად, ადამიანმა ისიც იცის, რომ ეს ნივთიერებები შესაძლოა მასში გარედან შევიდეს, თუ მისთვის ცნობილია, როგორ კეთდება ეს. ასე რომ, ტანჯვის და მრავალი დროის დაკარგვის ნაცვლად იგი ამზადებს და ყლაპავს პატარა აბს, რომელიც ყველა სასურველ ნივთიერებას შეიცავს და ამ გზით დროის დაკარგვის გარეშე იღებს საჭირო შედეგს.
უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ამ სათანადო და კანონიერი გზებისა, არსებობს ხელოვნური გზები, რომლებიც ხანმოკლე შედეგებს იძლევა და ასევე არსებობს არასწორი გზები, რომლებმაც შეიძლება მუდმივი შედეგი მოგვცეს, მაგრამ ასეთი შედეგი არასწორი იქნება. ამ გზებზე ადამიანი მეოთხე ოთახის გასაღებს ეძებს და ხანდახან პოულობს კიდეც მას. მაგრამ რას აღმოაჩენს იგი მეოთხე ოთახში, მისთვის ცნობილი ჯერ კიდევ არ არის.
ისეც ხდება, რომ მეოთხე ოთახის გაღება ხელოვნურად შეიძლება, მაგრამ ორივე შემთხვევაში ოთახი ცარიელი აღმოჩნდება ხოლმე.
ამით გურჯიევმა საუბარი დაასრულა.
ერთ-ერთ მომდევნო საუბარზე ჩვენ კვლავ შევეხეთ გზების საკითხს:
- დასავლური კულტურის ადამიანისთვის, - ვთქვი მე, - რა თქმა უნდა, ძნელი დასაჯერებელია, რომ უმეცარი ფაკირი და გულუბრყვილო ბერი ან იოგი, რომლებიც ცხოვრებისგან განზე გამდგარნი არიან, ევოლუციის გზაზე დგანან, მაშინ როცა "ზუსტი ცოდნით" სავსე განათლებულ ევროპელს არანაირი შანსი არ აქვს თავი დააღწიოს მანკიერ წრეს, რომელშიც უსასრულოდ ტრიალებს.
- დიახ, ეს იმიტომ ხდება, რომ ხალხს სჯერა პროგრესის და კულტურის, - მიპასუხა გურჯიევმა, - არ არსებობს არანაირი პროგრესი, როგორიც არ უნდა იყოს იგი. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ასობით და ათასობით წლის წინათ იყო. გარეგნული ფორმა არ იცვლება. არსი არ იცვლება. ადამიანი იგივე რჩება. „ცივილიზებული“ და „კულტურული“ ადამიანები უმეცარი ველურების მსგავსად ზუსტად ერთნაირი ინტერესებით ცხოვრობენ. თანამედროვე ცივილიზაცია ძალადობას და მონობას ეფუძნება; პლიუს, ლამაზ სიტყვებს. მაგრამ, ყველა ეს "კარგი" სიტყვა, როგორებიცაა "პროგრესი" და "ცივილიზაცია", მხოლოდ სიტყვებია და მეტი არაფერი.
ამან, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, რადგან ეს საუბარი შედგა 1916 წელს, როდესაც ცივილიზაციის უკანასკნელი გამოვლინება, "ომი", (თანაც იმდენად მასშტაბური, რომელიც აქამდე არავის არასდროს უნახავს) ისევ და ისევ აგრძელებდა ზრდას და განვითარებას. მის ორბიტაზე მილიონობით ადამიანი განაგრძობდა დაღუპვას.
- რას ელოდებით? - განაგრძო გურჯიევმა, - ადამიანები მანქანები არიან. მანქანა ბრმა და უგონო მდგომარეობაშია და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს; მანქანის ყველა მოქმედება მის ბუნებას უნდა შეესაბამებოდეს. ყველაფერი უბრალოდ ხდება. არავინ არაფერს აკეთებს. "პროგრესი" და "ცივილიზაცია", ამ სიტყვების რეალური მნიშვნელობით, შეიძლება გამოჩნდეს მხოლოდ ცნობიერი ძალისხმევის შედეგად. ისინი არ შეიძლება გამოჩნდნენ არაცნობიერი მექანიკური მოქმედებების შედეგად. რა ცნობიერი ძალისხმევა შეიძლება არსებობდეს მანქანებში? თუ ერთი მანქანა გაუცნობიერებელია, მაშინ მასთან ერთად გაუცნობიერებელია ასობით, ათასობით და მილიონობით მანქანაც. მილიონი მანქანის არაცნობიერი აქტივობა აუცილებლად გამოიწვევს განადგურებას და ყველაფრის მიწასთან გასწორებას. ზუსტად ეს არის არაცნობიერის უნებლიე გამოვლინება, საიდანაც ყველანაირი ბოროტების მანიფესტაცია იღებს სათავეს. თქვენ ჯერ ვერ გაიგებთ და ვერ წარმოიდგენთ ამ ბოროტების ყველა შესაძლო შედეგს, მაგრამ მოვა დრო, როცა გაიგებთ.
რამდენადაც მახსოვს, ამით საუბარი დასრულდა.