სასწაულებრივის ძიებაში

პიოტრ უსპენსკი
5
2

პიოტრ უსპენსკი სასწაულებრივის ძიებაში  უცნობი სწავლების ფრაგმენტები მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

თავი მეჩვიდმეტე

1917 წლის აგვისტო. ექვსი კვირა ესენტუკში. გურჯიევი მთლიანი მუშაობის გეგმას აყალიბებს. "სკოლები აუცილებელია". "სუპერ-ძალისხმევა". ცენტრების უნისონი საკუთარ თავზე მუშაობის მთავარ სირთულეს წარმოადგენს. ადამიანი, საკუთარი სხეულის მონა. არასასურველი კუნთების დაძაბულობისგან ენერგიის ფლანგვა. გურჯიევი გვიჩვენებს კუნთების კონტროლის და დასვენების ვარჯიშებს. "გაჩერების" ვარჯიში. "გაჩერების" მოთხოვნები. გურჯიევი ცენტრალურ აზიაში "გაჩერების" შემთხვევას იხსენებს. ესენტუკში "გაჩერების" გავლენა. ექსპერიმენტი მარხვაში და საუბრის ჩვევა. რა არის ცოდვა. გურჯიევი ყურადღების სავარჯიშოებს გვაჩვენებს. სუნთქვის ექსპერიმენტი. დიდი ცოდნის გზის სირთულეების, ძალისხმევისა და დახმარების აუცილებლობის გაცნობიერება. "არსებობს თუ არა "გზების" მიღმა არსებული გზა?" "სუბიექტური" და "ობიექტური" გზები. ობივატელი. რას ნიშნავს "იყო სერიოზული"? მხოლოდ ერთი რამ არის სერიოზული. როგორ მივაღწიოთ რეალურ თავისუფლებას? მონობისა და მორჩილების რთული გზა. რის შესაწირად არის მზად ადამიანი. მგლის და ცხვრის ზღაპარი. ასტროლოგია და ტიპები. დემონსტრაცია. გურჯიევი ჯგუფის დაშლას აცხადებს. ბოლო მგზავრობა პეტერბურგში. 

 

 ყოველთვის ძალიან უცნაური გრძნობა მეუფლება, როდესაც ამ პერიოდს ვიხსენებ. ესენტუკში დაახლოებით ექვსი კვირა გავატარეთ. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ახლა საერთოდ წარმოუდგენელია. როდესაც იქ მყოფთაგან რომელიმესთან საუბრის საშუალება მქონია, ისინი ძნელად იჯერებდნენ, რომ ეს მხოლოდ ექვსი კვირა გაგრძელდა.  ექვს წელიწადშიც კი რთული იქნებოდა ადგილის მოპოვება იმ ყველაფრისთვის, რაც იმ დროს უკავშირდებოდა. სწორედ ამდენად იყო იგი სავსე. 

 ჩვენი წევრების ნახევარი, მათ შორის მეც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სოფლის განაპირას, პატარა სახლში, გურჯიევთან ერთად ვცხოვრობდით. დანარჩენები დილით ჩამოვიდნენ და გვიან ღამემდე დარჩნენ. ძალიან გვიან ვიძინებდით და ძალიან ადრე ვდგებოდით. ოთხი ან მაქსიმუმ ხუთი საათი გვეძინა. ყველანაირი სახის სახლის სამუშაოს ვასრულებდით. დანარჩენი დროის მანძილზე სავარჯიშოებით ვკავდებოდით, რომლებზეც მოგვიანებით ვისაუბრებ. გურჯიევმა რამდენიმეჯერ მოაწყო ექსკურსია კისლოვოდსკში, ჟელეზნოვოდსკში, პიატიგორსკში, ბეშტაუში და ასე შემდეგ. 

 გურჯიევი სამზარეულოს ზედამხედველობდა და ხშირად სადილს თავად ამზადებდა. მან დაგვიმტკიცა, რომ შესანიშნავი მზარეული იყო და ასობით შესანიშნავი აღმოსავლური კერძის გაკეთება იცოდა. ყოველ დღეს სადილი რომელიმე აღმოსავლური ქვეყნის სტილში გვქონდა: მივირთვით ტიბეტური, სპარსული და სხვათა კერძები. 

 მე არ ვცდილობ იმ ყველაფრის აღწერას, რაც ესენტუკში მოხდა. ამისათვის მთელი წიგნი უნდა დაიწეროს. გურჯიევი სწრაფი ტემპით მიგვიძღოდა წინ, ერთი წუთის დაკარგვის გარეშე. ჩვენი სეირნობის დროს მან ბევრი რამ აგვიხსნა, როდესაც ესენტუკის პარკში მუსიკა უკრავდა, ისევე როგორც საშინაო საქმიანობების შუაგულში. 

 ზოგადად, ესენტუკში ჩვენი ყოფნის ხანმოკლე პერიოდის მანძილზე, გურჯიევმა მუშაობის მთლიანი გეგმა განავრცო. ჩვენ დავინახეთ ყველა მეთოდის დასაწყისი, ყველა იდეის დასაწყისი, მათი ურთიერთკავშირები და მიმართულებები. ჩვენთვის ბევრი რამ ბუნდოვანი რჩებოდა. ბევრი რამ სწორად ვერ გავიგეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოგვეცა ზოგადი განცხადებები, რომლის მეშვეობითაც ვფიქრობდით, რომ მოგვიანებით ხელმძღვანელობა შეგვეძლო. 

 ყველა იდეამ, რომელიც ამ დრომდე გავიგეთ, პირისპირ მიგვიყვანა კითხვების მთელ სერიებამდე, რომელიც დაკავშირებულია საკუთარ თავზე მუშაობის პრაქტიკულ განხორციელებასთან და ბუნებრივია, ამან მრავალი დისკუსია გამოიწვია ჩვენი ჯგუფის წევრებს შორის.

 გურჯიევი მსგავს დისკუსიებში ყოველთვის მონაწილეობდა და სკოლების ორგანიზაციის ასპექტებს გვიხსნიდა. 

 - სკოლები აუცილებელია. - თქვა მან ერთხელ. - პირველ რიგში, იგი აუცილებელია ადამიანის ორგანიზაციის სირთულის მიზეზით. ადამიანს არ შეუძლია მთლიანად აკონტროლოს საკუთარი თავი, ანუ ყველა მისი განსხვავებული მხარე. ეს მხოლოდ სკოლას, მის მეთოდებს და სასკოლო დისციპლინას შეუძლია. ადამიანი ზედმეტად ზარმაცია, იგი ბევრ რამეს გააკეთებს სათანადო ინტენსივობის გარეშე, ან საერთოდ არაფერს გააკეთებს, მაშინ როცა თავად ფიქრობს, რომ რაღაცას აკეთებს. ადამიანი ინტენსიურად იმუშავებს რაღაცაზე, რასაც ინტენსივობა არ სჭირდება, ხოლო ხელიდან გაუშვებს იმ მომენტებს, როდესაც ინტენსივობა აუცილებელია. იგი თავს ზოგავს. მას რაიმე უსიამოვნოს გაკეთების ეშინია. ადამიანი დამოუკიდებლად საჭირო ინტენსივობას ვერასდროს მიაღწევს. თუ საკუთარ თავს სწორად დაჰკვირვებიხართ, ამას დაეთანხმებით. ადამიანი საკუთარ თავს რაღაც დავალების წინაშე აყენებს და შემდეგ სწრაფად იწყებს საკუთარი თავის ინდულგირებას. იგი დავალების შესრულებას რაც შეიძლება მარტივი გზით ცდილობს და ასე შემდეგ. ეს არ არის მუშაობა. მუშაობად ითვლება მხოლოდ სუპერ-ძალისხმევა, ანუ ნორმალურის, აუცილებლის მიღმა გაწეული ძალისხმევა. ჩვეულებრივი ძალისხმევა არ ითვლება.

 - რა იგულისხმება სუპერ-ძალისხმევაში? - იკითხა ვიღაცამ. 

 - ეს ნიშნავს ძალისხმევას, ისეთი ძალისხმევის მიღმა, რომელიც მოცემული მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი. - თქვა გურჯიევმა. - წარმოიდგინეთ, რომ მთელი დღეა ვსეირნობ და ძალიან დაღლილი ვარ. ცუდი ამიდია, წვიმს და ცივა. სახლში საღამოს მივდივარ. ალბათ, ოცდახუთი მილი გავიარე. სახლში ვახშამი მელოდება. შიგნით თბილა და სასიამოვნოა. მაგრამ, ვახშამზე დაჯდომის ნაცვლად, ისევ წვიმაში გავდივარ და გადავწყვეტ კიდევ ორი მილი გავიარო ფეხით, შემდეგ კი სახლში დავბრუნდე. ეს იქნება სუპერ-ძალისხმევა. სანამ სახლში მივდიოდი, ეს უბრალო ძალისხმევა იყო და იგი არ ითვლება. სახლში მივდიოდი, მციოდა, მშიოდა, მაწვიმდა - ეს ყველაფერი მაიძულებდა სიარულს. მეორე შემთხვევაში იმიტომ დავდივარ, რომ თავად გადავწყვიტე ამის გაკეთება. ასეთი სუპერ-ძალისხმევა კიდევ უფრო რთული ხდება, როდესაც მე თვითონ კი არ უნდა გადავწყვიტო, არამედ მასწავლებელს უნდა დავემორჩილო, რომელიც მოულოდნელ მომენტში მოითხოვს ჩემგან ახალი ძალისხმევის გაღებას, მაშინ, როდესაც გადავწყვიტე, რომ დღევანდელი ძალისხმევა დასრულდა. 

 სუპერ-ძალისხმევის კიდევ ერთი ფორმა არის ნებისმიერი სახის სამუშაოს უფრო სწრაფი ტემპით შესრულება, რომელიც ამ სამუშაოს ბუნებიდან არის მოწოდებული. ვთქვათ, რომ რაღაცას აკეთებთ, მაგალითად, რეცხავთ ან შეშას ჭრით. ერთი საათის სამუშაო გაქვთ. გააკეთეთ ნახევარ საათში და ეს იქნება სუპერ-ძალისხმევა. 

 მაგრამ, რეალურ პრაქტიკაში ადამიანი ვერასოდეს აიძულებს საკუთარ თავს სუპერ-ძალისხმევისკენ თანმიმდევრულად ან დიდი ხნის მანძილზე. ამისათვის სხვა ადამიანის ნებაა საჭირო, ვისაც არ შეეცოდებით და მეთოდი ექნება. 

 ადამიანს რომ საკუთარ თავზე მუშაობა შეეძლოს, ყველაფერი ძალიან მარტივი იქნებოდა და სკოლები არასაჭირო გახდებოდნენ. მაგრამ, მას ეს არ შეუძლია და ამის მიზეზები ადამიანის ბუნებაში ძალიან ღრმად იმყოფება. ცოტა ხნით საკუთარ თავთან არაგულწრფელობას, მუდმივ სიცრუეს და სხვა რაღაცებს განზე გადავდებ, ამჟამად მხოლოდ ცენტრების დაყოფას ავიღებ.  ადამიანისთვის საკუთარ თავზე დამოუკიდებელ მუშაობას შეუძლებელს მხოლოდ ესეც ქმნის. უნდა გესმოდეთ, რომ სამი ძირითადი ცენტრი, ინტელექტუალური, ემოციური და მამოძრავებელი, ერთმანეთთან არის დაკავშირებული და  ნორმალურ ადამიანში ისინი ყოველთვის უნისონში მუშაობენ. სწორედ ეს უნისონი წარმოადგენს საკუთარ თავზე მუშაობის მთავარ სირთულეს. რა იგულისხმება ამ უნისონში? ეს ნიშნავს, რომ ინტელექტუალური ცენტრის გარკვეული მუშაობა დაკავშირებულია ემოციური და მამოძრავებელი ცენტრების გარკვეულ მუშაობასთან - ანუ გარკვეული სახის აზრი გარდაუვალად უკავშირდება გარკვეული სახის ემოციას (ფსიქიკურ მდგომარეობას) ან გარკვეულ მოძრაობას (პოზას). ერთი მეორეს იწვევს, ანუ გარკვეული სახის ემოცია (ფსიქიკური მდგომარეობა) იწვევს გარკვეულ მოძრაობას, პოზას ან აზრებს, ხოლო გარკვეული სახის მოძრაობა ან პოზა იწვევს გარკვეულ ემოციებს და ასე შემდეგ. ყველაფერი დაკავშირებულია და ერთი საგანი მეორეს გარეშე ვერ იარსებებს. 

 ახლა წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი ახლებურად ფიქრის გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ იგი ძველებური გზით გრძნობს. წარმოიდგინეთ, რომ მას რ. არ მოსწონს. - გურჯიევმა ერთ-ერთ დამსწრეზე მიანიშნა. - რ.-ს მიმართ არსებული არ-მოწონება მას მაშინვე ძველ აზრებს აღუძრავს და ახლებური გზით აზროვნების გადაწყვეტილება დაავიწყდება. ან დავუშვათ, რომ სიგარეტის მოწევის დროს ფიქრს მიეჩვია - ეს მამოძრავებელი ცენტრის ჩვევაა. იგი გადაწყვეტს, რომ ახლებურად იფიქროს, მაგრამ სიგარეტის მოწევისთანავე ძველებურად ფიქრობს, ისე, რომ ამას ვერც ამჩნევს. სიგარეტის დანთების ჩვეულმა მოძრაობამ მისი ფიქრები ძველებურ მელოდიაზე მოაქცია. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ადამიანი თავისთავად ვერასოდეს დაარღვევს ამ შესაბამისობას. სხვა ადამიანის ნება და ჯოხი აუცილებელია. ყველაფერი, რისი გაკეთებაც მუშაობის მსურველ ადამიანს შეუძლია, არის მორჩილება. მას თავისით არაფრის გაკეთება შეუძლია. 

 ყველაფერზე მეტად, მას სჭირდება მუდმივი მეთვალყურეობა და დაკვირვება. ადამიანს არ შეუძლია მუდმივად დააკვირდეს საკუთარ თავს. შემდეგ მას სჭირდება გარკვეული წესები, რომელთა შესრულებაც სჭირდება, პირველ რიგში, გარკვეული სახის საკუთარი თავის გახსენება, რომელიც მეორეს მხრივ, ჩვევებთან ბრძოლაში დაეხმარება. ამ ყველაფრის გაკეთება ადამიანს თავისით არ შეუძლია. ცხოვრებაში  ყოველთვის ყველაფერი ძალიან კომფორტულად არის მოწყობილი იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარ თავზე იმუშაოს. სკოლაში ადამიანი საკუთარ თავს სხვებთან ერთად პოულობს, რომლებიც თავად მისი არჩეული არ არიან და ვისთან ერთადაც ალბათ ძალიან რთულია ცხოვრება და მუშაობა, როგორც წესი, არასასიამოვნო და მიუჩვეველ პირობებში. ეს დაძაბულობას ქმნის. ასეთი დაძაბულობა შეუცვლელია, რადგან იგი თანდათან მკვეთრ კუთხეებს აშორებს. 

 მამოძრავებელ ცენტრზე მუშაობა მხოლოდ სკოლაში შეიძლება იყოს სათანადოდ ორგანიზებული. როგორც უკვე ვთქვი, მამოძრავებელი ცენტრის არასწორი, დამოუკიდებელი ან ავტომატური მუშაობა სხვა ცენტრებს მხარდაჭერის უნარს ართმევს და ისინი უნებურად მიჰყვებიან მამოძრავებელ ცენტრს. ამიტომ, ხშირად, სხვა ცენტრების ახლებურად მუშაობის ერთადერთი შესაძლებლობა, მამოძრავებელი ცენტრის ახლებური გზით მუშაობის დაწყებაში მდგომარეობს, რომელიც სხეულს განასახიერებს. ზარმაცი, ავტომატური და სულელური ჩვევებით სავსე სხეული ნებისმიერი სახის სამუშაოს აჩერებს. 

 - მაგრამ, თეორიები არსებობს, რომ ადამიანმა მისი ბუნების სულიერი და ზნეობრივი მხარე უნდა განავითაროს, ხოლო თუ ამ მიმართულებით შედეგებს მიაღწევს, სხეულის მხრიდან არანაირ დაბრკოლებას არ ექნება ადგილი. არის თუ არა მსგავსი რამ შესაძლებელი? - იკითხა ვიღაცამ. 

 - დიახ და არა. - თქვა გურჯიევმა. - მთელი აზრი ამ "თუ"-ში მდგომარეობს. თუ ადამიანი თავისი ბუნების სულიერ და ზნეობრივ სრულყოფილებას სხეულის მხრიდან შეფერხების გარეშე აღწევს, მაშინ სხეული შემდგომ მიღწევებს ხელს არ შეუშლის. მაგრამ, სამწუხაროდ ეს არასდროს ხდება, რადგან სხეული პირველივე საფეხურზე ერევა თავისი ავტომატიზმით, ჩვევებზე მიჯაჭვულობით და ძირითადად, არასწორი ფუნქციონირებით. თუ თეორიულად საკუთარი ბუნების მორალური და სულიერი მხარის განვითარება სხეულის მხრიდან ჩარევის გარეშე შესაძლებელია, მაშინ ეს შეიძლება მხოლოდ სხეულის იდეალური ფუნქციონირების შემთხვევაში მოხდეს. ვის შეუძლია თქვას, რომ მისი სხეული იდეალურად ფუნქციონირებს? 

 გარდა ამისა, ტყუილი იმალება თვით ისეთ სიტყვებში, როგორიცაა "ზნეობა" და "სულიერება". ადრე საკმაოდ ხშირად აგიხსენით, რომ მანქანებზე საუბრის დაწყება შეუძლებელია მათი "ზნეობით" ან "სულიერებით". საუბარი უნდა დაიწყოს მექანიკურობით და ამ მექანიკურობის მარეგულირებელი კანონებით. ადამიანი ნომერი ერთის, ორის და სამის არსებობა იგივეა, რაც მანქანების არსებობა, რომლებსაც შეუძლიათ, რომ მანქანად ყოფნა შეწყვიტონ, მაგრამ ამას ვერ წყვეტენ. 

 - მაგრამ, ნუთუ არ არის შესაძლებელი, რომ ადამიანი ერთდროულად გადავიდეს ყოფიერების სხვა დონეზე, ემოციური ტალღის შედეგად? - იკითხა ვიღაცამ.

 - არ ვიცი. - თქვა გურჯიევმა. - ჩვენ ისევ განსხვავებულ ენაზე ვსაუბრობთ. ემოციის ტალღა შეუცვლელია, მაგრამ მას არ შეუძლია შეცვალოს მამოძრავებელი ჩვევები. იგი თავისთავად ვერ აიძულებს ცენტრებს სწორი მუშაობისკენ, რომლებიც მთელი ცხოვრება არასწორად მუშაობდნენ. ამის შეცვლა და გამოსწორება ცალკეულ, სპეციალურ და ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვს. შემდეგ თქვენ ამბობთ: ადამიანის ყოფიერების სხვა დონეზე გადასვლა. ამ თვალსაზრისით, ადამიანი ჩემთვის არ არსებობს. არსებობს რთული მექანიზმი, რომელიც შედგება რთული ნაწილების მთელი სერიებისგან. "ემოციების ტალღა" ერთ ნაწილში ხდება, მაგრამ სხვა ნაწილებში შეიძლება საერთოდ არ იმოქმედოს მასზე. მანქანის მუშაობაში სასწაულების მოხდენა შეუძლებელია. ისიც კი საკმარისი სასწაულია, რომ მანქანას შეცვლა შეუძლია. მაგრამ, თქვენ გინდათ, რომ ყველა კანონი დაირღვეს. 

 - რას გვეტყვით ჯვარცმულ ბოროტმოქმედზე? - იკითხა ერთ-ერთმა დამსწრემ. - არის მასში რაიმე?

 - ეს სრულიად სხვა საკითხია. - თქვა გურჯიევმა. - იგი სრულიად განსხვავებულ იდეას ასახავს. პირველ რიგში, ეს მოხდა ჯვარზე, ანუ საშინელი ტანჯვის შუაგულში, რომელსაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში არაფერი უტოლდება. მეორეც, ეს იყო სიკვდილის მომენტში. იგი ეხება ადამიანის ბოლო აზრების და გრძნობების იდეას, სიკვდილის მომენტში. ცხოვრებაში ესენი სხვა აზრების მიერ არის ჩანაცვლებული. ცხოვრებაში არ შეიძლება იყოს ემოციის გახანგრძლივებული ტალღა, ამიტომ იგი ყოფიერების ცვლილებას ვერ წარმოშობს. 

 კიდევ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ გამონაკლისებზე ან უბედურ შემთხვევებზე, რომლებიც შეიძლება მოხდეს ან არ მოხდეს, არამედ ვსაუბრობთ ზოგადი პრინციპების მიხედვით, თუ რა ხდება ყოველდღიურად, ყველასთვის. ჩვეულებრივი ადამიანი, თუნდაც იმ დასკვნამდე მივიდეს, რომ საკუთარ თავზე მუშაობა შეუცვლელია - იგი მაინც თავისი სხეულის მონაა. იგი არა მხოლოდ სხეულის აღიარებული და ხილული აქტივობის მონაა, არამედ მისი ამოუცნობი და უხილავი მოქმედებებისაც. სწორედ ესენი ამყოფებენ მას თავიანთი ძალაუფლების ქვეშ. ამიტომ, როდესაც ადამიანი თავისუფლებისთვის ბრძოლას გადაწყვეტს, მას უპირველესად საკუთარ სხეულთან უწევს ბრძოლა. 

 ახლა მოგახსენებთ სხეულის ფუნქციონირების მხოლოდ ერთ ასპექტს, რომლის რეგულირებაც ნებისმიერ შემთხვევაში შეუცვლელია. სანამ ეს ფუნქციონირება არასწორი გზით გრძელდება, ვერც ერთი სხვა სახის სამუშაო, მორალური თუ სულიერი, სწორი გზით ვერ გაგრძელდება. 

 როდესაც "სამსართულიანი ქარხნის" მუშაობაზე ვსაუბრობდით, მოგახსენეთ, რომ ქარხნის მიერ წარმოებული ენერგიის უმეტესი ნაწილი უაზროდ იხარჯება. სხვა რაღაცებთან ერთად, ენერგია არასაჭირო კუნთების მოძრაობაზე იხარჯება. არასაჭირო კუნთების დაძაბულობა უზარმაზარ ენერგიას ჭამს. საკუთარ თავზე მუშაობისას, ყურადღება პირველ რიგში ამაზე უნდა იყოს გადატანილი. 

 ზოგადად ქარხნის მუშაობაზე საუბრისას, საჭიროა გავიგოთ, რომ უსარგებლო ფლანგვის შეჩერება აუცილებელია, ვინაიდან ამის გარეშე რაიმეს გაზრდას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. თუ წარმოება გაიზრდება, მაგრამ უსარგებლო ფლანგვას და მის შეჩერებას ყურადღება არ მიექცევა, ახალი ენერგია თავის მხრივ ფლანგვას გაზრდის, რამაც შესაძლოა არაჯანსაღი სახის ფენომენებიც კი გამოიწვიოს. ამიტომ, ერთ-ერთი პირველი, რაც ადამიანმა საკუთარ თავზე ნებისმიერი ფიზიკური სამუშაოს დაწყებამდე უნდა ისწავლოს, არის კუნთების დაძაბულობის დაკვირვება და შეგრძნება. თქვენ კუნთების მოდუნება უნდა შეძლოთ, როდესაც ეს აუცილებელია, ანუ კუნთების არასაჭირო დაძაბულობის მოდუნება.

 

 ამასთან დაკავშირებით გურჯიევმა კუნთების დაძაბულობის გაკონტროლების სხვადასხვა სავარჯიშო გვიჩვენა და სკოლებიდან აღებული ლოცვის და ჭვრეტის რამდენიმე პოზა გვანახა, რომლის მიღებაც ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ იგი კუნთების არასაჭირო დაძაბულობის მოდუნებას ისწავლის. პოზებს შორის იყო ე.წ. "ბუდას პოზა", მუხლებზე დაყრდნობილი ტერფებით და კიდევ უფრო რთული პოზა, რომელსაც გურჯიევი სრულყოფილად იღებდა და რომლის მიბაძვაც მხოლოდ მიახლოებით შევძელით. 

 ამ პოზის მისაღებად გურჯიევი დაიჩოქა და შემდეგ ქუსლებზე დაჯდა (ჩექმების გარეშე), ერთმანეთთან მჭიდროს მიტყუპებული ფეხებით. ამ გზით ქუსლებზე ჯდომა ერთ-ორ წუთზე მეტხანს ძალიან რთული იყო. შემდეგ მან ხელები მხრების სისწორეზე ასწია, უკან ნელა გადაიხარა და მიწაზე დაწვა, ხოლო მისი მოხრილი ფეხები სხეულის ქვეშ დარჩა. გარკვეული დროის შემდეგ, მაღლა გაშლილი ხელებით ნელა წამოდგა, შემდეგ ისევ დაწვა და ასე შემდეგ.

 კუნთების თანდათანობით დასვენებისთვის მან ბევრი სავარჯიშო მოგვცა, რომელიც ყოველთვის სახის კუნთებით იწყებოდა. ასევე გვაძლევდა ხელების, ფეხების, თითების და ა.შ. სავარჯიშოებს, ისევე როგორც ხელების, ტერფების, თითების და სხვა ნაწილების სურვილისამებრ "შეგრძნების" სავარჯიშოებს. ფაქტობრივად, კუნთების დასვენების აუცილებლობის იდეა ახალი არ იყო, მაგრამ, გურჯიევის განმარტება, რომლის მიხედვითაც კუნთების მოდუნება სახის კუნთებიდან უნდა დაგვეწყო, ჩემთვის სრულიად ახალი იყო. იგი არასოდეს შემხვედრია "იოგის" წიგნებში ან ფიზიოლოგიის ლიტერატურაში. 

 ძალიან საინტერესო აღმოჩნდა "წრიული შეგრძნების" სავარჯიშო, როგორც ამას გურჯიევი ეძახდა. ადამიანი ზურგით წევს იატაკზე. ცდილობს, რომ მთელი თავისი კუნთები დაასვენოს, შემდეგ ყურადღების კონცენტრაციას მის ცხვირზე ახდენს. როდესაც იგი ცხვირის შეგრძნებას იწყებს, ყურადღება გადააქვს და ცდილობს ყური შეიგრძნოს. როდესაც ესეც მოხდება, ყურადღება გადააქვს მარჯვენა ფეხზე, შემდეგ მარცხენაზე. შემდეგ მარცხენა ხელზე, მარცხენა ყურზე, ისევ ცხვირზე და ასე შემდეგ. 

 ეს ყველაფერი განსაკუთრებით მაინტერესებდა, რადგან დიდი ხნის წინ გარკვეული ექსპერიმენტების ჩატარებამ იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ ფიზიკური მდგომარეობა, რომელიც ახალ ფსიქოლოგიურ გამოცდილებასთანაა დაკავშირებული, მთელ სხეულში პულსაციას იწყებს, რასაც ჩვეულებრივ პირობებში არ ვგრძნობთ. ამასთან დაკავშირებით, პულსი შეიგრძნობა სხეულის ყველა ნაწილში, როგორც ერთი დარტყმა. ჩემს პირად ექსპერიმენტებში "პულსაციის" შეგრძნება მთელ სხეულში მოხდა, მაგალითად გარკვეული სუნთქვითი ვარჯიშებისას, რაც რამდენიმედღიან მარხვასთან იყო კავშირში. ჩემი ექსპერიმენტებით გარკვეულ შედეგებამდე არ მივსულვარ, მაგრამ, ჩემთან რჩება ღრმა დარწმუნებულობა, რომ სხეულზე კონტროლი იწყება პულსზე კონტროლის მოპოვებით. მოკლე დროში პულსის რეგულირების, აჩქარების და შენელების შესაძლებლობის მოპოვებით, შევძელი გულის ცემის შენელება ან აჩქარება, რომელმაც თავის მხრივ ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური შედეგები მომცა. ზოგადად მესმოდა, რომ გულის კონტროლი გულის კუნთებიდან არ მოდიოდა, არამედ იგი პულსის კონტროლზე იყო დამოკიდებული (მეორე დარტყმა ან "დიდი გული"), გურჯიევმა კი ბევრი რამ ამიხსნა იმის შესახებ, რომ "მეორე გულზე" კონტროლის მოპოვება კუნთების დაძაბულობის კონტროლზეა დამოკიდებული. ვინაიდან მსგავს კონტროლს არ ვფლობთ, შედეგად კუნთების სხვადასხვა ჯგუფის არასწორ და არარეგულარულ დაძაბულობას ვიღებთ. 

 კუნთების მოდუნების სავარჯიშოებმა, რომლის შესრულებაც დავიწყეთ, ჩვენი კომპანიის რამდენიმე წევრს ძალიან საინტერესო შედეგები მისცა. ერთ-ერთმა ჩვენგანმა, კუნთების მოდუნების შედეგად მკლავში ნევროლოგიური ტკივილის მოდუნება შეძლო. კუნთების მოდუნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სათანადო ძილისთვის, ხოლო ვინც რელაქსაციაში სერიოზულად ვარჯიშობს, ძალიან მალე შენიშნავს, რომ მისი ძილის ხარისხი ძლიერდება და გამოძინებისთვის ნაკლები საათები სჭირდება. 

 ამასთან დაკავშირებით, გურჯიევმა სრულიად ახალი სავარჯიშო გვაჩვენა, რომლის გარეშეც, მისი თქმით, მამოძრავებელი ბუნების დაუფლება სრულიად შეუძლებელი იყო. ამ ვარჯიშს მან "გაჩერება" უწოდა. 

 - ყოველ რასას, - თქვა მან. - ყველა ერს, ყველა ეპოქას, ყველა ქვეყანას, ყველა კლასს, ყველა პროფესიას, აქვს პოზებისა და მოძრაობების გარკვეული რაოდენობა. ეს მოძრაობები და პოზები, რომელიც ადამიანში ყველაზე მუდმივი და უცვლელია, მისი აზროვნებისა და გრძნობების ფორმას აკონტროლებს. მაგრამ ადამიანი არასოდეს იყენებს პოზას და მოძრაობას, რაც მისთვის შესაძლებელია. მისი ინდივიდუალობის შესაბამისად, ადამიანი პოზებისა და მოძრაობების მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას იღებს. თითოეული ადამიანის პოზებისა და მოძრაობების რეპერტუარი ძალიან შეზღუდულია.

 მოძრაობებისა და პოზების ხასიათი, ყველა ეპოქაში, ყველა რასაში და ყველა კლასში, განუყოფლად არის დაკავშირებული აზროვნებისა და შეგრძნების განსაზღვრულ ფორმებთან. ადამიანს არ შეუძლია თავისი აზროვნების ან შეგრძნების ფორმების შეცვლა, სანამ მისი პოზებისა და მოძრაობების რეპერტუარი არ შეიცვლება. აზროვნებისა და შეგრძნების ფორმებს შეგვიძლია ვუწოდოთ აზროვნებისა და შეგრძნების პოზები და მოძრაობები. ყველა ადამიანს აქვს აზროვნებისა და შეგრძნების პოზებისა და მოძრაობების გარკვეული რაოდენობა. მეტიც, მამოძრავებელი, მოფიქრალი და გრძნობითი პოზები ადამიანში ერთმანეთთან არის დაკავშირებული და იგი ვერასოდეს გამოვა თავისი მოფიქრალი და გრძნობითი პოზების რეპერტუარიდან, სანამ იგი მამოძრავებელ პოზებს არ შეცვლის. ადამიანის აზრებისა და გრძნობების ანალიზი და მისი მამოძრავებელი ფუნქციების შესწავლა, რომელიც გარკვეული გზით არის განლაგებული, გვიჩვენებს, რომ თითოეული ჩვენი მოძრაობა, ნებაყოფლობითი ან უნებლიე, წარმოადგენს ერთი პოზიდან მეორეზე გაუცნობიერებელ გადასვლას, რომელთაგანაც ორივე თანაბრად მექანიკურია. 

  ილუზიაა იმის თქმა, რომ ჩვენი მოძრაობა ნებაყოფლობითია. ყველა ჩვენი მოძრაობა ავტომატურია. ჩვენი აზრებიც და გრძნობებიც ასეთივე ავტომატურია. აზროვნებისა და გრძნობების ავტომატიზმი აუცილებლად უკავშირდება მამოძრავებელ ავტომატიზმს. ერთის ცვლილება მეორეს გარეშე არ შეიძლება. ასე რომ, მოდით ვთქვათ, თუ ადამიანის ყურადღება ავტომატური აზრების შეცვლაზეა კონცენტრირებული, ამ ახალ კურსში ჩვეული მოძრაობები და ჩვეული პოზები ჩაერევიან, რომლებიც ახლებური გზით აზროვნებას ძველი ასოციაციებით შეუშლიან ხელს. 

 ჩვეულებრივ პირობებში, ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს, თუ რამდენად არის ჩვენი აზროვნება, გრძნობა და მამოძრავებელი ფუნქცია, ერთმანეთზე დამოკიდებული. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ ვიცით, თუ რამდენად შეიძლება ჩვენი განწყობა და ემოციური მდგომარეობა დამოკიდებული იყოს ჩვენს მოძრაობებზე და პოზებზე. თუ ადამიანი ისეთ პოზას იღებს, რომელიც მისთვის სევდას ან სასოწარკვეთილებას შეესაბამება, მაშინ იგი მოკლე დროში აუცილებლად სევდას ან სასოწარკვეთას იგრძნობს. შიში, ზიზღი, ნერვული აგზნება, ან მეორე მხრივ, სიმშვიდე, შეიძლება პოზის განზრახ შეცვლით შეიქმნას. მაგრამ, ვინაიდან თითოეული ადამიანის ინტელექტუალურ, მამოძრავებელ და ემოციურ ფუნქციას თავისი განსაზღვრული რეპერტუარი გააჩნია, ყოველი მათგანი მუდმივ ურთიერთქმედებაში იმყოფება. ადამიანი ვერასოდეს გამოვა თავისი პოზების მომხიბვლელი წრიდან.

 მაშინაც კი, თუ ადამიანი ამას აღიარებს და მასთან ბრძოლას დაიწყებს, მისი ნება საკმარისი არ არის. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ადამიანის ნება შეიძლება იმისათვის იყოს საკმარისი, რათა მხოლოდ ერთი ცენტრი მოკლე დროით მართოს. მაგრამ, დანარჩენი ორი ცენტრი ამას ხელს უშლის. ადამიანის ნება არასოდეს იქნება საკმარისი სამი ცენტრის სამართავად. 

 იმისათვის, რომ ამ ავტომატიზმს დავუპირისპირდეთ და სხვადასხვა ცენტრებში პოზებსა და მოძრაობებზე კონტროლი ავიღოთ, ერთი სპეციალური სავარჯიშო არსებობს. ეს არის მასწავლებლისგან წინასწარ შეთანხმებული სიტყვა ან ნიშანი, ყველა მოსწავლის მიმართ, როდესაც ამ ნიშნის დანახვისთანავე დაუყოვნებლივ უწევთ ყველა მოძრაობის შეჩერება, რასაც არ უნდა აკეთებდნენ და შედეგად სიგნალის დაჭერისას იმავე პოზაში რჩებიან. უფრო მეტიც, მათ არა მხოლოდ მოძრაობა უნდა შეწყვიტონ, არამედ თვალი იმავე ადგილს უნდა ადევნონ, რასაც სიგნალის მომენტში უყურებდნენ, ინარჩუნებენ ღიმილს მათ სახეებზე, თუ პირღია იყო, ასევე რჩება, თუ საუბრობდა, სახის გამომეტყველებას ინარჩუნებს და სხეულის ყველა კუნთის დაძაბულობა ზუსტად ერთნაირ პოზიციაში იმყოფება, როგორშიც იგი სიგნალის დაჭერის მომენტში იყო. ამ "გაჩერებულ" მდგომარეობაში, ადამიანმა ასევე უნდა შეაჩეროს აზრების დინება და მთელი ყურადღება სხეულის სხვადასხვა ნაწილში კუნთების დაძაბულობის შენარჩუნებაზე უნდა გაამახვილოს, ზუსტად ისე, როგორშიც იგი იმყოფებოდა. იგი მუდმივად უყურებს ამ დაძაბულობას და ყურადღება სხეულის ერთიდან მეორე ნაწილზე გადააქვს. ადამიანი ამ მდგომარეობაში მანამდე უნდა დარჩეს, სანამ კიდევ ერთი შეთანხმებული სიგნალი მას ჩვეულებრივი პოზის მიღების საშუალებას მისცემს ან სანამ დაღლილობისგან არ დავარდება, როდესაც თავდაპირველ პოზას ვეღარ შეინარჩუნებს. მაგრამ, მას არაფრის შეცვლის უფლება არ აქვს, არც მისი მზერის, არც დახმარების, არც არაფრის. თუ დგომას ვეღარ ახერხებს - უნდა დაეცეს, მაგრამ იგი ტომარასავით უნდა დაეცეს, დარტყმისგან თავდასაცავად ყოველგვარი მცდელობის გარეშე. ზუსტად ასევე, თუ მას ხელში რაიმე უჭირავს, სანამ შეძლებს, იქამდე უნდა ეჭიროს, ხოლო თუ ხელები მის დამორჩილებაზე უარს იტყვის და საგანი დაეცემა, მისი ბრალი არ არის. 

 მასწავლებლის მოვალეობაა დაინახოს, რომ დაცემის შედეგად ან შეუჩვეველი პოზებისგან რაიმე პირადი დაზიანება არ მოხდეს. ამ მხრივ მოსწავლეებმა მასწავლებელს უნდა ენდონ და საფრთხეზე საერთოდ არ იფიქრონ. 

 ამ სავარჯიშოს იდეა და მისი შედეგები ძალიან განსხვავებულია, პირველ რიგში მოძრაობებისა და პოზების შესწავლის თვალსაზრისით. ეს ვარჯიში ადამიანს ავტომატიზმის წრიდან გასვლის შესაძლებლობას აძლევს და მისი გამოყენება,  საკუთარ თავზე მუშაობის დასაწყისში არ შეიძლება. 

 საკუთარი თავის არამექანიკური შესწავლა მხოლოდ "გაჩერების" ვარჯიშის საშუალებით არის შესაძლებელი, რომელიც მცოდნე ადამიანი უხელმძღვანელებს. 

 შევეცადოთ გავყვეთ, რას აქვს ადგილი. ადამიანი დადის, ზის ან მუშაობს. ამ მომენტში, იგი სიგნალს ისმენს. დაწყებულ მოძრაობაში მოულოდნელი სიგნალი ერევა, რომელიც შეჩერების ბრძანებას იძლევა. ერთი მოძრაობიდან მეორეზე გადასვლის მცდელობისას, მისი სხეული უძრავი ხდება, პოზაში, რომელშიც იგი ცხოვრებაში არასოდეს ჩერდება. მისთვის შეუჩვეველ პოზიციაში, ადამიანი უნებურად საკუთარ თავს განსხვავებული კუთხით უყურებს და აკვირდება. ამ შეუჩვეველ პოზაში მას შეუძლია ახლებურად იფიქროს, ახლებურად იგრძნოს, საკუთარი თავი ახლებურად შეიცნოს. ამ გზით ძველი ავტომატიზმის წრე ირღვევა. სხეული ამაოდ ცდილობს ჩვეულებრივი კომფორტული პოზის მიღებას. მაგრამ, მასწავლებლის ნებით მოქმედებაში მოყვანილი ადამიანის ნება, ბრძოლას სიკვდილის დადგომამდე აგრძელებს. ამ შემთხვევაში, ნებას გამარჯვება შეუძლია. ეს ვარჯიში, იმ ყველაფერთან ერთად, რაც მასზე ითქვა, თვითგახსენების სავარჯიშოს წარმოადგენს. ადამიანს საკუთარი თავი ისე უნდა ახსოვდეს, რომ სიგნალი არ გამოტოვოს. მას საკუთარი თავი უნდა ახსოვდეს, რათა პირველ მომენტში ყველაზე კომფორტული პოზა არ მიიღოს. მას საკუთარი თავი უნდა ახსოვდეს, რათა სხეულის სხვადასხვა ნაწილში კუნთების დაძაბულობას, მიმართულებას, სახის გამომეტყველებას და ა.შ. უყუროს. მას საკუთარი თავი უნდა ახსოვდეს, რათა ფეხების, ზურგის და მკლავების შეუჩვეველი პოზიციებიდან ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანი ტკივილის გადალახვა შეძლოს, რათა დაცემის არ შეეშინდეს. საკმარისია, სულ ერთი წამით დაივიწყოთ საკუთარი თავი და სხეული თავისთავად აითვისებს, თითქმის შეუმჩნევლად აითვისებს უფრო კომფორტულ პოზიციას. იგი წონას ერთი ფეხიდან კუთხიდან მეორეს გადასცემს, გარკვეულ კუნთებს დაამშვიდებს და ასე შემდეგ. ეს სავარჯიშო ერთდროულად არის ნების, ინტელექტუალური, ემოციური და მამოძრავებელი ცენტრის სავარჯიშო. 

 მაგრამ, უნდა გვესმოდეს, რომ ნების საკმარისი ძალის ამოქმედების მიზნით, რათა ადამიანმა უჩვეულო მდგომარეობის შენარჩუნება შეძლოს, მან აუცილებლად გარედან უნდა მიიღოს "გაჩერების" ბრძანება შეუცვლელია. ადამიანს არ შეუძლია, საკუთარ თავს მისცეს გაჩერების ბრძანება. ამის მიზეზი, როგორც უკვე ვთქვი, ის არის, რომ ჩვეული აზროვნების, გრძნობის და მამოძრავებელი პოზების კომბინაცია უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანის ნება. გაჩერების ბრძანება, რომელიც მამოძრავებელ პოზებთან დაკავშირებით გარედან მოდის, აზროვნების და გრძნობის პოზების ადგილს იკავებს. ეს პოზები და მათი გავლენა, ასე ვთქვათ, გაჩერების ბრძანებით ქრება და ამ შემთხვევაში მამოძრავებელი პოზები ნებას ემორჩილება. 

 

 "გაჩერების" სავარჯიშოს შემოტანიდან ცოტა ხნის შემდეგ, გურჯიევმა ამ პრაქტიკის გამოყენება ყველაზე მრავალფეროვან გარემოებებში დაიწყო. 

 უპირველეს ყოვლისა, გურჯიევმა გვიჩვენა, თუ "როგორ უნდა დავრჩენილიყავით უძრავად", "გაჩერების" ბრძანებისთანავე, რითაც უნდა გვეცადა არ გავრხეულიყავით, განზე არ გაგვეხედა, არავისთვის გვეპასუხა, თუ ვინმე დაილაპარაკებდა, მაგალითად, თუ ვინმეს რაიმეს შეეკითხებოდნენ ან უსამართლოდ დაადანაშაულებდნენ. 

 - "გაჩერების" სავარჯიშო სკოლებში წმინდად ითვლება. - თქვა მან. - მასწავლებლის ან მის მიერ დავალებული პირის გარდა არავის აქვს "გაჩერების" ბრძანების გაცემის უფლება. "გაჩერება არ შეიძლება იყოს მოსწავლეებს შორის თამაშის ან ვარჯიშის საგანი. თქვენ არასოდეს იცით პოზიცია, რომელშიც შეიძლება ადამიანი აღმოჩნდეს. თუ ამას ვერ გრძნობთ, არ იცით, რომელი კუნთები არის დაძაბული, ან რამდენად. იმავდროულად, თუ რთული დაძაბულობა გაგრძელდება, შესაძლოა ზოგიერთი მნიშვნელოვანი ჭურჭლის გასკდომა გამოიწვიოს ან ზოგჯერ შესაძლოა მყისიერი სიკვდილიც დადგეს. ამიტომ, მხოლოდ საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანს და იმას, ვინც იცის, რასაც აკეთებს - შეუძლია საკუთარი "გაჩერების" ბრძანების გაცემა. 

 ამავდროულად, "გაჩერება" მოითხოვს უპირობო მორჩილებას, ყოველგვარი ყოყმანის ან ეჭვების გარეშე. ეს მას სასკოლო დისციპლინის შესწავლის უცვლელ მეთოდად აქცევს. სასკოლო დისციპლინა ძალიან განსხვავდება, მაგალითად, სამხედრო დისციპლინისგან. ამ დისციპლინაში ყველაფერი მექანიკურია და რაც უფრო მექანიკურია, მით უკეთესი. მასში ყველაფერი ცნობიერი უნდა იყოს, რადგან მიზანი ცნობიერების გამოღვიძებას წარმოადგენს. მრავალი ადამიანისთვის სასკოლო დისციპლინა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სამხედრო დისციპლინა. იგი ყოველთვის ერთი და იგივეა, აქ კი ყოველთვის განსხვავებულია. 

 მაგრამ, ძალიან რთულ შემთხვევებს აქვს ადგილი. ჩემი ცხოვრებიდან ერთ შემთხვევას მოგიყვებით. ეს მრავალი წლის წინ, ცენტრალურ აზიაში მოხდა. სარწყავი არხის გვერდით კარავი გვქონდა გაშლილი. სამს ჩვენგანს სარწყავი არხიდან კარავთან ნივთები მიგვქონდა. სარწყავი არხის წყალი წელამდე გვწვდებოდა. მე და კიდევ ერთი კაცი რაღაც ნივთებთან ერთად ნაპირზე ამოვედით და ჩაცმისთვის ვემზადებოდით. მესამე კაცი ისევ წყალში იყო. მას წყალში რაღაც ჩაუვარდა, შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ ეს ნაჯახი იყო, რადგან ჯოხით მის თავს გრძნობდა. ამ მომენტში კარვიდან ხმა გავიგეთ, რომელმაც მოგვიწოდა - "გაჩერდი!" ორივე იმ პოზაში გავჩერდით, როგორშიც ვიყავით. ჩვენი წევრი ხედვის არეალზე წყალში იმყოფებოდა. იგი წყლისკენ დახრილი იდგა და სიგნალის გაგებისას ამ პოზაში დარჩა. ერთი-ორი წუთი გავიდა და უცებ დავინახეთ, რომ არხში წყალი მატულობდა. ალბათ, ერთი მილის მოშორებით, ვიღაცამ პატარა არხისთვის კარიბჭე გახსნა. წყალი ძალიან სწრაფად ამაღლდა და მალე მამაკაცის ნიკაპს მიაღწია. არ ვიცოდით, იცოდა თუ არა კარავში მყოფმა, რომ წყალი იზრდებოდა. მისთვის დაძახება ან თავის შეტრიალებაც კი არ შეგვეძლო, რათა გვენახა, სად იყო იგი. ერთმანეთსაც ვერ ვუყურებდით. მხოლოდ ჩემი მეგობრის სუნთქვა მესმოდა. წყალმა ძალიან სწრაფად დაიწყო აწევა და მალე კაცის თავი წყლით მთლიანად დაიფარა. მხოლოდ მისი გრძელი ჯოხის მეშვეობით აწვდილი ხელი მოჩანდა. მხოლოდ ამ ხელის დანახვა შეგვეძლო. მომეჩვენა, რომ ძალიან დიდი დრო გავიდა. საბოლოოდ გავიგეთ: "კმარა!" ორივენი წყალში ჩავცვივდით და იქიდან ჩვენი მეგობარი გამოვიყვანეთ. თითქმის დამხრჩვალი იყო.

 

 ჩვენ ყველანი მალე დავრწმუნდით, რომ "გაჩერების" ვარჯიში სულაც არ იყო ხუმრობა. უპირველეს ყოვლისა, იგი მუდმივ მზადყოფნაში ყოფნას მოითხოვდა, რათა მაშინვე შეგვეწყვიტა ის, რასაც იმ მომენტში ვამბობდით ან ვაკეთებდით. მეორეც, იგი ხანდახან საკმაოდ განსაკუთრებული სახის გამძლეობას და შემართებას მოითხოვდა. 

 "გაჩერება" დღის ნებისმიერ მომენტში ხდებოდა. ერთხელ, ბატონმა პ.-მ, რომელიც ჩემს მოპირდაპირედ იჯდა, ცხელი ჩაის ჭია ტუჩებთან მიიტანა, რომელიც ის იყო ჩამოასხა და სულს უბერავდა. ამ დროს, გვერდითა ოთახიდან "გაჩერდი" გავიგეთ. პ-ს სახე და მის ხელში აღებული ჭიქა ჩემს თვალწინ იყო. დავინახე, როგორ გახდა მისი სახე იისფერი, მის თვალთან კი პატარა კუნთი შევამჩნიე. ხელი ცხელ მინაზე ჰქონდა მოკიდებული. ამის შემდეგ მან თქვა, რომ თითებმა მხოლოდ პირველ წუთებში ატკინა, შემდგომში მთავარი სირთულე იდაყვში უხერხულად მოხრილი მკლავი აღმოჩნდა, რომელიც შუა მოძრაობისას გაჩერდა. მაგრამ, მას ხელებზე დიდი ბუშტუკები ჰქონდა და ეს დიდი ხნის განმავლობაში მტკივნეული იყო. 

 მომდევნო ჯერზე "გაჩერებამ" ბატონი ზ. დაიჭირა, როდესაც მან სიგარეტის კვამლი შეისუნთქა. მოგვიანებით მან თქვა, რომ ცხოვრებაში ასეთი უსიამოვნო არაფერი განუცდია. მან კვამლი ვერ ამოისუნთქა და ცრემლიანი თვალებით იჯდა, რა დროსაც მისი პირიდან კვამლი ნელ-ნელა ამოდიოდა. 

 

 "გაჩერებამ" უდიდესი გავლენა იქონია მთელ ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენი მუშაობის გაგებაზე და მის მიმართ დამოკიდებულებაზე. უპირველეს ყოვლისა, "გაჩერებისადმი" დამოკიდებულება უდავო სიზუსტით აჩვენებდა, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ადამიანს სამუშაოს მიმართ. ადამიანები, რომლებიც სამუშაოსგან თავის არიდებას ცდილობდნენ, "გაჩერებისგანაც" ცდილობდნენ თავის არიდებას. მათ "გაჩერების" ბრძანება არ გაუგიათ ან ამბობდნენ, რომ იგი პირდაპირ მათ არ ეხებოდა. მეორე მხრივ, ისინი ყოველთვის მზად იყვნენ "გაჩერებისთვის" და უყურადღებო მოძრაობებს არ აკეთებდნენ, ცხელ ჭიქას ხელში არ იღებდნენ, თუ დასხდებოდნენ, ძალიან სწრაფად დგებოდნენ და ასე შემდეგ. გარკვეული დოზით, "გაჩერებით" მოტყუებაც კი იყო შესაძლებელი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის დანახვა შესაძლებელია და იგი აჩვენებს, ვინ იშურებდა და ვინ არ იშურებდა საკუთარ თავს, ვის შეეძლო სამუშაოსთვის სერიოზულად მოპყრობა და ვინ ცდილობდა ჩვეულებრივი მეთოდების გამოყენებით სირთულეების თავიდან არიდებას, რათა "საკუთარი თავისთვის მორგებულნი" ყოფილიყვნენ. ზუსტად ასევე, "გაჩერებამ" აჩვენა ადამიანები, რომელთაც არ შეეძლოთ და არ სურდათ სკოლის დისციპლინის დაქვემდებარება და ადამიანები, რომლებიც ამას სერიოზულად არ აღიქვამდნენ. ჩვენ საკმაოდ ნათლად დავინახეთ, რომ "გაჩერების" გარეშე, სხვა სავარჯიშოებით, რომლებიც მას თან ახლდა, ​​ვერაფერი მიიღწეოდა, წმინდად ფსიქოლოგიურ ბილიკზე. 

  მაგრამ, შემდგომმა მუშაობამ ფსიქოლოგიური გზის მეთოდები დაგვანახა. 

  უმრავლესობისთვის მთავარი სირთულე, როგორც ეს მალევე გამოჩნდა, გახლდათ ლაპარაკის ჩვევა. ამ ჩვევას საკუთარ თავში ვერავინ ხედავდა და ვერავინ ებრძოდა, რადგან იგი ყოველთვის გარკვეულ მახასიათებელთან იყო დაკავშირებული, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავში დადებითად მიიჩნევდა. მას ან "გულწრფელობა" სურდა, ან უნდოდა გაეგო, რას ფიქრობდა სხვა ადამიანი, ან იქნებ საუბრით საკუთარი თავისთვის ან სხვებზე დახმარების სურვილი ჰქონდა და ასე შემდეგ. 

 ძალიან მალე დავინახე, რომ ზოგადად, ლაპარაკის ჩვევასთან ბრძოლა ჩვეულებრივზე მეტად არის საჭირო და შესაძლოა საკუთარ თავზე მუშაობის სიმძიმის ცენტრი გახდეს, რადგან ეს ჩვევა ყველაფერს ეხება, ყველაფერში აღწევს და ბევრისთვის ყველაზე ნაკლებად შესამჩნევია. ძალიან საინტერესო იყო იმის დაკვირვება, თუ როგორია ეს ჩვევა მაშინ, როდესაც ყველაფერზე იღებს კონტროლს, არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი რის დაწყებას გადაწყვეტს (მე ვამბობ სიტყვა "ჩვევას", რადგან ამ სიტყვის არ-გამოყენების შემთხვევაში, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს არის "ცოდვა" ან "უბედურება"). 

 სხვა რაღაცებთან ერთად, ესენტუკში გურჯიევმა მარხვასთან დაკავშირებით მცირე ექსპერიმენტი მოაწყო. ამ სახის ექსპერიმენტები ადრეც ჩამიტარებია და ბევრი რამ ჩემთვის ნაცნობი იყო. მაგრამ, ბევრისთვის, იმ დღეების მანძილზე, რომლებიც მათთვის უსასრულოდ გრძელი იყო, სრული სიცარიელე, არსებობის ერთგვარი უაზრობა, საკმაოდ ახალი გამოდგა. 

 - კარგი, ახლა მე აშკარად მესმის, რისთვის ვცხოვრობთ და რა ადგილი უჭირავს საკვებს ჩვენს ცხოვრებაში. - თქვა ერთმა.

 მაგრამ, მე პირადად განსაკუთრებით დაინტერესებული ვიყავი იმ ადგილით, რაც ცხოვრებაში ლაპარაკს ეჭირა. ჩემი აზრით, ჩვენი პირველი მარხვა იმაში მდგომარეობდა, რომ ყველა ადამიანი რამდენიმე დღის მანძილზე მარხვის შესახებ გაუჩერებლად ლაპარაკობდა, ანუ ყველა საკუთარ თავზე ლაპარაკობდა. ამასთან დაკავშირებით ჩემს მოსკოველ მეგობართან ადრე გამართული საუბარი მახსოვს იმის შესახებ, რომ ნებაყოფლობითი დუმილი შეიძლება იყოს ყველაზე მკაცრი დისციპლინა, რომლის დამორჩილებაც ადამიანს შეუძლია. მაგრამ, იმ დროისათვის ჩვენ აბსოლუტურ მდუმარებას ვგულისხმობდით. გურჯიევმა ამაშიც კი საოცრად პრაქტიკული ელემენტი შემოიტანა, რომელიც მისი სისტემის მეთოდებს იმ ყველაფრისგან განასხვავებს, რაც ჩემთვის აქამდე გახლდათ ცნობილი. 

 - სრული მდუმარება უფრო ადვილია. - თქვა მან, როდესაც ერთხელ მისთვის საკუთარი იდეების გაზიარება დავიწყე. - სული მდუმარება, უბრალოდ ცხოვრებიდან გამოსვლის გზა არის. ადამიანი უდაბნოში ან მონასტერში უნდა იყოს. ჩვენ ცხოვრებაში განსახორციელებელ სამუშაოზე ვსაუბრობთ. ადამიანს იმგვარად შეუძლია გაჩუმება, რომ ეს ვერავინ შეამჩნიოს. მთელი საქმე იმაშია, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ. თუ მხოლოდ იმით შემოვიფარგლებით, რაც რეალურად არის საჭირო, მხოლოდ ესეც კი იქნება დუმილის შენარჩუნება. ასეა ყველაფერთან დაკავშირებით, საჭმელთან, სიამოვნებებთან, ძილთან. ყველაფერს გააჩნია საზღვარი, რაც საჭიროა. ამის შემდეგ "ცოდვა" იწყება. ეს არის ის, რისი გათავისებაც საჭიროა, "ცოდვა" არის ის, რაც აუცილებელი არ არის. 

 - მაგრამ, თუ ხალხი  ერთბაშად თავს შეიკავებს იმ ყველაფრისგან, რაც ახლა არასაჭიროა, როგორი გახდება მთელი ცხოვრება? - ვუთხარი მე. - როგორ შეუძლიათ მათ იცოდნენ, რა არის საჭირო და რა არ არის საჭირო?

 - ისევ შენებურად ლაპარაკობ. - მითხრა გურჯიევმა. - ხალხზე საერთოდ არ ვლაპარაკობდი. ისინი არსად მიდიან, მათთვის ცოდვები არ არსებობს. ცოდვა არის ის, რაც ადამიანს ერთ ადგილზე აკავებს, როდესაც მას გადაადგილება აქვს გადაწყვეტილი. ცოდვები მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არსებობს, რომლებიც გზაზე არიან ან გზას უახლოვდებიან. შემდგომში, ცოდვა ის არის, რაც ადამიანს აჩერებს, თავის მოტყუებაში ეხმარება და აფიქრებინებს, რომ მუშაობს, მაშინ როცა უბრალოდ სძინავს. ცოდვა ის არის, რაც ადამიანს აძინებს, მაშინ როცა მან უკვე გამოღვიძება გადაწყვიტა. რა აძინებს ადამიანს? ყველაფერი, რაც ზედმეტია, ყველაფერი, რაც აუცილებელი არ არის. აუცილებელი ყოველთვის ნებადართულია. მაგრამ, იგი ამ ჰიპნოზის მიღმა ერთდროულად იწყება. უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ეხება მხოლოდ სამუშაოში მონაწილე ადამიანს ან იმათ, ვინც საკუთარ თავს სამუშაოში თვლიან. მუშაობა გულისხმობს საკუთარი თავის დროებითი ტანჯვისთვის ნებაყოფლობით დაქვემდებარებას, რათა იგი მარადიული ტანჯვისგან გათავისუფლდეს. მაგრამ, ადამიანების ტანჯვის ეშინიათ. მათ სიამოვნება ამჟამად უნდათ, ერთდროულად და სამუდამოდ. მათ არ სურთ გაიგონ, რომ სიამოვნება სასუფევლის ატრიბუტია და იგი უნდა დაიმსახურო. ეს აუცილებელია არა რაიმე თვითნებური ან შინაგანი მორალური კანონების გამო, არამედ იმიტომ, რომ თუ ადამიანი სიამოვნებას იქამდე მიიღებს, სანამ დაიმსახურებს, მაშინ იგი ამას ვერ შეინარჩუნებს და სიამოვნება ტანჯვად გადაიქცევა. მაგრამ, მთელი საქმე სიამოვნების მოპოვებაში და მის შენარჩუნებაშია. ვისაც ეს შეუძლია, სასწავლი არაფერი აქვს. მაგრამ, ამისკენ მიმავალი გზა ტანჯვაში იმყოფება. ვინც ფიქრობ, რომ სიამოვნებით სარგებლობა შეუძლია, ძალიან ცდება, ხოლო თუ საკუთარ თავთან გულწრფელად ყოფნა შეუძლია, მაშინ დადგება მომენტი, როდესაც ამას დაინახავს. 

 

 მაგრამ, ახლა ფიზიკურ ვარჯიშებს დავუბრუნდები, რომლებსაც მაშინ ვასრულებდით. გურჯიევმა სხვადასხვა მეთოდი გვიჩვენა, რომელსაც სკოლებში იყენებდნენ. ძალიან საინტერესო, მაგრამ დაუჯერებლად რთული იყო სავარჯიშოები, რომლებშიც თანმიმდევრული მოძრაობების მთელი სერია სხეულის ერთი ნაწილიდან მეორეზე ყურადღების მიქცევას ეხებოდა. 

 მაგალითად, ადამიანი მიწაზე მუხლში მოხრილი ზის, ხელის გულები ერთმანეთთან ახლოს, ფეხებს შორის უჭირავს. შემდეგ მან ერთი ფეხი უნდა ასწიოს და ამ დროის განმავლობაში დაითვალოს: ომ, ომ, ომ, ომ, ომ, ომ, ომ, ომ, ომ, ომ. - ათამდე. შემდეგ ცხრაჯერ ომ, რვაჯერ ომ, შვიდჯერ ომ და ასე შემდეგ, ერთამდე. შემდეგ ისევ ორჯერ ომ, სამჯერ ომ და ა.შ. ამავდროულად მარჯვენა თვალი უნდა "შეიგრძნოთ". შემდეგ ცერა თითი გამოაცალკეოთ, მარცხენა ყური "შეიგრძნოთ" და ასე შემდეგ. 

 პირველ რიგში, საჭირო იყო მოძრაობების თანმიმდევრობის გახსენება და "შეგრძნება", შემდეგ დათვლის სისწორე, რათა დათვლაში არ შემცდარიყავით და მოძრაობების რაოდენობა და შეგრძნება დაგემახსოვრებინათ. ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ ამით საქმე არ დასრულებულა. როცა ადამიანი ამ ვარჯიშს დაუფლებოდა და მისი გაკეთება ათი ან თხუთმეტი წუთის მანძილზე შეეძლო, დამატებით მასში შედიოდა სუნთქვის განსაკუთრებული ფორმა, კერძოდ, მან უნდა ჩაისუნთქოს ომ-ის რამდენიმეჯერ წარმოთქმისას და უნდა ამოისუნთქოს ომ-ის რამდენიმეჯერ წარმოთქმისას. მეტიც, დათვლა ხმამაღლა უნდა განხორციელებულიყო. ამის მიღმა სავარჯიშოებში იყო კიდევ უფრო და უფრო დიდი გართულებები, თითქმის შეუძლებელ საკითხებამდე. გურჯიევმა გვითხრა, რომ მას უნახავს ხალხი, რომლებიც მოცემული ტიპის ვარჯიშების დღეების მანძილზე აკეთებდნენ. 

 ხანმოკლე მარხვას, რომლის შესახებაც მე ვისაუბრე, სპეციალური ვარჯიშებიც მოჰყვა. მარხვის დასაწყისში გურჯიევმა პირველ რიგში განმარტა, რომ მარხვის სირთულე გამოუყენებელი ნივთიერებების დარჩენაში მდგომარეობდა, რომლებიც ორგანიზმში საჭმლის მონელების შედეგად მზადდებოდა. 

 - ეს ნივთიერებები ძალიან ძლიერი ხსნარებისგან შედგება. - თქვა მან. - თუ ისინი ყურადღების გარეშე დარჩებიან, ორგანიზმს მოწამლავენ. მოცემული ხსნარები უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ, რანაირად არის ეს შესაძლებელი, თუ ორგანიზმი საკვებს არ იღებს? მხოლოდ სამუშაოს გაზრდით, ოფლის გამომუშავებით. ადამიანები უზარმაზარ შეცდომას უშვებენ, როდესაც მარხვისას თავიანთი ძალის, მოძრაობების და სხვა რაღაცების "შენახვას" ცდილობენ. პირიქით, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ენერგიის დახარჯვა. მაშინ შეიძლება მარხვა სასარგებლო იყოს. 

 როდესაც მარხვა დავიწყეთ, არც ერთი წამით მშვიდად არ დავრჩენილვართ. გურჯიევი ორი მილის წრეზე სიცხეში გვარბენინებდა ან გაშლილი ხელებით გვაყენებდა, ან საინტერესო ტანვარჯიშის მთელ სერიებს გვაკეთებინებდა. 

 იგი მუდმივად ამბობდა, რომ ვარჯიშები, რომლებსაც ჩვენ ვაკეთებდით, რეალური არ იყო, არამედ მხოლოდ წინასწარი და მოსამზადებელი სავარჯიშოები. 

 სუნთქვასთან და დაღლილობასთან კავშირში გამართულმა ერთმა ექსპერიმენტმა ბევრი რამ ამიხსნა, უმთავრესად კი ის, თუ რატომ არის ასე ძნელად მისაღწევი რაიმე, ჩვეულებრივი ცხოვრების პირობებში. 

 ოთახში შევედი, სადაც ვერავინ მხედავდა და ერთდროულად დავიწყე დროის დათვლა და სუნთქვის კონტროლი, ანუ ჩასუნთქვა გარკვეული რაოდენობის ნაბიჯების დროს და ამოსუნთქვა გარკვეული რაოდენობის ნაბიჯების დროს. გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც დაღლილობა შემომეპარა, შევნიშნე, უფრო სწორად რომ ვთქვა ვიგრძენი, რომ ჩემი სუნთქვა ხელოვნური და არასანდო გახდა. ვგრძნობდი, რომ თუ ასე გავაგრძელებთ, ძალიან მალე სუნთქვას ვეღარ შევძლებდი, რითაც ნორმალური, აჩქარებული სუნთქვა უპირატესობას მოიპოვებდა, ყოველგვარი დათვლის გარეშე. 

 სუნთქვა სულ უფრო და უფრო მიჭირდა, ასევე გამირთულდა დროის და ნაბიჯების რაოდენობის გამოთვლა. ოფლმა დამასხა, თავბრუსხვევა დამეწყო და ვიფიქრე, რომ დავეცემოდი. რაიმე შედეგის მიღებისათვის სასოწარკვეთილება დამეუფლა და კინაღამ გავჩერდი, რა დროსაც ჩემს შიგნით რაღაც გაიბზარა ან შეირხა, შედეგად კი ჩემი სუნთქვა თანაბარი გახდა, ისეთი ტემპის, როგორიც მინდოდა, რომ ყოფილიყო, ჩემი მხრიდან ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. იმავდროულად, იმდენ ჰაერს ვიღებდი, რამდენიც მჭირდებოდა. ეს იყო არაჩვეულებრივად სასიამოვნო შეგრძნება. თვალები დავხუჭე და დროის ათვლა გავაგრძელე, ისევე ადვილად თავისუფლად ვსუნთქავდი, თითქოს ჩემი ძალა მატულობდა და უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ვფიქრობდი, რომ თუ გარკვეული დროის განმავლობაში ასე სიარულს გავაგრძელებდი, უფრო საინტერესო შედეგები უნდა მიმეღო, რადგან ჩემს სხეულში უკვე დაიწყო ერთგვარი სასიხარულო ტალღები, რომლებიც, როგორც წინა ექსპერიმენტებიდან ვიცოდი, იმას უძღოდა წინ, რასაც მე შინაგანი ცნობიერების გახსნას ვუწოდებდი. 

 მაგრამ, ამ დროს ოთახში ვიღაც შემოვიდა და შევჩერდი. 

 ამის შემდეგ, დიდი ხნის მანძილზე გული ძლიერად მიცემდა, მაგრამ არა უსიამოვნოდ. დროის და სუნთქვის აღნიშვნა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში შევძელი. სუსტი გულის მქონე ადამიანებს, ამ ვარჯიშის შესრულებას არ ვურჩევ.

 ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ექსპერიმენტმა სიზუსტით მიჩვენა, რომ მოცემულ ვარჯიშს შეეძლო მამოძრავებელი ცენტრისთვის შეხება, ანუ მამოძრავებელი ცენტრის მუშაობა ახლებურად იყო შესაძლებელი. მაგრამ, ამავე დროს დავრწმუნდი, რომ ასეთი შეხება უკიდურეს დაღლილობას იწვევდა. ადამიანი ნებისმიერ სავარჯიშოს გონებით იწყებს. მხოლოდ მაშინ, როდესაც დაღლილობის ბოლო სტადია მიიღწევა, კონტროლი შესაძლოა მამოძრავებელ ცენტრში გადავიდეს. ამით იხსნება ის, რაც გურჯიევმა "სუპერ-ძალისხმევის" შესახებ გვითხრა, ხოლო მის მიერ მოწოდებული ბევრი მოთხოვნა მოგვიანებით გახდა გასაგები. 

 მაგრამ, მოგვიანებით, როდესაც ექსპერიმენტის გამეორებას ვეცადე, იგივე შეგრძნებების გამოწვევაში წარმატებას ვერ მივაღწიე. მარხვა დასრულდა და მასთან ერთად კი ექსპერიმენტებში მიღწეული წარმატებებიც. 

 როდესაც გურჯიევს ამ ექსპერიმენტის შესახებ ვუთხარი, მან თქვა, რომ ზოგადი სამუშაოს გარეშე, ანუ მთელს სხეულზე მუშაობის გარეშე, ასეთ რამეში წარმატება მხოლოდ შემთხვევით შეიძლებოდა მოსულიყო. 

 მოგვიანებით, ადამიანებისგან რამდენჯერმე მოვისმინე მსგავსი გამოცდილების აღწერა, რომლებიც გურჯიევთან ცეკვებს, დერვიშულ მოძრაობებს და ა.შ. სწავლობდნენ. 

 

 რაც უფრო მეტად დავინახეთ და გავაცნობიერეთ საკუთარ თავზე მუშაობის მეთოდების სირთულე და მრავალფეროვნება, გზის სირთულეები ჩვენთვის მით უფრო ნათელი ხდებოდა. ჩვენ დავინახეთ დიდი ცოდნის, უზარმაზარი ძალისხმევისა და ისეთი დახმარების აუცილებლობა, რომლის განხორციელებაც თავად არ შეგვეძლო. ჩვენ ვნახეთ, რომ რაიმე სერიოზული ფორმით საკუთარ თავზე მუშაობის დაწყებაც კი განსაკუთრებული ფენომენი იყო, რომელსაც ათობით ხელსაყრელი შინაგანი და გარეგანი პირობა სჭირდებოდა. ამასთან ერთად, დასაწყისი არანაირად არ იძლეოდა მომავლის გარანტიას. ყოველი ძალისხმევა, ყოველი ნაბიჯი დახმარებას მოითხოვდა. რაიმეს მიღწევის შესაძლებლობა, სირთულეებთან შედარებით იმდენად მცირე ჩანდა, რომ ბევრმა ჩვენგანმა ნებისმიერი სახის ძალისხმევის სურვილი დაკარგა. 

 ეს არის გარდაუვალი ეტაპი, რომელსაც ყველა გადის, სანამ იმის გაგებას არ ვისწავლით, რომ დიდი და შორეული მიღწევების შესაძლებლობაზე ან შეუძლებლობაზე ფიქრს აზრი არ აქვს, რადგან ამის ნაცვლად ადამიანმა ის უნდა დააფასოს, რასაც დღეს იღებს, იმაზე ფიქრის გარეშე, თუ რა შეიძლება ხვალ მიიღოს. 

 მაგრამ, რა თქმა უნდა, სირთულისა და გზის განსაკუთრებულობის იდეა სწორი იყო. სხვადასხვა დროს ჩნდებოდა შეკითხვები, რომელსაც გურჯიევს უსვამდნენ:

 - შეიძლება თუ არა რაიმე განსხვავება იყოს ჩვენსა და იმ ადამიანებს შორის, რომელთაც ამ სისტემის შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ? უნდა შევიგნოთ, რომ ადამიანები, რომლებიც არც ერთ გზას არ ადგანან, მუდმივად განწირულები არიან ერთსა და იმავე წრეზე მოძრაობისთვის? რომ ისინი უბრალოდ "მთვარისთვის საკვებს" წარმოადგენენ და გასაქცევი საშუალებები არ გააჩნიათ? არის თუ არა სწორი ვიფიქროთ, რომ გზების მიღმა არანაირი გზა არ არსებობს? როგორ არის მოწყობილი, რომ ზოგიერთს, იქნებ ბევრად უკეთეს ადამიანებს, გზები არ შეხვდებათ, ხოლო სხვები, უფრო სუსტები და უმნიშვნელოები, გზებთან კონტაქტში შესვლის შესაძლებლობებს ფლობენ? 

 ერთხელ, როდესაც საუბარი ამ თემებზე მიმდინარეობდა, რომელთაც გამუდმებით ვუბრუნდებოდით, გურჯიევმა საუბარი ოდნავ განსხვავებულად დაიწყო იმის შესახებ, რასაც ადრე აკეთებდა, რადგან მანამდე ყოველთვის დაჟინებით ფოკუსირდებოდა იმ ფაქტზე, რომ გარეგანი გზების მიღმა არაფერი არსებობდა. 

 - არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს არჩევანი ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც "გზებთან" კონტაქტში შემოდიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ არავინ ირჩევს, ისინი თავად არიან არჩეულები, ნაწილობრივ შემთხვევითობით, ნაწილობრივ კი გარკვეული შიმშილით. იმას, ვინც ამ შიმშილის გარეშეა, შემთხვევითობა ვერ დაეხმარება. ხოლო ვისაც შიმშილი ძალიან ძლიერი აქვს, შემთხვევამ შესაძლოა გზის დასაწყისამდე მიიყვანოს, ყველა არახელსაყრელი გარემოების მიუხედავად. 

 - მაგრამ, რა ხდება იმათ შემთხვევაში, ვინც მაგალითად ომში ან დაავადებებისგან დაიღუპა? - იკითხა ვიღაცამ. - განა ბევრ მათგანს არ ჰქონდა ასეთი შიმშილი? მაშინ, როგორ დაეხმარათ მათ შიმშილი?

 - ეს სრულიად განსხვავებული რამ არის. - თქვა გურჯიევმა. - ასეთი ხალხი ზოგადი კანონის გავლენის ქვეშ მოექცა. ჩვენ მათზე არ ვსაუბრობთ და ამის გაკეთება არც შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ ადამიანებზე, რომლებიც შემთხვევითობის, ბედისწერის ან საკუთარი ჭკუის წყალობით, ზოგად კანონს არ ექვემდებარებიან, ანუ რომლებიც განადგურების რაიმე ზოგადი კანონის მოქმედების მიღმა რჩებიან. მაგალითად, სტატისტიკის საშუალებით ცნობილია, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში მოსკოვის ტრამვაის ქვეშ უნდა მოხვდეს. მაშინაც კი, თუ დიდი შიმშილის მქონე ადამიანი ტრამვაის ქვეშ მოჰყვება და მოკვდება, ჩვენ მასზე გზებთან მუშაობის თვალსაზრისით საუბარი აღარ შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ მათზე, ვინც ცოცხალია, იქამდე, სანამ ისინი ცოცხლები არიან. ტრამვაი ან ომი - ზუსტად ერთი და იგივეა. უბრალოდ, ერთი  უფრო დიდია, მეორე უფრო პატარა. ჩვენ მათზე ვსაუბრობთ, ვინც ტრამვაის ქვეშ არ ვარდება. 

 თუ ადამიანი მშიერია, მას შეუძლია დაუკავშირდეს გზის დასაწყისს. მაგრამ, გარდა შიმშილისა, საჭიროა კიდევ სხვა "ჭანჭიკები", სხვა შემთხვევაში ადამიანი გზას ვერ დაინახავს. წარმოიდგინეთ, რომ განათლებული ევროპელი, ანუ ადამიანი, რომელმაც რელიგიის შესახებ არაფერი იცის, რელიგიური გზის შესაძლებლობასთან შედის კავშირში. იგი ვერაფერს დაინახავს და ვერაფერს გაიგებს. მისთვის ეს სისულელე და ცრურწმენა იქნება. მაგრამ, ამავე დროს მას შეიძლება ჰქონდეს ინტელექტუალურად ჩამოყალიბებული დიდი შიმშილი. ზუსტად იგივე ხდება იმ ადამიანისთვის, რომელსაც არასოდეს სმენია იოგას მეთოდების, ცნობიერების განვითარების და ა.შ. შესახებ. თუ იგი იოგასთან შევა შეხებაში, მისთვის ყველაფერი, რასაც მოისმენს, მკვდარი იქნება. მეოთხე გზა კიდევ უფრო რთულია. მეოთხე გზისთვის სწორი შეფასების მისაცემად, ადამიანი ბევრ რამეში უნდა იყოს ინტელექტუალურად და ემოციურად იმედგაცრუებული. მას აქამდე უნდა ეცადა ბერის და იოგის გზა, თუ მაინცდამაინც ფაკირის გზა არა. ყოველ შემთხვევაში, მათი არსებობის შესახებ უნდა სცოდნოდა, მათზე უნდა ეფიქრა და დარწმუნებულიყო, რომ ისინი მისთვის კარგ გზებს არ წარმოადგენენ. არ არის აუცილებელი იმის პირდაპირ გაგება, რასაც ახლა ვამბობ. მოცემული ფიქრთა მსვლელობის პროცესი თავად ადამიანისთვის შეიძლება უცნობი იყოს. მაგრამ, ამ პროცესის შედეგები მასში უნდა იმყოფებოდეს და მხოლოდ მათ შეუძლიათ დაეხმარონ მეოთხე გზის ამოცნობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეუძლია ძალიან ახლოს იდგეს გზასთან, მაგრამ ვერ დაინახოს. 

 მაგრამ, რა თქმა უნდა, არასწორია იმის თქმა, რომ თუ ადამიანი რომელიმე ამ გზამდე ვერ მიაღწევს, არანაირი შანსი აღარ აქვს. "გზები" უბრალოდ დახმარებას წარმოადგენს. ადამიანებს მათი ტიპის მიხედვით აძლევენ დახმარებას. ამავე დროს, "გზები" წარმოადგენენ დაჩქარებულ გზებს, პიროვნული, ინდივიდუალური ევოლუციის გზებს, როგორც ზოგადი ევოლუციისგან განსხვავებულს, რაც შესაძლოა მას წინ უსწრებდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მისგან განსხვავებულია. 

 ვითარდება თუ არა ზოგადი ევოლუცია, ეს კიდევ სხვა საკითხია. საკმარისია გავიგოთ, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც "გზების" მიღმა იმყოფებიან, ევოლუცია შესაძლებელია. უფრო სწორად რომ ვთქვათ, არსებობს ორი "გზა". ერთს დავარქვათ "სუბიექტური გზა". იგი ოთხივე გზას მოიცავს, რომელზეც აქამდე ვისაუბრეთ.  მეორეს დავარქვათ "ობიექტური გზა". ეს არის ხალხის ცხოვრების გზა. "სუბიექტური" და "ობიექტური" ძალიან პირდაპირი გაგებით არ უნდა მიიღოთ. ისინი მხოლოდ ერთ ასპექტს გამოხატავენ. მე ამ სიტყვებს მხოლოდ იმიტომ ვიყენებ, რომ სხვა სიტყვები არ არსებობს. 

 - შეგვიძლია თუ არა დავარქვათ "ინდივიდუალური" და "ზოგადი" გზები? - იკითხა ვიღაცამ.

 - არა. - თქვა გურჯიევმა. - ეს უფრო არასწორი იქნებოდა, ვიდრე "სუბიექტური" და "ობიექტური", რადგან სუბიექტური გზა არ არის ინდივიდუალური ამ სიტყვის ზოგადი მნიშვნელობით, ვინაიდან იგი "სასკოლო გზაა". ამ თვალსაზრისით "ობიექტური გზა" გაცილებით ინდივიდუალურია, რადგან იგი ბევრ ინდივიდუალურ თვისებას აღიარებს. ჯობია, რომ ეს სახელები დავტოვოთ - "სუბიექტური" და "ობიექტური". ისინი არ არიან სრულიად შესაფერისნი, მაგრამ ჩვენ მათ პირობითად მივიღებთ.

 ობიექტური ადამიანები უბრალოდ ცხოვრებით ცხოვრობენ. მათ ჩვენ კარგ ხალხს ვუწოდებთ. მათთვის კონკრეტული სისტემები და მეთოდები საჭირო არ არის. ჩვეულებრივი რელიგიური თუ ინტელექტუალური სწავლებებისა და მორალის ფონზე, ისინი ამავდროულად სინდისის მიხედვით ცხოვრობენ. ისინი აუცილებლად დიდ სიკეთეს არ აკეთებენ, მაგრამ ბოროტებას არ ჩაიდენენ. ზოგჯერ ისინი საკმაოდ გაუნათლებელი, უბრალო ადამიანები არიან, მაგრამ ცხოვრება ძალიან კარგად ესმით. მათ საგნების სწორი შეფასება და სწორი მსოფლმხედველობა გააჩნიათ. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ისინი საკუთარ თავს სრულყოფენ და ვითარდებიან. უბრალოდ, მათი გზა შესაძლოა ძალიან გრძელი აღმოჩნდეს, უამრავი არასაჭირო განმეორებით. 

 დიდი ხანია გურჯიევთან გამეორების თემაზე საუბარი მინდოდა, მაგრამ ამას ყოველთვის თავს არიდებდა. ასე იყო ამ შემთხვევაშიც. მან გამეორების შესახებ ჩემს კითხვაზე პასუხის გაცემის გარეშე განაგრძო საუბარი: 

 "გზის" ადამიანებს, ანუ სუბიექტური გზის ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც ახლა იწყებენ, ხშირად ეჩვენებათ, რომ სხვა ადამიანები, ანუ ობიექტური გზის ადამიანები, არ მოძრაობენ. მაგრამ, ეს დიდი შეცდომაა. უბრალო "ობივატელმა" შესაძლოა საკუთარ თავში ისეთი სამუშაო გააკეთოს, რომ სხვებს გაუსწროს, მაგალითად ბერს და იოგს. 

 "ობივატელი" რუსულ ენაში უცნაური სიტყვაა. იგი "მოსახლის" მნიშვნელობით გამოიყენება, რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის გარეშე. ამავე დროს, იგი გამოიყენება ზიზღის ან დაცინვის გამოხატვის დროს - ობივატელ - თითქოს ამაზე უარესი არაფერია. მაგრამ, ვინც ასე საუბრობს, არ ესმის, რომ ობივატელი არის სიცოცხლის ჯანსაღი ბირთვი. ევოლუციის შესაძლებლობის თვალსაზრისით, კარგ ობივატელს ბევრად მეტი შანსი აქვს, ვიდრე "მთვარეულს" ან "მაწანწალას". ალბათ, მოგვიანებით აგიხსნით, რას ვგულისხმობ ამ ორ სიტყვაში. ახლა ჩვენ ობივატელზე ვისაუბრებთ. იმის თქმა არ მსურს, რომ ყველა ობივატელი ობიექტური ადამიანია. არაფერი მსგავსი. მათ შორის არიან ქურდები, უნამუსოები და სულელები. მაგრამ, მათ შორის სხვებიც არიან. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ კარგი "ობივატელი" გზას არ აფერხებს და ბოლოს, სხვადასხვა სახის ობივატელი არსებობს. მაგალითად, წარმოიდგინეთ ობივატელის ტიპი, რომელიც მთელი ცხოვრება ისე ცხოვრობს, როგორც მის გარშემო მყოფი სხვა ადამიანები, არაფრით განსაკუთრებული, კარგი ოსტატი, ფულის მშოვნელი ან იქნებ მომჭირნე. ამავე დროს, იგი მთელი ცხოვრება მონასტრებზე ოცნებობს, მაგალითად, წარმოიდგენს, რომ ერთ დღესაც ყველაფერს მიატოვებს და მონასტერში წავა. ასეთი რამ ხდება აღმოსავლეთში და რუსეთში. ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს, ხოლო როდესაც მისი შვილები ან შვილიშვილები წამოიზრდებიან, მათ ყველაფერს აძლევს და მონასტერში მიდის. ეს არის ობივატელი, რომელზეც ვსაუბრობ. იქნებ იგი მონასტერში არ მიდის, ალბათ არც სჭირდება. მისი საკუთარი ცხოვრება, როგორც ობივატელი, შესაძლოა მისი გზა იყოს. 

 ადამიანები, რომლებიც გზებზე ფიქრობენ, განსაკუთრებით ინტელექტუალური გზების ადამიანები, ძალიან ხშირად ობივატელი და ზოგადად, მისი სათნოებები ეზიზღებათ. მაგრამ, ისინი ამით მხოლოდ თავიანთ პიროვნულ შეუფერებლობას აჩვენებენ. რადგან არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაიწყოთ უფრო დაბალი დონიდან, ვიდრე ობივატელმა. ადამიანები, რომელთაც საკუთარი ცხოვრების ორგანიზება არ შეუძლიათ და ცხოვრების დასამორჩილებლად ძალიან სუსტები არიან, ამას მხედველობიდან ძალიან ხშირად კარგავენ, გზებზე ოცნებობენ ან მათ განიხილავენ, ვინაიდან ფიქრობენ, რომ მათთვის ეს უფრო ადვილია, ვიდრე ცხოვრება, რითაც თავიანთ სისუსტეს და შეუგუებლობას ამართლებენ. ადამიანი, რომელიც შეიძლება კარგი ობივატელი იყოს, ბევრად უფრო სასარგებლოა გზის თვალსაზრისით, ვიდრე "მაწანწალა", ვინც თავს ობივატელზე ბევრად აღმატებულად თვლის. "მაწანწალებს" ვუწოდებ ყველა ე.წ. "ინტელიგენციის" ნაწილს - მხატვრებს, პოეტებს და ზოგადად, ნებისმიერი სახის "ბოჰემის" წარმომადგენელს, რომელსაც ობივატელი სძულს და რომელიც ასევე მის გარეშე ვერ იარსებებს. ცხოვრებაში ორიენტაციის შესაძლებლობა ძალიან სასარგებლო თვისებაა სამუშაოს თვალსაზრისით. კარგ ობივატელს მისი შრომით მინიმუმ ოცი ადამიანის მხარდაჭერა უნდა შეეძლოს. რად ღირს ადამიანი, რომელსაც ამის გაკეთება არ შეუძლია? 

 - რას ნიშნავს სინამდვილეში ობივატელი? - იკითხა ვიღაცამ. - შეიძლება ითქვას, რომ ობივატელი იგივეა, რაც კარგი მოქალაქე?

 - უნდა იყოს თუ არა ობივატელი პატრიოტი? - იკითხა სხვამ. - დავუშვათ, რომ ომი არსებობს. როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ობივატელს ომის მიმართ?

 - შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა ომები და სხვადასხვა პატრიოტები. - თქვა გურჯიევმა. - თქვენ ყველას, ჯერ კიდევ სიტყვების გჯერათ. ობივატელს, თუ იგი კარგი ობივატელია, სიტყვების არ სჯერა. იგი ხვდება, რამდენი უაზრო საუბარი იმალება ამის უკან. ადამიანი, რომელიც პატრიოტიზმზე გაჰყვირის, მისთვის ფსიქოპათია და მათ ასე აღიქვამს.

- როგორ შეხედავს ობივატელი პაციფისტებს ან ადამიანებს, რომლებიც უარს ამბობენ ომში წასვლაზე?

 - ერთნაირად გიჟებად აღიქვამს! ისინი ყველაზე უარესები არიან. 

 

 სხვა შემთხვევაში, იმავე კითხვასთან დაკავშირებით, გურჯიევმა თქვა:

 - თქვენთვის ბევრი რამ გაუგებარია, რადგან ზოგიერთი, ყველაზე მარტივი სიტყვების მნიშვნელობას არ ითვალისწინებთ. მაგალითად, არასდროს გიფიქრიათ, რას ნიშნავს იყოთ სერიოზული. შეეცადეთ, საკუთარ თავს პასუხი გასცეთ კითხვაზე, რას ნიშნავს იყოთ სერიოზული. 

 - იმას, რომ საგნების მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გქონდეს. - თქვა ვიღაცამ. 

 - სწორედ ამას ფიქრობს ყველა, სინამდვილეში კი ზუსტად ამის საპირისპიროა. - უპასუხა გურჯიევმა. - საგნებისადმი სერიოზული დამოკიდებულება სულაც არ ნიშნავს სერიოზულობას, რადგან მთავარი კითხვაა, რა იგულისხმება ამ საგნებში? ძალიან ბევრ ადამიანს ტრივიალური საგნებისადმი აქვს სერიოზული დამოკიდებულება. შეგვიძლია, რომ მათ სერიოზულები ვუწოდოთ? რა თქმა უნდა, არა. 

 შეცდომა ის არის, რომ ცნება "სერიოზული" პირობითადაა აღებული. ერთი ადამიანისთვის ერთი რამ არის სერიოზული, მეორისთვის - მეორე. სინამდვილეში, სერიოზულობა ერთ-ერთი ისეთი ცნებაა, რომელიც არასოდეს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პირობითად იქნას მიღებული. მხოლოდ ერთი რამ არის სერიოზული ყველა ადამიანისთვის, ნებისმიერ მომენტში. ადამიანმა შესაძლოა ეს უფრო უკეთ ან უფრო ნაკლებად იცოდეს, მაგრამ, ამ კუთხით სერიოზულობა არ შეიცვლება. 

 თუ ადამიანს ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრების მთელი საშინელების გაგება შეუძლია, რომლებიც უმნიშვნელო ინტერესებისა და უმნიშვნელო მიზნების წრეში ტრიალებენ, თუ შეუძლია დაინახოს, რას კარგავენ ისინი, მაშინ მიხვდება, რომ მისთვის მხოლოდ ერთი რამ შეიძლება იყოს სერიოზული - ზოგადი კანონისგან თავის დაღწევა, თავისუფლად ყოფნა. რა შეიძლება ციხეში მყოფი ადამიანისთვის სერიოზული იყოს, რომელიც სიკვდილით გასამართლებას ელოდება? მხოლოდ ერთი რამ: როგორ გადაარჩინოს საკუთარი თავი, როგორ გაიქცეს. სხვა არაფერია სერიოზული. 

 როდესაც ვამბობ, რომ ობივატელი "მაწანწალაზე" და "მთვარეულზე" უფრო სერიოზულია, ამით რეალურ ღირებულებებთან გამკლავებას ვგულისხმობ. ობივატელი "გზის" და "განთავისუფლების" შესაძლებლობებს აფასებს, ან "შესაძლებლობებს" უფრო სწრაფად და უკეთესად ხსნის, ვიდრე ადამიანი, რომელიც რომელიც მთელი ცხოვრება მიჩვეულია წარმოსახვითი ღირებულებების წრეს, წარმოსახვით ინტერესებს და წარმოსახვით შესაძლებლობებს. 

 ადამიანები, რომლებიც არასერიოზულები არიან ობივატელის მიმართ, არიან ადამიანები, რომლებიც ძირითადად იმ ფანტაზიებით ცხოვრობენ, თითქოს რაიმეს გაკეთება შეუძლიათ. ობივატელმა იცის, რომ ისინი უბრალოდ სხვებს ატყუებენ, ღმერთმა იცის, რას ჰპირდებიან და სინამდვილეში მხოლოდ საკუთარი თავისთვის აწყობენ საქმეებს - ან მთვარეულები არიან, რაც კიდევ უფრო უარესია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ სჯერათ ყველაფრის, რასაც ხალხი ამბობს. 

 - რა კატეგორიას მიეკუთვნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც ზიზღით საუბრობენ ობივატელზე, ობივატელის მოსაზრებებზე, ობივატელის ინტერესებზე? - იკითხა ვიღაცამ.

 - ისინი ყველაზე უარესი ობივატელები არიან. - თქვა გურჯიევმა. - ეს არის ობივატელი ყოველგვარი პოზიტიური დადებითი თვისების გარეშე, ან ისინი შარლატანები და გიჟები არიან. 

 - მაგრამ, არ შეიძლება პოლიტიკოსებს შორის პატიოსანი და წესიერი ხალხიც იყოს? - იკითხა ვიღაცამ.

 - რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს. - უპასუხა გურჯიევმა. - მაგრამ, ამ შემთხვევაში ისინი პრაქტიკული ადამიანები არ არიან, მეოცნებეები არიან და სხვების მიერ თავიანთი ბუნდოვანი საქმეების დასაფარად იქნებიან გამოყენებულნი. 

 ობივატელმა ეს შესაძლოა ფილოსოფიურად არ იცოდეს, ანუ მისი ფორმულირება არ შეეძლოს, მაგრამ მან იცის, რომ საგნები "თავისთავად კეთდებიან" თავიანთი პრაქტიკული გამჭრიახობის მეშვეობით, ამიტომ ისინი გულში დასცინიან ადამიანებს, რომლებიც თვლიან და ცდილობენ იგი დაარწმუნონ, რომ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული, გადაწყვეტილებების შეცვლა შეუძლიათ ან აღნიშნავენ, რომ ზოგადად რაიმეს კეთება შეუძლიათ. ეს არის მისთვის არასერიოზულობა. იმის გაგებას, რაც არასერიოზულია, შეუძლია მას დაეხმაროს ასეთი რაღაცის დაფასებაში, რაც სერიოზულია. 

 

 ჩვენ ხშირად ვუბრუნდებოდით გზის სირთულეების საკითხებს. ერთად ცხოვრებისა და შრომის ჩვენი საკუთარი გამოცდილება, გამუდმებით უფრო და უფრო ახალი სირთულეების წინააღმდეგ გვაყენებდა, რომლებიც ჩვენში იმალებიან. 

 - მთელი საქმე იმაშია, რომ თავისუფლების შესაწირად მზად იყო. - თქვა გურჯიევმა. - ადამიანი ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, თავისუფლებისთვის იბრძვის, როგორიც მას თავისუფლება წარმოუდგენია. ეს მას ყველაფერზე მეტად რეალური თავისუფლების მოპოვებაში უშლის ხელს. მაგრამ ადამიანი, რომელსაც რაიმეს მიღწევა შეუძლია, ადრე თუ გვიან იმ დასკვნამდე მიდის, რომ მისი თავისუფლება ილუზიაა და იგი თანახმაა, ეს ილუზია მსხვერპლად გაიღოს. იგი ნებაყოფლობით ხდება მონა. ადამიანი იმას აკეთებს, რასაც ეუბნებიან, ამბობს იმას, რასაც ეუბნებიან და ფიქრობს ისე, როგორც ეუბნებიან. მას არაფრის დაკარგვის ეშინია, რადგან იცის, რომ არც არაფერი აქვს. ამ გზით იგი ყველაფერს იძენს. ყველაფერი, რაც მის გაგებაში რეალური იყო, ანუ სიმპათიებში, გემოვნებაში და სურვილებში, - ეს ყველაფერი მას უბრუნდება ახალი რაღაცების თანხლებით, რაც აქამდე არ ჰქონია და არც შეიძლებოდა ჰქონოდა, საკუთარ თავში ერთიანობისა და ნების განცდასთან ერთად. მაგრამ, ამ მდგომარეობამდე მისასვლელად ადამიანმა მონობისა და მორჩილების ძნელი გზა უნდა გაიაროს. თუ მას შედეგი უნდა, არა მხოლოდ გარეგნულად უნდა იყოს მორჩილი, არამედ ასევე შინაგანად. ამას დიდი მონდომება სჭირდება, მონდომება კი იმ ფაქტის დიდ გაგებას მოითხოვს, რომ სხვა გზა არ არსებობს, რომ ადამიანს თავად არაფერი არ შეუძლია, მაგრამ ამავდროულად, რაღაც უნდა გაკეთდეს. 

 როდესაც ადამიანი იმ დასკვნამდე მიდის, რომ მას ძველებურად ცხოვრება არ შეუძლია და აღარც სურს, როდესაც იგი ყველაფერს დაინახავს, რისგანაც მისი ცხოვრება შედგება და მუშაობას გადაწყვეტს, იგი საკუთარ თავთან მართალი უნდა იყოს, რათა კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში არ ჩავარდეს. ვინაიდან, არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე საკუთარ თავზე მუშაობდა დაიწყო, შემდეგ მიატოვო და ორ სკამს შორის აღმოჩნდეს. ბევრად უკეთესია, რომ არაფერი დაიწყოს. იმისათვის, რომ ტყუილად არ დაიწყოს ან საკუთარი თავი არ მოატყუოს, ადამიანმა არაერთხელ უნდა გამოცადოს საკუთარი გადაწყვეტილება. პრინციპში, მან უნდა იცოდეს, რამდენად შორს უნდა წასვლა და რისი მსხვერპლად გაღებისთვის არის მზად. არაფერია იმაზე მარტივი, ვიდრე "სიტყვა - "ყველაფრის" თქმა. ადამიანი ყველაფერს ვერასდროს გასწირავს და ეს მას არც მოეთხოვება. მაგრამ, მან ზუსტად უნდა განსაზღვროს, რისი მსხვერპლად გაღებისთვის არის მზად და შემდეგ ამაზე აღარ უნდა ივაჭროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგივე დაემართება, რაც მგელს ემართება ერთ სომხურ ზღაპარში. 

 იცით თუ არა მგლისა და ცხვრის სომხური ზღაპარი?

 

 ერთხელ ცხოვრობდა მგელი, რომელმაც უამრავი ცხვარი დახოცა და ბევრი ადამიანი აატირა. 

 წარმოდგენა არ მაქვს რატომ, მაგრამ ერთხელაც მან სინდისის ქენჯნა იგრძნო და თავისი ცხოვრების მონანიება დაიწყო. ამის მიზნით, მგელმა ცვლილება ჩაიფიქრა და გადაწყვიტა, რომ ცხვარს აღარ მოკლავდა. 

 ამის სერიოზულად გასაკეთებლად, იგი მღვდელთან მივიდა და სულის მოსახსენიებლის შესრულება სთხოვა. 

 მღვდელმა ღვთისმსახურება დაიწყო, მგელი კი ტაძარში ტირილის და ლოცვის თანხლებით იდგა. მსახურება ხანგრძლივი იყო. მგელს აქამდე მღვდლის ბევრი ცხვარი დაეხოცა, ამიტომ მღვდელი გულმოდგინედ ლოცულობდა, რომ მგელი გამოსწორებულიყო. უეცრად მგელმა ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა, რომ ცხვრები სახლისკენ მიცუნცულებდნენ. მგელი ანერვიულდა, მაგრამ მღვდელი უსასრულოდ აჭიანურებდა. 

 ბოლოს მგელმა თავი ვეღარ შეიკავა და დაიყვირა:

 - დაასრულე! მღვდელო! თორემ ყველა ცხვარი სახლში წავა და ვახშმის გარეშე დავრჩები!

 ეს ძალიან კარგი ზღაპარია, რადგან იგი მშვენივრად აღწერს ადამიანს, რომელიც ყველაფრის შესაწირად მზადაა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, დღევანდელიო ვახშამი სულ სხვა საქმეა. 

 ადამიანს ყოველთვის უნდა, რაღაც დიდით დაიწყოს. მაგრამ, ეს შეუძლებელია. ამაში არ შეიძლება არჩევანი არსებობდეს, ჩვენ დღევანდელი საქმეებით უნდა დავიწყოთ. 

 

  ჩვენი ერთ-ერთი საუბრიდან, გურჯიევის მეთოდების მეტად დამახასიათებელ მაგალითს მოვიყვან. პარკში ვსეირნობდით. გურჯიევის გარდა ხუთნი ვიყავით. ერთ-ერთმა ჰკითხა, რა შეხედულებები ჰქონდა მას ასტროლოგიის შესახებ, იყო თუ არა რაიმე ღირებული ასტროლოგიის მეტ-ნაკლებად ცნობით თეორიებში. 

 - დიახ. - თქვა გურჯიევმა. - გააჩნია, როგორ არიან ისინი გაგებულნი. ეს შეიძლება ღირებული იყოს, ან ყოველგვარი ღირებულების გარეშე. ასტროლოგია ადამიანის მხოლოდ ერთ ნაწილს, ერთ ტიპს ეხება. ეს არის არსება. იგი პიროვნებას, ანუ შეძენილ თვისებებს არ ეხება. თუ ამას გაიგებთ, მაშინ იმასაც ჩასწვდებით, რა არის ასტროლოგიაში ღირებული. 

 ჩვენს ჯგუფებში ადრე ტიპების შესახებ გვქონდა საუბრები და გვეჩვენებოდა, რომ ტიპების მეცნიერება ადამიანის შესწავლაში ყველაზე რთული იყო, რადგან გურჯიევი ძალიან ცოტა მასალას გვაძლევდა და ჩვენგან საკუთარ თავზე და სხვებზე დაკვირვებას მოითხოვდა. 

 ჩვენ სეირნობა გავაგრძელეთ, გურჯიევმა საუბარიო განაგრძო და ცდილობდა, ჩვენთვის აეხსნა, რა იმყოფებოდა ადამიანის შიგნით, რაც შესაძლოა პლანეტარულ გავლენებზე ყოფილიყო დამოკიდებული ან რა არ შეიძლებოდა ყოფილიყო დამოკიდებული. 

 როდესაც პარკიდან გამოვედით, გურჯიევმა საუბარი შეწყვიტა და ჩვენგან რამდენიმე ნაბიჯით წინ იყო. ხუთივენი მის უკან მოვდიოდით და ერთობლივად ვლაპარაკობდით. ხის გარშემო შემოვლისას, გურჯიევს ხელჯოხი დაუვარდა. ერთი ჩვენგანი დაიხარა, ხელჯოხი აიღო და გურჯიევს გაუწოდა. გურჯიევმა რამდენიმე ნაბიჯი გაიარა, შემდეგ ჩვენკენ შემობრუნდა და თქვა:

 - ეს იყო ასტროლოგია. გესმით? თქვენ ყველამ დაინახეთ, რომ ხელჯოხი დამივარდა. რატომ აიღო მხოლოდ ერთმა თქვენგანმა? დაე, თითოეულმა თქვენგანმა საკუთარ თავზე ილაპარაკოს. 

 ერთმა თქვა, რომ გურჯიევის ხელჯოხის დავარდნა არ უნახავს, რადგან სხვა მხარეს იყურებოდა. მეორემ თქვა, რომ შენიშნა, გურჯიევს ხელჯოხი შემთხვევით არ დავარდნია, არამედ მას განზრახ გაუშვა ხელი. ამან მისი ცნობისმოყვარეობა გამოიწვია და ელოდა, შემდგომ რა მოხდებოდა. მესამემ თქვა, რომ დაინახა, როგორ დაუვარდა ჯოხი გურჯიევს, თუმცა ასტროლოგიაზე ფიქრით იყო გართული და განსაკუთრებით იმის გახსენებას ცდილობდა, რაც გურჯიევმა ადრე თქვა, ხელჯოხისთვის კი საკმარისი ყურადღება არ მიუქცევია. მეოთხემ დაინახა, როგორ დავარდა ხელჯოხი, მაგრამ ამასობაში იგი სხვამ აიღო და გურჯიევს მისცა. მეხუთემ თქვა, რომ დაინახა, როგორ დავარდა ხელჯოხი, შემდეგ დაიხარა, აიღო და გურჯიევს მისცა. 

 გურჯიევი ღიმილით გვისმენდა. 

 ეს არის ასტროლოგია. - თქვა მან. - იგივე სიტუაციაში ერთი ადამიანი ერთს აკეთებს, მეორე -მეორეს, მესამე - მესამეს და ასე შემდეგ. თითოეული მისი ტიპის მიხედვით მოქმედებდა. ადამიანებს და საკუთარ თავს ამ გზით დააკვირდით, შემდეგ კი ალბათ განსხვავებულ ასტროლოგიაზე ვისაუბრებთ. 

 

 დრო ძალიან სწრაფად გავიდა. მოკლე ესენტუკის ზაფხული დასასრულს უახლოვდებოდა. ზამთარზე ფიქრი და სხვადასხვა გეგმის შედგენა დავიწყეთ. 

 უცებ ყველაფერი შეიცვალა. იმ მიზეზის გამო, რომელიც შემთხვევით მეჩვენებოდა და რაც ჩვენი მცირე ჯგუფის ცალკეულ წევრებს შორის ურთიერთქმედების შედეგი იყო, გურჯიევმა გამოაცხადა, რომ ჯგუფს შლიდა და ყველანაირ სამუშაოს აჩერებდა. თავდაპირველად, ჩვენ უბრალოდ მისი არ გვჯეროდა, რადგან გვეგონა, რომ გამოცდას გვიწყობდა. როდესაც თქვა, რომ შავი ზღვის სანაპიროზე მხოლოდ ზ.-სთან ერთად მიდიოდა, ყველა ჩვენგანმა, რამდენიმე გამონაკლისის გარეშე, რომელთაც მოსკოვში ან პეტერბურგში დაბრუნება უწევდათ, განაცხადა, რომ მას ნებისმიერ ადგილას გაჰყვებოდნენ, სადაც წავიდოდა. გურჯიევი დაგვეთანხმა, მაგრამ თქვა, რომ ჩვენ საკუთარი თავისთვის უნდა მიგვეხედა და არანაირი სამუშაო აღარ იარსებებდა, რისი იმედიც არ უნდა გვქონოდა. 

 ამ ყველაფერმა ძალიან გამაკვირვა. მოცემულ მომენტს "მსახიობობისთვის" ყველაზე შეუფერებლად ვთვლიდი, ხოლო თუ გურჯიევის ნათქვამი სერიოზული, იყო, მაშინ საერთოდ რატომ დაიწყო მთელი სამუშაო? ამ პერიოდში ჩვენში ახალი არაფერი გამოჩენილა. ხოლო, თუ გურჯიევმა ჩვენთან მუშაობა იმ მდგომარეობაში დაიწყო, როგორშიც ვიყავით, მაშინ ახლა რატომ ჩერდებოდა? მატერიალურად ამას ჩემთვის არაფერი შეუცვლია. ყოველ შემთხვევაში გადაწყვეტილი მქონდა ზამთარი კავკასიაში გამეტარებინა. მაგრამ, ამან ბევრი რამ შეცვალა ჩვენი ჯგუფის სხვა წევრებისთვის და არსებული სირთულე მათთვის გადაულახავი გახდა. უნდა ვაღიარო, რომ ამ წუთიდან გურჯიევისადმი ჩემმა ნდობამ რყევა დაიწყო. ახლაც კი მიჭირს იმის განსაზღვრა, რაში მდგომარეობდა ვითარება და რა მიზეზით იყო იგი პროვოცირებული. მაგრამ, ფაქტია, რომ ამ მომენტიდან ჩემში გურჯიევის და მისი ერთმანეთისგან დაშორება დაიწყო. აქამდე ისინი ერთმანეთისგან არ გამიცალკევებია. აგვისტოს ბოლოს, გურჯიევს ჯერ ტუაფსეში გავყევი და იქიდან პეტერბურგში წავედი, რაღაცების უკან დაბრუნების განზრახვით. სამწუხაროდ, ყველა ჩემი წიგნის დატოვება მომიწია. მაშინ მეგონა, რომ მათი კავკასიაში წაღება ძალიან სარისკო იყო. მაგრამ, რა თქმა უნდა, პეტერბურგში ყველაფერი დაიკარგა. 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff