თავი მეთოთხმეტე
ჩვეულებრივ ენაზე "ობიექტური ჭეშმარიტებების" გადმოცემის სირთულე. ობიექტური და სუბიექტური ცოდნა. ერთიანობა მრავალფეროვნებაში. ობიექტური ცოდნის გადმოცემა. უმაღლესი ცენტრები. მითები და სიმბოლოები. სიტყვიერი ფორმულები. "რაც ზემოთ, ის ქვემოთ". "შეიცან თავი შენი". ორმაგობა. ორმაგობის სამებად ტრანსფორმაცია. განზრახვის ხაზი. კვატერნობა, კვინტერნობა - პენტაგრამის აგება. ხუთი ცენტრი. სოლომონის ბეჭედი. რიცხვების, გეომეტრიული ფიგურების, ასოების და სიტყვების სიმბოლიკა. შემდგომი სიმბოლიკა. სწორი და არასწორი გაგება სიმბოლოებთან კავშირში. განვითარების დონე. ცოდნისა და ყოფიერების კავშირი: დიდი კეთება. "არავის შეუძლია ადამიანს მისცეს ის, რაც მას აქამდე არ გააჩნდა". მიღწევები მხოლოდ საკუთარი ძალისხმევის ხარჯზე. სხვადასხვა ცნობილი "ხაზები" სიმბოლიზმის გამოყენებით. ეს სისტემა და მისი ადგილი. ამ სწავლების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. ენეაგრამა. შვიდის კანონი, სამის კანონთან კავშირში. ენეაგრამას გამოკვლევა. "ის, რასაც ადამიანი ენეაგრამაში ვერ იყენებს, არ ესმის". სიმბოლო მოძრაობაში. ენეაგრამის გამოცდილება მოძრაობაში. სავარჯიშოები. უნივერსალური ენა. ობიექტური და სუბიექტური ხელოვნება. მუსიკა. ობიექტური მუსიკა დაფუძნებულია შინაგან ოქტავებზე. მექანიკურ კაცობრიობას შეიძლება გააჩნდეს მხოლოდ სუბიექტური ხელოვნება. ადამიანის ყოფიერების სხვადასხვა დონეები.
ფორმალური ლექციების დასრულების შემდეგ, რომელსაც ჯგუფის გარეთ არსებული ადამიანები ისმენდნენ, იყო გარკვეული პუნქტები, რომელსაც გურჯიევი ყოველთვის უბრუნდებოდა. პირველი იყო საკუთარი თავის გახსენების საკითხი და ამის მისაღწევად საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობის აუცილებლობა, ხოლო მეორე იყო ჩვენი ენის არასრულფასოვნების საკითხი და მოცემული ენის მეშვეობით "ობიექტური ჭეშმარიტების" გადმოცემის სირთულე.
როგორც უკვე აღვნიშნე, გამოთქმებს, "ობიექტურს" და "სუბიექტურს" გურჯიევი განსაკუთრებული გაგებით იყენებდა, რომლითაც ერთმანეთისგან აცალკევებდა ცნობიერების ობიექტურ და სუბიექტურ მდგომარეობას. მთელი ჩვენი ჩვეულებრივი ცოდნა, რომელიც დაკვირვებას და მათი გადამოწმების ჩვეულებრივ მეთოდებს ეფუძნება, ასევე ყველა მეცნიერული მდგომარეობის მიერ ჩვენთვის ხელმისაწვდომ ფაქტებზე დაკვირვების შედეგად მიღებული თეორიები, გურჯიევის მიერ განმარტებული იყო, როგორც ცნობიერების სუბიექტური მდგომარეობა. ძველ მეთოდებზე დაფუძნებული ცოდნა და დაკვირვების პრინციპები, ასევე საგნების ცოდნა, რომელსაც ყველაფრის ცოდნა თან ახლავს, გურჯიევის მიერ განმარტებული იყო, როგორც ცნობიერების ობიექტური მდგომარეობა.
ჩემს მიერ დამახსოვრებულიდან, ვეცდები გადმოვცე, რა მოჰყვა მან ამის შესახებ. ნაწილობრივ, გურჯიევის მოსკოვის ჯგუფის მოსწავლეების მიერ გაკეთებულ შენიშვნებს გამოვიყენებ, ხოლო ნაწილობრივ პეტერბურგის საუბრების დროს ჩემს მიერ გაკეთებულ შენიშვნებს.
- ობიექტური ცოდნის იდეებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური იდეა არის ყველაფრის ერთობა, ანუ მრავალფეროვნების ერთიანობა. - თქვა გურჯიევმა. - უძველესი დროიდან მოყოლებული, ის ადამიანები, რომელთაც ამ იდეის შინაარსი და მნიშვნელობა ესმოდათ და რომელშიც ასევე ობიექტური ცოდნის საფუძველს ხედავდნენ, ცდილობდნენ, რომ ეს იდეა სხვებისთვის გასაგები ფორმით გადმოეცათ. ობიექტური იდეების თანმიმდევრული გადმოცემა ყოველთვის იყო ამ ცოდნის მფლობელთა ამოცანის ნაწილი. ამ შემთხვევაში, ყველაფრის ერთიანობის იდეა, როგორც ცოდნის ცენტრალური და ფუნდამენტური იდეა, სრულად და ზუსტად უნდა გადმოეცათ. ამის გასაკეთებლად, იდეა უნდა გადაეტანათ ისეთ ფორმებში, რომლებიც სხვების მიერ სწორ აღქმას ხელს შეუწყობდა და თავიდან აიცილებდა მისი დამახინჯებისა და კორუფციის შესაძლებლობას. ამ მიზნით, ადამიანები, რომელთაც ეს იდეა უნდა მიეღოთ, სათანადო მომზადებას საჭიროებდნენ. იდეა თავსდებოდა ლოგიკურ ფორმაში, მაგალითად, ფილოსოფიურ სისტემებში, რომლებიც "ძირითადი პრინციპის" განმარტებას ცდილობდნენ ან რელიგიურ სწავლებებში, რომლებიც ცდილობდნენ რწმენის ელემენტის შექმნას და ემოციური ტალღების გამოწვევას, რომელსაც ადამიანი ცნობიერების "ობიექტურ" დონემდე მიჰყავდა. როგორც ერთის, ასევე მეორეს მცდელობები ხანდახან საკმაოდ წარუმატებელი იყო, ვინაიდან მათ მთელი კაცობრიობის ისტორიაში, უძველესი დროიდან დღემდე, რელიგიური და ფილოსოფიური ფორმები მიიღეს, მაგრამ მაინც ბილიკზე არსებულ ძეგლებად დარჩნენ, როდესაც კაცობრიობის აზროვნების და ეზოთერული აზროვნების გაერთიანებას ცდილობდნენ.
მაგრამ, ობიექტური ცოდნა, ისევე როგორც ერთიანობის იდეა, ობიექტურ ცნობიერებას ეკუთვნის. ფორმები, რომლებიც ამ ცოდნას სუბიექტური ცნობიერებით აღიქვამს, აუცილებლად დამახინჯებულია და ჭეშმარიტების ნაცვლად კიდევ უფრო მეტ ბოდვას ქმნის. ობიექტური ცნობიერებით შესაძლებელია ყველაფრის ერთიანობის დანახვა და შეგრძნება. მაგრამ, სუბიექტური ცნობიერებისთვის სამყარო მილიონობით ცალკეული და ურთიერთკავშირის არარსებობის ფენომენებით იყოფა. ამ ფენომენების რომელიმე ფილოსოფიურ ან რელიგიურ სისტემაში ერთმანეთთან დაკავშირების მცდელობები არაფერს იწვევს, რადგან ადამიანს არ შეუძლია აღადგინოს მთლიანობის იდეა ცალკეული ფაქტების მეშვეობით და ვერ იგებს მთლიანის დაყოფის პრინციპს იმ კანონების გარეშე, რომლებზეც ეს დაყოფა არის დაფუძნებული.
ყველაფრის ერთიანობის იდეა ინტელექტუალურ აზროვნებაშიც არსებობს, მაგრამ მრავალფეროვნებასთან მისი ზუსტი კავშირი ვერასდროს გამოიხატება სიტყვებით ან ლოგიკური ფორმებით. ყოველთვის სახეზე გვაქვს ენის გადაულახავი სირთულე. ენა, რომელიც სიმრავლის შთაბეჭდილებების გამოხატვით და ცნობიერების სუბიექტურ მდგომარეობაში არსებული მრავალფეროვნებით არის აგებული, ვერასოდეს გადმოსცემს ერთიანობის იდეას საკმარისი სისრულით და სიცხადით, რომელიც ასეთი გასაგები და აშკარაა ცნობიერების ობიექტური მდგომარეობისათვის.
ჩვეულებრივი ენის არასრულყოფილების და სისუსტის გაცნობიერებით, ობიექტური ცოდნის მქონე ადამიანები ცდილობდნენ, რომ ერთიანობის იდეა "მითებში", "სიმბოლოებში" და კერძოდ, "სიტყვიერ ფორმულებში" გამოეხატათ. ისინი შეუცვლელად იყვნენ გადმოცემულნი და ერთი სკოლიდან მეორეში გადადიოდნენ, ხშირად ერთი ეპოქიდან მეორეშიც კი.
უკვე ითქვა, რომ უმაღლესი ფსიქიკური ცენტრები ადამიანური ცნობიერების უმაღლეს მდგომარეობებში მუშაობს: უმაღლეს ემოციურში და უმაღლეს ინტელექტუალურში. მითების და სიმბოლოების მიზანს სწორედ ის წარმოადგენს, რომ ადამიანის უმაღლეს ცენტრებს მიაღწიონ და ჩვეულებრივი ინტელექტისთვის მიუწვდომელი იდეები გადასცენ, რომელიც ცრუ ინტერპრეტაციის შესაძლებლობას გამორიცხავს. მითები განკუთვნილია უმაღლესი ემოციური ცენტრისთვის. სიმბოლოები განკუთვნილია უმაღლესი ინტელექტუალური ცენტრისთვის. ამის წყალობით, მითების და სიმბოლოების ახსნის ყველა მცდელობა გონების, ფორმულების ან გამონათქვამების მეშვეობით, რომლებიც თითქოს მათ შინაარს ასახავს, წინასწარ არის მარცხისთვის განწირული. ყოველთვის შესაძლებელია ყველაფრის გაგება, მაგრამ მხოლოდ შესაბამისი ცენტრით. ობიექტური ცოდნის კუთვნილი იდეების მზადება უნდა გაგრძელდეს გონებრივი გზით, რადგან მხოლოდ სათანადოდ მომზადებულ გონებას შეუძლია ეს იდეები უმაღლეს ცენტრებს გადასცეს, მათში უცხო ელემენტების შეტანის გარეშე.
სიმბოლოები, რომლებიც ობიექტური ცოდნის კუთვნილი იდეების გადასაცემად გამოიყენებოდა, სამყაროს ფუნდამენტური კანონების დიაგრამებს შეიცავდა და ისინი არა მარტო თავად ცოდნას გადმოსცემდნენ, არამედ მისკენ მიმავალ გზასაც. სიმბოლოების კონსტრუქციის და მნიშვნელობის შესწავლა შეადგენდა ობიექტური ცოდნის მისაღებად მოსამზადებელი ეტაპის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს და ეს თავისთავად გახლდათ გამოცდა, რადგან პირდაპირი თუ ფორმალური სიმბოლოების ერთბაშად გაგება შეუძლებელს ხდის ცოდნის შემდგომ მიღებას.
სიმბოლოები იყოფა ფუნდამენტურ და დაქვემდებარებულ სიმბოლოებად. პირველი მათგანი მოიცავს ცოდნის ცალკეული სფეროების პრინციპებს. მეორე გამოხატავს ბუნების არსებით ფენომენებს, ერთიანობასთან მიმართებაში.
ფორმულებს შორის იყო მრავალი სიმბოლოს შინაარსის ერთ სიმბოლოში შეჯამება, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, როგორიცაა მაგალითად "რაც ზემოთ, ის ქვემოთ", ჰერმეს ტრისმეგისტუსის ზურმუხტის ფილებიდან. ამ ფორმულაში ნათქვამია, რომ ყველა კოსმოსის კანონი შეიძლება მოიძებნოს ატომში ან ნებისმიერი სხვა ფენომენში, რომელიც არსებობს, როგორც რაღაც დასრულებული, გარკვეული კანონების მიხედვით. იგივე მნიშვნელობას შეიცავს მიკროკოსმოსს (ადამიანს) და მაკროკოსმოსს (სამყაროს) შორის შედგენილ ანალოგია. ტრიადებისა და ოქტავების ფუნდამენტური კანონები ყველაფერში აღწევს და ერთდროულად უნდა იყოს შესწავლილი სამყაროშიც და ადამიანშიც. თავად ადამიანი უფრო ახლო და ხელმისაწვდომი ობიექტია, ვიდრე მის გარეთ არსებული ფენომენების სამყარო. ამიტომ, სამყაროს ცოდნისკენ სწრაფვისას, ადამიანმა უნდა დაიწყოს საკუთარი თავის შესწავლით და მასში არსებული ფუნდამენტური კანონების რეალიზებით.
ამ თვალსაზრისიდან გამომდინარეობს კიდევ ერთი ფორმულა, "შეიცან თავი შენი", რომელიც სავსეა განსაკუთრებულად ღრმა მნიშვნელობით და ჭეშმარიტების შეცნობისკენ მიმავალ ერთ-ერთ სიმბოლოს განასახიერებს. სამყაროს და ადამიანის შესწავლა ერთმანეთს ეხმარება. სამყაროსა და მისი კანონების შესწავლისას ადამიანი საკუთარ თავს სწავლობს, ხოლო საკუთარი თავის შესწავლისას სამყაროს სწავლობს. ამ თვალსაზრისით, ყველა სიმბოლო საკუთარ თავზე რაღაცას გვასწავლის.
სიმბოლოების გაგებას შეგვიძლია შემდეგი გზით მივუდგეთ: სამყაროს ფენომენების შესწავლისას, ადამიანი პირველ რიგში ყველაფერში ხედავს ორი პრინციპის გამოვლინებას, ერთი მეორეს საპირისპიროს, რომელიც ერთობლივად ან წინააღმდეგობაში იძლევა ამა თუ იმ შედეგს, ანუ იგი ბუნების არსებით პრინციპებს ასახავს, რომლებმაც ისინი შექმნეს. ორმაგობის დიდი კანონის გამოვლინებას და სამებას ადამიანი ერთდროულად ხედავს სამყაროშიც და საკუთარ თავშიც. მაგრამ, კოსმოსებთან მიმართებაში იგი მხოლოდ მაყურებელია და მეტიც, ადამიანი მხოლოდ ფენომენების ზედაპირულ მხარეს ხედავს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ, თუმცა მას ეჩვენება, რომ ისინი ერთი მიმართულებით მიდიან. მაგრამ, საკუთარ თავთან მიმართებაში ორმაგობის და სამების კანონი შეიძლება გამოიხატოს პრაქტიკული ფორმით, კერძოდ, ადამიანს შეუძლია დუალობის და სამების კანონის მანიფესტაციის დანახვა და საკუთარ თავთან მუდმივი ბრძოლა, თვითშემეცნებისკენ მიმავალ გზაზე. ამ გზით იგი პირველ რიგში განზრახვის ხაზს შეიტანს დროის ციკლში, შემდგომში კი ამას გადაიტანს მარადისობის ციკლში, რომლის განხორციელებაც ადამიანში შექმნის დიად სიმბოლოს, რომელიც სოლომონის ბეჭდის სახელით არის ცნობილი.
სიმბოლოების მნიშვნელობის გადაცემა ისეთ ადამიანზე, რომელსაც საკუთარი თავში ისინი არ შეუცვნია, შეუძლებელია. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ სიმბოლოს მნიშვნელობა და მისი არსის გამჟღავნება მხოლოდ იმისთვის შეიძლება, ვისაც უკვე ესმის, რას მოიცავს მოცემული სიმბოლო. ამის შემდეგ სიმბოლო ხდება მისი ცოდნის სინთეზი და იგი ადამიანს ემსახურება ცოდნის გამოხატვისთვის და გადმოცემისთვის, ისევე როგორც აქამდე ემსახურებოდა იმას, რომელმაც ეს სიმბოლო შექმნა.
უფრო მარტივი სიმბოლოები:
ციფრებიდან მათ გამოხატავს 2, 3, 4, 5 და 6, რომლებიც ადამიანის შინაგან განვითარებაში გარკვეულ მნიშვნელობებს ატარებს. ისინი განასახიერებენ ადამიანის თვითსრულყოფისა და მისი არსების ზრდის სხვადასხვა ეტაპებს.
ადამიანი, მისთვის ბუნებრივ, ნორმალურ მდგომარეობაში, აღებულია როგორც ორმაგობა, ანუ იგი მთლიანად "დაპირისპირებული წყვილისგან" შედგება. ყველა ადამიანის შეგრძნება, შთაბეჭდილება, გრძნობა და აზრები იყოფა დადებითად და უარყოფითად, სასარგებლოდ და მავნედ, აუცილებლად და არასაჭიროდ, კარგად და ცუდად, სასიამოვნოდ და უსიამოვნოდ. ცენტრების მუშაობა ამ დანაყოფის ქვეშ გრძელდება. აზრები გრძნობებს ეწინააღმდეგება. მამოძრავებელი იმპულსები ინსტინქტური სიმშვიდისკენ ლტოლვას ეწინააღმდეგება. ეს არის ორმაგობა, რომელშიც მიმდინარეობს ყველა აღქმა, ყველა რეაქცია, ადამიანის მთელი ცხოვრება. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს ცოტათი მაინც აკვირდება, შეუძლია საკუთარ თავში ამგვარი გაორების დანახვა.
მაგრამ, ეს ორმაგობა, როგორც ჩანს, ალტერნატიულია: ის, რაც დღეს გამარჯვებულია, ხვალ მარცხდება. ის, რაც დღეს გვიხელმძღვანელებს, ხვალ მეორეხარისხოვანი და დაქვემდებარებული ხდება. ყველაფერი ერთნაირად მექანიკურია, თანაბრად დამოუკიდებელი ნებისგან და თანაბრად არსად მივყავართ. საკუთარ თავში ორმაგობის გააზრება იწყება მექანიკურობის გაცნობიერებით და იმის გაგებით, თუ რა განსხვავებაა მექანიკურობასა და ცნობიერებას შორის. ამ გაგებას წინ უნდა უძღოდეს თვითმოტყუების განადგურება, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, როდესაც იგი თავის ყველაზე მექანიკურ ქმედებებსაც კი ნებაყოფლობით და ცნობიერად თვლის, საკუთარ თავს კი გამთლიანებულად აღიქვამს.
როდესაც თვითმოტყუება ნადგურდება და ადამიანი საკუთარ თავში მექანიკურობისა და ცნობიერების გარჩევას იწყებს, ცხოვრებაში ცნობიერების რეალიზაციისთვის ბრძოლა იწყება, რათა მექანიკურობა ცნობიერებას დაექვემდებაროს. ამ მიზნით ადამიანი იწყებს მცდელობების განხორციელებას, იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებას, საიდანაც ცნობიერი მოტივები მომდინარეობენ, რაც ორმაგობის კანონის მექანიკური მიმდინარეობის წინააღმდეგაა მიმართული. ადამიანში მუდმივი მესამე პრინციპის შექმნას წარმოადგენს "ორმაგობის სამებად ტრანსფორმაცია".
ამ გადაწყვეტილების გაძლიერება და მისი მუდმივი და უცდომელი შემოტანა ყველა მოვლენაში, სადაც შემთხვევითი გამანეიტრალებელი "ბიძგები" მოქმედებდნენ და შემთხვევით შედეგებს იწვევდნენ, იგი დროში იძლევა შედეგების მუდმივ ხაზს და სამების კვატერნობაში გარდაქმნას. შემდეგი ეტაპი არის კვატერნობის კვინტერნობად გარდაქმნა და პენტაგრამის აგება, რომელსაც არა ერთი, არამედ მრავალი განსხვავებული მნიშვნელობა აქვს ადამიანთან მიმართებაში. უპირველეს ყოვლისა, ამათგან ისწავლება ერთი რამ, რომელიც ყოველგვარი ეჭვის მიღმა იმყოფება და ცენტრების მუშაობასთან არის დაკავშირებული.
ადამიანის მანქანის განვითარება და ყოფიერების გამდიდრება, აპარატის ახლებური და არაჩვეულებრივი ფუნქციონირებით იწყება. ჩვენს ვიცით, რომ ადამიანს აქვს ხუთი ცენტრი: ინტელექტუალური, ემოციური, მამოძრავებელი, ინსტინქტური და სექსუალური. სხვების ხარჯზე რომელიმე სხვა ცენტრის განვითარება წარმოქმნის უკიდურესად ცალმხრივ ადამიანს, რომელსაც შემდგომი განვითარება არ შეუძლია. მაგრამ, თუ ადამიანს მასში არსებული ხუთი ცენტრის მუშაობა ჰარმონიულ შეთანხმებაში მოჰყავს, შემდგომში იგი მასში "პენტაგრამას კეტავს" და ფიზიკურად სრულყოფილი ადამიანის დასრულებული ტიპი ხდება. ხუთი ცენტრის სრული და გამართული ფუნქციონირება მათ აერთიანებს უმაღლეს ცენტრებთან, რომელთაც დაკარგული პრინციპი მოაქვთ და ადამიანს მუდმივად ამყოფებენ ობიექტურ ცნობიერებასთან და ობიექტურ ცოდნასთან კავშირში.
შემდეგ ადამიანი ხდება ექვსქიმიანი ვარსკვლავი, ანუ ცხოვრების წრეში დასრულებულად და სრულყოფილად ჩაკეტილი, რომელიც იზოლირებული ხდება უცხო ზემოქმედებისგან და შემთხვევითი ბიძგებისგან. ასეთ დროს ადამიანი საკუთარ თავში სოლომონის ბეჭედს განასახიერებს.
ამჟამად მოცემული სიმბოლოების სერია - 2, 3, 4, 5 და 6 განმარტებულია, როგორც ერთი პროცესის მოქმედი ნაწილი. მაგრამ ეს ინტერპრეტაციაც კი არასრულია, რადგან სიმბოლო ვერასოდეს იქნება სრულად განმარტებული. შესაძლებელია მხოლოდ მისი განცდა, ისევე, როგორც მაგალითად თვითშემეცნების იდეის განცდაა შესაძლებელი.
ადამიანის ჰარმონიული განვითარების იგივე პროცესი შეიძლება განიხილებოდეს ოქტავების კანონის თვალსაზრისითაც. ოქტავების კანონი იძლევა სიმბოლოთა კიდევ ერთი სისტემას. ოქტავების კანონის მიხედვით, ყოველი დასრულებული პროცესი არის ნოტი დო-ს თანმიმდევრული ტონების სახით მომდევნო ოქტავაში გადასვლა. ოქტავის შვიდი ფუნდამენტური ბგერა გამოხატავს შვიდ კანონს. ამას ემატება შემდეგი ოქტავის დო, ანუ პროცესის დაგვირგვინება, რომელიც მერვე საფეხურს იძლევა. შვიდი ფუნდამენტური ნოტი ორ "ინტერვალთან" და "დამატებით ბიძგთან" ერთად იძლევა ცხრა ნაბიჯს. მასში მომდევნო ოქტავის დო-ს განთავსებით სახეზე გვაქვს ათი ნაბიჯი. ბოლო, მეათე ნაბიჯი არის წინა ეტაპის დასასრული და ახალი ეტაპის დასაწყისი. ამ გზით ოქტავების კანონი და განვითარების პროცესი გამოიხატება ერთიდან ათამდე ციფრებით. ახლა მივდივართ საკითხამდე, რასაც შეიძლება "რიცხვების სიმბოლიკა ეწოდოს. რიცხვების სიმბოლიკის გაგება შეუძლებელია ოქტავების კანონის გარეშე და ოქტავების კანონის გაგება შეუძლებელია რიცხვების სიმბოლიკის ათობით სისტემაში გამოხატვის გაგების გარეშე.
ოკულტიზმის დასავლურ სისტემებში არსებობს მეთოდი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით "თეოსოფიური დამატება", ანუ რიცხვების განსაზღვრება, რომელიც ორი ან მეტი ციფრების ჯამით მიიღება. მათთვის, ვისაც რიცხვების სიმბოლიკა არ ესმის, ციფრების სინთეზირების მსგავსი მეთოდი აბსოლუტურად თვითნებურია და არსად მივყავართ. მაგრამ, ადამიანისთვის, რომელსაც ყოველივე არსებულის ერთიანობა ესმის და ამ ერთიანობის "თეოსოფიური დამატების" გასაღებში ღრმა მნიშვნელობა იპოვა, იგი მრავალფეროვნებას ფუნდამენტურ კანონებში გადაწყვეტს, რომლებიც მას მართავს და ერთიდან ათამდე ციფრებში გამოიხატება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიმბოლიკაში ციფრები ერთმანეთთან განსაზღვრული გეომეტრიული ფიგურებით არის დაკავშირებული და ისინი ერთმანეთს ავსებენ. კაბალაში გამოიყენება ასოების სიმბოლიკა, სიტყვების სიმბოლიკასთან კომბინაციაში. სიმბოლიზმის ოთხი კომბინაცია, ანუ ციფრების, გეომეტრიული ფიგურების, ასოების და სიტყვების კომბინაცია იძლევა რთულ, მაგრამ ამავე დროს უფრო სრულყოფილ მეთოდს.
ასევე არსებობს მაგიის სიმბოლიკა, ალქიმიური სიმბოლიკა და ასტროლოგიური სიმბოლიკა, რომელსაც ტაროს სიმბოლიკა ერთ მთლიანობაში აერთიანებს.
თითოეული ეს სისტემა შეიძლება გამოიყენებოდეს, როგორც ერთიანობის იდეის გადაცემის საშუალება. მაგრამ, არაკომპეტენტურთა და უმეცართა ხელში, მიუხედავად იმისა რომ ისინი კეთილი ზრახვებით სავსენი არიან, იგივე სიმბოლოები "დელუზიის ინსტრუმენტებად" იქცევა. ამის მიზეზი მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ სიმბოლო ვერასოდეს მიიღება საბოლოო და განსაზღვრული მნიშვნელობით. ერთიანობის კანონების მრავალფეროვან გამოხატვაში სიმბოლო ფლობს უსასრულო ასპექტს, საიდანაც მისი გამოკვლევა არის შესაძლებელი და ადამიანის მხრიდან მოითხოვს, რომ იგი ერთდროულად იქნეს დანახული სხვადასხვა თვალსაზრისიდან. სიმბოლო, რომლებიც ჩვეულებრივი ენით არის გამოხატული, ხისტი ხდება, ბუნდოვანდება და ძალიან ადვილად იქცევა "საკუთარი თავის საპირისპირო", მისი მნიშვნელობა ვიწრო და შეზღუდულ ჩარჩოებში ექცევა, ლოგიკური გამოკვლევისთვის ფარდობითი თავისუფლების მიცემის გარეშე. ამის მიზეზი არის სიმბოლოების პირდაპირი გაგება და მისთვის ერთი მნიშვნელობის მინიჭება. სიმართლე ისევ სიცრუის სამოსლით იფარება და მისი აღმოჩენა მოითხოვს იმის უარყოფის უზარმაზარ ძალისხმევას, რომელშიც თავად სიმბოლოს იდეა იკარგება. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რამხელა ილუზიები წარმოიშვა რელიგიის, ალქიმიის და განსაკუთრებით მაგიის სიმბოლოებიდან მათ მიერ, ვინც ამ სიმბოლოებს სიტყვასიტყვით და მხოლოდ ერთი მნიშვნელობით აღიქვამდა.
ამავდროულად, სიმბოლოების სწორი გაგება გაუგებრობას ვერ გამოიწვევს. იგი ცოდნას აღრმავებს და თეორიულად ვეღარ დარჩება, რადგან რეალური შედეგებისკენ სწრაფვას, ცოდნისა და ყოფიერების გაერთიანებას, ანუ დიდი კეთებისკენ სწრაფვას აძლიერებს. ჭეშმარიტი ცოდნის გადაცემა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მისი სიმბოლოებში დაფარვა. ეს არის ერთგვარი ფარდა, ხოლო ვისაც გაგების და დანახვის სურვილი გააჩნია, მისთვის ფარდა გამჭვირვალე ხდება.
ამ თვალსაზრისით შესაძლებელია ლაპარაკი სიტყვის სიმბოლიკაზე, თუმცა, მოცემული სიმბოლიზმი ყველას არ ესმის. ნათქვამის შინაგანი მნიშვნელობის გაგება შესაძლებელია მხოლოდ განვითარების გარკვეულ დონეზე, როდესაც მას მსმენელის შესაბამისი ძალისხმევა და მდგომარეობა თან ახლავს. ახალი რაღაცების გაგებისას, იმის ნაცვლად, რომ მის გაგებას ეცადოს, ადამიანი მასთან კამათს ან მათ უარყოფას იწვევს, რათა ისეთი აზრი შეინარჩუნოს, რომელსაც მართებულად მიიჩნევს და როგორც წესი, რასაც საკითხთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამ გზით იგი რაიმე ახლის შეძენის ყველანაირ შანსს კარგავს. მეტყველების გაგების სწავლა, როდესაც ეს უკანასკნელი სიმბოლური ხდება, აუცილებელია და უკვე ისიც უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა მოვუსმინოთ. ნებისმიერი მცდელობა, რომ ობიექტურ ცოდნასთან და მრავალფეროვნების ერთიანობასთან კავშირში ნათქვამი სიტყვასიტყვით გავიგოთ, წინასწარ არის განწირული წარუმატებლობისთვის და უმეტეს შემთხვევაში უფრო მეტ ბოდვას იწვევს.
ამ საკითხზე შეჩერება აუცილებელია, რადგან თანამედროვე განათლების ინტელექტუალიზმმა ადამიანებს ყველაფრის წინააღმდეგ ლოგიკური არგუმენტების ძიებისკენ სწრაფვა შესძინა, რასაც ისინი ისმენენ.
ამიტომ, ჩვენს აზროვნებასთან მოხსენიებული ტენდენციის გამო, ზუსტი ცოდნის დეტალების გადმოცემა იმ ადამიანის მიერ, რომელიც საგნის არსებით ბუნებას არ იცნობს, მისთვის ამ საგნის შეცნობას ართულებს. ეს არ ნიშნავს, რომ ცოდნის გზაზე ზუსტი განმარტებები არ არსებობს. პირიქით, ზუსტი განმარტებები მხოლოდ ცოდნის გზაზე არსებობენ. მაგრამ, ისინი ძალიან დიდი მასშტაბით განსხვავდებიან იმისგან, რასაც ჩვენ ვფიქრობთ. თუ ვინმე თვლის, რომ მას თვითშემეცნების გზის გავლა შეუძლია, რომელიც ყველა დეტალის ზუსტი ცოდნით ხელმძღვანელობს, და თუ მოელის, რომ ასეთი ცოდნის მიღება პირველ რიგში საკუთარ სამუშაოში მოცემული მინიშნებების გარეშე გაეხსნება, მაშინ მან უნდა გააცნობიეროს, რომ ცოდნას იქამდე ვერ მიიღებს, სანამ საჭირო ძალისხმევას არ განახორციელებს და დამოუკიდებლად არ მიაგნებს იმას, რასაც იგი ეძებს. არავის შეუძლია ადამიანს მისცეს ის, რაც მას აქამდე არ გააჩნდა. ვერავინ გააკეთებს მისთვის იმ საქმეს, რაც თავად უნდა გააკეთოს. ერთადერთი, რისი მიცემაც სხვისთვის შეიძლება, არის მუშაობის სტიმული და ამ სიმბოლიზმის თვალსაზრისით, სწორად აღქმის შემთხვევაში იგი ჩვენი ცოდნისთვის სწორედ ასეთი სახის სტიმულს გვთავაზობს.
ჩვენ ადრე ვისაუბრეთ ოქტავების კანონზე და იმაზე, რომ ყველა პროცესი, რა მასშტაბითაც არ უნდა მოხდეს იგი, მთლიანად განისაზღვრება შვიდნოტიანი სკალის სტრუქტურის კანონით. ამასთან დაკავშირებით უკვე აღინიშნა, რომ ყველა ნოტი და ყველა ტონი, თუ მას სხვა მასშტაბით ავიღებთ, ისევ და ისევ ოქტავა გამოდის. მი-ფას და სი-დოს შორის არსებული ინტერვალები ვერ ივსება მოქმედი პროცესის ენერგიის ინტენსივობით და "გარეგან ბიძგს" მოითხოვს, ანუ გარეგან დახმარებას, რომელიც ამ პროცესს და პროცესებს ერთმანეთთან აკავშირებს. აქედან გამომდინარეობს, რომ ოქტავების კანონი აკავშირებს სამყაროს ყველა პროცესს, ხოლო იგი, ვინც მასშტაბების და ოქტავები სტრუქტურის კანონები იცის, ყველა ფენომენის არსებითი ბუნების ზუსტი შემეცნების შესაძლებლობას ფლობს, ყველა ურთიერთდამოკიდებულ ფენომენთან და მასთან დაკავშირებულ საგნებთან ერთად.
სტრუქტურის კანონთან დაკავშირებული ყველა სახის ცოდნის ერთ მთლიანობაში გაერთიანებისთვის, ოქტავა წარმოადგენს გარკვეულ სიმბოლოს, რომელიც წრეში ცხრა ნაწილად არის დაყოფილი და გარშემოწერილობის ცხრა წერტილს გარკვეული თანმიმდევრობით აკავშირებს ერთმანეთთან.
სანამ თავად სიმბოლოს შესწავლაზე გადავიდოდეთ, აუცილებელია გავიგოთ სწავლების გარკვეული ასპექტები, რომელიც მოცემულ სიმბოლოს იყენებს, ასევე უნდა გავიგოთ ამ სწავლების სხვა სისტემებთან ურთიერთობა, რომლებიც ცოდნის გადასაცემად სიმბოლურ მეთოდებს იყენებენ.
ამ სწავლებების ურთიერთკავშირის გასაგებად, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ გზები, რომელთაც ერთიანობამდე მივყავართ, მას ისევე უახლოვდება, როგორც ცენტრისკენ მოძრავი წრის რადიუსი. რაც უფრო უახლოვდებიან ისინი ცენტრს, მით უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს.
თეორიულ დებულებები, რომლებიც ერთი ხაზის საფუძველს ქმნიან, ზოგჯერ შეიძლება აიხსნას სხვა ხაზის გადმოსახედიდან და პირიქით. ამ მიზეზით, ორ ხაზს შორის ხანდახან შესაძლებელია შუალედური ხაზის ჩამოყალიბება, ორ მიმდებარე ხაზს შორის. მაგრამ, სრული ცოდნის არარსებობის შემთხვევაში და ფუნდამენტური ხაზების გაგების გარეშე, ასეთმა შუალედურმა ხაზებმა ადვილად შეიძლება გამოიწვიოს ხაზების არევა, გაუგებრობა და შეცდომა.
მეტ-ნაკლებად ცნობილი ძირითადი ხაზებიდან, შესაძლებელია ოთხი მათგანის დასახელება:
1. ებრაული.
2. ეგვიპტური.
3. სპარსული.
4. ინდური.
უფრო მეტიც, ამ უკანასკნელისგან ჩვენ ვიცით მხოლოდ ფილოსოფია, ხოლო ზედამ სამისგან თეორია.
ზედა სამი ხაზიდან ევროპაში ცნობილია ორი ხაზი, სახელად თეოსოფია და ეგრეთ წოდებული დასავლური ოკულტიზმი, რომელიც ფუნდამენტური ხაზების შერევით წარმოიქმნა. ორივე ხაზი თავისთავად ატარებს ჭეშმარიტების მარცვლებს, მაგრამ არც ერთ მათგანს არ გააჩნია სრული ცოდნა და შესაბამისად მათი პრაქტიკულ რეალიზაციამდე მიყვანის მცდელობები მხოლოდ უარყოფით შედეგებს იძლევა.
სწავლება, რომლის თეორიაც აქ არის ჩამოყალიბებული, სხვა ხაზებისგან სრულიად დამოუკიდებელია და დღემდე სრულიად უცნობი. სხვა ხაზების მსგავსად, იგი იყენებს სიმბოლურ მეთოდს და მისი ერთ-ერთი ძირითადი სიმბოლო არის მოცემული ფიგურა, ანუ ცხრა ნაწილად დაყოფილი წრე.
სიმბოლო იღებს შემდეგ ფორმას:
წრე დაყოფილია ცხრა ტოლ ნაწილად. ექვს წერტილს ერთმანეთთან აკავშირებს ფიგურა, რომელიც სიმეტრიულია დიამეტრის მიმართ და წრეწირის განყოფილებების ზედა წერტილში გადის. გარდა ამისა, განყოფილებების ზედა წერტილი არის ტოლგვერდა სამკუთხედის წვერი, რომელიც იმ გაყოფის წერტილებს აკავშირებს ერთმანეთთან, რომლებიც რთული ფიგურის კონსტრუქციაში არ შედიან.
ამ სიმბოლოს "ოკულტიზმის" შემსწავლელ წიგნებში ან ზეპირსიტყვიერ გადმოცემებში ვერსად შეხვდებით. სიმბოლოს მცოდნეები მას ისეთ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რომ მისი გასაიდუმლოება საჭიროდ ჩათვალეს.
ლიტერატურაში მხოლოდ ზოგიერთი მინიშნება და მისი ნაწილობრივი წარმოდგენა შეიძლება, რომ შეგვხვდეს. შესაძლებელია, რომ მოვძებნოთ მსგავსი ნახატი:
ან ასეთი:
სიმბოლო, რომელიც ცხრა ნაწილად დაყოფილი წრის ფორმას იღებს, გამოხატავს შვიდის კანონის და სამის კანონის ერთმანეთთან დამოკიდებულების ილუსტრაციას.
ოქტავას აქვს შვიდი ბგერა, ხოლო მერვე არის წინა ოქტავის დო-ს განმეორება. "ზოჰარის" წიგნში (1901) გვხვდება ცხრა ნაწილად დაყოფილი წრის ნახატი.
წრეს ახლავს შემდეგი განმარტება:
"თუ ცხრას გავამრავლებთ ცხრაზე, მათი ჯამი ნაჩვენებია მარცხნივ რვიანში და მარჯვნივ ერთიანში. ანალოგიურად, ცხრაჯერ რვა ჯამში იძლევა მარცხნივ შვიდიანს, ხოლო მარჯვნივ ორიანს, ზუსტად ისევე, როგორც ცხრაჯერ ექვსი. ცხრაჯერ ხუთიდან რიგითობა შებრუნებული ხდება, ანუ ათეულის ციფრი აისახება მარჯვნივ, ხოლო ერთეულის მარცხნივ".
ორ "დამატებით ბიძგთან" ერთად, რომლებიც მი-ფას და სი-დოს შორის არსებულ ინტერვალებს ავსებენ, გვხვდება ცხრა ელემენტი.
ამ სიმბოლოს სრული კონსტრუქცია, რომელიც მას ოქტავების კანონის სრულ გამოხატვასთან აკავშირებს, კიდევ უფრო რთულია, ვიდრე მოცემული სიმბოლო ასახავს. მოცემული კონსტრუქცია გვიჩვენებს ერთი ოქტავის შინაგან კანონებს და საგნების არსებითი ბუნების გამოკვლევის მეთოდზე მიუთითებს.
გამოკვლევის ქვეშ მყოფი ნივთის ან ფენომენის იზოლირებული არსებობა არის მარადიული დაბრუნების და განუწყვეტლად მიმდინარე პროცესის დახურული წრე. წრე არის მოცემული პროცესის სიმბოლო. წრეწირის გაყოფის ცალკეული წერტილები პროცესის საფეხურების სიმბოლოა. სიმბოლო მთლიანობაში არის დო, ანუ რაღაც მოწესრიგებული და სრულად არსებული. ეს არის წრე - დასრულებული ციკლი. ეს არის ჩვენი ათობითი სისტემის ნული. არსებითად იგი დახურულ წრეს განასახიერებს. წრე საკუთარ თავში შეიცავს ყველაფერს, რაც მისი არსებობისთვის არის საჭირო. იგი გარემოსგან იზოლირებულია. პროცესის ეტაპების თანმიმდევრობა დაკავშირებული უნდა იყოს ერთიდან ცხრამდე ციფრების თანმიმდევრობაზე. მეცხრე საფეხური, რომელიც "ინტერვალს" ასახავს (სი-დო) ციკლს ასრულებს, ანუ წრეს ხურავს, რომელიც ამ ეტაპზე თავიდან იწყება. სამკუთხედის მწვერვალი ხურავს მისი ფუძის ორმაგობას, რაც ფორმების გამოვლინებას შესაძლებელს ხდის ყველაზე მრავალფეროვან სამკუთხედებში, ისევე როგორც სამკუთხედის მწვერვალი მრავლდება უსასრულოდ მისი ფუძის ხაზში. შესაბამისად, ციკლის ყოველი დასასრული და დასაწყისი მდებარეობს სამკუთხედის მწვერვალში, წერტილში, სადაც დასასრული და დასაწყისი ერთმანეთს ერწყმის, სადაც წრე დახურულია და უსასრულოდ მიმდინარე ციკლში ჟღერს, როგორც ეს ორი ოქტავის დო-ში ხდება. მეცხრე საფეხური ციკლს ხურავს და ახალ ციკლს იწყებს. ამიტომ, დო-ს ზედა წერტილში სამკუთხედის წვერი აღნიშნულია ცხრიანით, ხოლო დანარჩენი წერტილები აღნიშნულია ერთიდან რვამდე ციფრებით.
წრის შიგნით არსებული რთული ფიგურის გამოკვლევაზე გადასვლისას, მისი აგების კანონები უნდა გავიგოთ. ერთიანობის კანონი ყველა ფენომენში აისახება. ათობითი სისტემაც იმავე კანონების საფუძველზეა აგებული. ერთი ნოტი, რომელიც მთელ ოქტავას შეიცავს, უნდა დავყოთ შვიდ არათანაბარ ნაწილად, რათა მოცემული ოქტავის შვიდ ნოტამდე მივიდეთ. გრაფიკულ გამოსახულებაში, ნაწილები უთანაბრობა გათვალისწინებული არ არის და დიაგრამის ასაგებად ჯერ უნდა ავიღოთ მისი მეშვიდედი, შემდეგ ორი მეშვიდედი, სამი მეშვიდედი და ასე შემდეგ, შვიდ მეშვიდედამდე.
შედეგად მივიღებთ:
1/7=0.142857 . . .
2/7=0.285714 . . .
3/7=0.428571 . . .
4/7=0.571428 . . .
5/7=0.714285 . . .
6/7=0.857142 . . .
7/7=0.999999 . . .
მიღებული პერიოდული ათწილადების სერიის შესწავლისას ჩვენ მაშინვე ვხედავთ, რომ ყველა მათგანი, უკანასკნელის გარდა, შედგება ერთი და იგივე ექვსი ციფრისგან, რომლებიც განსაზღვრული თანმიმდევრობით იმგვარად ლაგდებიან, რომ პერიოდის პირველი ციფრის ცოდნით, მისი სრულად რეკონსტრუქციაა შესაძლებელი.
თუ ახლა წრეწირზე ერთიდან ცხრამდე ციფრებს მოვათავსებთ და მათ ერთმანეთთან პერიოდში მოცემული თანმიმდევრულად დავაკავშირებთ, ჩვენ მივიღებთ წრის შიგნით წარმოდგენილ ფიგურას. ციფრები 3, 6 და 9 პერიოდში არ შედის. ისინი ქმნიან წრეში გამოსახული ცალკეული სამკუთხედის სიმბოლოს.
"თეოსოფიური დამატების" გამოყენებით და ციფრების ჯამის გამოყენებით ჩვენ ვიღებთ ცხრიანს, ანუ მთელ ოქტავას. ყოველი ცალკე აღებული ნოტი ასევე თავის თავში შეიცავს მთელ ოქტავას, რომელიც იმავე კანონებს ექვემდებარება, როგორსაც პირველი ოქტავა. ნოტების პერიოდულ ციფრებთან შესაბამისობა და ოქტავის გამოხატვა შემდეგნაირად გამოიყურება:
სამკუთხედი 9-3-6, რომელიც ერთ მთლიანობაში აერთიანებს წრეწირის სამ წერტილს და რომელიც პერიოდში არ შედის, შვიდის კანონს და სამის კანონს ერთმანეთთან აკავშირებს. 3, 6 და 9 პერიოდში არ შედის. ორი მათგან, 3 და 6 ოქტავაში შეესაბამება ორ ინტერვალს, ხოლო მესამე, ასე ვთქვათ, ზედმეტია და ამავდროულად ანაცვლებს ფუნდამენტურ ნოტს, რომელიც პერიოდში არ შედის. უფრო მეტიც, ნებისმიერი ფენომენი, რომელსაც შეუძლია მის მსგავს ფენომენთან იმოქმედოს, შესაბამის ოქტავაში ისე ჟღერს, როგორც ნოტი "დო". ამიტომ, "დო" შეიძლება გაჩნდეს მისივე წრიდან და მოწესრიგებულ შესაბამისობაში შევიდეს სხვა ციკლთან, რომელიც მოცემულ ციკლში ინტერვალების შემავსებელ, "დამატებითი ბიძგის" როლს თამაშობს. მაშასადამე, ამ შესაძლებლობის არსებობა დაკავშირებულია 3-6-9 სამკუთხედის იმ ადგილებთან, სადაც გარეგან ბიძგებს აქვს ადგილი, სადაც ოქტავის შეღწევა კავშირის დასამყარებლად შესაძლებელია ისეთ რამესთან, რაც მის გარეთ არსებობს. სამის კანონი, შვიდის კანონისგან გამოირჩევა. იგი პერიოდში აღწევს და ეს ორი ფიგურა კომბინაციაში ოქტავის შიდა სტრუქტურას და მის ნოტებს იძლევა.
ჩვენი მსჯელობის ამ ეტაპზე სრულიად სწორი იქნება შემდეგი კითხვის დასმა: რატომ არის ერთ-ერთი ინტერვალი (3) მის სწორ ადგილას, მი-ფა ნოტებს შორის, მაგრამ, რატომ იმყოფება მეორე ინტერვალი (6) სოლ-ლას შორის, როცა მისი ადგილი სი-დოს შორისაა.
თუ მეორე ინტერვალს თავის ადგილზე მოვათავსებთ, წრე ასეთ სახეს მიიღებს:
დახურული ციკლის ცხრა ელემენტი სიმეტრიულად დაჯგუფებული იქნება შემდეგი თანმიმდევრობით:
გადანაწილება, რომელსაც ვიღებთ:
შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი დაჯგუფების მოცემა:
ანუ ერთ შემთხვევაში მი-ფას შორის, ხოლო მეორეში სოლ-ლას შორის, სადაც იგი საჭირო არ არის.
ინტერვალის არასწორ ადგილას მოთავსება, სიმბოლოს სწორად წამკითხველს უჩვენებს, თუ რა სახის "ბიძგი" არის საჭირო სი-დოს გავლისთვის.
ამის გასაგებად, აუცილებელია გავიხსენოთ რა ითქვა ადამიანში და სამყაროში მიმდინარე პროცესებში "ბიძგების" შესახებ.
როდესაც ოქტავების კანონის კოსმიური მასშტაბით გამოვიყენეთ, "დედამიწა-მზე" შემდეგნაირად წარმოვადგინეთ:
გამოსხივების სამ ოქტავასთან მიმართებაში აღინიშნა, რომ დო-სის ინტერვალი მზის ორგანიზმში ხორციელდება. კოსმიურ ოქტავაში დო-სი ინტერვალთან მიმართებაში აღინიშნა, რომ ეს "გადასასვლელი" ივსება აბსოლუტის ნების მიერ. ფა-მის შემთხვევაში, კოსმიურ ოქტავაში ინტერვალი ხორციელდება მექანიკურად, სპეციალური მანქანის დახმარებით, რომელიც ფა-ში შესაძლებელს ხდის შინაგანი პროცესების მთელი რიგის შეძენას, მასთან მდგომი სოლ-ის მახასიათებლებით, ნოტის ცვლილების გარეშე, რაშიც მომდევნო ნოტში დამოუკიდებლად გადასვლის მიზნით შინაგანი ენერგიის დაგროვება იგულისხმება (ფა-მი).
ზუსტად იგივე ურთიერთობა მეორდება ყველა დასრულებულ პროცესში. ადამიანის ორგანიზმში კვების პროცესების შესწავლით და ორგანიზმში მიღებული ნივთიერებების ტრანსფორმაციით ვხედავთ, რომ ორგანიზმი ზუსტად იგივე "ინტერვალებს" და "ბიძგებს" ამუშავებს.
როგორც ადრე აღვნიშნეთ, ადამიანი სამი სახის საკვებს იღებს. თითოეული მათგანი ახალი ოქტავის დასაწყისია. მეორე ოქტავა, ანუ ჰაერის ოქტავა, პირველ ოქტავას, ანუ სასმლის და საჭმლის ოქტავას უერთდება, სადაც ნოტ "მი"-სთან ჩერდება. მესამე ოქტავა მეორე ოქტავას იქ უერთდება, სადაც იგი ჩერდება.
უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ბევრი ქიმიურ პროცესში, ზუსტად განსაზღვრული ბუნების გარკვეული ნივთიერებების რაოდენობა იძლევა ნაერთების საჭირო ხარისხს, ამიტომაც ადამიანის ორგანიზმში "სამი სახის საკვები" გარკვეული პროპორციებით უნდა იყოს შერეული.
საკვების ოქტავის პროცესში საბოლოო ნივთიერება არის "სი" (წყალბადი 12 მესამე სკალაში), რომელსაც ახალ დო-ში გადასასვლელად დამატებითი ბიძგი სჭირდება. მაგრამ, ვინაიდან ამ ნივთიერებების წარმოებაში მონაწილეობა სამმა ოქტავამ მიიღო, მათი გავლენა ხარისხის განსაზღვრით ასევე აისახება საბოლოო შედეგზე. ხარისხისა და რაოდენობის დარეგულირება შესაძლებელია ორგანიზმის მიერ მიღებული სამი სახის საკვების რეგულირებით. საჭირო შედეგი მხოლოდ სამივე სახის საკვებში არსებული სრული და ჰარმონიული შესაბამისობის არსებობით და სხვადასხვა პროცესის გაძლიერებით ან შესუსტებით მიიღება.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საკვების ან სუნთქვის რეგულირების თვითნებური მცდელობები, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ვერანაირად მიგვიყვანს სასურველ შედეგებამდე, სანამ ადამიანს ზუსტად არ ეცოდინება რას აკეთებს, რატომ და რა შედეგს მოიტანს იგი.
უფრო მეტიც, მაშინაც კი, თუ ადამიანი წარმატებას მიაღწევს ორი პროცესის კომპონენტების დარეგულირებაში, ანუ საკვებში და სუნთქვაში, ეს ისევ და ისევ არ იქნება საკმარისი, რადგან ამათზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა დავარეგულიროთ მესამე სახის საკვები - შთაბეჭდილებები.
ამიტომ, შინაგან პროცესებზე გავლენის მოხდენის ფიქრის დაწყებამდე, აუცილებელია გავიგოთ ორგანიზმში შემავალი ნივთიერებების ზუსტი ურთიერთდამოკიდებულება და შესაძლებელი ბიძგების ბუნება და ნოტების გადასვლის მარეგულირებელი კანონები. ეს კანონები ყველგან ერთნაირია. ადამიანის შესწავლისას ჩვენ ვსწავლობთ კოსმოსს, ხოლო კოსმოსის შესწავლით ადამიანს.
კოსმიური ოქტავა "აბსოლუტი-მთვარე", სამის კანონის თანახმად, დაყოფილია სამ დაქვემდებარებულ ოქტავად. ამ სამ ოქტავაში კოსმოსი ადამიანს ჰგავს: იგივე "სამი ამბავი", იგივე სამი ბიძგი.
იქ, სადაც გამოსხივების კოსმიურ ოქტავაში ფა-მი ინტერვალის ადგილი ჩნდება, დიაგრამაზე მონიშნულია "მექანიზმები", რომლებიც იქ ადამიანის სხეულის მსგავსად გვხვდება.
გარდამავალი ფა-მი პროცესი შეიძლება სქემატურად შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ: კოსმიური "ფა" ამ მექანიზმში შემოდის, როგორც სხეულის ქვედა ნაწილის საკვები და ამით ცვლილებათა ციკლს იწყებს. ამიტომ, თავდაპირველად იგი მექანიზმში ისე ჟღერს, როგორც "დო". კოსმოსური ოქტავის სუბსტანცია "სოლ" გვემსახურება როგორც ნივთიერება, რომელიც სხეულის შუა ნაწილში სუნთქვას განასახიერებს, რაც მექანიზმში ფა-ს მი-დ გარდაქმნაში ეხმარება. მექანიზმში შესული სოლ აქაც ისევე ჟღერს, როგორც დო. მატერია, რომელიც ამჟამად არის მოპოვებული, კოსმიური სუბსტანციის ლა-ს მეშვეობით ემატება სხეულის ზედა ნაწილს, რომელიც იგივეა, რაც დო.
როგორც აქედან ვხედავთ, შემდეგი ნოტები, ლა, სოლ, ფა, მექანიზმში საკვების ფუნქციას ასრულებს. სამის კანონის თანახმად და მათი გაგრძელების მიზნით, ლა იქნება აქტიური ელემენტი, სოლ გამანეიტრალებელი, ხოლო ფა პასიური. აქტიური პრინციპის პასიურ პრინციპთან რეაქცია (ანუ გამანეიტრალებელი პრინციპის დახმარებით მათი ერთმანეთთან დაკავშირება) იძლევა გარკვეულ, ზუსტ შედეგს. სიმბოლურად იგი წარმოდგენილია შემდეგნაირად:
ეს სიმბოლო მიუთითებს, რომ ნივთიერება "ფა"-ს და "ლა"-ს შერევა შედეგად იძლევა ნივთიერება "სოლ"-ს. როდესაც ეს პროცესი ოქტავაში ვითარდება და ნოტი ფა-ს შიგნით მოქმედებს, იმის თქმა შესაძლებელია, რომ ფა საკუთარი სიმაღლის შეცვლის გარეშე იძენს სოლ-ის თვისებებს.
ყველაფერს, რაც გამოსხივების ოქტავების და ადამიანის ორგანიზმში საკვების ოქტავების შესახებ ითქვა, უშუალო კავშირი აქვს სიმბოლოსთან, რომელიც ცხრა ნაწილად დაყოფილი წრისგან შედგება. ეს სიმბოლო, როგორც სრულყოფილი სინთეზის გამოხატულება, თავის თავში შეიცავს ეს სიმბოლო, როგორც სრულყოფილი სინთეზის გამოხატულება, თავის თავში შეიცავს კანონთა ყველა ელემენტს, რაც მას წარმოადგენს და მისგან შესაძლებელია ყველაფრის ამოღება და გადაცემა, რომლებიც ამ ოქტავებთან და კიდევ ბევრ სხვა საკითხთან არის დაკავშირებული.
გურჯიევი ენეაგრამას მრავალჯერ და სხვადასხვა კონტექსტში მიუბრუნდა.
- ყოველი დასრულებული მთლიანობა, ყოველი კოსმოსი, ყოველი ორგანიზმი, ყოველი მცენარე არის ენეაგრამა. - თქვა მან. - მაგრამ, ამ ენეაგრამებს შინაგანი სამკუთხედი არ გააჩნიათ. შიდა სამკუთხედი ნიშნავს უმაღლესი ელემენტების არსებობას, მოცემულ ორგანიზმში "წყალბადების" მასშტაბის მიხედვით. ამ შინაგან სამკუთხედს ფლობენ ისეთი მცენარეები, როგორიცაა კანაფი, ყაყაჩო, სვია, ჩაი, ყავა, თამბაქო და მრავალი სხვა მცენარე, რომლებიც განსაზღვრულ როლს თამაშობენ ადამიანის სიცოცხლეში. ამ მცენარეების შესწავლამ შეიძლება ჩვენთვის ბევრი რამ გამოავლინოს ენეაგრამასთან დაკავშირებით.
ზოგადად თუ ვიტყვით, უნდა გვესმოდეს, რომ ენეაგრამა უნივერსალური სიმბოლოა. მასში შესაძლებელია ყველა ცოდნის მოთავსება და ამ გზით მისი ინტერპრეტაცია. ადამიანს რეალურად მხოლოდ ის ესმის, რისი შეტანაც მას ენეაგრამაში შეუძლია. ის, რასაც ადამიანი ენეაგრამაში ვერ იყენებს, არ ესმის. ადამიანისთვის, რომელსაც ენეაგრამის გამოყენება შეუძლია, წიგნები და ბიბლიოთეკები სრულიად არასაჭირო ხდება. ენეაგრამაში ყველაფრის მოთავსება და წაკითხვა არის შესაძლებელი. ადამიანი შესაძლოა უდაბნოში სრულიად მარტო იმყოფებოდეს, მაგრამ მან ქვიშაში ენეაგრამის კვალი აღმოაჩინოს და სამყაროს მარადიული კანონები ისწავლოს. ყოველ ჯერზე მას შეუძლია ისწავლოს რაღაც ახალი, რაც მანამდე არ იცოდა.
თუ ორი მამაკაცი ერთმანეთს შეხვდება, რომლებიც სხვადასხვა სკოლაში სწავლობდნენ, მათ შეუძლიათ ენეაგრამას დახატვა და იმის ერთბაშად დადგენა, თუ რომელ მათგანს აქვს მეტი ცოდნა და შესაბამისად, რომელ საფეხურზე დგას, ანუ რომელია მასწავლებელი და რომელი მოსწავლე. ენეაგრამა არის უნივერსალური ენის ფუნდამენტური იეროგლიფი, რომელსაც იმდენივე განსხვავებული მნიშვნელობა აქვს, რამდენი ადამიანური განვითარების დონეც არსებობს.
ენეაგრამა მუდმივ მოძრაობაში იმყოფება. ეს არის იგივე მუდმივი მოძრაობა, რასაც ადამიანები უძველესი დროიდან ეძებდნენ მაგრამ ვერაფერს მიაგნეს. გასაგებია, რატომ ვერ იპოვეს მათ მუდმივი მოძრაობა. ისინი გარეთ ეძებდნენ იმას, რაც მათ შიგნით იყო. ასევე, ისინი ცდილობდნენ მუდმივი მოძრაობა ისე აეშენებინათ, როგორც მანქანას აგებენ, მაგრამ რეალური მუდმივი მოძრაობა არის სხვა მუდმივი მოძრაობის ნაწილი ამ უკანასკნელის გარეშე იგი ვერ შეიქმნება. ენეაგრამა არის მუდმივი მოძრაობის სქემატური დიაგრამა, ანუ მარადიული მოძრაობის მანქანა. მაგრამ, რა თქმა უნდა, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ წაიკითხოთ ეს დიაგრამა. ამ სიმბოლოს გაგება და გამოყენება ადამიანს ძალიან დიდ ძალას მისცემს. ეს არის მუდმივი მოძრაობა და ალქიმიკოსთა ფილოსოფიური ქვა.
ენეაგრამის ცოდნა ძალიან დიდი ხნის მანძილზე საიდუმლოდ იყო დაცული და თუ იგი ამჟამად ხელმისაწვდომია, ისიც მხოლოდ არასრულად და თეორიულ ფორმაში, რომლის პრაქტიკული გამოყენებაც არავის შეუძლია იმ ადამიანის ინსტრუქციის გარეშე, რომელიც სიმბოლოს იცნობს.
ენეაგრამას გასაგებად იგი მოძრაობაში უნდა აღვიქვათ. უმოძრაო ენეაგრამა მკვდარი სიმბოლოა. ცოცხალი სიმბოლო მოძრაობაშია.
გაცილებით მოგვიანებით - ეს იყო 1922 წელს - როდესაც გურჯიევმა თავისი ინსტიტუტი საფრანგეთში მოაწყო და როცა მისი მოსწავლეები ცეკვებსა და დერვიშულ ვარჯიშებს სწავლობდნენ, გურჯიევმა თავის მოსწავლეებს "ენეაგრამას მოძრაობასთან" დაკავშირებული სავარჯიშოები აჩვენა. დარბაზის იატაკზე, სადაც სავარჯიშოები ტარდებოდა, დიდი ენეაგრამა დახატეს და სავარჯიშოში მონაწილე მოწაფეებმა ერთიდან ცხრამდე მონიშნული ადგილები დაიკავეს. შემდეგ მათ ციფრების პერიოდის მიმართულებით ძალიან საინტერესო მოძრაობებით სვლა დაიწყეს და შეხვედრის წერტილებში ერთმანეთისკენ ბრუნდებოდნენ, ანუ იქ, სადაც ენეაგრამაში ხაზები ერთმანეთთან იკვეთება.
გურჯიევმა თქვა, რომ ენეაგრამის მიხედვით ჩატარებული მოძრაობის სავარჯიშოებს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა "გრძნეულთა ბრძოლაში". ასევე მან დაამატა, რომ ამ სავარჯიშოებში მონაწილეობის და რომელიმე ადგილის დაკავების გარეშე, ენეაგრამის გაგება თითქმის შეუძლებელი იყო.
- ენეაგრამის განცდა მოძრაობით არის შესაძლებელი. - თქვა მან. - ამ მოძრაობების რიტმი საჭირო იდეებს გვთავაზობს და აუცილებელ დაძაბულობას ინარჩუნებს. მათ გარეშე შეუძლებელია იმის შეგრძნება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
არსებობდა ენეაგრამის კიდევ ერთი გამოსახულება, რომელიც გურჯიევის განკარგულებით კონსტანტინოპოლში, 1920 წელს გაკეთდა. ამ ფიგურაში ენეაგრამის შიგნით მოთავსებული იყო აპოკალიფსის ოთხი მხეცი - ხარი, ლომი, ადამიანი და არწივი, ხოლო მათთან ერთად მტრედი. ეს დამატებითი სიმბოლოები "ცენტრებთან" იყვნენ კავშირში.
ენეაგრამის, როგორც უნივერსალური სიმბოლოს მნიშვნელობაზე საუბრებთან დაკავშირებით, გურჯიევმა კიდევ ერთხელ ისაუბრა უნივერსალური "ფილოსოფიური" ენის არსებობაზე.
- ადამიანები დიდი ხანია ცდილობენ უნივერსალური ენის გამოგონებას. - თქვა მან. - ამ შემთხვევაში, ისევე როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, ისინი ისეთ რაღაცას ეძებენ, რაც უკვე დიდი ხანია ნაპოვნია და ისეთი რაღაცის გამოგონებას ცდილობენ, რაც დიდი ხნის წინ არსებობდა. ადრე ვთქვი, რომ არსებობს არა ერთი, არამედ სამი უნივერსალური ენა, უფრო სწორად, სამი საფეხური. ამ ენის პირველ საფეხურზე ადამიანებს უკვე შეუძლიათ საკუთარი აზრების გამოხატვა და სხვისი აზრების გაგება იმ საგნებთან მიმართებაში, რასთან დაკავშირებითაც ჩვეულებრივი ენა უძლურია.
- რა მიმართებაში იმყოფებიან ეს ენები ხელოვნებასთან? - იკითხა ვიღაცამ. - წარმოადგენს თუ არა თავად ხელოვნება იმ "ფილოსოფიურ ენას", რომელსაც სხვები ინტელექტუალურად ეძებენ?
- მე არ ვიცი, შენ რომელ ხელოვნებაზე ლაპარაკობ. - თქვა გურჯიევმა. - ხელოვნებაც არის და ხელოვნებაც. უეჭველად შეამჩნევდი, რომ ჩვენი ლექციებისა და საუბრების დროს დამსწრეები ხშირად მეკითხებოდნენ ხელოვნების შესახებ, მაგრამ მე ყოველთვის თავს ვარიდებდი ამ საგანზე საუბარს. ასე იმიტომ ხდება, რომ ხელოვნებაზე ყველა სახის საუბარი აბსოლუტურად უაზროდ მიმაჩნია. ადამიანები ერთ რამეზე საუბრობენ, მაგრამ სრულიად სხვა რამეს გულისხმობენ და ისიც არ იციან, რას გულისხმობენ. ამავე დროს საკმაოდ უსარგებლოა საგანთა რეალური დამოკიდებულებების ახსნა ისეთი ადამიანებისთვის, რომელთაც საკუთარ თავზე ანა ბანა არ იციან. ჩვენ გარკვეული დროის მანძილზე ერთად ვსაუბრობდით, ამიტომ ახლა თქვენ ეს ანა ბანა უნდა იცოდეთ, რათა თქვენთან ხელოვნების შესახებ საუბარი შემეძლოს.
პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ, რომ არსებობს ორი სახის ხელოვნება, რომელთაგანაც ერთი მეორისგან სრულიად განსხვავებულია - ობიექტური ხელოვნება და სუბიექტური ხელოვნება. ყველაფერი, რაც თქვენ იცით და რასაც ხელოვნებას უწოდებთ, არის სუბიექტური ხელოვნება, ანუ ისეთი რამ, რასაც მე ხელოვნებას საერთოდ არ ვუწოდებ, რადგან ხელოვნებას მხოლოდ ობიექტურ ხელოვნებას ვეძახი.
იმის განსაზღვრა, რასაც მე ობიექტურ ხელოვნებას ვუწოდებ, საკმაოდ რთულია, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ თქვენ ობიექტურ ხელოვნებას სუბიექტური ხელოვნების მახასიათებლებს მიაწერთ და კიდევ იმიტომ, რომ როდესაც ობიექტურ ხელოვნებას შეხვდებით, თქვენ მათ სუბიექტური ხელოვნების ნიმუშად მიიღებთ.
შევეცდები ჩემი აზრი ნათლად გამოვხატო. თქვენ ამბობთ, რომ მხატვარი ქმნის. მე ამას მხოლოდ ობიექტურ ხელოვნებასთან კავშირში ვამბობ. სუბიექტურ ხელოვნებასთან დაკავშირებით მე ვამბობ, რომ "ეს უკვე შექმნილია". თქვენ მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავთ, მაგრამ სწორედ აქ იმალება მთელი განსხვავება. შემდგომ, თქვენ სუბიექტურ ხელოვნებას უცვლელ მოქმედებას მიაწერთ, ანუ გგონიათ, რომ სუბიექტური ხელოვნების ნიმუშებს ყველასთან ერთნაირი რეაქცია ექნება. მაგალითად, თქვენ ფიქრობთ, რომ სამგლოვიარო მსვლელობამ ყველას სევდიანი აზრები უნდა აღუძრას და ნებისმიერი საცეკვაო მუსიკა, მაგალითად კომარინსკი, სასიხარულო აზრებს აღძრავს. მაგრამ, სინამდვილეში ეს ასე არ არის. ყველაფერი ასოციაციაზეა დამოკიდებული. თუ ერთ დღეს დიდი უბედურება შემემთხვა და ამ დროს შორიახლოს ძალიან ცოცხალი მელოდია მესმის, იგი მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე სევდიან და მჩაგვრელ შეგრძნებებს აღმიძრავს. თუ იმ დღეს, როდესაც განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რაიმე სევდიან მელოდიას გავიგებ, ეს მელოდია ყოველთვის ბედნიერ აზრებს გამომიღვიძებს. ასეა სხვა ყველაფერთან დაკავშირებით.
ობიექტურ ხელოვნებასა და სუბიექტურ ხელოვნებას შორის განსხვავება ისაა, რომ ობიექტურ ხელოვნებაში მხატვარი ნამდვილად "ქმნის", ანუ იმას აკეთებს, რა იდეებისა და გრძნობების მასში მოთავსებაც განიზრახა. ადამიანისთვის ამ სამუშაოსთან დაკავშირებული მოქმედება აბსოლუტურად განსაზღვრულია. სხვები, რა თქმა უნდა, თავისი დონის მიხედვით მიიღებენ ერთსა და იმავე იდეებსა და გრძნობებს, რისი გადაცემაც მხატვარს მათთვის სურდა. ობიექტური ხელოვნების მოქმედებაში არ შეიძლება, რომ რაიმე შემთხვევითი იყოს.
სუბიექტურ ხელოვნებაში ყველაფერი შემთხვევითია. როგორც უკვე ვთქვი, ხელოვანი არ ქმნის, არამედ, მასთან ერთად "ხელოვნება თავისით იქმნება". ეს ნიშნავს, რომ ხელოვანი ისეთი იდეების, განცდების და აზრების ძალაუფლების ქვეშ იმყოფება, რომელიც თავადაც არ ესმის და მასზე კონტროლი არ გააჩნია. ეს ძალები მათ მართავენ და ამა თუ იმ ფორმით საკუთარ თავს გამოხატავენ. როდესაც ესა თუ ის ფორმა შემთხვევით არის მიღებული, იგი ასევე შემთხვევით ახორციელებს ადამიანზე ამა თუ იმ მოქმედებას, მისი განწყობის, გემოვნების, ჩვევების და ჰიპნოზის ბუნების მიხედვით, რომლის მოქმედების ქვეშაც იგი ცხოვრობს. აქ არაფერია უცვლელი, არაფერია გარკვეული. ხოლო ობიექტურ ხელოვნებაში განუსაზღვრელი არაფერია.
- ასეთი განსაზღვრულობის შედეგად, ხელოვნება არ გაქრება? - იკითხა ერთ-ერთმა ჩვენგანმა. - ნუთუ სწორედ გარკვეული განუსაზღვრელობა, მიუწვდომლობა არ განასხვავებს ხელოვნებას სხვებისგან, მაგალითად, მეცნიერებისგან? თუ მას ამ განუსაზღვრელობას წაართმევთ, თუ ხელოვანმა არ იცის, რას მიიღებს ან რა შთაბეჭდილებას მოახდენს მისი ნამუშევრები ადამიანებზე, მაშინ ეს "წიგნი" იქნება და არა "ხელოვნება".
- არ ვიცი, რის შესახებ მელაპარაკებით. - უპასუხა გურჯიევმა. - ჩვენ სხვადასხვა სტანდარტები გვაქვს: მე ხელოვნების დამსახურებას ცნობიერებით ვზომავ, თქვენ კი გაუცნობიერებელი მდგომარეობით. ერთმანეთს ვერ გავუგებთ. ობიექტური ხელოვნების ნამუშევარი, თქვენს მიერ ნახსენები "წიგნივით" უნდა იყოს. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ხელოვანი არ გადმოსცემს თავის იდეებს სიტყვების, ნიშნების ან სიმბოლოების სახით, არამედ გარკვეული გრძნობების მეშვეობით, რომლებიც მას ცნობიერად და მოწესრიგებულად აღელვებს. მან იცის, რას აკეთებს და რატომ აკეთებს.
- ძველ ბერძნულ ტაძრებში ლეგენდები ღმერთების ქანდაკებების სახით შემორჩა, მაგალითად ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში, რომელიც ყოველთვის გარკვეულ და იდენტურ შთაბეჭდილებას ტოვებს ყველა ადამიანზე. - თქვა ერთ-ერთმა დამსწრემ.
- მართალია. - თქვა გურჯიევმა. - ის ფაქტიც კი, რომ ასეთი ისტორიები არსებობს, აჩვენებს, რომ რეალურ და არარეალურ ხელოვნებას შორის არსებული განსხვავება სწორედ ამაში მდგომარეობს და ხალხს ეს ესმის. ეს არის უცვლელი ან შემთხვევითი ქმედება.
- არ შეგიძლიათ, ობიექტური ხელოვნების სხვა ნაშრომზე მიგვითითოთ? არის რაიმე, რასაც შეგვიძლია თანამედროვე ხელოვნებაში ობიექტური ვუწოდოთ? როდის შეიქმნა ბოლო ობიექტური ხელოვნების ნიმუში? - თითქმის ყველამ, ამ და მსგავსი კითხვების დასმა დაიწყო.
- სანამ ამაზე ლაპარაკს დავიწყებთ, პრინციპები უნდა გაიგოთ. - თქვა გურჯიევმა. - პრინციპების გაგებით თქვენ თავად შეძლებთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას. მაგრამ, თუ ვერ გაიგებთ, მაშინ ვერაფერს აგიხსნით. ეს ზუსტად იმას ჰგავს, როგორც ნათქვამია: "სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ; ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით" (ესაია 6:9).
მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ - მუსიკას. ობიექტური მუსიკა დაფუძნებულია "შინაგან ოქტავებზე". მას შეუძლია მიიღოს არა მხოლოდ გარკვეული ფსიქოლოგიური შედეგები, არამედ გარკვეული ფიზიკური შედეგებიც. შესაძლებელია ისეთი მუსიკის არსებობა, რომელიც წყალს ყინავს. ასევე შესაძლებელია ისეთი მუსიკის არსებობა, რომელსაც ადამიანის მოკვლა მომენტალურად შეუძლია. ბიბლიური ლეგენდა იერიქონის კედლების მუსიკით განადგურების შესახებ ზუსტად ასახავს ობიექტური მუსიკის ლეგენდას. უბრალო მუსიკა, როგორიც არ უნდა იყოს იგი, კედლებს არ დაანგრევს, მაგრამ, ობიექტურ მუსიკას ნამდვილად შეუძლია არა მხოლოდ გაანადგუროს, არამედ გაამყაროს კიდეც. ორფეოსის ლეგენდაში ობიექტური მუსიკის შესახებ მინიშნებები გვხვდება, რადგან ორფეოსი ცოდნას მუსიკის საშუალებით ავრცელებდა. აღმოსავლეთში მუსიკით გველების მონუსხვა ობიექტური მუსიკის მაგალითია, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან პრიმიტიული. ხშირად იგი უბრალოდ ერთი ნოტია, რომელიც დიდხანს ისმის, მაღლდება და ოდნავ ეცემა. მაგრამ, ამ ერთ ნოტში მუდმივად მიმდინარეობს "შინაგანი ოქტავები", რომელიც ყურს არ ესმის, მაგრამ ემოციური ცენტრი შეიგრძნობს. გველი მუსიკას ისმენს, უფრო მკაცრად რომ ვთქვათ, გრძნობს და ემორჩილება. იგივე მუსიკას, ცოტათი უფრო რთულს, ადამიანები ემორჩილებიან.
ასე რომ, თქვენ ახლა ხედავთ, ხელოვნება არ არის უბრალო ენა, არამედ რაღაც ბევრად უფრო დიდი. თუ თქვენ ერთმანეთთან დააკავშირებთ იმას, რაც ამჟამად და აქამდე ვთქვი ადამიანის ყოფიერების დონეების შესახებ, შემდეგ გაიგებთ, რა ითქვა ხელოვნებაზე. მექანიკური კაცობრიობა შედგება პირველი, მეორე და მესამე ადამიანებისგან და მათ რა თქმა უნდა, შეუძლიათ მხოლოდ სუბიექტური ხელოვნება ჰქონდეთ. ობიექტური ხელოვნება, ობიექტური ცნობიერების გამონათებებს მოითხოვს. ამ გამონათებების სწორად გასაგებად და მათი სწორად გამოყენებისათვის საჭიროა დიდი შინაგანი ერთიანობა და საკუთარი თავის დიდი კონტროლი.