სასწაულებრივის ძიებაში

პიოტრ უსპენსკი
5
2

პიოტრ უსპენსკი სასწაულებრივის ძიებაში  უცნობი სწავლების ფრაგმენტები მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

თავი მეოთხე

გურჯიევის სისტემის ზოგადი შთაბეჭდილებები. განვლილი გზის გადახედვა. ერთ-ერთი ფუნდამენტური მოცემულობა. ცოდნის ხაზი და ყოფიერების ხაზი. რას იძლევა ცოდნის განვითარება ყოფიერების ცვლილების გარეშე და ყოფიერების ცვლილება ცოდნის განვითარების გარეშე. რას ნიშნავს "გაგება". გაგება, როგორც ცოდნისა და ყოფიერების შედეგი. განსხვავება გაგებასა და ცოდნას შორის. გაგება, როგორც სამი ცენტრის ფუნქცია. რატომ ცდილობენ ადამიანები განმარტების შედგენას ისეთი საგნების მიმართ, რომლებიც არ ესმით. ჩვენი ენა. სიტყვა "ადამიანი" და მისი სხვადასხვა მნიშვნელობა. რატომ არ ესმით ადამიანებს ერთმანეთის. სისტემაში მიღებული ენა. "ადამიანის" კონცეფციის შვიდი გრადაცია. ფარდობითობის პრინციპი სისტემაში. გრადაციები ადამიანის პარალელურად. სიტყვა "სამყარო". მისი მნიშვნელობის მრავალფეროვნება. სიტყვა "სამყაროს" განხილვა ფარდობითობის პრინციპის თვალთახედვიდან. სამყაროს ფუნდამენტური კანონი. სამი პრინციპი ან სამი ძალა. ფენომენების არსებობისთვის სამი ძალის აუცილებლობა. მესამე ძალა. რატომ ვერ ვხედავთ მესამე ძალას. სამი ძალა ანტიკურ სწავლებებში. აბსოლუტის ნებით სამყაროების შექმნა. სამყაროთა ჯაჭვი ანუ "ქმნილების სხივი". თითოეულ სამყაროში კანონთა რაოდენობა. 

 გურჯიევის ლექციებმა ჩვენს ჯგუფებში მრავალი საუბარი გამოიწვია. ჩემთვის ჯერ კიდევ უამრავი საკითხი რჩებოდა გაუგებარი, მაგრამ მრავალი რამ ერთმანეთს დაუკავშირდა, ერთი საკითხი საკმაოდ მოულოდნელად ხსნიდა მეორე საკითხს, რომელსაც თითქოს არანაირი კავშირი არ ჰქონდა წინასთან. სისტემის ზოგიერთმა ნაწილმა უკვე ბუნდოვნად ჩამოყალიბება დაიწყო, როგორც ლანდშაფტის ფიგურებმა, რომელიც თანდათან ჩნდება ფოტოგრაფიული ფირფიტის გამჟღავნებისას, თუმცა, მრავალი ადგილი ჯერ კიდევ არასრული და ცარიელი რჩებოდა. ამავდროულად, ბევრი რამ იყო იმის საწინააღმდეგო, რასაც ველოდი. მე უბრალოდ ვცდილობდი, რომ წინასწარი დასკვნები არ გამომეტანა და დავლოდებოდი. ხშირად, ერთი ახალი სიტყვა, რომელიც მანამდე არ გამიგია, მთლიანად ცვლიდა სურათს და ვალდებული ვიყავი ხელახლა აღმედგინა ყველაფერი, რაც ადრე ავაშენე. ძალიან ნათლად მივხვდი, ჯერ კიდევ დიდი დრო უნდა გასულიყო, სანამ საკუთარ თავს ვეტყოდი, რომ მთელი სისტემა სწორად მესმოდა. ჩემთვის ძალიან უცნაური იყო ხალხის რეაქციის დანახვა, რომლებიც ერთადერთხელ ესწრებოდნენ გურჯიევის ლექციას, მაშინვე ხვდებოდნენ რაზე ვსაუბრობდით, სხვებსაც უხსნიდნენ და მთლიანად ჩვენზე ჩამოყალიბებული მოსაზრება გააჩნდათ. უნდა ვაღიარო, რომ ასეთ დროს ხშირად მახსენდებოდა ჩემი პირველი შეხვედრა გურჯიევთან მოსკოვის ჯგუფში. იმ დროს მეც ძალიან მინდოდა გურჯიევისთვის და მისი მოწაფეებისთვის მზა განაჩენი გამომეტანა. მაგრამ მაშინ რაღაცამ შემაჩერა. ახლა კი, როცა დავიწყე იმის გაცნობიერება, თუ რა უზარმაზარი ღირებულება ჰქონდა ამ იდეებს, გაფიქრებამაც კი შემაშინა, რა მარტივად შემეძლო მათთვის გვერდის ავლა, როგორ მარტივად შემეძლო არასდროს არაფერი გამეგო გურჯიევის შესახებ, იმ ერთხელ მისთვის რომ არ მეკითხა, შემეძლო თუ არა მისი ისევ ნახვა. 

 თითქმის ყველა ლექციაში გურჯიევი უბრუნდებოდა თემას, რომელიც აშკარად უაღრესად მნიშვნელოვნად ითვლებოდა, მაგრამ ბევრი ჩვენგანისათვის ასათვისებლად ძალიანი რთული აღმოჩნდა. 

 - არსებობს ორი ხაზი, - თქვა გურჯიევმა, - რომლითაც ადამიანის განვითარება მიდის. ესაა ცოდნის ხაზი და ყოფიერების ხაზი. სწორად განხორციელებულ ევოლუციაში ცოდნის და ყოფიერების ხაზები ერთროულად, ერთმანეთის პარალელურად მოძრაობენ და ერთმანეთს ეხმარებიან. მაგრამ თუ ცოდნის ხაზი ძალიან უსწრებს ყოფიერების ხაზს, ან ყოფიერების ხაზი უსწრებს ცოდნის ხაზს, ადამიანის განვითარება არასწორად მიმდინარეობს, შედეგად ადრე თუ გვიან ევოლუცია ჩერდება. 

 ადამიანებს ესმით, რას ნიშნავს "ცოდნა" და ესმით, რომ ცოდნის სხვადასხვა შესაძლებელი დონე არსებობს. მათ ესმით, რომ ცოდნა შეიძლება იყოს პატარა ან დიდი. მაგრამ, მათ არ ესმით იგივე "ყოფიერებასთან" მიმართებაში. ყოფიერება მათთვის უბრალოდ არსებობას ნიშნავს, რომელიც არარსებობის საპირისპიროა. მათ არ ესმით, რომ ყოფიერება ან არსებობა, შესაძლოა ძალიან განსხვავებულ დონეებს და კატეგორიებს ეკუთვნოდეს. ავიღოთ მაგალითად მინერალი და მცენარე. ორივე სხვადასხვა ქმნილებაა. მცენარისა და ცხოველის ყოფიერებაც ასევე განსხვავებულია. ცხოველისა და ადამიანის ყოფიერებაც განსხვავებულია. მაგრამ ორი ადამიანის ყოფიერება იმაზე მეტად შესაძლოა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, ვიდრე მინარალის და მცენარის ყოფიერება განსხვავდება. ეს ზუსტად ის არის, რაც ხალხს არ ესმის. მათ არც ის არ ესმით, რომ ცოდნა ყოფიერებაზეა დამოკიდებული. მათ არა მატო არ ესმით ამის მნიშვნელობა, არამედ გაგებაც არ სურთ. განსაკუთრებით დასავლურ კულტურაში თვლიან, რომ ადამიანი შესაძლოა დიდ ცოდნას ფლობდეს, მაგალითად მეცნიერი იყოს, რაღაც აღმოაჩინოს, მეცნიერება წინ წაიყვანოს და ასე შემდეგ, მაგრამ ამ პიროვნების ყოფიერება შესაძლოა უმდაბლეს დონეზე იყოს და გვევლინებოდეს როგორც ეგოისტი, ღვარძლიანი, ბოროტი, შურიანი და უაზრო ადამიანი. 

 აი ეს არის მისი ყოფიერება. ამ დროს ხალხი ფიქრობს, რომ მისი ცოდნა ყოფიერებაზე არ არის დამოკიდებული. დასავლური კულტურის ხალხი ცოდნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მაგრამ არ აფასებს ყოფიერებას. მათ არ რცხვენიათ საკუთარი უმდაბლესი დონის ყოფიერების. თუმცა, მათ არც კი ესმით, ეს რას ნიშნავს. ვერავინ აცნობიერებს, რომ ადამიანის ცოდნა მის ყოფიერებაზეა დამოკიდებული. 

 თუ ცოდნა ყოფიერებას ბევრად უსწრებს, იგი ხდება თეორიული, აბსტრაქტული და ცხოვრებისთვის შეუსაბამო. ეს შეიძლება საზიანოც იყოს, რადგან იმის ნაცვლად, რომ სიცოცხლეს ემსახუროს და ადამიანებს დაეხმაროს სირთულეებთან გასამკლავებლად, იგი ადამიანის ცხოვრების გართულებას იწყებს, მასში ახალი სირთულეები და უბედურებები შემოაქვს, რაც ცხოვრებაში მანამდე არ იყო. 

 ამის მიზეზი ის არის, რომ თუ ცოდნა ყოფიერებას არ შეესაბამება, იგი ვერ იქნება საკმარისი, რათა ადამიანის რეალურ მოთხოვნილებებს შეეფერებოდეს. ეს ყოველთვის იქნება ერთი რაღაცის ცოდნა, მეორე რაღაცის უცოდინრობასთან ერთად; დეტალის ცოდნა მთელის ცოდნის გარეშე; ფორმის ცოდნა არსის ცოდნის გარეშე. 

 ცოდნის ყოფიერებაზე უპირატესობის ამგვარი სახე დღევანდლ კულტურაში შეიმჩნევა. ყოფიერების დონის ღირებულებისა და მნიშვნელობის იდეა სრულიად დავიწყებულია. ამასთან ერთად, ისიც დავიწყებულია, რომ ცოდნის დონეს ყოფიერების დონე განსაზღვრავს. რეალურად, ყოფიერების მოცემულ დონეზე ცოდნის შესაძლებლობები შეზღუდული და სასრულია. მოცემული ყოფიერების ფარგლებში ცოდნის ხარისხის შეცვლა შეუძლებელია. შესაძლებელია მხოლოდ ერთი და იგივე ხასიათის ინფორმაციის დაგროვება, უკვე ცნობილ საზღვრებში. ცოდნის ბუნების შეცვლა, მხოლოდ ყოფიერების ბუნების შეცვლით არის შესაძლებელი. 

 თავისთავად, ადამიანის ყოფიერებას ბევრი განსხვავებული სახე აქვს. თანამედროვე ადამიანის ყოფიერების თვისებათაგან ყველაზე დამახასიათებლი არის მასში ერთიანობის არარსებობა და შემდგომში იმ თვისებების არარსებობა, რომელიც მას ყველაზე მეტად მოწონს და საკუთარ თავს მიაწერს. ასეთი თვისებებია: ცნობიერება, თავისუფალი ნება, მუდმივი ეგო ან "მე" და "კეთების" უნარი. შესაძლოა გაგიკვირდეთ თუ ვიტყვი, რომ თანამედროვე ადამიანის ყოფიერებაში ასეთი მდგომარეობის მიზეზი, როდესაც მას ყველაფერი აკლია, არის ძილი. 

 თანამედროვე ადამიანი ძილში ცხოვრობს, ძილში იბადება და ძილში კვდება. ძილის მნიშვნელობაზე და ადამიანის ცხოვრებაში მის როლზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. მაგრამ ამჟამად მხოლოდ ერთ რამეზე ვიფიქროთ, რა ცოდნა შეიძლება ჰქონდეს მძინარე კაცს? თუ ამაზე იფიქრებთ და ამავე დროს გემახსოვრებათ, რომ ძილი ჩვენი ყოფიერების მთავარი თვისებაა, მაშინ იმასაც მიხვდებით, რომ როცა ადამიანს ნამდვილად სურს ცოდნის მიღება, პირველ რიგში გაღვიძებაზე უნდა იზრუნოს, ანუ იმაზე, თუ როგორ შეცვალოს საკუთარი ყოფიერება. 

 ადამიანის ყოფიერებას გარეგნულად ბევრი განსხვავებული მხარე აქვს: აქტიურობა და პასიურობა. სიმართლე ან ტყუილისადმი მიდრეკილება. გულწრფელობა ან სიმხდალე. გამბედაობა ან მშიშრობა. თვითკონტროლი ან უზნეობა. ეგოიზმი, სიამაყე ან თავგანწირვისთვის მზადყოფნა. ამპარტავნება, მორალი, სიზარმაცე, გარყვნილება და ბევრი სხვა. 

 მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანში სრულიად მექანიკურია. თუ იგი იტყუება, ეს ნიშნავს, რომ მას სიმართლის თქმა არ შეუძლია და ტყუილი ერთდაერთია, რისი თქმაც ძალუძს. თუ იგი სიმართლეს ამბობს, ეს ნიშნავს, რომ ტყუილის თქმა არ შეუძლია და ყველაფერთან დაკავშირებით ასეა. ყველაფერი უბრალოდ ხდება, ადამიანი ვერაფერს გააკეთებს ვერც საკუთარ თავში და ვერც მის გარეთ. 

 მაგრამ, რა თქმა უნდა არსებობს საზღვრები. ზოგადად რომ ვთქვათ, მოცემულ ეტაპზე ადამიანის შესაძლებლობები ძალიან დაბალი ხარისხისაა. ეს შეიძლება ისეთი ცუდი ხარისხის იყოს, რომ რამენაირი ცვლილების შესაძლებლობაც კი არ არსებობდეს. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. ადამიანებს, რომელთაც ჯერ კიდევ აქვთ ცვლილების შანსი, ძალიან გაუმართლათ. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც ცვლილების არანაირი შანსი არ დარჩენიათ. ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ასეთ მდგომარეობაშია. როდესაც ამაზე იფიქრებთ, მიხვდებით, თუ რატომ შეუძლია რეალური ცოდნის მიღება ადამიანთა მხოლოდ მცირე რაოდენობას. ხელის შემშლელ ფაქტორს სწორედ ადამიანთა ყოფიერება განასახიერებს.  

 ცოდნასა და ყოფიერებას შორის ბალანსის აუცილებლობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთის ან მეორეს ცალმხრივად განვითარება. ცალკე აღებული ცოდნის ან ყოფიერების განვითარება სასურველი არანაირად არ არის. მიუხედავად ამისა, უამრავი ადამიანისთვის ცალმხრივი განვითარება ძალიან მიმზიდველია. 

 თუ ცოდნა ყოფიერებას აღემატება, ადამიანმა იცის, მაგრამ არაფრის გაკეთების ძალა არ შესწევს. მეორეს მხრივ, თუ ყოფიერება ცოდნას აღემატება, ადამიანს კეთების ძალა აქვს, მაგრამ არ იცის, რა გააკეთოს. მის მიერ შეძენილი ყოფიერება უმიზნო ხდება და რაიმეს მისაღწევად მცდელობა უსარგებლოა. 

 კაცობრიობის ისტორიაში მრავალი მაგალითია ცნობილი, როდესაც მთელი ცივილიზაციები დაიღუპნენ, რადგან მათი ცოდნა ყოფიერებას აჭარბებდა ან ყოფიერება ჭარბობდა ცოდნას. 

 

 - რა შედეგს ვღებულობთ ცოდნის ან ყოფიერების ცალმხრივი განვითარებით? - იკითხა ვიღაცამ, როცა ერთხელ ამ თემაზე ვსაუბრობდით. 

 - ცოდნის განვითარება ყოფიერების გარეშე იძლევა სუსტ იოგს. - თქვა გურჯიევმა, - ეს არის ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ იცის, მაგრამ რაიმეს გაკეთება არ შეუძლია. მას არ ესმის, გაგების უნარი არ აქვს (გურჯიევმა ხაზი გაუსვა ამ სიტყვას). ყოფიერების განვითარება ცოდნის გარეშე გვაძლევს სულელ წმინდანს, ანუ ადამიანს, რომელსაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ არ იცის, რასთან მიმართებაში რა გააკეთოს. იგი თუ საერთოდ რაიმეს აკეთებს, ასეთ დრს სუბიექტურ განცდებზე მორჩილებით მოქმედებს, რამაც შესაძლოა ძლიერ შეცდომაში შეიყვანოს და სერიოზული შეცდომები ჩაადენინოს, ანუ რეალურად იმის საპირისპირო გააკეთოს, რაც მას სურს. ორივე შემთხვევაში სუსტი იოგიც და სულელი წმინდანიც შეჩერებულია. არც ერთს არ შეუძლია შემდგომი განვითარება.          

 ამ საკითხისა და ზოგადად, ცოდნის და ყოფიერების ბუნების გასაგებად, ისევე როგორც მათი ურთიერთამოკიდებულების შეცნობისათვის, აუცილებელია ჩავწვდეთ, რა კავშირი არსებობს ცოდნასა და "გაგებას" შორის. 

 ცოდნა ერთია, გაგება - მეორე. 

 ადამიანები ხშირად ურევენ ამ ცნებებს და ნათლად ვერ ხვდებიან რა განსხვავებაა მათ შორის.

 ცოდნა თავისთავად არ იძლევა გაგებას და არც გაგება იზრდება მხოლოდ ცოდნის გაზრდით. გაგება ცოდნისა და ყოფიერების ურთიერთობაზეა დამოკიდებული. გაგება არის ცოდნისა და ყოფიერების შედეგი. ცოდნა და ყოფიერება ერთმანეთისგან ძალიან შორს არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგება დაადასტურებს, რომ ისინი აცდენილნი არიან. ამასთან, ცოდნის მიმართება ყოფიერებასთან ცოდნის ზრდით არ იცვლება. ის იცვლება მხოლოდ მაშინ, როცა ყოფიერება ცოდნასთან ერთად იზრდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაგება მხოლოდ ყოფიერების ზრდით იზრდება. 

 ჩვეულებრივ აზროვნებაში ადამიანები ცოდნას და გაგებას ერთმანეთსგან არ განახვავებენ. ისინი ფიქრობენ, რომ დიდი გაგება ცოდნის დიდ მარაგზეა დამოკიდებული. ამიტომ, ისინი ცოდნას აგროვებენ (ან იმას, რასაც თავად ეძახიან ცოდნას), თუმცა არ იციან როგორ დააგროვონ გაგება და არც კი დარდობენ ამაზე. 

 და მაინც, თვითდაკვირვებას მიჩვეულმა ადამიანმა დანამდვილებით იცის, რომ თავისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდებში მას ერთი და იგივე აზრი სრულიად განსხვავებულად ესმოდა. ადამიანს ხშირად უცნაურად ეჩვენება, რამდენად არასწორად ეჩვენებოდა რაღაც, რაც ამჟამად მისი აზრით სწორად ესმის. იგი იმასაც ხვდება, რომ ამავდროულად ცოდნა არ შეცვლილა; საკითხის შესახებ ახლაც იმდენი იცის, რაც აქამდეც იცოდა. მაშინ რა შეიცვალა? შეიცვალა ყოფიერება. როგორც კი ყოფიერება შეიცვლება, გაგებაც იცვლება. 

 ცოდნასა და გაგებას შორის განსხვავება ცხადი ხდება, როდესაც გავაცნობიერებთ, რომ ცოდნა შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ცენტრის ფუნქცია. თუმცა, გაგება სამი ცენტრის ფუნქციაა. ამრიგად, აზროვნების აპარატმა შესაძლოა რაღაც იცოდეს. მაგრამ გაგება მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანი გრძნობს და აღიქვამს იმას, რაც მას უკავშირდება. 

 ჩვენ ადრე მექანიკურობაზე ვისაუბრეთ. ადამიანი ვერ იტყვის, რომ მან მექანიკურობის იდეა გაიგო, თუ იგი მხოლოდ იდეის დონეზე იცის. მან მექანიკურობა მთელი სხეულით, მთელი მისი არსებით უნდა იგრძნოს. მხოლოდ მაშინ გაიგებს. 

 პრაქტიკული საქმიანობის სფეროში ადამიანებმა კარგად იციან განსხვავება ცოდნასა და გაგებას შორის. მათ ესმით, რომ რაღაცის ცოდნა და რაღაცის კეთება ორი განსხვავებული რამაა და რაღაცის დაუფლება მხოლოდ ცოდნით არ მიიღწევა. მაგრამ პრაქტიკული საქმიანობის სფეროს მიღმა ადამიანებს აშკარად არ ესმით რას ნიშნავს გაგება. 

 როგორც წესი, როდესაც ადამიანები ხვდებიან, რომ რაღაც არ ესმით, ცდილობენ სახელი გამოუნახონ იმას, რის გაგებასაც ვერ ახერხებენ და როგორც კი სახელს გამოუნახავენ, იტყვიან, რომ გაიგეს. მაგრამ სახელის გამოძებნა გაგებას არ ნიშნავს. სამწუხაროდ, ხალხი სახელებით კმაყოფილდება. ადამიანს, რომელმაც ბევრი სახელი, ანუ ბევრი სიტყვა იცის, ზოგადად მიაწერენ, რომ მას ბევრი ესმის. პრაქტიკული საქმიანობის შემთხვევაში მალევე აშკარა ხდება, რომ მას არაფერიც არ ესმის. 

 ცოდნის ხაზსა და ყოფიერების ხაზს შორის განსხვავების ერთ-ერთი მიზეზი გაგების ნაკლებობაა; ნაწილობრივ ამ განსხვავების ეფექტი ჩანს იმ ენაზე, რომელზეც ხალხი საუბრობს. ეს ენა სავსეა არასწორი ცნებებით, არასწორი კლასიფიკაციებით, არასწორი ასოციაციებით, ხოლო მთავარი ის არის, რომ ჩვეულებრივი აზროვნების არსებითი მახასიათებლების გამო, ანუ მისი ბუნდოვანობისა და უზუსტობის გამო, ყოველ სიტყვას შესაძლოა ათასობით განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს მოსაუბრეთა შორის, მათ ხელთ არსებული მასალისა და ასოციაციური კომპლექსების მიხედვით. ხალხი ვერ აცნობიერებს, რომ მათი ენა სუბიექტურია და თითოეული ადამიანი მისთვის უცნობ ენაზე ლაპარაკობს. ადამიანებს ძალიან მტკიცე რწმენა აქვთ, რომ ისინი ერთსა და იმავე ენაზე საუბრობენ და ერთმანეთის ესმით. 

 სინამდვილეში ამ რწმენას არანაირი საფუძველი არ აქვს. ენა, რომლითაც ისინი საუბრობენ, მხოლოდ პრაქტიკული ცხოვრებიდან არის ადაპტირებული. ადამიანებში ერთმანეთს შორის კომუნიკაცია პრაქტიკული ხასიათისაა, მაგრამ როგორც კი ისინი ოდნავ უფრო რთულ სფეროზე გადადიან, მაშინვე იკარგებიან და წყვეტენ ერთმანეთის გაგებას, მიუხედავად იმისა, რომ ამას ვერ აცნობიერებენ. ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ ყოველთვის თუ არა, ხშირად მაინც ესმით ერთმანეთის ან შეუძლიათ რომ ნებისმიერ შემთხვევაში გაუგონ ერთმანეთს; ისინი წარმოიდგენენ, რომ წაკითხული წიგნების ავტორების ესმით და სხვებსაც ასევე ესმით თავიანთი წაკითხული. ესეც ერთ-ერთი ილუზიაა, რომელსაც ადამიანები საკუთარი თავისთვის ქმნიან და რომლის შუაგულშიც ცხოვრობენ. ფაქტობრივად, არავის ესმის სხვისი. ორ ადამიანს შეუძლია ღრმა დარწმუნებით დაარქვას ერთ საკითხს სხვადასხვა სახელი და ამაზე გაცხარებით იკამათონ, თუმცა ვერ ხვდებოდნენ, რომ ერთ აზრზე არიან. ასევე, ორი ადამიანი შესაძლოა ერთ სახელს არქმევდეს ორ საკითხს და მათ ეგონოთ, რომ ერთმანეთის ესმით, თუმცა რადიკალურად განსხვავებულ რაღაცაზე ჰქონდეთ წარმოდგენა. 

 თუ ავიღებთ უმარტივეს სიტყვებს, რომლებიც მუდმივად გვხვდება მეტყველებაში და მათთვის მინიჭებული მნიშვნელობის გაანალიზებას ვეცდებით, მაშინვე დავინახავთ, რომ ყველა ადამიანი თითოეულ სიტყვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რომელიც სხვა ადამიანის მნიშვნელობას არასოდეს მოერგება. 

 ავიღოთ სიტყვა "ადამიანი" და წარმოვიდგინოთ საუბარი ადამიანთა ჯგუფს შორის, სადაც ხშირად ისმის ეს სიტყვა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სიტყვა "ადამიანს" ექნება იმდენი მნიშვნელობა, რამდენი კაციც საუბარში მონაწილეობს და ამ მნიშვნელობებს ერთმანეთთან საერთო არაფერი ექნებათ. 

 თითოეული ადამიანი ამ სიტყვას დაუკავშირებს საკუთარ თვალსაზრისს, რომელზეც ზოგადად მიჩვეულია სიტყვის მნიშვნელობის გამოტანაში ან ამა თუ იმ მიზეზის გამო მას სხვანაირად განიხილავს; ერთმა ადამიანმა ეს სიტყვა შეიძლება განმარტოს სქესთა ურთიერთობის საკითხით. მეორესთვის ამ სიტყვას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება და უპირველეს ყოვლისა, იკითხავს: რომელი ადამიანი? კაცი თუ ქალი? მესამე, რელიგიურად განწყობილი ადამიანი იკითხავს: ქრისტიანი ადამიანი თუ არაქრისტიანი? სხვა იტყვის: ჯანმრთელი თუ ავადმყოფი? სპირიტუალისტი ასტრალურ სხეულზე იფიქრებს. ნატურალისტი ადამიანზე ფიქრისას აზრობრივ სიმძიმის ცენტრს სიტყვის იდეაში მოათავსებს, ზოოლოგი მის აგებულებაზე, ადვოკატი სტატისტიკურ ერთეულზე, პოტენცურ დამნაშავეზე, შესაძლო კლიენტზე და ასე შემდეგ. 

 ხალხი ვერ ამჩნევს ამ წინააღმდეგობებს; ისინი ვერ ხვდებიან, რომ მათ ერთმანეთის არ ესმით, რომ ისინი ყოველთვის სხვადასხვა რამეზე საუბრობენ. სავსებით გასაგებია, რომ სათანადო შესწავლისთვის და აზრების ზუსტი გაცვლისთვის, ზუსტი ენაა აუცილებელი, რაც შესაძლებელს გახდის იმის დადგენას, თუ რას ნიშნავს ადამიანი სინამდვილეში, რომელიც მოიცავს მითითებებს, თუ საიდან არის აღებული მოცემული კონცეფცია და ამ კონცეფციის სიმძიმის ცენტრის განსაზღვრება მოხდეს. იდეა სავსებით ნათელია და მეცნიერების ყველა დარგი ცდილობს შეიმუშაოს და დაადგინოს ზუსტი ენა. მაგრამ უნივერსალური ენა არ არსებობს. ხალხი გამუდმებით ურევს და ვერ ახდენს მათ ზუსტ კორელაციას. თითოეული მეცნიერების ცალკეულ ფილიალში მუდმივად ჩნდება ახალი ტერმინოლოგიები, ახალი ნომენკლატურები. რაც უფრო შორს მიდიან ისინი, მით უფრო უარესი ხდება. გაუგებრობა შემცირების ნაცვლად კიდევ უფრო იზრდება და ყველა საფუძველი არსებობს ვიფიქროთ, რომ მომავალში ხალხი დღევანდელზე მეტად დაკარგავს ერთმანეთის გაგებას. 

 ზუსტი გაგებისათვის, ზუსტი ენაა საჭირო. ანტიკური ცოდნის სისტემების შესწავლა იწყება ენის შესწავლით, რომელიც შესაძლებელს ხდის დაუყოვნებლივ გავიგოთ, რა ითქვა, რა თვალსაზრისით და რასთან კავშირში. ეს ახალი ენა თითქმის არ შეიცავს ახალ ტერმინებს ან ახალ ნომენკლატურას, მაგრამ იგი მეტყველების გაგებას აფუძნებს ახალ პრინციპზე, კერძოდ, ფარდობითობის პრინციპზე. ანუ ფარდობითობა შემოგვაქვს ყველა ცნებაში და ამით შესაძლებელი ხდება აზროვნების თვალთახედვის ზუსტი განსაზღვრა - ზუსტად იმისათვის, რათა ჩვეულებრივ ენაში ფარდობითობის გამოხატულების ნაკლოვანებები ანაზღაურდეს. 

 როცა ადამიანი ამ ენას ითვისებს, ენის დახმარებით შესაძლებელია დიდი ცოდნის გაცემა, რომლის გაზიარებაც ჩვეულებრივი ენით შეუძლებელია, თუნდაც ყველა შესაძლო მეცნიერული და ფილოსოფიური ტერმინი გამოვიყენოთ. 

 ახალი ენის ფუნდამენტური თვისება ის არის, რომ მასში არსებული ყველა იდეა კონცენტრირებულია ერთი იდეის გარშემო, ანუ ისინი ერთი იდეის თვალსაზრისით არიან აღებულნი. ეს იდეა არის ევოლუციის იდეა. რა თქმა უნდა ევოლუცია არა მექანიკურობის გაგებით, რადგან ასეთი ევოლუცია არ არსებობს, არამედ ცნობიერი და ნებაყოფლობითი ევოლუციის გაგებით, რომელიც ევოლუციის ერთადერთი შესაძლებლობაა. 

 სამყაროში ყველაფერი, მზის სისტემებიდან ადამიანებამდე, ადამიანებიდან ატომებამდე, ვითარდება ან დეგრადაციას განიცდის, ყალიბდება ან იშლება. მაგრამ არაფერი ვითარდება მექანიკურად. მექანიკურად მხოლოდ გადაგვარება და განადგურება მიმდინარეობს. ის, რაც ცნობიერად ვერ ვითარდება, აუცილებლად გადაგვარდება. გარედან მიღებული დახმარება იმდენად არის შესაძლებელი, რამდენადაც იგი მიიღება და ფასდება. 

 ენა, რომლითაც გაგება არის შესაძლებელი, განსახილველი ობიექტის შესაძლო ევოლუციასთან მიმართებაში არის აგებული, ანუ ევოლუციის კიბეში მისი ადგილის მითითებით. 

 ამ მიზნით მრავალი ჩვენი ჩვეულებრივი იდეა  ევოლუციის ნაბიჯების მიხედვით იყოფა. 

 კიდევ ერთხელ ავიღოთ ადმიანის იდეა. იმ ენაზე, რომელზეც მე ვსაუბრობ, ნაცვლად სიტყვისა "ადამიანი", გამოიყენება შვიდი სიტყვა, კერძოდ: ადამიანი ნომერი პირველი, ადამიანი ნომერი მეორე, ადამიანი ნომერი მესამე, ადამიანი ნომერი მეოთხე, ადამიანი ნომერი მეხუთე, ადამიანი ნომერი მეექვსე და ადამიანი ნომერი მეშვიდე. ამ შვიდი იდეით ადამიანებს უკვე შეუძლიათ ერთმანეთის გაგება, როცა ზოგადად ადამიანზეა საუბარი. 

 ადამიანი ნომერი შვიდი ნიშნავს ადამიანს, რომელმაც სრულ განვითარებას მიაღწია და რომელიც ყველაფერს ფლობს, რისი მიღებაც ადამიანს შეუძლია, ანუ ცნობიერებას, ნებას, მუდმივ და უცვლელ მეს, ინდივიდუალობას, უკვდავებას და მრავალ სხვა თვისებას, რომელსაც ჩვენი უმეცრებისა და სიბრმავის გამო საკუთარ თავს მივაწერთ. როდესაც მეშვიდე ადამიანს და მის თვისებებს გავიგებთ, შესაძლებელია ასევე გავიგოთ ჩვენთვის შესაძლებელი განვითარების პროცესის ეტაპები, რომელსაც ადამიან ნომერ შვიდამდე მივყავართ. 

 ადამიანი ნომერი ექვსი ძალიან ახლოს არის მეშვიდესთან. იგი მისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ზოგიერთი თვისება მასში ჯერ კიდევ არ არის მუდმივი. 

 ადამიანი ნომერი ხუთი ჩვენთვის ამჟამად მიუღწეველი სტანდარტია, რადგან ეს არის კაცი, რომელმაც ერთიანობას მიაღწია. 

 ადამიანი ნომერი ოთხი შუალედური ეტაპია, მასზე მოგვიანებით ვისაუბრებ. 

 ადამიანი ნომერი პირველი, მეორე და მესამე ის ხალხია, რომელიც კაცობრიობის მექანიკურ ნაწილს ქმნის, ანუ ეს არის დონე, რომელზეც ადამიანები იბადებიან. 

 ადამიანი ნომერი პირველი ნიშნავს ადამიანს, რომელშიც ფსიქიკური ცხოვრების სიმძიმის ცენტრი მამოძრავებელ ფუნქციაში დევს. ეს არის ფიზიკური ადამიანი, რომელშიც მამოძრავებელი და ინსტინქტური ცენტრები მუდმივად აღემატება ინტელექტუალურ და ემოციურ ცენტრებს.

 ადამიანი ნომერი ორი ნიშნავს ადამიანს, რომელიც განვითარების იგივე დონეზეა, როგორზეც პირველი, მაგრამ მისი ფსიქიკური ცხოვრების სიმძიმის ცენტრი ემოციურ ფუნქციაშია, ანუ ემოციური ფუნქცია დანარჩენებს აღემატება. ეს არის გრძნობის ადამიანი, ემოციური ადამიანი.

 ადამიანი ნომერი სამიც განვითარების იგივე დონეზეა, მაგრამ მისი ფსიქიკური ცხოვრების სიმძიმის ცენტრი ინტელექტუალურ ფუნქციაშია. ეს არის ადამიანი, რომელთანაც ინტელექტუალური ფუნქციები უპირატესობას იძენს მამოძრავებელ, ინსტინქტურ და ემოციურ ფუნქციებზე. ეს არის გონიერი ადამიანი, რომელიც ყველაფერში თეორიულ და ინტელექტუალურ მოსაზრებებს ეყრდნობა. 

 ყველა ადამიანი იბადება პირველი, მეორე ან მესამე. 

 ადამიანი ნომერი ოთხი მზა სახით არ იბადება, იგი იბადება ერთ-ერთი პირველი სამიდან, ხოლო მეოთხე ადამიანად ყალიბდება მხოლოდ განსაზღვრული ხასიათის ძალისხმევის შედეგად. ადამიანი ნომერი ოთხი ყოველთვის არის სკოლის მუშაობის პროდუქტი. ის არ შეიძლება დაიბადოს ან შემთხვევით განვითარდეს განათლების შედეგად ან სხვა ჩვეულებრივი გავლენების მიერ. ადამიანი ნომერი ოთხი უკვე განსხვავებულ დონეზე დგას, ვიდრე პირველი, მეორე და მესამე. მას აქვს მუდმივი სიმძიმის ცენტრი, რომელიც შედგება სამუშაოს იდეებისგან და მისი შეფასებისგან, ასევე, სკოლასთან ურთიერთობისგან. გარდა ამისა, მასში ფსიქიკური ცენტრები უკვე იწყებს დაბალანსებას. ადამიან ნომერ ოთხში არ შეიძლება ერთ ცენტრს დანარჩენებზე მეტი უპირატესობა ჰქონდეს, როგორც ეს პირველი სამი კატეგორიის ადამიანებთან გვხვდება. იგი უკვე იწყებს საკუთარი თავის შეცნობას და იმის გარკვევას, თუ სად მიდის. 

 ადამიანი ნომერი ხუთი უკვე კრისტალიზებულია. მას არ შეუძლია ისე შეიცვალოს, როგორც ადამიანი ნომერი პირველი, მეორე და მესამე იცვლება. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანი ნომერი ხუთი შეიძლება იყოს როგორც სწორი მუშაობის შედეგი, ასევე არასწორი მუშაობის შედეგი. იგი შეიძლება გახდეს ნომერი ხუთი, ნომერი ოთხის გავლით და შეიძლება გახდეს ნომერი ხუთი, ნომერის ოთხის გავლის გარეშე. ამ შემთხვევაში ის ვერ განვითარდება, ვერ გახდება ნომერი ექვსი და შვიდი. ნომერ ექვსად გახდომისათვის მან განზრახ უნდა დაადნოს თავისი კრისტალიზებული არსება, რომელიც ხუთად ყოფნის საშუალებად აძლევს. ამის მიღწევა მხოლოდ საშინელი ტანჯვით არის შესაძლებელი. საბედნიეროდ, არასწორი განვითარების ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათად ხდება.

 ადამიანის შვიდ კატეგორიად დაყოფა ათასობით საკითხს ხსნის, რასაც სხვაგვარად ვერ გავიგებთ. ეს დაყოფა იძლევა ფარდობითობის პირველ კონცეფციას, რომელიც ადამიანთან მიმართებაში გამოიყენება. საგნები შეიძლება სხვანაირები იყვნენ იმისდა მიხედვით, როგორია თავად ადამიანი და ვისი გადმოსახედით არიან ისინი აღქმულნი. 

 ამის შესაბამისად, ადამიანის ყველა შინაგანი და გარეგანი გამოვლინება, ყველაფერი რაც ადამიანის მიერ არის შექმნილი ან მას შინაგანად და გარეგანად ეკუთვნის, შვიდ კატეგორიად იყოფა. 

 ახლა შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ცოდნა ნომერი პირველი, რომელიც დაფუძნებულია იმიტაციაზე, ინსტინქტების საფუძველზე, დაზეპირებაზე ან ადამიანში რაღაცის ჩაბეჭდვაზე. ამ ტერმინის ნამდვილი გაგებით, ნომერი პირველი ადამიანი ყველაფერს თუთიყუშივით ან მაიმუნივით სწავლობს. 

 მეორე ადამიანის ცოდნა მხოლოდ იმის ცოდნაა, რაც მას მოწონს; რაც არ მოწონს ის არ იცის. ყოველთვის და ყველაფერში მას რაღაც სასიამოვნო უნდა. ან პირიქით, თუ იგი ავადმყოფია, ყველაფერს ცუდს დაინახავს, მასში ყველაფრის მიმართ შიშს, ზიზღს და საშინელებას გამოიწვევს. 

 მესამე ადამიანის ცოდნა დაფუძნებულია სუბიექტურ, ლოგიკურ აზროვნებაზე, სიტყვებზე, პირდაპირი გაგების საფუძველზე. ეს არის წიგნის ჭიების ცოდნა. 

 მეოთხე ადამიანის ცოდნა სრულიად განსხვავებული სახის ცოდნაა. ეს არის ცოდნა, რომელიც მოდის მეხუთე ადამიანისგან, რომელიც თავის მხრივ მეექვსე ადამიანისგან მოდის, რომელმაც იგი მეშვიდე ადამიანისგან მიიღო. რა თქმა უნდა, ადამიან ნომერ ოთხს მხოლოდ იმ ცოდნის ათვისება შეუძლია, რაც მისი ძალების მიხედვით არის შესაძლებელი. მაგრამ, პირველი, მეორე და მესამე ადამიანისგან განსხვავებით, მეოთხემ დაიწყო საკუთარი ცოდნის სუბიექტური ელემენტებისგან განთავისუფლება და ობიექტური ცოდნისკენ მიმავალ გზაზე სიარული. 

 მეხუთე ადამიანის ცოდნა არის მთლიანი, განუყოფელი ცოდნა, რადგან მას ახლა ერთი განუყოფელი "მე" აქვს და მთელი მისი ცოდნა ამ "მეს" ეკუთვნის. მას არ შეუძლია ჰქონდეს ერთი "მე", რომელმაც რაღაც იცის და მეორე "მე", რომელმაც ეს არ იცის. მისი ცოდნა უფრო ახლოს არის ობიექტურ ცოდნასთან, ვიდრე ადამიანი ნომერი ოთხის ცოდნა. 

 მეექვსე ადამიანის ცოდნა ყველაზე სრული ცოდნაა, რაც კი ადამიანისთვის არის შესაძლებელი, მაგრამ იგი მაინც შეიძლება დაიკარგოს. 

 მეშვიდე ადამიანის ცოდნა მისი საკუთარია, რომელიც არ შეიძლება მისგან დაიკარგოს. ეს არის ყველაზე ობიექტური და პრაქტიკული ცოდნა. იგივე ხდება ყოფიერებასთან დაკავშირებითაც. არსებობს ყოფიერების შვიდი საფეხური.  სრულიად გასაგებია, რატომ არ შეიძლება ცოდნა ყფიერებისგან შორს იყოს ან პირიქით. პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე ადამიანის ყოფიერება ვერ შესწვდება მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ადამიანის ცოდნას. ისინი ყველა ინტერპრეტაციას თავისებურად გააკეთებენ და იმ დონეზე დაიყვანენ, რომელზეც თავად არიან. 

 შვიდ კატეგორიად დაყოფის იგივე თანმიმდევრობა უნდა იქნეს გამოყენებული ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ადამიანს ეხება. არსებობს შვიდი სახის ხელოვნება. 

 ზუსტად ასევე, არსებობს პირველი ადამიანის რელიგია, ანუ, რელიგია, რომელიც შედგება რიტუალებისგან, გარეგანი ფორმებისგან, მსხვერპლშეწირვისა შთამბეჭდავი ბრწყინვალების ცერემონიებისგან ან პირიქით, პირქუში, სასტიკი და ველური ხასიათის რიტუალებისგან. არსებობს მეორე ადამიანის რელიგია: რწმენის, სიყვარულის რელიგია, რომელიც მალევე გარდაიქმნება "ერეტიკოსების" და "წარმართების" დევნის, მჩაგვრელობისა და განადგურების რელიგიად. არსებობს მესამე ადამიანის მტკიცებულებებისა და არგუმენტების ინტელექტუალური რელიგია, რომლიც ლოგიკურ დასკვნებზე და მოსაზრებებზეა დაფუძნებული. მსოფლიოში ყველა ცნობილი და არსებული რელიგია ამ სამი კატეგორიიდან ერთ-ერთს მიეკუთვნება. როგორია მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ადამიანის რელიგია, ჩვენ არ ვიცით და ამის ცოდნა იქამდე არ შეგვეძლება, სანამ იქ დავრჩებით, სადაც ვართ. 

  ზოგადად რელიგიის ნაცვლად ავიღოთ მხოლოდ ქრისტიანობა: არსებობს ქრისტიანობა ნომერი პირველი, ანუ ქრისტიანობის ნიღაბს ამოფარებული წარმართობა. ქრისტიანობა ნომერი ორი არის ემოციური რელიგია, ზოგჯერ ძალიან სუფთა, მაგრამ ძალისგან დაცლილი, ზოგჯერ კი სისხლით და საშინელებით სავსე, რომელსაც ინკვიზიცია და რელიგიური ომები მოჰყვება. ქრისტიანობა ნომერი სამი ინტელექტუალური ხასიათისაა, მაგალითად პროტესტანტიზმი, რომელიც დიალექტიკას, არგუმენტებს და თეორიებს ემყარება. არსებობს ქრისტიანობა ნომერი ოთხი, რომელზეც არც ერთ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს. 

 ფაქტობრივად, ქრისტიანობა ნომერი პირველი, მეორე და მესამე, მხოლოდ გარეგანი იმიტაციაა. ნამდვილ ქრისტიანად ყოფნას მხოლოდ მეოთხე ადამიანი ცდილობს და მხოლოდ მეხუთე ადამიანს შეუძლია იყოს ნამდვილი ქრისტიანი, რადგან ქრისტიანად ყოფნა ნიშნავს ყოფიერებით ქრისტიანად ყოფნას, ანუ ქრისტეს მცნებების შესაბამისად ცხოვრებას. 

 ადამიანი ნომერი პირველი, მეორე და მესამე ვერ იცხოვრებს ქრისტეს მცნებების შესაბამისად, რადგან მის თავს ყველაფერი უბრალოდ "ხდება", ისინი ერთ დღეს ერთნი არიან, მეორე დღეს მეორე. დღეს ისინი მზად არიან უკანასკნელი მაისური სხვას აჩუქონ, ხვალ კი მზად არიან ადამიანები გაანადგურონ, რადგან უარს ამბობენ მაისურის დათმობაზე. ისინი არ არიან საკუთარი თავის ოსტატები, შესაბამისად მათ არ შეუძლიათ გადაწყვიტონ ქრისტიანად ყოფნა და შედეგად ნამდვილად იყვნენ ქრისტიანები. 

 მეცნიერება, ფილოსოფია და ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის ყველა გამოვლინება შვიდ კატეგორიად შეიძლება დაიყოს. მაგრამ, ჩვეულებრივი ენა, რომელზეც ხალხი საუბრობს, ძალიან შორს არის ასეთი დაყოფისაგან და ამიტომაც არის ადამიანებისთვის ერთმანეთის გაგება ასეთი რთული. 

 სიტყვა "ადამიანის" სხვადასხვა სუბიექტური მნიშვნელობის გაანალიზებისას ჩვენ დავინახეთ, თუ როგორი წინააღმდეგობრივი, მრავალფეროვანი და უპირველეს ყოვლისა, რამდენად ფარული და შეუმჩნეველი შეიძლება იყოს სიტყვები როგორც მსმენელისთვის, ასევე მოსაუბრისთვის. სიტყვებში ჩვევებით შექმნილი ასოციაციები და მნიშვნელობები დევს, რომლებიც მათი ნამდვილი მნიშვნელობის აჩრდილნი არიან. 

 ავიღოთ სხვა სიტყვა, მაგალითად "სამყარო". თითოეულ ადამიანს ეს სიტყვა თავისებურად ესმის და სრულიად განსხვავებული გზით განმარტავს. 

 რელიგიური წარმოდგენის მქონე ადამიანში, მაგალითად ქრისტიანში, სამყარო განასახიერებს რელიგიური კონცეფციების მთელ რიგს, რომელიც აუცილებლად უკავშირდება ღმერთის იდეას, "ცოდვილ სამყაროს", სამყაროს შექმნის ან მისი აღსასრულის იდეას და ასე შემდეგ. 

 ვედანტური ფილოსოფიის მიმდევრისთვის სამყარო ილუზიაა, ანუ "მაია". 

 თეოსოფი სხვადასხვა "სფეროებზე" დაიწყებს ფიქრს; ფიზიკურზე, ასტრალურზე, მენტალურზე და ასე შემდეგ. 

 სპირიტუალისტი მიღმიერ სამყაროზე იფიქრებს.  

 ფიზიკოსი სამყაროს მატერიის სტრუქტურის თვალსაზრისით შეხედავს. მისთვის ეს იქნება მოლეკულების, ატომების, ელექტრონების და ნეიტრონების სამყარო. 

 ასტრონომისთვის სამყარო ვარსკვლავებისგან და ნისლეულებისგან შედგება. 

 ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფენომენალური და ნუმენალური სამყარო, მესამე განზომილება, მეოთხე განზომილება და სხვა განზომილებები, სიკეთის სამყარო და ბოროტების სამყარო, მატერიალური სამყარო და არამატერიალური სამყარო...

 ადამიანებს სამყაროს შესახებ ათასობით განსხვავებული წარმოდგენა აქვთ, მაგრამ აქედან არც ერთი ზოგადი წარმოდგენა არ აძლევთ საშუალებას, ერთმანეთს გაუგონ და ერთბაშად დაადგინონ რა თვალსაზრისით სურთ სამყაროს დანახვა. 

 შეუძლებელია სამყაროს სისტემის შესწავლა ადამიანის გარეშე. ამავე დროს შეუძლებელია ადამიანის შესწავლა სამყაროს შესწავლის გარეშე. ადამიანი არის სამყაროს სახე. ადამიანი და სამყარო ერთი და იგივეა, განსხვავება მხოლოდ მასშტაბშია. ადამიანი იგივე კანონებით არის შექმნილი, რომლითაც მთელი სამყარო. საკუთარი თავის შეცნობით და გაგებით ადამიანი შეიცნობს სამყაროს ყველა კანონს, რომელიც მასში მოქმედებს და ყველაფერს მართავს. სამყაროს კანონების შეცნობით და გაგებით ადამიანი შეიცნობს საკუთარ თავში არსებულ კანონებს, რომელიც მასში მოქმედებს და ყველაფერს მართავს. აქედან ზოგიერთი კანონის ათვისება და გაგება უკეთ არის შესაძლებელი ადამიანის შესწავლით, ზოგი კი სამყაროს შესწავლით. ამიტომ, სამყაროს შესწავლა და ადამიანის შესწავლა უნდა მიმდინარეობდეს ერთმანეთის პარალელურად; ერთი ეხმარება მეორეს.

 ტერმინ "სამყაროსთან" მიმართებაში აუცილებელია გავიგოთ, რომ არსებობს ბევრი სამყარო და ჩვენ ვცხოვრობთ არა ერთ სამყაროში, არამედ ერთდროულად რამდენიმე სამყაროში. ეს არ არის ადვილად გასაგები, რადგან ჩვეულებრივ ენაში სიტყვა "სამყარო" მხოლობით რიცხვში გამოიყენება. თუ ამ სიტყვას მრავლობითში იყენებენ, იგი ხაზს უსვამს ერთსა და იმავე იდეას ან გამოხატავს სამყაროების იდეას ერთმანეთის პარალელურად, რაც არასწორია. და მაინც, იდეა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სხვადასხვა სამყაროში იმას გულისხმობს, რომ ისინი ერთდროულად არსებობენ ერთმანეთში და ჩვენ მათთან განსხვავებულ ურთიერთობაში ვიმყოფებით. 

 თუ გვსურს პასუხის გაცემა კითხვაზე, "რას წარმოადგენს სამყარო ან სამყაროები, რომლებშიც ვცხოვრობთ?", პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, რას ვუწოდებთ "სამყაროს", ჩვენი ყველაზე ინტიმური და უშუალო ურთიერთობის ასპექტში. 

 ამაზე შეგვიძლია გვქონდეს პასუხი, რომ "სამყაროს" იმას ვუწოდებთ, სადაც ვცხოვრობთ, რომლის ნაწილიც ვართ. მაგრამ კაცობირობა დედამიწაზე ორგანული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მართებული იქნება ვთქვათ, რომ ჩვენთან ყველაზე ინტიმურად ახლოს არსებული სამყარო არის დედამიწაზე არსებული ორგანული სოცოცხლე, ანუ მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანების სამყარო.

 მაგრამ ორგანული სიცოცხლეც ასევე სამყაროშია. მაშინ რა არის თავად "სამყარო" ორგანული სიცოცხლისთვის?

 ამაზე პასუხი ის არის, რომ ორგანული სიცოცხლისთვის "სამყარო" არის პლანეტა დედამიწა. 

  მაგრამ დედამიწაც ასევე სამყაროშია. მაშინ რა არის თავად "სამყარო" დედამიწისთვის? 

 დედამიწისთვის "სამყარო" მთელი მზის სისტემის პლანეტარული სამყაროა, რომლის ნაწილსაც თავად წარმოადგენს. 

 რა არის "სამყარო" ერთად აღებული ყველა პლანეტისათვის? ეს არის მზე, ან მზის სფერო, მზის გავლენა, მზის სისტემა, რომლის ნაწილსაც პლანეტები წარმოადგენენ. 

 თავის მხრივ, მზისთვის "სამყარო" არის ვარკსვლავების სამყარო, მთელი გალაქტიკა, ანუ ირმის ნახტომი, რომელშიც მზის სისტემების დიდი რაოდენობაა დაგროვებული. 

 გარდა ამისა, ასტრონომიული თვალსაზრისით, სავსებით შესაძლებელია ვივარაუდოთ სამყაროს სიმრავლეების არსებობა, რომლებიც ერთმანეთისგან უზარმაზარ მანძილზე იმყოფებიან. ამ სივრცეში ყველა ერთად აღებული ქმნის "ყველა სამყაროს". ირმის ნახტომისთვის სწორედ ეს "ყველა სამყარო" იქნება მისი "სამყარო". 

 გარდა ამისა, ფილოსოფიურ დასკვნებზე გადასვლისას შეიძლება ითქვას, რომ "ყველა სამყარო" ჩვენთვის მთლიანად გაუგებარი და უცნობი უნდა იყოს. ამ მთლიანობას, ამ ყველა სამყაროს ვუწოდებთ "აბსოლუტს" ან "დამოუკიდებელს", რადგან მასში შედის ყველაფერი საკუთარი თავსი ჩათვლით და თავად იგი არაფერზე არ არის დამოკიდებული. მისი "სამყარო" არის "ყველა სამყარო", რაც კი არსებობს ან არ არსებობს. ლოგიკურად სავსებით შესაძლებელია ვიფიქროთ ისეთ მდგომარეობაზე, სადაც ყველაფერი ქმნის ერთ მთლიანობას. ასეთი მთლიანობა აუცილებლად აბსოლუტი იქნება, რომელიც ასევე ნიშნავს დამოუკიდებელს, რადგან იგი უსაზღვრო, შეუცნობელი და განუყოფელია. 

 აბსოლუტი, ანუ საგანთა მდგომარეობა, როდესაც ყოველივე ერთ მთლიანობას წარმოადგენს, არის პირველადი მდგომარეობა, საიდანაც დაყოფითა და დიფერენცირებით ჩვენს მიერ დაკვირვებადი ფენომენების მრავალფეროვნება წარმოიქმნება.  

 ადამიანი ყველა ამ სამყაროში ცხოვრობს, მაგრამ განსხავებული კუთხით. 

 ეს ნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა მასზე ყველაზე მეტად მოქმედებს მასთან ყველაზე ახლოს მყოფი სამყაროს გავლენა, რომლის ნაწილიც ის არის. შორეული სამყაროებიც გავლენას ახდენენ ადამიანზე, როგორც პირდაპირ, ასევე შუალედური სამყაროების მეშვეობით, მაგრამ მათი მოქმედების გავლენა პირდაპირპროპორციულად მცირდება სიშორისა და სხვაობის გაზრდის შედეგად, რაშიც მასშტაბის პრინციპი მოქმედებს. როგორც მოგვიანებით დავინახავთ, აბსოლუტის პირდაპირი გავლენა ადამიანამდე არ აღწევს. მაგრამ მომდევნო სამყაროს და ვარსკვლავური სამყაროს გავლენა სავსებით ნათელია ადამიანის ცხოვრებაში, თუმცა, ისინი ცხადია უცნობია მეცნიერებისათვის. 

 ამით გურჯიევმა ლექცია დაასრულა. 

 

 მომდევნო საუბარში ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი კითხვა, ძირითადად სხვადასხვა გავლენების შესახებ და რატომ არ აღწევდა ჩვენამდე აბსოლუტის გავლენა. 

- ამ გავლენების გამოკვლევამდე, - თქვა გურჯიევმა, - და ერთიანობიდან მრავლობითში გარდაქმნის კანონების გამოკვლევამდე, ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ ფუნდამენტური კანონი, რომელიც სამყაროს ყველა ფენომენს ქმნის, მის მრავალფეროვნებაში და ერთიანობაში. 

 ეს არის "სამის კანონი", "სამი პრინციპი" ან "სამი ძალა". კანონი მდგომარეობს იმაში, რომ სამყაროში არსებული ყოველი ფენომენი, როგორი მასშტაბისაც არ უნდა იყოს იგი, მოლეკულიდან კოსმიურ ფენომენებამდე, არის ამ სამი ძალის კომბინაციისა და დაპირისპირების შედეგი. თანამედროვე აზროვნება აცნობიერებს ორი ძალის არსებობას და ფენომენების წარმოქმნაში ორი ძალის აუცილებლობას. ეს არის ძალა და წინააღმდეგობა, დადებითი და უარყოფითი, პოზიტიური და ნეგატიური მაგნეტიზმი, პოზიტიური და ნეგატიური ელექტრობა, მამრობითი და მდედრობითი უჯრედები და ასე შემდეგ. მაგრამ ადამიანები ამ ორი ძალის გამოვლინებასაც ვერ აკვირდებიან ყველგან და ყოველთვის. არასდროს, არანაირი კითხვა არ ჩნდება მესამე ძალის არსებობის შესახებ, ხოლო თუ ჩნდება, განმარტება ძალიან ზერელედ და ზედაპირულად ხდება.

 რეალური, ზუსტი ცოდნის თანახმად, ერთი ან ორი ძალა ვერასოდეს წარმოქმნის რაიმე ფენომენს. მესამე ძალის არსებობა აუცილებელია, რადგან მხოლოდ მესამე ძალის დახმარებით შეუძლია პირველ ორ ძალას წარმოქმნას ის, რასაც შეიძლება ფენომენი ეწოდოს; მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სფეროში იქნება იგი. 

 სამი ძალის სწავლება ყველა ანტიკური სისტემის სათავეში იმყოფება. პირველ ძალას შეიძლება ეწოდოს აქტიური ან დადებითი ძალა. მეორე არის პასიური ან უარყოფითი ძალა. ხოლო მესამე არის გამანეიტრალებელი ძალა. მაგრამ ეს მხოლოდ სახელებია, რადგან რეალურად სამივე ძალა თანაბრად აქტიური, პასიური და გამანეიტრალებელია. აღწერილობაში საუბარია მხოლოდ მათი შეხვედრის მომენტში ერთმანეთთან შესაბამისობაზე. პირველი ორი ძალა მეტ-ნაკლებად გასაგებია ადამიანისთვის, მესამე ძალა კი შესაძლოა ზოგჯერ გამოჩნდეს ძალების გამოყენების საწყის წერტილში, შუაში ან შედეგში. მესამე ძალა არ არის ადვილად ხელმისაწვდომი პირდაპირი დაკვირვებისთვის და გაგებისათვის. ამის მიზეზი ადამიანის ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური აქტივობის ფუნქციონალურ შეზღუდვებში და ფენომენალური სამყაროს ჩვენეული აღქმის ფუნდამენტურ კატეგორიებში უნდა ვეძებოთ, ანუ დროსა და სივრცის აღქმაში, რომლიდანაც შეზღუდვები წარმოიქმნება. ადამიანები მესამე ძალას პირდაპირ ვერ აღიქვამენ და გარკვეულწილად მის ფუნქციონირებას "მეოთხე განზომილების" მეშვეობით აღიქვამენ. 

 მაგრამ, საკუთარი თავის შესწავლით, აზროვნებისა და ცნობიერების გამოვლინებების დაკვირვებით, სურვილებით, ჩვევებით და ასე შემდეგ, ადამიანმა შეიძლება ისწავლოს სამი ძალის მოქმედების დაკვირვება და დანახვა. დავუშვათ, ადამიანს სურს საკუთარ თავზე მუშაობა, რათა შეცვალოს მისი გარკვეული მახასიათებლები და მიაღწიოს ყოფიერების მაღალ საფეხურს. მისი სურვილი, მისი ინიციატივა არის აქტიური ძალა. მთელი მისი ჩვეული ფსიქოლოგიური ცხოვრების ინერცია, რომელიც ამ სურვილის წინააღმდეგაა მიმართული, არის პასიური და უარყოფითი ძალა. ეს ორი ძალა ან გაწონასწორდება, ან ერთი-მეორეს მთლიანად დაჯაბნის, თუმცა, ამავდროულად იგი ძალიან სუსტი გახდება შემდგომი მოქმედებისთვის. ამრიგად, ორი ძალა თითქოს ერთმანეთის ირგვლივ ბრუნავს, ერთი-მეორეს შთანთქავს, მაგრამ შედეგად არაფერს აწარმოებს. ასე შეიძლება გაგრძელდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ადამიანმა შესაძლოა სურვილი და ინიციატივა იგრძნოს, მაგრამ ეს ინერცია დაიხარჯოს მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვეული ინერციის დაძლევაში, რომელიც არანაირ შედეგს არ იწვევს დასახულ მიზანთან მიმართებაში. ამგვარად, შესაძლოა ორმა ძალამ უშედეგოდ გააგრძელოს ფუნქციონირება, სანამ მესამე ძალა არ გამოჩნდება, მაგალითად ახალი ცოდნის სახით, როდესაც ადამიანი მუშაობის აუცილებლობას ან უპირატესობას ერთბაშად დაინახავს და ამ გზით ინიციატივა გაძლიერდება. შემდგომში ამ ინიციატივამ მესამე ძალის მხარდაჭერით შესაძლოა დაიპყროს ინერცია და ადამიანი აქტიური გახდეს სასურველი მიმართულებით. 

 სამი ძალის მოქმედების და მესამე ძალის გააქტიურების მაგალითები შეიძლება აღმოვაჩინოთ ჩვენი ფსიქიკური ცხოვრების ყველა გამოვლინებაში, კაცობრიობის ცხოვრების ყველა ფენომენში და ბუნებაში არსებულ ნებისმიერ მდგომარეობაში. 

 მაგრამ დასაწყისში საკმარისია გავიგოთ ზოგადი პრინციპი: ყოველი ფენომენი, რა მასშტაბისაც არ უნდა იყოს იგი, აუცილებლად ვლინდება სამი ძალის შედეგად. ერთ ან ორ ძალას არ შეუძლია არანაირი ფენომენის წარმოქმნა. თუ დავაკვირდებით, რომ რაიმე საქმეში ერთ ადგილას ვართ გაჩერებულნი ან კონკრეტულ საკითხში გაუთავებელი ყოყმანი გრძელდება, ეს ნიშნავს, რომ მოცმეულ ფენომენს მესამე ძალა აკლია. ამ საკითხის გაგებისას უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ ფენომენებს დააკვირდნენ სამი ძალის მოქმედების თვალსაზრისით, რადგან ჩვენ ვერ დავაკვირდებით ობიექტურ სამყაროს, ცნობიერების სუბიექტური მდგომარეობით. სუბიექტურად დაკვირვებად ფენომენებში მხოლოდ ერთი ან ორი ძალის გამოვლინებას ვხედავთ. თუ ნებისმიერ ქმედებაში სამი ძალის დანახვას შევძლებთ, მაშინ სამყასორაც ისე დავინახავთ, როგორიც იგი სინამდვილეშია. უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ფენომენი მარტივად გამოიყურება, იგი შესაძლოა ძალიან რთული იყოს, ანუ მასში შეიძლება სამების რთული კომბინაცია იმყოფებოდეს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არ შეგვიძლია სამყაროს ისეთნაირად დავაკრვირდეთ, როგორადაც იგი სინამდვილეში არსებობს; სწორედ ეს დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ ვერ ვხედავთ მესამე ძალას. მესამე ძალა რეალური სამყაროს საკუთრებაა. ჩვენი სუბიექტური დაკვირვება მხოლოდ შედარებით რეალურია, ყოველ შემთხვევაში, იგი სრული არ არის. 

 შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც აბსოლუტში, ასევე ჩვენს კოსმოსში და ორგანულ სამყაროში, სამი ძალა აქტიურობს: აქტიური, პასიური და გამანეიტრალებელი. მაგრამ ვინაიდან აბსოლუტში თავისი ბუნებით ყველაფერი ერთია, სამი ძალაც ერთ მთლიანობას წარმოადგენს. უფრო მეტიც, რაღაც კონკრეტულის ჩამოყალიბებაში სამივე ძალას აქვს სრული და დამოუკიდებელი ნება, სრული ცნობიერება, სრული გაგება საკუთარი თავისა და ყველა დანარჩენის მიმართ, რაც კი კეთდება. 

 აბსოლუტში სამი ძალის ერთობის იდეა ანტიკურ სწავლებებში მრავალ საფუძველს წარმოშობს. ქრისტიანობაში ეს არის ერთარსი და განუყოფელი წმინდა სამება, მამა, ძე და სულიწმიდა; ინდუიზმში ეს არის ტრიმურტი, ბრაჰმა, ვიშნუ და შივა და ასე შემდეგ. 

 აბსოლუტის სამი ძალა, რომლებიც ერთ მთლიანობას ქმნიან, განცალკევდებიან და ერთიანდებიან საკუთარი ნების და გადაწყვეტილების მიხედვით; გაერთიანების მომენტში ისინი ქმნიან ფენომენებს, ანუ "სამყაროებს". აბსოლუტის ნებით შექმნილი ეს სამყაროები მთლიანად მათ ნებაზეა დაფუძნებული ყველაფრის ჩათვლით, რაც ამ სამყაროებში არსებობს და ცოცხლობს. თითოეულ ამ სამყაროში სამი ძალა ისევ და ისევ მოქმედებს. ვინაიდან თითოეული სამყარო მთლიანის ნაცვლად ნაწილს წარმოადგენს, მათში არსებული სამი ძალა არ ქმნის ერთ მთლინობას. ეს არის სამი ნების, სამი ცნობიერების, სამი ერთობის შემთხვევა. სამი ძალიდან თითოეული შეიცავს დანარჩენის ძალების შესაძლებლობას, მაგრამ შეხვედრის წერტილში სამივე ძალა ერთ პრინციპს ავლენს, - ეს არის აქტიური, პასიური და გამანეიტრალებელი. სამი ძალა ერთად ქმნის სამებას, რომელიც ყოველი ახალი ფენომენის წარმოშობის მიზეზს წარმოადგენს, მაგრამ ჩვენს მზის სისტემაში სამება განსხვავებულია, იგი არ არის ისეთი, როგორი სამებაც აბსოლუტში გვხვდება, სადაც სამი ძალა განუყოფელ მთლიანობას ქმნის და ერთი ნება და ცნობიერება გააჩნიათ. მეორე რიგის სამყაროებში სამი ძალა ხელახლა იყოფა და მათი შეხვედრის ადგილები განსხვავებული ხასიათისაა. აბსოლუტში მათი შეხვედრის წერტილი განისაზღვრება მეორად სამყაროებში, სადაც ერთი ნების ნაცვლად სამი ნებაა, შეხვედრის პუნქტები თითოეულისგან დამოუკიდებელი ნებით განისაზღვრება, ამიტომ, შეხვედრის წერტილი შემთხვევითი ან მექანიკური ხდება. აბსოლუტის ნება მეორე რიგის სამყაროებს ქმნის, მაგრამ აღარ მართავს მათ შემოქმედებით საქმიანობას, რომელშიც მექანიკური ელემენტი იჩენს თავს. 

 წარმოვიდგინოთ აბსოლუტი, როგორც წრე, და მასში არსებული მრავალი წრე, როგორც მეორადი სამყაროების განსახიერება. აბსოლუტი არის პირველი, რადგან ერთ მთლიანობას წარმოადგენს, ხოლო მასში არსებულ მცირე წრეებს აღვნიშნავთ სამიანით, რადგან მეორე რიგის სამყაროებში სამი ძალა უკვე გაყოფილია. 

 მეორე რიგის სამყაროში არსებული სამი გაყოფილი ძალა გაერთიანების შედეგად წარმოქმნის მესამე რიგის ახალ სამყაროებს. მესამე რიგის სამყაროები, რომლებიც ნახევრად მექანიკურად მოქმედებენ, აღარ არიან დამოკიდებულნი აბსოლუტის ერთიან ნებაზე, არამედ სამ მექანიკურ კანონზე. ეს სამყაროები სამი ძალის მიერ არის შექმნილი, ამრიგად, მესამე რიგის სამყაროებში მოქმედი ძალების რაოდენობა ექვსი იქნება. აბსოლუტი არის ერთი, მეორე რიგის სამყაროები სამი, ხოლო მესამე რიგის სამყაროები ექვსი (3+3). ამ სამყაროებში იქმნება ახალი, მეოთხე რიგის სამყაროები. მეოთხე რიგის სამყაროებში მოქმედებს მეორე რიგის სამი ძალა, მესამე რიგის ექვსი ძალა და სამი საკუთარი ძალა, სულ თორმეტი ძალა (3+6+3). ეს სამყაროები ექვემდებარება კანონების უფრო დიდ რაოდენობას, რადგან ისინი აბსოლუტის ერთიანი ნებისგან კიდევ უფრო შორს დგანან და შედეგად, უფრო მეტად მექანიკურები არიან. მომდევნო სამყაროში მოქმედებს ოცდაოთხი ძალა (3+6+12+3). ამის მომდევნო სამყაროში კი ორმოცდარვა ძალა მოქმედებს (3+6+12+24+3). ამ სამყაროს მიერ შექმნილი სხვა სამყარო ოთხმოცდათექვსმეტი ძალის მიერ იმართება (3+6+12+24+48+3). თუ მომდევნო სამყარო იარსებებს, მასში ას ოთხმოცდათორმეტი ძალა იქნება მოქმედი და ასე შემდეგ. 

 აბსოლუტის მიერ შექმნილი სამყაროებიდან ერთ-ერთს თუ ავიღებთ, ეს იქნება გალაქტიკების საერთო რაოდენობა, რომელშიც ირმის ნახტომი იმყოფება. ეს იქნება სამყარო ნომერი სამი. სამყარო ნომერი ექვსი იქნება მრავალთაგან ერთი კონკრეტული გალაქტიკა, რომელსაც ჩვენ ირმის ნახტომს ვუწოდებთ. სამყარო ნომერი თორმეტი იქნება ერთ-ერთი მზე, რომელიც ირმის ნახტომში შედის. სამყარო ნომერი ოცდაოთხი იქნება პლანეტარული სამყარო, რომელის მზის სისტემაში შედის. სამყარო ნომერი ორმოცდარვა იქნება პლანეტა დედამიწა, ხოლო სამყარო ნომერი ოთხმოცდათექვსმეტი იქნება პლანეტა მთვარე. მთვარეს რომ თანამგზავრი ჰყვადეს, ეს იქნება სამყარო ნომერი ას ოთხმოცდათორმეტი და ასე შემდეგ. 

 სამყაროების ჯაჭვი, რომლის რგოლებსაც აბსოლუტი წარმოადგენს, ყველა სამყარო, ყველა მზე, ყველა პლანეტა, დედამიწა და მთვარე ქმნის "ქმნილების სხივს", რომელშიც ჩვენ საკუთარ თავს ვპოულობთ. ქმნილების სხივი ჩვენთვის არის იგივე "სამყარო", ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით. რა თქმა უნდა, ქმნილების სხივი არ მოიცავს "სამყაროს" ტერმინს სრული გაგებით, რადგან აბსოლუტი ქმნის რიცხვებს, შესაძლოა რიცხვების უსასრულო რაოდენობას, ანუ განსხვავებულ სამყაროებს, რომელთაგან თითოეული ახალი და განცალკევებული ქმნილების სხივის შექმნას იწყებს. გარდა ამისა, თითოეული სამყარო შეიცავს უამრავ სამყაროს, რომელიც ქმნილების სხივის შემდგომი დაშლის შედეგად ჩნდება. ამ სამყაროებიდან ამჟამად მხოლოდ ერთში ვიმყოფებით, - ირმის ნახტომში. ირმის ნახტომი შედგება უამრავი მზისგან, მაგრამ ჩვენ ვიმყოფბით ერთ-ერთ მათგანში, რომელიც ჩვენთან ყველაზე ახლოსაა და რომელზეც ყველაზე მეტად ვართ დამოკიდებულნი. ყოველი სხვა მზე ნიშნავს ქმნილების სხივის ახალ დაშლას, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია შევისწავლოთ ისინი ისევე, როგორც ჩვენი ქმნილების სხივი. გარდა ამისა, მზის სისტემაში ჩვენთან პლანეტარული სამყარო უფრო ახლოს იმყოფება, ვიდრე თავად მზე. პლანეტარულ სამყაროში ჩვენთან ყველაზე ახლოს არის დედამიწა, პლანეტა რომელზეც ვცხოვრობთ. ჩვენ არ გვჭირდება სხვა პლანეტების ისევე დეტალურად შესწავლა, როგორც დედამიწას ვსწავლობთ; ჩვენთვის საკმარისია დანარჩენი პლანეტები ავიღოთ ერთიანად, გაცილებით მცირე მასშტაბით, ვიდრე დედამიწას განვიხილავთ. 

 თითოეულ სამყაროში ძალების რაოდენობა, 1, 3, 6, 12 და ასე შემდეგ, განასახიერებს კანონებს, რომელთაც მოცემული სამყარო ექვემდებარება. 

 რაც უფრო ნაკლები კანონია სამყაროში, მით უფრო ახლოს იმყოფება იგი აბსოლუტის ნებასთან. რაც უფრო მეტი კანონია სამყაროში, მით უფრო მეტია მექანიკურობა და აბსოლუტის ნებისგანაც მეტად შორსაა. ჩვენ ვცხოვრობთ ორმოცდარვა კანონის ქვეშ დაქვემდებარებულ სამყაროში, ანუ აბსოლუტის ნებისგან ძალიან შორს, სამყაროს მიკარგულ და ბნელ კუნჭულში.  

 ქმნილების სხივი გვეხმარება განვსაზღვროთ და გავაცნობიეროთ სამყაროში ჩვენი ადგილი. მაგრამ, როგორც ხედავთ, ჩვენ ჯერ არ მივსულვართ გავლენის საკითხებამდე. იმისათვის, რომ სხვადასხვა სამყროებს შორის გავლენების განსხვავება გავიგოთ, ჩვენ უნდა შევისწავლოთ "სამის კანონი" და შემდეგ კიდევ ერთი ფუნდამენტური კანონი, შვიდის კანონი, ანუ "ოქტავების კანონი". 

 

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff