სასწაულებრივის ძიებაში

პიოტრ უსპენსკი
5
2

პიოტრ უსპენსკი სასწაულებრივის ძიებაში  უცნობი სწავლების ფრაგმენტები მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

თავი მესამე

  გურჯიევის ფუნდამენტური იდეები ადამიანის შესახებ. ერთიანობის არარსებობა. "მე"-თა სიმრავლე. ადამიანური მანქანის მშენებლობა. ფსიქიკური ცენტრები. გურჯიევის მეთოდი სისტემის იდეების გაცნობისათვის. გამეორება გარდაუვალია. რას ნიშნავს, რომ ადამიანის ევოლუციაში მექანიკური პროგრესი შეუძლებელია. ადამიანის ევოლუციის ევროპული მოდელი. ბუნებაში ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში. კაცობრიობა და მთვარე. ინდივიდუალური ადამიანის უპირატესობა მასობრივი ადამიანური მანქანის ცოდნაში. მუდმივი "მე"-ს არარსებობა. პატარა "მე"-ების როლი. სახლისა და მისი მსახურების აღმოსავლური ალეგორია. საუბრები ფაკირებზე და ბუდისტურ მაგიაზე. 

  1915 წლის ნოემბრის დასაწყისში მე უკვე ვიცნობდი გურჯიევის სისტემის რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპს ადამიანთან მიმართებაში. პირველი პრინციპი, რომელზეც გურჯიევი კონცენტრირდებოდა, ადამიანში ერთიანობის არარსებობა გახლდათ.

  - ყველაზე დიდი შეცდომაა ფიქრობდე, რომ ადამიანი ყოველთვის ერთი და იგივეა. - თქვა მან, - ადამიანი არასდროს არის იგივე დიდი ხნის მანძილზე. იგი მუდმივად იცვლება. პიროვნება იშვიათად რჩება იგივე თუნდაც ნახევარი საათის განმავლობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ადამიანს ივანე ჰქვია, იგი მუდმივად ივანედ რჩება. არაფერი მსგავსი... ახლა ივანეა, მეორე წუთში პეტრე, კიდევ ერთი წუთის შემდეგ ნიკოლოზი, სერგიუსი, მათე და სიმონი. თქვენ ყველა ფიქრობთ, რომ იგი ყოველთვის ივანეა. მაგალითად, შესაძლოა გეგონოთ, რომ ივანს ტყუილის თქმა არ შეუძლია. შემდგომში თქვენ აღმოაჩენთ, რომ მან ტყუილი თქვა და გაგიკვირდებათ, თურმე მშვენივრად შეძლებია ტყულის თქმა. და მაინც, ივანს მართლაც არ შეუძლია ტყუილის თქმა, ეს ნიკოლოზმა მოიტყუა. როცა ნიკოლოზს შესაძლებლობა მიეცემა, იგი აუცილებლად ტყუილს იტყვის, რადგან სხვანაირად არ შეუძლია. გაგიკვირდებათ როცა გაიგებთ, რამდენად ბევრი ივანე და ნიკოლოზი ცხოვრობს ერთ ადამიანში. თუ მათზე დაკვირვებას ისწავლით, კინოთეატრში გასართობად წასვლა აღარ დაგჭირდებათ. 

  - აქვს თუ არა ამას რაიმე კავშირი სხეულისა და ორგანოების ცნობიერების ცალკეულ ნაწილებთან? - ვკითხე მას ამ თემასთან დაკავშირებით, - მე მესმის ეს იდეა და ხშირად მიგვრძნია ასეთი ცნობიერების რეალურობა. ვიცი, რომ არა მარტო ცალკეულ ორგანოებს, არამედ სხვადასხვა ფუნქციების ყველა ნაწილს საკუთარი, ცალკე ცნობიერება გააჩნია. მარჯვენა ხელს აქვს ერთი ცნობიერება, ხოლო მარცხენას  მეორე. ამას გულისხმობთ?

  - მთლად მაგას არა, - თქვა გურჯიევმა, - ასეთი ცნობიერებაც არსებობს, მაგრამ იგი შედარებით უვნებელია. თითოეულმა მათგანმა თავისი ადგილი და მისთვის კუთვნილი საქმე იცის. ხელებმა იციან, რომ უნდა იმუშაონ. ფეხებმა იციან, რომ უნდა იარონ. მაგრამ ივანები, ნიკოლოზები და პიოტრები განსხვავებულნი არიან. ისინი ყველანი, საკუთარ თავს "მე"-ს ეძახიან, ანუ თვლიან, რომ თავად ბატონობენ და არც ერთს არ სურს სხვისი ამოცნობა. თითოეული მათგანი ხალიფას რანგშია ერთი საათის განმავლობაში და იმას აკეთებს, რაც მოუნდება ყველაფერთან დაკავშირებით, მოგვიანებით კი ამაზე სხვებს მოუწევთ გადახდა. მათ შორის არანაირი წესრიგი არ არსებობს. ვინც უპირატესობას მოიპოვებს, სწორედ ის არის ოსტატი. იგი ყველას მათრახს ურტყამს და არაფერს აქცევს ყურადღებას. მაგრამ შემდეგ მომენტში მათრახს სხვა იკავებს და ახლა წინას ურახუნებს გამეტებით. ასე გრძელდება მთელი ცხოვრება. წარმოიდგინეთ ქვეყანა, სადაც ყველას შეუძლია მეფე გახდეს ხუთი წუთის განმავლობაში და მთელი ამ დროის მანძილზე სამეფოში ის აკეთოს, რაც მოეპრიანება. ეს არის ჩვენი ცხოვრება. 

 

  ერთ-ერთი საუბრის დროს გურჯიევი კვლავ მიუბრუნდა ადამიანის სხვადასხვა სხეულის იდეას. 

  - ადამიანს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე სხეული, - თქვა მან, - ეს უნდა გავიგოთ, როგორც მოცემული პრინციპი. მაგრამ ეს ჩვენზე არ ვრცელდება. ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს ერთი ფიზიკური სხეული და სხვა სხეულების შესახებ არაფერი ვიცით. სწორედ ფიზიკური სხეული უნდა შევისწავლოთ. უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ საკითხი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური სხეულით და არსებობს ხალხი, რომელთაც აქვთ ორი, სამი ან მეტი სხეული. მაგრამ, პირადად ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამერიკაში ვიღაც როკფელერს შეიძლება მილიონები ჰქონდეს, მაგრამ ეს არაფერში მეხმარება, თუ შიმშილით ვკვდები. იგივე ხდება მოცემულ საკითხშიც. ყველამ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იფიქროს. უსარგებლო და უაზროა სხვებზე დაყრდნობა ან საკუთარი თავის ნუგეშისცემა იმაზე ფიქრით, რასაც სხვები ფლობენ. 

  - როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა, რომ ასტრალური სხეული აქვს? - ვკითხე გურჯიევს. 

  - ამის ცოდნის გარკვეული გზები არსებობს. არსებობს პირობები, სადაც ასტრალური სხეული მოჩანს. იგი შეიძლება განცალკევდეს ფიზიკური სხეულისგან და ფიზიკური სხეულის გვერდით მისი ფოტოგრაფიული დაფიქსირებაც შესაძლებელია. ასტრალურ სხეულს აქვს გარკვეული ფუნქციები, რომელიც ფიზიკურ სხეულს არ გააჩნია. ამ ფუნქციების არსებობა მიუთითებს, რომ ასტრალური სხეული არსებობს. მაგრამ ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია. მთელი ჩვენი ყურადღება ფიზიკური სხეულის შესწავლაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. აუცილებელია ადამიანის მანქანის სტრუქტურის გაგება. ჩვენი მთავარი შეცდომა ის არის, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ ერთი გონება გვაქვს; ამ გონების ფუნქციებს "ცნობიერს" ვუწოდებთ. ამასთან, ყველაფერს, რაც მასში არ შედის, "არაცნობიერს" ან "ქვეცნობიერს" ვეძახით. ეს არის მთავარი შეცდომა. ცნობიერზე და არაცნობიერზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამ მომენტში მინდა აგიხსნათ ადამიანური მანქანის ფუნქციონირება, ანუ ფიზიკური სხეულის მექანიზმი, რომელიც ერთის ნაცვლად რამდენიმე გონების მიერ იმართება, რომელბიც ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი და განცალკევებული ფუნქციები არიან. ეს გონებები საკუთარ თავს ამ ფუნქციებში ავლენენ. ამის გაგების აუცილებლობა უპირველესია, რადგან თუ ამას ვერ გავიგებთ, მაშინ ვერცერთ სხვა საკითხს ჩავწვდებით. 

  ამის შემდეგ გურჯიევმა განაგრძო ადამიანის სხვადასხვა ფუნქციებისა და მაკონტროლებელი ცენტრების ახსნა, რომლებიც ფსიქოლოგიურ ლექციებშია ასახული. 

  ამ განმარტებებს და მათთან დაკავშირებულ ყველა საუბარს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, რადგან თითქმის ყოველ საუბარში ვუბრუნდებოდით ადამიანის მექანიკურობის ფუნდამენტურ იდეებს, ადამიანში ერთიანობის არარსებობას, არჩევანის არქონას და ასე შემდეგ. შეუძლებელია ყველა ეს საუბარი დეტალურად მოვიყვანოთ მოცემულ გვერდებზე. ამ მიზეზით მე შევკრიბე მთელი ფსიქოლოგიური  და კოსმოლოგიური მასალა ლექციების ორ სერიაში. 

  ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ იდეები ისეთ ფორმაში არ იყო მოწოდებული, როგორც ეს ჩემს ლექციებშია გადმოცემული. გურჯიევი იდეებს ნელ-ნელა გვაძლევდა, თითქოს იდეებს ჩვენგან იცავდა. ახალ თემაზე პირველად საუბრისას იგი მხოლოდ ზოგად პრინციპებს გვაძლევდა, ხოლო ყველაზე არსებითს არ გვეუბნებოდა. ზოგჯერ ის თავად მიუთითებდა მოცემულ თეორიებში აშკარა შეუსაბამობებზე, რაც ფაქტობრივად, სწორედ ამ არსებითი იდეების გაუთქმელობის მიზეზი იყო. შემდეგ ჯერზე, როდესაც იგივე საგანს უახლოვდებოდა, თუ მოცემული საკითხის სხვა კუთხით განხილვას დაიწყებდა, შედარებით მეტ ინფომრაციას გვაძლევდა ხოლმე. საკითხის მესამედ განხივლისას კიდევ უფრო მეტს გვაძლევდა. მაგალითად, ფუნქციებისა და ცენტრების საკითხზე პირველი საუბრისას მან ისაუბრა სამ ცენტრზე, ინტელექტუალურზე, ემოციურზე და მამოძრავებელზე; გურჯიევმა მოგვიწოდა გვეცადა და ერთმანეთისგან გაგვერჩია ეს ფუნქციები, მათთვის მაგალითები გვეპოვა და ასე შემდეგ. მომდევნო საუბრებში მან ფუნქციებს დაუმატა ინსტინქტური ცენტრი, როგორც დამოუკიდებელი და თვითმომხმარებლური მანქანა. შემდეგი იყო სექსუალური ცენტრი. მახსოვს, რომ მისმა ზოგიერთმა შენიშნვამ ჩემი ყურადღება მიიპყრო. სექსუალურ ცენტრზე საუბრისას მან თქვა, რომ ეს ცენტრი თითქმის არასოდეს მუშაობდა დამოუკიდებლად, რადგან ყოველთვის სხვა ცენტრებზე იყო დამოკიდებული, ანუ ინტელექტუალურზე, ემოციურზე, მამოძრავებელზე ან ინსტინქტურზე. შემდეგ, ცენტრების შიგნით არსებულ ენერგიაზე საუბრისას ხშირად უბრუნდებოდა საკითხს, რასაც "ცენტრების არასწორ მუშაობას" უწოდებდა და ამ საქმეში სექსუალური ცენტრის როლს აქცევდა ყურადღებას. მან ბევრი ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ართმევს ყველა ცენტრი ენერგიას სექსუალურ ცენტრს და წართმეული ენერგიით არასწორად გამოიმუშავებს უსარგებლო მღელვარებას, სანაცვლოდ კი სექსუალურ ცენტრს გამოუსადეგარ ენერგიას უბრუნებს, რომელთან მუშაობაც მას არ შეუძლია. 

  მე მახსოვს მისი სიტყვები:

  - ძალიან დიდი საქმეა, როდესაც სექსუალური ცენტრი საკუთარი ენერგიით მუშაობს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება.

  მახსოვს კიდევ ერთი შენიშვნა, რომელიც შემდგომში ბევრი არასწორი მსჯელობის და დასკვნის საფუძველი აღმოჩნდა. ეს იყო სამი ცენტრის დაბალი ფუნქციონირების სიუჟეტი: ინსტინქტური, მამოძრავებელი და სექსუალური ცენტრები ერთმანეთთან მიმართებაში სამი ძალის მეშვეობით ურთიერთობდნენ; სექსუალური ცენტრი ინსტინქურ და მამოძრავებელ ცენტრებთან ჩვეულებრივ შემთხვევაში მოქმედებდა როგორც გამანეიტრალებელი ძალა, ხოლო დანარჩენი ორი მოქმედებდა როგორც აქტიური და პასიური ძალის განსახიერება. 

  აღწერის მეთოდმა, რომელზეც მე ვსაუბრობ, ჩემსა და გურჯიევს შორის გაუგებრობა გამოიწვია, განსაკუთრებით კი მოგვიანებით არსებულ ჯგუფებთან მიმართებაში, რომელიც ჩემს სამუშაოსთან არ იყო დაკავშირებული. 

  ბევრმა აღმოაჩინა წინააღმდეგობები მოცემული იდეის პირველ ექსპოზიციასა და შემდგომ ახსნა-განმარტებებთან. პირველ საუბრებთან კავშირის დამყარების მიზნით, სხვა ჯგუფებმა შექმნეს ფანტასტიკური თეორიები, რომელთაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ გურჯიევის მიერ ნათქვამთან. ამგვარად, სამი ცენტრის იდეა გარკვეულმა ჯგუფებმა შეინარჩუნეს (რაც ვიმეორებ, არ იყო ჩემთან დაკავშირებული). ეს იდეა გარკვეულწილად დაკავშირებული იყო სამი ძალის იდეასთან, რომელთანაც სინამდვილეში მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ადამიანში სამი ცენტრის მაგივრად ხუთი ცენტრია. 

  სრულიად განსხვავებული რიგის, მასშტაბისა და მნიშვნელობის მქონე ორი იდეის გაერთიანებამ წარმოშვა მრავალი შემდგომი გაუგებრობა და სამი ცენტრის იდეის მიმდევრებისთვის მთლიანად დაამახინჯა სისტემა. 

  შესაძლოა სამი ცენტრის იდეამ (ინტელექტუალური, ემოციური და მამოძრავებელი) და სამი ძალის კავშირმა, გურჯიევის არასწორად გამეორებულმა და გაგებულმა ნათქვამმა დაუდო სათავე, რაც მსმენელებმა სწორად ვერ აღიქვეს. 

  ცენტრებზე პირველი და შემდგომი საუბრების დროს გურჯიევი ყოველთვის ამატებდა ახალ რაღაცას. როგორც დასაწყისში ვთქვი, მან ჯერ ისაუბრა სამ ცენტრზე, შემდეგ ოთხზე, მომდევნო ჯერზე ხუთზე და უფრო მოგვიანებით შვიდ ცენტრზე დაიწყო საუბარი. 

  ცენტრების ნაწილები ამ საუბრებში თითქმის არ შედიოდა. გურჯიევმა თქვა, რომ ცენტრები იყოფა დადებით და უარყოფით მხარეებად, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ ეს დაყოფა იდენტური არ იყო ყველა დანარჩენი ცენტრისთვის. შემდეგ თქვა, რომ ყოველი ცენტრი სამ ნაწილად იყოფოდა, რომლებიც თავის მხრივ კიდევ იყოფოდნენ სამ ნაწილად. მაგრამ მას არ მოუცია მაგალითები და არ უთქვამს, რომ ყურადღების გზით ამ ნაწილების  ამოცნობა შესაძლებელი იყო. ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ, მოგვიანებით ჩამოყალიბდა. მაგალითად, მან უდავოდ მოგვცა კვლევის ფუნდამენტური საფუძველი უარყოფითი ემოციების როლზე და მნიშვნელობაზე, ასევე მოგვცა მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები, რომელიც გულისხმობს არ-გაიგივებას, გათვალისწინების არარსებობას და უარყოფითი ემოციების არ-გამოხატვას. მაგრამ მას თავდაპირველად არ უთქვამს, რომ უარყოფითი ემოციები სრულიად ზედმეტი იყო და ადამიანში მათთვის ბუნებრივი, ნორმალური ცენტრი არ არსებობდა. 

  მომდევნო თავებში, ჯგუფებთან გამართულ პეტერბურგის ლექციებში მე გავიმეორებ მის ლექციებს ისეთ ფორმაში, რამდენადაც მე მახსოვს ისინი და ვეცდები თავიდან ავირიდო ის, რაც უკვე მოცემულია პირველ და მეორე თავებში. მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში გამეორების თავიდან აცილება შეუძლებელია, რადგან სხვანაირად გურჯიევის სისტემას ორიგინალურად ვერ ავხსნით, რომელიც, ჩემი აზრით წარმოუდგენლად საინტერესოა. 

 

  ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიღაცამ გურჯიევს ჰკითხა:

  - როგორ უნდა გავიგოთ ევოლუცია? 

  - ადამიანის ევოლუცია, - თქვა გურჯიევმა, - არის იმ ძალების და შესაძლებლობების განვითარება, რომლებიც არასოდეს ვითარდება თავისთავად, ანუ მექანიკურად. მხოლოდ ცნობიერი ზრდა, მხოლოდ ცნობიერი განვითარება აღნიშნავს ადამიანის ნამდვილ ევოლუციას. სხვა სახის ევოლუცია არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. 

  ჩვენს წინაშე დგას ადამიანი მისი განვითარების ამჟამინდელ მომენტში; ბუნებამ იგი ისეთად შექმნა, როგორც ახლა იმყოფება. ამ მდგომარეობაში არის საზოგადოების ფართო ნაწილი, აბსოლუტური უმრავლესობა. რამდენადაც ჩვენ ვხედავთ, ადამიანი ყოველთვის ასეთად დარჩება. ცვლილებები, რომლებიც ბუნების ზოგად მოთხოვნებს არღვევს, მხოლოდ ერთეულებში შეიძლება მოთავსდეს. 

  ადამიანის ევოლუციის კანონის გასაგებად აუცილებელია ჩავწვდეთ, რომ გარკვეული საფეხურის მიღმა განვითარება სულაც არ არის საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნება ადამიანს განსაზღვრულ მომენტამდე ავითარებს და ამის იქით აღარ მიდის. უფრო კონკრეტულად უნდა ვთქვათ: კაცობრიობის ევოლუცია პლანეტების ევოლუციას შეესაბამება, მაგრამ ჩვენთვის პლანეტარული ევოლუცია დროის უსასრულოდ ხანგრძლივ ციკლებში მიმდინარეობს. დროის იმ მონაკვეთში, რომელიც ადამიანს აზროვნებისათვის ჰყოფნის, პლანეტების ცხოვრებაში არსებითი ცვლილებები არ ხდება და შესაბამისად, კაცობრიობის ცვლილებაშიც აღარ ხდება არსებითი ცვლილებები. 

  კაცობრიობა არც პროგრესირებს და არც ევოლუციას განიცდის. ის, რაც პროგრესად ან ევოლუციად გვეჩვენება, არის ნაწილობრივი მოდიფიკაცია, რომელიც შეიძლება დაუყოვნებლივ დაბალანსდეს შესაბამისი მოდიფიკაციის საპირისპირო მიმართულებით. 

  კაცობრიობა, ისევე როგორც დანარჩენი ორგანული სიცოცხლე, დედამიწის საჭიროებებისა და მიზნებისათვის არსებობს. ეს პროცესი ზუსტად ისევე მიმდინარეობს, როგორც უნდა იყოს კიდეც, დედამიწის მოთხოვნილებების შესაბამისი დროის მიხედვით. 

 ევოლუციის შესახებ მხოლოდ თეორიული და ფაქტებისგან შორს მიმავალი იდეა თანამედროვე ევროპული აზროვნების შედეგია. მათ ევოლუციის იდეა მიიჩნიეს, როგორც ადამიანის განცალკევებული განვითარება გარემომცველი ბუნების გარეშე, ან როგორც ადამიანის მიერ ბუნების დაპყრობა. ისინი წარმოუდგენელ სისულელეს ამბობენ, რადგან ეს შეუძლებელია. სიცოცხლე, სიკვდილი, განვითარება ან დეგრადაცია ადამიანში თანაბრად ემსახურება ბუნების მიზნებს, - უფრო სწორად, ბუნება თანაბრად ზუსტად იყენებს ადამიანს სხვადასხვა მიზნებისათვის, როგორც ევოლუციის, ასევე დეგრადაციის მიმართულებით. ამავდროულად, კაცობრიობა მთლიანად ვერასოდეს გაიქცვა ბუნებისაგან. იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანი ბუნების წინააღმდეგ მოქმედებს, იგი მაინც დედამიწის მიზნების შესაბამისად იქცევა. გარკვეული ევოლუციის მცირე პროცენტი შეიძლება ბუნების მიზნებს შეესაბამებოდეს. ადამიანში არსებობს ასეთი ევოლუციის შესაძლებლობა. მაგრამ, კაცობრიობის მთლიანი ევოლუცია, ანუ ამ შესაძლებლობების ყველა ადამიანში განვითარება არ არის აუცილებელი დედამიწის ან პლანეტარული სამყაროს მიზნებისათვის. ფაქტობრივად, ეს შეიძლება მავნე და ფატალურ მოვლენად გადაიქცეს. შესაბამისად, არსებობს კაცობრიობაზე ბევრად ძლიერი, სპეციალური ძალები, (პლანეტარული ხასიათის ძალები) რომლებიც ეწინააღმდეგებიან კაცობრიობის ფართო მასების ევოლუციას და იმ დონეზე ინარჩუნებენ, როგორიც უნდა იყოს. 

  მაგალითად, გარკვეული საფეხურის მიღმა კაცობრიობის ევოლუცია, უფრო სწორად რომ ვქვათ, გარკვეულ პროცენტზე მეტის ევოლუცია, საბედისწერო იქნებოდა მთვარესთვის. ამჟამად მთვარე ორგანული ცხოვრებით იკვებება, ანუ კაცობრიობით. კაცობრიობა ორგანული ცხოვრების ნაწილია. ეს ნიშნავს, რომ კაცობრიობა მთვარის საკვებია. თუ ყველა ადამიანი ამჟამინდელ მდგომარეობაზე მეტად ინტელექტუალური გახდება, არავის აღარ მოუნდება, რომ მთვარემ შეჭამოს. 

  მაგრამ, ამავე დროს, ევოლუციის შესაძლებლობები არსებობს და ისინი შეიძლება განვითარდეს ცალკეულ ინდივიდებში შესაბამისი ცოდნისა და მეთოდების დახმარებით. ასეთი განვითარება მხოლოდ ადამიანური ინტერესების საწინააღმდეგოდ არის შესაძლებელი; აქ იგულისხმება პლანეტარული სამყაროს ინტერესები და ძალები. 

  ადამიანმა უნდა გაიგოს: ევოლუცია მხოლოდ საკუთარი თავისთვის არის საჭირო. ეს სხვას არავის აინტერესებს. რეალურად, არც არავინ არის ვალდებული და არც მის დახმარებას აპირებს. პირიქით, ძალები, რომლებიც კაცობრიობის მასების დიდი რაოდენობით ევოლუციას ეწინააღმდეგებიან, ასევე ეწინააღმდეგებიან ცალკეული ადამიანების ევოლუციასაც. ადამიანმა მათ უნდა აჯობოს. ერთ ადამიანს შეუძლია ამ ძალებს აჯობოს. კაცობრიობას არ შეუძლია. თქვენ მოგვიანებით გაიგებთ, რომ ყველა ამ დაბრკოლების ცოდნა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლოა. თუ დაბრკოლებები არ არსებობს, ისინი მიზანმიმართულად უნდა შეიქმნას, რადგან სწორედ დაბრკოლებების გადალახვით უვითარდება ადამიანს ის თვისებები, რაც მას სჭირდება. 

  ეს არის ადამიანის ევოლუციის სწორი შეხედულების საფუძველი. არ არსებობს სავალდებულო მექანიკური ევოლუცია. ევოლუცია მხოლოდ ცნობიერი ბრძოლის შედეგია. ბუნებას ევოლუცია არ სჭირდება, იგი არ სურს და მის წინააღმდეგ იბრძვის. ევოლუცია აუცილებელია მხოლოდ ინდივიდუალური ადამიანისთვის, რომელიც საკუთარ პოზიციას გააცნობიერებს, ცვლილების შესაძლებლობას გაიაზრებს და მიხვდება, რომ გააჩნია ძალა, რომელსაც არ იყენებს და სიმდიდირე, რომელსაც ვერ ხედავს. ამ ძალაუფლებისა და სიმდიდრის ფლობის გაგებით, ევოლუცია შესაძლებელია. მაგრამ, თუ ყველა ადამიანი გააცნობიერებს და ისურვებს ასეთ შესაძლებლობას, რომელიც მათ უფლებას დაბადებიდანვე წარმოადგენს, მაშინ ევოლუცია ისევ შეუძლებელი გახდება. ის, რაც შესაძლებელია ცალკეული ინდივიდისთვის, შეუძლებელია მასებისათვის. 

  განცალკევებული ინდივიდის უპირატესობა ის არის, რომ იგი ძალიან პატარაა და ბუნების ეკონომიაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თუ არა იგი მეტად ან ნაკლებად მექანიკური. ჩვენ შეგვიძლია ადვილად გავიგოთ ასეთი შესაბამისობა, როდესაც ერთმანეთს შევადარებთ ადამიანის სხეულსა და მასში არსებულ მიკროკსოპულ უჯრედს. ერთი უჯრედის არსებობა ან არარსებობა არაფერს შეცვლის სხეულის ცხოვრებაში. ჩვენ ვერ შევძლებთ მიკროსკოპული უჯრედის გაცნობიერებას და ვერც იგი შეძლებს გავლენა მოახდინოს ორგანიზმის სიცოცხლესა და ფუნქციებზე. ზუსტად იგივე ასპექტში, ცალკეული ინდივიდი ძალიან მცირეა იმისთვის, რომ კოსმიური ორგანიზმის ცხოვრებაზე მოახდინოს გავლენა. იგი ზომასთან დაკავშირებით იმ შეფარდებაში დგას ჩვენთან, როგორც უჯრედი დგას სხეულთან მიმართებაში. სწორედ ეს ახდენს ევოლუციის შესაძლებლობას. 

 ევოლუციაზე საუბრისას თავიდანვე უნდა გვესმოდეს, რომ მექანიკური ევოლუცია შეუძლებელია. ადამიანის ევოლუცია ნიშნავს მხოლოდ ცნობიერების ევოლუციას. ეს ცნობიერება, გაუცნობიერებლად ვერ განვითარდება. ადამიანის ევოლუცია არის მისი "ნების" ევოლცია, ხოლო "ნება" უნებურად ვერ განვითარდება. ადამიანში ევოლუცია არის "კეთების" ევოლუცია, ხოლო "კეთება" ვერ იქნება მოვლენების შედეგი, როდესაც ისინი უბრალოდ თავისით ხდებიან. 

 ხალხმა არ იცის, რა არის ადამიანი. ადამიანი არის ძალიან რთული მანქანა; ბევრად უფრო რთული, ვიდრე მატარებლის ძრავა, ავტომანქანა ან თვითმფრინავი, მაგრამ მათ არაფერი იციან ამ მექანიზმის მუშაობისა და მისი შესაძლებლობების შესახებ. მათ უმარტივესი ფუნქციებიც კი არ ესმით, რადგან ფუნქციის მიზნის მნიშვნელობას ვერ ხვდებიან. ადამიანური მანქანის არაკომპეტენტური მართვა ისეთივე საშიშია, როგორც ნებისმიერი სხვა მექანიზმის. ეს ყველას ესმის მატარებელთან, ავტომობილთან ან თვითმფრინავთან მიმართებაში, მაგრამ ძალიან იშვიათად, რომ ვინმემ იგივე გაითვალისწინოს საკუთარი თავის მიმართ. მართებულია ვიფიქროთ, რომ ბუნებამ ადამიანს საკუთარი მანქანის შესახებ საჭირო ცოდნა მიანიჭა. მაგრამ ხალხს მაინც არ ესმის, რომ მექანიზმის ინსტინქტური ცოდნა საკმარისი არ არის. რატომ სწავლობს ადამიანი მედიცინას? რა თქმა უნდა იმიტომ, რომ მან არ იცის საკუთარი მექანიზმის შესახებ. ისინი არც კი ეჭვობენ, რომ საკუთარი მანქანის ცოდნა შესაძლებელია მედიცინის და მეცნიერების მიერ მოწოდებულ ცოდნაზე უკეთ გააჩნდეთ. 

 

  ძალიან ხშირად, თითქმის ყველა საუბარში გურჯიევი ადამიანში ერთობის არარსებობას უბრუნდებოდა. 

 - უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა არის მისი ილუზია ერთ "მესთან" დაკავშირებით. 

 ადამიანს, რომელსაც ჩვენ ამჟამად ვიცნობთ, ანუ "ადამიან-მანქანას", არ შეუძლია რაიმე აკეთოს, მის გარშემო ყველაფერი უბრალოდ "ხდება", და მას არ შეუძლია ჰქონდეს მუდმივი, ერთადერთი მე. მე-ები ისევე სწრაფად იცვლება, როგორც აზრები, ემოციები და განწყობები. სწორედ აქ უშვებს ადამიანი ღრმა შეცდომას, იგი საკუთარ თავს მუდმივად ერთსა და იმავე ადამიანად თვლის. სინამდვილეში იგი ყოველთვის განსხვავებული ადამიანია და არა ის, რაც ცოტა ხნის წინ იყო. 

 ადამიანს არ გააჩნია მუდმივი და უცვლელი მე. ყოველი აზრი, ყოველი განწყობა, ყოველი სურვილი ამბობს, რომ "ეს მე ვარ". მიჩნეულია, რომ იგი ერთ მთლიანს ეკუთვნის და მთელი ეს აზრები და ემოციები მთლიანის მიერ არის გამოხატული. ფაქტობრივად, ასეთი ვარაუდისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ადამიანის ყოველი აზრი და სურვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, განცალკევებულად ჩნდება და ცხოვრობს. მთელი არასოდეს გამოხატავს საკუთარ თავს და ამის მიზეზი ისაა, რომ იგი უბრალოდ არ არსებობს. იგი მხოლოდ აბსტრაქციაა, როგორც რომელიღაც იდეის შინაარსი. ადამიანს არ აქვს ინდივიდუალური მე. სამაგიეროდ, არსებობს ასობით და ათასობით პატარა მე-ები, რომლებიც ძალიან ხშირად ერთმანეთისთვის სრულიად უცნობნი არიან და არასდროს შედიან ერთმანეთთან კონტაქტში ან პირიქით, მტრულად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილნი და ურთიერთგამომრიცხავი მიდრეკილებები აქვთ. ყოველ წუთს, ყოველ წამს, ადამიანი ამბობს ან ფიქრობს, როგორც "მე". ამ მომენტებში თითოეული ასეთი "მე" განსხვავებულია. ერთ წამს ეს იყო აზრი, მეორე წამს იგი ემოციაა, მესამე წამს სურვილი და ასე უსასრულოდ. ადამიანი მრავლობითია; სინამდვილეში, ადამიანის სახელი არის ლეგიონი. 

 მე-ების მონაცვლეობა და ბატონობისთვის მათი მუდმივი ორთაბრძოლა შემთხვევითი გარეგანი ზემოქმედებებით კონტროლდება. 

 სითბო, მზე და კარგი ამინდი სასწრაფოდ იხმობს მე-ების მთელ ჯგუფს. სიცივე, ნისლი და წვიმა "იძახებს" მე-ების სხვა ჯგუფს, სხვა ასოციაციებით, გრძნობებითა და მოქმედებებით. ადამიანში ვერაფერი აკონტროლებს ამ მე-ების მონაცვლეობას, ძირითადად იმიტომ, რომ იგი ვერ ამჩნევს ან ამის შესახებ არ იცის. ადამიანი ყოველთვის უკანასკნელ მეში ცხოვრობს. ზოგიერთი მე, რა თქმა უნდა, სხვა მე-ებზე ძლიერია. მაგრამ ეს არ არის მათი საკუთარი ცნობიერი ძალა. ისინი ინციდენტების ძალით ან გარეგანი სტიმულის მიერ არიან შექმნილნი. განათლება, მიბაძვა, კითხვა, რელიგიისა და ტრადიციების ჰიპნოტიზმი ან გლამურული ახალი სლოგანები ადამიანში ძალიან ძლიერ მე-ებს ქმნიან, რომლებიც შედარებით სუსტი მე-ების ჯგუფებზე დომინირებენ. მაგრამ ძლიერი მე-ების სიძლიერეს ცენტრებში "როლების" სიძლიერე წარმოქმნის. ყველა მე-ს, რომელიც ადამიანში პიროვნებას ქმნის, იგივე წარმოშობა აქვს, რაც როლებს; ისინი გარეგანი გავლენის შედეგები არიან. ორივე მათგანი მოძრაობაში მოდის და კონტროლდება ახალი გარეგანი გავლენების შედეგად. 

 ადამიანს არ გააჩნია ინდივიდუალობა. მას არ აქვს ერთი, დიდი "მე". იგი მრავალ პატარა მე-დ არის დაყოფილი. 

 თითოეული პატარა მე საკუთარ თავს მთლიანის სახელს უწოდებს, მთლიანის სახელით მოქმედებს, ეთანხმება ან არ ეთანხმება, იძლევა დაპირებებს და ღებულობს გადაწყვეტილებებს, რომლის შესრულებაც უკვე სხვა მე-ებს უწევთ. ეს ხსნის იმას, თუ რატომ ღებულობს ადამიანი გადაწყვეტილებას ასე ხშირად, მაგრამ იშვიათად ახორციელებს მას. დავუშვათ, ადამიანმა მომდევნო დილას ადრე ადგომა გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება ერთმა მე-მ, ან მე-ების ჯგუფმა მიიღო, მაგრამ ადგომა სხვა საქმეა, სხვა მე-ები ამ გადაწყვეტილებას აღარ ეთანხმებიან ან შესაძლოა ამის შესახებ აბსოლუტურად არაფერი იციან. თქვენ შეიძლება შუადღეს გაგახსენდეთ, რომ წინა დღით ადრე ადგომა გადაწყვიტეთ. რა თქმა უნდა, ასეთ დროს ადამიანი კვლავ გააგრძელებს დილის ძილს და საღამოს ისევ გადაწყვეტს მეორე დილით ადრე ადგომას. შეიძლება ვიღაცას დაჰპირდეთ, რომ გასართობად გაყვებით, მაგრამ შემდეგ გაქრეთ და აღარ შეასრულოთ პირობა. ადამიანმა, უფრო სწორად, მე-ების კომბინაციამ, რომელიც ამაში სრულიად უდანაშაულოა, შესაძლოა ამის გამო მთელი ცხოვრების მანძილზე აგოს პასუხი. ეს არის ადამიანის ტრაგედია; ნებისმიერ პატარა მე-ს შეუძლია ხელი მოაწეროს საბუთებს და შემდეგ მე-ების მთელმა ჯგუფმა ამაზე უნდა აგოს პასუხი. ხშირად ადამიანის მთელი ცხოვრება პატარა მე-ების მიერ დაკისრებული ვალების გადახდისგან შედგება. 

 აღმოსავლური სწავლებები სხვადასხვა ალეგორიულ გამომხატველობებს შეიცავს, რომლებიც ადამიანური არსების ბუნების წარმოჩენას ამ თვალსაზრისით ცდილობენ. 

 ამრიგად, ერთ სწავლებაში ადამიანი შედარებულია მსახურებით სავსე სახლთან, რომელშიც უამრავი მსახური იმყოფება, მაგრამ ამ სახლს არც პატრონი ჰყავს და არც მმართველი. მსახურთაგან საკუთარი მოვალეობა ყველას დავიწყებული აქვს, არავის არ სურს იმის კეთება, რაც მას ევალება. ყველა მსახურს ბატონობა სურს, თუნდაც ერთი წუთით იყოს ბატონი, ამიტომ სახლში სრული ქაოსია, ვინაიდან ყველა მსახური ცდილობს, რომ სხვისი სამუშაო შეასრულოს, რომლის გაკეთების აზრზე არაა. ამ სახის არეულობის გამო სახლს სერიოზული საფრთხე ემუქრება. სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი შანსი არსებობს, თუკი მსახურთა უფრო ჭკვიანი ჯგუფი გადაწყვეტს, ერთი ვინმე აირჩიონ დროებით მმართველად, ანუ მოადგილედ. არჩეულ მოადგილეს მხოლოდ ერთი სამუშაო აქვს, იგი ყოველ მსახურს თავის ადგილას დააყენებს და ამგვარად ისინი იმ სამუშაოს კეთებას დაიწყებენ, რომლისთვისაც მოწოდებულნი არიან. მზარეული იქნება სამზარეულოში, მეჯინიბე საჯინიბოში, მებაღე ბაღში და ასე შემდეგ. ამ გზით "სახლი" შეიძლება მომზადდეს ნამდვილი მეურვის მოსვლისთვის, რომელიც თავის მხრივ ბატონის მობრძანებისთვის შეამზადებს სახლს. 

 ადამიანის შედარება სახლთან, რომელიც ბატონის მოსვლას ელოდება, ხშირად გვხვდება აღმოსავლურ სწავლებებში, რომლებშიც უძველესი ცოდნის კვალია შემონახული. 

 მაგრამ მისი შესაძლებლობების ყველაზე მკაფიო გაგებაც კი არ მოუტანს ადამიანს ამის განხორციელებას. შესაძლებლობების რეალიზაციისთვის ადამიანს უნდა ჰქონდეს განთავისუფლების ძალიან ძლიერი სურვილი და უნდა გააჩნდეს მზადყოფნა, ამას ყველაფერი შესწიროს, გარისკოს ყველაფერი, განთავისუფლების გულისთვის. 

 

 ამ პერიოდს, ანუ პეტერბურგის ლექციების დასაწყისს უკავშირდება ორი საინტერესო საუბარი.

 ერთხელ გურჯიევს ბენარესში გადაღებული ფოტო ვაჩვენე, სახელად "ფაკირები ლურსმნებზე".

 ეს ფაკირი არ იყო უბრალოდ ჭკვიანი ჟონგლიერი, როგორიც მე ცეილონში ვნახე, არამედ იგი უდავოდ "პროფესიონალი" გახლდათ. მითხრეს, რომ აურანგზების ტაძარში, განგის ნაპირზე იყო ფაკირი, რომელიც რკინის ლურსმნებით მოპირკეთებულ საწოლზე  იწვა. ეს ძალიან იდუმალად და შემზარავად ჟღერდა. როცა იქ მივედი, მხოლოდ ლურსმნებიანი საწოლი დამხვდა, მაგრამ მითხრეს, რომ ფაკირი ძროხის მოსაყვანად იყო წასული და მალე მოვიდოდა. მეორედ რომ მივედი, ფაკირი იქ დამხვდა. იგი საწოლზე არ იწვა და მივხვდი, რომ მხოლოდ მაშინ ადიოდა დასაწოლად, როცა მნახველები მოდიოდნენ. რუპიას სანაცვლოდ მან თავისი უნარი მაჩვენა. იგი მართლაც თითქმის მთლიანად შიშველი იწვა საწოლზე, რომელიც გრძელი და საკმაოდ ბასრი რკინის ლურსმნებით იყო დაფარული. იგი ყველა მხრიდან ტრიალდებოდა საწოლზე, ზურგით, გვერდებზე, მუცელზე, მაგრამ როგორც ჩანს არც აწუხებდა და არც ნაკაწრები ეტყობოდა. მე გადავიღე მისი ორი ფოტოსურათი, მაგრამ ამ ფენომენის ახსნა ვერ მოვასწარი. ფაკირს არც გონიერი ადამიანის შთაბეჭდილება მოუხდენია და არც რელიგიურის. მის სახეს მოწყენილი, ზარმაცი და გულგრილი გამომეტყველება ჰქონდა. მასში არაფერი იყო, რაც თავგანწირვაზე ან თვითგვემისკენ მისწრაფებაზე საუბრობდა. 

  ეს ყველაფერი გურჯიევს ვუთხარი, ფოტოსურათი ვაჩვენე და ვკითხე, რას ფიქრობდა მასზე.

 - ასე ორი სიტყვით ახსნა ძნელია. - მიპასუხდა გურჯიევმა, - უპირველეს ყოვლისა, ეს კაცი ფაკირი არ არის იმ გაგებით, როგორც მე აღვწერ ამ სიტყვას. ამავდროულად მართალი ხარ, როდესაც ფიქრობ, რომ ეს სულაც არ არის გასაცურებლად მოგონილი ხრიკი. მან თვითონაც არ იცის, როგორ აკეთებს ამას. თუ შენ მას მოისყიდი და აიძულებ საიდუმლო გითხრას, ალბათ გეტყვის, რომ მან იცის რაღაც სიტყვა, რომელსაც დაწოლამდე წარმოთქვამს და შემდეგ თავისუფლად შეუძლია ლურსმნებზე კოტრიალი. შესაძლოა იმასაც დასთანხმდეს, რომ ეს სიტყვაც გითხრას. მაგრამ ეს სულაც არ დაგეხმარება, რადგან იგი სრულიად ჩვეულებრივი სიტყვაა, რომელსაც არავითარი გავლენა არ ექნება შენზე. ეს კაცი სკოლიდან მოდის, მაგრამ იგი არ არის მოწაფე. ის მხოლოდ ექსპერიმენტია. მასზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ. როგორც ჩანს, იგი ბევრჯერ იყო ჰიპნოზის მდგომარეობაში, რომელშიც მისი სხეული უგრძნობი გახდა ტკივილის მიმართ. ეს სავსებით შესაძლებელია ჩვეულებრივი ევროპელი ჰიპნოზიორისთვისაც. ჰიპნოზში შესაძლებელია კანის უჯრედების მგრძნობიარობა გაითიშოს, თუ მას ვუბრძანებთ, რომ ტკივილი აღარ იგრძნოს. შენ იცი რაც არის პოსტჰიპნოზური მდგომარეობა. ადამიანს დააძინებენ და ეტყვიან, რომ ხუთი საათის შემდეგ გარკვეული საქმე უნდა შეასრულოს; შესაძლებელია ჩააგონო, რომ წყურვილი იგრძნოს, რაღაც წარმთქვას ან თავი მკვდარი ეგონოს. გაღვიძების შემდეგ, როცა ხუთი საათი შესრულდება, მას გაუჩნდება შთაგონებულის გაკეთების დაუძლეველი სურვილი. ამ შემთხვევაში შესაძლოა მას უთხრეს, რომ გარკვეული სიტყვის წარმოთქმის შემდეგ მას შეუძლია ლურსმნებზე უმტკივნეულოდ დაწოლა. ეს სიტყვაც ჰიპნოზურ მდგომარეობაში ჩააგონეს. ალბათ ამიტომაც ჰქონდა მას ასეთი ნამძინარევი, აპათიური მზერა. ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება. ფაკირები მასზე ალბათ მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ და შემდეგ უბრალოდ გაუშვეს, რომ ისე ეცხოვრა, როგორც შეეძლო. ხოდა, ამ კაცმაც ეს ლოგინი დადგა და ყოველ კვირა რამდენიმე მანეთს შოულობს. ინდოეთში ბევრი ასეთი მამაკაცია. სკოლები ბავშვობაში ყიდულობენ მათ ექსპერიმენტებისთვის. მაგრამ, რა თქმა უნდა მამაკაცმა თავად არ იცის ამას როგორ აკეთებს. 

 ამ ახსნამ ძალიან დამაინტერესა, რადგან მსგავსი განმარტება არასდროს მსმენია ან წამიკითხავს. "ფაკირების სასწაულების" ახსნის ყველა მცდელობაში, რაც კი შემხვედრია, მათი "სასწაულები" ხრიკებად იყო ახსნილი ან ყოველთვის ითვლებოდა, რომ მათ იცოდნენ რასაც აკეთებდნენ, თუმცა თავად ისინი ამაზე არ ლაპარაკობდნენ, რადგან არ უნდოდათ ან ეშინოდათ. გურჯიევის ახნა სრულიად განსხვავებული იყო. მისი ახსნა არა მხოლოდ სავარაუდო სიმართლედ მეჩვენებოდა, არამედ, ჩემი აზრით ერთადერთი შესაძლებელი ახსნა იყო. თავად ფაკირმა არ იცოდა, როგორ ახდენდა "სასწაულს" და რა თქმა უნდა, ვერ ხსნიდა ამას. 

 

 ერთგან ჩვენ ვისაუბრეთ ცეილონში არსებულ ბუდისტურ მაგიაზე. მე გავაჟღერე აზრი, რომ ბუდისტებს აქვთ მაგია, რომლის არსებობასაც კარგად ვერ აცნობიერებენ და რომლის არსებობაც უარყოფილია ოფიციალურ ბუდიზმში. გურჯიევს ვესაუბრე კოლომბოში არსებულ პატარა სალოცავზე, რომელშიც ყველა დანარჩენი ტაძრის მსგავსად, ბუდას ქანდაკება იყო, ქანდაკების ძირში კი სპილოს ძვლის პატარა დაგობა იდგა. (დაგობა - ტრადიციული ბუდიზმის რელიგიური მონუმენტი. მთარგმნ. შენ). მათ ჩემი თანდასწრებით გახსნეს დაგობა და მაჩვენეს საგანი, რომელიც რელიქვიად იყო მიჩნეული. ეს იყო მოჩუქურთმებული, პატარა ბურთი, რომელიც სპილოს ძვლისგან თუ მარგალიტისგან იყო დამზადებული. 

 გურჯიევი ყურადღებით მისმენდა. 

  - არ აგიხსნეს, რას ნიშნავდა ეს ბურთი? - მკითხა მან.

 - მათ მითხრეს, რომ ეს იყო ბუდას ერთ-ერთი მოწაფის ძვლის ნატეხი, რომელიც სიწმინდეს ატარებდა.

 - ასეც არის და თან არც არის. - თქვა გურჯიევმა, - იმან, ვინც ეს გიჩვენა, ან არ იცოდა, ან არ უნდოდა, რომ რაღაც ეთქვა. ეს არ არის ძვლის ნატეხი, არამედ ძვლის გარკვეული ფორმირება, რომელიც ყელში სპეციალური ვარჯიშების შედეგად ყალიბდება. გსმენია გამოთქმა, "ბუდას ყელსაბამი"? 

 - დიახ. მაგრამ ეს სულ სხვა რაღაცას ნიშნავს. "ბუდას ყელსაბამს" უწოდებენ რეინკარნაციის ჯაჭვს, რომელიც ბუდამ გაიარა.

 - დიახ. ეს არის ამ ტერმინის ერთ-ერთი მნიშვნელობა, მაგრამ მე სხვა მნიშვნელობაზე ვსაუბრობ. ძვლების ეს ყელსაბამი, რომელიც კისერს ედება, პირდაპირ კავშირშია ასტრალურ სხეულთან. ასტრალური სხეული, ასე ვთქვათ, მასზეა მიმაგრებული; უფრო სწორად, ეს ყელსაბამი ფიზიკურ და ასტრალურ სხეულებს ერთმანეთთან აკავშირებს. თუ ასტრალური სხეული ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ არსებობას აგრძელებს, ადამიანს ყოველთვის შეუძლია იმ ასტრალურ სხეულთან დაკავშირება, რომელსაც ეს ყელსაბამი ეკუთვნის. ეს არის მაგია. მაგრამ ისინი არასდროს საუბრობენ ამაზე ღიად. შენ მართალი ხარ, ისინი ფლობენ მაგიას, და ეს ამის ერთ-ერთი მაგალითია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შენს მიერ ნანახი ძვალი აუცილებლად ნამდვილი იყო. ასეთი ძვალი მათ თითქმის ყველა ტაძარში აქვთ. მე იმ რწმენაზე გესაუბრები, რომელიც ამ ჩვეულებაში დევს.

 ისევ უნდა ვაღიარო, ასეთი განმარტება ადრე არასდროს მსმენია. 

 გურჯიევმა პატარა ესკიზი დამიხატა, სადაც ძვლების პოზიცია იყო განლაგებული სხეულთან მიმართებაში. ისინი ყურებიდან იწყებოდნენ და ნახევარწრედ მიდიოდნენ კისრის უკანა მხარეს. 

 ამ ჩანახატმა მაშინვე გამახსენა ჩვეულებრივი დიაგრამა კისერთან არსებულ ლიმფურ ჯირკვლებზე, როგორც ანატომიურ სქემებში გვხვდება ხოლმე. მაგრამ ამის შესახებ სხვა ვერაფერი შევისწავლე. 

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff