სასწაულებრივის ძიებაში

პიოტრ უსპენსკი
5
2

პიოტრ უსპენსკი სასწაულებრივის ძიებაში  უცნობი სწავლების ფრაგმენტები მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

თავი მეთხუთმეტე

 რელიგია ფარდობითი ცნებაა. რელიგიები ადამიანის ყოფიერების დონეს შეესაბამება. "შესაძლებელია თუ არა, რომ ლოცვა დაგვეხმაროს?" ლოცვის სწავლა. ზოგადი უცოდინარობა ქრისტიანობასთან დაკავშირებით. ქრისტიანული ეკლესია არის სკოლა. ეგვიპტური "გადამზადების სკოლები". რიტუალების მნიშვნელობა. რელიგიის "ტექნიკები". სად ჟღერს სიტყვა "მე"? რეალური რელიგიის ორი ნაწილი და რას ასწავლის თითოეული მათგანი. კანტი და მასშტაბის იდეა. დედამიწაზე არსებული ორგანული სიცოცხლე. ქმნილების სხივის ზრდა. მთვარე. ორგანული ცხოვრების განვითარებადი ნაწილი არის კაცობრიობა. კაცობრიობა გაჩერებულია. ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ "გზაჯვარედინზე". ევოლუციის პროცესი ყოველთვის იწყება ცნობიერი ბირთვის წარმოქმნით. იბრძვის თუ არა ცნობიერი ძალა ევოლუციის წინააღმდეგ? ვითარდება თუ არა კაცობრიობა? "ორას ცნობიერ ადამიანს დედამიწაზე მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია". "კაცობრიობის სამი შინაგანი წრე". "გარეგანი ციკლი". ოთხი "გზა", როგორც ოთხი "კარიბჭე" "ეგზოთერული წრისაკენ". მეოთხე გზის სკოლები. ფსევდოეზოთერული სისტემები და სკოლები. ჭეშმარიტება ტყუილის ფორმაში. ეზოთერული სკოლები აღმოსავლეთში. ინიციაცია და საიდუმლოებები. მხოლოდ თვითინიციაციაა შესაძლებელი.

 იმ პერიოდში გამართულ საუბრებს შორის, რომელსაც მე აღვწერ, ანუ 1916 წლის ბოლოსთვის, გურჯიევი რამდენჯერმე შეეხო რელიგიურ საკითხებს. როდესაც ვინმე რაიმე კითხვას სვამდა რელიგიასთან კავშირში, გურჯიევი პასუხს უცვლელად იწყებდა იმ ფაქტის ხაზგასმით, რომ რელიგიის პრობლემებისადმი ჩვენი ჩვეული დამოკიდებულების საფუძველში რაღაც ძალიან არასწორი იყო. 

 - პირველ რიგში, რელიგია ფარდობითი ცნებაა. - ამბობდა იგი ყოველთვის. - იგი ადამიანის ყოფიერების დონეს შეესაბამება. ერთი ადამიანის რელიგია შეიძლება საერთოდ არ იყოს შესაბამისი მეორე ადამიანისთვის, ანუ ყოფიერების ერთი დონის მქონე ადამიანის რელიგია, ყოფიერების მეორე დონის მქონე ადამიანს არ შეესაბამება. 

 უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანი ნომერი პირველის რელიგია ერთმნიშვნელოვანია. მეორე ადამიანის რელიგია სხვა სახისაა. ადამიანი ნომერი სამის რელიგია ასევე სხვა სახისაა. ადამიანი ნომერი ოთხის, ნომერი ხუთის და მომდევნოების რელიგია რაღაც სრულიად განსხვავებულია პირველი სამი ადამიანური დონის რელიგიისგან. 

 მეორეს მხრივ, რელიგია არის კეთება. ადამიანი თავის რელიგიაზე უბრალოდ კი არ ფიქრობს და შეიგრძნობს მას, არამედ რამდენადაც შეუძლია მისით "ცხოვრობს", წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ არის რელიგია, არამედ ფანტაზია ან ფილოსოფია. მოსწონს თუ არა ადამიანს ეს, იგი რელიგიისადმი თავის დამოკიდებულებას ყოველთვის ქმედებებით გამოხატავს, რადგან მხოლოდ ამგვარად შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების ჩვენება. ამიტომ, თუ მისი ქმედებები იმას ეწინააღმდეგება, რასაც მოცემული რელიგია ითხოვს, ადამიანს აღარ შეუძლია იმის დამტკიცება, რომ იგი ამ რელიგიას ეკუთვნის. ადამიანების უდიდეს ნაწილს, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ, ამის თქმის უფლება არ აქვთ, რადგან ისინი არამარტო ვერ ახერხებენ თავიანთი რელიგიის მოთხოვნების შესრულებას, არამედ არც კი ფიქრობენ, რომ ეს მოთხოვნები უნდა განხორციელდეს. 

 ქრისტიანობა კრძალავს მკვლელობას, მაგრამ მთელი ჩვენი პროგრესი მკვლელობის ტექნიკებში და პროგრესის ომში მდგომარეობს. როგორ შეგვიძლია საკუთარ თავს ქრისტიანები ვუწოდოთ? 

 არავის აქვს უფლება საკუთარ თავს ქრისტიანი უწოდოს, სანამ იგი ქრისტეს მცნებებს არ ასრულებს. ადამიანს აქვს უფლება, რომ ქრისტიანად ყოფნის სურვილი გამოთქვას, თუ იგი ქრისტეს მცნებების შესრულებას ეცდება. თუ იგი ქრისტეს მცნებებზე საერთოდ არ ფიქრობს ან მათ დასცინის, თუნდაც საკუთარი გამონაგონით ანაცვლებს ქრისტეს მცნებებს ან უბრალოდ ივიწყებს, ისევ და ისევ, არ აქვს უფლება, რომ საკუთარი თავი ქრისტიანის სახელით მოიხსენიოს. 

 მე ომის მაგალითი ავიღე, რადგან იგი ყველაზე ნათელი მაგალითია. მაგრამ, ომის გარეშეც მთელი ცხოვრება ზუსტად იგივეა. ხალხი საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, მაგრამ იმას ვერ აცნობიერებენ, რომ მათ არა მხოლოდ არ სურთ, არამედ არც შეუძლიათ ქრისტიანად ყოფნა, რადგან ქრისტიანად ყოფნისთვის აუცილებელია არა მხოლოდ სურვილი, არამედ ერთიანად ყოფნა.

 თავისთავად, ადამიანი ერთიანი არ არის, ერთი "მე" არ არის, ის არის "ჩვენ", უფრო სწორად რომ ვთქვათ, ადამიანი არის "ისინი". ყველაფერი აქედან გამომდინარეობს. მაგალითად დავუშვათ, რომ ადამიანი სახარების მიხედვით გადაწყვეტს, რომ როდესაც მარჯვენა ლოყაში გაარტყამენ, მარცხენაც მიუშვიროს. ამას ერთი "მე" წყვეტს, ინტელექტუალურ ან ემოციურ ცენტრში. ამის შესახებ ერთმა "მე"-მ იცის, ეს ერთ "მე"-ს ახსოვს, მაგრამ სხვებს არა. წარმოვიდგინოთ, რომ ამ ადამიანს ვიღაცამ რეალურად გაულაწუნა. როგორ ფიქრობთ, მარცხენა ლოყას მიუშვერს? არასოდეს. მას ამის შესახებ დროც კი არ ექნება. იგი ან თავად დაარტყამს, ან პოლიციას გამოიძახებს, ან უბრალოდ გაიქცევა. მისი მამოძრავებელი ცენტრი ჩვეულ რეჟიმში რეაგირებს, ან ისე იქცევა, როგორი რეაგირებაც ასწავლეს, სანამ იგი იმის გააზრებას მოასწრებს, თუ რას აკეთებს. 

 ხანგრძლივი სწავლება და გახანგრძლივებული ვარჯიში საჭიროა, რათა ადამიანს მეორე ლოყის მიშვერა შეეძლოს. თუ მსგავსი ვარჯიში მექანიკურია, იგი არაფრად ღირს, რადგან ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ ადამიანი მეორე ლოყას მიუშვერს, ვინაიდან სხვა არაფრის გაკეთება არ შეუძლია. 

  - ნუთუ ლოცვას არ შეუძლია, ადამიანს ქრისტიანულად ცხოვრებაში დაეხმაროს? - იკითხა ვიღაცამ. 

 - ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ ლოცულობს.- უპასუხა გურჯიევმა. - სუბიექტური ადამიანის ლოცვა, ანუ ნომერი პირველის, მეორის და მესამის, მხოლოდ სუბიექტურ შედეგებს მოიტანს, კერძოდ, თვითნუგეშს, თვითმიძღვნას, თვითჰიპნოზს. იგი ობიექტურ შედეგებს ვერ მოგცემთ. 

 - მაგრამ, ზოგადად ლოცვას არ შეუძლია ობიექტური შედეგების მოტანა? - იკითხა ერთ-ერთმა დამსწრემ. 

 - უკვე ვთქვი, გააჩნია, ვინ ლოცულობს. - უპასუხა გურჯიევმა. 

 ადამიანმა ლოცვა უნდა ისწავლოს, ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენი. იმის ლოცვამ, ვინც ლოცვა იცის და სათანადოდ კონცენტრირება შეუძლია, შეუძლია შედეგები გამოიღოს. მაგრამ, უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს სხვადასხვა ლოცვები და მათი შედეგები განსხვავებულია. ეს ჩვეულებრივი საღვთო მსახურებიდანაც კი არის ცნობილი. მაგრამ, როდესაც ლოცვაზე და ლოცვის შედეგებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ყოველთვის ლოცვის ერთ სახეს ვგულისხმობთ - შუამდგომლობას, ან ვფიქრობთ, რომ შუამდგომლობა შეიძლება გაერთიანდეს ყველა სხვა სახის ლოცვასთან. ეს რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ლოცვების უმეტესობას არაფერი აქვს საერთო შუამდგომლობასთან. მე ანტიკურ ლოცვებზე ვსაუბრობ. ბევრი მათგანი ქრისტიანობაზე ბევრად ძველია. ეს ლოცვები რეკაპიტულაციის მაგალითები არიან. მათი ხმამაღლა ან გულში განმეორებით ადამიანი იმის განცდას ცდილობს, რაც მათშია გამოხატული, მთელი შინაარსით, გონებით და გრძნობებით. ადამიანს ყოველთვის შეუძლია საკუთარი თავისთვის ახალი ლოცვების მიცემა. მაგალითად, ადამიანი ამბობს: "მე მინდა ვიყო სერიოზული". მაგრამ, მთელი საქმე იმაშია, როგორ ამბობს იგი ამას. თუ იგი დღეში ამას თუნდაც ათი ათასჯერ გაიმეორებს, მაგრამ იმაზე იფიქრებს, თუ როდის დასრულდება ამის ლაპარაკი ან ვახშამზე რა უნდა ჭამოს, მაშინ ეს ლოცვის მაგივრად თავის მოტყუებაა. მაგრამ, ეს ლოცვად იქცევა, როდესაც ადამიანი ამას მოცემული გზით წარმოთქვამს: იგი ამბობს "მე"-ს და ამავდროულად ცდილობს იფიქროს ყველაფერზე, რასაც მე-ს უწოდებს და რაც მის შესახებ იცის. "მე" არ არსებობს, რადგან ერთი "მე" ადამიანს არ აქვს. არსებობს უამრავი წვრილმანი, მოჩხუბარი, ხმაურიანი "მე". მაგრამ, მას სურს იყოს ერთი "მე". იგი იხსენებს ცხენის, ეტლის, მეეტლეს და ოსტატის ალეგორიას. "მე" არის ოსტატი. მომდევნო სიტყვა: "მინდა" - ადამიანი ფიქრობს, რას ნიშნავს "მე მინდა". შეუძლია თუ არა მას სურვილი ჰქონდეს? მას ყოველთვის "უნდა" ან "არ უნდა". ამ "მინდებით" და "არ მინდებით" იგი ცდილობს დაუპირისპირდეს საკუთარ "მე მინდას", რომელიც საკუთარ თავზე მუშაობის მიზნებთან არის დაკავშირებული, ანუ ეს არის ორი ძალის ჩვეულ კომბინაციაში მესამე ძალის შეყვანის მცდელობა: "მინდა", "არ მინდა" და "ყოფნა": ადამიანი ფიქრობს იმაზე, თუ რად ყოფნა უნდა, რას ნიშნავს "ყოფნა", ანუ მექანიკური ადამიანის ყოფიერება, რომლისთვისაც ყველაფერი უბრალოდ ხდება, იმ ადამიანის ყოფიერება, რომელსაც კეთება შეუძლია. შესაძლებელია "ვიყოთ" სხვადასხვა გზით. ადამიანს სურს "იყოს" არა მხოლოდ არსებობის გაგებით, არამედ ძალაუფლების სიდიადის გაგებითაც. სიტყვა "ყოფნა" მისთვის წონას და ახალ მნიშვნელობას იძენს - ადამიანი ფიქრობს, რას ნიშნავს იყო სერიოზული. ის, თუ როგორ უპასუხებს ადამიანი საკუთარ თავს, ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მას ამის მნიშვნელობა ესმის, თუ იგი საკუთარ თავს განუსაზღვრავს, რას ნიშნავს იყო სერიოზული და შეიგრძნობს, რომ მას ეს ნამდვილად სურს, მაშინ მისმა ლოცვამ შეიძლება შედეგი მისცეს იმ გაგებით, რომ ძალას შემატებს და უფრო ხშირად შეამჩნევს, როდესაც არასერიოზული იქნება, რა დროსაც არასერიოზულობას უფრო ადვილად გადალახავს და სერიოზულად იქცევა. ზუსტად ისვე, როგორც ადამიანს "ლოცვა" სურს, მე მინდა, რომ "საკუთარი თავი მახსოვდეს". რას ნიშნავს საკუთარი თავის გახსენება? ადამიანმა გახსენებაზე უნდა იფიქროს. რამდენად ცოტა ახსოვს მას! რამდენად ხშირად ავიწყდება ის, რაც გადაწყვიტა, რაც ნახა, რაც მან იცის! მთელი მისი ცხოვრება სხვანაირი იქნებოდა, თუ გაიხსენებდა. ყველა სნეულება დავიწყებიდან მოდის. მომდევნო სიტყვა: "საკუთარი თავი". რომელ საკუთარ თავს უნდა გახსენება? ღირს თუ არა საკუთარი თავის გახსენება? როგორ უნდა განასხვაოს მან ის, რისი დამახსოვრებაც სურს? მუშაობის იდეა! როგორ შეუძლია მას სამუშაოს იდეასთან საკუთარი თავის დაკავშირება და ასე შემდეგ. 

 ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში ძალიან ბევრი ლოცვაა ზუსტად ასეთი, სადაც თითოეულ სიტყვაზე დაფიქრება აუცილებელია. მაგრამ, ისინი ყოველგვარ აზრს კარგავენ, როდესაც უაზროდ მეორდებიან და მექანიკურად წარმოითქმებიან. 

 აიღეთ ჩვეულებრივი "უფალო შემიწყალენ!". რას ნიშნავს ეს? ადამიანი ღმერთს მიმართავს. ცოტათი დაფიქრდეს, შედარება გააკეთოს და იკითხოს, თავად რას წარმოადგენს და ღმერთი რა არის. შემდეგ იგი ღმერთს შეწყალებას სთხოვს. მაგრამ, ამისთვის ღმერთმა უპირველეს ყოვლისა მასზე უნდა იფიქროს, ადამიანს  ყურადღება უნდა მიაქციოს. არის თუ არა ადამიანი ღირსი, რომ ღმერთმა იგი შეამჩნიოს? რა არის მასში ისეთი, რაც ყურადღების მიქცევად ღირს? ვინ უნდა იფიქროს მასზე? თავად ღმერთმა. ხედავთ, ყველა ეს აზრი და კიდევ ბევრი სხვა, ადამიანის გონებაში უნდა აღიძრას, როდესაც ამ მარტივს ლოცვას წარმოთქვამს. 

 სწორედ ამ აზრებს შეუძლიათ მისთვის იმის გაკეთება, რის გაკეთებასაც თავად ღმერთს შესთხოვს. მაგრამ, რა შედეგი მოჰყვება ლოცვას, თუ იგი თუთიყუშივით იმეორებს: "უფალო შემიწყალენ! უფალო შემიწყალენ! უფალო შემიწყალენ!" თქვენ თავად იცით, რომ ასეთი ლოცვა ვერავითარ შედეგს ვერ მოიტანს. 

 ზოგადად, ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით ქრისტიანობისა და მისი ღვთისმსახურების ფორმების შესახებ. ჩვენ არაფერი ვიცით მრავალი საგნის ისტორიის და წარმოშობის შესახებ. მაგალითად, ეკლესია, ტაძარი, რომელშიც მორწმუნეები იკრიბებიან და სადაც სპეციალური რიტუალის მიხედვით მსახურება ტარდება. საიდან არის იგი აღებული? უამრავი ადამიანი საერთოდ არ ფიქრობს ამაზე. ბევრი ფიქრობს, რომ თაყვანისცემის გარეგნული ფორმა, რიტუალები, საგალობლები და სხვა მრავალი რამ, ეკლესიის მამებმა გამოიგონეს. სხვები ფიქრობენ, რომ ეს გარეგნული ფორმა ნაწილობრივ წარმართებისგან და ნაწილობრივ ებრაელებისგან არის აღებული. ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. ქრისტიანული ეკლესიის, ანუ ქრისტიანული ტაძრის წარმოშობის საკითხი გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ჩვენ გვგონია. დასაწყისისთვის, ეკლესია და ღვთისმსახურება, რა სახითაც იგი ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში არსებობდა, არ შეიძლება წარმართობიდან ყოფილიყო ნასესხები, რადგან მსგავსი არაფერი ხდებოდა არც ბერძნულ, არც რომაულ და არ ებრაულ კულტებში. ებრაული სინაგოგა, ებრაული ტაძარი, ასევე ბერძნული და რომაული ტაძრების სხვადასხვა ღმერთები სრულიად განსხვავდებოდნენ ქრისტიანული ეკლესიისგან, რომელიც პირველ და მეორე საუკუნეებში გამოჩნდა. ხალხს დაავიწყდა, რომ ქრისტიანული ეკლესია არის სკოლა. წარმოიდგინეთ სკოლა, სადაც მასწავლებლები კითხულობენ ლექციებს და ახორციელებენ დემონსტრაციებს იმის გააზრების გარეშე, რომ ლექციებს და დემონსტრაციებს აკეთებენ. მოსწავლეები და უბრალო ხალხი, რომლებიც ამ სკოლაში მოდიან, ლექციებს და დემონსტრაციებს იღებენ ცერემონიების და რიტუალების სახით, ანუ "ზიარების" და მაგიის სახით. ეს უკვე ჩვენს დროში ქრისტიანულ ეკლესიას უახლოვდება. 

 ქრისტიანული ეკლესია, ღვთისმსახურების ქრისტიანული ფორმა, ეკლესიის მამების მიერ გამოგონილი არ არის. ეს ყველაფერი მზა სახით იყო აღებული ეგვიპტიდან, თუმცა, არა მხოლოდ იმ ეგვიპტიდან, რომელიც ჩვენ ვიცით, არამედ იმ ეგვიპტიდანაც, რომლის შესახებაც არ ვიცით. ეს მეორე ეგვიპტეც იმ ადგილას იმყოფებოდა, სადაც პირველი, მაგრამ იგი ბევრად ადრე არსებობდა. ისტორიული დროებიდან დღემდე მისი მხოლოდ მცირე ნაწილი შემორჩა და ეს ფრაგმენტები იმდენად კარგად არის შემონახული საიდუმლოდ, რომ ჩვენ არც კი ვიცით, სად არიან ისინი შემონახულნი. 

 ბევრს უცნაურად მოეჩვენება, როცა ვიტყვი, რომ ეს პრეისტორიული ეგვიპტე ქრისტიანული იყო ჯერ კიდევ ქრისტეს დაბადებამდე მრავალი ათასი წლით ადრე, ანუ მისი რელიგია შედგებოდა იმავე პრინციპებისგან და იდეებისგან, რომლისგანაც ჭეშმარიტი ქრისტიანობა შედგება. ამ პრეისტორიულ ეგვიპტეში არსებობდა სპეციალური სკოლები, რომლებსაც "გადამზადების სკოლები" ეწოდებოდათ. ამ სკოლებში საჯარო გადამზადება ტარდებოდა განსაზღვრულ დღეებში, ხოლო ზოგიერთ სკოლაში ყოველდღიურად. ეს იყო კონდენსირებულ ფორმაში მოქცეული მთელი კურსი იმ მეცნიერებათა შესახებ, რომელთა სწავლად მოცემულ სკოლებში შეიძლებოდა. ზოგჯერ ეს გამეორება კვირის ან თვის მანძილზე გრძელდებოდა. ამ გადამზადების წყალობით, რომელსაც ადამიანები გადიოდნენ, ისინი სკოლასთან კავშირს აღარ კარგავდნენ და იმ ყველაფრის ხსოვნას ინარჩუნებდნენ, რაც აქ ისწავლეს. ზოგჯერ ისინი ძალიან შორიდან მოდიოდნენ გამეორების მოსასმენად და სკოლასთან კავშირის შეგრძნებით უკან ბრუნდებოდნენ. იყო წელიწადის განსაკუთრებული დღეები, როდესაც გამეორებები განსაკუთრებით სრული იყო და განსაკუთრებით საზეიმოდ სრულდებოდა - ამ დღეებში ისინი სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებდნენ. 

 მოცემული "გამეორების სკოლები" ქრისტიანული ეკლესიების მოდელად იქნა მიღებული - ესენია თაყვანისცემის ფორმები, რომლებიც თითქმის მთლიანად წარმოადგენენ მეცნიერების გამეორების კურსს, რომელიც სამყაროს და ადამიანს ეხება. ინდივიდუალური ლოცვებს, საგალობლებს, პასუხებს და ყველაფერ დანარჩენს, ამ გამეორებაში თავისი მნიშვნელობა ჰქონდა, ისევე როგორც დღესასწაულებს და ყველა რელიგიურ სიმბოლოს, თუმცა მათი მნიშვნელობა დიდი ხანია უკვე დავიწყებულია. 

 

 გურჯიევმა მართლმადიდებლური ლიტურგიის სხვადასხვა ნაწილთან დაკავშირებით რამდენიმე ძალიან საინტერესო მაგალითი მოიყვანა. სამწუხაროდ, მაშინ შენიშვნები არ გაკეთებულა და მე ვერ ვახერხებ მისი ნათქვამის მეხსიერებაში აღდგენას. 

 პირველი სიტყვების გათვალისწინებით, იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ლიტურგია მოძრაობს ქმნილების პროცესის გავლით, მისი ყველა ეტაპის და ცვლილების დაფიქსირებით. გურჯიევის ახსნა-განმარტებებში ყველაზე მეტად იმან გამაოცა, თუ რამდენი რამ იყო შენარჩუნებული სუფთა სახით და ამათგან რამდენად ცოტა გვესმოდა თავად ამ ყველაფრიდან. მისი ახსნა-განმარტებები ძალიან განსხვავდებოდა ჩვეული თეოლოგიური და თუნდაც მისტიკური ინტერპრეტაციებისგან. მთავარი განსხვავება ის იყო, რომ მან ბევრი ალეგორია გაანადგურა. იმის თქმა მინდა, რომ მისი განმარტებებიდან ცხადი გახდა, რასაც ჩვენ ალეგორიად ვიღებდით, მასში ალეგორია საერთოდ არ არსებობდა და მისი გაგება ბევრად უფრო მარტივად და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით შეგვეძლო. ის, რაც მან ადრე საიდუმლო სერობის შესახებ თქვა, ამის კარგი მაგალითია. 

 - ყოველ ცერემონიას ან რიტუალს ღირებულება მაშინ აქვს, თუ იგი უცვლელად ტარდება. - თქვა გურჯიევმა. - ცერემონია არის წიგნი, რომელშიც ბევრი რამ წერია. ვისაც ესმის, მას წაკითხვა შეუძლია. ერთი რიტუალი ხშირად ასზე მეტ წიგნს შეიცავს. 

 ჩვენს დრომდე იყო შემონახულ საგნებზე მითითებით, გურჯიევმა ამავდროულად აღნიშნა, თუ რა იყო დაკარგული და დავიწყებული. მან ისაუბრა წმინდა ცეკვებზე, რომლებიც გადამზადების სკოლებში მსახურებას თან ახლდა და ქრისტიანული თაყვანისცემის ფორმებში არ შედიოდა. მან ასევე ისაუბრა სხვადასხვა ვარჯიშებზე და სპეციალური ლოცვების სხვადასხვა პოზებზე, ანუ სხვადასხვა სახის მედიტაციებზე. ასევე ახსენა სუნთქვაზე კონტროლის მოპოვების და ნებისმიერი კუნთის დაძაბულობის ან დასვენების აუცილებლობის, თუნდაც მთელი სხეულის მოდუნების შესახებ. გურჯიევმა ისაუბრა ბევრი საგნის ერთმანეთთან კავშირზე, ასე ვთქვათ, რელიგიის "ტექნიკებთან" დაკავშირებით. 

 ერთხელ, სხეულის ერთი ნაწილიდან მეორეზე ყურადღების მიქცევის და კონცენტრაციის ვარჯიშების აღწერასთან დაკავშირებით, გურჯიევმა გვკითხა:

 - როდესაც ხმამაღლა წარმოთქვამთ სიტყვა "მე"-ს, შეგინიშნავთ თუ არა, სად ჟღერს თქვენში ეს სიტყვა? 

 ჩვენ ერთბაშად ვერ გავიაზრეთ, რას გულისხმობდა. მაგრამ, ძალიან მალე დავიწყეთ იმის შემჩნევა, რომ ამ სიტყვის წარმოთქმისას ზოგიერთი ჩვენგანი ნამდვილად გრძნობდა მას თავში, ზოგიც მკერდში, თავის ზედა ნაწილზე ან სულაც სხეულის გარეთ. 

 აქვე უნდა აღვნიშნო, რომ პირადად მე სრულიად ვერ მოვახერხე ამ შეგრძნების საკუთარ თავში გამოწვევა და იძულებული გავხდი სხვებს დავყრდნობოდი. 

 გურჯიევმა ყველა შენიშვნა მოისმინა და თქვა, რომ ამასთან დაკავშირებული სავარჯიშოები ჩვენს დრომდე იყო შემონახული ათონის მთის მონასტრებში. 

 ბერი იჩოქებს ან გარკვეულ პოზაში დგას, შემდეგ იდაყვებში მოხრილ ხელებს წევს და ხმამაღლა ამბობს - "ეგო", შემდეგ კი უსმენს, სად ჟღერს ეს სიტყვა. 

 ამ სავარჯიშოს მიზანია ყოველ წუთს შევიგრძნოთ "მე", როცა ადამიანი საკუთარ თავზე ფიქრობს და "მე"-ს ერთი ცენტრიდან მეორეში იყენებს. 

 

 გურჯიევმა არაერთხელ აღნიშნა ამ მივიწყებული "ტექნიკის" შესწავლის აუცილებლობა, ისევე როგორც რელიგიის გზაზე რაიმე სახის შედეგის მიღწევის შეუძლებლობა მოცემული ტექნიკის გარეშე, წმინდად სუბიექტური შედეგების გარდა. 

 - თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ყველა ნამდვილი რელიგია, რომელიც სწავლული ადამიანების მიერ გარკვეული მიზნით შეიქმნა, ორი ნაწილისგან შედგება. - თქვა გურჯიევმა. - ერთი ნაწილი იმას ასწავლის, თუ რა არის გასაკეთებელი. ეს ნაწილი ხდება საყოველთაო ცოდნის ნაწილი და დროთა განმავლობაში დამახინჯებული ხდება, რითაც თავის ორიგინალს შორდება. მეორე ნაწილი გვასწავლის, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც პირველი ნაწილი ასწავლის. ეს ნაწილი საიდუმლოდ ინახება სპეციალურ სკოლებში და მისი დახმარებით ყოველთვის შესაძლებელია იმის გამოსწორება, რაც პირველ ნაწილში დამახინჯდა და ასევე შესაძლებელია პირველ ნაწილში დავიწყებულის ხელახლა აღდგენა. 

 ამ მეორე ნაწილის გარეშე რელიგიის ცოდნა შეუძლებელია, ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ცოდნა არასრული და ძალიან სუბიექტური იქნება. 

 ასეთი საიდუმლო ნაწილი ქრისტიანობაშიც არსებობს, ისევე როგორც სხვა რელიგიებში და იგი გვასწავლის, თუ როგორ უნდა შესრულდეს ქრისტეს მცნებები და რას ნიშნავს ისინი სინამდვილეში. 

 

 გურჯიევის საუბრებიდან აქ კიდევ ერთი საუბარი უნდა მოვიყვანო კოსმოსებთან დაკავშირებით:

 - ეს დაკავშირებულია კანტის იდეებთან, ფენომენებისა და ნოუმენების შესახებ. - ვთქვი მე. - მაგრამ, მთელი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ დედამიწა, როგორც სამგანზომილებიანი სხეული არის "ფენომენი", ხოლო როგორც ექვსგანზომილებიანი სხეული, არის "ნოუმენი". 

 - სავსებით მართალია.- თქვა გურჯიევმა. - აქ მხოლოდ მასშტაბის იდეაც დაამატეთ. კანტს რომ თავის არგუმენტებში მასშტაბის იდეა შეეტანა, ბევრი რამ ძალიან ღირებული იქნებოდა. ეს იყო ერთადერთი რამ, რაც მას აკლდა. 

 გურჯიევის მოსმენისას ვფიქრობდი, რომ კანტს ამის მოსმენა ძალიან გააკვირვებდა. მაგრამ, მასშტაბის იდეა ჩემთან ძალიან ახლოს იყო. მივხვდი, რომ როგორც ამოსავალი წერტილი, ამით ბევრი რაღაცის აღმოჩენა იყო შესაძლებელი, რაც ახალი და მოულოდნელი იქნებოდა იმ საკითხებში, რაზეც ვფიქრობდით, რომ გვესმოდა. 

 დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, დროის პრობლემებთან დაკავშირებით კოსმოსის იდეების შემუშავებისას, სხვადასხვა კოსმოსში დროის ცხრილი მივიღე, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებ. 

 

 ერთხელ, როდესაც სამყაროში ყველაფრის ერთმანეთთან მოწესრიგებულ კავშირზე ვსაუბრობდით, გურჯიევი "დედამიწაზე არსებულ ორგანულ სიცოცხლეზე" შეჩერდა.

 - ჩვეულებრივი ცოდნისთვის, ორგანული ცხოვრება ერთგვარი შემთხვევითი დანამატია მექანიკური სისტემის მთლიანობის დარღვევაში. - თქვა მან. - ჩვეულებრივი ცოდნა მას ვერაფერთან ვერ აკავშირებს და მისი არსებობის ფაქტიდან გამომდინარე დასკვნებს ვერ აკეთებს. მაგრამ, თქვენ უკვე უნდა გესმოდეთ, რომ რომ ბუნებაში არაფერია შემთხვევითი ან ზედმეტი და არც შეიძლება, რომ არსებობდეს. ყველაფერს გარკვეული ფუნქცია გააჩნია. ამდენად, ორგანული ცხოვრება სამყაროთა ჯაჭვში შეუცვლელ რგოლს თამაშობს, რომელიც მის გარეშე ვერ იარსებებს, ისევე როგორც ორგანული სიცოცხლე ვერ იარსებებს სამყაროს გარეშე. ადრე ითქვა, რომ დედამიწაზე არსებული ორგანული სიცოცხლე პლანეტებს სხვადასხვა სახის გავლენებს გადასცემს, რომელიც მთვარის კვებას, მის გაზრდას და გაძლიერებას ემსახურება. მაგრამ, დედამიწაც იზრდება. იგი იზრდება არა ზომაში, არამედ უფრო დიდი ცნობიერების, დიდი მიმღებლობის გაგებით. პლანეტარული გავლენები, რომლებიც მისთვის დროის ერთ პერიოდში საკმარისი იყო, ახლა აღარ არის საკმარისი და მას უფრო დახვეწილი გავლენების მიღება სჭირდება. უფრო დახვეწილი გავლენების მისაღებად, საჭიროა ბევრად თხელი, უფრო მგრძნობიარე მიმღები აპარატურა. ამიტომ, ორგანული ცხოვრება უნდა განვითარდეს, რათა პლანეტებისა და დედამიწის საჭიროებებს მოერგოს. ასევე, მთვარე შესაძლოა ერთი პერიოდის მანძილზე იმ საკვებით დაკმაყოფილდეს, რომელსაც მას ორგანული ცხოვრების გარკვეული ხარისხი აძლევს, მაგრამ, შემდეგ დგება დრო, როდესაც იგი ასეთი საკვებით დაკმაყოფილებას წყვეტს და შიმშილს იწყებს. ორგანულმა ცხოვრებამ ამ შიმშილის დაკმაყოფილება უნდა შეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას და საკუთარ მიზანს ვერ უპასუხებს. ეს ნიშნავს, რომ მიზნისთვის საპასუხოდ ორგანული ცხოვრება უნდა განვითარდეს და პლანეტების, დედამიწისა და მთვარის საჭიროებების დონეზე დადგეს. 

 უნდა გვახსოვდეს, რომ ქმნილების სხივი, რომელიც ჩვენ ავიღეთ, აბსოლუტიდან მთვარემდე, ხის მზარდ ტოტს ჰგავს. ამ ტოტის დასასრული, საიდანაც ახალი ყლორტები იზრდება, არის მთვარე. თუ მთვარე არ გაიზრდება, ანუ ახალი ყლორტების გაზრდაზე უარს იტყვის, ეს ნიშნავს, რომ ქმნილების სხივის ზრდა შეჩერდება ან მისი ზრდისთვის სხვა გზა უნდა მოიძებნოს, რათა ერთგვარი გვერდითი ტოტი გაზარდოს. ამავდროულად, აქამდე ნათქვამიდან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ, რომ მთვარის ზრდა დამოკიდებულია დედამიწაზე არსებულ ორგანულ სიცოცხლეზე. აქედან გამომდინარეობს, რომ ქმნილების სხვის ზრდაც დამოკიდებულია დედამიწაზე არსებულ ორგანულ სიცოცხლეზე. თუ ორგანული სიცოცხლე გაქრება ან მოკვდება, მთელი ტოტი მაშინვე გახმება. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი გახმება, რაც ორგანული ცხოვრების უკან იმყოფება. იგივე მოხდება, მხოლოდ შედარებით ნელი ტემპით, იმ შემთხვევაში, თუ ორგანული სიცოცხლის ევოლუციური განვითარება შეფერხდება და მასზე დაყენებულ მოთხოვნებს ვერ უპასუხებს. ტოტი შეიძლება გახმეს. ეს უნდა გვახსოვდეს. ქმნილების სხივის დედამიწა-მთვარის ნაწილს, განვითარებისა და ზრდის ზუსტად ისეთივე შანსი მიეცა, როგორიც თითოეული დიდი ხის ცალკეულ ტოტს ეძლევა. მაგრამ, ამ ზრდის განხორციელება საერთოდ არ არის გარანტირებული. ეს დამოკიდებულია საკუთარი ქსოვილების ჰარმონიულ და სწორ მოქმედებაზე. როდესაც ერთი ქსოვილის განვითარება ჩერდება, ყველა დანარჩენიც ჩერდება. ყველაფერი, რისი თქმაც ქმნილების სხივზე ან დედამიწა-მთვარის მის ნაწილზე შეიძლება, თანაბრად ეხება დედამიწაზე არსებულ ორგანულ სიცოცხლეს. დედამიწის ორგანული სიცოცხლე რთული ფენომენია, რომელშიც ცალკეული ნაწილები ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი. ზოგადი ზრდა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ "ტოტის დასასრული" იზრდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არსებობს ორგანული სიცოცხლის ქსოვილები, რომლებიც ვითარდებიან და არსებობენ ქსოვილები, რომლებიც განვითარებად ქსოვილებს საკვების სახით ემსახურებიან. თითოეულ ცალკეულ განვითარებად უჯრედში არის განვითარებადი ნაწილები და არის ნაწილები, რომლებიც საკვებად ემსახურებიან იმათ, რომლებიც ვითარდებიან. მაგრამ, ყოველთვის და ყველაფერში უნდა გვახსოვდეს, რომ ევოლუცია არასოდეს არის გარანტირებული. იგი შესაძლებელია გაჩერდეს ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერ ადგილას. 

 ორგანული ცხოვრების განვითარებადი ნაწილი არის კაცობრიობა. კაცობრიობასაც აქვს თავისი განმავითარებელი ნაწილი, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ახლა ჩვენ მთლიანად კაცობრიობას განვიხილავთ. თუ კაცობრიობა არ ვითარდება, ეს ნიშნავს, რომ ორგანული სიცოცხლის ევოლუცია ჩერდება და იგი თავის მხრივ ქმნილების სხივის ზრდის შეჩერებას გამოიწვევს. ამავდროულად, თუ კაცობრიობა განვითარებას შეწყვეტს, იგი უსარგებლო გახდება იმ მიზნების თვალსაზრისით, რომელთათვისაც თავად შეიქმნა, რის გამოც შესაძლებელია, რომ კაცობრიობა განადგურდეს. ამ გზით, ევოლუციის შეწყვეტა შესაძლოა კაცობრიობის განადგურებას ნიშნავდეს. 

 ჩვენ არ გვაქვს რაიმე მტკიცებულება, საიდანაც შეგვიძლია ვთქვათ, თუ რომელ პლანეტარული ევოლუციის პერიოდში ვცხოვრობთ და აქვთ თუ არა მთვარეს და დედამიწას ლოდინის დრო, ორგანული ცხოვრების შესაბამის ევოლუციაში. თუმცა, ადამიანები, რომლებმაც იციან, რა თქმა უნდა, ამის შესახებ ზუსტ ინფორმაციას ფლობენ, ანუ მათ შეუძლიათ იცოდნენ შესაძლებელი ევოლუციის რა ეტაპზე იმყოფება დედამიწა, მთვარე და კაცობრიობა. ჩვენ ამის ცოდნა არ შეგვიძლია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესაძლებლობების რაოდენობა არასოდეს არის უსასრულო.

 ამავდროულად, კაცობრიობის ცხოვრების შესწავლისას, როგორც ჩვენ მას ისტორიული თვალსაზრისით ვიცნობთ, ვალდებულნი ვართ ვაღიაროთ, რომ კაცობრიობა წრეზე მოძრაობს. ერთი საუკუნის მანძილზე იგი ყველაფერს ანადგურებს, რასაც სხვაში ქმნის და პროგრესს გასული ასი წლის მანძილზე მექანიკური საგნების შექმნაში განაგრძობს, თანაც მრავალი სხვა რამის დაკარგვის ხარჯზე, რაც შესაძლოა კაცობრიობისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო. ზოგადად რომ ვთქვათ, ყველა საფუძველი არსებობს იმის ფიქრისთვის და დამტკიცებისთვის, რომ კაცობრიობა გაჩერებულია და დაცემისა და გადაგვარების გზაზე დგას. გაჩერება ნიშნავს, რომ პროცესი დაბალანსებულია. რომელიმე ხარისხის გამოჩენა მაშინვე იწვევს მის საწინააღმდეგო, სხვა ხარისხის გამოჩენას. ცოდნის ერთ სფეროში ზრდა, მეორე სფეროში უმეცრების ზრდას იწვევს. ერთ კავშირში თავისუფლება, მეორე კავშირში მონობას იწვევს. ზოგიერთი ცრურწმენის გაქრობა სხვა ცრურწმენების ზრდას იწვევს და ასე შემდეგ. 

 ახლა, თუ ოქტავების კანონს გავიხსენებთ, დავინახავთ, რომ დაბალანსებული პროცესი, რომელიც გარკვეული გზით მიმდინარეობს, ნებისმიერ მომენტში ვერ შეიცვლება. იგი შეიცვლება და ახალ გზას დაადგება მხოლოდ გარკვეულ "გზაჯვარედინებზე". "გზაჯვარედინებს" შორის არაფრის გაკეთება არ შეიძლება. ამავდროულად, თუ პროცესი "გზაჯვარედინზე" გადის და არაფერი ხდება, შემდგომშიც არაფერი შეიძლება გაკეთდეს, რის შედეგადაც პროცესი მექანიკური კანონების მიხედვით გაგრძელდება და განვითარდება. მაშინაც კი, თუ ამ პროცესში მონაწილე ადამიანები ყველაფრის გარდაუვალ ნგრევას დაინახავენ, მაინც ვერაფერს შეცვლიან. ვიმეორებ, რომ რაღაცის გაკეთება შეიძლება მხოლოდ გარკვეულ მომენტებში, რომელსაც უბრალოდ "გზაჯვარედინებს" ვუწოდებ, ხოლო რასაც ოქტავებში ეწოდებათ ინტერვალები მი-ფა და სი-დო.

 რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი ადამიანი, რომლებიც თვლიან, რომ კაცობრიობის ცხოვრება ისე არ ვითარდება, როგორც მათი შეხედულებებისამებრ უნდა წავიდეს. ისინი სხვადასხვა თეორიებს იგონებენ, რომლებმაც მათი  აზრით კაცობრიობის მთელი ცხოვრება უნდა შეცვალონ. ერთი იგონებს ერთ თეორიას. მეორე მაშინვე იგონებს ამის საწინააღმდეგოს და ორივეს ჰგონია, რომ ყველას მათი სჯერა. ბევრი ადამიანი ნამდვილად იჯერებს ან ერთს, ან მეორეს. ცხოვრება ბუნებრივად იღებს თავის კურსს, მაგრამ ადამიანები არ წყვეტენ საკუთარი ან სხვისი თეორიების დაჯერებას და თვლიან, რომ რაღაცის გაკეთება შესაძლებელია. ყველა ეს თეორია, რა თქმა უნდა, საკმაოდ ფანტასტიკურია, ძირითადად იმიტომ, რომ ისინი ყველაზე მნიშვნელოვანს არ ითვალისწინებენ, კერძოდ, დაქვემდებარებულ ნაწილს, რომელსაც კაცობრიობა და ორგანული ცხოვრება თამაშობს მსოფლიო პროცესებში. ინტელექტუალური თეორიები ადამიანს ყველაფრის ცენტრში აყენებს. ყველაფერი მხოლოდ მისთვის არსებობს, მზე, ვარსკვლავები, მთვარე, დედამიწა. მათ ადამიანის შედარებითი ზომა, მისი არარაობა და გარდამავალი არსებობა ავიწყდებათ. ისინი ამტკიცებენ, რომ ადამიანს სურვილისამებრ შეუძლია შეცვალოს მთელი ცხოვრება, ანუ საკუთარი ცხოვრება რაციონალური პრინციპებით მოაწყოს. მუდმივად ჩნდება ახალი თეორიები, რომლებიც თავის მხრივ სხვა თეორიებს ეწინააღმდეგებიან. ყველა ეს თეორია და მათ შორის გაჩაღებული ბრძოლა უდავოდ წარმოადგენს ერთ-ერთ ძალას, რომელიც კაცობრიობას ამჟამინდელ მდგომარეობაში ინარჩუნებს. გარდა ამისა, ყველა ეს თეორია ზოგადი კეთილდღეობისა და საერთო თანასწორობის შესახებ არა მხოლოდ განუხორციელებელია, არამედ, რეალიზების შემთხვევაში საბედისწერო იქნება. ბუნებაში ყველაფერს აქვს თავისი მიზანი და დანიშნულება, როგორც ადამიანთა უთანასწორობას და მის ტანჯვას. უთანასწორობის განადგურება ნიშნავს ევოლუციის შესაძლებლობის განადგურებას. ტანჯვის განადგურება, პირველ რიგში ნიშნავს მთელი რიგი აღქმების განადგურებას, რომლისთვისაც ადამიანი არსებობს და მეორეც, იგი ნიშნავს დამატებითი "ბიძგის" განადგურებას, ანუ ერთადერთი ძალის მოსპობას, რომელსაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია. იგივე ხდება ყველა ინტელექტუალურ თეორიასთან კავშირში. 

 ევოლუციის პროცესი, რომელიც კაცობრიობისთვის მთლიანობაში არის შესაძლებელი, სრულიად ანალოგიურია ინდივიდისთვის შესაძლებელი ევოლუციის პროცესთან. იგი ერთი და იგივე რაღაცით იწყება, კერძოდ, უჯრედების გარკვეული ჯგუფი თანდათან ცნობიერი ხდება. შემდეგ იგი თანდათან თავისკენ იზიდავს სხვა უჯრედებს, სხვების დაქვემდებარებას იწყებს ეტაპობრივად მთელს ორგანიზმს აიძულებს საკუთარი მიზნებისთვის მსახურებას და არა მხოლოდ ჭამას, დალევას და ძილს. ეს არის ევოლუცია და სხვა სახის ევოლუცია არ შეიძლება არსებობდეს. კაცობრიობაში, ისევე როგორც ცალკეულ ადამიანში, ყველაფერი იწყება ცნობიერი ბირთვის ჩამოყალიბებით. ცხოვრების ყველა მექანიკური ძალა ამ ცნობიერი ბირთვის ჩამოყალიბების წინააღმდეგ იბრძვის, ისევე, როგორც ყველა მექანიკური ჩვევა, გემოვნება და სისუსტე ებრძვის ადამიანში ცნობიერ თვითგახსენებას. 

 - შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ცნობიერი ძალა, რომელიც კაცობრიობის ევოლუციას ებრძვის? - ვკითხე მე.

 - გარკვეული თვალსაზრისით, ასეც შეიძლება ითქვას. - მიპასუხა გურჯიევმა. 

 ეს ადგილი აქ მომყავს, რადგან იგი თითქოს გურჯიევის მიერ აქამდე ნათქვამს ეწინააღმდეგება, როდესაც მან თქვა, რომ სამყაროში ერთმანეთს მხოლოდ ორი ძალა ებრძვის - "ცნობიერება" და "მექანიკურობა".

 - საიდან შეიძლება, რომ ეს ძალა მოდიოდეს? - ვიკითხე.

 - ამის ახსნას დიდი დრო დასჭირდება, - თქვა გურჯიევმა. - და მას ჩვენთვის ამჟამად პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. არსებობს ორი პროცესი, რომელსაც ზოგჯერ უწოდებენ "ინვოლუციურს" და "ევოლუციურს". მათ შორის განსხვავება არის შემდეგი: ინვოლუციური პროცესი აბსოლუტში ცნობიერად იწყება, მაგრამ, მომდევნო ნაბიჯზე განვითარებისას იგი უფრო და უფრო მექანიკური ხდება. ევოლუციური პროცესი ნახევრად ცნობიერად იწყება, მაგრამ, განვითარებისას უფრო და უფრო ცნობიერი ხდება. ცნობიერება და ევოლუციური პროცესის მიმართ   ცნობიერი წინააღმდეგობა  ასევე შეიძლება გამოჩნდეს ინვოლუციური პროცესის გარკვეულ მომენტებში. საიდან მოდის ეს ცნობიერება? რა თქმა უნდა, ევოლუციური პროცესიდან. ევოლუციური პროცესი შეუფერხებლად უნდა მიმდინარეობდეს. ნებისმიერი შეჩერება ფუნდამენტური პროცესისგან განცალკევებას იწვევს. ცნობიერების ისეთი ცალკეული ფრაგმენტები, რომლებიც განვითარებისას შეჩერდა, ასევე შეიძლება გაერთიანდეს და ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია გარკვეული დროის მანძილზე ევოლუციური პროცესის წინააღმდეგ ბრძოლით იცხოვროს. ყოველივე უბრალოდ უფრო საინტერესოს ხდის ევოლუციურ პროცესს. მექანიკური ძალების წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად, გარკვეულ მომენტებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საკმაოდ ძლიერი ძალების წინააღმდეგ განზრახ გამართულ ბრძოლას, რომლებიც, ცხადია ევოლუციური პროცესის წარმმართველებთან თანხმობაში არ მოდიან. ამ მოწინააღმდეგე ძალებმა შეიძლება ხანდახან გაიმარჯვონ კიდეც. ამის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ევოლუციის წარმმართველ ძალებს საშუალებათა უფრო შეზღუდული არჩევანი აქვთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ შეუძლიათ მხოლოდ გარკვეული საშუალებების და გარკვეული მეთოდების გამოყენება. დაპირისპირებული ძალები, საშუალებებთან დაკავშირებით შეზღუდულები არ არიან და ყველა საშუალების გამოყენება შეუძლიათ, თუნდაც ისეთი, რაც დროებით წარმატებას წარმოშობს, ხოლო საბოლოო შედეგში ისინი ანადგურებენ არა მხოლოდ ევოლუციას, არამედ ინვოლუციასაც. 

 მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ამ კითხვას ჩვენთვის არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი, რომ ევოლუციის დასაწყისის და მიმდინარეობის ნიშნები დავადგინოთ. თუ კაცობრიობასა და ადამიანს შორის არსებულ სრულ ანალოგიას გავიხსენებთ, რთული არ იქნება იმის დადგენა, შეიძლება თუ არა კაცობრიობა ისე განვიხილოთ, როგორც განვითარებადი. 

 შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ცხოვრებას ცნობიერ ადამიანთა ჯგუფი წარმართავს? სად არიან ისინი? ვინ არიან? ჩვენ ზუსტად ამის საპირისპიროს ვხედავთ: ცხოვრებას ისინი მართავენ, რომლებიც ყველაზე ნაკლებად ცნობიერები არიან და ისინი, ვისაც ყველაზე მეტად სძინავს. 

 შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო, ძლიერ და გაბედულ ელემენტთა უპირატესობას ვამჩნევთ? არაფერი მსგავსი. ჩვენ ყველა სახის ვულგარულობის და სისულელის უპირატესობას ვხედავთ. 

 შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ცხოვრებაში ერთიანობისკენ სწრაფვა შეინიშნება? რა თქმა უნდა, არაფერი მსგავსი. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ახალ დაყოფას, ახალ მტრობას, ახალ გაუგებრობებს. 

 ასე რომ, კაცობრიობის რეალურ ვითარებაში არაფერია ისეთი, რაც ევოლუციის მიმდინარეობაზე მიუთითებს. პირიქით, როდესაც კაცობრიობას ერთ ადამიანს შევადარებთ, საკმაოდ ნათლად დავინახავთ, თუ როგორ ვითარდება პიროვნება არსების ფასად, ანუ ეს არის ხელოვნური, არარეალური და უცხო ზრდა, რაც ბუნებრივის, რეალურის და რაღაც საკუთრის ფასად ხორციელდება. 

 ამასთან ერთად ჩვენ ავტომატიზმის ზრდასაც ვხედავთ. 

 თანამედროვე კულტურა ავტომატებს მოითხოვს. ადამიანები უდავოდ კარგავენ დამოუკიდებლობისგან შეძენილ ჩვევებს და ავტომატებად იქცევიან, ანუ მანქანის შემადგენელ ნაწილებად. შეუძლებელია იმის თქმა, სად მთავრდება ეს ყველაფერი და სად არის გამოსავალი... ან საერთოდ არსებობს თუ არა დასასრული და გამოსავალი. მხოლოდ ერთი რამ არის ცხადი, ადამიანის მონობა იზრდება და იზრდება. ადამიანი ნებაყოფლობით ხდება მონა. მას ჯაჭვები აღარ სჭირდება. იგი მონობისადმი სიყვარულს იწყებს და ამით ამაყობს. ეს არის ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება, რომ ადამიანს დაემართოს. 

 ყველაფერი, რაც აქამდე ვთქვი, მთელს კაცობრიობას ეხებოდა. მაგრამ, როგორც ადრე აღვნიშნე, კაცობრიობის ევოლუცია შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ევოლუციის მეშვეობით, რომელიც თავის მხრივ გავლენას მოახდენს და დანარჩენ კაცობრიობას წარმართავს.

 შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ასეთი ჯგუფი არსებობს? ალბათ გარკვეულ საბაზისო ნიშნებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ძალიან მცირე ჯგუფია, საკმაოდ არასაკმარისი, ყოველ შემთხვევაში, თუ დანარჩენი კაცობრიობის დამორჩილებაზე ვსაუბრობთ. თუ სხვა კუთხით შევხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოცემულ მდგომარეობაში კაცობრიობას არ შეუძლია ცნობიერი ჯგუფის ხელმძღვანელობას დათანხმდეს. 

 - რამდენი ადამიანი შეიძლება, რომ ამ ჯგუფში იყოს? - იკითხა ვიღაცამ. 

 - ეს მხოლოდ თავად იციან. - უპასუხა გურჯიევმა. 

 - ეს ნიშნავს, რომ ყველანი ერთმანეთს იცნობენ? - იკითხა იმავე ადამიანმა.

 - სხვანაირად შესაძლებელია? - ჰკითხა გურჯიევმა. - წარმოიდგინეთ, რომ უამრავ მძინარე ადამიანს შორის ორი-სამი ფხიზელი ადამიანია. ისინი ერთმანეთს აუცილებლად იცნობენ. მაგრამ, მათ, ვისაც სძინავს, ისინი ვერ ეცოდინებათ. რამდენი არიან ისინი? ჩვენ ეს არ ვიცით და ვერც გვეცოდინება, სანამ მათი მსგავსი არ გავხდებით. აქამდე უკვე ცხადად ითქვა, რომ თითოეულ ადამიანს მხოლოდ საკუთარი ყოფიერების დონეზე შეუძლია დანახვა. მაგრამ, ორასი ცნობიერი ადამიანი, - თუ ისინი იარსებებენ და ამას საჭიროდ და ლეგიტიმურად მიიჩნევენ -დედამიწაზე მთელს ცხოვრებას შეცვლის. მაგრამ, შეიძლება ეს რიცხვი საკმარისი არ არის, ან მათ არ სურთ, ან ჯერ არ მოსულან, ან დანარჩენ ადამიანებს ზედმეტად მშვიდად სძინავთ. 

 ჩვენ ახლა ეზოთერიკის პრობლემებს მივუახლოვდით. 

 კაცობრიობის ისტორიაზე საუბრისას, ადრე აღინიშნა, რომ ჩვენთვის ცნობილი კაცობრიობის ცხოვრებას, რომელსაც ჩვენ ვეკუთვნით, მართავს ორი სხვადასხვა წყაროდან წამოსული ძალა: პირველი, ესაა პლანეტარული ზემოქმედება, რომელიც მთლიანად მექანიკურად მოქმედებს და ადამიანთა მასებიც და ცალკეული ადამიანებიც მას სრულიად უნებურად და გაუცნობიერებლად იღებენ. მომდევნო არის კაცობრიობის შინაგანი წრიდან მომდინარე გავლენა, რომლის არსებობაშიც და მნიშვნელობაშიც კაცობრიობის აბსოლუტურ უმრავლესობას იმაზე მეტი ეჭვი არ უჩნდება, ვიდრე ეს პლანეტარული ზეგავლენების შემთხვევაში ხდება. 

 კაცობრიობა, რომელსაც ჩვენ ვეკუთვნით, კერძოდ, მთელი ისტორიული და პრეისტორიული მეცნიერებისთვის და ცივილიზაციისთვის ცნობილი კაცობრიობა, წარმოადგენს მხოლოდ კაცობრიობის გარეგან წრეს, რომლის ფარგლებშიც კიდევ რამდენიმე წრე არსებობს. 

 იმისათვის, რათა მთელი კაცობრიობა წარმოვიდგინოთ, როგორც ცნობილი, ასევე უცნობი, უნდა ვთქვათ, რომ იგი რამდენიმე კონცენტრული წრისგან შედგება. 

 შინაგან წრეს ეწოდება "ეზოთერული". ეს წრე იმ ადამიანებისგან შედგება, რომელთაც ადამიანური განვითარების მაქსიმალურ საფეხურს მიაღწიეს და რომელთაგან თითოეული მათგანი სრული ხარისხით ფლობს ინდივიდუალობას, ანუ განუყოფელ მე-ს, ადამიანისთვის ხელმისაწვდომ ყველა ცნობიერების მდგომარეობას, ამ მდგომარეობებზე სრულ კონტროლს, ადამიანისთვის ხელმისაწვდომ ყველა ცოდნას და თავისუფალ, დამოუკიდებელ ნებას. მათ არ შეუძლიათ ისეთი მოქმედებების შესრულება, რომლებიც თავიანთ გაგებას არ შეესაბამება და ასევე არ აქვთ ისეთი გაგება, რომელიც ქმედებებით ვერ გამოიხატება. ამავდროულად, მათ შორის არ შეიძლება არსებობდეს უთანხმოება და განსხვავება გაგებას შორის. ამიტომ, მათი საქმიანობა მთლიანად კოორდინირებულია და ყოველგვარი იძულების გარეშე, საერთო მიზნამდე მივყავართ, რადგან იგი საერთო და იდენტურ გაგებას ეფუძნება. 

 შემდეგ წრეს ეწოდება "მეზოთერული", ანუ საშუალო. ამ წრეს ეკუთვნის ყველა ის ხალხი, რომლებიც ეზოთერულ წრეში მქონე ადამიანების ხარისხი გააჩნიათ, მაგრამ მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათი ცოდნა შედარებით თეორიული ხასიათისაა. რა თქმა უნდა, ეს ეხება კოსმიური სახის ცოდნას. მათ ბევრი რამ ესმით და იციან, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გამოხატავენ ამას ქმედებებში. მათ მეტი იციან, ვიდრე აკეთებენ. მაგრამ, ასეთი ადამიანების გაგება ასევე იდენტურია, შესაბამისად, იგი იდენტურია ეზოთერულ წრეში მყოფი ხალხის გაგებასთანაც. მათ შორის არ შეიძლება იყოს უთანხმოება ან გაუგებრობა. ერთს ისევე ესმის, როგორც ყველა დანარჩენს, ხოლო ყველას ისე ესმის, როგორც ერთს. მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, მათი გაგება ეზოთერულ წრესთან შედარებით უფრო თეორიულია. 

 მესამე წრეს ეწოდება "ეგზოთერული", ანუ გარეგანი, რადგან შინაგანი კაცობრიობის იგი გარეგანი წრეა. ადამიანები, რომლებიც ამ წრეს ეკუთვნიან, ბევრ რამეს ფლობენ, რაც ეზოთერული და მეზოთერული წრეების ადამიანებს ეკუთვნის, მაგრამ მათი კოსმიური ცოდნა უფრო ფილოსოფიური ხასიათისაა, ანუ უფრო აბსტრაქტულია, ვიდრე მეზოთერული და ეზოთერული წრის ცოდნა. მეზოთერული წრის წევრი გამოთვლას აკეთებს, ხოლო ეგზოთერული წრის წევრი ფიქრობს. მათი გაგება შესაძლოა ქმედებებში არ იყოს გამოხატული. მაგრამ, მათ გაგებაში განსხვავების არსებობა არ შეიძლება. რაც ერთს ესმის, ყველა დანარჩენსაც ესმის.  

 ლიტერატურაში, რომელიც ეზოთერიკის არსებობას აღიარებს, ჩვეულებრივ, კაცობრიობა ორ წრედ იყოფა და "ეგზოთერული წრეს" "ეზოთერული წრისგან" განსხვავებით, ჩვეულებრივი ცხოვრება ეწოდება. სინამდვილეში, როგორც ჩვენ ვხედავთ, "ეგზოთერული წრე" ჩვენგან ძალიან შორს და ძალიან მაღლაა. ჩვეულებრივი ადამიანისთვის, ეს უკვე "ეზოთერიკაა".  

 "გარეგანი წრე" არის მექანიკური კაცობრიობის წრე, რომელსაც თავად ვეკუთვნით და რომლის შესახებაც ჩვენ ვიცით. ამ წრის პირველი ნიშანი ის არის, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მოცემულ წრეს ეკუთვნიან, გაგება არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. ყველას თავისებურად და ერთმანეთისგან განსხვავებულად ესმის. ამ წრეს ზოგჯერ "ენების აღრევის" წრეს უწოდებენ, რომელშიც თითოეული ადამიანი თავისი კონკრეტული ენით ლაპარაკობს, სადაც ერთმანეთის არავის ესმის და არც აინტერესებთ ერთმანეთის გაგება. ამ წრეში ადამიანებს შორის ურთიერთგაგება შეუძლებელია იშვიათი გამონაკლისების გარდა ან დიდი მნიშვნელობის მქონე საკითხების გამოკლებით, რომელიც მოცემული საკითხის საზღვრებით შემოიფარგლება. თუ ამ წრეში არსებული ადამიანები მოცემულ გაუგებრობას გააცნობიერებენ და გაგების სურვილს შეიძენენ, ეს ნიშნავს, რომ მათ გაუცნობიერებელი მიდრეკილება აქვთ შინაგანი წრის მიმართ, რადგან ურთიერთგაგება მხოლოდ ეგზოთერულ წრეში იწყება და მხოლოდ იქ არის შესაძლებელი. თუმცა, გაგების ნაკლებობის ცნობიერება ჩვეულებრივ ადამიანებთან სულ სხვა ფორმით მოდის. 

 ასე რომ, ადამიანებისთვის გაგების შესაძლებლობა დამოკიდებულია ეგზოთერულ წრეში შეღწევის შესაძლებლობაზე, სადაც გაგება იწყება. 

 თუ ჩვენ კაცობრიობას ოთხი კონკრეტული წრის სახით წარმოვიდგენთ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ოთხი კარიბჭე, მესამე შიდა წრის გარშემოწერილობაზე, ანუ ეგზოთერული წრის გავლით, რომელშიც მექანიკური წრის ადამიანებს შეუძლიათ შეღწევა. ეს ოთხი კარიბჭე ადრე აღწერილ ოთხ გზას შეესაბამება. 

 პირველი არის ფაკირის გზა, პირველი ადამიანის გზა, ფიზიკური სხეულის ხალხის გზა. ესენი არიან ინსტინქტურ-მამოძრავებელ-სენსორული ადამიანები საკმარისი ტვინის და საკმარისი გულის გარეშე. 

 მეორე არის ბერის გზა, რელიგიური გზა, მეორე ადამიანის გზა, ანუ ემოციური ადამიანების გზა. მათი გონება და სხეული ძალიან ძლიერი არ უნდა იყოს.

 მესამე არის იოგის გზა, გონების გზა, მესამე ადამიანის გზა. გული და სხეული არ უნდა იყოს განსაკუთრებით ძლიერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეიძლება ამ გზაზე დაბრკოლებები აღმოჩნდნენ. 

 ამ სამი გზის გარდა, არსებობს მეოთხე გზა, რომლის გავლაც იმათ შეუძლიათ, ვინც პირველი სამი გზით ვერ ივლიან.  

 ფუნდამენტური განსხვავება პირველ სამ გზას და მეოთხე გზას შორის ის არის, რომ ისინი დაკავშირებულნი არიან მუდმივ ფორმებთან, რომლებიც თითქმის ცვლილების გარეშე არსებობდნენ ისტორიულად დიდი ხნის განმავლობაში. ამ ინსტიტუტების საფუძველი არის რელიგია. არსებობენ იოგური სკოლები, რომლებიც გარეგნულად ნაკლებად განსხვავდებიან რელიგიური სკოლებისგან. ისტორიის სხვადასხვა პერიოდში არსებობდა სხვადასხვა საზოგადოებები ან ფაკირთა ორდენები, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს. ეს სამი ტრადიციული გზა, ჩვენი ისტორიული პერიოდის საზღვრებში მუდმივ გზებს ასახავს. 

 ორი-სამი ათასი წლის წინ არსებობდა სხვა გზები, რომლებიც აღარ არსებობს და ამჟამად არსებული გზები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან და ისინი ადრე კიდევ უფრო ახლოს იდგნენ ერთმანეთთან. 

 მეოთხე გზა ძველი და ახალი გზებისგან იმით განსხვავდება, რომ იგი არასოდეს არის მუდმივი გზა. მას არ აქვს გარკვეული ფორმები და ინსტიტუტებთან არ არის დაკავშირებული. იგი ჩნდება და ქრება, რომელიც საკუთარი კანონებით რეგულირდება. 

 მეოთხე გზა არასოდეს ფუნქციონირებს გარკვეული მნიშვნელობის მქონე სამუშაოს გარეშე, არასოდეს არის რაიმე ვალდებულების გარეშე, რომლის ირგვლივაც იგი არსებობს. როდესაც ეს სამუშაო დასრულებულია, ანუ როცა დასახული მიზანი შესრულდება, მეოთხე გზა ქრება, ანუ მოცემული ადგილიდან, მოცემული სახით ქრება, რომელიც შესაძლოა სხვაგან სხვა ფორმით გაგრძელდეს. მეოთხე გზის სკოლები არსებობს იმ სამუშაოს საჭიროებისთვის, რომელიც შემოთავაზებულ წამოწყებასთან არსებობს. ისინი არასოდეს არსებობენ თავისთავად, როგორც განათლებისა და სწავლების მიზნით არსებული სკოლები. 

 მეოთხე გზის ნებისმიერ სამუშაოში, მექანიკური დახმარება საჭირო არ არის. მეოთხე გზის ყველა წამოწყებაში მხოლოდ ცნობიერი მუშაობა შეიძლება იყოს სასარგებლო. მექანიკურ ადამიანს ცნობიერი მუშაობა არ შეუძლია, ამიტომ პირველი, რითაც ადამიანები ამ სამუშაოს იწყებენ, არის ცნობიერად მომუშავე თანაშემწეების ჩამოყალიბება. 

 თავად მეოთხე გზის სკოლების მუშაობას შეიძლება ძალიან ბევრი ფორმა და მნიშვნელობა ჰქონდეს. ცხოვრების ჩვეულებრივი პირობების შუაგულში, ადამიანს "გზასთან" შეხვედრის ერთადერთი შანსი, ამგვარი სამუშაოს დასაწყისთან შეხვედრის შესაძლებლობაში მდგომარეობს. მაგრამ, ასეთ სამუშაოსთან შეხვედრის შანსი და მისგან სარგებლის მიღების შესაძლებლობა ბევრ გარემოებაზე და პირობაზეა დამოკიდებული. 

 რაც უფრო სწრაფად გაითავისებს ადამიანი შესასრულებელი სამუშაოს მიზანს, მით უფრო სწრაფად გახდება იგი მისთვის სასარგებლო და მით უფრო შეძლებს მისგან სარგებლის მიღებას.

 მაგრამ, რაც არ უნდა იყოს მუშაობის ფუნდამენტური მიზანი, სკოლები იქამდე აგრძელებენ მუშაობას, სანამ ეს სამუშაო მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლები იხურება. ადამიანები, რომლებმაც მუშაობა დაიწყეს, სცენას ტოვებენ. ისინი, ვინც მათგან ისწავლეს და გზის გაგრძელების შესაძლებლობას მიაღწიეს, საკუთარ პირად მუშაობას ამა თუ იმ ფორმით დამოუკიდებლად იწყებენ. 

 მაგრამ, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სკოლის დახურვისას ბევრი ადამიანი რჩება, რომლებიც სკოლის ირგვლივ ტრიალებდნენ და მისი მუშაობის მხოლოდ გარეგნულ ასპექტებს ხედავდნენ. 

 მათ არავითარი ეჭვი არ ეპარებათ საკუთარ თავში ან მათი დასკვნების და გაგების სისწორეში, რითაც მუშაობას განაგრძობენ. მუშაობის გასაგრძელებლად ისინი ქმნიან ახალ სკოლებს, ხალხს იმას ასწავლიან, რაც თავად ისწავლეს და მათაც იგივე დაპირებებს აძლევენ, რაც თავად მიიღეს. ეს ყველაფერი ბუნებრივად შეიძლება მხოლოდ გარეგნულ იმიტაცია წარმოადგენდეს. მაგრამ, როდესაც ისტორიას ვიხსენებთ, ჩვენთვის თითქმის შეუძლებელია დავინახოთ, სად მთავრდება რეალობა და სად იწყება იმიტაცია. მკაცრად რომ ვთქვათ, თითქმის ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით სხვადასხვა სახის ოკულტური, მასონური და ალქიმიური სკოლების შესახებ, ამგვარ მიბაძვას ეხება. ჩვენ პრაქტიკულად არაფერი ვიცით რეალური სკოლების შესახებ, გარდა მათი მუშაობის შედეგებისა და ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეგვიძლია, რომ რეალური მუშაობის შედეგები ფალსიფიკაციისა და იმიტაციებისგან გამოვყოთ. 

 მაგრამ, ასეთი ფსევდო-ეზოთერული სისტემები თავიანთ როლს თამაშობენ ეზოთერული წრეების მუშაობასა და საქმიანობაში. კერძოდ, ისინი შუამავლები არიან მატერიალურ ცხოვრებაში და სკოლებში მთლიანად ჩაფლული კაცობრიობისთვის, რომლებიც გარკვეული რაოდენობის ადამიანების განათლებით ინტერესდებიან, როგორც საკუთარი არსებობის მიზნებისთვის და ისევე როგორც კოსმიური ხასიათის მუშაობის მიზნებისთვის, რისი განხორციელებაც შესაძლებელია. ეზოთერიზმის იდეა, ინიციაციის იდეა, ადამიანებთან უმეტესად ფსევდოეზოთერული სისტემებისა და სკოლების მეშვეობით აღწევს. ფსევდოეზოთერული სკოლების არარსებობის შემთხვევაში კაცობრიობის დიდ უმრავლესობას ცხოვრებასთან შედარებით რაიმე დიდის მოსმენის შესაძლებლობა არ ექნება, რადგან ჭეშმარიტება, მისი სუფთა სახით მათთვის მიუწვდომელი იქნება. ადამიანების ყოფიერების, განსაკუთრებით თანამედროვე ყოფიერების ბევრი მახასიათებლის გამო, ჭეშმარიტება ადამიანებთან მხოლოდ სიცრუის სახით შეიძლება მოვიდეს. მხოლოდ ამ ფორმით შეუძლია ხალხს მისი მიღება. მხოლოდ ამ ფორმით შეუძლიათ მისი მონელება და შეთვისება. უბიწო ჭეშმარიტება მათთვის მოუნელებელი საკვები იქნებოდა. გარდა ამისა, ჭეშმარიტების მარცვალი უცვლელი სახით ზოგჯერ ფსევდოეზოთერულ მოძრაობებში, მოძრაობებში, საეკლესიო რელიგიებში, ოკულტურ და თეოსოფიურ სკოლებშიც გვხვდება. ეს შეიძლება იმყოფებოდეს მათ ნაწარმოებებში, რიტუალებში, ტრადიციებში, კონცეფციებში, იერარქიებში, დოგმებში და წესებში. 

 ეზოთერული სკოლები, ანუ არა ფსევდოეზოთერული სკოლები, რომლებიც შესაძლოა ზოგიერთ აღმოსავლურ ქვეყნებში არსებობენ, ძნელად მოსაძებნია, რადგან ისინი ჩვეულებრივი მონასტრების და ტაძრების ნიღბით არიან შეფარულნი. როგორც წესი, ტიბეტის მონასტრები ოთხი კონცენტრული წრით ან ოთხად დაყოფილი მაღალი კედლებით შენდება. ინდური ტაძრები, განსაკუთრებით სამხრეთ ინდოეთში, აგებულია იმავე გეგმით, მაგრამ სხვა სახის კვადრატებით, რომელშიც ერთი მეორეს შეიცავს. თაყვანისმცემლებს, როგორც წესი, გარეგან სცენაზე აქვთ წვდომა, ზოგჯერ ასეთი წვდომა სხვა რელიგიის წარმომადგენლებს და ევროპელებსაც გააჩნიათ. მეორე სცენაზე წვდომა მხოლოდ გარკვეული კასტის ადამიანებისთვის ან სპეციალური ნებართვის მქონე ადამიანებისთვის არსებობს. მესამეზე წვდომა მხოლოდ იმ ტაძრის წევრებს აქვთ, ხოლო მეოთხეზე წვდომა მხოლოდ ბრაჰმანებისა და მღვდლებისთვისაა. ორგანიზაციების მოცემული სახეობა, მცირე ცვალებადობით ყველგან არსებობს, რაც ეზოთერულ სკოლებს შემჩნევის გარეშე არსებობის საშუალებას აძლევს. ათობით მონასტრიდან ერთი სკოლაა. მაგრამ, როგორ უნდა მოხდეს მისი შემჩნევა? თუ მასში შეხვალთ, მხოლოდ პირველ ადგილას მოხვდებით. მეორე სცენაზე შესვლის უფლება მხოლოდ მოსწავლეებს აქვთ. მაგრამ, თქვენ ეს არ იცით, რადგან ისინი ამბობენ, რომ განსაკუთრებულ კასტას მიეკუთვნებიან. რაც შეეხება მესამე და მეოთხე სცენას, თქვენ მათ შესახებ არაფერი იცით. თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ იგივე წესრიგს ყველა ტაძარში, სანამ ეზოთერული ტაძრის და ჩვეულებრივი მონასტრის ერთმანეთისგან გარჩევას არ ისწავლით. 

 ინიციაციის იდეა, რომელიც ჩვენამდე ფსევდოეზოტერული სისტემებით აღწევს, სრულიად არასწორი სახით გადმოგვეცა. ინიციაციის გარეგანი რიტუალების ლეგენდები იმ ინფორმაციის ნარჩენებიდან შეიქმნა, რომლებიც უძველეს მისტერიებთან დაკავშირებით გაგვაჩნია. საიდუმლოებები წარმოჩენილი იყო განსაკუთრებული გზით, რომელიც რთული და ხანგრძლივი სწავლის გვერდით, თეატრალური გამოსახულებებით იყო გაფორმებული, რომლებშიც ადამიანისა და სამყაროს ევოლუციის მთელი გზა ალეგორიული ფორმებით ვლინდებოდა. 

 ყოფიერების ერთი დონიდან მეორეზე გადასვლა განსაკუთრებული სახის ცერემონიებით იყო წარმოდგენილი, ანუ ინიცირების სახით. მაგრამ, ყოფიერებას თავისთავად რაიმე რიტუალი ვერ შეცვლის. რიტუალებს შეუძლიათ მხოლოდ დასრულებული გადასვლის აღნიშვნა. ეს მხოლოდ ფსევდოეზოთერულ სისტემებში ხდება, სადაც ამ რიტუალების გარდა სხვა არაფერია, როდესაც ისინი რიტუალებისთვის დამოუკიდებელი მნიშვნელობის მინიჭებას იწყებენ. მათ ჰგონიათ, რომ რიტუალი გარდაიქმნება ზიარებად, რომელიც ინიცირებულს გარკვეულ ძალებს გადასცემს. ეს კვლავ ფსიქოლოგიის იმიტაციურ გზას ეხება. არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს რაიმე სახის გარეგანი ინიციაცია. სინამდვილეში, არსებობს მხოლოდ თვითინიციაცია. სისტემებსა და სკოლებს შეუძლიათ მიუთითონ მეთოდები და გზები, მაგრამ არც ერთ სისტემას და სკოლას არ შეუძლია ადამიანისთვის იმის გაკეთება, რისი გაკეთებაც სამუშაოში ადამიანმა რაც  თავად უნდა გააკეთოს. შინაგანი ზრდა, ყოფიერების ცვლილება მთლიანად დამოკიდებულია იმ სამუშაოზე, რომელიც ადამიანმა საკუთარ თავზე უნდა შეასრულოს. 

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff