თავი მეორე - სული და უჩინარი სამყარო
არსებობს ცნობიერების ოკეანე, და იგი უნივერსალურია, თუმცა ყოველი ჩვენთაგანი თავისი ნაპირიდან აღიქვამს მას. ეს სამყარო ყველას გვიტევს, და ყველა ცოცხალი არსება განიცდის მას, მარგამ ცოტა თუ ხედავს. შამანი - ამ სხვა სამყაროს ოსტატია. ის ერთი ფეხით მატერიის სამყაროში დგას, მეორეთი კი - სულის სამყაროში. (ალბერტო ვილოლდოს და ერიკა ჯენდრესენის წიგნიდან - „ოთხი ქარის ცეკვა“)
რამდენიმე წლის წინ ზაფხული ამაზონიის ტროპიკულ ტყეში გავატარე. ერთი ჩემი შვეიცარიელი ნაცნობი, ფარმაცევტიკის გიგანტი ასპონსორებდა ამ მოგზაურობას იმ იმედით, რომ რაიმე მცენარის ქერქს ან ფესვს ვიპოვიდი, რომელიც კიბოს საწინააღმდეგო ძლიერი წამალი იქნებოდა. ჯუნგლები - ეს ხომ ბუნებრივი აფთიაქია, ეგზოტიკური მცენარეებით სავსე, რომელთა შესაძლებლობების აღმოჩენაც ადამიანს ჯერ კიდევ წინ აქვს. მრავალი თვის განმავლობაში კანოეთი ბევრი სოფელი მოვიარე, სადაც იშვიათად ვხედავდი თეთრ ადამიანს, და ყველგან აღმოვაჩინე, რომ იქაურები არც კიბოთი იტანჯებოდნენ, არც ალცჰეიმერით, და არც გულ-სიხლძარღვთა დაავადებებით სიბერეშიც კი. ცხადი იყო, რომ იმათ ჯანმრთელობის შესახებ რაღაც ისეთი იცოდნენ, რაც ჩვენთვის დასავლეთში მიუწვდომელია. რაშია მათი საიდუმლო?
სახლში ცარიელი ზურგჩანთით დავბრუნდი, რამაც ჩემი სპონსორი დაამწუხრა და გააღიზიანა, რადგან ელოდა, რომ ბლოკბასტერის გმირივით აუცილებლად ჩამოვიტანდი რაღაც საკვანძო ინგრედიენტს წამლისთვის, რომელიც კიდევაც გაგვამდიდრებდა, და მრავალ სიცოცხლესაც იხსნიდა. მაგრამ მე ისეთი რაღაცით დავბრუნდი, რაც უფრო ღირებულად მიმაჩნდა, - ამაზონიის მკურნალების სიბრძნით, რომლებმაც თავიანთი ცოდნა გამანდეს და მე გავიგე, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ორი ჯადოსნური კომპონენტია საჭირო. პირველის პოვნა მხოლოდ სამყაროს უხილავ მატრიცაში შეიძლება - ეს ისაა, რასაც ერთიანობას ვეძახი. მეორე - მცენარეებია, რომლებიც ორგანიზმს აძლიერებენ, მაგრამ არ არიან განკუთვნილნი რაღაც კონკრეტული დაავადებების საწინააღმდეგოდ. ადგილობრივ მკურნალებთან არაერთი წელი ვსწავლობდი, სანამ დავიწყე იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს ერთად ეს ორი კომპონენტი.
როცა ერთხელ მაინც გამოცდით უხილავ მატრიცას, რომელიც გადაჯაჭვული ცნობიერებისა და ინფორმაციული ველებისგან შედგება, გააცნობიერებთ, რომ გრძნობადი სამყარო, ანუ ფიზიკური რეალობა, - ეს ერთადერთი რეალობა არაა. სინამდვილეში იგი მთავარ რეალობასაც კი არ წარმოადგენს. ხილული და უხილავი სამყაროები ერთმანეთთან განუყოფლად არის გადაჯაჭვული თითქმის მათემატიკური სიზუსტით. და როცა აღმოაჩენ ამას, შეგიძლია მათ შორის ისე იცეკვო, როგორც შამანები ცეკვავენ.
ძველებმა კარგად იცოდნენ ამ ორი სამყაროს შესახებ. ჰინდუს ვედებში უხილავ სამყაროს აკაშა ეწოდება - უსაზღვრო სივრცე, სიბრძნის ველი, რომელიც კოსმოსის საფუძველს ქმნის. დასავლური მეცნიერება ამტკიცებს, რომ კოსმოსი შედგება ენერგიისგან და მატერიისგან, ადგილობრივი ტომები კი კოსმოსს მიიჩნევენ ცოცხალ, გონიერ ველად, რომელსაც ისინი სულს უწოდებენ. სიტყვა სული (Spirit) კი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან Spiritus, რაც ნიშნავს „სუნთქვას“.
მეორე კომპონენტი მცენარეების სამყაროდან მოდის - ბუჩქების, ფესვების, ბალახების ნაწილები, რომლებიც „ჯანმრთელობის“ გენებს ააქტიურებენ და „ავადმყოფობის გენებს“ თიშავენ. დღეს ჩვენ მათ ეპიგენეტიკურ მოდიფიკატორებს ვუწოდებთ, მეცნიერები კი „Nrf2 აქტივატორებს“ უწოდებენ. შემდეგი თავიდან თქვენ შეიტყობთ, როგორ გამოიყენოთ ეს დანამატები და როგორ მუშაობენ ისინი.
უზარმაზარი და ყოვლისმომცველი სული
სული - ესაა უზარმაზარი და უხილავი ენერგეტიკული ველი, რომელსაც ვუერთდებით, რათა ამ სამყაროს მომავლის შესახებ ოცნებების რეალიზება მოვახდინოთ. ეს არ არის ღმერთი, რომელსაც ადამიანური განწყობები, ახირებები, შურის ან მრისხანების შემოტევები აქვს, როგორც ბერძნულ და რომაულ ღმერთებს ჰქონდათ. სული არ მოგთხოვთ, რომ პირმშო შესწიროთ მსხვერპლად, ურწმუნოები დახოცოთ ან ის ქალაქები გაანადგუროთ, რომლის მაცხოვრებლებიც ცოდვაში ჩაიძირნენ. სული - ესაა შემოქმედებითი მატრიცა, რომელიც ხელს უწყობს სიცოცხლის მუდმივ განვითარებას და განახლებას კოსმოსში.
სული მუდამ თქვენს ცხოვრებაშია. თქვენ ხართ მისი უსასრულო ცნობიერების პოტენციალის გამოხატულება, ხორცი და სისხლი, რომელშიც იგი გამოვლინდა. სული მოიცავს მთელს ქმნილებას, და რადგან თქვენ და სული განუყოფელი ხართ, მთელი ქმნილებაც თქვენშია. მაგრამ თქვენი პირადი, ინდივიდუალური ცნობიერება მხოლოდ ერთი წვეთია მთელი ცნობიერების უსაზღვრო ოკეანეში. განსხვავებით გონებისგან, რომელიც ფიქრობს, თითქოს სამყარო თქვენს ირგვლივ ტრიალებს, თქვენი სული თავისუფალია „მე“-ს მონობისგან. თანამედროვე სამყაროში ჩვენ ძალიან დიდ შეფასებას ვაძლევთ საკუთარ ინდივიდუალურობას, მაგრამ ეს ინდივიდუალურობა ქრება, როცა გაფართოებულ მდგომარეობაში შევდივართ და უხილავი სამყაროს ერთიანობის შეგრძნებას განვიცდით. და როცა „მე“-ს გაცნობიერებას ვუბრუნდებით, როცა კვლავ შევიგრძნობთ თავს ჩვეულ სამყაროში, ჩვენი ყოველდღიური პრობლემები უცნაურად უმნიშვნელოდ გვეჩვენება.
როცა სულთან ურთიერთობას ვიწყებთ, აღმოვაჩენთ, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია უშუალოდ ეხებოდეს ღვთიურს და საკუთარი გამოცდილებით შეიგრძნოს მისი ნათელი, აღმატებული ძალა. როცა დახმარებას ვთხოვთ, სული გვპასუხობს იმით, რაც ნამდვილად გვჭირდება, მაშინაც კი, თუ ამ პასუხის მნიშვნელობას იმ წამს სრულად ვერ ვიაზრებთ. ჩვენი სულთან ურთიერთობა ორმხრივია, ამიტომ როცა გვიხმობს, მზად უნდა ვიყოთ, რომ ვუპასუხოთ ამ მოწოდებას - მიუხედავად იმისა, გვესმის თუ არა რას გვთხოვს, და გვინდა თუ არა ამის გაკეთება. ბიბლიური ისტორია იონას შესახებ, რომელიც ვეშაპმა გადაყლაპა, როდესაც მან უარი თქვა უზენაესის მოწოდებაზე, გვიჩვენებს, რომ ყური უნდა დავუგდოთ ღმერთის ჩურჩულსაც კი.
წლების წინ, როცა ჩემი შვილები პატარები იყვნენ, მახსოვს, სულს ვუთხარი, რომ მის მოწოდებას მაშინვე ვუპასუხებდი, როგორც კი ისინი ცოტათი წამოიზრდებოდნენ. სინამდვილეში კი ჩემს შვილებს ვიყენებდი ჩემი მისიისგან თავის არიდების საბაბად. მაგრამ თუ სულის მოწოდებაზე პასუხის გაცემას მომავლისთვის გადადებთ - როცა მეტი ფული გექნებათ, ან მეტი დრო, ან კარგად გამოიძინებთ, მაშინ სულთან დადებული ეს შეთანხმება დიდი ალბათობით ვერ გაამართლებს თქვენს მოლოდინებს. როცა სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში ვასწავლიდი, ერთი კოლეგა მყავდა. ის ყოველთვის ოცნებობდა ვიოლონჩელოზე დაეკრა, და მუდამ ამბობდა, რომ როცა პენსიაზე გავიდოდა, მუსიკას მიუძღვნიდა თავს. პენსიაზე გასვლიდან ერთ კვირაში იგი გარდაიცვალა.
ჰარმონიის მომცემი ძალა
უმეტესობა ჩვენთაგანს ასწავლეს, რომ ცუდი რამე იმიტომ ხდება, რომ შევცოდეთ - ზებუნებრივი არსების მიერ დადგენილი წესები დავარღვიეთ და ღმერთები განვარისხეთ. მაგრამ როგორც ამაზონის შამანებისგან ვისწავლე, სული არ არის მერყევი ღმერთი, რომელსაც შურისძიება ამოქმედებს, ჩვენი ერთგულების გამოცდას ცდილობს ან შეცდომისთვის საზღაურს ითხოვს. სინამდვილეში სული საერთოდ არაა ღვთაება. ესაა თავად სიცოცხლის დიადი გამაწონასწორებელი ძალა. მას ჰარმონია მოაქვს, და არა სასჯელი.
უიღბლობა და ავადმყოფობა უბრალოდ ბუნებრივი ჰარმონიის დარღვევის შედეგია. ეს მაშინ ხდება, როცა უხილავი სამყაროს სიბრძნეს ვშორდებით, როცა არაცნობიერად ვცხოვრობთ და ცხოვრების შემზღუდავ და მშფოთვარე ისტორიებში ვერთვებით. თუკი მხოლოდ მატერიალურ სამყაროს ვხედავთ, ამ დროს გადარჩენის ინსტინქტი იღვიძებს. შეცდომით გვგონია, რომ ავადმყოფობის, კონფლიქტის ან ტანჯვის თავიდან ასაცილებლად გადარჩენისთვის უნდა ვიბრძოლოთ და სხვებზე ძალაუფლება მოვიპოვოთ, მაგრამ სწორედ ჩვენი სიხარბე, ეგოიზმი და მანიპულაციური ქცევა ხდება იმ ავადმყოფობების, კონფლიქტისა და ტანჯვის მიზეზი, რომლის თავიდან აცილებასაც ასე გულმოდგინედ ვცდილობთ.
ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თავად ვქმნით ყველა ჩვენს უბედურებას. ზოგჯერ ის, რასაც განვიცდით, - იმ დისბალანსის შედეგია, რომელთანაც ჩვენ პირადად შესაძლოა კავშირში არ ვიყოთ. მაგალითად. შეიძლება გამოდგეს ებოლას ციებ-ცხელება. ეს სასიკვდილო ვირუსი ოდესღაც მხოლოდ ერთ აფრიკულ ტყეში ბინადრობდა, ოცი კვადრატული კილომეტრის ფართობზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტყე გაჩეხეს, ვირუსმა დაკარგა თავისი ბუნებრივი საბინადრო გარემო და სწრაფად გავრცელდა ცხოველებსა და ადამიანებში. ბევრი ადგილიბრივი, რომელიც ებოლას ციებ-ცხელებით გარდაიცვალა, არანაირ კავშირში არ იყო ტყის მჭრელ კომპანიებთან, მაგრამ სწორედ მათ გამო დაზარალდა.
მიკრობების უმეტესობა ზიანს მხოლოდ მაშინ გაყენებთ, როცა თქვენი სხეული დისბალანსშია და იმუნური სისტემა სათანადოდ არ რეაგირებს მათ შემოჭრაზე. თქვენი იმუნური სისტემის 85% საჭმლის მომნელებელ ტრაქტში იმყოფება და ნაწლავური ფლორის მიერ რეგულირდება. არ არსებობს გარანტია, რომ სასიკვდილოდ საშიშ პარაზიტს არ აიკიდებთ, მაგრამ ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ თავი დავიზღვიოთ ნაწლავური მიკროფლორის აშლილობისგან და თავი დავიცვათ. წონასწორობის დარღვევა ნიშნავს, რომ სულს დაშორდით. მაგრამ მანამდე საჭიროა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის დალაგება (დეტალურად ამაზე მეოთხე თავში ვისაუბრებ).
ფარდა ორ სამყაროს შორის
როდესაც სამყაროს მეცნიერულ შესწავლას ვცდილობთ, ჩვენ საკმარის ყურადღებას არ ვუთმობთ გონების უხილავ მხარეს, და არ ვიცით, რისი პოვნა შეგვიძლია იქ. დასავლეთში გონებას იმისთვის ვიყენებთ, რომ ბუნება მათემატიკის მეშვეობით შევისწავლოთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ გონება თავად გონების შესასწავლად გამოვიყენოთ. როცა გუნებას შიგნით მიმართავთ, რათა საკუთარ თავს დააკვირდეთ, ამით მოიპოვებთ სიმშვიდეს და თავისუფლებას მატერიალური სამყაროს ტანჯვებისგან. იმ სიბრძნეს იპოვით, რომლითაც მთელი ქმნილებაა გამსჭვალული. მსგავსად იმისა, როგორც მიკროსკოპი გვაძლევს საშუალებას, რომ ძალიან პატარა ობიექტები შევისწავლოთ, გონება წარმოადგენს ინსტრუმენტს უხილავი სამყაროს შესწავლისთვის. მაგრამ თუ უხილავი სამყარო ასეთი მშვენიერია, რატომ არ ვატარებთ იქ მთელს ჩვენს დროს?
ბრძენები ამბობენ: ჩვენ ფიზიკურ სამყაროში სხეულებით ვართ მოვლენილი, რათა განვვითარდეთ და გავიზარდოთ, სიმწიფე და სიბრძნე მოვიპოვოთ. თუ ფიზიკიდან მოვიყვანთ მეტაფორას, შეიძლება ითქვას, რომ განსხეულებისას ჩვენს ვგავართ ფოტონს ნაწილაკის მდგომარეობაში, ხოლო უხილავ სამყაროში ისე ვქმედებთ, როგორც ფოტონი ტალღის მდგომარეობაში. ნაწილაკის მდგომარეობა - ესაა ჩვენი „ლოკალური“ ბუნება, სისხლი და ხორცი, რომლებიც სავარძელში სხედან და წიგნს კითხულობენ. ტალღური მდგომარეობა - ესაა ჩვენი „არალოკალური“ ბუნება, ველი, რომელიც ყველა მოვლენასთან ერთიანია და სამყაროს უკიდურეს კუთხეებსაც აღწევს. როცა ვკვდებით და ამ სხეულს ვტოვებთ, საკუთარ არალოკალურ ბუნებას ვუბრუნდებით, ტალღურ მდგომარეობას, უხილავ ერთიანობას. მაგრამ ძველმა ბრძენებმა ისწავლეს, რომ სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე განეცადათ ტალღის მდგომარეობა, ამიტომ შეეძლოთ, რომ ფიზიკურ სამყაროში ყოფნის დროსაც კი შეეგრძნოთ ერთიანობა.
ტალღური მდგომარეობა, რომელშიც დაბადებებს შორის ვცხოვრობთ, მთელ ქმნილებას მოიცავს. ეს სფერო არანივთიერია: ჩვენ არ გვაქვს საკმარისი მატერია, რომელიც ცნობიერებას დაიტევდა. უძველესი მაიას ტომები ერთიანობის განსაცდელად საჭირო ცნობიერებას „იაგუარის სხეულს“ უწოდებდნენ. იაგუარი-შამანები ცნობილნი იყვნენ, როგორც ბალამები - ადამიანები, რომლებმაც სიკვდილი დაამარცხეს, არალოკალურ მდგომარეობაში უსასრულო ცნობიერება განივითარეს და შემდეგ ეს სიბრძნე თავიანთ თანამოძმეებს გადასცეს. ამიტომ არის იაგუარი ასეთი ძლიერი სიმბოლო მთელს ამერიკაში: ის წარმოადგენს უნარს - გადალახო სიკვდილი, მოიპოვო ყოვლისმცოდნეობა და შემდეგ კვლავ დაბრუნდე ცოცხალთა სამყაროში. როდესაც იაგუარის სიბრძნეს ვიღებთ, ვაცნობიერებთ, რომ ჩვენსა და უხილავ სამყაროს შორის არასოდესაა ჩაკეტილი კარი. იგი მუდამ ხილულ სამყაროსთან ერთად არსებობს, ახლოსაა და ხელმისაწვდომია. ნებისმიერ დროს შეგვიძლია მისი სიბრძნე ჩვენს სამყაროში გადმოვიტანოთ, რათა განკურნება და ჰარმონია შემოვიტანოთ.
ამის გასაკეთებლად ტვინში გარკვეული ნეირონული კავშირები უნდა გავააქტიუროთ, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ კოსმოსის ყველა მოვლენასთან და არსებასთან ერთიანობა ვიგრძნოთ. ეს მაღალი თანრიგის ნეირონული ქსელები, ისევე, როგორც ყველა ნეირონული ქსელი, შედგებიან ერთმანეთთან დაკავშირებული ტვინის უჯრედებისგან - ნეირონებისგან, რომლებიც ინფორმაციას ცვლიან და ასტიმულირებენ ერთმანეთს. ისინი იმყოფებიან ტვინის უბანში, რომელიც ცნობილია, როგორც ნეოკორტექსი, ანუ „ახალი ტვინი“. ეს ზონა აგებს პასუხს ნეტარებაზე და ერთიანობის გამოცდილებაზე მაშინ, როცა სხვე ზონები უფრო გადარჩენით და მოყვარეების მტრებისგან გარჩევით არიან დაკავებულნი. ტვინის ამ ახლადაღმოჩენილი ნაწილების საყვარელი საკვები - კეტონური სხეულებია, ანუ ცხიმები, რომლებიც რეაქტიულ საწვავს ჰგავს ტვინისთვის. თქვენ ვერ შეძლებთ სულის უხილავი სამყაროს გამოკვლევას მომხმარებლური და უფრო პრიმიტიული ლიმბური ტვინის მეშვეობით, რომელიც ძირითადად შაქრებით იკვებება და სიკვდილის, ჩრდილების და მოჩვენებების ეშინია.
დღეს ინტერფეისი ჩვენი გრძნობის ორგანოებსა და ჩვენს ხელთ არსებულ მოწყობილობებს შორის გამუდმებით გვიხსნის მყისიერი წვდომის პერსპექტივებს მსოფლიოს მთელ ცოდნაზე. მაგრამ ეს არაა ყოვლისმომცველი გაცნობიერება, რომელსაც ვგულისხმობ. მდგომარეობა, რომელზეც მე ვსაუბრობ - ესაა გონების, როგორც ველის უნარი, განიცადოს კოსმოსი უშუალოდ, ჩაწვდეს დროისა და სივრცის ყველაზე შორეულ კუთხეებს. სწორედ ესაა ჯადოსნური მიქსტურა, რომელიც ამაზონიაში აღმოვაჩინე, წამალი, რომელსაც შეუძლია განგვკურნოს და დაგვეხმაროს ყოველდღიურ სტრესებთან გამკლავებაში. ამ მიქსტურის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ბედის არქიტექტორები გავხდეთ, რაც განუყოფელია დღეგრძელობისგან და ჯანმრთელობისგან.
ჩვენსა და უხილავ მატერიას შორის კორიდორის გამტარობა რეგულირდება ჩვენს რაციონში შაქრებით, საკვებში ცილის სიჭარბით და ტვინში ტოქსინებით. თუ დიეტას შევცვლით, ჩვენს აგზნებულ ტვინს აღვადგენთ და საწვავად ცხიმების გამოყენებას ვისწავლით, მაშინ შევძლებთ, რომ გავტეხოთ ის კარიბჭე, რომელიც ერთიანობისგან გვაშორებს, და მხოლოდ უმაღლესი ტვინისთვისაა ხელმისაწვდომი.
როცა ამერიკაში პირველი კონკისტადორები ჩამოვიდნენ, მექსიკის სანაპიროს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ვერ შეამჩნიეს მათი ხის გემები. ისინი მხოლოდ თეთრ აფრებს ხედავდნენ. ინდიელები არც ბრმები იყვნენ და არც უგუნურები. რადგან მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ ასეთი დიდი გემების არსებობის შესახებ, მათმა გონებამ უბრალოდ წაშალა ის, რასაც თვალები ხედავდნენ. როგორც მრავალი კვლევიდან გახდა ცნობილი, ჩვენი ფსიქიკური გადახრები იმდენად ძლიერია, რომ მარტივად ვუკეთებთ იგნორირებას იმ სენსორულ ინფორმაციას, რომელიც რეალობის შესახებ ჩვენს წინასწარ განწყობებს და რწმენა-წარმოდგენებს არ შეესაბამება. ერთნახევარი საუკუნის წინ ექიმები იცინოდნენ იმ იდეაზე, რომ ინფექციურ დაავადებებს ვირუსები და ბაქტერიები იწვევენ. თუ მათ თვალით ვერ ვხედავთ, როგორ შეიძლება რეალურნი იყვნენ? ჩვენ არ გვესმის, რა ხდება ჩვენს ცხვირწინ. ზოგჯერ გონება უკუაგდებს სარწმუნო ინფორმაციას.
მანათობელი ენერგო-ველი
როგორ ზემოქმედებს სულის უხილავი სამყარო ჯანმრთელობაზე და განკურნებაზე? ფიზიკური სხეულის ირგვლივ მანათობელი ენერგეტიკული ველი გვაქვს, ანუ „მევ“, რომელიც ინფორმაციას გადასცემს ჩვენს უჯრედებს და ბიომებს (ანუ მიკროორგანიზმების ჯგუფებს სხეულის შიგნით და მის ზედაპირზე) იმის შესახებ, თუ როგორ იცხოვრონ ჰარმონიულად. მევ არ ჩანს, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ამ ენერგიას აღიქვამენ, როგორც აურას, ფერად ორეოლს სხეულის გარშემო. პრაქტიკის მეშვეობით თქვენ ისწავლით მევ-ის შეგრძნებას. სცადეთ, ახლავე გააკეთოთ ეს: რამდენიმე წამით სწრაფად გაუხახუნეთ ერთმანეთს ხელისგულები, შემდეგ რაღაც მანძილზე დააშორეთ ერთმანეთს და ეცადეთ მათ შორის სითბო, ან რაღაც სტატიკური ელექტრული მუხტისმაგვარი იგრძნოთ.
მევ შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც „პროგრამული უზრუნველყოფა“, რომელიც ინსტრუქციებს უგზავნის სხეულის აღსადგენად ჩვენს დნმ-ს - „აპარატულ უზრუნველყოფას“. ენერგოველი ამ ინსტრუქციებს ტვინისა და ნერვული სისტემის მეშვეობით გადასცემს, ასევე ჩაკრების, ანუ სხეულის ენერგეტიკული ცენტრების მეშვეობით. თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ მანათობელი ენერგო-ველის ხარისხი მედიტაციის, ბუნებაში გასეირნების ან ლოცვის მეშვეობით. მაგრამ თუ არ აუმჯობესებთ მას, თუ ტვინი სავსეა ტოქსინებით და ენერგოველს არ შეუძლია თქვენი სხეულის განახლება, მაშინ თქვენი ჯანმრთელობა ოჯახისგან და გვარისგან მიღებულ არაჯანსაღ პროგრამებზე ხდება დამოკიდებული. იმ ფიზიკურ პრობლემებს და ფსიქოლოგიურ დრამებს აკოპირებთ, რომლებითაც თქვენი წინაპრები ცხოვრობდნენ.
ჩვენ ყველას გვსურს ვიფიქროთ, რომ საგრძნობლად განვსხვავდებით საკუთარი მშობლებისგან ინტელექტუალურადაც და ადამიანურადაც. თუმცაღა მიდრეკილნი ვართ რომ ვატაროთ და გავაგრძელოთ მათი ფიზიკური და ემოციური პრობლემები და ამა თუ იმ ფორმით გამოვავლინოთ ეს ყველა პრობლემა საკუთარ ცხოვრებაში. თუ არ გავაუმჯობესებთ ჩვენს ენერგოველს ერთიანობის გამოცდილებით, მაშინ ისე ვიცხოვრებთ, როგორც ისინი ცხოვრობდნენ, და ისეთივე სიკვდილით მოვკვდებით. ჩვენს სხეულში ვითარდება კიბოს უჯრედები, რომლებსაც მარადიული ცხოვრება სურთ, ჩვენი ორგანიზმის სისტემები კი, რომლებიც უნდა ებრძოდნენ მათ, ვერ უმკლავდებიან თავიანთ ამოცანას.
დღეს ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის ორგანიზმი 90%-ით ბაქტერიებისგან შედგება, ანუ არა თავად „ჩვენი საკუთარი თავისგან“. სხეულის მხოლოდ 10% წარმოადგენს ჩვენს საკუთარ დნმ-ს, ყველაფერი დანარჩენი კი ბიომას ეკუთვნის. ნიშნავს თუ არა ეს, რომ „მე“ მხოლოდ ჩემი მოცულობის 10%-სგან შედგება? არა. ჩვენ - ის ენერგეტიკული ველი ვართ, რომელიც ამ საოცარ ცოცხალ კოლონიას აორგანიზებს, რომელსაც „მე“-ს შეგრძნება გააჩნია. ჩვენი კოლონიის ასი ტრილიონი უჯრედი ერთმანეთთან თანამშრომლობს, ტვინისა და ნერვული სისტემის მეშვეობით მოქმედებს. ასეთად შეგვქმნა ბუნებამ. უეჭველია, რომ მან გადაწყვიტა ამ ყველაფრის კოორდინაცია ერთი ტვინისთვის დაევალებინა, ვიდრე ყოველი უჯრედისთის დამოუკიდებელი გონება მიეცა და იმის გადაწყვეტის უფლება, თუ რა არის უკეთესი მთელი კოლონიისთვის. ეს თავისუფლებამდე კი არა, ანარქიამდე მიგვიყვანდა.
თქვენი მევ - ესაა ბიომაგნიტური ველი, რომელიც თქვენი კანის ზედაპირით არ მთავრდება, არამედ სამყაროს ყველაზე შორეულ კუთხეებამდეც კი ვრცელდება, და მისი ინტენსივობა მცირდება, მაგრამ ბოლომდე არასოდეს ქრება. თქვენს მევ-ში ვარსკვლავები და გალაქტიკებია.
შესაძლოა, გსმენიათ გამოთქმა, რომ აზრები მატერიალიზდება; სწორედ ასე ხდება. მევ აფორმირებს ფიზიკურ რეალობას თქვენს გარშემო, რათა სწორად გამოავლინოს თქვენი აზრები და რწმენა-წარმოდგენები. თუ არ აგროვებთ სიბრძნეს თქვენს მევ-ში, არამედ ამჯობინებთ, რომ ერთი და იგივე აზრებში იხარშოთ, მსგავსად: „დედამ დამინგრია ცხოვრება, წერომ ამ ოჯახში მომიყვანა, და ჩემს გვარს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები დასდევს მუდამ“, - მაშინ შესაბამისად ყველა ეს ისტორია თქვენს ცხოვრებაში ხორციელდება.
აღმოსავლურ ფილოსოფიაში ამ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს კარმა ეწოდება. კარმაში გაჭედვა - არც ისე კარგი პერსპექტივაა ცხოვრების გზაზე. თუკი არ გსურთ, რომ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიკლინიკების კორიდორებში და საავადმყოფოს პალატებში გაატაროთ, მაშინ ღირს თუ არა, რომ წარსულის განხორციელებულ შედეგად დარჩეთ, იქნება ეს ოჯახური გენეტიკა თუ ბავშვობის ტრავმა? საკუთარი მევ-ის ხარისხის გაზრდით თქვენ გააძლიერებთ ჯანმრთელობის და დღეგრძელობის გენების ექსპრესიას და ცხოვრება უფრო ბუნებრივი და სასარგებლო გახდება. ამისთვის პირველ რიგში ტვინის დეტოქსიკაცია უნდა ჩაიტაროთ, შემდეგ კი უზრუნველჰყოთ იგი ნეირონუტრიენტებით და იმ საწვავით, რომელიც ერთიანობის გამოცდილებაზე მოგცემთ წვდომას. ასე შეძლებთ, რომ განაახლოთ თქვენი ველი; მე ამას ვუწოდებ 7.0 ვერსიის ჩატვირთვას ადამიანის პროგრამულ უზრუნველყოფაში.
დღეს ჩვენი მევ-ის ხარისხის გაუმჯობესება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ასი ან ათიათასი წლის წინ, როცა ჩვენი პალეოლითელი წინაპრები ბუნებასთან ერთიანობაში ცხოვრობდნენ. წინა ასწლეულებში არ იყო ტოქსინები, რომლებიც ახლა ჭარბად ხვდებიან ჩვენს ორგანიზმში და ნერვულ სისტემაში - პესტიციდები, სინთეტიკური ქიმიკატები, ვერცხლისწყალი და სხვა შხამები. მხოლოდ იშიათად შევიგრძნობთ ერთიანობას მთელ ქმნილებასთან. მიუხედავად იმისა, რამდენად გულმოდგინედ ვმედიტირებთ, სულის უხილავი მატრიცა მაინც ხელიდან გვისხლტება.
მაგრამ აუცილებელი არაა, რომ ეს ასე იყოს.
ჩვენი ბუნებრივი ენერგოველი კარიბჭეს წარმოადგენს სიბრძნის უხილავი მატრიცისკენ - იქ კი ყველაფერი გადაჯაჭვული და ურთიერთდაკავშირებულია, ყოველი აზრი ზემოქმედებს სხეულის ყოველ უჯრედზე და კოსმოსის მოლეკულაზე. ფიზიკა შესაფერის მეტაფორას გვთავაზობს - მოვლენას, რომელსაც კვანტური ჩახლართულობა ეწოდება. ორი ნაწილაკი შეიძლება იდუმალი გზით იყოს დაკავშირებული ერთმანეთთან: მაშინაც კი, როცა ისინი გალაქტიკის საპირისპირო მხარეებში იმყოფებიან, ერთ-ერთი მათგანის სპინის შეცვლით მაშინვე იცვლება მეორეს სპინიც. თავიდან მეცნიერებმა იფიქრეს, რომ ჩახლართულობის თვისება ინფორმაციის სინათლის სიჩქარეზე სწრაფად გადაცემის უნარზე მიუთითებს. მოგვიანებით კი მიხვდნენ, რომ ეს უბრალოდ ურთიერთ-დაკავშირებული ნაწილაკების ბუნებაა. ჩემი მასწავლებლები, ამაზონიის და ანდების ბრძენები, თვლიან, რომ კვანტური ჩახლართულობა - მთელი ქმნილების ბუნებაა, და ჩვენ ყველანი სწორედ ასეთ კავშირში ვართ. აი, რატომაა, რომ ისინიც და ამერიკის ბევრი სხვა ინდიელიც ყველა ცოცხალ არსებას თავიანთი ოჯახის წევრებად მიიჩნევენ.
თუკი ქმნილებას გააცნობიერებთ, გაიგებთ თქვენს ერთობას ყველა ცოცხალ არსებასთან და ბუნებასთან. როგორ შეიძლება დააზიანო დედამიწა ან სხვა ცოცხალი არსებები, თუკი ყველანი განუყოფელნი ვართ? და პირიქით, როგორ შეიძლება უგულვებელჰყოთ საკუთარი ჯანმრთელობა, თუკი სხვა თანამოძმეებზე ზრუნვა გსურთ? როცა საკუთარ თავში ერთიანობისადმი გახსნილობას აღვიძებთ, სხვების ხარჯზე საკუთარ თავზე ზრუნვა შეუძლებელი ხდება.
ყოველ ჩვენგანს მიმდინარე საქმეების საკუთარი სია გააჩნია, ერთიანობის მდგომარეობაში ყოფნა კი ვერ გვიადვილებს პრაქტიკული ამოცანების გადაჭრას. მაგრამ როგორც კი იგრძნობთ კავშირს კოსმოსთან, ამ სიის შემადგენლობა დიდი ალბათობით შეიცვლება და უფრო გაგიადვილდებათ ყოველდღიურ ამოცანებთან გამკლავება საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
უხილავი „მე“-ს გამოღვიძება
ღამის ძილის დროს ჩვენ სიზმრებში ვფხიზლობთ. დღის აქტივობის დროს ღრმად გვძინავს იმ სფეროში, რომელიც სიზმრის დროს აქტიურდება. სიზმრები, მედიტაციები, ღრმა ჭვრეტა, მუსიკა და ლოცვა - ესაა უხილავი სამყაროს შესწავლის ჩვეული მეთოდები. მაგრამ ამ გამოცდილების გაელვება ძალზე ხანმოკლეა, და ისინი მაშინვე ქრება, სანამ საწოლიდან ყავის მადუღარამდე მივაღწევთ. როცა ძილში ვიძირებით, ჩვენ აღმოვჩნდებით დროის მიღმიერ სამყაროში, იქ დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ნათესავებს ვხვდებით, ან ფანტასტიური პეიზაჟების ფონზე ვსეირნობთ. მაგრამ როგორი მკაფიოც არ უნდა იყოს ეს განცდები, გაღვიძების შემდეგ ისინი ქრებიან. დასავლეთში ფსიქოლოგები, რომლებიც სიზმრებს შეისწავლიან, - თითქმის ერთადერთნი არიან, ვისაც სიზმრების სფეროს მნიშვნელობა ესმით. თუმცაღა ამაზონის მცხოვრებლები, რომლებთანაც მე ვსწავლობდი, ყოველ დილით ჰყვებიან თავიანთ სიზმრებს, რათა მათში იპოვონ პასუხები ყოფით საკითხებზე, ან ის სიბრძნე აიღონ მათგან, რომლებსაც თავიანთ მეზობლებს გაუზიარებენ.
თუ შეგიმჩნევიათ, რომ სიზმარში როგორც წესი ფიზიკური სხეული არ გაქვთ, თითქმის არასოდეს ეჯახებით სკამს ან მაგიდას? სიზმრებში ჩვენ წმინდა ცნობიერება ვართ. უხილავ სამყაროსი ფორმა არ გვაქვს და „მე“ არ გაგვაჩნია უსასრულო და ნეტარ სივრცეში. ჩვენ - ჩვენი ენერგო-ველი ვართ. მხოლოდ ხილულ სამყაროში ვეჯახებით მაგიდას, ვვარდებით თხრილში, გვხვდება ავადმყოფობები და ტანჯვები - და რა თქმა უნდა ვსწავლობთ და ვიზრდებით. ძველი ინდიელი ტომები არ აღიქვამენ განსხეულებულ ცხოვრებას როგორც ერთადერთ საბოლოო რეალობას: მათი პირვანდელი რეალობა - ესაა სულის უხილავი სფერო.
როდესაც თქვენს ახალ სხეულს შექმნით, ამით გააღრმავებთ თქვენი ბუნების, როგორც სულიერის და ფიზიკურის, ტალღის და ნაწილაკის ერთიანობას. ეს გარდუვალია. როცა კვლავ უკვდავად გააცნობიერებთ თავს, შეძლებთ, რომ შიშის გარეშე იცხოვროთ.
ეს გაცნობიერება სიკვდილის შიშს განდევნის თქვენი სხეულის ყოველი უჯრედიდან. უმაღლესი ტვინი გიჩვენებთ, რომ ერთ ცხოვრებას მეორე მოჰყვება, სიკვდილი კი მხოლოდ სტატუსის მოკლევადიანი ცვლილებაა, ხილულიდან უხილავ სამყაროში გადასვლა.
დროის მიღმა საკუთარი თავის აღმოჩენა საშუალებას მოგცემთ, რომ შექმნათ ახალი სხეული, რომელიც სხვაგვარად იკურნება, სხვაგვარად ბერდება და სხვაგვარად კვდება.