შექმენი ახალი სხეული

ალბერტო ვილოლდო
5
2

მთარგმნელი: მამუკა გურული

თავი მეცხრე - ვიღებთ ახალ მითოლოგიას

ნაწილი IV. სიმშვიდისგან ხელახლა იბადები

თავი მეცხრე. ვიღებთ ახალ მითოლოგიას

რელიგიები, ფილოსოფია, ხელოვნება, პირველყოფილი და ისტორიული ადამიანის ცხოვრების სოციალური ფორმები, მეცნიერების და ტექნიკის უახლესი აღმოჩენები, ჩვენი ღამეული სიზმრები, - ეს ყველაფერი მითის ჯადოსნური ბეჭდისგან იბადება (ჯოზეფ ქემპბელი, მეცნიერი და მითოლოგი).

თავდაპირველად თქვენ ტოქსინებს იშორებთ და ტვინს აუმჯობესებთ სუპერფუდების და ნეირონუტრიენტების მეშვეობით, გაააქტიურებთ ჯანმრთელობის გენებს და გამორთავთ ავადმყოფობის გენებს. შემდეგ გარდაქმნით თქვენს ტოქსიურ ემოციებს, გადატვირთავთ „დაარტყი ან გაიქეცი“ ღერძს და ააქტიურებთ ნეტარების მოლეკულების წარმოქმნას. შემდეგი ნაბიჯია - იმ ოჯახური და საზოგადოებრივი მითებისგან გათავისუფლება, რომლებიც თქვენს ცხოვრებას აპროგრამებენ. ახლა თქვენ შეგიძლიათ გაატაროთ ახალი, უფრო შთამაგონებელი მითი, რომელიც გარს გაუხსნის ოცნებებს ახალ სხეულსა და ახალ სამყაროზე. 

რატომ დავიწყეთ საუბარი მითოლოგიაზე? იმიტომ, რომ ტვინის მარჯვენა ნაწილი ისტორიებით და მითებით ოპერირებს, და არა ფაქტებით. წარმატება სერიალისა „სამეფო კარის თამაშები“, ფილმებისა - „ბეჭდების მბრძანებელი“ და „ვარსკვლავური ომები“, წიგნებისა ჰარი პოტერზე და ა.შ. მიუთითებს საყოველთაო გატაცებაზე ფანტასტიკით და მითოლოგიით. ამავდროულად, ჩვენ მიდრეკილება გვაქვს, რომ ზემოდან ვუყუროთ მითებს და ისინი უბრალოდ საყვარელ და საინტერესო ზღაპრებად ჩავთვალოთ. თუმცაღა მეცნიერი ჟოზეფ ქემპბელი განმარტავს, რომ მითები - ეს არაა უბრალოდ კომიქსების ან პოპულარული ბლოკბასტერების სიუჟეტები. ისინი ჩვენზე გაცილებით უფრო მეტად და ღრმად ზემოქმედებენ, ვიდრე ჩვენ გვგონია. ადრეული ასაკიდანვე ჩვენ ვექცევით ძლიერი მითების გავლენის ქვეშ. ისინი განსაზღვრავენ ჩვენს მსოფლაღქმას, და შესაბამისად, იმ არჩეევანს, რომელსაც ყოველდღე ვაკეთებთ. 

მითოლოგიაში მოცემულია გარკვეული საზოგადოებების და კულტურების რწმენები და ღირებულებები. თუცაღა ზოგიერთი მითი უნივერსალურია, ისინი აღბეჭდილია კაცობრიობის კოლექტიურ ფსიქიკაში და გადმოგვცემენ არქეტიპულ გავლენას გეორგაფიული და დროითი საზღვრების მიღმა. ყველაზე მყ„რი მითები გვიყვებიან უბრალო ადამიანებზე, რომლებიც გმირები გახდნენ - ხშირად გარემოებებიდან გამომდინარე. ისინი არნახულ წინააღმდეგობებს გადალახავენ და გმირობებს სჩადიან ხოლმე. გმირების სია დიდია - ბიბლიური იონადან, რომელიც ვეშაპმა გადაყლაპა, ლუკ სქაი-უოკერამდე. 

ძველბერძნულ მითებში წარმოდგენილია ოლიმპოელი გმირების მეტისმეტად ადამიანური ქცევები და გმირობები ისეთი გმირებისა, როგორებიც არიან ოდისევსი, ჰერკულესი და აქილევსი. ჩვენი თანამედროვე მითები არანაკლებ დამაჯერებელია, ვიდრე უძველესი ბერძნებისა და რომაელების მითები. კლასიკური ამერიკული მითი - ესაა ისტორია კეთილდღეობაზე, რომელსაც ადამიანი თავად აღწევს ურყევი ნებისა და მძიმე შრომის ხარჯზე დიდებისკენ და სიმდიდრისკენ აღმასვლით. იგივე თანრიგშია მითი ღვთაებრივ ობოლზე, რომელმაც არ იცის მშობლების სიყვარული და იძულებულია ბევრი იმუშაოს, მაგრამ თავისი სიმამაცის, ღირსებისა და მომხიბვლელობის წყალობით ყველა სირთულის გადალახვა შეუძლია. ისევე, როგორც ყველა კეთილი ზღაპარი, ეს ისტორიებიც გამარჯვებით მთავრდება, სიკეთე კი ჯილდოს მოიპოვებს ხოლმე. მსგავსი ამბებით იკვებებოდა მეწარმე ამერიკელთა სწრაფვები XX საუკუნის ბოლომდე, როცა ბირჟის თრეიდერების და ინტერნეტ-ვუნდერკინდების ახალმა თაობამ ერთ ღამეში მილიარდების დაგროვება ისწავლა. 

XXI საუკუნის მითოლოგიური ამბები ღირებულებათა სხვა ნაკრებს მოიცავენ. ახლა მოქმედება ხდება, შორეულ ვარკსვლავურ სისტემებში ან ჯადოსნურ მიწებზე, რომლებიც დასახლებულნი არიან ჯადოქრებით და მიღმიერი არსებებით. ზოგიერთი მითი ადამიანის ფანტაზიის ჩრდილოვან მხარეს ასახავს - ესაა ბნელი აპოკალიპტური ნგრევები, რომლებიც გონიერი მანქანების ევოლუციითაა გამოწვეული. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უკვე აღარ ვართ ელჯერის ან ობოლი ენნის ტყვეობაში. მაგრამ ცენტრალური თემა იგივე რჩება: ჩვეულებრივი ადამიანი იძულებულია არაორდინალურ პრობლემებს შეეჯახოს  და მათი გადალახვის პროცესში გარდაიქმნას. 

მითებში არსებული ფასეულობები და რწმენები იმდენად ძლიერია, რომ თქვენი საკუთარი გზამკვლევი მითის ძებნას იწყებთ და საკუთარი ცხოვრების შეცვლის აუცილებლობას გრძნობთ. თუ მითს ცვლით, შესაბამისად იცვლება თქვენი ფასეულობები და რწმენები, შედეგად კი თქვენი ცხოვრების ფაქტებიც. 

მაგრამ საკუთარი წარმმართველი მითის პოვნა მხოლოდ ტვინის განახლების შემდეგ ხერხდება. დაზიანებულ მდგომარეობაში ტვინი ავტომატურად იღებს ძველ მითებს და ლიმბური სისტემის ოთხი მარადიული პროგრამის გავლენის ქვეშ გტოვებთ: კვება (Feeding), ბრძოლა (Fighting), გაქცევა (Fleeing)  და გამრავლება (Fornicating). ამ პროგრამებს შეესაბამება მითები ღარიბი ბავშვის, მძიმე ქალური ხვედრის, ომისა და მოტყუებული საყვარლის შესახებ. როცა ვემორჩილებით რისხვას, შიშს და სიხარბეს, ჩვენ არ შეგვიძლია ახალი ღირებულებების და რწმენების მიღება სერიოზული კრიზისის წინაშეც კი. მითების გაუცნობიერებელი მიყოლა ჩვენს კარგ განზრახვებს აბათილებს. 

იუდეურ-ქრისტიანულმა ტრადიციებმა დაგვიტოვეს მყარი მითები, რომლებიც განუწყვეტლივ მოქმედებენ ტვინში, როგორც კომპიუტერული პროგრამები ფონურ რეჟიმში. ჩვენ მათ ვერც კი ვაცნობიერებთ, თუმცაღა ისინი განსაზღვრავენ ჩვენს თვითშეფასებას და სამყაროს ხედვას, და აფერადებენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. 

ერთ-ერთი პირველი ბიბლიური ამბავი, რომელიც ბავშვობიდან გვესმის - ესაა ადამის და ევას ისტორია. ეს მითი გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ არ დავემორჩილეთ უზენაესს, ამიტომ სამუდამოდ გაგვაძევეს ედემის ბაღიდან და უკვე აღარ შეგვიძლია ღმერთთან, ანუ მდინარეებთან, კლდეებთან, ხეებთან და ცხოველებთან უშუალო ურთიერთობა. მაგრამ ძირძველ ტომებს, იქნება ეს აფრიკელები საჰარას სამხრეთით, ავსტრალიელი აბორიგენები თუ ამერიკელი ინდიელები, არ სჯერათ სამოთხიდან გაძევების. მათი მითოლოგიის თანახმად, ისინი ედემიდან არავინ გაუგდია. პირიქით, ედემი ადამიანებს საჩუქრად ერგო, და მათ, როგორც დედამიწის მცველებმა, უნდა იზრუნონ და დაიცვან იგი. 

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვსურს ბუნებასთან უფრო სტაბილურად და ჰარმონიულად ცხოვრება, მაგრამ ძველი ფესვებგადგმული მითოლოგიური სისტემა ამის საშუალებას არ გვაძლევს. ამას იმით ვხსნით, რომ მარტოს სიტუაციის შეცვლა არ შეგვიძლია, ან ვთვლით, რომ მსოფლიო ეკონომიკა დაინგრევა, თუ გამონაბოლქვს შევამცირებთ. ამიტომ, შედეგად, მხოლოდ მოკლევადიან ეკონომიკურ სარგებელს ვეძებთ და არ ვცდილობთ კლიმატის ცვლილების შეჩერებას. ამავდროულად, თავს ედემიდან განდევნილად, და ბუნებისგან და ჩვენი ღვთაებრივი არსისგან მოწყვეტილად ვგრძნობთ.

ჩვენმა იუდეო-ქრისტიანულმა ტრადიციამ სხვა ბევრი მითიც მოგვცა, და მათ შორის იდეა, რომ მარადიული ცხოვრება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, ზეცისკენ მიმავალ ბილეთებს კი მღვდლები ინახავენ. ასეთი შეხედულება გაუგონარი იყო ძველი ინდოელებისთვის, რომლებთანაც მე ვსწავლობდი. მათთვის სამოთხე დედამიწაზეა, არავინაა განდევნილი, და სიკვდილი - ეს მხოლოდ ერთიდან მეორე მდგომარეობაში გადასვლაა - „ნაწილაკის“ ბუნებიდან „ტალღის“ ბუნებაზე. აღმოსავლური ფილოსოფიები, მათ შორის ბუდიზმი, ანალოგიურ თვალსაზრისს იზიარებენ: ცნობიერება მარადიულია, ხოლო სამოთხე - აქ და ახლა გამოღვიძებული მდგომარეობაა. 

შამანები ამტკიცებენ, რომ საბოლოო განკურნება - ეს არა მხოლოდ ფიზიკური სხეულის განკურნებაა, არამედ სხივმფენი ენერგეტიკული სხეულისაც, ანუ სინათლის სხეულის, რომელსაც ჩვეული არსებობის მიღმა გავყავართ. ეს სხეული დიდხანს დარჩება ჩვენთან ამ ცხოვრების დასრულების შემდეგ, მაგრამ დასავლეთში მას მცირე ყურადღებასაც კი არ ვაქცევთ. 

მეორე მოწეპებული მითი, რომელიც გვაღელვებს, ესაა რწმენა იმისა, რომ სამყაროში არსებობს ბოროტება, როგორც დამოუკიდებელი პრინციპი. მაგრამ ჩენთვის გაცილებით უფრო დამაჯერებელია შეხედულება, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კეთილგანწყობილ სამყაროში, რომელიც მთელი ძალით ცდილობს, იზრუნოს ჩვენზე - საკმარისია მხოლოდ, რომ სწორი ურთიერთობა დავამყაროთ მასთან და ვავარჯიშოთ ტვინის მექანიზმები, რათა ერთიანობის განცდა შევძლოთ. 

ეს ძველი ისტორიები იმის კუთხე-კუნჭულებში ინახება, რასაც კარლ იუნგი კოლექტიურ არაცნობიერს უწოდებდა - იმ იდეების და მოგონებების საცავს, რომელსაც კაცობრიობა იზიარებს. კოლექტიური მითოლოგია იმდენად ღრმადაა ჩვენში გამჯდარი, რომ იშვიათად გვიჩნდება კითხვა: „ეს ისტორია ხომ მოძველდა“. როგორც წესი, ძველი მითები ახლებით რომ შეიცვალოს, საჭიროა გლობალური კრიზისები, რევოლუციური ტექნოლოგიები და რადიკალური აღმოჩენები. ასწლეულების წინ ჩვენი მსოფლმხედველობა საბეჭდი დაზგის გამოგონებასთან ერთად შეიცვალა, და ზუსტად ასევე, საერთაშორისო ქსელი და ხელოვნური ინტელექტი განსაზღვრავენ ტრანსფორმაციის სცენარებს დღევანდელ მსოფლიოში. ჩვენ არ ვიცით, რომელიც ახალი მითები იმუშავებენ უახლოეს ათწლეულებში, მაგრამ ცხადია, რომ ძველებმა თავი ამოწურეს. 

ახალი პირადი მითოლოგიის შესწავლისა და ძიების პროცესში ჩვენ შეგიძლია ჩვენს ცხოვრებაში შემოვიყვანოთ ახალი ძალები, რომლებიც უფრო სტაბილური მომავლის შექმნისთვის მოგვამზადებენ. 

არქეტიპული ენერგიები

ისტორიის თანამედროვე ეტაპზე სრულიად ცხადი გახდა, რომ ადამიანის გვარს მეტი თანამშრომლობა, კრეატიულობა და ურთიერთ-დახმარება სჭირდება - ეს თვისებები ქალის არქეტიპულ ფიგურას შეესაბამება. იმისთვის, რომ ჩვენს დედა-დედამიწასთან და ერთმანეთთან ურთიერთობაში წონასწორობა დავიბრუნოთ, საჭიროა გავაუმჯობესოთ მამაკაცური მითოლოგია, რომელშიც დღემდე ჭარბობს დომინირების, დაპყრობისა და იერარქიული ძალაუფლების პრინციპი. და ასევე ინდივიდუალურ დონეზეც უნდა გადავლახოთ აზროვნების ის სტერეოტიპები, რომლებიც დაციკლულია ეგოიზმზე, ძალაუფლების-მოყვარეობაზე და შეჯიბრზე. საკმარისი არაა უბრალოდ შეპირება, რომ დიეტას და ცხოვრების წესს შევცვლით, რის შედეგადაც უფრო კეთილები გავხდებით საკუთარი თავის და სხვების მიმართ. ჩვენ აქტიურად უნდა ჩავრთოთ არქეტიპული ენერგიები, რომლებსაც ჩვენი ღირებულებების და მოქმედებების ორიენტაციის შეცვლა შეუძლიათ. კარლ იუნგმა არქეტიპები აღწერა, როგორც „ფსიქიკის ფორმები, რომლებიც, როგორც ჩანს, ყოველთვის და ყველგან არსებობენ“.  არქეტიპები, რომლებსაც ჩვენ ვეყრდნობით, მეტისმეტად ძველია და განსაზღვრავენ ჩვენს გამოცდილებას კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში. ისინი ჩაშენებულია მითოლოგიაში, გადაეცემა ზეპირსიტყვიერად, წმინდა წიგნებით და ბრძნული სწავლებებით. ისინი ჩაქსოვილია რელიგიურ და საერო რიტუალებში. ფაქტიურად, მითოლოგია და ფოლკლორი, რომლებიც დაფუძნებულნი არიან ადამიანების არქეტიპულ ძალებთან - უძველეს ღმერთებთან ურთიერთქმედების ისტორიებზე, დღემდე არსებობენ ყოველ კულტურაში იმ დროიდან, რაც ადამიანმა ლაპარაკი დაიწყო. 

მე არ გთავაზობთ ძველი ღმერთების მოხმობას ან მათთვის ქათმების და თხების მსხვერპლად შეწირვას. მაგრამ მე გთავაზობთ, რომ აამოქმედოთ ბუნების მთავარი ძალები, რომლებიც ამ არქეტიპებშია წარმოდგენილი. როცა წიგნებში, ფილმებსა და საინფორმაციო ამბებში არსებული, ყველგანმყოფი მითების წყალობას მივყვებით, ჩვენი ცხოვრება მათ სიუჟეტებს იმეორებს. სასოწარკვეთილნი ვცდილობთ უფრო ახალგაზრდა მეტოქესთან ბრძოლას, ან ცბიერი მატყუარას მსხვერპლნი ვხდებით. იმ ჩვევების რეპროდუქციას ვახდენთ, რომლებიც ფიზიკურად სნეულებად, ფსიქიკურად გაუწონასწორებლებად და სულიერად ღარიბებად გვაქცევენ. ჩვენი აღქმა ვიწროვდება და მხოლოდ იმას გვიჩვენებს, რამაც დროის გამოცდა გაიარა. ასე ვკარგავთ ცხოვრებასთან შემოქმედებითად ურთიერთქმედების უნარს. დრამებში ყურებამდე ჩაფლულები ვეღარ ვხედავთ მეტოქეში ან მატყუარაში პოტენციურ მეგობარს. ჩვენ სხვაგვარად უნდა ვიმუშავოთ არქეტიპებთან და მათ ენერგიებთან. 

არც ისე დიდი ხნის წინ ანდებში ექსპედიციის დროს თან მახლდა წარმატებული საბირჟო მაკლერი სახელად მარკი. იგი დარწმუნებულია, რომ ნამცხვარი შეგვიძლია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ნაჭრებად დავჭრათ, ამიტომ უნდა მოვასწროთ საკუთარი ნაჭრის დათრევა, სანამ სხვები მოგვასწრებენ. შამანებმა, რომლებთანაც ვმუშაობდით, გვითხრეს, რომ მარკი საჭირო ნამცხვრის ნაჭრებს არ აგროვებდა. ის იქ მიდიოდა, სადაც ბევრ ფულს ხედავდა, თუმცაღა ინდიელებმა განაცხადეს, რომ არსებობს უზარმაზარი ნამცხვარი - სიბრძნის და სიუხვის სფერო, რომელიც ყველას ეყოფა. 

მათმა სიტყვებმა მარკზე ალიყურივით იმოქმედა. ბოლოს გაბრაზებული ჩემთან მოვიდა და შემომჩივლა, რომ იქაურებს მისგან მხოლოდ ფული უნდოდათ და ცდილობენ სამჯერ ძვირად მიჰყიდონ ქვები, ბუმბული და ტანსაცმელი. მას სურდა, დაუყოვნებლივ დაეტოვებინა ექსპედიცია. საბედნიეროდ, მაღალ მთებში ვიყავით და არ შეგვეძლო მეორე დღემდე დაბლობზე დაშვება. მე ჩემი ვარაუდი გავუზიარე: მარკის უკმაყოფილების მთავარი მიზეზი იმის გაცნობიერება იყო, რომ სიმდიდრის და დიდების ვერანაირი რაოდენობა ვერ შეავსებდა მის გულს და სულს. მან უხალისოდ მიპასუხა, რომ ეს შეიძლება სიმართლე იყოს, და დათანხმდა, რომ წარმატების ეს გაგება კლავს მას, ხოლო ხანგრძლივი დღის განმავლობაში მიღებული სტრესი ჯანმრთელობას უნგრევს; თუ სურს, რომ სულიერი წონასწორობა მოიპოვოს, მსოფლმხედველობა უნდა გააფართოვოს,  და სწორედ ამიტომ წამოვიდა ჩვენთან ერთად ექსპედიციაში. 

პერსონალური მითოლოგიის განახლება ნიშნავს იმ მომხიბვლელ, მაგრამ შემზღუდველ რწმენა-წარმოდგენებზე უარის თქმას, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევენ. მარკი თვლიდა, რომ იგი მხოლოდ მას შემდეგ შეძლებდა რაიმე სასარგებლოს გაკეთებას სამყაროსთვის, როცა ძალიან მდიდარი გახდებოდა, და აი, სწორედ ამის შემდეგ დაიწყებდა ფულის შეწირვას შესაბამისი საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის. იგი შეძრა იმის გაცნობიერებამ, რომ ამ გზაზე მან პირველ რიგში უნდა უკუაგდოს საკუთარი მითი რესურსების მუდმივ უკმარისობაზე. პერსონალური მითების შეცვლა საჭიროებს ახალ მიდგომას ნაცნობი ისტორიებისადმი და მათი ენერგიის უფრო გონივრულ გამოყენებას. მაგალითად, შეგვიძლია ხელახლა გადავხედოთ ურთიერთობას საკუთარ შინაგან მეომართან, უარი ვთქვათ საკუთარ თავსა და სხვებზე შეფასებითი იარლიყების მიწეპებაზე, და შემდეგ კონკურენტული ენერგიის მარაგები მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლებში და სპორტულ შეჯიბრებებში გამოვიყენოთ. 

ჩვენ შეგვიძლიათ გავხდეთ მეომრები, მაგრამ არა მტრების ან ძალაუფლების ძიებისთვის, არამედ საკუთარ დემონებთან საბრძოლველად. შეგვიძლია წმინდა ომი გავმართოთ შინაგან ურწმუნოსთან, ან სულაც მთლიანად დავთმოთ მეომრის ენერგია და ვნახოთ, რისი სწავლა შეუძლია მას ჩვენთვის. ანალოგიურად, ჩვენ შეგვეძლო გვემუშავა კაპრიზულ შინაგან ბავშვთან, რომელსაც ყოველთვის სურს, რომ დაუთმონ, ან ეჭვიან აფროდიტესთან, რომელიც ყურადღებას და თაყვანისცემას მოითხოვს. 

სავარჯიშო

ვეძებთ შთამაგონებელ მითოლოგიას

პირადი მითები - ესაა ისტორიები, რომლებიც ღრმად ზიან არაცნობიერში და სიზმრებსა და ზღაპრებში იხსნებიან. ყოველი ჩვენთაგანი საკუთარი მითოლოგიის გმირია, მაგრამ თუ ჩვენი გზამკვლევი მითები საკუთარი თავის რწმენას და თავისუფლებას გვართმევენ, მაშინ ისინი სხვა მითით უნდა შევცვალოთ, რათა ახალი სხეული შევქმნათ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა ძველმა მითებმა აქტუალობა დაკარგეს, ახლები კიდევ ჯერ არ შობილან. 

პირველი ნაბიჯი ახალი სცენარის პოვნისკენ - ესაა იმის გარკვევა, თუ რომელი მითები და ისტორიები აღარ გჭირდებათ. დაწერეთ მოკლე ზღაპარი, არაუმეტეს ერთი გვერდისა,  გმირზე, რომელიც ციხესიმაგრის სარდაფშია ჩაკეტილი. როგორ აღმოჩნდა იქ? რა რწმენა-წარმოდგენები და შიშები აკავებენ იქ? 

მშვიდად დაჯექით და დაწერეთ სხვა ისტორია, რომელსიც ციხე-სიმაგრეს ტოვებთ, შეუცნობლისკენ მიდიხართ და ახალი ბედის შექმნის გზაზე ხან წინააღმდეგობებს ხვდებით, ხანაც მხარდაჭერას. განსაზღვრეთ ის უპირატესობები და რწმენები, რომლებსაც თქვენი ახალი ზღაპარი ეფუძნება. 

მივდივართ ახალი მითოლოგიისკენ

მომდევნო ოთხ თავში ჩვენ განვიხილავთ ოთხ მითს, რომლებიც აჩვენებენ, თუ როგორი ძალა მოდის ახალი პერსონალური მითოლოგიის მიღების შედეგად. პარსიფალის, ფსიქეას, არჯუნას და სიდჰართჰას ისტორიებში ასახულია ნაბიჯები, რომლებიც რწმენა-წარმოდგენების გადასალახად და ბედის შესაცვლელად გვჭირდება. ამ ადამიანებიდან ყოველი. ტრანსფორმაციის გმირულ გზას დაადგა და ღვთაებრივ დონეს მიაღწია. 

ამ მითებთან სამუშაო და მათი ძალის მოსაპოვებელ ინსტრუმენტად სამკურნალო წრეს (Medicine Wheel) გამოვიყენებთ - ძველი ამერიკელების სასწავლო იარაღს, რომელიც დედამიწაზე ყოველი სულიერი ტრადიციის განუყოფელი ნაწილია. ეს ტრადიციები პატივს მიაგებენ ქალურ პრინციპს, დიდი დედის არქეტიპს და კავშირს სულთან. 

შესაძლოა, დედამიწასთან და ბუნების ციკლებთან დაკავშირებული ყველაზე ცნობილი წმინდა ადგილებია - სთოუნჰენჯი ინგლისში და მაჩუ-პიკჩუ პერუში. ორივე ადგილის დომინანტური მახასიათებლებია მასიური ქვები, რომლებიც მზის წლიურ მოძრაობის ორიენტირებული - გაზაფხულის ბუნიობიდან ზაფხულის მზებუდობისკენ, შემოდგომის ბუნიობისკენ, ზამთრის მზებუდობისკენ და ა.შ. კვლავ ახალი ციკლი... სამკუნალო წრე წარმოადგენს გეგმას ადამიანის ტრანსფორმაციისთვის. წრეზე ოთხი მიმართულების გაივლასთან ერთად (სამხრეთის, დასავლეთის, ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის) ჩვენ ვსწავლობთ ახალი სხეულის შექმნას და ახალი მითოლოგიის მიღებას, რომელიც მიზანთან მიგვაახლოვებს. 

ჩვენ ვიწყებთ სამხრეთიდან, მკურნალის გზით და წარსულის ჭრილობების განკურნებით. შემდეგ გადავდივართ დასავლეთისკენ, ღვთაებრივი ქალურობის გზაზე და გადავლახავთ სიკვდილის შიშს. იქიდან მივდივართ ჩრდილოეთისკენ და ვდგებით ბრძენის გზაზე, სადაც ვსწავლობთ უძრავობას მსგავსად ტბის ზედაპირისა, რომელიც ყველაფერს ირეკლავს. და ბოლოს, ვაღწევთ აღმოსავლეთამდე, მივყვებით ვიზიონერის გზას და ვსწავლობთ ოცნებების მატერიალიზაციასა და ახალი სამყაროს შექმნას. 

ესაა გმირის კლასიკური მოგზაურობა, რომელიც მოგვიწოდებს, რომ დავტოვოთ ჩვეული ცხოვრება და უშიშრად გადავდგათ ნაბიჯი გამოუცნობისკენ, ანუ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება ისე, რომ ამ ტრანსფორმაციამ ჩვენი ყველაზე თამამი მოლოდინები გაამართლოს. ამ გზას დამოუკიდებლად გავდივართ - არავის ძალუძს, რომ ჩვენს ნაცვლად იტვირთოს ეს საქმე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარტო ვართ. გზაზე დადგომით ჩვენ ვაგრძელებთ ბრძენი ქალი და მამაკაცი მასწავლებლების გზას, რომლებიც ჩვენამდე იყვნენ ამ გზაზე. სამყარო ყოველთვის მზადაა დაგვეხმაროს, მაგრამ მისი მხარდაჭერის მისაღებად აუცილებლად გვჭირდება თავმდაბლობა. თავდაბლობის გარეშე თითქმის უეჭველად დაუბრუნდებით ძველ გზებს, თქვენი „მე“-ს იმავე უაზრო სცენარებს. ეგოს სურს, რომ სწრაფად გაირბინოს მედიცინის წრე და სრული განახლება განიცადოს, მაგრამ ტრანსფორმაცია სხვაგვარად ხდება - თქვენ ყოველი მიმართულების გაკვეთილები უნდა აითვისოთ.  

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff