თავი მესამე - მეფე ტირანის ტახტიდან ჩამოგდება
იცოდეთ, რომ გონება შეშლილია.
კულტურისა და დასვენების მუზეუმებსა და პარკებში ბავშვების ყურადღებას იპყრობს უძველესი დროის ყველაზე სასტიკი ქვეწარმავლის ფიგურა, რომელსაც ტირანოზავრ რექსს, ან ტი-რექსს უწოდებენ. შესაძლოა სპინოზავრები ან გიგანტოზავრები აღემატებიან რექსს ზომებში, დიპლოდოკი და აპატოზავრი მასზე რამდენჯერმე დიდებიც იყვნენ, მაგრამ სწორედ მას ერგო ბედნიერება, რომ შეექმნა თავისი ბრენდი. XX საუკუნის მიჯნაზე ვიქტორიანული ეპოქის ხალხი მოუთმენლად ყიდულობდა ბილეთებს, რათა ენახათ ამ ურჩხულის ჩონჩხი. საშინელი ქვეწარმავალი ისეთი სახელით მონათლეს, რომ რვა წლის ბავშვში იგი ცივ ჟრუანტელს და ძრწოლას იწვევდა, და მას მიანიჭეს მითოლოგიური რეპუტაცია, რომელიც მითოლოგიურ მიზანს ემსახურება: იგი წარმოადგენს ტირან მეფეს, რომელიც გაგვანადგურებს, თუკი მის ძალაუფლებას არ დავემორჩილებით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე ვიცით, რომ ტირანოზავრის სხეულს სავარაუდოდ ბუმბული ფარავდა, ჩვენი წარმოსახვა მაინც ხატავს მას, როგორც დაუმარცხებელ მტაცებელს სქელი და უხეში, შეუღწეველი ტყავით.
ვერაგი მმართველის ძალა შესამჩნევია ზოოპარკში, მსხვილი კატისებრი მტაცებლების ვოლიერებშიც. როცა შუშის მიღმა ლომი ამთქნარებს, მისი ბასრი ეშვები აოცებენ ჩვენს წარმოსახვას. რა თქმა უნდა, ბევრისთვისაა ცნობილი, რომ სინამდვილეში მეტ საფრთხეს უფრო მინიატურული ძუ ლომი წარმოადგენს, ხვადი კი უფრო თვალყურს ადევნებს და მისი დამცველის როლში გვევლინება - მაგრამ მნახველები დიდ ყურადღებას არ აქცევენ ვოლიერის გვერდით არსებულ საინფორმაციო დაფას და მოწიწებით შესცქერიან „ჯუნგლების მეფეს“.
ტირონოზავრი რექსი და მამრი ლომი სიმბოლურად ძლიერები არიან, რადგან მრისხანე არსების ხატება, რომელიც ჩვენზე მბრძანებლობს, ღრმად არის ფესვგადგმული ადამიანის ფსიქიკაში. ომში გამობრძმედილი მმართველის ეს იდეა იმდენად გვაქვს შინაგანად მიღებული, რომ რაციონალურ გონებას ჩვენი არსებობის დომინანტურ ძალად ვთვლით, რომელიც მბრძანებლობს ჩვენს ფიქრებზე, გრძნობებზე, სხეულსა და სულზე. ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ სწორედ დიდი და რთული ტვინი განგვასხვავებს ცხოველური სამყაროსგან. გონებას ნამდვილად სჯერა, რომ სწორედ ის მართავს ყველაფერს: ფიქრებს, ემოციებს და ცხოვრებას მთლიანობაში. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვევების, დამოკიდებულებების, ურთიერთობებისა და გრძნობების შეცვლისთვის მხოლოდ ჩვენი აზროვნების შეცვლაა საკმარისი. და ასე ვაგრძელებთ „აზროვნების შეცვლას“ - მაგრამ არც ადამიანებთან ურთიერთობებს ვაუმჯობესებთ, არც ჯანმრთელობას და არც ემოციებს ვკურნავთ.
სიმართლე იმაშია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია რეალურად შევცვალოთ გონება, თუ ტვინს არ შევცვლით. და თუმცა გონება ტვინში არ იმყოფება, იგი ტვინისა და ნერვული სისტემის მეშვეობით მოქმედებს. მას შემდეგ, რაც ტვინის დეტოქსიკაციას მოახდენთ და მასში ბუნებრივი ნეტარების მოლეკულის (დიმეთილტრიპტამინის) წარმოქმნას დაიწყებთ, თქვენ შეძლებთ, რომ შეცვალოთ ტოქსიკური ურთიერთობები, გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და განაახლოთ ემოციები. მაშინ თქვენ აღმოაჩენთ, რომ ჩვეულებრივი გონება ვერ იქნება ძირითადი ინსტრუმენტი ჯანმრთელობის, სიუხვის, სიყვარულისა და კეთილდღეობის შესაქმნელად. ეს არ ნიშნავს, რომ იგი ვერ დაგეხმარებათ განკურნებაში. კავშირი გონებასა და სხეულს შორის უკვე დიდი ხანია აღიარებულია მნიშვნელოვან ფაქტორად ჯანმრთელობასა და ავადმყოფობებზე ზემოქმედებისთვის. გონება, რომელზეც მე ვსაუბრობ, - ესაა ტვინის ლიმბური სისტემა, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ ძალაუფლებაში ჩვენს ცხოვრებაზე, მაგრამ ამასთან სიღარიბეში, ბრაზსა და შიშში ცხოვრობს. სწორედ ეს ტვინი ხელმძღვანელობდა ჩვენს ნეანდერტალელ ნათესავებს, სწორედ ის ჯანყდება, როცა რაღაც ისე ვერ ეწყობა, როგორც მას სურს, და სწყურია, რომ ყველაფერი მართოს.
თქვენ აღმოაჩენთ უფრო ეფექტურ ინსტრუმენტს - ურთიერთობას სულთან და უხილავ სამყაროსთან. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ საქმეში უმაღლესი ტვინი ჩართოთ, რომელსაც სულიერი გამოცდილების განცდა შეუძლია. შეუძლებელია სულიერი განცდების კონტროლი, მათ უბრალოდ უნდა მიეცეთ. ეს უფრო მაღალი გონების ფუნქციაა, რომელსაც მაშინ ვეხებით, როცა საწვავად ცხიმების გამოყენებას ვიწყებთ და კეტონ ბეტა-ჰიდროქსიბუტირატებს ვწვავთ. ამის გარეშე აცტეკ გუშაგებს დავემსგავსებით, რომლებმაც ვერ დაინახეს ევროპელების ხის გემები, რადგან თავიანთ ჩვეულ რეალობაში არასოდეს უნახავთ ასეთი მასიური ობიექტები.
განთიადის მეუფე
როდესაც ანთროპოლოგის კარიერას ვიწყებდი, მე ვსტუმრობდი საზოგადოებებს, რომლებიც მათი პალეოლითელი წინაპრებივით ცხოვრობდნენ. იქ ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ ამ ადამიანების ცხოვრებაში ყოველ ნაბიჯზე რაღაც საკრალურია. მათი მრავალი ლეგენდა გვიყვება ზეციურ არსებაზე, რომელიც დედამიწაზე მოდიოდა და სიბრძნე მოჰქონდა. მას კეცალკოატლს უწოდებდნენ. ეს იყო მფრინავი გველი - განთიადის მეუფე აცტეკებსა და ჰოპებში. კეცალკოატლი დაკავშირებულია ვენერასთან - განთიადის ვარსკვლავთან. ლეგენდები მოწმობენ, რომ იგი ყოველ ახალ ერაში ბრუნდება, რათა განახლებული სიბრძნე მოიტანოს და განასახიერებს ჩვენს მარადიულ დაბრუნებას დედამიწაზე - ცხოვრებიდან ცხოვრებამდე. მისი ამოცანაა - გამუდმებით განაახლოს ნაყოფიერი მიწა, აღადგინოს ჩვენი სხეული, აზროვნება და ის ადგილი, სადაც ვცხოვრობთ. კეცალკოატლი ასწავლის, რომ მოკვდავი არსებობა სწრაფად წარმავალია, ამიტომ მისი მოფრთხილება და დაცვაა საჭირო, რადგან ფიზიკური სხეულის მოპოვება მეტისმეტად რთულია. საჭიროა დღეგრძელი და ჯანმრთელი ცხოვრება იმისთვის, რომ ამ სამყაროს გაკვეთილები ვისწავლოთ. შამანებმა აღმოაჩინეს ფიტონუტრიენტებით მდიდარი მცენარეები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი კარგი ჯანმრთელობა უზრუნველჰყონ ამ მოკლე ცხოვრებაში.
ადამიანებსა და მცენარეების სამეფოს შორის საოცარი თანამშრომლობაა. ჩვენ იდეალურ სიმბიოზში ვართ: ჟანგბადი, რომელიც მცენარეების მიერ ფოტოსინთეზის დროს გამოიყოფა, სიცოცხლეს აძლევს ადამიანებს, ხოლო ნახშირორჟანგი, რომელსაც სუნთქვისას გამოვყოფთ, მცენარეების სიცოცხლეს უზრუნველჰყოფს. მცენარეები მზის სინათლეს იმ ნივთიერებებად გარდაქმნიან, რომლებითაც ვიკვებებით. ჩვენი წინაპრებისთვის ველურ ბუნებაში გადარჩენა მის მიმართ პატივისცემით მიდგომის შედეგი იყო. იმისთვის, რომ სცოდნოდათ, რომელი კენკრაა საკვებად ვარგისი, და რომელი - შხამიანი, ადამიანებს უწევდათ, რომ იმდენად მჭიდრო ურთიერთობაში ყოფილიყვნენ მცენარეებთან, რომ დღეს ეს უმეტესობა ჩვენთაგანისთვის დაუჯერებელი იქნება.
ინდიელები, რომლებიც აგრძელებენ ბუნებისადმი პატივისცემით დიალოგის ტრადიციას, გეტყვიან, რომ მცენარეების თვისებებს ისინი ცდისა და შეცდომების გზით კი არ ამოიცნობენ, არამედ მცენარეები თავად მიმართავენ მათ. შამანებმა მათი ისეთი სახეობები აღმოაჩინეს, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ დაავადებები განკურნონ, ჯანმრთელობას ქმნიან. ამაზონიაში მოგზაურობისას შევამჩნიე, რომ არსებობს მცენარეული სამკურნალო საშუალებების ორი კატეგორია. პირველში შედიან წამლები კონკრეტული დაავადებების საწინააღმდეგოდ. მაგალითად, თუ თავი გტკივათ ან მალარიის გამო მაღალი ტემპერატურა გაქვთ, უნდა მიხვიდეთ ხეებთან, რომელსაც ასპირინის ხეებს ვეძახი - თეთრ ტირიფთან (Salix Alba), ან ქინის ხესთან (Cinchona), და ნაყენი დაამზადოთ მათი ქერქისგან. ასეთია მედიცინის პრაქტიკა დასავლეთში: სიმპტომების განკურნება.
მცენარეების მეორე კატეგორია ჯანმრთელობას ქმნის. ისინი ახალი სხეულის შექმნაში გვეხმარებიან, ყოველ უჯრედში დღეგრძელობის გენებს ააქტიურებენ, ტვინს წმენდენ და პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედების ბუნებრივ წარმოქმნას ასტიმულირებენ. ისინი აძლიერებენ NRF2-ს, ორგანიზმის დეტოქსიკაციის და დაბერების მთავარ რეგულატორს. ამაზონიაში ასეთი მცენარეების რიგში შედიან კატის ბრჭყალი (Uncaria tomentosa) და შიუაუაკოს რამდენიმე სახეობა. ჩინელები უკვე ორიათას წელზე მეტია იყენებენ ჟენ-შენს, შამანები კი დიდი ხანია ჯანმრთელობის სამსახურში იყენებენ მცენარეების ნეიროპროტექტულ თვისებებს, მათ უნარს - ჩართონ ნერვული ღეროვანი უჯრედების წარმოქმნა, გაააქტიურონ დღეგრძელობის გენები (SIRT-1) და ტვინის დეტოქსიკაცია.
მსგავსი თვისებები აქვთ ჯვაროსანთა ოჯახის ბოსტნეულის წარმომადგენლებს, მათ შორის ბროკოლის და ბრიუსელის კომბოსტოს, ასევე სანელებლებს - მაგალითად, კურკუმას და შავ პილპილს. ისინი მდიდარნი არიან ფიტონუტრიენტებით, რომლებსაც ტოქსინები გამოჰყავთ და ტვინის მუშაობას აუმჯობესებენ. მცენარეული წამლების ეს ტიპი იმ სქემის ჩართვაში გვეხმარება, რომელიც ტირანულ გონებაზე უფრო ძლიერია. ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ამ სუპერფუდებს მეექვსე თავში, რადგან ისინი აუცილებელნი არიან ახალი სხეულის შექმნისთვის.
მაშ, როგორ დავკარგეთ ეს მჭიდრო კავშირი სულთან და ბუნებასთან? როდის შევწყვიტეთ მდინარეებთან და ხეებთან საუბარი? ანთროპოლოგი ჯარედ დაიმონდი ამტკიცებს, რომ ათიათასი წლის წინ , ე.წ. აგრარული რევოლურიის დროს ადამიანებმა მონადირე-შემგროვებლების პალეოლითური დიეტა ხორბლეულზე დაფუძნებული დიეტით შეცვალეს. ამ დიეტურ ცვლილებას დაიმონდი „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელ შეცდომას“ უწოდებს. მისი სიტყვებით, ამან ომებისა და კონფლიქტების ასწლეულებამდე მიგვიყვანა და სასტიკი ბატონების, უმოწყალო ომებისა და უბედური მონების ეპოქა შობა.
ხორბალზე, ქერზე, ბრინჯზე და სიმინდზე - ანუ მაღალ გლიკემიური ინდექსის მქონე მარცვლეულზე დაფუძნებული დიეტის წყალობით, რომელიც სისხლში გლუკოზის შემცველობას ზრდის, ჩვენი მიწათმფლობელი წინაპრები ძირითადად შაქრების ხარჯზე ცხოვრობდნენ. ჩვენი ტვინი და სხეული დღემდე იტანჯებიან კვების ამ ცვლილების გამო. ტვინი, რომელიც შაქრებითაა გაჟღენთილი, დუნე და დაჩლუნგებული ხდება. მეოთხე თავში თქვენ მეტს გაიგებთ ხორბლეულის შესახებ, და იმის შესახებ, თუ რამდენად ტოქსიურნი არიან ისინი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის და ტვინისთვის, ასევე გლუტენის - მარცვლეულის ცილის საზიანო მოქმედების შესახებ.
სასოფლო მეურნეობის განვითარებამ იმ სისტემების გაჩენამდე მიგვიყვანა, რომლებშიც გადარჩენა და უსაფრთხოება დამოკიდებული იყო ძლიერ ღვთითკურთხეულ მეფეზე, რომელსაც შეეძლო სახნავ-სათესების, გლეხების და მარცვლეულის მარაგების დასაცავად მეომრები შეეკრიბა. ადამიანები ფრთხილები და საომრად განწყობილები გახდნენ. ღვთაებრივის პირდაპირი გამოცდილება რელიგიებმა ჩაანაცვლეს, რომლებსაც ძალაუფლების მქონე ვაჭრები და ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავლები მართავენ.
ჩვენ უნდა დავიბრუნოთ სულთან და ბუნებრივ ძალებთან კავშირი, რათა განვიკურნოთ, რათა მოვიპოვოთ სიმშვიდე საკუთარ თავში და ჰარმონიაში ვიცხოვროთ პლანეტის ყველა არსებასთან. ამისთვის უარი უნდა ვთქვათ ტირანული აზროვნებისადმი ერთგულებაზე, რომელიც შაქრებითა და მარცვლეულით იკვებება. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ძველი ადამიანების მცენარეულ დიეტას და კოსმოსთან ერთიანობის მათეული განცდის უნარს.
ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენი ნეირონული სისტემა განვაახლოთ.
ლიმბური სისტემა და ნეირონები, რომლებიც შიშზე აგებენ პასუხს
როცა გონება ტირანი ხდება, იგი ლიმბურ ტვინში გადარჩენის ძველ პროგრამებს ააქტიურებს, და პირველადი ემოცია შიში ხდება. ამ ემოციის ტყვეობაში ჩვენ ყველგან საფრთხეს ვხედავთ. ტვინის ლიმბური სისტემის პროგრამები ცნობილია, როგორც “ოთხი F”: კვება (Feeding), ბრძოლა (Fighting), გაქცევა (Fleeing) და გამრავლება (Fornicating). ეს პრიმიტიული გადარჩენის პროგრამები მაშინ აქტიურდებიან, როცა ტვინს გადამუშავებული მარცვლეულით და შაქრით ვკვებავთ. ლიმბური სისტემა ტკბილ და დამამშვიდებელ საკვებს ითხოვს მაშინ, როცა სევდას ან დაუცველობას ვგრძნობთ. განაგრძეთ მისი შაქრით გამოკვება, და ეს ტვინი ყოველთვის ცნობიერების დაბალ დონეზე იმუშავებს, და არ მოგცემთ ერთიანობის განცდის შესაძლებლობას.
ეს ტვინი დაგვეხმარა, რომ გამყინვარების პერიოდი გადაგვეტანა. იგი შეპყრობილია კვებით და სექსით. მას სწყურია ალკოჰოლი და ნარკოტიკები, მიდრეკილია აგრესიისკენ, ემოციური ჩაკეტილობისკენ და თვითგადარჩენისკენ. როცა შაქრის მიწოდებას ვწყვეტთ, ამ ტვინის ინსტინქტები სუსტდება, ინიციატივა კი ნეოკორტექსზე გადადის - „ახალ“ ტვინზე, რომელიც საშალებას გვაძლევს ვისწავლოთ, შევქმნათ და მომავლის ფორმირება მოვახდინოთ. ნეოკორტექსი დაპროგრამებულია სილამაზეზე, ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს მოცარტის მუსიკა თუ მათემატიკური ამოცანის ელეგანტური ამოხსნა. იმისთვის, რომ ძველი ლიმბური სისტემები ახლებურად გადააპროგრამოს, ახალ ტვინს კეტონები სჭირდება. ნახშირწყლოვან დიეტაზე იგი იფანტება, ეპიზოდურად გვაძლევს შემოქმედებით იმპულსებს, მაგრამ სტაბილურ სიბრძნეს ვერ უახლოვდება.
ლიმბური ტვინი, რომელსაც სიამოვნებებისა და ემოციური დრამების ძიება ამოძრავებს, ვერ შთაგვაგონებს სულიერი აღმოჩენებით. იგი მზადაა, რომ მიეცეს რელიგიებს, რომლებიც მის წარმოდგენებს და საფრთხეებს ღმერთის მცნებებად აქცევენ და გადარჩენის საბაზისო მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ. მას არ სწყურია ერთიანობასთან ელეგანტური ცეკვა.
როცა სტრესში ვართ, მართვის საჭეს ლიმბური ტვინი იღებს. პრობლემა ისაა, რომ ლიმბური ტვინი იმ დროს განვითარდა, როცა ჩვენ მდინარის ნაპირას მშვიდად ვიჯექით ან ან აფრიკის სავანაში მზის ჩასვლას ვუმზერდით. ის არაა შეჩვეული თანამედროვე სამყაროს რიტმს და შეიძლება იმდენად გადაიტვირთოს, რომ მთლიანად დაიპყროს ნერვული სისტემა. სტრესის დროს პრიმიტიული ემოციები გვერევიან, ჩვენ ვბრმავდებით ეჭვიანობისგან ან რისხვისგან, შიში და შფოთვა ჩვენს პარალიზებას ახდენს, რის შედეგადაც ობიექტურად ვეღარ ვაზროვნებთ. ამ დროს მცირდება სისხლის მიწოდება ტვინის წინა უბნებში - სწორედ იქ, სადაც შესაძლებლობებს ვხედავთ და პრობლემების შემოქმედებითი გადაწყვეტის საშუალება გვაქვს.
ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ ინსტინქტური შიშით ვმოქმედებთ. ვფიქრობთ, რომ ცხოვრება ვერაგია, და ნებისმიერ მოსახვევში ვეფხვი ან მავნე ვირუსი გველოდება, და არასაკმარისი რესურსი გვაქვს გადარჩენისთვის, სიკვდილი კი ჩვენი არსებობის დასასრულია. მსგავსი რწმენა-წარმოდგენები ლიმბური სისტემის ნეირონულ ქსელშია აღბეჭდილი. ჩვენ ყოველ ჯერზე ვაძლიერებთ მათ, როცა ბნელ და საშიშ ფიქრებში ვიძირებით.
ნეირონული ქსელები - ესაა ინფორმაციული მაგისტრალები, რომლებიც სწრაფად ახდენენ იმ ყველაფრის ინტერპრეტაციას, რასაც გრძნობათა ორგანოებით აღვიქვამთ. ისინი გვეუბნებიან, რომ წითელი ფერი საფრთხეს ნიშნავს, მწვანე კი მოძრაობის უფლებას გვაძლევს, ან გვკარნახობენ, ვინ არის სექსუალური და ვინ არა. ისინი ჩვენი სამყაროს დინამიურ სურათს და ჩვენი რეალობის მუშაობის სქემას ინახავენ. მათში ჩაწერილია გზის მაჩვენებლები, ბგერები, სუნები, ბავშვობის მოგონებები და განცდები. ჩვენი რეალობის სურათიდან ბევრი რამ უკვე დედის საშვილოსნოში ჩამოყალიბდა, როცა სტრესის ჰორმონები პლაცენტარული ბარიერის გავლით ნაყოფამდე აღწევდნენ. თუ თქვენი დედა არ იყო დარწმუნებული, რომ პარტნიორი შეძლებდა მისი ბავშვის დაცვას, მაშინ თქვენს რეალობაში გარშემო არასანდო ადამიანები გეყოლებიან, სამყარო კი ხელს არ შეუწყობს თქვენს წამოწყებებს. ხოლო თუ დედას შეეძლო თავისი შეყვარებულის, ოჯახის და საზოგადოების იმედი ჰქონოდა, მაშინ თქვენს სურათში სამყაროს შეგიძლია ენდო, და ამ რეალობით აიგება სხვა ადამიანებთან თქვენი ურთიერთობებიც.
ეს ნეირონული ქსელები იმდენად მყარდება, რამდენადაც სურათის რეალობა ყოველდღიური გამოცდილებით დასტურდება. ყოველ ჯერზე, როცა ჩვეული ფორმით აზროვნებთ, ნეირონებს შორის უფრო და უფრო მეტი კავშირი მყარდება. წლებთან ერთად აზროვნების ეს გზა კარგად გატკეპნილ გზად იქცევა და ბოლოს ერთადერთ გამოყენებად მარშრუტად იქცევა. ტვინის სკანირება შეუცდომლად აჩვენებს, როგორ „ანათებენ“ ნეირონული ქსელები ტვინის გარკვეულ ნაწილებში, როცა ამა თუ იმ ფიქრებში იძირებით. და პირიქით: როცა ნეირონული ქსელი ხმარებიდან გამოდის, ტვინის სკანირების დროს ამ სფეროში სიცარიელეა. ამგვარად, მაშინაც კი, თუ მედიტატიური რითრითის დროს სულიერ გამოღვიძებას განიცდით, აუცილებელია ცნობიერი ზომები მიიღოთ იმისთვის, რომ გაამყაროთ ეს გამოცდილება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველანაირი შთაგონება განქარდება, როგორც კი ჩვეულ, ყოველდღიურ არსებობას დაუბრუნდებით.
ნეირონული ქსელები ჩვევების მონებად გვაქცევენ. ჩვენ ძალიან მალე ვწყვეტთ ნოვატორულად და ორიგინალურად აზროვნებას. ფაქტობრივად, ჩვენი ნეირონული ქსელების უმეტესობა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ფიქსირდება, როცა ჩვენს ფანტაზიაში ზეციური კოშკების შენებას ვწყვეტთ. ტრავმული ბავშვობის გამოცდილება კი სიმყარეს და შემოქმედებით განწყობას გვართმევს, რეალობის შესახებ ნეგატიურ წარმოდგენებს ადასტურებს და ლიმბურ სისტემაში შესაბამის ნეირონულ ქსელებს ამყარებს. ადრეულ ტრავმები კავშირშია ალკოჰოლიზმთან, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, დეპრესიასთან, მოზარდობის ასაკის ორსულობასთან და ნეგატიურ ქმედებებთან, რომლებიც თავის მხრივ ჩვენს ტვინს ცვლიან.
ბავშვობის შიშები, ბრაზი, ტანჯვა და მიტოვებულობის განცდა ნეირონულ ქსელებში არიან აღბეჭდილნი და გვაიძულებენ, რომ გავიმეოროთ ამ მოგონებათა ძირითადი თემები მაშინაც კი, თუკი თავად მოვლენები უკვე აღარ გვახსოვს. როცა საკუთარ ცხოვრებაზე ვფიქრობდი, ვამჩნევდი, რომ ყოველთვის ვიტანჯებოდი დაკარგული სიყვარულის, წყენების და მიტოვებულობის და შიშის გამო. ათწლეულების წინ ზაფხულზე ნიუ-იორკში ჩავედი და ჩემს ახალ საცხოვრებელში მივედი. ცხელი და ჩახუთული დღე იყო. შესასვლელის კიბეებზე დაკუნთული ბიჭების ჯგუფი იჯდა. მაისურები ოფლისგან ჰქონდათ დასველებული. დარწმუნებული ვიყავი რომ მძარცველებისა და მკვლელების უბანში მოვხვდი. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ისინი ჩემი მეზობლები იყვნენ. გავიცანი და მივხვდი, რომ შესანიშნავი ბიჭები არიან. მე გაუცნობიერებლად დავადე ბავშვობის უარყოფითი მოგონებების პროექცია ამ უდანაშაულო ბიჭებს.
ფსიქოლოგიური თემები ოჯახურ ატმოსფეროს განსაზღვრავენ და მშობლებიდან შვილებს გადაეცემა. ამაზონიაში ამას თაობათა წყევლას უწოდებენ. მათ შეუძლიათ გულის დაავადებები ან კიბო გამოიწვიონ. ავტოიმუნური დაავადებები, რომლის დროსაც იმუნური სისტემა სხეულის საკუთარ უჯრედებს უტევს, ხშირად ჩნდება ოჯახებში არამკაფიო ემოციური საზღვრებით - ნათესავებს უჭირთ საკუთარის სხვისისგან გარჩევა.
ხდება ხოლმე, რომ დიდ ძალისხმევას ვდებთ საკუთარი ჩვევების შეცვლაში, მაგრამ ხშირად ვუბრუნდებით ძველ სქემებს ჩვენი ფხიზელი ნეირონული ქსელების გამო. კარგი ამბავი ისაა, რომ შეგვიძლია ხელახლა გადავაწყოთ ნეირონული ქსელები. გახსოვდეთ, რომ წყლიდან და საკვებიდან მიღებული შხამები ცხიმოვან უჯრედებში გროვდებიან, ტვინი კი ძირითადად ცხიმებისგან შედგება. შეუძლებელია ახალი ნეირონული ქსელების შექმნა, რომელიც ბედნიერებას, შემოქმედებითობას და ნოვატორულობას შეუწყობს ხელს, თუ ტვინის უჯრედები ტოქსინებითაა დაზიანებული.
ნეიროპლასტიურობა
ნეიროპლასტიურობა, ანუ მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ჩვენი განცდები ტვინის ფუნქციაზე და სტრუქტურაზე ზემოქმედებენ, - შედარებით ახალი ცნებაა. მიუხედავად ამისა, ეს ახალი აღმოჩენა ადასტურებს გარესამყაროს ტვინზე ზემოქმედების შესახებ იმ ცოდნას, რომლებიც ათასწლეულობის განმავლობაში გადაეცემოდა სხვადასხვა ბრძენების მიერ. არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენ ვფიქრობდით, რომ ტვინი ბავშვობაში ვითარდება, შემდეგ კი უცვლელი რჩება ცხოვრების ბოლომდე. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ცალკეული ნეირონები იცვლებიან ტრავმის, გასხივოსნების და ახალი შემეცნების შედეგად, და ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ტვინის მსხვილმასშტაბიანი ტრანსფორმაცია, რომელსაც ზოგჯერ კორტიკალურ ცვლილებას უწოდებენ.
ნეირონული ქსელები ფილტრებივით მოქმედებენ - ისინი გადაარჩევენ გარკვეულ გამოცდილებებს და საშუალებას გვაძლევენ, რომ რეალობის მხოლოდ შეზღუდული ნაწილი აღვიქვათ. ამიტომ იმ აცტეკი გუშაგებივით ვეღარ ვხედავთ მტრის გემებს, რომლებიც რეალურად ასე შესამჩნევნი არიან. ადამიანთან პირველი შეხვედრისას ვერ ვამჩნევთ გამაფრთხილებელ ემოციურ ნიშნებს, შედეგად კი ტოქსიურ ურთიერთობაში აღმოვჩნდებით ხოლმე გაჭედილნი.
თქვენი ნეირონული ქსელები იმ წინასწარმეტყველებებს ქმნიან, რომლებიც თავისით რეალიზდებიან. თუ გჯერათ, რომ სამყარო სავსეა ქურდებით და მატყუარებით, სწორედ მათ შეხვდებით. საუბრის ფორმით ფსიქოთერაპია არც ისე ეფექტურია ბავშვობის ტრავმების შედეგად ფორმირებული ნეირონული ქსელების დემონტაჟისთვის. ძალიან ხშირად იგი მხოლოდ ამყარებს ძველ სცენარებს ნაცვლად იმისა, რომ ახლები შევქმნათ. კვლევები აჩვენებენ, რომ ტვინს ძალიან სწაფად შეუძლია გადაწყობა, ანუ ძველ ცირკის ძაღლს თავისუფლად შეუძლია ახალი ტრიუკების შესწავლა. 2005 წელს ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც მედიცინის სტუდენტების ტვინები დაასკანერეს გამოცდებამდე და გამოცდების შემდეგ. რამდენიმე თვეში რუხი ნივთიერების მოცულობა ახალგაზრდა ექიმების ტვინში მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად, სწავლის პროცესი მკაფიოდ აფორმირებს ნეირონულ კავშირებს და ზრდის ტვინის მოცულობას. 2000 წლიდან მეცნიერები უფრო და უფრო მეტად ამტკიცებენ, რომ ნეიროგენეზი - ანუ ტვინის ახალი უჯრედების დაბადება, რეგულარულად ხდება, განსაკუთრებით ჰიპოკამპში, ანუ სწავლასთან და მეხსიერებასთან დაკავშირებულ ტვინის სტრუქტურაში. შამანები არ კითხულობდნენ სამეცნიერო მოხსენებებს, მაგრამ მათ თავად იპოვეს მცენარეები, რომლებიც ნერვული ღეროვანი უჯრედების წარმოქმნას ააქტიურებენ.
ერთიანობასთან ზედაპირული შეხვედრა ლიმბური ტვინის ქაოტურ გარემოში ტვინის მაგისტრალის ახალი მიმართულებით გადაწყობაში დაგეხმარებათ, იმისთვის რომ სამყაროს ახალი თვალებით შეხედოთ. უფრო გაგიადვილდებათ ძველი ისტორიების გადაგდება და ახალი - უფრო საინტერესო და სასარგებლო ისტორიების დაწერა. ისინი დაგეხმარებიან, რომ სიუხვეში და შიშის გარეშე იცხოვროთ.
დღეს ჩვენ ვფლობთ მეცნიერულ ცოდნას, და პირველ რიგში იმ ტოქსინებისგან ვათავისუფლებთ ტვინს, რომლებიც ერთიანობის განცდაში ხელს გვიშლიან.