შექმენი ახალი სხეული

ალბერტო ვილოლდო
4.75
2

მთარგმნელი: მამუკა გურული

თავი მეთხუთმეტე - პროგრამისთვის მომზადება

ნაწილი V. „ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამა

თავი მეთხუთმეტე. პროგრამისთვის მომზადება

დაიღალეთ დაღლილობის შეგრძნებით? ხართ ხოლმე გაფანტული და გულმავიწყი? მოგბეზრდათ ჭარბ წონასთან ბრძოლა? მზად ხართ საკუთარი ჯანმრთელობის აღდგენისთვის? 

გაფრთხილება: ეს პროგრამა არ უნდა შეასრულოთ ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, კიბოს ან გულისა და ნაწლავების ნებისმიერი დაავადების დროს ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. 

„ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამის პრონციპები:

• განკურნავთ სხეულს კვების რეჟიმის მეშვეობით;

• განაახლებთ ტვინს ნეირონუტრიენტების მეშვეობით;

• გაიგებთ, რომ თქვენი ცხოვრების, სიბერისა და სიკვდილის ხარისხი კვებისა და აზროვნების ფორმით განისაზღვრება. 

პროგრამა „შექმენი ახალი სხეული“ დაფუძნებულია დაბალკალორიულ მცენარეულ კვებაზე, რომელიც მდიდარია მკვებავი ნივთიერებებით, შეიცავს ცილის ნაკლებ რაოდენობას და ცხიმების მაღალ რაოდენობას. პროგრამაში შედის სუპერფუდები და ნეირონუტრიენტები ტვინისთვის. შვიდი დღის განმავლობაში სხეულს გამოკვებავთ საკვები დანამატებით, რომლებიც ააქტიურებენ დღეგრძელობის გენებს და ასუფთავებენ ტვინს. ასე დადგებით ახალი სხეულის შექმნის გზაზე, რომელიც აუჩქარებლად და გრაციოზულად ბერდება, ჯანმრთელობას ინარჩუნებს და არ ექვემდებარება გულის დაავადებებს, დემენციას და კიბოს - იმ ყველაფერს, რასაც თანამედროვე ცივილიზაციის ავადმყოფობებს ვუწოდებთ. 

პროგრამა მოითხოვს, რომ გადააგდოთ თქვენი ისტორიები, როგორც გველი იშორებს ტყავს, გაიაროთ იაგუარის გზა სიკვდილის მიღმა და დააფასოთ ღვთაებრივი ქალურობა, მოიპოვოთ შინაგანი სიმშვიდე, კოლიბრის მსგავსად, იკვებოთ მხოლოდ ცხოვრების ნექტარით და აღმოაჩინოთ თქვენთვის ამაღლებული პირადი ხედვა და მისია. ამ შემთხვევაში თქვენს სიბერეს ცხადი გონებითა და ცხოვრების გააზრების მშვიდი შეგრძნებით გაივლით, შემდეგ კი უშიშრად გადააბიჯებთ მიღმიერში. 

ამისთვის თქვენ დააკავშირებთ წამყვან თანამედროვე ნეირობიოლოგიას შამანების უძველეს ცოდნასთან. 

შამანებს და თანამედროვე ნეირობიოლოგებს ესმით, რომ ჩვენ საკუთარ ბედს (ასევე ჯანმრთელობას ან ავადმყოფობას) იმ არაცნობიერი რწმენა-წარმოდგენებით ვქმნით, რომლებიც სინათლის ენერგო-ველში და ტვინის ნეირონულ ქსელებში ინახება. მაგალითად, როცა დარწმუნებით განაცხადებთ, რომ თქვენს ოჯახში ქალები დედის ხაზით ახალგაზრდები კვდებიან, ან მემკვიდრეობით დემენცია გადაეცემათ, თქვენ ქმნით წინასწარმეტყველებას, რომელიც თავისთავად აღსრულდება. ასევე არსებობს მცდარი რწმენა, მაგალითად: „ალცჰეიმერის დაავადების ორმოცდაათპროცენტიანი ალბათობა ოთხმოცი წლის ასაკში - ეს ნორმაა“, ან: „კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები - ეს ბუნებრივია“. ამ ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია. მაგრამ რწმენა-წარმოდგენების განახლებისთვის ტვინის განახლებაა საჭირო. 

რამდენიმე წლის წინ ამაზონიის ტროპიკული ტყის ხანშიშესულ მკურნალს ვკითხე, თუ რას აკეთებდა, რომ სიბერე აეცილებინა თავიდან. „ეს მარტივია, - მიპასუხა მან. - ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრებით უნდა იცხოვრო“. მე გამეცინა და ვივარაუდე, რომ ჩემი კითხვა ვერ გაიგო: მე ვკითხე, თუ როგორ უნდა აგვეცილებინა თავიდან სიბერის დაავადებები. მან გაიღიმა და იგივე პასუხი გამიმეორა. 

დღეს უკვე მესმის, რა იგულისხმა. დიეტები და სულიერი პრაქტიკები შამანის გზის ყოველდღიური კომპონენტებია. ისინი რწმენას და დღეგრძელ, ჯანრთელ ცხოვრებას უნარჩუნებენ მათ. დაე, ეს გახდეს თქვენი თვითგანხორციელებადი წინასწარმეტყველება!

თქვენ მიიღებთ სუპერფუდებს - Nrf2 აქტივატორებს, რომლებშიც დნმ-ის კოდების განბლოკვის და ახალი სხეულის შექმნის გასაღებია. ამან რო იმუშაოს, ჯერ ტვინის დეტოქსიკაციაა საჭირო - იმ მავნე ნივთიერებების მოშორება, რომლებსაც საკვებთან, წყალთან და ჰაერთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში იღებდით. 

აი, რა სასარგებლო შედეგების იმედი შეიძლება გქონდეთ ამ პროგრამის გავლის შემდეგ:

• ქრონიკული დაავადებების განვითარების შენელება.
• ალერგიული რეაქციების გაქრობა ან შემცირება. 
• სურდოს და თავის ტკივილების გაქრობა.  
• სისხლში შაქრის დონის სტაბილიზება.  
• ძილის ხარისხის გაუმჯობესება. 
• სახსრების ტკივილების და კოგნიტური დისფუნქციის გაქრობა. 

პროგრამის მესამე ან მეოთხე დღეს მრავალ მონაწილეს მკვეთრად უმცირდება სიმპტომები - დაწყებული შფოთვებით და დეპრესიით, დამთავრებული ალერგიებით და სახსრების ტკივილებით. ხშირ შემთხვევაში შვიდდღიანი პროგრამის ბოლოს სიმპტომების 70-75% ქრება. მე ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ყველა პაციენტი ასეთ საოცარ შედეგებს მიაღწევს, თუმცაღა დიდია ალბათობა იმისა, რომ თქვენი მდგომარეობა არსებითად გაუმჯობესდება. შეგიძლიათ თქვენს პროგრესს დააკვირდეთ იმ კითხვარის მეშვეობით, რომელიც მეთექვსმეტე თავშია მოყვანილი. იგი შედგენილია დოქტორ მარკ ჰაიმანის მიერ და მისი ნებართვით გამოყენებულია დეტოქსიკაციის ჩვენს პროგრამაში. 

კვირის ბოლოსთვის თქვენ ხელახლა გაუშვებთ დეტოქსიკაციის ბუნებრივ სისტემებს, გაქრება კოგნიტური დისფუნქცია, და უკეთ დაიძინებთ. დაიწყებთ ახალი სხეულის შექმნას, რომელიც სხვაგვარად ბერდება, იკურნება და კვდება. 

პროგრამის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ თქვენთვის უფრო ადვილია ხილულ, ფიზიკურ სამყაროსა და უხილავ, სულის სამყაროს შორის გადასვლა. გრაციოზული იაგუარის მსგავსად იქნებით - ტროპიკული ტყის გამაწონასწორებელი ძალა, რომელიც წარმოადგენს შუამავალს ხილულ და უხილავ სამყაროებს შორის. 

როგორ მოვემზადოთ პროგრამისთვის - „შექმენი ახალი სხეული“

თუ თქვენ ძალიან გიყვართ ხორცი, დილის კრუასანები ან საღამოს სპაგეტი, მაშინ უნდა შეცვალოთ კვებითი ჩვევები და პროგრამის დაწყებამდე მცენარეულ კვებაზე უნდა გადახვიდეთ. ასევე მოგიწევთ, რომ უარი თქვათ შაქარზე, რძის პროდუქტებზე და გლუტენზე. 

ყველაზე რთული - შაქარზე უარის თქმაა. თქვენ ისწავლით, როგორ დაამზადოთ საკუთარი ხელით ძლიერი პრობიოტიკი, რათა გაწმინდოთ ორგანიზმი სოკო Candida albicans-ის საფრთხისგან. პრობიოტიკების მეშვეობით აღადგენთ ნაწლავებს და განაახლებთ სასარგებლო ინსტინქტებს. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს შაქრისადმი ლტოლვას. 

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რას მიირთმევთ, არამედ ისიც, თუ როდის მიირთმევთ. თქვენ დაინახავთ შაქრისგან ყოველდღიური 18 საათიანი თავშეკავების შედეგებს და ისწავლით მძლავრი მცენარეული დანამატების გამოყენებას, რომლებიც დღეგრძელობის გენებს მოიცავენ და ავადმყოფობის გენებს ახშობენ. 

გაიგებთ, რომ დიეტას ცილის დიდი რაოდენობით შეუძლია ნაადრევ სიკვდილამდე მიგიყვანოთ. დღეგრძელობისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ძირითადად მცენარეულ კვებაზე გადახვალთ და ცილას მხოლოდ მცირე რაოდენობით მიიღებთ. 

სამი კვირის განმავლობაში მოემზადებით დიეტითა და საკვები დანამატებით, რომლებიც მეექვსე თავშია აღწერილი, შემდეგ კი შეძლებთ, რომ „ახალი სხეულის შექმნის“ შვიდდღიანი პროგრამა დაიწყოთ. მომზადება გაუშვებს ცხიმის დაწვის მექანიზმებს, ჩართავს გენების კასკადს, რომლებიც ჯანმრთელობას ქმნიან, ორგანიზმს აღადგენენ და მსუბუქ კეტოზში შეჰყავხართ. „ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამის დაწყების შემდეგ ღრმა კეტოზში შეხვალთ და რეგენერაციის პროცესიც ჩაირთვება. 

ნაბიჯი 1. სამი კვირის განმავლობაში დაიცავით დიეტა და მიიღეთ დანამატები, როგორც მეექვსე თავშია აღწერილი და მოკლედ იქნება წარმოდგენილი მომდევნო რამდენიმე გვერდზე. ორგანიზმი და ტვინი გაიწმინდებიან ტოქსინებისგან და ჩართავენ ცხიმის დამწველ მექანიზმებს. აუცილებლად გამორიცხეთ რაციონიდან შაქარი და ყველაფერი, რაც შაქრად გარდაიქმნება (სწრაფი ნახშირწყლები), ასევე რძის პროდუქტები და გლუტენი. ამ მომზადების გარეშე „ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამის გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, და თავი საკმაოდ ცუდად იგრძნოთ. 

ნაბიჯი 2. დაიწყეთ პროგრამა „შექმენი ახალი სხეული“. თქვენი დიეტა უნდა მოიცავდეს ცილის ძალიან დაბალ შემცველობას, ცოტა ნახშირწყალს და ბევრ სასარგებლო ცხიმებს. კვების ეს მეთოდი საშუალებას მისცემს ორგანიზმს, რომ ჩართოს დღეგრძელობის გენები და დაიწყოს ტვინსა და სხვა ორგანოებში ღეროვანი უჯრედების გამომუშავება. შვიდდღიანი პროგრამის დროს არ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ვიტამინები ან დანამატები. მიიღეთ ძლიერი რეგულატორები, რომლებიც ამ თავშია ჩამოთვლილი, ან ნებისმიერი წამალი, რომელიც გამოწერილი გაქვთ.

პროგრამის დასრულების შემდეგ დაუბრუნდით მეექვსე თავში აღწერილ დიეტას და დანამატებს. ეს დიეტა დაგეხმარებათ, რომ თავიდან აიცილოთ თანამედროვეობის დაავადებები, მათ შორის დემენცია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და კიბო. 

ნაბიჯი 3. ახლა მზად ხართ ვიზიონერის სამდღიანი მისიისთვის, რაც გულისხმობს შიმშილობას და მხოლოდ წყალზე ყოფნას. 

ზემოთ მოყვანილი ნაბიჯები შეგიძლიათ ყოველ სამ თვეში გააკეთოთ წელიწადის დროების ცვლილებებთან ერთად. და შეგიძლიათ ამ გეგმას მთელი თქვენი დღეგრძელი და ჯანმრთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვეთ.

ყოველდღიური კვება და საკვები დანამატები „ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამის გარეთ

პრინციპები 

• ყოველდღიურად დააპრაქტიკეთ 18 საათიანი თავშეკავება შაქრისგან და იმ ყველაფრისგან, რაც ნაწლავებში შაქრად გარდაიქმნება, - არ მიირთვათ 18:00-დან მომდევნო დღის 12:00-მდე. 

• დაიცავით ძირითადად მცენარეული დიეტა, დაბალკალორიული და მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი. 

• მიირთვით, როცა მშიერი ხართ, - ხშირად მიიღეთ კარგი ცხიმები (ომეგა-3, ზეითუნის ზეთი, თხილეული და ავოკადო). 

• თავი აარიდეთ შაქარს და ყველაფერს, რაც თქვენს ორგანიზმში შაქრად (სწრაფი ნახშირწყლები) გარდაიქმნება. 

• შეამცირეთ ცილის მიღება დღეში 28 გრამამდე, და ჯობია ეს ცილა მცენარეული  იყოს. თავი აარიდეთ ცხოველურ ცილას და რძის პროდუქტებს. აუცილებელია მაქსიმალურად შევამციროთ mTOR. 

რა გავაკეთოთ

• დალიეთ დღეში 8-10 ჭიქა გაფილტრული წყალი. 

• ეცადეთ კუჭზე დღეში ერთხელ ან ორჯერ გახვიდეთ. საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ საჭმელს ორი სუფრის კოვზი სელის თესლი, პრობიოტიკები ან 1000 მგ-მდე მაგნიუმის ციტრატი დღეში. 

• კარგად მოიდინეთ ოფლი კვირაში მინიმუმ სამჯერ, საუნას ან ორთქლის აბანოს გამოყენებით.

• შეარჩიეთ საკვები ფერების მიხედვით.  აირჩიეთ ფიტონუტრიენტებით მდიდარი სხვადასხვა ფერის ბოსტნეული. 

• შეძლებისდაგვარად ეცადეთ მოიხმაროთ ორგანული პროდუქტები.

• გამორიცხეთ ხორცი და სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტები. 

რა მივიღოთ საკვებად

• უმი ბოსტნეული, სალათები ავოკადოთი და ზეთისხილით (თუ სახლის გარეთ იკვებებით, შეუკვეთეთ ბოსტნეული გრილზე ან ორთქლზე). 

• თხილეული (ნუში, მაკადამია, ბერძნული თხილი, ფუნდუკი და ა.შ., გარდა არაქისისა)

• თხილის პასტები (ნუშისგან და ქეშიუსგან).

• სასარგებლო ზეთები (ცივი დაწურვის ქოქოსის, ზეთისხილის, თხილეულის ზეთები). 

• სანელებლები, მწვანილი, მათ შორის იმბირი, კურკუმა და ქინძი. 

• ხახვი და ნიორი.

• ბალახების ჩაი (კოფეინის გარეშე)

რა არ უნდა მივიღოთ

• რძის პროდუქტები (რძე, ყველი, იოგურტი, კარაქი და ერბო). 

• წითელი ხორცი.

• გლუტენი (ქერი, ჭვავი, შვრია, ხორბალი და სხვა გლუტენის შემცველი პროდუქტები).

• სიმინდი, სოიო, არაქისი. 

• ძაღლყურძენასებრთა ოჯახის ბოსტნეული (პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, კარტოფილი). 

• შაქრები (თეთრი შაქარი, თაფლი, ნეკერჩხლის სიროფი, სიმინდის სიროფი).

• საფუარის შემცველი პროდუქტები (ღვინო, ძმარი, პური). 

საკვები დანამატები, რომელიც ყოველდღიურად უნდა გამოიყენოთ „ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამის წინ

• დოკოზაჰექსაენის ჟავა: 3 გ დღეში.

• ალფა-ლინოლენის მჟავა: 300-დან 600 მგ-მდე დღეში, ყოველ მესამე დღეს. 

• კურკუმა: 1 გრამი დღეში ლიპოსომალურ ფორმაში (ან ისეთ კერძებში, როგორიცაა ქარი). 

• ვიტამინი B-12: 2500 მკგ დღეში. 

• ვიტამინი C: 1 გ (1000 მგ) დღეში.

• ვიტამინი D-3: 5000 სე დღეში. 

• ქოქოსის ზეთი და MCT ზეთი (Medium chain Triglycerides): თითოეული ზეთის ორი სუფრის კოვზი დღეში ორჯერ - დილით და შუადღით.

• უბიქინოლი: 200 მგ დღეში.

• პოლივიტამინები: დოზირება მითითებულია შეფუთვაზე. 

• თუთია: 15 მგ დღეში. 

• მაგნიუმი: 350 მგ დღეში

• კალციუმის ციტრატი: 1000 მგ დღეში, უზმოზე.

• ვიტამინი k-2: 100 მკგ დღეში. 

• ნატრიუმის ბიკარბონატი: ½ ჩაის კოვზი საღამოს, ვახშმიდან 2 საათის შემდეგ. 

• ნიკოტინამიდის რიბოზიდი: 100 მგ დღეში. 

საკვები დანამატები - ძლიერ-მოქმედი საშუალებებია და ისინი ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ. თუ გადაწყვიტეთ, რომ ზემოთ აღნიშნული დანამატები გამოიყენოთ, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან დიეტოლოგთან. საკვები დანამატების შერჩევისას გახსოვდეთ, რომ გელის კაფსულები ჩვეულებრივს სჯობია, ჩვეულებრივი კაფსულები კი - ტაბლეტებს. ასე თქვენს ნაწლავებს უფრო გაუადვილდებათ ინგრედიენტების ათვისება.  

„ახალი სხულის შექმნის“ შიდდღიანი პროგრამის რეჟიმი

თქვენი ცოდნის ან თანხმობის გარეშე გახდით მონაწილე უზარმაზარი ბიოლოგიური ექსპერიმენტისა კაცობრიობის ისტორიაში. ესაა დასავლური ქვეყნების დიეტა: ძალიან მჟავე, კვებავი ნივთიერებებით ღარიბი და შაქრით, ხორცით, გენოდიფიცირებული პროდუქტებითა და გადამუშავებული მარცვლეულით მდიდარი. ამ ექსპერიმენტის შედეგები ცხადია: დღეისათვის აშშ-ში აუტიზმისგან ყოველი მეთორმეტე ბავშვი იტანჯება, ამერიკელთა ნახევარში 85 წლის ასაკის ზემოთ დიაგნოსტირებულია დემენცია, ყოველი მეოთხე გულის დაავადებებით კვდება, ხოლო თქვენი შანსები რომ ონკოლოგიური დიაგნოზი დაგისვან, თითქმის 40%-ია. 

თუკი არ გსურთ, რომ ამ ბიოლოგიურ ექსპერიმენტში მიიღოთ მონაწილეობა, საკუთარი ექსპერიმენტი უნდა ჩაატაროთ, არჩევანით, რომელიც ერთს უდრის - ეს თავად თქვენ ხართ. 

შემდეგი რეკომენდაციები წარმოადგენენ თქვენი ექსპერიმენტის საფუძველს უზადო ჯანმრთელობისთვის. ეს არაა უნივერსალური პირობები, არამედ მხოლოდ პროტოკოლი, რომელიც თქვენს ინდივიდუალურ ბიოლოგიასთან უნდა შეათავსოთ. აუცილებლად მოუსმინეთ საკუთარ სხეულს, შეარჩიეთ დოზირება საკუთარი მოთხოვნილებების შესაბამისად და ჩაატარეთ საკუთარი კვლევები, რათა საუკეთესო გადაწყვეტა იპოვოთ. 

მენიუ: იკვებეთ ორგანიკით

„ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამის მენიუ უჯრედისით მდიდარ საღ ბოსტნეულს შეიცავს; ასევე სასარგებლო თხილეულს, თესლებს და ზეთებს, ასევე კარგ ცხიმებს, როგორებიცაა ქოქოსის და ზეითუნის ზეთები და ავოკადო. ეს პროდუქტები ტვინის კვებისთვის საჭირო საკმარის ცხიმებს შეიცავენ. 

ვაკუუმის აპარატს შეუძლია პროდუქტები მაცივარში რამდენიმე დღით საღად შეინახოს, გაყინულ მდგომარეობაში კი რამდენიმე თვითაც. ესაა სამზარეულოს შედარებით იაფი ინსტრუმენტი, და როდესაც მიეჩვევით, გაგიკვირდებათ, ადრე როგორ ცხოვრობდით მის გარეშე. მე ჩემს კაბინეტში ჰიმალაის მარილს, პილპილს და ცივი გაწურვის ზეითუნის ზეთს ვინახავ, რათა ისინი ბოსტნეულის სალათებში დავამატო. 

ეცადეთ მიირთვათ ბევრი ბოჭკოვანი ბოსტნეული ჯვაროსანთა ოჯახიდან, როგორებიცაა ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო და ბრიუსელის კომბოსტო. ჯვაროსნები რთავენ Nrf2 სასიგნალო გზას, გამოყოფენ ანტიოქსიდანტებს და დეტოქს-ფერმენტებს, რომლეებიც უჯრედებში დღეგრძელობის გენებს ააქტიურებენ. თავი აარიდეთ ფესვნაყოფებს მაღალი გლიკემიური ინდექსით - ისინი სისხლში შაქრის დონეს ზრდიან. 

„ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამის დროს შეზღუდეთ ხილის გამოყენება გაყინული კენკროვნების მცირე რაოდენობამდე. მიჰყევით ქვემოთმოყვანილ რეჟიმს და განსაკუთრებით საკუთარი სხეულის სიბრძნეს. თუ თავის ტკივილს, თავბრუსხვევას ან გულისრევას გრძნობთ, შეწყვიტეთ პროგრამა, დალიეთ ბევრი წყალი ჰიდრატაციისთვის და დაიცადეთ 1-2 კვირა, რათა სხეული უკეთ მოემზადოს. 

კვების გეგმა პროგრამისთვის - „შექმენი ახალი სხეული“

გაღვიძებისას - ჭიქა წყალი ლიმნის წვენით, სურვილისამებრ მწვანე ჩაი და ბულარდის საქარომიცეტები. 

8:00 - ახლადდაწურული წვენი

10:00 - ბოსტნეულის ბულიონი

11:00 - სმუზი (სურვილისამებრ)

13:00 - სადილი უმი ბოსტნეულით

15:00 - სამხარი (სურვილისამებრ): თხილეული და თესლეული

18:00 - ვახშამი: უჯრედისით მდიდარი მსუბუქი საკვები

გაღვიძებისას: დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ნახევარი ლიმნის წვენით. ეს დაგეხმარებათ, რომ PH (მჟავე-ტუტოვანი ბალანსი) ტუტესთან ახლოს მიიყვანოთ. ტუტე გარემო იდეალურია სასარგებლო ფლორისთვის და არაკომფორტულია მავნე ბაქტერიებისა და ვირუსებისთვის. ტიპიური დასავლური დიეტა მჟავის-წარმომქმნელი პროდუქტების სიჭარბეს მოიცავს, რაც სხვა რამეებთან ერთად ძვლების სიმკვრივის დაკარგვას იწვევს. 

შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან შავი ჩაი და სურვილისამებრ დაამატოთ მასში სახლში დამზადებული ნუშის რძე. ნუშის რძის რეცეპტს 17-ე თავში იპოვით. 

შემდეგ მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ბულარდის საქარომიცეტები, რათა შეამციროთ Candida სოკოების პოპულაცია ნაწლავებში. ეს დაგიცავთ „შიმშილის გაღიზიანებისგან“ შვიდდღიანი პროგრამის განმავლობაში. 

თუ გაღიზიანება მაინც ჩნდება, ეს ნიშნავს, რომ სოკოები ნაწლავებში საკვებს (შაქარს) ითხოვენ და გამოყოფენ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც შიმშილის გრძობის ცენტრებს ააქტიურებენ ტვინში. ბულარდის საქარომიცეტები მხოლოდ უზმოზე მიიღეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ნაწლავების შაქრით გამოიკვებებიან და ვერ შეასრულებენ Candida-ს გაძევების მნიშვნელოვან სამუშაოს. გახსოვდეთ: ამ პრობიოტიკმა Candida საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მეშვეობით უნდა განდევნოს, რათა სოკოები ორგანიზმიდან დეფეკაციის გზით გამოვიდნენ. 

8:00. საღი წვენი. ხილისა და ბოსტნეულის ფიტო-ქიმიური ნივთიერებებით გამარაგებთ. როგორც უკვე ვიცით, ეს ხელს უწყობს კიბოს პროფილაქტიკას. ეს ბუნებრივი სიბრძნე გეხმარებათ, რომ ჩართოთ ჯანმრთელობის გენები და გამორთოთ - ავადმყოფობის. 

10:00. ბოსტნეულის ბულიონი მდიდარია მკვებავი მიკროელემენტებით, რომლებიც ორგანიზმს აღდგენისთვის სჭირდება. დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი MCT ზეთი და ამდენივე ქოქოსის ზეთი მზა საწვავის სახით კეტოზის ხელშესაწყობად. 

11:00. თქვენი დილის სმუზი მდიდარი უნდა იყოს ფიტონუტრიენტებით და კარგი ცხიმებით. 

13:00. როცა სალათისთვის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს ყიდულობთ და ფოთლოვან მწვანილეულს და ბოსტნეულს რეცხავთ, გახსოვდეთ, რომ მათი ფოთლები და ღეროები მდიდარია ნიადაგის პრობიოტიკებით. სალათს შეგიძლიათ მოაყაროთ თესლეული და თხილეული. გახსოვდეთ მცენარეული ცილების შესახებ! ბროკოლი ერთ კალორიაზე უფრო მეტ ცილას შეიცავს, ვიდრე საქონლის ხორცი. ამ პროგრამის ფარგლებში უარი უნდა თქვათ კვერცხზე. და ეცადეთ, რომ დღეში 28 გრამზე მეტი ცილა არ მიიღოთ. 50 ნუში დაახლოებით 14 გრამ კარგ ცილას და მრავალ სასარგებლო ცხიმს შეიცავს!

15:00. თუ შიმშილის გრძნობა გაქვთ, შეგიძლიათ მიირთვათ თხილეული, თესლეული და ნიახურის ღეროები ტაპენადის სოუსით ზეითუნის ზეთში. 

18:00. ვახშამზე კარგია უჯრედისით მდიდარი მსუბუქი საკვები. იგი კარგად კვებავს ნაწლავურ ფლორას. ვახშამი თბილი უნდა იყოს, რათა მისი გადამუშავება გამარტივდეს. აუცილებლად დაამატეთ სასარგებლო ცხიმები. შეგიძლიათ მიირთვათ ერთი სუფრის კოვზი ჰუმუსი (შეიცავს თითქმის 7 გრამ ცილას) ფოთლოვანი სალათი და ერთი სუფრის კოვზი გუაკამოლა (ავოკადოს საფუძველზე). როგორც წესი მე ვახშმად ვიმზადებ ხოლმე ბოსტნეულის სუპს სალათებისგან და ავოკადოსგან, დიდი რაოდენობით თხილეულით და თესლეულით. ოღონდ გახსოვდეთ, რომ 18:00-ის შემდეგ  არანაირ საკვებს აღარ ვიღებთ. ეს უზრუნველჰყოფს სრულ 18 საათიან შიმშილობის პერიოდს. ამ დროს თქვენი უჯრედები აუტოფაგიის მდგომარეობაში შევლენ და სასარგებლო ამინომჟავებს გადაამუშავებენ. 

იმისთვის, რომ კერძები უფრო გემრიელი გახადოთ, შეგიძლიათ დაამატოთ მათ თხილეული, თესლეული და სასარგებლო ზეთები, ასევე საღი ან გამომშრალი ბალახეული. სელის და ზეითუნის ზეთი მხოლოდ სალათებზე დასამატებლად გამოიყენეთ - ისინი გაცხელებისას ადვილად იშლებიან. ცხელი კერძებისთვის გამოიყენეთ მხოლოდ ქოქოსის ზეთი, რომელიც კარგად უძლებს მაღალ ტემპერატურას. 

არასოდეს მოხარშოთ ბოსტნეული და მითუმეტეს არ გააკეთოთ მათგან პიურე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაშლით უჯრედისს და გაანადგურებთ ფიტონუტრიენტებსა და ვიტამინებს. ამის ნაცვლად დაამზადეთ ისინი ორთქლზე ან სწრაფად ბოლოსკენ ჩაყარეთ მწვანილიან ბულიონში. შეგიძლიათ ქოქოსის ზეთი მოასხათ მათ და გრილზე შეწვათ. ან მიირთვით უმად და დაამატეთ სასარგებლო ზეთები. 

საკვები დანამატები „ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამისთვის

„ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამის დროს დაგეგმეთ, რომ ყოველდღე მიიღოთ მხოლოდ ამ განყოფილებაში ჩამოთვლილი საკვები დანამატები. არ მიიღოთ არცერთი სხვა ვიტამინი ან დანამატი, თუ ეს მკურნალი ექიმისგან არ გაქვთ გამოწერილი. 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მეექვსე თავი: „სუპერფუდები და სუპერდანამატები“. 

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ შვიდ დღეში არ მიჰყვეთ საკვები დანამატების ყოველდღიური მიღების ჩვეულ რეჟიმს, რათა უჯრედები დეტოქსიკაციაზე, განახლებასა და რემონტზე კონცენტრირდნენ.

დილა

ტრანს-რესვერატროლი: 500 მგ დღეში.

პტეროსტილბენი: 500 მგ დღეში

კურკუმინი, ლიპოსომალური ფორმით: 1000 მგ დღეში.

სულფაროფანი: 200 მგ დღეში.

S-აცეტილ-გლუტატიონი: 1000 მგ დღეში.

პრობიოტიკი კომპანიისგან Ascended Health: 10 წვეთი, წყალში შერეული. 

ქოქოსის ზეთი და MCT ზეთი: თითო სუფრის კოვზი ორივე ეს ზეთი დილით და შუადღით ჭამის დროს. 

ვიტამინი B-12: 2500 მკგ დღეში. 

ვიტამინი C: 2000 მგ დღეში.

თუთია: 30 მგ დღეში. 

სადილი

ალფა-ლიპოილის მჟავა: 600 მგ დღეში.

მაგნიუმის ციტრატი: 1000 მგ დღეში. 

მცენარეული საფაღარათო საშუალებები: აუცილებლობის შემთხვევაში.

საკვები დანამატები დილის სმუზისთან ერთად მისაღებად

ტრანს-რესვერატროლი - ნივთიერება, რომელსაც შეიცავს წითელი ღვინი, წითელი ყურძნის ქერქი და ზოგიერთი კენკროვანი. ეს რესვერატროლის ყველაზე ბიოლოგიურად მისაწვდომი ფორმაა. ტრანს-რესვერატროლი დღეგრძელობის გენებს რთავს და ანტიოქსიდანტების გამოყოფას უწყობს ხელს, მათ შორის სუპეროქსიდდისმუტაზის (სოდ) და გლუტატიონის. დოზირება: 500 მგ დღეში. 

პტეროსტილბენი, რომელსაც მოცვი და ყურძენი შეიცავს, ამცირებს ქოლესტერინის, გლუკოზას და არტერიული წნევის დონეს. როცა ერთად მოქმედებენ, პტეროსტილბენი და ტრანს-რესვერატროლი გვიცავენ კიბოს, გულსისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტისა და სხვა პრობლემების განვითარებისგან. ტრანს-რესვერატროლი „ქვემოდან ზემოთ“ მოქმედებს და არეგულირებს აპოპტოზის - უჯრედების გენეტიკურად დაპროგრამირეებული კვდომის (თვითმკვლელობის) - გამააქტიურეებელ გენებს, ხოლო პტეროსტილბენი მუშაობს „ზემოდან ქვემოთ“ და თიშავს გენებს, რომლებიც საშუალებას აძლევენ კიბოს უჯრედებს გამრავლებასა და პროლიფერირებაში. დოზირება შეადგენს 500 მგ-ს დღეში. 

კურკუმინი, მცენარე კურკუმას (იმბირთა ოჯახიდან) ფიტოქიმიური ნივთიერება, რომელიც ფლობს საოცარ ანტიანთებით თვისებებს, ასევე არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, აღადგენს ქოლესტერინის დონეს და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. კურკუმას გამოყენება ყოველდღიურად შეგიძლიათ მისი ანტიანთებითი თვისებების სარგებლის მიღებით, მაგრამ კურკუმინი გაცილებით უფრო ძლიერია, და ორგანიზმის გადატვირთვას რომ ავარიდოთ თავი, მისი მიღება ყოველდღე არაა რეკომენდებული. კურკუმინი ააქტიურებს SIRT-1 დღეგრძელობის გენებს და Nrf2-ს. მიიღეთ იგი ლიპოსომალურ ფორმაში. ამ შემთხვევაში „მეტი“ არ ნიშნავს „უკეთესს“, რადგან კურკუმინი მაქსიმუმ ზედიზედ შვიდი დღე უნდა გამოიყენოთ და შემდეგ შეისვენოთ. გახსოვდეთ, რომ Nrf2 სასიგნალო გზა დოზაზეა დამოკიდებული. დოზირება შეადგენს 1000 მგ-ს დღეში ლიპოსომური ფორმით.  

სულფაროფანი - ესაა გოგირდის შემცველი ორგანული ნივთირება, რომელიც ანტი-სიმსივნური მოქმედებისაა და გვეხმარება ქსოვილების, მათ შორის ძვლების აღდგენაში. სულფაროფანი სუპერვარსკვლავია Nrf2 აქტივატორებსა და დეტოქსიფიკატორებს შორის. ბროკოლის სამი პორცია კვირაში პროსტატის კიბოს 60%-ით ამცირებს. ეს ნივთიერება მიიღება გლუკორაფანინისგან, როცა ის კონტაქტში შედის ფერმენტ მიროზინაზასთან, ამიტომ საკვები დანამატი ამ ფერმანტსაც უნდა შეიცავდეს. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ მიირთვით რუკოლა, რომელიც სულფაროფანით მდიდარია. დოქტორი ჯო მერკოლა შესანიშნავ დანამატს ამზადებს მიროზინაზით, მისი ყიდვა ინტერნეტით შეგიძლიათ. მე ბროკოლის თესლების გაღივება მიყვარს: სამდღიან აღმონაცენში ასჯერ უფრო მეტი გლუკორაფანინია, ვიდრე ზრდასრულ ფორმაში. დაბალი მოლეკულური წონის გამო სულფაროფანს ყველაზე მეტი ბიოწვდომადობა გააჩნია Nrf2 ყველა აქტივატორს შორის. თუ სერიოზულად უდგებით „ახალი სხეულის შექმნას“, დამოუკიდებლად გააღივეთ ბროკოლი. ეს ადვილი და საინტერესო პროცესია. დოზირება შეადგენს 200 მგ-ს დღეში. 

S-აცეტილ-გლუტატიონი - გლუტარიონის პირველი ყველაზე ბიოწვდომადი ფორმა, რომელიც თავისუფალ რადიკალებს ანადგურებს. S-აცეტილ-გლუტატიონი იცავს დნმ-ს დაზიანებებისგან და გადამწყვეტ როლს თამაშობს ენერგო-ცვლასა და მიტოქონდრიების ოპტიმალურ ფუნქციონირებაში. იგი ასევე ხელს უწყობს ღვიძლის, თირკმელების, ფილტვებისა და სხვა ორგანოების დეტოქსიკაციას. დოზირება შეადგენს 1000 მგ-ს დღეში. 

პრობიოტიკები აღადგენენ ჯანსაღ მიკროფლორას და აადვილებენ საჭმლის მონელებას. მე ვყიდულობ ძალიან სასარგებლო პრობიოტიკებს სერიიდან Active Detox, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ სხვა ხარისხიანი პრობიოტიკებიც გამოიყენოთ. მიიღეთ წყალში გახსნილი 10 წვეთი. Active Detox პრობიოტიკები შეგიძლიათ შეუკვეთოთ ვებ-გვერდზე www.ascendedhealth.com. დაიცავით ეტიკეტზე მითითებული დოზირება.  

ქოქოსის ზეთი და MCT ზეთი - რეაქტიული საწვავი ტვინისთვის. მიიღეთ თითოეული ეს ზეთი ერთი სუფრის კოვზი დილით და დღის მეორე ნახევარში. 

ვიტამინი B-12 აუცილებელია ღვიძლის დეტოქსისთვის და ინტაქტური დნმ-ის შენარჩუნებისთვის, რაც უჯრედების ზრდისთვისაა მნიშვნელოვანი. ამერიკელთა უმეტესობას B-12-ის დეფიციტი აქვს. აუცილებლად მიიღეთ სუბ-ლუნგვალური (ენის ქვეშ) მეთილკობალამინი, B-12-ის გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც მალე იხსნება ენის ქვეშ. დოზირება - 2500 მკგ დღეში. 

ვიტამინი C აუცილებელია ტოქსინებისგან გასათავისუფლებლად. დოზირება - 2000 მგ დღეში. 

თუთია შეუცვლელია ღვიძლის დეტოქსის პროცესისთვის. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით ყოველი მესამე ადამიანი თუთიის დეფიციტს განიცდის. დოზირება შეადგენს 30 მგ-ს დღეში. 

საღამო (სადილობიდან 2 საათის შემდეგ)

ალფა-ლიპოინის მჟავა გვეხმარება ტვინის ქსოვილებში დაგროვილი ტოქსინებისა და მძიმე მეტალების გამოტანაში. დოზირება - 600 მგ დღეში. 

მაგნიუმის ციტრატი ხელს უწყობს დეფეკაციას, ნარჩენების მოშორებას. იგი ასევე ადუნებს კუნთებს. დოზირება - 1000 მგ დღეში. 

ბუნებრივი საფაღარათე საშუალებები დაგეხმარებიან ნაწლავების გამტარობის რეგულირებაში. ეცადეთ დაცალოთ ნაწლავები არანაკლებ დღეში ერთხელ. 

რას უნდა ველოდოთ

„ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამის პირველი ორი-სამი დღის განმავლობაში, როცა ტოქსინები გამოგყავთ, ნორმალური მოვლენაა დაღლილობის შეგრძნება, გულისრევა და დისკომფორტი, გაზები ნაწლავებში, არასასიამოვნო სუნი პირიდან და თავის ტკივილი. დალიეთ ბევრი წყალი - ეს დააჩქარებს ტოქსინების გამოყოფას თირკმელების მეშვეობით. ამ ნივთიერებათა ნაწილი კანის მეშვეობით გამოდის, ამიტომ სასურველია ჩვეულებრივზე მეტი ოფლიანობა. პირველ დღეებში მოიწყვეთ დამატებითი დასვენება. უკეთესია, თუ პროგრამას დასვენების დღეეებში დაიწყებთ. არ გაგიკვირდეთ, თუ პირველი რამდენიმე დღე გაფანტულობა გექნებათ და აზრების მოკრება გაგიჭირდებათ. ჩვეულებრივ, ტოქსინები ტვინის ცოცხალ ქსოვილში ინახებიან, და ამ დროს მათი სისხლში გამოდევნა იწყება, რათა შემდეგ ნაწლავების გზით გარეთ გამოვიდნენ. 

ასევე შეიძლება გაჩნდეს გაღიზიანება და კაპრიზულობა. ფიზიკურად დეტოქსიკაციას დიდი ხნის წინ დამარხული ემოციების გამოთავისუფლების ტენდენცია გააჩნია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ფიზიკური ტოქსინები დაკავშირებულნი არიან ემოციურ შხამნებთან, და თქვენი სხეული გულმოდგინედ ეცდება ერთის მოშორებასაც და მეორესიც. ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ გრძნობას ან მოგონებას, რომელიც ამ დღეებში ამოტივტივდება, - შესაძლოა კვლავ გაგახსენოთ თავი ძველმა ჭრილობებმა. ეცადეთ არ მოახდინოთ რეაგირება: ახლა არაა დრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის ან სხვებთან კამათისთვის. აუჩქარებლად დაემშვიდობეთ ძველ გრძნობებს, რომლებიც თავისუფლდებიან და შორს მიდიან. ისინი ხშირად თავისთავად ორთქლდებიან სხეულის დეტოქსიკაციასთან ერთად. 

გირჩევთ, რომ დღიური აწარმოოთ და მასში დააფიქსიროთ თქვენი აზრები და გრძნობები, რათა თქვენი გაღიზიანება გარშემომყოფებზე არ აისახოს. გონების მდგომარეობის დოკუმენტაცია დაგეხმარებათ, რომ გადახედოთ ძველ უსიამოვნებებს, რომლებიც ამ დღეებში ამოტივტივდნენ. ამ მეთოდის მეშვეობით გათავისუფლდებით ძველი ტანჯვებისგან და შეძლებთ, რომ მიტევების გრძნობა განიცადოთ. სავარაუდოდ, რამდენიმე დღის შემდეგ, როცა გონება ცხადი გახდება, ძველი სულიერი ტკივილების გახსენება მხოლოდ ღიმილს მოგგვრით. 

მეოთხე დღის შემდეგ გაჩნდება დიდი ხნის დავიწყებული სიცხადის მზარდი გრძნობა, და ცნობიერების ბინდი გაიფანტება (თქვენ კი არც ფიქრობდით, რომ ცნობიერება დაბინდული გქონდათ). განწყობა ამაღლდება, საჭმლის მონელება გაუმჯობესდება. გაქრობას დაიწყებენ უმნიშვნელო მტკივნეული შეგრძნებები (და მნიშვნელოვნებიც, თუკი ისინი იყვნენ), და მოიშორებთ ალერგიულ რეაქციას. 

სხეული უკეთ იფუნქციონირებს, და აღმოაჩენთ, რომ უფრო ნაკლები გძინავთ, მაგრამ უფრო მეტად დასვენებულად გრძნობთ თავს. 

სადღაც მეოთხე და მეხუთე დღეებს შორის აღმოაჩენთ, რომ საოცრად ბევრი განავალი გაქვთ და გაგიკვირდებათ, როგორაა ეს შესაძლებელი, თქვენ ხომ ძალიან ცოტას ჭამთ. მიზეზი იმაშია, რომ სხეულს გამოჰყავს უჯრედებში დაგროვილი ტოქსინები, და ისინი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ხვდებიან. თვალყური ადევნეთ, რომ ყოველდღე გახვიდეთ კუჭზე!

დაახლოებით მეხუთე დღეს ცვლილებას შეამჩნევთ სამყაროს აღქმაში. ფერები უფრო მკაფიო და კაშკაშა გახდება, ჰაერი უფრო საღი, განწყობა უფრო ნათელი, ცხოვრება კი - მშვენიერი. მეშვიდე დღისთვის მუშაობაში ჩაერთვება უმაღლესი ტვინი, და შეამჩნევთ, რომ ბევრი რთული პრობლემა თავისით ორთქლდება. შაქარი სისხლში დასტაბილურებას დაიწყებს ჯანსაღ დონეზე, და მნიშვნელოვნად შემცირდება ჭამის მოთხოვნილება. დნმ-ში გააქტიურდება აქამდე არააქტიური გენები, რომლებიც ჩართავენ ღეროვანი უჯრედების წარმოქმნას ორგანიზმის ყოველ ორგანოში. 

პროგრესის მონიტორინგი

პროგრესის კონტროლის ერთ-ერთი საშუალებაა - უზმოზე გლუკოზის დონის გაზომვა. ეს შეგიძლიათ გლუკომეტრის მეშვეობით გააკეთოთ, რომელიც აფთიაქებში იყიდება. 

შეამოწმეთ სისხლში შაქრის დონე დილით, საჭმლის მიღებამდე. ძალიან კარგი მაჩვენებელია 75-დან 90-მდე მგ/დლ, იდეალური კი - 85-ს ქვემოთ. შემდეგ ჯერზე გლუკოზის დონე უშუალოდ სადილის წინ უნდა შეამოწმოთ, დილის სმუზიდან 2 საათში. გლუკოზას დონე საწყისთან შედარებით 40 ერთეულზე მეტი არ უნდა იყოს. ნორმალურად ითვლება გლუკოზის დონე 105 მგ/დლ (უზმოზე), თუმცაღა დიაბეტის და დემენციის თავიდან ასაცილებლად უფრო ნაკლებისკენ უნდა ისწრაფვოდეთ. SIRT-1 გენების გასააქტიურებლად და ახალი სხეულის შესაქმნელად ყველაზე კარგია, თუ 75 – 80 მგ/დლ-ს მიაღწევთ.

ზუსტი წარმოდგენა უნდა გქონდეთ გლუკოზის დონის ცვლილებაზე, ამიტომ ყოველდღიურად შეამოწმეთ შაქრის დონე სისხლში „ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამის დაწყებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში, პროგრამის დროს და მის შემდეგაც. ასევე პერიოდულად გაზომეთ იგი, როცა დიეტას ცვლით და ტვინის ცხიმებით და მცენარეებით კვებაზე გადადიხართ. გლუკოზის დონის შემცირებით თქვენ ჯანმრთელი ცხოვრების ხანგრძლივობას ზრდით. 

„ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამის რეჟიმი ასევე შეამცირებს IFG-1 დონეს, შესაბამისად - კიბოსა და ზოგიერთი სხვა დაავადებების რისკსაც. როცა ჩვენი პროგრამის მონაწილეები სისხლის ანალიზს აბარებენ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ მხოლოდ 7 დღეში IGF-1 დონე 35%-ით მცირდება. 

კარდიოლოგიურმა კვლევებმა სოლტ-ლეიკ-სიტის სამედიცინო ცენტრში გამოავლინა, რომ შიმშილობა დიაბეტისა და გულის იშემიური დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს - სტატისტიკურად ეს აშშ-ს მოსახლეობის სიკვდილიანობის მთავარი მიზეზებია. 24 საათიანი შიმშილობაც კი ზრდის ზრდის ჰორმონის დონეს (რომელიც აღადგენს ორგანიზმს და ხელს უწყობს მეტაბოლურ ბალანსს) დაუჯერებელი 1300%-ით მამაკაცებში და 2000%-ით ქალებში. „ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამის დროს თქვენ ყოველდღიური 18 საათიანი შიმშილობა გექნებათ მეორე დღის 12:00-მდე. 

გამოიჩინეთ მოთმინება

გახსოვდეთ, რომ სხეულის დეტოქსიკაცია და განახლება - ეს პროცესია. თქვენი ლიმბური ტვინი - მეფე-ტირანი, სავარაუდოდ აუჯანყდება მისი გადაგდების მცდელობას ტახტიდან, რომელიც შაქრითა და დოფამინითაა მდიდარი, და იმ ბერკეტის წართმევას, რომლითაც იგი თქვენს გადაწყვეტილებებს, ემოციებსა და აღქმას მართავს. იგი ეცდება დაგარწმუნოთ, რომ მაინც არანაირი ცვლილება არ ხდება, ასე რომ აზრი არ აქვს პროგრამის გაგრძელებას. რითაც არ უნდა გაამართლოს თავისი პრიმიტიული ინსტინქტები, არ დაუჯეროთ მის აბეზარ შეგონებებს. 

პროგრამის დროს გამოავლინეთ მოთმინება, პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. თქვენი ნაწლავები ვერ აღდგება მსუბუქი დისკომფორტის გარეშე, და რამდენიმე დღეში შეუძლებელია ბოლომდე გადავტეხოთ მავნე ჩვევები, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში მიჰყვებოდით. მაგრამ თუნდაც მცირე ცვლილებით გამოწვეული სარგებელი ისაა, რომ ძალიან მალე - როგორც წესი პირველივე რამდენიმე დღეში, თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ, და ეს გიბიძგებთ, რომ მომავალში ჯანსაღი წესით იცხოვროთ. 

დეტოქსიკაციის სხვა მეთოდები: აბანოები, საუნები და კანის მექანიკური გაწმენდა

კანი - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც დეტოქსიკაციაში მონაწილეობს. თქვენ შეგიძლიათ ტოქსინების გამოყოფა დეტოქს -აბაზანებით, საუნათი ან „ბრაშის“ მეთოდით კანის გაწმენდით დააჩქაროთ. დეტოქს-აბაზანები ასტიმულირებენ ორგანიზმს, რომ ოფლთან ერთად გამოყონ ტოქსინები. ძალიან თბილი წყალი ოფლიანობას იწვევს, და პროცესის გამარტივებისთვის შეგიძლიათ აბაზანაში დაამატოთ ეპსომის მარილი, რომელიც ჩვეულებრივ წარმოადგენს არა ჩვეულებრივ მოხარშულ მარილს, არამედ მაგნიუმის სულფატს. მაგნიუმი შეიწოვება ორგანიზმის მიერ და გეხმარებათ სხეულიდან და ღვიძლიდან ტოქსინების გამოტანაში. ეპსომის მარილი ხელს უწყობს ჯანსაღ სისხლის მიმოქცევას და ჟანგბადისა და მინერალების უკეთეს გამოყენებას, ასევე მას შეუძლიათ შეამცირონ სისხლის წნევა და ანთებითი პროცესები. დამატებითი ბონუსის სახით ეპსომის მარილი მოადუნებს თქვენს კუნთებს და მოგიხსნით სტრესს. თუ თბილ აბაზანაში ეთერზეთებსაც დაამატებთ, ეს კიდევ უფრო მეტად მოგადუნებთ. 

ლავანდას ზეთის არომატი ამცირებს კუნთოვან დაძაბულობას. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ საჭმელი სოდა, ვაშლის ძმარი ან ჰიმალაის მარილი, ეს ინგრედიენტები ხელს უწყობენ კანის დეტოქსიკაციას. 

იყავით დეტოქს-აბაზანაში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. როცა ამოხვალთ, ფრთხილად იყავით, რომ არ დაეცეთ: მოდუნებული კუნთები მაშინვე ვერ ადაპტირდებიან მოძრაობასთან. 

საუნა ასევე აუმჯობესებს კანის დეტოქსის უნარს. ჩვეულებრივი ფინური აბანო, რომელშიც მშრალი ცხელი ჰაერი ცირკულირებს, ზოგიერთ ადამიანში სუნთქვის გაძნელებას იწვევს და არც ისე ეფექტურია დეტოქსიკაციისთვის, როგორც შორი ინფრაწითელი დიაპაზონის საუნა. აქ ცნება „შორი“ ნიშნავს სინათლის სპექტრის ყველაზე უკიდურეს მდგომარეობას, და შორეული დიაპაზონის ინფრაწითელი სხივები ასეთი ტიპის საუნებში ფაქტიურად აღწევენ კანის ქვეშ დაახლოებით ორნახევარი სანტიმეტრის სიღრმეში და გეხმარებიან ეპიდერმისის ქვეშ არსებული ტოქსინების გამოდევნაში. 

„ბრაშის“ მეთოდით კანის წმენდა ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ამით ხელს უწყობს დეტოქსიკაციას. ასეთი წმენდა შეგიძლიათ ჩაიტაროთ დეტოქს-აბაზანამდე ან უშუალოდ ამ პროცედურის დროს. სახეხი შეგიძლიათ იყიდოთ სპეციალურ მაღაზიებში ან ინტერნეტით. ის რეგულარულად უნდა გარეცხოთ და გააშროთ გამოყენების წინ. 

შამანური მედიტაციები

ექიმები ამბობენ, რომ ჩვენ - გენეტიკის პროდუქტები ვართ, და თუ თქვენი ნათესავები გულის დაავადებებით იტანჯებოდნენ, თქვენც გაქვთ წინასწარ განწყობა და მეტი რისკი ასეთი დაავადებების მიმართ. ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ჩვენ საკუთარი ბავშვობისა და ოჯახური დრამების პროდუქტი ვართ. ეს სიმართლეა, და ზოგიერთი პროგრამა ფონურ რეჟიმში მუშაობს ჩვენს სასიყვარულო ისტორიებში და ავადმყოფობის ისტორიებში. მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია სხვაგვარადაც იყოს. 

თქვენი გენეტიკური ბედი თქვენი ჩასახვის დროს განისაზღვრება. იმ მომენტში, როცა მამის სპერმატოზოიდმა დედის კვერცხუჯრედში შეაღწია, ყოველი მშობლისგან 23 ქრომოსომა მიიღეთ. თქვენ არ გქონდათ შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავისთვის ჯანმრთელი გული ან გონიერი ტვინი  აგერჩიათ - თქვენს ნაცვლად ეს ბუნებამ გააკეთა. და როგორც ვიცით, მისი არჩევანი ყოველთვის საუკეთესო არაა. 

ვიზიონერის მისიის დროს, როცა ბუნებაში მარტო ხართ, თქვენ შეგიძლიათ დროებით დაუბრუნდეთ ჩასახვის მომენტს და გაიგოთ, რომელი გენები და თვისებები მიიღეთ მემკვიდრეობით. რა თქმა უნდა, შეუძლებელია წარსულში დაბრუნება და იმ ყველაფრის დანახვა, რაც ჩვენს დაბადებამდე იყო. თუმცაღა არსებობს სავარჯიშოები, რომლებიც დაგეხმარებიან გენების ექსპრესიის პროცესის გამეორებაში და კარგი გულის, ძლიერი ძვლებისა და ჯანმრთელი ტვინის არჩევაში. აუცილებელი არაა, რომ დროში მოგზაურობის გჯეროდეთ იმისთვის, რომ ამ ძლიერმა ვიზუალიზაციამ იმუშავოს. საკმარისია გახსნილი იყოთ ახალი გამოცდილებისთვის და გესმოდეთ, რომ ვიზუალიზაციას შეუძლია არა მხოლოდ სპორტული შედეგები გააუმჯობესოს, არამედ თავად ჯანმრთელობაც. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, აპატიოთ მშობლებს ნებისმიერი ის ქმედება, რომელიც თითქოს თქვენს მიმართ ჩაიდინეს, და ნებისმიერი ზიანი, რომელიც თითქოს მოგაყენეს. 

ეს აუცილებელია ახალი სხეულის შექმნისთვის, და თუ საკუთარ თავში კიდევ გვაქვს ბრაზი ან წყენა მშობლებზე, მაშინ მათი გენეტიკური „ხელმოწერების“ მსხვერპლნი ვხდებით. 

წარსულში მოგზაურობა შეგიძლიათ დიქტოფონზე ჩაიწეროთ (დღეს ყველა ტელეფონს აქვს ასეთი ფუნქცია), შემდეგ კი ბუნებაში ყოფნისას მოუსმინოთ ჩანაწერს. 

სავარჯიშო

სამშვინველის დაბრუნება ვიზიონერის მისიის დროს ბუნებაში

სამშვინველის დაბრუნების ტექნიკა დაგეხმარებათ, რომ გათავისუფლდეთ შემზღუდავი რწმენა-წარმოდგენებისგან, მატრავმირებელი განცდებისგან და დრომოჭმული უსიამოვნო ისტორიებისგან. როდესაც საკუთარ ნამდვილ „მე“-ს დაუბრუნდებით, შეძლებთ, რომ უკეთ ემსახუროთ ახალი სხეულის შექმნის ბიოლოგიურ პროცესს. 

დახუჭეთ თვალები და გააკეთეთ რამდენიმე ღრმა მომადუნებელი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. დაითვალეთ ჩასუნთქვების დროს ერთიდან ათამდე, ხოლო ამოსუნთქვების დროს ათიდან ერთამდე, სანამ არ იგრძნობთ, რომ ღრმა მოდუნების მდგომარეობაში იძირებით.  

ახლა კი წარმოიდგინეთ თქვენი ცხოვრების ქრონოლოგია - იგი თითქოს კინოეკრანზე ჩნდება თქვენს თვალწინ. ეს შეიძლება გამოიყურებოდეს, როგორც ოქროს ძაფი მრავალი მარგალიტით ან დროის მომენტით. ასევე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ გზა, რომელიც წარსულიდან მომავლისკენ მიემართება. 

წარმოიდგინეთ, რომ საკუთარ დროის შკალაზე გადაადგილება შეგიძლიათ და საერთო შტრიხებით გაიხსენეთ ბოლო რამდენიმე დღის მოვლენები. გადაადგილდით უფრო უკან, წარსულისკენ, რამდენიმე კვირით და თვით ადრე, შემდეგ კი რამდენიმე წლით ადრე, ბავშვობის ჩათვლით, და ყველაზე ადრეულ მოგონებებამდე. უყურეთ სურათ-ხატებს ისე, თითქოს ხედავთ ფილმს, რომელიც სურვილისამებრ შეგიძლიათ წინ ან უკან გადაახვიოთ. 

თუ მოვლენები ან სიტუაციები აღარ გახსენდებათ, გამოიყენეთ წარმოსახვა. წარმოიდგინეთ თავი ახალშობილად დედის ხელებში. წარმოიდგინეთ, რომ მის საშვილოსნოში ხართ. წარმოიდგინეთ ჩასახვის მომენტი, როცა დედის კვერცხუჯრედი გარშემორტყმულია მამის მრავალი სპერმატოზოიდით და ისინი ყველანი მის განაყოფიერებას ცდილობენ. 

წარმოიდგინეთ, რომ ამ მანათობელი კვერცხუჯრედის შიგნით ზიხართ. ამ კაფსულაში ძალიან დიდი სიმშვიდეა. თქვენ მას საკუთარი მშვიდი ნათებით ავსებთ. ახლა კი ყურადღება მიაქციეთ იმ კაშკაშა სინათლეს, რომელიც განაყოფიერების მომენტში ჩნდება. წარმოიდგინეთ, როგორ იწვევს კვერცხუჯრედი განაყოფიერებისთვის ყველაზე საუკეთესო სპერმატოზოიდს. იგი აღწევს მასში, და თქვენ ხდებით ყველაზე საოცარი ალქიმიის - თქვენი ჩასახვის მოწმე. 

სპერმატოზოიდის და კვერცხუჯრედის ბირთვები ერთმანეთს ერწყმიან; მამის და დედის დნმ-ის მოლეკულებიც ერთმანეთს ერწყმიან. წამში კვერცხუჯრედი იყოფა და წარმოქმნის ორ იდენტურ უჯრედს. ისინი დუბლირებას განიცდიან, ორმაგდებიან და ოთხად იყოფიან - და შემდეგ მათი რაოდენობა უჩვეულო სისწრაფით იზრდება. 

ამ საოცარ პროცესზე დაკვირვებისას თქვენ მყარად მიჰყვებით თქვენს განზრახვას - უხმობთ წინაპრების საუკეთესო თვისებებს: ბებიების სიმამაცეს, მამის ყველა ნათესავის ძალას. ბაბუის სიბრძნეს, რომელიც 90 წლის ასაკში სრულიად ცხადი გონებით გამოირჩეოდა. ამ ახალდაბადებულ უჯრედებს თქვენს დიად სიმშვიდეს, გაწონასწორებულობასა და სინათლეს ჰფენთ. ამ წმინდა ერთობას - საკუთარ თავს - სიყვარულით და მიტევებით ავსებთ, მიუხედავად ჩასახვის გარემოებებისა.  

და მაშინ თქვენ პატიობთ მშობლებს, წმინდა და უმანკო არსებებად ხედავთ მათ. სიყვარულს გრძნობთ მათ მიმართ და იცით, რომ ყველაფერი კარგადაა. 

ახლა კი გადაადგილდით დროის ღერძზე, დააკვირდით ბავშვობას და შეჩერდით ნებისმიერ სერიოზულად მატრავმირებელ მოვლენაზე. დაინახეთ, ვინ შეგაშინათ, და მიმართეთ მას, რომ ამ ადამიანმა იცოდეს - ყველაფერი კარგად იქნება, იგი უყვართ და მასზე ზრუნავენ. დააკვირდით, თუ როგორ გცნობთ იგი, როცა მომავლიდან ბრუნდებით და მზერით კონტაქტს ამყარებთ მასთან, რათა საკუთარი სიყვარულით გაამხნევოთ. განაგრძეთ აწმყოსკენ გადაადგილება და მოიტანეთ საკუთარ თავში „აქ და ახლა“ სიმშვიდის, სინათლის, სიხარულისა და აღტაცების შეგრძნება, უმანკოება და თამაშობის მდგომარეობა, მინდობისა და ზეიმის უნარი. 

უთხარით საკუთარ თავს: „კეთილი იყოს სახლში დაბრუნება“. 

ცხოვრების ახალი გმირული ისტორიის შექმნა

ჩვენ გვაქვს ორი მთავარი დიდი ისტორია, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავენ. ერთი ჩვენი დნმ-ის კოდშია ჩაწერილი და გვიბრძანებს, რომ ვიცხოვდოთ, ვიავადმყოფოთ და მოვკვდეთ ისე, როგორც ამას ჩვენი მშობლები აკეთებდნენ. მეორე ისტორიას საკუთარ თავს და სხვებს ვუყვებით - ესაა ისტორია იმაზე, თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. 

შემდეგი სავარჯიშო გაჩვენებთ, თუ როგორ გახდეთ უფრო კრეატიული და ძლიერი ისტორიის ავტორი, რომელიც თქვენს ცხოვრებისეულ გზას განსაზღვრავს. 

სავარჯიშო

თქვენი ცხოვრების ისტორია

დაწრეთ ერთგვერდიანი ზღაპარი, რომელიც იწყება სიტყვებით: „იყო და არა იყო რა...“ დაე მასში იყოს მინიმუმ სამი პერსონაჟი: პრინცი ან პრინცესა, მეომარი და დრაკონი. თუ გეჩვენებათ, რომ ეს ბავშვურად ჟღერს, მიეცით თავს უფლება, რომ ცოტა ხნით ბავშვი იყოთ. 

მოუყევით ზღაპარი მეგობარს ან პარტნიორს და იფიქრეთ სიუჟეტზე. როგორი ჟანრია ეს: სათავგადასავლო, რომანტიკული, დრამა ან ზღაპარი სიყვარულისა და წარმატების ძიებაზე? ვინაა მთავარი გმირი: პრინცესა, დრაკონი თუ სხვა პერსონაჟი? 

ახლა შეცვალეთ დრო წარსულიდან აწმყოთი და აიღეთ საკუთარ თავზე ყოველი პერსონაჟის ყველა მოქმდება. მაგალითად, დაწერილი გქონდათ: „ამიტომ პრინცმა დატოვა მამა, რათა ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაელახა და შორეული ქვეყნები ეხილა“, - ახლა კი წერთ: „ამიტომ ვტოვებ მამას...“

მიაქციეთ ყურადღება, როგორ იცვლება ისტორიის ტონი და აზრი. როგორც თქვენი სიზმრების ყველა გმირი წარმოადგენს სარკეს, რომელიც თავად თქვენს რომელიმე ასპექტს ირეკლავს, ასევე აქაც, თქვენი ზღაპრის ყოველი პერსონაჟი თქვენს თვისებებს წარმოადგენს. დააკვირდით გამოცდებს და დაბრკოლებებს, რომლებსაც ეჩეხებით, და იმას, თუ როგორ გამოგდით ან არ გამოგდით მათი გადალახვა. 

ახლა გადაწერეთ ისტორია და იყავით გმირი, რომელიც მიდის სამოგზაუროდ სანუკვარი განძის მოსაძებნად. მაგალითად, ადრე იყავით პრინცესა, რომელმაც ოჯახი მიატოვა, როცა მამამისის ციხე-სიმაგრე ალყაში იყო. ახლა თქვენ ხართ გოგო, რომელიც გულის ხმას მიჰყვება და სამყაროს საკვლევად მიდის, რათა მთელი თავისი ცხოვრების მიზანი იპოვოს, სიბრძნე მოიპოვოს და სამეფო ტახტზე ავიდეს. 

შემდეგ წაიკითხეთ გადაწერილი ისტორია, როგორც იგავი. გააიგივეთ თავი ყველა იმ გაკვეთილთან და საჩუქართან, რაც ზღაპარში მიიღეთ ისე, თითქოს ისინი რეალურ ცხოვრებაში გერგოთ. 

გახსოვდეთ, რომ ჩვენ - ეს ჩვენი ისტორიები ვართ. ზღაპრები, რომლებისაც გვჯერა, სისხლსა და ხორცს იძენენ. როცა ახალი, უფრო მნიშვნელოვანი ისტორიის ავტორი გახდებით, წარმოიდგინეთ, როგორ აგებს თქვენი ტვინი ახალ გზებს ჯანმრთელობისთვის, სიხარულისთვის, დღეგრძელობისთვის, შინაგანი სიმშვიდისა და გასხივოსნებისთვის. 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff