თავი მეთოთხმეტე - ვიზიონერის მისია (The Vision Quest)
როგორ იყენებთ კვანტურ მექანიკას ყოველდღიურ ცხოვრებაში?.. გასწავლით კვანტური თეორია მიწაზე სიარულს? ამინდის შეცვლას? თვითიდენტიფიკაციას შემოქმედებით პრინციპთან, ბუნებასთან, ღვთაებრივთან? თუ იგი გასწავლით, როგორ გარდაქმნათ ცხოვრების ყოველი წამი ძლევამოსილების აქტად? (ალბერტო ვილოლდოს და ერიკა ჯენდრესენის წიგნიდან - „ოთხი ქარის ცეკვა“)
ერთი საქმეა წაიკითხოთ ახალი სხეულის შექმნის შესახებ, მეორეა - გამოსცადოთ იგი. სიდჰართჰას გასხივოსნებაზე წაკითხვით შეუძლებელია ავადმყოფობებისგან, სიბერისგან და სიკვდილისგან გათავისუფლება, სწორედ ისევე, როგორც ამ წიგნის წაკითხვა მოგცემთ ინფორმაციას, მაგრამ არა სიბრძნეს. ამ მიზნის მისაღწევად ყველაზე ბოლო და მნიშვნელოვანი პრაქტიკაა - დიეტები, საკვები დანამატები, თქვენი მოგზაურობა მაგიურ წრეზე და ვიზიონერის მისია.
ვიზიონერის მისიას შეუძლია განკურნოს თქვენი სხეული და გააჯანსაღოს სული. პარსიფალის მსგავსად, თქვენც შეგიძლიათ იპოვოთ წმინდა გრაალი. ფსიქეას მსგავსად, თქვენც უნდა დაბრუნდეთ მიწისქვეშა სამეფოდან უკვდავების ელექსირით ხელში. არჯუნას მსგავსად, თქვენც უნდა აღმოაჩინოთ კოსმოსის საიდუმლოებები. სიდჰართჰას მსგავსად, თქვენც უნდა დატოვოთ მყუდრო სასახლეები ან რბილი სავარძლები და საკუთარი ბოდჰის ხის ქვეშ დასხდეთ.
იფიქრეთ ამაზე, როგორც სულიერი ჯანმრთელობის პროფილაქტიკაზე. ნუ დაელოდებით, სანამ ავადმყოფობა მოვა, - მაშინვე შეისწავლეთ დიეტების სარგებელი, ნუ დაელოდებით სიკვდილს იმისთვის, რომ შეისწავლოთ სფერო სიკვდილის მიღმა.
ყოველ ჩვენთაგანს აქვს ათეულობით მიზეზი, რის გამოც ჯერ არ შეგვიძლია მოგზაურობის დაწყება: დრო არ გვყოფნის, ან ფული; მეტისმეტად ბევრ წერილს უნდა ვუპასუხოთ. მე თვითონაც უამრავჯერ გადავდე ამ გზაზე დადგომა, სანამ დიაგნოზი არ დამისვეს და სიკვდილის საფრთხე არ დამემუქრა. აი, ჩემი რჩევა: ნუ დაელოდებით ასეთ მოვლენებს!
იდეალურ შემთხვევაში ვიზიონერის მისია ბუნებრივ გარემოში უნდა შესრულდეს, სტიქიების თანხლებით - წვიმის, ქარის, მზის, სითბოსი და სიცივის - და საკუთარი სხეული მსუბუქ ფიზიოლოგიურ სტრესს უნდა დაუქვემდებაროთ ინტერვალური შიმშილობის მეშვეობით. თუმცაღა ვიზიონერის მისიის მიზანი იმაში არ მდგომარეობს, რომ თქვენი ხილვები იპოვოთ და საჭმელ-სასმელის გარეშე დარჩეთ, არამედ ველური ბუნების წიაღში უნდა შეიცნოთ, რომ დედამიწის მოქალაქე ხართ. შიმშილობა გააღვიძებს ორგანიზმის თვითაღდგენის სისტემებს, მოახდენს ტვინში და სხეულის ყოველ ორგანოში ღეროვანი უჯრედების სტიმულირებას. ბუნებაში ცხოვრება გაჩვენებთ, რომ ერთიანობის გამოცდილება ყოველთვის ხელმისაწვდომია.
მაგრამ თუ ტვინს წინასწარ არ განაახლებთ, ვიზიონერის მისია მხოლოდ სუფთა ჰაერზე გასეირნება იქნება. ჯერ ტვინის დეტოქსიკაცია უნდა მოახდინოთ, შემდეგ კი სუპერფუდებით უნდა დამუხტოთ იგი. ამის შემდეგ ვიზიონერის მისია პირდაპირ გიჩვენებთ თქვენს დანიშნულებას. თუკი გულმოდგინედ ასრულებდით ამ წიგნში მოცემულ პრაქტიკებს, ახალი სხეულის შექმნის პროცესში მთელი ქმნილების ერთიანობას იგრძნობთ. გახსოვდეთ, რომ სხეული - ესაა ჭურჭელი სულისთვის. ხორცი, ძვლები, უჯრედები და ნეირონები სულის ძახილს გაჰყვებიან, რათა სხეული ძლიერი და ენერგიული ჭურჭელი გახდეს, რომელშიც სულმა უნდა იცხოვროს დედამიწაზე თავისი ხანმოკლე მოგზაურობის განმავლობაში.
ვიღებთ გამოწვევას
„რას ნიშნავს ვიზიონერის მისია?“ - მკითხა მელანიმ, ნიუ-იორკიდან. - ხომ იცი, რომ არ შემიძლია კომფორტის გარეშე ცხოვრება. მე ნორმალური სასტუმროს ოთახი მჭირდება!“ დიდი ქალაქის შვილი მელანი, ქალთა მოდის წარმატებული რედაქტორი გახლდათ. მას ფიქრიც კი არ სურდა იმაზე, რომ სამი დღე მარტოს ეცხოვრა უდაბნოში და მხოლოდ წყალზე ყოფილიყო.
„მაგრამ გინდა, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება უბედური იყო? არ ჯობია, რომ სამი დღე გაიჭირვო და ამით დაასრულო ტანჯვა, და ახლებურად ცხოვრება დაიწყო?“ - შევეწინააღმდეგე მე. შემდეგ კი მოხერხებულად დავამატე: „სხვა ყველაფერთან ერთად აქედან კარგი სტატია გამოვა ჟურნალისთვის“.
მელანი უხალისოდ დამთანხმდა ვიზიონერის მისიის შესრულებაზე, და მე ის იუტას სამხრეთ ნაწილში გადმოვსვი, წითელი კლდეებით გარშემორტყმულ კანიონში. მელანის თან ჰქონდა წყლის მარაგი, კარგი კარავი და საძილე ტომარა. მე არ ამიხსნია მისთვის: თუმცა საუკეთესო ადგილი ვიზიონერის ძიებისთვის ველური ბუნებაა, სინამდვილეში მისი შესრულება ნებისმიერ ადგილას შეიძლება, ნიუ-იორკის ცენტრშიც კი. იდეა იმაშია, რომ გამოვეთიშოთ ტექნოლოგიებით გაჯერებულ სამყაროს და აღარ გვეგონოს, რომ თუ მუდმივად ელექტრონული წერილების და სოციალური ქსელების კითხვაში არ ვიქნებით, ცხოვრება დაგვენგრევა. მელანის ასევე ლოცვაც დავავალე.
„კი, მაგრამ მე არ ვიცი ლოცვა,“ - გააპროტესტა მელანიმ.
ვურჩიე, რომ უბრალოდ მადლობა გადაეხადა შემოქმედისთვის, შემდეგ მანქანაში ჩავჯექი და უდარდელად დავამატე: „და თუ ესეც არ იმუშავებს, ილოცე, რომ შენამდე მგლებმა ვერ მოაღწიონ“. იმ ადგილებში მგლები არ იყვნენ, მაგრამ მელანი მიხვდა, რას ვგულისხმობდი. სულისკენ გზა შესაძლებელია მედიტაციით ან ლოცვით ვიპოვოთ, მაგრამ თუ ლოცვის ან სულთან ურთიერთობის რომელიმე კონკრეტულ ფორმას მივეჯაჭვებით, ამით ჩაკეტილნი დავრჩებით და სასურველ სიბრძნეს ვერ მივიღებთ.
მელანი ჩემი ძველი კლიენტი იყო. ოცი წლის ასაკში მდიდარი, ჭკვიანი და ისეთი ლამაზი იყო, ყველას გულს იპყრობდა. ახლა მეექვსე ათწლეულში იყო, მაგრამ მისი მომხიბვლელობა ოდნავაც არ ჩამქრალა. იგი ჰიპერაქტიური და სრულიად დამოუკიდებელი იყო, თუმცა თითქოს დაწყევლესო, მისი სასიყვარულო ურთიერთობები საოცარი წარუმატებლობით მთავრდებოდა. დღისით მელანი რიტალინს იღებდა, ADHD-ს (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის აშლილობის) სამკურნალოდ, ღამით კი მძლავრ ანტიდეპრესანტს - ტრაზოდონს, რომელიც დაძინებაში ეხმარებოდა. იგი ერთი დამამცირებელი ურთიერთობიდან მეორეში ხტებოდა და შედეგად იმდენად დაკარგა მგრძნობელობა, რომ გადაწყვიტა „კაცები სათამაშოებად გამოეყენებინა“, როგორც თვითონ ამბობდა ხოლმე. თუმცა როგორც აღიარებდა, მორიგ „სათამაშოსთან“ განშორება ყოველთვის სულიერ ტკივილს განაცდევინებდა ხოლმე.
ვიზიონერის ამ მისიით ქალაქის კომფორტს მიჩვეული მელანი გამოწვევას უცხადებდა თავის მრავალ მიჯაჭვულობას. იქვე არსად იყო პროდუქტების ბუტიკი გურმანებისთვის. არ შეეძლო ახალი ამბების ჩართვა ან ინტერნეტში შესვლა. აცოფებდა იმის გაცნობიერება, რომ სადღაც გადაკარგულში საკუთარ თავთან მარტო დარჩა. მაგრამ ასეთივე აუტანელი იყო მისთვის პერსპექტივა, რომ ყოველ ჯერზე ერთი და იგივე ტრაგიკული სასიყვარულო ისტორიები განმეორებულიყო და მათგან ტაბლეტებით ემკურნალა.
„მომეწონა ტყეში მოფსმა“, - სიცილით განაცხადა მელანიმ სამი დღის შემდეგ, როცა მივაკითხე. ვარცხნილობა გაუფუჭდა, სახეზე მტვერი დადებოდა, მაგრამ ტანსაცმელი ჩემდა გასაკვირად უზადოდ გამოიყურებოდა. საინტერესოა, როგორ მოახერხა ეს? შემდეგ აღიარა, რომ თან ჰქონდა სუფთა ტანსაცმელი ყოველი დღისთვის - ზოგიერთი ჩვევა რთულად კვდება. და დაამატა, რომ განდეგილობა მისთვის რთული აღმოჩნდა. პირველივე დღეს სცადა ტაქსში დაერეკა, რომ ვინმე მოსულიყო და წაეყვანა, მაგრამ იმ ადგილას ქსელური კავშირი არ იყო. ღამით ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მგლები შეჭამდნენ, და წარმოიდგინა, როგორ დასეირნობენ ისინი კარვის გარშემო. ლოცულობდა, რომ მალე გათენებულიყო. მაგრამ მეორე საღამოს მისთვის უკვე სასიამოვნო გახდა ვარსკვლავებზე დაკვირვება საძილე ტომრიდან, რომელიც კარვიდან გარეთ, სუფთა ჰაერზე გამოათრია, როცა მიხვდა, რომ მის შესაჭმელად მშიერი მგლები არ მოვიდოდნენ.
მელანის არასოდეს უნახავს ამდენი ვარსკვლავი - ფაქტიურად წლების განმავლობაში საერთოდ არ უნახავს ვარსკვლავები, რადგან ნიუ-იორკის შუქები ჩრდილავენ მათ ღამის ცაზე. პირველ ღამეს შიმშილით ტანჯვის გამო ვერ დაიძინა, მაგრამ ამის შემდეგ ბავშვივით ეძინა. შემდეგ სინათლეები გამოჩნდნენ. „პირველი ღამის განმავლობაში მეგონა, რომ ავტოსადგომზე ვიყავი გაშლილი კარვით“ - თქვა მან. „ფარნების შუქი ანათებდა კარავში ისე კაშკაშად, რომ გამაღვიძა. მაგრამ როცა გარეთ გავედი, არაფერი ანათებდა გარდა ვარსკვლავებისა“. თავიდან მელანიმ იფიქრა, რომ არამიწიერი არსებები ანათებდნენ, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ სიზმრებში მას „სინათლეს“ უჩვენებდნენ.
ვიზიონერის მისიიდან მელანი ბუნებისადმი ღრმა პატივისცემით დაბრუნდა, და მადლიერებით იმისთვის, რომ ცხოვრება მთელი თავისი სისავსით მეტისმეტად ძვირფასია. მან ასევე გადაწყვიტა, რაღაც დროით დაესვენა რომანტიული ისტორიებისგან. მყისიერ ლტოლვას გარკვეული ტიპის მამაკაცებისადმი იგი განიხილავდა, როგორც გაფრთხილებას: ეს ადამიანი არ მოუფრთხილდება მას. ვიზიონერის მისიიდან ექვსი თვის შემდეგ მან დაიწყო შეხვედრა მშვიდ, ფაქიზ მამაკაცთან - „ნამდვილად რბილთან“, როგორც მან თქვა. მაგრამ უფრო შესამჩნევი ცვლილება მასში ADHD-ს უცნაურად გაქრობა გახდა. მელანი გადავიდა უგლუტენო დიეტაზე, რძის პროდუქტების გარეშე, რაც მოიცავდა ჯანსაღ ბოსტნეულს, ბევრ ომეგა 3-ს და შედარებით ნაკლებ ცილას. ამიტომ ჰიპერაქტიურობა და კაპრიზულობა გაქრა, და მელანის აღარ სჭირდებოდა აღარც რიტალინი დღის განმავლობაში ნორმალური ფუნქციონირებისთვის და აღარც ტრაზოდონი ღამის ძილისთვის.
პურის საცხობი
როცა არტური ჩემთან მოვიდა, იგი ასოც კილოგრამს იწონიდა. იგი ძირითადად პურით, მაკარონით და ნახევარფაბრიკატებით იკვებებოდა. მას ჰქონდა მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის მაღალი დონე და ინსულინ-რეზისტენტობა. არტურს წიგნის გამომცემლობა ჰქონდა, რომელშიც შედიოდა წიგნები ჯანმრთელობის, უმად კვების და ჯანსაღი კვების შესახებ, მაგრამ თავად მუდმივად და განურჩევლად ღეჭავდა რამეს. გადამუშავებულ ნახშირწყლებზე დამოკიდებულობამ არტური დიაბეტის იმ ფორმამდე (diabesity) მიიყვანა, რომელიც სიმსუქნესთანაა დაკავშირებული. ეს ცივილიზებული სამყაროს ახალი ეპიდემიაა. მასთან შეხვედრისას ავღნიშნე, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს პირველი ტიპის დიაბეტის შემთხვევები, რომლის დროსაც კუჭქვეშა ჯირკვალს აღარ შეუძლია ინსულინის გამოყოფა, 60%-ით შემცირდა საკვების სიმწირის შედეგად. არტურს ვუთხარი, რომ შიმშილობა ვიზიონერის მისიის დროს ზუსტად ასეთივე სარგებელს მოუტანდა, მაგრამ ამასთან მხოლოდ რამდენიმედღიანი შიმშილობა დასჭირდებოდა.
არტურმა მსოფლიოს ყველა დიეტა გამოსცადა, და იმ მომენტში პალეოდიეტას იცავდა. როგორც მეხუთე თავში ავხსენი, პალეოდიეტა დაფუძნებულია ადამიანთა კვებით ჩვევებზე. მიწათმოქმედების ეპოქამდე, პალეოლითში, მონადირე-შემგროვებლები ძირითადად მცენარეებით იკვებებოდნენ, და მხოლოდ იშვიათად ნანადირევით ან თევზეულით. არტურს ვუთხარი, რომ აუცილებელი ნახშირწყლები არ არსებობენ, მაგრამ არსებობენ აუცილებელი ცილები და ცხიმოვანი მჟავები, და შეგვიძლია შესანიშნავად გავატაროთ დარჩენილი ცხოვრება, თუკი ერთ ბუტერბროდსაც კი არ შევჭამთ. მაგრამ არტური მეტისმეტად ბევრ ცილას იღებდა. შევთავაზე, რომ შეემცირებინა ცილის მოხმარება, კერძოდ, შორს დაეჭირა თავი წითელი ხორცისგან - ღორისა და ძრიხის ხორცისგან, რომელიც იშვიათად გვხვდებოდა ძველი მონადირე-შემგროვებლების მენიუში. „ზოგჯერ შეგიძლია სტეიკი მიირთვა, - ვუთხარი მე. - მაგრამ მანამდე უნდა დარწმუნდე, რომ ეს ცხოველები მინდორში ბალახით იკვებებოდნენ, და არა მარცვლეულით ფერმაში, და რომ მათ ანტიბიოტიკებით არ ჭყიპავდნენ. შესანიშნავი საკვები იქნებოდა თევზი, თუ ის სუფთა წყალშია მოპოვებული, არ შეიცავს ვერცხლისწყალს და მთლიანად ეტევა ქვაბში. მაგრამ პური და მაკარონი სამუდამოდ უნდა გაქრეს“.
ბევრი ადამიანი მიჰყვება პალეოდიეტას, მაგრამ ავიწყდებათ პალეოლითური რწმენა მთელი სიცოცხლის ერთიანობის შესახებ, ბუნებასთან და სულთან ურთიერთობის შესახებ. „ეს რწმენები დიდ როლს თამაშობენ ჯანმრთელობაში, - ვუთხარი არტურს. - დიეტის გარდა სულისგანაც უნდა ითხოვო დახმარება, რათა იგი ჯანმრთელობის მოპოვებაში დაგეხმაროს“.
არტური კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. მან დამარწმუნა, რომ მოაშორებდა სახლიდან პურის საცხობ მანქანას, მაგრამ მისი კარადები სავსე იყო კონსერვებით, რომელთა უმეტესობაც შაქარს და გლუტენს შეიცავდა. და სისტემური ანთება არტურის ორგანიზმში გამოწვეული იყო გლუტენით და რძის პროდუქტებით, რომლებიც მის ნაწლავურ ფლორას ანადგურებდნენ. იგი არ აპირებდა მარტივად დანებებას.
ერთხელ, დღისით, მის ბინაში წავედით. მე კარადები გამოვაღე და კონსერვებისა და ხორბლის ფქვილის გადაყრა დავიწყე, რომელიც კარადაში პურის საცხობ მანქანასთან ერთად ინახებოდა, შემდეგ კი თავად პურის საცხობიც მოვისროლე. არტურს კბილის პასტაც კი შაქრით ჰქონდა! როცა ამ ყველაფერს ნაგავში ვყრიდი, არტურის შეშფოთებულ სახეს ვხედავდი. მას უყვარდა თავისი საცხობი და გულის სიღრმეში თვლიდა, რომ უბრალოდ რაღაც დროით კარადაში უნდა შეენახა იგი. მე კი მის საყვარელ ნივთს ვაგდებდი!
ბავშვობაში დედები გვკვებავენ იმისთვის, რომ დაგვამშვიდონ. მას შემდეგ, როგორც კი სტრესს განვიცდით, მაშინვე დამამშვიდებელი საკვებისკენ ვისწრაფვით - ტკბილეულისკენ, რომელზეც გავიზარდეთ. შედეგად, ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ნაწლავური ფლორა შაქარზე, ნახშირწყლებზე და არაჯანსაღ ცხიმებზე „შეჯდება“ ხოლმე. ამის გამო , როცა თორმეტ საათზე მეტხანს არ ვიღებთ საჭმელს, კანდიდას სოკოები ამბოხებას იწყებენ. ჩვენ არ გვსურს ჭამა, მათ კი სურთ - და იწყებენ ტოქსიური ქიმიური ნივთიერებების გამოყოფას, რომლებიც ტვინს შიმშილის სიგნალს აძლევენ. და თუმცა ობიექტურად კვების მოთხოვნილება არ გვაქვს, თავს საშინლად მშიერად ვგრძნობთ იმ უბრალო მიზეზით, რომ სოკოებს შიათ.
მაგრამ ნაწლავური მიკრობები საოცრად ჭკვიანები არიან და ძალიან სწრაფად სწავლობენ. სულ რაღაც ოცდაოთხ საათში ჩვენ შეგვიძლია გავანულოთ მათი კვებითი მიჯაჭვულობები. და დავიწყოთ ბაქტერიების კოლონიებში ახალი ბალანსის დამყარება, რომელიც კარგ ფლორას განვითარებაში ეხმარება. შაქრების, სახამებლის და მავნე ცხიმების გამორიცხვით, ბულარდის საქარომიცეტების და ხარისხიანი პრობიოტიკების მიღებით, ჩვენ ვეხმარებით სასარგებლო მიკროორგანიზმებს ნაწლავური ფლორის აღდგენაში. აი, რატომაა ასე მნიშვნელოვანი შიმშილობის ძალიან მოკლე პერიოდები: ისინი აღადგენენ ბალანსს ნაწლავებში და რთავენ ორგანიზმის ყველა განახლების სისტემას.
ინტელექტის დონეზე არტურს ესმოდა, რომ გადამუშავებული ნახშირწყლები, როგორებიცაა პური და მაკარონი, ძლიერ მიჩვევას იწვევენ და დაჯილდოვების იგივე ცენტრებს ასტიმულირებენ ტვინში, რომლებსაც კოკაინი. მან ძალიან დააზიანა თავისი ნაწლავები გლუტენითა და გადამუშავებული პროდუქტებით, რომლებსაც წლების განმავლობაში იღებდა. მაგრამ გაგება არასწორი აღმოჩნდა იმისთვის, რომ იმ ცვლილების გადაწყვეტილება მიეღო, რომლის წყალობითაც სხეულს და ცხოვრებას განაახლებდა. იმ დღეს კინაღამ ვიჩხუბეთ ნაგვის ურნასთან. სკოლის პერიოდიდან პირველად აღმოვჩნდი კედელთან მიმწყვდეული!
რაც შემდეგ მოხდა, სასწაულს ჰგავდა. ოთხი დღის შემდეგ არტურმა თავი უკეთ იგრძნო და გახდომა დაიწყო. დღეში თითქმის ნახევარ კილოგრამს იკლებდა. ეს იმის წყალობით მოხდა, რომ მან რაციონიდან გლუტენი, ხორბლეული, ნახშირწყლები, რძის პროდუქტები და შაქრები ამოიღო. ასევე იღებდა დანამატებს, რომლებიც მეექვსე თავშია რეკომენდებული. ეს ადვილი არ იყო. რამდენჯერმე შუაღამით დამირეკა და ტიროდა, რადგან მისი ცნობიერება წალეკეს ხატ-სახეებმა მისი უბედური ბავშვობიდან და ყმაწვილობიდან. მაგრამ კვირის ბოლოს არტურმა თითქმის 5 კგ დაიკლო, და მისი გონება გაიწმინდა. ათწლეულების განმავლობაში მან პირველად დაიწყო ღრმად ძილი. საკვები დანამატები კი დაეხმარნენ, რომ მოეშორებინა ტოქსინები, რომლებიც მანამდე მის ცხიმოვან ქსოვილებში ინახებოდნენ. არტური მზად იყო მისიონერის ძიებისთვის.
ღმერთს, როორც ჩანს ტაძრები ურჩევნია, სულს კი - ველური ბუნება. თითქმის ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა ღვთაებრივთან, რაც მითებსა და ისტორიებშია ჩაწერილი, ტაძრებში კი არა, ბუნებრივ გარემოში - უდაბნოში, მთის მწვერვალზე, ან მდინარის ნაპირას ხდებოდა. არტურმა გადაწყვიტა ვიზიონერის მისია თავისი აგარაკიდან შორიახლოს, ფეირჩაილდის ტროპიკულ ბოტანიკურ ბაღში შეესრულებინა. იგი ყოველ დილით შვიდ საათზე მიდიოდა ბაღში, როგორც კი პერსონალი კარს აღებდა, და იქ მის დახურვამდე რჩებოდა. მისი ამოცანა იყო, რომ არავისთან ესაუბრა, უბრალოდ მჯდარიყო ხეების ჩრდილქვეშ და მთელი დღის განმავლობაში ბევრი წყალი დაელია.
სამი დღის შემდეგ არტურმა მითხრა: „თუმცა ღმერთს არ შევხვედრილვარ, მაგრამ ის სიჩუმე აღმოვაჩინე, რომელიც მხოლოდ ბავშვობაში ვიცოდი. მეორე დღეს ჩემმა გონებამ შეწყვიტა ყველა მნიშვნელოვან და გასაკეთებელ საქმეზე ფიქრი. მე ყოველთვის მეგონა, რომ თუ მათ არ გავაკეთებდი, სამყარო ჩამომეშლებოდა. ტროპიკული ხეები დამეხმარნენ იმის გაგებაში, რომ მათ ვგავარ - ფოთლები მცვივა და შემდეგ ახალი ზრდისთვის ვიბადები, და ძლიერი ფესვები მჭირდება, რომლებიც ძლიერი ქარიშხლებისგან დამიცავენ. მათ ასევე მაჩვენეს, რომ ისეთი სამყაროს შექმნაში უნდა მივიღო მონაწილეობა, რომელიც არ განადგურდება ადამიანური სიბრიყვით და სიხარბით“.
„ყველაზე უსიამოვნო იყო ბუყბუყი მუცელში, - ამბობდა იგი. - ცხოვრებაში პირველად. ვგრძნობდი ნამდვილ შიმშილს. თავიდან მხოლოდ შოკოლადზე ვფიქრობდი, რომელიც მანქანაში მედო. მაგრამ მეორე დღის ბოლოსკენ შიმშილის გრძნობამ გამიარა. ვფიქრობ მესამე დღის შემდეგ კიდევ მთელი კვირით შევძლებდი საჭმლის გარეშე დარჩენას. შიმშილობით გამოწვეული ფიზიკური დისკომფორტი გაქრა, და ენერგიის ძლიერი მოზღვავება ვიგრძენი. თავი ნათელი გამიხდა, გონება კი დამშვიდდა.“
კიდევ ერთი წელი ვმუშაობდი არტურთან, და მთელი ეს პერიოდი იგი არ იღებდა არც ხორბალს და არც რძის პროდუქტს. მან თავისი პურის საცხობი ურნიდან ამოიღო, მაგრამ აღარასოდეს გამოუყენებია იგი, და ექვსი კვირის შემდეგ მის სისხლში შაქრის დონე ნორმას დაუბრუნდა. ჩვენ რეგულარულად ვიღებდით სისხლის ანალიზს IGF-1 სიმსივნურ მარკერზე და აღმოვაჩინეთ, რომ მისმა დონემ 30%-ზე მეტით დაიკლო.
ვიზიონერის მისიის დროს არტურმა იპოვა ის შინაგანი ცხოვრება, რომლის შესახებაც მის მიერვე გამოცემულ წიგნებში კითხულობდა ხოლმე, მაგრამ სინამდვილეში არასოდეს სჯეროდა. მედიტატიური პრაქტიკის წყალობით იგი ახლა თავის შინაგან სამყაროს ისეთივე დაუდგრომელი ცნობისმოყვარეობით იკვლევს, როგორსაც ამერიკის პირველაღმომჩენები განიცდიდნენ. თავისი გონების პეიზაჟებით მოხიბლულმა, ბოლოს და ბოლოს მიიღო მათზე წვდომა. რაც შეეხება გადაუდებელი საქმეების გრძელ სიას, ისინი არტურს აღარ აღელვებენ.
სიცოცხლესთან დაბრუნება
ჯორჯი ჩემს კაბინეტში ფაქტობრივად შემოათრია მისმა მეუღლემ. იგი ექიმად მუშაობდა, მაგრამ იმ მომენტში ძალიან აგრესიულ ქიმიოთერაპიას იტარებდა, რომელიც სასურველ შედეგებს არ იძლეოდა. მისი სიმსივნური მარკერები ადგილს არ იცვლიდნენ, და იმუნური სისტემა დათრგუნული იყო. ჯორჯი ჩემთან ვიზიტს მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ მისი მეუღლე, ჩვენი სკოლის (Light Body) სტუდენტი ეუბნებოდა, რომ უკვე აღარაფერი ჰქონდა დასაკარგი.
ჯორჯი ვერ ხედავდა კავშირს თავის დაძაბულ სამუშაოს, ყავის უზარმაზარ რაოდენობას (დღეში ექვსი ჭიქა), მენიუში ნახშირწყლების სიჭარბესა და ონკოლოგიურ დაავადებას შორის. ჩემმა მეგობარმა დინ ორნიშმა, დოქტორმა კალიფორნიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრიდან, აღმოაჩინა: როცა პროსტატის კიბოთი დაავადებულები დაბალკალორიულ, უმეტესად მცენარეულ დიეტაზე გადავიდნენ, მათ ნახევარ წელში შეძლეს კიბოს განვითარების შეჩერება ადრეულ სტადიაზე. საოცარია მწვანე მცენარეების ძალა, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, რომ ჯანმრთელობის გენები ჩართონ და ავადმყოფობის გენები გამორთონ. მე მაშინვე ვთხოვე ჯორჯს, რომ ბოსტნეულითა და ჯვაროსანთა ოჯახით სავსე (მათ შორის ბროკოლი და ბრიუსელის კომბოსტო) მცენარეულ დიეტაზე გადასულიყო, ასევე მიეღო სასარგებლო ცხიმები, როგორებიცაა ავოკადო და ბერძნული თხილი. მას დილა დეტოქსიკაციით - მწვანე წვენის მიღებით - უნდა დაეწყო. ვთხოვე, რომ შორს დაეჭირა თავი გლუტენისგან და ნებისმიერი მარცვლეულისგან, ასევე წითელი ხორცისგან.
ჯორჯი რამდენიმე ათწლეული საავადმყოფოში მუშაობდა და ტოქსიური ფასტფუდებით იკვებებოდა, ახლა კი სულ რაღაც სამ კვირაში თითქმის ოთხი კგ დაიკლო. იგი ყოველდღე უფრო და უფრო უკეთ გრძნობდა თავს, და სიმსივნურმა მარკერებმა უკან დახევა დაიწყეს.
„ახლა შენ ვიზიონერის მისია უნდა შეასრულო“, - განვუცხადე მე. ჯორჯმა თქვა, რომ ბოლოს ბუნებაში ორმოცი წლის წინ იყო, როცა ბოისკაუტების ბანაკში ისვენებდა. ყოველ შაბათ-კვირას და შვებულებას ბავშვებთან ატარებდა და ვერ გრძნობდა აუცილებლობას, რომ სპეციალური დრო გამოეყო ცივილიზაციისგან განმარტოებისთვის.
მე ვიზიონერის მისიას საავადმყოფოში, მუშაობის პროცესში გავივლი, გადაწყვიტა მან. თავიდან, რა თქმა უნდა კარგად ვერ ვიაზროვნებ, მაგრამ ეს არაა პრობლემა. თუ განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფი გამოჩნდება, ადრენალინი მაშინვე გამათავისუფლებს გონების დაბინდვისგან“.
ჯორჯი მაიამის ტრავმატოლოგიურ ცენტრში მუშაობდა, და მე ვთხოვე, რომ ყველა თავისი პაციენტისთვის ელოცა. ასევე შევთავაზე, რომ აზროვნების გარკვეულ ტიპზე კონცენტრირებულიყო: ამოვარდნილობების ჩასმისას და ჭრილობების გაკერვისას იგი აღტაცებული უნდა ყოფილიყო სისხლძარღვების, კუნთებისა და სხვა ქსოვილების სილამაზით, რისგანაც ადამიანის სხეული შედგება. ასევე დავავალე, არ დავიწყებოდა, რომ ყოველი პაციენტი - ესაა ადამიანი, და არა „ცეცხლსასროლი ჭრილობა“. მან მიპასუხა, რომ ამ დავალების შესრულება ყველა დანარჩენზე რთული იქნებოდა: ჯორჯს, ისევე როგორც ყველა ექიმს, ასწავლეს, რომ პაციენტს უპიროვნოდ მოპყრობოდნენ და პროფესიონალური დისტანცია შეენარჩუნებინათ. ექიმების უმეტესობისთვის უფრო კომფორტულია სიმპტომებთან და ორგანოებთან ურთიერთობა, ვიდრე ცოცხალ, მსუნთქავ, შეშინებულ ავადმყოფებთან. ალბათ ექიმებს, ისევე, როგორც ჩვენ ყველას, ეშინიათ ძალიან ძლიერი გრძნობების დიდი ტანჯვის წინაშე.
„ყოველ ჯერზე, როცა ვინმეს ეხები, იფიქრე, რომ სულის სამუშაოს ასრულებ“, - ვუთხარი მე.
რაც არ უნდა ერქვას თქვენს პროფესიას - როგორც კი ხვდებით, რომ თქვენი ხელების, გულის, გრძნობებისა და უნარების მეშვეობით შეიძლება სული მოქმედებდეს, ცხოვრება უზარმაზარ აზრს იძენს. ჯორჯმა მითხრა, რომ რეანიმაციის განყოფილებაში ყველაზე რთული დრო - ზაფხულის სავსემთვარეობაა. ამ დღეს მნიშვნელოვნად იზრდებ ცეცხლსასროლი ჭრილობების, ავარიების, ტრავმების, ნარკოტიკული ზედოზირებისა და ალკოჰოლური მოწამვლის შემთხვევები. სწორედ სავსემთვარეობისას დაიწყო ჯორჯმა ვიზიონერის მისია. მან გადაწყვიტა სუნთქვას დაკვირვებოდა, რათა გაეცნობიერებინა თავისი განცდები და ყოველ პაციენტს ისე მოპყრობოდა, როგორც ადამიანს, და არა „ცეცხლსასროლ ჭრილობას მეოთხე პალატაში“. იგი ცდილობდა განუწყვეტლივ გაეცნობიერებინა სუნთქვა, ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის უძრავობის დროს კი ჩრდებოდა, რათა შეეგრძნო ჰაერის ყოველი ძვირფასი წვეთის ღირებულება.
„მე შემიძლია უარი ვთქვა საჭმელზე, - მითხრა ჯორჯმა, - მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ყავის გარეშე ვერ გავძლებ“. მე თვითონაც მიყვარს ყავა, და ჩემთვის გასაგები იყო ჯორჯის სირთულე. მსოფლიოს ბევრ მხარეში ყავა გამოიყენება, როგორც ღვთაებრივი წამალი. სული მოცეკვავე დერვიშები ცნობილნი არიან ყავის სიყვარულით. შესაძლოა ეს სასმელი სხვებზე მეტად ააქტიურებს Nrf2 სასიგნალო გზებს და დღეგრძელობის გენებს ორგანიზმში. ზუსტად არავინ იცის მისი მოქმედების მექანიზმი, მაგრამ ონკოლოგებიც კი ღვიძლის კიბოთი დაავადებულებს ურჩევენ, რომ დღეში სამი-ოთხი ჭიქა შავი ყავა მიიღონ. მაგრამ თუ თქვენ რეგულარულად სტრესს განიცდით და „დაარტყი ან გაიქეცის“ მუდმივ რეჟიმში ხართ, კოფეინის სიჭარბე მხოლოდ დაამძიმებს პრობლემას. მე ავუხსენი ჯორჯს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყავის სმის შეწყვეტა ვიზიონერის მისიის დაწყებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე. ამით საშუალება უნდა მიეცა გამოფიტული ნერვული სისტემისთვის, რომ დაესვენა. ჯორჯის პრობლემა ის იყო, რომ კოფეინის გამო მისი ტვინი კორტიზოლით იყო გადავსებული.
როცა ჯორჯი შვიდდღიანი ვიზიონერის მისიიდან ორი კვირის შემდეგ ჩემს კაბინეტში შემოვიდა, ის აღტაცებული იყო. მან თითქმის უარი თქვა ყავაზე - მხოლოდ ორჯერ აძლევდა საკუთარ თავს კვირის დასაწყისში ესპრესოს მირების უფლებას. შიმშილობის პირველ დღეს იგი თავს საოცრად სუსტად გრძნობდა და ძალიან შიოდა, მაგრამ იმაზე კონცენტრირდა, რომ ანგელოზი დაენახა ყოველ პაციენტში, ნებისმიერი ტრავმით. შეამჩნია, რომ იმ ადამიანებსაც კი ეხებოდა, რომლებისთვისაც ადრე გვერდის ავლას ცდილობდა (და თუ ეხებოდა, მხოლოდ ლატექსის ხელთათმანებით და დისტანციის შეეგრძნებით), - მაგალითად უსახლკაროს, რომელიც საკუთარი შარდის სუნად ყარდა, ან ფეხში დაჭრილ კრიმინალს. მესამე დღეს ჯორჯი ენერგიის საოცარ წყაროს მიუერთდა. შიმშილის ტკივილები გაქრა, იგი ბევრ წყალს სვამდა და გაკვირვებული იყო თავისი ყოველდღიური განავლის რაოდენობით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არაფერს ჭამდა. მისი სხეული იწმინდებოდა და დევნიდა ტოქსინებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ყოველ უჯრედში გროვდებოდნენ.
მესამე დღეს ჯორჯის ორგანიზმი შაქრების ნაცვლად ცხიმების წვაზე გადავიდა, რათა სხეული და ტვინი გამოეკვება. როცა მისი მაღალი ტვინი ჩაირთო, შეძლო, რომ კეთილდღეობით სავსე ცხოვრება წარმოედგინა. თვალთახედვის ამ ახალი წერტილიდან მან თავისი სამუშაოც შეაფასა. იგი უკვე აღარ იყო მექანიკოსი, რომელიც ხელებს, ფეხებს და დამტვრეულ ძვლებს აკეთებს, ის მხატვარი იყო, და ჯანმრთელობას უბრუნებდა სიკვდილის ზღვარზე მყოფ ადამიანებს. როცა ცოტა ხნის წინ კვლავ ვესაუბრე ჯორჯს, მას რემისია ჰქონდა. მან განაახლა თავისი ცხოვრება.
სამყაროსთან ურთიერთობა
ერთიანი სულის მედიცინა - ესაა ის, რასაც შამანები ერთიანობის გამოცდილებას უწოდებენ. იგი საშუალებას გვაძლევს, რომ ქმნილების მექანიზმები გავიგოთ. ეს გაგება არც აკადემიურია, და არც ინტელექტუალური. ესაა ემპირიული და გრძნობითი ცოდნა, რომელიც თქვენი სხეულის ყოველ უჯრედს განმსჭვალავს. თქვენ არ დაიყვირებთ: „ევრიკა!“ - და არ აღმოაჩენთ თერმოდინამიკის ან ენერგიის მუდმივობის კანონს. მაგრამ თქვენ განიცდით ტრანსცენდენტულ გაცნობიერებას, რომელიც მთელ თქვენს არსებას განმსჭვალავს. რეალურად გაიგებთ, რომ ენერგია და ცნობიერება არასოდეს ინგრევა, არამედ მხოლოდ გარდაიქმნება ურიცხვ ფორმებად, რომელთაგანაც ერთ-ერთი თავად თქვენ ხართ.
ამ თავში მაგალითად მოყვანილმა ჩემმა ყოველმა პაციენტმა - მელანიმ, არტურმა და ჯორჯმა, - ერთიანობის სასწაულის ღრმა ინტუიტიური გაგება მოიპოვა. მელანიმ ეს მაშინ განიცადა, როცა უდაბნოში ღამის ცის ქვეშ იწვა და ვარსკვლავებს უყურებდა - ახლა მან უკვე იცოდა, რომ ვარსკვლავები სულ ანათებენ, მაშინაც კი,მ როცა ნიუ-იორკის მტვერსა და შუქებს მიღმა არიან. არტურმა თავისი ტვინის შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც შიმშილსა და წყურვილზე დაკვირვებამ საშუალება მისცა გაეგო, რამდენად უყვარს ყოფიერების ღრმა საკითხებში გარკვევა. იგი. იწყებდა გარკვეული პრობლემით, შემდეგ კი საკუთარ თავს ეკითხებოდა: „და ვინ ფიქრობს ამას? ვინ სვავს ამ კითხვას?“ ასეთმა ფიქრებმა საბოლოოდ ძენის მედიტატიურ პრაქტიკამდე მიიყვანა. ამ ტრადიციაში პრაქტიკოსი უბრალოდ სუნთქვაზეა კონცენტრირებული და თავის გონებას აკვირდება მის ყველა სპონტანურ შემოქმედებით გამოვლინებაში. რაც შეეხება ჯორჯს, მან გააცნობიერა, რომ შეუძლია ყოველ ადამიანში დაინახოს სული, და უფრო მეტიც, - ასე უნდა ხედავდეს იმისთვის, რომ უფრო დაოსტატებული ექიმი და მკურნალი გახდეს. ამ პროცესში მან საკუთარი თავი განკურნა.
ამ ადამიანთაგან ყოველი ჩემთან კიდევ. რამდენჯერმე ბრუნდებოდა, მაშინაც კი, როცა თავს კარგად გრძნობდა და მკურნალობა არ ესაჭიროებოდა. ყოფილ პაციენტებს კიდევ უფრო მეტი საშუალების მიღება სურთ ფიზიკური და ემოციური გაჯანსაღებისთვის.
როგორც წესი სულის განკურნება - ბოლო ნაბიჯია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობას ეძებენ, მაგრამ ეს პირველი ნაბიჯია მათთვის, ვისაც ახალი სხეულის შეექმნა სურთ. ვიზიონერის მისია, რომლის შესრულებაც მელანიმ, არტურმა და ჯორჯმა გადაწყვიტეს, - განმარტოება და შიმშილობა ველურ ბუნებაში ან ქალაქში, იესო ქრისტეს და ბუდას განდეგილობას გვაგონებს. ეს ბრძენები შიმშილის, ბრაზისა და საკუთარი თავის დადანაშაულების დემონების წინააღმდეგ წავიდნენ. ვიზიონერის მისიის მეშვეობით მათ განაახლეს თავიანთი სხეულები და მოამზადეს ტვინი უმაღლესი მისიის შესრულებისთვის. შემდეგ კი ადამიანებს დაუბრუნდნენ ხელახლა მოპოვებული მიზნის შეგრძნებით და თავიანთი სიბრძნის გაზიარება დაიწყეს.
მეორე მისიის დროს მელანის ესიზმრა სიზმარი, რომელმაც მთავარ კითხვაზე უპასუხა: „რა არის ჩემი ცხოვრების მომდევნო სტადიის მთავარი დანიშნულება?“ ადრე ავუხსენი მას, რომ „შაქრიანი ტვინით“ პრობლემების გადაჭრა სიზმარში შეუძლებელია, მაგრამ ახლა მისი ტვინი ჯანმრთელი იყო, და მან შეძლო მიახლოვებოდა დიად სიბრძნეს. აი, როგორ აღმოწერა თავისი სიზმარი:
მე წარსულში ვარ, მრავალი საუკუნის წინ. ჩემს შეყვარებულს ვეუბნები, რომ კვლავ ვიპოვი მას, და ვთხოვ, რომ არ იღელვოს. შუშის კარში გავდივარ - დროა. დავემშვიდობოთ ერთმანეთს - და უცებ მუზეუმში აღმოვჩნდი, ჩვენს დროში. მე გამაკვირვა ჩემმა თანამედროვე ტანსაცმელმა. ჩემთან მამაკაცია. ვხვდები, რომ აქ ჩემი შეყვარებული უნდა ვიპოვო, და ვფიქრობ: „ეს ის არის?“ იგი მომიბრუნდა და მითხრა, რომ ის არ არის, ვისაც ვეძებ, მაგრამ მთავაზობს, რომ ჩემს მიზანთან მიმიყვანს. მე შეყვარებულს ვეძებ - არა ადამიანს, არამედ სულს. და სული უკვე ჩემთან ერთად მოდის.
„სიზმარში ღრმა სიახლოვეს ვგრძნობდი, - თქვა მელანიმ, - თითქოს ჩემი შეყვარებული ყოველთვის არსებობს. და ვიგრძენი, რომ წინა ცხოვრებაშიც ვეძებდი ღმერთს“. იგი მიხვდა, რომ არა მხოლოდ შესაფერის პარტნიორს ეძებდა, არამედ სულს, ანუ ერთადერთ შეყვარებულს, რომელიც ნამდვილ გამთლიანებას მოუტანს. მიხვდა, რომ სული თავის პარტნიორში და პარტნიორთან ერთად უნდა ეპოვნა.
ძალის ცხოველები
უძველეს კულტურებში, როცა ადამიანი ვიზიონერის მისიას ასრულებდა, იგი ცხადში ან სიზმარში ხედავდა ხილვას ძალის ცხოველების შესახებ. შესაძლოა თქვენც გქონდეთ ასეთი გამოცდილება. ინგლისური სიტყვა animal (ცხოველი) იგივე ფუძიდან მოდის, რაც „ანიმა“ - ასე უწოდებენ. ლათინურად სამშვინველს, სუნთქვას, სასიცოცხლო ძალას. კარლ იუნგი „ანიმას“ ცნებას ქალური პრინციპის აღსანიშნავად იყენებდა. ამგვარად, ცხოველი გამოხატავს სამყაროს სულის ქალურ ასპექტს. ძალის ცხოველები წარმოადგენენ თქვენი არსების ველურ, მოუთვინიერებელ ასპექტს - თქვენს იმ ნაწილს, რომელიც არავის ემორჩილება და ქარივით თავისუფალია. ისინი წარმოადგენენ თქვენს თავისუფალ სამშვინველს, რომელიც თანამედროვე სამყაროს არ დაუმორჩილებია.
თუ საფრანგეთის და ესპანეთის ცნობილ გამოქვაბულებს დაათვალიერებთ, დაინახავთ დათვების, ბიზონების, მგლების და სხვა ცხოველების უძველეს გამოსახულებებს, რომლებიც პალეოლითელმა მხატვრებმა შექმნეს. თქვენს მზერას არ გამოეპარება ამ არსებების დახვეწილობა, ძალა, ღირსება და სილამაზე. ტრუა-ფრერის გამოქვაბულში საფრანგეთის არეჟის დეპარტამენტში გვხვდება „ჯადოქრის“ გამოსახულება, რომელიც ნახევრად ადამიანია და ნახევრად ირემი. ასეთი არსებები, რომლებიც ორი სამყაროს შტრიხებს აერთიანებენ, წარმოადგენენ ჩვენი ნათესაობის სიმბოლოს ყველა ცხოველთან.
პალეოლითელი ადამიანებისთვის ცხოველები წმინდები იყვნენ. დღეს დასავლეთში წმინდები მხოლოდ შინაური ცხოველები არიან. ადამიანების უმეტესობა ჩლიქოსანი ცხოველების ხორცით იკვებება, რომლებსაც ყველაზე არაადამიანური გზით ზრდიან და კლავენ, შემდეგ კი პოლიეთილენის პარკებში ფუთავენ და მაღაზიებში ჰყიდიან. თუმცაღა კაცობრიობა ინახავს კოლექტიურ მეხსიერებას საკუთარი თავის ცხოველებთან გაიგივების შესახებ. ჩვენ ამას ვხედავთ უძველესი ტომების კულტურებში. მათი გვარები დაფუძნებულია კლანებზე, რომლებსაც ტოტემების სახელებს არქმევდნენ: მგლის, დათვის, გველის და ა.შ. რა თქმა უნდა, ქალაქის მაცხოვრებლებს არანაირი კავშირი არ აქვთ ძალის ცხოველებთან.
უმეტესობა ჩვენთაგანისთვის რთული იქნება საკუთარი სახელმწიფოებრივი ან ნაციონალური ცხოველის აღქმაც კი. აშშ-ის ყოველ შტატს თავისი სიმბოლო აქვს ფრინველის, ან ძუძუმწოვრის სახით, მაგალითად, კალიფორნიას წარმოადგენს დათვი გრიზლი, კოლორადოს - დიდრქიანი ცხვარი. ზუსტად ასევე, მრავალ ქვეყანას თავისი სიმბოლური ცხოველი ჰყავს. მამალი საფრანგეთთან ასოცირდება, დათვი - რუსეთთან, პანდა კი -ჩინეთთან. არწივი მინიმუმ რვა ქვეყნის ნაციონალური სიმბოლოა, მათ შორის აშშ-ის. დღეს ჩვენ იმდენად ვართ მოწყვეტილნი ბუნებას, რომ ნაციონალურ სიმბოლოებს ჩვენი საყვარელი სოციალური ქსელების სურათების სახით ვიყენებთ!
როდესაც კავშირს ამყარებთ ძალის ცხოველთან , ამით ბუნების სულს უკავშირდებით. ვიზიონერის მისიის დროს თქვენ იწვევთ ცხოველს, რათა მოვიდეს და გასწავლოთ. ამისთვის უბრალოდ ლოცვის ფორმით განაცხადებთ თქვენს განზრახვას. მაგალითად, „დიადო სულო, ყოველივეს შემქმნელო, მაკურთხე შენი ერთ-ერთი ქმნილების ვიზიტით. დაე, მან მომიტანოს სიბრძნე და ძალა, რომელიც ახლა ასე ძალიან მჭირდება“.
როცა პირველად შეხვდებით ცხოველის სულს, შესაძლოა არ იცოდეთ, რატომ მოვიდა თქვენთან მაინცდამაინც ეს არსება. უბრალოდ მიიღეთ მისი თანმყოფობა, როგორც მოცემულობა და გახსოვდეთ, რომ ტოტემი, როგორც სულის გზავნილი, განვითარებაში მომდევნო ნაბიჯის გადადგმაში დაგეხმარებათ. ძალის ცხოველები ადამიანებს დამცველებისა და მასწავლებლების სახით ეხმარებიან.
ვიზიონერის მისიის შედეგად მელანი მგელს დაუმეგრობრდა, იმ მტაცებელს, რომლის თავდასხმისაც ყველაზე მეტად ეშინოდა. როცა ვკითხე, თუ რის სიმბოლოს წარმოადგენს მისთვის მგელი, მან მიპასუხა, რომ მგელმა ასწავლა მას, თუ როგორ ყოფილიყო ხროვის ნაწილი. მგელი შორს მიდის, მარტო დახეტიალობს, მაგრამ ყოველთვის ბრუნდება სახლში, თავის მეწყვილესთან. მგლები წყვილებს ქმნიან, პრაქტიკულად მთელი ცხოვრების განმავლობაში, ან ყოველ შემთხვევაში სერიულ მონოგამიას აპრაქტიკებენ - სწორედ ამ გაკვეთილის ათვისება სურდა მელანის, თუ შესაბამის პარტნიორს იპოვიდა.
არტურს ვიზიონერის მისიის დროს ციყვი დაესიზმრა - მან რკო გაუწოდა, მაგრამ შემდეგ უკანვე გამოსტაცა და არტურს სახეზე ნაკაწრი დაუტოვა. მისმა სიზმარმა ჩვენ ორივენი დაგვაფიქრა, და არ ვიცოდი, როგორ ამომეხსნა იგი, სანამ არ ვთხოვე არტურს, რომ ციყვთან დიალოგში შესულიყო. შევთავაზე, რომ ქაღალდის ფურცელი შუაზე გაეყო: მარცხნივ თავისი სახელი დაეწერა, მარჯვნივ კი სქემატურად დაეხატა ამ ტოტემური ცხოველის ფორმა.
როდესაც ცხოველთან სიმბოლური დიალოგის ამ მეთოდს იყენებთ, პირველ რიგში ჰკითხეთ მას: „ვინ ხარ?“ შემდეგ მოისმინეთ და ჩაიწერეთ პასუხი. არტურის ციყვმა ნათლად განუმარტა მას, რომ მოვიდა, რათა ნივთების დაგროვება ესწავლებინა. უთხრა, რომ ზუსტად იცოდა, რა რაოდენობის რკო დასჭირდებოდა ხანგრძლივი ზამთრის გადასატანად, და რომ მისი სიჭარბე არ აძლევდა დამატებითი უსაფრთხოების გარანტიას. არტური მიხვდა, რომ რკოები მისი წონის სიმბოლოს წარმოადგენდნენ. მას არ სჭირდებოდა ცხიმის მომარაგება ხანგრძლივი ზამთრისთვის, რადგან ის არასოდეს დადგება. შემდეგ აღმოაჩინა, რომ დაგროვებისადმი მიდრეკილება წინაპრების სამი თაობისგან მიიღო, რომლებმაც თავის მხრივ მრავალი ტანჯვა და გაჭირვება გადაიტანეს: მათ სდევნიდნენ, ართმევდნენ ქონებას და საკუთრებას, აიძულებდნენ, რომ მუდამ გადასახლებაში ყოფილიყვნენ და სტაბილური ადგილი არ ჰქონოდათ. ეს გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა არტურისთვის: ის მიხვდა, რომ აღარ სჭირდებოდა სიღარიბისა და უკმარისობის ამ ოჯახური ტრადიციის გაგრძელება. ციყვი მოვიდა, რომ ესწავლებინა მისთვის - მეტი დრო დაეთმო თავისუფალი მოძრაობისთვის და ფრენისთვის, და არა მარაგების შავი დღისთვის მომარაგებისთვის.
როცა ვიზიონერის მისიის დროს თქვენთან ტოტემური ცხოველი მოდის, საკუთარ ცხოვრებაში იმ თვისებებს იწვევთ, რომლებსაც იგი განასახიერებს. ძალის მატარებელი ტოტემის მეშვეობით შეგიძლიათ საკუთარი პიროვნების ახალი წახნაგები გამოიკვლიოთ. ძალის ცხოველთან ურთიერთობა შეგიძლიათ მასთან თვითიდენტიფიკაციით განავითაროთ. მაგალითად, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ იაგუარის თვალებით იყურებით ან გაზელის მსუბუქი ნახტომებით მოძრაობთ. შეგიძლიათ ასევე დაკავდეთ იოგას ან ორთაბრძოლების რომელიმე ფორმით, რომელშიც თქვენი ტოტემური ცხოველის დასახელების მოძრაობები სრულდება. ჰათჰა იოგაში გამოიყენება აქლების, კობრას, ლომის ან ძაღლის პოზები, ტაი-ჩი-ში არსებობს მოძრაობები ისეთი მრავლისმეტყველი სახელებით, როგორებიცაა „მარტოხელა ოქროს მამლის დგომი“, „მბრუნავი დრაკონი ფსკერზე ეშვება“, „თეთრი წერო ფრთებს შლის“ და ა.შ., ხოლო კუნფუში ცნობილია ვეფხვის, ლეოპარდის, წეროს, გველის და დრაკონის ტექნიკები.
ურთიერთობა გქონდეთ თქვენს ცხოველებთან ყოველთვის როცა შეგიძლიათ. დაე, მათ გასწავლონ მიწაზე რბილად სიარული და იმის დანახვა, რაც ადამიანის თვალთათვის შეუმჩნეველია. მისი ძალა თქვენში უძველეს ინსტინქტებს აღვიძებს, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმარებიან.
გამოცდილება, რომელიც ცხოვრებას ცვლის
ვიზიონერის მისიას სამუდამოდ შეუძლია თქვენი ცხოვრების შეცვლა. შეუძლებელია თქვენი იმ მანათობელი ბუნების ინტენსიური გამოღვიძების დავიწყება, რომელიც მაშინ დგება, როცა შიმშილის გრძნობა ქრება. ეს გამოღვიძება ზემოთ წევს ფარდას ხილულ და უხილავ სამყაროებს შორის. უშფოთველი მზერით თქვენ მაშინვე აცნობიერებთ საკუთარ ერთიანობას სულთან და მთელ ქმნილებასთან.
ვიზიონერის მისია ვალდებულებას ითხოვს, და როგორც წესი, გარკვეულ ფიზიკურ და ემოციურ დისკოფორტს ქმნის. მაგრამ ესაა საშუალება, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ საკუთარი თავის გარდაქნა, პირადი ევოლუცია და გზა ახალი სხეულის შექმნისკენ.
როგორ დავაორგანიზოთ ვიზიონერის საკუთარი სამდღიანი მისია
ვიზიონერის მისია ბუნებრივ გარემოში მიმდინარეობს. მისი ცენტრალური პრაქტიკები - შიმშილობა და მედიტაციაა. ისინი ხელს უწყობენ ღრმა კეტოზს, რომელიც აუცილებელია სწრაფი აღდგენისთვის და ახალი სხეულის ზრდისთვის, ასევე მთელ სამყაროსთან ერთიანობის განცდისთვის.
სანამ ვიზიონერის მისიას დაიწყებთ, აუცილებელია არანაკლებ სამი თვისა ყოველდღიურად დაიცვათ 18 საათიანი ინტერვალური შიმშილობა, რომელიც მეხუთე თავშია აღწერილი. მაშინ არსებობს გარანტია, რომ თქვენს სხეულს შეუძლია გლუკოზის წვიდან ცხიმების წვაზე გადასვლა ენერგიის მისაღებად. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ მარტოობაში გაატარებთ სამ დღეს, თავს მშიერად და უბედურად იგრძნობთ, და სარგებელს ვერ მიიღებთ ვიზიონერის მისიისგან. გარდა ამისა, ამ ხანგრძლივობის ინტერვალური შიმშილობა დროს მისცემს თქვენს ორგანიზმს, რომ გამოიტანოს ტოქსინები და განაახლოს ტვინი.
შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ, რომ წარმატებით ჩაატაროთ ვიზიონერის სამდღიანი მისია.
ადგილი
იმისთვის, რომ ვიზიონერის მისიისთვის შესაფერისი ადგილი იპოვოთ, წარმოიდგინეთ, რომ იაგუარს ბუნებაში დაფარული და მყუდრო ადგილისკენ მიჰყავხართ. კატისებრთა წარმომადგენლები ამ საკითხში სახელგანთქმულნი არიან უშეცდომო ინტუიციით, მაშინ, როცა ძაღლები დიდხანს ყნოსავენ გარშემო ყველაფერს და ხიდან ხემდე დარბიან. წარმოსახვითი ველური კატა ყველაზე ხელსაყრელ ვარიანტს გაჩვენებთ. აირჩიეთ ლამაზი, უსაფრთხო და სხვების თვალისგან საკმარისად მოწყვეტილი კუთხე, სადაც ტურისტები არ შეგაწუხებენ.
თუ გადაწყვიტეთ, რომ არ გსურთ ველურ ბუნებაში წასვლა, შეგიძლიათ ადგილი სახლთან ახლოს, ქალაქშიც კი იპოვოთ. ასე მოიქცნენ არტური და ჯორჯი, რომელთა ისტორიაც ამ თავშია აღწერილი.
აღჭურვილობა
თან შეგიძლიათ წაიღოთ საძილე ტომარა, ტურისტული ხალიჩა და თუ მოისურვებთ, კარავი. აუცილებლად იქონიეთ თან ბლოკნოტი და კალამი, რათა ჩაიწეროთ სიზმრები, ნებისმიერი მოგონება ან ძლიერი გრძნობა. კომპიუტერი და სხვა ელექტრონული მოწყობილობები ან საკითხავი მასალები სახლში დატოვეთ. თუ გადაუდებელი საქმეები გაქვთ, გააკეთეთ ისინი ცნობიერად, როგორც ამას ჯორჯი აკეთებდა, და შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ სული ყოველთვის თქვენს გვერდითაა.
შეგიძლიათ თან იქონიოთ მობილური ტელეფონი, მაგრამ გამოიყენეთ იგი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. აუცილებლად შეატყობინეთ თქვენი ადგილსამყოფელი რომელიმე მეგობარს ან ოჯახის წევრს. თუ გსურთ, შეგიძლიათ თხოვოთ, რომ დღეში ერთხელ, სასურველია საღამოს, მოგინახულოთ, მაგრამ არ მოგაცდინოთ.
მოწყობა
როცა ადგილზე მიხვალთ, დახატეთ კარვის გარშემო დაახლოებით ექვსი მეტრის დიამეტრის წრე. ეს თქვენი ტერიტორიაა, და მომდევნო სამი დღის განმავლობაში ამ წრის შიგნით იცხოვრებთ და მხოლოდ იმისთვის გასცდებით ამ წრეს, რომ ბუნებრივი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოთ. კარგი იქნება, თუ რამდენიმე ნაგვის პარკსაც იქონიებთ, მისიის დასრულების შემდეგ ნარჩენები თან რომ წაიღოთ.
შიმშილობა
ეს ვიზიონერის მისიის ცენტრალური ნაწილია. შიმშილობის დროს ორგანიზმი ღრმა კეტოზის მდგომარეობაში შედის, და ღეროვანი უჯრედების გამომუშავებას იწყებს თავის ტვინსა და სხვა ორგანმოებში.
როცა მოგშივდებათ, მუცელში ბუყბუყი დაგეწყებათ. ხშირად ის თავში უფრო გაიჟღერებს, ვიდრე მუცელში: ლიმბურ ტვინს გლუკოზა ენატრება და ყვირის, რომ მოკვდება, თუ რაეს არ შეჭამს. გამოიყენეთ ეს ბუყბუყი იმაზე დასაკვირვებლად, თუ როგორი გამომგონებლურია თქვენი გონება.
შიმშილობის პირველ დღეს თქვენ, სავარაუდოდ, არა მხოლოდ შიმშილის გრძნობა გექნებათ, არამედ განწყობის ცვლილებები, სისუსტე და გაღიზიანებადობა. დისკომფორტის უმეტესი ნაწილი იმითაა განპირობებული, რომ თქვენი სხეული სწრაფად ათავისუფლებს ტოქსინებს. პირველი 36 საათის განმავლობაში იწვება მთელი გლიკოგენი, რომელიც ღვიძლში ინახება. შემდეგ სხეული კუნთებში წვავს გლიკოგენს, მაგრამ მალე კეტოზის მდგომარეობაში გადადის და ცხიმების წვაზე გადაერთვება. თქვენ შეამჩნევთ ამ გადართვას: შიმშილის გრძნობა გაქრება, იგრძნობთ, რომ გონების ბურუსი იფანტება და საოცარი სიცხადე შემოდის.
სამდღიანი შიმშილობა წყალზე სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანების უმეტესობისთვის. თუ რაიმე ავადმყოფობა გაქვთ, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, სანამ მისიას დაიწყებთ. თუ მედიკამენტებით მკურნალობთ, დიაბეტი გაქვთ ან რაიმე მწვავე დაავადება, არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ შიმშილობა თერაპევტთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
მისიის დროს უსმინეთ საკუთარ სხეულს და მიჰყევით მის მითითებებს. თუ რაღაც მომენტში გულისრევას იგრძნობთ, ან შაქრის დონე სისხლში სახიფათოდ დაბალ ნიშნულამდე დაეცემა, მაშინვე შეწყვიტეთ შიმშილობა. მე ყოველთვის თან მაქვს ავტომობილში შოკოლადი, თხილეული და ჩირები, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. როცა იცით, რომ შოკოლადი თქვენგან სულ რაღაც რამდენიმე მეტრშია, საჭმლისგან თავშეკავება უკვე აღარაა ისეთი ადვილი, მაგრამ შეგიძლიათ ეს სურვილი მედიტაციად აქციოთ - ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა გონების წრიალზე დასაკვირვებლად.
წყალი
მისიის დროს ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არ დაუშვათ გაუწყლოება. აუცილებელია, მინიმუმ 4 ლიტრი წყალი მიიღოთ დღეში, - გაითვალისწინეთ ეს, როცა ბარგს ჩაალაგებთ. თუ თქვენი ვიზიონერის მისია უდაბნოს მშრალ კლიმატში მიმდინარეობს, წყალი კიდევ უფრო მეტი დაგჭირდებათ - თითქმის 6 ლიტრი დღე-ღამეში. ყოველ საათში უნდა მოშარდოთ, და თუ ამას უფრო იშვიათად აკეთებთ, ეს ნიშნავს, რომ ცოტა წყალს სვამთ.
მოწყენილობა
თქვენ მოგწყინდებათ. აღიქვით მოწყენილობა, როგორც ნიშანი იმისა, რომ ჭვრეტის სასურველ მდგომარეობას უახლოვდებით. ერთფეროვნების მძიმე შეგრძნებები და ამასთან დაკავშირებული მღელვარება - ესაა ლიმბური ტვინის მუშაობის შედეგი, რომელიც საკუთარი თავისადმი ყურადღებას მოითხოვს. მიიღეთ ეს მდგომარეობა, როგორც პროცესის ნაწილი. მოწყენილობაც გავა, ისევე, როგორც შიმშილის გრძნობა.
დრო
დროს თვალყური არ ადევნოთ. იგი ვერ ააჩქარებს თავის სვლას იმის გამო, რომ წამდაუწუმ საათს დახედავთ. უფრო მეტიც, ამ სიტუაციაში თქვენ ცდილობთ უდროობის განზომილებაში შეხვიდეთ. გადააწყვეთ თქვენი შინაგანი ქრონომეტრი მზესა და ვარსკვლავებზე.
მედიტაცია
დღის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ სავარჯიშო - „მე - ჩემი სუნთქვა ვარ“, რომელიც 12-ე თავშია აღწერილი. საღამოს, თუ კოცონს გააჩაღებთ ან სანთელს დაანთებთ, შეგიძლიათ დააპრაქტიკოთ ძველი როლებისა და პიროვნებების დაწვის რიტუალი, როგორც 10-ე თავშია აღწერილი. სანამ კოცონს გააჩაღებთ, დარწმუნდით, რომ ახლო-მახლო ადვილად აალებადი ნივთიერებები არაა, რიტუალის დასრულების შემდეგ კი ბოლომდე ჩააქრეთ ცეცხლი.
ლოცვა
ვიზიონერის მისიის დროს ილოცეთ, წარმოთქვით მადლიერების სიტყვები იმ სილამაზისთვის, რაც თქვენს გარშემოა, და ყოველი თქვენი ჩასუნთქვისთვის. ილოცეთ გულით, და არა თავით.
ვიზიონერის მისიის დასრულება
დაგეგმეთ, რომ სამდღიანი მისია მესამე დღეს დაბნელებამდე დაასრულოთ. წასვლის წინ აუცილებლად დაალაგეთ იქაურობა და თან წაიღეთ ნაგავი. დარწმუნდით, რომ თქვენს შემდეგ ეს ადგილი ისეთივე სუფთაა, როგორც თქვენს მოსვლამდე იყო - ან უფრო სუფთაც. არ დატოვოთ კვალი.
შიმშილობიდან გამოსვლა
შიმშილობიდან გამოსვლა საღამოს ჯობია. შეგიძლიათ მიირთვათ მსუბუქი ბოსტნეულის ბულიონი ან სუპი მისო, მომდევნო დღეს კი დაუბრუნდეთ ჩვეულ დიეტას გლუტენისა და რძის პროდუქტების გარეშე.