თავი მერვე - ვთავისუფლდებით სტრესებისგან
ცივილიზაციის ძირითადი მიღწევები - ესაა პროცესები, რომლებიც პრაქტიკულად ანგრევენ იმ საზოგადოებებს, რომლებშიც ისინი ვითარდებიან. (ალფრედ ნორტ ვაიტჰედი, ბრიტანელი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი).
რამდენიმე წლის წინ ჩემმა ერთ-ერთმა მასწავლებელმა ამაზონიის შამანებიდან მითხრა, რომ ტროპიკული ტყის სიბრძნის შესაცნობად მთელი ღამე ჯუნგლებში უნდა გამეტარებინა, მდინარე მადრე-დე-დიოსთან ახლოს. დაისის წინ მან ნაპირთან მიმიყვანა. ეს იყო მშვენიერი ადგილი - ველი, რომელიც დაფარული იყო თეთრი ქვიშით და გარს შიუაუაკოს გიგანტური ხეები ერტყა. შორიახლოს სხვადასხვა ფერის თუთიყუშები წითელ ქვიშას კენკავდნენ და ყლაპავდნენ კენჭებს, რომლებიც ყოველთვის მათი მენიუს ნაწილს წარმოადგენდნენ. ჩამავალი მზის თბილი სხივების ქვეშ ფრინველების ლურჯი და წითელი ბუმბული გამჭვირვალეს ჰგავდა. და შემდეგ უეცრად, როგორც ეს ყოველთვის ხდება ტროპიკულ ტყეებში, ჩამობნელდა.
ჩანთაში დავიწყე ქექვა და აღმოვაჩინე, რომ ფანარი და ასანთი, რომლებსაც ყოველთვის თან დავატარებდი ასეთ შემთხვევებში, მოხუც შამანს წაუღია. მინდოდა დამერწმუნებინა საკუთარი თავი, რომ სამოთხეში ვიყავი, და რომ გარშემო სილამაზეა და უსაფრთხოდ ვარ. მაგრამ როგორც კი დაბნელდა, თავზარი დამეცა იმის გაცნობიერებისგან, რომ ბნელ ჯუნგლებში მარტო დავრჩი. ტოტების ყოველი ხრაშუნი და ფოთლების ყოველი შრიალი მაღელვებდა. მეჩვენებოდა, რომ ახლოს იაგუარია ჩასაფრებული, რომელიც მზადაა ნებისმიერ მომენტში მეცეს და თავისი ბასრი ეშვები ჩამარჭოს. მაგრამ შემდეგ გათენდა, და ყველაფერი ისევ კარგი გახდა მას შემდეგაც კი, რაც ქვიშაზე იაგუარის ახალი კვალი დავინახე. ტროპიკულ ტყეში დიდი დროის გატარება დამჭირდა, სანამ მივხვდი, რომ მშვიდად შემეძლო გაძლება საკვების მინიმალური მარაგითაც კი. ვისწავლე, თუ როგორ ვყოფილიყავი შეუმჩნეველი იაგუარებისთვის.
ჩვენ მაშინ ვხვდებით მტაცებლების მსხვერპლნი, როცა ისინი ჩვენს შიშს გრძნობენ. იაგუარი ჩვენს სუნს მრავალი კილომეტრის მანძილზე გრძნობს, ისევე, როგორც ქალაქის მძარცველი გვარჩევს მყისიერად ბრბოში, რადგან შინაგანად ჩვენს სისუსტეს იყნოსავს. შიში ტვინსა და ჰორმონალურ სისტემაში ქიმიური რეაქციების კასკადს რთავს, რომლებიც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ცვლიან ჩვენი სხეულის სუნს - ამ დროს კუთხეში მომწყვდეული მსხვერპლის სუნი აგვდის. შეგშინებიათ ისე, რომ შიშისგან ოფლმა დაგასხათ? ამ დროს თქვენი ცნობიერება მთელ სამყაროს ისე აღიქვამს, როგორც საშიშ მტაცებელს, და თავდაცვის პოზიციაში გადადიხართ: „ვარ თუ არა უსაფრთხოდ? მეყოფა თუ არა ფული, სიყვარული ან სხვა რამ იმისთვის, რომ თავი დაცულად ვიგრძნო?“ შიში ქრონიკული ჰიპერ-აგზნების მდგომარეობაში გამყოფებთ, რის გამოც შესაძლოა ვინმეს ვახშმად იქცეთ.
ჩვენს შიშებს ავადმყოფობებამდე მივყავართ. ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა გამოწვეულია განუკურნავი ემოციებით, და შიში - ყველაზე მტკივნეულია მათგან. ემოციები - ესაა გადარჩენის უძველესი პროგრამები, რომლებიც ლიმბურ ტვინშია კოდირებული, და სანამ ისინი ზეწოლას ახდენენ აზროვნებაზე და ნერვულ სისტემაზე, თავს საფრთხეში იგდებთ. იმისთვის, რომ გარემოებების მსხვერპლიდან გმირად იქცეთ და გრანდიოზულ, აღმოჩენებით სავსე მოგზაურობაში გაემგზავროთ, აუცილებელია განკურნოთ თქვენი ემოციები. ამისთვის აუცილებელი არაა რაღაც განსაკუთრებული და ძალიან რთული აკეთოთ. ცხოვრება უხვად გვთავაზობს რთულ ამოცანებს და სტრესებს, რომლებიც შიშის და რისხვის მსგავსი ტოქსიური ემოციების თანაგრძნობად და სიყვარულად გარდაქმნის საშუალებას გვაძლევენ.
მინდა განვასხვავო ტოქსიური ემოციები, რომლებიც ჩირქიანი ჭრილობების მსგავსად გვწამლავენ იმ გრძნობებისგან, რომლებიც ჩნდებიან, როგორც ბუნებრივი რეაქციები მიმდინარე მოვლენებზე და შემდეგ ქრებიან. თქვენ ზოგჯერ ბრაზდებით შვილებზე ან მეუღლეზე, და ეს სპონტანური აფეთქებები ქიმიური ნივთიერებების მთელ ტალღას წარმოშობენ სხეულსა და ტვინში, მაგრამ მალე ეს გრძნობა გადის, და სიმშვიდე აღდგება. რაც შეეხება ტოქსიურ ემოციებს, მათ მიდრეკილება აქვთ, რომ გაჩერდნენ ორგანიზმში. და ჩასახლდნენ ტვინის ნეირონულ ქსელებში საათების, დღეების ან წლების განმავლობაში. ტვინის მკვლევარი ჯილ ბოლტ ტეილორი აღწერს განსხვავებას გრძნობებსა და ემოციებს შორის წიგნში - „ჩემი ინსულტი, როგორც შთაგონება“ (“My Stroke of Insight”): „საწყისი ტრიგერიდან 90 წამში, ჩემი გაბრაზების ქიმიური კომპონენტები მთლიანად ქრებიან ჩემი სისხლიდან და ავტომატური რეაქცია სრულდება. თუმცა, თუ მე ამ 90 წამის შემდეგაც გაბრაზებული დარჩები, ეს იმიტომ ხდება, რომ მე ავირჩიე, მიმეცა ამ ნეირო-სქემისთვის გაგრძელების საშუალება. მე ყოველწამიერად ვაკეთებ არჩევანს: დავრჩე ამ ნეირო-სქემაში, თუ დავბრუნდე აწმყო მომენტში...“
შიში - ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ემოციაა. მის გამო ჩვენ ბრმები ვხდებით გარემომცველი შესაძლებლობების მიმართ. შიში ვერ ხედავს გამოსავალს. შიშის ზეგავლენით ირთვება სისტემა: „დაარტყი ან გაიქეცი“ - ესაა ე.წ. HPA, ანუ ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლების სისტემა. იგი შედგება ჰიპოთალამუსისგან და ჰიპოფიზისგან, ასევე თირკმელზედა ჯირკვლებისგან. როცა საფრთხეს გრძნობთ, წარმოსახვითს ან რეალურს, ტვინი HPA ღერძში განგაშის სიგნალს გზავნის, ამცირებს სისხლის მოწოდებას პრეფრონტალურ ქერქში, ანუ ტვინის იმ ნაწილში, რომელსაც სასიკეთო შესაძლებლობების დანახვა შეუძლია.
სახიფათო სიტუაციები მართლაც ხდება, მაგრამ ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევანი, როგორი რეაგირება მოახდინოს მათზე. იმისთვის, რომ მსხვერპლად ყოფნა შევწყვიტოთ, უარი უნდა ვთქვათ ისეთ რწმენა-წარმოდგენებზე, რომელთა გამოც სამყარო მტრულად გვეჩვენება. სტრესი გამოწვეულია სწორედ თქვენი რწმენა-წარმოდგენებით, და არა ადამიანების თვისებებით ან გარე სიტუაციებით. როცა ამას გაიგებთ, შეძლებთ, რომ ჰარმონიაში იცხოვროთ გარესამყაროსთან და აღარ იგრძნოთ თავი კუთხეში მომწყვდეულ მსხვერპლად.
ემოციური ზეწოლა, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში განვიცდით, ხშირად ჩვენი შემზღუდავი რწმენების შედეგია, და ასევე მიდრეკილების რეაქციისკენ - „დაარტყი ან გაიქეცი“.
შემზღუდავი რწმენები
შემზღუდავ რწმენებს არაფერი აქვთ საერთო IQ-სთან ან განათლებასთან, მაგრამ პირდაპირ კავშირშია ცხოვრების ადრეულ გამოცდილებასთან - იგი აფორმირებს ჩვენს დამოკიდებულებას სამყაროს მიმათ, ხოლო უცვლელად ფრთხილი, მაგრამ არაგონიერი ნეირონული ქსელები ამ ყველაფერს ინტერპრეტაციას უკეთებენ, როგორც რეალობას. ზოგჯერ ისე ჩანს, რომ რაც უფრო მეტი ცოდნა აქვს სპეციალისტს, მით უფრო მეტად დაბრმავდება თავისი რწმენებით. ერაყში ამერიკელების შეჭრამდე მრავალი ექსპერტი არწმუნებდა მთავრობას, რომ სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების იარაღს აგროვებს, მაგრამ შემდეგ მსგავსი ვერაფერი იპოვეს. „ფაქტები“, რომლებიც ამერიკელ ხალხს წარუდგინეს, მოგონილი იყო. ექსპერტები, რომლებიც კონგრესის წინაშე ჩვენებას აძლევდნენ, არ იტყუებოდნენ, არამედ უბრალოდ დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ სიმართლეში. გინახავთ სიგარეტის რეკლამა 1950-იანებში? აი, მისი ტექსტი: „ექიმების უმეტესობა უპირატესობას Camel-ს ანიჭებს“.
ჩვენი შეხედულებების ფორმიორებისას ყურადღებას იმ ფაქტებზე ვამახვილებთ, რომლებიც ჩვენს რწმენებს შეესაბამებიან, და მზად ვართ უკუვაგდოთ ყველა დანარჩენი. მაგალითად ავიღოთ „ფეიქ ნიუსების“ თემა. ორი მეგობარი აღიარებს, რომ გამოქვეყნებული ახალი ამბების უმეტესობა ჭეშმარიტებას არ შეესაბამება, მაგრამ კითხრაზე, თუ რომელია ყალბი, ისინი სრულიად სხვადასხვაგვარად გიპასუხებენ. დასავლური საზოგადოება ინტელექტს და მეცნიერებას ეყრდნობა, არ ენდობა ინტუიციას და იშვიათად აერთიანებს შემეცნების ამ ორ განსხვავებულ მეთოდს, რათა უფრო ფართოდ შეხედონ მოვლენებს. როცა სამედიცინო განათლების მქონე ადამიანებთან ვურთიერთობ, ისინი ყოველთვის მეკითხებიან, თუ რა მეცნიერული კვლევებითაა გამყარებული ჩემი მჯელობები ჯანმრთელობის თემაზე, თუმცა ინსტინქტურად ხვდებიან, რომ სიმართლეს ვამბობ.
ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ვწერ ამ წიგნში ამდენს მეცნიერებაზე: ჩვენ გვსურს დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ უძველესი ცოდნა პროფესიონალური ჟურნალების ავტორიტეტული სტატიებით დადასტურდეს. თუმცა არავისთვის არაა საიდუმლო, რომ მრავალი პუბლიკაცია, რომელიც სერიოზულ მეცნიერებად საღდება, ხშირად ასევე ყალბია. ხშირად მეცნიერები ექსპერიმენტულ მონაცემებს თავიანთი ჰიპოთეზებს უთავსებენ და ეფუძნებიან კვლევებს ძალიან მცირე არჩევანით.
თუმცაღა რაც უფრო მკაცრად ვიზღუდავთ თავს ცოდნის მიღების სხვადასხვა მეთოდებში, მით უფრო მეტად ვიმოქმედებთ ჩვენი წინასწარი რწმენა-წარმოდგენებიდან გამომდინარე, რომლებზეც არც კი ვვეჭვობთ. თუკი დავიჟინებთ, რომ მხოლოდ მეცნიერებას უნდა დავეყრდნოთ და ინტუიციას არ უნდა ვენდოთ, ხელიდან გავუშვებთ უფრო სწორი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, რომლებამდეც ამ ორი მიდგომის გაერთიანება მიგვიყვანდა. მკვლევარები დუგლას დინი და ჯონ მიხალასკი ათი წლის განმავლობაში იკვლევდნენ ექსტრასენსორულ აღქმას, (ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - ინტუიციას) კომერციული კომპანიების ტოპ-მენეჯერებში. გაირკვა, რომ ის ხელმძღვანელები, რომლებიც ინტუიციას და წინათგრძნობას ენდობიან და რისკზე მიდიან, გაცილებით მეტ მოგებაზე გადიან, ვიდრე მათი კოლეგები, რომლებიც ცალსახად ლოგიკას და „ფაქტებს“ ეყრდნობიან.
ინტუიცია საერთოდ არაა ისე შორს გონებისგან, როგორც ეს მკაცრად რაციონალისტებს წარმოუდგენიათ. მეცნიერთა ჯგუფმა, რომლებშიც იყვნენ ნობელის ლაურიატები - ჰერბერტ საიმონი და დანიელ კანემანი, აღმოაჩინა, რომ მაგალითად, ინტუიციაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილების მიღებისას ექსპერტები სინამდვილეში თავიანთ გამოცდილებას და ცოდნას ეყრდნობიან. ხოლო თუ არჩევანი დაფუძნებულია აუხსნელ შეგრძნებაზე - „მომწონს/არ მომწონს“, მაშინ იგი წმინდად ემოციურად უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ სიმართლედ ყოფნის შანსები ამ გადაწყვეტილებას 50/50 აქვს. ჩემი რწმენით, მრავალი რამ იქიდან, რასაც ინტუიციას ვეძახით, - ეს სინამდვილეში ნაწლავური ტვინის სამუშაოა, რომელიც კარგად გვემსახურება, როცა ნაწლავებს ვანახლებთ და იმ კარგი ბაქტერიების კოლონიებს ვკვებავთ, რომლებიც ჩვენი ორგანიზმის 90%-ს შეადგენენ.
ერთ-ერთ გავრცელებულ წინასწარგანწყობას შეუძლია სერიოზული შედეგები მოიტანოს. ესაა რწმენა იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი ჯანმრთელობის დაცვა, ამიტომ ექიმების, წამლების და მკურნალობის მეთოდების იმედად უნდა ვიყოთ. ამას უძლურების შეგრძნებამდე მივყავართ და ხელს გვიშლის, რომ დამოუკიდებლად ვიმოქმედოთ საკუთარი ცხოვრების გადასარჩენად. პროგრამა - „შექმენი ახალი სხეული“ გიჩვენებთ, რომ მხოლოდ ექიმებზე და წამლებზე დამოკიდებულობა აუცილებელი არაა. შეგიძლიათ გამოიყენოთ სუპერფუდების და ნეირონუტრიენტების ძალა სულის რესურსებთან ერთად, რათა ხელი შეუწყოთ თვითგანკურნების თანდაყოლილ უნარს.
ჩვენ შებოჭილნი ვხდებით შემზღუდველი რწმენა-წარმოდგენებით, რომლებიც ლიმბურ ტვინში ინახებიან, და გამუდმებით სხვების რჩევების იმედად ვართ. ექიმებისგან ჯანმრთელობის შესახებ რეკომენდაციებს ველით, პოლიტიკური კომენტატორებისგან - მინიშნებებს იმაზე, თუ ვის მივცეთ ხმა არჩევნებზე, მასმედიისგან კი ახსნას, თუ ვინაა ჩვენი მეგობარი და ვინ - მტერი.
როგორც წესი, შემზღუდველი რწმენა-წარმოდგენები გვაიძულებენ, რომ სამი როლიდან ერთ-ერთში გამოგვამწყვდიონ - მსხვერპლის, აგრესორის ან გადამრჩენელის. ეს სამი პერსონაჟი იმის სამ კუთხეში ზის, რასაც მე უძლურების სამკუთხედს ვუწოდებ. ჩვენ დრამებს ვქმნით მათი მონაწილეობით, და შემდეგ, ისტორიის განვითარებასთან ერთად, ისე ვიქცევით, თითქოს ლაბირინთში დავიკარგეთ, აღარასოდეს ვთავისუფლდებით ამ დრამისგან, ვეჭიდებით საკუთარ როლებს და შეგვიძლია მხოლოდ შევცვალოთ ხოლმე ისინი. გასაკვირი არაა, რომ ყველა სიტუაცია ნაცნობად გვეჩვენება: ჩვენ ვაგრძელებთ ერთი და იგივე ნაცნობი დრამების პროეცირებას ახალ მონაწილეებზე.
როცა ენერგეტიკული მედიცინის ჩემს კურსს გადის, მრავალ პაციენტს სურს, რომ მე გადამრჩენელი ვიყო და განვკურნო ისინი ნებისმიერი ავადმყოფობისგან, რომელიც მათ მსხვერპლად აქცევს. ჩემი პირველი ამოცანაა - უარი ვთქვა ამ სამუშაოზე და დავეხმარო ადამიანს მკურნალობისთვის საკუთარი შინაგანი რესურსების მოძებნაში. თუ ამას არ გავაკეთებ, ის ჩემგან ჯადოსნობის მოლოდინში იქნება, თვითონ კი პასიურ დამკვირვებლად დარჩება.
ყველა ეს როლი - მსხვეპრლის, აგრესორის და გადამრჩენელის, გვაიძულებს, რომ გვეშინოდეს, გვშურდეს თავი დავიცვათ და კონკურენციაში შევიდეთ. იმის ნაცვლად, რომ გვიხაროდეს სხვების გამო დან აღტაცებულნი ვიყოთ მათი სასარგებლო საქმეებით, ჩვენ შურისგან ვიტანჯებით ან სხვების ღირსებებს ვაკნინებთ. მწერალ გორ ვიდალს შემდეგ სიტყვებს მიაწერენ: „ყოველ ჯერზე, როცა ჩემი მეგობარი წარმატებას აღწევს, ჩემი ნაწილი კვდება“. ჩვენ ყოველთვის გვაქვს შესაძლებლობა, რომ გამოვიდეთ შემზღუდველი რწმენა-წარმოდგენებიდან და ცხოვრებას უფრო ფართო კონტექსტით შევხედოთ, იმ წინასწარგანწყობების გარეშე, რომლებიც ჩვენს აღქმას ამახინჯებენ. გმირული ამბები ადამიანებზე, რომლებიც მძიმე გამოცდებს გადიოდნენ, მაგრამ საკუთარ თავზე მაღლა დგებოდნენ, გაცილებით უფრო მეტად შთაგვაგონებს, ვიდრე ნებისმიერი დრამა სამი დიდი ხნის მობეზრებული პერსონაჟით. ამ შთაგონებით ჩვენ გადავლახავთ აბეზარ აზრებს იმაზე, თუ რამდენად უსამართლოდაა ცხოვრება მოწყობილი.
შინაგანი სცენარის შესაცვლელად საჭიროა თავი დავაღწიოთ სისტემას - „დაარტყი ან გაიქეცი“. თუ HPA ღერძს გადავტვირთავთ, უფრო ადვილი გახდება იმ ნეგატიურ ემოციებზე უარის თქმა, რომლებიც კვებავენ დეპრესიას, ბრაზს და ავადმყოფობებს, და იმ დადებითი გრძნობების განვითარებას, რომლებიც სხეულის აღდგენაში გვეხმარებიან.
ჰიპერ-გაღიზიანება და რეაქცია - „დაარტყი ან გაიქეცი“
ორი სტრეს-ფაქტორი, რომლებსაც დღეს ვაწყდებით - ესაა მეტისმეტი გაღიზიანება და „დაარტყი ან გაიქეცი“ სისტემის ჰიპერაქტივობა. ისინი ხშირად ერთად მოქმედებენ. ჩვენ განუწყვეტლივ ვექვემდებარებით ინტენსიურ სენსორულ სტიმულაციას და გაცილებით უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ, ვიდრე ამის გადამუშავება შეგვიძლია. სწორედ ამით განისაზღვრება ჩვენი HPA - ღერძი.
ჩვენ ყოველ კვირას იმდენ ინფორმაციას ვიღებთ ტელევიზორიდან და ინტერნეტიდან, რამდენსაც ჩვენი პალეოლითელი წინაპარი მთელი ცხოვრება ვერ აითვისებდა. ინფორმაციულ პროგრესს რომ არ ჩამოვრჩეთ, გამოფიტვამდე ვძაბავთ ჩვენს ტვინს. ვერც კი დავითვლი, რამდენჯერ გამიგია ასეთი სიტყვები: „კოფეინი რომ არა, ამ ყველაფერს ვერ დავძლევდი!“ ბუნებამ ჩვენი ტვინი ისე დააპროექტა, რომ ერთ მოღრიალე ლომს გავქცეოდით, მაგრამ მას არ გაუთვლია, რომ ჩვენს წინააღმდეგ მთელი ჯუნგლები მობილიზდებოდა. დღეს ჩვენი ტვინი ძალიან გადატვირთულია, და მას უბრალოდ არ ძალუძს მიღებული მონაცემების სორტირება, და მითუმეტეს მათი საღი თვალით აღქმა და იმის განსაზღვრა, თუ სად გვემუქრება კრიზისი და სად არა, და საჭიროა თუ არა შეწინააღმდეგება, და თუ კი - როგორ.
მასმედია გვატყობინებს იმ ომების შესახებ, რომლებიც შორეულ ქვეყნებში ხდება, მაგრამ ჩვენი რეაქცია - „დაარტყი ან გაიქეცი“ მხოლოდ ადგილობრივ კოორდინატებში მოქმედებს და არ ესმის სიტყვა „შორს“. როცა რაიმე კატასტროფის შესახებ ვკითხულობთ, უმაღლეს ტვინს ესმის, რომ ეს სხვა დროში და სხვა ადგილას ხდება. მაგრამ როცა დაბალი ლიმბური ტვინი მხეცური მკვლელობის ტრანსლაციას უყურებს, იგი ამ მოვლენას არეგისტრირებს, როგორც აქ და ახლა მიმდინარე მოვლენას და მომატებული მზადყოფნის საბრძოლო რეჟიმზე ერთვება. რაც უფრო მეტადაა დაზიანებული ჩვენი ჰიპოკამპი სტრესებით და ტოქსინებით, მით უფრო ახლოდ და სახიფათოდ გვეჩვენება უბედურება. უარეს შემთხვევაში იგი პირდაპირ ჩვენი სახლის კარს მიღმა გვეჩვენება.
ამაზე იშვიათად საუბრობენ, მაგრამ „დაარტყი ან გაიქეცი“ სისტემა სინამდვილეში „გაყინვის“ ელემენტს შეიცავს. საფრთხის დანახვისას შესაძლოა გაბრაზდეთ, შეგეშინდეთ, ჩხუბი დაიწყოთ ან გაიქცეთ, მაგრამ თქვენ ასევე შესაძლოა გაშეშდეთ, როგორც პარალიზებული. საგანგაშო ინფორმაციის მიღებისას ჩვენ ხშირად ვშეშდებით, ჩვენი რეაქციები კი ნელდება. მიზეზი იმაშია, რომ ჩვენი გრძნობები გადაეცემა ჰორმონებს, რომლებიც სხეულში ნელი ქიმიური სქემით გადაეცემიან - მას შეგვიძლია ანალოგური ვუწოდოთ, და არა ციფრული. ჩვენ ძველი ტექნოლოგიით ვმუშაობთ, ჩამორჩენილი, ანალოგური არსებები ვართ თანამედროვე ციფრულ სამყაროში და ნელა ვთავისუფლდებით იმ გრძნობებისგან, რომლებიც პრობლემური სიტუაციების საპასუხოდ ჩნდება. უეცრად გაღვიძებული სიბრაზე რამდენიმე დღე არ გვტოვებს. რაც შეეხება აზრებს, ისინი სინათლის სიჩქარით განმსჭვალავენ ნერვულ სისტემას, როგორც ციფრული ელექტრული სიგნალები, და დაუყოვნებლივ რეაქციას მოითხოვენ. ამიტომ ჩვენს ინფორმაციით გადატვირთულ საზოგადოებაში გამუდმებით იზრდება უფსკრული აზრებსა და გრძნობებს შორის, გონებასა და ინტუიციას შორის. შედეგი - გადაჭარბებული გაღიზიანებაა. ჩვენ გვძინავს, მაგრამ ვერ ვისვენებთ, ქრონიკული გადაღლილობით ვიტანჯებით. „დაარტყი ან გაიქეცის“ ბერკეტი მუდმივად ჩართულია და ტვინს სტრესის ჰორმონებით წამლავს, ჩვენ კი შიშისგან ვშეშდებით ან ქრონიკული დაღლილობისგან ვეცემით.
დასავლეთში ინფორმაციულ გადატვირთვას სხვადასხვა სპეციალისტების მეშვეობით ვუმკლავდებით. გასტროენტეროლოგი წვრილმან დეტალებამდე ერკვევა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობაში, მაგრამ უძლურია ადამიანური ემოციების წინაშე, და მისთვის გაუგებარია, როგორ შეუძლია ურთიერთობის პრობლემებით დახუნძლული პაციენტის „შინაგან“ განწყობებს მის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზემოქმედება. ფსიქოლოგები დეპრესიისგან ან შფოთვისგან კურნავენ, მაგრამ მათ თავში არ მოსდით, რომ ავადმყოფს მისი საჭმლის მონელების შესახებ გამოჰკითხონ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აშლილობის და განწყობის ცვალებადობის საფუძველი ნაწლავებშია. ჩვენ მედიცინას გეოგრაფიული პრინციპით ვაპრაქტიკებთ: სხვადასხვა ექიმები სპეციალიზირებულნი არიან გულის, ტვინის, სახსრების ან მსხვილი ნაწლავის მკურნალობაზე, და ძალიან იშვიათად აერთიანებენ ამ ყველაფერს პაციენტის ერთიანი ჰოლისტური ჯანმრთელობის სურათად.
ალბათ გსმენიათ გამოთქმა: „ნეირონები, რომლებიც ერთდროულად არიან აგზნებულნი, ერთმანეთს უკავშირდებიან“. მრავალი თანამედროვე ადამიანის ტვინში „დაარტყი ან გაიქეცისთვის“ განკუთვნილი ნეირონული გზები მრავალზოლიანი მაგისტრალების დონემდე გაფართოვდნენ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით წელიწადში ამერიკელების დაახლოებით ოცდახუთ პროცენტში ნერვული აშლილობები დიაგნოსტირდება (18%-ში შფოთვა და 7%-ში დეპრესია). სამწუხაროდ, მოზარდებში ეს პრობლემები უკვე ხუთი-რვაჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ორმოცდაათი წლის წინ.
ჰიპოკამპი ფაქტობრივად არის „დაარტყი ან გაიქეცი“ ღერძის თერმოსტატი. ის ადგენს ზღვარს იმისთვის, თუ რას მივიჩნევთ საფრთხედ, რას ვხედავთ შესაძლებლობად და რას უგულვებელვყოფთ, როგორც ყოველდღიურს და უმნიშვნელოს. რაც უფრო მაღალ ნიშნულზეა დაყენებული თერმოსტატი, მით უფრო ნაკლებია შანსი, რომ შეგვეშინდეს, და მით უფრო ნაკლებად საშიშად გვეჩვენება სამყარო. მაგრამ როდესაც თერმოსტატი დაბალ ნიშნულზეა დაყენებული, „დაარტყი ან გაიქეცის“ მექანიზმის გასააქტიურებლად სულ მცირე ტემპერატურაც საკმარისია. როცა მუდმივ მზადყოფნაში ვართ, ყველგან საფრთხეს ვხედავთ.
HPA ღერძი არ აკონტროლებს მხოლოდ ჩვენს რეაქციებს საფრთხეებზე. ის ასევე ჩართულია საჭმლის მონელების, განწყობის, სექსუალობის, ენერგიის შენახვის და იმუნური სისტემის რეგულირებაში, ამიტომ ამ ღერძის ცვლილება სიცოცხლისთვის სახიფათოა. როდესაც „დაარტყი ან გაიქეცი“ რეაქცია აქტიურდება, HPA ღერძი წარმოქმნის ადრენალინსა და კორტიზოლს, ძლიერ სტეროიდულ ჰორმონებს. როცა „დაარტყი ან გაიქეცი“ რეაქცია ირთვება, ამ დროს გამომუშავდება ძლიერი სტეროიდული ჰორმონი კორტიზოლი, ასევე ადრენალინი. ჩვენ შეიძლება დამოკიდებულიც კი გავხდეთ შიშზე და ჰიპერგაღიზიანებაზე, ან უფრო ზუსტად, იმ ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც ამ მდგომარეობაში სინთეზირდება. ადვილია, რომ ადრენალინის მოზღვავება შეცდომით საციცოცხლო ძალად (ვიტალურობად) მივიღოთ. განსხვავება იმაშია, რომ სასიცოცხლო ძალა აახალგაზრდავებს, მაშინ, როცა სტრესული ქიმიური ნივთიერებები იწვევენ გამოფიტვას და ქსოვილებისა და ორგანოების, მათ შორის ტვინის დაზიანებას.
ადრენალინზე დამოკიდებულება
ჰიპოკამპი მდიდარია კორტიზოლის რეცეპტორებით, და როდესაც სტრესი კორტიზოლის ნიაღვარს ატეხს თავს ორგანიზმს, ეს ჰორმონი აზიანებს ჰიპოკამპს, რის გამოც მისი ზომა შესაძლოა 50%-ითაც კი შემცირდეს. ხოლო თუ ტვინს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით გამოვკვებავთ, შევძლებთ რომ ჰიპოკამპი და HPA ღერძი აღვადგინოთ. 2 გრამი (2000 მგ) ამ საკვები დანამატის მიღება ექვსი კვირის განმავლობაში გასწავლით სილამაზის შემჩნევას იქ, სადაც მანამდე მხოლოდ სიმახინჯეს ხედავდით, და შესაძლებლობების დანახვას იქ, სადაც მხოლოდ საფრთხეს გრძნობდით. ჰიპოკამპი სწრაფად აღდგება, და როცა ტვინს აღარ კვებავთ ადრენალინით და კოფეინით, სტრესის ნეგატიური შედეგები თანდათან იცვლება.
როცა HPA ღერძი მშვიდადაა, ალქიმიური ლაბორატორია გირჩისებრ ჯირკვალში ნეტარების მოლეკულებს წარმოქმნის. იგი ტვინში სიხარულისა და მიმღეობის მდგომარეობას ქმნის. ტვინს არ შეუძლია ერთდროულად გამოიმუშავოს შიშის და სტრესის ქიმიური ნივთიერებებიც, და სიხარულისა და ნეტარების მოლეკულებიც. ან ერთი, ან მეორე.
ჩემმა ერთ-ერთმა პაციენტმა საერთოდ არ იცოდა ლოგინში ქალებთან მოქცევა - ყოველ შემთხვევაში ასე ამბობდა მისი ცოლი. ამბობდა, რომ მისთვის სექსი ჰგავდა მხეცური შიმშილის დაკმაყოფილებას ფასტფუდის მეშვეობით: კულმინაციის შემდეგ ქმარი მაშინვე გადაბრუნდებოდა და იძინებდა ხოლმე. იგი ჩქარობდა ორგაზმის მიღწევას და უარს ამბობდა პრელუდიით მიღებულ ერთობლივ სიამოვნებაზე. ფინიშთან პირველი მისვლის ჩვევა მას კარგად ეხმარებოდა საინვესტიციო ბანკირის როლში, მაგრამ ლოგინში კინაღამ ოჯახის დანგრევამდე მიიყვანა, რადგან არ შეეძლო დამუხრუჭება და ინტიმური სიახლოვის შეგრძნება.
წყვილი ჩემთან ექვსთვიანი უშედეგო ოჯახური თერაპიის შემდეგ მოვიდა. პირველ რიგში ორივეს დავუნიშნე ომეგა-3 მჟავების კლინიკური დოზები - დრეში 3-დან 5 გრამამდე (პროფილაქტიკური დოზა დღეში 2 გრამს შეადგენს). ექვსი კვირის შემდეგ (სწორედ ეს დრო სჭირდება ჰიპოკამპის განახლებას) HPA სისტემის განახლების და ცოლის დარიგებების შემდეგ მამაკაცმა პირველად აღმოაჩინა პრელუდიური ალერსის სიხარული და სიამოვნება. თავისი HPA ღერძის გადატვირთვით მან სექსში ექსპერიმენტების ჩატარებაც ისწავლა.
წყვილმა რამდენიმე უახლოეს მეგობარს უთხრა, რომ მე საუკეთესო ოჯახური თერაპევტი ვარ მათ შორის, ვინც კი ოდესმე სმენიათ, და რამდენიმე წყვილმა გადაწყვიტა, რომ ჩემთვის ამ საკითხზე მოემართა. მე მომიწია ამეხსნა მათთვის, რომ ნაცვლად საუბრებისა და ურთიერთობის თემაზე კონსულტაციებისა, ტვინის აღდგენაზე ვმუშაობდი!
მას შემდეგ, რაც განვთავისუფლდებით ადრენალინზე დამოკიდებულებისგან, რომელიც მუდმივ დაძაბულობაში და ბრძოლისადმი მზადყოფნაში გვამყოფებს, ჩვენ შეგვიძლია უფრო ბრძნულად ვიცხოვროთ. ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და შიშით გამოწვეული იმპულსური ქმედებები, რომლებსაც შემდეგ ვნანობთ, ნაკლები ხდება, როდესაც HPA ღერზის მექანიზმი აღარ მართავს სიტუაციას. როდესაც ტვინი „დაარტყი ან გაიქეცი“ რეჟიმშია ჩარჩენილი, ის უბრუნდება ძველ ტოქსიკურ ისტორიებს, რომლებიც გვიბიძგებენ ვიმოქმედოთ უძლურების სამკუთხედში შაბლონური, არაპროდუქტიული და დესტრუქციული გზებით.
ნეტარების მოლეკულებით სავსეებს, ჩვენ შეგვიძლია კვლავაც ვიოცნებოთ და ვნახოთ სიზმრები. არა მხოლოდ ღამით, არამედ დღისითაც. შემოქმედებითი ოცნებები - სწორედ უმაღლესი ტვინის თვისებაა. მონადირე-შემგროვებლები საკვების მოპოვებაში დღეში დაახლოებით სამ საათს ხარჯავდნენ, დანარჩენ დროს კი დასვენებას, ხელოვნებას და ოცნებას უთმობდნენ. მაგალითად, ჰაძას ხალხი ტანზანიაში და კუნგის ტომები ბოსტვანში კვირაში დაახლოებით 14 საათს მუშაობენ. მაგრამ როგორც კი ჩვენმა წინაპრებმა მიწათმოქმედება დაიწყეს, დრო, რომელიც თეფშზე საკმარისი საკვების უზრუნველჰყოფას ეთმობოდა, ისე გაიზარდა, რომ ცეცხლთან ჯდომისა და ისტორიების გაცვლის დრო თითქმის აღარ რჩებოდა. ინდუსტრიალიზაციაც არ დაგვეხმარა; პირიქით, დრო კიდევ უფრო შემცირდა, რადგან მუშები საათობით მუშაობდნენ ქარხნებში. მხოლოდ ძალაუფლების იერარქიის ზედა ან ქვედა ნაწილში მყოფ ადამიანებს - სუპერმდიდრებს ან ღარიბ ბერებს - შეეძლოთ თავი მიეძღვნათ მედიტაციისთვის. ახლაც კი, ძნელია კრეატიულად იოცნებო და იმედიტირო, როდესაც შენი დღეები ელექტრონული შეტყობინებების კითხვაში და მათ წაშლაში იხარჯება.
მაგრამ ოცნების მნიშვნელობის ზედმეტად შეფასება შეუძლებელია. მათემატიკის გენიოსი ჯეიმს ჰ. საიმონსი, რომელმაც საოცარ სიმაღლეებს მიაღწიო მეცნიერებაში და დააფუძნა ჰეჯ-ფონდი, რომელმაც ის მილიონერი და სამეცნიერო კვლევების მსხვილი სპონსორი გახადა, თავის წარმატებას სწორედ ამით ხსნის: „მე ყველაზე სწრაფი ბიჭი არ ვყოფილვარ მსოფლიოში, - თქვა მან „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში. - მაგრამ მე ფიქრი მიყვარს. როგორც აღმოჩნდა, ეს კარგი მიდგომაა - რაღაც საგნების უბრალოდ ჭვრეტა გონებაში, მათი გააზრება.“
ადრე ჩვენ ვარსკვლავებს ვუმზერდით და ფანტაზიებში ვიყავით, თუ რა შეიძლებოდა გადაგვხდენოდა, მაგრამ ახლა ეს საქმე შეიცვალა ყოველდღიური უსასრულო საქმეების დამუშავებით. ოცნებებმა და უბრალოდ ყოფნამ უკანა პლანზე გადაიწია - ახლა ჩვენ ვმოქმედებთ. დავდივართ ქუჩებში ისე, რომ თვალს არ ვწყვეტთ სმარტფონებს, უსასრულოდ ვატრიალებთ ახალი ამბების ფირს სოციალურ ქსელებში, ვპასუხობთ ტექსტურ შეტყობინებებს - და ამინდსაც კი მობილური აპლიკაციით ვუყურებთ ნაცვლად იმისა, რომ კანით შევიგრძნოთ მზის სხივები და ქარის მიმართულება.
ტექნოლოგია წვდომას გვაძლევს ინფორმაციის არნახულ მოცულობაზე. ჩვენ შეგვიძლია მყისიერად გადავჭრათ ნებისმიერი საკითხი - საკმარისია ავიღოთ ციფრული მოწყობილობა ძიებაზე გავუშვათ. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მონაცემთა ამ ნაკადთან გამკლავება და ნამდვილი სიბრძნის მოპოვება. ინფორმაცია გვაიძულებს, რომ ვიმოქმედოთ - ვიყიდოთ, გავყიდოთ, შევასრულოთ. სიბრძნე კი საშუალებას გვაძლევს, რომ ვიოცნებოთ.
სიკვდილის შიში
რწმენა-წარმოდგენები, გადაჭარბებული სტიმულაცია, რეაქცია „დაარტყი ან გაიქეცი“, ყველა ფსიქიკური და ემოციური სტრესი, რომლებსაც განვიცდით, ჩვენში აღვიძებენ პირველად მტკივნეულ ემოციას - სიკვდილის შიშს. ამერიკელი ინდიელების საზოგადოებებში გამოიყენება საგულდაგულოდ შემუშავებული ინიციაციის რიტუალები, რომლებიც ადამიანს ამ შიშთან გამკლავებაში ეხმარებიან. იდეა იმაშია, რომ სიკვდილის რიტუალური გამოცდილების დროს ხდება ამ გარდუვალი პროცესის წინაშე არსებული შიშის გადალახვა. როგორც შამანები ამბობენ, ჩვენ „სიკვდილის გამოცდილებას გავდივართ“, და ეს აღვიძებს უჩვეულო რეალობის, უხილავ სამყაროში სიცოცხლის მარადიულობის გაგების ღრმა სიბრძნეს. ამის შემდეგ ადამიანი აღარ იტანჯება ქრონიკული მღელვარებით ყოველდღიური საქმეების გამო და უფრო ცხადად აცნობიერებს თავის ცხოვრებისეულ მიზანს.
ამ გამოცდილების გემო ყველამ იცის, ვისაც ახლობელი ადამიანი დაუკარგავს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რა წარმოადგენს ცხოვრებაში ჭეშმარიტად ღირებულს, და პირობას ვაძლევთ საკუთარ თავს, რომ მეტად ჩავდებთ თავს ნამდვილ ღირებულებებში და ნაკლებად - წარმავალში და ყოველდღიურ ამაოებაში. მაგრამ გადის დღეები და კვირები, გვავიწყდება ეს ყველაფერი და ისევ რუტინულ საქმეებს ვუბრუნდებით.
ტვინის განახლებასთან ერთად უფრო ადვილი ხდება იმაზე ფიქსაციის მოდუნება, რაც უსაფრთხოებისთვის, გადარჩენისთვის ან ბედნიერებისთვის აბსოლუტურად აუცილებლად გვეჩვენება. როცა გაუშვებთ ცხოვრებისადმი მუდმივ შიშზე დაფუძნებულ დამოკიდებულებას, თქვენ უფრო თავდაჯერებული ხდებით და უფო ადვილად უმკლავდებით გაურკვევლობას. გრძნობთ, რომ სამყარო, რომელშიც ცხოვრობთ, უსაფრთხოა და სტუმართმოყვარე, რომ მთელი სამყარო მხარს გიჭერთ განზრახვებში და იზიარებს თქვენს ღირებულებებს.
დაყოფა და ერთიანობა
ლიმბური ტვინი წინააღმდეგობებს და დაყოფას ხედავს, და არა ერთიანობას. ყველაფერში რომ გავერკვეთ, იგი რეალობას ნაწილებად ყოფს, და ხელიდან უშვებს მთლიანობას. პირიქით, უმაღლესი ტვინი გრძნობს, რომ მატერიის და ფიზიკური მოვლენების ხილული სამყარო განუყოფელია სულისა და ენერგიის უხილავი სამყაროსგან. იგი აღიქვამს არა მხოლოდ ნაწილებს, არამედ მთლიანობასაც. სხვაობა ამ ორ სამყაროს შორის მხოლოდ თქვენი პრაქტიკული, ყოველდღიური აღქმის დონეზე არსებობს. ხილულ სამყაროში მე ვგრძნობ, რომ ჩემი სხეული განცალკევებულია ჩემს გვრდით მჯდომი ადამიანის სხეულისგან, მაგრამ უხილავ სამყაროში ყველაფერი გადაჯაჭვული და განუყოფელია.
უხილავი სამყარო - ერთიანია, არალოკალურია და დრო-სივრცის მიღმა მყოფია. იგი მიუწვდომელია ჩვეულებრივი აღქმისთვის, და მისი ამოცნობა მხოლოდ მისივე გამოვლინებებით შეგვიძლია. მხოლოდ მაშინ შეგვიძლია უხილავის შეცნობა, როცა ჩვენი აღქმა იცვლება და ქრება ბარიერი ორ სამყაროს შორის. ეს ბუნებრივად და თავისთავად მოხდება. როცა საკუთარ ტვინს გააუმჯობესებთ, ერთიანობის აღქმა აუცილებლად მოვა.
სანამ უშუალოდ არ იხილავთ არაორდინალურ, მიღმიერ რეალობას, თქვენი ტვინი მიდრეკილი იქნება, იკითხოს: „რა არის იქ?“ როცა ერთიანობას განიცდით, თქვენ სამუდამოდ გათავისუფლდებით დაყოფის გრძნობისგან, რადგან თავს მთლიანობის განუყოფელ ნაწილად შეიგრძნობთ.
ჩვეულ, ხილულ სამყაროში ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია ინფორმაციით, რომლის აღქმაც გრძნობათა ორგანოებით შეგვიძლია. გონებას დასწავლილი აქვს, რომ შეადაროს ის, რასაც დღეს ვეხებით, იმასთან, რაც წარსულში განვიცადეთ. მაგრამ არაორდინალურ სამყაროში თქვენ შეძლებთ, რომ ყველა საგნის წყარო აღმოაჩინოთ და წვდომა მიიღოთ იმ ძალაზე, რომელსაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლია რაღაც ახლის დაბადება. ახლა უკვე ყველაფერი მიღწევადი იქნება, რაც მიუწვდომლად გეჩვენებოდათ.
ამ დონეზე თქვენ შეგიძლიათ, რომ ცხოვრებაში განახორციელოთ ოცნებები ჯანმრთელ და ბედნიერ ცხოვრებაზე, მოიპოვოთ თავისუფლება შებოჭილობისგან და შიშისგან, დაამყაროთ ჰარმონიული ურთიერთობები ადამიანებთან, სხვა არსებებთან და მთელს პლანეტასთან. აღმოაჩენთ, რომ არაა საჭირო - გეშინოდეთ სიკვდილის და ნებისმიერ ფასად გაურბოდეთ მას, რადგან ეს უბრალოდ კარია ახალ სამყაროში.
სწორედ უხილავი სამყაროს სიბრძნე აძლევდა ძველ ადამიანებს სიმამაცეს - და ხუთიათასი წლის წინ ისინი მიცურავდნენ შორეული ჰორიზონტებისკენ, სახლდებოდნენ ავსტრალიაში და წყნარი ოკეანის კუნძულებზე, ფეხით მიემგზავრებოდნენ შეუცნობლისკენ და ბერინგის სრუტის გავლით ჩრდილოეთ ამერიკაში გადადიოდნენ. თუ მიღმიერი სფეროს სიბრძნეს დაეყრდნობით, თქვენ შეძლებთ, რომ უსასრულო შესაძლებლობების სამყარო წარმოიდგინოთ და ჯერ კიდევ უხილავი მომავალი დააფორმიროთ.
სწორედ უხილავის ამ სფეროდამ მოდიან მასშტაბური იდეები, რომლებიც ეფუძნებიან იმას, თუ ვინ შეგვიძლია ვიყოთ, და არა იმას, თუ ვინ უნდა ვიყოთ. ისინი შეიძლება უგუნურად მოეჩვენონ იმ ადამიანებს, რომლებიც თავს ჩვეულ სამყაროსთან და მის შეზღუდვებთან აიგივებენ, თუმცაღა ამ ადამიანების ენერგია მეტისმეტად ძლიერია, მეტისმეტად დამაჯერებელია იმისთვის, რომ იგნორირება გაუკეთო.
თუ გამბედაობა გეყოფათ, პროგრამა „შექმენი ახალი სხეული“ გიწვევთ სრულიად სხვა ცხოვრებაში ახალი ჯანმრთელობით, ახალი სიბრძნით, ახალი საქმიანობებით, ურთიერთობებით და შესაძლებლობებით. საკუთარ სხეულში ისე იგრძნობთ თავს, როგორც საკუთარ სახლში. განხორციელდება ის, რაც ადრე მხოლოდ შორეულ ოცნებად გეჩვენებოდათ, და განუსაზღვრელობას ისე შეხვდებით, როგორც ძველ მეგობარს, რომელიც საოცარ შესაძლებლობებს ატარებს.