თავი მეცამეტე - ვიზიონერის გზა: ერთიანი სულის მედიცინის მოპოვება
„მოისმინე დაფარული ბგერები სხვა ყურებით. დააკვირდი ზეციურ ხედებს სხვა თვალებით. აღიქვი ის, რასაც ჩვეულებრივი გრძნობათა ორგანოები ვერ აღიქვამენ.“ (შამანი პატანჯალი)
აღმოსავლეთის მიმართულება მაგიურ წრეზე - ეს ვიზიონერის გზაა. იქ ჩვენ გველოდება ხელახლა დაბადება; იქ ყოველ დილით მაცოცხლებელი მზე ამოდის, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს - ხელახლა შევხვდეთ ამ სამყაროს. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ძირძველი მაცხოვრებლები ტრადიციულად თავიანთ ჩვეულებრივ და ცერემონიულ ვიგვამებს აღმოსავლეთისკენ მიმართავენ, რათა ახალი განთიადის ძალას გაეთბო და აღევსო სივრცე. აღმოსავლეთში ჩვენ გავიგებთ, რომ ცხოვრება კიდევ ერთ შანსს გვაძლევს.
აღმოსავლეთი წარმოდგენილია არწივით, რომელსაც შეუძლია ღრუბლების თავზე ილივლივოს და მზერა მოავლოს მიწას, და ასევე ქვასავით დაეშვას ქვემოთ და მინდვრის თაგვებზე ინადიროს. ეს ორმაგი ბუნება - გაცნობიერება ზეცის დონეზე და სიცხადე მიწის დონეზე, გასაგებს ხდის, თუ რატომ ითვლება აღმოსავლეთი ვიზიონერის გზად. მოგზაურობის ამ ეტაპზე ჩვენ ვსწავლობთ „ეტლის დაყენებას ცხენის წინ“, ანუ შესაძლებლობების განხილვას მანამ, სანამ შეზღუდვებს ან კატასტროფის ალბათობას ვაღიარებთ. კონცენტრირებას განვითარების პირობებზე ვახდენთ, და არა დაბრკოლებებზე.
არწივი საშუალებას გაძლევთ, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოთ, ძველი ისტორიების, მოლოდინების, შიშებისა და ეჭვების გარეშე. თუმცაღა ყოველი ძღვენი სულისგან გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს, და აღმოსავლეთში ვალდებულებას ვიღებთ, რომ მოპოვებული სიბრძნე სხვა ადამიანებს გავუზიაროთ. როცა ხედავთ საკუთარი ცხოვრების ახალ, უფრო ფართო სურათს, უკვე აღარ ეძებთ გამოსავალს ერთი ხათაბალიდან, რათა მაშინვე მეორეში გადავარდეთ. ახლა თქვენ ქმნით სრულიად ახალ და ორიგინალურ პროექტებს, რომლებსაც შეუძლიათ სამყარო (და თქვენც) ბევრად უკეთესი გახადონ. ამ პროცესში ყოველ წამს აფასებთ მთელი მისი ძლევამოსილი შემადგენლობით.
თქვენ იცით, რომ თუ მუდმივად კონცენტრირდებით პოტენციალზე, ცხოვრების შეცვლას ყველაზე ღრმა დონეზე შეძლებთ. გაუზიარეთ ეს ძღვენი სხვებსაც, შესთავაზეთ, რომ ყველაზე მაღალი ოცნებები გაბედონ, დაეხმარეთ, რომ კოშმარული სიზმრიდან გაიღვიძონ. ყოველ ჯერზე, როცა ჩემს კაბინეტში ახალი პაციენტი შემოდის, როგორიც არ უნდა იყოს მისი დიაგნოზი, მე ვხედავ მას, როგორც ჯანმრთელ, მანათობელ, ბედნიერ ადამიანს. ვიცი, რომ თუ ადამიანს გაჯანსაღებულად განვიხილავ, შემიძლია დავეხმარო ჯანმრთელობისკენ საკუთარი გზის პოვნაში. რამდენიმე წამი მყარად მიჭირავს გონებაში ეს ხატ-სახე და მხოლოდ ამის შემდეგ ვეკითხები პაციენტს, - რა აწუხებს.
თქვენს მიერ მიღებული კურნების საგანძურის ძალა მხოლოდ მაშინ გეკუთვნით ბოლომდე, როცა მათ გარესამყაროს უზიარებთ. ჩვენ ვიწყებთ საკუთარ „მე“-ზე მიჯაჭვულობისგან განკურნებით. იმ „მე“-ზე, რომელიც უძლური და უმწეოა, განცალკევებულია სხვა არსებებისგან და კოსმოსისგან. თუკი გეშინით საკუთარი ინდივიდუალობის დაკარგვის, მაშინ ვერ გაბედავთ ერთიანობის გამოცდილებასთან შეხვედრას ან იმ ძალისა და წყალობის ძღვენების მიღებას, რომლითაც მდიდარია აღმოსავლეთის მიმართულება. ჩვენ მხოლოდ ჩვეულებრივ სამყაროში ვართ ერთმანეთისგან განცალკევებულნი.
როცა თქვენი ცნობიერება სამყაროს არწივის ფრენის დონიდან აღიქვამს, ამ დროს ვიზიონერი ხდებით. აცნობიერებთ, რომ ყოველ ადამიანში კოსმიური მოზაიკის ელემენტია და ერთადერთი მეოცნებე არ ხართ. სხვა სულთან თანამშრომლობთ იმისთვის, რომ თქვენი ჯანმრთელობაც და მშვენიერი სამყაროს განკურნებაც რეალობად იქცეს. ეს ოცნებები მუდმივად ცოცხლობენ თქვენში მიუხედავად იმისა, აცნობიერებთ ამას თუ არა. მაგრამ ვიზიონერის გზაზე შეგიძლიათ ცნობიერად მიიღოთ მონაწილეობა მათ ცხოვრებაში განსახორციელებლად.
ადამიანი ხშირად ფიქრობს, რომ - თავისი სამყაროს ერთადერთი ბატონია, მაგრამ იგი უმწეოა მის წინაშე. ეს პასუხისმგებლობა დიდ ტვირთად გვაწევს, რისგანაც იმის გაგება გაგვათავისუფლებს, რომ ოცნება - ესაა კოლექტიური ძალისხმევა. ამავდროულად, ჩვენ მართლაც ვფლობთ ძალას, რომელიც აუცილებელია ჩვენი ურთიერთობების, ჯანმრთელობისა და ცხოვრების ყველა დანარჩენი ასპექტის შესაცვლელად. ამ გაცნობიერებით შეიარაღებულები, არც უნდა გაექცეთ კრიზისებს და არც ჩაიძიროთ მათში. თქვენ შეგიძლიათ მკაფიოდ დაინახოთ, როდისაა (და როგორაა) აუცილებელი მოქმედება, და როდის გვარდება პრობლემები თავისით, სხეული კი იკურნება ბუნებრივად.
ჩრდილოეთში თქვენ ისწავლეთ უძრავობის პრაქტიკის დროს საკუთარ გონებაზე დაკვირვება. აღმოსავლეთში კი ხედავთ, რომ „მე“, რომელიც თქვენს განდცდებს აკვირდება, უფრო ფართო ცნობიერების ნაწილია. ინდოელი ბრძენი რამანა მაჰარში თავის მოსწავლეებს ურჩევდა გონებრივ სავარჯიშოს, რომელიც ამის გაგებაში გვეხმარება. თავიდან ყურადღების კონცენტრაციას საკუთარი თავის, საკუთარი „მე“-ს შეგრძნებაზე ახდენთ, და ინარჩუნებთ ამ მდგომარეობას მანამ, სანამ „მე“-ს შეგრძნება არ გაქრება და მხოლოდ გაცნობიერებულობა არ დარჩება. ეს პრაქტიკა რთულია ბევრი ჩვენთაგანისთვის, ამიტომ შეგიძლიათ დაიწყოთ ჭვრეტით კითხვაზე: „ვინ ვარ მე?“ - და შემდეგ დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა: „და ვინ სვავს ამ კითხვას?“
ეს კვლევა „მე“-ს განცდიდან ერთიანობის განცდამდე გაგიყვანთ, ანუ თავად სამყაროს ქსოვილამდე. დაინახავთ, რომ თქვენი ინდივიდუალური ცნობიერება სინამდვილეში არასოდეს გაცალკევებდათ ამ ფართო ცნობიერებისგან, უბრალოდ შეიგრძნობთ მას, როგორც განცალკევებულს, სანამ ფიზიკური ფორმა, სხეული გაქვთ. როგორც ტალღა ოკეანეში, თქვენ ცალკეული უნიკალური პიროვნება ხართ, მაგრამ ამავდროულად არასოდეს ხართ ცალკე თავად ოკეანისგან, საკუთარი წყაროსგან. განსხეულება თავისთავად დროებითი მდგომარეობაა. თქვენი სხეული - ესაა თქვენი ლოკალური „მე“, უსაზღვრო ცნობიერების უსაზღვრო ოკეანე კი - თქვენი არალოკალური „მეა“. როცა საკუთარ არალოკალურ, უსაზღვრო ბუნებას გაიცნობთ, შეძლებთ, რომ დაუბრუნდეთ ყოველდღიურ, ლოკალურ, განსხეულებულ გაცნობიერებას, და გეცოდინებათ, რომ გაგაჩნიათ ძალა - წარმოიდგინოთ და განახორციელოთ ახალი რეალობა - ახალი სხეულის შექმნის ჩათვლით, რომელიც სხვაგვარად დაბერდება და სხვაგვარად განიკურნება.
მოგზაურობა აღმოსავლეთში - ესაა შინაგანი გზა სიკვდილს მიღმიერ სამეფოში, სადაც ქმნილების უსაზღვროებას ხედავთ. მაგრამ ვიზიონერი ვალდებულია, რომ ეს ცოდნა თავის სახლში მოიტანოს. იმ დროს, როცა მრავალი მისტიკოსი ზეციური სამეფოს მიღწევისკენ და იქ ნეტარებაში ყოფნისკენ ისწრაფვის, ჩვენ ვცდილობთ, რომ დედამიწაზე შევქმნათ სამოთხე, დავუბრუნდეთ ახალ რეალობას, რათა დავეხმაროთ სხვებს - იგემონ ჯანმრთელობისა და ერთიანობის ელექსირი. ჩვენ ვაპრაქტიკებთ გაჯანსაღებას და გულუხვობას, მოგვაქვს სილამაზე მსოფლიოსთვის მადლიერების მოლოდინის გარეშე. ყველაზე საუკეთესო საჩუქარი ჩვენთვის - ესაა სხვების ტანჯვების შემცირება.
თუმცაღა ვიზიონერის ძალისხმევები მაინც ჯილდოვდება. თქვენ აღმოაჩენთ, რომ თავად შეგიძლიათ უჩვეულო ჯანმრთელობის მოპოვება. ეს არ ნიშნავს, რომ შევძლებთ ვუბრძანოთ საკუთარ გენებს, როდის ჩაირთონ და გამოირთონ, და ასევე არ მოგვიწევთ ვუკარნახოთ ტვინს, როგორი ნეირო-ტრანსმიტერები გამოიმუშავოს. თქვენ უბრალოდ მუდამ არწივის სიმაღლიდან უმზერთ ცხოვრებას, ხედავთ წვრილმან დეტალებსაც და გაშლილ ველებსაც - ყველაფერს დანარჩენს კი თავად სხეული გააკეთებს. თუ სტრესი ააქტიურებს გენებს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და კიბოს იწვევენ, არწივის უშფოთველი მზერა და ერთიანობის გამოცდილება ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის შექმნაზე გადართავს მათ. ამის წყალობით ქრება განცალკევების ილუზია. თქვენ ქმნით სულიერ პირობებს ჯანმრთელობისთვის, და დაავადებას შეუძლია გაქრეს. ჩვენ ვიცით, რომ მედიტაციას შეუძლია ქრომოსომების ბოლო ნაწილების - ტელომერების დაგრძელება, რომლებიც დნმ-ის მთლიანობას იცავენ და ჯანმრთელობას განაპირობებენ.
როცა საკუთარი ხილვის საძებნელად მიდიხართ - იქნება ეს 14-ე თავში აღწერილი სქემით თუ რაიმე სხვა გზით, თქვენ წინ გელით, რომ მოინახულოთ სიკვდილს მიღმა სფერო და კვლავ მოიპოვოთ საკუთარი ბედი იმ „საკუთარი თავის“ ხელებისგან, რომელიც უკვე არსებობს მომავალში. „ახალ მე-სთან“ შეხვედრის შემდეგ მაშინვე შეძლებთ მისი თვისებების გამოვლენას. მანამდე წარსული კუდში დაგდევდათ, მაგრამ ახლა იგი მომავალს დაუთმობს ადგილს - ის კი მაშინვე ახალ ხატ-სახეში გადაგიყვანთ, იმ „მე“-ში, რომელსაც არ სჭირდება არანაირი ჩარევა, მკურნალობა და აღდგენა. თქვენ არ დაგჭირდებათ გაფუჭებულის გაკეთება - გაჯანსაღება თავისთავად მოხდება.
ლექსში „ღამის ჰაერი“ რუმი ასე აღწერს მოგზაურის „არ-კეთებას“ აღმოსავლეთის მიმართულებით:
მისტიკოსები - პროფესიონალი ზარმაცები არიან.
ისინი ენდობიან სიზარმაცეს,
რადგან გამუდმებით ხედავენ, რომ მათ გარშემო ღმერთი მოქმედებს.
მოსავალი მუდმივად მოდის,
თუმცა მათ არც კი დაუხნავთ!
მაგრამ სანამ არ-კეთების წერტილს მივაღწევთ, ჯერ კიდევ სხვა რამე უნდა გავაკეთოთ. არწივის ფრენა მათთვის არაა, ვინც ბედნიერი ცხოვრებისკენ სწრაფ გზას ეძებს. ინდოელი პრინცის - სიდჰართჰას ისტორია არწივის მოგზაურობის ილუსტრაციაა: ხილვის გამოღვიძება, მოწოდება აღსრულებისკენ, დაბრუნება საერო ცხოვრებაში და სხვა ადამიანებისთვის სწავლება.
სიდჰართჰა: ერთიანი სულის მედიცინის ძღვენი
ლეგენდის თანახმად, ბუდა პრინცად დაიბადა და დაბადებისას მიიღო სახელი - სიდჰართჰა, რაც ნიშნავს „ყველა სურვილის ასრულებას“. მისმა მამამ, დიადმა მეფემ გადაწყვიტა, რომ არ მიეცა საშუალება შვილისთვის, რომ ამ სამყაროს ტანჯვები და ტკივილები განეცადა. იგი ყოველგვარი უსიამოვნებისგან იცავდა სიდჰართჰას. პრინცი ულამაზეს ბაღეებში იზრდებოდა, მზრუნველი მსახურები მის ყველა მოთხოვნილებას აკმაყოფილებდნენ, და მას არ აინტერესებდა, რა ხდებოდა სამეფო კარის მიღმა, და ქუჩებში, სადაც უბრალო ხალხი ცხოვრობდა. ადამიანების უმეტესობას სურს, რომ ისე იცხოვროს, როგორც სიდჰართჰა ცხოვრობდა: მყუდრო სამყაროში, რომელიც სავსეა ბედნიერებით და კომფორტით, და ჩაკეტილ საზოგადოებაში, შორს იმ ყველაფრისგან, რასაც შეუძლია დაასევდიანოს. სიდჰართჰას მამა განასახიერებს ჩვენს ტენდენციას - მოვექცეთ იზოლაციაში, ავაშენოთ საკუთარი პატარა სასახლე ნაგავსაყრელებს შორის და დავკავდეთ მხოლოდ საკუთარი თავით, ისე, რომ ყურადღება არ მივაქციოთ სხვების ტანჯვებს. მაგრამ ადამიანები - სოციალური ცხოველები ვართ, და განწყობილნი ვართ ერთმანეთის ხმებზე, შეგვიძლია ვუთანაგრძნოთ სხვების ტკივილს და მოვიწყინოთ, როცა თანამოძმეების უბედურებას ვხედავთ. როცა სიდჰართჰა გაიზარდა, იგი დაინტერესდა, თუ რა ხდებოდა სასახლის გარეთ. მამის ნების მიუხედავად, მან სთხოვა მსახურს, რომ გაჰყოლოდა სოფელში: სურდა, რომ ეხილა თავისი მომავალი ქვეშევრდომები და გაეგო, თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი. რომ გაზრდილიყო, სიდჰართჰა თავისი ბავშვობის სასიამოვნო სამყაროდან უნდა წამოსულიყო.
სიდჰართჰამ თავისი სამეფო ეტლით შემოგარენი მოიარა და დაინახა ოთხი მოვლენა, რომლებმაც ძალიან ააღელვეს იგი. პირველად მას შემოხვდა მოხუცი, რომელიც ტკივილისგან კვნესოდა. „ჩანა, რატომ კვნესის იგი?“ - ჰკითხა სიდჰართჰამ მსახურს. მან უპასუხა: „ის მოხუცი და უძლურია, ამიტომაც იტანჯება“.
სიდჰართჰასთვის, რომელსაც არ უნახავს ისეთი მოვლენა, როგორიცაა დაბერება და უძლურება, ეს გახდა პირველი საგანგაშო სიგნალი. მას სმენოდა ტანჯვების შესახებ, მაგრამ არ სჯეროდა მათი არსებობის - და აი, ეს ყველაფერი მის თვალწინ იყო. „მითხარი, მეც დავბერდები და დავუძლურდები?“ - იკითხა მან. „დიახ“, - უპასუხა ჩანამ.
მდიდარ, მაძღარ და თავისი პატარა ლამაზი ნაჭუჭიდან სამეფოს მართვისთვის მზადმყოფ სიდჰართჰას ტკივილი არასოდეს განეცადა, მაგრამ სხვისი ტანჯვის დანახვამ გაუჩინა მღელვარე კითხვა: „და მე რა დამემართება?“ მოგვიანებით, როცა ბუდა გახდა, მან ეს მღელვარება სხვებისადმი თანაგრძნობად აქცია და უკვე აღარ კონცენტრირდებოდა საკუთარ მოწყვლადობაზე. ჩვენ ყველანი ვატარებთ პასუხისმგებლობას საკუთარ კეთილდღეობაზე, მაგრამ ერთია - ბედნიერებისკენ სწრაფვა, და საერთოდ სხვაა - მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვა.
შემთხვევითი არ იყო, რომ სიდჰართჰა პირველად იმ ადამიანს შეხვდა, რომელსაც მალე სიკვდილი უნდა გაევლო. სიდჰართჰა უკვე იდგა ჩვეული კომფორტული არსებობის გამოსასვლელთან, შეუცნობლის ზღურბლთან: „დიდხანს ვიცოცხლებ? რის გაკეთებას მოვასწრებ სიბერემდე? ვინ ვარ, თუ არა ძლევამოსილი, უკვდავი და მარად ბედნიერი პრინცი?“ მას სტკიოდა იმის გამო, რომ ვერაფრით ეხმარებოდა მოხუცს, ადამიანს ხომ ვერ დაუბრუნებ ახალგაზრდობას და სასიცოცხლო ძალას. „და რანაირი მეფე ვარ ამის შემდეგ?“ - გაიფიქრა სიდჰართჰამ. იგი მიხვდა, რომ ამ როლზე უარი უნდა ეთქვა.
პირველი შეხვედრა შეესაბამება პირველ კეთილშობილ ჭეშმარიტებას ბუდიზმში: ცხოვრებაში არსებობს ტანჯვები. ამ ჭეშმარიტებას მაშინ ვიღებთ, როცან მაგიური წრის სამხრეთის მიმართულებაზე ვმუშაობთ, ვიშორებთ მოძველებულ როლებს და მსხვერპლის როლს, რათა გავხდეთ საკუთარი ბედის შემოქმედნი.
სიდჰართჰა ჯერ კიდევ ფიქრობდა სიბერეზე, როცა მისი მზერა სხვა სევდიანმა სანახაობამ მიიპყრო - გზაზე ძონძებით შემოსული მამაკაცი მოწყალებას ითხოვდა. „ჩანა, წარმოთქვა სიდჰართჰამ, - რა დაემართა ამ ადამიანს?“ მსახურმა უპასუხა: „ეს მათხოვარია, იგი მშიერი და ავადმყოფია“. მაშინ სიდჰართჰამ ჰკითხა: „შესაძლებელია, რომ ოდესმე მეც გავხდე ავად?“ – „დიახ, - უპასუხა ჩანამ. - მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი და ყველა მიწის მმართველი ხარ, არ ძალგიძს, რომ თავი აარიდო ავადმყოფობებს. ერთხელ შენც დაკარგავ ჯანმრთელობას და სილამაზეს“.
სიდჰართჰა შეძრა ამ სიტყვება. იგი საერთოდ არ ელოდა იმის მოსმენას, რომ ოდესმე ჯანმრთელობას დაკარგავდა და უკვე ვეღარ შეძლებდა თავისი სურვილებისა და გეგმების რეალიზებას; გაირკვა, რომ ეს უბრალოდ გარდუვალია. „ალბათ მსახურს შეეშალა, - იფიქრა პრინცმა. - შესაძლოა ეს სხვა ადამიანებს დაეემართოთ, მაგრამ მე - არა“. ჩვენ ყველას გვინდა გვჯეროდეს, რომ უსიამოვნებები და სიბერე არ შეგვეხება. იმის შესახებ, რომ ადამიანები ბერდებიან და კვდებიან, ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ვგებულობთ, მაგრამ დიდი ხანი არ გვჯერა, რომ ამ პერსპექტივას საკუთარ თავზე გამოვცდით.
შთაგონება, რომელიც სიდჰართჰამ მათხოვრის დანახვისას მიიღო, შეესაბამება მეორე კეთილშობილ ჭეშმარიტებას: ტანჯვა გამოწვეულია მიჯაჭვულობით. ჩვენ ბედნიერნი ვართ, როცა იმას ვიღებთ, რაც გვსურს, და გავურბივართ იმას, რაც არ მოგვწონს. როცა კმაყოფილები ვართ, არაფრის შეცვლა არ გვსურს, არ გვესმის ცვლილებების აუცილებლობა და არ ვუყურებთ მომავალს იმ ყველაფრისადმი გახსნილობით, რასაც შეეძლო მოსულიყო და გავეხარებინეთ. პირიქით, ვეჭიდებით ნაცნობს და ჩვეულს, სანამ კარადები ბოლომდე არ გადაივსება ძველი ტანსაცმლით, სარდაფები - ძველი ნივთებით, გონება კი - დრომოჭმული აზრებითა და რწმენა-წარმოდგენებით. ზოგჯერ იმ სიტუაციებსაც კი ეჭიდებით, რომლებიც ჩვენს ღირსებას აკნინებენ - მაგალითად, რთულ ურთიერთობებს, ან აუტანელ სამსახურს, რადგან ვფიქრობთ, რომ ჯობია „რაღაც მაინც გქონდეს“, ვიდრე მარტო დარჩე ორმოცდაათზე მეტი ხნის ასაკში ან შემოსავლის წყარო დაკარგო.
გვეშინია რა განუსაზღვრელობის, ჩვენ არ ვუშვებთ წარსულ როლებს და ნიღბებს მაშინაც კი, თუკი დიდი ხანია დაგვიპატარავდა. მაგრამ წინსვლა მხოლოდ მოძველებულ მიჯაჭვულობებზე უარის თქმით შეგვიძლია - კარგი იქნება, თუ ცეცხლში ჩაყრით მათ, როგორც ეს მკურნალის გზაზე გავაკეთეთ. უნდა მოვკვდეთ ჩვენი ძველი რწმენა-წარმოდგენებისთვის, და დაე, მოლოდინები შეიცვალონ, როგორც სურთ, სანამ შეუცნობელში მივდივართ.
როცა დიაგნოზის ნაცვლად მე მითხრეს: „შენ უკვე მკვდარი უნდა იყო“, - გრძელი სია იმისა, თუ რა მჭირდებოდა ბედნიერებისთვის, უცებ განულდა. ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა ჰქონდა, - ეს იყო ჩემი ჯანმრთელობა, და თუ მისი აღდგენა შეუძლებელია, მაშინ - სიკვდილისთვის მზადება. დღეს განზრახ ვაქცევ ყურადღებას იმას, რომ ბედნიერების ჩემი პირობების სია ძალიან მოკლე იყოს, ეს ორი პუნქტი კი ყველაზე თავში იდგეს.
ჩვენ მიჯაჭვულნი ვართ არა მხოლოდ იმაზე, რაც იყო, წავიდა და დრო ამოწურა, თუმცა მაინც სათუთად ინახება კარადაში, არამედ მომავლის მოლოდინებზეც. ვეჭიდებით იდეას, რომ ცხოვრება უკეთესი უნდა გახდეს. იმ აზრით, რომ შეიძლება რაღაც უსიამოვნო მოხდეს, შიშისგან ვიყინებით. ავადმყოფი კაცი, რომელიც სიდჰართჰამ ნახა, განასახიერებს გადარჩენასთან დაკავშირებულ ჩვენს პირვანდელ შიშებს: „რა მოხდება, საჭმელი, ფული, ჯანმრთელობა ან ძალები რომ არ მეყოს?“ მოხუცი - ესაა უსიამოვნო მომავალი, რომლისაც გვეშინია და ნებისმიერ ფასად ვცდილობთ თავი ავარიდოთ. მაგრამ როცა სიკვდილის შიშს ვხვდებით იაგუარის გზაზე და ვსწავლობთ განუსაზღვრელობის ჯუნგლებში სიარულს, უკვე უმწეოდ აღარ ვიკრუნჩხებით შეუცნობლის წინაშე შიშისგან.
სიდჰართჰა ჯერ კიდევ თავგზააბნეული ფიქრობდა ავადმყოფობების და სიბერის პერსპექტივაზე, როცა გზაზე მესამე მოვლენა შენიშნა - ადამიანის გვამი. „რა დაემართა ამ კაცს?“ - ჰკითხა პრინცმა მსახურს. - რატომ წევს ასე გაუნძრევლად?“ – „ის მკვდარია“ - უპასუხა ჩანამ. „ნუთუ არანაირი საშუალება არ არსებობს, რომ სიცოცხლე დავუბრუნოთ?“ - გაუკვირდა სიდჰართჰას. „სამწუხაროდ, არა“, - ხელები გაშალა მსახურმა.
სიდჰართჰა ღრმა სევდამ შეიპყრო: „მაშ, ერთხელ ჩემი ცხოვრებაც დასრულდება?“ მსახურმა დაუდასტურა: სიკვდილი უცილობლად ყველას ელოდება.
გვამი გზის ნაპირას შეესაბამება მესამე კეთილშობილ ჭეშმარიტებას: იმისთვის, რომ ტანჯვებს ბოლო მოვუღოთ, ყველა მიჯაჭვულობა უნდა გავუშვათ, თავად სიცოცხლისადმი მიჯაჭვულობაც კი. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ იმაზე მოჭიდება, რაც ხელიდან გვისხლტება, და ასევე შევწყვიტოთ დაკარგულის დაბრუნების მცდელობები. ასევე უნდა გადავაგდოთ იმის რწმენა, რომ შინაგანი სიმშვიდე მხოლოდ მაშინ მოდის, როცა ჩვენი სურვილები სრულდება.
როცა გაიგო, რომ მასაც სიკვდილი ელოდა, პრინცი ძალიან დაღონდა. მაგრამ შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა მოხდა, და ამან სიდჰართჰას ცხოვრება ამოაყირავა: მის წინ მედიტაციაში ფეხებგადაჯვარედინებული სადჰუ იჯდა. იგი სრულიად მშვიდი ჩანდა და არ ექვემდებარებოდა შიშებსა და ტანჯვებს. სიდჰართჰამ სთხოვა მსახურს, რომ შეეჩერებინა ეტლი და სადჰუსკენ გაიქცა, რათა ეკითხა, თუ როგორ მიაღწია ასეთ ღრმა სიმშვიდეს.
„შენც შეგიძლია გადალახო ტანჯვები და სიკვდილი, - შეჰპირდა სადჰუ. - საჭიროა იქ, იმ ხის ქვეშ დაჯდე, უარი თქვა საჭმელზე და სასმელზე, სანამ არ მიხვდები, რომ თავისუფალი ხარ სიკვდილისგან, რომელიც უკან მოგდევს“.
სიდჰართჰა სახლში დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ ჩვეულმა ცხოვრებამ მიმზიდველობა დაკარგა. გონებაში ისევ სადჰუს სიტყვები ჟღერდა. რაღაც დროის შემდეგ მან დატოვა თავისი მდიდრული სასახლე და მწირი ბერი გახდა, რათა საკუთარი თავი ეპოვნა და ტანჯვები დაესრულებინა. როგორც კი თვალებიდან ბინდი გვშორდება და პრინც სიდჰართჰას მსგავსად ვამჩნევთ ყველა ცოცხალი არსებისა და საკუთარ ტანჯვებს, ძველი გზები აზრს კარგავენ და იწყება განკურნების ძიება. იქნება თუ არა ეს გზა გრძელი, გაივლის თუ არა მრავალ გამოცდას - ეს თავად ადამიანზეა დამოკიდებული. მაგრამ მაგრამ ამჟამად თქვენ ჩამოგიყალიბდათ საკმაოდ სწორი რწმენა, რომ ეს გზა რთული და მიხვეულ-მოხვეულია, განკურნება კი ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ მომზადებას მოითხოვს.
სიდჰართჰამ ექვსი წელი ღრმა მედიტაციაში გაატარა ისე, რომ თითქმის არ ზრუნავდა საკუთარ სხეულზე, მაგრამ მაინც ვერ იპოვა პასუხები, რომლებსაც ეძებდა. ბოლოს და ბოლოს, სასოწარკვეთილი იგი ფინიკის ხის ქვეშ დაჯდა და დაიფიცა, რომ არ გაინძრეოდა მანამ, სანამ ტანჯვების მიზეზს არ ჩაწვდებოდა და არ გაიგებდა, როგორ დაესრულებინა ისინი. გარშემო ბავშვები თამაშობდნენ, ძაღლები ყეფდნენ, ქალები ცდილობდნენ, რომ მოეხიბლათ და მოეცდინათ იგი, მძარცველებმა კი გამოსტაცეს ბერის ჩანთა მცირე ქონებით. მაგრამ სიდჰართჰა უბრალოდ იჯდა, შიგნით იყურებოდა და თავისი გონების ბუნებას სწავლობდა. მან გახსნა თავისი გული და გაუშვა ყველა მოლოდინი. და მაშინ, ხის ქვეშ მჯდარი, რომელსაც მოგვიანებით ბოდჰის ხეს უწოდებენ, მტანჯველი ღამის შემდეგ, განთიადისას ყოფილი პრინცი გასხივოსნდა და ბუდად იქცა. ბოდჰი ნიშნავს „გამოღვიძებულს“. მოგვიანებით ბუდამ აღწერა ის, რაც განიცადა, როცა გამოიღვიძა:
მე მოვიპოვე უშუალო ცოდნა სიბერესა და სიკვდილზე, ტანჯვების მიზეზებზე, იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს ტანჯვები და სიკვდილი, უშუალო ცოდნა იმ გზაზე, რომელსაც სიბერისა და სიკვდილის შეწყვეტისკენ მივყავართ.
რაც არ უნდა დავარქვათ ამას: გასხივოსნება, ჭეშმარიტების შეცნობა თუ ერთიანობის გამოცდილება, რამაც სიდჰართჰა ბუდად აქცია, ღრმად მაკურნებელი იყო და ამავდროულად საოცრად მარტივი. „ჭეშმარიტება ტანჯვის შეწყვეტის შესახებ - ესაა პირადი აღმოჩენა, - თქვა ტიბეტური ბუდიზმის მასწავლებელმა ჩოგიამ ტრუნგპა რინპოჩემ. - იგი შორსაა მისტიკისგან და არანაირი კავშირი არ აქვს რელიგიასთან ან ფსიქოლოგიასთან, ეს უბრალოდ თქვენი პირადი გამოცდილებაა“.
სიდჰართჰას საკუთარი ტანჯვებისგან გათავისუფლება სურდა, მაგრამ ამ ძიებამ იგი გასხივოსნებამდე მიიყვანა. როცა ბუდა გახდა, მან მოუტანა კაცობრიობას საშუალებები, რომლებიც გვეხმარება ტანჯვების, ავადმყოფობების, სიბერისა და სიკვდილის დასრულებაში. ეს არწივის ძღვენია, ვიზიონერის გზის ნაყოფი.
ერთიანი სულის მედიცინის აღმოჩენა
მაგიური წრის აღმოსავლეთის მიმართულებით თქვენ კარგავთ საკუთარ თავს, რათა იპოვოთ საკუთარი თავი. კვდებით ძველი ცხოვრებისთვის და ახლისთვის იბადებით. აცნობიერებთ, რომ თქვენი დროებითი „მე“, რომელიც ფიზიკურ სამყაროში ცხოვრობს, გამუდმებით იცვლება, მაგრამ არსებობს მარადიული „მე“-ც - იგი უცვლელია და არასოდეს იტანჯება. მარადიული „მე“ არ ავადმყოფობს და არ კვდება. ეს გაგება დაგეხმარებათ, რომ იდეალურ ჯანმრთელობას დაუბრუნდეთ და ორგანიზმის ყოველი უჯრედი უფრო ჯანსაღი ახალი სხეულის შესაქმნელად მომართოთ.
მარადიული „მე“-ს აღმოჩენა სამხრეთიდან დავიწყეთ, სადაც ძველი როლები მოვიშორეთ, გადავაგდეთ სუბიექტური წარმოდგენები საკუთარ ჭეშმარიტ არსზე, და პარსიფალის მსგავსად, საკუთარ თავში მამაკაცური საწყისი განვკურნეთ. შემდეგ გზა დასავლეთისკენ გაგრძელდა, იქ ფსიქეამ გვაჩვენა, რომ ზღურბლის გადალახვა და შეუცნობელში შესვლა მოგვიწევს, თუკი შიშისა და სიკვდილის ციხისგან გათავისუფლება, ქალღმერთის ძღვენის მიღება და საკუთარი უკვდავების გაცნობიერება გვსურს. ამის შემდეგ გავემართეთ ჩრდილოეთისკენ, სადაც ვისწავლეთ სიმშვიდის შენარჩუნება და მზერის საკუთარი თავის შიგნით მიმართვა, იმათ კოლექტიურ სიბრძნეზე დაყრდნობით, ვინც ჩვენამდე ცხოვრობდა. როგორც არჯუნას, ჩვენც გაგვეხსნა კოსმოსის დიდებულება.
როცა აღმოსავლეთს მივაღწიეთ, აზრი შეიძინა ამ გზის ყველა საფეხურმა, ყველა განვლილმა გამოცდამ. ჩვენი არსებობის პარადოქსს ჩავწვდით: ყოველი ჩვენთაგანი ერთდროულადაა უსასრულოდ მცირეც და უსასრულოდ ფართოც - ჩვენ ერთდროულად არაფერიც ვართ და ყველაფერიც. აღმოვაჩინეთ, რომ გასხივოსნებაშიც კია ყოველდღიურობის ჩვეულებრივი ასპექტები. ასევე გავიგეთ, რომ ერთიანობის განცდის შემდეგ ამ სიბრძნის მსოფლიოსთვის გადაცემა შეგვიძლია სიდჰართჰას მსგავსად.
ამრიგად, მაგიური წრის ოთხ მიმართულებასთან დაკავშირებული გაკვეთილების ათვისება ინტელექტუალურად შეგიძლიათ, მაგრამ თუ გსურთ, რომ ამ პრინციპებმა თქვენი ცხოვრება შეცვალონ, აუცილებელია ერთიანობის უშუალო გამოცდილება. აღმოსავლეთით ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ შინაგან დემონებს, როგორც ამას ბუდა და იესო აკეთებდნენ. იესო არ ცდილობდა დემონების ბეჭებზე დაწვენას, მან უბრალოდ მტკიცედ უბრძანა მათ, რომ თავიანთი ადგილი იცოდნენ. ბუდაც ასევე არ ებრძოდა თავის დემონებს - პირიქით, კვებავდა მათ: „თუ ჩემი თავი გინდა, აიღე ის. თუ ჩემი სხეული გინდა, აიღე ის“. ბუდას მარადიულ „მე“-ს ესმოდა, რომ იგი არ იყო თავისი სხეული ან თავისი თავი. როცა თავის მტანჯველებს ყურადღებას აღარ აქცევდა, მათ მოიწყინეს და წავიდნენ.
ჩვენთვის დიდი ცდუნებაა - ვებრძოლოთ დემონებს და ვიფიქროთ, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია. და აი, ოცდაათი წლის შემდეგ, დაკაწრულები და დასისხლიანებულები, ბოლოს და ბოლოს ვაღიარებთ ამ ბრძოლის ამაოებას. ვერაფერს მივაღწიეთ, ურთიერთობები მშობლებთან და ყოფილ მეუღლესთან ისევ სავალალო მდგომარეობაშია. ბავშვებიც ისევ გაბრაზებულნი არიან ჩვენზე. აღმოსავლეთის გაკვეთილები და ვიზიონერის გზა დემონებთან გამკლავების საუკეთესო საშუალებას გვაძლევენ.
მაშინაც კი, თუ სულის ძღვენები მივიღეთ, მაინც გვიწევს ფიზიკური არსებობის პრობლემებთან გამკლავება. და გასხივოსნება არ გვათავისუფლებს საკუთარი აზრების გაუმჯობესების, მოტივაციის და ქცევის სრულყოფის აუცილებლობისგან. მე მომწონს იმის გააზრება, რომ აღმოსავლეთის ტრადიციები გასხივოსნებაში გვეხმარებიან, დასავლურები კი - გაზრდაში. ერთიც და მეორეც თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთიანობის იმ გრძნობას არ ვეძებთ, რომელიც პატარა ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი, არამედ სხვას - მომწიფებული, გაზრდილი ადამიანისთვის დამახასიათებელს. სინამდვილეში არაფერია იმაზე მეტად მოსაწყენი, ვიდრე ის ინფანტილური ლაყბობა, რომელიც ხშირად სულიერებაში გვერევა.
დალაი-ლამაც კი აღიარებს, რომ ბრაზს გრძნობს - მიუხედავად მისი თვისებებისა, ის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანია. მაგრამ იგი არ კვებავს ამ ბრაზს და არ გამოხატავს მას, ამიტომ ეს ემოცია მალე მიდის. დალაი-ლამა ცხოვრებას თანაგრძნობით და არწივის ხედვით უდგება: „მე ნებისმიერ მოვლენას ყოველთვის უფრო ფართო ხედვის კუთხიდან ვუმზერ“, - თქვა მისწმა უწმინდესობამ ჟურნალ „Time“-ში.
იესო უდაბნოდან ბრძნული რჩევებით დაბრუნდა: „გიყვარდეს მოყვასი, ვითარცა საკუთარი თავი“, „თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორეც მიუშვირე“ და ა.შ. იმისთვის, რომ თავისი ჩანაფიქრი აღესრულებინა, იგი დიდხანს დადიოდა, ასწავლიდა ადამიანებს და იზრდებოდა. გასხივოსნების შემდეგ ბუდა არ წასულა მთის მწვერვალზე, რათა ნეტარებაში განესვენა. მომდევნო 45 წლის განმავლობაში იგი ამ სამყაროში ცხოვრობდა და სხვებს ეხმარებოდა გამოღვიძებასა და განკურნებაში.
თუ აღმოსავლური ტრადიციები გაღვიძებაზეა მიმართული, დასავლური კი - გაზრდაზე, შამანის გზა იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი თავისთვისაც გამოვლინდეს და სხვებისთვისაც. აუცილებელია - სიმამაცე და პასუხისმგებლობა.
როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება მაგიურ წრეზე მოგზაურობის შემდეგ? ერთი მხრივ, არწივის ფართო თვალთახედვა დაგეხმარებათ, რომ ცხოვრებაში დიდი თავისუფლების შეგრძნებით ორიენტირდეთ. ყველაფერი, რასაც აკეთებთ, ბუნებრივად მოგეჩვენებათ და თქვენს ნიჭებთან და ღირებულებებთან რეზონანსში იქნება. განიცდით სხეულის, გონებისა და სულის განკურნებას, და ამის უკან ისეთი ძალა იდგება, რომ თავს ვალდებულად იგრძნობთ - ემსახუროთ მსოფლიოს ყველა შესაძლო გზით.
მიზნის ამ ხედვით ჩვენ შეგვიძლია ბოლო ნაბიჯი გადავდგათ ამ მოგზაურობაში - შევასრულოთ ვიზიონერის ძიება (The Vision Quest).