შექმენი ახალი სხეული

ალბერტო ვილოლდო
5
2

მთარგმნელი: მამუკა გურული

თავი მეშვიდე - ვანულებთ „სიკვდილის საათს“

ნაწილი მესამე - სიკვდილის დაძლევა, რომელიც გდევნის

თავი მეშვიდე. ვანულებთ „სიკვდილის საათს“

ყველაზე დიდი შეცდომაა - გადაახტე უფსკრულს ორი ნახტომით (დევიდ ლოიდ ჯორჯი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი).

დედა ბუნებას სურს, რომ „განაყოფიერდეთ, გამრავლდეთ და აავსოთ დედამიწა“, წინააღმდეგ შემთხვევაში, კაცობრიობას საფრთხე დაემუქრებოდა. ამრიგად, ადამიანის რასას შეუძლია პოტენციური უკვდავების იმედი ჰქონდეს, თუმცაღა ყოველ ინდივიდს უცილობელი სიკვდილი ელის. დაახლოებით 35 წლის ასაკიდან ორგანიზმში რამდენიმე ძირითადი სისტემა თანდათან დაქვეითებას იწყებს. წყდება ზრდის ჰორმონის გამომუშავება, რომელიც აუცილებელია კუნთების შენებისთვის და კანის ელასტიურობის შენარჩუნებისთვის. გლუტატიონის და SOD-ის (სუპეროქსიდდისმუტაზას) - თავისუფალი რადიკალების შთანმთქმელების - დონე ორმოცი წლისთვის თითქმის ნულამდე ეცემა. ჩნდება ნაოჭები. ჭრილობები ისე სწრაფად აღარ ხორცდება, და ახლა გამოთქმა: „მთელი ღამით გართობა“ ნიშნავს, რომ საწოლში ღამის 11 საათისთვის იქნებით. 

როცა შობადობის ასაკიდან გამოდიხართ, ბუნებას თქვენზე არც ისე ბევრი გეგმა რჩება. არ მიყვარს ამის გამეორება, მაგრამ ბიოლოგია აშკარად ხლართავს შეთქმულებას ახალგაზრდების სასარგებლოდ. ოკლენდის ბავშვთა კლინიკასთან არსებული კვებისა და მეტაბოლიზმის ცენტრის დირექტორის - დოქტორ ბრიუს ეიმსის სიტყვებით, ზრდასთან ერთად ჩვენი ორგანიზმი ერთგვარ სორტირებას ახდენს პრიორიტეტების მიხედვით. ძირითად ვიტამინებს და მინერალებს პირველ რიგში იმ ცილებს სთავაზობს, რომლებიც გადარჩენისთვისაა აუცილებელი, და გვერდს უვლის დღეგრძელობისა და ხანგრძლივი ჯანმრთელობის გენებს, როგორიცაა SIRT-1.

ბევრ ჩვენგანს, როგორც წესი გვაკლია ერთი ან რამდენიმე ნივთიერება, რომელიც დღეგრძელობას უზრუნველჰყოფს. ღარიბებში ეს არასაკმარისი კვებითაა განპირობებული, ხოლო შეძლებულ ადამიანებში, რომლებიც ხშირად იღებენ ზედმეტ კალორიებს, მაგრამ მცირე რაოდენობით მკვებავ ნივთიერებებს, ეს დეფიციტი ხშირად დაკავშირებულია ანტიბიოტიკებით დაზიანებული ნაწლავების მიერ ნუტრიენტების შეწოვის დარღვევასთან. ღვიძლს შეუძლია, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი ვიტამინ B12-ის მარაგი შეინახოს, მაგრამ თუ საკვებიდან არ შეგიძლიათ B12-ის ათვისება, მაშინ ამ აუცილებელი ნივთიერების დეფიციტი გექნებათ. აშშ-ს თითქმის ყველა მაცხოვრებელი მაგნიუმის და სელენიუმის ნაკლებობას განიცდის. 

ბრიუს ეიმსი მაგალითისთვის. ვიტამინ K-ს იყენებს, რომელიც სისხლის შედედებისთვის და ძვლოვანი სისტემის სიჯანსაღისთვისაა აუცილებელი. თუ მწვანე ბოსტნეულისგან ამ ვიტამინის საკმარის რაოდენობას არ იღებთ, თქვენი ორგანიზმი ერთგვარ რიგითობას აწესებს სხვადასხვა ორგანოსადმი დახმარების აღმოჩენაში - იგი მოქმედებაში რთავს არსებულ K ვიტამინს სისხლის შედედების ფაქტორების გამოსამუშავებლად, რომლებიც სიკვდილისგან გვიხსნიან მცირე ჭრილობის შემთხვევაში. მაგრამ ამ შემთხევაში არ გეყოფათ K ვიტამინი სისხლიდან კალციუმის ძვლებში გადასატანად, სადაც იგი ოსტეოპოროზისგან დაგიცავთ. სისხლძარღვებში კალციუმის დაგროვების შედეგად კი თქვენ ხდებით ინფარქტის კანდიდატი. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომაა პოლივიტამინების კარგი ხარისხი აუცილებელი თქვენი ჯანმრთელობისთვის. 

ჩვენ ყველას გვსმენია, რომ „ახალგაზრდობა ამაოდ იხარჯება ახალგაზრდებზე“. ამაზონიის ძირძველი ხალხი აფასებენ ახალგაზრდობის სილამაზეს, ძალას და გამძლეობას, მაგრამ ისინი ასევე აფასებენ მოწიფული ასაკის სიბრძნესაც. ინდიელებს ესმით, რომ ცოდნა დაფარულია არა წიგნებში, არამედ მოხუცების მეხსიერებაში. თუ ეს სიბრძნე სიბერის ჭკუასუსტობის შედეგად დაიკარგება, მთელი კულტურა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ყოველგვარი მეცნიერული არგუმენტების გარეშე, ამაზონიის შამანებმა აღმოაჩინეს მცენარეები, რომლებიც ტვინს იცავენ, როცა ასაკი გვემატება. ზოგიერთი ბალახეული იმდენად ეფექტურად გვაშორებს ნაგავს ტვინის უჯრედებიდან და აღადგენს მიტოქონდრიებს - უჯრედების ენერგეტიკულ ცენტრებს, რომ ყველაზე მხცოვან ინდიელებსაც კი კარგად ახსოვთ ყმაწვილობის ისტორიები და სიმღერები. ამ ბრძენი მოხუცების მსგავსად, ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ მცენარეულ ნივთიერებებთან, რათა 35 წლის ასაკის შემდეგ ჩვენი ცხოვრების წიგნში ახალი თავი ჩავწეროთ. მაშინ გაცილებით უფრო მეტი შანსი გვექნება - დავტკბეთ ჯანმრთელობის ხანგრძლივი პერიოდით და უფრო გვიან ასაკშიც შევინარჩუნოთ ჯანსაღი ტვინი და კარგი მეხსიერება. 

ხანგრძლივობის სისტემების ჩართვა იწყება ჩვენი უჯრედების ძალის აგრეგატებით - მიტოქონდრიებით. 

მიტოქონდრიების აღდგენა

ჩვენმა წინაპრებმა რა თქმა უნდა, არ იცოდნენ, რა არის მიტოქონდრია. ყველაფერს, რაც დაბერებას და ნგრევას უშლის ხელს, ისინი „ქალურ სასიცოცხლო ძალას“ უწოდებდნენ. თანამედროვე მეცნიერება ასეთ მისტიურ განმარტებებს არ გვთავაზობს. 

მიტოქონდრიები წარმოადგენენ პაწაწინა ორგანელებს ყოველი უჯრედის შიგნით, და მათი ძირითადი სამუშაო ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმის პროცესში ენერგიად გარდაქმნაა. სინამდვილეში, მიტოქონდრიები - ესაა ბაქტერიები, რომლებმაც ევოლუცია განიცადეს პირველი ჟანგბადით მსუნთქავი ორგანიზმებისგან. მილიარდობით წლის წინ ადრეული ბაქტერიები ამინომჟავებით და სხვა მრავალი ნივთიერებით იკვებებოდნენ დედამიწის ოკეანეების პირველად სუპში. როცა მარაგებმა ამოწურვა დაიწყო, გაჩნდნენ პირველი ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები, რომლებმაც კვების ახალი წყარო - მზე, და მისი საწვავად გამოყენების საშუალება აღმოაჩინეს. ფოტოსინთეზის გაჩენა მონუმენტურ გარღვევად იქცა. ახლა უკვე ბუნებაში მზის სინათლით მკვებავ ყველა ორგანიზმს ჰყოფნიდა საკვები, და ლურჯ-მწვანე წყალ-მცენარეები დედამიწის ყველაზე წარმატებულ სასიცოცხლო ფორმად იქცნენ. მაგრამ მცენარეები ნარჩენი პროდუქტის სახით წარმოშობენ ძალიან შხამიან გაზა - ჟანგბადს. თავისუფალი ჟანგბადის უმეტესი ნაწილი ატმოსფეროში მინერალებმა შთანთქეს, მაგრამ მისი დონე მაინც სწრაფად გაიზარდა. რამდენადაც ცოცხალი ორგანიზმები იმ დროს არ სუნთქავდნენ ჟანგბადს, ამან მათი სიკვდილი გამოიწვია - გლობალური კატასტროფა, როცა მთელი ცოცხალის 99% განადგურდა. გამონაკლისს წარმოადგენდნენ მიტოქონდრიები - ბაქტერიები, რომლებმაც პირველად დაიწყეს ჟანგბადით სუნთქვა, და დღეს უკვე ყველაზე წარმატებული სიცოცხლის ფორმის ნიშას იკავებენ ჩვენს პლანეტაზე. 

ევოლუციის პროცესში მიტოქონდრიები მცენარეების და ცხოველების სხეულებში აღწევდნენ და ჰარმონიულ ურთიერთობაში თანაცხოვრობდნენ თავიანთ მასპინძლებთან. თბილი და უსაფრთხო გარემოს სანაცვლოდ ისინი მასპინძელს საწვავს აძლევდნენ. ყველა ამჟამინდელი მცენარე და ცხოველი საჭირო ენერგიას მიტოქონდრიებისგან იღებენ.  

მიტოქონდრიებს თავისი საკუთარი, ძირითადისგან განსხვავებული დნმ გააჩნიათ. ჩვენი ძირითადი დნმ-ის სტრუქტურა ორმაგ სპირალს წარმოადგენს, ხოლო მიტოქონდრიების დნმ, ისევე როგორც ბაქტერიების დნმ, მარგალიტის მძივს წააგავს. ჩვენ 24 000 გენზე მეტი გვაქვს, მიტოქონდრიებს კი მხოლოდ 38 გენი აქვთ. მაგრამ რა მნიშვნელოვანია ეს 38 გენი! მიტოქონდრიები - არამხოლოდ ორგანიზმის ენერგეტიკული სადგურებია, არამედ „სიკვდილის საათსაც“ ატარებენ. ისინი აკონტროლებენ უჯრედების კვდომის პროცესს, რომელიც ცნობილია, როგორც აპოპტოზი. სანამ „სიკვდილის საათი“ სწორად მუშაობს, ძველმა უჯრედებმა ზუსტად იციან, როდის უნდა მოკვდნენ, რათა მათი ადგილი ახალგაზრდა და ჯანმრთელმა უჯრედებმა დაიკავონ. მაგრამ თუ „სიკვდილის საათი“ წყობიდან გამოდის, უჯრედებს ავიწყდებათ კვდომა და შედეგად ჩნდება ავთვისებიანი სიმსივნე. ან პირიქით - მეტისმეტად ადრე კვდებიან, და ამის გამო დაბერება ჩქარდება. 

სიცოცხლის საწვავი

მიტოქონდრიული დნმ დედის ხაზით გადაეცემა, და დედის გენები ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით განსაკუთრებულ ქალურ სასიცოცხლო ძალას წარმოადგენენ. მილიონობით წლის წინ პირველმა ეუკარიოტულმა უჯრედებმა (ბირთვიანმა უჯრედებმა) ევოლუცია განიცადეს მიტოქონდრიებთან გაერთიანების წყალობით. ზუსტად ასევე შეუძლიათ დღეს განვითარება ადამიანთა სხეულებს, თუკი ამ ქალურ ძალას გამოვიყენებთ. მიტოქონდრიები სიცოცხლისთვის აუცილებელ საწვავს - ადენოზინტრიფოსფატს (ატფ) გვაძლევენ. როცა მათ კეტონებით ვკვებავთ, კერძოდ ბეტა-ჰიდროქსიბუტირატით, ისინი წარმოქმნიან ენერგიას იმ ნეირონული ქსელების ჩასართავად, რომლებიც ერთიანობის განცდაში გვეხმარებიან.

წლების წინ რამდენიმე კვირა სანტა-ფეში, ბუდისტურ ცენტრში გავატარე. როგორ ძლიერადაც არ უნდა მელოცა ან ვკონცენტრირებულიყავი, ჩემი გონება მაინც განაგრძობდა გადაუდებელი საქმეების ფურცვლას ან ჩემს წინ მიმზიდველი ქალის დახატვას. მაშინ გადავწყვიტე მეშიმშილა - მხოლოდ წყალს ვსვამდი ოთხი დღის განმავლობაში. პირველი ორი დღე საშინელი იყო, ჩემს სამედიტაციო ბალიშზე ვწრიალებდი და სხვებსაც ვაწუხებდი ჩემს მუცელში ბუყბუყით. მაგრამ მესამე დღისთვის ყველაფერი შეიცვალა. შიმშილის გრძნობა გაქრა, და მედიტაცია უფრო იოლი გახდა. ქალები აღარ მაცდენდნენ, მუდმივი ლაყბობა თავში შეწყდა, და მე კვლავ მოვიპოვე სიმშვიდის განცდა. ეს ყველაფერი მარტივად, ძალისხმევების გარეშე მოხდა. 

ორი-სამი დღე იმაზე მიდიოდა, რომ სისხლში შაქრის ნარჩენები დამეხარჯა და საწვავად ცხიმის გამოყენებაზე გადავსულიყავი. წარმოქმნილმა კეტონებმა ტვინის უფრო მაღალი ფუნქციები ჩართეს, რომელთა მიღწევასაც ფეხებგადაჯვარედინებული, მედიტაციის პოზაში ვცდილობდი. ჩემს ლიმბურ ტვინს თავისი ნეანდერტალელის ინსტინქტებით არ სურდა რამე საერთო ჰქონოდა მედიტაციასთან - მას მოქმედება სწყუროდა, დრაკონების მოკვლა, მშვენიერი ქალბატონების გადარჩენა და ელექტრონული ფოსტის შემოწმება. იმ დღეს მივხვდი: რასაც სულიერ გამოცდილებას ვეძახით, არა მხოლოდ მედიტატიური პრაქტიკების შედეგია, არამედ ტვინის ქიმიისაც. ჩვენ ერთიც გვჭირდება და მეორეც. 

ახლა უკვე ყოველ ჯერზე დამაქვს რითრითზე ქილა ქოქოსის ზეთით და ყველას ვთავაზობ მას პროგრამაზე „შექმენი ახალი სხეული“, რათა დავეხმარო კეტოზში შესასვლელად საჭირო 2-3 დღიანი უღელტეხილის გადალახვაში.

მთელი საქმე ფულშია

ადენოზინტრიფოსფატი (ატფ) - ესაა ორგანიზმის ვალუტა: უჯრედები იმ რაოდენობით ხარჯავენ მას, რაც აღდგენისთვის და გაყოფისთვის ჭირდებათ, დარჩენილ ნაწილს კი ბანკში აგროვებენ - ღვიძლში. იქ ატფ მანამდე ინახება, სანამ სხეულს სხვადასხვა ფუნქციებისთვის არ დასჭირდება. ატფ-ის გამოსამუშავებლად მიტოქონდრიები ჟანგბადს მოიხმარენ - ისევე, როგორც ავტომობილის ძრავა წვავს ჟანგბადს და იყენებს საწვავის ენერგიას. განსხვავება ისაა, რომ სხეულში პროცესები ნაკლებად ფეთქებადსაშიშია. როცა ჩავისუნთქავთ, ჟანგბადი სისხლის მეშვეობით უჯრედებს მიეწოდება, სადაც მიტოქონდრიები მისი მეშვეობით გლუკოზას და ცხიმებს წვავენ ატფ-ის გამოსამუშავებლად. 

ჯანსაღი და მაღალფუნქციური მიტოქონდრიების გარეშე ყოველ უჯრედს საფრთხე ემუქრება. დაახლოებით 200 ავადმყოფობა, რომლითაც ვიტანჯებით - კიბო, გულის დაავადებები, ფიბრომიალგია, ქრონიკული დაღლილობა, პარკინსონის დაავადება, დემენცია, ღვიძლის ციროზი, შაკიკი და ა.შ. დაკავშირებულია მიტოქონდრიის მუშაობის დარღვევასთან. მიტოქონდრიები ადვილად ზიანდებიან ტოქსინებით, მათ შორის წამლებისგან. ბოლო კვლევების ანალიზის შედეგად ნატუროპათმა ჯონ ნოიშტატმა და ფსიქიატრმა სტივ პეჩენიკმა აღმოაჩინეს: „წამლები იქცნენ მიტოქონდრიების დაზიანების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად, და ამით შეგვიძლია ავხსნათ მრავალი ნარჩენი ეფექტი. ექსპერიმენტულად დამტკიცდა, რომ მიტოქონდრიებს ფსიქოტროპული პრეპარატების ყველა კლასი აზიანებს“. 

დაზიანებული მიტოქონდრიები უფრო სწრაფად მრავლდებიან და მხოლოდ შაქრებით იკვებებიან, განსხვავებით ჯანმრთელი მიტოქონდრიებისგან, რომლებსაც ცხიმებით კვება შეუძლიათ. რამდენადაც კიბოს უჯრედები მათი ანომალიური მიტოქონდრიებით ძირითად საწვავად გლუკოზას იყენებენ, მკვლევარები მიიჩნევენ, რომ შაქრებით მდიდარი ნახშირწყლების შეზღუდვა ეფექტური საშუალებაა კიბოს მკურნალობისთვის და პროფილაქტიკისთვის. 

როცა მიტოქონდრიები დაზიანებულია, მეტაბოლიზმი ნელდება. ადამიანს ენერგია აღარ აქვს. სხეულს აღარ ახსოვს, როგორ დაწვას ცხიმები, ამიტომ ადამიანი ვეღარ ახერხებს წონაში დაკლებას. ცხიმოვანი მარაგები ტოქსინების საცავებად იქცევა. სავარაუდოდ, ამ დროს დაღლილად, მოქუფრულად და არაჯანსაღად იგრძნობთ თავს. ძალების ნაკლებობის გამო, როგორც წესი, მარტივ გამოსავალს მიმართავთ - მაგალითად, ტკბილი „ბატონჩიკის“ სახით, რომელიც მხოლოდ ამძიმებს პრობლემას, რადგან შაქრისმოყვარულ საფუარებს კვებავს ნაწლავებში და სისხლში შაქრის დონეს მაღლა წევს. ამის გამო ჩნდება ანთებითი პროცესები, ღრმავდება ჟანგვითი სტრესი, და კიდევ უფრო მეტი მიტოქონდრია ზიანდება. 

დეფექტური მიტოქონდრიები უჯრედების შიგნით გროვდება და დაბერებას აჩქარებს, დაზიანებული უჯრედები კი უკონტროლოდ მრავლდებიან და სიმსივნეებს წარმოქმნიან. 

აუტოფაგია, ანუ მიტოქონდრიების უტილიზაცია 

„გაფუჭებული“ მიტოქონდრიების მოშორება და ენერგეტიკულად მძლავრი მიტოქონდრიების მხარდაჭერა გადამწყვეტია ტვინის აღდგენის პროცესისთვის. როგორც უკვე გავიგეთ, აუტოფაგია - ესაა „ნაგვის გატანის“ სისტემა უჯრედების შიგნით, პროცესი, რომლის მეშვეობითაც უჯრედული ნარჩენები იშლება, დაზიანებული მიტოქონდრიები კი გადამუშავდება და გამოიყოფა ამინომჟავები - სამშენებლო აგურები ახალი უჯრედეებისთვის. ტყეში არიან მიკრობები, რომლებიც მკვდარ მცენარეებს შლიან და მათ საკვებად აქცევენ ახალი მცენარეებისთვის, და ზუსტად ასევე, ჩვენს სხეულს გააჩნია ამინომჟავების გადამუშავების სისტემა მკვდარი და დაზიანებული მიტოქონდრიებიდან ახალი უჯრედების შესაქმნელად. ამას „აუტოფაგია“ ეწოდება. 

აერობული სავარჯიშოები აუტოფაგიას რთავენ: ისინი მოიხმარენ ჟანგბადს, რომელიც ყველაზე სუსტ მიტოქონდრიებს შლის და უფრო ენერგიული მიტოქონდრიების ზრდას ეხმარება. მიტოქონდრიების გაჯანსაღების კიდევ ერთი საშუალება - დეტოქსიკაციაა. ხოლო დიეტა ფიტონუტრიენტების მაღალი შემცველობით - უჯრედებში ანტიოქსიდანტების გამომუშავების პროცესს რთავს, რაც მიტოქონდრიებს აღადგენს და ხელს უწყობს აუტოფაგიას. მაგრამ საბოლოო ჯამში მთავარი ბერკეტი აუტოფაგიის ჩასართავად - ესაა mTOR. 

ყველაზე კარგი საშუალება აუტოფაგიის ჩასართავად - შიმშილობაა. საკვებისგან მოკლე, 18 საათიანი თავშეკავებაც აიძულებს ორგანიზმს, რომ აღდგენის რეჟიმზე გადავიდეს, რადგან mTOR-ის მრიცხველები საკვები ნივთიერებების ვარდნას აფიქსირებენ. ორგანიზმის ცხიმებით კვებაზე გადართვის უნარი უპირატესობას გვაძლევდა მკაცრი ზამთრის პირობებში, როცა საკვები ნაკლები იყო. მაგრამ ჩვენი მიტოქონდრიები ვერ შეცვლიან სიტუაციას, თუ ცხიმოვანი მარაგები ტოქსინების საცავებად იქცევიან. თავისი სიბრძნიდან გამომდინარე სხეული არ დაწვავს ცხიმებს, თუ ისინი შხამითაა სავსე. იმისთვის, რომ ნახშირწყლების დაწვიდან ცხიმის დაწვაზე გადავიდეთ, საჭიროა ნარჩენების გადამუშავება და ტოქსინების გამოტანა. 

საკვებად სასარგებლო ცხიმების, მაგალითად ავოკადოს, ქოქოსის და ზეითუნის ზეთების გამოყენება ტვინს და გულს (და ყველა ჩვენს მიტოქონდრიას) კვებავს კეტონური სხეულებით, რომლებიც ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე შაქრები. მაგრამ როგორც კი ნახშირწყლებს იღებთ, მიტოქონდრიები შაქარს პირველ საკვებად აღიქვამენ, ნაყრდებიან და სხვა საკვები ავიწყდებათ. დამატებითი შაქარი სადმე უნდა წავიდეს, ამიტომ კუჭქვეშა ჯირკვალი ინსულინს გამოყოფს შაქრის იმ უჯრედებთან ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც მის გამოყენებას შეძლებენ. მაგრამ თუ უჯრედებში ისედაც ბევრი გლუკოზაა, ისინი უარს იტყვიან მიწოდებაზე და ხელს კრავენ ამ დესერტიან თეფშს. მაგრამ ხომ არ შეიძლება უგემრიელესი შოკოლადის ტორტის გადაგდება? - რადგან ეს ესმის, სხეული ცდილობს, რომ გლუკოზა ცხიმის სახით შეინახოს. 

როცა შაქრის მაღალი დონე სისხლში ქრონიკული ხდება, იწყება პრე-დიაბეტური მდგომარეობა. უჯრედებს აღარ აქვთ მეტი შაქრის შთანთქმის უნარი, ამიტომ ინსულინის რეცეპტორების რაოდენობას ამცირებენ. მაგრამ კუჭქვეშა ჯირკვალი არეგისტრირებს სისხლში შაქრის მაღალ დონეს და მეტ ინსულინს გამოყოფს. შედეგად ჩნდება ინსულინისადმი რეზისტენტობა.  

როდესაც ბევრ ნახშირწყალს იღებთ, წონაში იმატებთ მუცლის მიდამოში, განწყობის ცვალებადობები და კოგნიტური დისფუნქციები გაქვთ, ამ დროს ინსულინისადმი რეზისტენტობის და მიტოქონდრიების დაზიანების მიმართულებით მოძრაობთ. თუ გადახვალთ დიეტაზე მცენარეული საკვების და სასარგებლო ცხიმების მაღალი შემცველობით და ნახშირწყლების დაბალი შემცველობით, მაშინ თქვენი კუჭქვეშა ჯირკვალი დაამშვიდებს ინსულინურ სისტემას, რომელიც mTOR სასიგნალო გზას ააქტიურებს. ჩაირთვება აუტოფაგია. ტოქსინებს, რომლებიც უჯრედებში ინახება, მოიშორებთ, ხოლო მკვდარი მიტოქონდრიები - ამინომჟავებად გადამუშავდება. სისტემა ისე იმუშავებს, როგორც სალხინოა. 

ჟანგვითი სტრესის და თავისუფალი რადიკალების აქტივობის შემცირება

მიტოქონდრიები ჟანგბადს ენერგიის წარმოქმნისთვის მოიხმარენ. ნივთიერებათა არაეფექტური ცვლის შემთხვევაში დაზიანებული მიტოქონდრიები სახიფათო თავისუფალ რადიკალებს წარმოშობენ - ისევე, როგორც ძველი, გაფუჭებული ავტომობილი ჭამს ზეთს და შავ გამონაბოლქვს უშვებს. თავისუფალი რადიკალები ცხიმებს, ცილებს და დნმ-საც კი აზიანებენ ჩვენი უჯრედების ბირთვებში. 

სიტუაციას ამძიმებენ ეკოლოგიური ტოქსინები. განსაკუთრებით სახიფათო პესტიციდებია: ისინი შექმნილნი. არიან საზიანო ორგანიზმების მიტოქონდრიების გასანადგურებლად, მჭიდროდ ეწეპებიან მცენარეებს და არ ირეცხებიან არც წვიმით და არც სახლის პირობებში გარეცხვით. ნარჩენი პესტიციდები ჩვენს მიტოქონდრიებსაც ისევე ანადგურებენ, როგორც მავნე მწერების მიტოქონდრიებს. 

რაც უფრო მეტი ჟანგვითი სტრესია თქვენს სხეულში, მით უფრო მეტი ანტიოქსიდანტი გჭირდებათ. მათი მიღება შესაძლებელია ისეთი პროდუქტებისგან, როგორებიცაა კენკროვნები, მაგრამ სხეულში მოცირკულირე მილიარდობით თავისუფალი რადიკალის გასანეიტრალებლად დღეში თვრამეტ კილოგრამამდე მოცვის ჭამა დაგჭირდებოდათ. საბედნიეროდ ორგანიზმს თავად შეუძლია ბუნებრივი ანტი-ოქსიდანტების გამომუშავება, მაგალითად გლუტატიონის, თუმცაღა 35 წლის შემდეგ ეს ენდოგენური ანტიოქსიდანტები აღარ გამომუშავდება, ორმოცი წლის ასაკისთვის კი მათი დონე ნულამდე ეცემა.

შამანებისთვის საოცარი აღმოჩენა გახდა სამკურნალო მცენარეები, რომლებსაც შეუძლიათ ხელახლა ჩართონ ანტიოქსიდანტური სისტემები. Nrf2 აქტივატორები, როგორებიცაა ტრანს-რესვერატროლი, კურკუმინი და პტეროსტილბენი, აღადგენენ თავისუფალი რადიკალების ხაფანგებს იმ დონემდე, რომელიც ოცი წლის ასაკში გვქონდა. და ჩვენ გავიგებთ, როგორ მივაღწიოთ ამას სულ რაღაც 7 დღეში. 

ანთება

ლოკალიზებული ანთებები - ესაა ბუნებრივი და ჯანსაღი იმუნური პასუხი. როცა ეცემით და მუხლს იზიანებთ, ჭრილობის ადგილას ლეიკოციტები მოდიან, რათა შეაკავონ და გაანეიტრალონ  უცხო ნივთიერებები და ბაქტერიები. მაგრამ ქრონიკული ანთება ორგანიზმის წონასწორობას არღვევს, იმუნური სისტემა კი ჯანსაღ უჯრედებს და ქსოვილებს უტევს, რადგან უცხო დამპყრობლებად თვლის მათ. როცა ანთებითი პროცესი კონტროლს არ ექვემდებარება, „სიკვდილის საათი“ აჩქარებს თავის მსვლელობას და ადამიანს გულის და აუტო-იმუნური დაავადებები უვითარდება, როგორებიცაა რევმატოიდული არტრიტი, დიაბეტი და გაფანტული სკლეროზი. 

ქრონიკულ ანთებას შეუძლია ტვინის სტრუქტურა დააზიანოს, მათ შორის ჰიპოკამპი, და მიიყვანოს ისეთ მდგომარეობებამდე, როგორიცაა პარკინსონის და ალცჰეიმერის დაავადებები. საბედნიეროდ, Nrf2 აქტივატორები, რომლებიც საფუძვლად უდევს „ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამას, განსაკუთრებულად ძლიერ ანთების-საწინააღმდეგო თვისებებს შეიცავენ. მკვლევარებმა ამოაჩინეს, რომ ჩვეულებრივი ანთების-საწინააღმდეგო პრეპარატებიც კი - ასპირინის და იბუპროფენის მსგავსნი, 60%-ით ამცირებენ ალცჰეიმერის დაავადების და 45%-ით პარკინსონის დაავადების რისკს. 

ჰიპოკამპის აღდგენა

ჰიპოკამპი ფორმით ზღვის ცხენს წააგავს და გვეხმარება ემოციების რეგულირებაში, მოგონებების შენახვაში და სწავლაში. ნებისმიერი ახალი უნარ-ჩვევის გამომუშავებას, დაწყებული მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრით და დამთავრებული ჯანსაღი კვებით, ჰიპოკამპის მონაწილეობას მოითხოვს. ამიტომ ჰიპოკამპის დაზიანებისას ქრება ცნობისმოყვარეობა და სიცოცხლის წყურვილი. ამ დროს გაღიზიანებულნი ვართ და გვეშინია. მაგრამ თუ ჰიპოკამპს თევზის ცხიმით და ომეგა-3-ით მოვამარაგებთ, ამით განვკურნავთ ემოციებს, გავიუმჯობესებთ მეხსიერებას და სწავლის უნარს. ჰიპოკამპის დაზიანებამ შესაძლოა გააუარესოს მოკლევადიანი მეხსიერება, მაგრამ გრძელვადიანი ხელუხლებლად დატოვოს. ამით შეიძლება აიხსნას, რატომაა, რომ ადამიანები დემენციით კარგად იხსენებენ თავიანთი ახალგაზრდობის მოვლენებს, მაგრამ ვერ იხსენებენ იმას, თუ რა მოხდა წინა კვირაში ან 10 წუთის წინაც კი. 

ჰიპოკამპს არ შეუძლია დროის განსაზღვრა, ამიტომ ხშირად ურევს დღევანდელ მოვლენებს იმასთან, რაც ოცი წლის წინ მოხდა. ადამიანი, რომელიც ახლა გავიცანით, აღვიძებს მოგონებებს ოცი წლის წინანდელი შეყვარებულის შესახებ, და უკვე აღარ შეგვიძლია მასთან ნორმალური ურთიერთობა. გარდა ამისა, ჰიპოკამპი დაკავშირებულია არა მხოლოდ წარსულის მოვლენებთან, არამედ სტერეოტიპულ ქცევებთან, დიდი ხნის დამუშავებულ აზრებთან და მობეზრებულ გრძნობებთანაც. როცა იგი დაზიანებულია, ჩვენ კვლავ და კვლავ ვფქვავთ ერთი და იგივე ავადმყოფურ მოგონებებს და მათზე სტანდარტული რეაქციებით ვრეაგირებთ. შესაბამისად, არც ისეთი გახსნილები ვართ ახალი შთაბეჭდილებებისადმი და ცოდნისადმი. 

რამდენიმე წლის წინ ერთმა მეგობარმა ქორწილზე დამპატიჟა - ეს უკვე მისი მეხუთე ქორწინება იყო. როცა ეს გავახსენე, მეგობარმა მითხრა, რომ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. იგი ცდილობს თავისი ჰიპოკამპის განახლებას და ახალი გამოცდილების მიღებას - და ამისთვის საშუალებად კიდევ ერთი ქორწინება გამოიყენა. ეს ტვინის აღდგენის არც ისე პრაქტიკული მეთოდია. მე შევთავაზებდი, რომ იდეალური პარტნიორის ძიების ნაცვლად მრავალფეროვნებისთვის საკუთარ თავზე ემუშავა, რათა თავად გამხდარიყო იდეალური პარტნიორი. ჩემმა რჩევამ დიდად არ გაახარა. ქორწინებიდან ექვსი თვის შემდეგ მეგობარმა დამირეკა და განმიცხადა, რომ ეს ქორწინებაც დაინგრა - და გაბრაზებული იყო ჩემზე, რომ უფლება მივეცი - ასეთ სასტიკ და თავქარიან არსებაზე დაქორწინებულიყო. მე გავახსენე მეცნიერის და მითოლოგის - ჯოზეფ ქემპბელის გამოთქმა: „თუ გაკვეთილი ვერ გაითავისეთ, მასზე ქორწინება მოგიწევთ“. და ვუთხარი მეგობარს, რომ თუ თავის ჰიპოკამპს არ შეაკეთებდა, კვლავაც განაგრძობდა ძიებას და ცხოვრების იგივე თანამგზავრს იპოვიდა, ამჯერად სხვა სახელით. 

ჩემი მეგობრის ერთფეროვანი ქცევა არ აძლევდა მას საშუალებას, რომ თვალები გაეხილა და რაღაც ახალი შეემჩნია, უჩვეულო გამოცდილება მიეღო. დრო მიდიოდა, ის კი სიყვარულს იმავე ძველი მეთოდით ეძებდა. „ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამის მეშვეობით თქვენ შეძლებთ, რომ ახალი ტვინი მოიპოვოთ, რომელიც წარსულში არ იჭედება, მოვლენებზე ახალი იდეებით და მიდგომებით რეაგირებს, და თუ უყვარდება - ეს ნამდვილი სიყვარულია. 

როცა ჩვენი ჰიპოკამპი დაზიანებულია, გარშემო ყველაფერს საფრთხედ აღვიქვამთ. ჰიპოკამპის გაჯანსაღებასთან ერთად შესაძლებლობების დანახვას ვიწყებთ იქ, სადაც მანამდე მხოლოდ დრამებს ვხედავდით. მაგალითად, ჩემმა ერთ-ერთმა პაციენტმა საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით კაპიტალი დააგროვა: არასტაბილურობის და საფრთხის პერიოდებში იგი იმ კომპანიებში დებდა ინვესტიციებს, რომელთა აქციებსაც ყველა დანარჩენი მოთამაშე ყიდდა. 

ჰიპოკამპის აღდგენა შესაძლებელია, თუკი გავზრდით სეროტონინის დონეს (რომელიც ნაწლავურ ფლორაში გამომუშავდება) და ჩავრთავთ ტვინში ღროვანი უჯრედების გამომუშავებას. ორიოდე ათწლეულის წინ ჩვენ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ტვინს არ შეუძლია ახალი ნეირონების წარმოქმნა. დღეს უკვე ვიცით, რომ მას შეუძლია ღეროვანი უჯრედების წარმოქმნა და სულ რაღაც ექვს კვირაში აღდგენა - ახალი ნეირონული ქსელების შექმნით - იმ პირობით, რომ თქვენთვის უჩვეულო ცოდნის სფეროებს ითვისებთ. იმისთვის, რომ ცხოვრება შეცვალოთ, აუცილებელი არაა განქორწინება, სხვა სამსახურის ძებნა ან ბავშვების მთელი ზაფხულით სოფელში გაგზავნა, არამედ საკმარისია მხოლოდ ტვინის შეცვლა. ამისთვის კი ჯანმრთელი ჰიპოკამპია საჭირო. თუკი კომპიუტერში ოპერაციულ სისტემას განვაახლებთ, შეგვიძლია, რომ უფრო ძლიერი და თანამედროვე პროგრამები ჩავტვირთოთ. ზუსტად ასევე, ტვინში სწავლების ცენტრების განახლებით ახალ, უფრო შემოქმედებით აზროვნებაზე გადავეწყობით, - ეს კი თავის მხრივ ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს. როცა გულმავიწყი ხდება, ბევრი ადამიანი იცინის თავის მეხსიერების ჩავარდნებზე და ამავდროულად დემენციის და ალცჰეიმერის შიში აქვს. მათ აშინებთ იმის გაცნობიერება, რომ გონება ასაკთან ერთად იშლება, თუმცა აუცილებელი არაა, რომ სიბერემ ტვინის ფუნქციის დაკარგვა გამოიწვიოს. ავადმყოფობები, რომლებიც დასავლეთში სიბერესთან ასოცირდება - გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დემენცია, ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადებები, სრულიად შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ. მათი პროფილაქტიკა იწყება ჰიპოკამპში ტვინის ახალი უჯრედების წარმოქმნით, ასევე დიეტით, რომელიც ტვინს კარგი ცხიმებით გამოკვებავს. 

ტვინის გაჯანსაღება BDNF, გლუტატიონის და SOD-ის მეშვეობით

ჩვენმა პალეოლითელმა წინაპრებმა ცოტა რამ იცოდნენ ტვინის ქიმიის შესახებ, თუმცაღა მშვენივრად ერკვეოდნენ მცენარეებში, რომლებიც მისი აღდგენის ფუნქციას ააქტიურებენ. დღეს მეცნიერება იცნობს სამ ნივთიერებას, რომლებსაც ტვინის აღდგენა შეუძლიათ. საოცარია, რომ ეს სუბსტანციები აღვიძებენ ჩვენს უნარს - გამოვიმუშავოთ ნერვული ღეროვანი უჯრედები და შეუძლიათ რეალურად დაგვეხმარონ ახალი, უფრო ჯანმრთელი ტვინის შექმნაში. 

BDNF, ტვინის ნეიროტროფული ფაქტორი, ასტიმულირებს ახალი ტვინის უჯრედების განვითარებას. მას საკვანძო როლი აქვს ტვინის განახლებაში, რის შედეგადაც ჩნდება აზროვნების, აღქმის და რეაგირების ახალი უნარები. ბოლოს როდის შეგიყვარდათ ხელახლა თქვენი მეუღლე? BDNF ანახლებს ტვინს, რათა თქვენ შეძლოთ ახლებურად იგრძნოთ ცხოვრების გემო და ახლებურად დაინახოთ ჩვეული სამყარო. 

რამდენად მნიშვნელოვანია BDNF? მის უკმარისობას ალცჰეიმერის დაავადებას, დემენციას და დეპრესიას უკავშირებენ. თუ საკვებიდან საკმარის ომეგა-3-ს არ იღებთ, მაშინ BDNF დონის გასაზრდელად და ტვინის გასაუმჯობესებლად ომეგა-3-ის შემცველი საკვები დანამატების მიღება დაგჭირდებათ. 

როგორ გავზარდოთ BDNF კონცენტრაცია? ამაში ხელს გვიწყობს ღამის შიმშილობა, რომლისგან გამოსვლაც ცხიმებით (მაგალითად, ავოკადოთი) ხდება და არა ნახშირწყლებით. BDNF-ის დონის უფრო მეტად გასაზრდელად, „ახალი სხეულის შექმნის“ შვიდდღიანი პროგრამის დროს შესაძლებელია 24 საათიანი შიმშილობის მოწყობა მხოლოდ წყალზე. BDNF-ის გაზრდის კიდევ ერთი საშუალება ფიზიკური ვარჯიშებია, თუმცაღა ვარჯიშების ისეთი ფორმა უნდა აირჩიოთ, რომელიც მოგწონთ. კვლევებმა აჩვენა, რომ უფრო კარგად ის ვარჯიშები მოქმედებს, რომლებსაც სიამოვნება მოაქვთ, და მხოლოდ მოვალეობის გამო არ სრულდება. 

გლუტატიონი - ესაა ანტიოქსიდანტი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. იგი თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებს, აქტიური დეტოქს-აგენტის სახით ტოქსინებს აგროვებს ორგანიზმში და ღვიძლში გადააქვს გადასამუშავებლად. გლუტატიონი აძლიერებს იმუნიტეტს, გვეხმარება კუნთების გაზრდაში და შენარჩუნებაში. გლუტატიონის დაბალი დონის შემთხვევაში თავისუფალი რადიკალები დიდ ზიანს აყენებენ მიტოქონდრიებს, რომლებიც თავის მხრივ, უარესად არეგულირებენ უჯრედების „სიკვდილის საათს“. 

როგორ გავზარდოთ გლუტატიონის კონცენტრაცია? ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა კომბოსტო კეილი, ისპანახი, ავოკადო და გოგრა, ხელს უწყობენ ორგანიზმს გლუტატიონის გამომუშავებაში. თუმცაღა. ბევრ ადამიანს, და მათ შორის მეც, არ გვყოფნის GSTM1 გენი, რომელიც აუცილებელია გლუტატიონის წარმოსაქმნელად. მთლიანობაში დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარს არ ჰყოფნის ამ პროცესისთვის აუცილებელი ერთი ან რამდენიმე საკვანძო გენი. მძიმე ავადმყოფებს შორის ეს პროცენტი კიდევ უფრო დიდია: ადამიანთა უმეტესობაში ქრონიკული დაავადებებით გლუტატიონის დონე უმნიშვნელოა. 

რადგან ორგანიზმს არ შეუძლია გლუტატიონის გამოყენება ჩვეულებრივი საკვები დანამატის ფორმით - იგი ადვილად იშლება ნაწლავებში, მე გირჩევთ პერორალურად მიიღოთ S-აცეტილ-გლუტატიონი, რომელსაც შეუძლია ნაწლავების გავლით სისხლში მოხვდეს. „ახალი სხეულის შექმნის“ პროცესში თქვენ მიიღებთ დღეში 1000 მგ S-აცეტილ-გლუტატიონს. 

შეგიძლიათ ასევე NAC-ის (N-აცეტილცისტეინის) გამოყენება, რომელიც დაგეხმარებათ გლუტატიონის გამომუშავების გაზრდაში. S-აცეტილ-გლუტატიონისგან განსხვავებით NAC იმითაა კარგი, რომ ორგანიზმს მისი გამოყენება შეუძლია გლუტატიონის თავისივე საკუთარი სიჩქარით წარმოქმნისთვის მაშინ, როცა ეს აუცილებელია, ნაცვლად დიდი დოზის ყლაპვისა. 

SOD ანუ სუპეროქსიდდისმუტაზა - ძირითადი ანტიოქსიდანტია, ფერმენტი, რომელიც ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს ერთი მილიონთან შეფარდებით. სხვა სიტყვებით, SOD-ის ერთი მოლეკულა მილიონზე მეტ თავისუფალ რადიკალს ანადგურებს. ვიტამინები C და E ასევე შესანიშნავ ანტიოქსიდანტებად ითვლებიან, მაგრამ მათი ეფექტურობა - მხოლოდ ერთი ერთთანაა. ორგანიზმში მილიონობით თავისუფალი რადიკალია, ამიტომ ვიტამინების ერთ პატარა ტაბლეტს ასეთ რაოდენობასთან გამკლავება არ ძალუძს, ამიტომ ჟანგვითი სტრესის შესამცირებლად SOD-ის ცეცხლოვანი ძალაა აუცილებელი.

SOD-ის დაბალი დონე აღინიშნება ათეროსკლეროზის დროს, და კოლაგენის დაშლის დროს კანის დაბერების პროცესში. ჩვენი ორგანიზმი SOD-ს ბუნებრივად გამოიმუშავებს. ამ ფერმენტის პოვნა. საკვებ პროდუქტებშიც შეგვიძლია. მაგრამ იმისთვის, რომ ბოლომდე შევაჩეროთ პესტიციდების და ტოქსინების შედეგად წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალების ზვავი, აუცილებელია სერიოზული ჩარევა. 

როგორ გავზარდოთ SOD-ის კონცენტრაცია? ორგანიზმისთვის SOD-ის გამომუშავებაში ხელშეწყობა შეგვიძლია ისეთი დანამატების მიღებით, როგორებიცაა ტრანსრესვეროტროლი (დღეში 500 მგ) და კურკუმინი (დღეში 1000 მგ). SOD-ის დონის გაზრდის კარგი საშუალებაა ასევე რაციონში პტეროსტილბენის ან მისით მდიდარი პროდუქტების, მაგალითად მოცვის და ყურძნის დამატება. 

BDNF-ის, გლუტატიონის და SOD-ის კონცენტრაციის გაზრდა გვეხმარება მიტოქონდრიების აღდგენაში და „სიბერის დაავადებების“ თავიდან აცილებაში. ეს ნივთიერებები მნიშვნელოვანია. სხვა მიზეზითაც: ისინი ტვინიდან ტოქსინებს გვაშორებენ და ერთიანობის განცდის საშუალებას გვაძლევენ. ერთიანობის განცდა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება, ასევე მძლავი და შემოქმედებითი გზით ახორციელებს ჩვენს ოცნებებს უკეთესი სამყაროს შესახებ. 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff