შექმენი ახალი სხეული

ალბერტო ვილოლდო
4.75
2

მთარგმნელი: მამუკა გურული

თავი მეთორმეტე - ბრძენის გზა: გაშეშება ფრენაში

ო, არჯუნა, რისი ხილვაც გსურს, აჰა ერთბაშად იხილე ამ სხეულში. ეს სამყაროსეული ფორმა გიჩვენებს იმას, რისი დანახვაც გწადია და იმასაც, რისი დანახვაც შეიძლება მომავალში ისურვო. ყველაფერი, მოძრავიცა და უძრავიც აქ ერთად არის. მაგრამ ახლანდელი თვალებით ვერ დამინახავ, ამიტომ ღვთაებრივ თვალებს მოგმადლებ. იხილე ჩემი მისტიკური ბრწყინვალება! „ბჰაგავად-გიტა“

როცა ამერიკის ძირძველი ტომების წინაპრებმა აზიიდან მიგრაცია განიცადეს, მათ თან მოიტანეს იმ სიბრძნის საფუძველი, რომელიც ჰიმალაებთან ახლოს ხანგრძლივი ცხოვრების პერიოდში მიიღეს. მოლეკულარული არქეოლოგების სიტყვებით, რომლებიც მიტოქონდრიული დნმ-ის ვარიაციებს იკვლევდნენ, დაახლოებით თხუთმეტმა მამაცმა მოგზაურმა გადალახა ციმბირის დიდი ველები ბერინგის მიწამდე, რომელიც მოიცავდა იმ ტერიტორიას, რაც ახლა ჩუკოტკასა და ალიასკას შორის მდებარე ბერინგის სრუტეა. შემდეგ ამერიკის ჩრდილოეთიდან და ცენტრიდან ისინი ანდებში დაეშვნენ და იქიდან მთელი სამხრეთ კონტინენტი გაიარეს ცეცხლოვანი მიწის (Tierra del Fuego) არქიპელაგამდე. გზად მათ ააშენეს ისეთი ციტადელები, როგორიცაა მაჩუ-პიქჩუ. ამიტომ ანდურ მითოლოგიაში ჩრდილოეთი წინაპრების მიმართულებად ითვლება. ბრძენის გზა მაგიურ წრეზე უკავშირდება ჩრდილოეთს და შინაგანი სიმშვიდის საუკუნოვან პრაქტიკებს. 

ჩრდილოეთი - არა მხოლოდ წარსულის დიადი ბრძენების მიმართულებაა, არამედ ის ადგილიც, სადაც სიმშვიდით ვტკბებით მჩქეფარე საქმიანობის პირობებში. პოლარული ვარსკვლავი ერთადერთი სტატიკური წერტილია მოძრავ ცაზე. ჩრდილოეთი უკავშირდება კოლიბრს, რომელიც სწრაფად ამოძრავებს ფრთებს, მაგრამ ამასთან უძრავადაა ჰაერში გამოკიდებული. კოლიბრის ზოგიერთი სახეობა ყოველ შემოდგომაზე მიგრირებს კანადიდან სამხრეთ ამერიკაში და ათასობით მილს გადის უზარმაზარი ოკეანის თავზე. კოლიბრის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, რომ უძრავობასთან ერთად მოდის უნარი - თამამად გავემგზავროთ უცნობი მიწებისკენ და ცხოვრება ყველა შესაძლო ოკეანის თავზე უნიკალურ გმირულ მოგზაურობად ვაქციოთ. 

ბრძენის გზაზე ჩვენ ვაწრთობთ განდგომის უნარს გონების წრიალისგან, რომელიც შეპყრობილია პრობლემებით, დრამებით და მიწიერი საქმეებით, და ვსწავლობთ უძრავობის შენარჩუნებას მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს შიგნით ან გარეთ. ვიწყებთ წესრიგის და სიმშვიდის პოვნას ქარიშხლის ცენტრში. უარს ვამბობთ ჩამოყალიბებულ წარმოდგენებზე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს ყველაფერი, და სიამოვნებით ვაკვირდებით, როგორ ჩნდება და ქრება ჩვენი გეგმები და გათვლები ცხოვრების კალეიდოსკოპში. სწორედ ჩრდილოეთისკენ ვღებულობთ ებრაულ გამოთქმას: „გინდა ღმერთი გააცინო? - მოუყევი მას საკუთარი გეგმების შესახებ“. 

შინაგანი სიმშვიდის გრძნობა, რომელიც შემოდის, როცა ბრძენის სამუშაოს ვიწყებთ, - ესაა აღქმაში რადიკალური ცვლილების შედეგი. მხოლოდ მაშინ მოვიპოვებთ სიმშვიდეს, როცა აღარ ვეჭიდებით და გვენატრება, აღარ გავურბივართ და ვღელავთ, აღარ ვწრიალებთ და ვიბრძვით. დუმილში წვდომას ვიღებთ წინაპრების სიბრძნეზე. ესაა სიბრძნე, რომელიც ფსიქეამ პერსეფონასგან მიიღო, ესაა ცოდნა, რომელიც მისაწვდომია მხოლოდ უჩვეულო სამყაროში, სადაც დროის-მიღმიერი ჩვენი არსების ყოველ უჯრედში აღიქმება. ჩრდილოეთის საჩუქარი - ესაა სიმშვიდე მოძრაობაში. 

ნეირობიოლოგიის თვალსაზრისით სწორედ ჩრდილოეთის სიბრძნე დაგვეხმარა გადარჩენაში იმ დროს, როცა არ გვქონდა ისეთი მაგარი კბილები და კლანჭები, რომლებსაც მტაცებლები იყენებენ, მოგვიანებით კი მეცნიერების საოცრებების აღმოჩენაში, ორბიტაზე „ჰაბლის“ ტელესკოპის გატანაში და სიმების თეორიის შემუშავებაში სამყაროს მოწყობის ასახსნელად. ამ კვლავ მოპოვებული სიბრძნის ნიშნებს უძველებს ქოხებში ვპოულობთ - ორმოცდაათი ათასი წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი სამყაროს მისტიური ნახატების ხატვა დაიწყეს ლასკოს გამოქვაბულებში (დღევანდელი საფრანგეთი) და ალტამირაში (ესპანეთი). თუმცაღა იმავე სიბრძნის მეშვეობით უგუნურმა ადამიანებმა ომები გააჩაღეს და ერთმანეთი გაანადგურეს. როგორც ჩანს, ჰომო საპიენსმა ამ დამანგრეველი ძალების გამოყენება მალევე ისწავლა მას შემდეგ, რაც კლდეზე ხატვა დაიწყო და გამოდევნა ისტორიიდან თავისი ნათესავები - ნეანდერტალელები. სიბრძნე, რომელსაც ჩრდილოეთში ვპოულობთ, ჩვენს სულში სიხარულს, თანაგრძობას და მოწყალებას აღვიძებს. ეს გრძნობები გვამაღლებენ იმ მოქუფრულ ზღაპრებზე, რომლებიც მუდმივად იკავებენ პრიმიტიულ ტვინს. 

იმისთვის, რომ ბრძენების ძღვენი ჩვენთვის მისაწვდომი გახდეს, აუცილებელია შევჩერდეთ და შევამჩნიოთ, რომ საათში ასორმოცდაათი კმ სიჩქარით მივქრივართ, მაგრამ მიზანს ვერ ვაღწევთ და მილიონობით სხვადასხვა მოქმედებას ვასრულებთ, მაგრამ არაფერს ვქმნით. თავდაპირველად ბრძენის გზა ყველაზე იოლი გვეჩვენება მაგიურ წრეზე - საკმარისია ვისხდეთ და შევასრულოთ ინსტრუქციები: „მიეყრდენით სავარძლის საზურგეს! მოდუნდით! დატკბით პეიზაჟით!“ მაგრამ ვერ შეძლებთ ჩრდილოეთის მიმათულებამდე მიღწევას, თუ სამხრეთს (საკუთარ თავში მამაკაცის განკურნება და სხვების ხარჯზე ძალაუფლებისკენ და დიდებისკენ სწრაფვისგან გათავისუფლება) და დასავლეთს (სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა და ღვთაებრივ ქალურობასთან შეხვედრა) არ გაივლით. როცა ჩრდილოეთს მიაღწევთ, აღმოაჩენთ, რომ „არაფრის კეთება“ გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე გვეჩვენება. და ერთ ადგილზე გაჩერება თვითმიზანი კი არა, აუცილებელი საფუძველია, ფუნდამენტური პრაქტიკაა, რომლის წყალობითაც დავინახავთ, როგორ იხსნება სამყარო და გვაჩვენებს ერთიანობას. ბრძენის გზაზე ჩვენ მოვიპოვებთ ღვთაებრივ თვალს, რომელიც საშუალებას გვაძლვს დავინახოთ კოსმოსის მთელი ბუნება. მაგრამ ამ ხედვისთვის უძრავობაა საჭირო. 

ჩვენს მღელვარე ცხოვრებაში სიმშვიდე და დუმილი თითქმის შეუძლებლად გვეჩვენება. ისე მივეჩვიეთ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებას და ინფორმაციის უწყვეტი ნაკადებისთვის თვალის დევნებას, რომ გონების დამშვიდება რამდენიმე წამზე მეტხანს დაუძლევლად გვეჩვენება. მაშინაც კი, როცა ვმედიტირებთ და სუნთქვაზე ვკონცენტრირდებით, ჩვენ ვერ ვუძლებთ ცდუნებას, რომ სადმე მოვიფხანოთ, პოზა შევიცვალოთ ან ვინანოთ, რომ არ გამოვრთეთ მესენჯერი მობილურში. 

გონებისთვის დამახასიათებელია, რომ აქეთ-იქით იხტუნავოს, და ეს ზე-აქტიური გონება უძველესი დროიდან იმყოფება მედიტაციის ოსტატების დაკვირვების ქვეშ. მაგრამ თანამედროვე ადამიანის გონება მოწამლული ტვინის პროდუქტია. იგი ჩვეულზე უფრო მეტად წრიალებს და ერთიდან მეორე თემაზე თავბრუდამხვევი სისწრაფით დახტის პოპულარული მძაფრსიუჟეტიანი ფილმის კასკადიორივით. მაგრამ „ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამის მეშვეობით თქვენ შეძლებთ, რომ შეანელოთ ეს შინაგანი ფილმები და სიმშვიდემდე მიხვიდეთ. და შეძლებთ, რომ წვდომა მიიღოთ სიბრძნის უზარმაზარ საცავზე - კაცობრიობის უძველესი მეხსიერების ბანკზე. 

ჩრდილოეთის მიმათულებით ჩვენ გავიგებთ, რომ ე.წ. რეალობა სინამდვილეში ილუზორულია, თუმცა ჩვენ ყველანი წარმოვქმნით მის ყოველ წამს. როგორც კომიკოსმა ლილი ტომლინმა თქვა: „მაშ, რა არის რეალობა? მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიური წინასწარი ვარაუდი“. ეს რეალობის იმ სურათის პროდუქტია, რომელსაც საკუთარ თავში ატარებთ. თუ რეალობის შეცვლა გსურთ, შეცვალეთ სურათი. 

ნეირობიოლოგები თვლიან, რომ ეს სურათი ტვინის ნეირონულ ქსელებშია ჩაშენებული. შამანები თვლიან, რომ ის სინათლის ენერგეტიკული ველის ტიპოგრაფიის ნაწილია. მაგრამ სადაც არ უნდა იმყოფებოდეს თქვენი მსოფლხედველობის მოდელი, საკუთარი სამყარო რომ გავაუმჯობესოთ, თანამედროვე ტექნოლოგიებს და მარადიულ სულიერებას რომ ჩავწვდეთ, უნდა განვაახლოთ სურათი, ანუ უნდა ჩავანაცვლოთ მოძველებული მოდელი უკეთესით. თუ ჩვენი კულტურის მრავალი წარმომადგენლის მსგავსად ძველ სურათს მიჰყვებით, რომელიც შიშითა და სიღარიბის შეგრძნებითაა დატვირთული და მოძრაობის მხოლოდ ერთ ზოლს გიჩვენებთ, მაგიური წრის და ბრძენების სწავლების გამოცდილება მისი ჩანაცვლების საშუალებას მოგცემთ. შეძლებთ, რომ ფართო გამათავისუფლებელი სურათი შექმნათ და მასში მთელი სამყარო მოიცვათ. სწორედ ამას აღმოაჩენს მეომარი არჯუნა ღმერთ კრიშნასთან დიალოგში, რომელიც უძველესი ინდური ტექსტის - „ბჰაგავად-გიტას“ საფუძველს წარმოადგენს. 

არჯუნა: დარჩე უძრავი და შეხვდე ღმერთს

„ბჰაგავად-გიტა“ იმ დროს დაიწერა, როცა ინდოეთის სუბკონტინენტი სამეფო ოჯახებს შორის ომით იყო გახლეჩილი. თხრობის დასაწყისში მშვილდოსანი არჯუნა თავის მრისხანე ნათესავებთან საბრძოლველად ემზადება. არჯუნა მეომარია, და ვალდებულია იბრძოლოს, მაგრამ ნათესავებთან ბრძოლის პერსპექტივა მასში მრავალ შინაგან წინააღმდეგობას წარმოშობს. ომი ამ ლეგენდაში წარმოადგენს ადამიანური ყოფიერების ჩვეულ კონფლიქტებს, და კრიშნა თავისი რჩევებით შთააგონებს არჯუნას მარადიულ სიბრძნეს, რათა მისი არეული გრძნობები დაამშვიდოს. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სამყაროს სიბრძნე მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ თავთან დავამყარებთ მშვიდობას. 

არჯუნა ემუდარება კრიშნას, რომელიც მის ეტლს მართავს, რომ დაეხმაროს ბრძოლის თავიდან აცილებაში, რადგან ეს ბრძოლა უამრავ სიკვდილს და ტანჯვას მოიტანს. ორივე მხარე სულ მალე შეუტევს, მაგრამ კრიშნა წყვეტს მოქმედებას, როგორც რეჟისორი აჩერებს კინოეპოპეის კადრს სისხლისღვრის დაწყების წინ. ჩვენ დიდად არ განვსხვავდებით არჯუნასგან: სანამ ჩართულნი ვართ უფროსთან, მეუღლესთან, შვილებთან ან ავადმყოფობასთან ბრძოლაში, მხოლოდ იმას ვაკეთებთ, რომ დარტყმებს ვიგერიებთ და არ შეგვიძლია ფართოდ და ობიექტურად შევხედოთ საკუთარ ცხოვრებას. მხოლოდ ქაოსში შეჩერების დროს ვხედავთ ცხადად, როგორაა გადახლართული ცხოვრების გობელენში ჩვენი ქმედებებისა და სხვა ადამიანების ქმედებების ძაფები წარსულსა და აწმყოში. იმ შინაგან მომენტში, როცა ვწყვეტთ მოქმედებას და უბრალოდ ვაკვირდებით, მტვერი იფანტება და დიდი სურათი ჩნდება. შემდეგ როცა ჩვენს თვალწინ რეალობის ეს ახალი სურათი გვიჭირავს, შეგვიძლია, რომ ბრძნულად ავირჩიოთ გზის გაგრძელება. 

ორ არმიას შორის, რომლებიც მოძრაობის დაწყების წინ გაშეშდნენ, კრიშნა აჩვენებს არჯუნას, როგორ გვატყუებს მღელვარე გონება. ამაზე ფიქრისას არჯუნა ამბობს: 

გონება მოუსვენარია, მღელვარეა, გაუმაძღარია და ჯიუტია; და ასე მგონია, ქარის დამორჩილება უფრო ადვილია, ვიდრე გონების. 

კრიშნა ეუბნება არჯუნას, რომ ბრძოლა - ცხოვრების ნაწილია, მაგრამ ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ და საშუალება არ მივცეთ ჩაგვითრიოთ იმ დრამებმა, რომლებსაც თავად წარმოვქმნით საკუთარი ბრძოლის გარშემო. მაშინ ნებისმიერი ჩვენი ქმედება იქნება „ყოველგვარი მოლოდინების გარეშე... ერთნაირად შევხვდებით მარცხს და გამარჯვებას“. 

ჩვენი ჩვეული გონებრივი სურათ-ხატები გვეხმარებიან, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვორიენტირდეთ, მაგრამ არის მომენტები, როცა მათი შეზღუდულობა ცხადი ხდება. ყოველთვის, როცა ლიმბურ ტვინში კოდირებული გადარჩენის პროგრამები ირთვება, ჩვენ გზაზე გვეღობება ემოციები და ჩამოყალიბებული რწმენა-წარმოდგენები. ამ დროს საჭიროა შევჩერდეთ და დავმშვიდდეთ, რათა ჩვენამდე მოაღწიოს ხმამ მაღლიდან. მაშინ მივხვდებით, რომ სული მუდამ ჩვენთან იყო - იგი მიმართულებას გვაძლევდა, როგორც კრიშნა არჯუნას ეტლს. 

კრიშნა ეუბნება არჯუნას:

„იოგას რვასაფეხურიან წვრთნაში ახალბედასთვის შრომა უზენაესთან მიახლოების საშუალებად მიიჩნევა. მას კი, ვინც უკვე აღიმართა იოგას მაღალ საფეხურზე, ყოველგვარი მატერიალური საქმიანობის შეწყვეტა უხდება“.

მსგავსად კოლიბრისა, რომელიც ოკეანის თავზე დაფრინავს და შორეულ ძახილს ეხმიანება, ჩვენც ასევე შეგვიძლია დავეყრდნოთ ჩვენს ინტუიციას, და იგი საპირისპირო ნაპირამდე მიგვიყვანს. კრიშნა უხსნის არჯუნას, რომ ჩვენი ყოველი ქმედება შეიძლება გახდეს ძღვენი ღვთაებრივისადმი. თუ ჩვენ კურსიდან ვუხვევთ, მხოლოდ იმიტომ, რომ გვინდა რაღაც განსხვავებული განვიცადოთ, და არა დაგეგმილი. სულს შეიძლება თავისი ჩანაფიქრები ჰქონდეს ჩვენს ცხოვრებასთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენთვის ყოველთვის გასაგები არაა. კრიშნა ეუბნება არჯუნას, რომ არსებობს უფრო მაღალი წესრიგი, ადამიანთათვის უხილავი, და ჩენ შეგვიძლია დავექვემდებაროთ მას. 

მდუმარებაში სულისგან იმდენი რჩევის მიღება შეგვიძლია, რამდენსაც მოვისურვებთ. ზოგჯერ გვინდა, რომ მხოლოდ ერთი ვიცოდეთ - როგორ მოვახდინოთ რეაგირება შეყვარებულის ან შვილის ქცევებზე. მაგრამ ზოგჯერ მზად ვართ უფრო ღრმად შევისწავლოთ რეალობის და კოსმოსის ბუნება. შეგვიძლია დავამყაროთ ეს თამასა ნებისმიერ სიმაღლეზე და მოვისმინოთ მოწოდება ქმედებისკენ ან უმოქმედებისკენ (უმოქმედობა არ ნიშნავს ქმედებების სრულ არარსებობას, ეს უფრო ცნობიერი არჩევანია - არ ჩავერიოთ იმ მოვლენების დინებაში, რომლებიც შესაძლებელია ჩვენს გარეშე გადაწყდნენ). უმოქმედობა შეიძლება უფრო მძლავრიც კი იყოს, ვიდრე მოქმედება: ზოგჯერ დიდი ძალაა საჭირო იმისთვის, რომ არ გავინძრეთ, რეაგირება არ მოვახდინოთ, არ გავვარდეთ ვინმეს საშველად. როცა გადავწყვეტთ, რომ თავი შევიკავოთ ქმედებისგან და უძრავად დავრჩთ, ჩვენ გვეხსნება რეალობის მთელი ქსოვილი, და ვაცნობიერებთ, რამდენად შეუცდომელია იგი. 

ცხოვრების დაფარული ტილოს აღქმა - ესაა ჭეშმარიტი სიბრძნე. როცა ჩვენი როლი და ადგილი ვიცით საყოველთაო ისტორიაში, ჩვენი მონაწილეობის წილი ამ ტილოს შექმნაში, - ეს ბრძენის ხედვაა. მაგრამ უმეტესობა ჩვენგანი ნაკლებად შეხვდება კრიშნას - და ამ შემთხვევაში როგორ შევიცნოთ სამყაროს მექანიზმები? დასავლეთში ჩვენ მეცნიერებას უფრო ხშირად მივმართავთ, ვიდრე სულს. ფრანგი ანთროპოლოგი კლოდ ლევი-სტროსი ამბობს: თუ გვსურს გავიგოთ სამყაროს მოწყობა, ჯერ ბალახის მოწყობა უნდა გავიგოთ - როგორ გარდაქმნის ფოტოსინთეზი სინათლეს სიცოცხლედ, და როგორ იღებენ ფესვები მიწიდან მინერალურ ნივთიერებებს. ინდიელი შამანი საპირისპირო მიდგომას შემოგვთავაზებდა: იმისთვის, რომ ბალახის ცხოვრება გაიგოს, ადამიანმა ჯერ ინტუიტიურად სამყაროს მექანიზმები უნდა გაიგოს - როგორ წარმოიქმნება მზეები და გალაქტიკები. დღეს - ალბათ პირველად ისტორიაში - ერთიც შეგვიძლია და მეორეც. 

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება გონებრივი წრიალის დასაწყნარებლად და სიმშვიდის მოსაპოვებლად იმაში მდგომარეობს, რომ ყურადღება მიაქციოთ სივრცეს ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის. სწორედ ამ შუალედში აღმოვაჩენთ უძრავობას. სუნთქვა - ესაა დამოუკიდებელი სისტემა, მისი ბოლომდე გაჩერება შეუძლებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვკვდებით. მაგრამ შესაძლებელია მისი სიხშირის შეცვლა. სუნთქვის ტექნიკები, რომლებიც უძველესი დროიდან მოვიდნენ ჩვენამდე, იმას ემსახურებიან, რომ გონება წონასწორობისა და სიმშვიდის მდგომარეობაში მოიყვანონ. უშფოთველობის მოპოვება სუნთქვის ცნობიერი კონტროლით შეგიძლიათ. 

უძრავობის სწავლასთან ერთად ყოველდღიური პრობლემები უფრო და უფრო იშვიათად გადაიზრდებიან კრიზისებში. თუ ბრძენის თვალებით ხედვა შეგვიძლია, სამყარო სიუხვის სივრცედ იქცევა, მკვებავ სივრცედ მდიდრული და ნაყოფიერი ცხოვრებისთვის. უპირატესობისთვის გიჟური რბოლა თანდათან ადგილს უთმობს იმის გაგებას, რომ ცხოვრება ბრძოლა არ უნდა იყოს. ჩრდილოეთ მხარეს თქვენ მოგიწოდებენ, რომ სიმშვიდე მოიპოვოთ საკუთარი თავისთვის და სამყაროსთვის. ყოველთვის ადვილი არაა იმის გაგება, თუ როგორ შეასრულოთ ეს მისია, მაგრამ შთაგონება მოვა, თუკი უძრავობის პრაქტიკას განაგრძობთ. საჭიროა მხოლოდ, - აიღოთ პასუხისმგებლობა, რომ მუდმივად მზად იყოთ მოქმედებისთვის, ყველაფერი დანარჩენი კი სულს მიანდოთ. 

მწირობა: მოგზაურობა ჩრდილოეთისკენ

რამდენიმე წლის წინ მე გავიცანი ქალი სახელად ქლოე, რომელიც ჯანმრთელობისთვის იბრძოდა. მან მწირობა გადაწყვიტა - ასეთი პრაქტიკა ადრე ჩვეულებრივი მოვლენა იყო, განსაკუთრებით შუა საუკუნეების ევროპაში. ქლოე აპირებდა, რომ ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთში გაფრენილიყო და დაახლოებით 500 მილი გაევლო სანტიაგოს - წმინდა იაკობის კვალდაკვალ, ხმელთაშუა ზღვიდან სანტიაგო-დე-კომპოსტელამდე.

ეს მწირობა დაკავშირებულია გეოგრაფიულ დანიშნულების პუნქტთან. წმინდა იაკობის გზა (ესპანურად - Camino de Santiago) უკვე მრავალი საუკუნეა პოპულარულია მორწმუნეებში, რომლებიც ფეხით გადიან ამ მარშრუტს ან მის ნაწილს მაინც. მაგრამ მწირობა - ეს არაა უბრალოდ გასეირნება. ესაა ასევე შინაგანი მოგზაურობა თვითრეფლექსიის პროცესში. მრავალი მწირი თავის მოგზაურობას უძღვნის არა საკუთარ ინტერესებს, არამედ რაღაც უფრო დიდს. ქლოეს იმედი ჰქონდა, რომ მწირობა მას მიზნის და მკაფიოობის ახალ შეგრძნებას მისცემდა, რაც ავადმყოფობის გადალახვაში დაეხმარებოდა. 

სტარტიდან მალევე ქლოეს მოეჩვენა, რომ მას ხმა ჩაესმოდა - იგი ეუბნებოდა, რომ მთელი გზის განმავლობაში მონაცვლეობით სამი დღე მხოლოდ წყალზე ყოფილიყო, სამი დღე კი - ჩვეულებრივ კვებაზე. სამი თვის შემდეგ, როცა სანტიაგო დე კომპოსტელას მიაღწია, მისი ჯანმრთელობა აღდგა. იგი თავის გამოჯანმრთელებას ღვთაებრივ ჩარევას უკავშირებს, მე კი დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ შიმშილობამ მისცა საშუალება, რომ სხეულში აღდგენის ყველა პროცესი ჩაერთო. მან ინტუიტიურად მიაგნო გასაღებს ახალი სხეულის შექმნისთვის, და ციკლურად ანაცვლებდა ცილოვან დღეებს ცილის გარეშე დღეებით (მის შემთხვევაში საერთოდ კვების გარეშე). ქლოემ სიმშვიდე და უშფოთველობა მოიპოვა, და ეს დაეხმარა, რომ სასარგებლო გაკვეთილები მიეღო თავისი ჯანმრთელობის პრობლემებისგან. 

იმისთვის, რომ ვისარგებლოთ მწირობის სამკურნალო ძალით, აუცილებელი არაა კამინო-დე-სანტიაგოს მარშრუტის გავლა. ეს შეიძლება მოხდეს სამსახურში ყველდღე სიარულითაც, ან მშობლების მონახულებით, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ, თუმცა შორეული მოგზაურობაც შეგიძლიათ, როგორც ეს ქლოემ გააკეთა. როგორიც არ უნდა იყოს მოგზაურობა, მასში ორი კომპონენტი იქნება: გარეგანი, - დაბრკოლებებით, რომლებიც უნდა გადალახოთ, და შინაგანი, - ახალი აღმოჩენებით, ემოციური პრობლემების ხელახლა გააზრებით და რეალობის სურათის გადაწერით. როგორც კი ცხადად წარმოიდგენთ საკუთარი ცხოვრებისა და ბედის ახალ სურათს, შეძლებთ, რომ ყველა საჭირო ქმედება განახორციელოთ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. 

ჩვენი მწირობა - ეს ვიზიონერის ამოცანაა. მაძიებელი გარდაქმნის თავის ტვინს შიმშილობების შეთავსებით სუპერფუდების მიღებასთან. შემდეგ იგი ღრმად შედის ტყეში ან სხვა ბუნებრივ გარემოში და გახსნილია ღვთაებრივი შთაგონებებისთვის. 

ეს ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალი სხეულის შექმნის გზაზე. ინსტრუქციებს საკუთარი პროცესის დასაგეგმად მეთოთხმეტე თავში იპოვით. მაგრამ ჯერ დავასრულოთ მოგზაურობა მაგიურ წრეზე და გავყვეთ ვიზიონერის გზას აღმოსავლეთისკენ. 

სავარჯიშო

მე - ჩემი სუნთქვა ვარ

ტრადიციული პრაქტიკები სიმშვიდის და უშფოთველობის მოსაპოვებლად მოიცავენ მედიტაციას სუნთქვაზე. ეს სავარჯიშო ეფექტურად ამშვიდებს აგზნებულ გონებას. დაჯექით ჩაბნელებულ ოთახში ანთებული სანთლის წინ. უყურეთ სანთელს და ყურადღება მიაქციეთ, როგორ ირწევა თქვენი ცნობიერებაც ცეცხლის ალივით ხან ერთ და ხან მეორე მხარეს. 

კონცენტრირდით სუნთქვაზე; გააცნობიერეთ ჩასუნთქვა, და დაე, თქვენი გონება დამკვირვებელი იყოს. დააკვირდით მომენტს ჩასუნთქვის ბოლოს, როცა ფილტვები ავსებულია, წამით შეჩერდით და გონებაში წარმოთქვით: „მე...“

როცა ამოისუნთქავთ, დააკვირდით, როგორ არხევს ამოსუნთქული ჰაერის ნაკადი სანთლის ალს. გამოუშვით ფილტვებიდან მთელი ჰაერი, ამოსუნთქვის ბოლოს წამით გაჩერდით და გონებაში გაარძელეთ ფრაზა: „...ჩემი სუნთქვა ვარ“.

„მე - ჩემი სუნთქვა ვარ“. გაიმეორეთ ეს სავარჯიშო ხუთი წუთის განმავლობაში. როცა იგრძნობთ, რომ უძრავად ჯდომა უფრო კომფორტულია, თანდათან გაზარდეთ ჩასუნთქვებისა და ამოსუნთქვების ხანგრძლივობა. 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff