თავი მეათე - მკურნალის მოგზაურობა: ვთავისუფლდებით წარსულისგან და ვკურნავთ დედის ჭრილობებს
ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როცა იგი თავის წარსულს უნდა შეხვდეს. ვინც გამოღვიძებული არაა, ვერ ბედავს ძალასთან რეალურად შეხებას. როგორც წესი, ეს სასიკვდილო სარეცელზე ხდება, როცა ისინი ცდილობენ ვაჭრობით რამდენიმე წუთი მაინც გამოსტყუონ ბედს. მაგრამ ძალის ადამიანი ამ წამს მარტოობაში გადის.იგი ცეცხლთან ზის და თავისი პირადი წარსულის მოჩვენებებს იხმობს, როგორც მოწმეებს სასამართლოს წინაშე წარსადგენად. ეს მკურნალის სამუშაოა და აქ იწყება მოძრაობა მაგიურ წრეზე.
ალბერტო ვილოლდოს და ერიკა ჯენდრესენის წიგნიდან - „ოთხი ქარის ცეკვა“
ალბათ მკითხავთ, რატომ გეპატიჟებით მითოლოგიურ მოგზაურობაში ახალი ცხოვრების შესაქმნელად? მიზეზი ისაა, რომ თქვენი სხეული და ჯანმრთელობა ერთდროულადაა განპირობებული თქვენი შინაგანი ისტორიებით, სიყვარულის და პატიების უნარით, - და კვებითი ჩვევებით. ყველამ ვიცით, რა რთულია ამ ჩვევების შეცვლა. შინაგანი ისტორიების გადაწერა კიდევ უფრო რთულია. და როგორც ჩანს, ფსიქოლოგია დიდად ვერ გვეხმარება ამაში. ფსიქოთერაპიული პრაქტიკა უკვე ასი წლისაა, მაგრამ ბევრით ვერ დაიკვეხნის (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, როგორიცაა, მაგალითად, კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპია). ახალი სხეულის შესაქმნელად თქვენ ასევე უნდა შექმნათ თქვენი, როგორც გმირის ცხოვრებისეული მოგზაურობის ახალი ისტორია, რათა მოიშოროთ ძველი პროგრამები და დრომოჭმული იდეები.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მაცხოვრებლები დიდი დათვის თანავარსკვლავედზე და პოლარულ ვარსკვლავზე ორიენტირდებიან, სამხრეთ ნახევარსფეროში კი გამოსაჩენ ადგილს ცაზეც და ადამიანის სულშიც სამხრეთის ჯვრის თანავარსკვლავედი იკავებს. მისი ოთხი ვარსკვლავი შუქურას წარმოადგენს ვარსკვლავთმრიცხველისთვის და სიმბოლურად იგი მაგიური წრის ოთხ ეტაპს ასახავს.
სამხრეთი გველის სამყოფელად ითვლება: ინდიელების კოსმოლოგიაში ირმის ნახტომი ზეციური გველითაა წარმოდგენილი. მრავალ კულტურაში გველის არქეტიპი დაკავშირებულია სექსუალობასთან და სასიცოცხლო ძალასთან. აღმოსავლური ტრადიციები მუშაობენ კუნდალინისთან - ფსიქიკურ ენერგიასთან, რომელიც ხშირად ხერხემლის ფუძესთან დახვეული გველის სახით გამოისახება. გველი განასახიერებს ინსტინქტებს და პირდაპირ, თვალსაჩინო აზროვნებას: ყველა მოვლენას უშუალოდ აღვიქვამთ, ნიუანსებისა და ორაზროვნების გარეშე. ეს შეიძლება განვაზოგადოთ გამოთქმით: „რაცაა, ესაა“. ასეთ აღქმაში ჩართული არაა გრძნობები და ემოციები. ჩვენ ვმოქმედებთ სენტიმენტების გარეშე, როგორც ცივსისხლიანი გველი.
ზოგიერთ სიტუაციაში გველის თვალებით ხედვა - ზუსტად ისაა, რაც გვჭირდება. როცა საფრთხეში ხართ, შიშმა შესაძლოა პანიკა გამოიწვიოს და არასწორი არჩევანის გაკეთება გაიძულოთ, ინსტინქტურმა მოქმედებებმა კი ამ დროს შესაძლოა თქვენი გადარჩენა უზრუნველჰყონ. თუ გაშლილი მთის მწვერვალზე დგახართ, გარშემო კი ჭექა-ქუხილია, ფიქრი ზედმეტია და ჯობია გველის ინსტინქტს ენდოთ, რომელიც გიბრძანებთ, რომ თავი საიმედო ადგილს შეაფაროთ.
გველი გვახსენებს კავშირს მიწასთან - საკვების წყაროსთან და საყრდენთან. ხორცის, ნიადაგის და ქვების ფიზიკური სფერო ჩვენს გრძნობათა ორგანოებს აღვიძებს; გველების მსგავსად, ჩვენ ძველ ტყავს ვიცვლით და გზას განვაგრძობთ. შემდეგი ნაბიჯია - იმ როლებისა და ნიღბებისგან გათავისუფლება, რომლებმაც თავიანთი სამუშაო უკვე შეასრულეს, და იმის დაჯერება, რომ მათ გარეშეც შეგვიძლია გადარჩენა. სხეულის შეგრძნებების გაცნობიერებით თქვენ შეძლებთ, რომ ინსტინქტურად, ფიქრის გარეშე იმოქმედოთ. ფეხმძიმე ქალი არ ფიქრობს იმაზე, იმშობიაროს თუ არა. იგი თავისი სხეულის თანდაყოლილ სიბრძნეს ენდობა და მის იმპულსებს მიჰყვება.
გველი გვაიძულებს, რომ წინ ვიაროთ, როცა ძველი იდენტობისგან გათავისუფლება და რადიკალური ცვლილებაა საჭირო. მაგრამ თუ ადამიანი გველის ცნობიერებაში იჭედება, იგი გაუაზრებლად ცხოვრობს, მხოლოდ საკუთარ გადარჩენასა და კეთილდღეობაზე ზრუნავს და ყურადღებას არ აქცევს სხვათა გრძნობებს ან საჭიროებებს. ჩვენ ვეჭიდებით უკვე მიჩვეულს - ნიღბებს და როლებს, რომლებიც წარსულში გვემსახურებოდნენ. ძალიან ხშირად ეს როლები გარეგანი გარემოებებითა და მშობელთა ზეგავლენითაა განპირობებული, და არა ჩვენი ცნობიერი არჩევანით. რეპტილიის პრიმიტიული ტვინი იმაში პოულობს კომფორტს, რაც მისთვის უკვე ნაცნობია, ამიტომაც ვამბობთ უარს ცვლილებებზე მაშინაც კი, როცა ძველი როლები აღარაფერში გვარგია. ადამიანი დაქორწინდა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ თქვა ბოლომდე უარი ცხოვრების უწინდებურ თავისუფალ სტილზე და ერთდროულად რამდენიმე სექსუალურ პარტნიორთან კონტაქტზე. ვიღაც მძიმე დაავადებისგან იკურნება, მაგრამ შინაგანად ისევ მოწყვლად და შეშინებულ პაციენტად რჩება.
გველი მხედველობის მკაფიოობას კარგავს ცოტა ხნით ადრე მანამდე, სანამ ტყავის გამოცვლას დაიწყებს, და ზუსტად ასევე, ჩვენს აღქმას ტენდენცია აქვს, რომ დავიწროვდეს, როცა ცვლილებების აუცილებლობას ვეწინააღმდეგებით. იმის გამო, რომ მათში საფრთხეს ვხედავთ და არა პოტენციალს, ხელიდან ვუშვებთ ყოფიერების იმ ახალ ფორმებთან ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობას, რომლებიც უფრო ბედნიერს გაგვხდიდნენ, ან თვიშემეცნებისკენ წაგვიყვანდნენ.
ერთხელ ჩემთან მოვიდა ორმოცი წლის ქალი სახელად რობინი, ორი მოზარდი ვაჟის დედა. ეს მისი ცხოვრების კრიტიკული მომენტი იყო. სასოწარკვეთილს ეჩვენებოდა, რომ ვაჟებს იგი მხოლოდ ოთახების დასალაგებლად და გასაწმენდად სჭირდებოდათ, და არ იცოდა სხვა როლი, გარდა დედობისა. საკუთარი შვილების მოსამსახურის როლი აბრაზებდა, მარამ კიდევ უფრო მეტად ეშინოდა, რომ რაიმე სხვა საქმიანობა ეცადა, მაგალითად, სამსახური სარეკლამო ბიზნესში, რომლითაც ადრე იყო დაკავებული. რობინმა იცოდა სარეკლამო განცხადებების კეთება ქალების მოდის ჟურნალისთვის, მაგრამ სანამ შვილებს ზრდიდა, ეს ინდუსტრია ძალიან შორს წავიდა. მან არაფერი იცოდა ინტერნეტ-მარკეტინგის, საძიებო ოპტიმიზაციისა და ვირტუალური ვიტრინების შესახებ.
რობინმა შემომჩივლა, რომ დიასახლისის ცხოვრება აიძულებდა მას, რომ გაბრაზებულიყო და ავად გამხდარიყო. შედეგად წონაში მოიმატა, პრე-დიაბეტური მდგომარეობა გაუჩნდა, და ყოველ ჯერზე, როცა ცდილობდა დისციპლინაზე მიეთითებინა შვილებისთვის, გული გახშირებულად უცემდა და თავი სტკივდებოდა. დილაობით სისუსტე ჰქონდა და რამდენიმე ჭიქა ყავის გარეშე საღად აზროვნება არ შეეძლო. რობინმა იცოდა, რომ უნდა შეცვლილიყო. მე ვურჩიე, რომ ახალ დიეტაზე გადასულიყო და იმ პროდუქტებით დაეწყო, რომლებიც ჰიპოკამპს აღადგენენ. ავუხსენი, რომ ეს დაეხმარებოდა იმ ძველებური აზრებისგან გათავისუფლებაში, რომელთა გამოც დიდხანს ასრულებდა დედის და მოსამსახურის როლს, და ამას უკვე აღარც მისთვის მოჰქონდა სარგებელი, და აღარც მისი შვილებისთვის. ვთხოვე, რომ ერთი თვის განმავლობაში უარი ეთქვა შაქარზე და რაფინირებულ ნახშირწყლებზე, ასევე შორს დაეჭირა თავი გლუტენისგან და რძის პროდუქტებისგან, და გაერკვია, ხომ არ იწვევდნენ ისინი ალერგიულ რეაქციას.
სამი კვირის შემდეგ, მისი შემდგომი ვიზიტის დროს, დიდი სანთელი ავანთე, რომელიც სამუშაო მაგიდაზე მიდევს ხოლმე. რობინს ვთხოვე, რომ პატარა ფურცლებზე მისი ყველაზე არასასიამოვნო როლების სახელები დაეწერა, შემდეგ ყოველი მათგანი მილივით დაეხვია, ლოცვასავით „შთაებერა“ მათში და სანთლის ალზე დაეწვა. როგორც კი თითის ბოლოები სიცხეს იგრძნობდნენ, ცეცხლმოკიდებული ფურცელი მაშინვე ქვიშით სავსე ლითონის ჯამში უნდა ჩაეგდო. ავუხსენი, რომ ესაა უძველესი რიტუალი, რომლის დროსაც ადამიანი უსარგებლო ძველი როლებისგან თავისუფლდება და სიმბოლურად ფერფლად აქცევს მათ.
პირველ რიგში რობინმა მოსამსახურის როლისგან გათავისუფლება გადაწყვიტა. „როგორ მობეზრდა!“ - წამოიძახა მან. შემდეგ მზარეულის, მრეცხავის, ცოლის, და ბოლოს რეკლამის მენეჯერის როლები დაწვა. მას შემდეგ, რაც უარი თქვა ძველ კარიერაზე, მან საკუთარი თავისთვის ახალი როლები აღმოაჩინა - ასე დაიბადა ცვლილებები მის პროფესიულ და პირად ცხოვრებაში. მას სურდა, რომ თავისი უნარები ახლებურად გამოეყენებინა, იგივე ან სხვა სფეროში.
შამანებმა დიდი ხანია იციან ის, რასაც დღეს ნეირობიოლოგები ადასტურებენ: რიტუალებს ტვინის შეცვლა შეუძლიათ. მცირე ცერემონიები, მსგავსნი იმისა, რაც რობინმა გააკეთა, გვეხმარებიან, რომ ცნობიერება მარტივი ლიმბური ტვინიდან უფრო მაღალი თანრიგის ნეირონულ ქსელებში გადავიტანოთ. მას შემდეგ, რაც ძველი როლები ცეცხლს მისცა, ქალმა შვებით ამოისუნთქა. თუმცა გადაწყვიტა, რომ შეენარჩუნებინა ერთი როლი - დედის. „მათი დედა მთელი ცხოვრება ვიქნები, მაგრამ მოსამსახურე - აღარ“, - განმარტა მან. რობინს რომ თავისი ძველი როლები ჰიპოკამპის აღდგენის გარეშე დაეწვა, ეს პრაქტიკა კეთილი განზრახვის მხოლოდ ერთჯერადი ჟესტი იქნებოდა. მაგრამ განზრახვა მალე გვავიწყდება, ნების ძალა კი ქრება, და აზრებისა და ქმედებების რეალური ცვლილება ძალიან რთული ხდება.
ჩვენი შეხვედრის შემდეგ რობინი სახლში მივიდა და ყველა მამაკაცს განუცხადა ოჯახში, ქმრის ჩათვლით, რომ ინსტიტუტში აბარებს და ინტერნეტ-მარკეტინგის შესწავლა სურს. თუ მოშივდებათ, თავად უნდა გაიმზადონ საჭმელი. თუ სუფთა თეთრეული დაჭირდებათ, სარეცხი მანქანის და საშრობის გამოყენება უნდა ისწავლონ. ორი კვირის განმავლობაში მისი სახლი სტიქიური უბედურების ზონას ჰგავდა - ყველგან ჭუჭყიანი თეფშები და გასარეცხი ტანსაცმელი ეყარა. მაგრამ შემდეგ შიმშილმა და ჰიგიენის ჩვევამ თავისი გააკეთეს, და მამაკაცები ღირსეულად გაუმკლავდნენ დასახულ ამოცანას.
შემდეგ შეხვედრაზე რობინმა შემატყობინა, რომ მისი შაქრის დონე სისხლში სტაბილური გახდა და ნორმას დაუბრუნდა, და რომ ზედმეტი წონის ნახევარი მოიშორა და ინსტიტუტში სწავლაც მოსწონდა.
მკურნალის გზაზე უნდა გჯეროდეთ, რომ ბუნება გიცავთ, როგორც გველს, რომელიც ტყავს იცვლის: მაშინაც კი, თუ ძველ როლებსა და გაიგივებებზე უარს იტყვით, თქვენი რბილი აქილევსის ქუსლი საღ-სალამათი დარჩება. რობინი თანაკურსელებს შორის ყველაზე უფროსი აღმოჩნდა. მას აშინებდა უცნობი მომავალი. გარდა ამისა, უწევდა, რომ თავი შეეკავებინა და უწესრიგობისგან არ გადაერჩინა ქმარი და შვილები. მაგრამ ჰიპოკამპის - სწავლასთან დაკავშირებული ტვინის ცენტრის აღდგენა საშუალებას აძლევდა, რომ ახალი უნარები აეთვისებინა, შედეგად კი მარკეტინგული განყოფილების უფროსი გახდა ნაცვლად იმისა, რომ დიასახლისის როლში დარჩენილიყო.
პარსიფალი და მამაკაცური საწყისის განკურნება
ლეგენდა პარსიფალის, მეფე არტურის მრგვალი მაგიდის რაინდის შესახებ კარგად განასახიერებს გამთლიანებისა და გაჯანსაღების არქეტიპულ ძიებას და ძველი ნიღბებისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლას. პარსიფალისთვის გველის სამუშაო იმაში მდგომარეობდა, რომ განეკურნა დაჭრილი მამაკაცური საწყისი და განეხორციელებინა ახალი, უფრო განვითარებული მამაკაცურობა შინაგანი ქალურობის განვითარების გზით - ისეთი თვისებების, როგორებიცაა სილამაზე, მგრძნობელობა და სიყვარული. მამაკაცთა უმეტესობაში ეს თვისებები მძინარე მდგომარეობაშია და უნდა გააქტიურდნენ დედის, შეყვარებულისა და მეუღლის გავლენით.
პარსიფალის ლეგენდის ცენტრალური თემა - წმინდა გრაალის ძიებაა. მასზე, როგორც წმინდა ქალურობის განსახიერებაზეა მიმართული პარსიფალის ყველა ზრახვა.
ლეგენდა ამბობს, რომ პარსიფალი ჯერ კიდევ ახალშობილი იყო, როცა მისი მამა გარდაეცვალა. დედამ ბიჭი უელსის ტყეებში გაზარდა, ადამიანებისგან და საომარი გზებისგან მოშორებით. მაგრამ ჯერ კიდევ ყმაწვილობაში მან დაინახა რაინდების ჯგუფი, რომლებიც ტყეში ცხენებს მიაჭენებდნენ. მბრწყინავი ჯავშნებით და დროშებით აღჭურვილმა რაინდებმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს ყმაწვილზე. მასში იფეთქა სურვილმა, რომ მამაკაცი გამხდარიყო და საქმით დაემტკიცებინა თავისი სიმამაცე. მალე პარსიფალმა გადაწყვიტა გრაალის საძებნელად რაინდების კვალს გაჰყოლოდა.
პარსიფალის დედა ძალიან დაასევდიანა შვილის დაკარგვის პერსპექტივამ. მას სურდა, რომ იგი მუდმივად მის ბავშვად დარჩენილიყო და სახლში უსაფრთხოდ ეცხოვრა. კარგად ესმოდა, რომ თუ რაინდებს გაჰყვებოდა, პარსიფალი თავის ცხოვრებას შორეულ ქვეყნებში მტრებთან ბრძოლაში გაატარებდა, ამიტომ შვილს ასეთი დარიგება მისცა: „თუ წახვალ, შემპირდი, რომ უმანკოებას შეინარჩუნებ, არანაირ კითხვებს არ დასვავ და ყოველთვის ატარებ ამ დაკემსილ პერანგს, რათა არ დაგავიწყდეს დედა და მისი მარადიული სიყვარული“. იყო რა დამჯერი შვილი, პარსიფალი დათანხმდა ამ პირობებს. როცა ჩვენ ახალგაზრდები ვართ, ვუჯერებთ მშობლებს და ვემორჩილებით ჩვენი კულტურის დიქტატს, და ვერ ვამჩნევთ, რამდენად ვიწრო გახდება დროთა განმავლობაში ჩვენთვის მონიჭებული როლები.
პარსიფალი რაინდების საძებნელად გაემგზავრა. როცა ტყიდან გავიდა, იგი შეხვდა ქალს სახელად ბლანშფლორი, ანუ თეთრი ყვავილი, რომელიც საქორწინო სუფრას ამზადებდა. ბლანშფლორი წარმოადგენს წმინდა ქალურ ენერგიას, რომელიც ყოველ ადამიანშია, ქალშიც და მამაკაცშიც. პარსიფალს თავისი შინაგანი ქალურობა უნდა მოეპოვებინა იმისთვის, რომ სრულფასოვანი მამაკაცი გამხდარიყო. მაგრამ პარსიფალის ყურებში ჯერ კიდევ ჟღერდა დედის სიტყვები, ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ უმანკოების აღქმა დაეცვა, უარი თქვა ბლანშფლორის კოცნაზე და მეომრის გზა აირჩია. დღესაც კი, ახალგაზრდები ინიციაციას ომით გადიან და არა სიყვარულით.
სამეფო კარზე სერიოზულად არავის აღუქვამს პარსიფალი, როცა მან იკითხა, როგორ გამხდარიყო რაინდი. მეფე არტურმა გაუღიმა და უპასუხა: „თუ წითელ რაინდს დაამარცხებ, მისი ცხენი და ჯავშანი შენი გახდება“. ყველას გასაკვირად, პარსიფალმა არა მხოლოდ გამოიწვია წითელი რაინდი, არამედ დაამარცხა და სრულიად შემთხვევით მოკლა თავისი მეტოქე. ამან პარსიფალში მეომრის ძალა გამოაღვიძა, მაგრამ მიუხედავად ვაჟკაცური იერისა, იგი მაინც ვერ ჩამოყალიბდა ბოლომდე მამაკაცად. ჯავშნის შიგნით ჯერ კიდევ ატარებდა დედისგან მიცემულ დაკემსილ პერანგს.
პარსიფალი კვლავ გზას დაადგა და მიაღწია ციხე-სიმაგრეს, სადაც მეფე-მეთევზის დაცვის ქვეშ წმინდა გრაალი ინახებოდა. ბარძაყში დაჭრილი (არსებობს ვერსიები, რომ მან არასწორად გამოიყენა თავისი სექსუალური ძალა) მეფე-მეთევზე განასახიერებს მამაკაცს მოწყვლადი მამაკაცურობით. რადგან მეფეს არ შეეძლო ჰყოლოდა მემკვიდრე, მისი მიწები უნაყოფო იყო, ხალხი კი ღარიბი. ესაა თანამედროვე მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც არ შეხებია გრაალს და არ მიუღია კურთხევა სიყვარულში. მას შეუძლია რამდენიც უნდა, იმდენი იშრომოს ოჯახის საკეთილდღეოდ, მაგრამ არ ძალუძს ახლო ადამიანების გაბედნიერება, ამიტომ თავს დაუფასებლად და უსიყვარულოდ გრძნობს.
მეფე მეთევზემ პარსიფალს გრაალის მახვილი გადასცა. მახვილი წარმოადგენს მამაკაცურ პრინციპს, რომელიც მოწოდებულია, რომ წმინდა გრაალი, ანუ ქალური ძალა დაიცვას. შემდეგ მეფემ ნადიმი გააშლევინა, და ტრაპეზის ბოლოს გრაალის თასი მოიტანეს. ყველა აღელვებული აკვირდებოდა მოვლენებს, რადგან ლეგენდა ამბობდა, რომ თუ უმანკო ყმაწვილი იკითხავს: „ვის ემსახურება გრაალი?“ - ეს გამოათავისუფლებს გრაალის ძალას და სამყაროს მისცემს ელექსირს, რომელიც ჭრილობებს კურნავს. მაგრამ როცა თასი პარსიფალს გადასცეს, მან ვერ ამოიცნო მასში გრაალი. ახსოვდა რა დედის თხოვნა, რომ კითხვები არ დაესვა, უბრალოდ სხვას გადასცა თასი. მან ეს ჭურჭელი უბრალო ღვინის თასად ჩათვალა.
მას შემდეგ, რაც მეორე დღეს გაიღვიძა, პარსიფალმა აღმოაჩინა, რომ ციხე-სიმაგრე ცარიელია, თვითონ კი ცხენზე ამხედრებული ჭიშკრის მიღმა დგას. როგორც კი ხიდი გადაიარა, გრაალის ციხე-სიმაგრე ბურუსში გაქრა. პარსიფალმა განაგრძო ქალიშვილების გადარჩენა და ციხე-სიმაგრეების გათავისუფლება, ანუ ჩვეულებრივი რაინდული გმირობების ჩადენა. მეფე არტურის სასახლეში მას სიხარულით შეხვდნენ მრგვალი მაგიდის რაინდები. როცა ისინი პარსიფალის გამარჯვებას ზეიმობდნენ, ამ გახურებული მხიარულების დროს ბებერი კუდიანი ქალი გამოჩნდა. იგი ლანძღავდა პარსიფალს იმის გამო, რომ კითხვა არ დასვა გრაალის შესახებ და ამით ხელიდან გაუშვა შანსი მთელი კაცობრიობა გადაერჩინა. ბებერი კუდიანის საჯარო კრიტიკით შეურაცხყოფილი პარსიფალი კვლავ გრაალის ციხე-სიმაგრის საძებნელად წავიდა, რათა შეცდომა გამოესწორებინა. მაგრამ მრავალი წელი გავიდა ამაო ხეტიალში. სწორედ ასე ხეტიალობს ცხოვრებაში მრავალი მამაკაცი, რადგან ვერ აღწევს თავის მიზანს, ნამდვილ სიყვარულს ან დაკმაყოფილების გრძნობას.
უკვე სიბერეში პარსიფალმა იპოვა მწირები, რომლებმაც შენიშვნა მისცეს, რადგან წითელ პარასკევს რაინდის აღჭურვილობით დადიოდა. მან ჯავშანი მოიხსნა და მაშინვე მიიღო რჩევა, თუ როგორ მომხვდარიყო გრაალის ციხე-სიმაგრეში. ამ ისტორიის კვანძის გახსნა ლეგენდაში აღარაა, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პარსიფალმა დასვა თავისი ჯადოსნური კითხვა და მოხსნა გრაალის ჯადო, რის გამოც მასშიც და მეფე-მეთევზეშიც სრულფასოვნად ვერ ვლინდებოდა მამაკაცური თვისებები. მას შემდეგ, რაც წმინდა ქალური მაკურნებელი ძალის მქონე თასიდან დალია, პარსიფალმა მთლიანობა მოიპოვა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავისი ჯავშნისგან და მეომრის ნიღბისგან გათავისუფლდება, მამაკაცს შეუძლია გრაალის თასიდან დალევა და ღვთაებრივი ქალურობის ძალით განკურნება.
წმინდა გრაალი - ესაა ის, რასაც ჩვენ ყველანი ვეძებთ, მამაკაცებიც და ქალებიც. მისი ელექსირი ჩვენი სასტიკი ისტორიის, მშობლების და კულტურის დიქტატის შედეგად მოყენებულ ჭრილობებს კურნავს. პარსიფალივით, ბევრი ჩვენთაგანი ყოველ დილით ჯავშნით იმოსება - საქმიან კოსტუმს იცვამს, ამაყ და სერიოზულ სახეს იღებს და საბრძოლველად მიდის, რათა ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრეები გაათავისუფლოს, მაგრამ ვერც კმაყოფილებას იღებს თავისი ძალისხმევებისთვის, და ვერც მადლიერებას.
სანამ პარსიფალი წარსულისა და თავისი მეომრული იდენტობისადმი მიჯაჭვული რჩებოდა, მას არ შეეძლო განვითარებულიყო, მამაკაცი გამხდარიყო და თავისი დანიშნულება აღესრულებინა. ვინც არ უნდა ვიყოთ, ქალი თუ მამაკაცი, უნდა მოვიშოროთ უსარგებლო როლები და აღარ უნდა შეგვეშინდეს, თუ რას იტყვიან სხვები. ამ შემთხვევაში ახალ შესაძლებლობებს გავეხსნებით, შიშის გარეშე გამოვავლენთ ცნობისმოყვარეობას, დავსვავთ კითხვებს, გავრისკავთ. მაგრამ ჯერ ჯავშანი უნდა მოვიშოროთ, და დაკემსილი პერანგი, რომელიც დედისგან გვერგო.
ჩვენ გვეშინია ჩვეული კონფლიქტებისგან და ბრძოლებისგან წასვლა - მახვილის დადება და ემოციური ჯავშნის მოშორება, მაგრამ ეს ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ტრანსფორმაციაში. მის გარეშე ვერ ვიცნობთ გრაალს და ვერ გამოვუშვებთ სამყაროში მის მაკურნებელ ძალას.
შესაძლოა, ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ არასწორად გაგებული, დაუფასებელი მეომრის როლს ვეჭიდებით და განვაგრძობთ მშობლების დადანაშაულებას ჩვენს წარუმატებლობებში. მაგრამ იმისთვის, რომ მსხვერპლის ეს ნიღაბი გადავაგდოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი მშობლებიც ასევე პარსიფალის მითით ცხოვრობდნენ, როგორც მათი მშობლები და ყველა წინა თაობა. მკურნალის გზა მოითხოვს, რომ გავწყვიტოთ დანაშაულის ჯაჭვები და შევიდეთ ახალ როლში, დავწეროთ ახალი ისტორია, რათა გავათავისუფლოთ არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ მომავალი თაობებიც.
მთელი ცხოვრების განმავლობაში ხშირად დავკარგავთ ჩვენს იდენტობას, ისევე, როგორც გველი იცვლის ტყავს, როცა ის მეტისმეტად უვიწროვდება. ბოლოს და ბოლოს აღმოვაჩენთ, რომ ყველა როლი კოსტუმს ჰგავს, რომლებსაც კარადაში ვკიდებთ ან ვიცვამთ - გარემოებებიდან გამომდინარე.
როგორც კი სამხრეთისკენ გზა დაიწყეთ და საკუთარი პირადი გრაალის საძებნელად წახვედით, შეგიძლიათ სიზმარი ოცნებით შეცვალოთ, პაციენტისგან მკურნალად, ცხოვრების აქტიური მომხმარებლისგან კი - მის შემოქმედად იქცეთ. შემდეგ კი მაგიური წრის ახალი მიმართულების წინ აღმოჩნდებით - დასავლეთის, რომელიც იაგუარის გზაა.
სავარჯიშო
ვწვავთ ძველ როლებს და ნიღბებს
მცირე ცეცხლის რიტუალი - ესაა ეფექტური პრაქტიკა ტვინის გადაწყობისთვის და დრომოჭმული როლებისგან და იდენტობებისგან გათავისუფლებისთვის. იგი საშუალებას გვაძლევს განვთავისუფლდეთ შემზღუდველი რწმენა-წარმოდგენებისგან და წინ ვიაროთ. პირველ რიგში, აუცილებელია კონცენტრირდეთ თქვენს განზრახვებსა და ამოცანებზე. სწორედ განზრახვა აძლევს რიტუალს სიღრმეს, მნიშვნელობას და ტრანსფორმაციულ ძალას. გახსოვდეთ, რომ ძველი ლიმბური ტვინი რიტუალის მეშვეობით იცვლება.
ტრადიციულად ეს რიტუალი ადამიანთა ჯგუფში კეთდება, დიდი კოცონის გარშემო, ღია სივრცეში, მაგრამ ასევე წარმატებით შეგიძლიათ ჩაატაროთ მარტომ, დახურულ შენობაში.
დაგჭირდებათ სქელი სანთელი არანაკლებ ათი სანტიმეტრისა, ხის ჩხირები (კბილის ჩხირებიც გამოგადგებათ), ასანთი და ცეცხლგამძლე ჯამი (რომელიც თუ გსურთ შეგიძლიათ ქვიშით აავსოთ).
აანთეთ სანთელი, შემდეგ კი აიღეთ ხის ჩხირი. იფიქრეთ იმ როლზე ან იდენტობაზე, რომლისგანაც გათავისუფლება გსურთ. ნაზად შთაბერეთ ჩხირს ჰაერი იმ აზრით, რომ ამ პატარა ხის ნაჭერში გადაგაქვთ ყველა გრძნობა, რომელიც მოძველებულ როლს უკავშირდება. შემდეგ მიიტანეთ ჩხირი ცეცხლთან. როცა ის თითქმის დაიწვება, ჩააგდეთ ქვიშიან ჯამში. ამ სახით შეგიძლიათ იმდენი ხის ჩხირი გამოიყენოთ, რამდენიც გაგიხარდებათ, და სიმბოლორად მოიშოროთ ყველა არასასურველი როლი და იდენტობა.
როცა პირველად გავაკეთე ეს პრაქტიკა, მამის როლით დავიწყე. ჩხირი ცეცხლთან მივიტანე, მადლობა გადავუხადე მამაჩემს მისგან მიღებული სიყვარულისა და გაკვეთილებისთვის, როგორი ნაკლოვანიც არ უნდა ყოფილიყო ისინი. ახლა ვიცი, რომ მან ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. რიტუალი განვაგრძე შვილის როლის გაშვებით და ლოცვით მადლობა გადავუხადე ჩემს შვილებს იმისთვის, რომ მასწავლეს, როგორ ვყოფილიყავი შვილი და მამა. შემდეგ გადავედი ქმრის, საყვარლის, მკურნალის, მსხვერპლის და ა.შ. იდენტობების მოცილებაზე, სანამ თითქმის 200 როლი და იდენტობა არ დავწვი!