თავი მეჩვიდმეტე - რეცეპტები შინაგანი განკურნებისთვის
სამყაროს არ სჭირდება მორიგი კულინარიული წიგნი. არსებობს სმუზის მომზადების ათეულობით მეთოდი, და ალბათ უკვე იპოვეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. ამ თავში ჩამოთვლილია იმ კერძების რეცეპტები, რომლებიც წიგნში უკვე ნახსენებია, - ეს მხოლოდ საბაზისო იდეებია და თქვენ შეგიძლიათ შეხედულებისამებრ გააუმჯობესოთ ისინი. დაამატეთ თქვენი საყვარელი ინგრედიენტები, რათა კერძი ნამდვილად თქვენი გახდეს და სიამოვნება მოგანიჭოთ.
ეს დახვეწილი რეცეპტები შემუშავებულ იქნა ენერგეტიკული მედიცინის ჩვენს ცენტრში - ჩილეში, სადაც კერძებს მსოფლიო დონის მზარეულები ამზადებენ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ პროგრამა „შექმენი ახალი სხეული“ - ეს არაა ბანკეტზე მოწვევა. მან ნატიფად უნდა იმოქმედოს ორგანიზმზე, რათა გამოიწვიოს მისი შემოქმედებითი რეაქცია - განახლების და რეგენერაციის რეჟიმზე გადასვლა.
ეს არაა ვახშამი თქვენს საყვარელ იტალიურ რესტორანში. ეს პროგრამა ახდენს შიმშილობის იმიტაციას, მაგრამ ამასთან გთავაზობთ ორგანიზმისთვის საკმარის მკვებავ ნივთიერებებს.
ბულარდის საქარომიცეტების მომზადება სახლის პირობებში
ბულარდის საქარომიცეტების საკუთარი შტამის გამოზრდა ძალიან მარტივია. საქარომიცეტები - ესაა ცოცხალი ორგანიზმები, და ისინი თქვენს ფიქრებზე და გრძნობებზე რეაგირებენ. მე მათ ჯერ ვაკურთხებ ხოლმე, თითქოს ლოცვას ვკითხულობ ჭამის წინ.
მას შემდეგ, რაც საქარომიცეტების პორციას მოამზადებთ, შეგიძლიათ ერთი სუფრის კოვზი „დედად“ დატოვოთ შემდეგი პორციისთვის. აი, დამზადების ალგორითმი:
• მოაგროვეთ დაახლოებით ოთხი ჭიქა მწიფე ხილი საკუთარი ბაღიდან ან ხილ-ბოსტნის მაღაზიიდან. ყველაზე მეტად გამოდგება შაქრებით მდიდარი გადამწიფებული მსხალი ან მანგო, რომელიც გამყიდველმა მალე უნდა გაიტანოს დახლებიდან, ასევე გაყინული კენკრა. მე ჟოლოს და მოცვის გამოყენება მიყვარს, მაგრამ ისინი ძალიან მწიფე უნდა იყოს. შეგიძლიათ ვაშლიც გამოიყენოთ, მაგრამ კანი არ უნდა გააცალოთ.
• შეურიეთ ხილი ბლენდერში ერთ ჭიქა წყაროს წყალთან ერთად.
• ოცი წუთის განმავლობაში ხარშეთ ეს ნაზავი დაბალ ცეცხლზე.
• გააგრილეთ ნაზავი სხეულის ტემპერატურამდე, შემდეგ დაუმატეთ ბულარდის საქარომიცეტების ორი კაფსულის შემადგენლობა. იზრუნეთ იმაზე, რომ პრეპარატი მაღალი ხარისხის იყოს. მე პირადად ვამჯობინებ Klaire Labs და Pure Encapsulations მარკებს.
• გადაასხით ნაზავი დიდ ჯამში. ფერმენტაციასთან ერთად ნაზავი მოცულობაში მოიმატებს, ამიტომ ჯამი მინიმუმ ნახევრად ცარიელი უნდა იყოს.
• შედგით ჯამი ღუმელში, მაგრამ არ ჩართოთ. ღუმელის განათებიდან მიღებული სითბო სრულიად საკმარისია ზომიერი ტემპერატურის (36-37 გრადუსი) შესანარჩუნებლად მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში.
• დააკვირდით, როგორ იზრდება და დუღს ნაზავი, და როგორ იქცევა ძლიერმოქმედ წამლად!
ორ-სამ დღეში ბულარდის საქარომიცეტები მთელ შაქარს გადაამუშავებენ. შეგიძლიათ ნაზავს გემო მეორე დღეს გაუსინჯოთ. თუ მასში მოტკბო გემო არ დარჩა, ე.ი. მზადაა. შედეთ ჯამი მაცივარში ორი კვირის განმავლობაში „ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამის დაწყებამდე და მიიღეთ ყოველ დილით საუზმემდე ერთი სუფრის კოვზი, პროგრამის დასრულების შემდეგ კი საჭიროებისამებრ. სპირტის უმნიშვნელო რაოდენობის წყალობით საქარომიცეტების ერთი პორცია შეგიძლიათ მაცივარში ორი კვირით შეინახოთ.
საუზმე
წვენი - „მწვანე ქალღმერთი“
2 პორცია
ამ უჩვეულო წვენის მოსამზადებლად მე omega-ს წვენსაწურს ვიყენებ, რადგან ჩვეულებრივი წვენსაწური მას სმუზად აქცევს. აქ მე მაინტერესებს ფიტონუტრიენტები, და არა უჯრედისი, რომელსაც სმუზის სახით ორი საათით გვიან ვიღებ.
ამ საოცარ სასმელს ისპანახი სირბილეს სძენს, კეილი - პიკანტურ გემოს, ლიმონი და იმბირი სიცხარეს, კიტრი კი მინერალურ ნივთიერებებს.
1 ჭიქა ისპანახის ფოთლები
1 ჭიქა კომბოსტო კეილის ფოთლები
1⁄4 მწვანე ვაშლი შუაგულის გარეშე
1 ოხრახუშის ფოთლების და ღეროების მცირე გროვა
1 საშუალო ზომის კიტრი
დაახლოებით 1 სანტიმეტრის ზომის საღი იმბირის ნაჭერი
საშუალო ზომის ლიმნის ნახევარი
დააქუცმაცეთ ყველა ეს ინგრედიენტი, რომ წვენსაწურში ადვილად მოთავსდეს. გააცალეთ ლიმონს ქერქი და დატოვეთ რბილობი. დაჭერით ლიმონი მეოთხედ ნაჭრებად. გამოწურეთ წვენი ყველა ამ ინგრედიენტისგან და ბოლოში დაამატეთ ლიმონი გემოვნებით. თუ იმბირის გემო თქვენთვის მეტისმეტად უჩვეულოა, თავიდან მცირე რაოდენობით დაამატეთ და დოზა თანდათანობით გაზარდეთ.
მწვანე სმუზი
2 პორცია
1⁄2 ჭიქა ისპანახი
1⁄2 ჭიქა კომბოსტო კეილი
1 გასუფთავებული კიტრი
1 გასუფთავებული და დაჭრილი ლიმონი (ან ნახევარი ლიმონი, გემოვნების მიხედვით)
2 ნაჭერი საღი იმბირი (1 სანტიმეტრის ზომის)
1 პიტნის ფოთლების მცირე გროვა
1⁄2 მწვანე ვაშლი შუაგულის გარეშე
2 ჭიქა გაფილტრული წყალი
1 სუფრის კოვზი MTC ზეთი
1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი
1 პატარა მწიფე ავოკადო კანისა და კურკის გარეშე
აურიეთ ბლენდერში ისპანახი, კეილი, კიტრი, ლიმონი, იმბირი, პიტნა, ვაშლი და წყალი. ბოლოს დაამატეთ ავოკადო და ზეთები, და მოურიეთ. ეს ძალიან ძლიერი ნაზავია. თუ გემო მეტისმეტად მძაფრი იქნება, დაუმატეთ მეტი კიტრი.
ვარიაცია: წყალი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სახლში მომზადებული 1 ჭიქა ნუშის რძით. ნუშის რძის მოსამზადებლად დაალბეთ მთელი ღამით დაახლოებით 12 ნედლი ნუშის გული, დილით კი აურიეთ ბლენდერში 1 ჭიქა წყალთან ერთად, სანამ ერთგვაროვან სითხეს არ მიიღებთ.
დილის ბულიონი
6 პორცია
2 დაჭრილი სტაფილო
1 დიდი დაჭრილი ხახვი
1 ჭიქა დაიკონის (იაპონური ბოლოკის) ფესვები და მწვანილი
1 ჭიქა ზამთრის გოგრა, კუბიკებად დაჭრილი
1 ჭიქა თეთრი ჭარხალი
2 ჭიქა დაჭრილი მწვანილი (კეილი, ჭარხლის ან მანგოლდის ფურცლები)
4 ნიახურის ღერო
1 ჭიქა ზღვის კომბოსტო
1 ჭიქა დაჭრილი კომბოსტო
1 ჭიქა შიიტაკეს ნედლი ან გამომშრალი სოკო
ზღვის მარილი გემოვნებით
აადუღეთ 2 ლიტრი წყალი დიდ სუპის ქვაბში. დაუმატეთ ყველა ინგრედიენტი. დააფარეთ თავსახური და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, შემდეგ კიდევ უფრო დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ კიდევ 1 საათი. შემდეგ გაწურეთ და მიირთვით.
გაცივების შემდეგ ბულიონი შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ, შუშის კონტეინერში, 1 კვირის განმავლობაში.
სადილი
„ახალი სხეულის შექმნის“ შვიდდღიანი პროგრამის დროს სავარაუდოდ საქმიანი შეხვედრებიც გექნებათ სასადილო მაგიდასთან. პირველ რიგში, ასეთი შეხვედრების დროს არ ჭამოთ პური. შეუკვეთეთ სალათები ან გრილზე მომზადებული საღი სეზონური ბოსტნეული. აირჩიეთ რესტორნები, სადაც საღ, ორგანულ, ადგილობრივ პროდუქტებს ამზადებენ, და ამით გაგიადვილდებათ ჩვენი პროგრამის ფარგლებში დარჩენა.
სახლში მომზადებული სალათ-ბარი
სალათ-ბარი - სადილის მშვენიერი ვარიანტია, თუკი ყურადღებით უდგებით პროდუქტების შერჩევას და მომზადებას. სალათ-ბარის ინგრედიენტებს, რომლებსაც გაციება არ სჭირდებათ, მე შუშის ქილებში ვინახავ, დანარჩენს კი ჰერმეტულ პაკეტებში - მაცივარში.
შეგიძლიათ დაჭრათ ბოსტნეული პორციულ ნაჭრებად და მოამზადოთ სადილის სალათი ჯერ კიდევ დილით, სამსახურში წასვლის წინ. ყოველდღე სხვადასხვა ვარიანტი შეარჩიეთ, ჩააწყვეთ სალათი ვაკუუმურ კონტეინერებში და სამსახურში მაცივარში შეინახეთ. არ დაგავიწყდეთ მწვანილის საფუძვლის სახით გამოყენება და დაამატეთ ბოსტნეული, ცხიმები და ცილები.
ბოსტნეული: არტიშოკი, ბროკოლი, მწვანე ხახვი, მწვანე ბარდა, კიტრი, გაღივებული ლობიო, ბალახეული (ქინძი, ორაგანო, ბაზილიკი, და კამა გემოვნებით), ორთქლზე მომზადებული ასპარაგუსი, მოხარშული სოკო, გამომშრალი პომიდვრები, ბოლოკი, ცუკინი.
მწვანილი: რუკოლა, კეილი, ქორფა მწვანილეული, ისპანახი.
ცხიმები და ცილები: ავოკადო ან გუაკამოლა (რამდენიც გაგიხარდებათ), ტაპენადის სოუსი ზეითუნის ზეთზე, ჰუმუსი, თესლეული (გოგრის, მზესუმზირის, კანაფის, სეზამის და ა.შ.), თხილეული (ქეშიუ, ნუში, ნიგოზი და ა.შ.), ტაპენადის სოუსი ნიგვზით.
სანელებლები და სოუსები: გუაკამოლე, კეილი, ისპანახი, სალათის მოსასხმელი (1⁄2 ჭიქა ზეითუნის ზეთი და 1⁄4 ჭიქა ლიმნის წვენი).
გუაკამოლა
(4-დან 6 პორციამდე)
2 მწიფე ავოკადო (ჰასის სორტის)
1 ჩაის კოვზი ჰიმალაის ან ზღვის მარილი
3 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი
1/4 ჭიქა დაჭრილი წითელი ხახვი
2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ქინძის ფოთლები
1 მწიკვი ახლადდაფქული შავი პილპილი
2 კბილი ნიორი
1 მწიკვი პაპრიკა
1 გამომნშრალი პომიდორი, წყალში დამბალი (ან მეტი, გემოვნებით)
გაჭერით ავოკადო ორ ნაწილად და მოაცილეთ კურკა. ამოჭერით კოვზით რბილობი. ჩანგლის მეშვეობით დაჭყლიტეთ, შემდეგ დაამატეთ მარილი და ლიმნის წვენი. დაალბეთ დაქუცმაცებული წითელი ხახვი ცივ წყალში და დაამატეთ ცოტა მარილი. 10 წუთი გააჩერეთ, შემდეგ წყალი გადაღვარეთ. ეს ხახვის სიცხარეს ამცირებს. ავოკადოს პიურეში დაამატეთ ხახვი, ქინძი, შავი პილპილი, წვრილად დაჭრილი ნიორი და პაპრიკა. დაჭერით გამომშრალი პომიდვრები და დაამატეთ გუაკამოლას უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ.
ჰუმუსი
1/3 ჭიქა ტაჰინი
4-8 წვეთი ცხარე სოუსი
1 დიდი ლიმნის წვენი
2-4 სუფრის კოვზი გაფილტრული წყალი
1 ჩაის კოვზი ჰიმალაის ან ზღვის მარილი
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (ცივი დაწურვის)
1⁄4 ჩაის კოვზი პაპრიკა
თუ დაკონსერვებულ მუხუდოს იყენებთ, კარგად გარეცხეთ და წყალი გადაღვარეთ. გააცხელეთ მუხუდო ქვაბში, საშუალო ცეცხლზე. გადაიტანეთ ბლენდერში ან სამზარეულოს კომბაინში. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ტაჰინი, ცხარე სოუსი, ლიმნის წვენი და ორი სუფრის კოვზი წყალი. აურიეთ ბლენდერში, სანამ ჰუმუსი პიურედ არ იქცევა, საჭიროების მიხედვით დაამატეთ წყალი. დაამატეთ ჰიმალაის მარილი გემოვნებით. მოათავსეთ ჯამში, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ პაპრიკა.
ჰუმუსი შეგიძლიათ შეინახოთ დახურულ ჭურჭელში, მაცივარში, 5 დღის განმავლობაში.
თუ ნედლ მუხუდოს იყენებთ, დაალბეთ მუხუდო დიდი რაოდენობით წყალში 4 საათის განმავლობაში, შემდეგ კი გარეცხეთ. დაამატეთ ქვაბში ¼ ხახვი, 1 კბილი ნიორი, ცოტა პაპრიკა, ცოტა კურკუმა და შავი პილპილი, ასევე ერთი ტოტი ნიახური, დაასხით ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე. როცა ადუღდება, ქაფი მოაცილეთ. ადუღეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ მუხუდო არ დარბილდება.
ტაპენადის ზეითუნის სოუსი
6 პორცია
მე მიყვარს ამ გემრიელი ტაპენადის სოუსისთვის კალამატას ზეთისხილის გამოყენება, მაგრამ შეგიძლიათ ბაზრიდან სხვა ზეთისხილიც სცადოთ. ჩვეულებრივ, იღებენ ხოლმე შავ ზეთისხილს მარილწყლით.
ერთნახევარი ჭიქა უკურკო ზეეთისხილი, ¼ ჭიქა კაპერსი, 2 ჩაის კოვზი დაჭრილი ოხრახუში, 2 კბილი ნიორი.
2 ლიმნის წვენი
1 ჩაის კოვზი შავი პილპილი
1 ჩაის კოვზი ანჩოუსის პასტა (სურვილისამებრ)
1⁄4 ჭიქა ზეითუნის ზეთი
ჰიმალაური მარილი გემოვნებით
მოათავსეთ ბლენდერში ზეთისხილი, კაპერსი, ოხრახუში, წვრილად დაჭრილი ნიორი, ლიმნის წვენი, შავი პილპილი და (სურვილისამებრ) ანჩოუსის პასტა. აურიეთ უხეშად დაფქვამდე. დაამატეთ ზეითუნიოს ზეთი და აურიეთ იმავე ბლენდერში, სანამ მსხვილმარცვლოვანი პასტა არ წარმოიქმნება. თვალყური ადევნეთ, რომ ზეთისხილი პიურედ არ იქცეს და პატარა ნაჭრების სახით დარჩეს. დაამატეთ მარილი გემოვნებით.
ტაპენადი ნიგვზის გამოყენებით
6 პორცია
1⁄4 ჭიქა გამომშრალი პომიდორი
1 ჭიქა ნიგოზი, რომელიც ღუმელში 180 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში უნდა შევწვათ
1⁄4 ჭიქა ნედლი ოხრახუში
2 კბილი ნიორი
1⁄4 ჩაის კოვზი მარილი
1⁄4 ჩაის კოვზი დაფქული შავი პილპილი
1⁄2 ჭიქა ზეითუნის ზეთი
1 ან 2 ჭიქა კალამატას ზეთისხილი (სურვილისამებრ)
10 წუთით მოათავსეთ გამომშრალი პომიდორი ადუღებულ წყალში , შემდეგ გადღვარეთ წყალი. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და აურიეთ მანამ, სანამ კარგად არ აირევა, და თან შეინარჩუნეთ მსხვილმარცვლოვანი კონსისტენცია. გასინჯეთ და შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით გემოვნებისამებრ. ტაპენადი შეგიძლიათ 1 კვირით შეინახოთ მაცივარში.
სუპები
შემწვარი მუსკატური გოგრის სუპი
6 პორცია
კალიუმით მდიდარი ეს სუპი ხელს უწყობს ძვლოვანი მასის კარგვისგან პროფილაქტიკას. გარდა ამისა, ის საოცრად გემრიელია.
1 დიდი მუსკატის გოგრა თესლის გარეშე, დაჭრილი ვერტიკალურად.
2 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი.
3⁄4 ჩაის კოვზი მარილი
3⁄4 ჩაის კოვზი ახლად დაფქული შავი პილპილი (ან გემოვნებით)
1⁄2 ჭიქა დაჭრილი შალოტი.
4 კბილი ნიორი
1⁄4 ჩაის კოვზი დაფქული მუსკატის კაკალი
3 ჭიქა ორგანული ბოსტნეულის ბულიონი
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (ცივი დაწურვის)
გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსამდე. დადეთ გოგრა ტაფაზე. წაუსვით გოგრის შიგა ნაწილს ქოქოსის ზეთი (ერთი სუფრის კოვზი). მოაყარეთ მარილი და პილპილი. შეწვით გოგრა, სანამ არ დარბილდება, ანუ დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოიღეთ და 10 წუთით აცადეთ გაგრილება, შემდეგ ამოიღეთ რბილობი, გადაიტანეთ ჯამში, კანი კი გადააგდეთ. გააცხელეთ დარჩენილი 1 კოვზი ქოქოსის ზეთი ტაფაზე (საშუალო ცეცხლზე), დაამატეთ დაჭრილი ხახვი-შალოტი და ¼ ჩაის კოვზი მარილი. შეწვით 4 წუთის განმავლობაში და თან აურიეთ, სანამ შალოტი ოქროსფერი არ გახდება, შემდედ გაამატეთ დაჭრილი ნიორი და შეწვით კიდევ დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში (თან მოურიეთ).
მოათავსეთ მომზადებული ნიორი და შალოტი მაღალი სიჩქარის ბლენდერში. ფრთხილად დაამატეთ გოგრის რბილობი, მუსკატის კაკალი და ¼ ჩაის ჭიქა შავი პილპილი, და შეურიეთ ბოსტნეულის ბულიონს კრემისმაგვარი მდგომარეობის მიღებამდე.
გადაღვარეთ სუპი ქვაბში და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 10 წუთი. ყოველი პორცია შეაზავეთ ზეითუნის ზეთით და შავი პილპილით.
ბოსტნეულის სუპი „ლოს-ლობოსი“
6 პორცია
ეს ჩვენი ძირითადი, მარტივად დასამზადებელი ყოველდღიური რეცეპტია. ზამთარში ამ სუპს ცოტა პაპრიკას ვამატებ. კარგი სუპი საუკეთესო გემოს დამზადებიდან მეორე დღეს იძენს და კიდევ 2-3 დღე შეგვიძლია მაცივარში გავაჩეროთ. გამოიყენეთ ახალი და სეზონური ინგრედიენტები.
1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი
2 ჭიქა დაჭრილი ხახვი
8 კბილი ნიორი
1 დიდი სტაფილო, კუბიკებად დაჭრილი
1⁄4 ჩაის კოვზი ახლად დაფქული შავი პილპილი.
2 დაფნის ფოთოლი
6 ჭიქა გაფილტრული წყალი
1 ღერი დაქუცმაცებული ნიახური
1 ჭიქა დაჭრილი კომბოსტო
200 გრამი ნედლი დაჭრილი სოკო
2 ჩაის კოვზი მარილი
ერთნახევარი ჭიქა ტომატის წვენი ან ¾ ჭიქა ტომატის პასტა
1 საშუალოდ დამწიფებული პომიდორი, კუბიკებად დაჭრილი.
6 ხახვი, ხორც-საკეპ მანქანაში გატარებული
1 საშუალო ცუკინი, კუბიკებად დაჭრილი
1 მუჭა ისპანახი
თითო მწიკვი ხმელი ბაზილიკი, კამა და ქონდარი.
ჩაასხით ქოქოსის ზეთი დიდ ქვაბში, დაამატეთ ხახვი, დაჭრილი ნიორი, სტაფილო, პილპილი და ერთი დაფნის ფოთოლი, და შეწვით 30 წამის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე. დაამატეთ 6 ჭიქა წყალი, დააფარეთ თავსახური, ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე, შემდეგ დაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 1 საათი. გააგრილეთ და მიირთვით.
ავოკადოს ბლანტი სუპი
6 პორცია
ეს ცივი ცივი სუპი, რომელიც სასარგებლო ცხიმებით მდიდარია, კარგად შეეფერება თბილ დღეებს. მისი უპირატესობა იმაშია, რომ იგი არ გადის თერმულ დამუშავებას და ამიტომ ყველა ფერმენტსა და ვიტამინს ინარჩუნებს.
4 გასუფთავებული და წვრილად დაჭრილი კიტრი თესლების გარეშე.
3 მწიფე ავოკადო (ჰასის სორტის) კანისა და კურკის გარეშე
1⁄2 ჭიქა ნედლი დაჭრილი ქინძი
1⁄4 ჭიქა ახალი ლიმნის წვენი
1⁄2 ჩაის კოვზი შებოლილი პაპრიკა
1⁄2 ჭიქა გაფილტრული წყალი
1⁄4 ჩაის კოვზი მარილი
1⁄2 წითელი წიწაკა, დაჭრილი ზოლებად, გარნირისთვის
მოათავსეთ კიტრი, ავოკადო, ქინძი, ლიმონის წვენი, პაპრიკა, წყალი და მარილი მაღალი სიჩქარის ბლენდერში და დაამუშავეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაამატეთ სანელებლები გემოვნებით. მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით სუფრაზე მიტანამდე. ჩამოასხით სუპი თეფშებზე და გაალამაზეთ ყოველი პორცია ბულგარული წიწაკის ზოლით.
გარნირები და ვახშამი
აქ მოყვანილია ინგრედიენტები და რეცეპტები ვახშმისთვის. აქციეთ ვახშამი დღესასწაულად მაშინაც კი, თუ მარტო მიირთმევთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარ სხეულსაც კვებავთ და სამშვინველსაც. აანთეთ სანთელი, ლამაზად გააწყვეთ მაგიდა და გახსოვდეთ, რომ დღესასწაული. -ესაა ხარისხი, და არა რაოდენობა!
სწრაფად მოხალული ბრიუსელის კომბოსტო
6 პორცია
უნდა ვაღიარო, რომ ადრე არ მიყვარდა ბრიუსელის კომბოსტო - მანამ, სანამ ამ რეცეპტის ვარიანტი არ გავსინჯე რესტორან True Food Kitchen-ში, ლოს-ანჯელესში. საიდუმლო იმაშია, რომ გამოვიყენოთ პატარა, საღი, ახალგაზრდა თავები და ზედმეტად არ შევწვათ ისინი. ბრიუსელის კომბოსტო დიდი რაოდენობით შეიცავს Nrf2 აქტივატორებს და ანთების საწინააღმდეგო ფიტონუტრიენტებს.
ერთნახევარი ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი
600 გრამი ბრიუსელის კომბოსტოს პატარა თავები, ნახევრად გაჭრილები.
3 კბილი ნიორი
1⁄4 ჭიქა გაფილტრული წყალი
2 ჩაის კოვზი ახლადდაწურული ლიმონის წვენი
1⁄2 ჩაის კოვზი ახლად გახეხილი ლიმონის ცედრა
1⁄4 ჩაის კოვზი ჰიმალაის მარილი
1⁄4 ჩაის კოვზი ახლად დაფქული შავი წიწაკა
დადგით ტაფა მაღალ ცეცხლზე და გააცხელეთ ქოქოსის ზეთი, სანამ ბოლომდე არ გადნება. დაამატეთ ბრიუსელის კომბოსტო და წვრილად დაჭრილი ნიორი. შეწვით ერთი წუთის განმავლობაში, სანამ ბოსტნეული არ შეიბრაწება. ფრთხილად დაამატეთ წყალი, მოურიეთ და მოთუშეთ 2 წუთის განმავლობაში თავდახურული. ახადეთ სახურავი და დაამატეთ ლიმნის წვენი, ცედრა, მარილი და პილპილი. განაგრძეთ მომზადება კიდევ 7-8 წუთი. სუფრასთან ცხელი მიიტანეთ.
ყაბაყის პასტა
2 პორცია
2 ყაბაყი კანის გარეშე
1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი
2 კბილი ნიორი
1⁄4 ჭიქა გაფილტრული წყალი
1⁄4 ჩაის კოვზი ჰიმალაის მარილი
ახლად დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
ზეითუნის ზეთი მოსასხმელად
ბოსტნეულის სათლელის დახმარებით დაჭერით ყაბაყი „ლაფშასავით“ - თხელ ზოლებად მთელ სიგრძეზე ისე, რომ თესლებს არ შეეხოთ. ქოქოსის ზეთი ტაფაზე გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე, დაამატეთ ყაბაყი და წვრილად დაჭრილი ნიორი, 1 წუთის განმავლობაში მოურიეთ. დაამატეთ ცოტ-ცოტა წყალი და განაგრძეთ მოთუშვა 5-7 წუთი, სანამ ყაბაყი რბილი არ გახდება და მთელი წყალი არ აორთქლდება. შეაზავეთ მარილით და პილპილით და ზემოდან ზეითუნის ზეთი მოასხით. დაამატეთ თქვენი საყვარელი პესტოს სოუსი ან ტაპენადი გემოვნებით. მიიტანეთ სუფრასთან ცხელი.
ასპარაგუსი გრილზე
2 პორცია
400 გრამი ახალი ასპარაგუსი
2 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი
1⁄4 ჩაის კოვზი მარილი
1⁄4 ჩაის კოვზი წვრილად დაფქული შავი პილპილი
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსამდე. მოათავსეთ ასპარაგუსი ქვაბში და მიასხურეთ ქოქოსის ზეთი. დაამატეთ მარილი და პილპილი. გამოაცხვეთ დაახლოებით 12-15 წუთის განმავლობაში. სანამ სუფრასთან მიიტანთ, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი.
ბროკოლი ორთქლზე
2 პორცია
1 კონა ბროკოლი (დაახლოებით 300 გრამი)
1 კბილი ნიორი
ერთნახევარი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
ერთნახევარი ჩაის კოვზი ახლადდაწურული ლიმნის წვენი
მარილი და პილპილი გემოვნებით
დაჭერით ბროკოლი ულუფის ზომებად. მოხარშეთ ორთქლის ქვაბში, თავდახურული, 4-5 წუთი, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება.
სანამ ბროკოლი მზადდება, შეურიეთ წვრილად დაჭრილი ნიორი ზეითუნის ზეთს, ლიმნის წვენს, მარილს და პილპილს პატარა ტაფაზე. შეწვით საშუალო ცეცხლზე 2-3 წუთი. თვალყური ადევნეთ, რომ ზეითუნის ზეთი არ დაიწვას. აურიეთ ბროკოლი ნიორის ნაზავთან და მიიტანეთ სუფრაზე.
იდეალური კინოა
6 პორცია
1 ჭიქა კინოა
ნახევარი ჭიქა გაფილტრული წყალი
ბულარდის საქარომიცეტების 2 კაფსულა (ან 1 სუფრის კოვზი სახლში მომზადებული)
1⁄4 ჩაის კოვზი მარილი
1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
გარეცხეთ კინოა წვრილბადიან საწურში ცივი წყლის ჭავლის ქვეშ, მინიმუმ ოცდაათი წამის განმავლობაში, სანამ ქაფი მთლიანად ჩამოირეცხება.
ჩაყარეთ ქვაბში თბილი წყლით და დაამატეთ ბულარდის საქარომიცეტები. დააფარეთ სახურავი და დატოვეთ მთელი ღამით. საქარომიცეტები გაანეიტრალებენ ანტი-მკვებავ ნივთიერებებს კინოაში და ამ ბურღულს სუპერფუდად აქცევენ.
24 საათის შემდეგ მიიყვანეთ კინოა დუღილამდე საშუალო ცეცხლზე, შემდეგ დაუკელით ცეცხლს და განაგრძეთ ხარშვა 10 წუთის განმავლობაში, სანამ კინოა მთელ წყალს არ შეიწოვს. გამორთეთ ცეცხლი და დატოვეთ თავდახურული 5 წუთის განმავლობაში. დაამატეთ მარილი გემოვნებით და სუფრაზე მიიტანეთ მცირე რაოდენობით ზეითუნის ზეთთან ერთად.
მაცივარში კინოა ოთხ დღემდე ინახება.
სწრაფად მოხალული ბოსტნეული
2 პორცია
1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი
1 საშუალო ხახვი, პატარა ნაჭრებად დაჭრილი
წითელი წიწაკის ნახევარი, ზოლებად დაჭრილი
1⁄4 ჭიქა სტაფილო, დიაგონალურად დაჭრილი
1⁄2 ჭიქა ბროკოლის თავები
1⁄4 ჭიქა თხლად დაჭრილი ყაბაყი
1⁄4 ჭიქა მწვანე ბარდა
1 ჩაის კოვზი სეზამის ზეთი
1 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
4 კბილი ნიორი
2 ნაჭერი იმბირი (სანტიმეტრის ზომის)
გააცხელეთ ქოქოსის ზეთი ვოკში ან დაბალ ტაფაზე საშუალო ცეცხლზე. დაამატეთ ხახვი, ტკბილი პილპილი და სტაფილო, და შეწვით 2 წუთის განმავლობაში. დაამატეთ დარჩენილი ბოსტნეული და შეწვით 5-7 წუთი ან მომზადებამდე.
დაამატეთ სეზამის ზეთი, სოიოს სოუსი, წვრილად დაჭრილი ნიორი და იმბირი. კარგად გადაურიეთ და შეწვით 2 წუთის განმავლობაში.
თქვენი ვახშმის გეგმა
დღე 1
ბოსტნეულის სუპი «ლოს-ლობოსი»
სუფრის კოვზი ტაპენადის სოუსი ნიგვზის გამოყენებით. 4 ღერი ნიახური (როგორც კოვზი ტაპენადის სოუსისთვის). ასპარაგუსი გრილზე.
დღე 2
ავოკადოს ბლანტი სუპი
სწრაფად მოხალული ბრიუსელის კომბოსტო
1 სუფრის კოვზი ზეითუნის ტაპენადი
1 სუფრის კოვზი ჰუმუსი
4 ღერი ნიახური (როგორც კოვზი ტაპენადის სოუსისთვის)
დღე 3
სალათი შერეული მწვანილით (თქვენი საშინაო სალათ-ბარიდან); სწრაფად მოხალული ბოსტნეული; იდეალური კინოა (ნახევარი ჭიქა) ზეითუნის ზეთის დამატებით; 1 სუფრის კოვზი ტაპენადის სოუსი ზეითუნის ზეთზე.
დღე 4
ავოკადოს ბლანტი სუპი
ბროკოლი გრილზე
1 სუფრის კოვზი ტაპენადის სოუსი ნიგვზით
4 ღერი ნიახური (როგორც კოვზი ტაპენადის სოუსისთვის)
დღე 5
შემწვარი გოგრის სუპი
სწრაფად მოხალული ბრიუსელის კომბოსტო
1 სუფრის კოვზი ტაპენადის სოუსი ნიგვზით
დღე 6
ბოსტნეულის სუპი «ლოს-ლობოსი»
სწრაფად მოხალული ბოსტნეული
შემწვარი ასპარაგუსი
2 სუფრის კოვზი ჰუმუსი
4 ღერი ნიახური (როგორც კოვზი ჰუმუსისთვის)
დღე 7
შემწვარი გოგრის სუპი
ორთქლზე მოხარშული ბროკოლი
1 სუფრის კოვზი ტაპენადის სოუსი ზეითუნის ზეთზე
1 სუფრის კოვზი ტაპენადის სოუსი ნიგვზით
4 ღერი ნიახური (როგორც კოვზი ტაპენადის სოუსისთვის)
„ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამის შემდეგ
„ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამის დროს თქვენ დაიცავთ დიეტას დაბალი კალორიულობით და ცილების დაბალი შემცველობით. შედეგად mTOR სიგნალიზაცია მკვეთრად შემცირდება, და სხეული განახლებისა და რეგენერაციის რეჟიმში გადავა.
პროგრამის შემდეგ კი შეგიძლიათ ცილის კარგი პორცია შემოიტანოთ, მაგალითად, თევზის კერძი და კვერცხის პაშოტი, რათა გაააქტიუროთ mTOR სისტემა და დაიწყოთ კუნთების გაზრდა.