თავი პირველი - შამანების მედიცინა
ნაწილი I - შინაგანი მკურნალის აღმოჩენა
თავი 1 - შამანების მედიცინა
სულ რაღაც რამდენიმე დღე გაშორებთ კარგი განწყობისგან
ჩვენ დასავლეთში არ გვაქვს ჯანდაცვის სისტემა - ჩვენ გვაქვს ავადმყოფების მოვლის სისტემა, რომელიც ათასობით დაავადებას ამოიცნობს და უამრავ წამალს აღწერს. ერთიანი სულის მედიცინა მხოლოდ ერთ დაავადებას აღიარებს და ერთ წამალს იძლევა. ავადმყოფობა - ესაა ჩვენი სხეულისგან და ემოციებისგან, დედამიწისგან და სულისგან გაუცხოება. ამ ავადობის სიმპტომები ფიზიკური და ემოციური ავადმყოფობების სახით ვლინდება. წამალი - ესაა ერთიანობის გამოცდილება, რომელიც აღადგენს შინაგან ჰარმონიას და ხელს უწყობს ყველა ავადმყოფობისგან განკურნებას, მათი წარმომავლობის მიუხედავად.
თუ ჩვენი გონება, ემოციები, ურთიერთობები ან სხეული წყობიდან გამოდიან, ხშირად იგნორირებას ვუკეთებთ პრობლემას, სანამ რაღაც ბოლომდე არ გაფუჭდება. ბოლოს საშინელ დიაგნოზს გვისვამენ, ჩვენი ურთიერთობები ფუჭდება, საყვარელი ადამიანი კვდება - ან უბრალოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღად ფუნქციონირების უნარს ვკარგავთ. როცა საქმე მხოლოდ ცოტათი უარესდება, თვითდახმარებისთვის რაიმე სახელმძღვანელოს ვიღებთ, ან შესაბამის სემინარზე ვეწერებით. როცა ყველაფერი უკიდურესად მძიმდება, ვცდილობთ გადავჭრათ პრობლემა და ექსპერტებს მივმართავთ: ონკოლოგებს, რათა კიბოსგან გავთავისუფლდეთ, ნევროლოგებს, რათა ტვინს ვუმკურნალოთ, ფსიქოლოგებს, რათა სიმშვიდე მოვიპოვოთ და საკუთარ თავსა და ახლობლებს გავუგოთ. მაგრამ ეს ფრაგმენტული მიდგომა ჯანმრთელობისადმი - მხოლოდ ნახევარი გზაა. იმისთვის, რომ ნამდვილად განვიკურნოთ, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ კარგი განწყობის ბუნებრივი რეცეპტი, რომელიც ათასობით წლის წინ შეიქმნა, - ერთიანი სულის მედიცინა.
ერთიანი სულის მედიცინა ამბობს, რომ განკურნების და ჯანმრთელობის შენარჩუნების საუკეთესო გზა - ესაა ახალი სხეულის გეგმაზომიერი შექმნა. იგი ხედავს სხეულს, როგორც სისტემას, და არა როგორც ნაწილების ერთობლიობას, რომლებიც შეგიძლია წამლებით გაჭყიპო, ან შეცვალო, თუ ამის საჭიროება დადგა. შეუძლებელია აღადგინო გულის მუშაობა, თუ ყურადღებას არ მიაქცევ ნაწლავებს და ტვინს, და პირიქით. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ სულ რაღაც შვიდ დღეში დაიწყოთ ახალი სხეულის შენება. ენერგეტიკული მედიცინის ცენტრში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, პროგრამის ყოველ მონაწილეს სულ რაღაც ერთ კვირაში დაავადებების ყველა სიმპტომი თითქმის 70%-ით უმცირდება. შეგიძლიათ ასეთივე შედეგს მიაღწიოთ, თუ ამ წიგნის პროგრამას შეასრულებთ.
არსებობს ორი კვებითი ჩვევა, რომლებიც ხელს გიშლიან. ახალი სხეულის შექმნაში: ზედმეტი შაქარი და ზედმეტი ცილა. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცით შაქრისა და ტკბილი სასმელების ზიანის შესახებ. მაგრამ ახალი მეცნიერება ადასტურებს იმის სისწორეს, რასაც ჩვენი წინაპრები აპრაქტიკებდნენ პალეოლითის ხანაში (ისინი შემგროვებლები იყვნენ, რადგან ნადირობაში ყოველთვის არ უმართლებდათ) - ცილის პერიოდული დეფიციტის რეჟიმს. აღმოჩნდა, რომ ცილის სიჭარბე ჩვენს დნმ-ში დღეგრძელობის პროგრამის გამორთვას იწვევს. მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.
ჩვენ ყველას გვსურს, რომ „ჯანმრთელობის პერიოდი“ ცხოვრების ხანგრძლივობას ემთხვეოდეს. ერთიანი სულის მედიცინა დაგეხმარებათ, რომ არა მხოლოდ განკურნოთ ფიზიკური, ფსიქიკური და ემოციური დაავადებების სიმპტომები, არამედ მათი პირველწყაროც მოიშოროთ. სიტყვები ჯანმრთელობა (health) და მკურნალობა (healing) მოდიან ძველი ინგლისური სიტყვიდან haelen, რომელიც იგივე ფესვიდან მოდის, საიდანაც სიტყვები - მთელი (whole) და წმინდა (holy). როცა თქვენი მთელი სისტემა ბალანსში მოვა, თქვენი საკვები აღარ მოგწამლავთ, სხეული ბუნებრივად დაიწყებს აღდგენას და განკურნებას, ურთიერთობები აღარ იქნება ემოციური ბრძოლის ველი, და განცდა იმისა, რომ ბუნებისგან და სულისგან განცალკევებული ხართ - გაქრება.
„ერთიანი სულის მედიცინის“ პროგრამას საფუძვლად უდევს უძველესი პრაქტიკა, რომელსაც ვიზიონერის ძიება (Vision Quest) ეწოდება: ფრთხილად და ზუსტად დაგეგმილი შეხვედრა ბუნებასთან და უხილავ სამყაროსთან, კვების ახალი რეჟიმი და საკვების ახალი შემადგენლობა, მარხვა ან ინტერვალური შიმშილობა, ცილის შეზღუდვით მიღება, მედიტაცია და ა.შ. ეს ყველაფერი აღვიძებს თქვენი სხეულის თვითაღდგენის სისტემებს და ხელახლა გაკავშირებთ სულთან და თქვენს ყველაზე ღრმა დანიშნულებასთან.
ამერიკის ძველი ხალხის კულტურაში მიღებულია, რომ სულიერი ხილვების ძიებისთვის ველურ ტყეებში წასულიყვნენ. პირველი ქრისტიანები უდაბნოში მიდიოდნენ, რათა ემარხულათ და ელოცათ. თუმცაღა გასხივოსნება შეიძლება ნებისმიერ ადგილას ეწვიოს ვიზიონერს - საკუთარი სახლის ბაღში, ან ხმაურიანი ქალაქის პარკშიც კი.
ტვინის მომზადება ერთიანი სულის მედიცინისთვის
იმისთვის, რომ ახალი სხეული შევქმნათ, ჯერ ტვინი უნდა გავწმინდოთ ტოქსინებისგან და ხარისხიანი საწვავი მივაწოდოთ უფრო ხარისხიანი ინტელექტუალური ფუნქციონირებისთვის. დედა-ბუნება დღეგრძელობაზე ყოველი სახეობის ცოცხალ არსებას აპროგრამებს. მას სურს, რომ დიდხანს იცოცხლონ ფუტკრებმაც, პეპლებმაც, ვეშაპებმაც და ადამიანებმაც. მაგრამ მისთვის სულერთია ექნება თუ არა ხანგრძლივი ცხოვრება კონკრეტულ ფუტკარს, ვეშაპს, ან პირადად რომელიმე ჩვენთაგანს. იგი უბრალოდ გამრავლებაზე აპროგრამებს ადამიანს. რაც უფრო მეტი შვილი გვყავს, გადარჩენის მით უფრო მეტი შანსი აქვს ჩვენს სახეობას. იგი ახალგაზდებში დებს ინვესტიციას და სექსისადმი ლტოლვას გვაძლევს. საოცარია, რა სწრაფად უხორცდებათ ჭრილობები, ნაკაწრები და მოტეხილობები ბავშვებს, და რა რთულია ავარიის შემდეგ რეაბილიტაცია ხანშიშესული ადამიანისთვის. ახალგაზრდებს უყვარდებათ, ბავშვებს შობენ და მრავლდებიან. ახალგაზრდები ყველაზე ძლიერები არიან, და როგორც წესი ყველაზე ძლიერები გადარჩებიან ხოლმე.
ბუნება არა მხოლოდ ძლიერებს, არამედ ბრძენებსაც ეძებს. ინტელექტი ზემოდან უყურებს ძლიერ კუნთებს, მყესებს და კბილებს. და მილიონობით სახეობიდან დედამიწაზე ბუნებამ მხოლოდ ორს მისცა საშუალება, რომ სიბერისთვის მიეღწია. თითქმის ყველა სახეობაში, გარდა ცელნამგალა ვეშაპებისა (orcas) და ადამიანებისა, მდედრი მენოპაუზის დადგომამდე კვდება, ანუ იმ ასაკში, როცა გამრავლება აღარ შეუძლია. ცელნამგალა ვეშაპებს და ადამიანებს ძალიან დიდი ტვინი და მაღალი გონებრივი შესაძლებლობები აქვთ. ბებია-ვეშაპი პატარა შვილიშვილებს ასწავლის, აჩვენებს კარგ ადგილებს ნადირობისთვის და უსაფრთხო საზღვაო გზებს. ჩვენი ბებიები კი ტრადიციულად აღმზრდელები იყვნენ ახალი თაობისთვის, თუმცა ახლა ეს როლი თანდათან უფასურდება.
ბუნებას უყვარს ინტელექტი. ძველები ამ სიბრძნეს სულიერებას უწოდებდნენ. ეს არაა რელიგია, ან რწმენებისა და დოგმების ფიქსირებული ნაკრები იმაზე, თუ ვინ არიან. თქვენი მტრები და როგორაა მოწყობილი სამყარო. სულიერება - ესაა გონების და კოსმოსის ბუნების შესწავლა გამოცდილებით, რომელსაც ძველები ერთიანობის განცდას უწოდებდნენ.
მოგვიანებით ამ წიგნიდან გავიგებთ, რატომ მოითხოვს სულიერება ჩვენგან ტვინის იმ უბნების აქტივაციას, რომლებსაც ცხიმების დაწვა ურჩევნიათ საწვავის მისაღებად. გავიგებთ, რომ ეს უბნები პასუხს აგებენ შემოქმედებაზე, ხელოვნებაზე, კვლევაზე, მუსიკაზე და მეცნიერებაზე, ასევე ჩვენი ბიოლოგიის ცვლილებაზე, რაც საშუალებას იძლევა, რომ სხეული ჯანმრთელობაზე და დღეგრძელობაზე დავაპროგრამოთ. ტვინის უმაღლესი ცენტრები ვერ შეძლებენ ნორმალურად ფუნქციონირებას გლუკოზაზე - დაბალი ხარისხის საწვავზე, რომელსაც ორგანიზმი ყოველდღიური გადარჩენისთვის იყენებს.
როგორ ვაკეთებთ ამას?
დღევანდელი სწრაფი ცხოვრების რიტმი სწრაფად ცვალებადი გამოსახულებებით ყველა შესაძლო ეკრანზე, ასევე არც თუ ისე გონივრული სურვილებით, გამუდმებულ სტრესში გვამყოფებს. პირველ რიგში სტრესის იმ ჰორმონებისგან უნდა გავთავისუფლდეთ, რომლებიც გვიყალიბებენ „დაარტყი ან გაიქეცი“ ტიპის აზროვნებას, და დავიწყოთ იმ ქიმიური ნივთიერებების გამომუშავება, რომლებიც ჯანმრთელობას, სიმშვიდეს და სიხარულს იწვევენ. შეუძლებელია ერთიანობის განცდა უბრალოდ „ომ“-ის გამეორებით ან ლოცვით. ტვინის ისეთი ქიმია გჭირდებათ, რომელიც ამაში დაგეხმარებათ. ამის გაკეთება ნეირო-ნუტრიენტების დახმარებით შეგიძლიათ, რომელთა მეშვეობითაც გირჩისებრი ჯირკვალი დმთ-ს, ანუ დიმეთილტრიპტამინს გამოიმუშავებს, ნივთიერებას, რომელსაც „სულის მოლეკულას“ უწოდებენ.
დმთ არა მხოლოდ ადამიანის ტვინშია აღმოჩენილი, არამედ ბუნებაშიც. მას მრავალი ცხოველი და მცენარე გამოიმუშავებს, ყველა შესაძლო ბალახით დაწყებული, ხეებით დამთავრებული. დიმეთილტრიპტამინი - ძირითადი კომპონენტია ფსიქოდელიური ნახარშისა, რომელსაც აიაჰუასკას უწოდებენ, და რომლის მეშვეობითაც ამაზონიის მკურნალები ხილვებს იწვევენ და ცნობიერების სიღრმეებში იხედებიან. ნეტარების ეს მოლეკულა ტვინის საბაზისო ქიმიას განაპირობებს, რომლის გარეშეც შეუძლებელია ერთიანობის განცდა. ტვინი დმთ-ს მაშინ გამოიმუშავებს, როცა გვძინავს, ვმედიტირებთ, სექსი გვაქვს, და განსაკუთრებით სიკვდილის პროცესში. მაგრამ ტვინს არ შეუძლია ნეტარების მოლეკულების გამომუშავება, თუკი სტრესის მოლეკულებითაა გადავსებული. თავიდან საჭიროა მოვდუნდეთ და კვების რეჟიმი შევცვალოთ.
პირველ რიგში ფიტონუტრიენტებით, ანუ მცენარეების მკვებავი ნივთიერებებით მდიდარ დიეტაზე გადასვლაა საჭირო. ფუძე - ფიტო მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან - „მცენარე“; ფიტო-ნუტრიენტებს გააჩნიათ ანტიოქსიდანტური, ანტიანთებითი და სხვა საოცარი თვისებები, რომლებიც ზოგიერთ მცენარეს ახასიათებს.
მცენარეები, რომლებსაც „ახალი სხეულის შექმნის“ შვიდდღიან პროგრამაში ვიყენებთ, გაჯერებულნი არიან ეპიგენეტიკური მოდიფიკატორებით, რომლებიც ჯანმრთელობის ხუთასზე მეტ გენს ააქტიურებენ და ავადმყოფობების გამომწვევ ორასზე მეტ გენს თიშავენ. ასევე მიიღებთ ნეირონუტრიენტებს, რომლებიც ტვინის გაჯანსაღებას შეუწყობენ ხელს.
ტვინის და სხეულის ტოქსინებისგან გათავისუფლება უზარმაზარ როლს თამაშობს ფსიქიკური და ფიზიკური წონასწორობის აღდგენაში. ვერ განიკურნავთ საკუთარ ემოციებს, თუ გონება განუწყვეტლივ შფოთავს ბავშვობის ტრავმების გამო, რომლებმაც კვალი დატოვეს ტვინზე; პესტიციდების გამო საჭმელში, ან ვერცხლისწყლის გამო კბილის ბჟენში. დანამატები, რომლებსაც ამ პროგრამის განმავლობაში მიიღებთ, დაგეხმარებიან სხეულის ყოველ უჯრედში დაგროვილი ტოქსინებისგან გათავისუფლებისგან.
და ბოლოს, აუცილებელია თქვენი ბიომის განახლება, ანუ იმ სასარგებლო ბაქტერიების აღდგენა, რომლებიც პირის ღრუში, ნაწლავებში და კანზე ბინადრობენ. ნაწლავური ბიომის გაჯანსაღება (ზოგჯერ მას მიკროფლორასაც უწოდებენ) დაგეხმარებათ ტვინის განახლებაში, რადგან ასტიმულირებს იმ ნეიროტრანსმიტერების გამომუშავებას, რომლებიც აუცილებელია ერთიანობის განცდისთვის.
გონების მომზადება
ახალი სხეულის შესაქმნელად აუცილებელი არაა ჩხარუნების ჩხრიალი, ან დოლზე რიტმული დარტყმები, როგორც ამას ძველი შამანები აკეთებდნენ. აუცილებელია ზედმეტად დაკავებული გონების დამშვიდება და მისი დაბრუნება ბუნებრივ, ნამდვილ „მე“-სთან, მასთან, ვინც ნამდვილად ხართ, როლებისა და მოლოდინების გარეშე, ტექსტური შეტყობინებებისა და გადაუდებელი საქმეების სიის გარეშე, საკუთარი თავის ჭეშმარიტ გულთან. საკუთარ თავს შინაგანი სამყაროს სიჩუმეში შეხვდებით ვიზიონერის ძიებისა და სულის გაჯანსაღების პრაქტიკით.
შამანური სავარჯიშოები დაგეხმარებიან, რომ სამუდამოდ გადააგდოთ წარსულის დრომოჭმული ისტორიები, გადალახოთ შემზღუველი რწმენა-წარმოდგენები და ტოქსიური ქცევები, რათა შეუდგეთ სიჯანსაღითა და საზრისით სავსე ახალი ბედის შექმნას. ეს პრაქტიკები ერთიანობის განცდამდე მიგიყვანენ.
თქვენ ას წლამდე იცოცხლებთ
ფილანტროპ არმანდ ჰამერს ასეთ სიტყვებს მიაწერენ: „რომ მცოდნოდა, რომ ამდენ ხანს ვიცოცხლებდი, უფრო მეტად ვიზრუნებდი საკუთარ თავზე“. დღეს სამოცდახუთი წლის ამერიკელის მოლოდინია, რომ ოთხმოცდახუთ წლამდე იცოცხლებს, იაპონელი კი ოთხმოცდაშვიდ წლამდე ცხოვრებას ვარაუდობს. ადამიანი 100 წლამდე ცხოვრებას უნდა გეგმავდეს. მაგრამ ნუთუ ღირს, რომ ტყუილად დახარჯოთ ცხოვრების ბოლო ოცი წელი, თუკი საწოლზე მიჯაჭვული იქნებით და საკუთარი შვილიშვილების სახელებს ვერ გაიხსენებთ? ბევრად უკეთესია, თუ უკანასკნელ დღემდე დატკბებით კარგი განწყობით, იუმორით, სასიცოცხლო ძალით, ჯანმრთელობით და სექსუალობით.
ეჭვი არაა, რომ განათლებული ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ჩაატარეს რა კვლევები, რომლის შედეგებიც ამერიკული სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა, რაჯ ჩეტიმ და მისმა თანაავტორებმა აღმოაჩინეს, რომ ყველაზე მდიდარი ამერიკელი ქალების 1% ათ წელზე უფრო მეტი ხნით ცოცხლობს, ვიდრე ყველაზე ღარიბების 1%. ხოლო ყველაზე მდიდარ და ყველაზე ღარიბ ამერიკელ მამაკაცებს შორის სხვაობა თხუთმეტ წელს აღწევს. თქვენს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას: რამდენად კარგად იკვებებით, ვარჯიშობთ თუ არა, და უვლით თუ არა საკუთარ თავს, ასევე დროისა და ენერგიის რა ნაწილს უთმობთ ოჯახის კეთილდღეობას. ამერიკელები უმაღლესი განათლებით წელიწადში ოცდაათ მილიარდზე მეტს ხარჯავენ საკვებ დანამატებზე.
როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ფინანსური მდგომარეობა, „ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამით შეძლებთ, რომ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და გაიხანგრძლივოთ ცხოვრების ხანგრძლივობა. ამისთვის ბევრ ბოსტნეულს მიირთმევთ, ასევე ცხიმებს, ზოგიერთ ცილას, მათ შორის თევზს, და ხილს. ტროპიკული ტყეების ყველა ბინადართათვის ცნობილია სუპერფუდები - მკვებავი ნივთიერებები, რომლებსაც ამ წიგნში აღვწერ. ეს ნივთიერებები აღვიძებენ მძინარე ანტიოქსიდანტურ მექანიზმებს ყოველ უჯრედში, თრგუნავენ თავისუფალი რადიკალების აქტივობას ტვინში და რთავენ დღეგრძელობის გენებს, რომლებიც სიბერესთან დაკავშირებულ დაავადებებისგან გვიცავენ. ამ ყველაფრის გასაკეთებლად, აუცილებელი არაა მდიდარი იყო - საკმარისია, ჭკვიანი იყო.
როგორც აღვნიშნე, ამ პროგრამით კვება დაფუძნებულია იმის გაგებაზე, რომ ძველი ადამიანები პერიოდულად ცილის დეფიციტს განიცდიდნენ. ჩვენი წინაპრების რაციონზე პალეოლითის ხანაში ბევრი წიგნია დაწერილი. ზოგიერტი მათგანი უფრო ხლართავს ამ საკითხს, მაგრამ არსებობს ბრწყინვალე ნაშრომებიც. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ნორა გედგაუდასის „ცხიმების პირველყოფილი დამწველი“ (Primal Fat Burner). სხვა ავტორთაგან ცოტას თუ შეუსწავლია მონადირე-შემგროვებლების თანამედროვე ტომები. როგორც წესი მწერალი უბრალოდ სხვების კვლევებს გაეცნო. ამაზონიაში გატარებული წლების განმავლობაში მე აღმოვაჩინე, რომ ტროპიკული ტყეების ბინადრები ისევე იკვებებიან, როგორც ჩვენი პალეოლითური წინაპრები, და ამის წყალობით არ იციან მრავალი დაავადება, რომლებისგანაც დღეს ასობით ათასი ქალაქელი კვდება. დიახ, ისინი ხორცს ჭამენ, მაგრამ არა ყოველდღე, და მითუმეტეს არა ბეკონიანი ჩიზბურგერის სახით! მათ შეუძლიათ ნადიმი მოაწყონ, შემდეგ კი იმარხულონ, როგორი საკვებიც არ უნდა მოიპოვონ. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ნადიმის და შიმშილობის მონაცვლეობა - ესაა გასაღები რეგენერაციისთვის და ახალი სხეულის შექმნისთვის.
გარდა დიეტისა აუცილებელია სტრესების გარეშე ცხოვრება და მთელ ცხოვრებასთან ერთიანობის შეგრძნების დაგროვება, რაც ყველა ძველი ტომისთვის იყო ცნობილი. ჯანმრთელობის მოსაპოვებლად აუცილებელი არაა ყველა მხარეს ყურება. საჭიროა მხოლოდ საკუთარ თავში ჩაიხედოთ, და ერთიანი სულის მედიცინის გასაღებს მოიპოვებთ.