შექმენი ახალი სხეული

ალბერტო ვილოლდო
4.75
2

მთარგმნელი: მამუკა გურული

თავი მეთვრამეტე - თქვენი დღეგრძელობის გეგმა: პროფილაქტიკა პრაქტიკაში

იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრების ხანგრძლივობა ჯანმრთელობის ხანგრძლივობას ემთხვეოდეს, აუცილებელია მუშაობა პირველ რიგში ორი მიმართულებით: კვების და სულიერი. აქ ბევრ რამეს განსაზრვრავს პროდუქტები, რომლებითაც იკვებებით, და საკვები დანამატები, რომლებსაც დღეგრძელობის გენების ჩართვისთვის და აღდგენის სისტემების მოდერნიზაციისთვის ღებულობთ. მეორე ადგილს მნიშვნელობით იკავებენ სულიერი პრაქტიკები. მათგან უშუალო სარგებელი ისაა, რომ ისინი კურნავენ ემოციებს - ხოლო ლიმბური სისტემის მოუთოკავი ემოციები სწორედაც რომ ძირითადი მიზეზია მრავალი დაავადებისა.  

ცოტა ხნის წინ ადამიანები დიდხანს ვერ ცოცხლობდნენ. XVIII საუკუნის ლონდონში დაბადებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 34 წელს უდრიდა. ყველაზე ძლიერი და ენერგიული, მაგრამ სწრაფად დაბერებადი ადამიანები იმ ასაკს აღწევდნენ, რომელიც მაშინ მოწიფულობის ასაკად ითვლებოდა მაშინ, როცა ნელი დაბერებისადმი გენეტიკურად განწყობილი ხალხი ეპიდემიებისგან, ვირუსული ინფექციებისგან, არასაკმარისი კვებისგან და ჰიგიენისგან კვდებოდა. 

ჯანდაცვის და მედიცინის თანამედროვე მიღწევების წყალობით ჩვენი თანამედროვეები გაცილებით უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ისინი, ვინც დღეს ნელა ბერდებიან, ხვალ 100 წლის ასაკს მიაღწევენ. მაგრამ ამ ერთი შეხედვით შესანიშნავ ამბებში ერთი ძაღლის თავია დამარხული. მაშინ, როცა სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება, ჩვენი ჯანმრთელობის ხანგრძლივობა ძირითადად უცვლელი რჩება. თანამედროვე მედიცინამ გაახანგრძლივა გამოჯანმრთელების პერიოდი ხანშიშესულ ასაკში, მაგრამ არაფერი გააკეთა იმ წლების გასახანგრძლივებლად, რომლებშიც შეგვიძლია კარგი ჯანმრთელობით დავტკბეთ. მაგალითად, 50 წლის წინ ოსტეოპოროზი და ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობა საკმაოდ სწრაფად იწვევდა უმოძრაობას და სიკვდილს, დღეს კი კლინიკაში შეუძლიათ ჩაანაცვლონ მენჯ-ბარძაყის სახსარი და გამოჯანმრთელების პერიოდი შესაძლოა ათწლეულები გაგრძელდეს. 

ჩვენ არ გვსურს, რომ ცხოვრების დამატებითი ოცი ან ოცდაათი წელი წოლით რეჟიმში გავატაროთ. 

კიბოს მკვლევარი მიხაილ ბლაგოსკლონნი აღნიშნავს: „ტრადიციული მედიცინა ზრდის ხანშიშესული ადამიანების რაოდენობას ცუდი ჯანმრთელობით. თუმცაღა ცხოვრების ხანგრძლივობის გაზრდა მხოლოდ ავადობის ფაზის გაზრდის ხარჯზე მედიცინის დახმარებას აუფასურებს. ანტი-ასაკობრივ მედიცინას შეუძლია ამ კრიზისის გადალახვა ავადობის (გაუარესების) ფაზის გადავადებით“. იგი ფიქრობს, რომ ზრდისა და დაბერების დამაჩქარებელს mTOR წარმოადგენს. ჰიპერ-აჩქარებული mTOR შეძლებს, რომ გაზარდოს გადარჩენის შანსები ადრეულ ასაკში და წარმატებული გამრავლება დაჩქარებული დაბერების ხარჯზე. 

ბლაგოსკლონნი ხსნის, რომ ცხოველები ველურ ბუნებაში დიდხანს არ ცოცხლობენ, ამიტომაც არ ბერდებიან. ხანშიშესული ანტილოპა აფრიკის სავანაში სწრაფად ხდება ახალგაზრდა გიენების ლუკმა. ამიტომ ცოცხალი ორგანიზმები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიზარდონ, რათა გამრავლება და ახალგაზრდა შთამომავლობის წარმოშობა მოასწრონ, სანამ მათი კვერცხუჯრედები და სპერმა გარეგანი მიზეზების გამო მოკვდებიან - მათ შორის მტაცებლების ან შიმშილობის გამო. 

ახალგაზრდობაში mTOR ზრდის ფაქტორს არეგულირებს. ეს ცილა უზრუნველჰყოფს ყველაზე სწრაფი და ნავარჯიშევი ინდივიდების გადარჩენას. იგი აჩქარებს ორგანიზმის ცხოველ-ქმედებას კუნთებისა და ძვლების გაძლიერების მიმართულებით. სუსტი ბავშვები ნაკლებად აქტიური mTOR-ით ხშირად კვდებოდნენ მშობიარობის დროს ან არასაკმარისი კვების დროს ადრეულ ასაკში. ბიოლოგები ამას ბუნებრივ გადარჩევას უწოდებდნენ: დედა ბუნება იმ ინდივიდეებს ირჩევს, რომლებიც ყველაზე მეტად გამოდგებიან გადარჩენისთვის და საკუთარი გენების მომავალი თაობისთვის გადაცემისთვის. და ამ გადარჩენილებში mTOR „ძრავები“ ძალიან მაღალ ბრუნზე მუშაობდნენ. 

მაგრამ იგივე mTOR, რომელიც ზრდის დამაჩქარებელს წარმოადგენს ახალგაზრდა ასაკში, ასევე იწვევს დაბერების დაჩქარებასაც. თითქოს mTOR-ის ცხენზე სიკვდილის მეტაფორული ანგელოზია ამხედრებული. აი, რატომაა, რომ ამ ფერმენტს დაბერების ფაქტორს უწოდებენ. შესაბამისად, თუკი mTOR-ის აქტივობას შევანელებთ, შეგვიძლია დაბერებაც შევანელოთ და ადამიანში ჯანმრთელობის პერიოდი გავახანგრძლივოთ. ჩვენ შეგვიძლია მომავლისთვის გადავდოთ ცხოვრების მტკივნეული ფაზა - ეს საშინელი ბოლო რამდენიმე თვე ან წელი. და თუ გაგვიმართლებს, სიბერეში ძილის დროს მოვკვდებით, როგორც ეს ხშირად ემართებოდათ ჩვენს წინაპრებს. 

დღეს ჩვენ უკვე ვიცით, როგორ შევანელოთ mTOR.

ერთადერთი შემოწმებული სტრატეგია, რომელსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გახანგრძლივებამდე მივყავართ, - ესაა კალორიული საკვების შეზღუდვა, ანუ კალორიების მოხმარების შემცირება არასაკმარისი კვების გარეშე. დიდი ხანი მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მნიშვნელოვანი სწორედ კალორიების შემცირებაა, და ეს შაქრებისა და ნახშირწყლების შემცირებას ნიშნავდა. 

ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ კალორიულობის შეზღუდვის ტექნიკა მუშაობს შეუცვლელი ამინომჟავების, ცილების კომპონენტების რაოდენობის შემცირების ხარჯზე. აღმოჩნდა, რომ დღეგრძელობის და ჯანმრთელობის საფუძველი ცილის შეზღუდვაა!

გარკვეული ამინოჟავები, კერძოდ ლეიცინი, ააქტიურებენ mTOR-ს, რომელიც, როგორც ადრე ვახსენეთ, ზე-ბგერითი სიჩქარით მუშაობს. ლეიცინი - შეიძლება ითქვას კუნთების ზრდის ყველაზე ძლიერი ინდუქტორია. და ლეიცინის ყველაზე დიდ კონცენტრაციას რძის პროდუქტებში, ხორცსა და კვერცხში ვხვდებით. 

დედა-ბუნება თითქოს ელოდა, როგორ დაბრუნდებოდნენ ჩვენი წინაპრები ნადირობიდან სახლში ნადავლით და მაშინვე რთავდა mTOR-ს, რათა სხეული კუნთების სწრაფი ზრდის რეჟიმზე გადაერთო და ადამიანი გვარის სწრაფად გაგრძელებისთვის განეწყო. როცა ანთროპოლოგიას ვსწავლობდი, მე მყავდა პროფესორი, რომელიც ამბობდა, რომ მითი „დიდი თეთრი მონადირის“ შესახებ - ტყუილია, ველურ ცხოველებზე ნადირობა ძალზე რთულია, და ჩვენ ბუნებით მონადირეები და შემგროვებლები კი არა, ლეშისმჭამელები და შემგროვებლები ვართ. იგი იღიმოდა და ჰყვებოდა ანეგდოტს, როგორ სეირნობს პალეოლითელი ბიჭების ჯგუფი სუფთა ჰაერზე და გზაზე მოკლულ ძროხას ხედავს. ბიჭები ფანტავენ სვავებს, ხორცის ნარჩენებს ერთმანეთში იყოფენ და თავის ცოლებთან მიაქვთ სიტყვებით: „შეხედე, ძვირფასო, რა მოვიპოვე შენთვის. მოდი, ახლავე დავკავდეთ სექსით!“ 

ხორცის სიჭარბის სწორედ ამ პერიოდში ახალგაზრდები კარგად ცხოვრობდნენ, დედებს საკმარისი რკინა ჰქონდათ სისხლში, რათა მზარდი ემბრიონი გამოეკვებათ და მშობიარობის სისხლდენის გამო არ მომკვდარიყვნენ. ეს ყველაფერი კარგია იმისთვის, რომ ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტია მისცეს კაცობრიობას, როგორც სახეობას, მაგრამ არ ვარგა ინდივიდუალური დღეგრძელობისთვის. 

აღმოჩნდა, რომ ცილის მოხმარების შემცირებას შეუძლია გაახანგრძლივოს სიცოცხლე, გაააქტიუროს მეტაბოლიზმი და გაზარდოს სტრესმედეგობა. გამოდის, რომ საქმე ნახშირწყლებში არაა! ეს შესანიშნავი ამბავია ვეგეტარიანელებისთვის და ვეგანებისთვის, რომლებიც ათწლეულებია ისმენენ, რომ შეუძლებელია ადეკვატური ცილის მიღება მცენარეული საკვებით. ეს არასწორია. 

გამოდის, რომ დღეგრძელობისა და ჯანმრთელობის გასაღები ლეიცინით მდიდარი ხორცის, რძის პროდუქტებისა და კვერცხის მოხმარების შემცირებაშია. ლეიცინის დონის შემცირება მხოლოდ ერთი მეთოდითაა შესაძლებელი - ცხოველური წარმოშობის ცილების მოხმარების შემცირებით. ისეთივე რაოდენობის ლეიცინის მისაღებად, რაც 100 გრამიან სტეიკშია, დაგვჭირდებოდა ოთხი კგ კომბოსტოს ან ასამდე ვაშლის მიღება. გარდა ამისა, გაირკვა, რომ მცენარეული წარმოშობის პოლიფენოლები და ფლავონოიდები mTOR-ის ბუნებრივი ინფიბიტორები არიან და ხელს უშლიან დიაბეტისა და სიმსუქნის განვითარებას. 

mTOR-ის ყველაზე მძლავრი სტიმულატორები რძის პროდუქტებია. იფიქრეთ ამაზე: დედის რძე საუკეთესო რაციონია ახალშობილისთვის ცხოვრების პირველ თვეებში, როცა ბავშვენი საოცარი სისწრაფით იზრდებიან, რასაც, სხვათაშორის, mTOR-ის აქტივაცია უწყობს ხელს. რძის ცილები - ესაა ცხოვრების დასაწყისის საკვები, და სამი წლის ასაკის შემდეგ ისინი ბავშვისთვის უკვე აღარაა სასარგებლო. რძის პროდუქტებს ორმაგი მოქმედება აქვთ: ისინი ააქტიურებენ mTOR-ს ლეიცინის მაღალი შემცველობის მეშვეობით, მაგრამ ამავდროულად ასტიმულირებენ IGF-1 სასიგნალო გზას, რომელიც ხელს უშლის უჯრედულ დეტოქსიკაციას! ამასთან, დედის რძე მხოლოდ 1 გრამ ცილას შეიცავს მილილიტრზე, ხოლო ძროხის რძე - 3,4 გრამს მილილიტრზე! რა თქმა უნდა, ძროხები ბევრად უფრო სწრაფად იზრდებიან (და ადრე იწყებენ სიარულს), ვიდრე ადამიანის ბავშვები, ამიტომ მათ დამატებითი ცილა სჭირდებათ. ადამიანებს კი - არა!

ოკინავას მცხოვრებლები - ერთ-ერთი ე.წ. ცისფერი ზონიდან, პლანეტის ყველაზე ჯანმრთელი და დღეგრძელი ადამიანების რიცხვს განეკუთვნებიან. მათი რაციონი მხოლოდ 10%-ით შედგება ცილებისგან, რომლის უმეტესი ნაწილიც მცენარეული წარმოშობისაა. თვეში ისინი იმდენივე ცილას იღებენ, რამდენიც ერთ კვერცხში ან ერთ პატარა თევზშია. ცხოვრების ხანგრძლივობით მათ მხოლოდ ლომა ლინდას (კალიფორნია) ადვენტისტები აღემატებიან - ლაქტო-ვეგეტარიანელები, რომლებიც საკვებად კვერცხსაც იყენებენ და საშუალოდ 7 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე მათი მეზობლები შტატებში. 

რა გავაკეთოთ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

მოიშორეთ ამალგამები. თუ პირში ვერცხლისწყლის ბჯენები გაქვთ, მოიშორეთ ისინი. ეს ბჟენები ორგანიზმს ვერცხლისწყალს აწვდიან, ვერცხლისწყალი კი - ნეიროტოქსინია. როცა სტომატოლოგთან მიდიხართ, დარწმუნდით, რომ ისინი ამალგამას მასალას არ იყენებენ კბილების დასაბჟენად. ამალგამას მოშორება ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს, ასპირატორებისა და კოფერდამების მეშვეობით. იმ დღეს, როცა ამალგამას მოშორებას გადაწყვეტთ, დალიეთ წყლის დიდი ჭიქა მასში გახსნილი ქლორელას ფხვნილით, რათა მან კუჭში მოხვედრილი ვერცხლისწყალი შებოჭოს.თან წაიღეთ კაბინეტში წყლიანი ბოთლი დიდი რაოდენობის ქლორელათი და ყოველთვის, როცა სტომატოლოგი გეტყვით, რომ პირში წყალი გამოივლოთ, ეს წყალი გამოიყენეთ. კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ დალიეთ კიდევ ერთი ჭიქა წყალი ქლორელათი. ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, ვერცხლისწყლის ბჟენების გამოყენება ევროპაში 2023 წლიდან აიკრძალება. 

შესაძლებელია ჩატარდეს მძიმე მეტალების ქელაცია. რაღაც პერიოდის წინ ჩვენ საერთოდ არ ვექვემდებარებოდით მძიმე მეტალების ზემოქმედებას. ვერცხლისწყალი მხოლოდ მთლის ქანებში გვხვდებოდა, მეთილ-ვერცხლისწყალი კი ჯერ კიდევ არ იყო ოკეანის ისეთ მსხვილ თევზებში, როგორიცაა ტუნა, და ის არ ხვდებოდა ატმოსფეროში ნახშირის წვის შედეგად. შედარებით ცოტა ხნის წინ ადამიანებმა ფართოდ დაიწყეს ალუმინის გამოყენება, და ჩვენს ცხოვრებაში იგი საყოველთაოდ გავრცელდა ფოლგების და საკვები პროდუქტების კონტეინერების სახით. ტყვია ჩვენს ორგანიზმში სანტექნიკიდან ხვდება (გახსოვთ, როგორ ცხოვრობდით სახლში ტყვიის მილებით?). დარიშხანი შედის პესტიციდების შემადგენლობაში და ის გვხვდება ყველა სახის ბრინჯში, მათ შორის ორგანულშიც. ბრინჯი დატბორილ მინდვრებზე იზრდება, და დარიშხანი წყლიდან ბრინჯის ღეროებში აღწევს. მე მომწონს ქელაცია (მძიმე მეტალების მოშორება) ენდი კატლერის მეთოდით. ეს შემოწმებული და უსაფრთხო პროცედურაა, რომელიც შეგიძლიათ სახლში ჩაატაროთ. ევროპელები (კერძოდ გერმანელები) მნიშვნელოვნად უსწრებენ წინ თავიანთ ამერიკელ კოლეგებს მძიმე მეტალების ქელაციის პროცესში. იმისთვის, რომ ინტრავენური ქელაცია გაკეთდეს, აუცილებელია გამოცდილი ექიმის დახმარება. მე ვმუშაობ პიოტრ კშეშინსკისთან, რომელიც მიტოქონდრიულ მედიცინას აპრაქტიკებს და ფრაიბურგთან (გერმანია) ახლოს ცხოვრობს. 

როგორ ავიცილოთ თავიდან კიბო

ყოველ მეორე მამაკაცს და ყოველ მესამე ქალს ცხოვრების რაღაც მომენტში კიბო უვითარდება. აქ იგულისხმება არა კანის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც ყველას შეიძლება გვქონდეს, არამედ სერიოზული ონკოლოგიური დაავადებები, რომლებიც ქირურგიულ ჩარევას, სხივურ ან ქიმიო-თერაპიას მოითხოვენ. კიბო თითქმის არასოდეს გვხვდებოდა მონადირე-შემგროვებლებში, ან იმ საზოგადოებებში, რომლებიც დასავლურ კვებასა და ცხოვრების სტილზე არ გადავიდნენ, მაგრამ ის ფართოდაა გავრცელებული განვითარებულ ქვეყნებში. ყოველ ჩვენთაგანს ჰყავს ნათესავი, რომელიც კიბოს ებრძვის ან მისგან გარდაიცვალა.  

მაგრამ არსებობს საშუალებები კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად. არის ასევე სტრატეგიები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია განვიკურნოთ, თუკი ასეთი დიაგნოზი უკვე დაგვისვეს. აი ისინი:

გაზრდა სხეულის უნარისა - დაწვას ცხიმები. კეტოგენური დიეტა ან/და შიმშილობა - საკვანძო სტრატეგიაა კიბოს პროფილაქტიკისთვის. გახსოვდეთ, რომ კიბოს უჯრედები უფრო პრიმიტიულ მდგომარეობას დაუბრუნდნენ და არ შეუძლიათ ცხიმის ეფექტურად დაწვა. მათ მხოლოდ ნახშირწყლების (შაქრების) სიჭარბის დროს შეუძლიათ გამრავლება. დოქტორებმა რაინერ ი. კლემენტმა და ულრიკე ქემერერმა  ვიურცბურგის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკის რადიაციული ონკოლოგიის განყოფილებიდან აღმოაჩინეს: „საკვები ნახშირწყლების სისტემატიურად შემცირებით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ან გადავავადოთ მაინც კიბოს წარმოქმნა, ასევე შევამციროთ უკვე არსებული სიმსივნური უჯრედების პროლიფერაცია“. 

რა ელეგანტურია! თქვენ ამცირებთ სიმსივნური უჯრედების ენერგო-მომარაგებას და ისინი კვდომას იწყებენ. ავტორები ამტკიცებენ: „განსხვავებით ნორმალური უჯრედებისგან, ავთვისებიანი უჯრედების უმეტესობა თავისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დამოკიდებულნი არიან სისხლში გლუკოზის მუდმივად არსებობაზე და არ შეუძლიათ ცხიმოვანი მჟავების ან კეტონური სხეულების მნიშვნელოვანი რაოდენობის მეტაბოლიზირება მიტოქონდრიების დისფუნქციის გამო“. 

თუ თქვენ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაგისვეს ან თქვენს ოჯახში კიბოს მაღალი რისკია, ძალიან მნიშვნელოვანია კეტოგენურ დიეტაზე გადასვლა და ამ წიგნში აღწერილი ინტერვალური შიმშილობის დაცვა.

შემდეგი საკვანძო სტრატეგია კიბოს პროფილაქტიკისთვის - ესაა სხეულისა და ტვინის დეტოქსიკაცია. დაიწყეთ სახლში წყლის ფილტრის დაყენებით, რომელიც წყლიდან ქლორსა და ფტორს აშორებს. ადამიანები სამჯერ მეტ ტოქსინს იღებენ იმ წყლიდან, რომლითაც ბანაობენ, ვიდრე სასმელი წყლიდან. 

რუსეთში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი კიბოს სიმსივნე მძიმე მეტალებს შეიცავს - შესაძლოა ასე გამოიყურება ორგანიზმის მცდელობა, რომ ამ ნივთიერებების იზოლირება მოახდინოს. დაუყოვნებლივ მოიშორეთ ვერცხლისწყალი პირიდან („ვერცხლის“ ბჟენები) და ჩააბარეთ „სტრეს-ტესტი“ მძიმე მეტალებზე ორალური ქელაციის მეშვეობით, რათა განსაზღვროთ, რა რაოდენობით ვერცხლისწყალი, ტყვია, დარიშხანი და სხვა ნივთიერებებია თქვენს ორგანიზმში. 

პირველ რიგში გახსოვდეთ, რომ პროფილაქტიკა - ყველაფრის გასაღებია. 

როგორ ავიცილოთ თავიდან გულის დაავადებები

გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი) მაშინ ჩნდება, როცა ხდება გულის არეში  მიმავალი სისხლის ნაკადის ბლოკირება და ხდება სისხლის კოლტის წარმოქმნა დაზიანებულ სისხლძარღვში. ყოველ წელს გულის შეტევებით დაახლოებით მილიონი ამერიკელი იტანჯება, ინფარქტი კი ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს აშშ-ს მოსახლეობის სიკვდილიანობაში. თუმცაღა კარდიოლოგები თვლიან, რომ ინფარქტების 90% შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ დიეტისა და ცხოვრების წესის შეცვლით. 

ამისთვის აუცილებელია, რომ თავი ავარიდოთ ტრანს-ცხიმებს, რომლებიც ხშირად იმალებიან ჰიდროგენიზებული ზეთების მარკის ქვეშ. ტრანს-ცხიმები ზრდიან „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს (დსლპ - დაბალი სიმკვრივის ლიპო-პროტეინი), რომელიც ნალექის შრეს წარმოქმნის არტერიების კედლებზე. შაქარი, ნახშირწყლები და გადამუშავებული პროდუქტები ზრდიან დსლპ ქოლესტერინის მცირე ნაწილაკების შემცველობას. 

ნაჯერი ცხიმები, რომლებიც ოდესღაც სახიფათოდ ითვლებოდა, სინამდვილეში მხოლოდ უვნებელი ქოლესტერინის დონეს ზრდიან. ამიტომაა სასარგებლო ბევრი ბოსტნეულის ჭამა უმად, ან მცირე თერმული დამუშავების შემდეგ, ასევე ორგანული კარაქის და ხორცის, სოფლის კვერცხების, უმი თხილეულის და თესლეულის, ქოქოსის, ზეითუნის და სხვადასხვა თხილეულის ზეთების. 

ჩემი სიის ზედა ნაწილში კენკროვნებია. რაც უფრო კაშკაშა და მრავალფეროვანია მათი ფერები, მით უკეთესი. ჰარვარდელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მიირთმევენ ხილის საკმაო რაოდენობას, ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს თითქმის 30%-ით. მაგრამ ფრთხილად იყავით ძალიან ტკბილ ხილთან და გახსოვდეთ, რომ საზამთრო ამ თვალსაზრისით დიდად არ განსხვავდება ესკიმოსგან, რადგან იგი სავსეა შაქრით და თითქმის არ შეიცავს უჯრედისს. 

როგორ ავიცილოთ თავიდან ალცჰეიმერი და დემენცია

დღეს თითქმის 50 მილიონი ადამიანი მსოფლიოში დემენციით იტანჯება, თუმცა სულ რაღაც ასი წლის წინ ამ დაავადების შესახებ თითქმის არავის გაუგია. არაფერია იმაზე შემაშინებელი, ვიდრე იმის დაშვება, რომ შეგვიძლია საღი აზრი დავკარგოთ და ახლობლების სახელები დაგვავიწყდეს. 

ზოგჯერ ალცჰეიმერის დაავადებას მესამე ტიპის დიაბეტს უწოდებენ სისხლში შაქრის მაღალ დონესთან და ნახშირწყლებითა და შაქრებით მდიდარ დიეტებთან მისი კავშირის გამო. და დღეს ჩვენ ვიცით, რომ პროდუქტები, რომლებიც ანთებით პროცესებს აძლიერებენ, მათ შორის გადამუშავებული მარცვლეული და რაფინირებული ნახშირწყლები, ასევე ზრდიან ალჰეიმერის განვითარების რისკს. ამ დაავადების სტატისტიკა საშინელია. იგი აჩვენებს, რომ თუ 85 წლამდე იცოცხლებთ, 50%-იანი ალბათობა იქნება იმისა, რომ ალცჰეიმერის დაავადების დიაგნოზი დაგისვან. 

დღეს ადამიანს სრულიად თავისუფლად შეუძლია 100 წლამდე იცოცხლოს, თუკი შეძლებს, რომ თავი აარიდოს წინასწარ-განუსაზღვრელ ტრაგიკულ სიტუაციებს.  მაშ, როგორ დავიზღვიოთ თავი დღეგრძელი ცხოვრების შემთხვევაში დემენციისგან? 

ამ დაავადებების მიზეზი კვების თავისებურებებშია, მაგრამ მათშივეა წამალიც. მე ამაზე ამ წიგნის თითქმის ყველა გვერდზე ვსაუბრობ. უარი თქვით შაქარზე, შეამცირეთ ნახშირწყლების მოხმარება, მიიღეთ ძირითადად მცენარეული წარმოშობის ცილები და კარგი ცხიმები. არსებობს დამატებითი რეკომენდაციებიც. 

მიიღეთ ვიტამინი D-3. მკვლევარები თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ორმოცდაათ პაციენტს პარკინსონის დაავადების რისკით და აღმოაჩინეს, რომ პაციენტებში ვიტამინ D-3-ის ყველაზე მაღალი დონით ამ დაავადების განვითარების რისკი 75%-ით უფრო დაბალია, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში, რომელიც არ იღებდა ამ აუცილებელ ვიტამინს. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვიტამინი D-3-ს, როგორც ჩანს, გააჩნია ნეიროპროტექტორული თვისებები და შეუძლია პარკინსონის დაავადეების პრევენცია. 

მიზეზი, რის გამოც არ გსმენიათ ამ კვლევის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში - Archives of Neurology, იმაში მდგომარეობს, რომ ვიტამინ D-3-ის დაპატენტება შეუძლებელია. არცერთი ფარმაკოლოგიური კომპანია არ ჩადებს რესურსებს იმ ვიტამინის გრძელვადიან კლინიკურ კვლევებში, რომლის ყიდვაც რეცეპტის გარეშე 20 ცენტად შეგიძლიათ, თუმცა ის 75%-ით ამცირებს პარკინსონის დაავადების რისკს!

მიიღეთ დოკოზაჰექსაენის მჟავა. სხვა კვლევებმა, რომელიც ჟურნალ Archives of Neurology-ში გამოქვეყნდა, აჩვენეს, რომ იმ ადამიანებში, რომელთა პლაზმაშიც დოკოზაჰექსაენის მჟავას - ჩვენი საყვარელი ომეგა-3 მჟავას - ყველაზე მაღალი დონეა, ალცჰეიმერის დაავადების რისკი 85%-ით უფრო ნაკლებია. და კვლავაც, არცერთი სერიოზული წარმოება არ დააფინანსებდა ძვირადღირებულ კვლევებს იმის გასაგებად, შეუძლია თუ არა თევზის ქონის ტაბლეტებს (რომლებიც 50 ცენტი ღირს) ხელი შეუწყოს ამ პრობლემის პროფილაქტიკას. 

რეგულარულად აკეთეთ ფიზიკური ვარჯიშები. დოქტორ კირკ ერიქსენის კვლევებმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან (ლოს-ანჯელესში) და ასევე მისი კოლეგების კვლევებმა პიტსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტიდან აჩვენეს, რომ აერობული ვარჯიშების რეგულარული კეთება, მიუხედავად ადამიანის ასაკისა, ალცჰეიმერის რისკს 50%-ით ამცირებს.

სისხლის ანალიზის ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი

დღეს მეტისმეტად მგრძნობიარე სისხლის ანალიზები საშუალებას გვაძლევენ გამოვავლინოთ ცვლილებები ორგანიზმში და აღვადგინოთ დისბალანსი, რომელმაც შესაძლოა დაავადება გამოიწვიოს. მე ამ ანალიზებს წელიწადში ერთხელ ვაბარებ და შედეგებს ჩემს მკურნალ ექიმთან ერთად ვაკვირდები. 

1. სსა (სისხლის საერთო ანალიზი)

ეს იაფი კლინიკური ანალიზი ყველაზე ზოგად წარმოდგენას გვაძლევს ჩვენს ჯანმრთელობაზე და შეუძლია გამოავლონოს ინფექციების, ანემიის არსებობა, ქოლესტერინისა და გლუკოზის დონე, ასევე მინერალური ნივთიერებების კრიტიკული მნიშვნელობები. ამ ანალიზის შეფასება დიდ დროს არ მოითხოვს. მიაქციეთ ყურადღება, რომ ოპტიმალური დიაპაზონები განსხვავდება ლაბორატორიის ეტალონური სტანდარტებისგან. 

ოპტიმალური დიაპაზონები:

• გლუკოზა 70-85 მგ/დლ; 

• ქოლესტერინი 180-200 მგ/დლ; 

• დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები 100 მგ/დლ-ზე ნაკლები; 

• მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები 55 მგ/დლ-ზე მეტი; 

• ტრიგლიცერიდები 100 მგ/დლ-ზე ნაკლები.

2. C-რეაქტიული ცილა

ნებისმიერი სერიოზული ავადმყოფობა ან იწყება ანთებით, ან მას თან ახლავს ანთებითი პროცესი.  C-რეაქტიული ცილა - ესაა ანთების მგრძნობიარე მარკერი, ის საკმაოდ სწრაფად (რამდენიმე დღის განმავლობაში) ახდენს რეაგირებას რაციონის ან ცხოვრების წესის ცვლილებაზე. ესაა საიმედო პროგნოზული ფაქტორი გულის იშემიური დაავადებისთვის. 

ოპტიმალური დიაპაზონები: 

• მამაკაცებში < 0,55 მგ/ლ

• ქალებში < 1,5 მგ/ლ. 

3. ჰემოგლობინი A1C

ეს ტესტი ზომავს გლუკოზის დონეს სისხლში უკანასკნელი 2-3 თვის განმავლობაში და საიმედო მაჩვენებელია გულის დაავადებებისა, განსაკუთრებით დიაბეტიან პაციენტებში. სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა და ანთება - იდეალური პირობებია კიბოსთვის. ეს ტესტი აჩვენებს, რამდენად უწყობს ხელს თქვენი შინაგანი გარემო კიბოს ან სხვა პათოლოგიების განვითარებას. 

ოპტიმალური დიაპაზონი: < 4,5 %. 

4. ჰომოცისტეინი

ეს ამინომჟავა წარმოიქმნება გოგირდის-შემცველი მეთიონინის მეტაბოლიზმის პროცესში. ჰომოცისტეინის მაღალი  დონე დაკავშირებულია გულის შეტევებისა და ძვლების მოტეხილობების (მათ შორის მენჯ-ბარძაყის) რისკთან, ასევე კოგნიტური ფუნქციების დაქვეითაბასთან.

ოპტიმალური დიაპაზონი: < 7,2 მკმოლი/ლ. 

5. ზრდის ინსულინისმაგვარი ფაქტორი (IGF-1). 

ეს ჰორმონი ზრდის ჰორმონთან ერთად არეგულირებს ძვლებისა და სხვა ქსოვილების ზრდას ახალგაზრდებში. თუ დამატებითი ხელები ან თითები არ გვჭირდება, მაშინ ზრდასრულობასთან ერთად ჯობია IGF-1-ის დაბალი დონე შევინარჩუნოთ. ჩვენ უკვე ავხსენით, რომ IGF-1 წარმოადგენს სასიგნალო მოლეკულას, რომელსაც უჯრედების აღდგენისა და უტილიზაციის პროგრამების ჩართვა და გამორთვა შეუძლია. პირველ რიგში IGF-1 დონეს ზრდიან წითელი ხორცი, თევზი და ზღვის პროდუქტები, IGF-1-ის კონცენტრაციის ზრდა კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკთან ასოცირდება. 

გარდა ამისა, IGF-1 კიბოს სიმსივნის მარკერია. ინსულინისმაგვარი ფაქტორისთვის არ არსებობს აბსოლუტური რეფერენტული დიაპაზონები, ასე რომ მისი გამოყენება თქვენი რეაქციის ხარისხის შესაფასებლად ჯობია პროგრამაზე „შექმენი ახალი სხეული“. მე შევამჩნიე, რომ პროგრამის გაშვების შემდეგ ამ კიბოს მარკერის დონე ერთ კვირაში 30-50%-ით მცირდება. ესაა იაფი ტესტი, რომელიც გაზომვად უკუკავშირს გაძლევთ და გაჩვენებთ, რამდენად კარგად იშორებს თქვენი სხეული უჯრედულ ნარჩენებს და რთავს დღეგრძელობის გენებს. 

მე ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, რომ პროფილაქტიკა ავტომობილში ზეთის შეცვლას ჰგავს, მკურნალობა კი - ძრავის შეცვლას. ჩვენი ჯანდაცვის სისტემები არ დებენ რესურსებს პროფილაქტიკაში. კორონარული არტერიის შუნტირება (ინგლისურენოვანი ქირურგები ხუმრობით ამ პროცედურას „კომბოსტოს“ ეძახიან, რადგან აბრევიატურა CABG, coronary artery bypass graft ჰგავს სიტყვას Cabbage) 50 000 დოლარი ღირს და აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე ხშირად ჩატარებად ოპერაციათა რიცხვში შედის. როცა არტერია იჭედება, კარდიო-ქირურგები ჭრიან დაზიანებულ ფრაგმენტს და ანაცვლებენ მას ახალი მილებით, როგორც ქალაქის მშენებლები ცვლიან დაჟანგებულ წყალგაყვანილობას. ამ ოპერაციის წარმატება საეჭვოა, რადგან ეს სისხლძარღვოვანი დაავადება მთელ სხეულს აზიანებს, და არა მხოლოდ არტერიის რამდენიმე სანტიმეტრს. გარდა ამისა, ამ მდგომარეობის თავიდან აცილება მარტივად შეგვიძლია დიეტის მეშვეობით, და ადვილად და ეფექტურად იკურნება ქელაციური აგენტებით (Chelating Agents).  

მე გიწვევთ, რომ პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე დღეგრძელობის და ჯანმრთელობის  ჩვენს საერთო ექსპერიმენტში. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ბრძნული არჩევანი, რომელიც ხანგრძლივ ჯანმრთელობამდე და კაშკაშა ცხოვრებამდე მიგვიყვანს; ამისთვის აუცილებელია პროფილაქტიკა და ერთიანობის გამოცდილება. 

 

დასკვნა. ერთიანი სულის მედიცინა და კიდევ რაღაც სხვა

ჩვენ არ დავტოვებთ ძიებას, და მთელი ჩვენი ძიების დასასრული იქნება იქ დაბრუნება, საიდანაც დავიწყეთ, რათა ახალივით შევიცნოთ ეს ადგილი.  (ტ. ს. ელიოტი)

მომავალ ბუდას მრვალი გამოცდის გავლა უწევდა თავის გზაზე. როცა ბოდჰის ხის ქვეშ დაჯდა, მასთან დემონი მარა მივიდა, სიკვდილის მბრძანებელი, ხელში იარაღით და დიდი არმიით. ლეგენდა ამბობს, რომ სამყაროს ყველა დამცველი ღვთაება შეშინებული გაიქცა, მაგრამ სიდჰართჰა უძრავად დარჩა. დემონმა ელვა და მრავალრიცხოვანი ისრები დაუშვა მას, მაგრამ ისინი ყვავილებად იქცნენ და ნელა დაეშვნენ მიწაზე სიდჰართჰას ფეხებთან. ბოლოს მომავალმა ბუდამ მარჯვენა ხელი წინ გაიშვირა და მიწას შეახო. ასე გახდა თავად მიწის ქალღმერთი მისი გასხივოსნების მოწმე. ხმამაღალი ხარხარით მან ყველა დემონი გაყარა. 

ლეგენდა ამბობს, რომ იმ ღამის განმავლობაში, რომელიც წინ უძღოდა გასხივოსნებას, ბუდამ სამი ძღვენი მოიპოვა: ღვთაებრივი ყოვლისმხედველი თვალი და ცოდნა ყველა წინა ინკარნაციის შესახებ, კარმის, ანუ მიზეზ-შედეგოპბრივი კავშირების ცოდნა და ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტება, რომლებიც ყოფიერების ფუნდამენტურ კანონს წარმოადგენენ. ამბობენ, რომ თავიდან ბუდას ამ სიბრძნის თავისთვის დატოვება სურდა, რადგან ეჭვობდა, რომ ადამიანებს ასეთი სწავლების მიღება შეეძლოთ, მაგრამ ბრაჰმა ჩაერია და დაარწმუნა ბუდა, რომ ადამიანებისთვის და ღმერთებისთვის გადაეცა ის ღრმა ჭეშმარიტებები, რომლებიც აღმოაჩინა. 

რას ვაკეთებთ ერთიანი სულის მედიცინის მიღების შემდეგ? ბუდას მსგავსად, მივდივართ ადამიანებთან და ვასწავლით იმას, რაც გავიგეთ? თუ გვწყურია, რომ მივატოვოთ ბრძოლის ველი და ზურგი ვაქციოთ პრობლემებს, როგორც არჯუნას სურდა, რადგან სასოწარკვეთილებაში ვვარდებით და ვთვლით, რომ არ შეგვიძლია სამყაროს ტანჯვების თავიდან აცილება? ან ჩვენი უმეტესობის მსგავსად, როგორც ჯოზეფ ქემპბელმა თქვა, „ვიგონებთ ცრუ და საბოლოო ჯამში გაუმართლებელ წარმოდგენას საკუთარ თავზე, როგორც როგორც გამონაკლის მოვლენაზე; თითქოს სხვებივით დამნაშავე არ ვართ, არამედ გამართლებულნი ვართ საკუთარ გარდუვალ ცოდვებში, ვინაიდან სიკეთის მხარეს წარმოვადგენთ. ასეთი თვითმართლება იწვევს არასწორ გაგებას არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ადამიანის ბუნების და კოსმოსის“. 

მითიური და რეალური გმირები, მამაკაცები და ქალები, რომელთა მოგზაურობაც ამ გვერდებზე ავღწერეთ, გვახსენებენ, რომ ჩვენი მიზანია - დავამყაროთ ურთიერთობა უნივერსალურ ხელმძღვანელ პრინციპთან, რომელსაც ერთიან სულს ვუწოდებთ. და მაშინ ჩვენ შეგვიძლია შევუდგეთ ჩვენი საკუთარი ცხოვრების დარღვეული ქსოვილის აღდგენას და კაცობრიობის დახმარებას, რომელსაც ძალიან სჭირდება ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი სიბრძნე. 

სამყაროს განკურნება

მაშ, როგორ მოვუტანოთ სამყაროს ჩვენი ძღვენები? გლობალური სიტუაცია უფრო და უფრო საგანგაშო ხდება ყველა დონეზე - პოლიტიკურზე, ეკონომიკურზე, სოციალურზე და ეკოლოგიურზე. XXI საუკუნის პირველი ათწლეული ყველაზე ცხელი იყო კაცობრიობის ისტორიაში. 2007 წელს ექსპერტი კლიმატოლოგები ამბობდნენ, რომ შეუქცევადი შედეგების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონის შენარჩუნება არაუმეტეს 350 ppm (parts per million). მაგრამ 2014 წლისთვის ჩვენ უკვე გადავლახეთ ნიშნული 400 ppm ამ ყველაფრის შენელების ყოველგვარი ნიშან-წყლის გარეშე. ბიოლოგები უშუალოდ უკავშირებენ ცხოველთა და მცენარეთა სხვადასხვა სახეობების გადაშენების ტემპებს სათბურების გაზების გამოყოფას და გვაფრთხილებენ, რომ ჩვენ უკვე ცოცხალი ორგანიზმების მასიური გადაშენების ზღვარზე ვიმყოფებით. მას შემდეგ, რაც სამნახევარი მილიარდი წლის წინ დედამიწაზე სიცოცხლე გაჩნდა, მასობრივი გადაშენება მხოლოდ ხუთჯერ მოხდა. ახლა ჩვენ მეექვსე ასეთ კატასტროფას ვეჯახებით. 

როცა ძველ პარადიგმებსა და რწმენებში ვიჭედებით, ამ დროს ვვარაუდობთ, რომ ყოველი ჩვენთაგანი მეტისმეტად უმწეოა იმისთვის, რომ გადაარჩინოს ვეშაპები, პლანეტა ან კაცობრიობა. ეს სიმართლეა: არცერთ ჩვენთაგანს ცალ-ცალკე არ შეუძლია შეაჩეროს ტერორიზმი, გაანადგუროს გარემოში არსებული ტოქსინები, შეეწინააღმდეგოს პოლარული ყინულის დნობას ან ეკონომიკურ კრიზისს. თუმცაღა ჩვენ შეგვიძლია განვიკურნოთ იმ ავადმყოფობებისგან, რომლებიც ჩვენს გადარჩენას ემუქრებიან. შეგვიძლია განვკურნოთ ჩვენი შინაგანი მამაკაცური საწყისი ძალადობაზე, როგორც კონფლიქტის გადაჭრის საშუალებაზე უარის თქმით. შეგვიძლია განვკურნოთ ჩვენი შინაგანი ქალურობა და დედამიწის მცველები გავხდეთ. და ასევე გავაცნობიეროთ, რომ ყოველ წამს ვმონაწილეობთ სამყაროს შექმნაში სულთან და ერთმანეთთან ერთად. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია, ეს სამუშაო უკეთ გავაკეთოთ. 

პროგრამა „შექმენი ახალი სხეული“ ზრდის ორგანიზმის უნარს - გამოიტანოს ტოქსინები, იქნება ეს ჰაერისგან, წყლისგან და საჭმლისგან მიღებული დაბინძურება, თუ არაჯანსაღი აზროვნებისა და მავნე რწმენა-წარმოდგენების შედეგად მიღებული ფსიქიკური შხამები. იგი ასევე გეხმარებათ ტვინის მოდერნიზებაში, რათა მან შეინარჩუნოს ჯანმრთელობის შემქმნელი ცნობიერება. და ბონუსი იმაშია, რომ საკუთარი თავის დახმარებით ჩვენ ასევე დედამიწასაც ვეხმარებით. თუკი გადავაგდებთ შხამიან რწმენა-წარმოდგენებს და მტაცებლურ ქცევებს, ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით უკეთეს ცხოვრებას ამ პლანეტაზე. 

ლაკოტა-სიუს ტომის ინდიელები ამბობენ: მიკატუე ოიასინ“. ეს ნიშნავს: „ჩვენ ყველანი ნათესავები ვართ“. ჩვენ ყველანი ურთიერთდაკავშირებულნი ვართ, ერთნი ვართ. აღდგენა ორივე მხარეს მოქმედებს: საკუთარი თავის განკურნებით სამყაროს კურნავ, და პირიქით. როგორც კი თავს მიუძღვნით საკუთარი ჯანმრთელობის, ასევე დედამიწის და ყველა ცოცხალი არსების გაჯანსაღებას, სულის სამყარო დაგეხმარებათ, რომ ხელი შეგიწყოთ ამ კეთილშობილურ განზრახვაში. 

შინაგანი ჰარმონია

სიმშვიდე და ჰარმონია სამყაროში - თქვენი შინაგანი სიმშვიდით იწყება. ადამიანის ნაწლავები - ეს ცალკე სამყაროა, მეტისმეტად რთული ეკოსისტემაა. საკუთარი სხეულის მიკროორგანიზმებთან ჰარმონიაში ცხოვრება გადამწყვეტია ჩვენი გადარჩენისთვის. სტაბილური ჯანმრთელობა კი არამხოლოდ გადარჩენის უნარებით მიიღწევა, არამედ განვითარებისა და ბაქტერიებთან, ვირუსებთან და ორგანიზმის სხვა უჯრედებთან თანამშრომლობის უნარებითაც. 

თქვენი სხეული - ესაა თქვენი საფუძველი, ნიადაგი, რომელზეც თქვენი სიცოცხლეა დამოკიდებული. მასში მავნე სამკურნალო წამლების ჩაყრა - შორსმჭვრეტელური არაა. ამ დროისათვის ანტიბიოტიკების და ანტიმიკრობული სარეცხი საშუალებების გამოყენების გამო საოცრად გამომგონებლურმა მიკროორგანიზმებმა ისწავლეს, თუ როგორ იქცნენ წამალ-მედეგ შტამებად, ამიტომ ჩვენ ვხვდებით სასიკვდილოდ სახიფათო ბაქტერიალური ინფექციების აფეთქებებს. თქვენი და პლანეტის ჯანმრთელობა იმაზეა დამოკიდებული, შევძლებთ თუ არა ახალი ურთიერთობების დამყარებას ყველა არსებასთან, მათ შორის ბაქტერიებთან სხეულში და მიტოქონდრიებთან უჯრედებში. 

პასუხისმგებლობა და ოცნება

აბრაამული რელიგიები - ქრისტიანობა, იუდაიზმი და ისლამი, ადამიანს ბუნების ბატონის ადგილს მიაკუთვნებენ. აზროვნების ასეთი ტიპისთვის ჩვენი მიწიერი სახლი - ეს უბრალოდ გარდამავალი პუნქტია, რომელშიც მარადიული ცხოვრების ნეტარებისკენ მიმავალ გზაზე ვჩერდებით. ზრუნვა პლანეტაზე და მის ყველა ქმნილებაზე მნიშვნელოვანწილად შემთხვევით ნებაზეა მინდობილი - რაც არ უნდა იყოს, კაცობრიობა არ ატარებს ამაზე პასუხისმგებლობას. თუმცაღა მეცნიერები სასიცოცხლოდ აუცილებლად მიიჩნევენ, რომ საკუთარ თავზე ავიღოთ დედამიწაზე ზრუნვა. მათი უმეტესობა ეთანხმება იმას, რომ ჩვენ ტვირთად ვაწევართ ჩვენს პლანეტას და მკაცრი პოლიტიკური და ეკონომიკური არჩევანი უნდა გავაკეთოთ მომავალი თაობების საკეთილდღეოდ. 

საკუთარი თავი ინდიელთა ტომების მრავალწლიან კვლევას მივუძღვენი და ძალიან კარგად მესმის, რამდენად განსხვავდება მათი მსოფლმხედველობა დასავლეთის მეცნიერული პარადიგმისგან. აბორიგენებისთვის პლანეტის კეთილდღეობა პირველ ადგილზეა. იგი მოიცავს დედამიწის ყოველი მცხოვრების კეთილდღეობას თანაბრად - როგორც ადამიანების, ასევე სხვა ცოცხალი არსებების. ინდიელები თვლიან, რომ ეს პლანეტა სულაც არაა დროებითი სამყოფელი, რომელიც შორეულმა ღმერთმა გვიბოძა, არამედ პირიქით, დედა დედამიწა ჩვენი ნამდვილი სახლია, რომელშიც ხელახლა ვიბადებით მრავალი ცხოვრების განმავლობაში. 

კრიშნა ეუბნება არჯუნას: 

„როგორც სული, მიწიერი სხეულით შემოგარსული, განუწყვეტლივ გადადის ბავშვობიდან სიჭაბუკეში, და სიჭაბუკიდან სიბერეში, სწორედ ასევე სიკვდილის ჟამს სული გადაინაცვლებს სხვა სხეულში... სულს ბასრი იარაღიც რომ აძგერო - არ განიკვეთება; ცეცხლს მიეც - არ დაიწვება, არც წყალში დასველდება და ვერც ქარი გამოაშრობს... იგი დაუშრეტელია, მარადიულად ყველგანმყოფი, უცვლელი და მარად დადგინებული“. 

დედამიწა - ესაა სამოთხე, რომელსაც ჯილდოდ ვიღებთ სულის სამეფოში ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, და სწორედ ის უნდა ჩავთვალოთ ჩვენს ედემად. წინააღმდეგ შემთხვევაში პლანეტა შეწყვეტს თავისი ყველაზე ხარბი შვილების გამოკვებას და მხარდაჭერას. ყველაზე ხარბები - ჩვენ ვართ, რადგან დედამიწის რესურსების უმეტესობა საკუთარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ავითვისეთ და საფრთხის ქვეშ დავაყენეთ მისი სხვა უდანაშაულო ბინადრების სიცოცხლე. 

დედამიწის განკურნებისთვის და გადარჩენისთვის ახლა ჩვენ ახალი ოცნება გვესაჭიროება.  

არჩევანი ევოლუციის სასარგებლოდ

მიუხედავად ყველა ნგრევისა, რასაც დედამიწაზე ვაწარმოებთ, არსებობს დამაიმედებელი ნიშნებიც. მთელ მსოფლიოში ადამიანები ძველ, დანგრეულ და სარემონტოდ უვარგის ფორმებს ახლით ანაცვლებენ, - იქნება ეს ინფრასტრუქტურა, მთავრობები, ეკონომიკა, ჯანდაცვა თუ სოციალური სამსახურები. ინსტიტუციები, ისევე როგორც ადამიანის სხეული და ტვინი, მიმდინარე საჭიროებებთან ადაპტირდება. 

ადაპტაცია - ესაა მოკლევადიანი ცვლილებები, რომლებიც ცალკეულ ადამიანში ან ჯგუფში ხდება და განაპირობებს მათ შეთავსებას ახალ გარემოსთან. სტრესისა და გლობალური კრიზისის დროს (როგორც ახლა) შეგვიძლია ან ავად გავხდეთ, ან საოცრად ჯანმრთელნი ვიყოთ, თუკი ვისწავლით ადაპტირებას და განვითარებას სწრაფად ცვალებად გარემოში. განსხვავებით ადაპტაციისგან, ევოლუცია - ესაა გრძელვადიანი გენეტიკური ცვლილება სახეობის გადარჩენის უზრუნველსაყოფად. იგი მყინვარის ცოცვის ტემპით მოძრაობს. მაგრამ ახლა გაჩნდა მტკიცებულებები, რომ ჩვენი ფიზიოლოგია ევოლუციურ ნახტომს აპირებს. უკანასკნელი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ტვინი განუხრელად მცირდება ზომებში. მან თავისი მოცულობის თითქმის 10% დაკარგა - ანუ დაახლოებით ტენისის ბურთის ზომის ნეირონების გროვა. ევოლუციური თვალსაზრისით, ეს მკვეთრი ცვლილებაა, პრელუდია ე.წ. კვანტური ნახტომისკენ, რომელიც შეიძლება მაშინ მოხდეს, როცა სახეობები გაქრობის საფრთხის ქვეშ არიან. 

ჩვენ ევოლუციურ ზღვარზე ვართ. წარსულში უზრუნველვყოფდით საკუთარ გადარჩენას კონკურენტული სახეობების მოკვლით - ან შორეული ნათესავებისაც კი, როგორც ეს ნეანდერტალელების შემთხვევაში მოხდა. ჩვენ ბევრი ცხოველის სახეობა გავანადგურეთ. ახლა შესაძლებელია ახალი ევოლუციური ნახტომი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს სახეობას, რომ გადარჩეს, მაგრამ არ შეიძლება ასეთი ნახტომის გაკეთება ლიმბური ტვინის - ჩვენი მეფე ტირანის არქაული მეთოდების გამოყენებით. ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემოქმედებითი რესურსების მეშვეობით, რომლებიც ჩვენთვის უმაღლესი ტვინიდანაა მისაწვდომი. 

სხვა ტვინი

ჯუნგლები - ხმაურიანი ადგილია, და ამით იგი ინტერნეტისა და სოც-ქსელების ვირტუალურ სამყაროს ჰგავს. უდავოა, რომ მომავალი მათ ეკუთვნით, ვინც ვირტუალურ სამყაროსთან ადაპტირდება, ვირტუალურ ჯუნგლებში ისე იგრძნობს თავს, როგორც საკუთარ სახლში და იცის, როდის უნდა მოახდინოს რეაგირება ფოთლების შრიალზე, და როდის - უბრალოდ გაატაროს. 

ახლანდელი თინეიჯერების თაობა ელექტრონულ სამყაროში გაიზარდა. ისინი კომპიუტერული ტექნოლოიების მეშვეობით ურთიერთობენ მას შემდეგ, რაც ადრეულ ბავშვობაში პირველად შეეხნენ კლავიატურას. დღეს ელექტრონული ფოსტა, მობილური ტელეფონები, ონლაინ-ფორუმები და სოც-ქსელები უმნიშვნელოვანეს კომუნიკაციის არხს ქმნიან იმ ყველაფერთან, რასაც ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელობა აქვს, დაწყებული გლობალური სიღარიბის თავიდან აცილებით და დამთავრებული შაბათ საღამოს მეგობრების შეკრების მოწყობით. დღეიდან ყოველ თაობას მოუწევს, რომ გადაერთოს ვირტუალურ სამყაროსა და გრძნობად სამყაროს შორის ისევე იოლად, როგორც იაგუარი გადაადგილდება ხილულ და უხილავ სფეროებს შორის. 

დედამიწა - კაცობრიობის მშობლიური სახლია, და აქ ჩვენ ვაგებთ პასუხს ყველაფერზე. 

ქაოსიდან მოდის ქმნილება

შამანებს სჯერათ, რომ უძველეს დროში უხილავ სამყაროში ქმნილების გეგმა იქნა შედგენილი. ქაოსი მოწესრიგებულ კოსმოსად იქცა იმ მამაცი არსებების მეშვეობით, რომელმაც ახალი სამყაროები მოიფიქრეს, მსგავსად იმისა, როგორც დღეს გეიმერები ქმნიან ვირტუალურ სივრცეებს. ჩვენი დედამიწა ოცნებიდან რეალობად იქცა ცხოვრებისთვის საჭირო იდეალური პირობებით, მუდმივი ტემპერატურებით ვიწრო დიაპაზონში წყლის გაყინვისა და დუღილის წერტილებს შორის. 

მთელი ცხოვრება დედამიწაზე პირველად ბულიონში დაიწყო, და დღესაც შემოქმედებითი პოტენციალის პირველად ბულიონში აღმოვჩნდით. ჩვენ შეგვიძლია, რომ ქაოსი სილამაზედ და წესრიგად ვაქციოთ. განკურნება - წესრიგის ერთ-ერთი ფორმაა. როცა სხეულში დიდი წესრიგი და ჰარმონია შემოგვაქვს, ავადმყოფობა ქრება, და ვჯანმრთელდებით. 

დღეისათვის ნეირო-მეცნიერებაში დიდი ნახტომია ნეიროპლასტიურობის (ტვინის უნარი შეიცვალოს და ადაპტირდეს, მოახდინოს ახალი ნეირონული კავშირების ფორმირება ჩვენი გამოცდილებისა და გარემოს მოთხოვნების საპასუხოდ) და ეპიგენეტიკის (ცვლილებები გენების ექსპრესიის საშუალებებში) აღმოჩენა. მესამე თავიდან, რომელშიც მეფე-ტირანი გადავაგდეთ, თქვენ უკვე იცით, რომ ჩვენ შეგვიძლია ტვინის გადაწყობა კონკურენციიდან და შიშიდან თანამშრომლობაზე და სიხარულზე.  ხოლო მეექვსე თავიდან - „სუპერფუდები და სუპერდანამატები“ - გახსოვთ, რომ ფიტონუტრიენტებით მდიდარი დიეტის მეშვეობით შეგიძლიათ დააბალანსოთ მიკროორგანიზმები ნაწლავებში, შექმნათ ჯანმრთელობა და გონების სიცხადე და ზემოქმედება მოახდინოთ გენთა ექსპრესიაზე. ამ ცხოვრებაში თქვენ მართლაც შეგიძლიათნ განიცადოთ ახალი სხეული - „ახალი კოსტუმი“, რომელზეც „ბჰაგავად-გიტა“ საუბრობს. ნეიროპლასტიურობა და ეპიგენეტიკა მოწმობენ, რომ არაა აუცილებელი ჩვენც იმით გავხდეთ ავად, რითაც ჩვენი წინაპრები ავადობდნენ, ან მათი რწმენა-წარმოდგენები გავხადოთ სამარადჟამო. შეგვიძლია ფიზიკური კეთილდღეობის, გონების სიმახვილის, სიბრძნის და სიმშვიდის ისეთი მდგომარეობები განვიცადოთ, რომლებსაც ვერც კი წარმოვიდგენდით. 

შინაგანი სიმშვიდის ძიება - ესაა ერთ-ერთი ფუნდამენტალური ადამიანური მისწრაფება. არსებობს ცნობილი ისტორია იმაზე, თუ როგორ მიდის ძენ-ბუდიზმის მასწავლებელთან, ბოდჰიდჰარმასთან მაძიებელი და სთხოვს, რომ დაამშვიდოს მისი სამშვინველი. „მომიტანე შენი სამშვინველი და დავამშვიდებ მას“, - პასუხობს ბოდჰიდჰარმა. „ეს რთულია, - ამბობს მაძიებელი. - მე მრავალი წელი ვეძებდი მას, მაგრამ ვერ ვიპოვე“. ბოდჰიდჰარმამ კი განუცხადა: „აი, ხომ ხედავ, შენი სურვილი სრულდება“.  მაძიებელი ეთანხმება და დამშვიდებული მიდის. 

მაძიებელი აცნობიერებს, რომ სამშვინველი - ჩვენი არსებობის ფუნდამენტური ჭეშმარიტება - არ არის საკუთარი სხეულისგან, საზოგადოებრივი სხეულისგან ან ერთიანი სულისგან განცალკევებული. ის არ არის რაღაც „გარეთ“ არსებული, რისი პოვნაც შესაძლებელია. როგორც ჯოზეფ ქემპბელი ხსნის: „მარადიული არა მხოლოდ ცხოვრობს თქვენში, არამედ თქვენც და ყველაფერი გარშემო - სინამდვილეში არის კიდეც მარადიული. ისინი, ვინც ეს იციან სურვილების ამსრულებელი ხეების ჭალებში ცხოვრობენ, უკვდავების ნექტარს სვამენ და ყველგან მარადიული თანხმობის გაუგონარ მუსიკას ისმენენ“. 

გაიწვდინეთ ხელი და აიღეთ სიცოცხლის ხის ნაყოფი, რომელიც ყოველთვის გვერდითაა!

დანართი - ვქმნით დღეგრძელობის საკუთარ სპას

ჩვენს სპაში „ლოს-ლობოსში“ (ჩილეში) გამოიყენება ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები ახალი სხეულის შექმნისთვის. მე მოგიყვებით ზოგიერთ მოწყობილობაზე, რომლებიც შესაძლოა ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის, და შესაძლოა მათი შეძენაც მოისურვოთ. 

ყველას არ შეუძლია თავს უფლება მისცეს, რომ სახლი იმ სპა-მოწყობილობებოთ აღჭურვოს, რომლებიც ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უწყობენ ხელს. მაგრამ თუ პრაქტიკოსი ფიზიოთერაპევტი ხართ (ან ჯანმრთელობის ისეთი ფანატი, როგორიც მე ვარ), შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი მოწყობილობები სახლის სპა-სალონისთვის ან სამუშაო კაბინეტისთვის. 

გრძელი დიაპაზონის ინფრაწითელი (FIR) საუნა - აუცილებელია. FIR-საუნა გეხმარებათ ანთების შემცირებაში, ცხიმოვანი ქსოვილების დაწვაში, მეტაბოლიზმის და მიტოქონდრიების ფუნქციის გაუმჯობესებაში. მე ორი FIR საუნა მაქვს - კაბინეტში და სახლში. იმ დროს, როცა ჩვეულებრივი საუნა მხოლოდ კანის ზედაპირს ახურებს, FIR-საუნის სხივები კანის ქვეშ აღწევენ სამ სანტიმეტრამდე და ეხმარებიან ადამიანს ენდოგენური ტოქსინებისა და შხამებისგან გათავისუფლებაში. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიციაა თქვენს ჯანმრთელობაში. 

აპარატი ინტერვალური ჰიპოქსი-ჰიპეროქსიალური თერაპიისთვის (IHHT) იწარმოება გერმანიაში კომპანია Cell Gym-ის მიერ. იგი არეგულირებს ჟანგბადის კონცენტრაციას, რომელსაც სახეზე დაფარებული ნიღბის მეშვეობით იღებთ.არსობრივად, ამ მოწყობილობას ყოველ 6 წუთში გადაჰყავხართ სანაპიროდან (ჟანგბადის მაღალი კონცენტრაცია) ევერესტის მწვერვალზე (ჟანგბადის დაბალი კონცენტრაცია, ჰიპოქსია). შედეგად სუსტი მიტოქონდრიები ტქვენს ორგანიზმში ჟანგბადის უკმარისობას განიცდიან და კვდებიან. წყვეტილი ჰიპოქსია ააქტიურებს Nrf2 სასიგნალო გზას, რთავს დღეგრძელობის გენებს და ანტიოქსიდანტების ბუნებრივ გამოყოფას ყოველი უჯრედის შიგნით. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიციაა, რაც კი ოდესმე გამიკეთებია, რადგან ეს თერაპია განაპირობებს ახალი, ჯანმრთელი მიტოქონდრიების წარმოქმნას. ვებ-გვერდი: https://cellgym.de. 

ოზონოთერაპია ევროპელი ექიმების მიერ უკვე ორმოცდაათ წელზე მეტია, რაც გამოიყენება. ოზონი მოქმედებს Nrf2 დეტოქსიკაციის სასიგნალო გზების ჩართვით, ააქტიურებს ანტიოქსიდანტურ ფერმენტებს და თავისუფალი რადიკალების მშთანთქმელებს. ჩვენ ოზონით მკურნალობას რექტალურად, მცირე კათეტერის მეშვეობით ვახდენთ. 100 მლ შპრიცი გაზისმაგვარი ოზონით ივსება. ეს გაზი 3 წუთის განმავლობაში შეჰყავთ ორგანიზმში, შემდეგ პროცედურას ახალი 100 მლ პორციით იმეორებენ. მე ვიყენებ გერმანული მწარმოებლის - Humares-ის მოწყობილობას, რომელიც უკვე მრავალი ათწლეულია მუშაობს სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობების ბაზარზე. თუ მოწყობილობის შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლად აირჩიეთ ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ზუსტ და სუფთა დოზებს უზრუნველჰყოფს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ავადმყოფობების პროფილაქტიკისთვის და ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის. ვებ გვერდი: http://humares.de. 

 

მეგობრებო, თუ გსურთ გამოხატოთ მადლიერება და ხელი შეუწყოთ მსგავსი წიგნების ქართულად თარგმნას, შეგიძლიათ დონაციით (რამდენიც გაიხარდებათ) შეიძინოთ მოცემული წიგნის PDF ვერსია, ან იყიდოთ ჩვენი ბიბლიოთეკის სხვა PDF წიგნები, რომელთა სიაც ტექსტის ბოლოშია:

შესაძენად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ზემოთ-მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700

TBC ბანკი: GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული 

პირადი ნომერი: 35001029103

 

ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 490 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. 

 

 ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.

 ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.

 კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (30 ლარი)

 დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)

 რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)

 დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)

 იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)

 მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)

 კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)

 კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)

 კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)

 კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)

 პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (30 ლარი)

 პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)

 ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)

 ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)

 რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)

 ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)

 ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)

 ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)

 რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)

 დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)

 რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)

 დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)

 ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)

 პარამაჰამსა იოგანანდა - "იოგის ავტობიოგრაფია" (35 ლარი)

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff