თავი მეოთხე - ვათავისუფლებთ ნაწლავურ ტვინს ტოქსინებისგან
ნაწილი მეორე - ვთავისუფლდებით ძველი ჩვევებისგან
თავი მეოთხე. ვათავისუფლებთ ნაწლავურ ტვინს ტოქსინებისგან
გაითვალისწინეთ: ნაწლავებში მეორე ტვინი გაქვთ, რომელიც იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც თავის ქალაში არსებული ტვინი. ეს მეორე ტვინი წარმოადგენს ას მილიონზე მეტი ნეირონისგან შემდგარ ქსელს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება თქვენს თავის ტვინს. ეს ნეირონები ქმნიან ბადისებრ გარსს, რომელიც მთლიანად ფარავს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს - დაახლოებით 9 მეტრის სიგრძის მილს, რომელიც პირიდან იწყება და ანუსით მთავრდება. ეს „ნაწლავური ტვინი“ არ ინტერესდება არც პოეზიით, არც სიყვარულით, არც ფილოსოფიით, არც იმით, არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. მისი მთავარი სამუშაო - საჭმლის ყოველდღიური მონელებაა: საკვების ყოველდღიური დაშლა საკვები ნივთიერებების გამოსაყოფად, ამ ნივთიერებების შთანთქმა და შემდეგ ნარჩენების გამოდევნა. ეს უზარმაზარი სამუშაოა, მაგრამ ამ ნეირონების ენერგია მხოლოდ მონელებასა და გამოდევნაზე არ იხარჯება. ნაწლავები ინფორმაციას ცვლიან თავის ტვინთან ცდომილი (ვაგუსის) ნერვის მეშვეობით, რომელიც მთელ მუცლის ღრუს გაივლის და ატყობინებს თავის ტვინს, რამდენად მშიერი ან მაძღარი ხართ, ასევე გადასცემს თავის ინსტინქტურ შეტყობინებებს.
ნაწლავებში წარმოიქმნება მთელი იმ სეროტონინის 90%, რომელიც ორგანიზმშია. სეროტონინი - ერთდროულად ჰორმონიცაა და ნეიროტრანსმიტერიც. იგი გადამწყვეტ როლს თამაშობს წინა ტვინის განვითარებაში, ნეოკორტექსის, სადაც სწავლა ხდება და სულიერი და მაღალი ემოციები განიცდება, მაგალითად სიყვარული, ან ალტრუიზმის გამოვლინება. სეროტონინი ასევე ხელს უწყობს ნეირონების წარმოქმნას ჰიპოკამპში - ტვინის იმ ნაწილში, რომელიც ახალი გამოცდილების მიღებასა და ათვისებაში გვეხმარება. როცა ტვინის ეს ნაწილი სტრესის ჰორმონებით - კორტიზოლით და ადრენალინით ზიანდება, ჩვენ უკვე ვეღარაფერ ახალს ვეღარ ვსწავლობთ. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში - „ვიყავი იქ, გავაკეთე ეს...“. აღარ შეგვიძლია ახალი შეგრძნებების განცდა, აღარ გვაქვს შთაგონებები, აღმოჩენების გაკეთების, ან შეყვარების უნარი. გინახავთ, როგორ სეირნობს მოხუცებული წყვილი პარკში, და როგორ ნაზად არიან ხელი-ხელჩაკიდებულნი? თქვენ სეროტონინი გჭირდებათ, რომ შეყვარებულობის ეს დონე შეინარჩუნოთ - ყოველ დილით ერთი და იგივე ადამიანის გვერდით გაიღვიძოთ და ყოველ ჯერზე რაღაც ახალი აღმოაჩინოთ.
საღამოს მწუხრის მილევად სინათლეში ჩვენი გირჩისებრი ჯირკვალი სეროტონინს მელატონინად აქცევს, რითაც ტვინს აძლევს სიგნალს, რომ დროა გაუშვას ჩვეული სამყარო და ძილისა და სიზმრების სამყაროს შეუერთდეს. როგორც ჩანს, სეროტონინი ევოლუციურად ყველაზე ძველი და უნივერსალური ჰორმონია. მას პოულობენ მცენარეებში, ცხოველებში, სოკოებში და ბაქტერიებშიც კი. ზოგიერთი მას „კარგი თვითგანწყობის“ ან „ბედნიერების“ ჰორმონს უწოდებს. იგი ქიმიური ანალოგია დიმეთილტრიპტამინისა (დმთ) – „სულის მოლეკულისა“, რომელიც ზემოთ აღვწერეთ. მაგრამ თუ ნაწლავური ფლორა დაზიანებულია, იგი ვერ გამოიმუშავებს სეროტონინს, და თქვენ ვერ შეძლებთ ნეტარების მოლეკულის წარმოქმნას ან რუმის პოეზიით ტკბობას.
დღეს მრავალი დასავლეთელი მკვლევარი იყენებს დმთ-ს როგორც პორტალს სულიერი ტერიტორიისკენ, თუმცა ადრე მხოლოდ შამანები და ადგილობრივი ფსიქონავტები ფლობდნენ მონოპოლიას ცოდნის ამ სფეროზე. “დმთ-ს შეუძლია... ნამდვილად გახსნას თქვენი ეგოს შრეები, - ხსნის მიტჩ შულცი, რეჟისორი დოკუმენტური ფილმისა „დმთ: სულის მოლეკულა“, რომელიც ფსიქიატრ რიკ სტრასმანის პიონერულ კვლევებს ეხება დმთ-სა და სულიერი გამოცდილებების შესახებ. „როცა ეგოს ამ შრეებს აშორებ, იწყებ საკუთარი არსებობის სრულყოფილ გაცნობიერებას. და ჩემთვის ეს რეალურზე რეალურია. უფრო რეალური, ვიდრე ეს ყოველდღიური ჰალუცინაცია, რომელშიც ვცხოვრობთ“.
დიმეთილტრიპტამინის იმ რაოდენობის ზემოქმედებით, რომელსაც გირჩისებრი ჯირკვალი წარმოქმნის, ჩვენ ვერ შევძლებთ მუსიკალური ნოტების „დანახვას“ ან ფსიქოდელიური ხილვის განცდას. თუმცაღა ეს საკმარისია, რომ მთელ ქმნილებასთან კავშირის გამოცდილება განვიცადოთ. სეროტონინის სიჭარბე იმისთვისაა საჭირო, რომ ვიმედიტიროთ, სიყვარულით დავკავდეთ, საკუთარ თავს და სხვებს ვაპატიოთ. ამაში ნაწლავური ტვინის გაჯანსაღება დაგეხმარებათ, რადგან სწორედ მასში წარმოიქმნება სეროტონინი. საკვებში შეუცვლელი ამინომჟავის - ტრიპტოფანის დამატება საშუალებას მოგცემთ, რომ სეროტონინის დონე გაზარდოთ, განწყობა გააწონასწოროთ, უკეთ დაიძინოთ და ხელი შეუწყოთ დმთ-ს გამომუშავებას.
დასავლური მედიცინა იგნორირებას უკეთებს ნაწლავებს
დასავლური მედიცინა მაქსიმალურად ცდილობს, რომ მედიკამენტების და ქირურგიული ჩარევების მეშვეობით შეამციროს ის ზიანი, რომელსაც ჩვენი არაჯანსაღი კვებითი ჩვეევები და უმოძრაო ცხოვრების სტილი იწვევენ. Kaiser Family Foundation-ის მონაცემებით სამოც წელს გადაცილებული ამერიკელების 90% მუდმივად იღებს მინიმუმ ერთ მედიკამენტს. დღეს ათასობით მედიკამენტი გვაქვს, რომლებითაც სიმპტომებს ვმკურნალობთ, მაგრამ თითქმის არცერთი მათგანს არ შეუძლია დაავადებების იმ ძირეული მიზეზების მოგვარება, რომლებიც დისბალანსს და დაავადებებს იწვევენ.
თანამედროვე ცხოვრების დაავადებათა დიდი ნაწილი ნაწლავებიდან იწყება, ამასთან ნაწლავური მიკროორგანიზმების კოლონიის დარღვევები პირდაპირ ზეგავლენას ახდენენ თავის ტვინის ფუნქციონირებაზე. როცა ბიომში მავნე ბაქტერიები ჭარბობენ, ისინი წარმოქმნიან ტოქსინებს, რომლებიც იმუნურ სისტემას ანგრევენ და განწყობას აუარესებენ. თუ მიკრობები არიან უბედურები თქვენს ნაწლავებში, თქვენც უბედური ხართ, ასობით წიგნიც რომ წაიკითხოთ ჯანსაღ ცხოვრებაზე და დღეში მრავალი საათი იოგათიც რომ დაკავდეთ.
თქვენს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების ათიდან თორმეტამდე ფენაა, რომლებიც პასუხს აგებენ თევზის ფილეს, ბროკოლის ან ომლეტის საჭირო ნივთიერებებად და ვიტამინებად გარდაქმნაზე. ყოველი ფენა სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმებისგან შედგება; „სადილის“ შემდეგ პირველი ფენის ბაქტერიები „მოისაქმებენ“ და ამ ნარჩენებით იკვებება შემდეგი ფენა. ყოველი ფენა წინას გამონაყოფით იკვებება, და ასე მანამ, სანამ ყველაზე უკანასნელი ფენა არ „მოისაქმებს“ ამინომჟავებით, ვიტამინებით და მინერალებით, რომლებიც თქვენს სხეულს ზრდისთვის და აღდგენისთვის სჭირდება. ჩვენ ამ კვებითი ჯაჭვის ყველაზე ქვედა საფეხური ვართ!
იფიქრეთ ამაზე, სანამ შემდეგ ჯერზე გაიწევთ მოცვის კექსისკენ ან შაქრით გაჟღენთილი ტკბილეულისკენ . მოეწონებათ თუ არა ეს კერძი თქვენი ნაწლავების ბინადრებს? რადგან სინამდვილეში მათ მოსწონთ უჯრედისით მდიდარი ბოსტნეული, ასევე ცხიმები და ცილები, რომლებიც ადვილად გარდაიქმნებიან ჩვენთვის საჭირო ამინომჟავებად.
ანტიბიოტიკები ეფექტურად კლავენ არასასურველ პარაზიტებს ჩენს ორგანიზმში, მაგრამ ამასთან ერთად ისინი განურჩევლად ანადგურებენ სასარგებლო ბაქტერიებსაც, რომლებიც აუცილებელნი არიან ჩვენი ბიომისთვის. ეს შეტევა მიკროფლორაზე ზიანს აყენებს ჩვენს ნაწლავებს. ანტიბიოტიკების სრულ კურსს შეუძლია ბაქტერიული „ბუტერბროდის“ ხუთი ან ექვსი ფენა გაანადგუროს. ამ შემთხვევაში ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო ორგანული პროდუქტებიც რომ მიირთვათ, მათი მკვებავი ნივთიერებები არ აითვისება, რადგან აღარ არიან ის ბაქტერიები, რომლებიც ამ რთულ საქმეს შეასრულებენ. ხოლო მავნე მიკრობები ამასობაში მდგრადობას იმუშავებენ ანტიბიოტიკების მიმათ და აიძულებენ ექიმებს, რომ უფრო და უფრო მძლავრი მეთოდებით ებრძოლონ მათ, რომლებიც კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებენ მგრძნობიარე მიკროფლორას. ბევრი ფირმა ყიდის პრობიოტიკებს - კარგ ბაქტერიებს - ნაწლავური ბიომის აღსადგენად, მაგრამ მალე გაიგებთ, რატომ თითქმის არ იძლევა მათი მიღება მოსალოდნელ ეფექტს.
მაშინაც კი, თუ დიდი ხანია არ მიგიღიათ ანტიბიოტიკები, მათ შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ თქვენს ნაწლავურ ბიომაზე და მოულოდნელი გზებით შემოაღწიონ თქვენში. იცოდით, რომ ყველა ანტიბიოტიკის 70%-ს, რომელიც აშშ-ში იყიდება, ფერმერები ყიდულობენ? ისინი ამ პრეპარატებით თავიანთ საქონელს კვებავენ, რომელიც შემდეგ თქვენთან ხვდება თეფშზე და ბოლოს თქვენს სხეულში. აი, რატომაა მნიშვნელოვანი ეკოლოგიურად სუფთა ხორცის შეძენა ანტიბიოტიკების გარეშე.
ნაწლავის მიკროორგანიზმები ფრიად გონიერები არიან - ისევე, როგორც ჭიანჭველების ან ფუტკრების კოლონიები. ჩვენს ფლორას სურს, რომ დაიცვას თავისი საზოგადოების ჯანმრთელობა და მავნე უცხოტომელებისადმი ისევე ნეგატიურად არიან განწყობილნი, როგორც ჩვენ. თუ ის ჯანმრთელია, პარაზიტების და ვირუსებისგან შემოტევისგან გვიცავს. ხოლო თუ დაზიანებულია, სალმონელას სულ რაღაც ათ ბაქტერიას შეუძლია გამოიწვიოს ნაწლავური ინფექცია, რის შედეგადაც თქვენი ტემპერატურა იმატებს და ხშირად დარბიხართ ტუალეტში. ასეთივე ინფექციის გაჩენას ძლიერი მიკროფლორის პირობებში კი - მილიონზე მეტი ასეთი ბაქტერია სჭირდება.
დასავლეთში, თუკი შფოთვისგან, დეპრესიისგან ან გონების დაბინდვისგან იტანჯებით, ექიმების ან ფსიქოლოგების უმეტესობა ყურადღებას არ მიაქცევს ბალანსს თქვენს ნაწლავებში სასარგებლო და უსარგებლო ფლორას შორის. გასტროენტეროლოგი კი ნაკლებად დაინტერესდება, ხომ არ განიცდით ფსიქოლოგიურ ან ემოციურ სტრესს. ცოტა ხნის წინ დედაჩემი მივიყვანე ექიმთან, და მან კონსულტაცია ასეთი კითხვით დაიწყო: „რა წამლებს ღებულობთ?“ იმავე დღეს ვეტერინართან მივიყვანე ჩემი ძაღლი და ექიმის პირველი კითხვა იყო: „რას აჭმევთ ძაღლს?“ გადავწყვიტე, რომ თუ ავად გავხდები, ჯობია ვეტერინარს მივმართო!
ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი აზრები, რწმენა-წარმოდგენები და გრძნობები ტვინის ფიზიკურ სტრუქტურაზე ზემოქმედებენ. ასევე ვიცით, რომ ნაწლავები ჩვენს განწყობას არეგულირებენ, და მიკროფლორის დისბალანსს შეძლია დეპრესია და შფოთვები გამოიწვიოს. როგორც კი განაახლებთ თქვენს ნაწლავებს. სუპერპრობიოტიკების მეშვეობით (მეექვსე თავიდან), უფრო გაგიადვილდებათ ჩვევებისა და ურთიერთობების გაუმჯობესებაც.
დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:
• კარგად მძინავს?
• შემიძლია თუ არა გაღვიძების შემდეგ სიზმრები გავიხსენო?
• შემიძლია თუ არა გავაცნობიერო ჩემი სიზმრები და მივხვდე, რომ მძინავს?
• სწრაფად ვსწავლობ?
• ადვილად ვადაპტირდები ახალ სიტუაციებთან?
• შემიძლია თუ არა სამუშაოს სტრესი ოფისში დავტოვო და სახლში არ მოვიტანო?
თუკი ნებისმიერ ამ კითხვაზე პასუხია „არა“, მაშინ ნაწლავების განახლება გჭირდებათ.
ტოქსინები ტვინის მუშაობას აუარესებენ
ჩვენს ნაწლავებში ათასზე მეტი სახეობის სასარგებლო მიკრობია. ერთ-ერთი მეცნიერი მათ „ბაქტერიების რეალურ ზოოპარკს“ უწოდებს. მათი რაოდენობა ათჯერ აღემატება იმ უჯრედების რაოდენობას, რომლებიც შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც „ჩვენი საკუთარი“. როგორც უკვე ვთქვი, მიკრობთა კოლონიებს კანზე, პირის ღრუში და ნაწლავებში არ უყვართ უცხოები, და განსაკუთრებით მათ არ უყვართ მსხვილი პირობითად-პათოგენური სოკოები, როგორებიცაა Candida albicans, რომლებიც განსაკუთრებით სწრაფად შაქრით და ცომეულით კვებისას მრავლდებიან. კანდიდოზური ინფექციები დღეს ფაქტობრივად ეპიდემიად იქცა, და საერთოდ არ ვიცით მათი მკურნალობა.
ნაყოფი დედის საშვილოსნოში თავისუფალია მიკრობებისგან. შემდეგ, როცა სამშობიარო გზებს გადის, ბავშვი მილიონობით ბაქტერიას იძენს, რომლებიც შემდეგ მის ბიომას შეადგენენ. ეს ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომაა ძუძუთი კვება ასეთი მნიშვნელოვანი: დედის რძიდან და კანიდან ახალშობილი სასარგებლო მიკრობებს იღებს, რომლებიც მისი ნაწლავური ფლორის ნაწილი ხდებიან. კიდევ უფრო მეტი მიკრობი ხვდება ნაწლავებში მოგვიანებით, როცა ბავშვი გარესამყაროს კვლევას იწყებს - ფეხის თითებს წუწნის, მშობლებს და შინაურ ძაღლს კოცნის, ასევე ჭუჭყიანი ხელებით იდებს პირში ყველაფერს, რაც ხელში მოხვდება. ჩემმა მეგობარმა მიკრობიოლოგმა ასეთი ვარაუდი გამოთქვა: ადამიანები ერთი მიზნით კოცნიან ერთმანეთს: იმისთვის, რომ ჩვენმა შინაგანმა ბინადრებმა შეამოწმონ, შეეფერებიან თუ არა ისინი ერთმანეთს!
ჩვენი კანის ზედაპირის ფართობი ორ კვადრატულ მეტრზე ცოტა ნაკლებია, ნაწლავების ზედაპირის ფართობი კი ორასოთხმოც კვადრატულ მეტრს უახლოვდება. ეს დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც ჩოგბურთის კორტის მოედანი. მიღებული საკვების მეშვეობით ჩვენი ნაწლავები გამუდმებით ტესტავენ გარესამყაროს. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ გარესამყაროსთან ურთიერთქმედების ძირითადი საშუალება - ნაწლავებია, და არა ხელები, ან კანი და სხვადასხვა გაჯეტები. საჭმლის მომნელებელი ტრაქტი სწორად ვერ იფუნქციონირებს. თუკი მასში საკმარისად მრავალფეროვანი და სასარგებლო ფლორა არ იქნება. ხოლო თუ ანტიბიოტიკებს ვიღებთ, მაშინ მთელ ნაწლავურ ფლორას „ვასუფთავებთ“, როგორც მტრულს, ასევე მეგობრულს. ჩვენ ვანადგურებთ მრავალი ბაქტერიის პოპულაციას, მაგრამ არა Candida სოკოების, რომლებიც შემდეგ ბედნიერად მრავლდებიან.
შემდეგი თავებიდან თქვენ შეიტყობთ, როგორ აღადგინოთ ნაწლავური მიკროფლორა და როგორ მოიშოროთ კანდიდოზის გამომწვევი ფაქტორები იმ პრობიოტიკების გამოყენებით, რომლებიც დამოუკიდებლად შეგიძლიათ სახლში დაამზადოთ.
Candida სოკოების ტოქსიური ზემოქმედება
თითქმის ყველა სამზარეულოს კარადაში იპოვით ტოქსინებიდან ყველაზე სასიკვდილოს - შაქარს. ტიპიური ზრდასრული ამერიკელი წელიწადში თითქმის 70 კგ სუფთა შაქარს მიირთმევს, მაღალი ფრუქტოზას შემცველობის სიმინდის სიროფის ჩათვლით, ასევე საქაროზას შემცვლელებს, როგორებიცაა ასპარტამი, საქარინი და სუკრალოზა. მიღებული შაქრების ძირითადი წყარო დამუშავებული მარცვლეულია. იმ პროდუქტებშიც კი, რომლებსაც ტკბილად არ ვთვლით, მაგალითად კეტჩუპი, არაქისის კარაქი და იოგურტი, ხშირადაა შაქარი ან მისი შემცვლელები. ეს შესანიშნავი ბერძნული იოგურტი, რომელსაც საუზმეზე მიირთმევთ და საოცრად სასარგებლოდ თვლით, შეიძლება უფრო მეტ შაქარს შეიცავდეს, ვიდრე პეპსი-კოლას ქილა. ამიტომ აუცილებელია შეხედოთ პროდუქტების ქიმიური შემადგენლობის სიას და ენერგეტიკულ ღირებულებას, რათა გამოავლინოთ შაქრების ფარული წყაროები!
ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ჩაიში ჯობია შაქრის ნაცვლად მისი შემცვლელი დაამატოს. მაგრამ ხელოვნურ დამატკბობლებს უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლიათ. ხელოვნური ტკბილეული აბნევს თქვენს ტვინს და აიძულებს, რომ ელოდოს საკვებს მაშინაც კი, როცა არც ისე მშიერი ხართ. შედეგად დანაყრებისადმი მიდრეკილებას ნამდვილი შაქრებითა და მარცვლეულით იკმაყოფილებთ, ანუ იმ საკვებით, რომლებიც ნაწლავებში Candida-ს საფუარ სოკოებს კვებავენ და წონის მატებას იწვევენ.
შაქარი ყველა ფორმით (თაფლის გარდა) ასევე აქვეითებს ტვინის ნეიროტროფული ფაქტორის (BDNF) დონეს - ესაა ჰორმონი, რომელიც ააქტიურებს ღეროვანი უჯრედების ზრდას ტვინში და აღადგენს მის მნიშვნელოვან სტრუქტურებს. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ კავშირი დიაბეტსა და ალცჰეიმერის დაავადებას შორის - ძალიან ცხელი თემა ჩვენს დროში - აიხსნება ტიპიური დასავლური დიეტით - შაქრის მაღალი შემცველობით.
ლტოლვა საკვებისადმი - მხოლოდ ფსიქოლოგიური პრობლემა არაა, და ის თავში კი არა, მუცელშია. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ შოკოლადის ტორტს ან ჩიფსებს იმიტომ მიირთმევთ, რომ მათი გემო მოგწონთ, მაგრამ ნამდვილი მიზეზი, რის გამოც პირველი ლუკმის შემდეგ ვეღარ ჩერდებით იმაში მდგომარეობს, რომ ნაწლავებში არსებული Candida სოკოები შაქრების ხარჯზე ცხოვრობენ. იმისთვის, რომ თავიანთი დოზა მიიღონ, ისინი გამოყოფენ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც გაიძულებენ - მოგინდეთ ნახშირწყლები ან შაქრები. როცა ლაბორატორიულ ვირთხებს, რომლებიც კოკაინს მიეჩვივნენ, არჩევანი მისცეს კოკაინიან წყალსა და ტკბილ გაზიან სასმელს შორის, ისინი ყოველთვის გაზიან სასმელს ირჩევდნენ. ტკბილი გემო ტვინში იმავე ცენტრებს აღაგზნებს, რომლებიც ნარკოტიკების მიერ სტიმულირდება, ისეთების, როგორებიცაა ჰეროინი და კოკაინი. ტკბილეული ათავისუფლებს ნეიროტრანსმიტერ დოფამინს, და იწვევს სიამოვნების შეგრძნებას, ამიტომ საჭმელი სასიამოვნო ასოციაციებს იწვევს. უფრო მეტი სიამოვნების მიღების მოლოდინში უფრო და უფრო მეტს მიირთმევთ. ციკლი გრძელდება, და გემრიელ საჭმელზე დამოკიდებული ხდებით. და საკვები პროდუქტების მწარმოებლებმა იციან ეს!
Candida სოკოებს არანაირი სარგებელი არ მოაქვთ ადამიანის ორგანიზმისთვის. მათი სამუშაო მხოლოდ იმაშია, რომ ხელი შეუწყონ თქვენი სხეულის სწორად გახრწნას სიკვდილის შემდეგ, გარკვეული ფერმენტაციის პროცესის შედეგად. ასეთი დახვეწილი მეთოდი მოიგონა ბუნებამ გვამებისგან გასათავისუფლებლად. როცა სხეული იხრწნება, ცილები და ცხიმები იშლება და საკვები ხდება ამ სოკოებისთვის. მაგრამ რატომ უნდა მივცეთ მათ ამის შესაძლებლობა ვადაზე თუნდაც ერთი დღით ადრე?
Candida-ს გადაჭარბებული გამრავლება იწვევს ფეხის ტერფების მიკოზს, ქალებისთვის კი ნაცნობია ვაგინალური ინფექციები, რომლებსაც ეს სოკოები იწვევენ. ექიმების უმეტესობა დღემდე განიხილავს კანდიდოზს, როგორც ლოკალურ პრობლემას, თუმცაღა თავად ფაქტი, რომ მან საშოს მიაღწია ან ფრცხილები დააზიანა ფეხებზე, მიუთითებს მის სიჭარბეზე ნაწლავებში, და თანაც პათოგენური ფორმით. Candida შეიძლება უვნებელ, „კომენსალურ“ მდგომარეობაში იყოს, ან მავნე - სოკოვან მდგომარეობაში. იგივე მიკრობები, რომლებსაც სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ, ხშირად რჩებიან ლორწოვანი გარსის უვნებელ ბინადრებად, სანამ კონტროლიდან არ გამოდიან და კოლონიის ბალანსს არ არღვევენ. გახსოვდეთ: ყოველ ჯერზე, როცა სურვილებს აყვებით და ორცხობილას ყუთს ხსნით, ან მაკარონის პორციას უკვეთავთ, კანდიდას სოკო იგებს ორთაბრძოლას თქვენი ნაწლავებისთვის.
Candida სოკოს დაახლოებით ექვსიათასი გენი აქვს, და ზომაშიც უზარმაზარია ნაწლავების სასარგებლო ბაქტერიებთან შედარებით, რომლებსაც დაახლოებით სულ რაღაც ოცდარვა გენი აქვთ. ანტიბიოტიკები ბაქტერიებს ანადგურებენ, მაგრამ სოკოებზე არ მოქმედებენ. ანტიბიოტიკების კურსის შემდეგ Candida მრავლდება და ხშირად ბიო-ფირებს ქმნის, რომ მათ ქვეშ დაიმალოს. ისინი უფრო უკეთეს უძრავ ქონებას იკავებენ თქვენს ნაწლავებში - უფრო და უფრო მყუდრო აპარტამენტებს და საპარკინგე ადგილებს ეუფლებიან. შემდეგ ცოტა პრობიოტიკს სვამთ იმ იმედით, რომ ის შეავსებს თქვენს ნაწლავურ ფლორას და გააგდებს სოკოს, მაგრამ კანდიდოზი ამ დროს უბრალოდ დაგცინით. წარმოიდგინეთ, რომ შედიხართ ბარში, სადაც შავ ტყავის ქურთუკებში ჩაცმული ბაიკერები ლუდს მიირტმევენ, და ერთ-ერთს „ჯოჯოხეთის ანგელოზებიდან“ თხოვთ, რომ მოშორდეს და ადგილი დაგითმოთ!
იმისთვის, რომ ნაწლავებში კარგი ბაქტერიების ძალაუფლება აღადგინოთ, თქვენ უნდა დაამარცხოთ ანტიგმირი - Candida სოკოები. სანამ მას არ დაამარცხებთ, ყველა თქვენი პრობიოტიკი პირდაპირ კანალიზაციაში მიდის, რადგან მათ უბრალოდ ადგილი არ რჩებათ განთავსებისთვის. ზოგჯერ ექიმები სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს ნიშნავენ: ისინი კლავენ სოკოებს და არ ეხებიან სასარგებლო ბაქტერიებს, მაგამ ეს სხვა პრობლემას ქმნის. მომაკვდავი სოკოები იწყებენ ტოქსინების გამოყოფას, რომლებიც იწვევენ კოგნიტურ დარღვევებს, გრიპის სიმპტომებს, სიცხეს და ზოგჯერ სხეულში ტკივილებსაც. სხეულში მკვდარი სოკოების უზარმაზარი რაოდენობა რჩება. ამას ეწოდება იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია, ანუ კვდომის რეაქცია.
კანდიდოზის საწინააღმდეგოდ ბულარდის საქარომიცეტების გამოყენება
Candida სოკოების საიდუმლო მტერს წარმოადგენს Saccharomyces boulardii (ბულარდის საქარომიცეტები). ესაა საფუარი სოკოების არაპათოგენური, არაკოლონიზაციური შტამი, რომელიც კონკურირებს კანდიდასთან და დევნის მას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან განავალთან ერთად ისე, რომ არ კლავს. ბულარდის საქარომიცეტები შესანიშნავია იმით, რომ ორგანიზმში მხოლოდ ხუთი ან ექვსი დღით რჩებიან, რის შემდეგაც ბუნებრივი გზით გადიან. შესაბამისად კვდომის ეფექტიც არ ჩნდება. მათი მეშვეობით თქვენ ორ კვირაში გაისუფთავებთ საჭმლის მომნელებელ ტრაქტს Candida-ს დიდი ნაწილისგან. მთელი ამ დროის განმავლობაში უნდა მიიღოთ ხარისხიანი მრავალკომპონენტიანი პრობიოტიკი, რათა სასარგებლო ბაქტერიებმა გათავისუფლებული „უძრავი ქონება“ დაიკავონ (მეექვსე თავში კონკრეტულ რეკომენდაციებს ვიძლევი სუპერ-პრობიოტიკებზე).
შესაძლოა არ იცნობთ ბულარდის საქარომიცეტებს, მაგრამ ისინი უკვე 60 წელზე მეტია მშვენივრად ავლენენ თავს პრობიოტიკის სახით. კომპანია „ფლორასტორმა“ აშშ-ში ეს ნივთიერება უკვე თერთმეტ მილიარდზე მეტი რაოდენობით გაყიდა. ეს საფუარი სოკოები აღმოჩენილ იქნა 1923 წელს ანთროპოლოგ ანრი ბულარდის მიერ, რომელმაც ეს შტამი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჩინური ლიჩის და მანგუსტინის ქერქიდან მიიღო.
Saccharomyces ოჯახის მიკროსკოპული სოკოების ერთ-ერთი სახეობა ძალიან ცნობილია - ესაა cerevisiae, ანუ ლუდის საფუარი სოკოები, რომლებიც ლუდის ფერმენტაციისთვის და პურის ასაფუებლად გამოიყენება. ბულარდის საქარომიცეტები იმით გამოირჩევიან, რომ საჭმლის მომნელებელ ტრაქტს კვირაზე ნაკლებ დროში ტოვებენ, და ამასობაში Candida-ს მავნე სოკოებს დევნიან. ბულარდის საქარომიცეტების მიღებით თქვენ ასევე სარგებლობას მიიღებთ მათი მეტაბოლიზმის ძლიერი პროდუქტისგან - მეტაბოლიტებისგან. საფუარისგან მიღებული სხვა მეტაბოლიტების მაგალითი - ლუდია, რომელიც cerevisiae-ს მეშვეობით მიიღება. ვფიქრობ, მეტაბოლიტები ისეთივე მძლავრი და სასარგებლოა, როგორც თავად ბულარდის სოკოები. კვლევების თანახმად, ისინი მკვეთრად ამცირებენ Helicobacter pylori-ს პოპულაციას ნაწლავებში იმ დონემდე, რომლის დროსაც მას არ შეუძლია წყლულოვანი დაავადების ან კიბოს გამოწვევა.
როგორი საოცარიც არ უნდა იყოს ბულარდის საქარომიცეტების ზემოქმედება, უბრალოდ მიიღო რამდენიმე კაფსულა და სასწაულებს დაელოდო - არ გამოვა. მწარმოებელთაგან ძალიან ცოტა თუ ამატებს ამ ნივთიერებას თავის პროდუქტში. მიზეზი იმაშია, რომ იგი მეტეორიზმს და მუცლის შებერილობას იწვევს იმ პაციენტებში, რომელთა რაციონშიც ბევრი შაქარია. თუ თქვენს ნაწლავებში ნამცხვარი მოგზაურობს, ბულარდის სოკოები არ დაიწყებენ კანდიდოზთან ბრძოლას. ამის ნაცვლად ისინი სიამოვნებით მივარდებიან შოკოლადის ნამცხვარს და კარტოფილს, რომელიც ახლახანს მიირთვით ვახშამზე. შედეგად საჰაერო ბუშტივით გაბერილად იგრძნობთ თავს, და უხერხულობის შეგრძნებით აღმოაჩენთ, რომ გაზებს უშვებთ. არ შეიძლება ბულარდის საქარომიცეტების მიღება მაშინ, როცა ორგანიზმში ბევრი შაქარია.
მაგრამ თუკი შაქარზე და დამუშავებულ მარცვლეულზე ორი-სამი დღით უარს იტყვით და შემდეგ მიიღებთ ბულარდის საქარომიცეტებს, ეს კანდიდოზის მოშორების ძლიერი სტრატეგია გახდება. ბულარდის საქარომიცეტები ტოქსიკური არაა, და თუ აივ ინფექცია ან დათრგუნული იმუნიტეტი არ გაქვთ, ისინი არ დარჩებიან სხეულის შიგნით. ამასთან, ისინი თითქმის არასოდეს იწვევენ ფუნგემიას - სოკოვან ინფექციას, რომელსაც საფუარის სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვედრა იწვევს. ბულარდის საქარომიცეტები ზოგჯერ ნაადრევად დაბადებული ბავშვების სამკურნალოდაც გამოიყენება, რადგან ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების, მათ შორის Escherichia coli-ს ზრდას.
ბულარდის საქარომიცეტების ძალა დამოკიდებულია დოზირებაზე. და ამაშია პრობლემა: უმეტესობა შემთხვევებში ეს სოკოები დიეტური პროდუქტების მაღაზიებში იყიდება, ისინი ლაბორატორიაში გამოჰყავდათ და თეთრი შაქრით კვებავდნენ, შემდეგ კი შორ მანძილზე გზავნიდნენ, არასტაბილურ ტემპერატურულ პირობებში. სხვა სიტყვებით, ეს საფუარები უბედურები არიან. გადარჩენილ მიკროორგანიზმებს ღრმად სძინავთ ჟელატინის კაფსულაში, და ყველაზე უკანასკნელი რაც სურთ - მჟავათი სავსე კუჭში გაღვიძებაა. ეს მეომრები ჩვენს ნაწლავებში ნახევრადმძინარენი და მოშიებულები ხვდებიან. ისინი ვერანაირად ვერ მოუგებენ ბრძოლას Candida-ს ტომის ტერორისტებს, რომლებიც მთელი ამ დროის მანძილზე თქვენს შიგნით ქეიფობდნენ და კუნთებსაც იყენებდნენ.
ამ პრობლემას იოლად მოაგვარებთ, თუ ჩვენი რეცეპტით გაზრდით საკუთარ ბულარდის სოკოებს სახლის პირობებში. (რეცეპტი იხილეთ ამ თავის ბოლოში, ასევე რეცეპტების განყოფილებაში). მას შემდეგ, რაც თქვენი საყვარელი ორგანული ხილისგან მიღებული მაღალი ხარისხის შაქრით გამოკვებავთ, ეს საქარომიცეტები გაცილებით უფრო ძლიერები იქნებიან, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი. ისინი შაქრებს ძლიერ მეტაბოლიტებად გარდაქმნიან და ორ-სამ დღეში მზად იქნებიან. როცა ფერმენტაციის პროცესი დასრულდება, საქარომიცეტები პასიურ მდგომარეობაში გადავლენ. ამ მომენტში ისინი მაცივარში უნდა შეინახოთ და ორი კვირის განმავლობაში თითო სუფრის კოვზი უნდა მიირთვათ დილით, საუზმემდე.
შედეგად თქვენ იღებთ ძალიან ცოცხალ ნივთიერებას - მასში ბულარდის საქარომიცეტების მილიარდობით უჯრედია, რომლებიც მზად არიან რომ შეუდგნენ სამუშაოს და განდევნონ Candida თქვენი ორგანიზმიდან. მე ამ საქარომიცეტებს იმ მშვიდობისმყოფელებს შევადარებდი, რომლებიც დაძაბულ რეგიონებში მიდიან და იქიდან მოძალადეებს და ყაჩაღებს დევნიან. იმისთვის, რომ საქარომიცეტები ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის მოამზადოთ, დაიწყეთ მათი თქვენი ხელით დამზადება, და რაციონიდან ყველანაირი შაქარი და მარცვლეული გამორიცხეთ. მიიღეთ ეს საფუარი დილაობით, როცა ნაწლავებში შაქარი არ გაქვთ. ასე აარიდებთ თავს მუცლის შებერილობას.
ენერგეტიკული მედიცინის ჩვენს ცენტრში ჩილეს ანდებში ბულარდის საქარომიცეტების დიდ პორციებს ვინახავთ. ისინი გამოგვყავს სოკოების ბევრი თაობის საფუძველზე, რომელთაგანაც ყოველი ახალი უფრო ძლიერი და ჭკვიანი ხდება ჩვენი ლოცვებისა და კეთილი განზრახვების წყალობით. იყო შემთხვევები, როცა პარაზიტები პაციენტებში ბულარდის ერთკვირიანი კურსის შემდეგ ქრებოდნენ. აზიაში ან ამაზონის ტროპიკულ ტყეებში მოგზაურობისას მე ყოველთვის თან დამაქვს ბულარდის კაფსულები. ისინი არც ისეთი ძლიერები არიან, როგორც სახლში მოყვანილი, მაგრამ მათ შეუძლიათ რამდენიმე საათში შეაჩერონ დიარეა ბავშვებშიც და ზრდასრულებშიც. თუ შეძლებთ, რომ სახლის პირობებში მოამზადოთ ეს პრობიოტიკი, შეძლებთ, რომ მოიშოროთ ჯიუტი Candida-ს სოკოები და მოამზადოთ ნაწლავები ფართო სპექტრის სასარგებლო მიკრობების მისაღებად. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალი სხეულის შესაქმნელად.
როგორ გავუმკლავდეთ გარემოში არსებულ ტოქსინებს?
ტოქსინების ძირითად წილს ჩვენს ორგანიზმში ეკოლოგიური შხამები წარმოადგენენ. ჩვენ აგრესიულად გვიტევენ პესტიციდები, სამრეწველო ქიმიკატები, კონსერვანტები, და ანტიბიოტიკები და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებიც კი, რომლებსაც კანალიზაციაში უშვებენ, და ადრე თუ გვიან ისინი სასმელი წყლის სისტემაში ხვდებიან. დღეისათვის მსოფლიოში 80 000-ზე მეტი სამრეწველო ქიმიკატი გამოიყენება, რომლებსაც ასი წლის წინ არავინ იცნობდა. ნავთობ-პროდუქტების წვას და ნარჩენების უტილიზაციას ჩვენს საარსებო გარემოში კიდევ უფრო მეტი დამაბინძურებელი ნივთიერება შემოაქვს, რომლებიც შედეგად ჩვენს თეფშზე და სასმელ წყალში ხვდებიან, რითაც ტოქსიკურ დატვირთვას ზრდიან.
ჩვენი წინაპრები მნიშვნელოვან წილად იყვნენ დაცულნი ამ პრობლემებისგან. ათასწლეულების განმავლობაში დედამიწა ადვილად ადაპტირდებოდა ადამიანის ჩარევით გამოწვეულ ცვლილებებთან. ჩვენი გავლენა ნიადაგზე და წყალზე უმნიშვნელო იყო და არ აყენებდა ეკოსისტემას მუდმივ ზიანს. საკვები ეკოლოგიურად სუფთა იყო, ნარჩენები კი ადვილად მუშავდებოდა. სახლებსაც ისეთი ნატურალური მასალებისგან ვაშენებდით, როგორებიცაა თიხა და თივა. ჩვენ არ ვაწარმოებდით გენმოდიფიცირებულ საკვებ პროდუქტებს, პლასტმასის ბოთლებს - ათიათასწლიანი დაშლის პერიოდით ან ფრჩხილის ლაქს ფორმალდეჰიდის დამატებით.
მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როცა ისეთი ნივთიერებების მოპოვება დავიწყეთ, როგორებიცაა ტყვია და ვერცხლისწყალი, და ჭარბად ვიყენებდით მათ სახლებშიც და სხეულშიც - საღებავების, ნათურების, სანტექნიკის და კბილის ბჟენების სახით, ბოლო დროს კი დაბინძურებული თევზით და ზღვის პროდუქტებით ვიკვებებით. ვერცხლისწყალი - ცნობილი ნეიროტოქსინია. ტყვიას და ვერცხლისწყალს თავიანთი წვლილი შემოაქვთ ადამიანის განვითარების პრობლემებში, მაგალითად, იწვევენ სწავლის უნარიანობის დაქვეითებას, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომს. ამბობენ, რომ ბრიტანული გამოთქმა - „მექუდესავით შეშლილი“ მიუთითებს ფსიქიკურ აშლილობაზე, რომლითაც XVIII და XIX საუკუნეებში იტანჯებოდნენ ფეტრის ქუდების დამამზადებლები, რადგან ფაბრიკებში ვერცხლისწყლის ორთქლს შეისუნთქავდნენ. ტყვიისა და ვერცხლისწყლის მსგავსი მეტალები ადამიანის ცხიმოვან უჯრედებში გროვდებიან, მათ შორის იმ უჯრედებშიც, რომლებიც ტვინის მოცულობის 60%-ს შეადგენენ.
მძიმე მეტალების გარდა ჩვენს ჯანმრთელობაზე სხვა მრავალი ტოქსინიც ახდენს გავლენას. გასულ საუკუნეში გარემო ადამიანის მიერ შექმნილი მილიარდობით ტონა ქიმიური ნივთიერებით დავაბინძურეთ. ლაბორატორიებში შექმნილი მოლეკულები ყველაფერში არიან: პესტიციდებში, ტანსაცმელში, შამპუნებში, ჭურჭელში დაწვის საწინააღმდეგო ფენით, ელექტრულ მოწყობილობებში პლასტიკურ ბოთლებში, სამრეწველო ქიმიკატებში და წამლებში.
ჩვენ მხოლოდ მწირი ინფორმაცია გვაქვს იმაზე, თუ როგორ ზემოქმედებენ ჩვენზე ეს ნივთიერებები: 80 000 ქიმიკატიდან, რომელთა გამოყენებაც აშშ-შია ნებადართული, მხოლოდ მეოთხედმა გაიარა ტესტირება მათი ადამიანზე ზემოქმედების თვალსაზრისით. მაგრამ ვერცერთ ამ მოლეკულას ზიანის გარეშე ვერ მიიღებს ვერცერთი მწერი ან ბაქტერია ისე, რომ შემდეგ ადამიანის ორგანიზმისთვის ან გარემოსთვის სასარგებლო ნივთიერებად გარდაქმნას. არსებობს მიზეზი, რის გამოც „კარტოფილი ფრი“ სწრაფი კვების რესტორნიდან არ კარგავს თავის ფერს ან ფორმას, მთელი თვეც რომ ეგდოს მანქანის სკამის ქვეშ: არცერთი თავმოყვარე მიკრობი არ დაიჭერს კავშირს ასეთ შხამიან საკვებთან.
სავალალო შედეგები იმაშიც გამოიხატება, რომ ჩვენს მიერ წარმოებული ქიმიკატების უმეტესი ნაწილი გარემოში რჩება. შვეიცარიული ალპების ქალწულებრივი ტბებიც კი სავსეა ნალექით, რომელიც შეიცავს ვერცხლისწყალს, კადმიუმს და ტყვიას - იმ ნარჩენების ელემენტებს, რომლებიც წყალში იქამდე ათწლეულებით ადრე გადაყარეს, სანამ ამ ტოქსიური ნივთიერებების გამოყენება საერთაშორისო კანონებით აიკრძალებოდა. ზოგიერთი ძველი შენობა დღემდე ტყვიის შემცველი საღებავითაა შეღებილი, ბევრი მდინარის ფსკერი კი კანცეროგენული ნივთიერებებითაა დაბინძურებული. ფარმაკოლოგიური პრეპარატები, რომლებსაც სანაგვე ურნებში ვყრით ან კანალიზაციაში ვუშვებთ, ერევიან მიწაში, წყალში და ჰაერში არსებულ ტოქსინებს. აშშ-ში გავრცელებულ ყველაზე გავრცელებულ დამაბინძურებელ ნივთიერებებს ეკუთვნიან ანტიპირენები, რომლითაც სავსეა თითქმის ყველაფერი, რასაც ადამიანი აწარმოებს. ცეცხლგამძლე შემადგენლობა ზედაპირების დასაფარად გამოიყენება, მაგრამ მიკროსკოპული ნაწილაკები ზედაპირს შორდებიან, მტვერს ერევიან და ჰაერში ცირკულირებენ. მკვლევარებმა ანტიპირენები მრავალ იმ პოპულარულ პროდუქტში აღმოაჩინეს, რომლებითაც სავსეა სუპერმარკეტების დახლები, მათ შორის ზეთში და არაქისში. უფრო საგანგაშო ისაა, რომ მათ ანტიპირენი ქალის ძუძუს რძეშიც აღმოაჩინეს.
ეს პრობლემა მხოლოდ ადამიანებს არ გვეხება. ვეშაპები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ჯორჯიის სრუტეში ნაპირზე გამოირიყნენ, ისეთი ოდენობით შეიცავდნენ პქბ-ს (პოლიქლორირებული ბიფენილები - ქიმიური ნაერთები, რომლებიც აშშ-ში 1979 წელს აიკრძალა) და სხვა ტოქსინებს, რომ ეს ცხოველები ჯანმრთელობისთვის საშიშად გამოაცხადეს).
ადამიანის ტვინს არ აქვს ნასწავლი იმ ტოქსინებთან გამკლავება, რომლებითაც უკანასკნელი ასწლეულის განმავლობაში გარემოს ვაბინძურებდით. ბევრმა მკითხველმა ეს ისედაც იცის. მაგრამ თქვენ მაინც აღმოაჩენთ რაღაც ახალს: ეს ნეიროტოქსინები ხელს გვიშლიან, რომ ერთიანობის იმ გამოცდილებას მივაღწიოთ, რომელსაც ასე ადვილად აღწევდნენ ჩვენი პალეოლითელი წინაპრები.
მე ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, რომ ჩვენ დაბადებიდანვე სხეულის ყოველ უჯრედში ვატარებთ ტოქსინებით სავსე ტომარას, რომელიც ცხოვრების განმავლობაში ივსება. ზოგიერთ ჩვენთაგანში ის მეტია, ზოგში ნაკლები. როცა ეს ტომარა კიდემდე ივსება, სხვადასხვა დაავადების სიმპტომები გვიჩნდება. ამ დროს დასავლური მედიცინა ერთვება და პათოლოგიის მკურნალობას იწყებს. მაგრამ საჭიროა რეგულარულად დავცალოთ ეს ტომარა, სანამ დაავადება გაჩნდება. როცა სხეული ტოქსინებითაა სავსე, უჯრედებს არ შეუძლიათ აღდგენა და განახლება. ჩვენ ვერ შევძლებთ ახალი სხეულის შექმნას.
გენმოდიფიცირებული პროდუქტები
გარდა იმ ზიანისა, რაც ხელოვნური ქიმიკატებით მოვიტანეთ, არსებობს კიდევ სხვა, უფრო ვერაგული საფრთხე. იგი მომდინარეობს საკვებიდან, რომელიც ყოველდღე ხვდება ჩვენს თეფშზე. გარკვეული ტოქსიკური გადატვირთვა გამოწვეულია გენმოდიფიცირებული პროდუქტებით. როგორც წესი ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს მენიუში შხამებია. მეცნიერები უფრო და უფრო ხშირად ცვლიან სოფლის მეურნეობის კულტურების დნმ-ს, რათა ისინი უფრო დიდხანს ინახებოდნენ, უფრო გამძლენი იყვნენ დაავადებებისადმი და მავნებლებისადმი, უფრო გამორჩეული გემო და გარეგნობა ჰქონდეთ.
მცენარეებს არ შეუძლიათ თავიანთი მტრებისგან გაქცევა, ამიტომ ბუნებამ ისინი იმ ქიმიური ნივთიერებების სინთეზის მექანიზმით აღჭურვა, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ბუნებრივი ინსექტიციდები მტაცებლების დასაფრთხობად. მაგრამ ხორბლეულის 90%-ზე მეტი, რომელიც აშშ-ში მოყავთ, შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ გენს, რომლის მეშვეობითაც მცენარე უფრო ძლიერ ინსექტიციდს გამოიმუშავებს. თუ მწერები ამ მარცვალს ჭამენ, ისინი მაშინვე კვდებიან. მარცვლოვან და ბამბის კულტურებში ნერგავენ ნიადაგის ბაქტერიის - Bacillus Thuringiensis (Bt) გენს. კვებითი ინდუსტრია გვარწმუნებს, რომ ტოქსინი Bt მხოლოდ უმნიშვნელო საფრთხეს წარმოადგენს ადამიანებისთვის და ცხოველებისთვის, რადგან სწრაფად იშლება კუჭში. მიუხედავად ამისა, თაგვებში, რომლებზეც Bt-ს ზემოქმედება განახორციელეს, მნიშვნელოვანი ცვლილებები აღმოაჩინეს - ალერგიული რეაქციებით დაწყებული და ნაწლავების დაზიანებით დამთავრებული. დღეისათვის Bt-ტოქსინს აშშ-ს წყლების თითქმის 85%-ში პოულობენ. აშკარაა, რომ Bt-ს ქცევა არ ემთხვევა კვებითი ინდუსტრიის წარმომადგენელთა განცხადებებს და დიდია იმის ალბათობა, რომ იგი საკმაოდ მდგრადია და ხანგრძლივად ზემოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე.
კიდევ ერთი კულტურა, რომელიც თითქმის ბოლომდე დაექვემდებარა გენურ მოდიფიკაციას - ესაა სოიო. „მონსანტო“-ს მიერ წარმოებული გენმოდიფიცირებული სოიო ისეა დამუშავებული, რომ შეინარჩუნოს მდგრადობა გლიფოსატის შემცველი პესტიციდების მიმართ. თანამედროვე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიმინდის და სოიოს ტრანსგენურ ცილებს შეუძლიათ თავიანთი დნმ-ის გენები თქვენი ნაწლავების მეგობრულ მიკროორგანიზმებზე გადაიტანონ და კიდევ დიდხანს იმოქმედონ მას შემდეგაც კი, რაც სოიოს ან სიმინდის ჭამას შეწყვეტთ.
ჩვეულებრივ მოვლენად იქცა გენმოდიფიცირებული პომიდორი, გოგრა და შაქრის ჭარხალი. შეცვლილ გენებს არამხოლოდ მცენარეულ პროდუქტებში ვპოულობთ, არამედ სუპერმარკეტების იმ განყოფილებებშიც, სადაც ყველაზე ნაკლებად ველით მსგავს რამეს, მაგალითად - თევზეულის სექციაში. თევზების მრავალ სახეობას ტრანსგენური ხორბლით კვებავენ. ფაქტიურად მაღაზიის დახლების 70%-ზე მეტი გენური ინჟინერიის შედეგად მიღებულ საკვებ ნივთიერებებს შეიცავენ. თუ თქვენს მიერ ნაყიდ პროდუქტზე არაა მკაფიო წარწერა: „ორგანული პროდუქტი, სერთიფიცირებული აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ“, მაშინ თქვენ მონაწილეობას ღებულობთ გენეტიკურ ექსპერიმენტში, რომელიც უპრეცენდენტოა დედამიწის მთელი ისტორიის მანძილზე.
მარცვლოვანთა ტოქსიური ზემოქმედება
თანამედროვე საკვები პროდუქტები სახიფათოა ნაწლავური ტვინისთვის არა მხოლოდ შეცვლილი გენების გამო. მთელ მსოფლიოში იზრდება დაავადებების რიცხვი, რომლებიც გამოწვეულნი არიან საკვებად მარცვლოვნების გამოყენებით. პრობლემა იმაშია, რომ დღევანდელი ხორბალი - ის აღარაა, რასაც ადამიანები თუნდაც 75 წლის წინ მიირთმევდნენ. იმისთვის, რომ შიმშილს გამკლავებოდა საბჭოთა კავშირში, „მწვანე რევოლუციის“ დროს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჯუჯა ხორბლის გვალვისადმი მედეგი მაღალპროდუქტიული ჯიშები გამოიყვანეს. მათში ოცჯერ მეტი გლუტენია, ვიდრე ძველ ევროპულ ჯიშებში (გლუტენი - ესაა ცილა, რომელიც ცომს ელასტიურობას სძენს). ამან შეცვალა იმ პურის შემადგენლობა, რომელსაც მივირთმევთ. სწორედ ამას უკავშირდება ცელიაკიის შემთხვევების მკვეთრი ზრდა - ავტო-იმუნური აშლილობის, რომლის დროსაც გლუტენი ნაწლავურ საფარს აზიანებს. მიუხედავად იმისა, გქონიათ თუ არა ცელიაკია, პრობლემა იმაშია, რომ ჩვენში ყველაში გაიზარდა გლუტენისადმი მგრძნობიარობა.
2000 წელს გასტროენტეროლოგმა ალესიო ფაზანომ და მისმა გუნდმა ხორბალში ცილა ზონულინი აღმოაჩინეს. ეს ნივთიერება არღვევს ნაწლავების ამომფენი უჯრედების მჭიდრო შეერთებებს, რის შედეგადაც საკვების ნაწილაკებს და ნაწლავურ ბაქტერიებს სისხლში მოხვედრა და ადგილობრივი იმუნური რეაქციის გამოწვევა შეუძლიათ, რადგან ნორმაში ბაქტერიები სისხლში არ უნდა მოხვდნენ. როგორც ჩანს ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ზონულინის ამოცნობა და გლუტენისადმი მგრძნობიარე ადამიანებს სისხლში ზონულინის მაღალი დონე აქვთ, თუმცა მათში ცელიაკია არ დიაგნოსტირდება. ფაზანო თვლის, რომ ვერცერთი ადამიანი ვერ ითვისებს გლუტენს ბოლომდე.
ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა იმისთვის არ განვითარებულა, რომ კარგად იფუნქციონიროს მარცვლეულის დიეტაზე. ვიღაც იტანჯება გლუტენური დაავადებით, ვიღაც არა, მაგრამ მწარე სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ყველას გვაქვს გლუტენისადმი აუტანლობა. ეს შესაძლოა იმასთან იყოს დაკავშირებული, რომ მარცვლოვანი კულტურა დიდი ხანი არაა, რაც ადამიანის რაციონში შემოვიდა, ნაწლავური ფლორის ანტიბიოტიკებით დაზიანებამ კი მხოლოდ გაართულა გლუტენის მონელება. ბევრი ჩვენთაგანისთვის მარცვლეული ტოქსიკური გახდა, და მარცვლეულით მდიდარი დიეტა დღემდე ვნებს ნაწლავებს.
როცა ტვინი შაქრებით და მარცვლეულით იკვებება, იგი უბრუნდება გადარჩენის პრიმიტიულ, მტაცებლურ რეჟიმს, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს ემოციებზე და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.
ტოქსინები ჩვენს შიგნით
ყველა ტოქსინი, რომელიც ნაწლავურ ტვინზე ზემოქმედებს, გარედან არ მოდის. ზოგიერთი მათგანს ნაწლავური პარაზიტები გამოყოფენ. ამ ტოქსინებს ენდოგენური ეწოდება, რადგან ორგანიზმში წარმოიქმნება. მიკრობები შთანთქავენ საკვებს და შემდეგ ნარჩენებს ტოვებენ ისევე, როგორც ჩვენ, და ენდოგენურ ტოქსინებს, რომლებსაც ისინი გამოყოფენ, ტვინზე ზემოქმედება შეუძლიათ. ჰენრი ლინმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის ქეკის მედიცინის სკოლის მკვლევარმა ახალი ხედვა გამოიმუშავა იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებენ ნაწლავებში არსებული ტოქსინები ტვინზე. ლინის სიტყვებით, ბაქტერიული დისბალანსი წვრილ ნაწლავში, რომელიც მაშინ წარმოიშვება, როცა ბაქტერიები მსხვილი ნაწლავიდან წვრილში მიგრირებენ და სტერილურ უბანში გადადიან, იწვევენ იმუნური და ნერვული სისტემების რეაქციას, რაც შეიძლება გამოიხატოს უძილობაში, შფოთვაში, დეპრესიაში და კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებაში. სეროტონინის დონე ეცემა. ლინმა საკმაოდ გავრცელებული პრობლემა აღწერა: ჭარბი ბაქტერიული ზირდის სინდრომი (ჭბზს) წვრილ ნაწლავებში აშშ-ში ათასობით ადამიანის პრობლემაა. ამ პრობლემის გადაჭრა ბულარდის საქარომიცეტების და შაქრისგან და სახამებლისგან თავისუფალი დიეტის კომბინაციით შეგვიძლია.
ნაწლავებში მომხდარი ნაწლავებში არ რჩება
ის, რაც ნაწლავებში ხდება, მთელ სხეულზე ზემოქმედებს. ჯანმრთელი ნაწლავები ტრილიონობით სასარგებლო ბაქტერიებითაა სავსე, რომლებიც მონაწილეობენ საჭმლის მონელებაში, ახდენენ ვიტამინების სინთეზს, გვეხმარებიან ანთებითი რეაქციების შემცირებაში უჯრედულ დონეზე. ისინი ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანში იმუნიტეტის შექმნაში და შენარჩუნებაში. ისინი ასწავლიან კიდეც თქვენს იმუნურ სისტემას პათოგენური მიკროორგანიზმების გამოვლენას.
ბუნებამ გადაწყვიტა, რომ სასარგებლო ბაქტერიები ნაწლავებში ბევრად მეტი უნდა იყვნენ, ვიდრე მავნე. თუმცა მარცვლეული და შაქარი ძალიან ხშირად არღვევს თქვენი ფლორის ბალანსს. ჰორმონები, ანტიბიოტიკები და სხვა ქიმიკატები, რომლებიც ხორცში, ქათამში და რძის პროდუქტებშია, ასევე ხელს უწყობენ სოკოების და მავნე მიკრობების გამრავლებას. უფრო და უფრო მეტ ადამიანში დიაგნოსტირდება კოლიტის შინაგანი ფორმა, რომელსაც იწვევს ბაქტერია Clostridium difficile, ანუ C-diff და დაკავშირებულია ანტიბიოტიკების გამოყენებასთან. პაციენტები, რომლებიც ანტიბიოტიკებს იღებენ, 7-10-ჯერ უფრო ხშირად იტანჯებიან ამ დაავადებით წამლების მიღების დროს და შემდგომი თვეების განმავლობაში.
C-diff-ით დაავადებულებს შეიძლება დაეხმაროს ჯანმრთელი ადამიანის ფეკალიების მიღება. ეს საზიზღრად ჟღერს, მაგრამ თუ სერიოზული ნაწლავური ინფექციის გამო თქვენი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, შეიძლება ამის გაკეთება დაგჭირდეთ. ახალი ინგლისის სამედიცინო ჟურნალში 2013 წლის იანვარში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფეკალური ტრანსპლანტატების შეყვანის შედეგად C-diff-ისგან გამოჯანმრთელება 94%-ს აღწევს, მაშინ, როცა მძლავრი ანტიბიოტიკის - ვანკომიცინის გამოყენებით ეს მაჩვენებელი მხოლოდ 34%-ია. შესაძლოა დადგეს დღე, როცა აშშ-ში C-diff კოლიტისგან ყველა განიკურნება. ახლა მათი რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით ნახევარი მილიონია.
ბევრი ჩვენთაგანი არაა იმდენად ავად, რომ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიკროორგანიზმების ასეთი რადიკალური რევიზია სჭირდებოდეს, თუმცაღა ყოველ თანამედროვე ადამიანს აქვს ნაწლავური დისბალანსის სიმპტომები. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ყოველთვის არ ვაკავშირებთ შებერილობას, გაზების წარმოქმნას, სახსრებში ტკივილებს, განწყობის ცვალებადობას, ალერგიას და მსუბუქ დეპრესიას საჭმლის მომნელებელ ფლორასთან.
თუკი უარს ვიტყვით გლუტენზე - დამუშავებულ ხორბალზე, პურზე და მაკარონზე, და განვაახლებთ ფლორას ხარისხიანი პრობიოტიკებით, საჭმლის მომნელებელი სისტემა თანდათან აღადგენს მეგობრული მიკროორგანიზმების კოლონიებს და ამასთან შეზღუდავს მავნე კოლონიების უმეტესობას. ხოლო თუ განვაგრძობთ გლუტენის შემცველი პროდუქტების მიღებას, შედეგი სავარაუდოდ იქნება ანთებითი პროცესები, იმუნიტეტის დაქვეითება და მდგომარეობა, რომელიც ცნობილია, როგორც გაჟონვადი ნაწლავის სინდრომი (Leaky gut syndrome).
თქვენი ფლორა არა მხოლოდ ნაწლავებშია, არამედ პირის ღრუში, ცხვირში და კანზეც. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ბიომის ჯანმრთელობა მთლიანად დავიცვათ, და არა მხოლოდ მისი ცალკეული ნაწილები. ქლორიანი წყლით შხაპის მიღება კლავს კანის სასარგებლო ფლორას, ამიტომ შეარჩიეთ კარგი ფილტრი წყლისთვის მთელ სახლში თუ არა აბაზანაში მაინც. და ფრთხილად იყავით, თუ პირში გამოსავლებ სითხეებს იყენებთ. ზოგჯერ ისინი იმ სასარგებლო ბაქტერიებს აზიანებენ, რომლებიც ღრძილების დაავადებებისგან გვიცავენ.
გაჟონვადი ნაწლავის საფრთხეები
ნაწლავის კედლის სისქე დაახლოებით ერთი უჯრედის სისქეს უდრის, და გლუტენს შეუძლია შეასუსტოს ლორწოვანი გარსის მდგრადობა. თუ ის მეტისმეტად შეღწევადი ანუ „გაჟონვადი“ ხდება, საკვების მოუნელებელი ნაწილაკები ან ბაქტერიები სისხლში ხვდებიან. წარმოიდგინეთ ელასტიური ნაჭრის ბადე, რომელიც გაწელვის შედეგად უფრო „დახვრეტილი“ ხდება როცა სისხლში უცხო ნივთიერებები ხვდება, ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.
გლუტენის ცილას ორგანიზმი ინვაზიურ პარაზიტად აღიქვამს. იგი აუტო-იმუნურ რეაქციას უშვებს, ამინოკინებს და ციტოკინებს ათავისუფლებს, და იმუნური სისტემის ეს ქიმიური შიკრიკები აიძულებენ T-ქილერ უჯრედებს, რომ ნაწლავის ლორწოვან გარსს შეუტიონ. ამის შედეგებია - კვებითი ალერგია, გამონაყარი, ტკივილი სახსრებში და ანთებითი რეაქციები მთელ სხეულში. ამასობაში ღვიძლი და თირკმელები მთელი ძალებით ცდილობენ, რომ სისხლში ტოქსინები გადაამუშავონ. ისინი ძალიან ბევრია, და მათი ნაწილი ჰემატო-ენცეფალურ ბარიერში აღწევს - დამცავ მემბრანაში, რომელიც ტოქსინების შეღწევისგან ტვინს იცავს.
ნაწლავების მომატებული გაჟონვადობის სინდრომის ზეგავლენა ტვინზე შესაძლოა დიდი და ფართო იყოს. როგორც წესი, ჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: თავის ტკივილი, გონების დაბინდვა, ცუდი კონცენტრაცია და მეხსიერების მოკლევადიანი დაქვეითება. მეხსიერებაში ჩავარდნები არცთუ იშვიათად სწორედ არაჰერმეტული ნაწლავების შედეგად ხდება. ზოგიერთი დეპრესიას ან შფოთვებს განიცდის, ზოგი - ჰიპერაქტიური, იმპულსური და ადვილად აგზნებადი ხდება. ტვინზე ტოქსიური ზემოქმედება ბლოკავს უმაღლეს ზონებს, რომლებიც პასუხს აგებენ სიყვარულზე, სილამაზეზე, შემოქმედებაზე და სიხარულზე. ამასთან ვერ გებულობთ, საიდან მოდიან თქვენი უეცარი კაპრიზები, რატომ გავიწყდებათ, სად დადეთ მობილური ტელეფონი, და რატომ გეჩვენებათ სამყარო მტრულად და საშიშად. ამ მდგომარეობაში საერთოდ არ გაქვთ შანსი, რომ ცნობიერების უფრო ხარისხიან მდგომარეობას მიაღწიოთ.
იმისთვის, რომ ნაწლავების ჰერმეტულობის დარღვევა და ტოქსინებით გადატვირთვა თავიდან ავიცილოთ, პირველ რიგში აუცილებელია, რომ რაციონიდან შაქარი და გლუტენი გამოვრიცხოთ, შემდეგ კი სასარგებლო ბაქტერიების მარაგი უნდა შევავსოთ. როგორც ადრე აღვნიშნე, ნაწლავების მეგობრული ფლორის აღდგენა ორსაფეხურიანი პროცესია. თავიდან ტერიტორიას ამზადებთ ბულარდის საქარომიცეტების მეშვეობით, რომლებიც Candida სოკოებს და პარაზიტებს გამორეცხავენ. შემდეგ ხარისხიან პრობიოტიკს იღებთ. იგი უნდა შეიცავდეს მრავალ სხვადასხვა მიკროორგანიზმს და ძლიერი უნდა იყოს - არანაკლებ 50 მილიარდი კწე, ანუ კოლონიის წარმომქმნელი ერთეული (კონკრეტული რეკომენდაციები მეექვსე თავშია მოყვანილი).
შაქრისგან დეტოქსიკაციისთვის საჭიროა რაციონიდან გამოირიცხოს არა მხოლოდ აშკარად ტკბილი პროდუქტები, არამედ დამუშავებული მარცვლეულიც, რომლებიც მყისიერად გარდაიქმნებიან გლუკოზად და სისხლში შაქრის დონეს მაღლა წევენ. მთლიანი მარცვალი, განსხვავებით დამუშავებულისგან, უჯრედისის საკმარის რაოდენობას შეიცავს სისხლში შაქრის სტაბილური დონის შენაჩუნებისთვის. ამიტომ „ახალი სხეულის შექმნის“ შვიდდღიანი პროგრამის დროს უარი უნდა თქვათ ნებისმიერ დამუშავებულ მარცვლეულზე, მისი დასრულების შემდეგ კი ცოტ-ცოტა და ეტაპობრივად შემოიტანოთ რაციონში მთლიანი მარცვლეული. თუ ეს მოთხოვნა მეტისმეტად მკაცრად გეჩვენებათ, გაითვალისწინეთ, რომ დამუშავებული ნახშირწყლების მინიმალური დღიური მოთხოვნა ნულს უდრის.
შაქრის გამორიცხვა გულისხმობს ასევე ისეთი ხილის ამოღებას, როგორიცაა საზამთრო და ქიშმიში, რომლებსაც პეპსიზე უფრო მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვთ. ბოჭკოს მაღალი შემცველობის ხილს და ბოსტნეულს გლიკემიური ინდექსი დაბალი აქვს და გლუკოზის შეწოვას ანელებს, ამიტომ სისხლში შაქრის მკვეთრ მატებას არ იწვევს. სწორი არჩევანი რომ გააკეთოთ, ჯობია გაეცნოთ თქვენი საყვარელი პროდუქტების გლიკემიურ ინდექსებს.
ამის შემდეგ თქვენ გაიგებთ, როგორ ჩართოთ დღეგრძელობის გენები დნმ-ში.
როგორ მოვამზადოთ ბულარდის საქარომიცეტები სახლის პირობებში
ბულარდის საქარომიცეტების საკუთარი შტამის გამოზრდა ძალიან მარტივია. საქარომიცეტები - ესაა ცოცხალი ორგანიზმები, და ისინი თქვენს ფიქრებზე და გრძნობებზე რეაგირებენ. მე მომწონს მათზე კურთხევის წარმოთქმა, თითქოს ლოცვას ვკითხულობ ჭამის წინ.
მას შემდეგ, რაც საქარომიცეტების პორციას მოამზადებთ, შეგიძლიათ ერთი სუფრის კოვზი „დედად“ დატოვოთ შემდეგი პორციისთვის. აი, დამზადების ალგორითმი:
• მოაგროვეთ დაახლოებით ოთხი ჭიქა მწიფე ხილი საკუთარი ბაღიდან ან ხილ-ბოსტნის მაღაზიიდან. ყველაზე მეტად გამოდგება შაქრებით მდიდარი გადამწიფებული მსხალი ან მანგო, რომელიც გამყიდველმა მალე უნდა გაიტანოს დახლებიდან, ასევე გაყინული კენკრა. მე ჟოლოს და მოცვის გამოყენება მიყვარს, მაგრამ ისინი ძალიან მწიფე უნდა იყოს. შეგიძლიათ ვაშლიც გამოიყენოთ, მაგრამ კანი არ უნდა გააცალოთ.
• შეურიეთ ხილი ბლენდერში ერთ ჭიქა წყაროს წყალთან ერთად.
• ოცი წუთის განმავლობაში ხარშეთ ეს ნაზავი დაბალ ცეცხლზე.
• გააგრილეთ ნაზავი სხეულის ტემპერატურამდე, შემდეგ დაუმატეთ ბულარდის საქარომიცეტების ორი კაფსულის შემადგენლობა. იზრუნეთ იმაზე, რომ პრეპარატი მაღალი ხარისხის იყოს. მე პირადად ვამჯობინებ Klaire Labs და Pure Encapsulations მარკებს.
• გადაასხით ნაზავი დიდ ჯამში. ფერმენტაციასთან ერთად ნაზავი მოცულობაში მოიმატებს, ამიტომ ჯამი მინიმუმ ნახევრად ცარიელი უნდა იყოს.
• შედგით ჯამი ღუმელში, მაგრამ არ ჩართოთ. ღუმელის განათებიდან მიღებული სითბო სრულიად საკმარისია ზომიერი ტემპერატურის (36-37 გრადუსი) შესანარჩუნებლად მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში.
• დააკვირდით, როგორ იზრდება და დუღს ნაზავი, და როგორ იქცევა ძლიერმოქმედ წამლად!
ორ-სამ დღეში ბულარდის საქარომიცეტები მთელ შაქარს გადაამუშავებენ. შეგიძლიათ ნაზავს გემო მეორე დღეს გაუსინჯოთ. თუ მასში მოტკბო გემო არ დარჩა, ე.ი. მზადაა. შედეთ ჯამი მაცივარში ორი კვირის განმავლობაში „ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამის დაწყებამდე და მიიღეთ ყოველ დილით საუზმემდე ერთი სუფრის კოვზი, პროგრამის დასრულების შემდეგ კი საჭიროებისამებრ. სპირტის უმნიშვნელო რაოდენობის წყალობით საქარომიცეტების ერთი პორცია შეგიძლიათ მაცივარში ორი კვირით შეინახოთ.