შესავალი - ერთიანი სულის მედიცინის ძღვენი
შექმენი ახალი სხეული
ავტორი: ალბერტო ვილოლდო
მთარგმნელი: მამუკა გურული
წიგნი შეიცავს სხეულის და სულის განკურნების სწრაფად მოქმედ პროგრამას, რომელიც ავტორმა მისი სასიკვდილო ავადმყოფობის პერიოდში შეადგინა და განიკურნა. ალბერტო ვილოლდო ერთდროულად ნეირობიოლოგიცაა და შამანიც. მან გააერთიანა თანამედროვე ნეირომეცნიერებების აღმოჩენები ამაზონის ძირძველი ტომების უძველეს სიბრძნესთან. წიგნში მოცემულია დიეტები, რეცეპტები და პრაქტიკული სავარჯიშოები.
დოქტორ ქრისტიანა ნორტროპის წინასიტყვაობა
ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, დიდი ხნის წინ გავიგე ალბერტო ვილოლდოს ნაშრომებზე და კარგი გამოხმაურებები მსმენია მის შესახებ ჩემი პატივსაცემი კოლეგებისგან, მაგრამ 2016 წლის გაზაფხულამდე ერთხელაც არ ვიყავი ნამყოფი მის გამოსვლებზე და არც მისი წიგნები წამიკითხავს. იმ გაზაფხულზე ერთ-ერთ სატრენაჟორო დარბაზში, ტორონტოს სასტუმროში ვვარჯიშობდი და ვარჯიშის დროს ვუსმენდი ვილოლდოს ინტერვიუს ჩანაწერს, რომელიც გამომცემლობა „ჰეი-ჰაუსის“ საერთაშორისო სამიტზე იქნა ჩაწერილი. იგი ყვებოდა იმაზე, თუ როგორ გადაიტანა სასიკვდილო დაავადება სხვადასხვა პათოგენური მიკროორგანიზმების გამო, რომლებმაც მის ღვიძლში, ფილტვებსა და ტვინში შეაღწიეს. როცა გავიგე, თუ როგორ შექმნა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით თავისი ახალი სხეული, გაოცებული დავრჩი. მაშინვე მივხვდი, რომ მინდა ვისწავლო ამ ადამიანისგან. მან ცეცხლში გამოიარა, მაგრამ საღ-სალამათი დარჩა - აი, ნამდვილი გმირი.
რა თქმა უნდა, მანამდეც ვიცოდი შემთხვევითი და მოულოდნელი რემისიების შესახებ. რამდენიმე პაციენტიც კი მყავდა, რომლებიც მოულოდნელად იკურნებოდნენ სხვადასხვა დაავადებებისგან. მაგრამ არასოდეს მსმენია, რომ ადამიანი აღწერდეს ქვესკნელში ჩასვლის პროცესს, სადაც ფაქტიურად გარდუვალ სიკვდილს ხვდება, და შემდეგ ბრუნდება ამ მოგზაურობიდან დეტალური „სამგზავრო რუკით“, რომელიც მეცნიერული სიზუსტითაა აღწერილი, და უფრო მეტიც - სულიერი შთაგონებით.
ყველაზე მთავარია, რომ ალბერტოს პირადი მოგზაურობის გაკვეთილები და ამის შედეგად შექმნილი გაახალგაზრდავების პროგრამა ყველასთვის აქტუალურია. იგი ამ გზაზე კრიტიკულმა მდგომარეობამ მიიყვანა, მაგრამ თქვენ არ გჭირდებათ ღვიძლის გადანერგვის საფრთხეს, ან რამე უფრო საშიშს შეეჩეხოთ, რომ ეს პროცესი დაიწყოთ. ჭეშმარიტება იმაშია, რომ დაბერების პროცესთან ერთად, აუცილებელი არაა ნაწილებად დავიშალოთ და მწვავე ან ქრონიკულ დაავადებებს შევეგუოთ. ალბერტო ვილოლდო სხვა გზას გვაჩვენებს და მიგვითითებს ძალაზე, რომელიც ყოველ ჩვენგანშია.
ცხადია, რომ თანამედროვე მედიცინა ვერ იქნება წინამძღოლი ამ მოგზაურობაში. იგი ამ გამოცდაში ჩაიჭრა. თანამედროვე სამოცდახუთი წლის ამერიკელი მამაკაცი მის მიერ გამოწერილ ექვს წამალს იღებს მხოლოდ იმისთვის, რომ გადაავადოს თავისი სიკვდილი, მაგრამ ღირსეულად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს მას. რაც შეეხება ალბერტო ვილოლდოს პროგრამას - „შექმენი ახალი სხეული“, მან სრულიად დაამტკიცა თავისი ეფექტურობა. ჩემი გამოცდილებით, ჯერ არავის შეუქმნია ასეთი სრული სახელმძღვანელო, რომელიც დაეხმარება ადამიანს თავისი სხეულის და ცხოვრების გარდაქმნაში. არის რა ერთდროულად მეცნიერიც და შამანიც, ალბერტომ გააერთიანა ტრადიციული დასავლური აზრი და ძირძველი ტომების კულტურა, საუკეთესო მეცნიერული ცოდნა და იმ ადამიანების უძველესი სიბრძნე, რომლებიც უფრო ახლოს არიან თავად დედამიწასთან და ბუნებასთან. სხეულის, გონებისა და სულის არცერთი ასპექტი არ დარჩენილა ყურადღების გარეშე. ამ გვერდებზე წარმოდგენილია ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ.
ალბერტო ვილოლდოს ისტორიამ და მისმა დოკუმენტურად დადასტურებულმა წარმატებებმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე, რომ მის რითრითზე ჩავეწერე ჩილეში, 2018 წლის იანვარში. იქ, პირველყოფილ ბუნებაში, ოც მონაწილესთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მე შესაძლებლობა მქონდა - საკუთარი გამოცდილებით გამეგო, თუ რას ნიშნავს „ახალი სხეულის შექმნა“. სწორედ იქ, ხშირად ვსადილობდი ალბერტოსთან და მის მეუღლესთან - მარსელასთან ერთად და მისი რეკომენდაციები საკუთარ თავზე გამოვცადე.
პროგრამა მოიცავდა ყველა ასპექტს - შამანური სესიებიდან მიკრობიომურ ანალიზებამდე. ვსწავლობდი რა სხვა მონაწილეებთან ერთად, მოწმე გავხდი საოცარი ცვლილებებისა და დავინახე, სულ რაღაც შვიდ დღეში როგორ გაუნათდათ სახე ამ ადამიანებს, როგორ გაუბრწყინდათ თვალები, სიარულის მანერა კი უფრო ცოცხალი და ჯანსაღი გაუხდათ. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველანი გავერთიანდით, ვისწავლეთ ერთმანეთთან სიხარულისა და მწუხარების გაზიარება, ერთმანეთისადმი მეგობრული სილით გავიჟღინთეთ. როგორც პირველაღმომჩენების საერთაშორისო ტომი, ყურადღებით ვსწავლობდით იმ ცოდნას და ტექნიკას, რომელიც ჩვენი დნმ-ის კოდების გასაშიფრად იყო საჭირო, შევძელით ბიოლოგიური საათის გადაწევა და მრავალი წლის მანძილზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპების მოშორება დაგროვილ ტოქსინებთან ერთად - ფსიქიკურ, ფიზიკურ და ემოციურ დონეზე.
როცა ალბერტომ მითხრა, რომ პროგრამა, რომელსაც ჩვენ მივყვებოდით გადმოცემული იყო მის წიგნში - „ერთიანი სულის მედიცინა“, მე შევთავაზე, რომ შეეცვალა სახელი და დაერქმია წიგნისთვის - „შექმენი ახალი სხეული“. თუ გავითვალისწინებთ ქრონიკული დაავადებების ზრდას და ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მთელ მსოფლიოში, ვგრძნობდი, რომ ამ ნაშრომში ყურადღება ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უნდა გაემახვილებინა. ალბერტო მეთოდურად ხსნის, რომ ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ჯანმრთელობის ასაკობრივ გაუარესებას და ქრონიკულ დაავადებებს. ყოველ ჩვენგანს გააჩნია უნარი - შექმნას ახალი სხეული. ამისთვის საჭიროა ნაწლავების და ტვინის დეტოქსიკაცია, დღეგრძელობის გენების აქტივაცია, რათა სიცოცხლის ხანგრძლივობა „ჯანმრთელობის პერიოდის“ შესაბამისი იყოს, „სიკვდილის საათის“ გადაპროგრამება და რაც ყველაზე მთავარია - გონების და გულის გახსნა იმისთვის, რომ არსებობის და აზროვნების ახალი გზა მივიღოთ.
და აი, აღსრულდა! ახლა ხელში გიჭირავთ ჭეშმარიტი მკურნალისა და ვიზიონერის მთელი ცხოვრების ნაშრომი. ეს სიბრძნე ყველას ეყოფა.
მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ „ერთიანი სულის მედიცინის“ და „ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამის უფრო ქმედითი ასპექტი - ესაა ჩვენი ურთიერთობა საკუთარ სულთან. სწორედ ესაა ის ერთიანი სული, რომელზეც ალბერტო ვილოლდო წიგნის პირველ სახელწოდებაში მიუთითებს. იგი ხატოვნად აღწერს პროცესს, რომლის დროსაც ჩვენი სული გარესამყაროში ფიზიკურ რეალობას ისე აორგანიზებს, რომ ზუსტად ირეკლავს ჩვენს აზრებსა და რწმენა-წარმოდგენებს. თუკი გადავწყვეტთ, რომ შევინარჩუნოთ ქცევის ძველი მოდელები, რომლებიც მოგვიწოდებენ, რომ. „დავადანაშაულოთ და დავანამუსოთ“ (რასაც დასავლური კულტურა ყოველ ნაბიჯზე ხელს უწყობს), მაშინ ერთი და იგივე ძველ პროგრამებს ვატრიალებთ ნაცნობ დაავადებებთან ერთად, რომლებიც ჩვენს გვარს თან დაჰყვება, და ცვლილებები არ იქნება. მაგრამ სხვა გზაც არსებობს.
წიგნი „შექმენი ახალი სხეული“ შეიცავს. ძალიან სპეციფიურ, მეცნიერულ და სულიერ ბაზაზე დაფუძნებულ პრაქტიკებს იმ ძველი რწმენა-წარმოდგენებისგან და სტანდარტული ქცევებისგან გათავისუფლებისთვის, რომლებიც ოჯახმა და კულტურამ შთაგვაგონა. ალბერტო ვილოლდო საშუალებას გვაძლევს - გავიგოთ ის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც რეალობად შეიძლება იქცეს. ამ გვერდებზე იპოვით იმ გასაღებებს, რომელთა მეშვეობითაც ბედნიერების, ჯანმრთელობის და სიხარულის უზარმაზარ პოტენციალს გახსნით.
აუცილებელი არაა შამანურ რითრითზე წახვიდეთ, ან საკუთარი სახლიდანაც კი გახვიდეთ იმისთვის, რომ განახორციელოთ თქვენი ბუნებრივი უფლება - დაიწყოთ საოცარი სამუშაო ახალი სხეულის შექმნაზე. უბრალოდ მზად უნდა იყოთ პირველი ნაბიჯის გადასადგმელად. უფლება მიეცით ალბერტო ვილოლდოს, რომ თქვენი გიდი გახდეს. აჩუქეთ საკუთარ თავს ახალი სხეული და ახალი ცხოვრება.
ქრისტიანა ნორტროპი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ავტორი ბესტსელერებისა New York Times ვერსიით - „ქალღმერთები არასოდეს ბერდებიან“ და „ ენერგეტიკული ვამპირისგან თავდაცვა. როგორ ავარიდოთ თავი ტოქსიკურ ურთიერთობებს“.
შესავალი
ერთიანი სულის მედიცინის ძღვენი
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი სხეული. თქვენ ეს იცით, რადგან ერთხელ გააკეთეთ რაღაც მსგავსი. ათი თითი ხელებზე და ათი ფეხებზე, თქვენი სხეულის დახვეწილი სილამაზე - ეს ყველაფერი კვერცხუჯრედიდან და სპერმატოზოიდიდან წარმოიშვა, მიჰყვებოდა რა ზუსტ ინსტრუქციებს. და იმისთვის, რომ ახალი სხეული შექმნათ, მხოლოდ პაროლი უნდა შეარჩიოთ თქვენი დნმ-ისთვის, რათა ხელახლა ჩართოთ იგივე გენეტიკური კოდები.
მე ვიცი, რომ ეს შესაძლებელია, რადგან თავად გავაკეთე ეს.
სწორად გამიგეთ: მე სხვა გზა არ მქონდა. სანამ ეს მოხდებოდა, ყველაფრი კარგად მიდიოდა. ჩემი კარიერის მწვერვალებს მივაღწიე. სამედიცინო ანთროპოლოგი ვიყავი, თორმეტი ბესტსელერი დავწერე და გამოვეცი, სადოქტორო ხარისხი მივიღე ფსიქოლოგიაში, გავხდი მსოფლიოში ცნობილი მასწავლებელი და მკურნალი. ოთხი ქარის საზოგადოება, რომელიც მე დავაფუძნე, იზრდებოდა: ხუთიათასზე მეტმა სტუდენტმა ჩემი ხელმძღვანელობით შეისწავლა ენერგეტიკული მედიცინა, და ბევრი მათგანი თან მახლდა ამაზონსა და ანდებში. და ეს მხოლოდ ის მიღწევებია, რაც ფართო საზოგადოებამ იცის. ჩემს გულთან ახლოა სხვა ძღვენებიც, რომლებიც ამ მოგზაურობებისგან მივიღე, ყველაზე ძვირფასი კი - საყვარელი ქალია, რომელთან ერთადაც ხელი-ხელ ჩაკიდებული მივაბიჯებ სულიერ გზაზე.
როცა მომეჩვენა, რომ ცხოვრების მეტად გაუმჯობესება შეუძლებელი იყო, შეჩერება მომიწია. უეცრად იძულებული გავხდი, გადარჩენისთვის ბრძოლაში ჩავრთულიყავი და ყველა ის ცოდნა გამომეყენებინა, რაც ყველაზე ღირსეულ მკურნალებთან ოცდაათწლიან სწავლაში დავაგროვე. მე განათლებით ნეირობიოლოგი ვარ, მაგრამ ასევე შამანიც ვარ - მკურნალობის თავიანთი მეთოდები სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებისა და მთების ინდიელებმა გამანდეს.
ცხადია, რომ ამაზონიის ტროპიკული ტყეები - „ბევერლი ჰილტონის“ სასტუმრო არაა, და როცა ჩემი გატაცებების შესახებ ვყვები, ადამიანები ხშირად წამოიძახებენ ხოლმე: „თქვენ რა, შეიშალეთ?“ და მე მათი მესმის. შამანის გზა ყველასთვის არაა. მკურნალობის ხელოვნება - მკაცრი, საპასუხისმგებლო და შრომატევადი საქმეა, და ჯუნგლებში გატარებული წლები ძალიან ძვირად დამიჯდა.
მექსიკის სამეცნიერო კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელი ვიყავი, როცა უცებ აღმოვაჩინე, რომ ას ნაბიჯსაც ვერ ვდგამდი ისე, რომ გული არ წამსვლოდა. მეგობრებმა ეს ჩემს გიჟურ გრაფიკს მიაწერეს, მაგრამ ვხვდებოდი, რომ რაღაც საშინელი დამემართა. იქ წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე მაიამიში სრული სამედიცინო შემოწმება გავიარე საუკეთესო სპეციალისტებთან. ანალიზების შედეგები უკვე მექსიკაში მომივიდა, და ისინი სანუგეშო არ იყო. როგორც ჩანდა, ინდონეზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში მრავალწლიანი კვლევითი მუშაობის შედეგად ბევრი პათოგენური მიკროორგანიზმი ავიკიდე, მათ შორის ჰეპატიტის ხუთი შტამი, სასიკვდილო პარაზიტების სამი თუ ოთხი სახეობა და კიდევ ბევრი მავნე ბაქტერია. ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემი ღვიძლი და გული ხათრის გამო მუშაობდნენ, და ტვინიც პათოგენური მიკრობებით იყო სავსე.
როცა გავიგე სიტყვები: „ეს თქვენი ტვინია, დოქტორო ვილოლდო“, - მე სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. ბედის ირონია იმაში მდგომარეობდა, რომ ცოტა ხნით ადრე გამოვეცი წიგნი სახელწოდებით - „ჩართე შენი ტვინი: გასხივოსნების ნეირო-მეცნიერება“. ექიმებმა მირჩიეს, რომ ღვიძლის გადასანერგად რიგში ჩავმდგარიყავი. თეორიულად გულის განკურნებაც შეიძლებოდა, მაგრამ სად მეშოვნა ახალი ჯანმრთელი ტვინი?
კონფერენციის შემდეგ ჩემი მეუღლე - მარსელა ამაზონიაში აპირებდა გაფრენას, რათა ჩვენი ერთ-ერთი ექსპედიციისთვის ეხელმძღვანელა ოთხი ქარის საზოგადოებაში. კან-კუნის აეროპორტის გასამგზავრებელ დარბაზში ვიდექი და ვუცქერდი ვარიანტებს: 15-ე გასასვლელი - რეისი მაიამიში და მთავარი სამედიცინო ცენტრის მონახულება, ან 14-ე გასასვლელი - რეისი ლიმაში და იქიდან ამაზონიაში, სადაც მარსელასთან ერთად ვიქნები, და თანაც იქვეა ჩემი სულიერი ფესვებიც. ანალიზების ყველა შედეგი აჩვენებდა, რომ ვკვდები. ლოგიკური იქნებოდა მაიამის რეისი ამერჩია, მაგრამ სხვა თვითმფრინავში ავედი და ჩემს ადგილზე დავჯექი. როგორც კი სტიუარდესამ სველი პირსახოცი მომაწოდა, პირველყოფილმა ინსტინქტმა მაიძულა, რომ გავმართულიყავი და ძალები მომეკრიბა, რათა მართალი ვყოფილიყავი საკუთარ თავთან: ისე უნდა იცხოვრო, როგორც სხვებს ასწავლიდი ცხოვრებას.
იმ დღეს ჩემს დღიურში დავწერე:
მე ვიცოდი, რომ ჯუნგლებში უნდა წავსულიყავი. წინააღმდეგ შემთხვევაში წამლის ძებნას იქ არ დავიწყებდი, სადაც საჭირო იყო. ახლა საყვარელ ქალთან ერთად ვბრუნდები იმ აყვავილებულ ბაღში, სადაც პირველად მოვიპოვე სულიერი გზა. ამაზონიაში შამანები ხელებგაშლილნი შემეგებნენ და გადამეხვივნენ. ამ ადამიანებთან უკვე არაერთი ათწლეული ვმეგობრობდი. და ვინ მიცნობდა უკეთ, ვიდრე დედა-მიწა? მან მიმიღო ისე, როგორც მხოლოდ დედას შეუძლია მიგიღოს. მთელი სხეულით დავწექი მასზე და ვიგრძენი, როგორ მეუბნებოდა: „კეთილი იყოს სახლში დაბრუნება, შვილო“.
იმ საღამოს Banisteriopsis Caapi-ს ნაყენის (აიაჰუასკას) მეშვეობით რიტუალი ტარდებოდა, რომლის მეშვეობითაც შამანები ხილვებს იწვევენ და პაციენტებს მკურნალობენ. მე მეტისმეტად სუსტად ვიყავი, ამიტომ რიტუალში მონაწილეობა ვერ მივიღე და სახლში დავრჩი მდინარის პირას. მსუბუქ მედიტაციაში ჩავიძირე და შამანის ხმა და სიმღერები მესმოდა მეორე ნაპირიდან, რომლებიც მაშინვე მეხსიერებაში ჩამრჩა.
რამდენიმე საათში მომღიმარი მარსელა დაბრუნდა. დედა-მიწამ ღამით ამ სიტყვებით მიმართა მას: „მე ყველაფერ ცოცხალს სიცოცხლეს და ზრდას ვაძლევ. ალბერტოს ახალ ღვიძლს მივცემ. მან თვითონ იცის, როგორ განიკურნოს ყველაფერი დანარჩენი“. მეორე დღეს ჩემს დღიურში ახალი ჩანაწერი გაჩნდა:
დილის იოგას შემდეგ დღისით-მზისით არსება გამომეცხადა. ეს იყო ქალი, რომელიც მდინარიდან გამოვიდა და ისე ვხედავდი, როგორც სიზმარში. ჩემს გულ-მკერდს შეეხო და მითხრა, რომ მე პაჩა-დედას (pachamama) შვილი ვარ, და შემპირდა, რომ მომხედავდა, რადგან ჩემი სამუშაო დედამიწაზე არ დასრულებულა.
ამაზონიაში დაბრუნება ჩემი განკურნების დასაწყისი გახდა. მაგრამ მანამდე უზარმაზარი სამუშაო მქონდა ჩასატარებელი. მძიმედ ვიყავი ავად. ჩემი ბიოლოგია უნდა „დამეჰაკა“, რათა ჩამერთო გენები, რომლებიც ჯანმრთელობას ქმნიან - მათი მეშვეობით ახალი ტვინის, ახალი გულის და ახალი ღვიძლის გაზრდაა შესაძლებელი. და უნდა შემეხსენებინა საკუთარი თავისთვის: „არანაირი გარანტია არ არსებობს ალბერტო. არსებობს სხვაობა მკურნალობასა და განკურნებას შორის. შესაძლოა ვერ განიკურნო და მოკვდე. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, შენი სული განიკურნება“.
ამაზონიიდან მე და მარსელა ჩილეში გავფრინდით, ენერგეტიკული მედიცინის ჩვენს ცენტრში, აკონკაგუასთან - დასავლეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე მაღალ მთასთან ახლოს. ინკების ენაზე „აკონ-კაგუა“ ნიშნავს „ადგილს, სადაც ღმერთს ხვდები“. ეს სწორედ ის იყო, რაც მჭირდებოდა. დადგა დრო იმ შეხვედრისა, რომელიც ამდენი ხნით გადავდე.
ჩემი სხეული იმ ჯუნგლების და მთების „საგზაო რუკა“ იყო, სადაც ანთროპოლოგად ვმუშაობდი და ვიზიდავდი იმ სასიკვდილოდ საშიშ არსებებს, რომლებიც ჩემს სხეულში ჩასახლდნენ. ჯუნგლები - ცოცხალი ბიოლოგიური ლაბორატორიაა, და თუ იქ საკმარის დროს გაატარებთ, ექსმერიმენტის ნაწილი გახდებით. მე ვიცნობდი სწორედ იმ პარაზიტებისგან გარდაცვლილ ანთროპოლოგებს, რომლებსაც ახლა სხეულით ვატარებდი. სინამდვილეში ამაზონიის ქალწულებრივი ტროპიკული ტყე თავისუფალია დაავადებათა უმეტესობისგან, მაგრამ მისკენ გზაზე უნდა გაიაროთ დასავლური ცივილიზაციის მიერ დანაგვიანებული ბლოკ-პოსტები. ინდიელები ძალიან ბრძენები არიან იმისთვის, რომ თავიანთი ბუდე გააჩანაგონ და სასმელი წყალი დააბინძურონ. მაგრამ თეთრმა ადამიანმა საკუთარი თავის გარშემო ნარჩენები და სიბინძურე გაამრავლა.
სულიერი მედიცინა, რომლის შესახებ ცოდნაც ამაზონიის შამანებმა გადმომცეს, ფრიად ძლიერია, მაგრამ მისი შევსება დასავლური მეცნიერებით იყო საჭირო. ექიმებმა ჰელმინთების საწინააღმდეგო საშუალებები დამინიშნეს - იგივე პრეპარატი, რომლებსაც. ჩემს ძაღლებს ვაძლევ, და ასევე ანტიბიოტიკები სხვა პარაზიტებისგასანადგურებლად. ჩემი ტვინი დუღდა და იწვოდა იმ შხამებისგან, რომლებიც წამლების ზემოქმედებით მიკრობების მასიური განადგურების შედეგად წარმოიქმნენ. ტვინის დეტოქსიკაცია მჭირდებოდა, რათა ჭკუიდან არ შევშლილიყავი.
ბურუსი და ქაოსი ტვინში თვალსაჩინო ხდებოდა, როცა მარსელასთან სკრაბლის თამაშს ვცდილობდი. ეს თამაში ჩემი ფსიქიკური ჯანმრთელობის ბარომეტრი გახდა. სიტყვებს ვერ ვპოულობდი და საკუთარი თავის შეგრძნებას ვკარგავდი. პანიკამ შემიპყრო: „რა მოხდება, თუ დამავიწყდება - ვინ ვარ? რა მოხდება, თუ თვითცნობიერებას დავკარგავ?“. სიგიჟე გამჭოლი მზერით მიმზერდა და მე მას ვხედავდი, ვგრძნობდი, ვსუნთქავდი. ამან დაუფარავი შიში გამოიწვია მთელ ჩემს არსებაში. მაგრამ ბედის ირონიით სწორედ საკუთარი თავის დაკარგვის ამ შიშმა გადამარჩინა: მომდევნო სამი თვე უბრალოდ ვაკვირდებოდა განცდილ შეშლილობას. ბუდისტებს საკუთარი თავის კვლევის მძლავრი პრაქტიკა აქვთ, რომელიც იწყება კითხვით: „ვინ ვარ?“ რაღაც დროის მერე თქვენ ფიქრობთ: „ვინ სვავს ამ კითხვას?“ ამიტომ საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „ვინ იშლება ჭკუიდან?“
დასამალი არსად მქონდა. მე ვხედავდი ამ შეშლილობას; სხვებიც ხედავდნენ ამას. მაგრამ როგორც ყოველთვის, ამ ტკივილს მეორე მხარეც ჰქონდა. უფსკერო უფსკრულის სიღრმეს, რომელშიც ჩემი სული ჩაიძირა, ჩემი სამშვინველის ფრენის სიმაღლე აკომპენსირებდა. შიშის განცდას თან ახლდა ღვთაებრივი სიყვარულის და ერთიანობის თანდათან გამოღვიძებადი შეგრძნების განცდა, რომელიც მანამდე არასოდეს მიგრძვნია.
ჩემს მეგობარ ნევროლოგს, დევიდ პერლმუტერს დავურეკე (თანაავტორს ჩემი წიგნისა - „დამუხტეთ თქვენი ტვინი“). ჩვენ ერთად შევიმუშავეთ სტრატეგია ძლიერი ანტიოქსიდანტებისა და ექსტრემალური კეტოზის (როცა ორგანიზმი საწვავად შაქრის ნაცვლად ცხიმებს იყენებს) გამოყენებით, რათა ჩაგვერთო ნერვული ღეროვანი უჯრედების წარმოქმნის პროცესი ტვინის აღსადგენად. მომდევნო სამი თვის განმავლობაში დავიწყე იმის გაცნობიერება, თუ როგორ წარმოიშობა არაჯანსაღი ემოციებისგან ავადმყოფობები და როგორ განვიკურნოთ ბრაზისა და შიშისგან, რათა ჯანმრთელობა აღვიდგინოთ. ენერგიები ჩნდებოდნენ, მიედინებოდნენ, წინააღმდეგობას აწყდებოდნენ და კვლავ მოძრაობდნენ. დრო ნელა გადიოდა, როგორც მდინარე ქვედა დინებაში, მე კი ამ დინებიდან გამოვედი, რადგან მარადისობასთან უნდა დავმეგობრებულიყავი.
იმ ღამით სიზმარი მესიზმრა:
მეგობრებთან ერთად ვუყურებ ყვავილებით დაფარულ საფლავს. იქ მე ვარ დამარხული. მეგობრები ამბობენ, რომ შემიძლია დავრჩე საფლავში, თუ მომინდება. მაგრამ ვპასუხობ, რომ ეს არ მჭირდება, და ვხედავ, როგორ ამოდის ჩემი სამშვინველი მიწიდან.
მიუხედავად ყველა იმ სულიერი ძღვენისა, რომლებიც სიზმარში მივიღე, სხეული დამტვრეულად გრძნობდა თავს. ცხადად ვხედავდი, როგორ ეჭირა გონებას ბალანსი უფსკრულის კიდესთან. ვიცოდი, რომ არჩევანი მქონდა, და შემეძლო დავრჩენილიყავი სულის სამყაროში. მაგრამ რაღაც ხმა მიმტკიცებდა, რომ ჩემი სამუშაო ჯერ არ იყო დასრულებული. მომიწევდა, რომ ჩვეულ ცხოვრებას დავბრუნებოდი.
თავიდან მკვდართა სამეფო უნდა მომენახულებინა. მესიზმრა, რომ მე და მარსელა ნავსადგურზე ვართ. გარშემო ბევრი მგზავრი ელოდება გემზე დასხდომას. ჩვენ ორს პატარა ნავი გვაქვს, რომელიც მამაჩემს ეკუთვნის. ხალხი გვეხმარება, რომ წყალში ჩავუშვათ იგი. ვიცი, როგორ ვმართო ეს ნავი, მამამ მასწავლა. არა ჩემმა მამამ, არამედ ზეციურმა. ვემზადები, რომ დიდი წყალი საკუთარი ნავით გადავლახო, და არა იმ გემით, რომელზეც ყველა დანარჩენი ადის. მე მკვდართა სამეფოში მივემგზავრები, მაგრამ არა მომაკვდავებთან ერთად. ჩემს შამან მეუღლესთან ერთად მივდივარ.
ახალი მისია გამიჩნდა - ვყოფილიყავი შამანი. მაგრამ მოიცადეთ! ნუთუ დიდი ხნის წინ არ დავთანხმდი ამ გამოწვევას? წიგნიც კი დავწერე ამაზე: „შამანი, ბრძენი, მკურნალი“. სული კიდევ ერთ ცხოვრებას მთავაზობდა ამ ცხოვრების შიგნით. მომიწოდებდნენ, რომ ახალ ცხოვრებაში შემებიჯებინა, საკუთარი მნიშვნელოვანობის შეგრძნების გარეშე, მიწიერი მიღწევების ვერაგი ცდუნებების გარეშე. გარე გარემოებები შესაძლოა იგივენი დარჩენილიყვნენ, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ უნდა შეცვლილიყო.
სრულ გათავისუფლებას ვგრძნობდი. თავისუფალი ვიყავი. იმ ღამით მესიზმრა:
სასუნთქ აპარატზე ვარ შეერთებული და მეგობრები მემშვიდობებიან. ვერც ვინძრევი, ვერც ვლაპარაკობ, მაგრამ ნეტარებაში ვარ. ისინი აპარატს თიშავენ. უნდა მოვიძრო აპარატი, რათა სიცოცხლეს დავუბრუნდე. მესმის, რომ მარადისობის პოვნა ისე შემიძლია, რომ არ მოვკვდე. მილს პირიდან ვიძრობ და ვსუნთქავ. ცოცხალი ვარ.
მივხვდი, რომ აღარ ვიყავი სასიკვდილოდ განწირული, შემეძლო განმეკურნა თავი, რათა სხვებსაც დავხმარებოდი განკურნებაში. როცა ეს არჩევანი გავაკეთე, ვიგრძენი, როგორ ვრცელდებოდა სული მთელს სხეულში. როცა ტვინში ბურუსმა გაფანტვა დაიწყო, აღტაცება და გაოცება დამიბრუნდა. შევიგრძენი ერთიანობა, რომელშიც სიცოცხლე და სიკვდილი ერთმანეთში გადაედინებიან, მე კი უსასრულობაში განვისვენებ.
ჩემი კარგი მეგობარი, მარკ ჰაიმანი, ავტორი წიგნისა - „შეიყვარე სხვა საკვები - გაიუმჯობესე სხეული და ტვინი“, დამეხმარა, რომ შემედგინა კვების გეგმა სხეულის განსაკურნებლად. მე და მარკი დეტოქსიკაციის შვიდდღიან პროგრამებს ვატარებთ სხვადასხვა ეგზოტიკურ ქვეყნებში. მისი გეგმა პირადად ჩემთვის მოიცავდა ახალგაწურულ წვენებს დილაობით, ასევე სუპერფუდებს და დანამატებს, რომლებსაც ღვიძლიდან და ტვინიდან ტოქსინები გამოჰყავთ.
დღეს მე სრულიად ჯანმრთელი ვარ. უფრო ზუსტად - უფრო უკეთაც კი ვარ, ვიდრე ჯანმრთელად, და ახალ ადამიანად ვიქეცი. ჩემი გონება უფრო მაღალ დონეზე ფუნქციონირებს, ვიდრე წინა ათწლეულებში. გული და ტვინი განახლდა. და ახალი ღვიძლი მაქვს - არა ტრანსპლანტატი, არამედ საკუთარი, სრულიად აღდგენილი ღვიძლი. მე შევძელი შემექმნა ახალი სხეული.
ქირურგებმა დიდი ხანია იციან, რომ ადამიანს შეიძლება ღვიძლის 80% მოაჭრა და რამდენიმე თვეში იგი აღდგება. შესაძლოა, ამ ორგანოს რეგენერაციის ეს საოცარი უნარი განპირობებულია ტოქსინებისადმი წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობით, რომლებსაც ჩვენი წინაპრები საჭიროებდნენ ათასწლეულების წინ, როცა ისინი ცდებისა და შეცდომების გზით ადგენდნენ, რომელი ნაყოფები და მცენარეებია საკვებად ვარგისი და რომელი არა.
ღვიძლი ერთადერთი ორგანო არაა, რომელსაც აღდგენა შეუძლია. ყოველ 15 წელში სრულიად ახალი გული გვაქვს. თქვენს ძვლებს 2 წელი სჭირდებათ, ფილტვებს და კანს 2-4 კვირა, ნაწლავები კი 3 დღეში სრულიად აღდგებიან.
გამოჯანმრთელების პროცესში მივხვდი, რომ სხეულის დაბერება მაშინ ხდება, როცა იგი თვითაღდგენის უნარს კარგავს და ავადმყოფი და მკვდარი უჯრედების ჩანაცვლება აღარ ხდება ჯანსაღი უჯრედებით. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუკი მომართავთ თქვენს სხეულს მხოლოდ ჯანსაღი და ცოცხალი უჯრედების წარმოქმნაზე.
საიდუმლო მდგომარეობს ამაზონიის აუზის სამკურნალო მცენარეებში. მე აღმოვაჩინე, რომ ტროპიკული ტყეების ბალახები, რომლებიც უფრო მეტად არიან დაფასებული შამანების მიერ, გვეხმარებიან დნმ-ის დაფარულ ზონებში შეღწევაში და ახალი სხეულის შექმნის ინსტრუქციის აქტივაციაში. მაგრა მხოლოდ ფიტო-ქიმიური ნივთიერებების თვისებები არაა საკმარისი. იქ ჩვენ მხოლოდ ვაღებთ კლიტეს კოდების საცავში. მცენარის მთელი ძალა მხოლოდ იმ სულიერი პრაქტიკების მეშვეობით იხსნება, რომლებიც ამ წიგნშია აღწერილი.
წიგნში სათაურით „დამუხტეთ თქვენი ტვინი“ მე აღვწერე მეცნიერება ნეიროპლასტიურობის შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ღეროვანი ნერვული უჯრედების გამომუშავებას, რომლებიც ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მეშვეობით აღადგენენ ტვინს. ავადმყოფობის დროს გავიგე, რომ ღეროვან უჯრედებს მხოლოდ ტვინი არ წარმოქმნის. მათ სხეულის ყოველი ორგანო გამოიმუშავებს, მაგრამ ამისთვის იმ გენეტიკური გადამრთველების მართვა უნდა ვისწავლოთ, რომლებიც რეგენერაციის პროცესს ჩართავენ. პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედები საშუალებას მოგვცემენ, რომ ახალი სხეული შევქმნათ - უფრო ჯანმრთელი და სიცოცხლისუნარიანი. მე ამ სისტემას ერთიანი სულის მედიცინას ვეძახი, რადგან იგი სულის ძალას საჭიროებს სხეულის განახლებისთვის. მხოლოდ ვიტამინები, დიეტა, საკვები დანამატები და სუპერფუდები ამ ამოცანას ვერ გაუმკლავდებიან. საჭიროა ერთიანობის გამოცდილება, იმ რეალობის გაცნობიერება, რომელშიც ჩვენი განცალკევებულობა ქმნილებისგან და ერთმანეთისგან ილუზიად და გონების ფოკუსად რჩება. ჭეშმარიტების თვალთახედვით - ჩვენ ერთნი ვართ.
ერთიანი სულის მედიცინის ფარგლებში მე ვატარებ პროგრამას - „ვქმნით ახალ სხეულს“, რომელიც დაფუძნებულია ნეირომეცნიერების უახლეს მიღწევებზე. აი, უკვე დაახლოებით ათი წელია ვთავაზობ მათ კლიენტებს ერთკვირიანი რითრითების დროს ოთხი ქარის საზოგადოების ეგიდით. მონაწილეები ჩვენგან განახლებული სხეულით და ტვინით მიდიან. ახალ გამოცემაში ჩემი წიგნისა - „შექმენი ახალი სხეული“ მე მოვყვები იმ პრაქტიკების შესახებ, რომლებსაც რითრითებზე ვასწავლით, მათ შორის სამკურნალო მცენარეების, ასევე სულიერი პრაქტიკების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ ჯანმრთელობა დაგვიბრუნონ და მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში შეგვინარჩუნონ.
ჩემი კრიზისი უფრო სერიოზული იყო, ვიდრე ავადმყოფების უმეტესობას აქვს. მაგრამ სიმართლე იმაშია, რომ ჩვენ ყველანი განუწყვეტელ ბრძოლაში ვართ თანამედროვე ცხოვრების ტოქსიურ ძალებთან, რომლებიც ცდილობენ ჩვენი ჯანმრთელობის და კეთილდღეობის დანგრევას. ამ წიგნიდან მიღებული ცოდნის მეშვეობით თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ იმას, რომ თქვენი „ჯანმრთელობის პერიოდი“ - ანუ დროის მონაკვეთი, როდესაც ოპტიმალურ მდგომარეობაში იმყოფებით, - თქვენი ცხოვრების ხანგრძლივობას გაუტოლდეს.
ჩემს ერთ-ერთ კლიენტს პროგრესირებადი ოსტეოპოროზი დაუდგინეს, მაგრამ ამ „ახალი სხეულის შექმნის პროგრამის“ დასრულებიდან ერთ წელში მისი ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივე 20 წლის ასაკის ადამიანისთვის დამახასიათებელ დონეს დაუბრუნდა. მისი შემთხვევა იშვიათობა არაა. ოსტეოპოროზი 50 წლის ასაკს გადაცილებული ამერიკელების 55%-ს უვითარდება. სრულიად სავარაუდოა, რომ ეს სტატისტიკური მონაცემები დაკავშირებულია დასავლურ „მჟავიანობა-მომატებულ“ დიეტასთან, რომელიც აიძულებს ჩვენს სისხლს, რომ კალციუმი მჟავიანობის ნეიტრალიზაციისთვის გამოიყენოს, და არა ძვლების ფორმირებისთვის. და წამლების უმეტესობა, რომლებიც ოსტეოპოროზთან ბრძოლისთვისაა განკუთვნილი, ვერ ეხმარებიან ავადმყოფებს, ან ისეთი საშინელ თანმდევ ეფექტებს იწვევენ, რომ თავისუფლად შეგვიძლია სახიფათოდ მივიჩნიოთ.
უახლესი კვლევები აჩვენებენ, რომ ჩემს პროგრამაში გამოყენებული და მათი მსგავსი დანამატები ოსტეოპოროზის თავიდან აცილებაში და ძვლოვანი ქსოვილის ძველი სიმკვრივის აღდგენაში გვეხმარებიან. დოქტორმა რომან ტალერმა და მისმა მკვლევარმა კოლეგებმა მაიოს კლინიკიდან აღმოაჩინეს, რომ „საკვებიდან მიღებული ნაერთი სულფორაფანი ეპიგენეტიკურად ასტიმულირებს ოსტეობლასტების აქტივობას და ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის ოსტეოკლასტურ რეზორბციას, რითაც ანაცვლებს ძვლის ჰომეოსტაზის ბალანსს და ხელს უწყობს ძვლოვანი მასის ფორმირებას ან/და in vivo ძვლის რეზორბციის შერბილებას. ამგვარად, სულფორაფანი განეკუთვნება ეპიგენეტიკური ნაერთების ახალ კლასს, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ახალ სტრატეგიებში“.
დიახ, თქვენს სხეულში ახალი ძვლების გაზრდაც კი შეგიძლიათ, და ძვლის ქსოვილის დაკარგული სიმკვრივის აღდგენაც. მეექვსე თავში უფრო მეტს გაიგებთ სოლფორაფანის და სხვა მცენარეული ნივთიერებების შესახებ, რომლებიც ამაში დაგეხმარებათ.
ამჟამად მსოფლიოში შემაშფოთებელი სიჩქარით ვრცელდება ჭარბწონიანობა, დიაბეტი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) და ალცჰეიმერის დაავადება. ყოველ მესამე ბავშვს, რომელიც დღეს აშშ-ში იბადება, თხუთმეტი წლისთვის მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი აქვს. ოთხმოცი წლის მამაკაცებისა და ქალების ნახევარი ალცჰეიმერის დაავადების რისკის ქვეშაა. ალცჰეიმერის სინდრომს მესამე ტიპის დიაბეტს უწოდებენ და უკავშირებენ ხორბლით და შესაბამისად გლუტენით მდიდარ დიეტას, ასევე ტვინის ზედმეტ დაძაბულობას.
დემენციის და დიაბეტის სტატისტიკა გარდუვალთა რიცხვს არ განეკუთვნება: ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ეს ხვედრი თუ ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვრებთ. ფინელმა მეცნიერებმა კოგნიტური უნარების დაქვეითების რისკის ქვეშ მყოფი 1200 ზრდასრული პაციენტი შეისწავლეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ისინი, ვინც მიჰყვებოდა დიეტებს ბუნებრივი, არადამუშავებული პროდუქტებით, რაც მოიცავდა ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთს, ცხიმიან თევზს, სასარგებლო ნივთიერებებით სავსე ხილს და ბოსტნეულს, არამხოლოდ ინარჩუნებდნენ ტვინის ჯანმრთელობას, არამედ აუმჯობესებდნენ მას საკონტროლო ჯგუფთან შედარებით 30%-ით.
პროგრამა „შექმენი ახალი სხეული“, რომელსაც ჩემს რითრითებზე და ამ წიგნში გთავაზობთ, დაგეხმარებათ არა მხოლოდ იმ ავადმყოფობებისგან განკურნებაში, რომლებიც ჩვენი ცივილიზაციის სენს წარმოადგენენ, არამედ უფრო მეტის გაკეთებაშიც. უძველესი ექიმები პროფილაქტიკის ოსტატები იყვნენ. აუცილებელი არაა მძიმე ავადმყოფი იყო იმისთვის, რომ ფიზიკური, ემოციური და სულიერი ტანჯვისგან გათავისუფლება და საკუთარი ცხოვრების ბალანსში მოყვანა დაიწყო. ამ წიგნის პროგრამის გამოყენებით უკვე რამდენიმე დღეში იგრძნობთ თავს უკეთ, ერთი კვირის შემდეგ კი გონების და ტვინის გაწმენდას დაიწყებთ. მყარად დადგებით ახალი სხეულის მოპოვების გზაზე, რომელიც მალე იკურნება და ბუნებრივად ბერდება, ასევე ტვინის, რომელიც სულთან ღრმა კავშირის დამყარებასა და ცხოვრების საზრისის ახლებურად დანახვაში დაგეხმარებათ.
როგორ გამოვიყენოთ ეს წიგნი
ეს წიგნი იმისთვის შევქმენი, რომ ახალი სხეულის შექმნაში დაგეხმაროთ. ახალი სხეულის მეშვეობით ღირსეულად გაივლით ცხოვრების დარჩენილ წლებს. ეს თქვენგან ტვინის განახლებას მოითხოვს - ამის წყალობით შეძლებთ, რომ გაცნობიერებულობის ის მდგომარეობა შეინარჩუნოთ, რომელსაც მე ერთიანობას ვეძახი. ამ პროცესისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, გირჩევთ, იმ თანმიმდევრობით წაიკითხოთ თავები, როგორც აქაა წარმოდგენილი, და გამოიყენოთ შემოთავაზებული დიეტები და სავარჯიშოები მანამ, სანამ კითხვას განაგრძობთ.
ნაწილი პირველი: „საკუთარ თავში შინაგანი მკურნალის აღმოჩენა“ - ვისაუბრებთ ერთიანი სულის მედიცინაზე, ცოცხალი ენერგიის უჩინარ სამყაროზე, რომელიც ინფორმაციას გადასცემს ხილულ გრძნობით სამყაროს. და სულის, როგორც ჰარმონიის შემნარჩუნებელ როლზე. თქვენ გაეცნობით ტირანულ აზროვნებას, რომელიც ადამიანში სოფლის მეურნეობის გაჩენის დღეიდან დაიწყო, და მიხვდებით, როგორ გვითრევს იგი ომში საკუთარ თავთანაც და სხვებთანაც, და თან ანადგურებს ჩვენს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.
ნაწილი მეორე: „ვთავისუფლდებით ძველი ჩვევებისგან“ - აქ აღწერილია მრავალი ბუნებრივი და ენდოგენური ტოქსინი, რომლებსაც ორგანიზმი გამოიმუშავებს, და ახნილია, თუ როგორ გავასუფთავოთ მათგან სხეული და ტვინი. გაიგებთ „მეორე ტვინის“ შესახებ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ასევე იმის შესახებ, თუ როგორ განაახლოთ თქვენი ბიომის სასარგებლო ბაქტერიები, რათა მანამდე მოიშოროთ ტოქსინები, სანამ ისინი სისხლსა და ტვინში შეაღწევენ. გაეცნობით სუპერფუდებს, რომლებიც ხელს უწყობენ ტვინისა და ნაწლავების აღდგენას. გაიგებთ ხორბლეულის და შაქრის ტოქსიკურ ზეგავლენაზე. დაინახავთ, როგორ აზიანებენ ცილოვანი დიეტები ჯანმრთელობას, როგორ გეხმარებათ კეტოზი სასარგებლო ცხიმების დაწვაში და ნერვული ღეროვანი უჯრედების წარმოქმნაში ტვინის „შეკეთებისთვის“ და განახლებისთვის.
ნაწილი მესამე: „სიკვდილის დაძლევა, რომელიც გდევნის“. ამ ნაწილში თქვენ ისწავლით დისფუნქციური ემოციური პატერნების ტრანსფორმაციას, რომლებიც შიშა და ბრაზს ეფუძნებიან, და გაიგებთ იმაზე, თუ როგორ გეხმარებიან განსაკუთრებული საკვები ნივთიერებები ტვინის მუშაობის გაუმჯობესებასა და სტრესთან გამკლავებაში. გაეცნობით მიტოქონდრიებს - უჯრედთა. ენერგეტიკულ ცენტრებს. ისინი ქალური ხაზით გადაეცემა და ქალურ სასიცოცხლო ძალას ავლენენ. გაიგებთ, როგორ გადააადგილოთ უჯრედების „სიკვდილის საათი“ და ჩართოთ დღეგრძელობის ცილები, რომლებიც მიტოქონდრიების მიერ იმართებიან. გაიგებთ, როგორ ზემოქმედებენ ორგანიზმზე თავისუფალი რადიკალები და ანთებითი პროცესები, და როგორ ავიცილოთ თავიდან მათი ზიანი. ასევე გაიგებთ შამანურ ტექნიკებს, რომლებსაც სხეულისა და ტვინის აღდგენა შეუძლიათ.
თავი მეოთხე: „სიმშვიდისგან ხელახლა იბადები“. ეს ნაწილი დაგეხმარებათ აზროვნების ძველი, არაჯანსაღი მოდელებისგან გათავისუფლებაში, რათა განიკურნოთ ერთიანი სულის მედიცინის მეშვეობით. გაიგებთ, როგორ მოიშოროთ წარსულის ჩამყაყებული სცენარები და მოიპოვოთ ახალი, გამათავისუფლებელი პირადი ისტორია. დანაკარგებისა და ცვლილებების შიშის გადალახვით საკუთარი ცხოვრებისეული გზის ახალ საზრისს იპოვით.
ნაწილი მეხუთე: „ახალი სხეულის შექმნის პროგრამა“. ცხოვრებაში განახორციელებთ იმას, რაც ამ წიგნიდან გაიგეთ. ამ გეგმას 7 დღეს დაუთმობთ და ყოველ 3 თვეში ერთხელ გაიმეორებთ მას.
ისწავლით საკუთარ მენიუში და კვების რეჟიმში ცვლილებების შეტანას, რათა კეტოზის მდგომარეობაში შეხვიდეთ და ტვინის ის უბნები გაააქტიუროთ, რომლებიც ერთიანობის განცდის საშუალებას გაძლევენ. ასევე ისწავლით დიეტურ ნეირონუტრიენტებთან მუშაობას - ამ ნივთიერებებს ტოქსინები გამოაქვთ სხეულიდან და ტვინიდან, და ასევე ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის გენებს ააქტიურებენ. და ბოლოს, გაიგებთ, როგორ გაიჯანსაღოთ საკუთარი სული, აღიდგინოთ საკუთარი თავის ცოცხალი და ჯანსაღი ნაწილები, რომლებიც ბავშვობის ტრავმების გამო დაკარგეთ.