თავი მეთერთმეტე - მოგზაურობა ღვთაებრივი ქალურობისკენ: სიკვდილის შიშთან პირისპირ დადგომა და ქალღმერთთან შეხვედრა
ღვთაებრივი დედა, ქალური საწყისის სიმბოლო, ყველა კულტურაში გვხვდება და ვლინდება, როგორც მარიამი, კალი ან გუანინი, და თავად სიბრძნეც კი - ყველა ბუდას დედა. ჩვენი განზრახვაა შევხვდეთ ღვთაებრივ ქალურობას თავის საკუთარ სამყოფელში - მდიდარ, ბნელ შინაგან სამყაროში, რომელშიც მივდივართ, როცა სიკვდილს ვხვდებით. ეს მოგზაურობა დაკავშირებულია დასავლეთის მიმართულებასთან მაგიურ წრეზე - იაგუართან და მომაკვდავი მზის ადგილთან.
როცა ღვთაებრივ ქალურობას ჩვეულებრივ სამყაროში ვხვდებით, აღტაცებულნი და მოხიბლულნი ვრჩებით. მამაკაცი ქალღმერთს ხედავს იმ ქალში, რომელიც შეუყვარდება - სანამ ეს ქალი ცხოვრებას არ გაუფუჭებს. როცა თავად ქალები ხვდებიან ღვთაებრივ ქალურობას ამ სამყაროში, ხშირად მის იდეალიზებას ახდენენ, ან შურთ, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავში დაინახონ მისი სილამაზე და ძალა.
აქტეონისა და ნადირობისა და მთვარის ქალღმერთ არტემიდას (დიანას) შესახებ ბერძნული მითი გვაჩვენებს, თუ რა შეიძლება მოხდეს, როცა მოულოდნელად ღვთაებრივ ქალურობას შევხვდებით. ერთხელ აქტეონი მეგობრებთან ერთად სანადიროდ იყო წასული. ყველა დასასვენებლად გაუშვა, თვითონ ტყეში წავიდა სასეირნოდ და მიადგა ფიჭვებისა და კვიპაროსების ველს, სადაც კამკამა ნაკადული ტბაში ჩაედინებოდა. თვალწინ საოცარი სურათი წარმოუდგა: მშვენიერი დიანა შიშველი იდგა და მას ნიმფები ბანდნენ. ქალღმერთს თავისი შუბი, მშვილდი და ისრების კაპარჭი ქვიშაზე, სანდლებისა და მოსასხამის გვერდით დაეტოვებინა. როცა ნიმფებმა აქტეონი დაინახეს, სასწრაფოდ სცადეს, რომ საკუთარი შიშველი სხეულებით გადაფარებოდნენ დიანას, რათა ღვთაებრივი ფორმა ახალგაზრდა მოკვდავის ხორციელი მზერისგან დაემალათ. მაგრამ ქალღმერთი ნიმფებზე მაღლა იდგა და ამაყად, მთლიანი სხეულით გამოეცხადა მონადირეს. შემდეგ სახეში წყალი მიასხა და უთხრა: „ახლა შეგიძლია თქვა, რომ შიშველი დიანა ნახე“.
ამ სიტყვების შემდეგ აქტეონს თავზე რქები ამოუვიდა, დაკუნთული კისერი დაუგრძელდა და ბეწვით დაეფარა, ხელები ფეხებად გადაექცა, ხელისგულები კი - ჩლიქებად. იგი პანიკაში გაიქცა გაკვირვებული იმით, თუ რა სწრაფად შეეძლო სირბილი. მაგრამ როცა შესასვენებლად წყალთან. გაჩერდა და მისკენ დაიხარა, საკუთარი ანარეკლი იხილა და მიხვდა, რომ ირმად გადაქცეულიყო. ამ მომენტში მაშინვე ყეფის ხმა გაისმა: მისმა საკუთარმა ძაღლებმა მისი კვალის სუნი აიღეს. შეშინებული გაიქცა, მაგრამ სწრაფი ძაღლები დაეწივნენ. აქტეონმა მათთვის სახელებით დაძახება სცადა, მაგრამ ყელიდან მხოლოდ უცნაური ხორხისმიერი ბგერა აღმოხდა. ძაღლებმა წააქციეს, მუცელი გამოფატრეს და შიგნეულობა გამოგლიჯეს.
აქტეონის ირმად გადაქცევით, რომელიც მამაკაცური ვაჟკაცობის და ძალის სიმბოლოა, ქალღმერთი ანხორციელებს ადამიანის ყველაზე ველურ ფანტაზიას - ნაყოფიერი ხვადის, ადამიანური რქოსანი ღმერთის. ძველ პალეოლითურ ხელოვნებაში შამანები გამოსახულნი იყვნენ, როგორც რქოსანი არსებები. ამის მაგალითია ჯადოქარი-შამანი ცნობილ გამოქვაბულის მხატვრობაზე ტრუა-ფრერში, საფრანგეთის არიეჟის დეპარტამენტში. დღესაც წმინდად მამაკაცურ შეკრებებს „Stag Parties” (ხვადი ირმების წვეულებებს) ვუწოდებთ (რუსულად „мальчишник“, მთარგმნ. შენიშვნა). ამავდროულად, ქალღმერთი წარმოდგენილია, როგორც ყველა სურვილის შემსრულებელი - თუნდაც ჩვენი ყველაზე ღრმა, არაცნობიერი სურვილების, რომლებიც, თუ ფრთხილად არ ვიქნებით, შესაძლოა ჩვენთვის დამღუპველნიც აღმოჩნდნენ.
შეხვედრა იაგუართან
მზე დასავლეთით ჩადის, რის შემდეგაც ჯუნგლებში ღამის კაკაფონია იწყება. სიბნელეში ჩუმად მოძრაობს გლუვი შავი კატა. იაგუარი - ესაა ღვთაებრივი ქალურობის ძალიან ძლიერი სიმბოლო. წვიმიან ტყეში მტაცებლების არარსებობის გამო იაგუარი თავისუფალია შიშისგან. ის ჯუნგლებისგან მხოლოდ იმდენს იღებს გამოსაკვებად, რამდენიც სჭირდება, და მეტს არაფერს. ის არ კლავს სიხარბის ან სპორტის გამო, ან იმის შიშით, რომ საკვები მარაგი ამოიწურება. ის არ ცდილობს გახდეს უფრო მეტი, გააკეთოს მეტი, ან მიაღწიოს მეტს, რაიმეს დასამტკიცებლად. იაგუარი ნადირობს, გარემოს იკვლევს, მხოლოდ საჭიროებისამებრ ძინავს და წონასწორობაში ცხოვრობს.
ძირძველი ტომებისთვის, რომლებიც აშშ-ს სამხრეთ დასავლეთში, მექსიკის ჯუნგლებში და ანდების მთებში ბინადრობდნენ, იაგუარი ერთიანი სულის მედიცინის გარდამქმნელ ძალას წარმოადგენს - ისევე, როგორც კვერთხი ორი ურთიერთდახვეული გველით და არწივის ფრთებით, კადუცეი, - წარმოადგენს განკურნების სიმბოლოს დასავლურ მედიცინაში. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ იაგუართან მექსიკელ ოლმეკებს, რომლებიც ამერიკის ყველაზე ადრეულ ცივილიზაციას წარმოადგენენ. ამ შესანიშნავი კატის გამოსახულება ყველგანაა ოლმეკების კულტურაში, და ხშირად ვხედავთ ნახევრად-ადამიანის და ნახევრად-იაგუარის ფიგურებსაც.
მაიას ინდიელებისთვის იაგუარი სიკვდილ-სიცოცხლის წრებრუნვაში სიკვდილის როლის მიღების სიმბოლოა. ესპანელების მიერ დაპყრობამდე მაიას ხალხი თავიანთ ქურუმებს ბალამებს უწოდებდა. „ბალამი“ მაიას ენაზე „იაგუარს“ ნიშნავს და მიანიშნებს, რომ ადამიანმა სიკვდილის მიღმა სფეროებში იმოგზაურა. იგი მიწისქვეშა სამეფოში ჩავიდა, სიკვდილის შიში დაამარცხა და უკვდავების ელექსირით დაბრუნდა. ღვთაებრივი ქალურობისკენ მოგზაურობაში ჩვენ იაგუარის სიბრძნეს განვახორციელებთ, უცნობისადმი შიშისგან ვთავისუფლდებით და გვჯერა, რომ თუ ჩვენში რაღაც მოკვდა, ეს ნიშნავს, რომ განახლება გვჭირდებოდა ყოველი ცოცხალის სასიკეთოდ. სიცოცხლის და სიკვდილის ციკლი ჰარმონიას აღადგენს. სიცოცხლის ყოველი ფორმა ვლინდება, როგორც ბუნებრივი წონასწორობის ნაწილი.
ჩვენთვის იაგუარის ფიცი - ესაა პირობა, რომ თავი ისე ვიგრძნოთ, როგორც საუთარ სახლში, როგორი საფრთხეც არ უნდა იყოს ჩვენს გარშემო. იაგუარი გვეხმარება შინაგანი უშიშარობის აღმოჩენაში, და ასეთი ცხოვრება ყველაფერს გვთავაზობს, რაც ჯანმრთელობისთვის და სულიერი სიმშვიდისთვის გვჭირდება. იგი გვაძლევს თავდაჯერებას, რომელიც გვეხმარება, რომ ზღვარს გავცდეთ და თამამად შევისწავლოთ უცნობი, არ ჩავეჭიდოთ ჩვეულ გამოცდილებას და ვიცოდეთ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ, მივყვებით რა საკუთარ ცხოვრებისეულ მიზანს. იაგუარის წამალს წონასწორობა და საღად აზროვნება მოაქვს - მაშინაც კი, თუ გვეჩვენება, რომ სამყარო ჩვენს გარშემო შეიშალა. ამის წყალობით ძალა და ჯანმრთელობა გვიბრუნდება.
თუ იაგუარს ენდობით და მას საკმარისად შორს გაჰყვებით, იგი ქალღმერთის სამეფოში მიგიყვანთ, და მისგან პირდაპირ მიიღებთ სიბრძნეს. შესაძლოა განგიცდიათ რაღაც მსგავსი, როცა ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის შემდეგ აღდგენის პროცესში იყავით - ესაა მადლიერების ღრმა გრძნობა იმისთვის, რომ კვლავ ჯანმრთელი ხართ და მოძრაობა შეგიძლიათ. თუ გაგიგიათ ვინმესგან სიტყვები: „ჩემმა კიბომ გადამარჩინა“, მაშინ გაიგებთ, რას ვგულისხმობთ. ამ დროს ადამიანმა არა მხოლოდ ჯანმრთელობა აღიდგინა, არამედ ცხოვრებაში ახალი მიმართულება იპოვა, რომელიც აზრით და სიბრძნითაა აღსავსე.
თუ მაგიურ წრეზე ამ ნაბიჯს გადადგამთ, შეხვდებით ქალღმერთს და იხილავთ სიკვდილის შიშს - შეძლებთ, რომ იაგუარის მსგავსი გახდეთ, ანუ იცხოვროთ შემოქმედებითად, გრაციოზულად, დატკბეთ ჯანმრთელობით და სულიერი წონასწორობით. თუ საკუთარ მარადიულ ბუნებას აღმოაჩენთ, სიკვდილსაც კი დაამარცხებთ, მსგავსად უძველესი მაიას სიბრძნის მცველებისა.
იმისთვის, რომ სიკვდილზე გამარჯვების კონცეფცია გავიგოთ, დავაკვირდეთ შორეული წარსულის ამერიკელი ინდიელების ფილოსოფია. ისევე, როორც ბევრ სხვა ხალხს, მათაც სჯეროდათ, რომ ჩვენში არის ერთგვარი არსი, რომელიც სიკვდილის შემდეგ არ ქრება. განსხვავდებით თანამედროვე რელიგიისგან, რომელიც სულის მარადიულ უკვდავებაზე საუბრობს, ძველ შამანებს მიაჩნდათ, რომ უკვდავება - ეს უბრალოდ თესლია, პოტენციალია, რომელსაც ყველანი ვფლობთ. აუცილებელია მისი გამოღვიძება და მისთვის ძალის მინიჭება, რათა უზრუნველვყოთ ცნობიერების უწყვეტობა სიკვდილის შემდეგ. ამიტომ თავი უნდა მივუძღვნათ სულიერ პრაქტიკას, რათა ვისწავლოთ, „როგორ წავიდეთ ცხოვრებიდან ცოცხლები“, როგორც ამაზონიის შამანები ამბობენ.
მაიას ინდიელებმა ამ პროცესს საკუთარ თავში იაგუარის სხეულის გამოღვიძება უწოდეს. ბალამი ქურუმები, რომლებიც ამ ოსტატობას ფლობდნენ, მიღმიერი ცხოვრების ერთგვარი კარტოგრაფები იყვნენ - ისინი იმავე სიზუსტით გამოსახავდნენ სიკვდილის მიღმა არსებულ სფეროებს, როგორც ჩვენ ვადგენთ გეოგრაფიულ რუკებს. ტიბეტურ ბუდიზმში იაგუარის სხეულის ანალოგი - სინათლის სხეულია. მაგიურ წრეზე მოგზაურობის დასრულების შედეგად ჩვენში ის უკვდავების თესლები იზრდება, რომლებსაც საკუთარ თავში ვატარებთ.
შესაძლოა მკითხოთ: „როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი ახალი სხეულის შექმნას?“
პასუხი: „სრულიად“. იაგუარის უძველესი მედიცინა შხამის საწინააღმდეგო საშუალებაა შიშის წინააღმდეგ, შიში კი, განსაკუთრებით სიკვდილის შიში, - ეს ნებისმიერი ავადმყოფობის ფესვია. იმისთვის, რომ საკუთარი თავი განვკურნოთ და ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, უშიშრები უნდა გავხდეთ.
საკუთარი მოკვდავობის აღმოჩენა
გახსოვთ ის დღე, როცა საკუთარ სიკვდილზე დაფიქრდით? როდის გაიგეთ პირველად, რომ მოკვდებოდით? მოზარდობის ასაკში გვგონია, რომ სიკვდილი არ შეგვეხება, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ სხვებს ემართებათ, ჩვენთან კი არანაირი კავშირი არა აქვს. საღამოს დროსტარების მერე მთვრალები ვსხდებით საჭესთან და მეგობრებს მთის მიხვეულ-მოხვეული გზებით დავაქროლებთ. უდარდელად ვუხვევთ სახიფათო მოსახვევებში სრული სიჩქარით, თითქოს ფიზიკის კანონები ჩვენ არ გვეხება. მაგრამ ერთხელაც ვკარგავთ საკყვარელ ადამიანს, ავარიაში ვხვდებით, ან საოპერაციო მაგიდაზე აღმოვჩნდებით ხოლმე, და ამ დროს ვხვდებით, რომ სიკვდილი ყოველთვის ახლოსაა.
არსებითად, არის ორი დიადი მომენტი, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენში საკუთარი სიკვდილის შესახებ გაცნობიერება გამოაღვიძონ. პირველი მაშინ ხდება, როცა ვხვდებით, რომ ჩვენი მიწიერი არსებობა დროებითია და ერთხელაც ცხოვრება დამთავრდება. თუ ამ გაცნობიერებას სერიოზულად მივუდგებით, ამის შემდეგ ყოველი მომენტის ფასეულობას გავაცნობიერებთ და ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება.
მეორე დიადი გაცნობიერება მაშინ მოდის, როცა სიკვდილის შიშს გადავლახავთ. ამისთვის აუცილებელია გავიგოთ, რომ ჩვენი ბუნება მარადიული და უკვდავია, და რომ იგი მარადისობას ეკუთვნის. მაგრამ ჩვენი მარადიულობის გაგება მხოლოდ ინტელექტუალური არ უნდა იყოს. ეს შინაგანი გაგებაა, - ცოდნაა უჯრედულ დონეზე. წარსულის მრავალ კულტურაში არსებობს ინიციაციის რიტუალი, რომელიც სწორედ ამ გაცნობიერებას ემსახურება. ინიცირებული სიმბოლურად ხვდება სიკვდილს და ფიზიკური არსებობის მიღმა სიცოცხლის მარადიულობას აცნობიერებს.
რამაც არ უნდა გიბიძგოთ ამისკენ - სიმბოლური სიკვდილის რიტუალმა, მძიმე ავადმყოფობამ თუ გზაზე სასიკვდილო საფრთხემ, - სიკვდილის შიშზე გამარჯვებას უზარმაზარი შვება მოაქვს და შეუძლია გამოათავისუფლოს დიდი შემოქმედებითი ენერგია ყოველდღიურ ქაოსში ჰარმონიის შესაქმნელად. ჯუნგლების კაკაფონია მუსიკად იქცევა. ტრაგედია საფუძველი ხდება ახალი, უფრო სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. თქვენ იწყებთ შინაგანი სიმდიდრის სურათ-ხატის ფორმირებას საკუთარი თავის და მთელი საზოგადოების საკეთილდღეოდ. როდესაც გესმით, რომ ჩვენ ყველას კიდევ მრავალი ეონის განმავლობაში მოგვიწევს ხელი-ხელჩაკიდებულებმა ვიაროთ, პირობას დებთ, რომ ემსახუროთ დედამიწას და ყველა ცოცხალ არსებას.
მას შემდეგ, რაც იაგუარის სამუშაოს დაიწყებთ, შეძლებთ, რომ საკუთარი თავისთვის ახალი, შთამაგონებელი ისტორიები დაწეროთ, მათი მოქმედება კი ძალიან შორს გასცდება საკუთარ გადარჩენაზე ზრუნვის საზღვრებს. მაგრამ ფრთხილად იყავით! თუ გვსურს, რომ დავაჩქაროთ პროცესი, მაგალითად, მოვიშოროთ სიკვდილის შიში მანამ, სანამ პირისპირ არ შევხვდებით მას, ან ერთი ექიმიდან მეორესთან დავდივართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გავთავისუფლდეთ ჯანმრთელობის პრობლემებისგან, ინიციაცია სრული არ იქნება. თუ უფსკრულის კიდეს გვერდს ავუვლით, ამით მხოლოდ მცირეხნიან შვებას ვიგრძნობთ, მაგრამ ვერ გამოვიყენებთ საკუთარი უკვდავი ბუნების აღმოჩენის შანსს. ტყუილად გვეგონება, რომ ყველა სირთულე უკან მოვიტოვეთ და იძულებულნი ვიქნებით, რომ კვლავაც შევხვდეთ მათ, თუკი შიშზე დაფუძნებულ ჩვეულ ქცევას დავუბრუნდებით. როცა იაგუარი გამოწვევას არ იღებს, ცხოვრება უცილობლად იღებს თავისას - და ჩვენ დრო აღარ გვრჩება ნამდვილი განვითარებისთვის.
შიშთან გასამკლავებლად, ჩვენი მუდმივი თანამგზავრის სტატუსი უნდა ჩამოვართვათ მას და დავუბრუნოთ წინასწარი გაფრთხილების საწყისი ბუნებრივი როლი. შიში გვაფრთხილებს შესაძლო საფრთხის შესახებ და გვაიძულებს, რომ რეაგირება მოვახდინოთ. მაგრამ თუ ეს ემოცია არ გადის და ნერვულ სისტემაში ილექება, ჩვენ მისით შეპყრობილნი ვხდებით. HPA ღერძი ჰიპერ-ძრავად იქცევა. ქაოსი ჩვენი ცხოვრების ყველა დონეზე აღწევს. „სიკვდილის საათი“ ყოველი უჯრედის შიგნით უკვე აღარ აჩვენებს ზუსტ დროს. ტვინი სტრესის ჰორმონებით ივსება და ჩვენ აღარ შეგვიძლია ახალი სხეულის შექმნა, რადგან ვეღარ ვიღებთ წვდომას მაღალი თანრიგის ნეირონულ ქსელებზე.
ბიოლოგიის თვალსაზრისით ჯანმრთელობა განისაზღვრება სხეულში ჰარმონიისა და მრავალკომპონენტიანობის პრინციპით. ბუნებას უყვარს რთული ორგანიზმები. ევოლუციამ ერთუჯრედიანი არსებები მაღალგანვითარებულ ადამიანებად აქცია. მაგრამ ეს საკმარისი არაა ჯანმრთელობისთვის - რთული სისტემა თანმიმდევრული და ჰარმონიული უნდა იყოს. ასობით ადამიანი, რომლებიც ასობით სხვადასხვა ინსტუმენტზე უკრავს, - ეს ჯერ კიდევ არაა ორკესტრი. მუსიკა რომ დაიბადოს, მათ ერთმანეთთან ჰარმონიაში უნდა დაუკრან.
რაც უფრო შეთანხმებულად მუშაობენ თქვენი სხეულის რთული სისტემები, მით უფრო ჯანმრთელი ხდებით. მაგალითისთვის მოვიყვანეთ ვარიაბელურობა. გულის რიტმში - ბუნებრივი ინტერვალი შეკუმშვებს შორის საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობის ბუნებრივი მაჩვენებელია. რაც უფრო მეტად მერყეობს გულისცემის სიხშირე, მით უფრო ჯანმრთელია თქვენი გული, და რაც უფრო ჰარმონიულად მუშაობს სხეულის ყველა სისტემა, მით უფრო მეტია მდგრადობა და ჯანმრთელობა.
შეთანხმებულობის და სირთულის ეს პრინციპი უჯრედულ დონეზეც კი გამოიხატება. მოწესრიგებული უჯრედები ჯანმრთელობას უზრუნველჰყოფენ, მაშინ, როცა მოუწესრიგებლები პრიმიტიულ მდგომარეობას უბრუნდებიან და სიმსივნეებს წარმოქმნიან. ქაოსური უჯრედები ორგანიზმს კვებას უზღუდავენ და ჯანმრთელებისგან განსხვავებით კვდომაზე უარს ამბობენ. ისინი არ ემორჩილებიან მიტოქონდრიების ინსტრუქციებს, რომლებიც უჯრედულ „სიკვდილის საათს“ აკონტროლებენ, ანუ უბრძანებენ უჯრედებს, რომ მოკვდნენ და გზა მისცენ თავიანთ ახალ და უფრო სიცოცხლისუნარიან თანამოძმეებს. როცა უჯრედები თავიანთ სირთულეს კარგავენ, უკვე აღარ შეუძლიათ ჯანსაღი ცხიმებით გამოკვება და მხოლოდ შაქრებს შთანთქავენ, ამიტომ კიბოსა და სხვა ზოგიერთი დაავადების მკურნალობისთვის ასე მნიშვნელოვანია რაციონიდან ყველა შაქრის და სხვა ნახშირწყლების გამორიცხვა.
კიბოს უჯრედები ორგანიზმში მრავლდებიან, ზიანს აყენებენ მას და საბოლოო ჯამში თავიანთ გამომკვებავს და დამცველს კლავენ. ამას შეგვიძლია უჯრედულ დონეზე დავაკვირდეთ, მაგრამ რაღაც მსგავსი ემართება მთელ თქვენს ყოფიერებასაც, თუკი უარს ამბობთ სიკვდილის, როგორც სიცოცხლის ბუნებრივი განვითარების მიღებაზე. როცა შიში გიპყრობთ, იგი მთელ თქვენს გამოცდილებას განსაზღვრავს, და საბოლოო ჯამში სიცოცხლეს იწოვს თქვენგან.
დასრულება, გადასვლა და დასაწყისი
საკუთარ თავს საშუალება უნდა მივცეთ, რომ განვიცადოთ შიში იმ ტრანსფორმაციის დანახვისას, რომელიც ყველაფერი დრომოჭმულის სიკვდილით იწყება. სიკვდილის შიშს (იქნება ეს სხეულის, აზროვნების ტიპის, ურთიერთობის სიკვდილი, რაღაც სიტუაციის დასასრული თუ ოცნების დაღუპვა) პირდაპირ და ცნობიერად უნდა ჩავხედოთ თვალებში, შემდეგ კი გადავლახოთ იგი - ახალი, ჯანსაღი განვითარებისთვის.
რაღაც დროის განმავლობაში მყავდა თორმეტი წლის პაციენტი ენი - ყველაზე ახალგაზრდა კიბოთი დაავადებულებს შორის, ვისთანაც მიმუშავია. მშობლებმა ჩემთან მოიყვანეს იგი იმ იმედით, რომ ტვინის სიმსივნისგან განვკურნავდით. მათ ყველა შესაძლო სამედიცინო პროცედურა სცადეს, ვერაფერს მიაღწიეს და ჩემთან ეძებდნენ იმ დახმარებას, რაც სხვაგან ვერ იპოვეს. ქიმიოთერაპიის შემდეგ ენის თმა დასცვივდა, და დიდ ტყავის სავარძელში ჩემს კაბინეტში იგი ისე გამოიყურებოდა, როგორც პატარა მომღიმარი ბუდა.
მე ავუხსენი ენის მშობლებს სხვაობა მკურნალობასა და გაჯანსაღებას შორის. მკურნალობა - ესაა სიმპტომების მოშორება, ხოლო გაჯანსაღება გაცილებით უფრო ღრმა დონეზე მოქმედებს და გვაშორებს დისბალანსის იმ მიზეზებს, რომლებმაც ავადმყოფობა გამოიწვიეს. განკურნება - ესაა სამედიცინო ჩარევის იდეალური გამოსავალი, გაჯანსაღება კი - იმ მოგზაურობის შედეგია, რომლის დროსაც ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი გარდაიქმნება. საბოლოო ჯამში შეიძლება მოვკვდეთ კიდეც, მაგრამ ჩვენი გაჯანსაღებული (გამთლიანებული) „მე“ შემდეგ ცხოვრებაში გადადის.
ენის მშობლებს ვთხოვე, რომ კორიდორში დაეცადათ და ბავშვთან პირისპირ მარტო დავრჩი. რეალურად არაფერი არსებითის შესახებ მცირეხნიანი საუბრის შემდეგ მან პირდაპირ განმიცხადა: „მე არ მეშინია“. შემდეგ თქვა, რომ ანგელოზები ყოველ ღამით მიდიან მასთან სიზმარში - ზოგჯერ დღისითაც კი. მაგრამ მშობლებს ეშინოდათ მის გამო. „მე არ შემიძლია ანგელოზების შესახებ მოვუყვე მათ“, - ამოიოხრა ენიმ. იმედი ჰქონდა, რომ მე გავუგებდი. მე მივხვდი და ვიგრძენი, რომ ენის თვალწინ სამყაროებს შორის ფარდა გაიხსნა: იგი სახლისკენ დიადი მოგზაურობისთვის ემზადებოდა. მაგრამ მისი მშობლები, გასაგები მიზეზების გამო, მტკიცედ ცდილობდნენ, რომ ყველა ღონე ეხმარათ მის გადასარჩენად. ყველა სპეციალისტი მოსინჯეს და მე მათი ბოლო იმედი ვიყავი.
მრავალი წელი ვიცხოვრე და მესმის, რომ სიკვდილი სიცოცხლის ნაწილია. ზოგიერთი ჩემს საუკეთესო გაჯანსაღებებში იმაში მდგომარეობდა, რომ პაციენტებს მშვიდად და ცნობიერად გარდაცვალებაში ვეხმარებოდი. ამიტომ ენისთვის განწმენდის რიტუალი ჩავატარე, რომელიც ენერგეტიკული ველის, და შესაბამისად მთელი სხუელის დაბალანსებაში დაეხმარებოდა. განწმენდა წარმოადგენს ძირითად სამკურნალო პრაქტიკას შამანურ ენერგეტიკულ მედიცინაში. ამ დროს სინათლის ენერგეტიკული ველი ავადმყოფობის კვალისგან თავისუფლდება, რათა ორგანიზმის გამაჯანსაღებელი სისტემების მობილიზება მოახდინოს. ექიმები ენის ძალიან ცოტა დროს აძლევდნენ, მაგრამ მე ვიცი, რომ სიკვდილი - ესაა გზა სიცოცხლის გაგრძელებისკენ სულის სამყაროში. მე ვიმუშავე არაჯანსაღი ენერგიის გაწმნდაზე, რომელიც გოგონას ველში დაგროვდა, და ამით იმ დიადი მოგზაურობის ტვირთი შევუმსუბუქე, რომელიც წინ ელოდა. ჩემს საპროცედურო მაგიდაზე მწოლიარე, იგი ღრმა ძილში ჩაიძირა.
ჩვენი პრაქტიკის ბოლოს ენი სახეზე ღიმილით დაუბრუნდა ტყავის სავარძელს. „ყველაფერი კარგად მექნება?“ - მკითხა მან. ჩვენ ორივეს გვესმოდა, რას გულისხმობდა. „დიახ, - ვუპასუხე მე. - ყველაფერი კარგად გექნება“. შემდეგ კი გოგონამ მკითხა, როგორ დახმარებოდა მშობლებს. „მათ ძალიან ეშინიათ“, - დაამატა მან. მე ყოველთვის მანცვიფრებს მრავალი ბავშვის სიბრძნე - და ამავდროულად მისი არარსებობა მრავალ ზრდასრულში.
ენის მშობლები ოთახში დაბრუნდნენ და დაინახეს, რომ ჩვენ ორივეს გვეღიმებოდა. მოვუყევი, რამხელა სამუშაო ჩაატარა მათმა შვილმა, და შევთავაზე, რომ რაციონიდან. გამოერიცხათ გლუტენი, შაქარი, რძის პროდუქტები და ყველა შესაძლო ალერგენი. შემდეგ ვურჩიე, რომ ყოველდღიურად მიეღო omega-3 ცხიმოვანი მჟავები, რათა აღდგენილიყო ქიმიოთერაპიით დაზიანებული ტვინის უბნები. ჩვენ გვაქვს სიკვდილის უნარი, ისევე, როგორც დაბადების უნარი, და ამისთვის საჭიროა, რომ ნერვული სისტემა მაქსიმალურად მუშა მდგომარეობაში შევინარჩუნოთ.
რამდენიმე თვეში შევიტყვე, რომ ენი სახეზე ღიმილით გარდაიცვალა, ანგელოზებთან ჩახუტებული.
სიყვარული და გაშვება
ხეები ტყეში ვერ გადარჩებოდნენ, ნიადაგს რომ მკვდარი მცენარეებით არ შეძლებოდა განახლება. იაგუარიც კი მოკვდება, და შეავსებს საკუთარი სხეულით ხეს, რომელიც გამოკვებავს მაიმუნს, რომლსაც მომდევნო იაგუარი შეჭამს. სიცოცხლის წრებრუნვა შეუძლებელი იქნებოდა სიკვდილის გარეშე. ჩვენ ვერ ვიცხოვრებდით ჰარმონიულად გარესამყაროსთან, სიკვდილი რომ ყოფიერების ნაწილი არ ყოფილიყო. რაღაც უნდა მოკვდეს იმისთვის, რომ რაღაც ახალი დაიბადოს. სიკვდილი და სიცოცხლე აუხნელი გზითაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული.
იაგუარი ჩვენს ყურადღებას იმისკენ მიმართავს, რომ აუცილებელია ბალანსის პოვნა საკუთარ ცხოვრებაში აგრესიულ ჩართულობასა და ყველა შესაძლებლობის გამოყენებას შორის ერთი მხრივ, და უფრო ფართო შემოქმედებითი პროცესისადმი გახსნილობას შორის - მეორე მხრივ. ესაა ნატიფი თამაში აქტიურ მამაკაცურ საწყისსა და მიმღებ ქალურს შორის. იაგუარი ასწავლის, რომ ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ დაგროვება და იმაზე მეტის აღება, რაც გვჭირდება, რადგან დედა-მიწა ყველაფერს უხვად მოგვცემს. შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ: მოსახვევის მიღმა გაცილებით მეტი გველოდება, ვიდრე ახლა ვხედავთ.
იაგუარის მაგია ოპტიმიზმით და ფანტაზიით სავსე ცხოვრების დაწყებაში გვეხმარება. ამის შემდეგ შფოთვა აღარ დაგვეწყება ჩამავალი მზის დანახვისას, შევძლებთ, რომ დავტკბეთ ღამის ვარსკვლავებით და მოუთმენლად დაველოდებით მზის ამოსვლას. მოუშორებელი შიში იმისა, რომ დავკარგავთ იმას, რაც გვაქვს - ახალგაზრდობას, საკუთრებას, ახლობლებს, თანდათან უკან იხევს. ჩვენი ურთიერთობები სიკვდილთან ჯანსაღი ხდება.
ენტროპია - ესაა ფიზიკის კანონი, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი სამყაროში ქაოსისკენ და უწესრიგობისკენ, სიკვდილისკენ მიდის. დროებითი არეულობა და დეზორიენტაცია - ესაა აუცილებელი პრელუდია უფრო მაღალი დონის რეორგანიზაციისთვის. ესაა ის, რასაც განვიცდით, როცა ახალ ურთიერთობებს, მკურნალობას ან კარიერას ვიწყებთ. ცვლილებები საფრთხეებს შეიცავენ, მაგრამ ასევე შეიცავენ პოტენციალს რაღაც ახალის და უკეთესის დაბადებისთვის.
მაგიური წრის დასავლეთის მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია შევურიგდეთ ნგრევისა და აღდგენის ციკლს, სამყაროს ბუნებრივ წესრიგს. ღრმად გვესმის, რომ შემოქმედებითი ქაოსი უფრო მეტ ჰარმონიას და წონასწორობას მოიტანს. ინდუიზმში ნგრევისა და აღდგენის ციკლს კოსმოსის მმართველი სამი მთავარი ღვთაება წარმოადგენს: ბრაჰმა - შემქმნელი, ვიშნუ - შემანარჩუნებელი და შივა - დამანგრეველი.
როცა შიშს ან დანაკარგის და სასოწარკვეთილების გრძნობას განვიცდით სხეულის ყოველ უჯრედში, მაგრამ აღარ უარვყოფთ ამას და არც ვიმალებით - შიში იფანტება. მაშინ შეგვიძლია ჩავიძიროთ ქმნილების ქაოსში, პირველად ბულიონში, საიდანაც ახალი სიცოცხლე დაიბადა. აზრი არ აქვს ფეხის ერთი თითის ფრთხილად ჩაყოფას აუზში, მხოლოდ სრული ჩაძირვაა ერთადერთი საშუალება ყოფიერების და აღქმის ახალი სტადიის ზიარებისთვის. თუ საშუალებას მისცემთ საკუთარ თავს, რომ ნამდვილად შეგეშინდეთ უცნობის, შეძლებთ, რომ დატოვოთ უსაფრთხო ნაპირი და ჩაიძიროთ უცნობ წყლებში. ამ დროს აცნობიერებთ რისკს, მაგრამ შთაგონებული ხართ შესაძლებლობებით.
როცა ვაცნობიერებთ, რომ სიკვდილი სიცოცხლის ნაწილია, შეგვიძლია უფრო თავისუფლად შევიყვაროთ. მრავალი ჩვენთაგანი ვერ ბედავს, რომ ბოლომდე მიეცეს სხვა ადამიანის მიმართ სიყვარულს, რადგან ეშინია მისი დაკარგვის. ოც წელზე მეტის ვიყავი, როცა განვიცადე ის, რასაც ქრონიკულად გატეხილი გული ვუწოდე, და დავიფიცე, რომ აღარასოდეს შევსულიყავი ახლო სასიყვარულო ურთიერთობებში. ძალიან ძლიერ შეიგრძნობოდა ტკივილი იმის დაკარგვისგან, რაზეც ღრმად ვიყავი მიჯაჭვული. ემოციური გვალვა რამდენიმე წელი გრძელდებოდა, შემდეგ კი მივხვდი, რამდენად უაზრო იყო ჩემი ფიცი. ერთხელ რუმის ლექსი წავიკითხე და გადავწყვიტე თვალებში ჩამეხედა საკუთარი შიშისთვის. რუმიმ თავის შეყვარებულს უთხრა: „მე ვწყვეტ არსებობას, მხოლოდ შენ არსებობ“. ეს სრულიად საწინააღმდეგო იყო იმისა, რასაც წინა ურთიერთობებში ვეძებდი. მაშინ ჩემი მანტრა ასე ჟღერდა: „შენ წყვეტ არსებობას, მხოლოდ მე ვარსებობ“. თანდათან, ისევე როგორც რუმიმ, მივხვდი, რომ თავისი არსით ყოველგვარი სიყვარული - ესაა სწრაფვა სულისკენ, ჭეშმარიტი შეყვარებულისკენ.
რის შესახებ გვაფრთხილებენ მითები მიწისქვეშა სამყაროს შესახებ
გადალახვა შიშისა, რომელიც ახალი ოცნებისგან გვაშორებს, - ესაა უნივერსალური თემა ყველა დიდი ისტორიისთვის.
ბერძნულ მითოლოგიაში მიწისქვეშა სამყარო ბოროტი სულების ალაგს წარმოადგენდა: მასში მიედინებოდა მაგიური მდინარეები, და ცხოვრობდა გრძნეული, რომელიც მოჩვენებების სამეფოს მართავდა და მისი საიდუმლოებები იცოდა. მიწისქვეშა სამყაროში ასევე იმალებოდა საგულდაგულოდ დამალული სიმდიდრე და ღრმად დაფარული სიბრძნე - ზედაპირზე ასეთ საგანძურებს ვერ იპოვი. იმ მრავალ მოკვდავთა რიცხვში, რომლებიც ლეგენდის მიხედვით მიწისქვეშა სამეფოში ჩავიდნენ და იქიდან საღ-სალამათნი დაბრუნდნენ, იყო ჰერაკლე. მან შიშველი ხელებით დაამარცხა სამთავიანი ურჩხული ცერბერი.
სიმამაცისა და ძალის წყალობით ჰერაკლემ შეძლო გადარჩენილიყო და აღესრულებინა თავისი მისია, რომელიც საბედისწერო ჩანდა. ბერძნულ მიწისქვეშეთში ადამიანი მარადიულ ბედნიერებას აღწევს, თუკი ეს თავისი ცხოვრების ღვაწლით დაიმსახურა. საშინელი ცერბერი მკაცრად ადევნებდა თვალყურს, რომ ჰადესის სამეფოში მოხვედრილები იქიდან ვეღარასდროს ამოსულიყვნენ. ჰერაკლეს გამარჯვებამ ამ ძაღლზე სიმბოლურად გაუხსნა გზა სხვა მამაც მოკვდავებს, და ახლა მათ შეუძლიათ გაემგზავრონ მიწისქვეშეთში და იპოვონ ნამდვილი განძი. ჰერაკლეს დიდი სიმამაცე დასჭირდა იმისთვის, რომ პირისპირ შეხვედროდა თავის შიშს და ამოეწურა ეს ემოცია ნაცვლად იმისა, რომ გაქცეოდა მას. და ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ.
ღვთაებრივი ქალურობის მაკურნებელი ძღვენი რომ მივიღოთ, სხვა მოკვდავს - ფსიქეას მივმართოთ, რომელიც ასევე ჩავიდა მიწისქვეშა სამეფოში და გადარჩა. ფსიქეა ბერძნულად „სამშვინველს“ ნიშნავს, მის შესახებ მითში კი აღწერილია გზა, რომელიც ყოველმა ადამიანმა უნდა გაიაროს, იქნება ეს ქალი, თუ მამაკაცი, თუკი სურს, რომ სიკვდილი დაამარცხოს და სიყვარულს ეზიაროს.
ფსიქეამ - უმცროსმა და ყველაზე ლამაზმა მეფის ქალიშვილთაგან, საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. სიყვარულის ქალღმერთმა აფროდიტამ შეიტყო ამის შესახებ და შურით აღვსილმა მისი ყველა თაყვანისმცემელი გააძევა. მეფემ ორაკულს ჰკითხა რჩევა, მან კი უთხრა, რომ ქალიშვილი კლდეზე უნდა მიეჯაჭვა, სანამ მას სიკვდილი, საშინელი ურჩხული არ მოიყვანდა ცოლად. ეს მითი გვეუბნება, რომ ჩვენი ახალგაზრდა, უმანკო ნაწილი, რომელიც სავსეა ახალი იდეებითა და მათგან გამოწვეული ცვლილებებით - ძველ წესებს ემუქრება. ფსიქეას გამოწვევა სიკვდილთან პირისპირ დგომა იყო და მან ეს შეძლო, თუმცა არა იმ ფორმით, როგორც გეგმაში იყო.
აფროდიტამ უბრძანა თავის ვაჟს - ეროსს (კუპიდონს) რომ ფსიქეასთვის სიყვარულის ისარი ესროლა, რათა ფსიქეას სიკვდილისადმი გადაულახავი ლტოლვა გასჩენოდა. მაგრამ როცა ეროსი დედის სურვილის აღსრულებას ცდილობდა, ფსიქეას სილამაზემ იმდენად მოხიბლა, რომ თავისი ერთ-ერთი ისარი იჩხვლიტა და თავად შეუყვარდა იგი. ფსიქეა მაღალ მთაზე, თავის ციხე-სიმაგრეში წაიყვანა და ამით თავის დედას დაუპირისპირდა, რომელიც თვლიდა, რომ ფსიქეას სილამაზე და სასიცოცხლო ძალა უნდა განადგურებულიყო. აი, რაზე მიანიშნებს ეს მითი: სიკვდილისა და დანაკარგის შიში ჩვენს სილამაზეს და სასიცოცხლო ძალას ანადგურებს.
ეროსს უყვარდა ფსიქეა და ზრუნავდა მასზე, მაგრამ ერთი პირობით: მას არასოდეს უნდა შეეხედა ეროსისთვის. რადგან არ სურდა თავისი ღვთაებრივი ბუნების გამჟღავნება, იგი მხოლოდ დაღამების შემდეგ მიდიოდა თავის შეყვარებულთან. ფსიქეა დათანხმდა ამ პირობას და ტკბებოდა უხილავ ქმართან სიახლოვით. მაგრამ ერთხელ მასთან სტუმრად დები მივიდნენ. მათ შურდათ ფსიქეას ბედნიერების, ამიტომ დაითანხმეს, რომ დაერღვია პირობა და შეეხედა ქმრისთვის. „იქნებ, ურჩხულია?“ - იკითხეს დებმა.
მანამდე ფსიქეას არ ეშინოდა შეუცნობლის, მაგრამ დებთან საუბარმა საფრთხის შეგრძნება გაუჩინა. საყვარელ ქმართან ღამის სიამტკბილობის შემდეგ დაელოდა, სანამ დაიძინებდა, შემდეგ კი ლამპარი აანთო, რათა მისი სახე დაენახა. აღმოაჩინა, რომ მის გვერდით მშვენიერ ეროსს ეძინა, და ძალიან გაუხარდა, რომ იგი ურჩხული არ აღმოჩნდა. მაგრამ უეცრად ლამპრის ცხელი ზეთის წვეთი ეროსს მხარზე დაეწვეთა და გააღვიძა. ფსიქეას დაუმორჩილებლობამ განარისხა იგი, ადგა და უსიტყვოდ გაფრინდა. ასე დაინგრია ოჯახური ცხოვრება ფსიქეამ საზოგადოებრივი წნეხისა და შურიანი დების წაქეზებით.
ფსიქეა ღმერთებს შესთხოვდა დახმარებას, მაგრამ მათ ყველას ეშინოდათ აფრიდიტასი. სინამდვილეში ასეთ სიტუაციებში ღმერთები არ ეხმარებიან, რადგან შებორკილნი არიან ტრადიციებით და მყარი ჩვევებით. მათ უთხრეს სასოწარკვეთილ ფსიქეას, რომ სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი გზა - აფროდიტას წყალობის მოპოვება იყო. შიშის მიუხედავად, ფსიქეა მიჰყვა მათ რჩევას და თამამად გაემართა თავისი დედამთილისკენ. იგი მზად იყო მაგიური წრის დასავლეთის ნაწილის ამოცანის გადასაჭრელად - შიშებთან შესახვედრად და მათ გადასალახად.
თუმცაღა აფროდიტა რისხვამ შეიპყრო იმის გამო, რომ ფსიქეამ საერთოდ გაბედა მასთან მიახლოვება. განუცხადა, რომ მხოლოდ მას შემდეგ შეძლებდა ქმრის დაბრუნებას, თუკი ოთხ დაუძლეველ დავალებას შეასრულებს. პირველი - თესლების უზარმაზარი გროვის გათენებამდე გადარჩევა იყო, და თუ ვერ შეძლებდა ამას, ფსიქეა მოკვდებოდა. ეს ამოცანა განასახიერებს შიშს დროის უკმარისობის წინაშე. როგორ მოვასწროთ ცხოვრებაში იმ ყველაფრის განხორციელება, რაც გვსურს? როგორ განვასხვავოთ მნიშვნელოვანი მეორეხარისხოვნისგან? გვეყოფა თუ არა დრო იმისთვის, რასაც ნამდვილად აქვს აზრი? რა მოხდება, თუ ვერ ჩავეტევით მოცემულ საათებში ან წლებში?
ჭიანჭველების კოლონიის მეშვეობით, რომლებიც მთელი ღამე დაუღალავად შრომობდნენ მის დასახმარებლად, ფსიქეამ შეძლო პირველი დავალების შესრულება. ჭიანჭველები განასახიერებენ დახმარებას, რომელიც ყოველთვის ხელმისწავდომია, თუკი ვეძებთ. ვერავინ შეძლებს შეუძლებელს, თუ მარტო იქნება.
მეორე დავალება ასეთი იყო: ფსიქეას მდინარე უნდა გადაელახა და ჯადოსნური ოქროსმატყლიანი ცხვრების მატყლი უნდა მოეტანა. ველური ცხვრები წარმოადგენენ შიშს ჩვენზე ძლიერი მტრებისა და სიტუაციების წინაშე. ყველას გვიწევს შეხვედრა მსგავს მეტოქეებთან სამსახურში უფროსის, ნათესავის ან ცხოვრების გარკვეული ვალდებულებების სახით. ფსიქეამ კვლავაც სხვისი დახმარებით შეასრულა დავალება. ლერწამმა, რომელიც მდინარის ნაპირას იზრდებოდა, ურჩია, რომ დაისს დალოდებოდა, როცა ცხვრები დაიძინებდნენ, შემდეგ კი შეუმჩნევლად შეეგროვებინა იმ ბუჩქებზე შემორჩენილი ოქროს მატყლი, რომლებსაც ცხვრები ეხახუნებოდნენ. ასე აარიდა თავი ფსიქეამ იმ მტერთან დაპირისპირებას, რომელსაც მარტივად შეეძლო მისი დამარცხება.
მესამე დავალება: ფსიქეას ბროლის დოქი უნდა აევსო წყლით მდინარე სტიქსის სათავიდან. სათავეს, რომელიც მაღალ მთაზე იყო, დრაკონები დარაჯობდნენ. ეს შეუძლებელი ამოცანა იყო უბრალო მოკვდავისთვის. ღმერთებიც კი ვერ გარისკავდნენ ამის გაკეთებას. ყველანი ვაწყდებით ცხოვრებაში ამოცანას, რომელიც შეუსრულებლად გვეჩვენება. გვეშინია, რომ გამჭრიახობა, ძალა, სიმამაცე ან სხვა თვისებები არ გვეყოფა, და ფსიქეას მსგავსად არ გვჯერა წარმატების. იგი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, მაგრამ მალე გამოჩნდა არწივი, კლანჭებში მოიქცია ბროლის დოქი, მთაზე აფრინდა, დოქი წყლით აავსო და უკან მოიტანა. არწივი, რომელიც ცაში ნავარდობს, ნიშნავს ყოვლისმომცველ ხედვას, ჰორიზონტის სიფართოვეს, რომელიც აუცილებელია შიშების გადასალახად, ასევე სიმამაცეს, რომლითაც ყოყმანის გარეშე მივისწრაფვით იქ, სადაც ჩვეულებრივი ფრინველი ვერ გაფრინდება. როცა ტვინს ვაჯანსაღებთ და ვიწყებთ არა ფრაგმენტების, არამედ მთელის აღქმას, შედეგად ვამარცხებთ შიშს და მაღალი მიზნებისკენ მივისწრაფვით, ისეთ პრობლემებს ვჭრით, რომლებიც მანამდე დაუძლევლად გვეჩვენებოდა. ჭიანჭველების და ლერწმის მსგავსად, არწივი განასახიერებს დახმარებას, რომელსაც მთელი სამყაროსგან ვიღებთ. იგი ასევე წარმოადგენს პარალელურ მოვლენებს ჩვენს ცხოვრებაში, როცა გვაქვს გამბედაობა, რომ გავრისკოთ მიუხედავად შიშია.
მეოთხე დავალება დაკავშირებულია მიწისქვეშა სამეფოსთან. ფსიქეა აჩრდილთა სამეფოში უნდა ჩასულიყო და პერსეფონასთვის ჯადოსნური საცხი ეთხოვა, რომელიც აფროდიტას სილამაზის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა. უკიდურესად შეშინებულ ფსიქეას სურდა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა - ეს ხომ მას მკვდართა სამეფოსკენ გაუხსნიდა გზას. იგი მიტოვებულ კოშკზე ავიდა და უკვე გადმოხტომას აპირებდა, როცა მოულოდნელად კოშკი დაელაპარაკა. მან ასწავლა, თუ სად უნდა ეპოვა მიწისქვეშა სამეფოს შესასვლელი, და ურჩია, რომ თან ორი მონეტა და ორი ქერის პური წაეღო. კოშკმა ასევე უთხრა, რომ არანაირი დახმარება არ მიეღო აჩრდილებისგან, რომლებსაც იქ შეხვდებოდა, და თვითონაც არავის დახმარებოდა, ვისაც არ უნდა ეთხოვა. ეს ყველაზე ღირებული რჩევაა მოგზაურისთვის, რომელსაც შიშის დამარცხება სურს. ჩვენ სიფრთხილე უნდა დავიცვათ დამხმარეების შერჩევისას. ყველაზე კარგი ზრახვების მქონე მეგობარსაც კი ყოველთვის არ შეუძლია საჭირო დახმარების გაწევა.
მიუხედავად დიდი ცდუნებისა, რომ გამოხმაურებოდა აჩრდილთა ცრემლიან თხოვნებს, ფსიქეამ ყველა მითითება შეასრულა და გვერდზე ჩაუარა მათ. მან მენავე ქირონს გადაუხადა, ცერბერი დააპურა, პერსეფონასგან კი მხოლოდ უბრალო საკვები მიიღო და უარი თქვა მდიდრულ სუფრაზე. ბოლოს და ბოლოს მიიღო ჯადოსნური საცხი აფრიდიტასთვის. მიუხედავად ბუნებრივი სწრაფვისა - სხვებს დახმარებოდა, ფსიქეა მკაცრად მიჰყვებოდა მიღებულ რჩევებს, და ჩვენს სწორედ ასევე უნდა ვკონცენტრირდეთ შინაგან სამუშაოზე და არ უნდა მოვცდეთ იმ საბაბით, რომ სხვების საჭიროებებს ვაკმაყოფილებთ.
ფსიქეამ წარმატებით შეასრულა ყველა დავალება, მაგრამ უარი ვერ თქვა ცდუნებაზე - საცხიან ყუთში ჩაეხედა, და როგორც კი გახსნა ყუთი, მაშინვე ჩაეძინა. იგი ვერ ითმენდა, ისე სურდა თავისი მიზნის მიღწევა, მაგრამ შედეგად ღრმა ძილში ჩაიძირა. ფსიქეა ჯადოსნური საცხით დაბრუნდა ადამიანთა სამყაროში, მაგრამ შურით შეპყრობილმა ღმერთებმა წაართვეს ყუთი, რათა მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო ადამიანებს არ დარჩენოდათ. ბოლოს ფსიქეა ეროსმა იხსნა: სიცოცხლე სიყვარულის ძალით აღდგა. ფსიქეას ღრმა ძილი განასახიერებს მისი ძველი და შეზღუდული „მე“-ს შეგრძნების სიკვდილს, რომელიც აჩრდილთა სამეფოში დარჩა. როცა გაიღვიძა, ფსიქეამ ზევსისგან უკვდავება მიიღო. მას მოუწია, რომ სიკვდილის შიშს შეხვედროდა, ამიტომაც შეძლო საკუთარი ცხოვრების შეცვლა. ეს ყოველთვის ინიციაციის ცენტრალური თემა იყო - მამაკაცი ყველაზე ხშირად ბრძოლის ველზე იღებს მას, ქალი კი მშობიარობის დროს.
ნებისმიერი განდობა საკუთარ თავში მოიცავს შეხვედრას ღვთაებრივ ქალურობასთან და სიკვდილის სამეფოში მოგზაურობას, საიდანაც განახლებულნი ვბრუნდებით. ეს საერთოდ არ ჰგავს ზედაპირულ ცვლილებას, რომელიც გამოწვეულია ცხოვრების უმნიშვნელო მოსახვევებით. გრაალის ძიების მსგავსად, ღვთაებრივი ქალურობისკენ მოგზაურობა ძალისხმევას მოითხოვს. მიუხედავად ყველა შიშისა, ჩვენ მაინც ვრჩებით მიწისქვეშა სამეფოში, ღრმა ფიქრებში ვიძირებით, ერთი-ერთზე საკუთარ სიბნელესთან, და მხოლოდ მოგვიანებით გამოვდივართ დღის სინათლეზე. თუკი ფიქრობთ, რომ ჭრილობების და ავადმყოფობების განსაკურნებლად და ჯადოსნური საცხის საპოვნელად წახვედით - საქმის არსს უშვებთ ხელიდან. თქვენი ჯილდო საცხი არაა, ან კრემი გამონაყარისთვის, ან მაისური წარწერით: „მე ჰადესში ვიყავი და დავბრუნდი!“ მარადიული სილამაზის საცხს გაახალგაზრდავება და ხელახალი გააზრებები მოაქვს. დასავლეთის მიმათულებით წარმატებით დასრულებული სამუშაოსთვის პრიზი უკვდავების ელექსირია.
ინიციაციის პროცესი წარმოუდგენელია საკუთარი შეხედულებისამებრ დაგეგმოთ. სიკვდილის შიშის დამარცხებას შესაძლოა მთელი ცხოვრება დასჭირდეს. მოგიწევთ, რომ მრავალი გამოცდა გაიაროთ - თუმცა ყოველ ახალ გამარჯვებასთან ერთად გზა უფრო და უფრო ადვილდება.
როცა განახლების უნარს დაიბრუნებთ, მზად იქნებით, რომ მაგიური წრის შემდეგი მიმათულებისკენ გაემგზავროთ - ჩრდილოეთით. იქ თქვენ სიმშვიდეს ისწავლით, რათა თქვენი სამშვინველის დაკარგული ასპექტები დაიბრუნოთ.
მედიტაცია იაგუარზე
იაგუარი - მედიტაციის ოსტატია. გინახავთ ოდესმე, როორაა წამოწოლილი კატა მზის გულზე. კატებმა იციან, რას ნიშნავს იდეალური ძალდაუტანლობა. იაგუარი ტროპიკულ ტყეში ხის ქვედა ტოტებზეა წამოწოლილი და სამყაროს წრიალს აკვირდება. იგი ყურადღებას არ აქცევს მაიმუნებს და თუთიყუშებს და ბოლომდე მოდუნებულია, მაგრამ ყოველთვის ფხიზელი - მხოლოდ დროდადრო თუ შეირხევა მისი კუდი. იაგუარი ღრმა სიმშვიდეს გვასწავლის: სცადეთ, აუხსნათ თქვენს კატას, რომ არსებობს მნიშვნელოვანი ამბები, რის გამოც უნდა იღელვოს.
დღეს ჩვენ გვესმის, რომ ავადმყოფობების უმეტესობა გამოწვეულია ჩვენი უუნარობით - შევნელდეთ და სტრესი მოვიხსნათ. ჩვენი ნერვული სისტემა განწყობილია, რომ უზრუნველგვყოს „დაარტყი ან გაიქეცი“-ს ტიპის რეფლექსებით, როცა საფრთხის ქვეშ ვართ. კორტიზოლი და ადრენალინი საფრთხეებთან ბრძოლისთვის საჭირო ენერგიის მოზღვავებას იწვევენ. მაგრამ ეს მძლავრი ქიმიური ნივთიერებები დროის მხოლოდ მცირე მონაკვეთში აქტიურდება. თუკი რაღაც მართლაც ემუქრება ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენ ან ვიბრძვით, ან გავრბივართ, შემდეგ კი სწრაფად ვუბრუნდებით ნორმას. ამ დროს ადრენალინი და კორტიზოლი შეიწოვება, სუნთქვა კი მშვიდდება. თუ გამუდმებით მომატებული შფოთვის და საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში ვართ, სხეული სტრესის ჰორმონების ტოქსიურ დონეს ინარჩუნებს, რის შედეგადაც ჩნდება ანთებითი პროცესები, ზიანდება ნეირონები და საბოლოოდ ჩნდება სხვადასხვა დაავადებები. ამ დროს არ შეგვიძლია სიკვდილის შიშის მართვა და მისი მსახურნი ვხდებით. ჩვენი იაგუარი შეშინებული კნუტივით ყველაზე მაღალ ტოტებს აფარებს თავს, ჩვენ კი სახანძროსაც კი ვერ ვურეკავთ, რომ ის იქიდან ჩამოვიყვანოთ.
ადრე თუ გვიან ყველანი მოვკვდებით. თუმცაღა არ ღირს, რომ წინასწარ ჩავეშვათ სიკვდილისკენ. შეგვიძლია დავძლიოთ სიკვდილის შიში, რათა ჩვენი ცხოვრება შიშის კარნახით არ წარიმართოს და მუდმივად არ ვიყოთ რეაქციის რეჟიმში, თითქოს ჯუნგლების რომელიღაც მხეცი ყოველ წუთს ჩვენზე თავდასხმისთვის ემზადება. შეგვიძლია დავუბრუნდეთ გაწონასწორებულ, მშვიდ, მოდუნებულ მდგომარეობას, ჩავრთოთ პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, და ვიყოთ გრაციოზული იაგუარივით, რომელიც ახლახანს აღმოჩენილ შინაგან სიბრძნეზე მედიტირებს.
„ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამის დაწყების შემდეგ თქვენ გაცილებით უფრო გაგიადვილდებათ წონასწორობის შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება გარშემო. ტვინი ტოქსინებისგან იქნება თავისუფალი, ნაწლავები კი - კანდიდოზისგან, და ვერაფერი გაიძულებთ, რომ ძველ ემოციურ რეაქციებს დაუბრუნდეთ. როგორ განუსაზღვრელობასაც არ უნდა შეეჩეხოთ, ყოველთვის ღია იქნებით შესაძლებლობისადმი, რომ რაღაც უკეთესი განიცადოთ. მოიპოვებთ შინაგან რესურსებს, რომლებიც ადამიანს დამოუკიდებლად ცხოვრების მოწყობაში დაეხმარებიან.