თავი 4
თავი 4
ადამიანის ორი სული და იმის მტკიცებულება, რომ ორია და არა ერთი; სულები და “სიკვდილის ლოცვა”
მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი
იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ძალიან მნიშვნელოვანი თემის, მთავარი ძალისა და მისი თანმდევი მაგნიტურობის პრეზენტაცია, მოხსენების ამ ნაწილში უნდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი და რადიკალურად განსხვავებული ელემენტები ფსიქოლოგიის იმ სისტემაში, რომელსაც კაჰუნები იყენებენ.
დოქტორმა ბრიგჰემმა კაჰუნების პრაქტიკებს შორის ყველაზე უკეთ “სიკვდილის ლოცვა” შეისწავლა. სანამ მისი გამოცდილებიდან მაგალითს წარმოგიდგენდეთ, საჭიროა ზოგადი განმარტებების დაწერა.
კაჰუნებს რამდენიმე ისეთი რწმენა გააჩნდათ, რომლებსაც საიდუმლოდ არ ინახავდნენ. მაგალითად ისინი არასდროს მალავდნენ, რომ ადამიანს ორი სული აქვს და არა ერთი. ადრეული მისიონერები ამ ფაქტს სისულელედ მიიჩნევდნენ, რომელიც მხოლოდ ველურებისთვის იყო დამახსიათებელი. მათთვის ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ ერთი სული ჰქონდა და მათი ვალი იყო ამ ერთადერთის გადარჩენა. როდესაც ისინი 1820 წელს ჰავაის ესტუმრნენ, ქვეცნობიერი კი მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ აღმოაჩინა ფროიდმა, არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ მათ სასაცილოდ არ ეყოთ კაჰუნების რწმენა.
კაჰუნები თანამედროვე ფსიქოლოგიაზე წინ წავიდნენ (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მაღალგანვითარებულ მოაზროვნეებს, მათ შორის უილიამ მაქდუგალს, დოქტორი რაინის ადრეულ მენტორს, და პიონერს ამ სფეროში). კაჰუნებმა იცოდნენ, რომ ის რასაც ჩვენ ქვეცნობიერს ვუწოდებთ ერთი სული იყო, ხოლო ცნობიერი გონება კი მეორე. ეს ორი სული (ან მე, ან ფსიქიკა - რაც გინდათ ის დაარქვით) ერთ სხეულში ცხოვრობს და თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს ცხოვრებასა და აზროვნებაში.
თითოეულ სულს თავისი გონებრივი შესაძლებლობები აქვს. ქვეცნობიერს (უნიჰიპილი) შეუძლია დამახსოვრება, მაგრამ მას გააჩნია მხოლოდ ძალიან მარტივი ლოგიკური აზროვნება - ისეთი, როგორიც აქვს ძაღლს ან ცხენს. ცნობიერ სულს კი (უჰანე) არ შეუძლია აზრის დამახსოვრება მას შემდეგ, რაც ის მისი ყურადღების ცენტრს დატოვებს. რაიმეს გახსენება ქვეცნობიერზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ქვეცნობიერს არ ძალუძს სწორად გაიხსენოს რაღაც და ხშირად დრო სჭირდება მოსაძებნად. ჩვენ ყველამ ვიცით თუ რას ნიშნავს, როდესაც ვერ ვიხსენებთ სახელს და რაღაც დროის გასვლის შემდეგ იგი უეცრად ამოტივტივდება ჩვენს გონებაში. სამაგიეროდ ცნობიერს გააჩნია ორი ძალა, რომელიც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი. ერთერთი მათგანია იმის უნარი, რომ გამოიყენოს ნება, როგორც ჰიპნოზური ძალა (ეს ნება უფრო ძლიერია, ვიდრე ქვეცნობიერი „მე“-ს ელემენტარული ძალა). მეორე ძალა კი არის უმაღლესი ფორმის ლოგიკური, ინდუქციური აზროვნების შესაძლებლობა, ის რაც ადამიანს ყველა სხვა ცხოველისგან გამოარჩევს ცხოველთა სამყაროში.
ქვეცნობიერი იღებს ჰიპნოზურ იმპულსს (მესმერულ მკურნალობას) და რეაგირებს მასზე. ცნობიერი კი არ ექვემდებარება ჰიპნოზს. იმპულსის გავლენის ქვეშ ქვეცნობიერი, ვინაიდან ის ძალზე არალოგიკურია, მიიღებს და რეაგირება ექნება აბსურდულ დავალებებზეც კი. ჰიპნოზის სეანსის თეატრალურ წარმოდგენებზე ადამიანებს აჯერებენ ყველაზე უაზრო ფაქტებს საკუთარ თავზე და ამით ართობენ ხოლმე მაყურებლებს (სამწუხაროდ).
ქეისი 8
მაგალითები კაჰუნების “სიკვდილის ლოცვისას” გამოყენებულ მთავარ ძალაზე, რომელიც დაკავშირებულია რწმენასთან, რომ ადამიანს ორი სული აქვს - ქვეცნობიერი და ცნობიერი.
ზოგადი მიმოხილვა:
ჰავაიზე ჩემი ყოფნისას წარმოდგენა სახელწოდებით “სამოთხის ჩიტი”, ჰავაის ვულკანი და კაჰუნების “სიკვდილის ლოცვა”, ჰავაის ყველაზე დიდ რეკლამას უკეთებდა ცივილიზებურ სამყაროში. თითქმის არც ერთი ტურისტი არ ტოვებდა ჰავაის ამ წარმოდგენის ნახვის, ან ადგილობრივი მღვდლების სასიკვდილო მაგიის გამოყენების ისტორიების მოსმენის გარეშე.
სტუმრებს ყველაზე ხშირად “სიკვდილის ლოცვის” შესახებ აინტერესებდათ ინფორმაცია. მათ როგორც ყოველთვის პასუხობდნენ, რომ ეს ცრურწმენა იყო, ან უყვებოდნენ ამ მაგიით სიკვდილის ველურ ისტორიებს. სიმართლე კი ის არის, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, რა დროსაც ჰონოლულუს Queen’s Hospital-ის სამედიცინო ჩანაწერებს ვამოწმებდი, ერთი წელიც არ ჩაივლიდა ისე, რომ რამდენიმე, პოტენციური მაგიის მსხვერპლი პაციენტი მაინც არ გარდაცვლილიყო, მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფო ყველანაირ საჭირო დახმარებას უწევდა მათ. ძველი ექიმები კი წლიდან წლამდე ცნობდნენ ნაცნობ სიმპტომებს.
ჰავაიზე არსებობდნენ რამდენიმე სხვადასხვა სახის კაჰუნები მანამ, სანამ მათ უძველესი ცოდნის გაგება შეეძლოთ. ზოგიერთი მათგანი სპირიტუალური მედიუმი იყო. ზოგიც წინასწარმეტყველი. ზოგს ქარისა და ამინდის კონტროლი ევალებოდა. რამდენიმეს მაგიის ნებისმიერი ნაწილის შესრულება შეეძლო, მათ შორის განკურნება და ელემენტების კონტროლი.
ამ სპეციალისტებს შორის იყვნენ კაჰუნები, რომლებიც შესაძლოა რამდენიმე მაგიურ ძალას ფლოდბნენ, მაგრამ ასევე “სიკვდილის ლოცვის” (ანანა) გამოყენებაც შეეძლოთ.
“სიკვდილის ლოცვის” გამოყენების შესაძლებლობა ისეთ უცნაურ და ჩვენთვის ისეთ ფანტასტიურ და შეუძლებელ მექანიზმზეა დაფუძნებული, რომ ამ სიბრძნის ყველა დეტალის გასაგებად საჭიროა საკმაოდ გავაფართოვოთ წარმოსახვა.
როგორც ვთქვი, კაჰუნებს სწამდათ, რომ ადამიანს ორი სული ჰქონდა. დაბალი ანუ ქვეცნობიერი, არ ექვემდებარება ლოგიკას და ადვილად ექცევა ჰიპნოტური იმპულსის ზემოქმედების ქვეშ.
იმისათვის, რომ “სიკვდილის ლოცვა” გამოეყენებინა კაჰუნას სხვა კაჰუნასგან მემკვიდრეობით უნდა მიეღო ერთი ან მეტი ქვეცნობიერი სული. (თუ იგი საკმაოდ განვითარებული იყო, შეეძლო მოეძებნა ქვეცნობიერი სულები და ჰიპნოზური იმპულსის მეშვეობით დაეჭირა და დაეტყვევებინა ისინი).
ძალიან ადრეულ ჰავაიზე ომის ტყვეებს ან სხვა უბედურებს აშკარად ჰიპნოზურ იმპულსს აძლევდნენ ძლიერი დოზით, რაც აიძულებდა მათ ქვეცნობიერ სულებს, სიკვდილის შემდეგ, განცალკევებულიყვნენ ცნობიერი სულებისგან და დარჩენილიყვნენ მოჩვენებებად, რათა ედარაჯათ წმინდა ქვების საცავებთან ან ადგილობრივების ტაძრებთან, რომლებიც დეგრადირებული კაჰუნაიზმის გამოვლინება იყო. სავარაუდოა, რომ ამ უბედურებს, მათი სიკვდილის შემდეგ, ავალებდნენ კაჰუნების სამსახურს “სიკვდილის ლოცვისას”.
კაჰუნებს როგორც ყოველთვის ერთი ან მეტი (მაქსიმუმ სამი) დატყვევებული, ქვეცნობიერი სული ჰყავდათ. როდესაც კაჰუნა გადაწყვეტდა, რომ ვიღაცის სიკვდილისთვის უნდა ელოცა, ის დამწყვდეულ სულებს თავისთან იხმობდა და აძლევდა მესმერულ დავალებებს, რომ აეღოთ მანა იმ საჭმლიდან და სასმლიდან, რომელიც განთავსებული იყო იატაკზე დაგებულ მატრასზე და შემოსაზღვრული იყო სხვადასხვა საგნებით, როგორიცაა პატარა თეთრი ქვები და რაიმე კონკრეტული ხის ნაჭრები.
ეს მანა სწორედ ის მთავარი ძალაა, რომელიც ადრე განვიხილეთ. ეს ძალა რა თქმა უნდა კაჰუნას სხეულიდან გადადიოდა საჭმელში, სასმელში და სხვადასხვა საგნებში, რომელთაც ერქვათ პაპა ანუ “აკრძალული”. ვარაუდობდნენ, რომ როდესაც საჭმლიდან და სასმლიდან მანას იღებდნენ, ასევე იღებდნენ სხვადასხვა ნივთიერებებსაც, განსაკუთრებით ჯინისგან (ალკოჰოლური სასმელი), რომელიც ბოლო დროს პაპა-ს ნივთებს შორის იდო. (გაიხსენეთ ბარონ ფერსონის ამბავი, როდესაც მას მთვრალი ადამიანისგან გადაეცემოდა ინტოქსიკაცია).
სულებს ასევე ეძლეოდათ ძალიან მკაფიო დავალებები, თუ რა უნდა მოემოქმედებინათ ამ ძალის მეშვეობით. მათ ძაღლებივით უნდა აეღოთ სუნი, მომავალი მსხვერპლის თმის ღერიდან, ან ტანსაცმლის ნაჭრისგან და გაჰყოლოდნენ მას. როდესაც მსხვერპლს იპოვნიდნენ მათ სწორი მომენტი უნდა შეერჩიათ მის სხეულში შესაღწევად. სულები ამას იმ პარალიზური შოკის ენერგიის გამოყენებით აღწევდნენ, რომელსაც მათი პატრონი აძლევდა მათ, მთავარი ძალის სანაცვლოდ. ბრძანება, რომელსაც სულები იღედბნენ ასე ჟღერდა:
“ო ლონო, ისმინე ჩემი ხმა. გეგმა ასეთია: გაემგზავრე --------- სკენ და შეაღწიე მასში; შედი და შესისხლხორცდი მასში; შესისხლხორცდი და გაიჭიმე.”
“შესისხლხორცებას” და “გაჭიმვას” ისინი განსხვავებული მნიშვნელობით ამბობდნენ. პროცესი მდგომარეობდა მსხვერპლის სხეულში შეღწევაში, ან მათთან მიწებებაში. ამის შემდეგ, სულები იწყებდნენ მსხვერპლისგან მთავარი ძალის ამოცლას და თავიანთ მოჩვენებით სხეულებში დასაწყობებას (მოჩვენებით სხეულებზე მოგვიანებით გვექნება საუბარი). როდესაც მსხვერპლს მთავარი ძალა ფეხებიდან გამოეცლებოდა, მათ ეწყებოდათ ფეხების პარალიზება, რაც სამ დღეში აღწევდა მუხლებამდე, ბარძაყებამდე, და საბოლოოდ მზის წნულამდე ან გულამდე, რა დროსაც მსხვერპლი კვდებოდა.
მისიის შესრულების შემდეგ, სულები დიდძალი მთავარი ძალით დამუხტულნი ტოვებდნენ სხეულს და უბრუნდებოდნენ თავიანთ პატრონს. თუ მსხვერპლს სხვა კაჰუნა გამოიხსნიდა მას შეეძლო ეს სულები თავიანთ პატრონთან გაეგზავნა და გამოეყენებინა ჰიპნოზური დავალება, რათა ისინი გამომგზავნს დასხმოდნენ თავს, რაც ასევე ფატალური შედეგით მთავრდებოდა გამომგზავნისთვის. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, კაჰუნა, რომელიც სულებს (კალა) მსხვერპლთან გზავნიდა, ატარებდა განწმენდის რიტუალს. ან, უფრო ხშირად, ის ადამიანი, რომელიც კაჰუნას დაიქირავებდა “სიკვდილის ლოცვის” შესასრულებლად, და რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მომავალი მსხვერპლი ასეთ საშინელ სასჯელს იმსახურებდა, დასახელდებოდა პასუხისმგებელ პირად და სწორედ ეს უკანასკნელი ხდებოდა იმ სულების მსხვერპლი, რომელსაც სხვა კაჰუნა უკან, დამნაშავისკენ გამოგზავნიდა მანამ, სანამ ისინი თავის პირვანდელ დავალებას შეასრულებდნენ.
წარმატებული მისიის შემთხვევაში მათი პატრონი, დაბრუნებულ სულებს ავალებდა ეთამაშათ მანამ, სანამ ისინი ბოლომდე არ დახარჯავდნენ იმ მთავარ ძალას, რომელიც მკვლელობის პროცესისას მიიღეს. მათი თამაში ჩვეულებრივ იმ ფორმით იყო, რასაც ჩვენ “პოლტერგეისტის აქტივობას” ვუწოდებთ. ისინი ხმაურობდნენ და ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, ქმნიდნენ სხვადასხვა სახის ქაოსს და ა.შ. დოქტორმა ბრიგჰემა ერთ ღამეს გაიგონა თუ როგორი ხმაური გამოდიოდა ერთი კაჰუნას ქოხიდან, შემდეგ მას უთხრეს, რომ ასე თამაშობდნენ სულები.
“სიკვდილის ლოცვის” არც ერთი არსებული ახსნა-განმარტება, როგორიცაა საიდუმლო საწამლავი, ან “ცრურწმენის შიშით სიკვდილი”, არ იყო სწორი. თითქმის არასდროს არ იცოდა მსხვერპლმა, რომ მაგიის გამოყენებით მოკვდებოდა.
ამის საილუსტრაციოდ ორ მაგალითს მოვიყვან, სადაც ნახავთ, რომ შიშის ელემენტი საერთოდ არ ფიგურირებს.
მაგალითები:
(ა) ერთხელ ჰონოლულუში ახალგაზრდა ირლანდიელი ჩამოვიდა თანამედროვე ტაქსით. ის წითური, ფიცხი და უშიშარი იყო.
მან ქალაქში ჩამოსვლის დღიდან ძალიან მალე მოახერხა თავი შეეყვარებინა ჰავაელი გოგოსთვის, რომელმაც მისი სიყვარულის გამო ჰავაელ ბიჭზე ნიშნობა გააუქმა. გოგოს ბებიამ ყველაფერი გააკეთა მის გადასარწმუნებლად, რადგან ხედავდა, რომ ირლანდიელს კეთილი სურვილები არ ამოძრავებდა. საბოლოოდ ბებია დაიმუქრა, რომ ცა დასჯიდა ირლანდიელს თუ გოგონას თავს არ დაანებებდა.
ბუნებრივია ირლანდიელს არანაირი შიში არ გააჩნდა ცის ან სამოთხის მიმართ. მას უფრო მეცნიერული დამოკიდებულება ჰქონდა ცხოვრებისადმი და ალბათ მიჩვეულიც იყო მსგავს მუქარებს ბებიებისგან და დედებისგან. რა თქმა უნდა ასეთ მუქარები მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. ერთ დღესაც მან იგრძნო თუ როგორ “დაიძინა” მისმა ფეხებმა. მან ყველაფერი გააკეთა, რომ ემკურნალა, მაგრამ “ძილმა” ნელნელა ზემოთ ასვლა დაიწყო. ერთ დღეში მას ორი კაცის დახმარება დაჭირდა საავადმყოფოში მისასვლელად.
ყველაფერი სცადეს, რომ დაავადების მიზეზს მიეგნოთ, მაგრამ ვერაფერი იპოვნეს და შესაბამისად ვერც მკურნალობის მეთოდი მოიფიქრეს. ორმოცდაათ საათში პარალიზებამ წელამდე მიაღწია. როდესაც უკვე ბევრი ექიმი დაინტერესდა ამ საქმით, მათ შორის ჩემი ახლობელი, მათ ეჭვი გაუჩნდათ და თავის ქნევა დაიწყეს. ბოლოს მათ უხმეს მოხუც ექიმს, რომელიც უკვე დიდი ხნის მანძილზე მუშობდა კუნძულებზე. მან სწრაფად ამოიცნო “სიკვდილის ლოცვის” სიმპტომები.
ექიმმა ძირფესვიანად გამოკითხა ირლანდიელი და მალევე შეიტყო ჰავაელი გოგოს შესახებ. კიდევ უფრო მეტი ჩაძიების შედეგად შეიტყვეს ბებიის მუქარის შესახებაც, რომელსაც ბიჭი დიდ ყურადღებას არ აქცევდა. ისე რომ არაფერი უთქვამს, მოხუცი ექიმი ბებიის სანახავად გაეშურა. მოგვიანებით მან მოგვიყვა ბებიასთან დიალოგი.
“ვიცი, რომ შენ კაჰუნა არ ხარ და ამ საქმესთან არაფერი გაკავშრებს ბებია.” თქვა ექიმმა. “მაგრამ, როგორც მეგობარს, იქნებ მითხრა რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ ამ ბიჭის გადასარჩენად?”
“მართალი ხარ,” თქვა ბებიამ “მე არაფერი ვიცი ამ საქმის შესახებ და არც კაჰუნა ვარ - როგორც მოგეხსენება. მაგრამ მე მგონია, რომ თუ ბიჭი პირობას დადებს, რომ შემდეგ გემს გაჰყვება და უკან აღარასდროს დაბრუნდება, წერილსაც კი არ გამოგზავნის, შესაძლოა გამოკეთდეს.”
“მე გაძლევ გარანტიას, რომ ზუსტად ასე მოიქცევა” თქვა ექიმმა.
“ძალიან კარგი” თქვა ბებიამ აუღელვებლად.
სიტუაცია უამრავჯერ აუხსნეს ურწმუნო ირლანდიელს, მაგრამ საბოლოოდ, როდესაც მის სერიოზულობაში დაარწმუნეს, იგი შეშინდა და დათანხმდა პირობებს. ეს მოხდა ადრეულ საღამოს. იმ ღამით კი ის უკვე ფეხზე იდგა და იაპონურ გემზე ასვლაც შეძლო.
(ბ) შემდეგ მაგალითს ჩემი ჩანაწერებიდან მოვიყვან, რომელიც დოქტორ ბრიგჰემთან საუბრისას ჩავიწერე. ვეცდები მისი სიტყვები რაც შეიძლება ზუსტად გადმოვცე.
“ერთხელ ნაპუპუში, დიდ კუნძულზე წავედი” თქვა დოქტორმა ბრიგჰემმა, “მუზეუმის აშენების შემდეგ. მე მაუმა ლოაზე ასვლა მინდოდა, ადგილობრივი მცენარეების შესაგროვებლად. ეს სამ კვირიანი მოგზაურობა იყო, ადგილობრივ გიდებთან და ტვირთის მზიდავ ცხენებთან ერთად.
“ნაპუპუში ხუთი დღე დამჭირდა ხალხისა და ცხენების შესაგროვებლად, მაგრამ საბოლოოდ ოთხი ჰავაელი და რვა ცხენი და ჯორი ვიშოვე. მშვენიერი ამინდი იყო და მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ბილიკები რთული საპოვნელი გახლდათ, ყველაფერი კარგად მიდიოდა.
“მე ტროპიკული ტყის ზემოთ, უკაცრიელ მიწას მივაღწიე და ვაპირებდი მაუნა ლოას კრატერის მწვერვალისკენ გზის გაგრძელებას, როდესაც ჩემი ერთ-ერთი ბიჭი ავად გახდა. ის ოციოდე წლის, ძლიერი ჭაბუკი იყო. მე ის კაცებს დავუტოვე მოსავლელად და მწვერვალზე ავედი, ვფიქრობდი, რომ კლიმატის ცვლილებამ იმოქმედა და ის მალე გამოკეთდებოდა.
“ჩვენ ერთი დღე დავრჩით კრატერზე და ადრეულ საღამოს, ქვედა ბანაკთან და ავადმყოფ ბიჭთან დავბრუნდით. ის ზეწრებში იყო გახვეული და უკვე იმდენად სუსტად იყო, რომ ფეხზე ვეღარ დგებოდა. მე გადავწყვიტე, რომ ის მთის ქვედა დონეზე ჩამეყვანა შემდეგ დილას და უკვე სადილის მირთმევას ვაპირებდი, როდესაც უფროსი კაცები მოვიდნენ ჩემთან.
“ის ბიჭი ძალიან ავად’. თქვეს მათ. შემდეგ დიდი გაჭირვებით ამიხსნეს, რომ ჰავაელების აზრით ამ ბიჭს “სიკვდილის ლოცვის” სიმპტომები ჰქონდა. მე რა თქმა უნდა არ დავიჯერე, მაგრამ მაინც წავედი ბიჭის გამოსაკითხად.
“შენ ფიქრობ, რომ ეს სიკვდილის ლოცვაა?’ ვკითხე მე.
“არა, არა!’ მას უცებ ძალიან შეეშინდა. შემდეგ მე ვკითხე ჰყავდა თუ არა მას მტერი, რომელსაც მისი სიკვდილი ენდომებოდა. იგი ასეთს ვერ იხსენებდა, და ძალიან უნდოდა გამართლებულიყო ჩემი ვარაუდი მისი აკლიმატიზაციის შესახებ.
“მე უფრო გულდასმით გავსინჯე ბიჭი, მაგრამ ქვედა კიდურების ნელი პარალიზის ჩვეულებრივი სიმპტომების გარდა, რომელიც მთლიანი კოლაფსისკენ მიდიოდა, ვერაფერი აღმოვაჩინე. ყველა ეს სიმპტომი სიკვდილის ლოცვას მიანიშნებდა. მე ახლა უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ უფროსები მართლები იყვნენ და რომ ამ ყველაფრის უკან ვიღაც კაჰუნა იდგა. როდესაც ეს მათთან ვაღიარე, ისინი შიშმა მოიცვა, რადგან ეჭვობდნენ, რომ მთელ ჯგუფს სიკვდილი ემუქრებოდა.
“მე ჩემს სადილს დავუბრუნდი და ფიქრი დავიწყე. ამავდროულად ერთ-ერთი კაცი განაგრძობდა ბიჭის გამოკითხვას. ცოტა ხანში იგი საინტერესო ინფორმაციით დაბრუნდა. ბიჭის სახლი ჰავაისთან მიმდებარე სოფლის ვიწრო ხეობის ქარიან ადგილზე იდგა, რომელიც ზღვას უერთდებოდა. როგორც წესი, ამ სოფელში ჰაოლები (თეთრები) არ დაიშვებოდნენ, და მათი ბებერი კაჰუნა ყველაფერს აკეთებდა, რათა ხალხის იზოლირება მოეხდინა და მათ ძველი წესებით ეცხოვრათ. სხვა მოთხოვნებთან ერთად მან მის ხალხს უბრძანა, რომ ჰაოლებთან საქმე არ დაეჭირათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი სიკვდილისთვის ილოცებდა. ამ ბიჭს, რამდენიმე თვით ადრე დაუტოვებია სოფელი და კონაში საცხოვრებლად გადასულა. მას უბრალოდ დაავიწყდა კაჰუნას ბრძანება.
“ნაპუპუში ჩემს ჩამოსვლამდე ბიჭი თავის ჰავაელ მეგობრებთან ერთად ცხოვრობდა და არასდროს ჰქონია კონტაქტი თეთრკანიან ადამიანთან - ყოველ შემთხვევაში მათთან საქმე არ დაუჭერია. როდესაც მე ხალხს ვქირაობდი მთაზე ასასვლელად, ის დაუფიქრებლად შემომიერთდა. მას აზრადაც არ მოსვლია, რომ ბრძანება მისი სოფლის გარეთაც ვრცელდებოდა.
“როდესაც ამ ყველაფერს ვისმენდი უფრო და უფრო მერეოდა ბრაზი. როგორც ახლა, ვერც მაშინ ვითბენდი, როდესაც ჩემს მეგობრებს ეხებოდნენ. კაჰუნასთვის სამაგიეროს გადახდის წყურვილით შეპყრობილი, იმ ფაქტის წინაშე ვიდექი, რომ ჩემი სამუშაო უნდა დამთავრებულიყო თუ ბიჭი გარდაიცვლებოდა და მომიწევდა მისი სანაპიროზე ჩასვენება.
“როდესაც ამ ფიქრებში ვიყავი, ერთ-ერთი ჯგუფის წევრი მოვიდა ჩემთან სალაპარაკოდ ყველას სახელით და ძალიან ბუნებრივი რჩევა მომცა. მან ზრდილობიანად შემახსენა, რომ ყველა ჰავაელმა იცოდა ჩემი დიადი კაჰუნობის შესახებ და რომ მე ცეცხლზე-მოსიარულეც ვიყავი. ის ძალზე მარტივ საქმედ თვლიდა, რომ შესაბამისი ზომები მიმეღო, სიკვდილის ლოცვა კაჰუნასთვის დამებრუნებინა და ბიჭი გადამერჩინა.
“კაცები მოუთმენლად მელოდნენ და მე მათ გამომეტყველებაში ვამჩნევდი თუ როგორ სჯეროდათ, რომ ამ შელოცვის უკან გაგზავნას და ყველაფრის გამოსწორებას შევძლებდი. თავი კუთხეში მიმწყვდეულად ვიგრძენი. მე წლების მანძილზე ვცრუობდი, ახლა კი ჩემი სიცრუის გამომჟღავნების დრო დადგა. ძალიან არაკომფორტულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. თუ ამის გაკეთებაზე უარს ვიტყოდი, ისინი ჩათვლიდნენ, რომ მე იმ კაჰუნასი მეშინოდა და არც ისეთი ძლიერი ბიჭი ვიყავი, როგორადაც თავი მომქონდა.
“მე რა თქმა უნდა ყოველთვის მქონდა ჩემი სიამაყე, და ჩემს ხალხს რომ უბრალო თეთრ ბუმბულად არ მოვჩვენებოდი გადავწყვიტე, რომ შელოცვის კაჰუნასათვის დაბრუნება მეცადა. ეს ალბათ ყველაზე ადვილი რამაა, რაც ახალბედა ჯადოქარმა შეიძლება გააკეთოს. შელოცვა მომზადდა და მოთვინიერებული სულები გამოგზავნილ იქნა. ერთადერთი რაც მე უნდა გამეკეთებინა იყო ის, რომ სწორი არგუმენტების საშუალებით, ისინი ჩემს მხარეს გადმომებირებინა, და შემდეგ მთელი ჩემი ძალისხმევა გამომეყენებინა, რათა ისინი უკან, კაჰუნასკენ გამეგზავნა მასზე თავდასხმის მიზნით. მე ვგრძნობდი, რომ ეს სირთულეს არ წარმოადგენდა, რადგან ბიჭი უდანაშაულო იყო.
“თი-ს ფოთლებისგან საკმაოდ შორს ვიყავით, ჩვეულებრივ ამ ფოთლებს პაციენტს უსვამენ ხოლმე, ეს სულების განდევნის რიტუალის ნაწილია, მაგრამ მე მათ არასდროს ვთვლიდი საჭიროდ. თან მე ძალიან გაბრაზებული და წყობიდან გამოსული ვიყავი. ბოლოს ავდექი და ვთქვი: ‘თქვენ ხომ ყველამ იცით თუ როგორი ძლევამოსილი კაჰუნა ვარ?’ მათ დაბეჯითებით დამიქნიეს თავი. ‘მაშ მიყურეთ,’ აღმოვთქვი მე, წავედი ბიჭთან და საქმეს შევუდექი.
“საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ საჭიროა სულებთან ისეთი დამაჯერებელი არგუმენტების მოფიქრება, რომ მათ ჩათვალონ, რომ მათი გამომგზავნი ნამდვილი ეშმაკია, რადგან ასეთი სუფთა და უდანაშაულო ადამიანის მოსაკლავად გამოგზავნა ისინი. მე ვიცოდი, რომ თუ მათ გულს მოვიგებდი, მათ ემოციებზე ვიმუშავებდი და ავაჯანყებდი, წარმატებაც გარანტირებული იქნებოდა. რა თქმა უნდა შესაძლებელი იყო კაჰუნას ‘კალა’ (თავდაცვის რიტუალი) ჰქონოდა ჩატარებული თავის თავზე; მაგრამ ეს ნაკლებ სავარაუდო იყო, რადგან მას არ უნდა შეშინებოდა, რომ მე მისი შელოცვის უკან გაგზავნა შემეძლო. ეჭვი მეპარებოდა, რომ ჩემს შესახებ საერთოდ რაიმე ინფორმაცია ჰქონოდა.
“მე ბიჭთან დავჯექი და დავიწყე სულებთან კამათი. პოლიტიკოსზე ენამახვილი გავხდი. მე შევაქე ისინი და აღვნიშნე თუ როგორი კარგი ყმაწვილები იყვნენ, როგორი სანდომიანი და ჭკვიანი. შემდეგ ნელ-ნელა შევცვალე თემა და მათ ვუთხარი, თუ როგორი დასანანია, რომ კაჰუნამ ისინი მძევლებად აქცია, იმის მაგივრად, რომ მათთვის მშვენიერ სამოთხეში განსვენების საშუალება მიეცა. მე ავუხსენი თუ როგორ დაამწყვდია ისინი კაჰუნამ და როგორ იყენებდა მათ. მე დღესაც ვთვლი, რომ საუკუნის მონოლოგი მქონდა. ამ დროს ჰავაელები თავიანთთვის ბუტბუტებდნენ.
“ბოლოს, როდესაც ჩავთვალე, რომ სულების გადარწმუნება დასრულებული იყო და ისინი მზად იყვნენ კაჰუნა შუაზე გაეხლიჩათ, მე საბოლოო ბრძანების გასაცემად მოვემზადე, რომ დაბრუნებულიყვნენ უკან და ათჯერ უფრო მძაფრი სასჯელი მოევლინათ კაჰუნასთვის, ვიდრე მას ბიჭისთვის ჰქონდა განზრახული. იმ დროს ძალიან ხმამაღლა შემეძლო ღრიალი. ახლაც შემიძლია! [ამ დროს დოქტორმა თავი გადააგდო და ისეთი ძალით დაიღრიალა, რომ მთელი სახლი შეზანზარდა.] აი, ზუსტად ასეთი ხმით გავეცი ბრძანება. ისეთი ძალით დავიყვირე, რომ ცხოველებიც კი დაფრთხნენ. კაცები გარეთ გამოიქცნენ, ბიჭს კი შიშისგან კინაღამ გული წაუვიდა.
“ჩემთვის ეს საოცარი გონებრივი, ემოციური და ფიზიკური სამუშაო იყო. მთელი სურვილი და კონცენტრაცია ამ ბრძანებაში ჩავაქსოვე. როდესაც ის სამჯერ გავიმეორე აკანკალებული დავჯექი ბიჭთან.
“ვცდილობდი გონება ისევ დაძაბული მქონოდა და საერთოდ არ მეფიქრა იმაზე თუ რამდენად იმუშავა ჩემმა ბრძანებამ. ამ დროს მზეც გადავიდა და ვარსკვლავებიც გამოჩნდა. ბიჭი ჩუმად იწვა და ელოდა. შორიდან უხილავი ძალებით დაშინებული, მაგრამ დაიმედებული ჰავაელები გვიყურებდნენ. რაღაც მომენტში ჰაერი ისე გახშირდა, თითქოს არამიწიერი ძალები იბრძოდნენ ჩვენს გარშემო.
“ისტორიაში ყველაზე გრძელი ერთი საათი მიიწურა და მე უცნაური გრძნობა დამეუფლა. თითქოს ჰაერი უცბად დამშვიდდა. მე ღრმად ჩავისუნთქე. რამდენიმე წამში ბიჭმა დაიჩურჩულა. ‘უაუაე... მაიკაი’ (ფეხები... კარგადაა).
“სიხარულისგან ყვირილი მინდოდა, დავჯექი და ბარძაყების დამასაჟება დავუწყე, რომლებიც ისე რეაგირებდნენ, თითქოს გაყინულები იყვნენ და ლღვებოდნენ. ნელ-ნელა ცირკულაცია აღდგა და ფეხის თითებმაც დაიწყეს ამოძრავება. გარშემომყოფები ერთმანეთს ულოცავდნენ. ეს ჩემი კაჰუნობის კარიერის მწვერვალი იყო. ერთ საათში ბიჭი ფეხზე იდგა და მის პოის მიირთმევდა.
“მაგრამ ისტორია ამით არ დამთავრებულა. მე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვიღაც ძალიან ცუდად მოვკალი. მე ჩემი ნახელავის გადამოწმება და იმის გაგება მინდოდა, თუ რა დაემართა კაჰუნას. გადავწყვიტე, რომ მოგზაურობა მალევე დამემთავრებინა და ბიჭის სოფელში წავსულიყავი - მცენარეების შეგროვებამ მაინც წარუმატებლად ჩაიარა.
“ჩვენ სწრაფად ვმოძრაობდით და მთებზე ვბანაკდებოდით. ერთ ღამეს მაუნა კეას ტბაზე დავრჩით და მაუნა ლოას კრატერი გამოვიკვლიეთ. დღის მანძილზე ვიწვოდით, ღამით კი ვიყინებოდით.
“სულ მალე ქვეყნის ქვედა ნაწილს მივუახლოვდით, მთების ჩრდილოეთით. წყლის შოვნა უფრო ადვილი გახდა, მაგრამ ადგილი ცუდად იყო მოჭრილი და ტყე კი ხშირი. საბოლოოდ ოკეანესაც მივაღწიეთ, ვიპოვნეთ ბილიკი და გავყევით აღმართ-დაღმართ ხეობებს. ყოველთვის ზღვას მივყვებოდით.
“ერთ საღამოს ბუჩქებიდან გამოვაღწიეთ და გაშლილ მინდორზე გამოვედით. იქვე ტაროს მინდორში მოხუცი ქალი და გოგონა მუშაობდნენ. მათ მე და ბიჭს შემოგვხედეს და ყვირილით გაიქცნენ. ჩვენ მათ გავყევით და ბალახის ქოხებს მივადექით. გარშემო არავინ ჩანდა. მე იმ დიდი ქოხის წინ დავჯექი, რომელშიც კაჰუნა ცხოვრობდა, ბიჭი კი ხალხის მოსაძებნად წავიდა.
“ცოტა ხანს მესმოდა მისი ყვირილი, შემდეგ კი ხმაური შეწყდა. რამდენიმე წუთში ის ახალი ამბით დაბრუნდა. იმ ღამით, როდესაც მე სულები უკან გავგზავნე, კაჰუნას ეძინა. მას ყვირილით გაუღვიძია და თი-ს ფოთლების ასაღებად გაქცეულა და მათი დანიავება დაუწყია რათა სულები მოეგერიებინა. ამ დროს გარშემო მყოფებს ეუბნებოდა, რომ მას თავდაცვის რიტუალი (კალა) არ ჩაუტარებია და რომ თეთრმა კაჰუნამ ეს სათავისოდ გამოიყენა. სულ ცოტა ხანში ის მიწაზე დაეცა და ასე იწვა ღმუილით და პირზე ქაფით. დილით კი უკვე მკვდარი იყო.
“ხალხი დარწმუნებული იყო, რომ მე მთელი სოფლის გასაჟლეტად ვიყავი მოსული. მე ვუთხარი ბიჭს, რომ წასულიყო და მათთვის ეთქვა, რომ ჩემი შურისძიება დასრულებული იყო და თუ ისინი კარგად მოიქცეოდნენ მე მათ მეგობრებად ჩავთვლიდი.
“ჩვენ კიდევ ცოტა ხანს ვიცადეთ, სანამ მათი ბელადი არ გამოჩნდა თავის ხალხთან ერთად. ის გახარებული საერთოდ არ ჩანდა, ქალების უმეტესობა კი ძალიან შეშინებული იყო. თუმცა, მე ისინი დავამშვიდე და ჩვენ მალევე დავმეგობრდით. მეტიც, უნდა აღვნიშნო, რომ მათ ძალიან კარგ ბიჭად ჩამთვალეს. არავის გამოუხატავს წყენა, რომ მე მათი კაჰუნა მოვკალი - ეს მათთვის თამაშის ნაწილი იყო.
“ვინაიდან ჩვენი ცხენები დაღლილები იყვნენ, ჩვენ მათთან დარჩენაზე დავთანხმდით. მათ გაგვიშალეს ლუაუ (სუფრა), რომელიც მიუხედავად სოფლის სიღარიბისა, სულაც არ იყო ცუდი. მართალია მათ ღორები არ ჰყავდათ, მაგრამ ძაღლის ხორცი საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა. მე არასდროს გამისინჯავს ძაღლის ხორცი, მაგრამ როგორც სრულყოფილმა კაჰუნამ აღარ ვიუარე. ჩვენ ძმებად დავიშალეთ.
“ერთადერთი რაც დღემდე არ მასვენებს ესაა: ბებერმა კაჰუნამ ფსიქიკური ძალების მეშვეობით შეიტყო, რომ მე ბიჭი დავიქირავე, მაგრამ რატომ ვეღარ შეძლო იმის დანახვა, რომ მე მას სიკვდილის ლოცვა უკან დავუბრუნე. შესაძლოა ადრე დაწვა დასაძინებლად და მალევე ჩაეძინა.
“მე ვფიქრობ ის ძალიან ძლიერი კაჰუნა იყო, რადგან მხოლოდ ასეთებს შეუძლიათ შორს დანახვა. მაგრამ არ შემიძლია იმის თქმა, თუ რატომ ვერ დაინახა მომავალი. ეგებ დაინახა და მზად იყო კიდეც ამისთვის?”
კომენტარი:
არსებობს კიდევ ერთი კაჰუნური მეთოდი მაგიის ძალით ადამიანის სიკვდილისა. მას კუნი-ს ან დაწვას ეძახიან. როგორც ჩანს ადრე მას იშვიათად იყენებდნენ, მაგრამ ამბობენ, რომ იგი მოიცავდა მსხვერპლის თმის ან რაიმე სხვა ნაწილის დაწვას და ფერფლის ზღვაში მობნევას. ამის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მაქვს, ამიტომ იმ შემთხვევისთვის ვახსენებ, რომ თუ მომავალში რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოჩნდა მკვლევარებს არ გამორჩეთ ეს, იმის გამო, რომ მე ის არ ვახსენე.
ადამიანის მაგიის გამოყენებით სიკვდილი კაჰუნების აზრით ეფუძნებოდა იმ ფაქტს, ჰქონდა თუ არა მსხვერპლს სინანული, თუ ვინმესთვის რამე ჰქონდა დაშავებული. სწორედ ეს სინანული (კომპლექსი) ხდიდა წარმატებულს უნიჰიპილის ან ქვეცნობიერი სულების თავდასხმას. ამ სინანულის გრძნობის გარეშე მსხვერპლის ქვეცნობიერი წარმატებით იგერიებდა თავდამსხმელ სულებს.
საუკუნეების წინ არსებობდა მაგიური რიტუალი, რომელიც მოიცავდა მსხვერპლის სათამაშოს, ან სურათის გაკეთებას, და შემდეგ მასში ქინძისთავების გაყრას. ყოველ დღე ახალი ქინძისთავი. ამის იდეა გახლდათ ის, რომ რაღაც ფორმის სიმპათიური კავშირი მყარდებოდა მსხვერპლთან და მაგიური რეაქცია დროთა განმავლობაში სიკვდილს იწვევდა. შესაძლოა ამ რიტუალს ნაკლები ძალა ჰქონდა, მაგრამ მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. ჩვენ კვლევის იმ სფეროში ვართ, სადაც არაფერია ბოლომდე გამოკვლეული. ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია თუ არ გვინდა, რომ რაიმე მნიშვნელოვანი გამოგვრჩეს, მათ შორის კაჰუნების “სწრაფი განკურნების” რიტუალი.
კაჰუნებისთვის ‘მთავარ ძალას’, ანუ მანას აქვს სამი ძალა. თუ ის ელექტრული ბუნებისაა, როგორც ეს თანამედროვე ექსპერიმენტებმა აჩვენა, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რასაც კაჰუნები მანას სამ ძალას ეძახიან იგივეა რაც სამი ძაბვა.
კაჰუნების ენაზე სამი ძაბვა ასე ხასიათდება: მანა ეწოდება დაბალ ძაბვას, რომელსაც ქვეცნობიერი სული იყენებს და მანა-მანა - მაღალი ძაბვა, რომელსაც ცნობიერი სული იყენებს როგორც “სურვილს” ან ჰიპნოზურ ძალას. არსებობდა ასევე უფრო მაღალი ძაბვა, მანა-ლოა ანუ “უძლიერესი ძალა” და ფიქრობდნენ, რომ მას მხოლოდ ზეცნობიერი სული იყენებდა ორი დაბალი სულის მეშვეობით და ამით ადამიან სამებას კრავდა.
თანამედროვე მთავარი ელექტროობის სწავლება ხორციელდება ადამიანის სხეულზე და თავის ქალაზე სადენების მიერთებით, რის შემდეგაც იყენებენ მაღალი მგრძნობელობის ინსტრუმენტებს, რომლებიც ზომავენ, თუ რა ელექტრულ მუხტს ატარებენ სადენები.
Life ჟურნალის 1937 წლის, 8 ოქტომბრის ჩანაწერები აჩვენებს ტესტების შედეგებს დიაგრამების და გრაფების სახით. აღმოჩენილ იქნა ელექტროობის ორი ძაბვა, დაბალი ძაბვა სხეულის ქსოვილებში და მაღალი ძაბვა ტვინში. აქედან დაასკვნეს, რომ ფიქრის პროცესი მოიცავს მთავარი ძალის, მაღალი ძაბვის ელექტრულ აქტივობას.
კაჰუნები ფიქრის პროცესს მანასთან აკავშირებდნენ. სიტყვა “მანა-ო” ნიშნავს “რომ იფიქრო”, ისინი ამატებენ “ო”-ს იმის გამოსახატად, რომ ეს არის პროცესი, რომელიც იყენებს მანას ფიქრის წარმოსაქმნელად.
ზემოთხსენებულიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უძველესი კაჰუნები კარგი ფსიქოლოგები იყვნენ. ისინი ქვეცნობიერს და ცნობიერს ორ სულად მიიჩნევდნენ და მათ იცოდნენ იმ მთავარი ელექტრული ძალის ორი სიძლიერის შესახებ, რომელსაც ახლა “სხეულის ტალღები” და “ტვინის ტალღები” ეწოდებათ. კაჰუნებმა ასევე იცოდნენ ზეცნობიერი სულის არსებობის და იმ ძაბვის შესახებაც, რომელსაც ის იყენებდა. ეს უმაღლესი ძაბვა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბოლო ორი ელემენტი თანამედროვე მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია, მომავალში ალბათ ცნობილი გახდება. ჩვენი ახლანდელი გამოძიების წყალობით უამრავი სამხილი გვაქვს რაც კაჰუნების ფსიქოლოგიის სისწორეზე მიუთითებს. (ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ კაჰუნების ფსიქოლოგიის სისტემამ, მიუხედავად იმისა, რომ ის არასრულყოფილია, შესაძლებელი გახადა ცეცხლზე-სიარული. ეს მუშა სისტემა იყო და ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, სანამ ასეთივე მუშა სისტემას არ აღმოვაჩენთ.)
ასევე აღმოჩნდა, რომ მთავარი ძალა ან მაგნიტური ძალა, რომელიც მთავარი ძალის მიერ მუშავდება სხეულის ქსოვილებში, სხვა უცნაურ ეფექტებსაც ახდენს სხვადასხვა მდგომარეობაში.
ცნობილ მედიუმთან, საფრანგეთში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ შესაძლებელია ხორცისა და თევზის ლპობის შეჩერება ხელში ჭერისას და მაგნიტური დამუშავებისას. ასე დამუშავებული ფორთოხალი და სხვა ხილი, ასევე ბოსტნეულიც, არ ლპებოდა, არამედ ნელა ხმებოდა.
სხვა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მთავარი ძალა შესაძლოა განთავსდეს სხვადასხვა საგნებში, როგორიცაა ხე, ფურცელი ან ნაჭერი. წყალი იღებდა და აჩერებდა მუხტს, ხოლო მინა არა.