თავი 11
თავი 11
მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი
სწრაფი განკურნება მაღალი მეს მეშვეობით. მტკიცებულებები და მეთოდები
სალოცავი ლორდეში (საფრანგეთი). ქეისი 20. კაჰუნა სწრაფად კურნავს გატეხილ ძვალს. როგორ მუშაობს მაღალი მე, მაღალი ძაბვით დამუხტული მთავარი ძალა, ფიზიკური და აკა სხეულის ქსოვილები. კომპლექსი, ანუ იდეების ფიქსაცია, „ის რაც შიგნიდან ჭამს“ ქმნის დაბრკოლებებს. დაბალი მე მოხიბლულია მყარი საგნებით. ქეისი 21. მტკიცებულება აპორტის მეშვეობით.
ქალაქ ლორდეს (საფრანგეთი) ქრისტიანულ სალოცავში, ექიმებმა გამოიკვლიეს ის ხალხი, ვინც იქ განკურნების იმედად დადიოდა. ისინი 50 წლის მანძილზე აგროვებდნენ ჩანაწერებს განკურნებულ ადამიანებზე. ეს ჩანაწერები ასახავს დაავადებების სიმპტომებს, განკურნებისთვის დახარჯულ დროს და განკურნების შემდგომ მდგომარეობას.
არსებობს ორი სახის სასწაულებრივი განკურნება. პირველი ისე სწრაფად ხდება, რომ მას შეგვიძლია სწრაფი განკურნება ვუწოდოთ. ამ დროს ავადმყოფობები ან დეფორმირებული ნაწილები ან სხეულის ქსოვილები წამებში, ან უმეტესად წუთებში უბრუნდებიან ჯანმრთელ, ნორმალურ მდგომარეობას.
მეორე სახის განკურნება პირველს ჰგავს იმ განსხვავებით, რომ დაზიანებული ქსოვილების ჩანაცვლებას რამდენიმე დღე სჭირდება. სავარაუდოდ ეს დამოკიდებულია ჩვეულებრივი რეგენერაციის პროცესის საგრძნობ აჩქარებაზე.
აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც სხვებისთვის ლოცულობენ, უფრო კარგად იკურნებიან ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ თავიანთი თავისთვის ლოცულობენ.
ამ გზით, კაცობრიობისთვის ცნობილი თითქმის ყველა დაავადება განკურნებულა. სიმსივნეები გამქრალა, დეფორმირებული ძვლები გასწორებულა, მხედველობა და სმენა აღდგენილა – ეს დალოცვილი სია საკმაოდ გრძელია.
ქეისი 20
კაჰუნა სწრაფად კურნავს გატეხილ ძვალს
წინასწარი შენიშვნები:
რელიგია სასწაულს ხსნის იმით, რომ ღმერთი ან წმინდანი ან სხვა ზეადამიანი ასრულებს სწრაფი განკურნების სასწაულს, მაგრამ როგორც ცეცხლზე სიარულის და მომავლის ხედვის (და მისი შეცვლის) შემთხვევებში, აქაც მხოლოდ კაჰუნებს აქვთ დეტალური ახსნა-განმარტება, თუ როგორ ხდება ასეთი მოვლენები. კაჰუნების რწმენისა და პრაქტიკების დეტალური შესწავლა ჩვენი ერთადერთი იმედია იმ სასწაულების გასაგებად, რომლებსაც უმაღლესი არსებები ყოველდღიურად ახორციელებენ, მთელს მსოფლიოში. აშკარაა, რომ მლოცველი ქრისტიანები და მენტალური მკურნალები ზოგჯერ მართლაც კურნავენ სხეულსა და „საფულეს“. ეს, საბედნიეროდ, სიმართლეა. მაგრამ ისინი ამას ვერ აკეთებენ აბსოლუტური დარწმუნებულობით. მილიონი იმედგაცრუების ფონზე მხოლოდ ერთი წარმატებული ფაქტი გვხვდება ხოლმე. მართალია მაღალ მე-სთან ვერც კაჰუნები აღწევდნენ წარმატებას ყოველთვის, მაგრამ საშუალო მონაცემებით მათ საუკეთესო შედეგი ჰქონდათ.
დოქტორ ბრიგჰემს გაუმართლა და შეძლო კაჰუნების მიერ სწრაფი განკურნების რამდენიმე შემთხვევის შესწავლა, მაგრამ ყველაზე მარტივი მაგალითი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია, იყო შემდეგი:
ქეისი:
ჩემს ახლო და სანდო მეგობარს, ჯ. ა. კ. ქომბსს, ჰონოლულუდან, რომელიც კაჰუნების სიბრძნის ახალბედა მოწაფე გახლდათ და რომელმაც ფასდაუდებელი დახმარება გამიწია, სიდედრად ჰყავდა კუნძულებზე ერთერთი ყველაზე ძლიერი ქალი კაჰუნა. მას უყვარდა ქომბსი და მისი საიდუმლო ცოდნის, ძალის და პრაქტიკების შესახებ ბევრ რამეს უყვებოდა. ერთხელ ქომბსი, მისი სიდედრის სოფლის სახლში, სანაპიროს წვეულებას ესწრებოდა. წვეულებაზე უამრავი სტუმარი ირეოდა, როდესაც სანაპიროსთან მანქანა გაჩერდა და იქიდან რამდენიმე ჰავაელი გადმოვიდა. მათ შორის ნასვამი კაციც, რომელსაც გადმოსვლისას რბილ ქვიშაზე ფეხი აუცდა და წაიქცა. წაქცევისას კი ძვლის მოტეხვის დამახასიათებელი ხმა გაისმა.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მას მარცხენა ფეხის მოტეხილობა ჰქონდა ტერფთან. ძვლის ბოლოებს ცხადად ეტყობოდა, რომ კანიდან იყო გამოსული. ქომბსი მალევე მიხვდა ტრავმის სერიოზულობას, რადგან მისთვის ასეთი ხმა უცხო არ იყო, მას თვითონვე ჰქონია ასეთი მოტეხილობა. მან გადაწყვიტა, რომ კაცი სასწრაფოდ წაეყვანათ ჰონოლულუში სამკურნალოდ, თუმცა ქომბსის სიდედრი თვითონ მივიდა ადგილზე და საქმეს შეუდგა. ის ტრავმირებულ კაცთან ჩაიმუხლა, ფეხი გაუსწორა, კანიდან გამოწეულ ძვლებზე ხელი დააჭირა და ხმადაბლა დაიწყო განკურნების ლოცვის წარმოთქმა. ის მალევე გაჩუმდა. გარშემომყოფები, რომლებიც დაძაბულნი უყურებდნენ, ვერაფერს ხედავდნენ, სანამ მან კაცის ფეხიდან ხელები არ აიღო და ჰავაურად წარმოთქვა „განკურნება დასრულებულია. წამოდექი. შეგიძლია გაიარო.“
ტრავმირებული კაცი, ახლა სრულიად გამოფხიზლებული, განცვიფრებით წამოდგა ფეხზე და დაიწყო ნაბიჯების გადადგმა. განკურნება სრულყოფილად იყო დასრულებული. ფეხს მოტეხილობის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა.
კომენტარი:
კაჰუნების სწრაფი განკურნების ახსნა-განმარტება მოიცავს (1) მაღალ მეს, ინტელექტის უზენაესი ფორმით და ამ სამუშაოს ჩატარების უნარით. (2) მთავარი ძალის, ანუ მანას მაღალ ძაბვას, რომელიც ბუნებრივია ყველა მაღალი მესთვის და ყველა სასწაულებრივი ქმედებისას გამოიყენება. და (3) ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, დაზიანებული კიდურის ხორცი, ძვალი და სისხლი (ტექნიკურად ეს სამივე, სხეულის „ქსოვილებია“), და აკა, ანუ პაციენტის ჩრდილისებრი სხეული, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელსაც ფეხის მოტეხილი სექციის ასლი აქვს გაკეთებული.
დაბალი მე-ს ჩრდილისებრი სხეული არის ყალიბი სხეულის ყველა უჯრედისა, ასევე მისი მთლიანი ფორმისა, ასე სწამთ კაჰუნებს. მოტეხილი ძვლის გასამთელებლად, მაღალი მე ექტოპლაზმად შლის დაზიანებულ ძვალს და სხვა ქსოვილებს, ეს ჩვეულებრივ უხილავი პროცესია, მაგრამ არა ყოველთვის. ვინაიდან ჩრდილისებრი სხეულის ყალიბი უხილავი ნივთიერებისგან შედგება, შეუძლებელია მისი გატეხვა ან დაზიანება. შესაბამისად, როდესაც არსებობს ნორმალური (ჯანმრთელი) ფეხის ყალიბი, დაშლილი ნაწილების ექტოპლაზმური მატერია ყალიბში თავიდან მკვრივდება, რის შედეგადაც მიიღება სწრაფი განკურნება და კიდური თავის პირველად მდგომარეობას უბრუნდება.
ეს ახსნა-განმარტება ყველა იმ განკურნებას ეხება, სადაც გვაქვს დიდი სირთულის დეფორმირებები ან დაავადებები. თუ არის სიმსივნე, ის გარდაიქმნება ექტოპლაზმურ ნივთიერებად და შემდეგ ისევ ნორმალურ ქსოვილად, რათა შეავსოს სხეულის დასნეულებული ნაწილის ყალიბი და აღადგინოს იმ მდგომარეობამდე, ვიდრე სიმსივნე განვითარდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ კაჰუნების განმარტება ზოგადად მარტივია, უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს გარკვეული პირობები, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. ყველანაირი ეჭვი იმის შესახებ, რომ არსებობს რაიმე სახის ცოდვა ან დანაშაული, უნდა გაქარწყლდეს. ეგრეთწოდებული „რწმენა“, ნებისმიერი ხელის შემშლელი კომპლექსისგან გათავისუფლების წინაპირობაა.
კომპლექსს, ანუ იდეების ფიქსაციას კაჰუნები უწოდებენ იმას „რაც შიგნიდან გვჭამს.“ ეს არის დაბალი მეს რწმენა ან მსჯავრდება. ეს რწმენა, შესაძლოა იყოს სწორი ან მცდარი. როდესაც ის გამყარებულია, ანუ დაბალი მეს მეხსიერებაშია ფიქსირებული, რთულია მისი პოვნა და კიდევ უფრო რთულია მისი მოშორება.
საბედნიეროდ, თანამედროვე ფსიქოლოგიამ გამოიკვლია ქვეცნობიერი და იპოვნა კომპლექსი, თუმცა აღარ წასულა ისე შორს, რომ ეღიარებინა კაჰუნების სიმართლე, რომლებსაც სჯეროდათ, რომ არსებობს ასეთი რამეები და ისინი იწვევენ უსიამოვნებებს.
თუმცა ერთი რამ, რაც თანამედროვე ფსიქოლოგიას ჯერჯერობით არ შეუსწავლია, მაგრამ რომელიც კაჰუნებმა (თავისდა სასიკეთოდ) იცოდნენ, არის ის ფაქტი, რომ კომპლექსის მოშორების ნებისმიერი მცდელობა გაცილებით უფრო წარმატებული იქნება, თუ ეს ძალისხმევა მოიცავს პაციენტის ცნობიერი მესადმი ლოგიკური მიმართვის სინთეზს მსუბუქი (ჰიპნოზურ) შთაგონებასთან, ფიზიკური სტიმულაციის თანხლებით.
დაბალი მე ისეა მიჩვეული, რომ შუა მეა დაკავებული წარმოსახვის საკითხებით, რომ ოდნავ ყურადღებასაც არ აქცევს იმას, რაც რაღაცით მაინც გვაგონებს ფანტაზიორობას. არაცნობიერზე შთაბეჭდილებას ახდენენ მხოლოდ რეალური და შეგრძნებადი საგნები. მაგალითად, რელიგიურ ცერემონიებში გამოყენებული წყალი, რომელიც „ცოდვებს წმენდს“ არის რაღაც ხელშესახები და შესაბამისად დაბალი მესთვის შთამბეჭდავი (მიმზიდველი). კაჰუნები პაციენტის განბანვის ცერემონიისას წყალს ცოდვების ჩამოსარეცხად იყენებენ. ისინი ასევე სხვა ბევრ ფიზიკურ სტიმულსაც იყენებდნენ – ალბათ ათი ათასი წლის მანძილზე.
იმის დამტკიცება, რომ გატეხილი ძვალი, ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, დაიშალა უხილავ, ეთერულ ნივთიერებად, ანუ ექტოპლაზმად, შემდეგ გამყარდა და ისევ ძვლად გარდაიქმნა, ჩრდილისებრი სხეულის უტეხ ყალიბში – ამის დამტკიცება – რთულია, რადგან დამკვირვებელი ამ დროს ვერაფერს ხედავს.
ამისათვის საჭიროა ყურადღება მივაქციოთ სპირიტუალიზმის ან ფსიქიკური კვლევის მიგნებებს, რადგან აქ ჩვენ ვპოულობთ ხილულ და ხელშესახებ სხეულის ქსოვილებს და სხვა ნივთიერებებს, რომლების უკვალოდ გაქრობის და გამოჩენის პროცესიც დანახულ იქნა – პროცესი, რომელსაც „დემატერიალიზაცია“ და „მატერიალიზაცია“ ეწოდება.
ამ მიგნებების დასამტკიცებლად ბევრის თქმა არაა საჭირო. გაწვრთნილი მკვლევარების მიერ იმდენი შემთხვევაა დამტკიცებული, რომ შეუძლებელია იმ ფენომენის რეალურობის უგულებელყოფა, რომელსაც კაჰუნების რწმენის კვლევების ამ ნაწილში შეეხნენ.
ქეისი 21
მტკიცებულება აპორტის მეშვეობით
წინასწარი შენიშვნები:
ვინაიდან მეცნიერებას არ ძალუძს სპირიტუალიზმის ფენომენის ახსნა, მედია და სკოლები ამ ფაქტის იგნორირებას ირჩევენ. ამის გამო ადამიანთა უმრავლესობამ ამ ფენომენის შესახებ ძალიან ცოტა ან სრულიად არაფერი იცის.
ავიღოთ აპორტის მაგალითი. არსებობს უამრავი დეტალური მოხსენება, რომელიც იმ შემთხვევებს ეხება, როდესაც ობიექტები გამოჩენილან და გამქრალან ფიზიკის მიღებული კანონებთან შეუსაბამოდ. სტენფორდის უნივერსიტეტში ბევრი შემთხვევაა აღწერილი, რომელიც სავსეა აპორტირებული ობიექტებით, რომლებიც სიცარიელიდან გააჩინეს იმ სულებმა, რომლებიც ცნობილი აპორტის მედიუმთან, ბეილთან, სეანსებს ესწრებოდნენ. და მიუხედავად ამისა, ეს გასაოცარი შემთხვევები საზოგადოდ ცნობილი არ არის.
აპორტი არის პროცესი, როდესაც რაიმე საგანი ერთ ადგილას უჩინარდება, იცვლის ადგილს და მყარდება მის ორიგინალ მდგომარეობაში. ამ მოვლენას როგორც წესი მკვდარ სულებს უკავშირებენ.
არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ მკვდარი ადამიანის სულს არ შეუძლია იმის გაკეთება, რასაც ცოცხალი ადამიანი ვერ გააკეთებს. ეს მოსაზრება ლოგიკურია საიმისოდ, რომ ფსიქიკური კვლევის თანამედროვე თეორიები ნაგავში ჩაყაროს, მაგრამ არა კაჰუნების თეორიები. კაჰუნებს სწამთ, რომ მკვდარ სულებს, ისევე როგორც ცოცხალთა სულებს, შეუძლიათ მაღალ მესთან კავშირის დამყარება და მთავარი ძალის მაღალი ძაბვის გამოყენება, აპორტირებული ობიექტის ჩრდილისებრი სხეულის ყალიბში არსებული ნივთიერებების დემატერიალიზაციისთვის და მოგვიანებით მათი რემატერიალიზაციისთვის. კაჰუნებს სწამდათ, რომ ყველაფერს აქვს თავისი ჩრდილისებრი სხეული.
ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ელექტრული წყაროს ძაბვა, ან ნაკადი ატომის გამხლეჩ მოწყობილობებში საკმაოდ მაღალია, ხდება სხვადასხვა ელემენტების ტრანსმუტაცია და სხვა ელემენტებად გარდაქმნა. ამის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ მანა, ანუ ადამიანის ელექტრული სასიცოცხლო ძალა, როდესაც ის უმაღლეს ძაბვას აღწევს, შეიძლება გამოყენებულ იქნას ხილული მატერიის უჩინარ ფორმად გარდაქმნისთვის და შემდეგ ისევ გამოჩენისთვის.
ასეთი ცვლილებების დროს – მეცნიერების მიხედვით – უნდა გამოიყოს ძლიერი სიმხურვალე ან სიცივე. მაგრამ, როდესაც მაღალ მეს შეუძლია ტემპერატურის ცვლილების მართვა ცეცხლზე სიარულისას, მისთვის არ იქნება რთული იგივე სახის კონტროლის დამყარება ობიექტების და სხვადასხვა საგნების აპორტისას.
ცოცხალი ქმნილებები ხშირად გამოიყენება აპორტებისას და მერყეობს პატარა მწერებიდან ჩიტებამდე, თევზებამდე, ცხოველებამდე და ადამიანებამდე. ცხელი ობიექტების აპორტიც მომხდარა და მათი გამოჩენისას შეუნარჩუნებიათ სიმხურვალე.
ქეისები:
(ა) ერნესტო ბოცანომ, ფსიქიკური კვლევის ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა ლიდერმა, აღწერა აპორტის შემთხვევა, რომელიც ნათლად ასახავს განსახილველ საკითხს.
„1904 წლის მარტში, კავალიერ პერეტის სეანსზე, მედიუმი ჩვენი ახლო მეგობარი გახლდათ. იგი დაჯილდოებული იყო შესანიშნავი ფსიქიკური მედიუმის უნარით და შეეძლო სურვილისამებრ განეხორციელებინა აპორტი. თავის დროზე, სულს, რომელსაც დავეკონტაქტე, ვთხოვე ჩემთვის მოეტანა პირიტის პატარა ნაწილი, რომელიც ჩვენგან 1.5 კილომეტრის მოშორებით, ჩემს საწერ მაგიდაზე იდო. სულმა მიპასუხა (ტრანსში მყოფი მედიუმის პირით), რომ ძალა თითქმის ამოწურული იყო, მაგრამ ის მაინც შეეცდებოდა ამის გაკეთებას. ცოტა ხანში მედიუმს მცირე სპაზმური შეტევები დაეწყო, რაც მიუთითებდა აპორტის მოსვლას, მაგრამ არც მაგიდაზე და არც იატაკზე ობიექტის დავარდნის ხმა არ ყოფილა. ჩვენ სულს ახსნა განმარტება მოვთხოვეთ, რომელმაც გვიპასუხა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან მოახერხა ობიექტის ნაწილის დაშლა და ოთახში მოტანა, მას აღარ ეყო ძალა მისი რეინტეგრაციისთვის. მან დასძინა „აანთეთ შუქი“. ჩვენ ასე მოვიქეცით და ჩვენდა გასაკვირად აღმოვაჩინეთ, რომ მაგიდა, ტანსაცმელი და სეანსზე დამსწრეთა თმები, ასევე ავეჯი და ოთახის პარკეტი, დაფარული იყო ბრწყინვალე, ოდნავ შესამჩნევი პირიტის მტვერით. როდესაც სეანსის შემდეგ სახლში დავბრუნდი, ვნახე, რომ პირიტი ისევ ჩემს მაგიდაზე იდო, თუმცა მას აკლდა მოზრდილი ნაჭერი, მთელი ნაწილის მესამედი, რომელიც ჩამოჭრილი იყო.
(ბ) მედიუმმა სახელად მისის გუპპიმ, რომელიც სპირიტუალიზმის ადრეულ დღეებში, შეძლებული და გამოჩენილი ქალბატონი გახლდათ, სეანსი მოაწყო თავის მეგობრებთან ერთად ჰენრი უ. ლონფელოუსთვის, იტალიაში. სეანსზე აპორტის მეშვეობით მოიტანეს ერთი კვადრატული ფუტის (0.1 კვ. მ) სისქის ყინული, რომელიც მაგიდაზე დაიმსხვრა. მეორე სეანსზე, რომლის დროსაც ცნობილ პოეტს მედიუმის ორივე ხელი ეჭირა, რამდენიმე ფორთოხალი იქნა აპორტირებული. კიდევ სხვა სეანსზე, სადაც სული მედიუმის პირით საუბრობდა და კითხულობდა თუ რა საგნების მოტანა სურდათ, შემდეგი ობიექტები იქნა აპორტირებული: ბანანი, ორი ფორთოხალი, თეთრი ყურძენი, შავი ყურძენი, კაკლის მტევანი, სამი ნიგოზი, ექვსი ქლიავი, სამი ლეღვი, ორი ვაშლი, ოთხი ძალიან დიდი ყურძენი, კარტოფილი და რამდენიმე სხვა ობიექტი. კიდევ სხვა სეანსზე აპორტირებული იქნა ცხელი ჩაი და შიშხინა შემწვარი კვერცხი. მისის გუპპიც კი პორტირდა მისი სახლიდან მეგობრის სახლში, კილომეტრ ნახევარის მოშორებით. მისის გუპპი კი საკმაოდ მსუქანი იყო.
(გ) 1926 წელს ფსიქიკური მეცნიერების ბრიტანულ კოლეჯში, მედიუმმა მისის ბარკელმა დაინახა იების ბუკეტის ჩრდილი, რომელიც მის თავზე, მრგვალი ჭაღის ქვეშ ლივლივებდა. იმავე საღამოს, იგივე ოთახში, აპორტის მედიუმ, ჰაინრიხ მელცერთან სეანსისას, ცარიელი სივრციდან მაგიდაზე იები დაეცა.
(დ) გასული საუკუნის ყველაზე განთქმული და გამოკვლეული მედიუმი გახლდათ მადამ ესპერანსა. მასთან სული სახელად „იოლანდა“ ხშირად ჩნდებოდა. იგი სრულად მატერიალიზდებოდა როგორც ლამაზი არაბი გოგონა. მას კარგად ხედავდნენ და შეეძლო აპორტის გამოწვევა სეანსის ყველა დამსწრის დასანახად. 1890 წლის 28 ივნისს, აპორტის მეშვეობით მან მოიტანა იშვიათი ოქროსფერი შროშანი, რომელიც ფესვებიანად ორ მეტრს აღწევდა და რომელსაც თერთმეტი იდეალური ყვავილი ჰქონდა. სეანსის დასრულებისას მან სცადა მცენარის დემატერიალიზაცია და უკან წაღება, მაგრამ არ ეყო ძალა და ეს ვერ მოახერხა. მან ითხოვა, რომ მცენარე ბნელ კარადაში მოეთავსებინათ და შემდეგ კიდევ სცდიდა. მან ასევე თქვა, რომ მცენარე ნათხოვარი იყო და უკან უნდა დაებრუნებინა. 5 ივლისს, ათის ნახევარზე, მცენარე ბნელი კარადიდან აიღეს და სეანსის დამსწრეების შუაში დადეს. ის ძალიან სწრაფად გაქრა. სხვა სულმა, არა იოლანდამ, განმარტა, რომ მცენარე, მის უჩინარ ფორმაში, ოთახში, პირველ სეანსზე, მის გამყარებამდე და ხილულად გახდომამდე ერთი საათით ადრე მოიტანეს.
კომენტარი:
ზემოთ მოყვანილი მაგალითების მიხედვით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ კაჰუნების მიერ ნახსენები ძალა. სულებს უეჭველად აქვთ წვდომა არსებებთან, რომ ძალა აპორტის გასაკეთებლად გამოიყენონ და ვინაიდან ცოცხალ არსებებს არ შეუძლიათ აპორტის გაკეთება, უნდა დავასკვნათ, რომ მკვდარ სულებს რაღაც სახის დახმარება აქვთ უზენაესი არსებებისგან. აპორტირებული ობიექტების ჩრდილისებრი სხეული ხშირად ფილმისებურად დაუნახავთ, მაგრამ აპორტის ფორმაში. ზოგ შემთხვევებში მატერიის თხელი მასის ღრუბელს ხედავენ, რაც მიუთითებს, რომ მის დანაწევრებულ მდგომარეობაში აპორტის სუბსტანცია შესაძლოა ოდნავ ხილული იყოს და რა თქმა უნდა დიდად გაშლილი.
მცენარეები, მწერები, ცხოველები ან ადამიანები დაზიანებებს არ იღებენ აპორტისას, მაშინაც კი როდესაც ისინი შორეული ადგილებიდან მოჰყავთ და დახურულ კარებში ატარებენ სეანსებზე. მსგავსი პროცესების გამოყენება გატეხილი ძვლის განკურნებისთვის ამ მოვლენასთან შედარებით ძალიან მარტივი ჩანს.
მიუხედავად იმისა, რომ კაჰუნებს არ შეეძლოთ დეტალურად აეხსნათ, თუ როგორ იყენებენ მაღალი მეები, მაღალი ძაბვით დამუხტულ მთავარ ძალას ტემპერატურის გასაკონტროლებლად, ან აპორტის დემატერიალიზაციისთვის და რემატერიალიზაციისთვის, ისინი საკმაოდ დარწმუნებულები იყვნენ, რომ სწორედ ეს ძალა იყო გამოყენებული და მას თითქმის ყოველთვის ცოცხალი არსებები გამოიმუშავებდნენ. ისინი ასევე დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჩრდილისებრი სხეული ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ პროცესში.
ადამიანები, რომლებიც აპორტებად გამოუყენებიათ, იხსენებენ უგონოდ ყოფნის მცირე პერიოდს, ან იგივენაირ პერიოდებს, როდესაც მათი გრძნობები და გონებრივი შესაძლებლობები გაცილებით უფრო მკაფიო და სწრაფი გახდა. თუმცა, ისინი აღწერენ მხოლოდ მცირე ფიზიკურ შეგრძნებას ცვლილებების დროს. ეს სამხილი ადასტურებს ჰუნას თეორიას, რომ ჩვენ ჩვენს დაბალ ჩრდილისებრ სხეულში გვაქვს ყველა ორგანოსა და ქსოვილის ასლი და რომ ისინი ფუნქციონირებენ მაშინ, როდესაც ჩვენ ცოტა ხნით ვტოვებთ სხეულს აპორტის შემთხვევებისას, ან სიკვდილის შემდეგ, როდესაც ჩვენ სამუდამოდ განვეშორებით ჩვენს სხეულს.