თავი 9
თავი 9
მომავლის ხედვის მნიშვნელობა ფსიქომეტრიულ ფენომენში და სიზმრებში
თავისუფალი ნებისა და წინასწარმეტყველების პრობლემა. კაჰუნების ახსნა-განმარტება. წინასწარმეტყველება მაღალი მესგან მოდის, დაბალი მეს გავლით ცნობიერ გონებამდე. სიზმრები წინასწარმეტყველების ღია კარია.
მომავალი მოვლენის დანახვა, მის მოხდენამდე, კიდევ უფრო საოცარი რამაა, ვიდრე ცეცხლზე სიარული. თვალსაწიერის განვითარებასთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს ცეცხლზე სიარულის ფიზიკური ახსნა-განმარტებები, მაგრამ ვერასდროს შევძლებთ ჩვენი წარმოსახვის ისე განვითარებას, რომ მომავლის ხედვის ფენომენს ფიზიკური ახსნა მოვუძებნოთ.
ეს დღესავით ნათელია. მომავალი მოვლენა ჯერ არ მომხდარა, შესაბამისად სრულიად გამორიცხულია მისი დანახვა, ან ამ მოვლენის ზუსტი დეტალების ცოდნა. მაგრამ, შეუძლებელი და წარმოუდგენელი მოვლენებიც ხდება. ჩვენ შევიგრძნობთ მომავალს და ამას „წინათგრძნობას“ ვუწოდებთ.
არსებობს მესამე „შეუძლებლობელი“ რამ, გარდა ცეცხლმედეგობისა და მომავლის ხედვისა, რაც ამტკიცებს, რომ არსებობენ მაღალი და ჩვენთვის შედარებით ნაკლებად ცნობილი ძალები. ეს მესამე არის მყისიერი სასწაულებრივი განკურნება — მოვლენა, რომელიც მოგვიანებით უფრო ვრცლად იქნება განხილული, მისი უდიდესი მნიშვნელობის გამო.
ჩვენ ასევე უნდა განვიხილოთ ჰუნას სიბრძნის ძალიან მიმზიდველი და პრაქტიკული ნაწილი მომავლის ხედვისა. ესაა მომავლის შეცვლის მაგიური პრაქტიკა, იმ მოვლენების გამოსასწორებლად, რომლებიც დაინახეს და არასასურველად ჩათვალეს. ეს მაგიური ხელოვნება კაჰუნების სამუშაოს დიდი ნაწილი იყო, ვინაიდან ისინი სხეულსაც კურნავდნენ და საფულესაც — სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს.
რა თქმა უნდა ჰუნას სიბრძნის აღმოჩენას და კაცობრიობის ცოდნის ფასდაუდებელ საცავში განთავსებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მყისიერი განკურნების უძველესი მეთოდების შესწავლა და მაღალი მე-ების დახმარების მიღება არასასურველი მომავლის შეცვლასა და რეკონსტრუქციაში, იმისთვის, რომ ის გახდეს მოწესრიგებული, დაგეგმილი და იღბლიანი.
სხვათა შორის, შეიძლება ითქვას, რომ მყისიერი განკურნება, ან ნელი, ფსიქოლოგიური განკურნება, რასაც კაჰუნები აკეთებდნენ, პირდაპირ კავშირშია მომავლის შეცვლასთან. თუ პაციენტი ძალიან ავადაა და უეცრად განიკურნება, ეს ცვლილება უკვე არის მომავლის ჩვეულებრივი კურსის ცვლილება, სადაც ავადმყოფობა შესაძლოა სიკვდილითაც დასრულებულიყო.
იმ ჩვეულებრივი ახსნა-განმარტების გარდა, რომ „ღმერთმა იცის და აჩვენებს მომავალს“ სიზმრებში, წინათგრძნობებში, წინასწარმეტყველებებში, ან ნათელხილვისას, რაც გინდათ ის უწოდეთ, ჩვენ, თანამედროვეებს, უკეთესი ახსნა-განმარტება არ გვაქვს. თუმცა, ჩვენ მომავლის ხედვის ასეთი გამოვლინებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს შეგროვებული, და ეს ინფორმაცია შეგვიძლია ჰუნას თეორიებთან შესადარებლად გამოვიყენოთ — ეს თეორიები ერთადერთი, დეტალური და ლოგიკური ახსნა-განმარტებაა, რომლებიც კაცობრიობას განუვითარებია.
თავისუფალი ნების და წინასწარმეტყველების პრობლემა
რელიგიებში უკვე დიდი ხანია რაც ომი მძვინვარებს ორ იდეოლოგიას შორის. პირველი ქადაგებს, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, ხოლო მეორე ქადაგებს, რომ რადგან ღმერთმა ყველაფერი იცის (თუ ის მართლაც შემოქმედია), რასაც თითოეული ჩვენგანი მომავალში გავაკეთებთ, ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი ნება — ჩვენი ყოველი ქმედება წინასწარაა განსაზღვრული უმაღლესი არსების მიერ და შესაბამისად, შეუცვლელი და გარდაუვალია.
მეცნიერება, შეეჯახა რა ამ პრობლემას, მივიდა დასკვნამდე, რომ ყველაფერი სრული შემთხვევითობით ხდება, ადამიანს კი ნების თავისუფლება გააჩნია. (მათ გამოტოვეს ის ფაქტი, - რაც რელიგიურ ადამიანებს აწუხებთ, - რომ მომავლის წინასწარმეტყველება შესაძლებელია).
ფსიქიკური კვლევის საზოგადოების შიშველი და შეულახავი ჩანაწერები ასახავს უამრავ შემთხვევას, როდესაც მოვლენები წინასწარ იქნა დანახული და თავიდან აცილებული, რაც იმ ადამიანების გადმოსახედით, ვინც ამის შესახებ გააფრთხილეს, არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც „თავისუფალი ნება“. ჩემს საკუთარ გამოცდილებაშიც მქონია ასეთი შემთხვევა.
ერთ საღამოს, სპირიტუალურ სეანსზე, ტრანსში მყოფმა მედიუმმა მითხრა, რომ მე უახლოეს მომავალში ავტოავარიაში მოვყვებოდი. მე მას შევეკითხე, მოუვიდოდა თუ არა ავტოავარია ჩემს მეგობარ ბობს, რომელიც სეანსზე ჩემს გვერდით იჯდა. პაუზის შემდეგ, პასუხი იყო „არა“. მე ვთხოვე ჩემს მეგობარს, რომ რამდენიმე დღის მანძილზე ჩემთან ერთად ყოფილიყო და საფრთხის-შემცველი სიტუაციებისთვის თვალყური ედევნებინა. სამი დღის შემდეგ, ჩვენ ჰონოლულუში მივდიოდით მანქანით, როდესაც დატვირთულ გზაჯვარედინზე, გაჩერებული მანქანის უკნიდან გამოვარდა სატვირთო, რომელსაც მთვრალი მძღოლი მართავდა და პირდაპირ ჩემსკენ აიღო გეზი. მე ამ დროს ჩემს წინ მიმავალ მანქანას ვუყურებდი, რომელიც გზაჯვარედინს კვეთდა. თუმცა ბობმა ადრევე დაინახა ჩვენსკენ მომავალი სატვირთო, საჭე გადაატრიალა და დაიყვირა. მანქანის მოტრიალების შედეგად სატვირთო ჩვენი მანქანის უკანა ნაწილს დაეჯახა იმის მაგივრად, რომ მე დამჯახებოდა.
ეს უბედური შემთხვევა ტიპიური სამხილია, რომელიც აჩვენებს, რომ შესაძლებელია იმ მომავლის დანახვა, რომელიც წესით უნდა მოხდეს, და რომ ის არ არის შეუცვლელი, თუ ადამიანი შეძლებს სწორი ნაბიჯების გადადგმას და „მოატყუებს“ წინასწარმეტყველებას.
რა ღირებულება აქვს მომავლის წინასწარმეტყველების უნარს? ამაზე პასუხი ძალიან მარტივია. მტკიცებულებების მთელი მასა (ჩემი საკუთარი გამოცდილება ზღვაში მხოლოდ წვეთია) აჩვენებს, რომ როდესაც წინასწარ ვართ გაფრთხილებული მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, ჩვენ შეგვიძლია, რომ შევცვალოთ ან ავირიდოთ მომავალი მოვლენები. ცოტაოდენი დაფიქრებაც კი საკმარისია, რომ დავინახოთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის წინათგრძნობის ფენომენის კვლევის გაფართოება.
ზოგადი ან მსოფლიოს მდგომარეობების დანახვა წინასწარ იქნება შესაძლებელი და ინდივიდს შეეძლება ასეთი განჭვრეტით იხეიროს. მე მყავს მეგობარი, რომელმაც სიზმარში 1929 წლის ფინანსური კოლაფსი ნახა და მთელი თავისი აქციები გაყიდა და სახელმწიფო ობლიგაციებში დააბანდა. მან ამის შესახებ რამდენიმე თავისი ნაცნობი გააფრთხილა, მაგრამ მისმა ახლობლებმა გაფრთხილება არ გაითვალისწინეს (გაფრთხილება კოლაფსამდე სამი თვით ადრე მოხდა, სანამ კოლაფსის ნიშნები ჯერ არ შეიმჩნეოდა) და შედეგად მისი რამდენიმე ნაცნობი გაკოტრდა.
ნების თავისუფლება თუ წინასწარგანსაზღვრულობა? როგორ წყვეტენ თავად კაჰუნები ამ პრობლემას?
ისინი ამბობენ, რომ აუმაკუას ანუ ზეცნობიერს, ჩვენს ინდივიდუალურ, „მშობლიურ წყვილს“ აქვს ჩვენგან გასხვავებული მენტალიტეტის ფორმა, ანუ მენტალური ძალა. ის უფრო მაღლა დგას, ვიდრე მეხსიერების ძალა, რომელიც დაბალი მეს მახასიათებელია, ან ინდუქციური აზროვნების ძალა, რომელიც შუა მეს ახასიათებს. იგი (სხვა თვისებებთან ერთად) მაღალ მეს საშუალებას აძლევს დაინახოს მომავლის ის ნაწილები, რომლებიც უკვე კრისტალიზებული, ანუ „ფიქსირებულია“. მომავლის უმეტესი ნაწილი „თხევად“, ანუ არაკრისტალიზებულ და არაფიქსირებულ მდგომარეობაშია, რაც მისი დანახვის საშუალებას არ იძლევა. მსოფლიოს უდიდესი მოვლენები კი დიდი ხნით ადრე კრისტალიზდება. ზუსტად ასევე, ინდივიდების ცხოვრებისეული მოვლენები ფიქსირებულია და შესაძლებელია მათი დანახვა — ისეთი მოვლენები, როგორებიცაა ქორწინება, უბედური შემთხვევები და სიკვდილი.
კაჰუნების რწმენაში საქმე გვაქვს ნების თავისუფლების ძალიან ორიგინალურ ფილოსოფიასთან. ისინი ამტკიცებენ, რომ დაბალი და საშუალო „მე“-ები ერთდროულად იკავებენ შენობას, რომელსაც ადამიანის სხეული წარმოადგენს, და ერთდროულად ტკბებიან ნების თავისუფლების არსებობით.
მაღალი მე, რომელიც სხეულთან აკას ძაფით (კინო მეა) ანუ უხილავი „ჩრდილისებრი სხეულის ნივთიერებით“ არის დაკავშირებული, გაურკვეველი ბუნების ზეწოლის შედეგად საშუალებას აძლევს დაბალ მეებს, რომ ივარჯიშონ ნების თავისუფლებაში და საკუტარი გამოცდილებით ისწავლონ ცხოვრება. იგი მხოლოდ მაშინ ერევა, როცა ისინი დაცვისთვის და დახმარებისთვის მიმართავენ მას. ამავდროულად, აუმაკუა ადამიანის ყველა საქმეში მონაწილეობს.
თავისუფალი ნება მხოლოდ გრძელვადიანი პერსპექტივების დაგეგმვისას არის უარყოფილი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, თუ სწორი ნაბიჯები გადაიდგმება ამ მოვლენების შესაცვლელად, შესაძლებელია, რაღაც დოზით, მათი თავიდან აცილება.
როგორც ჩანს არსებობს ორი სახის თავისუფალი ნება, ერთი დაბალი მესთვის, მის ნაკლებ-განვითარებულ მდგომარეობაში, როგორიცაა ცხოველი, და მეორე მაღალი მეს დაქვემდებარების ქვეშ, რომელიც ხელმძღვანელობს ფიზიკურ ზრდას და სხეულთან კავშირში მოქმედებს. ასეთი პირდაპირი ხელმძღვანელობის გამო, სხეული ექვემდებარება განსაზღვრულ და ფიქსირებულ ნორმებს, მაშინ როდესაც ცნობიერ გონებას, ანუ შუა მეს, უფრო სრულყოფილ, თავისუფალ ნებასთან ერთად, აქვს პრივილეგია უხელმძღვანელოს სხეულის გარეგან აქტივობებს, მაგრამ არა მის შინაგან სასიცოცხლო ფუნქციებს.
შესაძლებელია ითქვას, რომ ადამიანს ორი მაღალი მე აქვს, ერთი დაბალი მესთვის და მისი წარმართვისთვის და ერთიც შუა მესთვის. თეოსოფიის „კოლექტიური სულის“ იდეა ძალიან ახლოსაა მაღალ მესთან, რომელიც ადამიან ცხოველს განაგებს, და იმ იდეასთან, რომ დაბალგანვითარებული ცხოველები და ქმნილებებიც ექვემდებარებიან და ინფორმაციას იღებენ, „ინსტინქტების“ მეშვეობით, მაღალი მეების ჯგუფური მეთვალყურეობით. ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია შევაღწიოთ ცნობიერების სივრცეში, ჩვენზე ერთი თავით მაღლა — მაღალ მესთან — ჩვენ კონკრეტულად არ ვიცით ამ კავშირის ნამდვილი მდგომარეობა. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ცოცხალი ორგანიზმების უამრავ ქმედებას და მდგომარეობას ჩვენს დონეზე და აქედან გამოვიტანოთ დასკვნები. ეს ასევე საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ ფენომენი, როდესაც ვხედავთ როგორ იყენებს რაღაც იდუმალი ცნობიერება, რაღაც იდუმალ ძალას, უხილავი მატერიის რაღაც იდუმალი ფორმის გავლით, რომ წარმოშვას ცეცხლ-გამძლეობა, მყისიერი განკურნება, წინასწარმეტყველება, სპირიტუალიზმის მატერიალური ფენომენი და ა.შ.
კაჰუნებს ასევე სჯეროდათ, რომ ყველა წინათგრძნობა მოდის მაღალი მესგან, დაბალი მეს, ანუ ქვეცნობიერის გავლით. ეს თანხვედრაში მოდის იმ ფაქტთან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, სურვილის ნებისმიერი მცდელობით, ვაიძულოთ ჩვენს თავს, რომ დავინახოთ მომავალი ან დაგვესიზმროს ის. ჰიპნოზირებული სუბიექტები, მომავლის ხედვის ბრძანებას იშვიათად ემორჩილებიან, რაც საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ქვეცნობიერს (რომელიც იმპულსს ექვემდებარება) არ აქვს მომავლის ხედვის უნარი. თუ არც ქვედა და არც შუა მეს არ შეუძლიათ სურვილისამებრ მომავლის ხედვა და შესაბამისად ეს არ არის მათი ბუნებრივი უნარი, ჩვენ წინათგრძნობის სხვა წყარო უნდა ვეძებოთ — დავაკვირდეთ ზე-ცნობიერს ან მსგავს მაღალ არსებებს.
იმის მტკიცებულება, რომ კაჰუნები მართლები იყვნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ ნებისმიერი წინათგრძნობა უნდა მოდიოდეს დაბალი მეს გავლით, დევს იმ ფაქტში, რომ ჩვენ ვღებულობთ ხილვებს, სიზმრებს ან სხვა მომავლის ცოდნასთან დაკავშირებულ მოვლენებს, ქვეცნობიერის მეშვეობით, როდესაც ის მოდუნებულ მდგომარეობაშია — როდესაც მას შუა მე თავს ანებებს. დაბალი მეს ყველაზე მოდუნებული მდგომარეობა და დრო, როდესაც ის მთლიანად გათავისუფლებულია შუა მეს მბრძანებლობისგან - ესაა ძილის დრო. ამის გამო, ბუნებრივია, რომ წინასწარმეტყველური სიზმრები მომავლის მოვლენების ხილვის ყველაზე გავრცელებული წყაროა. კრისტალზე დაკვირვებისასაც საჭიროა იგივე სახის განტვირთვა, თუმცა შედარებით უფრო დაბალი ხარისხით. შუა მე, ფხიზელ მდგომარეობაში, აკვირდება თუ რას აღიქვამს დაბალი მე იმ სურათების მეშვეობით, რომლებიც კრისტალის გარშემო მოძრაობენ. ტელეპატიის დროსაც დაბალი მე აკეთებს მთელს სამუშაოს, და მას ნება უნდა მიეცეს, რომ შუა მეს კონტროლიდან ცოტათი მაინც დააღწიოს თავი და განიტვირთოს, რომ შეძლოს უხილავი ჩრდილისებრი ნივთიერების „თითის“ პროექცია, და ასე დაეკონტაქტოს სუბიექტს.
კაჰუნების რწმენის მტკიცებულება, რომ ქვედა მე ასრულებს ყველა ფსიქიკურ ქმედებას, ყოველთვის უბრუნდება იმ უდაო ფაქტს, რომ ჩვენს ყველაზე ნაცნობ მეს, შუა მეს ანუ ცნობიერ გონებას, არც ერთ შემთხვევაში არ შეუძლია, სურვილის ძალის გამოყენებით ფსიქიკური ქმედების გამოწვევა. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია დაბალ მეს მივცეთ ბრძანება და დაველოდოთ, რომ მოდუნებულ მდგომარეობაში დაიწყოს ამუშავება, გაწრთვნას მისი ფსიქიკური შესაძლებლობები, და მიღებული ინფორმაცია წარმოგვიდგინოს ჩვენი საერთო ცნობიერების ცენტრის გავლით.
აწმყოს ინფორმაციის მისაღებად, დაბალ მეს შეუძლია გაფართოვდეს და აზრები წაიკითხოს, ან მისკენ მიმართული ტელეპატიური მესიჯები შეაგროვოს, და სხვა შემთხვევაში თავისი ინიციატივით იმოქმედოს; მაგრამ როდესაც საქმე მომავალს ეხება, ის უნდა დაუკავშირდეს მაღალ მეს (როგორც ტელეპატიისას), და სთხოვოს მას მომავლის იმ სურათების ჩვენება, რომელიც კრისტალიზებულია და რომელიც, შესაბამისად, ხილულია.
მომავლის შექმნა, კაჰუნების მიხედვით, დამოკიდებულია დაბლა მდგომი მეების გეგმებსა და სურვილებზე. ეს გეგმები და სურვილები, (და სამწუხაროდ ჩვენი შიშებიც) გარდაიქმნებიან აზრო-ფორმებად (ისინიც ჩრდილისებრი სხეულის ნივთიერებისგან შედგებიან) და მაღალი მე მათ ინდივიდის მომავლის კონსტრუქციის, ერთი შეხედვით ავტომატურ პროცესში იყენებს.
ზუსტად როგორ მუშაობს ეს პროცესი გაუგებარია, რადგან ის მიეკუთვნება ცნობიერების ერთი საფეხურით მაღალ დონეს, მაგრამ კაჰუნები აზრო-ფორმებს „თესლებს“ უწოდებდნენ, რომლებსაც აუმაკუა იღებდა და მათგან მომავლის მოვლენებს ან მდგომარეობებს აღმოაცენებდა.
კაჰუნები ინდივიდისთვის უმნიშვნელოვანესად თვლიდნენ, რომ მას გამოეყო დრო და ხშირი ინტერვალებით ეფიქრა თავის ცხოვრებაზე და ზუსტად გადაეწყვიტა რა სურდა რომ ეკეთებინა, ან რა სურდა რომ მომხდარიყო. საშუალოდ, ადამიანი ზედმეტად ანდობს დაბალ მეს სადავეების აღებას, რაც საშიშია, რადგან ის ცხოველური სამყაროს გავლენის ქვეშ ცხოვრობს, სადაც მოვლენები არალოგიკურად და თითქოს შემთხვევით ხდება. ეს შუა მეს საქმე და მოვალეობაა, როგორც დაბალი მეს წინამძღოლის, რომ გამოიყენოს თავისი ინდუქციური აზროვნების ძალა და სურვილი (რომ აკონტროლოს დაბალი მე) ცხოვრებისეული გეგმების დასახვისთვის, და თვალყური ადევნოს, რომ შესაბამისი ძალისხმევა იქნას ჩადებული ამ გეგმების შესრულებისთვის.
საშუალოდ, ადამიანი, განსაკუთრებით თუ ის ემოციურია (ეს იმის მანიშნებელია, რომ დაბალ მეს ზედმეტად უჭირავს სადავეები) ხშირად ცვლის თავის გეგმებს, ასევე ცვლის სურვილებსაც. შედეგად ის ქმნის გეგმების, სურვილების და შიშების ურთიერთსაწინააღმდეგო აზრო-ფორმების ნაზავს, საიდანაც მაღალი მე, ძალაუნებურად, ქმნის მომავალი მოვლენების ნაზავს, რომელიც სრულიად უსიამოვნო და დაუზუსტებელია.
ძველად კაჰუნების მაგიური პრაქტიკის დიდი ნაწილი ეთმობოდა კლიენტების კრისტალიზებული მომავლის დანახვას, შემდეგ კი ცვლილებების გამოწვევას მომავლისთვის, რომ ის უფრო სასურველი გამხდარიყო. (მოგვიანებით დეტალურად განვიხილავთ გადასალახი დაბრკოლებების ბუნებას და კაჰუნების მეთოდებს.)
სიზმრები წინათგრძნობებს უხსნიან კარს. კვლევებმა აჩვენა ფაქტი, რომ ჩვენს სიზმრებში თითქმის ყოველ ღამე გვეძლევა მომავლის ხილვის შანსი, მაგრამ ჩვენ სიზმრებს არ ვიმახსოვრებთ, და ამიტომ არ ვიცით რა მოგველის, გარდა ბუნდოვანი უსიამოვნო გრძნობისა, რომელიც დაბალი მეს სიღრმეებიდან მოდის.
სიზმრებზე ცოტა რამაა ცნობილი, მაგრამ არსებობს ბევრი ვარაუდი და ბევრი გაურკვეველი ახსნა სიზმრის მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუმცა ერთი რამ ნათელია, რომ დაბალ მეს თავისებური ჩვევა აქვს, რომ აურიოს სიზმარში ნანახი მასთან ნაცნობ რამეებთან, ხშირად ერთ იდეას მეორესთან ასოციაციურად აკავშირებს და ქმნის სიმბოლოებს.
ფსიქოანალიზის პრაქტიკა დიდწილადაა დამოკიდებული ამ სიმბოლოების შესწავლაზე, რადგან ისინი დამახსოვრებულ სიზმრებში, ან იმ ფიქრებში ვლინდებიან, რომლებიც პაციენტის თავში მოდიან, როდესაც ის განტვირთვის მდგომარეობაშია ჰიპნოზის ან მსუბუქი ნარკოტიკების მეშვეობით.
დოქტორი ნანდორ ფოდორი, ამ სფეროს ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი, რომელიც ხშირად ნიუ იორკში ატარებს პრაქტიკებს, ამ თემასთან დაკავშირებულ უამრავ სტატიაში წერს, იმ საინტერესო საკითხზე, რასაც ფსიქოანალიზში ვაკვირდებით. აღმოჩნდა, რომ ერთი და იგივე სიმბოლოები ერთი და იგივე რამეს აღნიშნავენ, მაშინაც კი, როცა სხვადასხვა ადამიანების სიზმრებში გვხვდებიან. როგორც ჩანს, ეს უბრალოდ დამთხვევა არაა. ამას მივყავართ კოლექტიური სულის არსებობის იდეამდე, რაზეც ასევე მოწმობს მსგავსი ინსტინქტების და რეაქციების არსებობა ადამიანზე გაცილებით დაბალ საფეხურზე მდგარ არსებებში.
აქედან ვაკეთებთ დაშვებას, რომ დაბალი „მე“ ან მაშინვე გვაძლევს მომავალი მოვლენების „ხილვებს“, ან ამ ხილვებს თავისთვის იტოვებს, რომ შურიოს დანახული და განცდილი იმასთან, რაც მისთვის უკვე ცნობილია, და ამ სინთეზით სიმბოლოებს ქმნის. შუა „მე“-მ ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რომ ეს სიმბოლოები გაშიფროს.
თავის შესანიშნავ წიგნში, „ტელეპატია“, ეილენ ჯ. გარეტი გვიამბობს, რომ ხშირია ტელეპატიური მესიჯების მიღება სიმბოლოების სახით. მან აღმოაჩინა, რომ მისი მოწაფეები, ტელეპატიის სწავლისას, იმ სიმბოლოების გაშიფვრის ექსპერტები გახდნენ, რომლებიც მათთან განმეორებით მოდიოდნენ.
მისის გარეტი ტელეპატიური მესიჯების გაგზავნისას თავის შეგრძნებებს აღწერს და წერს, რომ ის გრძნობს, თუ როგორ ებმება მისი ხუთივე გრძნობა რაღაც თეთრი სხივის მაგვარ ნივთიერებას, რომელსაც ის სხვადასხვა მიმართულებით გზავნის სურვილის მეშვეობით, ადრესატებთან დასაკავშირებლად. როდესაც ამ „თეთრ სხივს“ (იგი არ გულისხმობს სინათლის სხივს) შეხვდება წინაღობა, ის მას გვერდს უვლის. როგორც წესი, ის წინაღობას გრძნობს, მაგრამ ვერ ხედავს მას. ეს „თეთრი სხივი“ თანხმობაში მოდის კაჰუნების ჩრდილისებრი სხეულის ნივთიერების „თითის“ იდეასთან, რომელსაც დაბალი მე ასხივებს, შეიგრძნობს მას, ან უდიდესი სისწრაფიდ მიჰყვება ჩრდილისებრი ნივთიერების ძაფებს, რომლებიც მანამდეა გაჭიმული და დამყარებული აქვს კონტაქტი, ან კავშირის მექანიზმები იმ ინდივიდებს შორის, რომლებიც ერთხელ მაინც შეხვედრიან ერთმანეთს.
მისის გარეტი ასევე აღწერს იმ ხშირ შეგრძნებას, რომელსაც ტელეპატიით დაკავებული ადამიანები განიცდიან — სუსტი ელექტრული “კბენა“ ან სითბო, რომელსაც ხშირად „დაბურძგვლა“ მოსდევს პასუხად სამუშაო კონტაქტის დამყარების შემდეგ. მის შემთხვევაში კი ეს შეგრძნებები ხშირად აფრთხილებს მას, რომ ვიღაც მესიჯის გამოგზავნას ცდილობს და რომ მის მისაღებად ყურადღების გამახვილებაა საჭირო.
ღრმა სუნთქვა ტელეპატიის ან ფსიქომეტრიის სხვა ფორმების პრაქტიკისთვის, ყველაზე გავრცელებული დასაწყისია — ყველა ეს ფორმა დაკავშირებულია მაკავშირებელი ჩრდილისებრი სხეულის ნივთიერების ძაფებზე აზრო-ფორმების მოძრაობასთან. ღრმა სუნთქვა, როგორც ჩანს, დაბალ მეს განტვირთვაში ეხმარება და მუშაობისთვის ამზადებს. შთაბეჭდილებები ხშირად მზის წნულის ქვედა ნაწილიდან მოდის. ითვლება, რომ ეს დაბალი მეს ადგილსამყოფელია მესიჯების ან გრძნობითი შთაბეჭდილებების მიღებისას ან გაგზავნისას.
ტელეპატიის ოდნავ განსხვავებული ფაზაა, როდესაც შინაგანი თვალი შორეულ სცენებს ხედავს. ამას ხშირად „ნათელხილვას“ უწოდებენ, და ის ზოგჯერ მოიცავს იმ მოვლენების ხილვას, რომელიც მომავალში მოხდება.
კაჰუნები ამბობენ, რომ ყოველი ასეთი ფრაგმენტი, ანუ ინფორმაცია მომავლის შესახებ, რომელიც ადამიანთან მოდის (ადამიანთან, რომელიც რაიმე პარაფსიქოლოგიური პრაქტიკითაა დაკავებული), მაღალი „მე“-სგან უნდა მოდიოდეს. მის გარეტი ძალიან გამომხატველად წერს ღრმა სულიერი ცვლილების გრძნობის, და თავისი აღქმის გამძაფრების (დაჩქარების) შესახებ იმასთან ურთიერთობის დროს, რასაც ჩვენ „ზეცნობიერს“ ვუწოდებთ. მისი აზრით, აქედან გამომდინარეობს, რომ იგი იმავე მაღალ „მე“-სთან იმყოფება კონტაქტში, რომელსაც ჰუნას ფილოსოფია აღწერს. გრძნობების გამძაფრებაზე და აზროვნების ასეთ სიცხადეზე სხვა ფსიქოლოგებიც საუბრობდნენ. ასეთ რამეს ისინი იმ პერიოდებში განიცდიდნენ, როცა ნაწილობრივ ან სრულად გადიოდნენ ფიზიკური სხეულიდან, ან იმყოფებოდნენ მდგომარეობაში, რომელიც ცნობილია, როგორც „ასტრალური პროექცია“, ან როცა ისინი ტრანსის მდგომარეობაში ტოვებდნენ სხეულს და მაკონტროლებელი სული იკავებდა მათ ადგილს.
ამ განმარტებების და კომენტარების შემდეგ უკეთესი მაგალითების მოყვანა იქნება შესაძლებელი შემდეგ თავში. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მაგიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, და რომ მას დეტალური შესწავლა სჭირდება, რათა ჩვენთვისაც ისეთივე პრაქტიკული გახდეს, როგორიც კაჰუნებისთვისაა.