მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)

მაქს ფრიდომ ლონგი
0
0

ავტორი: მაქს ფრიდომ ლონგი ეს წიგნი მოგვითხრობს მაგიის უძველესი საიდუმლო სისტემის შესახებ, რომელსაც, თუკი მის გამოყენებას ადგილობრივი პოლინეზიელი მაგებივით ვისწავლით, შეუძლია მსოფლიო შეცვალოს... ...

თავი 8


თავი 8

მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი

აზრების კითხვა, ნათელხილვა, წინასწარ განჭვრეტა, კრისტალზე დაკვირვება, და ფსიქომეტრიასთან დაკავშირებული ყველა ფენომენი, რომელიც ჰუნას სისტემის ელემენტების ენით არის ახსნილი

ქეისი 13

აზრების კითხვა

წინასწარი შენიშვნები:

თუ ვინმე სწავლისთვის განსაზღვრულ, წყნარ გარემოში დაჯდება და სხვების აზრების წაკითხვას შეეცდება მან უნდა იცოდეს (1) რაღაც გზა, რომ კონტაქტი დაამყაროს ადამიანთან, ვისი გონების წაკითხვაც რამდენიმე მეტრის მოშორებით სურს, და (2) კონტაქტის დამყარების შემდეგ, მას უნდა ჰქონდეს სხვის გონებაში ფიქრების დანახვის ან შეგრძნების უნარი და შეეძლოს ამ შთაბეჭდილებების თავისთან მოტანა.

თანამედროვე ფსიქოლოგია და ფსიქიკური მეცნიერება არ გვთავაზობს ახსნა-განმარტებებს ამ ორი მექანიზმის შესახებ. გონებრივი რადიო-გადაცემის იდეას ის ფაქტი უწევს დისკრედიტაციას, რომ რადიო-გადაცემისგან განსხვავებით, ტელეპატიური კომუნიკაციისას მანძილს მნიშვნელობა არ აქვს. გონებრივი „ვიბრაციის“ იდეას, რომელიც ხმის მიერ ჰაერის ვიბრაციის თეორიიდანაა აღებული, ცოტაოდენი პრაქტიკული დახმარებაც კი არ გაუწევია. ის იდეა, რომ განცალკევებულმა სულებმა შესაძლოა სხვისი ფიქრები მიიღონ და ჩვენამდე მოიტანონ, ასევე არ გამოდგება ახსნა-განმარტებად. ეს კი გვიტოვებს ერთადერთ ახსნას, რომელსაც შეუძლია პირობების დაკმაყოფილება — ჰუნას ახსნა-განმარტებას.

ქეისი:

ერთხელ მე ვცადე სხვების ფიქრები წამეკითხა. მე ავირჩიე ჩემი ლაბორატორიის სასწავლო ოთახი. ჩემი მეთოდი გახლდათ სტუდენტის თავზე თვალების მიშტერება, ჩემი საკუთარი ფიქრების ჩახშობა და შთაბეჭდილებების ლოდინი. ასე ვაკეთებდი ათწუთიანი ინტერვალებით რამდენიმე დღის მანძილზე სანამ შედეგი არ მივიღე.

იყო მომენტები, როდესაც ფიქრი ან შთაბეჭდილება ჩემს თავში ისე ამოტივტივდებოდა, თითქოს რაღაც გამახსენდა. ვიცოდი რა, რომ ამ მოგონებებს ჩემს წარსულთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, მე ისინი მივიღე, როგორც იმ გონებიდან წამოსული ფიქრები, რომლის წაკითხვასაც ვცდილობდი. ჩემი აქტივობის შესახებ რამდენიმე მეგობარს გამოვუტყდი, რათა მათთვის მეკითხა, თუ რამდენად სწორად ვკითხულობდი აზრებს. უმეტესწილად უინტერესო ფაქტებს ვარჩევდი - უმიზნო ფიქრებს, როდესაც ცნობიერი გონება აქტიურად ჩართული არ იყო. მე ვიღებდი მოგონებებისმაგვარ შთაბეჭდილებებს ახალ კაბაზე, რომლის შეძენაც სურდათ; სკეიტბორდზე კატაობის სურვილზე; ახალგაზრდა კაცის მორცხვ სიყვარულზე.

მალე ჩემი მეგობრები დავღალე, უფრო სწორად შევაშფოთე ჩემი მზერით და ამიტომ ამ ექსპერიმენტს შედეგი არ მოჰყოლია. შემდეგ ყურადღება გადავიტანე ახალგაზრდაზე, რომელიც უფრო ფანტაზიორი ჩანდა.

თავდაპირველად მე მის ფიქრებში ამოვიკითხე უცნაური ოთახის სურათი, პატარა, მსუბუქად განათებული და დახურული — მაგრამ მიმზიდველი, მიუხედავად მისი არეული ავეჯის და ორკაციანი საწოლებისა. მოგვიანებით დავინახე პატარა, მოხუცი ჩინელი, კარგი კბილებით, მაგრამ თითქმის უნიკაპო. ეს კაცი თითქოს ჩემს სუბიექტს რაღაცაზე ესაუბრებოდა, რაც მკაფიოდ ვერ გავიგონე. შემდეგ მივიღე ამ ჩინელის სახელი „ციყვი“. ამაზე გამეცინა და ჩავთვალე, რომ ეს ზედმეტსახელი მე თვითონ მოვიგონე მისი კბილების და ნიკაპის გამო.

ბოლოს კი ამოვიკითხე, რომ ჩემი სუბიექტი ამ ოთახისკენ გამუდმებით მიისწრაფოდა - უნდოდა რაღაც მიეღო და გაესინჯა, რაც ამ ოთახთან და „ციყვთან“ იყო დაკავშირებული.

როდესაც ჩავთვალე, რომ საკმარისი ინფორმაცია მქონდა, რომლითაც ჩემი სუბიექტის გონება იყო სავსე, მე ის ერთ დღეს გვერდზე გავიყვანე, წარვუდგინე ჩემი თავი და დავუწყვე გამოკითხვა, თუმცა მისგან მკაცრი და ბრაზიანი უარყოფების გარდა ვერაფერი მივიღე. ჩემი შემდეგი, უფრო გრძელვადიანი ექსპერიმენტი აღმოჩნდა, რომ ამ ოთახის და ჩინელის საქმესთან იყო დაკავშირებული, მაგრამ თავიდან ეს ვერ გავაანალიზე.

როდესაც ჩემი თავი სხვა ახალგაზრდა კაცის ფიქრების წასაკითხად განვაწყვე, ჩემდა გასაოცრად ერთ დღეს მის ფიქრებში იგივე მისწრაფება და იგივე ოთახის და ჩინელის სურათი დავინახე. თუმცა აქ უფრო მეტად შიშს ვხედავდი, ვიდრე მისწრაფებას. შიში და მისწრაფება ერთმანეთს ებრძოდნენ რაღაც „ღრმა გემოს“ გამო, რომელიც მე ისე ვიგრძენი, თითქოს ის ჩემს საკუთარ სხეულში ყოფილიყო. რამაც ყველაზე მეტად განმაცვიფრა იყო ისევ იმ ჩინელთან დაკავშირებული სახელი „ციყვი“.

მე მივეახლე მეორე სტუდენტს და დავიწყე მისი გამოკითხვა. ვუთხარი, რომ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მას რაღაცის ეშინოდა და ვკითხე მართლა ასე იყო თუ არა. ის გაფითრდა და მითხრა, რომ მართალი ვიყავი. შემდეგ მას ოთახზე და ჩინელზე დავუწყე საუბარი. ის აკანკალდა და მკითხა თუ ვინ „ჩაუშვა“. მე დავამშვიდე და ვუთხარი, რომ პირდაპირი ინფორმაცია არ მქონდა. შემდეგ მოვუყევი ჩემი აზრების კითხვის ექსპერიმენტის შესახებ და ვუთხარი, რომ მსგავსი ფიქრები სხვა სტუდენტის გონებაშიც ამოვიკითხე, რომელიც მისი მეგობარი უნდა ყოფილიყო. ჩემი სუბიექტი თავიდან ჩაფიქრდა — ჯერ კიდევ გაფითრებული და აკანკალებული — შემდეგ ნერვიული სიცილი აუტყდა და ყველაფერი უარყო, ისიც კი, რომ შეშინებული იყო. ასევე მითხრა, რომ ჩემი საქმისთვის მიმეხედა.

რამდენიმე თვის შემდეგ საქმეში ბოლომდე გავერკვიე და შევიტყვე, რომ ყველაფერი, რაშიც დარწმუნებული ვიყავი რომ „ამოვიკითხე“, მართალი ყოფილა. ახალგაზრდა ბიჭების ჯგუფს ცნობისმოყვარეობის გამო ოპიუმის მოწევა დაუწყია. ჩინელს, ვის ოთახებშიც ეს ბიჭები დადიოდნენ, მართლაც „ციყვს“ ეძახდნენ. მისი სახეც ზუსტად დავინახე. ოპიუმის მწეველთა ჯგუფის წევრები თანდათან დამოკიდებულნი ხდებოდნენ ოპიუმზე. ორი ახალგაზრდა კაცი, ვისი ფიქრებიც ასე წარმატებით წავიკითხე საკლასო ოთახში, ამ ჯგუფის წევრები იყვნენ. პირველს არ ეშინოდა; მას მხოლოდ მიდრეკილება ჰქონდა მოწევაზე. მეორეს კი, მიდრეკილების გარდა, იმის შიშიც ჰქონდა, რომ მოწევაზე დამოკიდებული ხდებოდა და ამ ჩვევას ვეღარ გადააგდებდა.

კომენტარი:

წინამდებარე მაგალითში ჩვენ დავინახეთ, რომ ქვეცნობიერი, ანუ დაბალი მე, არის ის, ვისაც ევალება, ჩვენს ბრძანებაზე, შეუდგეს სხვების აზრების კითხვის სწავლას. ამის მტკიცებულება არის ის, რომ ცნობიერ მეს, ანუ შუა სულს, არ ძალუძს აზრების წაკითხვა რანაირადაც არ უნდა სცადოს ეს. ადამიანმა უნდა გაათავისუფლოს დაბალი მე და განიტვირთოს გონებრივად, გადავიდეს მოლოდინის რეჟიმში და დაელოდოს თუ რის გაკეთებას შეძლებს ქვეცნობიერი ჩვენი ბრძანების მიღების შემდეგ.

ადამიანების უმრავლესობას აქვს უნარი, რომ ისწავლოს ცნობიერების მარტივი ფსიქიკური მოქმედებები. თუმცა, საჭიროა პრაქტიკა. ზოგი სხვებზე სწრაფად სწავლობს, ზოგს კი ბუნებრივად აქვს ეს უნარი. იგივე შეიძლება ითქვას ჰიპნოზური იმპულსის, ტელეპატიის, კრისტალზე დაკვირვების და წინასწარმეტყველების შესწავლის შესახებ (მეტ-ნაკლებად ეს ეხება ყველა წინასწარმეტყველურ აქტივობას, იმ მიზეზით, რომ მომავალთან დაკავშირებული ინფორმაცია მაღალი მესგან უნდა მოდიოდეს, თუ ეს ინფორმაცია იმ მომენტში უკვე კრისტალიზებულია და მომავალში ფაქტი უნდა გახდეს. არაკრისტალიზებული მომავალი კი არ ჩანს, ჰუნას მიხედვით.)

იმისათვის, რომ იმ ადამიანთან დამყარდეს კავშირი, ვისი აზრებიც უნდა წაიკითხონ (ჰუნას თეორიის მიხედვით), ქვეცნობიერმა მემ თავდაპირველად აკას, ანუ ჩრდილისებრი სხეულის ძაფი უნდა გაგზავნოს სუბიექტის ქვეცნობიერთან დასაკავშირებლად. (ეს ასევე ხდება ტელეპატიის, ჰიპნოზის და ლოცვის დროს — ამ უკანასკნელისას კონტაქტი მაღალ მესთან მყარდება. ყველა ლოცვა ტელეპატიურია.)

ქვეცნობიერს აქვს უცნაური უნარი, გარდაქმნას თავისი ჩრდილისებრი სხეულის ნაწილი, დაახლოებით ისე, როგორც ამება გარდაქმნის თავისი სხეულის ნაწილს, რომ წარმოშვას (გამოძერწოს) ხელი, რისი მეშვეობითაც საჭმლის ნაწილაკს აიღებს. კაჰუნების ლექსიკონი ამ ფაქტის აღსაწერად რამდენიმე სიტყვას გვთავაზობს. თავდაპირველად იქმნება „ხელი“ და იმ ადამიანისკენ იჭიმება, ვისთანაც გვსურს კონტაქტის დამყარება. შემდეგ, სუბიექტთან მიახლოებისას, საჭიროა „შერჭობა“ და მის ჩრდილისებრ სხეულში შესვლა, ისევე როგორც შუბი ერჭობა სქელ ფიზიკურ სხეულს.

უნდა დავიმახსოვროთ, რომ ჰუნას თეორიის მიხედვით, სუბიექტს, თუ ამ უკანასკნელმა მის უხილავ სხეულში შეხებისა და შერჭობის შესახებ იცის, შეუძლია ქვეცნობიერს უბრძანოს წინააღმდეგობის გაწევა. ეს სუბიექტის შუა მეს, ანუ ცნობიერი გონების სურვილით ხდება. (ასევეა შესაძლებელი ჰიპნოზური იმპულსის მოგერიებაც.)

მესამე ნაბიჯია, მას შემდეგ რაც სუბიექტთან მყარდება კონტაქტი და ის წინააღმდეგობას არ წევს, ჩრდილისებრი ძაფით ორი ინდივიდის დაკავშირება. მას თან მიაქვს დაბალი მანას ნაკადი, ანუ დაბალი ძაბვით დამუხტული მთავარი ძალა.

ელექტრულად დამუხტული უხილავი მავთულით დაკავშირების შემდეგ, აზრთა-მკითხველის ქვეცნობიერი, ძაფის ბოლოში, ახდენს მისი სენსორული ორგანოების მცირე ნაწილის პროექციას და აკვირდება თუ რა ფიქრები ირევა სუბიექტის გონებაში, ამ ფიქრებს თავის პერსონალურ ჩრდილისებრ სხეულში აზრო-ფორმებად აკოპირებს, და მთავარი ძალის ნაკადის მეშვეობით აზრთა-მკითხველის ცნობიერების ცენტრში აგზავნის ¬— სადაც აზრები შუა მეს ცნობიერების ცენტრში ექცევა (ისევე როგორც მოგონებას ვიხსენებთ სურვილისამებრ, დაბალი მეს მეშვეობით) და აღიქმება აზრთა-მკითხველის შუა მეს მიერ.

ზედა აბზაცი ფასდაუდებელ ინფორმაციას შეიცვას. წლები დაჭირდა კაჰუნების სიტყვების დაფარული მნიშვნელობის გამორკვევას და საბოლოოდ იმის დანახვას, თუ რა ხდება ამ დროს. ამ მნიშვნელოვანი მექანიზმის ასახსნელად საჭიროა მისი დეტალური განხილვა.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავიგოთ, არის ის, რომ დაბალ მეს, თავის ჩრდილისებრ სხეულში, აქვს ფიზიკური სხეულის ყველა უჯრედის და ქსოვილის ასლი, შესაბამისად აკოპირებს (აორმაგებს) ყველა სენსორულ ორგანოს. ასე რომ არ იყოს, სულები, რომლებიც მედიუმების საშუალებით გვეკონტაქტებიან, იქნებოდნენ ყრუები, სულელები და ბრმები — რაც ფაქტებთან შეუსაბამოა.

იმის მტკიცებულება, რომ დაბალ, ჩრდილისებრ სხეულში არის გრძნობითი ორგანოების ასლები, შეგვიძლია ვნახოთ სხვადასხვა ექსპერიმენტებში, რომლებიც იმ ხალხზე ჩატარდა, ვინც თავიანთ დაბალ მე-ებს ასწავლეს, რომ გამოეყოთ თავიანთი ჩრდილისებრი სხეულის პროექცია და რაღაცები შეეგრძნოთ ფიზიკურ თვალებზე, ყურებზე, შეხებაზე, და ა.შ. დამოკიდებულების გარეშე. კუდა ბუქსს, ცეცხლზე-მოსიარულე, რომელიც ადრე ვახსენეთ, შეეძლო მისი მხედველობის გრძნობა თვალებიდან ზურგზე გადაეტანა და თვალახვეულს წაეკითხა მის შიშველ ზურგთან დადებული გაზეთის სათაურები.

მე მინახავს ერთი ბრმა ადვოკატი როგორ შევიდა მაღაზიაში და ნელა გაუკვალავს გზა დახლების ლაბირინთებში, ის მხოლოდ თავის განვითარებულ უნარს ეყრდნობოდა, რომ აერიდებინა დაბრკოლებები ჩრდილისებრი სხეულის გრძნობითი ორგანოების ასლების მეშვეობით. ომში დაბრმავებულ კაცებს ახლახანს ასწავლეს გზაზე დაბრკოლებების შეგრძნება, სამუშაო დაფუძნებულია სმენის გრძნობის შესაძლო გაძლიერებაზე. ისინი იყენებენ პატარა ვიბრირებად პრუჟინებს და მოწაფე უსმენს პრუჟინების ხმის ექოს, მას ეუბნებიან, რომ არის სუსტი ექო და მას დროთა განმავლობაში შეუძლია ისწავლოს მისი გაგონება და ამოცნობა, თუ რა მანძილზეა იგი კედლიდან, კარებიდან, ან რაიმე ობიექტიდან. დააკვირდნენ, რომ როდესაც თოვს მანძილის შეგრძნების უნარი იკარგება. ფანტელები ისეთ ხმას არ გამოსცემენ, რომ ამის მიზეზიად ჩაითვალოს, მაგრამ თუ ჩრდილისებრი სხეულის პროექცია არის გაგზავნილი, ის შეეხება ფანტელებს და მათ შესახებ აიღებს ინფორმაციას და არა უფრო შორეული ობიექტების შესახებ. რა თქმა უნდა შესაძლებელია არსებობდეს ძალიან განსხვავებული უნარი, კარგად გაწრთვნილი ქვეცნობიერის მხარეს, რომ დაიჭიროს ხმის ექოები, შორეული ობიექტებისგან, და ასე გაზომოს მანძილი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ცალკე აღებული ფიზიკური ყური არ არის საკმარისად მგრძნობიარე ორგანო — მას დამატებით ჭირდება დახმარება, რაზეც პროექციის თეორია საუბრობს.

მედიუმებს, სპირიტუალური სეანსებისას, ხშირად ჰქონიათ სხეულიდან გასვლის გამოცდილება გარკვეული დროის მანძილზე და განსაკუთრებულ შემთხვევებში (რომლებსაც მოგვიანებით გამოვივკლევთ). ამ მომენტების დროს (ჩვეულებრივ, როდესაც ფიზიკური სხეული ღრმა ტრანსის მდგომარეობაში, ან უგრძნობ მედიტაციაშია) მედიუმების შეგრძნებები გაცილებით უფრო მკაფიო ხდება, ვიდრე მაშინ როდესაც ისინი ჩვეულებრივ, ფიზიკურ ორგანოებს იყენებენ. ისინი ასევე აღმოაჩენენ ხოლმე, რომ უფრო სწრაფად და სუფთად აზროვნებენ, როდესაც ფიზიკურის გარეთ, ჩრდილისებრ სხეულში იმყოფებიან.

როდესაც ადამიანი სხეულს ტოვებს უფრო გრძელვადიანი პერიოდით და მიდის უფრო შორეულ ადგილებში, ამას „ასტრალურ მოგზაურობას“ ეძახიან. მოგზაურობის ასეთი ფორმის დასადასტურებლად უამრავი რამ დაწერილა, რომ ეს შესაძლებელია და ფაქტია. ასეთი მოგზაურობებისას შორეული ადგილები და ადამიანები სწორად და ადეკვატურადაა ნანახი.

აზრების კითხვასა და ასტრალურ მოგზაურობას შორის განსხვავება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა დაბალი ჩრდილისებრი სხეული პროეცირებული. თუ მხოლოდ მცირე ნაწილია პროეცირებული, ცნობიერების ცენტრი ფიზიკურ სხეულში რჩება, რომელიც მოიცავს დაბალი ჩრდილისებრი სხეულის მასას. მაგრამ თუ პროექცირებულია დაბალი ჩრდილისებრი სხეულის მასა და დატოვებულია მხოლოდ ჩრდილისებრი ნივთიერების მოსქელო ძაფი, რათა ის ფიზიკურ სხეულთან დაკავშირდეს (ასტრალური სიმი), ცნობიერების ცენტრი აუცილებლად გადაადგილდება ჩრდილისებრი სხეულის უდიდეს ნაწილთან ერთად და რეალურად არის წარმოდგენილი იმ შორეულ ადგილზე, რომელსაც ეწვია.

სწორედ ამიტომ ამახსოვრდებათ ნანახი, ასტრალური მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ. ჰუნა განმარტავს თუ როგორ იქმნება მოგონებები — და ამ დროისთვის, ჩვენ, თანამედროვეებს, სხვა ახსნა-განმარტება არ გვაქვს. მოგონება არის ფიქრი, რომელიც ინახება ჩრდილისებრი სხეულის ნივთიერების მიკროსკოპულ ნაწილზე აღბეჭდვისას.

აღმოჩნდა, რომ ფიქრის/აზრის წარმოქმნა შეუძლია ადამიანის სამივე სულს, ისევე როგორც ცხოველებს და სიცოცხლის უფრო დაბალ ფორმებსაც. აზროვნების პროცესი სასიცოცხლო ძალის გარკვეული ძაბვის მეშვეობით ხორციელდება. როდესაც აზრი უკვე ფორმირებულია, მას თავისი ჩრდილისებრი სხეული ეძლევა და ებმება იგივე სუბსტანციის ძაფით (ან უშუალო კონტაქტით) აზრებს, რომლებიც მოვიდნენ მანამდე, ან მის მერე (ასე ხსნის თანამედროვე ფსიქოლოგია ცნებათა ასოციაციური კავშირების იდეას).

როდესაც ფიქრი/აზრი შეიქმნება და აღიბეჭდება ჩრდილისებრი სხეულის სუბსტანციის გარკვეულ ნაწილზე, მას იღებს დაბალი „მე“ და ინახავს დაბალი ჩრდილისებრი სხეულის იმ ნაწილში, რომელიც ჩვეულებრივ ტვინის იმ სექციებს შეესაბამება, რომლებიც ჩვენ ვიცით, რომ დაკავშირებულია მეხსიერების პროცესთან. ფხიზელ მდგომარეობაშიც და ძილშიც, ეს აზრო-ფორმები ტვინის ქერქში მდებარეობენ, და როდესაც შუა „მე“-ს რაღაცის გახსენება სურს, მაგალითად მეგობრის სახელის, დაბალი „მე“ მას პოულობს იმ ადგილში, სადაც ისინი ტვინში მის ჩრდილისებრ დუბლიკატში ინახებიან. შემდეგ დაბალი „მე“ ამ მოგონებას გადასცემს შუა „მე“-ს გადასცემს. მოგონებების გახსენება ჯაჭვური რეაქციით ხდება, სასურველი მოგონების გახსენებასთან ერთად, მასთან ასოცირებული მოგონებებიც ამოტივტივდება ხოლმე.

მაგალითად, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ ნაცნობი ადამიანის სახელს, ჩვენ ასევე გვახსენდება თუ როგორ გამოიყურება ის, როგორია მისი ხმა და სად ვხვდებით ხოლმე მას. მეხსიერების გაფართოება შესაძლებელია ამ ასოცირებული იდეების, ანუ აზრო-ფორმების გულმოდგინე დაკვირვებით. კაჰუნები, როგორც გვახსოვს, საუბრობდნენ ამ ასოცირებულ აზრო-ფორმებზე, როგორც “მტევნებზე“ ¬— მტევნებზე (კლასტერებზე), როგორებიცაა კენკრის ან ყურძნის. ყურძნების გროვა ამ მექანიზმს ყველაზე კარგად ასახავს, რადგან თითოეული მარცვალი თავის ღეროზეა მიბმული, ღეროები ცენტრალურ ღეროსთან, და ის ვაზთან და მის ფესვებთან, და მიწასთან, და მისი მეშვეობით ყველაფერთან, რაც მიწასთანაა გაფესვიანებული.

ის ფაქტი, რომ ფიქრის პროცესში სასიცოცხლო ძალა გამოიყენება, კარგადაა წარმოჩენილი სხეულისა და ტვინის ტალღების ექსპერიმენტების მეშვეობით. ეს არ არის რადიო პროექციის ტალღები — ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია — მაგრამ ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული სხეულთან, რომელიც მისი მოქმედების წრეს საზღვრავს. ტალღების ემისიის პერიოდულობის გრაფები, რომლებიც მცირე ელექტრულ მუხტებს ატარებენ ნერვების და სხეულის სხვა ქსოვილების გავლით, აჩვენებენ, რომ როდესაც ადამიანს სძინავს ტალღების მოძრაობა სრულიად განსხვავებულია. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დაბალი მე მთავარი ძალის განსხვავებულ ძაბვას, განსხვავებულად იყენებს ფიქრის პროცესში, ძილისა და სიზმარხილვის დროს. ყველაზე აღსანიშნავი და უჩვეულო გრაფები გამოწვეულია დაბალი და შუა მეების ფიქრის კომბინირებული პროცესით, სიფხიზლის დროს. უგონო მდგომარეობაში ჩამწერი მანქანის ისარი თითქმის არ აჩვენებს ელექტრულ აქტივობას, რაც გრაფის ხაზებს ნულოვან მაჩვენებელზე ტოვებს. ეპილეფსური შეტევებისას, გრაფის ხაზები ძალიან მაღალ მაჩვენებელზე ადის შეტევის პიკის დადგომამდე, და ნულამდე ეცემა ტიპური „დავარდნის“ შემდეგ, როდესაც უგონო მდოგმარეობა იკავებს ადგილს (და, სავარაუდოდ, ქვედა და შუა მეები ცოტა ხნით ტოვებენ სხეულს).

მკითხველს რომ საქმე გავუადვილო, აქ მინდა აღვნიშნო, რომ ეპილეფსია შედეგია უსხეულო დაბალი სულების გამუდმებული შეტევებისა, რომლებსაც შეუძლიათ დაიმორჩილონ ავადმყოფობისგან დასუსტებული ადამიანის დაბალი „მე“. მათ შეუძლიათ, რომ რამდენიმე წუთით „ამოქაჩონ“ მისი სხეულიდან სასიცოცხლო ენერგია, მიუხედავად ორგანიზმის წინააღმდეგობისა. ის, რომ სასიცოცხლო ძალა სხეულს ტოვებს, ცხადი ხდება, რაზეც მოწმობს გონების დაკარგვა, შემდეგ კი ადამიანის ნელი დაბრუნება ძველ მდგომარეობაში და უწინდელი ძალების აღდგენა. სასიცოცხლო ძალას ჩვენ საჭმლისგან ვიღებთ. ითვლება, რომ დაბალი „მე“-ს ან დაბალი სულების მიერ ენერგიის მოპარვის შემდეგ შაქარი სისხლში თანდათანობით იწვება, სასიცოცხლო ძალის რეპროდუქცია კი იზრდება. ასევე შესაძლოა, რომ დაბალი და საშუალო „მე“-ები იძულებულნი არიან დატოვონ თავიანთი ადგილსამყოფელი, როცა ენერგიის „მოპარვა“ ხდება. ისინი მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ ბრუნდებიან, დამაკავშირებელი ძაფებით, რომლებიც მათსა და ფიზიკურ სხეულს შორისაა გაჭიმული.

ჰიპნოზი, იმ შემთხვევებში, რომლებიც მე შევისწავლე და გამოვიკვლიე, მნიშვნელოვანი წარმატებით გამოიყენება იმისათვის, რომ გაძლიერდეს პაციენტის წინააღმდეგობა პერიოდული შეტევების მიმართ. ეს პრობლემა მჭიდროდაა დაკავშირებული „მე“-ების გაყოფის პროცესთან, „მე“-ს შეცვლის პროცესში პიროვნების გაორების ან სულებით შეპყრობილობის დროს, რასაც საბოლოოდ ფსიქიკურ ავადმყოფობებამდე მივყავართ. ასეთ შემთხვევებში შემპყრობელ სულს მის მიერ შეპყრობილ სხეულში ცხოვრებას ინსულინური შოკის მეთოდის გამოყენებით ურთულებენ. შემპყრობელი სული გარკვეული დროის შემდეგ ტოვებს სხეულს, და მის კანონიერ მფლობელებს შეუძლიათ მასში დაბრუნდნენ.

ჩრდილისებრი სხეულის ნაწილის, ან მთავარი მასის პროექციის მექანიზმი (დაბალი, ან შუასთან კომბინირებული, როგორც ცნობიერი ასტრალური მოგზაურობისას), არის ის, რაც ახლოდან შესწავლას საჭიროებს. გამოძიების იმ მომენტიდან, რომელშიც მე ახლა ვიმყოფები, შეუძლებელია ითქვას, თუ როგორ შეუძლია ადამიანს განახორციელოს ჩრდილისებრი სხეულის ნივთიერების ძაფის პროექცია ოთახის სიგრძეზე, ან მთელი ჩრდილისებრი სხეულის მასისა, ნახევარი კონტინენტის გადაღმა. მაგრამ ყველაზე დიდი გამოცანა - ესაა ჩრდილოვანი სხეულის მაგნეტური თვისებები. ასეთი თვისებების არსებობა თვალნათლივია, რადგან როდესაც ჩრდილოვანი სუბსტანცია სასიცოცხლო ძალითაა აღვსილი და მოქმედებს ცნობიერების ზემოქმედებით, იგი იქცევა, როგორც მოძრავი ძალა, რომელიც მიიზიდავს ან განიზიდავს - მსგავსად გაწვდილი „ხელისა“ - როგორც ამას კაჰუნები განსაზღვრავდნენ. როდესაც ეს მექანიზმი ბოლომდე იქნება შესწავლილი, მაგნეტიზმმა შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს, რადგან ჩრდილოვანი სიბსტანციის სწორედ მაგნეტური თვისებების არსებობით შეგვიძლია ავხსნათ ასტრალური მოგზაურის ძალადობრივად მოზიდვა, რომელიც აიძულებს მას, რომ თავისი მოგზაურობიდან დაბრუნდეს და მყისვე შეუერთდეს სხეულს, რომელიც საფრთხის ქვეშ იმყოფება.

სხვების აზრების კითხვისას, და ასევე ტელეპატიისას, არ ხდება ამ ადამიანის მიერ სხვა ადამიანისგან აზრობრივი ფორმების წართმევა. სრულიად ცხადია, რომ აზროფორმათა დუბლიკატებიიმის წყალობით წარმოიქმნება, რომ ოპერატორს შეუძლია ამოიცნოს, რომელი აზრებია ობიექტის ცნობიერებაში, ან პარტნიორის ცნობიერებაში ტელეპატიური ურთიერთ-გაცვლის დროს.

ასევე ცხადია, რომ ყოველთვის, როდესაც რაიმეს ვიხსენებთ, ჩვენ ამ მოგონების ასლს ვქმნით, ამ მოგონების განხილვის პროცესში. სწორედ ასე ისწავლება ლექსი მისი სტრიქონების რამდენჯერმე გამეორებით და დამახსოვრებით, და სიტყვების და სტრიქონების მოგონებების ასლების შექმნით — მანამ, სანამ ყველა ასოცირებული აზრო-ფორმის მტევანი არის მტკიცე და სამუდამო და ადვილად მოსაძებნი და დაბალი მეს მიერ ცნობიერებაში ადვილად გადმოსატანი. (გაიხსენეთ, რომ შუა მეს დამახსოვრება არ შეუძლია. მას არ შეუძლია აზრო-ფორმების თავის ჩრდილისებრ სხეულში დალაგება და თუ სიკვდილისას მის მეწყვილე დაბალ მეს სცილდება, ავიწყდება ვინ (ან რა) არის ის, ან ვინ იყო. ის ნამდვილი საწყალი მოჩვენებაა, განცალკევებულ მდგომარეობაში).

დაბალი მე ჩვენს მეხსიერებას თავის დაბალ ჩრდილისებრ სხეულში ათავსებს და სიკვდილის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია ამ მეხსიერების გამოყენება. ის არ ქრება ტვინის ქსოვილების სიკვდილთან ერთად. ფსიქიკური კვლევის ჩანაწერები სავსეა შემთხვევებით, როდესაც მკვდრები ბრუნდებიან ცოცხლებთან კომუნიკაციის დასამყარებლად, მედიუმის ტიპის ინდივიდების მეშვეობით, ან სხვადასხვა გზით, და ფიზიკური სიკვდილის შემდეგ, სიცოცხლის გაგრძელების მტკიცებულება გამყარებულია იმ უამრავი მტკიცებულებით, როდესაც მკვდრებს ახსოვთ თავიანთ ფიზიკურ სიცოცხლეში მომხდარი მოვლენები.

ქეისი 14

ტელეპატია ანუ აზრების გაცვლა

წინასწარი შენიშვნები:

ტელეპატია, ისევე როგორც აზრების კითხვა, ფსიქიკური ძალების მარტივი გამოყენების შედეგია, რაც არ გულისხმობს გარდაცვლილი სულების ჩართულობას და არც სუპერცნობიერთან, ანუ მაღალ მესთან კავშირის დამყარებას.

განსაცვიფრებელია, თუ როგორი მინიმალური პრაქტიკაა საჭირო, პატარა ტელეპატიური უნარების გასავითარებლად, ადამიანების უმეტესობისთვის.

ნებისმიერ კარგ ბიბლიოთეკაში შეგვიძლია ვიპოვოთ ტელეპატიური ექსპერიმენტების დეტალური კვლევები და მოხსენებები. საუკეთესოა ეილენ გარეტის, აპტონ სინქლერის და დანინგერის წიგნები. დანინგერი სახალხო აზრთა-მკითხველი იყო, რომელიც ცდილობდა ტელეპატიური მესიჯები თავისი რადიოს მსმენელთათვის გაეგზავნა. (არსებობს სხვადასხვა მოსაზრება მისი რადიო-ექსპერიმენტის წარმატებასთან დაკავშირებით. მაგრამ თუ ეს დამტკიცდა, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ ჰუნას თეორიებს გამოვიყენებთ, ადამიანის ხმას, მაშინაც კი როდესაც ის რადიო ტალღებად გარდაიქმნება და შემდეგ ისევ, ხმის მიმღები მოწყობილობების საშუალებით, ჩვეულებრივ ხმად, შეუძლია ჩრდილისებრი სხეულის ძაფებზე გადაადგილება, და რადიო-მიმღებთან და მის მსმენელთან დაკავშირება. ეს ერთი შეხედვით წარმოუდგენელი მექანიზმია, მაგრამ არსებობს სხვა, ასეთივე წარმოუდგენელი მექანიზმები, რომლებიც ასევე დამტკიცებულია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს მცირედი შესაძლებლობები, ან სამხილები, რასაც უძველეს მაგიურ პრაქტიკებთან მივყავართ.)

ტაჰიტიში უკვე რამდენიმე წელია, რაც ცნობილი ტელეპატიური მოვლენა ვლინდება. მას „ქოქოსის რადიო“ ჰქვია, და აღმოჩნდა, რომ ის არის ტელეპატიის გზით სიახლეების გაგზავნის სისტემატიური აქტივობა, მთავარი კუნძულის გარშემო, რომელიც საპორტო სოფელ, პაპიტიდან იწყება. როდესაც პორტი რაიმე სიახლეს მიიღებს, მესიჯები ადგილობრივებს ტელეპატიურად ეგზავნებათ, რომლებიც კუნძულის სხვადასხვა ადგილებში ცხოვრობენ, მათი უმეტესობა ხანში შესული ქალია. სხვადასხვა ჩანაწერებში მოყვანილია მაგალითები, როდესაც ტურისტების სახელები და აღწერები ადგილობრივებს წინსწრებით ეგზავნებოდათ, სანამ ტურისტები ჩამოვიდოდნენ. მათ იქ უკვე ელოდნენ, სადაც უნდა ჩამოსულიყვნენ.

აფრიკის შორეულ ადგილებში, სიახლეები ბრიტანეთის პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესახებ საათებით, ზოგჯერ კი დღეებით ადრეც კი მიუღიათ, ვიდრე ეს სიახლეები ოფიციალურად ჩამოვიდოდა, ადგილობრივები ტელეპატიური მიმღებებივით იქცეოდნენ, ან ასტრალურ მოგზაურებს აგზავნიდნენ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად.

დოქტორმა რაინმა დიუკის უნივერსიტეტიდან, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტელეპატია მეცნიერებისთვის მისაღებად ეღიარებინათ, და ექსტრა-მგრძნობელობითი აღქმა ფსიქოლოგიის ნაწილად.

მაგალითი:

როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად დოქტორი რაინის ჯგუფურ ექსპერიმენტებს ვესწრებოდი, 1946 წელს, აღმოვაჩინე, რომ რამდენიმე ინდივიდს ბუნებრივი ტელეპატიური უნარები ჰქონდა, რაც რამდენიმე თვის მანძილზე, ყოველკვირეული პრაქტიკების შედეგად კიდევ უფრო განვითარდა.

ერთ საღამოს, როდესაც დოქტორი რაინის ბარათებს ვიყენებდით, რომლებზეც ფიგურები და სიმბოლოები იყო გამოსახული, მე გრძელი ოთახის ერთ ბოლოში დავჯექი, ხოლო მეორე ბოლოში, სახით ჩემსკენ, დააყენეს ქალბატონი, რომელსაც ჩემი ტელეპატიური მესიჯების მიღების კარგი უნარი ჰქონდა. მე ავჩეხე ბარათები, შემდეგ სათითაოდ ვატრიალებდი, ვუყურებდი და დავიჭირე განზრახვა, რომ სიმბოლოების ტელეპატიური შთაბეჭდილებები მიმღებისთვის გამეგზავნა.

ცხრა ბარათი ამოვატრიალე და ცხრავე სიმბოლო სწორედ დასახელდა. ვინაიდან ეს ჯგუფში საუკეთესო შედეგი იყო, მაყურებლებმა ხმაური დაიწყეს ჩემი ყურადღების გასაფანტად ზედიზედ მეცხრე, სწორად დასახელებული ბარათის შემდეგ. მეათე ბარათი შეცდომით დასახელდა. მაგრამ მიყოლებით ცხრიდან ცხრა, ჩვენთვის საკმარისი მტკიცებულებაა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტელეპატიის იმდენი მტკიცებულება არსებობს, რომ ჩვენი ყურადღება არა მის დასამტკიცებლად, არამედ იმისკენ უნდა მივმართოთ, თუ როგორ მუშაობს ის.

კომენტარი:

ტელეპატიური კომუნიკაციის მექანიზმი იგივეა, რაც აზრთა-კითხვისა, იმ განსხვავებით, რომ ტელეპატიური კომუნიკაციის შემთხვევაში ორივე წყარომ იცის, რომ ფიქრების გაცვლის პროცესში მონაწილეობს. აქ ჩვენ კვლავ ვხედავთ მიმღების განტვირთულ და მისაღებად მზა მდგომარეობას, და ჩრდილისებრი სხეულის ნივთიერების ძაფის დაკავშირების საჭიროებას, რისი მეშვეობითაც შთაბეჭდილებები, ანუ აზრო-ფორმები მოგზაურობენ დაბალი ძაბვით დამუხტულ, მთავარი ძალის წყაროზე.

ამ ეტაპზე არაფერს ვიტყვი იმ ტელეპატიურ მესიჯებზე, რა დროსაც ხდება მიმღების მიერ მომავლის დანახვა, რომელიც ამ მოვლენებს ისე აღიქვამს, როგორც აწმყოს. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ქეისი 15

კრისტალზე დაკვირვება და მისი მნიშვნელობა

წინასწარი შენიშვნები:

კრისტალზე დაკვირვება, ანუ ნათელხილვა უძველესი მაგიური პრაქტიკაა. კაჰუნები ხშირად დებდნენ მრგვალ, შავ ქვებს წყლით სავსე თასებში, წყლით ოდნავ ფარავდნენ ქვებს რათა მათ მრგვალ ზედაპირებს ეკაშკაშა, შემდეგ კი კაშკაშა ზედაპირს უყურებდნენ, და მალევე ხედავდნენ სახასიათო ვიზუალურ სურათებს.

არაფერი განსაკუთრებული არ არის კრისტალში, რაც ასეთი აუცილებელია დაკვირვებისთვის. ნებისმიერი ნათელი და მომრგვალებული ზედაპირი შეასრულებს იგივე საქმეს, მაგალითად წყლით სავსე მრგვალი კონტეინერი. სურათები იგივენაირად დაუნახავთ თეფშზე დასხმულ მელანშიც, ან ცარიელ პლასტიკურ კედლებზეც.

მოდუნებული და დაკვირვებისთვის მზად მყოფი ექსპერიმენტატორის მიერ კრისტალში დანახული სურათები გვაძლევს ყველა სამხილს, რომ ეს სურათები სიზმრისეული უფროა, ვიდრე ნამდვილი რომლის ფოტო-გადაღებაც შეიძლება, ან რომელიც შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე ადამიანმა დაინახოს.

იმ შემთხვევებში, როცა ერთდროულად რამდენიმე ადამიანი ამბობდა, რომ შუშაში ერთი და იმავე სურათს ხედავდნენ, ეს რაღაც უფრო ჯგუფური ჰალუცინაციის მაგვარი უფრო იყო.

წმინდად სიზმრისეული სურათის დანახვა, მხოლოდ ერთ ინდივიდს შეუძლია — აქტიურად ჩართულ კრისტალზე დამკვირვებელს. სურათები ვიზუალურია და ისინი ისე მოძრაობენ, როგორც სიზმრებში, ზოგჯერ მათ თან ერთვის ხმოვანი შთაბეჭდილებები, როგორც სიზმრებში.

რაღაც მოცემული საგნის, ადგილის ან ადამიანის დანახვის სურვილი, კრისტალზე დაკვირვებას ფსიქომეტრიულ მნიშვნელობას ანიჭებს და ჩრდილისებრი სხეულის ნივთიერების პროექციას აიძულებს, რომ დაეკონტაქტოს ვიღაცას ან რაღაცას დისტანციურად. ჩვეულებრივ პროექცია მიჰყვება ძველ ძაფს, რომელიც დამკვირვებელს ისედაც აკავშირებს იმასთან, რისი დანახვაც სურს. ვინაიდან ეს მექანიზმი სრულად არ არის გამოკვლეული, სავარაუდოა, რომ კრისტალში დანახული სურათი სიზმრისეული შთაბეჭდილებაა, რომელსაც ქვეცნობიერი მე წარმოქმნის მას შემდეგ, რაც ის მგრძნობელობით აღქმას აფართოებს, როგორც აზრების კითხვისას ან ტელეპატიისას, და უწარმოებია დაკვირვება დისტანციურ საგნებზე ან სცენებზე და უკან მოაქვს შთაბეჭდილებების აზრო-ფორმები, რითაც ახდენს სიზმრისეული სურათის რეკონსტრუქციას კრისტალის გარშემო.

მაგალითი:

რამდენიმე წლის წინ, ლავლოქში, ნევადა, ექსპერიმენტების სერიას ვატარებდი მეგობართან ერთად, რომელმაც, ჩემი მითითებით, რამდენიმე კვირაში განავითარა კრისტალზე დაკვირვების ძალიან შთამბეჭდავი უნარები.

კრისტალი იყო ამოზნექილი გამადიდებელი შუშა. ის შავ ნაჭერზე იდო და ჩემი მეგობარი მას მოდუნებული და რაღაც ადგილების ან ადამიანების დანახვისთვის განწყობილი უყურებდა. საუკეთესო შედეგი მაშინ მივიღეთ, როდესაც დამკვირვებელი თითებით ეხებოდა რაიმე წერილს ან სხვა საგანს, რომელიც იმ ადამიანთან იყო კავშირში, რომლის დანახვა ჩემს მეგობარ გოგოს კრისტალში სურდა.

ამ გზით რამდენიმე მისი და რამდენიმე ჩემი მეგობარი დაინახა კრისტალში, და ამ მეგობრებთან მიწერით, თუ რამდენად სწორად იყვნენ ისინი დანახულნი, დავიწყეთ შემოწმება. შემოწმებამ განსაცვიფრებლად სწორი შედეგები აჩვენა. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი დანახული იქნა მაშინ, როდესაც ის მაღაროს გვირაბში კამერითა და შტატივით იყო. ის იჯდა და პატარა შავი წიგნიდან კითხულობდა მანამ, სანამ მაღაროელები გამოვიდნენ, რა დროსაც მან მათ სურათები გადაუღო და წავიდა. ეს განსაკუთრებული ეპიზოდის კარგი მაგალითია, ადამიანების და მოქმედებების სერიისა. ყველაფერი სწორად იქნა დანახული დაახლოებით 800 კილომეტრის მოშორებით. მოვლენა მაშინ ხდებოდა, როდესაც ეს კრისტალმა აჩვენა. (ზოგჯერ მოვლენები მანამდე, ან მათი მოხდენის შემდეგ ჩანს).

როდესაც ლავლოქი დავტოვე, ყოველდღიურად ვიღებდი ჩემი კრისტალზე დამკვირვებელი მეგობრისგან წერილებს, სადაც ის მეუბნებოდა თუ რას ვაკეთებდი ყოველ დილით. ჩემს მიერ ნანახი ადგილები და ხალხი სწორად იყო აღწერილი. ერთი განსაკუთრებულობა უნდა აღვნიშნო: როდესაც მე მაღაროში ჩავედი, კრისტალი თითქოს იქ ვერ ჩამომყვა, მაგრამ უძრავად დარჩა მიწის ზედაპირზე, შახტის შესასვლელთან. მოგვიანებით სურათი გაქრა.

კომენტარი:

არსებობს ჩაწერილი მაგალითები, რომლებიც აჩვენებენ, რომ შესაძლოა მკვდარ სულებსაც ჰქონდეთ თავიანთი როლი იმ ვიზუალური სურათების შექმნაში და წარმოდგენაში, რომლებიც ასოცირებულია კრისტალზე დაკვირვებასთან. ასეთი შემთხვევის ყველაზე საინტერესო ანგარიში (იხ. ნანდორ ფოდორი) წარმოდგენილი იყო ბატონი ფ. ფიუსდეილის მიერ „დიალექტიკური საზოგადოების“ წინაშე. მან დაინახა მისი შვილები როგორ აკვირდებოდნენ ნაძვისხის სათამაშო კრისტალის ბურთს, რომელიც შემთხვევით იპოვეს. ისინი ბურთში სურათებს ხედავდნენ. ბავშვებს შეეძლოთ იმ კეთილი სულის არსებობის შეგრძნება, რომელიც სურათებს აწარმოებდა. ეს სცენები შორეული ადგილების და პეიზაჟების პროექციას წარმოადგენდნენ სულების სამყაროდან, ამას ამტკიცებდნენ ბავშვები. სურათები მშობლებმაც დაინახეს. ცოტა ხანში ბურთი დაიმსხვრა, რის შემდეგაც სულმა მოძრავი და ფერადი სურათების ჩვენება თეთრ, ბათქაშის კედელზე განაგრძო. მშობლები გაოცებულნი იყვნენ არქტიკის სცენებით, სადაც ადამიანები და ძაღლები ისე მოძრაობდნენ, როგორც ნამდვილ ცხოვრებაში. ყინულებში გემიც კი დაინახეს.

კრისტალში შესაძლებელია ასევე ჩაწერილი შეტყობინებების დანახვაც.

კრისტალზე კონცენტრაცია და ასტრალური მოგზაურობები რაღაცით დაკავშირებულია ერთმანეთთან. ამას დიდი ხანია ვაკვირდებით შემთხვევებში, როდესაც დამკვირვებელი ჯერ კრისტალში რაღაც ცალკეულ ადგილს ხედავს, შემდეგ კი ცდილობს იპოვოს იგი ისე, თითქოს ოთახიდან ოთახში გადადის და ხედავს, რა საგნები და რა ადამიანები იმყოფებიან დიდი სახლის სხვადასხვა ოთახებში.

სიზმრისეული მახასიათებელი გამოსახულების ბუნებაში ჩანს, ის ხშირად ნამდვილი სცენების ახლოდან ხილვის შთაბეჭდილებას იძლევა, ზოგჯერ სცენის ეპიცენტრში ყოფნის შთაბეჭდილებასაც. საინტერესოა ასევე შემთხვევები, როდესაც დამკვირვებელი წარმოიდგენს რაიმე სცენას ან მოვლენას, და კრისტალში ცხადად ხედავს როგორვითარდება ეს მოვლენა. ამ გზით ერთმა ავტორმა შეძლო წარმოედგინა იმ წიგნის გამხსნელი სცენა, რომლის დაწერასაც იწყებდა, და როდესაც კრისტალში სურათი განვითარდა, ის დაჯდა და უყურებდა როგორ აამოქმედეს მისმა პერსონაჟებმა ჯერ კიდევ დაუწერელი და უშინაარსო თავები. რამდენიმე წლის წინ, ჰოლივუდში, ჩემმა მეგობარმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სცენარისტი გახლდათ, მითხრა, რომ მისი უნარი — დაეწერა ასეთი დიდი რაოდენობის მასალა — იყო შედეგი მისი ნიჭისა, რომ დაეწერა რაიმე ისტორიის დასაწყისი, შემდეგ კი ბათქაშის კედელს უყურებდა მანამ, სანამ იქ სურათები არ გამოჩნდებოდა და მთელ ფილმს არ აჩვენებდა. ის თავიდან ბოლომდე უყურებდა მოძრავ სურათებს, შემდეგ აგრძელებდა სცენარის წერას.

მკვეთრი განსხვავება, შესაბამისად, იკვეთება კრისტალში ან კედელზე დანახულ სამი სახის გამოსახულებაში. (1) შორეული ადგილების ან სცენების (ან მომავლის მოვლენების) სიზმრის მაგვარი სურათები, (2) სულების მიერ წარმოებული ვიზუალური გამოსახულებები, რომლებიც შესაძლოა რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად დაინახოს (რომელიც მანიშნებელია უფრო არსებითი გამოსახულებებისა ვიდრე სუბიექტური ან სიზმრისეული სურათებია), და (3) წმინდად სიზმრის მაგვარი სურათები, რომლებიც თავდაპირველად წარმოსახვის შედეგად იხატება (მაგრამ აზრო-ფორმების შექმნასთან ერთად, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას კრისტალის შემდგომ სურათებში), და რომლებსაც კავშირი არ აქვთ ნამდვილ ადგილებთან და მოვლენებთან, არც შორეულ და არც მომავალ მოვლენებთან.

იმ ნივთიერების ბუნება, რომლიდანაც გამოსახულებები წარმოიქმნება, შემთხვევებში როდესაც სურათები რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად დაინახა, ჯერ-ჯერობით გაუგებარია. სავარაუდოა, რომ ის იმ ნივთიერების მსგავსია, რომლიდანაც აზრო-ფორმები ყალიბდება, რასაც ჩრდილისებრი სხეულის ნივთიერება ჰქვია. (მოგვიანებით ჩვენ ამ ნივთიერებას ექტოპლაზმასთან კავშირში განვიხილავთ).

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff