თავი 12
თავი 12
მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი
მკვდრების გაცოცხლება, დროებით და გრძელვადიანი პერიოდით
მკვდრების გაცოცხლება შესაძლებელია. თუმცა, არსებობს ორი ტიპის „გაცოცხლება“, ერთია სიცოცხლის სრული აღდგენა ფიზიკურ სხეულში, მეორე კი ფიზიკური სხეულის დროებითი მატერიალიზაცია, რათა ის გარდაცვლილმა სულმა გამოიყენოს. ორივე შემთხვევაში ჩვენ ვპოულობთ კაჰუნების უძველესი რწმენის სისწორის მტკიცებულებებს.
ქრისტიანულ და სხვა რელიგიურ ლიტერატურაში ჩვენ გვხვდება ადამიანების გრძელვადიანი პერიოდით გაცოცხლების შემთხვევები. გარკვეულ გარემოებებში კაჰუნებს შეეძლოთ ასეთი „გმირობების“ ჩადენა და ასევე ამ ყველაფრის გასაგებად ახსნა.
პოლინეზიაში ხშირი იყო ფიზიკური სხეულის დროებითი გაცოცხლება, რათა ის გარდაცვლილ სულს გამოეყენებინა, და როგორც „მატერიალიზაცია“, ეს მოვლენაც შესწავლილ იქნა და მრავალჯერ დადასტურდა ფსიქიკური კვლევის მიერ.
ქეისი 22.
კაჰუნა აცოცხლებს მკვდარს დოქტორი ბრიგჰემის თვალწინ
წინასწარი შენიშვნები:
ჰავაის თბილი კლიმატის გამო მკვდარ სხეულს ძალიან ცოტა დრო სჭირდება გასახრწნელად. თუმცა, არსებობს ღრმა ტრანსის ან კომის მდგომარეობა, რომელიც ისე ძალიან ჰგავს სიკვდილს, რომ არსებობს დიდი საშიშროება იმისა, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფნი მკვდრებად ჩათვალონ და ცოცხლად დამარხონ.
კაჰუნებს სწამდათ, რომ ხრწნა მხოლოდ მას შემდეგ იწყება, რაც დაბალი მეს ჩრდილისებრი სხეული ბოლომდე დატოვებს ფიზიკურ სხეულს. ადამიანის ორ დაბალ სულს შეუძლიათ ფიზიკური სხეულიდან ჩრდილისებრ სხეულში გადანაცვლება და გრძელ დისტანციებზე გადაადგილება, როგორც „ასტრალური მოგზაურობის“ დროს, მაგრამ ამ შემთხვევაში ყოველთვის არსებობს ჩრდილისებრი მატერიის მაკავშირებელი ძაფი (თეოსოფიის „ვერცხლისფერი სიმი“), რომელიც ფიზიკურ და დაბალ ჩრდილისებრ სხეულებს ერთმანეთთან აერთებს. მხოლოდ ამ ძაფის გაწყვეტის შემდეგ იწყება გახრწნა.
მაკავშირებელი ძაფის გაწყვეტის შემდეგ, თუ მაღალი მე ჩაერთვება საქმეში, შესაძლებელია იმ ქსოვილების აღდგენა, რომლებსაც დაწყებული აქვთ გახრწნა და გარდაცვლილების სიცოცხლის დაბრუნება. მეორე მხრივ, თუ ძაფი არ არის გაწყვეტილი (რაც ხშირად იმ შემთხვევებში ხდება, როდესაც სიკვდილი ქსოვილების დაზიანების გარეშე დგება, მაგალითად დახრჩობისას), შესაძლებელია სიცოცხლის აღდგენა თუ სულებს შესაძლებლობა ეძლევათ დაუბრუნდნენ სხეულს.
დაბალი მეს ჩრდილისებრი სხეული, როგორც უკვე ავღნიშეთ, სასიცოცხლო ძალის საუკეთესო საცავია, და როდესაც სულები ფიზიკურ სხეულს ტოვებენ, ამ ძალის უმეტესი ნაწილი ჩრდილისებრ სხეულში გადადის. როდესაც მკვრივი ფიზიკური სხეული ცარიელდება, მას შემდეგ რაც ცნობიერების და სასიცოცხლო ძალის ელემენტები დატოვებენ მას, დგება უგონო და უმოქმედო მდგომარეობა. ეპილეფსიაზე ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ სახასიათო ყვირილის და დაცემის შემდეგ, შესაბამისი ინსტრუმენტების მიერ არ შეინიშნება არც ფიზიკური და არც ტვინის ტალღების მოქმედება. ეს იმის მანიშნებელია, რომ ამ დროს პაციენტის ორი მე, თავიანთ ჩრდილისებრ სხეულებში, დროებით ტოვებენ სხეულს ან ალტერნატიულ შემთხვევაში, ისინი რჩებიან სხეულში, მაგრამ მათ ამოცლილი აქვთ მთავარი სასიცოცხლო ძალა, დამპყრობელი სულის მიერ. ცნობიერება პაციენტს მაშინ უბრუნდება, როდესაც შეივსება სასიცოცხლო ძალის მარაგი.
ქეისი:
დოქტორ ბრიგჰემს, იშვიათი მცენარეების კვლევითი მოგზაურობის დროს ჰავაიში, ძალიან ძლიერი შტორმის გამო, სანაპიროს სოფელში მოუწია თავის შეფარება. შტორმის დროს ადგილობრივი თექვსმეტი წლის ბიჭი დაიხრჩო. მისი გადარჩენა ვერავინ შეძლო და მოშორებით მცხოვრებ კაჰუნას მოუხმეს.
კაჰუნა მოხუცი კაცი იყო, რომელიც უბედური შემთხვევიდან რვა საათის შემდეგ მოვიდა ადგილზე. ბიჭის სხეული გაციებული იყო და როგორც დოქტორმა ბრიგჰემმა გამოიკვლია (კაჰუნას მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე), გამოვლენილი იყო გვამური გაშეშების ნიშნები.
კაჰუნა ბიჭის სხეულთან ახლოს ჩამოჯდა და დაიწყო თავისი ფსიქიკური ძალის გამოყენება, რათა დაედგინა, თუ სად იყო ბიჭის ორი სული. ამ საქმეში, როგორც შემდეგ თვითონ განმარტა, მას რამდენიმე მეგობარი სული დაეხმარა. (სავარაუდოდ ჩრდილისებრი სხეულის სიმი, რომელიც სხეულს დაბალ მესთან აკავშირებს, ჯერ კიდევ არ იყო გაწყვეტილი, თუმცა უკიდურესად იყო დაჭიმული.) ბიჭის მე-ები დაბნეულ მდგომარეობაში იპოვნეს და სხეულთან მოიყვანეს, შემდეგ დაარწმუნეს, რომ აქ დარჩენილიყვნენ და ყველანაირად ეცადათ სხეულში დაბრუნება.
სხეული გათბა და კაჰუნამ, ხელების დადების მეშვეობით, მას თავისი სასიცოცხლო ძალა გადასცა. სულების სხეულში დასაბრუნებლად მან სიტყვიერი შთაგონება გამოიყენა, და ასევე ფიზიკური სტიმულაცია კუნთების მასაჟით ისე, თითქოს სულები სხეულში ფეხის ერთ-ერთი ცერა თითით უნდა დაბრუნებულიყვნენ, კაჰუნა კი ფეხის გასწვრივ სხეულამდე „ტენიდა“ მათ. კაჰუნა ასევე „ღმერთს“ (მაღალ მეს) დაუკავშირდა დასახმარებლად. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მან განაცხადა, რომ ბიჭის სულები სხეულში ბრუნდებოდნენ. მისი სხეული უფრო და უფრო თბებოდა. გულის ცემა დაიწყო და ბიჭმა თვალები გაახილა. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ცოტა ხანში ის უკვე საჭმელს ითხოვდა.
დოქტორი ბრიგჰემისთვის ეს ყველაფერი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მან კაჰუნას უამრავი კითხვა დაუსვა, და შეიტყო, რომ „ღმერთი“, ვისი დახმარებითაც სასწაული აღევლინა „აუმაკუა“ იყო, ანუ ერთ-ერთი იმ მშობლიური და უაღრესად სანდო სულებიდან, რომლებიც უწინ ადამიანები იყვნენ და დედამიწაზე ფიზიკურად ცხოვრობდნენ.
ის რამდენიმე წლის მანძილზე ადევნებდა თვალყურს ჰავაელ ბიჭს და როგორც ჩანს მას არანაირი გვერდითი მოვლენები არ შეუმჩნევია მისი დახრჩობის შემდეგ.
კომენტარი:
დახმარების მიღების ფაქტები იმ სულებისგან, რომლებიც ერთ დროს კაცები და ქალები იყვნენ და ფიზიკურად ცხოვრობდნენ, ახალი არ არის. სპირიტუალიზმის და ფსიქიკური კვლევის ჩანაწერები სავსეა ცოცხალი ადამიანების წარმატებით განკურნების შემთხვევებით, რომლებიც „მკვდარი“ სულების მეშვეობით ხორციელდება. ყველაზე წარმატებული სულიერი მკურნალები ხშირად აღნიშავენ, რომ ისინი ლოცვების მეშვეობით ამყარებენ კავშირს უზენაეს სულებთან, ან საყოველთაოდ მიღებულ ღმერთის კონცეფციასთან, და ამ გზით აღავლენენ სასწაულებს.
არც სულებს, ისევე როგორც ცოცხალ ადამიანებს, არ შეუძლიათ უშუალო კონტაქტის დამყარება ცნობიერების იმ დონესთან, რომელიც მათზე ერთი საფეხურით მაღლა დგას. მათ შეუძლიათ მხოლოდ სპეკულაციები აკეთონ და წარმოიდგინონ მაღალი არსება, ასევე მისი გონების შესაძლებლობები, რაც საშუალებას აძლევს მათ, რომ მაგიური განკურნებისას მისტიური ძალა გამოიყენონ. ბევრ სულს გამოუთქვამს მოსაზრება განკურნების მექანიზმებთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამტკიცებენ თავიანთი ცოდნის სიმართლეს, მათი იდეები ერთმანეთს არასდროს ემთხვევა.
ისინი ძალიან ჰგვანან ცოცხალი ადამიანების ქცევას: ¬თითოეულს თავისი აზრი აქვს და უარყოფს ყველა დანარჩენს. საჭიროა, მშვიდი დამოკიდებულება გვქონდეს ორ გარდაცვლილს შორის ასეთი მწვავე წინააღმდეგობის მიმართ, და უმჯობესია კაჰუნების უძველეს ახსნა-განმარტებებს დავუბრუნდეთ, რადგან ისინი იმდენად სწორ დეტალებს აღწერენ, რომ ჩვენი პატარა ცოდნითაც კი შეგვიძლია მათი შემოწმება, და რაც ყველაზე მთავარია, კაჰუნების თეორია მუშაობს, და საფუძველს უყრის მის პრქტიკულ გამოყენებას.
ქეისი 23
მკვდრების გაცოცხლება დროებით. სრული მატერიალიზაცია
წინასწარი შენიშვნები:
ფსიქიკურ კვლევაში არაფერია ისეთი შთამბეჭდავი, გასაოცარი, მკაცრად უგულვებელყოფილი (თუნდაც უშედეგოდ), ისეთ აუხსნელი, ან ისეთი ღრმად მნიშვნელოვანი, როგორიც „სრული მატერიალიზაცია“, ანუ მკვდრების დროებითი აღდგენაა.
მკვდრების აღდგენისთვის, თუ ეს პროცესი დიდი ხნის გარდაცვლილ სულებს ეხებათ, სხვადასხვა ელემენტების იგივე საჭიროებაა, რისგანაც ცოცხალი ადამიანები შედგებიან. გარდაცვლილი ინდივიდის დაბალი და შუა სულები სპირიტუალურ სეანსებზე მოდიან, ცნობიერების ელემენტებს ითვისებენ. ისინი გაერთიანებულ დაბალ და შუა ჩრდილისებრ სხეულებში ცხოვრობენ, ასე რომ თან მოაქვთ ის და ავსებენ ფიზიკური სხეულის ყალიბს, რომელიც მათ ერთ დროს დედამიწის დონეზე ჰქონდათ. მაღალ მეს კი ამ დროს თავისი ყოფილი ფიზიკური სხეული და ბუნებრივად ძლიერ დამუხტული სასიცოცხლო ძალა აკლია. ამ დანაკლისის შესავსებად, [მაღალი მე] სასიცოცხლო ძალას და ფიზიკური მატერიას სეანსზე დამწრეთა წრიდან იღებს. ფიზიკური მატერია გარდაიქმნება თხელ, ექტოპლაზმურ ფორმად და შემდეგ სულის დაბალი ჩრდილისებრი სხეულის ყალიბში მყარდება.
შედეგად ვიღებთ ნამდვილი, ცოცხალი, მსუნთქავი, თბილი და სრულიად ჩვეულებრივი ფიზიკური სხეულის „სრულ მატერიალიზაციას“, რომელშიც ორი სული ბინადრობს. ასეთი სხეულები ხშირად მდგარან სამედიცინო გამოკვლევის წინაშე. თუმცა, ისინი არ არიან გრძელვადიანი პერიოდით. რამდენიმე წუთის, ან (იშვიათად) ერთი საათის შემდეგ, ექტოპლაზმური მატერია ისევ ცოცხლებს უბრუნდებათ და მყარი ფორმაც უჩინარდება.
თეორიულად ასეთი მატერიალიზებული სხეული უფრო დიდ ხანს შეძლებდა დარჩენას, ფიზიკური ნივთიერების უკან დაბრუნება რომ არ უწევდეს. იესოს მეორედ მოსვლა შესაძლოა ასეთივე გზით განხორციელდეს ¬– ვიღაც მოხალისემ, რომელსაც ენდომება ცოცხალი სხეულის დატოვება და გარდაცვლილთა სამყაროში გადანაცვლება, თავის სხეულს გაიღებს იმისთვის, რომ დიდი „მასწავლებლის“ ჩრდილისებრი სხეულით აავსოს საკუთარი ყალიბი.
რამდენიმე წლის წინ, წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე, პოლინეზიელმა ადგილობრივებმა ფურორი მოახდინეს, როდესაც ღამის საიდუმლო სეანსებზე მკვდრეთით თავიანთი ბელადი აღადგინეს (მატერიალიზაციის პროცესის მეშვეობით). ეს ბელადი, რომელიც კეთრისგან გარდაიცვალა, ძალზედ ბრძენი და ყველასთვის საყვარელი კაცი იყო. უცნაურია, რომ ის მატერიალიზდა და იმაზე მეტ ხანს დარჩა სხეულში ვიდრე ეს დასავლეთში ხდება. ვინაიდან იმდროინდელი მმართველები შეშინდნენ, რომ ადგილობრივები ამ ბელადის მეთაურობით არ აჯანყებულიყვნენ, მათ განაცხადეს, რომ მატერიალიზაციას შეეძლო კეთრი გაევრცელებინა, და ამიტომ ადგილობრივებს სეანსები შეაწყვეტინეს.
ქეისები:
(ა) კაჰუნები და მასიური მატერიალიზაცია ჰავაიზე
უკვე რამდენიმე წელია რაც ჰავაიზე, სადაც კაჰუნები ფსიქიკური ფენომენის ყველაზე ძლევამოსილი გამტარები იყვნენ, მასიური მატერიალიზაცია შეინიშნება. ადგილობრივი ბელადი და მისი ათიდან ორმოცდაათამდე მიმდევარი (ყველანი დიდი ხნის გარდაცვლილები) ღამით მატერიალიზდებოდნენ შემოგარენებში მსვლელობას ატარებდნენ. ხშირად კი მატერიალიზებულ ბარაბნებს და ჩირაღდნებსაც იყენებდნენ. ისინი ყოველთვის არ ჩანდნენ, თუმცა მათი ფეხის და ბარაბნების ხმა მკაფიოდ ისმოდა. ეს მოჩვენებითი პროცესია ჰავაიზე კარგადაა ცნობილი, ხშირად დადასტურებული და ასევე ხშირად აღწერილი წიგნებსა და სტატიებში ჰავაის კუნძულების შესახებ.
დოქტორმა ჯონ თენერმა, რომელიც რაღაც დროის მანძილზე ჰავაელ კაჰუნებს შეისწავლიდა, მითხრა, რომ ერთხელ, როდესაც ის ვაიკიკის სანაპიროზე იყო გაიგონა მოჩვენებითი პროცესიის ხმა, რომელიც ჰონოლულუს ცენტრისკენ მოძრაობდა. მან იფიქრა, რომ ისინი ძველი ჰავაელების მიერ აღწერილ ბილიკს მიჰყვებოდნენ ¬– ვაიკიკიდან სამეფო სამარხებამდე, ძველ მისიონერულ ეკლესიასთან, ქალაქის ცენტრში. იგი უცებ ჩაჯდა მის მანქანაში, ძველ ეკლესიასთან მივიდა და დაელოდა. მან განსაცვიფრებლად მოკლე დროში იგივე პროცესიის ხმა გაიგონა, ჩუმ გალობასთან და საუბართან ერთად. ხმები როგორც ჩანს ადგილობრივი, დიდი ხნის გარდაცვლილი მეფის სამარხთან იკარგებოდა, ეკლესიის ეზოში. თუმცა დოქტორ თენერს არაფერი დაუნახავს.
დოქტორ ბრიგჰემს ბევრი შემთხვევა ჰქონია, როდესაც მარშელები ჩირაღდნების და მთვარის შუქზე დაუნახავთ. ჰავაელები თანხმდებიან, რომ სრულიად მატერიალიზებული, საბრძოლო შუბებით შეიარაღებული მარშელები, საშიშნი არიან ყველასთვის ვინც მათ გზაზე გადაეღობებათ. როდესაც ასეთ პროცესიას დაინახავს, ჭკვიანი ადგილობრივი გზიდან გადადის, ან იმალება და ჩუმად არის პროცესიის გასვლამდე. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მარშელებს ადამიანები მოუკლავთ. ერთი ჩემი ნაცნობი ჰავაელი ამტკიცებდა, რომ პირისპირ შეეჩეხა პატარა ჯგუფს, ისინი ყველანი შეიარაღებულები იყვნენ და ბუმბულის მოსასხამები ეკეთათ. ერთ-ერთი მეომარი მისკენ შუბით დაიძრა, მაგრამ მან სწრაფად დაიყვირა, რომ ის მათი ცოცხალი ნათესავი და მეგობარი იყო. მას ათქმევინეს მისი სახელი და ჩამოათვლევინეს წინაპრების სახელები. სრულიად გასაგები იყო, რომ ჩემი ნაცნობი რამდენიმა თაობით უკან უნდა გადასულიყო და ბოლოს და ბოლოს უნდა ეპოვნა რაიმე ნათესაური კავშირი ამ რაიონის ძველ მაცხოვრებლებთან. ასეც მოხდა, მოჩვენებებმა მიუტევეს მას შემთხვევითი შემოჭრა პროცესიის ბილიკზე და გაუშვეს.
რა თქმა უნდა, საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტებს ჰავაის მოჩვენებით პროცესიაზე ზღაპრულ ამბებსაც ამატებენ ხოლმე, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ძირითადი ფაქტები ნამდვილია. პოლინეზიელების ლეგენდარული სიბრძნე სავსეა მასიური და სათითაო მატერიალიზაციების შემთხვევებით. „ღმერთები“ ეხმარებიან გარდაცვლილ სულებს მატერიალიზაციაში და ამასთანაა დაკავშირებული, რომ სასიცოცხლო ძალას და ექტოპლაზმურ ნივთიერებას ისინი ცოცხლებისგან იღებენ (როცა მათ სძინავთ), ან იშვიათ შემთხვევებში, ცხოველებისგან და მცენარეებისგან.
(ბ) მღვდელმთავარი მატერიალიზდება სიკვდილიდან ოთხასი წლის შემდეგ.
კარლო მირაბელიმ, სამხრეთ აფრიკელმა მედიუმმა (იტალიური სისხლით), ბრწყინვალე მაგალითები მოიყვანა ფსიქიკური ფენომენის თითქმის ყველა ტიპის.
დოქტორი ფოდორი წერს: „[მირაბელის] მატერიალიზაციის ფენომენი გასაოცარი იყო. იმის გარდა, რომ ფორმები დასრულებული იყო და მათი ფოტო-გადაღება იყო შესაძლებელი, ექიმები ზოგჯერ თხუთმეთი წუთის მანძილზე იკვლევდნენ მათ და ამტკიცებდნენ, რომ ახლად ჩამოსხმულ ადამიანებს იდეალური ანატომიური სტრუქტურა ჰქონდათ. გამოკვლევის დასრულების შემდეგ ფიგურები უჩინარდებოდნენ, ტერფებიდან დაწყებული ზემოთ - მკერდი და მხრები ჰაერში ორთქლდებოდა. ერთ-ერთმა ექიმმა განაცხადა: „ეს უკვე მეტისმეტია“, გაიქცა და ნახევარი სხეული დაიჭირა. შემდეგ მან დაიყვირა და უგონოდ დაეცა მიწაზე. გონზე მოსვლის შემდეგ, მხოლოდ ის ახსოვდა, რომ როდესაც ფანტომი დაიჭირა, ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ღრუბლის მაგვარ, ჩრდილისებურ სუბსტანციას ეხებოდა. შემდეგ შოკი მიიღო და გონება დაკარგა. ორმოცდა ექვსი წუთის განმავლობაში, მზის სინათლეზე უყურებდნენ სეანსის დამსწრეები, თუ როგორ მატერიალიზდა დოქტორი სოუზას შვილი, პატარა გოგონა, რომელიც გრიპით გარდაიცვალა. მას ის ტანსაცმელი ეცვა, რომლითაც დამარხეს. მათ მისი მაჯისცემა შეამოწმეს. მამას და შვილს სურათები გადაუღეს. შემდეგ ფანტომი ჰაერში აიწია და გაუჩინარდა...
„სხვა სეანსზე მირაბელიმ განაცხადა, რომ მან ეპისკოპოსი, დოქტორი ხოსე დე კარმაგო ბაროშის სხეული დაინახა, რომელიც გემის შეტაკებისას დაიღუპა. ‘ოთახი ვარდების ტკბილმა სურნელმა გაავსო. მედიუმი ტრანსში შევიდა. სეანსზე დამსწრეები თხელ ნისლს ხედავდნენ. ნისლი ოქროსფრად ანათებდა, შემდეგ გაიფანტა და მის ადგილას ეპისკოპოსი მატერიალიზდა, თავისი მანტიით და შესამოსელით. მან თავისი სახელი თქვა. დოქტორი სოუზა მასთან მივიდა. მან სხეულის გამოკვლევა დაიწყო, მის კბილებს შეეხო, მისი ნერწყვი შეამოწმა, გულის-ცემას მოუსმინა, შინაგანი ორგანოების მუშაობა, ფრჩხილები და თვალები შეამოწმა - ყველაფერი სწორად მუშაობდა. შემდეგ სხვა დამსწრეებიც დარწმუნდნენ ამ ყველაფრის რეალურობაში. ეპისკოპოსი ღიმილით იდგა მირაბელის გვერდზე და მას ხმის ამოუღებლად უცქერდა. შემდეგ ის ნელა გაუჩინარდა.’ ‘მეექვსე სეანსზე, მირაბელი - დაბმული და გაკოჭილი, ოთახიდან გაუჩინარდა და მეორე ოთახში გაჩნდა, ისევ ტრანსის მდგომარეობაში. ყველა კარი და ფანჯარა საგულდაგულოდ იყო ჩაკეტილი, მირაბელიც ისევ ისე იყო დაბმული.’ ერთხელ, თოთხმეტი დამსწრის წინაშე მისი ხელები გაუჩინარდა. ფოტოზე მხოლოდ ოდნავი ჩრდილი ჩანს.“
(გ) იოლანდა და მისი მატერიალიზაცია.
მადამ ელიზაბეთ დ’ესპერანსას, ცნობილ მედიუმს, სხვა სულებთან ერთად, რომლებიც მატერიალიზდებოდნენ, თხუთმეტი წლის არაბი გოგონაც ჰყქვდა, სახელად იოლანდა. ეს გოგონა ჩნდებოდა როგორც ნისლი და რამდენიმე წუთში სრულად მატერიალიზდებოდა. შემდეგ, დღის სინათლეზე, ის ცოცხლებს ესაუბრებოდა და ოთახში არსებულ სხვადასხვა ნივთს აქრობდა და აჩენდა. ის დიდი რაოდენობით აპორტს წარმოშობდა და შეეძლო მცენარეები გაეზარდა წყლით და მიწით სავსე ბოთლებში, ერთი დიდი მცენარე რამდენიმე წუთში გაიზარდა.
ერთ-ერთმა დამსწრემ, ალექსანდრე ნ. აკსაკოვმა, დაინახა თუ როგორ გაუქრა მედიუმს ქვედა ტანი, მაშინ როდესაც ზედატანი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ჰაერში ჰკიდიაო. ის არ იყო ტრანსში და შეშინებული ჩანდა მისი მდგომარეობით, რამაც აკსაკოვის ყურადღება მიიქცია. სხვა დამსწრეები ასევე ამტკიცებდნენ, რომ მედიუმის წელს ქვემოთ არაფერი ჩანდა. ათი წლის შემდეგ, აკსაკოვმა გამოაქვეყნა საკმაოდ წონიანი მოსაზრება, რომელთანაც რამდენიმე წლის შესწავლისა და დაკვირვების შედეგად მივიდა: მოსაზრება, რომ გარკვეულ შემთხვევებში, „მედიუმის სხეული სრულ აბსორბციას განიცდის და წარმოშობადი ფიგურების შექმნისთვის გამოიყენება“.
(დ) ცხოველების მატერიალიზაცია.
კაჰუნების რწმენა, რომ ყველაფერს აქვს თავისი ჩრდილისებრი სხეული, რომელიც მათი მიკროსკოპული ნაწილების ყალიბია (ისევე როგორც მათი მთლიანი ფორმის), ცხოველებსაც ეხება. (ასევე მწერებსაც და ინტერტულ ობიექტებსაც, როგორიცაა ქვები).
გემბიერ ბოლტონს საინტერესო რამ შეემთხვა. მან დაიმეგობრა და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა დაზიანებულ სელაპს ზოოპარკში, მაგრამ სელაპი მოკვდა. სიკვდილიდან ათი დღის შემდეგ, მისის ქრედოკის სეანსზე, რომელსაც რამდენიმე მეცნიერი ესწრებოდა, სელაპი – თითქოს ბოლტონის ნაცნობი – მატერიალიზდა და ოთახში გაიარ=გამოიარა, რამდენიმე წუთით ბოლტონთანაც გაჩერდა. დამსწრეებმა სეანსზე მყოფ სულებს სთხოვეს ამის ახსნა. მათ თქვეს, „მათი ქცევა (ცხოველების, რომლებიც სეანსებზე მატერიალიზდებიან) ჩვენგან დამოუკიდებელია, რადგან ჩვენ ძალიან დაკავებულნი ვართ ექსპერიმენტებით ადამიანის ფანტომებზე, რომლებსაც თქვენს შორის მატერიალიზება სურთ. ცხოველები ოთახში ჩვენთვის გაუგებარი გზით შემოდიან, და ამას ჩვენ ხელს ვერ ვუშლით. ისინი საიდანღაც იღებენ იმ სუბსტანციის გარკვეულ მარაგს, რომელიც მათი დროებითი სხეულების მატერიალიზაციას ჭირდება. ვისინი მოდიან როცა უნდათ, დადიან ოთახში როგორც უნდათ; და ქრებიან მაშინ, როცა მოუნდებათ; და ჩვენ არ შეგვწევს ძალა რომ ეს გავაკონტროლოთ, ვინაიდან ეს გრძნობები მათსა და მათ ყოფილ პატრონებს შორის ძალიან ძლიერია, როგორც ეს იყო, მაგალითად, მოცემულ შემთხვევაში.
დოქტორი ფოდორი თვლის, რომ მედიუმის პირით ციტირებული სულების მოსაზრება ეწინააღმდეგება მედიუმ კლუსკის სეანსებზე ცხოველთა მატერიალიზაციის ცნობილ მოვლენებს. პატრონები და ცხოველები იშვიათად მოძრაობდნენ ერთდროულად, მაგრამ პატრონები, მიუხედავად უმოძრაობისა, ცხადად ჩანდნენ. თუმცა, იყო შემთხვევა, როდესაც ცხოველი პატრონის გარეშე გამოჩნდა. ეს ადამიანი-მაიმუნი იყო – დამსწრეთა აღწერით პითეკანთროპი. მას უხეში ხუჭუჭი თმა ჰქონდა, სველი ძაღლის და თხის სუნად ყარდა, და ძალიან მხიარული ჩანდა, ცხადია დაბალი ინტელექტის მქონე იყო, მაგრამ არ იყო უხეში და იყო დამჯერი. დამსწრეებს თავდაპირველად შეეშინდათ მისი სიძლიერის. მან სკამიანად ასწია მძიმე კაცები, თითქმის თავს ზემოთ, აიღე დიდი და ძალიან მძიმე წიგნების ყუთი და ოთახში გადააადგილა, ასევე დიდი დივანი. ის მხოლოდ მყეფარე ხმას გამოსცემდა და ხშირად იფხანდა სხეულს.
ძაღლები, კატები, თუთიყუშები, ღამურები, თხუნელები და უამრავი სხვა მკვდარი ცხოველი დაბრუნებულა თავიანთ პატრონთან სეანსებზე. ერთხელ ასეთი შემთხვევა მოხდა: ერთ-ერთმა ცხოველმა თავისი ვიზიტის შემდეგ ცოტა ბეწვი დატოვა იმ ადგილას, სადაც სეანსის დროს მისი თათი მაგიდაზე დადებულ ქაღალდის ხელსახოცში გაიბლანდა. ხელსახოცში შემდეგ დაახლოებით ათ სანტიმეტრიანი ხვრელი გაჩნდა). ეს თმა შემდეგ სინათლე- და წყალ-გაუმტარ ყუთში ჩადეს და ხშირად იკვლევდნენ. რამდენიმე დღეში თმა შეიკუმშა და მალევე გაუჩინარდა, აშკარად უფრო ნელა დემატერიალიზდა, ვიდრე თვითონ ცხოველი.
(ე) ცოცხლების ნახევრად-მატერიალიზაცია
უამრავი შემთხვევა ყოფილა აღწერილი, სადაც სეანსებზე ცოცხალი ადამიანების ნახევრად-მატერიალიზაცია უნახავთ. მაგალითად ჰორეის ლიფმა, დაინახა საკუთარი ცოცხალი ნათესავის (რომეიც ოთხასი მილის მოშორებით ცხოვრობდა) თავი, მხრები და ერთი ხელი. შემდეგ, რამდნეიმე წუთის განმავლობაში ისინი საუბრობდნენ ამბებზე, რომლებიც მხოლოდ თვითონ იცოდნენ. ალფრედ ვაუთ პიტერსმა, სესილ ჰასკის სეანსზე დაინახა ცოცხალი მეგობრის (თითქმის სრული) მატერიალიზაცია, რომელსაც იმ დროს, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, საკუთარ სახლში ეძინა.
დოქტორმა ნანდორ ფოდორმა, თავის გრძელ სტატიაში მატერიალიზაციის შესახებ (ფსიქიკური მეცნიერების ენციკლოპედია), დაწერა მოსაზრება, რომელიც კაჰუნების ანტიკურ თეორიებს შეესაბამება (თუმცა იმ დროს დოქტორმა ფოდორმა არ იცოდა ამის შესახებ). „რა თქმა უნდა ყველას გვაინტერესებს თუ რამდენადაა შესაძლებელი დემატერიალიზაციის და მატერიალიზაციის პროცესის მეშვეობით ცოცხალი ორგანიზმის რაიმე სხვა ფორმების შექმნა. შესაძლოა, ოდესმე, მომავალში, ამ საკმაოდ თამამ იდეებზე დაყრდნობით ჩვენ ვიპოვით იმ სასწაულებრივი განკურნებების ახსნას, რომლებიც დროსაც სხეულის დაავადებული ორგანოები თავის პირვანდელ ჯანსაღ მდგომარეობას უბრუნდებოდნენ.“
(ვ) ნორმალური ზომის ცვლილებები მატერიალიზაციისას.
ბევრი მოხსენება აღწერს მატერიალიზებული ფორმების გაჩენას, რომლის დროსაც ცოცხალი ადამიანი იმაზე უფრო დიდი ან პატარა ჩანდა, ვიდრე ის სინამდვილეში იყო. იგივე მოვლენა გვხვდება, როდესაც მედიუმები ზომაში გაზრდილან სეანსებზე, რა დროსაც მედიუმის სხეული 50-60 სანტიმეტრით უფრო გრძელი დაუნახავთ. (კაჰუნები ფიქრობდნენ, რომ შესაძლებელი იყო ჩრდილისებრი სხეულის გაზრდა ან დაპატარავება).
მადამ ბისსონმა გამოიკვლია შიშველი ქალის ფიგურა, რომელიც დაახლოებით ოცი სანტიმეტრის იყო. იგი ხშირად სხვადასხვა ვარცხნილობით მატერიალიზდებოდა, ცეკვავდა და გიმნასტიკურ მოძრაობებს ასრულებდა. ის ერთხელ მადამ ბისსონის ხელზეც კი გაჩერდა, თუმცა ჩვეულებრივ მედიუმ ევას ხელზე ჩნდებოდა ხოლმე.
მადამ იგნათის სეანსებზე წყლის ჭიქებში მატერიალიზდებოდა პატარა და ძალიან ლამაზი, თხილის ზომის თავები. მაკონტროლებელი სულის, ნონას აზრით ეს მატერიალიზებული პლასტიკური აზრო-ფორმები იყო.
ნაწილობრივი მატერიალიზაციები, რომლის დროსაც მხოლოდ თავები ან ხელები ჩნდება, ზოგჯერ ზომით რამდნიმეჯერ დიდი ან პატარაა, ჩვეულებრივთან შედარებით.
(ზ) მატერიალიზებული ტანსაცმელი
დროებით მატერიალიზებული სულები ძალიან იშვიათად მოდიან ტანსაცმლის გარეშე. ჰარი პრაისი, ერთ-ერთი ყველაზე ფრთხილი და სკეპტიკურად განწყობილი მკვლევარი პარაფსიქოლოგიური კვლევების საზოგადოებიდან, თავის წიგნში მოგვითხრობს პატარა, უტანსაცმლო გოგონას მატერიალიზაციის შესახებ – ბნელ სეანსებზე, რომელსაც გოგონას დედა უძღვებოდა და რამდენიმე მეგობარი, ერთი მათგანი კარგი მედიუმი იყო. ამ სეანსზე პრაისმა გამოიკვლია გოგონას შიშველი, პატარა სხეული, რომელიც თბილი, მყარი და ნორმალური სიმძიმის იყო. ბავშვმა რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხა. ოთახის იატაკი თეთრი ფხვნილით იყო დაფარული, ყველა გასასვლელი იყო ჩაკეტილი და ყველანაირი ზომა იყო მიღებული თაღლითობის საწინააღმდეგოდ. ფხვნილს ნაკვალევი არ დატყობია და არც საკეტები იყო გახსნილი, რამაც პრაისი მატერიალიზაციის გენიალურობაში დაარწმუნა.
სხვა შემთხვევებში სულები იმოსებიან მისტიური მონაცრისფრო ბოლით ან ისეთი მყარი ტანსაცმლით, რომელსაც ხშირად დამკვირვებლები ნაწილებად ჭრიან და სულის დემატერიალიზაციის შემდეგ იკვლევენ. მატერიალიზებული ნაჭერი იმითაა საინტერესო, რომ ის თითქმის ყოველთვის უფრო მსუბუქი და ნატიფია ვიდრე ჩვეულებრივი ნაჭერი.
სილვიან ჯ. მულდონი, ცნობილი თავისი ასტრალური მოგზაურობის ჩანაწერებით, აღწერს თუ როგორ შემოეკრა ტანისამოსი მის ასტრალურ სხეულს როდესაც რამდენიმე მეტრით დაშორდა სხეულს. ეს ტანსაცმელი ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც მის ფიზიკურ სხეულს ეცვა, რომელიც გაუნძრევლად იწვა საწოლში.
სეანსებზე მედიუმების დემატერიალიზაციისას ზოგჯერ მათი ტანისამოსიც ქრება – თუმცა ძირითადად ის უკან რჩება ხოლმე. ჩვეულებრივ, სეანსზე მატერიალიზებული ტანსაცმელი თეთრი ფერისაა, მიუხედავად იმისა, რომ მედიუმის გამქრალი ტანსაცმელი შესაძლოა შავი ფერის იყოს.
სერ უილიამ ქრუქსმა შეისწავლა ქეით კინგი, სული, რომელიც ქალბატონი ფლორენს კუკის სეანსებზე ხშირად მატერიალიზდებოდა. სული ხშირად რთავდა მას ტანსაცმელზე შეხების ნებას. ზოგჯერ ის პატარა ნაჭრებად ჭრიდა მისი კაბის ქვედა ნაწილს და სეანსზე დამსწრეებს ურიგებდა შესამოწმებლად. კაბიდან ამოჭრილი ნაწილების ხვრელები კი სეანსზე დამსწრეთა თვალწინ ივსებოდა. ნაჭრების უმეტესობა ფანტომის გაქრობასთან ერთად ქრებოდა, მაგრამ რამდენიმე ნაჭერი რჩებოდა, რა დროსაც ზუსტად იგივე ზომის ამონაჭრებს მედიუმის ტანსაცმელზე პოულობდნენ სეანსის დასასრულს. აქედან გამომდინარეობს, რომ მატერიალიზაციისთვის გამოყენებულია მასალა მედიუმის კაბიდან, და იგი არ ბრუნდება ადგილზე იმ შემთხვევაში, როცა შესაძლებელი ხდება ფანტომის ტანსაცმლის ფრაგმენტების დაჭერა.
ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ ქსოვილი, რომლისგანაც ფანტომის ტანსაცმელია შეკერილი, არ შეესაბამებოდა იმ კაბის მასალას, რომელშიც სეანსის შემდეგ ხვრელები გაჩნდა. ამიტომ უნდა ჩავთვალოთ, რომ მატერიალიზაციის და დემატერიალიზაციის პროცესებში შესაძლებელია მატერიის ტრანსფორმაცია. ერთი საგანი მეორედ გარდაიქმნება და ასეთად რჩება. როგორც ჩანს, ასე ხდება სწრაფი განკურნების შემთხვევებშიც, თუკი კაჰუნების ტექნიკას დავუჯერებთ.
ქეით კინგის ფანტომი ამტკიცებდა, რომ ქსოვილის ნაწილების მოჭრისთვის და მისგან რაღაც უფრო მარადიულის გასაკეთებლად მას მედიუმის სასიცოცხლო ძალა უნდა აეღო, რაც ამ უკანასკნელს დაასუსტებდა (გაიხსენეთ კაჰუნების თეროია, რომ მატერიალიზაციის ყველა პროცესს, ცოცხალი არსების სასიცოცხლო ძალა ჭირდება). როდესაც ეს მატერია ქსოვილების მაღაზიაში აჩვენეს, რათა მსგავსი მოეძებნათ, მათ ასეთი ვერაფერი იპოვნეს. მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ ეს ქსოვილი ჩინური წარმოების უნდა ყოფილიყო.
ერთხელ, იოლანდას კაბის ნაჭერი მოახიეს და ის „მუდმივი“ გახდა მადამ ესპერანსას სეანსზე, ქრისტიანიაში. იგივენაირი ამონაჭერი, ნახევრად გახეული და ნახევრად მოჭრილი მოგვიანებით მედიუმის ქვედაბოლოზე აღმოჩნდა. სულის კაბიდან მოხეული ნაჭერი იგივე ფორმის იყო, ოღონდ რამდენჯერმე უფრო დიდი. ქსოვილი თეთრი და მსუბუქი იყო, ვუალივით თხელი, მაგრამ ნამდვილად ნაქსოვი ძაფებით შეკერილი.
ჯორჯ სფრინგზის სეანსზე, კარდიფში, მატერიალიზებულ სულს მოაჭრეს მდიდრული, ღია წითელი ფერის აბრეშუმის სამოსის ნაწილი. სულის გაქრობის შემდეგ ნაჭერიც მალევე გაცვდა, მაგრამ შემდგომ სეანსზე, სადაც იგივე სული იქნა გამოძახებული, ნაჭერმა თავისი ფერი და სიმკვრივე აღიდგინა რაღაც აუხსნელი გზით.
თმის ნაჭრები, რომლებიც მატერიალიზებული სულების თავიდან მოჭრეს და დაიტოვეს, თითქმის ყველა შემთხვევაში უფრო რბილი და ნატიფი აღმოჩნდა ვიდრე იმ მედიუმისა, რომელიც სეანსს ატარებდა.
(თ) გნომების მატერიალიზაცია
ფერიები და სხვა გნომები მატერიალიზებულან ხილულ და მყარ ფორმებად, ხშირად ბავშვების თანდასწრებით. 1915 წელს, ინგლისში, ორმა ახალგაზრდა გოგონამ თავიანთი მამის კამერა აიღეს ფერიების და გნომების გადასაღებად. სურათები გამოქვეყნდა და საკმაო აჟიოტაჟიც გამოიწვია. შემდეგ მათ მისცეს უკეთესი კამერა და მათ მეტი სურათის გადაღება შეძლეს. მოსაზრება, რომ ნეგატივები შესაძლოა გაყალბებული ყოფილიყო ვერ დამტკიცდა.
ჰავაიზეც სწამთ გნომების ანუ მენეჰუნების, ისინი სხვადასხვა დროს მატერიალიზდებიან და თავიანთი გარეგნობით სხვა მხარეების გნომებს ჰგვანან. როდესაც ჰონოლულუში ვცხოვრობდი, უამრავი ჩანაწერი ვნახე, სადაც აღწერილი იყო შემთხვევა, თუ როგორ დაინახეს ბავშვებმა პატარა კაცი. ბავშვები მას გაეკიდნენ, მას შეეშინდა, გაიქცა და მიწაში გაუჩინარდა. ხმაურის გაგონებაზე მოვიდა მასწავლებელი და ბავშვები გამოკითხა. ყველამ ერთი და იგივე ისტორია მოყვა და ერთნაირად აღწერეს პატარა კაცი.
მენეჰუნებს მიაწერენ უამრავი ქვის კედლის აგებას ზღვის გარშემო, რომლებიც ხელოვნური თევზსაშენებისთვის გამოიყენებოდა. ადგილობრივ ფოლკლორშიც გვხვდება „პატარა ადამიანები“.
მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება ელფების, ფერიების, გნომების და მათთანების მატერიალიზაციის შესახებ მწირია, შეცდომა იქნებოდა, რომ არ მეხსენებინა მათი არსებობის რეალურობა კვლევის ამ დონეზე.
კომენტარი:
ზემოთ მოყვანილი მაგალითების მიხედვით რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გამოვყოთ. შოკი, რომელმაც ექიმი უგონო მდგომარეობაში ჩააგდო, როდესაც იგი მირაბელის ერთ-ერთ გამოსახულებას შეეხო, მიუთითებს მატერიალიზაციის ელექტრულ ბუნებაზე. ბევრმა მკვლევარმა შეისწავლა ელექტრო-ვიტალური ანუ ფსიქიკური ძალა მატერიალიზაციის პროცესისას და აღმოაჩინა, რომ ის ძალიან რეალურია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფუნქცია სრულიად გაგებული არ იყო. გარდაცვლილთა სულები ამ ძალის შესახებ სხვადასხვაგვარ განმარტებებს იძლევიან, ზოგი ამბობს, რომ ისინი ამ ძალას მედიუმის ან სეანსზე დამსწრეების ტვინებიდან იღებენ, ზოგი ამბობს, რომ ეს ძალა მათი სხეულებიდან მოდის, სხვები კი ამტკიცებენ, რომ ეს ძალა ატმოსფეროში იმყოფება და ისინი მას აგროვებენ.
თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც ელექტრო-ვიტალური „სხეულის ელექტროობა“ ან „გონების ელექტროობა“ ან ორივე ერთად გამოცლილია ცოცხალი ადამიანისგან, ეს იწვევს გონების დაკარგვას. ეს ამყარებს კაჰუნების რწმენას, რომ ყველანაირი ცნობიერება მხოლოდ მაშინ ფუნქციონირებს, როდესაც არსებობს სასიცოცხლო ძალის საჭირო რაოდენობა. (გაიხსენეთ, რომ მათი მოსაზრებით დაბალი მე სასიცოცლო ძალას მიღებული საჭმლიდან გამოიმუშავებს, შუა მე იღებს ამ დაბალი ძაბვის ძალას და ძაბვას გარდაქმნის „სურვილად“, და მაღალი მე იღებს ამ ძალას და მის ძაბვას გარდაქმნის უფრო მაღალ ძაბვად – რა დროსაც მისი ძაბვა „ატომის გახლეჩვის“ სიძლიერეს აღწევს.)
მედიუმების და სეანსზე დამსწრეების ენერგია ხშორად სრულიად იცლებოდა მატერიალიზაციისას. ცნობილი მედიუმი, დ. დ. ჰოუმი ზოგჯერ თითქმის უგონოდ იწვა ხოლმე იატაკზე ასეთი სეანსების შემდეგ. ერთი მკვლევარი, ფ. უ. ჰ. მეიერსი, სეანსის შემდეგ ისე დაიღალა, რომ ორი დღე საწოლიდან ვერ ადგა. მედიუმებს ხშირად გრძელვადიანი დასვენება სჭირდებათ სეანსებს შორის.
კაჰუნები მკაცრად აკონტროლებდნენ, რომ განკურნების პროცესისას ცოცხლების სასიცოცხლო ძალა გარდავლილ სულებს არ მოეპარათ. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ექიმები ამ გაქტს არ ადასტურებენ, ცხადია, რომ კაჰუნების სიბრძნის მიხედვით ზოგიერთი დაავადება სწორედ სასიცოცხლო ძალის მოპარვის შედეგია. თუმცა ექიმებმა იციან, რომ როდესაც ინდივიდის სასიცოცხლო ძალა რაღაც დონეზე დაბლა ჩამოდის, ცნობიერი გონების კონტროლი ქვეცნობიერზე ძლიერ სუსტდება, შედეგად ფიქრები ანალიზის გარეშე გადადის ქვეცნობიერში და იწვევს უჩვეულო კომპლექსებს ანუ ფიქსაციებს. ჩვენ ვნახეთ, რომ შოკური რეაქციები საშიშია, როდესაც ადამიანი არის ძალიან დაღლილი, ან სასიცოცხლო ძალა დაბალია ავადმყოფობის ან დაძაბულობის გამო; რომ, თუ რაიმე მიზეზით სასიცოცხლო ძალა ვარდნას განაგრძობს იწყება დეპრესია და – უფრო გართულებულ შემთხვევაში – სიგიჟე იკავებს ადგილს.
რაზეც მედიცინის წარმომადგენლები არ ამახვილებენ ყურადღებას არის ის, რომ პაციენტი, სიგიჟის დადასტურების შემდეგ, აღარ განიცდის სასიცოცხლო ძალის ნაკლებობას. ხშირად ვხვდებით ძალადობრივ ფიზიკურ აქტივობას – რაც ადასტურებს კაჰუნების წარმოდგენას იმის შესახებ, რომ მკვდარი სულები ხშირად ეუფლებიან ცოცხლებს, რაც იწყება სასიცოცხლო ძალის მოპარვით და მთავრდება ადგილობრივი სულების სხეულიდან განდევნით და სხეულის შეპყრობით – ამით აღწევენ „მკვდრეთით აღდგომის“ ფორმას თავიანთთვის. (ექიმები უარყოფენ ამ მოსაზრებას, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ისინი ინსულინს ან ელექტრო შოკს იყენებენ გიჟების დასამშვიდებლად, ისინი ზუსტად იმავეს აკეთებენ, რასაც ადრეული მკურნალები – დამპყრობელ სულებს ისეთ ტკივილს აყენებდნენ, რომ ისინი ტოვებდნენ სხეულს და ადგილს უთმობდნენ სხეულის კანონიერ მფლობელებს.)
ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც სეანსებზე აპორტები და დიდი ცხოველების ან ადამიანების სხეულები დემატერიალიზაციის გზით დახურულ კარებებში გაუტარებიათ და სეანსის ოთახებში მომხდარა მათი მატერიალიზაცია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დემატერიალიზებულ მდგომარეობაში ფიზიკური ნივთიერება იმდენად თხელდება, რომ შესაძლებელია მისი ხის ან სხვა, არც თუ ისე სქელ მატერიაში გატარება. (მინა იმდენად სქელია, რომ არ ატარებს თხელ მატერიებს ან ჩრდილისებრი სხეულის ყალიბებს.)
არ არის აუცილებელი, რომ გარდაცვლილი ადამიანის სული მყარ ფორმაში იყოს მატერიალიზებული იმისათვის, რომ თან ატაროს სასიცოცხლო ძალა. ასევე, დემატერიალიზებული ფიზიკური ნივთიერებები არ არის აუცილებელი, რომ გამყარდეს ხილულ ფორმად იმისთვის, რომ მოხდეს მათი, როგორც უხილავი ხელის გამოყენება მყარი საგნების გადასაადგილებლად, თუ უხილავ ექტოპლაზმურ ნივთიერებაში (რომელსაც სული იყენებს) წარმოდგენილია საკმარისი სასიცოცხლო ძალა.
მე შევისწავლე ერთი შემთხვევა, რომელიც ნათლად წარმოაჩენდა ამას. ახალგაზრდა კაცი თვითმფრინავით უნდა ჩამოფრენილიყო და შეყვარებულთან და მის დედასთან ერთად უნდა ესადილა. თვითმფრინავი ჩამოვარდა და კაცი გარდაიცვალა. რამდენიმე წუთის შემდეგ სახლში, რომელშიც მას უნდა ესადილა ზარის ხმა გაისმა. შეყვარებულმა კარი გააღო, მაგრამ იქ არავინ იდგა. ამის შემდეგ ზარი კიდევ ორჯერ დაირეკა, მაგრამ დედამ და შვილმა ვერავინ იპოვნეს. რამდენიმე თვის შემდეგ, სეანსზე, ახალგაზრდა კაცი მედიუმის საშუალებით გამოვიდა კონტაქტზე და თქვა, რომ არ იცოდა რომ გარდაცვლილი იყო და იმ სახლს ესტუმრა, რომელშიც ელოდებოდნენ. მან სამჯერ დარეკა ზარი, და ძალიან გაკვირვებული იყო, როდესაც მისი ახლობლები მას ვერ ამჩნევდნენ. მესამე დაზარუნების შემდეგ მან ვეღარ შეძლო ზარის დარეკვა (ცხადია სასიცოცხლო ძალა ამოეწურა) და დაასკვნა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
სულებით შეპყრობილი სახლების და პოლტერგეისტის შემთხვევების ყველა სამხილი ადასტურებს, რომ კაჰუნები მართლები იყვნენ, როდესაც სწამდათ, რომ გარდაცვლილ სულებს დიდი ოდენობის სასიცოცხლო ძალის შენახვა შეუძლიათ დაბალი მეს ჩრდილისებრ სხეულში. უეცარი სიკვდილის მომენტში ჩრდილისებრი სხეული სასიცოცხლო ძალით იმუხტება და ასე დამუხტულს შეუძლია ზარის დარეკვა და სხვა საქმეების კეთება მანამ, სანამ სასიცოცხლო ძალა არ ამოეწურება. პოლტერგეისტი, რომელიც ძირითადად დაბალი მეა, რომელიც სიკვდილისას შუა მესგან განცალკევდა, და ბავშვური აღტკინებით ცოცხლებისგან იპარავს სასიცოცხლო ძალას იმისთვის რომ საგნები გადააადგილოს ან იხმაუროს. როგორც ჩანს ჩრდილისებრი სხეული სასიცოცხლო ძალის იდეალური ბატარეაა და როდესაც ის სრულადაა დამუხტული, ისეთი მყარი ხდება, რომ შესაძლებელია მისი გამოყენება მატერიალური ობიექტების გადასაადგილებლად. ან იქნებ, ჩრდილისებრი სხეულის გამკვრივებისთვის საჭიროა უჩინარი ძალიან თხელი ექტოპლაზმური მატერიის მცირე რაოდენობა – შემდეგი კვლევები გვიჩვენებს რამდენად სწორია ეს მოსაზრება.
იმ შემთხვევების გათვალისწინებით, როდესაც ცხოველები სეანსებზე მატერიალიზდებოდნენ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ დროს მუშაობენ მაღალი მე-ები. თუ გარდაცვლილი სულები არ ეთანხმებიან იმას თუ როგორ ხდება მატერიალიზაცია, ეს იმის მანიშნებელია, რომ მათ უბრალოდ არ იციან მაღალი მე-ების როლის შესახებ. უფრო ბუნებრივი იქნება ვივარაუდოთ, რომ ცხოველები საკმარისად გონიერები არ არიან იმისთვის, რომ დამოუკიდებლად განახორციელონ მატერიალოიზაცია.
კიდევ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს. ექტოპლაზმის ფორმირებისას გამოყენებული (სავარადუდოდ) ცოცხალი და ხორციანი ბუნების მატერია, რომლითაც ხდება ცხოველების, ფრინველების და მწერების მატერიალიზაცია, არ მოდის მედიუმისგან და სეანსზე დამსწრეებისგან. წესით მას მაღალი მე-ები პოულობენ და დროებით სესხულობენ. და მართლაც, არაერთხელ მომხდარა მატერიალიზაციები, რომლის დროსაც არც მედიუმს და არც სხვა მონაწილეებს არ დაუკარგავთ ხილული მატერიის არცერთი ნაგლეჯი, თუმცა სასიცოცხლო ძალის ნაწილობრივი დაკარგვა შეკრებილების ჯგუფში - მუდმივი მოვლენაა.
ცერემონიული მაგიის უფრო ბნელ ფაზებში სავარაუდოდ სულების მიერ გამოიყენება შეწირული ცხოველების ან ადამიანების სასიცოცხლო ძალა, მაგრამ უნდა დავასკვნათ, რომ მაღალი მეები არასდროს იყენებენ ასეთ სასიცოცხლო ძალას. კაჰუნების ენაზე მაღალ მეს ჰქვია „სრულიად სანდო, მშობლიური მე“, და ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს მის პატიოსნებაში.
ამ თავის დასრულებასთან ერთად ვასრულებ ჰუნების თეორიაში არსებულ ძირითადი ელემენტების განხილვას, იმ მტკიცებულებებთან ერთად, რომელიც გამოიკვეთა ამ თეორიის ფსიქიკურ მეცნიერებასთან, ფსიქოლოგიასთან და სხვადასხვა რელიგიურ სწავლებებთან შედარებისას.