მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)

მაქს ფრიდომ ლონგი
0
0

ავტორი: მაქს ფრიდომ ლონგი ეს წიგნი მოგვითხრობს მაგიის უძველესი საიდუმლო სისტემის შესახებ, რომელსაც, თუკი მის გამოყენებას ადგილობრივი პოლინეზიელი მაგებივით ვისწავლით, შეუძლია მსოფლიო შეცვალოს... ...

თავი 13

 

თავი 13

„ლომილომი“-სა და ხელების დადების სიცოცხლის მომცემი საიდუმლოებები

მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი

ქეისი 24. ლომილომი. განკურნებისთვის აუცილებელი სამი ეტაპი. სასიცოცხლო ძალა ემორჩილება ცნობიერების ბრძანებებს. ცნობიერების მოქმედება ძალაზე, მატერიის შესაქმნელად. იმპულსი და სასიცოცხლო ძალა განკურნებისას. იმპულსი და ხელების დადება. ფიზიკური სტიმული. აბსენტური მკურნალობა. ლომილომი და სამედიცინო სფერო.

რადგანაც უძველესი საიდუმლო, ანუ ჰუნა ამოვხსენით, ახლა შეგვიძლია ამ ელემენტების პრაქტიკული გამოყენების შესახებ ვისაუბროთ.

ამ თავში მინდა ვისაუბრო კაჰუნების მიერ გამოყენებულ მკურნალობის მარტივ მეთოდებზე, რისი მეშვეობითაც ჩვენ ყველას შეგვეძლება სარგებლის მიღება.

ადრეულ წლებში, სამხრეთის ზღვების ნახევრად-ისტორიული ლეგენდების მიხედვით, ჰავაიზე და მთელს პოლინეზიაში, მკურნალები ხშირად მიმართავდნენ ფიზიკურ მანიპულაციას „გონებრივი“ მკურნალობის ხელშეწყობისთვის.

ამ მანიპულაციას ჩვენ „ლომილომი“ დავარქვით, რაც მოიცავდა მასაჟის, განბანვის და ღრმა მანიპულაციის კომპინაციას – ამ ყველა ქმედებას თან ერთვოდა გონების ძალა, მკურნალობის დასახმარებლად და ტკივილის შესამსუბუქებლად.

თუ ჩვენ, თანამედროვე ადამიანები, გავაერთიანებთ შვედურ მასაჟს, სხვადასხვა აბაზანებს, ქიროპრაქტიკას, ოსტეოპათიას, იმპულსის ძალას და „ხელების დადების“ უძველეს რელიგიურ პრაქტიკას, ჩვენ შევძლებთ ლომილომის მიღწევას ისე, როგორც ამას გამოცდილი კაჰუნები აკეთებდნენ.

ქეისი 24. ლომილომი

წინასწარი შენიშვნები:

ერთ საღამოს დოქტორი ბრიგჰემი ლომილომის მკურნალობის დეტალებზე მესაუბრა, რომელიც მან ჰილო-ს უბანში შეისწავლა ადრეულ წლებში.

პაციენტი ორმოცი წლის კაცი იყო, რომელმაც კილაუეას ვულკანი მოინახულა და შინ ფეხით დაბრუნდა. ის სახლში ძალიან დაღლილი მოვიდა, თავს შეუძლოდ გრძნობდა და სახსრები ტკიოდა. ის განსაკუთრებით, ეგრედ წოდებული „ლუმბაგოს“ მიერ იყო შეწუხებული.

კაჰუნა, რომელიც მას მკურნალობდა, იყო ქალი. მას არ ჰქონდა მკურნალობის დიდი გამოცდილება, იგი ასე ვთქვათ მედდა იყო.

ქეისი:

როდესაც დოქტორმა ბრიგჰემმა ამ ამბავის შესახებ შეიტყო, იგი დაუყოვნებლივ მივიდა მკურნალობის ადგილზე, სადაც პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმული იყო. კაცი უკვე განბანილი იყო სხვადასხვა მცენარეებით და ფოთლებით დამზადებული ცხელი ჩაით, რომელსაც ცოტაოდენი, არარაფინირებული მარილი ჰქონდა დამატებული (აორთქლებული ზღვის წყლისგან მიღებული). აბაზანის მიღების შემდეგ პაციენტი გაამშრალეს და ნაჭერში გაახვიეს. განბანვის დროს ქალი ლოცვას წარმოთქვამდა, ამბობდა, რომ ყველა ავადმყოფობა ჩამოირეცხებოდა კაცის სხეულიდან და ყველა ტკივილი გაქრებოდა. იგი სხვადასხვა სიტყვებით აღწერდა თუ როგორ იკურნებოდა პაციენტი მისი მაკურნებელი ხელების შეხებით და მრგვალი ქვების წყალობით, რომელიც მან ცეცხლზე გააცხელა, გარეცხა და მათი მეშვეობით პაციენტის სახსრებსა და კუნთებს ამასაჟებდა.

ცხელი ქვების შემდეგ კაჰუნამ ხელებით განაგრძო მასაჟი. იგი დრო და დრო ხელებს ცეცხლზე ითბობდა და თბილი ხელის გულებით ღრმად ზელდა მტკივნეულ ადგილებს.

როდესაც პაციენტს ტკივილი შეუმსუბუქდა, კაჰუნამ უფრო ძლიერად დაიწყო დამასაჟება, და თითების და ყველა შესაძლო სახსრის ტკაცუნი. ვინაიდან დაავადების სათავე კუდუსუნთან იყო, მან ეს ადგილი თავიდან ნაზად, ხოლო შემდეგ ძალიან ძლიერად დაუზილა ხელის მტევნებით.

ბოლოს კაჰუნამ კაცს ხელი ჩაკიდა და უთხრა რომ დაესვენა, რათა მისი მაკურნებელი ძალა პაციენტის სხეულში გადასულიყო. ეს რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც პაციენტი თბილ ნაჭერში გაახვიეს და უთხრეს რომ დაეძინა.

დღის ბოლოს, როდესაც დოქტორმა ბრიგჰემმა პაციენტი მოიკითხა, მან თქვა, რომ ტკივილი აღარ აწუხებდა და თავს მშვენივრად გრძნობდა, მხოლოდ ის ადგილი უხურდა, სადაც ყველაზე ძლიერად დაუზილეს.

კომენტარი:

ერთი შეხედვით ჩატარებული მკურნალობა ძალზედ მარტივი ჩანს. მაგრამ თუ ჩვენ მას ჰუნას სიბრძნის მიხედვით განვიხილავთ და თითოეულ ეტაპს თანამედროვე აღმოჩენების მიხედვით ავწონ-დავწონით, ვნახავთ, რომ ეს ის უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპებია, რომლებიც დასავლეთელ მკურნალებს ცალ-ცალკეც კი არ შეუსწავლიათ, რომ არაფერი ვთქვათ მათ კომბინირებულ გამოყენებაზე.

ეტაპი 1. თერმული აბაზანები ყველა ხალხისთვისაა ცნობილი. ჰავაელები მცენარეულ ნახარშს ძირითადად თი-ს ფოთლებით ამზადებდნენ. ამ მცენარეს მიაწერენ ძალას, რომელსაც შეუძლიია ყველა იმ დაბალი მეს კატეგორიის სულის განედევნა, რომლებიც პაციენტისგან სასიცოცხლო ძალის მოპარვას სცდილობდნენ. (ამაზე მოგვიანებით უფრო ვრცლად ვისაუბრებ). ცნობილია, რომ ბუნებრივი, მინერალური წყაროები, საიდანაც ცხელი აბაზანების მიღებაა შესაძლებელი, ცხელი ტალახების ჩათვლით, უამრავი სახის დაავადებას კურნავს. ამის შემცვლელია თურქული, იგივე ცხელი ორთქლის აბაზანა. ნავაჰოებში და სხვა ინდურ ტომებში ასეთი აბაზანები განწმენდის რიტუალისთვის გამოიყენებოდა სხვადასხვა ცერემონიებში.

მკურნალები საუკუნეების მანძილზე იყენებენ სიცხეს, ქვებისა და სხვა საშუალებების მეშვეობით. თანამედროვე ექიმები პაციენტებს უწერენ გახურებას ყველა შესაძლო ფორმით: დიათერმიით, მასაჟით კვარცის ნათურებით დასხვიებით და ა.შ. სახსრების გახურების პროცედურა კუნთოვანი დაძაბულობის მოხსნისთვის და შემდგომი თერაპიის გაადვილებისთვის გამოიყენება.

ეტაპი 2. სისხლის მიმოქცევის გასაზრდელად სახსრების მანიპულაცია, ღრმა მასაჟი და დაზელვა ლომილომის უძველესი პრაქტიკის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებს, რომლებიც ინტენსიური მასაჟის პრაქტიკებს იყენებდნენ, არ ჰქონდათ ზუსტი ცოდნა იმისა, რომ ზოგიერთი მალა შეიძლება გადანაცვლების გამო ნერვებს აწვებოდეს, თავისი პროცედურების მეშვეობით ადგილზე სვავდნენ მათ და შესანიშნავად ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს. (ხშირად ამას აკეთებენ ოსტეოპათები და ქიროპრაქტიკოსები, თუმცა დოგმატური სისასტიკით უარყოფენ მედიცინის დოქტორები, რომლებსაც ამ პრაქტიკაში არანაირი ცოდნა არ აქვთ და არც მისი შესწავლის სურვილს გამოთქვამენ). ისინი სხვადასხვა სახით ამოძრავებდნენ სახსარს, სანამ მას არ „ამოაგდებდნენ“ თუ ეს შესაძლებელი იყო. ასეთი მანიპულაციებისას, სახსრების უმეტესობა თავის ადგილს უბრუნდება, თუ დეფორმაცია ძალიან დიდი ხნის წინ არ არის დაწყებული. მოკლედ რომ აღვწეროთ, ლომილომი მოიცავს სიცხის ელემენტარულ გამოყენებას შვების მისაღებად, რასაც მოსდევს სახსრების მანიპულაცია მათ გასასწორებლად, და ღრმა მასაჟი და დაზელვა სისხლის მიმოქცევის გაზრდისა და ტკივილის შემსუბუქებისთვის. ამის შემდეგ პაციენტი გარკვეული დროის მანძილზე ისვენებდა – რაც ასევე საოცარი რამაა.

ეტაპი 3. ეს არის ეტაპი, რომელიც ჩვენ, თანამედროვეებს ჯერ კიდევ არ შეგვისწავლია – სასიცოცხლო ძალის გამოყენება განკურნებისთვის. მასთან ყველაზე ახლოს ჩვენ სხვადასხვა სახის ელექტრული ნაკადების გამოყენებით მივედით ელექტრო დანადგარების მეშვეობით. ქიროპრაქტორებისგან აღმოცენდა ფიზიკოსების ახალი სკოლა, რომელიც ასწავლის, რომ სხეულის ყველა ორგანო განსაკუთრებული ელექტრო მუხტით არის დამუხტული. თითოეული ორგანოს ვოლტაჟის დასატესტად სპეციალური აპარატი გამოიყენება და როდესაც ნახავენ, რომ რომელიმე ორგანოს მუხტი მინიმუმზე დაბალია, აპარატის მეშვეობით ხდება დამუხტვა. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის ეს ფორმა საყოველთაოდ არ არის აღიარებული (და ხშირ შემთხვევაში უვიცობასთან ან თაღლითობასთან არის დაკავშირებული), შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი იდეა ყველაზე ახლოს დგას კაჰუნების სასიცოცხლო ძალის თეორიასთან და მის წვლილთან ადამიანის არსებობასა და გაცნობიერებულობაში.

სამედიცინო წრეში მიღებულია, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად სხეულში გარკვეული სახის ელექტრული ძალა უნდა მოძრაობდეს. როდესაც მთავარი ძალის სამ მუხტს განვიხილავდით (მანა, მანამანა და მანა ლოა), გავიხსენოთ, რომ ტვინისა და სხეულის ბიოლოგიური ტალღები უკვე დღეს შეგვიძლია წარმატებით გავზომოთ, და გარდა ამისა ღრმად ხდება მათი მნიშვნელობის კვლევა ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

კაჰუნებში მკურნალობის ტრადიციები და ჰიპნოზური იმპულსის ფორმები თაობებს ხელიდან ხელში გადაეცემოდა. დასავლეთში ჩვენ კარგი დასაწყისი გვქონდა. მესმერიზმის აღმოჩენით ჰუნას უძველეს პრაქტიკამდე მივედით, რომელიც ხელების დადებითა და მაკურნებელი იმპულსის საშუალებით სასიცოცხლო ძალის გადაცემას გულისხმობს. მესმერს, რომელმაც ეს იმპულსი საუკუნის წინ აღმოაჩინა, სჯეროდა, რომ ის პაციენტს გადასცემდა საკუთარ „ცხოველურ მაგნეტიზმს“, რაც კურნავდა პაციენტს. იგი იჭერდა მაგნიტს და გონებრივი იმპულსით სასიცოცხლო ძალით ავსებდა თავის თავს, რის შემდეგაც ეხებოდა პაციენტს.

რაც მესმერმა და მისმა მიმდევრებმა გააკეთეს, ეს იყო სასიცოცხლო ძალის, როგორც მაკურნებელი ფაქტორის გადაცემა, რასაც თან ახლდა (გაუცნობიერებლად) შთაგონების დიდი „პორცია“. ეს უნდა იცოდეს ყველამ, ვისაც ასეთი მკურნალობის სწავლა სურს. დოქტორმა ბრეიდმა (მოღვაწეობდა მესმერზე გაცილებით გვიან), აღმოაჩინა ფაქტი, რომ პაციენტსა და „ოპერატორს“ შორის ჰიპნოზური იმპულსი შეიძლება შორ მანძილზე გადაიცეს და ეფექტი ჰქონდეს ფიზიკური კონტაქტის გარეშეც. მან პუბლიკას წარუდგინა თავისი აღმოჩენები და შემოიტანაჰიპნოზის ცნება, თუმცაღა არც თუ მცირე როლი ითამაშა იმაში, რომ სასიცოცხლო ენერგიის ერთიდან მეორე ადამიანამდე გადაცემის შესაძლებლობა სრულ დავიწყებას მიცემოდა. ჩვენს ექიმებს, რომლებიც იყენებენ შთაგონებას, როგორც დამხმარე საშუალებას ფსიქოანალიზის და პაციენტების სხვადასხვა მდგომარეობებისგან განთავისუფლების დროს, გამუდმებით არ ჰყოფნით მათი სამკურნალო ხელოვნების უფრო მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.

არსებობენ ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ ხელების დადებით ტკივილის შემსუბუქების ან დაავადებების განკურნების უნარი, ამ დროს მათ თავიანთი სხეულიდან პაციენტის სხეულში სასიცოცხლო ძალა გადააქვთ. ეს არის სასიცოცხლო ძალის გაზიარებით მკურნალობის ყველაზე მარტივი ფორმა. სხვადასხვა რელიგიური ორდენის წარმომადგენელი მკურნალები კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს აღწევენ. მკურნალი „ადებს ხელებს“ და ღმერთს სთხოვს დახმარებას განკურნებაში. თუ ამ დროს მაღალ მესთან მოხდება კავშირი და ის იწყებს მოქმედებას, შედეგად ხდება „სასწაულებრივი განკურნება“, სხვა შემთხვევაში განკურნების სურვილი მოქმედებს როგორც ჰიპნოზური იმპულსი, რა დროსაც სასიცოცხლო ძალა მკურნალიდან პაციენტში გადადის და ჯანმრთელობის იმპულსი გადააქვს. აქ ყურადღება გაამახვილეთ ორმხრივ მოქმედებაზე.

სასიცოცხლო ძალას – სხეულის ელექტროობა, ანუ დაბალი მანა (ეს ვოლტაჟი დამახასიათებელია დაბალი მესთვის და სხეულისთვის, და არა შუა მესთვის და გონებისთვის) – აქვს საოცარი თავისებურებები, რომლებიც თანამედროვე მკვლევარებისთვის ჯერაც გაუგებარია. იგი რეაგირებს ბრძანებებზე და მოაზროვნე არსებების ცნობიერებაზე ისე, თითქოს თვითონაც ცნობიერი იყოს. ამ ფაქტის შესახებ სამომავლოდ უამრავი რამ დაიწერება.

კაჰუნებმა ჩვენამდე ბუნდოვანი და დაშიფრული ფორმით მოიტანეს ჩვენამდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამყარო შექმნა გონების აქტმა, რომელსაც შემოქმედებითი ძალა მართავდა. (იმედია, რომ სწორად ვახდენთ მათი პოზიციის ინტერპრეტაციას, მაგრამ შესაძლოა ფიზიკის პროგრესთან ერთად კიდევ უფრო მეტი დეტალი გახდეს ცხადი).

მეცნიერება გვასწავლის, რომ ყველა მატერია - ესაა გარკვეული სახის ელექტრული ენერგია, რომელიც მოძრაობაში მოდის იმისთვის, რომ გარკვეული სახით მოახდინოს ურთიერთქმედება სამყაროს მამოძრავებელი ძალის სხვა ელემენტებთან. სავარაუდოდ, მიზიდულობისა და განზიდულობის ძალებს შორის ურთიერტთქმედების მრავალი ფორმის შესაბამისად, ჩვენ საქმე გვაქვს მატერიის რამდენიმე ფორმასთან.

ჰუნა გვასწავლის, რომ ის, რაც ამ ელექტრულ ძალას ფიქსირებულ მოძრაობას აძლევს არის ცნობიერება. მაღალ მეს შეუძლია თავისი ცნობიერება სასიცოცხლო ძალის დასამუხტად გამოიყენოს და ამით გამოიწვიოს ტემპერატურის და მატერიის ცვლილებები – როგორც ცეცხლზე სიარულის და სწრაფი განკურნების დროს. მაღალი მეს ზემოთ, სავარაუდოდ ცნობიერების კიდევ უფრო მაღალი დონეები არსებობს, რომლებიც სრულიად გაუგებარია ადამიანური ცნობიერებისთვის, და რომლებიც მსოფლიო მასშტაბის მოვლენებს მართავენ. ამიტომაც ვლოცულობთ - თუ ამის საჭიროება ჩნდება - მაღალი მე-ს მიმართ, რათა მან ჩვენი ლოცვა ყველა უმაღლეს ინსტანციას გადასცეს. ეს ჰგავს ქრისტიანული ლოცვის პრაქტიკას, რომელიც მიმართულია მამა ღმერთისადმი, მისი ძის - იესოს შუამავლობით.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის დაბალ მეს, მისი დაბალი ცნობიერების გამო, არ შეუძლია სასიცოცხლო ძალის გამოყენება მატერიის ცვლილებისთვის (როგორც ამას მაღალი მე აკეთებს), მაინც აღსანიშნავია მისი კონტროლი ადამიანის სასიცოცხლო ძალაზე.

ბარონმა ფერსონმა მისი მოწაფის საშუალებით მოახდინა იმის დემონსტრირება თუ როგორ შეუძლია ადამიანს თავისი თავის ძალით დამუხტვა. კაჰუნების სიბრძნის ხედვით ამას სასიცოცხლო ძალა ჰქვია. როდესაც მუხტი აღებულია და გონება მისი კონკრეტული მიმართულებით გამოყენებას ცდილობს, შესაძლებელია ძალის ნაკადის ერთი ადამიანიდან მეორეში ხელების მეშვეობით გადასვლა.

მნიშვნელოვანი რამ, რაც კაჰუნებისგან უნდა ვისწავლოთ, არის ფაქტი, რომ როდესაც სასიცოცხლო ძალა ერთი ადამიანიდან მეორეში გადადის მან შესაძლოა თან გადაიტანოს სხვადასხვა ნივთიერებები, ძირითადად აზრო-ფორმები, ანუ აზრები, რომლებიც თავიანთ პატარა ჩრდილისებრ სხეულებში არიან მოქცეულნი.

კაჰუნების ეს საიდუმლო ახალ ინფორმაციას გვაძლევს იმპულსზე – თვით-იმპულსზე და ჰიპნოზზე. ჰიპნოზური იმპულსის ხელოვნება მოიცავს ერთი ადამიანის დაბალი მანას ანუ სასიცოცხლო ძალის მეორეში გადატანას და ამ ნაკადით იმპულსის აზრო-ფორმების გაგზავნას – იქნება ეს ჯანმრთელობის, თუ რაიმე მოქმედების შესრულების იმპულსები.

იმპულსის პაციენტისთვის გადაცემა ხელების დადებითაც ხდება. თუმცა, ერთხელ შეხების შემდეგ ჩრდილისებრი სხეულის ძაფები მკურნალს პაციენტთან აკავშირებენ და როდესაც მკურნალი თავის დაბალ მეს უბრძანებს ამ ძაფის მეშვეობით პაციენტს დაუკავშირდეს ეს უკვე დისტანციურადაც შესაძლებელი ხდება. ამ დროს კონტაქტი მყარდება და სასიცოცხლო ძალისა და შესაძლებელი ხდება აზრო-ფორმების გაგზავნა. ეს მოქმედება სატელეფონო ხაზების მოქმედებას ჰგავს და მას „დისტანციურ“ ანუ ტელეპატიური გზით მკურნალობას უწოდებენ. მკურნალობის ამ ფორმის დაუფლებას ბევრი პრაქტიკა და სწავლა სჭირდება.

კაჰუნებისგან კიდევ უფრო დიდი საიდუმლოს სწავლა შეგვიძლია. დასავლეთში, როდესაც ასეთი გზით მკურნალობის ჩატარება გვსურს, ჩვენ ვცდილობთ იმპულსები მაქსიმალურად პოტენციური და ჰიპნოტური გავხადოთ. კაჰუნები კი მხოლოდ რბილ იმპულსს იყენებდნენ, თუ შეიძლება ამას ასე ეწოდოს. მაგრამ მათ იცოდნენ, რომ თუ რბილ იმპულსს ფიზიკურ სტიმულს დაამატებდნენ ეფექტი ერთი-ორად ძლიერდებოდა. ფიზიკური სტიმული მატერიალურია, ანუ მოქმედებაა – რეალური და ხელშესახები, რაც პაციენტის დაბალ მეს ხიბლავს. წარმოიდგინეთ ექიმის კლასიკური მაგალითი, რომელიც პაციენტს ცომის აბს აძლევს და ეუბნება, რომ ეს აბი განკურნავს მას. ცომის აბი ფიზიკური რამაა, რაც პაციენტს არწმუნებს, რომ სამკურნალო წამალი მიიღო. ექიმის უბრალო საუბარმა შესაძლოა შედეგი არ მოიტანოს, მაგრამ როდესაც ის გამყარებულია ფიზიკური სტუმულით – ცომის აბით – მაკურნებელი იმპულსი მაგიურ ძალას იძენს.

„დისტანციური მკურნალობა“, რომელიც დამყარებული უნდა იყოს სასიცოცხლო ძალისა და აზროფორმების მაკურნებელი იმპულსების ტელეპატიურ კომუნიკაციაზე, გაცილებით უფრო ნაკლებ ეფექტურია, ვიდრე ფიზიკური კონტაქტით მიღებული იმპულსი. პრაქტიკოსი ან მკურნალი, რომელიც პაციენტს ხელით ეხება და მას მაკურნებელ იმპულსს აძლევს, იყენებს ფიზიკურ სტიმულს მასთან შეხებისას. მხოლოდ მისი პაციენტთან სიახლოვეც კი საკმარისი სტიმულია შედეგის მისაღებად. მაგრამ თუკი გამოყენებულია რაიმე ისეთი, რაც პაციენტისთვის განკურნებასთან ასოცირდება, მაგალითად წამალი, თუნდაც ისეთი, რომელსაც ცალკე აღებულს არანაირი შედეგი არ აქვს, ეფექტი გაცილებით დიდია.

დაბალი მე, როგორც ჩანს, ლოგიკას არ ექვემდებარება. ის ორი გზით იღებს ინფორმაციას. (1) ხუთი გრძნობის შედეგად მიღებულ ინფორმაციას. როდესაც დაბალი მე დაინახავს ყვავილს, შეეხება მას, დასუნავს, გასინჯავს და გაიგონებს როგორ დაბზუის მის ახლოს ფუტკარი, იგი ძალიან ძლიერ შეიგრძნობს ამ ყვავილს - იმდენად ძლიერ, რომ შეუძლებელია მისი გადარწმუნება იმაში, რომ ეს სხვა რამეა, და არა ყვავილი.
(2) დაბალი მე მონაცემებს შუა მესგან იღებს. შუა მეს შეუძლია დამატებითი ინფორმაცია მისცეს მას: მაგალითად, ყვავილის შემთხვევაში ის, რომ ეს მცენარე მეზობლის საკუთრებაა და მისი მოწყვეტა არ შეიძლება.

დაბალი მე ყველაზე მეტად საკუთარ შეგრძნებებს ენდობა. იგი ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებს შუა მეს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ვინაიდან მან ისწავლა, რომ ეს ინფორმაცია ყოველთვის სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად, ბავშვობაში შესაძლოა შუა მემ გადაწყვიტა, რომ მთიდან დაგორება კარგი გართობაა, მიუხედავად დაბალი მეს შიშისა. ეს გართობა შესაძლოა ძალიან მტკივნეული აღმოჩნდეს, რის გამოც დაბალმა მემ ჩათვალოს, რომ შუა მეს გადაწყვეტილება მცდარი იყო და მისი ნდობა არ შეიძლება (ცხოველური აზროვნება).

დაბალი მეს მიერ ფიქსირებულ იდეებს ბევრი უსიამოვნება მოაქვს. ეს ფიქსაციები ჩვეულებრივ არალოგიკური, მაგრამ ჯიუტად ფიქსირებულია. ამბობენ, რომ ჩვენი ავადმყოფობების სამი-მეოთხედი სწორედ ამ მენტალური ფიქსაციებისგან მოდის. შესაძლოა ეს გადამეტებული შეფასება იყოს, მაგრამ ავადმყოფობების, უბედური შემთხვევების და უსიამოვნებების გონებრივი გამოწვევების იგნორირება არ შეიძლება. თუ კაჰუნებს დავუჯერებთ, ჩვენი მომავალი, მაღალი მეს მიერაა შექმნილი ჩვენი იმედების, შიშების, გეგმების და ყოველდღიური ფიქრების მიხედვით. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენი მდგომარეობის მიზეზებს მენტალური საფუძვლები აქვს. (ამ „საფუძვლებს“ კაჰუნები ამატებენ პოლტერგეისტის ან დაბალი და შუა მეების კომბინირებული ვერსიების თავდასხმის ალბათობას. ამ დროს ასეთი თავდასხმები ჩვეულებრივზე ხშირად ხდება). ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ იმპულსებს შეუძლიათ ჩვენში დაავადების ან უბედური შემთხვევების გამოწვევა, მაშინაც კი როდესაც იმპულსის გამცემ ადამიანს საერთოდ არ აქვს განზრახული ჩვენთვის რაიმეს დაშავება.

ფსიქოანალიტიკური მოხსენებების კითხვისას შეგვიძლია იმპულსით გამოწვეული დაავადებების უამრავი მაგალითი ვიპოვოთ. ტიპიური შემთხვევაში თითქმის ყოველთვის ფიგურირებს ადამიანი, რომელმაც ავადმყოფობის შედეგად სასიცოცხლო ძალა დაკარგა (მაშინ როდესაც შუა მე დასუსტებულია და ვერ ახერხებს დაბალი მე-სთვის იმ ფიზიკური სტიმულის მნიშვნელობის ახსნას, რომელიც მოცემული მოვლენის მიზეზი გახდა. შოკი შესაძლებელია გამოიწვიოს დაინვალიდებული, დაშავებული ან ძალიან დაავადებული ადამიანის დანახვამ, ან თვითონ დაშავებამ. ან შოკი შესაძლოა მოვიდეს უეცარი ფიქრისგან, რომელიც გადაღლილ ან დაავადებულ ადამიანთან მიდის და ლოგიკური საფუძვლების გარეშე „ფუძნდება“ მის დაბალ მეში.

ერთხელ ქალმა, რომელიც ცეკვისგან იყო დაღლილი, დაინახა კაცი, რომელსაც ნახევარი სახე შეჭმული ჰქონდა. ქალის დაბალმა მემ ეს ავადმყოფური სახე არალოგიკურად, მაგრამ გამანადგურებლად დააკავშირა საკუთარ თავთან. ქალმა დაიჯერა, რომ მისი სახეც დაავადებული იყო და ვერავინ შეძლო მისი გადარწმუნება. ის უამრავმა ექიმმა გასინჯა, მაგრამ უშედეგოდ, მანამ, სანამ ფსიქოანალიტიკოსი არ ჩაწვდა პრობლემის სათავეს. იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც ავადმყოფი და ძალიან დაღლილი ადამიანი რკინის კიბეებზე დაგორდა. ამის შემდეგ მას დაეწყო რკინის კიბეების შიში და ვეღარ იყენებდა მას. ფსიქოანალიზის შედეგად ამ პრობლემის იდენტიფიცირება და აღმოფხვრა მოხდა.

დაბალი მე მიჩვეულია, რომ შუა მე მთელი დღის განმავლობაში რაღაცებს „წარმოიდგენს“ ხოლმე. ჩვენი სასიამოვნო ფიქრების უმეტესობა არარეალურია და არა-მყარი. ამის გამო, როდესაც დაბალ მეს ჰიპნოზური იმპულსის შედეგად ეუბნებიან რომ რაიმე დაავადებისგან განიკურნა, ის ამ განცხადებასაც წარმოსახვად თვლის. იგი დარწმუნებულია რომ ავადაა და არაფერი გაკეთდა მის სამკურნალოდ. შესაბამისად ის არ იღებს და არ რეაგირებს მაკურნებელ აზროფორმებზე, რომლებიც მკურნალის მოსმენის შედეგად უნდა შევიდეს მასში. ეს იგივეა როდესაც ჩვენ მთელი გულით ვლოცულობთ და ვცდილობთ ჩვენს თავს დავაჯეროთ, რომ მივიღეთ ის რისთვისაც ვლოცულობდით. ეს იგივეა როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ „მოვახდინოთ სურვილის ფიქსაცია“, რომ გვაქვს ახალი სახლი ან განკურნებული სხეული. დაბალი მე არ თანამშრომლობს ჩვენთან. ის ცელქი ბავშვივით იქცევა, გვეჯღანება და უგულებელყოფს ჩვენს მცდელობებს. ის უბრალოდ არ იღებს იმას, რისი დამტკიცებაც საკუთარი შეგრძნებებით არ შეუძლია.

თუ მკურნალი განკურნების იმპულსს მისცემს და ამავდროულად რაიმე წამალს დაალევინებს პაციენტს, და ამ დროს პაციენტი გონებრივად დამშვიდებული იქნება და არ ეტყვის თავის დაბალ მეს, რომ წამალი უსარგებლოა, მაშინ იმპულსს, ფიზიკური სტიმულის დამატების გამო (ნამდვილი, ხელშესახები აბი), დაბალი მე მიიღებს და შედეგიც დადგება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაბალ მეს, რომელიც არ კურნავს ავადმყოფობას ისე, როგორც ეს ჩვეულებრივ უნდა მოხდეს, ვაიძულებთ ამუშავდეს და წინ წამოწიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მკურნალი სთხოვს მას სამედიცინო დოზის დახმარებით.

თუ ადამიანი ახალი სახლისთვის ლოცულობს, იყენებს რწმენას, ეტყვის თავის თავს, რომ მან უკვე მიიღო ახალი სახლი, და მადლობას იტყვის ამ საჩუქრისთვის, მან შესაძლოა მიიღოს შედეგი, თუკი ის ფიზიკურ სტიმულსაც გამოიყენებს, რომ დააჯეროს დაბალი მე, რომ სახლი მართლაც არსებობს და ის სულ მალე ჩვენი იქნება. ერთი ჩემი ნაცნობი ქალბატონი ხშირად ლოცულობდა სახლებზე და ხშირად იღებდა კიდეც მათ. ის ჰყვებოდა, რომ ლოცვის შემდეგ იღებდა დაფას და ლურსმანს, და თავის თავს აჯერებდა, რომ ეს იყო იმ სახლის შენების დასაწყისი, რომელიც ლოცვისას მოითხოვა. ეს პროცესი ნელა, მაგრამ საიმედოდ მიდიოდა მისთვის. ბოლოს მან ბევრი სახლი იყიდა და მათი გაქირავებით ცხოვრობდა.

თუ იმპულსი იმ დროს გაიცემა, რა დროსაც მკურნალის ხელებიდან სასიცოცხლო ძალა გადავა პაციენტში და მასაჟი და ხელის მანუპულაციები ფიზიკურ სტიმულს განასახიერებს, იდეალური შედეგი დგება. ლომილომი, ყველა ამ მნიშვნელოვან ელემენტს მოიცავდა. დამატებით წამლის მიღებაც შესაძლებელი იყო, მცენარეული აბების ან აბაზანების სახით. კაჰუნების ერთი კონკრეტული კასტა სწორედ მცენარეული წამლების დამზადებაში იყო დახელოვნებული.

ეს ნამდვილად სიცოცხლის მომცემი საიდუმლოებებია. სასიცოცხლო ძალა სიცოცხლეა. მის გარეშე ცნობიერება, დაბალი და შუა მეების სახით, ვერ ფუნქციონირებს. მის გარეშე ფიზიკური სხეული კვდება.

აღადგინეთ სასიცოცხლო ძალა და დაბალი მეს გონებაში ჩადეთ იმპულსი, რომ ეს ძალა სხეულის განსაკურნებლად გამოიყენოს. გამოიყენეთ ფიზიკური სტიმული იმისთვის, რომ მან ეს იმპულსი მიიღოს. გააკეთეთ ეს ხელების დადებასთან ერთად, ან გამოიყენეთ დისტანციური მკურნალობის ფორმა მაკავშირებელი ჩრდილისებრი სხეულის ძაფების მეშვეობით. ეს მაგიაა. ეს ქვედა დონის მაგიაა, ხოლო მაღალი მესადმი ლოცვა და სწრაფი განკურნება ზედა დონის მაგია.

მე ვიცნობდი ერთ კაცს, რომელიც საწოლს იყო მიჯაჭვული ღვიძლის პრობლემების გამო, მას მუდმივი ტკივილები ტანჯავდა. ექიმმა, რომელსაც ათვისებული ჰქონდა ხელების დადებით მკურნალობის საიდუმლო და ხშირად იყენებდა მას, დაიწყო მისი მკურნალობა. მან უთხრა მას, რომ არ შეეძლო ღვიძლის აღდგენა, მაგრამ იმპულსის ძალით გაუქრობდა ტკივილებს. ექიმმა მოამზადა პაციენტი და ხელები დაადო მას. მან გამოიყენა იმპულსი მის განსაკურნებლად. მეორე სესიის შემდეგ ტკივილი გაქრა და კაცი საწოლიდან წამოდგა. იგი ყოველ კვირა მკურნალობდა და ტკივილის გარეშე იცოცხლა კიდევ სამი თვე, გარდაიცვალა უცაბედად, ადვილი სიკვდილით.

ერთხელ იგივე ექიმი ერთ მედდასთან გამოიძახეს, რომელიც ორმოცდა ათი წლის იყო და რომელიც მისმა ექიმებმა შვილთან გაგზავნეს, რომ მასთან ყოფილიყო სანამ გარდაიცვლებოდა. მათ მის განსაკურნებლად ვერაფერი იღონეს და რამდენიმე თვის სიცოცხლე მისცეს. ზუსტად არავინ იცოდა რაში მდგომარეობდა პრობლემა. სიცოცხლის უნარი თითქმის წართმეული ჰქონდა და ვერ დადიოდა. მას მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმა შეეძლო და ხშირად ისტერიკა და კრუნჩხვები ემართებოდა. ბრძენმა ექიმმა მისი მკურნალობა დაიწყო თავდაპირველად ხერხემლის გასწორებით და ჯანმრთელობის დაბრუნების იმპულსების გაცემით. ექვს კვირიანი მკურნალობის შემდეგ ქალი გამოჯანმრთელდა, იგი წლების მანძილზე არ ყოფილა ასე კარგად. ლოგინიდანაც წამოდგა და თავისუფლად სიარულიც დაიწყო. მის თვალებს ბრწყინვალება დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმმა კაჰუნების შესახებ არაფერი იცოდა, მან მათი მკურნალობის ორი მარტივი ფორმა გამოიყენა, რომლებიდანაც არც ერთი არ არის მაგიური ან ეფექტური თუ მათ ცალკე ავიღებთ, მაგრამ კომბინაციაში სიცოცხლის მომცემ ლომილომის ქმნიან.

ჰიპნოზური იმპულსის პრაქტიკა ფიზიკური და კომპლექსური პრობლემების მკურნალობაში, დღესდღეობით ბუნდოვანი და შეუსწავლელია. ექიმები ამ საგანს ძალიან იშვიათ შემთხვევებში იკვლევენ. მას მხოლოდ ფსიქოანალიტიკოსები და ფსიქიატრები იყენებენ, და ისინიც სუსტ შედეგებს იღებენ, რადგან არ იციან ფიზიკური სტიმულის გამოყენების და სასიცოცხლო ძალის გადაცემის საიდუმლო.

სასიცოცხლო ძალა „ქვრივის ტკიპასავითაა“ – ის იზრდება როდესაც გასცემენ. მე ვიცნობ კაცს, რომელმაც დახვეწა ხელების დადებითა და სურვილის ძალით პაციენტების მკურნალობის პრაქტიკა. ის თავის გარდაცვლილი ნათესავების სულებს უხმობს დასახმარებლად. მის მიერ შესრულებული რამდენიმე განკურნება გასაოცარი იყო. მე ვკითხე მას კარგავდა თუ არა ძალას მას შემდეგ, რაც მაკურნებელ ძალას პაციენტს გადასცემდა. მან მიპასუხა, რომ პირიქით, მას რომ ეს ძალა არ გამოეყენებინა, ის ავად ხდებოდა და მკაცრი ფიზიკური ვარჯიში უწევდა.

სასიცოცხლო ძალა იმ საკვებისგან შედგება, რასაც ჩვენ ვჭამთ. თითქმის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაიწყოს და იმაზე ორჯერ მეტი გაიაროს ფეხით დღის მანძილზე ვიდრე ამას აპირებდა. ჩვენი ყოველდღიური საკვები იმდენ სასიცოცხლო ძალას გვაძლევს, რომ მისი მეშვეობით გაცილებით უფრო მეტი ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვის ატანა შევგვიძლია. ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ საკვები სისხლის შაქრად გარდაიქმნება, რომელიც იწვის მაშინ, როდესაც ფიზიკურ აქტივობას ვიწყებთ და სასიცოცხლო ძალა გვჭირდება. როდესაც ჩვენ საკვების მიერ მომარაგებულ სისხლის შაქარს ბოლომდე არ ვიყენებთ, დღის ბოლოს ღვიძლს გამოაქვს მისი ნარჩენები.

სურვილის ძალით ადმიანს შეუძლია დაბალ მეს დაავალოს სასიცოცხლო ძალის შევსება. ამის სწავლა ნებისმიერს შეუძლია თორმეტ, ოც წუთიან გაკვეთილში.

როდესაც ჩვენ სხვა ადამიანზე მეტი სასიცოცხლო ძალით ვართ დამუხტულნი, და იმ სხვა ადამიანს დავადებთ ხელებს იმ განზრახვით, რომ მათ ჩვენი ხელების მეშვეობით გადავცეთ ძალა, ნაკადი იწყებს მოძრაობას.

სასიცოცხლო ძალის ნაკადი ამ დროს თითქოს ადამიანური, ინტელექტუალური ხდება და ემორჩილება შუა მეს განზრახვას. ის პაციენტის სხეულის დაავადებულ ნაწილში შევა და გააძლიერებს მას. ის თან წაიღებს იმპულსის აზროფორმებს, როდესაც იმპულსი ჩუმად არის გაცემული. ის კიდევ უფრო უკეთ გააკეთებს თავის სამუშაოს, თუ იმპულსი ხმამაღლა წარმოითქმება და პაციენტის დაბალი მე გაიგებს თუ რა „სურთ“ მისგან განკურნებისთვის. თუ ხმამაღლა წარმოთქმულ იმპულსს თან ერთვის ფიზიკური სტიმული, შედეგი ამ დროს ყველაზე ეფექტურია. ეს სტიმული შესაძლოა იყოს მასაჟი, ხელებით მანიპულაცია, სითბო, მცენარეულ აბაზანაში ბანაობა, ან რაიმე წამალი.

ახლა, როდესაც ჩვენ კაჰუნებისგან ვისწავლეთ, რომ იმპულსი სხვა არაფერია თუ არა სასიცოცხლო ძალის ერთი ადამიანიდან მეორეში გადასვლა, რასაც თან ერთვის აზროფორმები, რომელზეც მიმღები რეაგირებს, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ თუ რაოდენ სულელური იყო ჩვენი შიში ჰიპნოზის მიმართ.

მესმერისმის აღმოჩენასთან ერთად ჩვენ ჰიპნოზის ფობია დაგვეწყო. ჩვენ მას ვერ ვიგებდით და ამიტომ გვეშინოდა მისი. ვინაიდან იმპულსის გამოყენება სათანადოდ ახსნილი არ იყო ბიბლიურ ლიტერატურაში, ეკლესიამ აკრძალა მისი გამოყენება და ყველანაირი ფიზიკური კვლევა. (ეკლესიამ ასევე აკრძალა ყველა სამედიცინო და სამეცნიერო პროგრესის მიღება საუკუნეების მანძილზე. რელიგია ყოველთვის სწრაფად კრისტალიზებული ხდება და ყველაფერ ახალს უარყოფს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს რწმენის და პრაქტიკების ცვლილება).

მე უამრავჯერ ვყოფილვარ ჰიპნოზის ქვეშ და უამრავჯერ დამიჰიპნოზებია ადამიანები ექსპერიმენტისთვის. არც ერთხელ ცუდი შედეგი არ მქონია. ოცდაათი წელია რაც ჰიპნოზის და იმპულსის გამოყენებას ვაკვირდები. ხშირად მისაუბრია ჰიპნოზისტებთანაც და დაჰიპნოზებულ სუბიექტებთანაც. არც ერთი ცუდი საზიანო შემთხვევა არ ყოფილა ჩემს პრაქტიკაში.

თვით-იმპულსს თითოეული ჩვენგანი ვიყენებთ. თუ მე „განვიზრახე“ სკამიდან ადგომა და სხვა ოთახში გასვლა, ეს უბრალოდ აზროფორმის მიცემაა დაბალი მესთვის ამ მოქმედების ჩასატარებლად. ის მიჩვეულია ასეთ აზროფორმებზე რეაგირებას, რომელსაც შუა მე გასცემს, და ავტომატურად რეაგირებს მათზე. ის ამოძრავებს სხეულს და გაჰყავს სხვა ოთახში.

პრობლემა ის არის, რომ მას არ აქვს შესაბამისი ფიზიკური სტიმული, რომელიც თან უნდა ერთვოდეს მას. ფიზიკური ავადმყოფობებისას, თვით-იმპულსი მაშინაა ყველაზე ეფექტური, როდესაც წამლის მიღება ერთვის თან, თუ ეს წამალი ადრე არ გვაქვს მიღებული და დაბალმა მემ უკვე არ იცის, რომ ის არ მოქმედებს.

კარგი და ადაპტირებული ფიზიკური სტიმული ვოკალური აფირმაციების წარმოთქმაა. უნდა ვთქვათ ხმამაღლა, რომ ჯანმრთელები ვართ, მდიდრები ან ბრძენები. ჩვენი ხმის ვიბრაცია ფიზიკური სტიმულია და თუ მას ხშირად გამოვიყენებთ, „განზრახვასთან“ ერთად (რომელიც შუა მესგან მოდის) რომ მივიღოთ ის, მას ნამდვილი ეფექტი ექნება.

ხმის ჩამწერი აპარატების გამოგონების შემდეგ იმპულსის ჩანაწერებს ძილის დროს ასმენინებენ პაციენტებს. ჩანაწერი მშვიდად ისმის ღამე, და ადამიანი რომელიც მას დაწოლისას ისმენს მექანიკურად იღებს იმპულსს. ვინაიდან სრული განტვირთვა ღრმა ძილისას ხდება, და ამ დროს ლოგიკურ ცნობიერ გონებას სძინავს, წინააღმდეგობაში არ შედის იმპულსთან, რომელიც ქვეცნობიერს, ანუ დაბალ მეს ესმის. იმპულსი ღრმად იბეჭდება ჩვენში და გვაძლევს ეფექტს. მომდევნო წლებში ჩვენ შესაძლოა დიდი მიღწევები ვიხილოთ ამ მიმართულებით ჯანრმთელობის აღდგენასა და პიროვნულ ზრდაში, ლატენტური ნიჭის გაძლიერებაში თუ გენიის გამოღვიძებაში.

უკანასკნელ წლებში მკველვარები მუშაობენ, რათა გაარკვიონ თუ რამდენად ვახშობთ ჩვენ ჩვენს უნარებს და ნიჭს ჩვენი მეგობრებისგან წამოსული იმპულსების მიღებით, როდესაც ისინი გვეუბნებიან, რომ „ამას ვერ გააკეთებ“. რამდენმა ჩვენგანმა ვიცით თუ რამდენად შეგვიძლია ხატვა, წერა, ლექციის ჩატარება, გამოგონება, ან ორგანიზება? არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც ამბობენ, რომ „ამას ვერ გავაკეთებთ“ ჰიპნოზია, რომლის ქვეშაც ვცხოვრობთ და მათ შეუძლიათ ამისგან გაგვათავისუფლონ. ისინი დიდი შედეგებით არ გამოირჩევიან, მაგრამ ძირითადი იდეა ძალიან ახლოსაა სიმართლესთან. როდესაც იმ ფიქსაციისგან თავის დაღწევის უკეთეს საშუალებას ვიპოვით, რასაც „ამას ვერ გავაკეთებ“ ჰქვია, გაცილებით კარგი შედეგი დადგება.

მანამ კი დროა ჩვენ, ვისაც ჩვენი რწმენა არ დაგვიკრისტალიზებია, და ვისაც შეგვიძლია ახალი სიმართლის მიღება, დავიწყოთ ექსპერიმენტების ჩატარება, რათა ვნახოთ ჩვენთვისაც იმუშავებს თუ არა ის მეთოდები, რომლებსაც კაჰუნები ასეთი წარმატებით იყენებდნენ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ სამოც დღიანი ტრენინგის შედეგად ნებისმიერ ექიმს შეეძლება ლომილომის ტექნიკის შესწავლა. სასიცოცხლო ძალის აკუმულირების და გაცემის უნარის შესწავლაც ადვილად მოხდება და ამ ხელოვნების სწავლასთან ერთად ღრმა ჰიპნოზის შესწავლის აუცილებლობაც დადგება.

თითქმის ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს ქალი თუ კაცი, შეუძლია მსუბუქი ჰიპნოზის სწავლა. დღეში ერთსაათიანი გაკვეთილი, სამოც დღეში ნებისმიერ ექიმს ექსპერტს გახდის. კარგი იქნება თუ დროის ნაწილი კაჰუნების ფსიქოლოგიის შესწავლას დაეთმობა. შედეგად შესაძლოა რამდენიმე მათგანმა სწრაფი განკურნების ხელოვნებაც აითვისოს.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff