მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)

მაქს ფრიდომ ლონგი
0
0

ავტორი: მაქს ფრიდომ ლონგი ეს წიგნი მოგვითხრობს მაგიის უძველესი საიდუმლო სისტემის შესახებ, რომელსაც, თუკი მის გამოყენებას ადგილობრივი პოლინეზიელი მაგებივით ვისწავლით, შეუძლია მსოფლიო შეცვალოს... ...

თავი 19

თავი 19

არასასურველი მომავლის შეცვლის მაგია

მთარგმნელი: რუსუდან ზურაბაშვილი

- ფინანსური და სოციალური პრობლემების გაუმჯობესება
- ქეისი 29. არასასურველი მომავლის შეცვლა სასურველით
- დამატებითი კომენტარი

ფინანსური და სოციალური პრობლემების გაუმჯობესება

მყისიერი გამოჯანმრთელების უმაღლესი მაგია სრულდება მაღალი მეს დახმარებით. იგივე ხდება შემოსავლებისა და გარემოებათა გასაუმჯობესებლად.

ეს ორივე საქმიანობა ერთიდაიგივე ძირითად მექანიზმს იყენებს.

ბიბლიაში ვკითხულობთ იაკობის ისტორიას, რომელმაც სიზმრად ნახა მიწიდან სამოთხეში ამავალი კიბე და მასზე ამსვლელ-ჩამომსვლელი ანგელოზები. ღმერთი იდგა კიბის თავზე და ელაპარაკებოდა იაკობს.

მსგავსად მრავალი რელიგიური ისტორიისა ანალოგიური სურათი წარმოგვიდგება ჰუნას რწმენებშიც. ჰუნაში კიბე შეესაბამება სიმს, რომელიც დაბალ მეს აკავშირებს მაღალ მესთან. მაღალი მე თავისმხრივ წარმოადგენს ერთადერთ „ღმერთს“, რომელსაც შეგვიძლია პირდაპირ ვეკონტაქტოთ და რომელზეც შეგვიძლია რამე შევიტყოთ. ღმერთი დაელაპარაკა იაკობს. მაღალი მე აგზავნის მისტიურ მესიჯებს. ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ, სავარაუდოდ, შიკრიკების როლში. ლოცვების აზრო-ფორმები ადიან და ჩამოდიან სიმზე, როგორც კიბეზე, მიყვებიან რა სასიცოცხლო ძალის დინებას. ღმერთმა აღუთქვა იაკობს, რომ ის გამრავლდებოდა. მაღალი მე ყოველთვის მზადაა, იგივენაირად დაგვეხმაროს ჩვენც, იმის გათვალისწინებით, რომ ვისწავლით, როგორ გავაკეთოთ ის, რაც ჩვენზეა.

ქეისი 29. არასასსურველი მომავლის სასურველით შეცვლა

წინასწარი შენიშვნები:

მინდა, რომ მაღალი მაგიის მექანიზმი რაც შეიძლება მარტივად წარმოგიდგინოთ, რადგანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანთა უმეტესობის ცხოვრება ჩახლართულია და ამ ხლართების მოშორება ჩვენთვის ყველაფერს ნიშნავს.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ მაგალითს ჩემი გამოცდილებიდან გიზიარებთ, შემიძლია, პირადად დაგარწმუნოთ, რომ ყველა ნაბიჯი ამ საქმეში სრულად და სწორად არის აღწერილი. მე თავს ვდებ შედეგებზე, რადგან ეს ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა, და კვლავ ხდება.

სტანდარტული პროცედურისგან განსხვავებით ბოლოში კომენტარის გაკეთების ნაცვლად ამ ქეისის აღწერისას შევჩერდები ყველა ნაბიჯზე, რათა ავხსნა მიზეზი, რატომ გაკეთდა ესა თუ ის.

ქეისი:

1932 წელს ჰონოლულუში ფოტოაპარატების მაღაზია მქონდა, რომელმაც მძიმე დარტყმა მიიღო ფინანსური დეპრესიისა და შესაბამისი ტურისტთა ნაკადის შემცირების გამო. იმით შეშინებული, რომ ყველაფერს ვკარგავდი, რჩევისთვის კაჰუნასთან წავედი.

კაჰუნა ჰავაელი ქალი გახლდათ, დაახლოებით 50 წლის. მას კარგა ხანია ვიცნობდი და როცა ვუთხარი, რომ პრობლემები მქონდა, მაშინვე საქმეს შეუდგა, რათა ენახა, რითი შეიძლებოდა ჩემი საქმეების გამოსწორება. ჩვენ პატარა სასადილო ოთახში გავედით და მაგიდას მივუსხედით. ვიდრე ის ეწეოდა და მისმენდა, მე ჩემს პრობლემებზე მოვუყევი.

მე იძულებული ვიყავი ჩემი ბიზნესი გამეყიდა, მარაგებისა და ავეჯის ჩათვლით, ან გაკოტრება არ ამცდებოდა. ერთადერთი ადამიანი ჰონოლულუში, ვისთვისაც აზრი ქონდა ჩემი მაღაზიის ყიდვას, ჩემი კონკურენტი იყო. მას ფოტოაპარატების უფრო დიდი და ძველი მაღაზია ქონდა.

სამჯერ მივედი მასთან და ვცადე ჩემი მაღაზიის ყიდვაში დამერწმუნებინა. საკმაოდ დაბალ ფასად შევთავაზე, მაგრამ ვერ დავაინტერესე. შემდეგ უძრავი ქონებით მოვაჭრეს გადავუხადე ფული, რომ ის დამხმარებოდა ბიზნესის მისთვის მიყიდვაში, მაგრამ მასაც არაფერი გამოუვიდა. მოკლედ, ისეთი პირი უჩანდა, რომ ყველაფერს ვკარგავდი. ფართზე იჯარის ხელშეკრულებას რამოდენიმე კვირაში ვადა გასდიოდა, ხელშეკრულების 5-წლიანი ვადით განახლების შანსი კი არ მქონდა.

როცა ყველაფერი მოვუყევი და დასმულ შეკითხვებზეც ვუპასუხე, მკურნალმა მითხრა, ცოტა ხანს ძალიან გულმოდგინედ მეფიქრა და ზუსტად ჩამომეყალიბებინა, რა შედეგის მიღება მსურდა. მე ყველაფერი თავიდან გავიაზრე და ვუთხარი, რომ მინდოდა ჩემი ბიზნესი, მარაგებიც და ავეჯიც, ჩემს კონკურენტს ეყიდა 8 ათას დოლარად. რაც მიუხედავად ცუდი ეკონომიკური პერიოდისა, ფინანსურად მაინც ძალიან სარფიანი წინადადება გამოდიოდა მისთვის. ასევე, მსურდა, დავხმარებოდი ჩემს კონკურენტს ჩემი ბიზნესის მის ბიზნესთან შერწყმაში და ამის შემდეგ დავბრუნებულიყავი სანაპიროზე და საშუალება მქონოდა, მწერლობისთვის მომეკიდა ხელი. საკმაოდ ჩამოყალიბებული ვიყავი ყველაფერში.

მკურნალმა კიდევ დამისვა შეკითხვები. მან მკითხა, „თუ ეს ყველაფერი ასეც მოხდა, დარწმუნებული ხარ, რომ შენს გეგმებში არაფერი აირევა?“ მან ამიხსნა, რომ მე უნდა გამეაზრებინა ყველა ვარიანტი და ამეწონ-დამეწონა ყველა ნაბიჯი და გამეაზრებინა ყველა შესაძლო შედეგი. უმცირესი დეტალებიც კი უნდა განმეხილა და წარმომედგინა, რა როგორ შეიცვლებოდა საქმის ამგვარი განვითარებით.

იდეა იყო, მოვმზადებულიყავით მაღალ მესთან ლოცვისთვის. ლოცვის აზრო-ფორმა არ უნდა ყოფილიყო ეჭვებისა და უზუსტობების შემცველი. უნდა ყოფილიყო ნათელი, მკაფიო და განსაზღვრული. საქმის ყველა გაუაზრებელი ასპექტი მოგვიანებით იჩენდა თავს და ხელს შეუშლიდა გეგმის განხორციელებას.

მკურნალმა მითხრა, რომ მისი გამოცდილებით ადამიანთა უმრავლესობა მაღალ მესთან აგზავნის მუდმივად ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფი სურვილების, გეგმების, შიშების და იმედების გროვას. ადამიანები ყოველ დღე და ყოველ საათში იცვლიან აზრებს, თუ რისი კეთება სურთ, ან ვინ უნდათ, რომ გახდნენ, ან რა უნდათ, რომ მოხდეს. რამდენადაც მაღალი მე ჩვენს მომავალს ქმნის ჩვენი ფიქრების შეჯერებით, რომელთაც ის ჩვენი ძილის დროს კრეფს, ჩვენი მომავალი გამოდის გარტყმა-აცდენათა (hit-and-miss) ერთობლიობა, მოვლენებისა და მათი საწინააღმდეგო მოვლენების, ინციდენტების, კარგი და ცუდი იღბლის. მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს, თუ რა სურს, და, რომელიც მყარად შეჩერდება ამ გადაწყვეტილებაზე, მხოლოდ ამ მიმართულებით იმუშავებს, შეუძლია მაღალ მეს მიაწოდოს სათანადო აზრო-ფორმა, რომლიდანაც აშენდება ის მომავალი, რომელიც ვისურვეთ, დავგეგმეთ და მოვამზადეთ.

ერთსაათიანი საუბრის შემდეგ მკურნალი დაკმაყოფილდა და გამოაცხადა, რომ შემდეგი ნაბიჯი მაღალ მესთან დაკავშირება იყო იმის საკითხავად, შესაძლებელი იყო თუ არა ასეთი გეგმის მატერიალიზება.

კრისტალის საჭვრეტად აყიროს თასის ძირში შავი პრიალა ქვის წყალში მოთავსების ნაცვლად, კაჰუნამ მოიტანა მაღალი ჭიქა, გაავსო წყლით, ჩაყარა 1 ჩაის კოვზი დაფქვილი ყვითელი კოჭას ძირი, რათა წყალი გაუმჭვირი გამხდარიყო და ემუშავა ფიზიკურ სტიმულად პოლტერგეისტის ტიპის სულების გავლენის მოსაგერიებლად. ფხვნილი მომზადდა იმ დღეს ამოღებული, ნედლი კოჭას ძირის დაფქვით. ამასობაში მოსაღამოვდა.

შემდეგ მკურნალმა გასამარჯელოს ავანსად ვერცხლის დოლარიანი მოითხოვა. ეს იყო მკურნალის დაბალი მესთვის ფიზიკური სტიმული, ნიშნავდა მისი შრომისა და მომსახურების საფასურს და მის დაბალ მეს უნდა მოსწონებოდა. დოლარიანი ჭიქის ქვეშ ამოდო. შემდეგ თვალები შუქისგან დაიჩრდილა, ცოტა ხნით დაჯდა და გაუმჭვირი წყლის ზედაპირს მიაჩერდა.

მალე დაიწყო სურათების დანახვა და შეტყობინებების მიღება შინაგანი ხმისგან. ტრანსის მსგავს მდგომარეობაში ჩერდებოდა წუთი ან ორი წუთი, შემდეგ წამოიწევდა, რომ ჩემთვის გადმოეცა, რა დაინახა, ან კითხვა დაესვა. ეს დაახლოებით 7-8 წუთს გაგრძელდა.

სურათები ყველა სიმბოლური იყო, და თუ ის სიმბოლოები იყო, რაც მან გამოცდილებით იცოდა, რომ კარგს ნიშნავდა, პასუხს ჩემი გეგმების სასიკეთოდ მიიჩნევდა. მან თქვა, რომ დაინახა, რომ კარი ღია იყო. შემდეგ კი, ცოტა ხნის მერე, თავთავების კონა. შემდეგ მკითხა, თუ ნიშნავდა ეს ჩემთვის რამეს ან ამაზე ხომ არ ვფიქრობდი ახლა. უნდოდა დარწმუნებულიყო, ხომ არ ხედავდა მათ ჩემს გონებაში, ნაცვლად ინფორმაციის მიღებისა მაღალი მესგან დაბალი მეს საშუალებით.

როცა დაკმაყოფილდა, რომ პასუხი სასიკეთო იყო, მითხრა: „ღმერთი მეუბნება, რომ შენი ლოცვის შესრულება შესაძლებელია. კარი ღიაა. შენი გზა ძალიან არაა დაბლოკილი, მიუხედავად იმისა, რომ სრულად ღია არაა. ახლა ვკითხავ, ჩვენი მხრიდან რა არის გასაკეთებელი.“

კვლავ მიაშტერდა წყალს და შევიდა იმ მდგომარეობაში, რომელშიც მას შეეძლო ფსიქიკური შეგრძნებებით დაენახა. მან დაინახა ჩემი კონკურენტი, რომელიც ასევე ჩემი დიდი ხნის კარგი მეგობარი იყო. აღმიწერა მისი გარეგნობა. შეამოწმა ჩემთან, ზუსტად ხედავად თუ არა მას. კაჰუნამ დაინახა ის თავის კაბინეტში, მაღაზიის ბოლოში, და ესეც ჩემთან გადაამოწმა. ასევე დაინახა კაცი, რომელიც მე დავიქირავე ჩემი ბიზნესის გასაყიდად და რომელმაც ეს ვერ მოახერხა. როცა ეს ფსიქიკური გადამოწმება დასრულდა, უკვე ღამდებოდა.

„დაგიშავებია ვინმესთვის რამე? - მკითხა მკურნალმა. -„რატომ არ არის კარი ფართოდ ღია და რატომ არის შენი გზა ცოტათი დაბლოკილი?“

ვერ გავიხსენე ვინმესთვის რამე დამეშავებინოს. ასეც ვუთხარი.

„ფიქრობ, რომ თუ 8 ათას დოლარად გაყიდი შენს მაღაზიას, ეს მოტყუება იქნება შენი კონკურენტის?“- შემდეგი კითხვა ეს იყო.

დავარწმუნე, რომ ამას ყველაზე პატიოსან გარიგებად მივიჩნევდი.

„მაშინ გამოდის, რომ შენ ის პატარა ცოდვის იდეები გჭამენ შიგნიდან, რაც საკვირაო სკოლაში ან ეკლესიური აღზრდისას ჩაგინერგეს“. -დაასკვნა მან. -„კარგი ადამიანების უმეტესობას, თუ ისინი რელიგიურები არიან, აქვთ ასეთი რაღაცები. დანაშაულის გრძნობისგან და ღმერთისკენ შენი გზის გასაწმენდად უნდა იმარხულო დღის პირველ საათამდე, სამი დღის განმავლობაში, და მარხვის პერიოდში არ მოწიო. სამი დღის შემდეგ რამე საჩუქარი გადაეცი ვინმე გაჭირვებულს ან რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას. ამით შიგნით, სიღრმეში, იგრძნობ, რომ საკმარისი გააკეთე შენი პატარა ცოდვების გამოსასყიდად. ამ ყველაფერს რომ გააკეთებ, ისევ მოდი ჩემთან“.

მკურნალმა გადასარევი ფიზიკური სტუმული გამომიწერა ჩემი დაბალი მეს მოსახიბლად, მოეტევებინა ჩემთვის ისეთი ქმედებები, რომელიც მას ცოდვად მიაჩნდა. მე ვერაფრით დავადგენდი, რა შეიძლება ყოფილიყო ეს პატარა დანაშაულის კომპლექსები, მაგრამ ამას არ ქონდა მნიშვნელობა.

დავალებას სამი დღის განმავლობაში ვასრულებდი, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. დაბალი მე საკმაოდ მოიხიბლებოდა, რადგან იმ პერიოდში მადას არ ვუჩიოდი და მოწევაც ძალიან მიყვარდა. საჩუქარი ხსნის არმიას გავუკეთე, რადგან კარგ საქველმოქმედო ორგანიზაციად მიმაჩნდა.

საღამოს მკურნალთან მივედი და ისევ მრგვალ მაგიდას მივუჯექი მასთან ერთად. მან კვლავ ჭიქის მეთოდი გამოიყენა და რამოდენიმე წუთში კვლავ დაინახა კარი. ამჯერად ის ფართოდ იყო გაღებული. მითხრა, რომ ჩემი გზა უკვე აღარ იყო დაბლოკილი. ჭიქა გადადგა და ჩემი გეგმების შესახებ ხელახლა მკითხა, ცვლილებები ხომ არ შევიტანე, კვლავ დარწმუნებუული ვიყავი, რომ ყველაფერი ისე მინდოდა განხორციელებულიყო, როგორც ადრე ვთქვი?

როცა დავარწმუნე, რომ ჩემი გეგმები იყო გარკვეული და უცვლელი, მოემზადა, რომ მაღალ მესთან ჩემზე ელოცა.

როცა კახუნა ლოცულობდა თავის მაღალ მესთან კლიენტისთვის დახმარების სათხოვნად, ლოცვა ავტომატურად მიდიოდა კლიენტის მაღალ მესთანაც. ეს გულისხმობს იმ რწმენას, რომ ყველა ჩვენგანის მაღალი მეები დაკავშირებულია ერთმანეთთან იმგვარად, რისი გაგებაც ჩვენ არ შეგვიძლია და ვერ წარმოვიდგენთ. ისინი არიან „ბევრი ერთში“, და „ერთი ბევრში“. ისინი წარმოადგენენ ერთობას განკერძოებაში. მათ უფრო მჭიდრო კავშირი აქვთ, ვიდრე სკაში ფუტკრებს. მათ იციან, როგორ იმუშაონ ერთ მთლიანობად, მაგრამ ყველა თავის ინდივიდუალურ სამუშაოს ასრულებს. ჩვენ ამას ვერ ჩავწვდებით, მაგრამ იმ შედეგებით, რაც მაღალ მეებთან კონტაქტით მიიღწევა, ეს არის ყველაზე ახლო აღწერა არსში ჩასაწვდომად.

ლოცვის სათქმელად მკურნალი წამოდგა და წინ და უკან ნელა სიარული დაიწყო, თან ღრმად სუნთქვდა. რამოდენიმე წუთის შემდეგ შეჩერდა მაგიდასთან და ჩუმად თქვა, რომ ახლა ღმერთთან ჩემზე ილოცებდა, და შემდეგ - მოცქირალმა სადღაც შორს - ჰავაურ ენაზე დაიწყო ლაპარაკი, ნელა და დიდი ძალით. ილოცა ერთხელ. შემდეგ გაიმეორა. შემდეგ კიდევ გაიმეორა.

ამ სამჯერთქმულ ლოცვაში სიტყვა სიტყვას შეესაბამებოდა, იდეა - იდეას, ისე ზუსტად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. შთაგონების ნების სრული ძალა იქნა გამოყენებული, რათა ეიძულებინა დაბალი მე მაღალ მესთან წაეღო აზრო-ფორმები, რომლებიც შეიქმნა გულმოდგინედ და მყარად გამეორებული ლოცვით.

დაბალი მე დაუკავშირდა მაღალ მეს მკურნალის შუა მეს პირდაპირი ბრძანების შედეგად. ამჯერად ჭიქა არ გამოუყენებია, რადგან ახლა პასუხს არ ველოდით. ლოცვის სამჯერ წარმოთქმის შემდეგ მკურნალი დაუბრუნდა თავის სკამს და სიგარეტი აიღო. მოწია და დაისვენა შრომის შემდეგ. რაც მან გააკეთა ეს იყო ის, რომ მან დააგროვა ზედმეტი სასიცოცხლო ძალა და აღავლინა ლოცვა, რითიც სასიცოცხლო ძალის ნაკადს გაატანა აზრო-ფორმების ერთობლიობა.

მალე ჭიქას დაუბრუნდა, რათა ენახა, რა პასუხი იყო მაღალი მესგან, რა იქნებოდა ინსტრუქცია მისგან.

ჭიქაში წყლის ზედაპირზე მან დაინახა სცენა, სადაც მე სხვადასხვა რაღაცებს ვაკეთებდი. ეს იყო იმის ჩვენება, როგორ დაალაგა მაღალმა მემ ჩემი მომავალი. ძველი მომავალი დაინგრა და ჩემთვის ახალი აიგო მყისიერად.

ძველი მომავალი, ეჭვგარეშეა, შეიცავდა ყველა ჩემს ბიზნეს-წარუმატებლობებს, რაც გარდაუვალი ჩანდა ჩემთვის, რისიც მეშინოდა და წარმომედგინა, როცა ვდარდობდი. სავარაუდოდ სწორედ ასეთი იქნებოდა ჩემი მომავალი, მაღალი მესგან დახმარება რომ არ მიმეღო და ცუდი სასურველი კარგით არ შემეცვალა.

ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა გზით ქმნის მომავალს მაღალი მე დაბალი და საშუალო მეებისთვის, წარმოადგენს რა მათ მაღლა მდგომ „მფარველ, მშობლურ სულს“. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ფიქრები, რომლებსაც ჩვენ აზრო-ფორმებად გარდავქმნით, გამოიყენება რაღაცნაირად მომავლის ასაგებად. სხვა თუ არაფერი, აზრო-ფორმები ეუბნება ჩვენს მაღალ მეს ჩვენი იმედების, შიშების, სურვილებისა და გეგმების შესახებ. ჩანს, რომ ჩვენი მომავალი ამ აზრო-ფორმებისგან არის შექმნილი, იმის გათვალისწინებით, რომ დაცულია ჩვენი თავისუფალი ნება. ჩვენ საშუალება უნდა მოგვეცეს თავისუფალი ნების გამოხატვის და ვიდრე დახმარებას არ ვითხოვთ, არ უნდა დაგვეხმარონ, რადგან ასეთ შემთხვევაში თავისუფალი ნება უარყოფილი იქნება. ჩვენ ვერ ვიტყვით რატომ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გვესმოდეს, რომ საქმეთა ასეთი გარემოებანი შესაძლებელია არსებობდეს.

ჩვენი მენტალური შეზღუდვების გამო ჩვენ ვერ აღვიქვამთ უხილავი მატერიისგან შემდგარ მომავალს, მაგრამ ის შეიცავს ყველა მოვლენასა და გარემოებას, რომლებიც მატერიალური ხდება წუთიდან წუთში, საათიდან საათში, დღიდან დღეში, იმის შესაბამისად, როგორც „კრისტალიზდება“ უხილავი მომავლის მონახაზი. შესაძლოა მომავალი ისეთივეა, როგორც დაბალი და შუა მეების ჩრდილოვანი სხეულები, ისეთივე, როგორც აზრო-ფორმები. შესაძლოა, აზრო-ფორმები გადაიზრდებიან მოვლენებში. კაჰუნებმა ეს არ იცოდნენ. ჩვენც ვერ გვეცოდინება. თუმცაღა, რადგან ვიცით, რომ მომავალი იქმნება რაღაც გზით და რომ მისი დანახვა, სადამდეც ის დაგეგმილია, წინასწარ შესაძლებელია, ის შეიძლება შეიცვალოს. სულ ესაა, რისი ცოდნაც გვჭირდება.

მკურნალმა დაინახა ახალი მომავალი წყლიან ჭიქაში და აღწერა რა დაინახა, რა უნდა გამეკეთებინა, და ამიხსნა, რატომ. მას, ჩანდა, ესმოდა, როდის რა მეთოდი უნდა გამოეყენებინა. მაღალი მეს მიერ სიმბოლოების გადმოცემის ჩვეული მეთოდი აქ არ გამოუყენებია.

„ღმერთი მეუბნება“, იტყოდა ის, ან „ღმერთი მიჩვენებს“.

მან დაინახა, როგორ მივდიოდი მე ჩემს კონკურენტთან ფურცლით ხელში. მან თქვა, რომ ქაღალდზე ეწერა ჩემი შეთავაზება, რას ვყიდიდი, რამდენად, და ყველა სხვა დეტალი. მან თქვა, რომ ღმერთმა უთხრა მას, რომ ეს კაცი ისეთი ადამიანი იყო, რომელსაც მოწონდა ყველაფერი ფურცელზე დაწერილი დაენახა. სხვაგვარად ის ყოველთვის „არას“ იტყოდა უბრალოდ ჩვეულების გამო.

„დაწერე ყველაფერი“- დამარიგა მან. -„შემდეგ კი, მომავალ სამშაბათს, სამის 15 წუთზე, წადი მის სანახავად. ის თავის კაბინეტში იქნება, თავის მაგიდასთან, უსაქმოდ. დაუდე ფურცელი მაგიდაზე და უთხარი: „ამ რიცხვებს გადახედე, კარგი? და 10 წუთში დავბრუნდები“. მერე წადი და 10 წუთის შემდეგ დაბრუნდი. მას დამთავრებული ექნება რიცხვების გაცნობა და გეტყვის, რომ ის ყიდულობს შენს ბიზნესს“.

ჩემთვის ეს დაუჯერებლად ექსპლიციტური და დეტალური იყო. ვკითხე, თუ საიდან იცოდა. რაზეც მან მიპასუხა, რომ ეს ჩემს ახალ მომავალში დაინახა და რომ ღმერთმა მისცა გაგება, რატომ უნდა ყოფილიყო შეთავაზება წერილობით ფორმაში.

ინსტრუქციებმა განმაცვიფრა. დავპირდი, რომ მათ ზედმიწევნით შევასრულებდი.

შემდეგ სამშაბათს, სამის 15 წუთზე, ამობეჭდილი შეთავაზებით ხელში, გავეშურე ჩემს კონკურენტთან. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, დამხვდა მაგიდასთან უსაქმოდ მჯდომი. დავუდე ქაღალდი წინ და ვთხოვე, გადაეხედა. თან ვუთხარი, რომ 10 წუთში დავბრუნდებოდი.

ათ წუთში დავბრუნდი. მელოდებოდა.

„ვიყიდი“- მითხრა მან- „მოგცემ ჩეკს ას დოლარზე, ბეს სახით, და გაამზადე გაყიდვის საბუთი“.

ასე რომ მკურნალისა და მაღალი მეს დახმარებით გარიგება შედგა. გადამიხადეს ის ფასი, რაც ლოცვაში მოვიხსენიეთ. მე დავრჩი სამუშაოდ, რათა დავხმარებოდი ჩემი ბიზნესის ჩემი მეგობრული კონკურენტის ბიზნესთან გაერთიანებაში.

გარიგების დასრულებისთანავე კაჰუნა ჩავაყენე საქმის კურსში და გადავუხადე იმდენი, რამდენის უფლებაც მომცა, რაც საკმაოდ ცოტა იყო იმ არაჩვეულებრივი მომსახურებისთვის, რაც მან გამიწია. მოგვიანებით, როცა უკვე საქმეებს მოვამთავრე და კალიფორნიისკენ ავიღე გეზი, მკურნალმა გადაამოწმა ჩემი მომავალი, რომ ენახა ჩემი გეგმის ის ნაწილი, რომელიც შეიცავდა ჩემს სურვილს მწერლობის დაწყების შესახებ.

მან ახალი ლოცვა წარმოთქვა, ჩემთვის წერის (მწერლობის) ნების მოცემის შესახებ, და შემდეგ მომავლის დაკვირვება დაიწყო მაღალი მეს დახმარებით, იყენებდა რა ამისთვის დაბალ მეს. უნდოდა ენახა, თუ რა ინსტრუქციები იყო ჩემთვის ამასთან დაკავშირებით. რაც ადრე ბიზნესის გაყიდვის დროს გააკეთა, ახლა მწერლობაზე გაიმეორა.

„8 წიგნს დაწერ“, მითხრა საჭვრეტ კრისტალში ხანგრძლივად ყურების მერე. „ეს საკმაოდ შორს ჩანს, როგორც ღმერთი მიჩვენებს. 8 წიგნი.“ -ამოიოხრა.- „მაგრამ დიდი მოთმინება გმართებს. ძალიან დიდი ხანი გავა პირველი წიგნიდან მერვემდე. ბევრი რამ მოხდება და ეს ადვილი არ იქნება, თუმცა ბოლო 4 წიგნი უფრო ადვილი იქნება, ვიდრე პირველი ოთხი, და უფრო სწრაფადაც წავა“.

ეს მკურნალის მიერ ჩახედვა ჩემს მომავალში 1932 წელს შედგა. ამ დროისთვის, 1947 წელს, ოთხი წიგნია გამოცემული.

დამატებითი შენიშვნა:

„საიდუმლოს“ (ჰუნას) ფსიქო-რელიგიური სისტემა არის, პირველ რიგშიც, ბოლოსაც, და სულ, მუშა სისტემა. მას არ აქვს პრეტენზია, რომ ესმის ან ხსნის იმ რაღაცებს, რომელთაც შეხება აქვთ ჭეშმარიტ ღმერთთან, რომელთა გაგების საშუალებასაც ჩვენი დაბალი მენტალური შესაძლებლობები არ გვაძლევს.

ეს არის საღი აზრი და ფაქტები. ეს არის ნამდვილად მეცნიერული მიდგომა. ის გვაძლევს სისტემას, რომელიც თავისუფალია დოგმატურობისა და არაპრაქტიკულობისგან.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff