მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)

მაქს ფრიდომ ლონგი
0
0

ავტორი: მაქს ფრიდომ ლონგი ეს წიგნი მოგვითხრობს მაგიის უძველესი საიდუმლო სისტემის შესახებ, რომელსაც, თუკი მის გამოყენებას ადგილობრივი პოლინეზიელი მაგებივით ვისწავლით, შეუძლია მსოფლიო შეცვალოს... ...

თავი 14

 

თავი 14

კომპლექსების ბუნებასა და მკურნალობასთან დაკავშირებული განსაცვიფრებელი, ახალი და განსხვავებული იდეები კაჰუნებისგან

მთარგმნელი: რუსუდან ზურაბაშვილი

რაც ექიმებს და ფსიქოლოგებს გამორჩათ მხედველობიდან, არის ის განსაცვიფრებელი ფაქტი, რომ ქვეცნობიერი ანუ დაბალი მე არ არის ერთადერთი, რომელიც იტანჯება იდეათა ფიქსაციებით ანუ კომპლექსით.

ფროიდმა, იუნგმა, ადლერმა- ყველა მათგანმა ყურადღება შეაჩერეს ქვეცნობიერზე, ვერ მიხვდნენ რა, რომ ცნობიერ მესაც გააჩნდა მსგავსი და ასევე სახიფათო ფიქსაციები.

გასაოცარი ჭეშმარიტება კი ის არის, რომ თითქმის ყველა ადამიანს აქვს ცნობიერი რწმენები და შეხედულებები, რომლებიც ისევე სრულიად არიან ფიქსირებულნი, როგორც დაბალი მესი. მაგალითად, მოვიყვანოთ ზოგიერთი ისეთი მაგალითი, რომელიც მაშინვე ეცნობა ყველა ჩვენგანს. ვთქვათ, არის ადამიანი, რომელსაც ჩამოყალიბებული აქვს რაიმე პოლიტიკური შეხედულება. ის გასცდა ჯანსაღი აზრისა და ლოგიკის ყველანაირ საზღვარს თავისი გააფთრებული რწმენით, რომ მისი პოლიტიკური პარტია არის მართალი და ყველა სხვა - მტყუანი. ის არ მოისმენს არანაირ არგუმენტს საკუთარი მრწამსის საწინააღმდეგოდ. მის შეხედულებებში არასწორ ნაწილზე მითითების ნებისმიერი მცდელობა მიღებული იქნება განრისხებით და ხმამაღალი აღშფოთებით.

მსგავსი მაგალითები მოიძებნება მილიონობით რელიგიურ ადამიანში, რომლებმაც მათი შეხედულებების ნებისმიერი შესაძლო ცვლილებისთვის სრულიად დახურეს გონების კარი. ახალი ფაქტები, ახალი შედეგები ან ახალი გარემოებები არანაირ შთაბეჭდილებას არ ახდენს ასეთ ადამიანებზე. მათ ჩამოყალიბებული აქვთ რწმენათა და შეხედულებათა კომპლექსური სისტემა, რომელიც გაზიარებულია როგორც დაბალი, ისე შუა მეს მიერ.

კიდევ ერთი საიდუმლო კახუნების ცოდნიდან: თუ გსურთ გაიგო, აქვს თუ არა ადამიანს კომპლექსური რწმენა, რომელსაც დაბალი მეც იზიარებს, დააკვირდით, ნებისმიერ ვარაუდზე, რომელიც უშვებს, რომ ამ ადამიანის რწმენები შეიძლება არ იყოს მთლად სწორი, რეაგირებენ თუ არა მისი ემოციები.

თუ თქვენ ეტყვით რესპუბლიკელს, „მე ვფიქრობ, რესპუბლიკელები შეცდნენ გასული კვირის კანონმდებლობასთან დაკავშირებით“, და იგი შემოგაგებებთ ემოციურ რეაქციას, ნაცვლად იმისა, რომ წყნარად მოისმინოს და გაიაზროს, რა არგუმენტები გაქვთ თქვენი მოსაზრების მხარდასაჭერად, მაშინ აქ ადამიანის პოლიტიკური რწმენების უკან კომპლექსი დგას.

გააკრიტიკეთ ადამიანის რელიგია და დააკვირდით იგივენაირად მისი რეაქციის ბუნებას. ემოციურ რეაგირებაზე მხოლოდ დაბალი მე არის პასუხისმგებელი. შუა მე მხოლოდ ლოგიკითა და აზროვნებით რეაგირებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაბალ მესთან გადაჯაჭვული იზიარებს კომპლექსურ შეხედულებებს. ასეთ შემთხვევაში, როცა ემოციები იფრქვევიან, აზროვნება ვეღარ ხერხდება.

ადამიანის პოლიტიკური კომპლექსები, საბნედნიეროდ, იშვიათად მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე. რელიგიური ფიქსაციები კი ხშირად იწვევენ დაუსრულებელ დაავადებებსა და უბედურებებს.

კაჰუნებმა იცოდნენ ის, რაც ფსიქოლოანალისტებს გამორჩათ მხედველობიდან. ეს არის ის ფაქტი, რომ თუ კაცმა „შესცოდა“, და მისი დაბალი და შუა მეები შეთანხმდნენ, რომ ეს მართლაც ასეა, ასეთ დროს დაბალ მეს შესაძლოა ქონდეს ფიქსირებული იდეა, რომ ცოდვისთვის უნდა დაისაჯოს. თუ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, დაბალ მეს შეუძლია, დასაჯოს ადამიანი ავადმყოფობით ან უბედური შემთხვევით.

ამის ილუსტრაციაა ფსიქოანალიტიკოსის ანგარიშში მოცემული ქეისი ერთი ახალგაზრდა კაცისა, რომელიც დეიდამ გაზარდა და ძალიან მკაცრი რელიგიური აღზრდა მისცა. სკოლის დამთავრების შემდეგ მას ქონდა განცდა, რომ მღვდელმსახურებას უნდა შედგომოდა. თუმცა გადაიფიქრა და ავეჯის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. ქარხანაში საღებავისა და ლაქის სუნმა ავად გახადა. ამის გამო იგი გადაიყვანეს ხის გადამამუშავებელ განყოფილებაში, სადაც უკვე ნახერხის მტვერზე ასთმა დაემართა. კიდევ რამოდენიმეჯერ გამოიცვალა სამუშაო ადგილი, თუმცა რაღაც ყოველთვის მის ავად გახდომას იწვევდა.

ბოლოს, შემთხვევით აღმოჩნდა ისეთი ექიმის ხელში, რომელმაც სიმპტომებში ღრმად გამჯდარი კომპლექსი ამოიცნო. საწყისი კომპლექსი ჩამოყალიბებული იყო მაშინ, როცა უკუაგდო აზრი, ცხოვრება რელიგიური მსახურებისთვის მიეძღვნა. დაბალმა მემ გაიზიარა დანაშაულის ღრმა გრძნობა შუა მესთან, ღვთისთვის ცხოვრების მიძღვნაზე უარის თქმის გამო, და რადგან ამ უარით გამოწვეული ფიქრი მტკივნეული იყო ახალგაზრდა კაცისთვის, მან ეს ფიქრი დაბლოკა მეხსიერებაში, თუმცა ის დარჩა დაბალ მე-ში დანაშაულის კომპლექსის შემადგენელ ნაწილად.

რამდენადაც ახალგაზრდა კაცი აღზრდილი იყო იმ ცოდნით, რომ ყველა ცოდვა და დანაშაული ისჯება ღმერთის მიერ, მის დაბალ მეს ქონდა დასჯის მოლოდინი და შიში. თუმცაღა, რადგან შუა მემ უარი თქვა, ეფიქრა მღვდელმსახურებაზე უარისთქმით ჩადენილ ცოდვაზე, დაბალმა მემ გააკეთა ის, რაც ცნობილია კომპლექსის გამოხატულების „გადათარგმნით“ ანუ შეცვლით. დაბალმა მემ შფოთვა, რომელსაც ახალგაზრდა კაცი მღვდელმსახურებისკენ უნდა ებიძგებინა, შეცვალა ნებისმიერი სხვა სამსახურის აუტანლობით, რაც გამოიხატებოდა ყველა სხვა საქმის კეთებისას ავად გახდომით.

სტანდარტული გამოკითხვისა და დაკვირვების პერიოდის შემდგომ, ექიმმა აღმოაჩინა პრობლემის მიზეზი, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მოეხერხებინა ფიქსაციის წყაროს მითითება და, შესაბამისად, მისი რაციონალიზაცია და განეიტრალება, იგი ახალ წინააღმდეგობას წააწყდა. როცა ახალგაზრდა კაცი აიძულეს, მეხსიერებაში აღედგინა სამღვდელოებაში წასვლის უარისყოფის ფაქტი, იგი კვლავ დაუბრუნდა იმ აზრს, რომ დამნაშავე იყო ღვთის წინაშე უმოქმედობის მძიმე ცოდვით.

ექიმი შეეცადა მის გადარწმუნებას, მაგრამ მყარ კედელს შეეჯახა. პაციენტი არ უსმენდა მსჯელობას. ის ბრაზობდა და სასჯელს ითხოვდა. ბოლოს პაციენტს ურჩიეს ჯანმრთელობის აღსადგენად სამღვდელოებას შეერთებოდა. ასეც მოიქცა და დაავადებებიც გაქრა.

ამ შემთხვევაში კომპლექსი ვერ იქნა მოშორებული. ის ვერ მოშორდებოდა ჩვეულებრივი გზით, რადგან კომპლექსს დაბალი და შუა მე ერთნაირად იზიარებდნენ. გონებას არ შეეძლო მოსმენა. ერთადერთი ხსნა მდგომარეობდა იმაში, რომ ახალგაზრდა კაცი დაჰყოლოდა ორმაგი ფიქსაციის კარნახს.

ანგარიშში ექიმმა აღნიშნა საკუთარი წარუმატებლობა, ვერმიხვედრა იმისა, რომ კომპლექსი პაციენტის ცნობიერი გონების ნაწილიც იყო. მან დაწერა: „...თუმცაღა კომპლექსი გამოტანილ იქნა დღის სინათლეზე და გადავიდა რაციონალიზაციის სტანდარტულ პროცესში, ცხადი გახდა, რომ ის ვერ განეიტრალდა. ავეჯის ქარხანაში ვიზიტისას, სადაც პირველი სიმპტომები ჩამოყალიბდა, საღებავის სუნმა და ნახერხის მტვერმა ის კვლავ ცუდად გახადა. გამოჯანმრთელება მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფიქსაცია ჩაითვალა გარდაუვლად და ახალგაზრდა კაცი სასულიერო სასწავლებელში შევიდა.“

ერთმაგი და ორმაგი კომპლექსების და მათი დაძლევის გზების უკეთ გაგების საჭიროების სიმძაფრეს მაშინ აღვიქვამთ, ალბათ, როცა გავიაზრებთ იმ მძიმე ფაქტს, რომ ყველა ექვსსულიან ოჯახზე თითო წევრს, საბოლოო ჯამში, ჭირდება ამგვარი მკურნალობა. სამწუხაროდ, მკურნალობის ამჟამინდელი მეთოდები გაცილებით არასრულფასოვანია იმათზე, რომელთაც ადრე კაჰუნები იყენებდნენ. ყველაზე ეფექტური მეთოდი არის „ღრმა ანალიზი“, მაგრამ ამას ჭირდება თვეები და ბევრი ფული. თუ შემთხვევის ნაჩქარევი ანალიზი და შთაგონების მეთოდით მცირედი მკურნალობა არ იძლევა გამოჯანმრთელების შედეგს, პაციენტს აქვს შემაშფოთებლად დიდი შანსი, შეურთდეს მასებს, რომლებითაც სავსეა ფსიქიატრიული დაწესებულებები.
თუ მარტივმა ან ორმაგმა (რომელსაც ორივე მე იზიარებს) კომპლექსებმა თავისი ვერ გაიტანეს (არ მიეცათ საკუთარი გზით მოქმედების საშუალება), ისინი ადამიანში ქმნიან „საკუთარი თავის წინააღმდეგ გახლეჩილ სახლს“, რაც საბოლოოდ გამოიწვევს სიგიჟეს ან ქრონიკულ ავადმყოფობას.

ექიმმა ედვარდ ქოულსიმ, რომელმაც სახელი „სულის კლინიკებით“ გაითქვა, რამოდენიმე წლის წინ თქვა, რომ ის დარწმუნებულია, ფიქსაციებით გამოწვეული მენტალური კონფლიქტები პირდაპირი მიზეზია „ნერვული ენერგიის“ სტაბილური კლებისა, რაც ხანგრძლივად გაგრძელების შემთხვევაში კატასტროფით სრულდება.

მან ახსნა, რომ თუ ნერვული ენერგიის ანუ სასიცოცხლო ძალის ჩვეული მიწოდება ნორმალურიდან ოდნავ დაბლა დაეცა, ინდივიდს ეწყება ხასიათის და გუნება-განწყობილების გაფუჭება, რაც გადაიზრდება ხოლმე დეპრესიაში. შემდგომი გამოფიტვა იწვევს მელანქოლიას, და შემდეგ, გამოფიტვის გაგრძელებასთან ერთად, იწყება კიდევ უფრო მომატებული სიმპტომები: დეპრესიის ღრმა მდგომარეობები, ისტერია, შიში, ნერვული აშლილობა, მანია, ფსიქოზი. სიგიჟის გარე ზღვარი მიიღწევა. თუ კლება კვლავ გრძელდება, გამოფიტვა იწვევს უმწეო შეშლილობას, სადაც გონი დაკარგულია და მეხსიერება გამქრალი. ასეთ მდგომარეობაში პაციენტი უძრავად წევს და ხელოვნურად უნდა გამოკვებონ.

აქვე უნდა დავამატოთ, რომ თანდათანობითი გამოფიტვის დროს ყოველთვის არის საშიშროება, რომ პოლტერგეისტის ტიპის დაბალმა მემ, რომელიც გამოცალკევებულია შუა მესგან, შეიძლება გამოაძევოს დაავადებული სხეულის მეები და თავად დაესაკუთროს მას. ასეთ შემთხვევებში კი ხდება ფიზიკური ენერგიის დაბრუნება, მაგრამ რადგანადაც ორიგინალი დაბალი მე გამოძევებულია, მეხსიერება გამქრალია, და რამდენადაც ორიგინალი შუა მეც გასულია, აზროვნებაც ვეღარ ხდება.

ხშირი ძალადობრივი გარდაცვალებების შედეგად, რომელთაც ორი მსოფლიო ომის განმავლობაში ქონდათ ადგილი, შეუძლებელია, არ არსებობდეს ბევრი მოჩვენება- დაბალი მე- სული, პოლტერგეისტები, რომლებიც ელოდებიან თავიანთ შანსს, შეიპყრონ და დაეუფლონ სხეულს. ჩვენ გამუდმებით გვხვდება სტატიები, რომლებიც მიუთითებენ ჭკუიდან გადასულთა რაოდენობის საგანგაშო ზრდაზე. ამჟამინდელი ზრდის მაჩვენებლებით, ვარაუდობენ, რომ რამოდენიმე წელიწადში იმდენი შეშლილი გვეყოლება, რომ მათ გამოსაკვებად და მოსავლელად საკმარისი ნორმალური ადამიანები აღარ იქნებიან.

ამისგან თავდასაცავად, უნდა შევისწავლოთ კაჰუნების წარმატებული მეთოდები, ერთმაგი და ორმაგი ბუნების კომპლექსების დაძლევისა, რითიც შევძლებთ შეპყრობილობის უიღბლო მსხვერპლების მკურნალობას. მოდით, ახლა პრობლემის პირველ ნაწილზე შევჩერდეთ:

ქეისი 25: კაჰუნები კურნავენ ერთმაგი და ორმაგი კომპლექსებით გამოწვეულ დაავადებებს

წინასწარი შენიშვნა:

რადგანაც თანამედროვე ფსიქოლოგია ასე ახალგაზრდაა და ასე მცირედგანვითარებული, ის მაინცდამაინც ვერ დამეხმარა, როცა ვცადე იმ ქმედებების მნიშვნელობის გაგება, რასაც აკეთებდნენ კაჰუნები პაციენტების მკურნალობისას კომპლექსების მოსაშორებლად. მათმა წარმატებამ დამიმტკიცა, რომ მათ ქონდათ მაღალგანვითარებული მეთოდი, მაგრამ მათი ქმედებების ახლო შესწავლით, ვერ ჩავწვდი, გონების რა ქმედებას ან რა ძალას იყენებდნენ. მოქმედებაში ეს ორივე უჩინარი და ჩუმი იყო. მე მხოლოდ მკურნალობისა და რიტუალის გამოხატულებით შემიძლია გამოვიტანო დასკვნები. კარგა ხნის მერე, მე შევძელი დამენახა, სინამდვილეში რა ხდებოდა.

ქეისი: [A და B].

A) 1926 წელს, ჰავაიში, იყო ერთი გაქირავების მანქანების მძღოლი, სიმპატიური, ჯანმრთელი და მომხიბვლელი ჰავაელი. ის გაზარდა ძალიან რელიგიურმა მამამ. ყავდა ძალიან რელიგიური ცოლი და პატიოსნად დადიოდა ეკლესიაში.

შეუღლებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ კაცს ძალიან შეუყვარდა სხვა ქალი, თუმცა ცოლი არ მიუტოვებია. ამის გამო სინდისი ძალიან აწუხებდა და ძალიან იყო დათრგუნული დანაშაულის განცდით ცოდვის ჩადენის გამო. ცოლმა შეიტყო ღალატის შესახებ, თუმცა ბობოქარი სცენების შემდეგ აპატია, იმ პირობით, რომ ეს აღარ განმეორდებოდა.

მიუხედავად ამისა, წელიც არ იყო გასული, რომ კაცმა კვლავ უღალატა ცოლს. ამჯერად, ცოლმა ვერ გაიგო, მაგრამ კაცის დანაშაულის განცდა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ადრე.
ამ პერიოდში კაცი გაცივდა. გაციებამ გრიპის ნიშნები გამოავლინა, თუმცა სათანადო მოვლის მიუხედავად, ვერ გამომჯობინდა. უფრო მეტიც, იგი თანდათანობით სუსტდებოდა და სუსტდებოდა. დაკარგა გარემოს ინტერესი, უარი თქვა ჭამაზე და სახე კედელს მიაპყრო.

ცოლმა, მას მერე რაც ექიმის განაჩენი მოისმინა, რომ კაცი ვეღარ იცოცხლებდა ერთ ან ორ დღეზე მეტს, გამოიძახა მაშინ ჰონოლულუში დარჩენილი, ჯერ კიდევ მოღვაწე კაჰუნათაგან ერთ-ერთი.

მოხუცმა კაჰუნამ ყურადღებით მოუსმინა ცოლის მონათხრობს, თუ რა თქვა თეთრკანიანმა ექიმმა, დასვა რამოდენიმე შეკითხვა და შეუდგა მკურნალობას. ავადმყოფს ტანზე გახადა და დაიწყო მისი ნელა დაზელვა.

დროდადრო ჩერდებოდა და საკუთარ ხელებს ნელა უსვამდა ერთმანეთს და შემდეგ ავადმყოფ კაცს ადებდა ზურგზე, მკერდსა და თავზე, თან დაბალი ხმით იმეორებდა, რომ პაციენტს ძალას გადასცემდა, რათა მომაგრებულიყო.

რაღაც დროის შემდეგ, კაჰუნამ კითხვების დასმა დაუწყო პაციენტს. უთხრა, გაეხსენებინა, რა გააკეთა ისეთი, რითაც სხვა დააზარალა, რა შესცოდა. თავიდან კაცი ჯიუტად უარობდა, მაგრამ ბოლოს ამოღერღა ცოდვა. აღსარების შემდგომ პაციენტმა ითხოვა, დაეტოვებინათ მარტო, რომ სიმშვიდეში მომკვდარიყო.

თუმცა კაჰუნა მშვიდად განსჯიდა. მან დაუძახა ცოლს, რომელიც ადგილობრივი თის ფოთლების ცხელი ჩაის მოსამზადებლად ყავდა გაგზავნილი, და უთხრა მას ძალიან მარტივად, რომ მისმა ქმარმა შესცოდა მის წინააღმდეგ და ახლა ამის გამო კვდებოდა. ცოლი უცებ გაბრაზდა, თუმცა გაიაზრა რა ქმრის სიკვდილის საშიშროება, დათანხმდა კიდევ ერთხელ ეპატიებინა მისთვის. ცოლმა აკოცა ქმარს, იქვითინა და შემდეგ ისევ სამზარეულოში დაბრუნდა.

კაჰუნამ, მიყვებოდა რა უძველეს რიტუალს, თან მოტანილი ფუთიდან ამოიღო ოთხი თეთრი კენჭი. სათითაოდ დაალაგა საწოლის ყველა კუთხეში და მისცა მათ დავალება, ემოქმედათ როგორც დამცავ კედლებს და არ შემოეშვათ არცერთი სული, რომელიც მოვიდოდა მკურნალობის პროცესში ჩასარევად. შემდეგ აიღო ზღვის წყალი და მწვანე ფოთლების ფუნჯით ოთახს აპკურა, თან არასასურველ სულებს უბრძანებდა დაეტოვებინათ ტერიტორია.

ცოლმა მოიტანა მარილიან წყალში წამოდუღებული თის ფურცლების ნახარში. ნახარში აყიროს თასში ცივი წყლით გაზავდა. კაჰუნამ აიღო ხმლის ფორმის, მწვანე თის ფურცლების ფუნჯი, მიუახლოვდა პაციენტს და უთხრა, რადგან ცოლმა, ვის წინააღმდეგაც ქონდა ცოდვა ჩადენილი, მას მიუტევა, და ახლა შესაძლებელია მისი ცოდვები ჩაირეცხოს თასში არსებული წყლით. გულმოდგინედ აღწერა, როგორ ხდებოდა ცოდვების წყალში გახსნა და ჩამორეცხვა. მან წყალი პაციენტს ტანზე მიასხურა და შემდეგ თის ფურცლებიანი ჯაგრისით მოწმინდა ტანი და მოგროვილი წყალი უკან, თასში ჩააბრუნა. შემდეგ განაცხადა, რომ პაციენტისგან ყველა ცოდვები ჩამოირეცხა და შევიდა თასში არსებულ წყალში. კაჰუნამ უთხრა ცოლს, წამოეწია პაციენტისთვის თავი ისე, რომ მას შეძლებოდა საკუთარი თვალით დაენახა, როგორ გადააქციეს ცოდვების შემცველი წყალი მიწაზე, კარს იქეთ, და ამგვარად, სამუდამოდ მოაშორეს.

პაციენტი კაჰუნამ გულდასმით გაამშრალა და დაზილა. უთხრა, რომ მისი ძალა სწრაფად ბრუნდებოდა და რომ მალე ძალიან მოშივდებოდა, შეჭამდა და დაიძინებდა. გაღვიძებისას, მას დაპირდნენ, რომ იქნებოდა კარგად და გამოჯანმრთელების გზაზე. კაცს ძალა მართლაც დაუბრუნდა, ჭამა და დაიძინა. რამოდენიმე საათის შემდეგ, როცა გაიღვიძა, წამოჯდა და კვლავ საჭმელი მოითხოვა. ცოლმა მოუტანა სქელი წვნიანი. ის იჯდა და ბედნიერად საუბრობდა ცოლთან, როცა გარეთ თეთრკანიანმა ექიმმა დაიძახა. ის დიდი ხანია კუნძულებზე ცხოვრობდა და საკმაოდ გამოცდილი ექიმი იყო. პაციენტის გულდასმით შემოწმების შემდეგ შეუბრუნდა მის ცოლს და კითხა: „სხვა ტიპის ექიმი გყავდათ?“ ცოლმა თავი დაუქნია. ექიმი თავის გაკვირვებული ქნევა-ქნევით წავიდა.

B) ჰონოლულუში ცხოვრების დროს ჩემი მეზობელი იყო ახალგაზრდა, თეთრკანიანი ქალბატონი. იგი გათხოვდა საზღვაო ძალების ოფიცერზე. გათხოვებამდე ქალი ძალიან სერიოზული მეთოდისტი იყო, ცეკვა ცოდვა იყო, გადამეტებული სმა კი - სასიკვდილო ცოდვა. მეუღლემ იგი ისეთ წრეში შეიყვანა, სადაც ცეკვა და დალევა ჩვეულებრივი ამბავი იყო. სიცილ-სიცილით აიძულეს შეერთებოდა გართობას. მანაც თანდათანობით უკუაგდო წინააღმდეგობა, ცეკვის სწავლა დაიწყო და კოქტეილიც კი დალია. ცოტა ცეკვა ნასწავლი ქონდა უკვე, როცა მეგობრის სახლში ცეკვის დროს, ხალიჩას გამოედო და ფეხი გადაუბრუნდა. გადაბრუნება ძლიერი არ იყო და ცეკვა გააგრძელა. მაგრამ მეორე დღეს კოჭი დაეჭიმა. კოჭი არ მოურჩა. დაახლოებით ერთ კვირაში კი უარესად გაურთულდა. ქალი წავიდა ექიმთან, რომელმაც გასინჯა კოჭი, გადაუღო რენტგენის სურათი, თუმცა ვერაფერი შენიშნა ისეთი, რაც მიახვედრებდა, თუ რატომ გაჭიანურდა ფეხის მორჩენა. ცოტა ხანში ქალს უკვე სიარული გაუჭირდა. შემდეგ კი კოჭის მყესის დაბლა უცნაური, ღრმად ჩამჯდარი წყლული გაჩნდა. ექიმმა კონსულტანტს დაუძახა. ეს ყველაფერი ძალიან უცნაური ჩანდა. ყველანარი მკურნალობის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. სწორედ მაშინ მოვიდა ახალგაზრდა ქალი ჩემთან რჩევისთვის, მოახერხებდნენ თუ არა კაჰუნები- რომლებზეც ჩემგან სმენოდა- მის დახმარებას. მე ვურჩიე ენახა ერთი კაჰუნა, რაც გააკეთა კიდეც.

ეს კაჰუნა იყო ახალგაზრდა კაცი და მიწასთან უფრო ახლოს, ვიდრე მოხუცი მკურნალები. მან მაშინვე იეჭვა კომპლექსზე- ანუ როგორც ისინი ეძახიან „რაღაც, რაც შიგნიდან გღრღნის“. მან გამოკითხა ქალს, რა ცოდვები ქონდა ჩადენილი. ქალმა მომენტალურად აღიარა ცეკვა და დალევა, და მოუთხრო ეკლესიასთან ადრინდელი კავშირის შესახებ.

კაჰუნა დიდი მოთმინებით შეუდგა მუშაობას და დაუწყო ახსნა ქალს, რას ნიშნავდა კაჰუნების აზრით ცოდვა. კაჰუნებს ქონდათ ძალიან მარტივი ხერხი აეხსნათ რა იყო ცოდვა და რა არა. ადამიანს უნდა ეკითხა საკუთარი თავისთვის, მისმა რომელიმე საქციელმა ხომ არ დაუშავა სხვას რაიმე ან ხომ არ შებღალა ვინმეს გრძნობები. თუ მის საქციელს არავისთვის არაფერი დაუშავებია, მაშინ ეს ქმედება არ იყო ცოდვა. მან განუმარტა ქალს კაჰუნების რწმენის ლოგიკა, რომ ღმერთი ძალიან მაღლაა და ყოვლადძლიერი საიმისოდ, რომ ადამიანმა შეძლოს მას რამე დაუშავოს. ნელნელა კაჰუნამ დაარწმუნა ქალი, რომ ცეკვა და კოქტეილის დალევა ნამდვილად არ იყო ცოდვა. ამასთანავე, შეასრულა ცოდვების მიტევების რიტუალი, ასხურებდა ხელებსა და სახეზე მარილიან წყალს და გამუდმებით იმეორებდა, რომ ყველა მისი ცოდვა მიტევებულია და ჩამორეცხილი. შემდეგ დაზიანებული კოჭი ფრთხილად დაუზილა და უმეორებდა და უმეორებდა, რომ კოჭი უკვე ინკურნებოდა. შემდეგ კოჭი ადგილობრივი მცენარეების ცხელი საფენით შეუხვია და უთხრა, ხშირად გაემეორებინა ხმამაღლა შემდეგი სიტყვები: „მე ვერ შევცოდავ ღვთის წინააღმდეგ. მე ძალიან პატარა ვარ. მე მომეტევა ყველა ჩემი ცოდვა. მე არავისთვის არაფერი დამიშავებია. ჩემი კოჭი ძალიან სწრაფად ინკურნება“.

კაჰუნას მკურნალობის წარმატებულობა ძალიან მალე გამოჩნდა. ღია წყლული დაიხურა და ისე მოშუშდა კვალიც კი არ დაუტოვებია. კოჭმა აღიდგინა სრული ძალა და მოქნილობა.

თუმცა ახალგაზრდა ქალმა, რადგან ვერ გააცნობიერა ის ფაქტი, რომ ინციდენტი გამოიწვია მისი გონების მდგომარეობამ, რომელიც, თავისმხრივ, ცეკვისა და დალევისადმი მისი დამოკიდებულების შეცვლამ გამოიწვია, არ შეასრულა კაჰუნას დავალება, ხშირად ემეორებინა სიტყვები: „თუ არავის არაფერს უშავებ, ცოდვაც არა გაქვს“. მან კვლავ იცეკვა და დალია. რამდენადაც ფიქრის ჩვევები ისევე ადვილად აღიდგენენ თავებს, როგორც, მაგალითად, მოწევისა თუ გადამატებული სმის ჩვევები, მისი ორი მე თანდათანობით დაუბრუნდნენ ძველ რწმენებს. ქალმა კვლავ ნერვიულობა დაიწყო იმის შესახებ, რომ კაჰუნა ცდებოდა, მისი ბავშვობის რელიგიური სწავლებანი კი სწორი იყო.

ერთ დილას, მისდა სამწუხაროდ, აღმოაჩინა, რომ წყლული ისევ გაეხსნა. წავიდა კაჰუნასთან და კვლავ სთხოვა განკურნება, მაგრამ გამოკითხვის შემდეგ, კაჰუნამ უარი უთხრა. მან აუხსნა, რომ მას შემდეგ, რაც ფიქრის („შიგნიდან მღრღნელი“) ძველი ჩვევა მოშორების შემდეგ გაიღვიძებს, განმეორებით მისი მოშორება უკვე თითქმის შეუძლებელია. საბოლოოდ, კოჭზე ექიმებმა ჩაატარეს ოპერაცია, ძვალი ამოჭრეს, და სავარაუდოდ, საკმარისი ტკივილიც იწვნია ქალმა, რათა მისი დაბალი მე დარწმუნებულიყო, რომ საკმარისად დაისაჯა ცოდვებისთვის. ამის შემდეგ ქალმა მიატოვა ცეკვა და კოქტეილები და წყლულიც აღარ დაბრუნებულა.

შენიშვნა:

ზემოთმოყვანილ ორივე ქეისში, მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ფაქტია ის, რომ შუა მე (ცნობიერი) შეიძლება იზიარებდეს კომპლექსს დაბალ მესთან (ქვეცნობიერთან).

A ქეისში ჰავაელმა კაცმა შესცოდა ცოლთან ღალატით. ვერანაირი პატიება მას ვერ დაარწმუნებდა, რომ არ შეუცოდავს. მისი მოაზროვნე შუა მეს დასარწმუნებლად, რომ მას ნამდვილად ეპატია ცოდვა, მის ცოლს რეალურად უნდა მიეტევებინა. კაცს უნდა ენახა ცოლი და მოესმინა მისი პატიების სიტყვები. ეს იქნებოდა ფიზიკური სტიმული, რომელსაც შეეძლო გავლენა ექონია, და იქონია კიდეც დაბალ მეზე, რომელმაც მიიღო ან თავად შექმნა ავადმყოფობა ცოდვის სასჯელად. მართალია, ეს ქეისი არ აღწერს ღრმად გამჯდარ და ფარულ კომპლექსს, მაინც, ის კარგად აჩვენებს ზოგად მიზეზს იმ დაავადებებისა, რომლებიც გამოწვეულია ფიქსირებული რწმენებით, რომელთა საფუძველსაც რეალური ფაქტები წარმოადგენს და რომლებსაც იზიარებენ ორივე- დაბალი და შუა მეები.

კაჰუნები ასწავლიდნენ, რომ არაფერია ცოდვა, თუ ის სხვას არ ვნებს. ეს არის ის ჭეშმარიტება, რომელთაც დაუსრულებლად უნდა გადავძახოდეთ სახლების სახურავებიდან ყველას, თუ გვინდა, რომ გავექცეთ იმ სწავლებათა სავალალო შედეგებს, რომლებიც ამბობენ, რომ ცოდვაა სხვადასხვა რელიგიების დოგმატური ტაბუების დარღვევა. შეუძლებელია, დავითვალოთ ავადობის, ჭკუიდან გადასვლის და უბედური შემთხვევების რამდენი ათასი შემთხვევაა გამოწვეული ბავშვობაში ჩანერგილი რელიგიური რწმენების კომპლექსებით, ისეთების, როგორიც ახალგაზრდა ქალის რწმენა გახლდათ B მაგალითში, რომ ცეკვა და დალევა ცოდვაა.

სექსუალური მოთხოვნილებები არის ცოდვის იდეათა კომპლექსების ყველაზე ნოყიერი წყარო, რომლებსაც ჩვენ უნდა დავემორჩილოთ, რადგანაც ბავშვობიდან გვასწავლიდნენ მოკრძალებას და გვარცხვენდნენ და გვსჯიდნენ სექსუალური ინტერესის ნებისმიერი სახით გამოჩენისას. რელიგიური ინსტრუქციები გვინერგავს იდეას, რომ სექსუალური მოთხოვნილებები ცოდვაა და რომ ბავშვები ცოდვით და ცოდვაში იბადებიან.

კაჰუნები ლოგიკურები იყვნენ სექსთან მიმართებაში. თუ სექსუალური ქცევა სხვას არ ვნებდა, ის არ ითვლებოდა ცოდვად. ასეთი ქცევა ვერ იქნებოდა ცოდვად მიჩნეული უმაღლესი არსებების წინააღმდეგ. ცოდვები იყო მხოლოდ ისეთი ქცევები, რომლებიც ვნებდა სხვებს.

პროფ. ემანუელ ფროიდმა, დასავლეთში ქვეცნობიერის ანუ დაბალი მეს აღმომჩენმა, შეამჩნია, რომ დაავადებების შთაგონებით მკურნალობისას, ქვეცნობიერი ბევრ შემთხვევაში არ იღებდა შთაგონებას. ამის მიზეზის ძიებაში აღმოჩენილ იქნა იდეათა კომპლექსი, რომელიც დაბალ მეს შეიძლება გააჩნდეს. გაირკვა, რომ დაბალი მე, რომელიც ექვემდებარება შთაგონებას, უკუაგდებს იმ შთაგონებას, რომელიც საწინააღმდეგოა მის მორალთან დაკავშირებულ ფიქსირებულ რწმენებთან ან რაიმე წარმოსახვითი გარემოების კომპლექსურ რწმენასთან.

მოგვიანებით აღმოჩენილ იქნა, რომ დაბალი მე, თუ მას ხელი ეშლება კომპლექსური რწმენის შესაბამისად მოქცევაში, „თარგმნის“ ამ კომპლექსს ანუ ისე შეცვლის, თითქოს მას არაფერი აქვს საერთო პირველ და მნიშვნელოვან კომპლექსთან.

იყო პატარა ბიჭის შემთხვევა, რომელსაც განუვითარდა კომპლექსური სიძულვილი ეკლესიაში სიარულზე. შესაძლოა, მას დააძალეს ეკლესიაში წასვლა, როცა ავად იყო, სუსტად ან უგუნებოდ. (შესაძლოა, დასაჯეს, რადგან წასვლა არ უნდოდა ეკლესიაში და ასე დამართეს შოკური კომპლექსი). ბიჭს უყვარდა მშობლები და როცა მას აუხსნეს, რატომ უნდა ევლო ეკლესიაში, და შეეხვეწნენ, ყოფილიყო კარგი ბიჭი და მოქცეულიყო ისე, როგორც ეუბნებოდნენ, ის ცდილობდა დამორჩილებოდა. ის ცდილობდა, ყვარებოდა ეკლესია, როგორც ასწავლეს, და ჩანდა, კარგად იყო დარწმუნებული, რომ მსახურებაზე დასწრება მისი რელიგიური მოვალეობა იყო. თუმცა, მისი დაბალი მე, რომელიც დაკომპლექსდა სიძულვილით ეკლესიაში სიარულზე, აჩენდა ცხოველის მსგავს ცბიერებას, ფსიქოლოგთათვის და ძველი კაჰუნებისთვის კარგად ნაცნობს, ის თარგმნიდა ფიქსირებულ განზრახულობას- არ წასულიყო ეკლესიაში- საკმეველის სუნის სიძულვილად. საკმეველის სუნზე ბიჭი ხდებოდა ყოველთვის ცუდად და იძულებული ხდებოდა სასწრაფოდ დაეტოვებინა ეკლესია. შედეგად, შეიქმნა სიტუაცია, რომელშიც ბავშვი თანახმა იყო ეკლესიაში სიარულზე, მაგრამ არ შეეძლო. დაბალმა მემ თავისი გაიტანა.

სექსუალური შეზღუდვების მიხედვით ჩამოყალიბებულ კომპლექსებში დაბალ მეს შეუძლია თარგმნოს კომპლექსის გამოხატულებები რამოდენიმეჯერ. ასეთი ქცევის შედეგი ისაა, რომ პაციენტის სიზმრებისა და აზრთა ასოციაციების ხანგრძლივი ფსიქოანალიტიკური შესწავლაც კი, წარუმატებელი აღმოჩნდება ხოლმე, ნათელი მოფინოს საწყის კომპლექსს, რათა მოხდეს მისი განსჯა და რაციონალიზაცია და ამით მოხდეს მისი გამოდევნა ან შუა მეს კონტროლს დაქვემდებარება ისე, როგორც ნორმალური ფიქრები და იდეებია დაქვემდებარებული.

ფროიდმა დაასკვნა, რომ ყველა კომპლექსი სექსუალურ ფრუსტრაციაზე იყო დაფუძნებული. მოგვიანებით ფსიქოლოგებმა შეცვალეს ამ დასკვნის კატეგორიულობა, მაგრამ კვლავ არსებობს ფსიქოლოგთა სკოლა, რომელიც ფროიდს ეთანხმება და წარმოადგენს საკმაოდ მჭერმეტყველ არგუმენტებს ამ მოსაზრების მხარდასაჭერად.

რადგანაც დაკომპლექსებული დაბალი მე უარს იტყვის მიიღოს შთაგონება, კომპლექსით გამოწვეული პრობლემის სიმპტომების მოშორების შესახებ, შთაგონების მეთოდით მკურნალობის მნიშვნელობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. B ქეისში ახალგაზრდა ქალის დაბალი მე უარს იტყოდა სამკურნალო შთაგონებაზე, მას მერე რაც კომპლექსი აღდგა და კოჭზე წყლული მეორედ გაიხსნა. დაბალი მეები უარს ამბობენ იმ ჰიპნოზურ შთაგონებებზე დათანხმებაზე, რომლებიც პაციენტის მორალური პრინციპების საწინააღმდეგოა. ჰიპნოტისტი ვერ აიძულებს პაციენტს გააკეთოს რამე ისეთი, რაც მას ამორალურად მიაჩნია.

რამდენადაც ჩვენში ყველანაირი ემოციის წარმომშობი დაბალი მეა, ბევრ შემთხვევაში შესაძლებელია, აღმოვაჩინოთ კომპლექსის ან ფიქსაციის არსებობა ემოციურ რეაქციებზე დაკვირვებით, მაშინ, როცა ასეთი კომპლექსი მოქმედებაშია მოყვანილი.

ყველა მიჩვეულები ვართ სცენას, როცა ვიღაცას „ბრმა გაშმაგება ემართება“, რაღაც ძალიან ტრივიალური მიზეზით. ეს შესაძლოა მხოლოდ ერთი სიტყვა იყოს. ეს პატარა რაღაცები, რომლებიც იწვევს ემოციურ აფეთქებებს, არის, ასე ვთქვათ, „ტრიგერები“. როგორც კი ტრიგერი წამოიწევა, სრული ძალა ყველა წინა გაშმაგებებისა, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ გარემოებასთან, რომელმაც თავის დროზე შექმნა კომპლექსი, ერთად ვლინდება.

მეორესმხრივ, არსებობს კარგი კომპლექსები და მათი ტრიგერები. ადამიანს შესაძლოა ქონდეს ბევრი კომპლექსი მის ყოველდღიურ საქმიანობასთან კავშირში. მაგალითად, მაღვიძარა რეკავს და ჩვენი სურვილების საწინააღმდეგოდაც კი, ჩვენ ვიძვრებით და ვიწყებთ ადგომასთან დაკავშირებულ ჩვეულ ქმედებებს.

ერთერთი გზა, რომლითაც დაბალი მე საკუთარ სურვილებს აძალებს შუა მეს, არის შუა მეს ემოციების დიდი ტალღით მოცვა. ამით ხდება შუა მეს დაპყრობა და ჩახშობა. სიძულვილის, სურვილის, ზიზღის ტალღები კარგად ცნობილია, ისევე როგორც ნოსტალგიისა და მონატრების. ყველა ემოციათაგან სიყვარული ყველაზე მეტი საინტერესოა საკვლევად. სიყვარული არის ის, რომლის გაზიარებაც შუა მეს ყველაზე ახლოს შეუძლია. შესაძლოა დაემატოს, ასევე, მარტივი ფიზიკური მიმზიდველობაც, მშობლების ან ოჯახური სიყვარულის ელემენტებით, და ამას შეიძლება დაემატოს შუა მეს ლოგიკური თანხმობა და აღტაცება. მიღებული ემოციური მიქსტურა წარმოადგენს მამოძრავებელ ძალას ცნობიერების ყველა დონეზე.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff