მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)

მაქს ფრიდომ ლონგი
0
0

ავტორი: მაქს ფრიდომ ლონგი ეს წიგნი მოგვითხრობს მაგიის უძველესი საიდუმლო სისტემის შესახებ, რომელსაც, თუკი მის გამოყენებას ადგილობრივი პოლინეზიელი მაგებივით ვისწავლით, შეუძლია მსოფლიო შეცვალოს... ...

თავი 18

თავი 18

საიდუმლო, რომელიც კაჰუნებს სწრაფი განკურნების საშუალებას აძლევდა

მთარგმნელი: მამუკა გურული

რელიგიურ კატეგორიებში სწრაფი განკურნება ითვლება სასწაულად, რომლის არც გაგება შეგვიძლია და არც ახსნა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ კონსტატაცია მოვახდინოთ: „ეს ღმერთმა გააკეთა“.

ითვლება, რომ სასწაულების უმეტესობა - ესაა ღმერთების პასუხი ადამიანთა ლოცვებზე. ჩვენ გვასწავლიდნენ: იმისთვის, რომ ლოცვა ეფექტური იყოს, ჩვენ „სუფთა“ უნდა ვიყოთ ღმერთის წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს ვერ მივიღებთ. თუმცაღა მათი თხოვნები, ვისაც უფრო სუფთად და წმინდად ვთვლით, უფრო ხშირად არ სრულდება, ვიდრე სხვა დანარჩენების.

ეს მდგომარეობა დიდი ხანია აღელვებს როგორც თეოლოგებს, ასევე ერისკაცებს. ცხადი იყო, რომ ამ ფილოსოფიას რაღაც აკლია, მაგრამ არავინ იცოდა, კონკრეტულად რა. წმინდანებისადმი ლოცვებიც კი, ღმერთის ჩარევაზე თხოვნით, ასევე ქრისტეს შუამავლობით ღმერთისადმი მიმართვა სასურველ შედეგებს ვერ იძლეოდა.

სინათლის პირველ სხივს ამ პრობლემას მესმერიზმის აღმოჩენა ჰფენს. მესმერიზმი თავიდან იყო მკურნალობის ერთგვარი ინსტიტუალიზებული მეთოდი, მაგრამ მალე, მისი აღმოჩენიდან მოკლე დროში, მესმერის მიმდევრებმა ყურადღება მიაქციეს განმეორებად წარუმატებლობებს და ამ მეთოდის ნაკლოვანებებს. მათ დაიწყეს სხვა დამხმარე საშუალებების ძიება, რომლებიც უფრო ეფექტურს გახდიდნენ პროცედურას, რომელიც დაფუძნებული იყო მხოლოდ სასიცოცხლო ძალის გადაცემაზე. ევროპაში და ამერიკაში ექსპერიმენტების ეპოქა დაიწყო. შედეგად დოქტორმა ფროიდმა არაცნობიერის არსებობა აღმოაჩინა და აღწერა შთაგონების მექანიზმი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ შორს იყო მისი ჭეშმარიტი შინაარსის გაგებისგან, იმ შინაარსის, რომელიც უკვე დიდი ხანია ცნობილი იყო კაჰუნებისთვის. ფროიდს არ ესმოდა, რომ დაბალი „მე“ ცალკე და დამოუკიდებელი სულია, ხოლო შთაგონება იმაში მდგომარეობს, რომ ჩავნერგოთ აზროფორმები მასში ისე, რომ ისინი მიღებულნი ყოფილიყვნენ, ამის შედეგი კი გარკვეული რეაქცია უნდა ყოფილიყო.

საოცარია, რომ ფროიდი ისე ახლოს იყო უძველესი ფსიქოლოგიური ცოდნის აღმოჩენასთან. კიდევ უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ერთმა ამერიკელმა მესაათე ოსტატმა - ფინეას პარკჰუსტ ქუიმბიმ, რომელმაც მესმერულ სამკურნალო მეთოდებს მიმართა, კაჰუნების მაღალი „მე“ და მაღალი ძაბვის სასიცოცხლო ძალა აღმოაჩინა. ამ ორ მკვლევარს ერთ ქვეყანაში რომ ეცხოვრა და თავიანთი ძალისხმევები გაეერთიანებინა, ისინი სასწაულებრივი განკურნების მეთოდების რეკონსრუქციას შეძლებდნენ. მაგრამ სამწუხაროდ ისინი ცალ-ცალკე მუშაობდნენ, და თუ ფროიდის ისტორია ფართოდაა გავრცელებული, ქუიმბის შესახებ თითქმის არავის სმენია. მისი სისტემის სწორი აღწერა შეგიძლიათ ნახოთ ჰორაციუს ვ. დრეზერის წიგნში - «The Quimby Manuscripts».

 

ქუიმბიმ მესმერიზმი 1940 წელს ახალ ინგლისში მოგზაური ფრანგისგან ისწავლა. იგი აწყობდა წარმოდგენებს, სადაც თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენდა, და ასევე საიდუმლოდ კურნავდა ხალხს.

მისი ახლო მეგობარი იყო ვინმე ლუციუს ბერჰმანი. ეს ყმაწვილი აღიარებდა, რომ მესმერული ტრანსის მდგომარეობაში შეეძლო პაციენტის ავადმყოფობის მიზეზის ამოცნობა, რის შემდეგაც მკურნალობის კურსს უნიშნავდა მას. შედეგები საუკეთესო შემტხვევაში განუსაზღვრელი იყო.

თუმცაღა დროთა განმავლობაში ლუციუსის შედეგები უფრო და უფრო უმჯობესდებოდა. ახალგაზრდა მამაკაცი უფრო და უფრო ხშირად განიცდიდა განსაკუთრებული გაბრწყინების მომენტებს. უკვე აქამდეც კი მას შეეძლო შორ მანძილზე დაენახა მოვლენები, მაგრამ ახლა უკვე მომავლის ფრაგმენტებსაც ხედავდა. ერთხელ, ტრანსში ყოფნისას, მან ქუიმბის რაღაც მოულოდნელი უთხრა: „შენს თირკმელებს ვხედავ. ისინი ძალიან დაზიანებულია, მაგრამ თუ ჩემთან მოხვალ და საშუალებას მომცემ, რომ ხელები დავადო მათ, განიკურნები“.

ქუიმბი მართლაც რაღაც პერიოდის განმავლობაში იტანჯებოდა მტკივნეული შეგრძნბებით თირკმლების მიდამოებში. ამიტომ მან გადაწყვიტა დარწმუნებულიყო, შედგებოდა თუ არა ექსპერიმენტი, და ის გააკეთა, რაც ლუციუსმა შესთავაზა. გარკვეული დროის შემდეგ ყმაწვილმა ხელები მოაშორა და უთხრა, რომ ავადმყოფობა განკურნებულია. და მართლაც, ქუიმბიმ თავი კარგად იგრძნო, ტკივილი და ყველა სხვა სიმპტომი უკვალოდ გაქრა.

ასეთმა სწრაფმა განკურნებამ, რომელიც მან საკუთარ თავზე გამოსცადა, სულის სიღრმემდე შეძრა ქუიმბი. იგი დარწმუნებული იყო, რომ ლუციუსმა რაღაც უხილავი, უცნობი სამკურნალო წყარო აღმოაჩინა, და გადაწყვიტა, რომ რადგან მის მეგობარს გამოუვიდა ეს ასე სწაფად, მასაც უნდა გამოსვლოდა. მაშინვე აქტიურად შეუდგა ექსპერიმენტებს და დიდი გამძლეობა და ჭეშმარიტი გენიალურობის გამობრწყინებები გამოავლინა.

მისი მოწმობებიდან გამომდინარეობს, რომ ხანგრძლივი ძალისხმევებისა და მრავალჯერადი მცდელობების შემდეგ მან ბოლოს და ბოლოს ისწავლა კონტაქტის დამყარება რაღაცასთან, რაც ლუციუსმა აღმოაჩინა, და მისგან დახმარების მიღება მკურნალობაში, როგორც კი დასჭირდებოდა. მან ვერ გაარკვია, რა იყო ეს, მაგრამ კონტაქტის მომენტებში მის თანმყოფობას გრძნობდა. ამ თანმყოფობის წყალობით განკურნებები ისე ხდებოდა, რომ სასწაულებრივთან ახლოს იყო, თავად მას კი ექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საქმე თავად სიბრძნის გამოვლინებასთან აქვს. რადგან არ იცოდა სხვა დასახელება და გრძნობდა, რომ ეს ფენომენი მეტისმეტად პიროვნული და ახლობელი იყო იმისთვის, რომ ღმერთი ეწოდებინა, უბრალოდ სიბრძნე უწოდა მას.

სიბრძნესთან კონტაქტში შესვლის მისი მეთოდი იმაში მდგომარეობდა, რომ ხმადაბლა უხმობდა მას, ან ხმადაბლა კითხულობდა ლოცვას. ეს მრავალწლიანი პრაქტიკის შემდეგ ისწავლა. როცა კონტაქტი უკვე დამყარებული იყო, ქუიმბის ჰქონდა საოცარი შეგრძნება უზარმაზარი ძალისა, რომელსაც კურნებისთვის იყენებდა. იგი მას ძალას უწოდებდა.

დროთა განმავლობაში ქუიმბი უფრო და უფრო ნაყოფიერად თანამშრომლობდა სიბრძნესთან და მის ძალასთან. მან უკვე იცოდა, რომ შეეძლო უბრალოდ დამჯდარიყო პაციენტის გვერდით და ხმადაბლა ეთხოვა სიბრძნისთვის, რომ მას დიაგნოზი დაესვა და მკურნალობა დაეწყო. განსაკუთრებული იდუმალუ პროცესის წყალობით, რომელიც მის ცნობიერებაში ხდებოდა, იგი ღებულობდა ინფორმაციას მკურნალობის პროცესის შესახებ. ზოგჯერ ეს რამდენიმე დღით უნდა გაგრძელებულიყო, და იგი ყოველდღიურად იღებდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობს პაციენტი თავს და როგორ იგრძნობს მომდევნო დღეს. ზოგჯერ ავადმყოფის მდგომარეობა შესაძლოა ძლიერ გაუარესებულიყო, მაგრამ მომდევნო დღეს სრულიად ჯანმრთელი იყო. ისეც ხდებოდა, - იგი ღებულობდა შეტყობინებას იმაზე, რომ ავადმყოფობა განუკურნებელი იყო. ასეთ შემთხვევებში ქუიმბის უკვირდა, რომ შეიძლება არსებობდეს რაღაც, რაც სიბრძნის სამკურნალო ძალის შესაძლბლობებს არ ექვემდებარება. იგი ცდილობდა თავის ცნობიერებაში ეპოვა ამაზე პასუხი. შედეგად მივიდა დასვნამდე, რომ ასეთ შემთხვევებში პაციენტი, როგორც ჩანს, უკვე სხვა ექიმებთან იყო, რომლებმაც დიაგნოზი დაუსვეს და შეუქცევად მესმერიზულ შთაგონებას დაუქვემდებარეს იგი.

ცდილობდა რა ასეთი შთაგონების ნეიტრალიზება მოეხდინა, იგი არწმუნებდა პაციენტებს, რომ სწორედ ეს იყო მათი გაჭიანურებული ავადმყოფობის მიზეზი. თუმც კი ასეთი ახსნები ფრიად არალოგიკური იყო, მაგრამ როგორც ჩანს მათ სასურველი შედეგი მოჰქონდათ, ამიტომ ქუიმბი მათ შემდეგშიც იყენებდა (როგორც ჩანს სწორედ მაშინ ჩაუყარა მან საფუძველი მკურნალობის მეთოდს, რომლის გამოყენებაც ფართოდ დაიწყეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კერძოდ: პაციენტისთვის რაიმე ფაქტიური, ხელოვნური კომპლექსების შთაგონება იმისთვის, რომ მას დაეჯერებინა, თითქოს ეს კომპლექსები წარმოადგენენ მისი ავადმყოფობის წყაროს. შემდეგ ამ ხელოვნურ კომპლექსებს აშორებდნენ და პაციენტი როგორც წესი გამოჯანმთელდებოდა ხოლმე).

ქუიმბი დაუოკებელი ექსპერიმენტატორი იყო, არ კმაყოფილდებოდა ამ შედეგებით და შესაძლებლობას ეძებდა - გამოეყენებინა პაციენტში ღრმად ფესვგადგმული რელიგიური რწმენა-წარმოდგენები იმისთვის, რომ ეს რწმენა-წარმოდგენები მკურნალობაში დახმარებოდნენ. რადგან მისი პაციენტების უმეტესობა არ მოითხოვდა ლოგიკურ ახსნებს, იგი მშვიდად და ძალდატანების გარეშე სთავაზობდა მათ თეორიას, რომლის მიხედვითაც ღმეთი, რომელიც თავად სრულყოფილი არსებაა, ვერ შექმნიდა არასრულყოფილ ქმნილებებს. შესაბამისად, ყველა შესაძლო ავადმყოფობა, პრობლემა და ნებისმიერი არასრულყოფილება წარმოადგენს ადამიანური ცნობიერების პროდუქტს - ამიტომ ისინი არარეალურნი და არამუდმივნი არიან, და ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარეობს, რომ თუკი ჩვენ შევძლებთ ამ დიადი ჭეშმარიტების გაგებას და მის დაჯერებას, ეს მთავარი ნაბიჯი იქნება განკურნების გზაზე. როგორც წესი, პაციენტები დევნიდნენ აზრს თავიანთი ავადმყოფობის რეალურობის შესახებ, და მესმერული შთაგონებები ამაში კარგად ეხმარებოდნენ. (ეს იყო ჭეშმარიტად საოცარი მეთოდი დაბალი და შუა „მე“-ების მყარ რწმენებზე თავდასხმისთვის. სინამდვილეში ქუიმბის ზემოქმედება კონცენტრირებული იყო ჩვეულებრივ დანაშაულის კომპლექსზე, ანუ „ცოდვაზე“, თუმცა შესაძლოა იგი ბოლომდე ვერ აცნობიერებდა მის ბუნებას. იგი აერთებდა პაციენტების სხვადასხვა წარმოდგენებს ადამიანური გონის სხვა ნეგატიურ და გამოგონილ ქმნილებებთან. თუ პროცედურის დროს ადამიანსგან სხვადასხვა არასრულყოფილებას განდევნით, მაშინ პაციენტი ავტომატურად თავისუფლდება დანაშაულის გრძნობისგან, და შესაბამისად - ავადმყოფობისგანაც.)

იმ დროში ტერმინი „ტელეპატია“ ჯერ კიდევ არ გამოიყენებოდა. ტელეპატიის მოვლენა განისაზღვრებოდა ტერმინით - „რაპორტი“. ქუიმბიმ აღმოაჩინა, რომ თუკი მას უკვე ადე უკვე ჰქონდა კონტაქტი პაციენტთან, შემდეგ უკვე შეეძლო კავშირის დამყარება იმავე საშუალებებით, რომლებსაც. რაპორტების დროს იყენებდა, ანუ მესმერულ მედიუმთან ურთიერთობის დამყარებით. იგი აგრეთვე დარწმუნდა, რომ ამ სახით შეუძლია განმკურნებელი შთაგონების გაგზავნა, ინფორმაციის მიღება იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს მკურნალობა, და რაღაც არხისმაგვარის შექმნაც კი, რომლის გამოყენებითაც სიბრძნეს თავისი მაკურნებელი ძალის გამოყენება შეეძლო. ამ მეთოდს მანძილზე მკურნალობა ეწოდება.

როცა ქუიმბიმ შეძლო თავისი სამკურნალო საქმიანობის გაფართოება, მან წერილობით ფორმაში მოამზადა რაღაც სამკურნალო რეცეპტის-მაგვარი, რომელიც საუბრობდა ღმერთის სრულყოფილებაზე და იმ ყველაფრის არარეალურობაზე, რაც არასრულყოფილია. იგი მრავალჯერ უბრუნდებოდა ამ ახსნებს, გადაამუშავებდა და ავსებდა ხოლმე მათ. საბოლოოდ მან ამ „დოკუმენტის“ რამდენიმე ასლი შექმნა და პაციენტებს გადასცა ისინი, რათა მათ გულდასმით შეესწავლათ და გამუდმებით გადაეკითხათ ხოლმე, და იმდენჯერ გაეკეთებინათ ეს, რამდენჯერაც საჭირო იქნებოდა მისი შინაარსის წვდომისთვის.

მისი ერთ-ერთი პაციენტი იყო მისს პატერსონი (მოგვიანებით - მისს ედდი). იგი განკურნებულ იქნა, მაგრამ მისი უწინდელი ნერვული პრობლემები დაბრუნების ტენდენციას ავლენდნენ ხოლმე, და საჭირო ხდებოდა პროცედურის გამეორება. ამ ქალბატონმა დეტალურად შეისწავლა ქუიმბის მიერ გამოყენებული მეთოდები, მათ შორის წერილობითი ფორმით გადმოცემული მისი თეორია.

ქუიმბი 1865 წელს გარდაიცვალა. მისს პატერსონს კვლავ დაეწყო ხერხემლის ტკივილები და ნერვული პრობლემები. სამწუხაროდ აღარ იყო არცერთი ექიმი, ვინც მას დაეხმარებოდა, ამიტომ მან თვითონვე სცადა ქუიმბის მეთოდით განკურნება. შედეგები დამაკმაყოფილებელი იყო, და - რაც ხაზგასასმელია - მესმერული შთაგონების გარეშე მოხერხდა. გვესმის რა, რომ მკურნალობა შეიძლება ქმედითი იყოს მხოლოდ ქუიმბის ძირითად დოქტრინასთან მიმართებაში ბოროტების არარეალურობის შესახებ, მან დეტალურად შეისწავლა იგი, და სხვებისთვისაც დაიწყო ამის ხელოვნების სწავლება. ამგვარად, მან დასაწყისი მისცა ახალ კულტს, რომელსაც „Christian Science“ (ქრისტიანული მეცნიერება) დაარქვა. ქუიმბის პირველად დოქტრინას მან დაუმატა ცნება „ნეგატიური ცხოველური მაგნეტიზმის“ შესახებ. რადგანაც მთელ ამ თეორიაში არ იყო ცოდნა კომპლექსების შესახებ, ეს მკურნალობისას გარკვეულ სირთულეებს წარმოშობდა. (ამ სირთულეებს განეკუთვნებოდნენ ისინიც, რომლებიც ცოცხალ ადამიანებზე სულების თავდასხმის გამო ჩნდებოდნენ).

ქიუმნის სწავლება, რომლის თანახმადაც ყველა ავადმყოფობა მცდარი ადამიანური აზროვნების შედეგია, გარკვეულწილად მართალი იყო. მოვლენების მიმართ მსგავსი მიდგომა უარყოფდა მთელი მატერიალური სამყაროს და ფიზიკური ცხოვრების არსებობას, რაც დიდწილად უაზრობა იყო, თუმცაღა ამისგან თავის არიდება შეუძლებელი იყო მკურნალობის ახალი სისტემის შექმნისას, რომელშიც არ არსებობდა ცოდნა კომპლექსების და მათი მოშორების მეთოდების შესახებ.

ამის შედეგად “ქრისტიანული მეცნიერების“ მოძრაობა ლოგიკას მოკლებული გამოდიოდა, თუმცაღა მისი არსის გაგება თული არ იყო. ინსტრუქციის მრავალჯერადი წაითხვის გზით შესაძლებელია ვაიძულოთ დაბალი „მე“, რომ განიმსჭვალოს რწმენით მატერიალური საგნების არარეალურობის შესახებ. მსგავსი თერაპიული სისტემა საკმაოდ ეფექტურად მოქმედებდა იმ ადამიანების ხელში, რომლებმაც სიბრძნესთან და მის ძალასთან კონტაქტი საკმაოდ წარმატებით ისწავლეს იმისთვის, რომ მრავალი მიმდევარი ჰყოლოდათ. სამწუხაროდ ეს სისტემა იმდენად არასრულია და იმდენ ნაკლოვანებას შეიცავს, რომ მისი მარცხები სრულიად შეეფარდება მის წარმატებებს.

იმისთვის, რომ მკურნალობის ასეთი მეთოდის გამოყენებით დადებით შედეგს მივაღწიოთ, საჭიროა საკუთარ თავში განვავითაროთ ავთენტური რწმენა ხსენებული დოქტრინის ჭეშმარიტების მიმათ, ღრმა რწმენა, რომელიც ახლოსაა ღრმა კომპლექსთან. ეს კი შეუძლებელს ხდის სხვა, ახალი იდეების დაუფლებას. თუმცა ქრისტიანული მეცნიერების მიმდევრებისთვის, სავარაუდოდ, რთული იქნებოდა კაჰუნების უფრო მომწიფებული და შეკრული სისტემის თუნდაც ნაწილობრივ აღქმა, მიუხედავად ამისა მათი უმეტესობა მიუახლოვდა უმაღლეს მაგიას, რომელიც შეიქმნა და პრაქტიკაში იქნა გამოყენებული დასავლეთში. ბევრმა ადამიანმა ისწავლა მაღალ „მე“-სთან კონტაქტში შესვლა, მიუხედავად იმისა, თუ რა სახელს ატარებდა იგი. ბევრმა ისწავლა ლოცვა სწორად ფორმულირებული აზროფორმებით და ღრმა რწმენით „მიჰყვებოდნენ“ მათ ნებისმიერ პოზიტიურ და ნეგატიურ ვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ვერ აცნობიერებდნენ ამას, მათ შეეძლოთ გადაეცათ მაღალი „მე“-სთვის სასიცოცხლო ძალის გარკვეული მუხტები, რომლებიც პაციენტის ცხოვრების მომავალი უკეთესი პირობების (ჯანმრთელობის და მატერიალური თვალსაზრისით) რეალიზაციისთვის იყო საჭირო. დისტანციურმა მკურნალობამ ბევრს ასწავლა ტელეპატიური კავშირის ხელოვნება, რომლებიც საშუალებას იძლეოდა, რომ პაციენტებისთვის ტელეპატიური შთაგონებები გადაეცათ. რიტუალებისა და ფიზიკური სტიმულების საშუალებით დანაშაულის კომპლექსის ლიკვიდაციის უნარის დაუფლება რომ შეძლებოდათ, მათი წარმატებები გაციულებით უფრო დიდი იქნებოდა. ისინი შეძლებდნენ, რომ ბოლოს და ბოლოს ეპოვათ შემპყრობელი სულებისადმი წინააღმდეგობის გაწევის გზები.

ქუიმბის სწავლების აღმოჩენებისა და სწავლების უშუალო შედეგი იყო ასევე სხვა მოძრაობის ჩამოყალიბება, კერძოდ - “New Thought” (ახალი აზრი). ამ ჯგუფს, რომელიც არ იყო გაერთიანებული ერთიანი ორგანიზაციული პრინციპით, სხვადასხვა განტოტება და ბევრი ლიდერი ჰყავდა. მისი საქმიანობის თითქმის დასაწყისიდანვე მან გვერდი აუარა არალოგიკურ დოქტრინას მატერიის არარეალურობის შესახებ, და კონცენტრირდა იდეის გარშემო, რომელიც ინდოეთიდან, და ძირითადად იუჯ თროვარდისგან (Judge Troward) იყო აღებული. ამ დოქტრინის მიხედვით, თუ ვინმე ჯიუტად მიყვება აზრს იმის შესახებ, რაც სურს, ამით იგი გარკვეულ შთამაგონებელ ზეგავლენას ახდენს საყოველთაო არაცნობიერზე და უბიძგებს მას იმისკენ, რომ აზროფორმებში მოქცეული იდეები, მოვლენები და მდგომარეობები ცხოვრებაში განხორციელდეს. იმ დროს პოპულარული გახდა ე.წ. „აფირმაციები“, ანუ რეალობის პოზიტიური ფორმულირებები „აქ და ახლა“ რეალობაში. ზოგიერთმა განავითარა ეს უნარები ამ სფეროში, მაგრამ მთლიანობაში ყველა მოქმედებდა პრინციპით - „ყოველი საკუთარი თავისთვის“. შედეგები დადებითი იყო, რაც გასაკირია, თუ მხედველობაში მივიღებთ მაგიის სრული არარსებობას.

თეოსოფიამ, რომელმაც ინდოეთიდან „აზრის შენარჩუნების“ და „აზრის ფორმირების“ თეორია აიღო (ძირითადად ქალბატონ ბლავატსკაიას მოღვაწეობის შედეგად), ამავდროულად მიიღო კარმის და რეინკარნაციის დოქტრინები. შედეგად ამ მოძრაობამ უკანა პლანზე გადაწია სხეულის მკურნალობა და არსებული ცხოვრების პირობების გამოსწორება.

აქედან მკაფიოდ გამომდინარეობს, რომ თანამედროვე რელიგიური აზრი ფსიქოლოგიის მიერ გაკეთებულ აღმოჩენებთან ასიმილაციის გზით ვითარდებოდა. მაგრამ რელიგია მეტისმეტად სწრაფად კრისტალიზდებოდა და ვერ ახერხებდა იმდენად მოქნილი დარჩენილიყო, რომ ამ აღმოჩენებს დაწეოდა (არაფერი ისე სწრაფად არ ძვალდება, როგორც რელიგია მას შემდეგ, რაც მისი „წიგნი“ ერთხელ და სამუდამოდ დაიწერა, დოგმები კი - განისაზღვრა).

გამოცხადებით რელიგიებს შორის, რომლებიც უკანასკნელ ასწლეულში გამოჩნდნენ, გვხვდება მორმონიზმი და ოასპეს რელიგია. რაც შეეხება მაგიას, მორმონიზმში ის არაა უფრო მეტი, ვიდე ძველ ქრისტიანობაში. ოასპე კი მეტისმეტადაა დაკავებული იმ დაფარული, მაგიური მნიშვნელობების და ღრმა მექანიზმების ძიებით, რომლებიც ადამიანურ და ღვთაებრივ საქმეებს უდევს საფუძვლად, და რომლებიც ქმნილების პირველი დღიდანვე უმაღლესი ღვთაების მიერაა მართული. ბევრ შემთხვევაში ცოდნა, რომელიც ოასპეს ბიბლიაშია უძველესი ჰუნას თეზებს ემთხვევა, მისი დოგმატები კი ჯერ კიდევ არაა საბოლოოდ ფორმირებული. მასში მოყვანილი განაცხადები თანამედროვე მეცნიერულ და ფსიქოლოგიურ შეხედულებებს ემყარება, მაგრამ ისინი ჩახლართული და არც თუ ისე კარგად გასაგებია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ სექტის წევრები ფასეულ დახმარებას წევენ იმ კვლევით საქმიანობაში, რომელიც ჰუნას რწმენებს, თეორიას და წინასწარმეტყველებებს ემყარება. თუ ოასპეს ბიბლიაში არსებულ წინასწარმეტყველებებს დავუჯერებთ, განსაზღვრულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანები კვლავ დაიწყებენ უმაღლეს არსებებთან თანამშრომლობას, ავადმყოფების განკურნებას და ბევრ სხვა საქმეებს. ისინი ასევე შეძლებენ ამ არსებების დახმარების მიღებას პირად და სახელმწიფოებრივ საკითხებში, და მსოფლიო მნიშვნელობის საკითხებშიც კი.

ჰუნას სწავლება ნათელს ჰფენს ისეთ საკამათო საკითხს, როგორიცაა რწმენა. ქრისტიანები და სხვა რელიგიების წარმომადგენლები უამრავ სპეკულაციურ თეორიას გვთავაზობდნენ რწმენის საკითხზე. ისინი ასწავლიან, რომ რწმენა მნიშვნელოვანი პირობაა იმისთვის, რომ ჩვენი ლოცვები შესმენილ იქნეს. საკმარისია თუნდაც ცოტა რწმენა. როგორც ჩანს რწმენა მხოლოდ მაშინაა ობიექტური, როცა ის სრულია, ყოველგვარი ეჭვის გარეშე. თუმცაღა როგორც კაჰუნების წყალობით ჩვენთვის უკვე ცნობილია, შუა „მე“-სგან გამომდინარე რწმენა, - ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი. ცალკე აღებული იგი არ წარმოადგენს ჭეშმარიტ რწმენას. იგი მხოლოდ მაშინ გახდება ასეთი, როცა მას დაბალი „მე“ გაიზიარებს. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი ხდება ისე, რომ დაბალი მე რაიმე ისეთ გამყარებულ შეხედულებას ან თუნდაც უმნიშვნელო კომპლექსს ინარჩუნებს, რომელიც მოცემულ მომენტში შუა „მე“-ს რწმენას ეწინააღმდეგება, - დაბალი „მე“ უარს იტყვის ბრძანებების შესრულებაზე. მაგალითად, როცა მე - ე.წ. შუა „მე“ - დარწმუნებული ვარ, რომ ტელეპატია შესაძლებელია და ვცდილობ, ვასწავლო ჩემს დაბალ „მე“-ს შეტყობინებების ტელეპატიურ გაგზავნას და მიღებას, ამას მხოლოდ მაშინ მოვახერხებ, თუ დაბალი „მე“ ადრე არასოდეს შეჯახებია შეხედულებას, რომ ტელეპატია - გამონაგონი და ცრურწმენაა.

ჩვენთვის რთულია განვსაზღვროთ, გვაქვს თუ არა გარკვეული ფსიქიკური კომპლექსები, რომლებიც ჩვენს დაბალ „მე“-ში ბუდობენ. და რადგან ვერ ვაცნობიერებთ მათ არსებობას, დასკვნას ვაკეთებთ, რომ ისინი უბრალოდ არ არსებობს. ჩვენს ფსიქიკაში მათი არსებობის საუკეთესო მტკიცებულება - ესაა იმ შედეგებზე დაკვირვება, რომლებსაც ყოველდღიურად ვიღებთ ტელეპატიაში ვარჯიშის და ექსპერიმენტების დროს. თუკი არანაირ ეფექტს არ მივიღებთ, მაშინ ჩვენში რაღაც დაფარული კომპლექსები უნდა ვეძებოთ.

ტელეპატიური უნარების განვითარებაში ვარჯიშისას, იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, მივაღწიეთ თუ არა კავშირს მაღალ „მე“-სთან, სხვა ადამიანთან ან გარდაცვლილის სულთან, ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ძალიან არსებით დეტალზე, რომელსაც შეუძლია სერიოზული დახმარება გაგვიწიოს. სასიცოცხლო ძალის გადინება იწვევს დამახასიათებელ კანკალს, კანზე „დაბურძგვლას“. თუ ასეთი რამ ხდება, ეს ნიშნავს, რომ დაბალმა „მე“-მ შეასრულა ბრძანება და დაამყარა კონტაქტი სასურველ ობიექტთან.

ბევრისთვისაა ცნობილი კანკალის ეს შეგრძნება, როცა „თმები ყალყზე გიდგებათ“, შეგრძნება, რომელიც სულების ახლოს ყოფნის დროს ჩნდება. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ როცა უჩინარი სტუმარი თავისი უჩინარი სხეულით გვეხება, იგი ჩვენგან სასიცოცხლო ძალის გარკვეულ მუხტს იღებს, ამ ძალის გადადინება კი ჩვენში კანკალს იწვევს. ხშირად ხდებოდა, რომ როცა ჩემს მეგობრებს გარდაცვლილთა სულების შესახებ ვუყვებოდი, უეცრად ვგრძნობდი ხოლმე ამ განსაკუთრებული სახის კანკალს, თითქოს თავად აზრმაც კი ჩემი გარდაცვლილი ნაცნობების შესახებ მათი სულები ჩემსკენ მოიზიდა.

კაჰუნების სწავლების თანახმად, მაღალი „მე“ თავისი ნებით შემოდის ჩვენთან კონტაქტში ძილის დროს, და ამ დროს ნატიფი მატერიის შემაერთებელ ძაფს იყენებს. იგი აანალიზებს და არჩევს დღის განმავლობაში გაჩენილ აზრებს, იმედებს, გეგმებს, შიშებს, სიყვარულს და სიძულვილს (როგორც ჩანს აზროფორმების დუბლიკატების მეშვეობით, თუმცა ჩვენ არ ვიცით როგორ მოქმედებს ეს მექანიზმი). ამავდროულად იგი ჩვენგან იღებს სასიცოცხლო ძალას, მაღალ ძაბვაზე გადააწყობს მას და იყენებს იმ ნატიფი სხეულის ფორმირებისთვის, რომელიც უნდა მატერიალიზდეს, როგორც ჩვენი მომავლის ნაწილი. ამ აზროფორმებს კაჰუნები „თესლებს“ უწოდებდნენ. ისინი წარმოადგენდნენ იმ თესლების სიმბოლოებს, რომლებსაც მაღალი „მე“ სიცოცხლისკენ აღვიძებდა და რომლებიც მომავლის მოვლენებად იზრდებოდნენ. (იხილეთ ასევე განყოფილება „დანართი“ წიგნის ბოლოში).

თუკი ჩვენი დაბალი „მე“ სირცხვილს გრძნობს ან თუნდაც უმნიშვნელო კომპლექსითაა დამძიმებული და ამიტომ უარს ამბობს ძილის დროს მაღალ „მე“-სთან მიახლოებაზე, ეს უბედურებით გვემუქრება. ჩვენ რაღაც „მიტოვებული სულების“-მაგვარი ვხდებით, რომლებსაც მეურვეობა და ხელმძღვანელობა აღარ აქვთ. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სიცოცხლისმოყვარეობას და ავადმყოფობას ვიწყებთ. კაჰუნები იტყოდნენ, რომ ჩვენი „ბილიკი“ მაღალი „მე“-სკენ ბლოკირებულია. ჩვენთვის საბედნიეროდ, როგორც ჩანს, მაღალ „მე“-ს შეუძლია საჭირო დროს განაახლოს ეს კონტაქტი, და მაშინ ნორმალურ მდგომარეობას ვუბრუნდებით. ასე იმიტომ ხდება, რომ ადამიანების უმეტესობა, როცა ისინი ავად არიან, სუსტად არიან ან პრობლემები აქვთ, ლოცვას იწყებენ და ასე იხსნება „კარი“, საიდანაც დახმარება მოდის. თუმცაღა, თუ კომპლექსი მეტისმეტად ძლიერია, მაშინ მის მიერ პროვოცირებული ავადმყოფობა ან სხვა უბედურება შეიძლება სიკვდილით დასრულდეს. ამიტომ ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალყური, რომ „გზა“ „მაღალი მე“-სკენ ყოველთვის ღია იყოს.

შემთხვევა 28

სწრაფი განკურნება მღვდლის ან კაჰუნას მონაწილეობის გარეშე.

წინასსწარი შენიშნვნა:

სწრაფი განკურნების უამრავი შემთხვევიდან სწორედ ეს შევარჩიე, რადგან იგი მშვენიერი ილუსტრაციაა სასიცოცხლო ძალის გადადინების მოვლენისა, ასევე მაღალ „მე“-სთან შესაძლო კავშირების ფორმებისა. ეს შემთხვევა ძალზე მნიშვნელოვანია კიდევ იმიტომ, რომ მასში მონაწილე ადამიანებს არ გააჩნდათ გამოხატული რელიგიური რწმენა-წარმოდგენები.

შემთხვევის აღწერა

ოციანების დასაწყისში ჰონოლულუში უზარმაზარი სასტუმრო ააშენეს. დიდი მიწიდან ადამიანი მოვიდა, რომ ამ სასტუმროში ლიფტები დაეყენებინა. მე გავიცანი იგი და რაღაც დროის შემდეგ ყურადღება მივაქციე, რომ მას არაჩვეულებრივი შესაძლებლობები ჰქონდა. იგი სხვადასხვა სახით ახდენდა ამის დემონსტრირებას. ერთ-ერთმა ასეთმა დემონსტრაციამ დაადასტურა კაჰუნების რწმენა, რომ ადამიანს შეუძლია შორს წავიდეს თავისი გრძნობის ორგანოებით ნატიფი მატერიის შემაერთებელი ძაფის გასწვრივ, იპოვოს ადამიანი, რომელიც ძაფის მეორე ბოლოშია და მიიღოს მისგან ინფორმაცია. რადგან ჩემსა და ამ ადამიანს შორის უკვე დამყარებული იყო კონტაქტი, და კაჰუნების სწავლების თანახმად ეს კავშირი მუდმივი გახდა უჩინარი ძაფის ანუ შნურის მეშვეობით, მის კარგად გამოწვრთნილ დაბალ „მე“-ს შეეძლო ჩემი პოვნა სადაც არ უნდა ვყოფილიყავი და გაგება იმისა, თუ რას ვაკეთებდი ან რაზე ვფიქრობდი მოცემულ მომენტში. (მე ეს ახლა ავხსენი, კაჰუნების ტერმინოლოგიის გამოყენებით, თუმცა იმ დროს ჯერ კიდევ არ მქონდა გახსნილი აკა-ს ძაფების მექანიზმი). ერთ-ერთი ექსპერიმენტი იმაში მდგომარეობდა, რომ დროდადრო ღამე უნდა გამეტარებინა ერთ ძველ სახლში, სადაც ჩემი ჩაბნელებული ფოტო-სახელოსნო იყო. მე არ უნდა ამენთო შუქი და არ უნდა გამეკეთებინა არაფერი, რაც ჩემს იქ ყოფნაზე მიანიშნებდა. ჩემი პარტნიორი კი ყოველდღე, ვახშმის შემდეგ, უნდა მოსულიყო სახლთან და თავისი პარაფსიქოლოგიური შესაძლებლობების გამოყენებით უნდა განესაზღვრა, შიგნით ვიყავი თუ არა.

ეს ტესტი რამდენჯერმე ჩავატარეთ, და იგი ყოველთვის წარმატებით სრულდებოდა. ჩემი ნაცნობი კარს უახლოვდებოდა და რამდენიმე წამის განმავლობაში ჩუმად იდგა. თუ გრძნობდა, რომ შიგნით ვიყავი, აკაკუნებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში - მიდიოდა. ერთხელ მისი მოტყუება ვცადე და კაკუნზე არ ვუპასუხე, მაგრამ ის წასვლას არ აპირებდა, უფრო და უფრო ძლიერ აკაკუნებდა და ამბობდა: „ლონგ, გააღე, ვიცი რომ აქ ხარ; ნუ ცდილობ ჩემს მოტყუებას! მალე გააღე!“

ამ ადამიანის ისტორია ასეთია. დიდი ხნის წინ, როცა ის ხელმძღვანელ ინჟინრად მუშაობდა დიდ ფირმაში, რომელიც ლიფტებს აწყობდა, მას გამუდმებით დევნიდნენ რაღაც უსიამოვნებები. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ადამიანებს გამუდმებით უბედური შემთხვევები ემართებოდათ და ტრავმებს იღებდნენ, მიუხედავად მისი ზრუნვისა და ყველაზე კეთილი სურვილებისა. საბოლოოდ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. მას ჰყავდა ოცი წლის ინვალიდი ქალიშვილი, რომელიც უკვე მრავალი თვეა საწოლზე იყო მიჯაჭვული. მისი ცოლი რამდენიმე წლით ადრე გარდაიცვალა, და მეურნეობას ქალიშვილი უნდა გაძღოლოდა. როცა სამსახური დაკარგა, ძალიან მძიმე დრო იყო, და სხვა სამსახურს ვერ შოულობდა. როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ იყო, და ჯანმრთელობა სერიოზულად გაუარესდა. ერთი ავადმყოფობა მეორეს ცვლიდა, ასე რომ იგი უსასრულოდ დადიოდა ექიმებთან და საბოლოოდ დიდი ხანი საწოლში იწვა.

დეპრესიაში ყოფნის დროს მან „ქრისტიანული მეცნიერების“ შესწავლა დაიწყო. რწმენით აღვსილი, იგი ამ მოძრაობის მამამთავრებს სწავლობდა და მთელი ძალით ცდილობდა ზუსტად შეესრულებინა ყველა მითითება. რადგან ვერანაირი დადებითი შედეგი ვერ მიიღო, ამის შემდეგ „ახალი აზრის“, „ერთობის“ და სხვა მსგავსი რელიგიური სექტების შესწავლაზე გადავიდა. შედეგად, როცა უკვე ფული დაუმთავრდა, როცა უკვე თითქმის ვეღარ დგებოდა საწოლიდან და ღრმა სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, მან გადაწყვიტა, რომ ჭეშმარიტებისგან ყველა რელიგიური სწავლება შორსაა. თუმცაღა იგი დარწმუნებული იყო, რომ უნდა არსებობდეს რაღაც უმაღლესი გონი, რომლისადმი მიმართვასაც შეძლებდა, თუკი შეძლებდა, რომ მისი თხვოვნები შესმენილი ყოფილიყო. ამ რწმენით აღვსილი, იგი დღიდან დღემდე ცდილობდა ამ გონის პოვნას და მასთან შეხებას.

ერთ მშვენიერ დღეს მან უეცრად იგრძნო, რომ როგორც იქნა კონტაქტში შევიდა რაღაცასთან, რაც განსაზღვრებას არ ექვემდებარებოდა. ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა, თითქოს მასში ელექტროდენმა გაიარა, მოკლემ და მკვეთრმა. ადრე არასოდეს განეცადა მსგავსი რამ. მან მაშინვე დახმარება სთხოვა ამ „რაღაცას“, რომლის თანმყოფობასაც მკაფიოდ გრძნობდა . თხოვა, რომ ჯანმრთელობა დაებრუნებინა მისთვის. ყვიროდა, რომ აუცილებლად უნდა დახმარებოდა, და ცდილობდა საწოლიდან ამდგარიყო, რათა ამით თავისი რწმენის დემონსტრირება მოეხდინა. ცოტ-ცოტათი შეძლო, რომ წამომდგარიყო და იატაკზე დამდგარიყო. იგი ლოცვას არ წყვეტდა. ჯერ ერთი ნაბიჯი გადადგა, მერე მეორე. თავისდა სასიხარულოდ, იგი კონსტატირებას ახდენდა, რომ საოცარი გზით იწყებს ძალების მოპოვებას. მისი თხოვნები მადლიერების სიტყვებით შეიცვალა, და რამდენიმე წუთის შემდეგ სრულიად ჯანმრთელად და ჯან-ღონით სავსედ იგრძნო თავი.

ტრიუმფის შეგრძნებით აღსავსე და თავისი აღმოჩენით აღტაცებული, იგი თავის ქალიშვილთან წავიდა და ყველაფერი მოუყვა. იგი დაჟინებით უმტკიცებდა, რომ მასაც უნდა ეცადა ამ ძალასთან კონტაქტში შესვლა. მან თავადვე სცადა კვლავ კონტაქტის დამყარება, მაგრამ არ გამოუვიდა.

რამდენიმე დღე გავიდა. მან ხელახლა დაიწყო თავისი ცხოვრება - დაიწყო იმ მომენტიდან, სადაც, როგორც ის თვლიდა, მისი წინა ცხოვრება დასრულდა. დროდადრო იგი ცდილობდა განეახლებინა ის აზრობრივი პროცესები, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს მისი ამ ძალასთან კონტაქტი. მალე, და სრულიად მოულოდნელად, მან იგივე დამახასიათებელი კანკალი იგრძნო და მიხვდა, რომ კონტაქტი დამყარებულია. მაშინვე ქალიშვილის გამოჯანმრთელებაზე დაიწყო ლოცვა. ოთახში შევარდა მასთან, ხელები ჩაჰკიდა და ექაჩებოდა იმ იმედით,კ რომ საწოლიდან წამოდგებოდა: „გამოიყენე შენი რწმენა! ადექი! მაჩვენე რა შეგიძლია!“ ქალიშვილი დაემორჩილა. მხურვალე ლოცვით იგი ნელა წამოდგა საწოლიდან. ზუსტად ისევე, როგორც მამის შემთხვევაში, მანაც იგრძნო უზარმაზარი ძალის მოზღვავება. იგი წამოდგა, პირველი ნაბიჯი გააკეთა წინისკენ, შემდეგ მეორე. სასწაულებრივმა განკურნებამ ისევე იმოქმედა მასზე, როგორც მამამისზე. მადლიერების სიტყვებით მან ჩაიცვა და ახალ, ძალებით და ჯანმრთელობით სავსე ცხოვრებას შეუდგა.

რამდენიმე დღეში ამ ადამიანმა კვლავ დაამყარა იგივე ელექტრული კონტაქტი. იგი ცნობიერად ელოდა ნაცნობ შეგრძნებებს, ლოცვა კი ზეპირად დაისწავლა. ამჯერად, როგორც კი ჟრუანტელი იგრძნო, ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი. თხოვდა, რომ წინა სამსახურში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონოდა. რწმენით, რომ ლოცვა შესმენილ იქნებოდა, იგი პირდაპირ ოფისში წავიდა იმ ადამიანთან, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ გაანთავისუფლა. რაიმე ახსნის გარეშე მან მშვიდად წარმოთქვა: „მე მზად ვარ კვლავ შევუდგე სამუშაოს. საით მომცემთ მიმართულებას?“ მამაკაცმა სწრაფი მზერა ესროლა, რის შემდეგაც რაღაც ქაღალდები გაუწოდა ინჟინერს და წარმოთქვა იმ ქალაქის სახელი, სადაც საჭირო იყო სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება.

ეს მისი საოცარი კარიერის დასაწყისი იყო. ინჟინერმა ისწავლა კავშირის დამყარება ამ „რაღაცასთან“ ყოველთვის, როცა სურდა: ყოველ დილით და ყოველ საღამოს. მან ისწავლა თხოვნა, რომ ამ ძალას წინასწარ მიეთითებინა ყოველ საფრთხეზე, რომელიც სამსახურში ელოდა. ერთხელ, როცა მუშაობის დროს ასეთი გაფრთხილება მიიღო, იგი დაუკავშირდა უცნობ გონს და დახმარება სთხოვა.მას ერთი სიტყვაც კი არ გაუგია, მაგრამ კონკრეტული სახით მოქმედების აუცილებლობის შეგრძნება მიუვიდა. ხშირად ხდებოდა ისე, რომ მასში საფრთხის შეგრძნება იზრდებოდა და არ მიდიოდა, და როცა რიგრიგობით დაუვლიდა ხოლმე სხვადასხვა სამუშაო ადგილებს, იგი რაღაც განსაზღვრულ ადგილას ძლიერდებოდა. იგი იქ ყოვნდებოდა, ოსტატისა და სხვა მუშების ნდობას იწვევდა, რათა ისინიც მის გვერდით ყოფილიყვნენ. ყველა ზრუნავდა იმაზე, რომ დროულად აღმოეფხვრათ უბედური შემთხვევის საფრთხე. ასე აიცილეს თავიდან ბევრი ავარია.

ჩემი თხოვნის პასუხად ინჟინერი შემპირდა, რომ თუკი მისი ჰონოლულუში ყოფნის დროს რომელიმე ფაბრიკაში ავარიული სიტუაციის რაიმე საფრთხე გაჩნდებოდა, დეტალებში მომიყვებოდა სიტუაციას. ერთი კვირაც კი არ იყო გასული, რომ ჩემთან მოვარდა და შემატყობინა, რომ ახლახანს პირველი გაფრთხილება მიიღო. მეორე დღეს, როგორც მოგვიანებით ყვებოდა, საფრთხის შეგრძნება გაიზარდა. იგი ეძებდა სახიფათო ადგილს, სანამ ახალაშენებული სასტუმროს სახურავზე არსებული მომუშავე ლიფტის შახტამდე არ მივიდა. იქ მას ელოდნენ ოსტატი და რამდენიმე მუშა, რომლებიც წინასწარ იყვნენ გაფრთხილებ ულნი. ამასობაში მთელი პერსონალი გააფრთხილეს, რომ უკიდურესი სიფრთხილე გამოეჩინათ. ინჟინერმა კვლავაც დაამყარა კონტაქტი თავის იდუმალ მფარველთან. საფრთხე იმდენად აშკარა გახდა, რომ იგი „თითქმის შეიგრძნობდა მის სუნს“. გარკვეულ მომენტში, ერთ-ერთი მუშა - ფილიპინო ლიფტის შახტას მიუახლოვდა ურიკით, რომელზეც ძალიან მტკიცე და მძიმე ფოლადის კაბელის ხვეული იდო. ლიფტის პლატფორმა გაჩერდა. მამაკაცმა ურიკა მიადგა და უნდოდა, რომ თავისი ტვირთი პლატფორმაზე შეეტანა. უეცრად, როცა ურიკა უკვე ზღურბლს შეეხო, ვიღაცამ ზემოთ, ისე, რომ გამაფრთხილებელი ნიშანი არ მიუცია, მოქმედებაში მოიყვანა მექანიზმი და პლატფორმამ დაშვება დაიწყო. ურიკა გადაბრუნდა, კაბელის ხვეული კი პლატფორმის კიდესთან ჩავარდა. გარსი, რომლითაც ის იყო შეფუთული, უეცრად გასკდა, კაბელი კი მომენტალურად გაიშალა, როგორც უზარმაზარი გველი, და მუშას გულ-მკერდში მოხვდა. ეჭვგარეშეა, რომ ის ქვემოთ უნდა ჩავარდნილიყო, მაგრამ დამკვირვებლები მაშინვე დასახმარებლად მივარდნენ, მომენტალურად აიტაცეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს იგი.

მოგვიანებით მე შევისწავლე ამ შემთხვევის მასალები. ადამიანები, რომლებიც ამ მოვლენას ესწრებოდნენ, იგივე ისტორიას მიყვებოდნენ.

ეს ინჟინერი მრავალი წლის განმავლობაში მაღალ წლიურ პრემიებს იღებდა კომპანიისგან, რადგან მასთან არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე მუშა დაზიანებულიყო. მას ყველაზე რთულ და სახიფათო დავალებებს აძლევდნენ, და ისიც ყოველთვის ახერხებდა მათ შესრულებას. მასაც და მის ქალიშვილსაც ყოველთვის მშვენიერი ჯანმრთელობა ჰქონდათ.

კომენტარი

აქ ჩვენ საქმე გვაქვს ფიზიკური ავადმყოფობებისგან სწრაფი განკურნების მაგალითთან, ასევე ფინანსური პრობლემებისგან, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, „სხეულისა და საფულის განკურნებასთან“. აქ მკაფიოდ ჩანს, რა როლს ასრულებს სასიცოცხლო ძალა, ასევე რამდნი დროა საჭირო იმისთვის, რომ დაბალ „მე“-ს მაღალ „მე“-სთან კონტაქტი ვასწავლოთ. უფრო მეტიც, ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ ყოველდღიური კონტაქტის მიღწევა და მუდმივი მფარველობის მიღებაც კი შეიძლება, თუკი ამას ითხოვთ.

კაჰუნების თეორია ამბობს, რომ ადამიანს ბოძებული აქვს არჩევანის თავისუფლება, და მაღელი „მე“ არ ჩაერევა ჩვენს საქმეებში მაშინაც კი, თუ საბოლოოდ ავრიეთ ჩვენი ცხოვრება, თუკი ჩვენ თვითონ არ ვთხოვთ დასახმარებლად მოსვლას. (ეს არ ეხება ჩვენი ცხოვრების გარკვეულ გარდამტეხ მოვლენებს, რომლებიც ზემოდანაა განსაზღვრული.) თხოვნა დახმარებაზე წარმოადგენს „კარის გაღებას“. კაჰუნებს სჯეროდათ, რომ მაღალი „მე“ დარდობს ჩვენზე, როგორც მშობელი თავის დაკარგულ შვილზე. იგი მხოლოდ ელოდება მომენტს, რომ დაგვეხმაროს და მზრუნველობა გამოიჩინოს. სამწუხაროდ, მან შორს უნდა დაიჭიროს თავი ჩვენი საქმეებისგან მანამ, სანამ გაოცებულნი არ აღმოვაჩენთ ჩვენთვის მის არსებობას და იმ გზას, რომელსაც მისკენ მივყავართ, ასევე იმას, რომ ცხოვრებისეულ სირთულეებში მისი დახმარების მიღება შეგვიძლია.

ჩვენთვის გაურკვეველია, რა არ აძლევს საშუალებას მაღალ „მე“-ს, რომ ყოველი ჩვენი ქცევა მართოს, მაგრამ ვაკვირდებით რა იმას, რაც ჩვენ გარშემო ხდება, თანდათანობით მივდივართ დასკვნამდე, რომ ასეთი მიზეზი უნდა არსებობდეს.

ინჟინერის ისტორია სრული არ იქნებოდა, რომ არ მეხსენებინა ერთი ინციდენტი, რომელიც აჩვენებს, თუ რამხელა როლი შეიძლება შეასრულოს კომპლექსმა დაბალ და მაღალ „მე“-ებს შორის კონტაქტის ბლოკირებაში.

მაშ ასე, ჩვენი ინჟინერ-კონსტრუქტორი ჰონოლულუში ყოფნისას ფოტოგრაფიამ გაიტაცა, და მან კარგი ფოტოაპარატი შეიძინა. ინსტრუქციები ამ აპარატის გამოყენების შესახებ ჩემგან და მშენებლობაზე მომუშავე ერთი ავსტრალიელისგან მიიღო. ავსტრალიელს შიშველი ქალების ფოტოების მშვენიერი კოლექცია ჰქონდა. მან ინჟინერს თავისი კოლექცია აჩვენა და ერთი ფოტო სამახსოვროდ შესთავაზა. ინჟინერმა სიამოვნებით მიიღო შეთავაზება და ერთ-ერთი მოკრძალებული ფოტო აიღო. ფოტოს მაღალი მხატვრული ღირებულება გააჩნდა: შესანიშნავი განათება, კონტრასტულობა, მშვენიერი იყო ასევე მოდელის პოზაც. ინჟინერმა ეს ფოტო სასტუმროში, თავისი ოთახის კომოდზე დადო. ეს საღამოს მოხდა, დილით კი გაკვირვებულმა აღმოაჩინა, რომ ვერ ახერხებდა ჩვეული კავშირის დამყარებას თავის „ძალასთან“. იგი მთელი დღის განმავლობაში ფიქრობდა ამ ახალ გაურკვეველ სიტუაციაზე. დროდადრო ცდილობდა უწინდელი უნარების აღდგენას, მაგრამ ამაოდ.

საღამოს, როცა ნაჩქარევი ვახშმის შემდეგ თავის ოთახში დაბრუნდა, მისი მზერა ფოტომ მიიპყრო. შემდეგ კომოდს მიუახლოვდა, ფოტო აიღო და ყურადღებით დააკვირდა. მასში არ იყო არაფერი უხამსი. ეს იყო უბრალოდ ფოტოგრაფიული ხელოვნების ნიმუში. სხვათაშორის ფრიად დახვეწილი. თუმცაღა სადღაც მის ცნობიერებაში დაიბადა ეჭვი, რომ საგანს, რომელიც ხელში უჭირავს, შესაძლოა კავშირი ჰქონდეს მის ბოლოდროინდელ წარუმატებლობებთან. მან დაუყოვნებლივ მიიღო გადაწყვეტილება და ფოტო ავსტრალიელს დაუბრუნა, თან ამის მიზეზიც აუხსნა. ერთი საათის შემდეგ ყველაფერი ნორმას დაუბრუნდა. მან იოლად დაამყარა უწინდებურად კონტაქტი და იკითხა, იყო თუ არა ფოტო ცოდვის შემცველი, მაგრამ ვერანაირი პასუხი ვერ მიიღო.

როცა ამ საოცარ ამბავს მიყვებოდა, მან აღნიშნა, რომ არასოდეს იცოდა რას ჩათვლიდა მისი „ძალა“ ცოდვილად და რას - არა. მაგალითად, მას შეეძლო დაუსჯელად მოწევა და ბილწსიტყვაობა. თავად საკუთარ თავს „სხვა წესიერი ადამიანებივით ცოდვილად“ თვლიდა. თუმცაღა გამოცდილებამ ასწავლა, რომ ზოგჯერ წვრილმანებსაც კი შეუძლიათ მოულოდნელად და გაურკვეველი სახით შეწყვიტონ მისი კონტაქტი „ძალასთან“.

ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ინჟინერის შემთხვევაში საქმე გვქონდა რაღაც ძველ კომპლექსთან, რომელსაც სავარაუდოდ საწყისი ჰქონდა სექსის ეთიკის შესახებ მის პირველ წარმოდგენებში და სირცხვილის გრძნობაში, კომპლექსში, რომელიც მის დაბალ „მე“-ში დარჩა. ალბათ იგი სიამოვნებით დაათვალიერებდა ეროტიულ ფოტოებს რომელიმე გალერიაში, მაგრამ ამ შემთხვევაში ფოტომ ზედაპირზე ძველი კომპლექსი ამოატივტივა, მიუხედავად იმისა, რომ შუა „მე“ ამაში არ ჩარეულა. დაბალმა „მე“-მ პირიქით, მაშინვე მოახდინა რეაგირება და იგრძნო, რომ მამაკაცი დამნაშავეა და უნდა „შერცხვეს“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მან ხელებით დაიფარა სახე, როგორც ამას პატარა ბავშვები აკეთებენ, და რცხვენოდა, რომ მშლობლებისთვის ეჩვენებინა თვალები, თითქოს სინდისი სუფთა არ ჰქონდა. როცა ფოტო გაქრა, „გზა“ კონტაქტისთვის კვლავ გაიხსნა. ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ფოტო ფიზიკური საგანი იყო, ანუ რაღაც ისეთი, რასაც შეეხები და დაინახავ. ამიტომ მან ფიზიკური სტიმულის როლი შეასრულა. სწორედ მან აღძრა ძველი კომპლექსი იმ ძალით, რომელიც უფრო ქმედითი აღმოჩნდა, ვიდრე ასობით ფანტაზია მსგავსი კადრების შესახებ. ავსტრალიელისთვის ფოტოს დაბრუნება კი ასევე ფიზიკური სტიმული იყო, საკმარისი იმისთვის, რომ კომპლექსი კვლავ ფსიქიკის თავის „უჯრაში“ დაბრუნებულიყო ხელი აღარ შეეშალა.

ასევე აუცილებელია დავიმახსოვროთ ერთი აშკარა ჭეშმარიტება: თუკი შეუძლებელია ძველი კომპლექსების დაძლევა, ჯობია დავუთმოთ მათ.

ინჟინერი იძულებული იყო უარი ეთქვა თავის მშვენიერ ფოტოზე. ქალი, რომელიც ღვინოს სვამდა და ცეკვავდა, და შედეგად ფეხზე წყლული გაუჩნდა, ასევე ვერ თავისუფლდებოდა ძველი კომპლექსისგან, რომლის მიხედვითაც მისი ქცევები ცოდვილი იყო. მისი მხრიდან უფრო გონივრული იქნებოდა, თუკი მიხვდებოდა, რომ უნდა დაივიწყოს ცეკვები და სასმელი, სანამ საქმე სამწუხაროდ ოპერაციამდე არ მივიდა. მითუმეტეს, რომ მის კომპლექსს ადვილად დაბრუნების სახიფათო ტენდენცია გააჩნდა.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff