მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)

მაქს ფრიდომ ლონგი
0
0

ავტორი: მაქს ფრიდომ ლონგი ეს წიგნი მოგვითხრობს მაგიის უძველესი საიდუმლო სისტემის შესახებ, რომელსაც, თუკი მის გამოყენებას ადგილობრივი პოლინეზიელი მაგებივით ვისწავლით, შეუძლია მსოფლიო შეცვალოს... ...

თავი 20

თავი 20

მაღალი „მე“ და სასწაულებრივი განკურნებები პარაფსიქოლოგიაში

მთარგმნელი: მამუკა გურული

მრავალი განკურნება გარდაცვლილთა სულების მიერაა შესრულებული. ძირითადად ესენი იყვნენ გარდაცვლილი ექიმების სულები. მედიუმების შუამავლობით ისინი დიაგნოზებს სვავენ და მკურნალობას უნიშნავენ ისევე, როგორც ამას სიცოცხლეში აკეთებდნენ.

სულები ხშირად შედიოდნენ მედიუმების სხეულებში და ავადმყოფებს ხელების დადებით კურნავდნენ. მრავალი მონათხრობიდან ცხადად ჩანს, რომ ასეთ შემთხვევებში ხშირად გამოიყენებოდა დაბალი ძაბვის სასიცოცხლო ძალა, თუმცა მისი ბუნება ბოლომდე მაინც ვერ იქნა შესწავლილი.

მესმერისტები სხეულის დაავადებულ ნაწილებს განკურნების მიზნით ზელდნენ. სულებიც ასევე იქცეოდნენ, და შედეგები საოცარი იყო.

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს კაჰუნები ერთადერთნი იყვნენ, ვინც სასიცოცხლო ძალის სამი სახის ძაბვის და მკურნალის ხელიდან პაციენტის სხეულში ენერგიის გადაცემის შესახებ იცოდნენ, - ენერგიის, რომელიც სამკურნალო შთაგონებებთან ერთად გადაეცემოდა.

არსებობს ერთსულოვანი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ 5 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები ჯერ არ არიან მზად ჰიპნოტური შთაგონებისთვის. მიუხედავად ამისა, ისინი რეაგირებენ მკურნალობაზე, რაც გამოიხატება მათთვის სასიცოცხლო ძალის გადაცემაში იმ დროს, როცა მკურნალი გაფორმებულ აზრდ ქმნის. ცდილობდა რა დაემტკიცებინა, რომ შთაგონება არ წარმოადგენს სხვადასხვა მესმერული განკურნების მიზეზს, ლებო ხელებს ადებდა მრავალ ბავშვს და ხშირად ღებულობდა დადებით შედეგებს. ამ ბავშვებიდან ზოგიერთი სამი წლისაც არ იყო. მოგვიანებით ოხოროვიცმა მსგავს შედეგს მიაღწია ორ წლამდე ბავშვების მკურნალობისას. ასეთივე სახით იკურნებოდნენ ცხოველებიც. მსგავს პროცედურებს მცენარეებიც ექვემდებარებოდნენ, რის შედეგიც მათი დაჩქარებული ზრდა იყო.

ყველა ეს მაგალითი ამტკიცებს, რომ კაჰუნები მართლები იყვნენ, როცა თვლიდნენ, რომ მკურნალის სასიცოცხლო ძალა ძლიერი სამკურნალო ფაქტორი ხდება, მიუხედავად იმისა, ცოცხალია ეს მკურნალი თუ უკვე გარდაიცვალა და სულად იქცა.

გარდაცვლილთა სულები ხშირად ავლენენ ცოცხალ ადამიანთა ავადმყოფობების პარაფსიქოლოგიური დიაგნოსტიკის შესანიშნავ უნარებს. ჩემს ნაცნობს ჰყავდა მეგობარი, რომელმაც კოლეჯში რაღაც უცნაური დაავადება აიკიდა. ექიმებმა ვერ დაადგინეს მიზეზი. დედა და შვილი ბოლო იმედს ჩაეჭიდნენ და სეანსზე ცნობილ მედიუმთან, ედგარ კეისისთან წავიდნენ. ამ მედიუმს შუამავლის სახით იყენებდა ყოფილი ექიმის სული, რომელსაც უამრავი საოცარი განკურნება მოეხდინა. მან გამოიკვლია ბიჭი და მივიდა დასკვნამდე, რომ ავადმყოფობა გამოწვეულია ხერხემლის ძვლების ნამსხვრევებით, და ეს იყო ერთ-ერთი გასეირნების დროს უბედური შემთხვევის შედეგი. პაციენტს უკვე დავიწყებული ჰქონდა ეს ინციდენტი, მაგრამ ახლა გაიხსენა, როგორც რაღაც ძალიან მტკივნეული. ექიმის სულმა შეატყობინა ოპერაციის აუცილებლობის შესახებ, რათა გატეხილი მალები აღედგინათ, მაგრამ ერთადერთი ამერიკელი ექიმი, რომელიც ამ საკითხებში იყო სპეციალისტი, ზუსტად იმ დროს ევროპაში იმყოფებოდა. თუმცაღა მალე უნდა დაბრუნებულიყო ბოსტონში, თავის სახლში. მან ექიმის გვარი დაასახელა, მაგრამ მისი მისამართი არ უთქვამს.

სეანსის შემდეგ ბიჭს ხერხემლის რენტგენოსკოპია ჩაუტარდა. ექიმმა, რომელმაც არაფერი იცოდა ამ შემთხვევის შესახებ, ხერხემალში ბზარები აღმოაჩინა. რადგან ყველაფერი, რასაც სული ამბობდა სწორი აღმოჩნდა, ბოსტონში დარეკეს და გაარკვიეს, რომ იქ მართლაც ცხოვრობს ექიმი ასეთი გვარით, რომელიც ეს-ესაა დაბრუნდა ევროპიდან და რომელიც აღიარებული სპეციალისტია ტრავმატოლოგიური ქირურგიის სფეროში. მას მაშინვე თხოვეს ოპერაციის გაკეთება, და მას შემდეგ, რაც ეს ოპერაცია წარმატებიტ დასრულდა, ბიჭმა კვლავ დაიბრუნა ჯანმრთელობა.

სულები ხშირად აპრაქტიკებენ დისტანციურად მკურნალობას. როცა მედიუმი, რომლის შუამავლობიტაც ის მოქმედებს, შორს მყოფი პაციენტის თმებს იღებს (ან რაიმე ნივთს, რომელსაც პაციენტი ოდესმე შეხებია), ამ დროს ვლინდება ფსიქომეტრიის საოცარი ფენომენი. სულები იქ არმყოფ პაციენტს დიაგნოზს უსვავენ და მკურნალობას უნიშნავენ, მათ შორის დისტანციურად, რაიმე ფსიქიკური ან „სულიერი“ მეთოდებით. აქ კვლავაც საქმე გვაქვს ნატიფ ძაფებთან, რომლებიც მოშორებით მყოფ ადგილებთან ან ადამიანებთან კონტაქტის დასამყარებლად გამოიყენება, მათზე ინფორმაციის მისაღებად და სამკურნალო ძალების, და ასევე აზროფორმების გადასაცემად.

ყველა ზემოთმოყვანილ შემთხვევაში სულები ისევე ეფექტურად მოქმედებენ, როგორც ცოცხალი ადამიანები, თუკი, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები საკმარისად კომპეტენტურები არიან იმისთვის, რომ სწორი დიაგნოზი დასვან, და იმ პირობით, თუ სულებს განსაკურნებლად საჭირო შესაბამისი რაოდენობის სასიცოცხლო ძალის დაგროვება შეუძლიათ. ამ თვალსაზრისით არსებობს კიდევ ერთი მსგავსება სულებსა და ადამიანებს შორის: ისინი ჩვენსავით მაღალი არსებების მიმართ ლოცულობენ.

აღსანიშნავია, რომ ბევრი მედიუმი, რომლებსაც ექიმის სული დაეუფლა, ავადმყოფის განკურნებისთვის ლოცულობდა. სულები გამუდმებით საუბრობენ მაღალ „მ“-ზე, და ყველა შესაძლო სახელს უწოდებენ მას, იმის მიხედვით, თუ რომელი რელიგიის მიმდევრები იყვნენ ცხოვრებაში.

ზოგიერთი სული, ისევე როგორც კაჰუნები, საკმაოდ გათვითცნობიერებულნი არიან, რომ მაღალ „მე“-ს თხოვონ დახმარება ცოცხლების განკურნებაში და მიიღონ კიდევ ეს დახმარება. (ასეთი სახით შესრულებული სასწაულებრივი განკურნება ძალიან იშვიათია. შესაძლოა ბევრმა სულმა არ იცის ასეთი მკურნალობის მექანიზმი. ან შესაძლოა თვითონ პაციენტები ვერ განიწმინდნენ კომპლექსებისგან და მზად არ არიან სამკურნალო შთაგონების მისაღებად. მეორე მხრივ, სულები ხშირად იყენებენ მაღალი „მე“-ს დახმარებას იმისთვის, რომ სხვადასხვა ფიზიკური მოვლენები გამოიწვიონ, მაგალითად, აპორტები, მატერიალიზაციები, ექტოპლაზმის წარმოქმნა და ა.შ.)

ზოგჯერ სულები ცოცხალ ადამიანებს ეცხადებიან ისე, როგორც ეს მოხდა ბერნადეტ სუბიროს შემთხვევაში, რომელმაც ლურდთან ახლოს ღვთისმშობელი დაინახა. მოჩვენებები ამ სახით სასწაულებრივ განკურნებაში შუამავლები არიან.

ადამიანები ვერასოდეს ხედავენ სულების „ფიგურას“, მაგრამ ამა თუ იმ სახით მაინც გრძნობენ სულიერი მკურნალი ფაქტორის თანმყოფობას. კათოლიკური ეკლესიის არქივებში ხშირადაა მოხსენიებული განკურნებები იმ საფლავებთან, სადაც წმინდა ცხოვრებით მცხოვრები ადამიანები არიან დამარხულნი. ოცდაორმა არქიეპისკოპოსმა და ეპისკოპოსმა, რომლებიც კონკლავზე შეიკრიბნენ, პაპს - კლიმენტი XI-ს მიწერეს: „ჩვენ მოწმეები ვართ იმისა, რომ მამა იოანე ფრანცისკო რეგისის სამარხის წინ ბრმებს თვალი ეხილებათ, კოჭლები სიარულს იწყებენ, ყრუებს ესმით, მუნჯები კი ლაპარაკს იწყებენ“.

1731 წელს და შემდეგი 25 წლის განმავლობაში აბატ პარის, იანსენისტის სამარხთან რაღაც უჩინარი და გაურკვეველი ძალა მოქმედებდა. შესწავლილ იქნა მრავალი შემთხვევა, და მათ შორის ყველაზე ცნობილია მადამ კოირეს ამბავი. იგი სასწაულებრივად განიკურნა კიბოსგან, რომელმაც პრაქტიკულად გაანადგურა მისი მარცხენა ძუძუ. ექიმები არანაირ იმედს არ აძლევდნენ. და უცებ ძუძუ თავის ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა, ძუძუსთავიც კი ისე გამოიყურებოდა, როგორც მანამდე. უწინდელი ავადმყოფობის ოდნავი კვალიც კი აღარ დარჩა. ეს შემთხვევა რამდენიმე ექიმმაც დაადასტურა, მათ წერილობითი მოწმობაც შეადგინეს ადგილობრივ ნოტარიუსთან. ეს შემთხვევა სამეფო ოჯახის ექიმმაც დაადასტურა და მისი ავთენტურობის შესახებ მეფისადმი თავის მოხსენებაშიც დაწერა.

რამდენიმე წლის წინ ერთმა ჰავაელმა სიზმარში ნახა ორი დიდი, უჩვეულო ფორმის ქვა, რომლებსაც, როგორც ჩანს, საუკუნეების განმავლობაში კაჰუნები თავიანთი რიტუალებისთვის იყენებდნენ. მოგვიანებით მან ასეთი ქვები აღმოაჩინა, სასაფლაოსთან ახლოს გადაიტანა და იქ დატოვა. უეცრად ხმები გავრცელდა, რომ ქვებთან რაღაც მკურნალი ძალაა დაკავშირებული. ადამიანები ყველა მხრიდან მოდიოდნენ, რომ ისინი ენახათ. ისინი ლოცულობდნენ მათ გვერდით, მიჰქონდათ შესაწირი: ყვავილები, საჭმელი, ფული და ყველაფერი, რისი მსხვერპლად შეწირვაც საჭირო იყო მათი რწმენების მიხედვით. ამ დროს რამდენიმე უდავო განკურნება მოხდა. რაღაც დროის განმავლობაში ხელისუფლებას სირთულეები შექმნათ ამ ადგილას მოსულ ბრბოსთან დაკავშირებით, რომელსაც ვეღარ აკავებდნენ, მაგრამ მალე მკურნალმა ძალამ გაქრობა დაიწყო. ამიტომ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ უჩინარი არსებები, რომელთა წყალობითაც განკურნება ხდებოდა, მხოლოდ მცირე ხნით გამოჩნდნენ იქ. თუმც კი დასაშვებია შესაძლებლობა, რომ მაღალი „მე“ თვითონ ახდენს განკურნებას, კაჰუნების თეორიის მიხედვით უმეტეს შემთხვევებში მას შუა და დაბალი „მე“-ების შუამავლობა ჭირდება. და მნიშვნელობა არ აქვს, ეს დაბალი ცნობიერებები რაიმე ცოცხალ სხეულში არიან თუ ფიზიკური სიკვდილი გადალახეს და სულების სახით მოგვევლინენ. თუკი დავუჯერებთ ამბებს წმინდანი ან ღვთისმოშიში ადამიანების შესახებ, რომლებიც სულების სახით ჩნდებიან ადგილებში, რომლებიც განკურნებებით გამოირჩევიან, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ მათ ისწავლეს მაღალი „მე“-სგან დახმარების მიღება იმ ავადმყოფთა განკურნებისთვუს, რომლებიც თავისუფალნი არიან ყოველგვარი სახის კომპლექსისგან და შეუძლიათ მიიღონ დახმარება.

ხოლო თუ ტაძრები და წმინდა რელიქვიები ფისიკური სტიმულების და დამხმარე საშუალებების როლს ასრულებენ ლოცვის დროს, მაშინ ასეთი სასწაულებრივი განკურნების მისტერია ჩვენთვის პრაქტიკულად გასაგები ხდება: ადამიანი, რომელიც მიდის ტაძარში, რათა განკურნებისთვის ილოცოს, როგორც ჩანს ცდილობს, რომ უბიძგოს თავის მაღალ „მე“-ს საჭირო მოქმედებებისკენ. (კაჰუნებისთვის ნებისმიერი განკურნების წყაროს წარმოადგენდა ყოველი ადამიანის პირადი, საკუთარი მაღალი „მე“. რაც შეეხება სულიერ არსებებს, რომლებიც უფრო მაღალ დონეზე დგანან, ვიდრე მაღალი „მე“, ითვლებოდა, რომ ისინი, როგორც წესი, არ ერევიან ადამიანის პირად საქმეებში. ისინი რაღაც უფრო მნიშვნელოვანით არიან დაკავებულნი, ვიდრე წვრილმანი ადამიანური ცხოვრება. კაჰუნები არ თვლიდნენ წმინდანებს მაღალი „მე“-ს წარმომადგენლებად).

მაღალი „მე“-სთვის საჭირო იმ სასიცოცხლო ძალის მისაღები მექანიზმის გაგება, რომელიც ტაძრებში განკურნებისთვისაა საჭირო, ადვილად შეიძლება. თუ პოლტერგეისტებს შეუძლიათ ადამიანებისთვის სასიცოცხლო ძალის მოტაცება თავიანთი ხმაურიანი თამაშებისთვის, მაშინ ცხადია, რომ ამის გაკეთება მაღალ „მე“-საც შეუძლია ავადმყოფის საკეთილდღეოდ.

წმინდა ადგილზე განკურნების ჭეშმარიტი სურათი ასე უნდა გამოიყურებოდეს: ერთი ან მეტი გარდაცვლილის სული (რომელთაგანაც თითოეული დაბალი და შუა „მე“-სგან შედგება) გადაწყვეტს ხოლმე, რომ დარჩეს წმინდა ადგილას და დაეხმაროს მათ, ვინც იქ მკურნალობის სათხოვნელად მიდის. ამ ჩვეულებრივ სულებს შეუძლიათ თავიანთი მაღალი „მე“-ს გამოყენება სასწაულებრივი განკურნებებისთვის, რომლებიც მყისიერად ხდება, ან რამდენიმე დღე გრძელდება (როგორც ეს ლურდში მოხდა). ამ ადგილებში ბევრი ადამიანი მოდის. ისინი ქმნიან რაღაცას, რასაც შეგვიძლია ენერგეტიკული რგოლის მახასიათებლების მქონე „ჯაჭვი“ დავარქვათ, მსგავსად იმისა, როგორც ეს ხდება სპირიტულ სეანსებზე. ამ მომენტში ჩვეულებრივი სულები სასიცოცხლო ძალით ივსებიან. იგივეს აკეთებს მაღალი „მე“-ც. და თუკი ვინმე, ვინც თავისუფალია კომპლექსებისგან და ღრმად სწამს თავისი თხოვნის შესრულების შესაძლებლობის, ამ მომენტში კარგი, ერთმნიშვნელოვანი აზროფორმის შექმნას შეძლებს, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს მის სურვილს (მაგალითად, განკურნებას), ასევე შეძლებს ტელეპატიური კონტაქტის დამყარებას ჩვეულებრივ სულებთან, მათი მეშვეობით კი მაღალ „მე“-სთანაც, ან უშუალოდ მათ მაღალ „მე“-სთან, მაშინ განკურნების სასწაული გარანტირებულია.

ექტოპლაზმა, რომელიც ჩვენთვის სპირიტული სეანსებიდანაა ცნობილი, როგორც დავინახეთ, მატერიალურ სუბსტანციას წარმოადგენს, რომელსაც მაღალი „მე“ გარდაქმნის უჩინარ, მაღალი ძაბვის სასიცოცხლო ძალად. სწრაფი განკურნების დროს მოტეხილი კიდურის, კიბოთი დაზიანებული მკერდის, დაბრმავებული თვალის, დაზიანებული ხერხემლის და სხვა მსგავსი პრობლემების ფიზიკური სუბსტანცია, კაჰუნების სწავლების თანახმად, დნება, ექტოპლაზმის ფორმას იღებს, შემდეგ კი კვლავ მკვრივდება იმის მიხედვით, თუ როგორ ავსებს ჯანსაღი სუბსტანცია პაციენტის ნატიფი სხეულის იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური სხეულის დაზიანებულ ნაწილს შეესაბამება. გავიხსენოთ, რომ ნატიფი სხეული წარმოადგენს ასლს, ყველა უჯრედის, ყველა ქსოვილის შენაერთს, სისხლის და სხვა სითხეების ჩათვლით. ეს ნატიფი სხეული, რომელიც დაბალ „მე“-ს ეკუთვნის, ავადმყოფობებისადმი და დაზიანებებისადმი არამოწყვლადია. თეორიულად, ამპუტირებული ფეხი წლების შემდეგ კვლავ უნდა იზრდებოდეს. მაგრამ ერთი პირობით: საჭიროა ნაპოვნი იქნეს წყარო, საიდანაც მოხერხდებოდა ექტოპლაზმის საჭირო რაოდენობის მიღება. დაბალი „მე“-ს ნატიფი სხეული დაზიანებებს რომ ექვემდებარეობდეს, ზეცა სავსე იქნებოდა ხეიბრებით, და არა ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანური არსებებით, რომლებიც გარდაიცვალნენ, რათა სიხარულით აღმოეჩინათ, რომ ყველა ფიზიკური ნაკლოვანება და არასრულყოფილება უკვალოდ გაქრა.

ყურადღება უნდა მივაქციოთ განკურნებასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ განსაკუთრებულ დეტალს. ექიმები, რომლებიც ლურდში განკურნებულ ადამიანებს იკვლევდნენ, მიუთითებდნენ აღსანიშნავ ფაქტზე, რომ ისინი, ვინც იქ სხვებისთვის სალოცავად მიდიოდა, თვითონ იუმჯობესებდნენ ჯანმრთელობას. მერი ოსტინი, მწერალი, ოდესღაც კიბოთი იყო ავად. მას მხოლოდ ერთი წლის სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებდნენ. მან გადაწყვიტა რომში წასულიყო, რათა ეს უკანასკნელი წელი ადრეული ქრისტიანობის შესწავლისთვის დაეთმო. ამ კვლევებმა იმდენად ააღელვეს იგი, რომ საერთოდ დაივიწყა თავისი ავადმყოფობა. „ერთ მშვენიერ დღეს, - წერს ოსტინი, როცა ამ შემთხვევაზე მოგვითხრობს, - მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ კიბო გაქრა. მე არ ვლოცულობდი ამისთვის, მაგრამ რელიგიის საკითხებზე კონცენტრირებულმა ისე გავაკეთე, რომ ეს თავისთავად მოხდა“.

მსგავსი განკურნებები იმაზე მიუთითებს, რომ თუკი კარი მაღალი „მე“-სკენ ერთხელ უკვე გაიღო ლოცვის მეშვეობით, და შედეგად მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ადამიანის დაბალი და შუა „მე“-ს საქმეებში, მაშინ ის მაშინ მოქმედებს, როცა სურს, და მაშნაც კი შეუძლია განკურნება, როცა ამას უშუალოდ არ თხოვენ. ასეთი შესაძლებლობა ხსნის იმ სიტუაციებს, როცა ჩვენ მაშინაც ვიღებთ დახმარებას, როდესაც საერთოდ არ ვითხოვთ მას. პრაქტიკულად ყოველ ჩვენგანს შეუძლია გაიხსენოს, როგორ სასწაულებრივად აირიდა თავიდან რაღაც საფრთხე, თითქოს მფარველმა ანგელოზმა ან მაღალმა „მე“-მ აღმოუჩინეს მოულოდნელი დახმარება.

ახლო და ხანგრძლივ თანამშრომლობას დაბალ ცნობიერებებსა და მაღალ „მე“-ს შორის შეგვიძლია ნათლად დავაკვირდეთ იაპონიაში არსებული საოცარი რელიგიური კულტის მაგალითზე. ამ სექტის წევრები ფეხშიშველი დადიან ან შიშველი ზურგით წვებიან დამსხვრეულ შუშებზე. ისინი იარებს იღებენ, მაგრამ იარები მაშინვე უკვალოდ ქრება, როგორც კი ცერემონიის ოსტატი რაღაც სიტყვებს წარმოთქვამს.

მე ამ ორიგინალური სექტის ერთ-ერთ ამერიკელ წევრს ვესაუბრე. მან თანდათან ისწავლა კონტაქტის დამყარება არსებასთან, რომელიც განკურნებაზე აგებს პასუხს. მოგვიანებით ამ ქალმა მისგან დახმარება მიიღო თავისი მრავალსაათიანი გამოსვლების დროს, როდესაც შიშველი ბასრი მახვილებით დაფარულ კიბეებზე ადიოდა. დამხმარე არსების წყალობით ისე ხდებოდა, რომ ბასრ ფოლადთან შეხებისას მისი ფეხები არ ზიანდებოდა.

თუკი მცირე ჭრილობიდან სისხლდენის შესაჩერებლად თვითშთაგონების გამოყენება შეგვიძლია, გატეხილი შუშით სერიოზული ჭრილებების მოსაშუშებლად მაღალი „მე“-ს დაუყოვნებელი ჩარევა ხდება საჭირო.

სამწუხაროდ, როცა ამ იაპონური კულტის მიმდევართა მისიონერული ჯგუფი აშშ-ში ჩავიდა, რათა ჩვენთვის ესწავლებინათ (ჩვენ მათთვის რაღაც წარმართების მსგავსნი ვიყავით), მისი საქმიანობა აღქმულ იქნა, როგორც რაღაც საესტრადო ფოკუსი ან საცირკო ტრიუკი. რამდენიმე გამოსვლის შემდეგ მათ ხელი ჩაიქნიეს ჩვენთვის რაიმეს სწავლების იდეაზე და იაპონიაში დაბრუნდნენ, რაც საკმაოდ გასაკვირი ჩანს, თუკი გავითვალისწინებთ ჟინს და შეუპოვრობას, რომლებიც დამახასიათებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სხვებისთვის ღმერთისა, ჭეშმარიტებისა და რელიგიის შესახებ ქადაგების სურვილი აქვთ. ეს იყო განსაკუთრებული შანსი იმისთვის, რომ ორივე ეს ასპექტი ახალი კუთხით შეგვესწავლა, მაგრამ უმეტესობა ჩვენგანს იმდენად კრისტალიზებული და გაძვალებული შეხედულებები აქვს, რომ როგორც წესი, გვერდს ჩავუვლით ხოლმე ასეთ შესაძლებლობებს.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff