მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)

მაქს ფრიდომ ლონგი
0
0

ავტორი: მაქს ფრიდომ ლონგი ეს წიგნი მოგვითხრობს მაგიის უძველესი საიდუმლო სისტემის შესახებ, რომელსაც, თუკი მის გამოყენებას ადგილობრივი პოლინეზიელი მაგებივით ვისწავლით, შეუძლია მსოფლიო შეცვალოს... ...

თავი 16

თავი 16

როგორ ებრძოდნენ კაჰუნები ბნელეთის სამეფოს მოჩვენებებს

მთარგმნელი: მამუკა გურული

არსებობს ბევრი საშიში და ბნელი მოჩვენება, რომლებიც ბნელეთის სამყაროს მიეკუთვნებიან. მათთან ბრძოლაში ჩვენ სრულიად უძლურები ვართ, რადგან ჩვენ, ცივილიზებული ადამიანები, მეტისმეტად პროგრესულები ვართ, რომ მათი არსებობა ვაღიაროთ. ექიმებმა მათ შესახებ არაფერი იციან. მღვდელმსახურებს იმდენად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ეშმაკისა და სხვა ბოროტი სულების შესახებ, რომ მათი რჩევები უსარგებლოა. სპირიტისტებმა მხოლოდ ის იციან, რომ ამ სულების უნდა გვეშინოდეს და მოყვარულებს ურჩევენ, ფრთხილად იყვნენ მათთან.

პრიმიტიულ ხალხებს საკმაოდ მწირი წარმოდგენა აქვთ მათზე, მაგრამ მეთოდები, რომლებსაც ბნელეთის სულების საფრთხეებს უპირისპირებენ, მათი რწმენების საეჭვო ღირებულებაზე მოწმობენ.

თანამედროვე ოკულტისტები უშვებენ აზრს მთელი რიგი ბოროტი არსებების არსებობაზე და მთელი სერიოზულობით აღწერენ „შავ მაგიას“, ჯადოქრობას და ა.შ. ისინი ხატავენ მაგიურ წრეებს, რომლის საზღვრებმაც იმ ბნელი ძალებისგან უნდა დაიცვას ისინი, რომელთა არსებობაშიც დარწმუნებულნი არ არიან. ისინი შუასაუკუნეებს მიმართავენ, რომ თილისმების და ჯადოქრობის გამოცანები ამოხსნან; ჰაერს კვამლავენ და ღმერთს ევედრებიან მფარველობას, მიმართავენ რა მისი 72 სახელით.

სხვადასხვა რელიგიური სულის მკურნალები ამ ბოროტ ძალებს „ავ ცხოველურ მაგნეტიზმს“ უწოდებენ. ცოტა იციან მათ შესახებ, მაგრამ შეურიგებელი ბრძოლა აქვთ მათთან.

ეთ-ერთი ძვირფასი ცოდნა, რომელიც კაჰუნებმა მსოფლიოს აჩუქეს, ესაა ყოველმხრივი და მკაფიო ცოდნა ბნელეთის ძალებისა და მათთან ბრძოლის შესახებ.

მრავალი წლის მანძილზე მე ვსწავლობდი ყველა შესაძლო მისაწვდომ ინფორმაციას ამ თემაზე, მაგრამ ჩემი ცოდნა მაინც შორსაა სრულისგან. მე ვერ შევძელი ჰუნას, ანუ კაჰუნების საიდუმლოს იმდენად ღრმად ჩაწვდომა, რომ შემეცნო არსებობის ყველაზე დაბალი დონეები, ისევე როგორც ყველაზე მაღალი. თუმცაღა მე მჯერა, რომ შევძელი ამეხადა ფარდა იმ ჭეშმარიტებებისთვის, რომლებზეც დამოკიდებულია დედამიწაზე ჩვენი ნორმალური ცხოვრება, და ასევე სიკვდილის შემდგომი არსებობა. (ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გაგება უსაზღვროდ მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან როცა სიკვდილის შემდეგ ჩვენს მოჩვენების სხეულებში გადავალთ, ჩვენი ამჟამინდელი რწმენა-წარმოდგენები ჩვენი იქაური კომპლექსები გახდებიან და შეიძლება თან გვსდევდნენ იქ).

უჩინარი სულების სამყარო ძირითადად ჩვენს მატერიალურ სამყაროს მოგვაგონებს. მასში, ასე ვთქვათ, თავისი ჯუნგლებია, სადაც ველური მხეცები დაძრწიან. თუკი აქ, დედამიწაზე, ადამიანი ველურ ადგილას მოხვდება და გზაზე ლომს, ვეფხვს ან გორილას შეხვდება, მას თავდაცვა მოუწევს. ასევე ხდება იქაც, უსხეულო არსებების სამყაროში, რომლებიც თავის მოჩვენების სხეულებში ბინადრობენ.

ჩვენთვის, დედამიწის მცხოვრებთათვის საბედნიეროდ, ჩვენ საკმაოდმცირე შემხებლობა გვაქვს აჩრდილთა სამყაროსთან. მხოლოდ იშვიათად, სახიფათო და დიდი საციცოცხლო ენერგიის მატარებელი ბოროტი ძალები აღწევენ ჩვენს სამყაროში და პოტენციური საფრთხე მოაქვთ ჩვენი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

მე ვფიქრობ, რომ არ შევცდები, თუკი ვიტყვი, რომ როცა რომელიმე ცოცხალი არსება კვდება და თავის მოჩვენების სხეულში იწყებს ცხოვრებას, იგი იქ ცხოვრების იმის მსგავს დონეს ქმნის, რომელიც დედამიწაზე ჰქონდა. თუკი ის ფიქრობს იმ გარემოზე, რომელზეც დედამიწაზე ცხოვრობდა, იგი ასეთივე გარემოს წარმოქმნის იმ სამყაროშიც. კაჰუნები ამტკიცებენ, რომ იქ ყველაფერი სიზმრების ნატიფი მატერიისგან შედგება. რეალური, ნამდვილი, სულის მქონე ადამიანური არსებები წარმოსახვაში ხშირად გადადიან გამოგონილ ადგილებში და წარმოსახულ როლებს თამაშობენ იქ. ამიტომ, როცა ადამიანი კვდება, იგი ხდება მისი წარსული ოცნებების სცენარის მონაწილე. ამიტომ, როცა ადამიანი კვდება, იგი მისი უწინდელი ოცნებების სცენარის მონაწილე ხდება, და ასევე მონაწილეობს თავისი მეგობრებისა და ახლობლების სიზმრისეულ ოცნებებში, ავსებს რა მათ ოცნებებს საკუთარი ელემენტებით. აქაური ჯუნგლების ცხოველები გამოგონილ ჯუნგლებში გადაინაცვლებენ ხოლმე. პრიმიტიული ადამიანები იმის მსგავს ადგილებში გადადიან, რომლებიც დატოვეს, და იქ თავიანთ მეგობრებს და მტრებს პოულობენ.

გარდაცვლილთა სულები, შედიან რა კონტაქტში ცოცხლებთან, ძალიან იშვიათად გვატყობინებენ, რომ იმ ადგილებისგან სრულიად განსხვავებულ ადგილებში მოხვდნენ, რომლებსაც დედამიწაზე მიეჩვივნენ. ისინი ისევე არიან ჩაცმული, როგორც სიცოცხლეში, და მსგავს სახლებში ცხოვრობენ. გარდაცვლილთა სულები ერთი ესკიმოსური ტომიდან ყვებოდნენ, რომ ყინულისა და თოვლის ისეთივე სამყაროში ცხოვრობდნენ, რომელსაც სიცოცხლის ამ მხარეს იცნობდნენ.

გარდაცვლილებმა, რომლებსაც ქრისტიანული სამოთხის იმედი ჰქონდათ, მოიპოვეს იგი. ისინი, ვინც განსაწმენდელის სურათებს წარმოიდგენდნენ ხოლმე, მისი მონაწილეები გახდნენ. როგორც ჩანს, მხოლოდ ჯოჯოხეთია დაუსახლებელი. როგორც ჩანს სინამდვილეში არავის სჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ ბოროტმოქმედად იქნება აღიარებული.

ერთმა ხანშიშესულმა ქალმა, ანთროპოლოგმა, სიკვდილის წინ პირობა მომცა, რომ მიღმიერი სამყაროდან მესტუმრებოდა და მომიყვებოდა ყველაფერს, რაც ნახა. ასეც მოიქცა. მედიუმის შუამდგომლობით პირველ რიგში თავისი ავთენტურობა დამიმტკიცა, და გამახსენა, რისი კეთება უყვარდა, რა ეცვა და რას ამბობდა, როცა დედამიწაზე ცხოვრობდა. იგი ყვებოდა, რომ თავისი ნაცნობები, ამერიკული ქალაქები და დასახლებები იპოვა. როცა ცოტა გაშინაურდა, სხვადასხვა ველური და ნახევრადველური ტომების ძებნა დაიწყო, რომელთა შორისაც ცხოვრობდა და თავის ანტროპოლოგიურ კვლევებს ატარებდა დედამიწაზე. იგი დარწმუნდა, რომ დედამიწის ტომები მიღმიერ სამყაროში მყოფ მის ახალ ნაცნობებს ჰგვანან. ჰგავს მათი ქოხები და მთელი ცხოვრების წესიც. ტომის გარდაცვლილმა წევრებმა იცნეს იგი და გულითადად მიიღეს. ამ ტომებს შორის იყვნენ ასევე თავებზე მონადირეებიც - კუნძულ ფორმოზას მთიანი რაიონებიდან, მისი ძველი მეგობრები, - რომლებსაც კვლავაც სჯეროდათ, რომ მათი ნადავლი უფრო მსუყე იქნება, თუკი მოინდომებენ, თუმცა უკვე დიდი ხანია, რაც დედამიწაზე მიატოვეს ეს საქმიანობა. ქალბატონი ანთროპოლოგი ცდილობდა აეხსნა მათთვის, რომ ისინი უკვე გარდაცვლილები არიან და არ შეუძლიათ თავებზე ნადირობის გაგრძელება. ასევე ცდილობდა აეხსნა სხვა რამეებიც, მაგრამ ახალი სიმართლის გაგების უნარი მათში ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე სიცოცხლის ფიზიკურ დონეზე არსებობისას.

მიღმიერ სამყაროში ჩვენ სასიცოცხლო ძალის ძალიან მცირე რაოდენობა გაგვაჩნია ფიზიკური სხეულის ენერგიის მარაგთან შედარებით. როგორც ჩანს, ამაშია განსხვავება სიცოცხლის დროს ცოდნის სწრაფ და იოლ მიღებასა და სიკვდილის შემდეგ მის ძალიან მცირე ათვისებას შორის. აზროვნება სასიცოცხლო ძალას მოითხოვს. მოგონებების გამოწვევა და მეხსიერებაში შენახვა ენერგიის ხარჯვის გარეშეც შესაძლებელია; მხოლოდ ახალი, გაფორმებული აზრის შექმნაა რთული, განსაკუთრებით ინტელექტუალურად განუვითარებელი არსებებისთვის. გარდაცვლილები ცდილობენ, რომ მჭიდროდ „მიეწებონ“ იმ საგნებს, რომლებისაც სჯეროდათ, რომლებისკენაც ისწრაფვოდნენ და რომლისაც ეშინოდათ, როცა დედამიწაზე ცხოვრობდნენ. „აქ მცხოვრებნი“, რომლებიც ცდილობდნენ, რომ რაიმე ახალი ესწავლებინათ „იქ მცხოვრებთათვის“, ყვებიან იმ სირთულეების შესახებ, რომლებსაც ეჯახებოდნენ. ამიტომ ყოველი ჩვენგანის წინაშე დგას მნიშვნელოვანი ამოცანა: სანამ აქ ვართ, ჩვენი გონება ცოდნის რაც შეიძლება დიდი მარაგით უნდა ავავსოთ, რომლის მიღებასაც კაჰუნებისგან შევძლებთ, ასევე თანამედროვე ფსიქოლოგებისგან და პარაფსიქოლოგიური მოვლენების მკვლევარებისგან. ასევე წესრიგში უნდა მოვიყვანოთ ყველა ჩვენი საქმე, სანამ აქედან წავალთ. ბევრჯერ მიცდია დამეყოლიებინა ჩემი გარდაცვლილი მეგობრები, რომლებიც სულების სახით მოდიოდნენ სპირიტული სეანსების დროს, რომ მიღმიერ სამყაროში გამოცდილი კაჰუნები მოეძებნათ, მაგრამ მათ მცდელობას შედეგი არ ჰქონდა. კაჰუნებმა უმაღლესი მიწიერი კანონები უკვე აქ აღმოაჩინეს, რომლის წყალობითაც მათ მოიპოვეს მშვენიერი შესაძლებლობები, რომლებიც საშუალებას აძლევდა მათ, რომ სიკვდილის შემდეგ მოჩვენებითი სამყაროს უმაღლეს დონეზე ასულიყვნენ. ისინი ნებას არ აძლევდნენ საკუთარ თავს ჩართულიყვნენ არც ამ სიზმრის სცენარში, არც სიზმრისეულ ბურუსისმაგვარ სურათებში, რომელთა მოწმეებიც დედამიწაზე იყვნენ.

მათ, ვისთვისაც ნაცნობია სიკვდილისშემოდგომი სურათები და მდგომარეობები, რომელშიც სიკვდილის შემდეგ მოხვდებიან, ზუსტად ეცოდინებათ, როგორ უნდა მოიქცნენ, ხაფანგში არ მოხვდებიან და შეუძლებელი იქნება მათი გამოჭერა და კვლავ დედამიწაზე დაბრუნება. რეინკარნაცია მათთვის მიზანი არაა. მხოლოდ ცოტა თუ ბრუნდება, რათა სხვების სხეულებში ჩასახლდნენ. დაბალი „მე“ უკვე საშუალო სულის სახით უბრუნდება დედამიწას და ფიზიკურ სხეულში იბადება. თავის მხრივ, შუა „მე“, ყოველ შემთხვევაში ცივილიზებული ადამიანის, სიკვდილის შემდეგ არსებობის უფრო მაღალ დონეზე გადადის. ვინც ეს საიდუმლო იცის, დიდ დროს არ უთმობს „მიწიერ არდადაგებს“. ისინი შინაგან ხმას უგდებენ ყურს, რომელიც ინტელექტის განვითარებას და უფრო მაღლა და მაღლა წასვლას ურჩევს მათ.

ხოლო ისინი, ვინც საიდუმლოს არ ზიარებია, დიდი ხნით რჩებიან სიზმარში, ხშირად ბრუნდებიან მიღმიერი სამყაროდან, რათა ცოცხლებთან ჰქონდეთ ურთიერთობა, და მეგობრობას ეძებენ მათთან. მათგან მხოლოდ დროდადრო შეიძლება გვქონდეს უსიამოვნებების მოლოდინი. უფრო ხშირი და სერიოზული უსიამოვნებების წყაროს წარმოადგენს დაბალი „მე“, რომელიც ადამიანის სიკვდილის შემდეგ თავის შუა „მე“-ს შორდება. ესენია პოლტერგეისტები, ანუ ხმაურიანი სულები, რომლებიც ადამიანებს აშინებენ და ყველანაირად აწუხებენ. მათ არ გააჩნიათ რაციონალურიაზროვნების უნარი, რადგან თავიანთ შუა „მე“-სთან კავშირი დაკარგეს. ხშირად შეიპყრობენ ხოლმე ცოცხლებს და სიგიჟემდე მიყავთ ისინი. (არსებობს სიგიჟის ბევრი ფორმა. ზოგიერთი ავადმყოფი მშვიდი, უბრალო და მოდუნებულია. ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ისინი მთელი დღე ზიან და აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებენ. სხვები - აგრესიულნი და სახიფათონი არიან. ამ უკიდურეს ტიპებს შორის არსებობენ პაციენტები, რომლებიც თავიანთი ქცევით ბავშვებს გვაგონებენ. ისინი ცდილობენ, რომ ვინმეს კეთილგანწყობა მოიპოვონ, ცელქობენ და ონავრობენ.)

არსებობენ ასევე დაბალი სულები, რომლებსაც თავად სურთ ადამიანებთან ახლოს ყოფნა. ბევრი მათგანი სწავლობს ცოცხალი ადამიანების ნატიფ სხეულებთან შეხებას და მათთვის სასიცოცხლო ძალის მოპარვას. თუ მათ შეძლეს საკმარისი რაოდენობის ენერგიის მოპარვა, ამ დროს შეუძლიათ იმდენად გააძლიერონ და გააუხეშონ თავიანთი ნატიფი სხეულები (მაშინაც კი, როცა კვლავაც უჩინარნი რჩებიან ადამიანის თვალისთვის), რომ მძიმე საგნების გადაადგილებაც კი შეუძლიათ. ერთი ასეთი მოქმედების დროს მათ შეუძლიათ მოპარული ენერგიის მთელი მარაგი დახარჯონ, რადგან შეუძლიათ კარგა გვარიანად ხმაურიანი აურზაური მოაწყონ.

ჰარი პრაისი და ფსიქოლოგიური კვლევების ნაციონალური ლაბორატორია სამი კვირის განმავლობაში შეისწავლიდა ერთი რუმინელი გოგონას - ელეონორა ზუგანის შემთხვევას, რომელსაც მსგავსი ტიპის სული აშინებდა და დევნიდა. იგი ოთახში ავეჯს გადააადგილებდა ხოლმე, როცა გოგო სახლში იყო, მის შუბლზე უცნაურ ნიშნებს ხატავდა, მტკივნეულად ჩხვლეტდა შპილკებით და ჭიკარტებით.

ახალგაზრდა ქვრივს ოჰაიოდან ასევე აწუხებდა პოლტერგეისტი, რომელსაც მედიცინის ინსტიტუტის პროფესორები სწავლობდნენ. იგი თავისი ძალის დემონსტრირებას როგორც წესი შემდეგი მეთოდით ახდენდა: კიბის ბალუსტრადადან ძელებს გლეჯდა იმ დროს, როცა ქალი ზემოთ ადიოდა კიბეზე. ასევე სხვადასხვა საგნებს ისროდა და დამანგრეველი ძალით ნივთებს აფუჭებდა.

ამ სულების ერთ-ერთი საყვარელი ხუმრობაა მძინარე ადამიანისთვის ზეწრის გადახდა. ასევე ხშირად წყალი მოაქვთ და თავზე ასხავენ მას. დოკუმენტირებულია ასევე ცეცხლის შენთების, საწოლის, ტანსაცმლისა და მთელი შენობის დაწვის რამდენიმე შემთხვევა. როგორც წესი ესენი იყვნენ ახალგაზრდა ადამიანები მედიუმური უნარებით, რომელთათვისაც ადვილად შეიძლებოდა სასიცოცხლო ძალის მოპარვა.

რამდენიმე შემთხვევაში პოლტერგეისტები სასარგებლონიც კი აღმოჩნდებოდნენ ხოლმე, როცა მათი ონავრობა მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ მაგიდას ალაგებდნენ და ჭურჭელს რეცხავდნენ.

დაბალი სულები შესაძლოა სრულიად უსაფრთხონი იყვნენ, და უმეტეს შემთხვევებში, როგორც ჩანს, ასეცაა. მაგრამ ისინი ასევე შესაძლოა შიშის მომგვრელი და სრულიად გაფუჭებული არსებებიც იყვნენ, რომლებიც ჩუმად მიეპარებიან ხოლმე ცოცხალ ადამიანებს და მათ სიკვდილზე ლოცულობენ; რომლებიც მათ სასიცოცხლო ძალას პარავენ, რასაც უკიდურეს გამოფიტვამდე და უცნაურ სიკვდილამდე მიჰყავს ადამიანები; რომლებიც სხეულებს ეუფლებიან და ადამიანები სიგიჟემდე მიჰყავთ.

ათასობით ადამიანს ჩუმად გადააქვს მსგავსი თვალთვალი. დაბალი სულები ზოგჯერ ვლინდებიან, როგორც ორმაგი ან მრავლობითი პიროვნებები. ისინი არ წარმოადგენენ სულის „დაყოფილ“ ნაწილებს, როგორც ფსიქოლოგიაშ თვლიან. ყოველი ეს სული ცალკეული, დამოუკიდებელი ინდივიდია.

არა მხოლოდ თავისი შუა სულისგან განცალკევებული დაბალი „მე“ სახლდება ცოცხალ არსებაში, როგორც უცხო „პიროვნება“. ასევე შუა „მე“ს, რომელიც თავის დაბალ „მე“-ს დაშორდა, შეუძლია იგივეს გაკეთება, თუმც კი უფრო ნაკლები დონით. დროდადრო ჩვეულებრივი, ნორმალური სულებიც კი, რომლებიც ორივე „მე“-სგან შედგებიან, ინამუსებენ ხოლმე და მიიტაცებენ რომელიმე ცოცხალი მსხვერპლის ნატიფ სხეულს.

სრულიად არაა გასაკვირი, რომ ადამიანებს ინსტინქტურად ეშინიათ სულების. მათ ამისთვის ყოველთვის ჰქონდათ მიზეზი. ვიღაცეებს გამუდმებით ემართებათ ხოლმე უცნაური მოვლენები, და არავის შეუძლია უჩინარი მოჩვენებების ამოცნობა, რომლებიც სასიცოცხლო ძალას გვართმევენ, და რაც ყველაზე უარესია, ჩვენს არაცნობიერში იმ გაფორმებულ შთაგონებებს ნერგავენ, რომლებიც მცდარ ქცევებს, დანაშაულებს, ჩხუბებს და ზოგჯერ სასტიკ, ბოროტ ქმედებებს წარმოშობენ.

ლეგენდებს ვამპირების შესახებ ძველი ტრადიცია აქვთ. დადის ხმები, რომ მკვდრები ღამით საფლავებიდან დგებიან და მძინარე ადამიანებს თავს ესხმიან. ვამპირები ყელზე ჩხვლეტენ მათ და სისხლს წოვენ, ამიტომ გამოღვიძების შემდეგ მათი მსხვერპლები სუსტები და ფერმკრთალები არიან.

ისტორიამ ბევრი შემთხვევა იცის, როცა ადამიანები ლეთარგიაში ვარდებოდნენ, და მათ ცოცხლად მარხავდნენ მიწაში. ზოგჯერ მათ ამოთხრიდნენ ხოლმე და რწმუნდებოდნენ, რომ გახრწნის არანაირი ნიშანი არ ეტყობათ, სისხლი კი კვლავაც თხევად მდგომარეობაში ნარჩუნდება. რადგანაც მსგავსი რამ მუდმივად ხდებოდა, ტრადიციული წარმოდგენები ვამპირების შესახებ არ გამქრალა. ითვლება, რომ ასე დამარხული ადამიანები სიცოცხლეს ცოცხლებისთვის სისხლის მოპარვის საიდუმლო უნარით ინარჩუნებდნენ. ძველ წიგნებში ჩვენ შევხვდებით საშნელ ამბებს იმაზე, თუ როგორ აღდგებიან ხოლმე გარდაცვლილი და დამარხული ადამიანები საფლავებიდან და როგორ ეძებენ შემთხევას, რომ ვინმეს სისხლი გამოწოვონ. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ალბათ ესენი იყვნენ მატერიალიზებული მოჩვენებები, და მოპარვაც მხოლოდ სასიცოცხლო ძალის შეეძლოთ.

თუმც კი შეუძლებელია მსგავსი ინსტორიების რეალობის დამტკიცება, მათში საოცრად ხშირადაა მოხსენიებული, რომ სულ-ვამპირებს სიზმრებში ან „საკუთარი თვალებით“ ხედავდნენ. დასაფლავებასა და ეგსჰუმაციას შორის ზოგჯერ მრავალი დღე გადიოდა. რადგან ხდებოდა, რომ სხეულს მარხავდნენ და გახრწნის ნიშნებს ვერ ხედავდნენ, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ ასეთ შემთხვევებში სიცოცხლე რაღაც იდუმალი მეთოდით გრძელდებოდა. უძველესი დროიდან ითვლება, რომ სისხლი სიცოცხლის მომცემ სითხეს წარმოადგენს. შესაძლოა გარდაცვლილთა საფლავებში აღმოჩენილი სისხლის ლაქები მხოლოდ ვინმეს გამონაგონია. ან შესაძლოა, დამარხული ადამიანი ლეთარგიისგან გაღვიძების შემდეგ განთავისუფლებას ცდილობდა და ამის გამო ტრავმას იღებდა. ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია დავუშვათ, რომ ასეთი შესაძლებლობაც არსებობს, რომ ტრანსში მყოფი ადამიანები, რომლებიც ვამპირების შესახებ ამბებს იცნობდნენ, უეცრად საფლავში ჩაკეტილები აღმოაჩენდნენ ხოლმე საკუთარ თავს და გადარჩენას სხვებისთვის სისხლის გამოწოვით ცდილობდნენ. მაგრამ სიმართლესთან უფრო ახლოს ის იქნებოდა, რომ ისინი მათ სასიცოცხლო ენერგიას სწოვდნენ. და თუ ახერხებდნენ, რომ ყოველ ღამით თუნდაც მცირე პორცია მოეპოვებინათ, რაღაც პერიოდის განმავლობაში ლეთარგიაშ ჩაძირულნი ამით სიცოცხლეს ინარჩუნებდნენ.

შუასაუკუნეებში იმ გარდაცვლილის გულში, რომელიც ვამპირიზმში იყო ეჭვმიტანილი, გულში შუბს ჩაასობდნენ ხოლმე. იღებდნენ ხოლმე ასევე უსაფრთხოების სხვა ზომებსაც, როგორებიცაა ჯადოქრობა, მაგიური შელოცვა და რელიგიური რიტუალები. გარდაცვლილის კრემაცია ყველაზე საიმედო მეთოდად ითვლებოდა.

არსებობს სუსტი ძაფი, რომელიც ამ ძველ წარმოდგენებს კაჰუნების ცოდნასთან აკავშირებს. ესაა რწმენა ბნელი ძალების და სულების არსებობისა, რომლებიც არასოდეს ინკარნირებულან მატერიალურ სამყაროში. მაგრამ არსებობენ ასევე კეთილი ძალებიც, რომლებიც ასევე არ იბადებიან მიწიერ სხეულებში. ესენი არიან ყოფიერების მაღალი დონის სულები - სინათლის არსებები. ჩვენ არაფერი ვიცით მათ შესახებ, მაგრამ თუკი ისინი არსებობენ, მათ გეგმებში ალბათ არ შედის ადამიანებზე თავდასხმა.

ყურადღება უნდა გავამახვილოთ კიდევ ერთ, ბოლო საფრთხეზე, რომელიც შეიძლება მიღმიერი სამყაროდან გვემუქრებოდეს. ესაა გააზრებული, მიზნობრივი თავდასხმა „იქ მცხოვრები“ პიროვნებისა, რომელიც „აქ მცხოვრების“ დასჯას ცდილობს იმ ბოროტებისთვის, რომელიც ამ სულისთვის საყვარელი რომელიღაც ადამიანის მიმართ ჩაიდინა. სასჯელი შეიძლება იყოს ასევე შურისძიება იმ ბოროტებისთვის, რომელიც ამ სულს ცხოვრებაში მიაყენეს, თუკი იგი მიღმიერ სამყაროში სიძულვილით აღსავსე გულით გადავიდა.

შთაგონება იმაზე დიდ როლს თამაშობს ჩვენ ცხოვრებაში, ვიდრე ჩვენ გვგონია. ჩვენ ყოველდღე ვიღებთ და გადავცემთ ჩვენს ნათესავებთან და ნაცნობებთან დაკავშირებულ შთაგონებებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ შთაგონებას ფიზიკური სტიმულიც თან ახლავს. მზრუნველი დედა ეუბნება თავის ბავშვს: „ცუდად გამოიყურები, ავად ხარ?“ - და ამავდროულად შუბლზე ადებს ხელს. ამან შეიძლება ავადმყოფობის შთაგონება გამოიწვიოს მასში.

ჩვეულებრივი გარდაცვლილის ფიზიკური სხეულისგან განცალკევებული სულმა, რომელიც ორივე სახის ცნობიერებისგან (დაბალი და შუა) შედგება, ასევე შეიძლება გადასცეს შთაგონება, განსაკუთრებით მაშინ, როცა სასიცოცხლო ძალის მარაგს რომელიმე ცოცხალ ადამიანში პოულობს. ცოცხლებისგან ისინი ასევე იღებენ სხვადასხვა აზროფორმებს, რომლებსაც შემდეგ ასევე შთაგონებისთვის იყენებენ.

ერთმა კაჰუნამ, რომელიც ოდესღაც ამ მოვლენას მიხსნიდა, ხაზი გაუსვა, რომ ძალიან სახიფათოა გაფიქრება ან ხმამაღლა გამოხატვა იმ აზრებისა, რომლებიც ჩვეულებრივმა სულმა შეიძლება შთაგონების სახით გამოიყენოს. (ჩვეულებრივ სულს კაჰუნები კინო ვაულუას უწოდებდნენ, ანუ „ორი წყლის სხეულს“. წყალი მათთვის სასიცოცხლო ძალის სიმბოლო იყო. თუკი სული სასიცოცხლო ძალის ორ სახეს ფლობს, ეს ნიშნავს, რომ იგი შედგება დაბალი და შუა „მე“-ებისგან, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულად ცხოვრობენ, მჭიდროდ შეერთებული ნატიფი სხეულებით). კაჰუნა მაფრთხილებდა, რომ არასოდეს მეთქვა ხუმრობითაც კი: „ეშმაკმა დაწყებლოს“, „ამოწყდეს“, და ა.შ. - რადგან ასეთი აზრი შეიძლება რომელიმე მტრულმა სულმა ჩაიგდოს ხელში, შემდეგ კი ვინმეს შთაგონების სახით გადასცეს.

ჰავაიზე მხოლოდ კაჰუნები არ აცნობიერებდნენ ვინმეზე ბოროტი სულის თავდასხმის შესაძლებლობას. ეს ჩვეულებრივმა ადამიანებმაც იცოდნენ, და უფრო მეტიც, იყენებდნენ ამას, როცა ბოროტებას უკეთებდნენ, თვითონ კი იგივეთი პასუხი არ შეეძლოთ. ამ შემთხვევაში დაზარალებული ტელეპატიის ან ინტელექტუალური ძალისხმევის საშუალებით იწვევდა რომელიმე გარდაცვლილი ნათესავის სულს და ასრულებდა რიტუალს, რომელშიც გულდასმით ჩამოთვლიდა ხოლმე მისთვის მიყენებულ ყველა წყენას.

ქვემოთ ამ რიტუალის ორ მაგალითს მოვიყვან:

შემთხვევა 27

გარდაცვლილი ნათესავების სულთა თავდასხმა მათ ცოცხალ მწყენინებლებზე

შესავალი შენიშვნა

როგორც სიკვდილის ლოცვის შესახებ საუბრისას გავარკვიეთ, ყოველი ადამიანის დაბალი „მე“ თვითონვე იცავს თავს ყოველგვარი სულისგან. ჩვეულებრივ მას სასიცოცხლო ძალის უფრო დიდი მარაგი გააჩნია, ვიდრე მასზე თავდამსხმელ სულს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სული რომელიმე კაჰუნამ გაგზავნა და ენერგიის მძლავრი მარაგითაც უზრუნველჰყო. ამიტომ, როგორც წესი, ადამიანს შეუძლია ენერგიით ნაკლებად დამუხტული სულის მოგერიება. სწორედ ყოველი ჩვენგანის დაბალ „მე“-ს გააჩნია ის, რასაც ჩვენ ფსიქოლოგიურ მიმღებლობას ვეძახით. სწორედ ის გრძნობს იმ სულების თანმყოფობას, რომლებზეც შუა „მე“ საერთოდ არც კი ეჭვობს.

ხდება ხოლმე, რომ ჩვენ დანაშაულის ღრმა გრძნობას განვიცდით რაიმე რეალური ან შეთხზული ცოდვის გამო. ზოგჯერ ასეთი დანაშაულის გრძნობა კომპლექსის ფორმას იღებს. ასეთ შემთხვევებში რომელიმე „დამსჯელი სულის“ თავდასხმისას, რომელიც ცდილობს, რომ შთაგვინერგოს ავადმყოფობის, უბედური შემთხვევის ან სხვა უბედურების, როგორც ჩვენი ცოდვებისთვის საზღაურის შესახებ აზროფორმა, ჩვენი დაბალი „მე“ მზადაა მიიღოს ასეთი შთაგონება, რადგან დარწმუნებულია, რომ მართლაც იმსახურებს სასჯელს.

მსგავსი დანაშაულის კომპლექსები სუსტ რგოლს წარმოადგენენ ავი სულებისგან თავდაცვისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათლა დავაზიანეთ ვინმე, არ გამოვისყიდეთ დანაშაული და არ მივიღეთ პატიება. ასეთ სიტუაციაში შუა „მე“ დარწმუნებულია, რომ დამნაშავეა და სასჯელს იმსახურებს. კაჰუნებმა იცოდნენ ამ საიდუმლოს შესახებ და აცნობიერებდნენ მის დიდ მნიშვნელობას. სამწუხაროდ, დიდი რელიგიების დამფუძნებლებს და მათ მიმდევრებს მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ ამ ჭეშმარიტების შესახებ და სრულიად არ ესმოდათ იგი. მხოლოდ თეოსოფებმა, რომლებმაც ცოდნა ძირითადად ინდოეთიდან აიღეს, იციან ნატიფი არსებებისგან მომავალი ამ საფრთხის შესახებ და საუბრობენ ჩვენი ასტრალური გარსის დაზიანების საფრთხეზე, რის შემდეგაც თავდამსხმელი სულები ადვილ წვდომას იღებენ თავიანთ მსხვერპლებზე. თუმცაღა თეზისი ასტრალური სხეულის დაზიანების შესახებ ვერ ხსნის, თუ რატომაა, რომ წლების განმავლობაში სულებთან ურთიერთობაშ მყოფი მედიუმები რატომ არ ექვემდებარებიან შეპყრობილობას, და რატომ არ მოაქვთ მათთვის სულებს არანაირი ზიანი. ეს შეხედულება ასევე არ ითვალისწინებს იმ როლს, რომელსაც სასიცოცხლო ძალა თამაშობს ადამიანის სულთან შეჯახებისას, ასევე კომპლექსების როლს ადამიანის ფსიქიკაში.

შემთხვევების აღწერა

(A) ჰონოლულუში ერთ შემთხვევას შევისწავლიდი, როდესაც ავი სული ჩემი მეგობრის ძმას დაესხა თავს, ნახევრად ჩინელს, ნახევრად ჰავაელს. ამ ყმაწვილს ახალგაზრდა და ლამაზი ჰავაელი ქალი შეუყვარდა. თუმც კი ჯერ არ გამოტყდომოდა ამაში, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ როგორც კი ფულს დააგროვებდა ცოლად მოიყვანდა.

როცა მარილის მოპოვების საქმე, რომელშიც ეს ახალგაზრდა იყო ჩართული, აქტიურად განვითარდა, ამ დროს ბიჭის მამა ჩაერია. მას სურდა, რომ ჩინეთში მიღებული ტრადიციისნ თანახმად თვითონ შეერჩია სარძლო თავისი ვაჟისთვის. ბიჭს უყვარდა მამა და პატივს სცემდა მას, და თუმც კი არ უნდოდა, დათანხმდა მას, რომ შეწყვეტდა ჰავაელ გოგოსთან ურთიერთობას და საშალებას მისცემდა, მისთვის საცოლე შეერჩია. მას ესმოდა, რომ გოგოსთვის დაშორება მტკივნეული იქნებოდა, მაგრამ იმდენად სავსე იყო დანაშაულის და სირცხვილის გრძნობით, რომ არც კი სცადა მასთან მისვლა და ამ ყველაფრის ახსნა. უეჭველია, რომ ამ მომენტში დანაშაულის კომპლექსი ჩამოუყალიბდა, რომელიც მის დაბალ „მე“-ში ჩაინერგა, და რომელსაც სრულიად იზიარებდა დაბალი „მე“, დარწმუნებული იმაში, რომ ბიჭმა გოგოს გამოუსწორებლად აწყენინა.

რაღაც დროის განმავლობაში ეს გოგო „გატეხილი“ გულით ცხოვრობდა, შემდეგ კი, როცა გააცნობიერა, როგორ მოექცნენ, რისხვამ შეიპყრო. თავისი ხალხის ტრადიციის თანახმად, მან „წუწუნი“ დაიწყო და თავისი საყვარელი ბებიის სულს შეჰღაღადებდა, რომ შური ეძია მის გამო.

მალე ბიჭი რაღაც უცნობმა ავადმყოფობამ შეიპყრო. იგი ყველაზე მოულოდნელ მომენტებში კარგავდა ცნობიერებას. ერთხელ სისუსტე იგრძნო და ცეცხლში ჩავარდა. შედეგად სერიოზული დამწვრობა მიიღო. შემდეგ ჯერზე გონება მაშინ დაკარგა, როცა მარილის შახტისკენ მიდიოდა, ავტომობილი დაამტვრია და ძლივს გადაურჩა სერიოზულ დაზიანებებს. მოგვიანებით მან კვლავ დაკარგა გონება და ანთებული სიგარეტით ხელში დაეცა საწოლზე. საწოლს ცეცხლი წაეკიდა და მან კვლავ დამწვრობა მიიღო. ბიჭმა სამ ექიმთან გაიარა კონსულტაცია, მაგრამ ვერცერთმა ვერ დაუსვა დიაგნოზი, და ვერც პრობლემის მიზეზები დაუსახელა. ავადმყოფობის დაწყებიდანვე მისი ჰავაელი დედა არწმუნებდა, რომ რჩევისთვის რომელიმე კაჰუნასთვის მიემართა. მაგრამ ბიჭი ძალიან თანამედროვე წარმოდგენების იყო, სკოლაში კი ასწავლიდნენ, რომ კაჰუნები ცრუმორწმუნე შარლატანები არიან. მაგრამ როცა ვერცერთი სახის მკურნალობამ ვერ უშველა, დედის რჩევას დაუჯერა. კაჰუნამ, ხანშიშესულმა მამაკაცმა ყურადღებით მოუსმინა მის ისტორიას. რაღაც დროის განმავლობაში ჩუმად იჯდა დახუჭული თვალებით, რის შემდეგაც თავი ასწია და თქვა, რომ ვიღაც მოხუცი ჰავაელის სულის თანმყოფობას გრძნობდა. ამ სულისგან მან გაიგო, რომ ბიჭმა ეთ-ერთი უმძიმესი ცოდვა ჩაიდინა - შეურაცხყო ის, ვისაც იგი უყვარდა და უსაზღვროდ ენდობოდა. ამიტომ მოხუცის სული ყველაფერს აკეთებს, რომ შური იძიოს ამ დამცირების გამო. ბიჭი გაოგნებული იყო. მან აღიარა თავისი დანაშაული და იკითხა, რა უნდა გაეკეთებინა. კაჰუნამ ჰავაელების უძველესი კანონი გაახსენა მას: არავის შეუძლია სასჯელის გარეშე ავნოს მოყვასს არც ფიზიკურად, არც ქონებრივად და არც მორალურად. ეს ყველაფერი ცოდვაა, და მისგან მხოლოდ ერთი წამალი არსებობს: დამნაშავემ უნდა გამოასწოროს ჩადენილი ბოროტება და პატიება უნდა მიიღოს მისგან, ვისაც აწყენინა.

ბიჭი დაემშვიდობა კაჰუნას და პირდაპირ იმ ჰავაელ გოგოსთან წავიდა. მას ზიზღით და რისხვით დახვდნენ. მაგრამ იგი ძალას არ იშურებდა და ცდილობდა დაერწმუნებინა გოგო, რომ შესულიყო მის მდგომარეობაში. მან ზიზღით უარყო მისი თხოვნა - ცოლად გაყოლოდა. მეორე დღეს ბიჭი საჩუქრებით დაბრუნდა და კვლავ თხოვა პატიება. ასე გრძელდებოდა რამდენიმე დღე. ბოლოს და ბოლოს მისმა ხვეწნა-მუდარამ მოალბო გოგო და თანაგრძნობა გაუღვიძა. მან აპატია და დათანხმდა, რომ მოხუც კაჰუნასთან გაყოლოდა, რათა ბიჭ დარწმუნებულიყო, რომ ყველაფეი კარგად დამთავრდა. როგორც ჩანს კაჰუნა უკვე ელოდა მათ. მან შეაქო გოგო მისი კეთილი გულის გამო და გამოიძახა მისი ბებიის სული, რათა იგი დარწმუნებულიყო, რომ ბოროტება გამოსწოებულია და დამნაშავეს აპატიეს. კაჰუნამ მადლობა გადაუხადა სულს სამართლიანობის აღდგენაში თანამშრომლობისთვის და თხოვა, რომ შეეწყვიტა თავდასხმები. როცა ბებიამ თანხმობა განუცხადა, მან თის ფოთლების გროვა აიღო ზღვის წყალთან ერთად და აპკურა გოგონას, შემდეგ კი იმ ადგილს, სადაც მოხუცის სული იმყოფებოდა. მან შთამაგონებელი ძალით წარმოთქვა პატიების სიტყვები - კალა. შემდეგ დაემშიდობა სულს და გოგოს და ბიჭს მიმართა. აუხსნა, რომ კალა („სინათლის დაბრუნება“), ანუ განწმენდა ძალიან რთული საქმეა.

რადგან ბიჭი დამნაშავე იყო და მისმა დანაშაულის გრძნობამ საშუალება მისცა მოხუცის სულს, რომ თავისუფლად შთაეგონებინა მის ფსიქიკაში აზრები გონების დაკარგვაზე, ახლაც კი, როცა უკვე მიიღო პატიება, მის დაბალ „მე“-ს შეეძლო გაეგრძელებინა მისი დასჯა, თუკი სათანადოდ არ განიწმინდებოდა.

იმისთვის, რომ ბიჭი ცოდვებისგან განეწმინდა და პატიების ცერემონია ჩაეტარებინა, კაჰუნამ გამოიყენა ძალზე ძლიერი და ეფექტური საშუალება, რომელსაც სამუდამოდ უნდა განეკურნა იგი გონების დაკარგვის შემოტევებისგან. მან ქათმის კვერცხი მოიტანა, დიდხანს ეჭირა ხელში და ნახევარი ხმით წარმოთქვამდა სიტყვებს, რომელიც უბრძანებდა გამაჯანსაღებელ და მიმტევებელ ძალას, რომ კვერცხში შესულიყო.

როცა კვერცხი სასიცოცხლო ძალით აავსო, ბიჭის პირისპირ დადგა და უბრძანა, რომ შეეკავებინა სუნთქვა იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც შეძლებდა. როცა უკვე აღარ ეყოფოდა ჰაერი, მას უბრალოდ ხელი უნდა გამოეწვდინა. მაშინ კაჰუნა გაუწვდიდა ფაიფურის ჯამს, რომელშიც წინასწარ ჩაასხამდა გატეხილ კვერცხს. ჰაერის ჩასუნთქვის გარეშე ბიჭს ბოლომდე უნდა დაელია ეს კვერცხი. სწორედ ამ დროს წარმოითქმებოდა მიტევების სიტყვები, რომლებიც გააძლიერებენ კვერცხში არსებულ ძალას, რაც გამოიწვევდა დანაშაულისგან სრულ განთავისუფლებას და ავადმყოფობისგან განკურნებას.

ბიჭმა ყველა ეს ინსტრუქცია ზუსტად შეასრულა. კაჰუნამ გადასცა მას შთაგონება მიტევების, დანაშაულის გამოსყიდვის და სასჯელისადმი ყველა შიშისგან განთავისუფლების შესახებ. მან რამდენჯერმე გაიმეორა მიტევების სიტყვები და თან ენერგიულად დაუზილა ბიჭს მუცელი, როცა მან კვერცხი ჩაყლაპა და ნორმალურად სუნთქვა დაიწყო. ამ პროცედურების შემდეგ კაჰუნამ კმაყოფილებით წარმოთქვა, რომ ავადმყოფობა წავიდა. მან გააფრთხილა პაციენტი, რომ რაც შეიძლება მალე უნდა დაევიწყებინა ეს ყველაფერი, რის შემდეგაც მადლიერებით მიიღო გასამრჯელო თავისი შრომისთვის.

მე ყურადღებით შევისწავლე ეს შემთხვევა, სკურპულოზურად შევამოწმე და დეტალებში დავაფიქსირე მკრუნალობის მიმდინარეობა. რამდენიმე წლის განმავლობაში ვინარჩუნებდი კონტაქტს ჩემს ახალგაზრდა მეგობართან. გონების დაკარგვის შემთხვევა მეტჯერ აღარ განმეორებულა.

(B) სხვა შემთხვევა, რომელიც ასევე გულდასმით შევისწავლე ჰავაიზე მოხდა და ეხება ადგილობრივ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, მათ პატარა ქალიშვილს და ასევე ქმრის დედას.

ქმარმა, საკუთარი დედის ერთადერთმა ვაჟმა, ოდესღაც პირობა მისცა მას, რომ თუ პირველი გოგონა გაუჩნდებოდა, ბებიის სახელს დაარქმევდა. როცა რამდენიმე წლის შეწმდეგ ქალიშვილი შეეძინა, ან დაავიწყდა თავისი დაპირება, ან ქარაფშუტულად მოიქცა და ცოლმა თვითონ შეურჩია სახელი ბავშვს.

ბებია ძალიან იმედგაცრუებული იყო. დროთა განმავლობაში მოუცლელობის გამო ცოლ-ქმარი უფრო და უფრო იშვიათად სტუმრობდა მას, ისიც უფრო და უფრო შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს, და მასში ბრაზი მატულობდა. როცა შვილი და რძალი საერთოდ აღარ აქცევდნენ ყურადღებას, მან თავისი ნათესავების სულებთან დაიწყო ჩივილი. იგი თხოვდა მათ, რომ ზემოქმედება მოეხდინათ მის შვილზე და რძალზე ისე, რომ მისი უგულვებელჰყოფა შეეწყვიტათ.

როგორც მოგვიანებით კაჰუნამ განმარტა, ახალგაზრდები ვერ აცნობიერებდნენ, რომ დედის გრძნობები შეურაცხყვეს. ისინი ისე იყვნენ ჩაფლული მუშაობაში, რომ არანაირი დანაშაულის გრძნობა არ ჰქონდათ ბებიის მიმართ. ამიტომ სულები, რომლებიც მათზე თავდასხმას და დასჯას ცდილობდნენ, ვერაფერს ვერ ახერხებდნენ. თუმცაღა მათ აღმოაჩინეს, რომ ბავშვი არ იყო დაცული მათი თავდასხმების მიმართ, ამიტომ ყოველდღე ცოტ-ცოტა სასიცოცხლო ძალას პარავდნენ მას. ბავშვი დღითიდღე სუსტდებოდა, ძალიან ავადმყოფური იყო, და ექიმების მიერ გამოწერილი წამლებიც არ შველოდნენ.

ბავშვი ჯერ ორი წლისაც არ იყო, როცა ჰონოლულუს ბავშვთა კლინიკაში მიიყვანეს. იქ კიდევ უფრო დასუსტდა და რაღაც მომენტში სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მივიდა.

შეშინებულმა და სასოწარკვეთილმა მშობლებმა კლინიკიდან წამოიყვანეს ბავშვი და მაშინვე მიიყვანეს სახლში, სადაც სამი მოხუცი ჰავაელი ცხოვრობდა. სამივე, ორი ქალი და ერთი მამაკაცი, სხვადასხვა „კვალიფიკაციის“ დონის კაჰუნები იყვნენ და ყოველთვის ერთად მუშაობდნენ. ამ სამიდან მამაკაცი ყველაზე სულიერი იყო. მას მაკაულას, ანუ „თვალს“ ეძახდნენ.

ისინი მაშინვე საქმეს შეუდგნენ. მოხუცმა მარტივი მოწყობილობა მოიტანა, რომელიც დამხმარე საშუალებას წარმოადგენდა კრისტალზე კონცენტრაციისას. ეს იყო ნესვის პატარა კალაბასა გამოწეული შუაგულით; იგი წყლით იყო სავსე, შუაში კი შავი მრგვალი ქვა იდო. დროდადრო კაჰუნა ქვას წყალს ასხამდა, და შავ მბრწყინავ ზედაპირზე ჩნდებოდნენ სურათები, რომლებიც ბავშვის ავადმყოფობის მიზეზის დადგენის საშუალებას აძლევდნენ მათ.

ქალებმა თის ფოთლების ცხელი ნაყენი მოიტანეს და ბავშვი განმაბეს მასში. თან რიგრიგობით ეხებოდნენ მის სხეულს და ძველ სამკურნალო სიმღერას გალობდნენ. (ეს უძველესი რიტუალური გალობები ხშირად მშვენიერ სიტყვებს შეიცავენ და შესანიშნავად ირითმებიან ადგილობრივ ენაზე). მანამ, სანამ კლინიკიდან გამოიყვანდნენ, ბავშვს კრუნჩხვის ძლიერი შეტევა ჰქონდა, შემდეგ კი მუდმივად ჰქონდა ენის მსუბუქი დაბმა. ახლა კი იგი დამშვიდდა და დაიძინა.

მოხუცმა კაჰუნამ სამუშაო დაასრულა და გაბუჟებული კიდურებით გამოვიდა ბნელი კუთხიდან, სადაც ტრადიციულად, ოთხზე დაყრდნობილი კონცენტრირდებოდა ხოლმე ქვაზე. მან თქვა, რომ ოთხივე მიმართულებით „იჭერდა“ (ალბათ საქმე ეხებოდა აკას - ნატიფი სუბსტანციის ძაფებს, რომელიც პაციენტისგან სხვადასხვა მიმართულებით იშლებოდა. კაჰუნას სურდა ეპოვა ვიღაც ან რაღაც, რომელიც ამ ძაფით იყო დაკავშირებული გოგოსთან. იგი ამ ძაფებს ასევე „ანკესებსაც“ უწოდებდა). მან იპოვა რამდენიმე ძალიან გაბრაზებული სული და ასევე დაინახა ფრიად აგზნებული ქალბატონი სისხლისგან და ხორცისგან, რომელიც, როგორც მან ივარაუდა, გოგონას ბებია იყო. კაჰუნამ ახალგაზრდებს რამდენიმე კითხვა დაუსვა, რათა თავის ვარაუდში დარწმუნებულიყო. უთხრა, რომ მოხუცი ძალიან იყო ნაწყენი და ნათესავების სულებთან იჩივლა შვილზე და რძალზე. შედეგად სულები ბავშვს დაესხნენ თავს.

ახალგაზრდა კაცი დარწმუნებული იყო, რომ აქ ალბათ რაღაც შეცდომა მოხდა. მისი დედა არასოდეს ჩაიდენდა მსგავს რამეს. თუმცაღა მაშინვე წავიდა დედის მოსაყვანად. როცა დედის სახლში შევიდა, დარწმუნდა, რომ კაჰუნა მართალი იყო. დედა წყევლიდა მას და თავის ბედს უჩიოდა. იგი მხოლოდ მას შემდეგ დამშვიდდა, როცა გაიგო, რომ სწორედ მისმა შვილიშვილმა, და არა ვაჟმა ან რძალმა იწვნიეს სასჯელი. რადგან ბებიას საერთოდ არ სურდა ბავშვისთვის ზიანის მიყენება, თვალცრემლიანი გაეშურა შვილთან ერთად კაჰუნების სახლისკენ.

უფროსმა კაჰუნამ, რომელსაც უკვე გვერდზე მოედგა ჭურჭელი შავი ქვით, ბებიას რამდენიმე კითხვა დაუსვა. ყველაფერი გაიგო მისი წყენისა და სულებისადმი ჩივილის შესახებ. და ჯერ ის გამოლანძღა ამისთვის, შემდეგ კი უფრო მეტად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ბოლოს გამოიძახა სულები და ჰკითხა მათ, რა უნდა გაეკეთებინა ცოლ-ქმარს დანაშაულის გამოსასყიდად. მიღებულ იქნა ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომ ბავშვმა ბებიის სახელი უნდა ატაროს, და ახალგაზრდებიც ქარაფშუტულად აღარ უნა მოქცეოდნენ მოხუცს. მათ სიხარულის ცრემლებით აპატიეს ერთმანეთს ყველა წყენა და დანაშაული. მოხუცმა ყოველი შემთხვევისთვის წყალი ასხურა ყველას გარდა ბავშვისა, - მათ შორის სულებსაც. გამწმენდი სიტყვები წარმოთქვა და ყველა გააფრთხილა, რომ აღარ ეფიქრათ და აღარ გაეხსენებინათ ეს პრობლემები. თუკი მოხდებოდა, რომ კვლავ გაიხსენებდნენ ამ სევდიან ამბავს, მაშინვე უნდა წარმოეთქვათ პატიების ლოცვა, რათა აღარ გასჩენოდათ რაიმე დანაშაულის გრძნობა და არ მოეხდინათ ახალი გართულებების პროვოცირება.

გოგონა სასწაულებრივად გამოჯანმრთელდა. მალე ძლიერი და სიცოცხლით სავსე გახდა. ის და მისი ახალგაზრდა მშობლები კარგი ჯანმრთელობით გამოირჩეოდნენ, ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ კუნძულებს დავტოვებდი და მათთან კონტაქტს შევწყვეტდი.

კომენტარი

ამ ორივე შემთხვევაში გამოყენებული იყო შთაგონება ფიზიკურ სტიმულთან ერთად. ყველაზე კარგად ამ ორი ფაქტორის მოქმედების დემონსტრირება პირველი მაგალითით შეიძლება. მეორე შემთხვევაში შთაგონებას ვერანაირი ზემოქმედება ვერ ექნებოდა ბავშვის ძალიან პატარა ასაკის გამო (ორი წლისაც არ იყო). აქედან გამომდინარეობს, რომ კუნძულებზე ფართოდ გავრცელებული შეხედულება, რომლის მიხედვითაც კაჰუნების მთელი მაგია შთაგონებაში მდგომარეობს, - ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ის ფაქტი, რომ ბავშვიც კი გახდა ასეთი ძლიერი თავდასხმის მსხვერპლი, მიუთითებს სერიოზულ საფრთხეზე, რომელიც შეიძლება გაბრაზებული სულებისგან მოდიოდეს. ამიტომ იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი თავი და შვილები თავდასხმებისგან, არანაირად არ უნდა ვაწყენინოთ ჩვენს ახლობლებს. თუკი იძულებულნი ვართ, რომ ვთქვათ ან გავაკეთოთ ისეთი რაღაც, რამაც შეიძლება სხვა ადამიანს აწყენინოს, მაშინ სერიოზული საფუძველი და ახსნა უნდა ვუპოვოთ ჩვენს სიტყვებს და ქმედებებს. ან უკეთესია, მოვითმინოთ წყენა, მაგრამ არ ვაწყენინოთ ისეთ ადამიანს, ვინც ვერ გებულობს ჩვენი ქცევის მიზეზს.

ადრე, უძველეს ტრადიციებზე აღზრდილი ჰავაელები, ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდნენ იმას, რომ არავისთვის ევნოთ ან ეწყენინებინათ. ისინი ცდილობდნენ დაემარცხებინათ საკუთარ თავში შურის ან ზიზღის გრძნობა. ამ მიზნით უხვად უზიარებდნენ სხვებს ამქვეყნიურ სიუხვეებს. ამ პრინციპების განვითარების შედეგად კუნძულებზე ფორმირდა საზოგადოება, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი კეთილგანწყობით და სტუმართმოყვარეობით.

სულიერი ავადმყოფობების მკურნალობა შეიძლება ორი სახის იყოს. პირველ რიგში ესაა სიგიჟითა და სხვადასხვა სახის მანიებით შეპყრობილი ადამიანების მკურნალობა. მეორე შემთხვევაში ესაა იმ ავადმყოფების მკურნალობა, რომლებსაც თავის ტვინის ქერქი დაუზიანდათ.

თუ ბავშვი ტვინის ანომალიებით იბადება, მასში ნორმალურად შეიძლება მხოლოდ დაბალმა „მე“-მ იფუნქციონიროს, საშუალო „მე“-მ, ანუ ცნობიერებამ კი - ვერასოდეს. დაბალ „მე“-ს მხოლოდ იმის სწავლა შეუძლია, რასაც ცხოველები სწავლობენ. ასეთი ადამიანი დაბალი „მე“-სთვის დამახასიათებელ აზროვნებასაც კი ვერ სწავლობს, აზროვნებას, რომელიც დედუქციაზეა დამყარებული, და მთელი ცხოვრება იდიოტი რჩება.

კაჰუნები ამტკიცებდნენ, რომ დაბალი „მე“-ს სათავსოს მისი ნატიფი (მოჩვენების) სხეული წარმოადგენს, და რომ ეს „გონება“ კონტაქტშია მსგავს „გონებასთან“, ომელიც საშუალო „მე“-ს ეკუთვნის და ამ უკანასკნელის მოჩვენების სხეულში ბინადრობს. ორივე ეს გონება უპირატესად დაკავშირებული რჩება პერიოდში, როცა ორივე სული ტოვებს ფიზიკურ სხეულს ძილის დროს ან ტრანსის მდგომარეობაში. ადამიანის სიკვდილის შემდეგ მისი ორივე „მე“ ერთმანეთთან დაკავშირებული ნატიფი სხეულებით ტოვებენ სხეულებრივ გარსს. მათთან ერთად მიდიან მიწიერი მოგონებები, რწმენები, კომპლექსები და შეხედულებები, რომლებიც არაცნობიერის მოჩვენების სხეულში არიან დაგროვებულნი.

ჩვეულებრივ, ორივე „მე“ იყენებს სხეულს და მის ორგანოებს იმის წყალობით, რომ ნატიფი სხეულები ადამიანის სხეულს განმსჭვალავენ და ყველა მის ნაწილს უერთდებიან, ტვინის და მთელი ნერვული სისტემის ჩათვლით. თუ ტვინის ცენტრებში რაიმე დაზიანებულია, ორივე სული ვერ შეძლებს ნორმალურად მოქმედებას - განსაკუთრებით მაშინ, თუ რაიმე უბედური შემთხვევის ან სერიოზული ავადმყოფობის შედეგად შუა „მე“-ს მიერ გამოყენებული ტვინის ქსოვილები ზიანდება. შუა „მე“, რომელიც სხეულის ამ ნაწილში ფუნქციონირების შესაძლებლობას კარგავს, განდევნილი ხდება და აავინ იცის, სად დახეტიალობს თავისი უჩინარი ფორმით, მაშინ, როცა დაბალი „მე“ ცხოვრებას განაგრძობს ფიზიკური სხეულის დაუზიანებელ ნაწილებში.

ფსიქიატრიულში ფსიქიკური დაავადების ამ ფორმით ბევრი ადამიანია. შუა „მე“ ადვილად გამოდის სხეულიდან, თუ ნერვული ცენტრები დროებით ან სამუდამოდ დაზიანდა. ტოქსინები, რომლის წყაროც შეიძლება იყოს დაავადებული კბილები ან სხვა ავადმყოფობები, ასევე შეიძლება გახდეს შუა „მე“-ს წასვლის მიზეზი, მაშინ, როცა დაბალი „მე“ ჩვეულებრივ ფუნქციონირებს. დაავადებული კბილების ან სხვა პრობლემების განკურნების შემდეგ შუა „მე“ როგორც წესი ბრუნდება ხოლმე და ადამიანს კვლავ უბრუნდება ფსიქიკური ჯანმრთელობა.

ხდება ხოლმე, რომ უბედური შემთხვევის ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შედეგად ორივე „მე“ განდევნილი ხდება სხეულიდან. ამ შემთხვევაში, შესაძლოა რომელიმე შემპყრობელი სული დაეუფლოს სხეულს და თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს იგი. ისეც შეიძლება მოხდეს, რომ მსგავსი უცხო სული მხოლოდ გარკვეული დროით დაეუფლება სხეულს. ასეთ შემთხვევებში ამბობენ, რომ პაციენტი პიროვნების გაორებით იტანჯება.

ფსიქიკური ავადმყოფობების შემთხვევებში, რომელთა მიზეზიც შეპყრობილობაა, ჩვენ შეგვიძლია პაციენტი სრული ან ნაწილობრივი ამნეზიის მსხვერპლად ჩავთვალოთ, რადგან შეპყრობილობა გამოწვეულია ჩვეულებრივი სულით, რომელიც დაბალი და შუა „მე“-ებისგან შედგება. როცა ასეთი სული სრულუფლებიან პატრონს დევნის თავისი სხეულიდან და მის ადგილს იკავებს, მას თან მოაქვს მოგონებების მთელი კომპლექსი სხვა ადამიანის ცხოვრებიდან, რომელიც მის დაბალ ნატიფ სხეულში იყო დაგროვებული. მას ასევე მოაქვს თავისი შუა „მე“, მისთვის დამახასიათებელი აზროვნების სტილით. ეს საკმაოდ იშვიათი ფსიქიკური ავადმყოფობაა, რადგან ასეთ შემთხვევაში სულების წყვილი, რომელმაც მიტაცება განახორციელა, სრულიად ნორმალური და ჯანმრთელია.

აქ კარგ მაგალითად შეიძება გამოგვადგეს ანსელმ ბურნეს ცნობილი შემთხვევა. ამ ადამიანს უეცრად შეეცვალა პიოვნება და ყველა მოგონება. იგი თავისი სახლიდან გავიდა და სხვა სახლისკენ წავიდა, რომელიც ახსოვდა. თვლიდა რა თავს ვაჭრად, სახელად ალბერტ ჯონ ბრაუნი, იგი წავიდა ნორისტონში, პენსილვანიის შტატში, და პატარა მაღაზია გახსნა. მალე პირველმა პიროვნებამ კვლავ მოახერხა სხეულის დაუფლება, და ერთხელ ამ ადამიანს გამოეღვიძა უცნაურ ადგილას და უცნაურ გარემოცვაში, რომელიც საერთოდ არ ახსოვდა. ამიტომ თავის ძველ სახლში, პროვიდენსში, როდ აილენდის შტატში დაბრუნდა. იქ გაიარა მკურნალობის კურსი ორ ცნობილ ფსიქოლოგთან. ჰიპნოზის მეშეობით მათ გამოიძახეს მისი შემპყრობელი სული და აიძულეს ესაუბრა მათთან მისტერ ბურნეს პირით. სულმა დეტალურად მოუთხრო, თუ რას აკეთებდა, როცა სხეულს დაეუფლა.

არსებობენ სულები, რომლებიც ცდილობენ რომელიმე ცოცხალ არსებასთან ახლოს იყონ და მცირე პორციებით წაართვან მას სასიცოცხლო ძალა, რადგან არ შეუძლიათ სხეულის მთლიანად მიტაცება. ასეთი სულების გამოძახება ხშირადაა შესაძლებელი ჰიპნოზის სეანსებით. მათ აიძულებენ ხოლმე ვინმეს სხეულში შესვლას და მისი პირით ლაპარაკს. თუ მხედველობაში მივიღებთ კონტაქტის სიადვილეს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი პირვანდელი პიროვნების ცალკეულ ნაწილებს წარმოადგენენ. როცა ჰიპნოტური შთაგონების მრავალჯერადი გამოყენების შედეგად პიროვნების ეს „ნამსხვრევები“ იძულებულნი არიან მიიღონ ბრძანებები, მაგალითად: „შეუერთდი ძირითად პიროვნებას“, - ჩნდება საოცარი სიტუაცია. საქმე იქამდე მიდის, რომ შემპყრობელი სული, თუკი ის დაბალ „მე“-ს წარმოადგენს, და არა მთლიან (შუას და დაბალს ერთად) დაუპატიჟებელ სტუმარს, შეიძლება ჭეშმარიტი სხეულის მმართველი ნამდვილი შუა „მე“-ს კონტროლის ქვეშ აღმოჩნდეს.

დოქტორ პრინსის მიერ გამოკვლეულ შემთხვევაში გოგომ, რომელსაც დროდადრო უცხო სული იპყრობდა ხოლმე, შეძლო გაეხსენებინა ყველაფერი, რასაც ამ პერიოდებში აკეთებდა. აქედან გაკეთდა დასკვნა, რომ მისი პიროვნებები ერთმანეთს შეუერთდა.

როცა შემპყრობელ სულს მხოლოდ შუა „მე“ წარმოადგენს, და შესაბამისად უცხო ცნობიერება, პაციენტს შეიძლება შეეცვალოს ტემპერამენტი და მიდრეკილებები, მაგრამ არასოდეს შეეცვალოს მეხსიერება. ასეთი სახის შეპყრობილობის შემთხვევა გვაქვს დოქტორ აზამას მოდუნებულ და შენელებულ პაციენტთან - ფელიდაჰთან.ნორმალურ მდგომარეობაში ეს იყო მოსაწყენი, ავადმყოფური გოგო. შემპყრობელი პიროვნების (უეჭველად რომელიღაც შუა“მე“-ს) ძალაუფლების ქვეშ იგი ხდებოდა მხიარული, ჭკვიანი და ენერგიული. შეპყრობილობის პერიოდები თავიდან ყოველ 5-6 დღეში დგებოდა, მოგვიანებით კი შემპყრობელი სხეულს უფრო და უფრო დიდი ხნით ეუფლებოდა, და ბოლოს სამუდამოდაც შეიპყრო. რადგან ამან გოგო ყველა გაგებით უკეთესობისკენ შეცვალა, მისმა მშობლებმა სიამოვნებით მიიღეს ეს ცვლილება. დოქტორი ფოდორი, ყვებოდა რა ამ შემთხვევას, ყოველთვის მიუთითებდა ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე, რომ გოგოს „მეხსიერება მეორად მდგომარეობაში უცვლელად დარჩა“. ეს იმაზე მოწმობდა, რომ მისი დაბალი „მე“ მუდმივად იგივე იყო, და მხოლოდ შუა „მე“ შეიცვალა.

ფსიქიკური ავადმყოფობების თანამედროვე მკურნალობა კონცენტრირებულია პაციენტისთვის გასაჯანსაღებლად საჭირო ნორმალური პირობების დაბრუნებაზე, თუკი ფსიქიკური ავადობა ავადმყოფობის ან ფიზიკური დაზიანების შედეგად წარმოიშვა. მთელ მსოფლიოში ვაკვირდებით იმ ფსიქიკური ავადმყოფობების მაჩვენებლების საყოველთაო ზრდა, რომელსაც მედიცინა „პიროვნების გახლეჩას“, ანუ შიზოფრენიას უწოდებს. უმეტეს შემთხვევებში შეპყრობას ახორციელებს რომელიმე დაბალი „მე“ მაშინ, როცა შუა „მე“ ან განდევნილ იქნა ადამიანის სხეულიდან, ან ვერ შეძლო დაუპატიჟებელი სტუმრის დამორჩილება. ასეთი ავადმყოფობების დამახასიათებელი თვისებაა პაციენტის მიერ ნორმალური მეხსიერების დაკარგვა, რაც მეტყველებს მისი დაბალი „მე“-ს ცვლილებებზე. ასეთი ტიპის ავადმყოფობებში ვხვდებით სხვა სპეციფიურ სიმპტომსაც, რომელიც უშუალოდ მიუთითებს დაბალი „მე“-ს მონაწილეობაზე: გამოგონილ, ილუზორულ სამყაროში ცხოვრების სურვილი, როცა არანაირ ყურადღებას არ აქცევს გარემომცველ რეალობას. ასეთი პაციენტები როგორც წესი ვერ ცნობენ ახლობელ ადამიანებს, მათ ვინც უყვარდათ. გამონაკლისს წარმოადგენს ე.წ. „ცნობიერების გამონათებები“, როცა შემპყრობელი სული რაღაც დროით ტოვებს სხეულს და ბრუნდება პატრონი-სული. ჰიპნოზით მკურნალობა ასეთ შემთხვევებში დიდი ხანია არაეფექტურად ითვლება. ავადმყოფები ოდნავ ყურადღებასაც კი არ აქცევენ გარშემომყოფებს, და როგორც ჩანს ნებისმიერ ჰიპნოტურ შთაგონებას უარყოფენ. ამის გაგება ადვილად შეიძლება, რადგან უცხო „მე“-ს, ანუ შემპყრობელ სულს რწმენებისა და სურვილების საკუთარი კომპლექსი გააჩნია, შთაგონება კი, რომელიც მის კომპლექსს ეწინააღმდეგება, უბრალოდ იგნორირებული ხდება.

დღემდე ყველაზე ეფექტურ და წარმატებულ მეთოდად ითვლება ინსულინური შოკი ან ელექტროშიკი. თუკი ტკივილი, რომელიც ამ მეთოდს ახლავს თან, საკმაოდ ძლიერია, შემპყრობელი სული ტოვებს სხეულს, და როგორც არსება, რომელსაც არ შეუძლია ლოგიკურად აზროვნება, და ვერ ხვდება ამ პროცედურის მნიშვნელობას, აკეთებს დასკვნას, რომ სხეული უკვე სამუდამოდ გამოუსადეგარი გახდა მასში ცხოვრებისთვის. როცა ტკივილი წყდება, პაციენტის პირვანდელ სულს თავისუფლად შეუძლია დაუბრუნდეს თავის სხეულს.

აკვიატებული მდგომარეობების მკუნალობის მეთოდი, რომელსაც კაჰუნები იყენებენ, ასევე ეფუძნება შოკის გამოყენებას, რომელიც ადამიანის შემპყრობელ დაბალ ფორმებს დევნის. შოკი მიიღწევა მკურნალის სხეულში სასიცოცხლო ძალის უზარმაზარი რაოდენობის დაგროვებას და მისი ავადმყოფისთვის გადაცემას, ბრძანებასთან ერთად - წაართვას ინტერვენტ სულს ძალა და განდევნოს იგი მიტაცებული სხეულიდან.

კაჰუნები ხშირად იყენებდნენ თავიანთ ფსიქიკურ შესაძლებლობებს, რათა ეგრძნოთ პაციენტების სრულუფლებიანი სულების თანმყოფობა, და მითითება მიეცათ მათთვის - სხეულთან ახლოს ყოფილიყვნენ და მომზადებულიყვნენ ხელში ძალაუფლების კვლავ ჩასაგდებად, როცა უცხო განდევნილი იქნებოდა. ხშირად დახმარებას გარდაცვლილების სულებს თხოვდნენ, და როგორც წესი იღებდნენ კიდეც. კეთილმოსურნე სულებს, რომლებიც იმქვეყნად ცხოვრობენ, შეუძლიათ ცოცხალი არსებებისგან აღებული სასიცოცხლო ძალის დიდი მარაგი დააგროვონ, და ამ სახით გაძლიერებულნი და „ნება“ გამყარებულნი, ადვილად ეუფლებიან შემპყრობელ სულს, როცა ის ავადმყოფი ადამიანის სხეულიდან განიდევნება. ასეთ დროს ხშირად ხერხდება, რომ ეს სული იმ რომელიმე საშუალო „მე“-ს შეუერთდეს, რომელმაც თავისი დაბალი „მე“ დაკარგა. სრულიად შესაძლებელია, რომ ისინი ოდესაც ერთად ცხოვრობდნენ რომელიღაც სხეულში, და შემდეგ განცალკევდნენ (დაბალი და შუა „მე“-ების ასეთი კვლავ მოპოვებული ერთობა ფრიად კარგია, რადგან ქრება დაბალ „მე“-ზე შემდეგი თავდასხმის საფრთხე).

კაჰუნების შოკური მეთოდს, რაც გულისხმობს სასიცოცხლო ძალის, როგორც შოკის გამომწვევი ფაქტორის გამოყენებას, კიდევ ის ღირსება გააჩნია, რომ აიძულებს სხეულის შემპყრობელ დაბალ „მე“-ს - შთაგონების სახით მიიღოს აზრი მოპარული სხეულის დატოვების შესახებ. იმის გამო, რომ შემპყრობელ სულებს კომპლექსები და მათთან დაკავშიებული ძლიერ ფესვგადგმული რწმენა-წარმოდგენები აქვთ, ძალიან ძლიერი შთაგონებაც კი ყოველთვის არ აღიქმებოდა და სრულდებოდა, თუმცა ითვლებოდა, რომ საკმაოდ დიდი მუხტის ძალასთან ერთად გადაცემულ შთაგონებას შეუძლია გადალახოს წინააღმდეგობა და ლიკვიდაცია გაუკეთოს ყველა შემპყრობელი სულის ყველა საპირისპირო აზროფორმას.

თუმც კი ჩვენ ჯერ დეტალურად არ განგვიხილავს უმაღლესი „მე“-ს მეშვეობით მკურნალობის მეთოდები, შეგვიძლია ვთქვათ, - კაჰუნებს სჯეროდათ, რომ ადამიანის ნებისმიერი ავადმყოფობა მისი სამკურნალო ზემოქმედების სფეროშია. უმაღლესი „მე“ საკმაოდ ადვილად უმკლავდება ადამიანების შემპყრობელ დაბალ სულებს. ეს ჭეშმარიტება დიდი ხანია წარმოადგენდა ყველა რელიგიის ცოდნის ნაწილს. როცა ქრისტიანები ბოროტი სულის თანმყოფობას გრძნობდნენ, ისინი პირჯვარს იწერდნენ და იესოს მეშვეობით მამა ღმერთს მიმართავდნენ. ინდოეთში წმინდა მანტრა - „ომ“-ს გალობდნენ. მსოფლიოს სხვა მხარეებში ასევე ტარდებოდა მსგავსი ცერემონიები, რომლებიც დასახმაებლად უმაღლეს სულებს მოიხმობდნენ. არსებობდა თილისმები და ამულეტები. თუმცა წარმოსახვითი საფრთხეები ათასჯერ აღემატებოდა რეალურს, ყოველი მსგავსი პრაქტიკის ძირითადი პრინციპი გახლდათ რწმენა იმისა, რომ უმაღლეს „მე“-მდე ნებისმიერი თხოვნა აღწევს. ფიზიკურ სტიმულს წარმოადგენდა „პირჯვრის გადაწერა“, რელიგიური ჰიმნების სიმღერა, ხელში თილისმების ან ამულეტების დაჭერა. ამას უნდა მიედრიკა მთხოვნელის დაბალი „მე“ იმისკენ, რომ მას ლოცვები ადესატამდე - უმაღლეს „მე“-მდე მიეტანა.

დაბალი სულების უმეტესობისთვის, რომელთა მიმართაც სიფრთხილის ზომები უნდა მივიღოთ, ყოველთვისაა დამახასიათებელი უმაღლესი არსებებისადმი შიში. ეს შიშები მათ მემკვიდრეობად ერგოთ მოგონებების სახით სწორედ იმ დროიდან, როცა ეს დაბალი ცნობიერებები მატერიალურ სამყაროში იმყოფებოდნენ. თუკი ისინი ოდესღაც ქრისტიანების არაცნობიერი სულები იყვნენ, ისინი განაგრძობენ იესოს და ღმერთის რწმენას. როცა ბოროტების ჩადენისას ისინი ჯვარს და ლოცვას შეეჩეხებიან, მაშინვე შიშით გარბიან.

ეპისკოპოსი ჯეიმსი ლონდონიდან ხშირად და ძალიან წარმატებით ატარებდა ეგზორციზმის რიტუალს, დევნიდა რა მოჩვენებებს მთელ ევროპაში გაფანტული სახლებიდან და ციხე-სიმაგრეებიდან. ზოგიერთი მოჩვენება ათასობით წლის წინ მცხოვრები ბარბაროსების დაბალი „მე“ აღმოჩნდა. (ასეთ შემთხვევებს ხშირად ვხვდებით დღესაც ძველ, მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, სადაც ცივილიზაცია და საზოგადოებრივი ცხოვრება უკვე დიდი ხანია არსებობს). ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ წერილში, რომელიც ინგლისიდან მივიღე, მე წავიკითხე ისტორია ერთ სულზე, რომელმაც პატარა ბიჭი შეიპყრო იმ დროს, როცა ბავშვმა სანაპიროზე ბრჭყვიალა ქვა იპოვა. ბავშვი ფსიქიკურად იმდენად მიმღები იყო, რომ ჯუჯა მოხუცი ველურის ნატიფი სხეული დაინახა. ჯერ მოეწონა, რომ ველური მას ეთამაშებოდა და ჟესტების ენით ურთიერთობას ცდილობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მოჩვენება მომაბეზრებელი და მოსაწყენი გახდა. იგი მოითხოვდა, რომ გამუდმებით დაეთმოთ ყურადღება. ყოველთვის ჩნდებოდა ღმერთმა იცის, საიდან, და ბავშვის ყურადღების მიპყრობას ცდილობდა. კვალდაკვალ დასდევდა და თავისი ნატიფი ხელებით ეხებოდა მას.

ბავშვს მეგობარი ჰყავდა, რომელმაც ასევე დაინახა ჯუჯა გაცვეთილ ტყავის ტანსაცმელში. ბავშვმა თავის მეგობარს ქვა აჩუქა, მასთან ერთად კი მოჩვენებაც. მალე მეორე ბავშვი ნაწილობრივ შეპყრობილი გახდა. შეპყრობილობის პერიოდები უფრო და უფრო იზრდებოდა. ექიმები ვერ გებულობდნენ რა ხდებოდა, სანამ ერთმა ინგლისელმა მღვდელმა, რომელსაც კარგად ესმოდა ფსიქოლოგია, ასევე ცოტათი კაჰუნების საიდუმლოსაც იცნობდა, შეიტყო ამ შემთხვევის შესახებ და გადაწყვიტა განედევნა მოჩვენება. საეკლესიო ეგზორციზმმა მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში გაჭრა. ამიტომ მღვდელმა რამდენიმე ნაცნობი მოიხმო, რომლებსაც მედიუმური უნარები ჰქონდათ. მათ ურჩიეს, რომ საეკლესიო ეგზორციზმის გარდა საკუთარი ნების ძალაც გამოეყენებინა და ეიძულებინა სული, რომ შუშის ბოთლში შესულიყო. ამასთან მისთვის ცნობილი ყველა უსაფრთხოების ზომა უნდა მიეღო, რათა სულებს ვერ მოეხერხებინათ თავად მისი შეპყრობა. შემდეგ ბოთლი და ქვა ზღვაში უნდა გადაეგდო, და მაშინ ბიჭი შეძლებდა სულიერი წონასწორობის მოპოვებას,

ამრიგად, მღვდელმა სრული საეკლესიო რიტუალი ჩაატარა, რათა მთელი თავისი გარემოცვა გაეწმინდა - ადგილი სადაც იდგა, და საკუთარი თავი. შემდეგ მოჩვენება გამოიძახა და უბრძანა, რომ დაეტოვებინა ქვა და მიახლოებოდა მას. ბებერი სული უჩვეულო გზით ეახლა: იგი თეთრი ბურუსის სახით მოვიდა, იატაკზე მოცურავდა და მღვდლის ფეხებს მიუახლოვდა. მღვდელმა მისი შეხებისგან მსგავსი შემთხვევებისთვის დამახასიათებელი სიცივე იგრძნო. მღვდელმა მაშინვე გაუკეთა ჰიპნოზური შთაგონება და სულს უბრძანა, რომ შესულიყო ბოთლში, რომელიც ხელში ეჭირა. სიცივემ თანდათან მისი ტერფები და მუხლები მოიცვა, რის შემდეგაც მოულოდნელად გაქრა. ამ დროს თანმხლებმა მედიუმმა ქალმა უთხრა, რომ დაინახა სული, რომელმაც ყველა ბრძანება შეასრულა, შემდეგ კი ბოთლში გაუჩინარდა. ბოთლი დალუქეს და ქვასთან ერთად ზღვაში მოისროლეს. ბავშვი უკვე აღარასოდეს აღარაფერს შეუწუხებია. ამგვარად, პროცედურა წარმატებული აღმოჩნდა. მოგვიანებით, მედიუმის შუამდგომლობით გაირკვა, რომ ბებერი ველური რაღაც სახით ქვასთან იყო დაკავშირებული და მისი მეშვეობით ბავშვებთან ურთიერთობა შეეძლო.

სრულიად შესაძლებელია, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანები დაკავშიებულნი რჩებიან გარკვეულ ნივთებთან, რომლებსაც სიცოცხლეში განძად თვლიდნენ და ძალიან აფასებდნენ. მე თავად მსმენია ბევრი ასეთი შემთხვევის შესახებ. ასევე შესაძლებელია, რომ ძვირფას საგანს, რომელიც ადამიანს ხელში უჭირავს, სასიცოცხლო ძალით ნატიფი სუბსტანციის ძველი ძაფები აცოცხლებენ, რომლებიც ამ საგანს მის ყოფილ მფლობელთან აკავშირებენ და ცოცხლებისკენ იზიდავენ მას. როგორც ჩანს, როცა ეს ქვა ხელში აიღეს, ბავშვები კონტაქტში შევიდნენ მოჩვენებასთან და საშუალება მისცეს, რომ სასიცოცხლო ძალა მიეტაცებინა მათგან. როცა ამ სახით გაძლიერდა და მყარად დადგა მიწაზე, ველურმა სხეულის მიტაცებაც სცადა.

ყველა ეს მოვლენა უცილობლად მოწმობს, რომ სიცოცხლის მიღმიერ მხარეს მყოფი დაბალი სულები თავიანთი იმ რწმენა-წარმოდგენების ერთგულნი რჩებიან, რომლებიც იმ სამყაროში წაიღეს. თუკი ისინი განცალკევდნენ თავიანთი შუა „მე“-სგან, უკვე აღარ შეუძლიათ თავად გამოიყენონ გონება, რომ ახალი ცნებები ისწავლონ, თავიანთი მდგომარეობა ამოიცნონ და განვითარდნენ. ისინი „მიწასთან მიჯაჭვულები“ რჩებიან, და არ ესმით იმ ცვლილებების მნიშვნელობა, რომელიც ფიზიკურმა სიკვდილმა მოუტანა. ისინი მთელი ძალით ცდილობენ რომელიმე მიწიერ სხეულში დაბრუნებას, რათა მათთვის ნაცნობი ცხოვრება განაგრძონ.

ჩვენ, ცივილიზებულ ადამიანებს, გვესმის, თუ რა სახიფათოა ფსიქიკურად ავადმყოფების ფსიქიატრიულ კლინიკებში მოთავსება. ისინი საჭმელს და თავშესაფარს ღებულობენ და დროდადრო ინსულინურ შოკს ან რამე მსგავსს ექვემდებარებიან. ეს ქმნის სიტუაციას, რომელიც შორეული წარსულის სხვადასხვა სახის მონსტრებს დედამიწაზე დაბრუნების და ცოცხალი ადამიანების შეპყრობის საშუალებას აძლევს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიქცევით ისე, როგორც „ბნელ“ დროში, როცა საზოგადოებისთვის სახიფათო „გიჟებს“ ქვებით ქოლავდნენ ან თემიდან კვეთდნენ და შიმშილობით სიკვდილისთვის წირავდნენ. ეს არაადამიანური იყო. თუმცაღა ეს არ უტოვებდა სულებს არანაირ შანსს იმისთვის, რომ წარმატებით დაუფლებოდნენ ადამიანურ სხეულებს, რომლებსაც კვებავენ, ინახავენ და მზრუნველობის ქვეშ ყავთ, როგორც ეს ახლა ხდება.

გასაგებია, რომ ჩვენ არ გვინდა სამარცხვინო და არაჰუმანურ მეთოდებთან დაბრუნება. ჩვენ უბრალოდ გვინდა, უკეთ გავიგოთ ის ძალები, რომლებთან შეჯახებაც მოგვიწევს, და ვისწავლოთ მათთან ბრძოლის შესაბამისი მეთოდები.

და კვლავაც, ჩვენ ვრწმუნდებით, რა სინათლეს ჰფენს კაჰუნების თეორია თანამედროვე მეცნიერების ბნელ ლაქებს ჩვენივე თავის შესახებ.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff