თავი 15
თავი 15. კომპლექსების მკურნალობა - კაჰუნების საიდუმლო მეთოდი
მთარგმნელი: რუსუდან ზურაბაშვილი
-კომპლექსის დღის სინათლეზე გამოტანა
-ანგარიში
-ქეისი 26: პირდაპირი ფიზიკური რეაქცია შთაგონებაზე
-კომენტარი
კომპლექსის დღის სინათლეზე გამოტანა
თანამედროვე ფსიქოანალიტიკოსებმა ვერ აღმოაჩინეს კომპლექსის აღმოჩენის და მისი სინათლეზე გამოტანის მარტივი და ეფექტური მეთოდი, რათა შემდგომ მისი რაციონალიზაცია და გამოძევება მოეხერხებინათ, თუმცა ასეთი მეთოდი არსებობს და იგი კაჰუნების ცოდნიდან შეგვიძლია ვისწავლოთ.
ასეთი მეთოდის აღმოჩენის მნიშვნელობის გადამეტება შეუძლებელია, რადგან, თუ შევძლებთ ვისწავლოთ მისი გამოყენება, ეს იქნება შთაგონების აღმოჩენის შემდეგ ყველაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი მკურნალობის ხელოვნებაში. მეთოდი ძალისმიერია. ცივილიზებულ ადამიანს ის თავიდან ძალიან უცნაურად მოეჩვენება, მაგრამ იმაზე უცნაური არაა, ვიდრე ძლიერი ინსულინის შოკი, რომელსაც ჭკუაზე შეშლილ პაციენტებზე იყენებენ თანამედროვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. რადგან ეს საიდუმლო მეთოდი ახალი და რადიკალურად განსხვავებულია ჩვენთვის, მას ნაბიჯ-ნაბიჯ ავხსნი.
გთხოვთ, გაიხსენოთ, რომ კაჰუნებს სჯეროდათ, რომ ფიქრები წარმოადგენდნენ უხილავ, პატარა რაღაცებს (არამატერიალურ სხეულებრიობას)- აზრო-ფორმებს¬¬- და, რომ ისინი იყვნენ ძალიან რეალურები და სუბსტანციურნი. აზრო-ფორმა (აკა) იქმნება ჩვენი ფიქრისას. ყველა ფიქრი ხდება მუდმივი აზრო-ფორმა. აზრო-ფორმები ასოცირებული ფიქრების კლასტერებს ქმნიან, და ამგვარად, ისინი აკავშირებენ ერთ იდეასა თუ აზრს როგორც მანამდე, ისე მერე მოსულ ფიქრებთან და ასევე ყველა დანარჩენ მსგავს აზრთან.
გაიხსენეთ ასევე ფაქტი, რომ აზრო-ფორმების კლასტერები მიყვებიან სასიცოცხლო ძალის ნაკადებს, რომლებიც, თავის მხრივ, მოძრაობენ ჩრდილოვანი სხეულის სუბსტანციის უმცირეს ძაფებზე, რომლებიც ორ ადამიანს აკავშირებს, ისევე, როგორც ეს ტელეპატიური კომუნიკაციისას ხდება. შთაგონების გადაცემისას ადგილი აქვს ოპერატორიდან პაციენტისკენ სასიცოცხლო ძალის ნაკადის მიმართვას ან პაციენტზე ხელების დადებით, ან ჩრდილოვანი სხეულის სუბსტანციის ძაფების მეშვეობით, რომელიც ჩამოყალიბდა ამ ორის პირველი ფიზიკური შეხვედრისას ან მხედველობითი კავშირით, ან ხმის ბგერითაც კი. (ასევე, ძილის დროს ჩრდილოვანი სხეულის მოგზაურობით, ან გარდაცვლილთა სულების დახმარებით ჩამოყალიბებული კონტაქტის საშუალებით).
შთაგონება არის ძლიერი აზრო-ფორმის ჩანერგვა საგნის (სუბიექტის) დაბალ მეში. ჩანერგილი აზრო-ფორმის სასიცოცხლო ძალის სიმძლავრე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის ეფექტურობაში, მაგრამ არც ისე დიდს, როგორც ამას ფსიქოლოგები მიიჩნევენ. მინახავს, როგორ ცდილობენ ფსიქოლოგები თავიანთი „ნების“ ჩადებას შთაგონებაში, რომ ის ეფექტური იყოს, თვალები - აელვარებული, სახეები - გაწითლებული, შუბლზე ოფლდასხმულნი, და ვერანაირი შედეგი ვერ მიუღიათ. „ნება“ ანუ შუა მეს სასიცოცხლო ძალის ძაბვა არ წარმოადგენს ჰიპნოტურ აგენტს. ის მხოლოდ მიმართავს საკუთარ დაბალ მეს, ჩანერგოს შთაგონების აზრო-ფორმა სუბიექტის დაბალი მეს ჩრდილოვან სხეულში. შთაგონების ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მიიღებს/დაეთანხმება აზრო-ფორმას პაციენტის დაბალი მე.
როგორც უკვე ავხსენით, შთაგონების აზრო-ფორმის მიღება მნიშვნელოვნად სწრაფია ფიზიკური სტიმულის გამოყენებისას - რაიმე ფიზიკურად ნამდვილის, რის შეგრძნებასაც სუბიექტის დაბალი მე შეძლებს, და რაც დააჯერებს მას, რომ შთაგონების უკან მართლაც რაღაც რეალური დგას.
ახლა გავამჟღავნებ კომპლექსთან მოქცევის უაღრესად მნიშვნელოვან საიდუმლოს.
არ არის აუცილებელი, ვიპოვოთ პაციენტის საწყისი კომპლექსი, როგორც ეს სიღრმისეული ფსიქოანალიზისას ხდება. არაა აუცილებელი, შევისწავლოთ პაციენტის სიზმრები მასში სიმბოლოებისა და მინიშნებების აღმოსაჩენად. არა აქვს მნიშვნელობა, საწყისი კომპლექსი ითარგმნა თუ არა ორიგინალიდან რამე სხვაზე და მერე კიდევ სხვაზე, ის შეიძლება განიკურნოს შთაგონებით. საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ პაციენტის დაბალმა მემ მიიღოს (დაეთანხმოს) ისეთი შთაგონება, რომელიც მისი კომპლექსის ანუ რწმენის საწინააღმდეგოა. ეს კი ხდება დაბალი ძაბვის სასიცოცხლო ძალის თითქმის ძალისმიერი გამოყენებით.
გაიხსენეთ კაჰუნები, რომლებიც შუბებს სასიცოცხლო ძალის დაბალი ძაბვით მუხტავდნენ, ძალის დაგროვებისა და მისი შუბში გადატანის ნების ძალით, და თითქმის ადამიანური მეთოდი, რომელშიც ძალა ემორჩილებოდა ინსტრუქციას, გასულიყო შუბიდან და მტერი ძირს უგონოდ დაეგდო ან მისი პარალიზება გამოეწვია შუბის მოხვედრისთანავე.
გაიხსენეთ ამერიკელი ინდიელების მკურნალი კაცები, რომლებიც აგროვებდნენ ამ ძალას (რომელსაც ორენდას და სხვა სახელებს ეძახდნენ) და შემდეგ, თითის მიდებით ჩაცლიდნენ მას ჯან-ღონით სავსე, მამაცი ადამიანის სხეულში და გონებას აკარგინებდნენ.
გაიხსენეთ პროფ. ბრიგჰემი და მის ერთ-ერთ დაქირავებულ დამხმარე ბიჭზე მიმართული სასიკვდილო ლოცვის შემთხვევა, ჰავაის მთებში რომ იყვნენ მცენარეების შესაგროვებელ ექსპედიციაში. სასიკვდილო ლოცვა წარმოადგენდა დაბალი მანას დიდი რაოდენობით მუხტის დაგროვებას დაბალი მეს სულებში, შემდეგ კი მათ გაგზავნას მსხვერპლთან და მუხტის სრული შოკური ძალით მასში ჩაცლას. ეს შოკური ძალა ანგრევდა მსხვერპლის დაბალი მეს წინაღობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის შეიცავდა დანაშაულის განცდის ფიქრს ანუ კომპლექსს და აიძულებდა მას მიეღო (დათანხმებოდა) კაჰუნას მიერ გაგზავნილი სიკვდილის აზრო-ფორმა.
დაბალი მეს სულები შემდეგ მიემაგრებოდნენ მსხვერპლს, გამოწოვდნენ მისგან სასიცოცხლო ძალას, აგროვებდნენ თავიანთ ჩრდილოვან სხეულებში და ამზადებდნენ წასაღებად იმ დროისთვის, როცა მსხვერპლი გარდაიცვლებოდა სასიცოცხლო ძალებისგან დაცლის გამო. (სიკვდილის შთაგონება ბლოკავდა მსხვერპლის დაბალ მეს, გაეგრძელებინა სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო საკმარისი სასიცოცხლო ძალის გამომუშავება. დაავადებათა უმეტესობა, რომლებიც არ ექვემდებარება სტანდარტულ პროცედურებს, უარესდება, როცა რაიმე მიზეზით სასიცოცხლო ძალის ჩვეული მიწოდება აღარ ხდება). საიდუმლო, აიძულო პაციენტის დაბალ მეს, დაეთანხმოს შთაგონების აზრო-ფორმას, მდგომარეობს იმაში, რომ შთაგონების შეთავაზებას უნდა მიყვეს სასიცოცხლო ძალის დიდი ოდენობის მუხტის ყოვლისმომცველი, შოკური გადაცემა.
ანგარიში
პროფ. ბრიგჰემმა ერთ საღამოს გადმომცა კაჰუნას მკურნალობის ქეისის დაწვრილებითი ანგარიში, რომელმაც კარგა ხნით საგონებელში ჩამაგდო. თუმცა უფრო მეტ საგონებელში ჩამაგდო იმან, რასაც ჩავწვდი ზემოთ მოყვანილ მეთოდში.
კაჰუნა მკურნალობდა ადგილობრივ პაციენტს სიმპტომების ხანმოკლე გამოვლინებებზე, რომლებიც ზღუდავდნენ პაციენტს, გადაეკვეთა სანაპირო და მისულიყო კანოემდე ყოველდღიურ თევზაობაზე წასასვლელად. როგორც კი სანაპიროს გადაკვეთას დააპირებდა, მარცხენა ფეხის პარალიზება ეწყებოდა. ამას უმკურნალეს და თითქოს შედეგიც გამოიღო, მაგრამ შემდეგ, სანაპიროსთან მიახლოებისას თავბრუხვევის შეტევები ეწყებოდა, შემდეგ - სრული დაბრმავება, ვიდრე პაციენტი სანაპიროს არ დატოვებდა და სახლში არ დაბრუნდებოდა. საბოლოო განკურნება, რომელიც პროფ. ბრიგჰემს არ უნახავს, მაგრამ დეტალურად აღუწერეს მოგვიანებით, შეიცავდა ფიზიკური სტიმულის ძალიან შთამბეჭდავ გამოყენებას, გამუდმებით გამეორებული შთაგონების მიყოლებით, რომ ეს მკურნალობა ათავისუფლებდა მას ყველა იმ შეზღუდვისგან, რაც სანაპიროს გადაკვეთასა და სათევზაოდ წასვლაში უშლიდა ხელს. ფიზიკური სტიმული წარმოადგენდა დიდი ხის კასრს, რომელიც სავსე იყო მლაშე წყლით. კაჰუნა პაციენტის თანდასწრებით კარგა ხნის განმავლობაში მუშაობდა წყალზე, რომ ის ეფექტური ყოფილიყო განსაკურნებლად. კაჰუნამ წყალი თის ფურცლებით აურია, დაამატა დაფქვილი ყვითელი კოჭას ძირი და ხელისგულები წყლის ზედაპირზე დაიჭირა.
როცა დაკმაყოფილდა მომზადებით, დაუძახა პაციენტს და უბრძანა, დამჯდარიყო კასრის წინ, ჩაეყო წყალში სახე და შეეკავებინა სუნთქვა, შემდეგ კი, დაელია იმდენი წყალი, რამდენსაც შეძლებდა. პაციენტს აუხსნა, რომ წყალი შევიდოდა მასში და გამოდევნიდა ყველაფერს, რაც პრობლემებს იწვევდა, და რომ ისინი ვეღარასოდეს დაბრუნდებოდნენ.
პაციენტი დარიგებისამებრ მოიქცა და წყლის დალევა დაიწყო. კაჰუნამ ხელები დაადო მის ხელებს და დაავადებას უბრძანა დაეტოვებინა სხეული. პაციენტმა თავიდან სწრაფად დაიწყო დალევა, მაგრამ შემდეგ უცებ მოეშვა და კასრზე გადაემხო თითქოს თავბრუდახვეული. კაჰუნამ ცოტათი ასწია, მისი სახე რომ მოეშორებინა წყლისთვის, მაგრამ ამ მდგომარეობაში დატოვა რამოდენიმე წუთით, თან მშვიდად იმეორებდა მტკიცებას, რომ დაავადება გამოვიდა და აღარასდროს დაბრუნდებოდა.
პაციენტს გაუარა თავბრუხვევამ. კაჰუნამ მაშინვე წაიყვანა და უბრძანა გადაეკვეთა სანაპირო. როგორც აღმოჩნდა, მას ეს უკვე შეეძლო ყოველგვარი მისტერიული სიმპტომის დაბრუნების გარეშე. შემდეგ უთხრეს, არ ეფიქრა პრობლემაზე- კაჰუნების ჩვეული სიფრთხილე, რათა არ გამეორებულიყო კომპლექსი- და ამით სამუშაო დასრულდა. პრობლემა აღარ დაბრუნებულა.
კარგა ხნის მერე, როცა ის პროფ. ბრიგჰემმა აღწერა, და მას მერე, რაც კაჰუნების „საიდუმლო“ ცოდნას ნათელი მოეფინა, ამ ქეისის განხილვამ წარმოაჩინა უეჭველი ფაქტი, რომ კაჰუნამ კასრში არსებული წყალი დამუხტა დაბალი მანას ანუ სასიცოცხლო ძალის შოკური მუხტით. მან ძალა გამოიყენა, პირდაპირი მნიშვნელობით, რომ პაციენტის დაბალი მეს წინაღობა ჩამოეშალა და, შედეგად, დათანხმებოდა აზრო-ფორმის შთაგონებას- მოეშორებინა ყველა ის სიავენი, რაც უზღუდავდა სანაპიროს ჩვეულებისამებრ გადაკვეთას კანოემდე მისასვლელად. (ვიღაცას გაახსენდება მესმერის წყლიანი ცისტერნის დამუხტვის პრაქტიკა, სადაც ცისტერნიდან რკინის ღერძები იყო გამოშვერილი, რათა პაციენტებს ღერძზე ხელის მიდებით მისგან სასიცოცხლო ძალა გადასცემოდათ. ამ ძალას მესმერი ცხოველურ მაგნეტიზმს უწოდებდა.
უნდა აღინიშნოს, რომ საწყისი კომპლექსი არ დადგენილა და არ გამოდევნილა მისი აღმოჩენითა და რაციონალიზაციით. კომპლექსი ჩანაცვლდა სხვა კომპლექსით - აზრო-ფორმით, რომელიც ჩაინერგა შთაგონება- შოკ-თერაპიით. შთაგონების აზრო-ფორმა, რა თქმა უნდა, იყო ერთმანეთთან დაკავშირებულ ბევრ აზრო-ფორმათა კლასტერი. შთაგონება შეიცავდა რაციონალურ არგუმენტებს, რომელიც წარმოაჩენდა, რომ არ არსებობდა ვალიდური მიზეზი, რატომ არ შეიძლებოდა გადაეკვეთა კაცს სანაპირო და ეთევზავა.
ქეისი 26. პირდაპირი ფიზიკური რეაქცია შთაგონებაზე
წინსწარი შენიშვნა:
მართალია, ჩვენ არ ვიცით სად გადის დაბალი მეს შესაძლებლობათა ზღვარი, იმოქმედოს სხეულზე და განკურნოს იგი, მატულობს ფაქტები, რომლებიც აჩვენებს, რომ მისი ძალაუფლება ძალიან დიდია.
ქეისი:
როცა ჰონოლულუში ვცხოვრობდი, ერთი ახალგაზრდა, თეთრკანიანი კაცი მოდიოდა ხოლმე ჩემთან, გაზეთის სარეკლამო სივრცე რომ მოეყიდა. ის დაინტერესებული იყო ჰავაელებით და ხშირად მეუბნებოდა, რომ ესწრებოდა ხოლმე ღია სივრცეში მოწყობილ საღამოს ცეკვებს.
ერთ დღეს ძალიან გაბრაზებული მოვიდა. მას საღამოს წვეულებაზე გაუცვნია ჰავაელი ქალი. იგი აღფრთოვანებულა კაცის ქალივით ნაზი კანით და მზრუნველობით უკითხავს, ნუთუ არ წუხდებოდა ყოველდღე წვერის პარსვით, და უთხრა, რომ შეეძლო მისი წვერის ამოსვლა გაეჩერებინა, თუ მას სურდა რომ გათავისუფლებულიყო გაპარსვის ვალდებულებისგან. ქალმა უთხრა, რომ ბევრი ჰავაელი კაცი სწორედ ასე აკეთებდა. ქალისთვის რომ ესიამოვნებინა, კაცი სიხარულით დაეთანხმა, დარწმუნებული იმაში, რომ ეს მხოლოდ ადგილობრივების ცრუწმენა იყო და შედეგი არ მოყვებოდა.
ქალმა კაცი გვერდზე გაიყვანა და ცოტა ხნით ლოყაზე თითები მიაჭირა, თან იმეორებდა მტკიცებას, რომ წვერი შეაჩერებდა ამოსვლას მის სახეზე, რომ ის თავისუფალი გახდებოდა გაპარსვის საჭიროებისგან.
კაცს ეს ამბავი გადაავიწყდა და გაახსენდა ორი კვირის მერე, როცა მოულოდნელად შეამჩნია, რომ ლოყაზე, ერთცენტიანი მონეტისხელა ადგილზე წვერი აღარ ამოსდიოდა. მისდა საგანგაშოდ, ეს ლაქა ყოველდღე დიდდებოდა. როცა ნახევარდოლარიანის ზომის გახდა, გაახსენდა, რომ მე ურთიერთობა მქონდა კაჰუნებთან და მოქანდა ჩემთან რჩევისთვის. კაცს ძალიან ქალური სახე ქონდა და მიხვდა, რომ წვერის გარეშე საშიშად ქალური გარეგნობა ექნებოდა. მე ვურჩიე, გაეკითხა ჰავაელებში ეს ქალი და როცა იპოვიდა, ეთხოვა, შთაგონების შებრუნება. კაცს გაუჭირდა ქალის პოვნა, მაგრამ ბოლოს, როგორც იქნა, მიაგნო. ქალმა ენთუზიაზმის გარეშე მიარტყა ლოყაზე ხელი და მიაყოლა შთაგონება (ორი აზრი არაა, ეს შთაგონება იყო), რომ წვერი დაბრუნებოლიყო ცარიელ ადგილზე. ერთ კვირაზე ნაკლებ დროში წვერმა კვლავ დაიწყო ამოსვლა მოტიტვლებულ ადგილზე. სადაც ადრე შიშველი კანი ჩანდა, ეხლა უკვე მუქი წვერის ღერების ამოსვლა შევნიშნე. ცოტა ხანში, წვერი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა.
კომენტარი:
ასეთი კონტროლი ძალიან საინტერესოა, რამდენადაც ის აჩვენებს, რა საოცრად რეაგირებს დაბალი მე სხეულის ფუნქციონირებაში ცვლილებების შეტანის შთაგონებაზე.
შთაგონებას შეუძლია შედეგების მიღება ნებისმიერი სახის ფუნქციურ კონტროლში, გარდა, სავარაუდოდ, მათში უცხო სხეულების მოხვედრის შემთხვევებისა, რაც, ჩვეულებრივ, დაბალი მეს კონტროლის ფარგლებს ცდება. უმეტეს დაავადებათა ბაქტერიები ექვემდებარება დაბალი მეს კონტროლს. კაჰუნებს მიაჩნდათ, რომ გადამდები დაავადებები გავდა უბედურ შემთხვევებს, რამდენადაც ისინი შემთხვევით დაემართათ. თუ ადამიანს უბედური შემთხვევა შეემთხვეოდა ან გადაედებოდა გადამდები დაავადება, დაბალი მე დაიწყებდა ჭრილობის განკურნებას ან ბრძოლას დაავადებასთან. თუ ადამიანი არ იყო რაიმე კომპლექსის ზემოქმედების ქვეშ, ან დასუსტებული სხვაგვარად, ან დიდი ასაკის, გამოჯანმრთელების შანსები კარგი იყო.
მართალია, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი კაჰუნების დამოკიდებულებაზე სიმსივნის ან მსგავსი წარმონაქმნების მიმართ, რაც წააგავს სხეულში უცხო უჯრედების შეჭრას, სავარაუდოა, რომ დაავადებული ადამიანის დაბალმა მემ დაუშვა ასეთი შეჭრა რაღაც კომპლექსის გამო. თუმცა, შესაძლებელია, რომ ვერ მოახერხოს შეჭრილი ქსოვილების გამოგდება საკუთარი ძალებით მას მერეც კი, რაც კომპლექსი მოშორდება. ასეთი რაღაცების სამკურნალოდ უნდა არსებობდეს შეჭრილი უჯრედების ცნობიერების კონტროლის მეთოდი, რასაც არ უნდა წარმოადგენდეს ეს ცნობიერება. თუმცაღა, მყისიერი განკურნება, რომელიც მაღალი მეს მიერ უნდა განხორციელდეს, პოზიტიური მეთოდია.
კაჰუნების კომპლექსთან გამკლავების მეთოდების მნიშვნელობა უკეთ შეიძლება იქნას აღქმული, თუ გავაცნობიერებთ, რომ ამერიკაში გვყავს 4 ათასი ფსიქიატრი და ასეულათასობით პაციენტი, რომელთაც დახმარება ჭირდებათ. ჩვენ გვყავს ძალიან ცოტა ფსიქოანალიტიკოსი და მათგან მხოლოდ რამოდენიმემ ისწავლა შთაგონების გამოყენება კომპლექსების სამკურნალოდ. არცერთმა არ იცის სასიცოცხლო ძალის მუხტით შოკირების მეთოდი, რაც აიძულებს პაციენტს მიიღოს კომპლექსის მოსაშორებელი შთაგონება.
იმ ახალგაზრდა მამაკაცთაგან, რომლებიც ფიზიკურად ფორმაში იყვნენ მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობისთვის, ყოველი ასიდან მხოლოდ 12 შეირჩა ჯარში სამსახურისთვის, რადგან დანარჩენებს ფსიქო-ნევროტული მდომარეობები ქონდათ, რაც მკურნალობას საჭიროებდა.
რიგითმა ექიმმა ცოტა ან არაფერი იცის ასეთი შემთხვევების თერაპიაზე და არც დროს ხარჯავს, ისწავლოს შთაგონების გამოყენება. პროფესიონალ ჰიპნოტისტებს სამედიცინო ასოციაციები არ აღიარებენ და საკუთარი რისკის ფასად მოღვაწეობენ.