თავი 1 - ცხოვრების მაგიის საიდუმლო
თავი 1
ცხოვრების მაგიის საიდუმლო
ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა:
მას, რაც თავისთავად არსებობს, ეწოდება გზა - დაო. დაოს არც სახელი აქვს და არც ფორმა. ეს ერთიანი არსია : ერთიანი, თავდაპირველი სული. არსი და სიცოცხლე უხილავია. ის ღვთაებრივ სინათლეშია. ღვთაებრივი სინათლეც უხილავია. იგი იმყოფება ორ თვალში.
დიადი ყოფიერი იმის სახელია, რის ზემოთაც არაფერია. ცხოვრების მაგიის საიდუმლო იმაში მდგომარეობს , რომ მოქმედება გამოვიყენოთ უმოქმედობის მისაღწევად.
ოქროს ყვავილი სინათლეა. ის სინათლის სინათლის სიმბოლოა და აღიწერება სიტყვებით: „სადაც არ უნდა ამოიღო წყალი მდინარიდან, გემო მისი ერთია“.
წრეზე სინათლის მოძრაობა მთლიანადაა დამოკიდებული სინათლის მოძრაობაზე შიგნით, რის წყალობითაც ფიქრები ერთად გროვდება. ღვთაებრივი გული მოთავსებულია მზესა და მთვარეს შორის.
„ყვითელი ციხე-სიმაგრის წიგნში“ ნათქვამია: „ოთახში კვადრატული დიუმით, სახლში კვადრატული ფუტით, ცხოვრების მართვა შეიძლება“. კვადრატული დიუმის შუაში უმაღლესი სილამაზე ცხოვრობს. ზურმუხტების ქალაქის მეწამულ დარბაზში კი უმაღლესი სიცარიელისა და სიცოცხლის ღმერთი. როცა სინათლე წრეზე მოძრაობს, სხეულის ყველა ენერგია მისი ტახტის წინაშე წარდგება, მსგავსად იმისა, როგორც ყველა ქვეშევრდომი ძღვენით ეახლება ხოლმე მეფეს, რომელმაც დააარსა თავისი დედაქალაქი და დააწესა სახელმწიფოს კანონები; ან მსგავსად იმისა, როგორც მსახურები ემსახურებიან გულმოდგინედ თავიანთ ბატონს, თუ იგი მშვიდი და უშფოთველია, ამასთან ყოველმა მათგანმა იცის თავის საქმე.
სინათლეს უნდა ვაიძულოთ წრეზე ტრიალი - ამაშია ყველაზე ღრმა და საოცარი საიდუმლო. ადვილია სინათლის ამოძრავება, მაგრამ ძნელია მისი ერთ ადგილზე გაჩერება. თუ ის წრეზე საკმაოდ ხანგრძლივად ტრიალებს, იგი თავისთავად განიცდის კრისტალიზაციას. ესაა მდგომარეობა, რომელზეც ამბობენ: „ყოველ დილით დუმილში აფრინდები“.
თუ ამ მთავარ პრინციპს მიყვები, აღარ გჭირდება არანაირი სხვა მეთოდის მოძებნა, მთავარია შეძლო შენი ფიქრების მთლიანად ამაზე კონცენტრაცია. აზრების ერთად თავმოყრით კი, შეძლება აფრინდე და ზეცაში დაიბადო.
ოქროს ყვავილი - ეს სიცოცხლის ელექსირია. ის უზადოდ მოქმედებს და ისეთი მოძრავია, რომ მასთან მუშაობისთვის აუცილებლად გჭირდება ჭკუა და ნათელი გონება, ასევე მიმღებლობა და სიმშვიდე . ის, ვისაც არ გააჩნია დიადი გონება და გაგება, ვერ იპოვნის გზას; ის, ვისაც არ გააჩნია დიადი მიმღებლობა და სიმშვიდე, ვერ მიაღწევს წარმატებას.
იგავი...
იყო ერთი მდიდარი მაგი, რომელსაც ბევრი ცხვარი ჰყავდა. მაგი ძალზე ძუნწი იყო: არც მწყემსების დაქირავება სურდა და არც ღობის შემოვლება საძოვარზე. მაგს ხორცი და მატყლი სჭირდებოდა, ეს კი ცხვრებს ნამდვილად არ აწყობდათ, ამიტომ გაქცევას ცდილობდნენ. ისინი ხშირად იკარგებდნენ ტყეში, იჩეხებოდნენ ორმოებში, ხან რა უსიამოვნებას გადაეყრებოდნენ, ხან რას.
როგორც იქნა, მაგმა გამოსავალი იპოვა. მან ცხვრები დააჰიპნოზა და შთააგონა , რომ ისინი უკვდავნი არიან, ამიტომ გატყავებით არანაირი ზიანი არ მიადგებათ, პირიქით, ეს მათთვის სასიკეთო და სასიამოვნოც კი იქნება და საერთოდაც, ისინი ცხვრები არ არიან, : ზოგიერთი მათგანი ლომია, ზოგი - არწივი, ზოგიც - ჯადოქარი. მათ თუ ოდესმე რამე დაემუქრებათ, ეგ ახლა ნამდვილად არ მოხდება და ამაზე არ უნდა იფიქრონ. მაგი ხომ კეთილი პატრონია, იმდენად კეთილი, რომ მათთვის ყველაფრის გაკეთება შეუძლია.
ამის შემდეგ, ცხვრებს გაქცევა არ უცდიათ, ისინი მშვიდად ელოდებოდნენ, თუ როდის მოისურვებდა მაგი მათ მატყლსა და ხორცს.
გიორგი გურჯიევს ძალიან უყვარდა ეს იგავი.
ეს იგავი ნათლად წარმოგვიჩენს ადამიანს მისი გაუცნობიერებლობის ჩვეულ მდგომარეობაში და გვამცნობს, თუ როგორია სინამდვილეში ის : ადამიანი- მანქანა.
ადამიანი არ იბადება მანქანად, მაგრამ ცხოვრობს , როგორც მანქანა და კვდება, როგორც მანქანა. ადამიანშია ცნობიერების აყვავილების დიადი მარცვლები,რითაც მას შეუძლია ღმერთი გახდეს. მაგრამ ეს არ ხდება. არ ხდება იმიტომ, რომ ადამიანი საზოგადოების, სახელმწიფოსა და ორგანიზებული რელიგიების მიერაა დაჰიპნოზებული. სწორედ მათ მიერ, ვინც დაინტერესებულია, რომ ადამიანი მონა იყოს.
საზოგადოებას სჭირდება მონები, და ადამიანი დარჩება კიდეც მონად, თუ აღსრულების საშუალებას არ მისცემს თავის შინაგან გაფურჩქვნას, მაგრამ ეს არავის აწყობს. საზოგადოებას თქვენი ხორცი და ტყავი სჭირდება, ამიტომ ცივილიზაციის და სოციალიზაციის მთელი პროცესი ჰიპნოზია.
ადამიანი ჰიპნოზს დაბადებანვე ექვემდებარება. მას შთააგონებენ, რომ საზოგადოება მთლიანად მისთვის, მის სასარგებლოდ არსებობს. მაგრამ ეს აბსოლუტური ტყუილია. ადამიანს უკვდავებას შთააგონებენ, და მართლაც, მას შეუძლია იყოს უკვდავი, მაგრამ ეს ასე არ ხდება. თუ ჰიპნოზი არ გაიფანტება, ადამიანი ვერასოდეს გახდება უკვდავი.
თქვენ ცხოვრობთ როგორც მოკვდავი არსებები, რადგანაც მხოლოდ სხეულში ცხოვრობთ. ყველაფერი რაც იბადება, განწირულია სიკვდილისთვის. სხეულიც მოკვდება. დაბადება სხეულის დასაწყისია, ხოლო სიკვდილი მისი დასასრული.
თქვენ იცნობთ საკუთარ თავში უფრო მეტს, ვიდრე სხეულია? განგიცდიათ რამე, რაც სხეულზე მაღლა ან უფრო ღრმადაა? გინახავთ თქვენში ის, რაც ჯერ კიდევ თქვენს დაბადებამდე იყო? თუ ეს გინახავთ, მაშინ ნამდვილად უკვდავი ხართ. თუ იცნობთ თქვენს ჭეშმარიტ სახეს, იმ სახეს, რომელიც დაბადებამდე გქონდათ, მაშინ თქვენ იცით, რომ სიკვდილის შემდეგაც განაგრძობთ არსებობას. თუ ეს არ იცით, მაშინ მოკვდავი ხართ.
ადამიანს შეუძლია იყოს უკვდავი, მაგრამ იგი სიკვდილის გარემოცვაში ცხოვრობს, რადგანაც თავს ბოლომდე სხეულთან აიგივებს. საზოგადოება არ გაძლევთ უფლებას, იყოთ უფრო მეტი, ვიდრე სხეული. საზოგადოება მხოლოდ სხეულითაა დაინტერესებული, რადგანაც სხეულის გამოყენება შესაძლებელია, სული კი საშიშია. სულის ადამიანი საშიშია, რადგანაც იგი თავისუფალია. შეუძლებელია ასეთი ადამიანის დამცირება მონურ მდგომარეობამდე. ადამიანი, უკვდავი სულით, ბოლომდე ერთგულია სიცოცხლის; ღმერთის. მას არაფერი ესაქმება ცივილიზაციის, საზოგადოებისა და კულტურის ხელოვნურად შექმნილ სტრუქტურებთან. მისთვის ისინი ციხის საკნებია. ეს ადამიანი არ არსებობს როგორც ქრისტიანი, ინდუისტი ან მუსულმანი. მას არ შეუძლია იყოს ბრბოს ნაწილი. იგი ისე ცხოვრობს , როგორც ინდივიდუალობა.
თქვენი სხეული ბრბოს ნაწილია, თქვენი სული კი - არა. თქვენი სული ღრმად ინდივიდუალურია. თავისუფლება მისი არომატია. თქვენს სულს ვერანაირად ვერ გამოიყენებენ ფულის სამყაროში. საზოგადოებას მხოლოდ თქვენი სხეული სჭირდება. საზოგადოებისთვის უკიდურესად სახიფათოა, თუ თქვენი სულისთვის ბრძოლას იწყებთ, რადგანაც როდესაც ინტერესები გეცვლებათ, ექსტრავერტიდან ინტრავერტად გადაიქცევით. საზოგადოებისთვის აუცილებელია, რომ ექსტრავერტებად დარჩეთ, ადამიანებად, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მხოლოდ ფულით, ძალაუფლებით, პრესტიჟით და ა.შ., რათა თქვენი ენერგია გარეთ გამოიტყორცნოს. მაშინ როდესაც ,თქვენ საკუთარი თავის სიღრმეში იწყებთ მოძრაობას, განდეგილი ხდებით და აღარ მონაწილეობთ იმ თამაშში, რითაც საზოგადოება თამაშობს. თქვენ ეთიშებით თამაშს და განაგრძობთ სიარულს თქვენი არსის სიღრმეში. სწორედ იქ, სადაც თქვენი უკვდავების წყაროა.
საზოგადოება ცდილობს ხელი შეგიშალოთ შიგნითკენ სვლაში. ამისთვის საუკეთესო სტრატეგია ცრუ შთაბეჭდილების შექმნაა, რომ თითქოს შიგნითკენ მოძრაობთ. მსგავსად მაგისა, რომელმაც დაარწმუნა ცხვრები იმაში, რომ ისინი ლომები , არწივები, ჯადოქრები და უკვდავნი არიან.
საზოგადოებამ დაგარწმუნათ, რომ თუ სიღრმეში სიარული გსურთ, ეკლესიაში უნდა წახვიდეთ, მღვდელთან უნდა იურთიერთობოთ. სინამდვილეში კი, ეკლესიაც ისევე მიეკუთვნება გარე სამყაროს, როგორც ყველაფერი სხვა დანარჩენი. ეკლესიაში თქვენ არ მოძრაობთ საკუთარი თავის შიგნით; არ იხედებით საკუთარ თავში. მღვდელი არის სახელმწიფოს და საზოგადოების აგენტი. მღვდელი ყოველთვის მისტიკოსების წინააღმდეგ იყო, რადგანაც თუ მისტიკოსთან მიხვალთ, შიგნითკენ დაიწყებთ მოძრაობას.
მისტიკოსი სხვაგვარად ცხოვრობს. მის ენერგიას სხვა გეშტალტი აქვს*: (გეშტალტი - Gestalt – ფორმა, ხატ-სახე. ფსიქოლოგიაში ეს ტერმინი გამოიყენება იმის მისანიშნებლად, რომ რაღაც ერთიანის აღქმა შეუძლებელია აღქმული ელემენტების ჯამით, რამეთუ მთელი - ეს რაღაც სხვაა, ვიდრე ნაწილების ჯამი. - აქ და შემდგომში მთარგმნ. შენიშვნა) მისი მდინარე შიგნით მიედინება. ის, ვინც მიდის მისტიკოსთან და ბოლომდე მიენდობა მას , სიღრმისკენ მოძრაობას ძალიან ადვილად და ბუნებრივად იწყებს, სწორედ ამაშია ოსტატთან, მისტიკოსთან თანმყოფობის მთელი არსი.
წიგნი „ოქროს ყვავილის საიდუმლო“ ერთ-ერთი ყველაზე ეზოთერული ტრაქტატია მსოფლიოში. იგი მიგანიშნებთ, როგორ გახდეთ უფრო მეტი, ვიდრე სხეული, როგორ ამაღლდეთ სიკვდილზე, როგორ გაიფურჩქნოთ და იქცეთ იმად , რასაც ინდოეთში ათასფურცლოვან ლოტოსს უწოდებენ, ხოლო ჩინეთში - ოქროსფერ ყვავილს.
ყვავილი სიმბოლოა ტოტალურობისა და სრულყოფილებისა, პოტენციალის უმაღლესი გამოხატულებისა და ამ პოტენციალის რეალიზაციისა. ყვავილი გამოხატავს ყოფიერების სილამაზეს, სიდიადეს და ამაღლებულობას. სანამ ათასფურცლოვანი ლოტოსი ან ოქროს ყვავილი არ გახდებით...
გახსოვდეთ, შორს უნდა წახვიდეთ! გახსოვდეთ, რომ იმ ბადის ხლართებიდან უნდა დაიხსნათ თავი, რომელშიც საზოგადოებამ გაგხვიათ. გახსოვდეთ, რომ ჯერ არ შეგისრულებიათ ის სამუშაო, რისთვისაც დედამიწაზე მოხვედით. გახსოვდეთ, სანამ მხოლოდ თესლი ხართ, ჯერ კიდევ არ ხართ სული!
ტრაქტატი „ოქროს ყვავილის საიდუმლო“ ძალიან ძველია, იმდენად ძველიც კი, რომ შესაძლოა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. იგი შეიქმნა არანაკლებ 2500 წლის უკან, და შესაძლოა უფრო ადრეც.
ბიბლია ეკუთვნის ქრისტიანობას, თალმუდი - იუდაიზმს, ვედები - ინდუიზმს, დჰამაპადა - ბუდიზმს, დაო-დე-ძინი - დაოსიზმს. ხოლო ეს პატარა წიგნი, „ოქროს ყვავილის საიდუმლო“, სახელდობრ არც ერთს არ მიეკუთვნება და ამავდროულად ყველასია. ეს წიგნი წარმოადგენს ყველა არსებული რელიგიის საოცარ სინთეზს. ეს იშვიათი და უნიკალურია.
წიგნს ღრმა ფესვები გააჩნია დაოსისტურ სწავლებაში, ეს სიცოცხლისადმი და არსებობისადმი დაოსისტური მიდგომის გაფურჩქვნაა. ასევე აქ შევხდებით ბუდისტურ სწავლებებს, ეზოთერული ქრისტიანული სკოლას - ნესტორნიანიზმს, ზარატუსტრას . ქრისტიანობა და იუდაიზმიც ამ წიგნის ნაწილებია, რაც წიგნს სინთეზურს ხდის და აერთიანებს ყველაფერ მშვენიერს , რაც კი არსებობს მსოფლიოს ყველა ტრადიციაში. ასწლეულების განმავლობაში ეს ცოდნა ზეპირი სახით გადაიცემოდა და ხელმისაწვდომი იყო ადამიანთა ვიწრო წრისთვის, განდობილ მოსწავლეებისთვის. ოსტატი მოსწავლეებს ცოდნას მათი სიმწიფის სიმწიფის მომენტში გადასცემდა, რადგან საზიანოა უზარმაზარი ძალის მქონე საიდუმლოს არასწორად გაგება და გამოყენება. ცოდნა მოქმედებას წყებს მისი სწორად გაგებისა და ოსტატთან თანამყოფობის დროს . ეს ისეთივე მძლავრი მეთოდია, როგორც ატომური ენერგია.
ჩვენს დროში ატომური ენერგიის საიდუმლოებას საგულდაგულოდ უმალავენ ადამიანებს, რადგან თუ ეს საიდუმლოება ბევრს ეცოდინება, ის უზარმაზარ საფრთხედ იქცევა. თუ ადამიანები ატომური ბომბის კერძოდ წარმოებას დაიწყებენ, საშინელი ქაოსი დადგება. ატომური კვლევები უმკაცრესად გასაიდუმლოებულია. სწორედ ასევე, ეს წიგნი ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ მეთოდს გვასწავლის შინაგანი აფეთქებისთვის. მისი საიდუმლოებები მრავალი საუკუნის განმავლობაში ინახებოდა და განდობილი ხდებოდა მოსწავლეებისთვის მხოლოდ პირადი ურთიერთობით. ის, ვინც მისდევდა ამ ეზოთერულ სწავლებას, უარს ამბობდა ცდუნებაზე, რომ ჩაეწერა იგი. სინამდვილეში, მსოფლიოს ყველა რელიგია დიდხანს ამბობდა უარს თავისი სულიერი ცოდნის ჩაწერაზე.
არის ერთგვარი სილამაზე იმაში, რაც სიტყვიერად გადაეცემა. ეს რაღაც ცოცხალია, მასში ოსტატის სიახლოვე იგრძნობა. ეს არაა მკვდარი სიტყვა. მას გააჩნია სული და ფრთები. ოსტატი წარმოგვიდგება როგორც ცოცხალი მოწმე. მის უკან პირადი გამოცდილება დგას. ეს არაა უბრალოდ მსჯელობა, უბრალოდ ფილოსოფია,არამედ ესაა რაღაც რეალური, ეგზისტენციალური, საკუთარი გამოცდილებით განცდილი. ოსტატმა გაიარა თავისი გზა : - მან ყველა ხიფათი იცის ამ გზაზე, იცის ყველა ორმო, უფსკრული, ადგილები, სადაც შეიძლება გზისგან აცდენა და დაკარგვა. იგი ზრუნავს იმაზე, რომ მოსწავლე არ დაიკარგოს და გზიდან არ გადაუხვიოს.
რაც უფრო უახლოვდებით ჭეშმარიტებას, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ გზას აცდებით, რადგანაც როცა ჭეშმარიტებას უახლოვდებით, შესაძლოა გახდეთ უფრო ეგოისტი, იფიქროთ, რომ : „ახლა მე ვიცი“, „ახლა მე ვარსებობ“. თუ ეგოც ჩაირთვება, თქვენ წარსულის ბნელ ველში გადავარდებით და ხელიდან გაუშვებთ მწვერვალს. როცა ჭეშმარიტებას უახლოვდებით, უზარმაზარი სურვილი გიჩნდებათ მისი სხვებისთვის გაზიარებისა, მაგრამ თქვენ ჯერ თუ არ მიგიღწევიათ ჭეშმარიტებამდე მის მთლიანობაში, ჭეშმარიტების მხოლოდ ნაწილის გაზიარება სახიფათოა. არასრული ჭეშმარიტება კიდევ უფრო სახიფათოა, ვიდრე ტყუილი, რადგანაც მას ძალა აქვს. ტყუილი უძლურია. ადრე თუ გვიან ადამიანები მიხვდებიან, რომ ეს ტყუილია. არასრულ ტყუილს კი შეუძლია საუკუნეები იარსებოს და ასწლეულების განმავლობაში მოახდინოს ზეგავლენა.
არავის შეუძლია ჭეშმარიტების ნაწილით გასხივოსნება, ხოლო ადამიანი, რომელიც გზის ნახევარს გადის, არ ეკუთვნის არც ამ სამყაროს და არც რომელიმე სხვას. ასეთი ადამიანი ჯოჯოხეთის კარიბჭის წინ ხვდება. ეს ძალიან უცნაური სიტუაციაა - როცა უკვე დაკარგეთ ძველი, მაგრამ არ მოგიპოვებიათ ახალი. ეს სიტუაცია ქმნის ქაოსს თქვენში. ძველი უკვე წავიდა, ახალი კი ჯერ არ დამდგარა. თქვენ იქცევით ქაოსად და სასოწარკვეთილება გიპყრობთ. ნაცვლად იმისა, რომ გახდეთ უფრო სიცხადით სავსე, სინათლით სავსე, თქვენი ცხოვრება იქცევა ორ ურთიერთსაპირისპიროს შორის კონფლიქტად. თქვენ ნაწილებად იშლებით, ნაფლეთებად იქცევით. ნახევარი მიწას ეკუთვნის, ნახევარი კი - ზეცას. თქვენ არსად არ ხართ. თქვენ არავინ არ ხართ. ამან შეიძება ჭკუიდან გადაგიყვანოთ. სწორედ ამიტომ ასწლეულების განმავლობაში „ოქროს ყვავილის საიდუმლო“ მხოლოდ სიტყვიერად გადაეცემოდა.
გარდა ამისა, სიტყვიერი გზით გადაცემისას, წიგნი ყოველთვის ცოცხალი რჩება. სწორედ ასე გახდა ეს წიგნი სინთეზი. იგი ჩინეთის დაოსურ კლიმატში გაჩნდა. შემდეგ ჩინეთში მოვიდა ბოდჰიდჰარმა - ახალი ოსტატი, ახალი გზავნილით ინდოეთიდან, გზავნილით ბუდასგან. ადამიანები, რომლებიც მისდევდნენ „ოქროს ყვავილის საიდუმლოს’’, ძალიან გახსნილნი იყვნენ. ისინი არ განეკუთვნებოდნენ არც ერთ ოფიციალურად არსებულ რელიგიას. მათ მაშინვე იგრძნეს ჭეშმარიტება ბოდჰიდჰარმას სიტყვებში. ის, რასაც იგი ამბობდა, ისეთი თვალნათლივი და უდავო იყო...და მათ საშუალება მისცეს ბოდჰიდჰარმას სწავლებას, საკუთარი სწავლების ნაწილი გამხდარიყო. იგივე დაემართათ ზოროასტრიზმის ოსტატებს და ნესტორიანელ ქრისტიანებს. ჩინეთში გამუდმებით ჩაედინებოდა სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობა, და თუ ისინი ჭეშმარიტებას ატარებდნენ, დაოსიზმის ნაწილნი ხდებოდნენ.
სიტყვიერი სწავლება ცოცხალი რჩება. იგი მდინარესავით იზრდება. ახალი ნაკადები ჩაედინება მასში და მისი ნაწილი ხდება. როგორც კი სწავლება ფურცელზე იწერება, მას უკვე აღარ შეუძლია რაიმე შეუშვას საკუთარ თავში. იგი ხდება გაყინული, მკვდარი, კარგავს დინების უნარს და გამჭვირვალობას, გვამს ემსგავსება. ახლა „ოქროს ყვავილის საიდუმლო“ აღარ იზრდება უკვე მრავალი საუკუნეა. მან შეწყვიტა ზრდა მას შემდეგ, რაც ფურცელზე ჩაიწერა.
რატომ გადავწყვიტე საუბრების დაწყება ამ წიგნის მიხედვით? იმისთვის რომ მან განაგრძოს. ეს ისეთი მშვენიერი გზავნილია მსოფლიოსადმი, რომ არ უნდა მოკვდეს. მინდა კვლავ ავაღორძინო იგი. ახლა მე ვსაუბრობ იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩემი მოსწავლეები გახდნენ, მათთან, ვინც მოვიდა ჩემთან და მზადაა მოკვდეს, რათა ხელახლა დაიბადოს; მათთან, ვინც მზადაა მოკვდეს, რათა გაიფურჩქნოს. თესლი უნდა მოკვდეს , მხოლოდ მაშინ შეუძლია მას აღმოცენება; თესლი უნდა გაქრეს , მხოლოდ მაშინ გაიზრდება ხე.
ჩვენ ვიწყებთ საუბრებს ამ მცირე, მაგრამ საოცრად ღირებული წიგნის მიხედვით, რათა ამ წიგნმა კვლავ იცოცხლოს. იგი კვლავ გაცოცხლდება ჩვენი შეხვედრების წყალობით. იგი კვლავ იდინებს, როგორც მდინარე. იგი უზარმაზარ აზრს ატარებს საკუთარ თავში. თუ ჩაწვდებით მას და პრაქტიკაში გამოიყენებთ, ამით საკუთარ თავს გაამდიდრებთ.
პირველ რიგში უნდა მიხვდეთ და გაიაზროთ , რომ თქვენ დაგაჰიპნოზეს, და უნდა განთავისუფლდეთ მისგან. თქვენ უნდა მოიშოროთ ყველა ის განპირობებულობა, რაც თავს მოგახვიეს. სიკვდილი ახლოსაა. ნუ გეგონებათ, რომ დღეს არ დაგემართებათ იგი, მას ხომ ყოველ წამს შეუძლია მოვიდეს.
სინამდვილეში, ყველაფერი რაც ხდება, ყოველთვის ახლა ხდება. თესლი ახლა კვდება, ყვავილი ახლა იფურჩქნება, ჩიტი ახლა გალობს. ყველაფერი, რაც ხდება, ხდება მხოლოდ იმ სივრცეში, რომელიც აქ და ახლა, სწორედ ამ მომენტშია. არაფერი არასოდეს არ ხდება წარსულში და არაფერი არ ხდება მომავალში. ყველაფერი რაც ხდება აწმყოშია. ეს ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ რამე ხდებოდეს, რადგანაც აწმყო ერთადერთი არსებული დროა.
წარსული მხოლოდ თქვენი მეხსიერებაა, ხოლო მომავალი - მხოლოდ თქვენი წარმოსახვაა. თქვენ დაგაჰიპნოზეს წარსულში ან მომავალში ცხოვრებით: თქვენ გაქვთ არჩევანი : - ან წარსული, ან მომავალი. არც ერთი საზოგადოება არ მოგცემთ აწმყოთი ცხოვრების უფლებას.
ქრისტიანები, ინდუისტები და მუსულმანები წარსულით ცხოვრებას გასწავლიან. მათი „ოქროს ხანა“ წარსულშია. კომუნისტები, სოციალისტები, ფაშისტები მომავალში ცხოვრებას გასწავლიანით. მათი „ოქროს ხანა“ - მომავალშია: როცა მოხდება რევოლუცია, მსოფლიო იდეალური გახდება, და მაშინ თქვენ, ბოლოს და ბოლოს, ნამდვილად შეძლებთ ცხოვრებას, მაშინ როგორც იქნება დადგება ოქროს ხანა. თქვენ ცხოვრობთ ან წარსულში, რომელიც არარეალურია, ან მომავალში, რომელიც ასევე არარეალურია. არც ერთი საზოგადოება არ გთავაზობთ აწმყოში ცხოვრებას, რომელიც აქ და ახლა არსებობს.
იყო სანიასი, იყო ნამდვილი მაძიებელი ნიშნავს იცხოვრო აქ და ახლა. არ არსებობს არანაირი სხვა ცხოვრება. მაგრამ ამისთვის უარი უნდა თქვათ ავტომატურად, რობოტის მსგავსად ყოფნა და გახდეთ ადამიანი. თქვენ უნდა გახდეთ უფრო მეტად გაცნობიერებული, რადგანაც ახლა გაუცნობიერებელი ხართ.
ერთხელ მომაკვდავი ადამიანის საწოლთან ვიჯექი. ეს იყო პროფესორი იმავე უნივერსიტეტიდან, სადაც მე ვიყავი. იგი თავისი წარმატებული კარიერის მწვერვალზე იმყოფებოდა, როცა გულის შეტევა დაემართა. ყოველთვის ასე ხდება, როცა მწვერვალს აღწევთ. წარმატებას ყოველთვის მოსდევს გულის შეტევა. რა უნდა მოხდეს წარმატების შემდეგ, გარდა ინფარქტისა? მაშ ასე, მას დაემართა ინფარქტი და კვდებოდა. იგი დიდ მწუხარებაში იყო : ვის უნდა სიკვდილი? იგი სასოწარკვეთილი იყო.
მე ვუთხარი:-ნუ ღელავ, შენ არ მოკვდები.
- რას მეუბნები? ექიმები ხომ... ყველა ექიმი ამბობს, რომ არანაირი იმედი არ უნდა მქონდეს. რატომ ამტკიცებ, რომ არ მოვკვდები?
- შენ ვერ მოკვდები, იმიტომ რომ არასოდეს გიცხოვრია. შენ არ შეგისრულებია პირველი პირობა სიკვდილისთვის. ორმოცდაათი წლის განმავლობაში მთვარეულივით ცხოვრობდი, როგორც სიზმარში. პრინციპში, შენ არ გიცხოვრია. მე მრავალი წელი გაკვირდებოდი.
პროფესორი შოკირებული იყო. იგი გაბრაზდა. ისე განრისხდა, რომ წამით დაავიწყდა კიდეც, რომ კვდებოდა. თვალები რისხვით აენთო და თქვა:
- ნუთუ ასე უნდა მოეპყრა მომაკვდავს? ნუთუ არ შეგიძლია უფრო გულისხმიერი იყო? რატომ ხარ ასეთი სასტიკი ჩემს მიმართ? მე ვკვდები, შენ კი ასეთ დიად ფილოსოფიურ ჭეშმარიტებას განმიცხადებ: „შენ არასოდეს არ გიცხოვრია“. ნუთუ ეს შესაფერისი მომენტია იმისთვის, რომ ასეთი რამე მითხრა?
მე ჩუმად ვუსმენდი. აბსოლუტურ მდუმარებაში ვიყავი. შემდეგ მისი რისხვა განელდა და ტირილი დაიწყო. ცრემლები მოგორავდა მისი თვალებიდან. ხელი ჩამჭიდა და დიდი სიყვარულით წარმოთქვა:
-იქნებ მართალი იყავი. მე არასოდეს მიცხოვრია. იქნებ არ ხარ უხეში, უბრალოდ სიმართლეს ამბობ. ვიცი, რომ ვერავინ გაბედავდა ჩემთვის ამის თქმას.
იგი ღრმა მადლიერებით აღივსო და წამით იმდენად გაცნობიერებული გახდა, რომ სახე გაუნათდა, მთლიანად აღივსო შინაგანი სინათლით. მან მადლობა გადამიხადა. იმავე ღამით მოკვდა. მე ბოლო წამამდე მასთან ვიყავი. სიკვდილის წინ თქვა:
- შენ რომ გვერდით არ მყოლოდი, სიკვდილსაც ისევე გავუშვებდი ხელიდან, როგორც სიცოცხლეს. მაგრამ მე გაცნობიერებულად ვკვდები. ბედნიერი ვარ, რომ სიკვდილს მაინც არ ვხვდები გაუცნობიერებელი.
მისი სიკვდილი მშვენიერი იყო. იგი მოკვდა ყოველგვარი სინანულის გარეშე, მოკვდა ძალიან მშვიდად, გახსნილი და მადლიერებით სავსე გულით. იგი ლოცვით მოკვდა . მისი შემდეგი ცხოვრება სრულიად სხვაგვარი იქნებოდა.
როცა სიკვდილი ასეთი მშვენიერია, იგი ახალ სიცოცხლეს იძლევა. მაგრამ თქვენ უნდა იცხოვროთ ყოველი აწმყო მომენტით, რაც არ უნდა დაგემართოთ: იქნება ეს ცხოვრება, სიყვარული, რისხვა თუ სიკვდილი. თქვენ უნდა იცხოვროთ ყოველი მომენტით იმდენად გაცნობიერებულად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
ერთი გლეხი სხვის ბოსტანში გადაძვრა კიტრის მოსაპარად . „კიტრის ამ ტომარას წავიღებ, - ფიქრობდა იგი, - გავყიდი და აღებული ფულით დედალს ვიყიდი, რომელიც ბევრ კვერცხს დადებს და წიწილებს გამოჩეკს. წიწილებს გამოვკვებავ, გავყიდი და იმ ფულით გოჭს ვიყიდი. გოჭი გაიზრდება და დედა ღორად იქცევა, რომელიც ბევრ გოჭს დაყრის. შემდეგ გოჭებს გავყიდი და აღებული ფულით სახლს ვიყიდი ბოსტანთან ერთად. ბოსტანში კიტრს დავთეს და არავის მივცემ მათი მოპარვის უფლებას. დარაჯს დავიქირავებ, დრო და დრო მივალ ხოლმე ბოსტანში და ვუყვირებ: „ეი, დარაჯო! ნუ გძინავს!“
იგი იმდენად გაიტაცა თავისმა ფიქრებმა, რომ მთელი ხმით დაიყვირა. მისი ხმა დარაჯმა გაიგო და ქურდს დასაჭერად გამოეკიდა. დაიჭირა გლეხი და კარგი პანღურიც ამოჰკრა.
სწორედ ასე ცხოვრობს ადამიანი: იგი ცხოვრობს მომავლის ოცნებებში, წარმოსახვებში, პროექციებში. ასე ცხოვრობთ თქვენც. არ ღირს ასე დახარჯოთ მშვენიერი და შეუფასებელი ცხოვრება. ამით თქვენ მას ხელიდან უშვებთ. უფრო ყურადღებიანი უნდა გახდეთ იმ მომენტისადმი, რომელიც აწმყოში ხდება. მთელი თქვენი გაცნობიერებულობა უნდა მოიკრიბოთ . გაცნობიერებულობა - ეს განძია, და ყველა მეთოდი, რომელიც ასწლეულების განმავლობაში მუშავდებოდა, სხვა არაფერია, თუ არა საშუალება, რომ თქვენში უფრო მეტი გაცნობიერებულობა შემოიტანოს, უფრო მეტი ცეცხლი გააღვივოს, თქვენი ცხოვრება ვნებიან წვად და ცეცხლის ალად აქციოს . ადამიანები საცოდავად ცხოვრობენ, რადგანაც უყურადღებონი, გაუცნობიერებელნი არიან. როგორ შეიძება ასე ცხოვრება? გაუცნობიერებლობა - სიბნელეა, გაცნობიერებულობა - სინათლე. ეს ტრაქტატი გასწავლით, როგორ შექმნათ თქვენში მეტი სინათლე ისე, რომ ერთხელ... ოქროს ყვავილი...
ორი ფსიქიატრი ქუჩაში შეხვდა ერთმანეთს.
- შენი საქმეები შესანიშნავად მიდის, - თქვა ერთმა. - ჩემი საქმეები როგორაა?
ადამიანები ეკითხებიან ერთმანეთს. არავინ იცის, როგორაა მისი საქმე. ყველა ერთმანეთს უყურებს თვალებში და აგროვებს ინფორმაციას საკუთარ თავზე და სხვებზე. აი, რატომაა ყველასთვის მნიშვნელოვანი სხვების აზრის ცოდნა. თუ ვინმე ამბობს, რომ სულელი ხართ, თქვენ ბრაზდებით. რატომ?იმიტომ რომ ახლა უკვე დაბნეული ხართ. გეგონათ, რომ ჭკვიანი იყავით, რადგან ვიღაცამ გითხრათ, რომ ჭკვიანი ხართ. თქვენ ენდობოდით სხვა ადამიანის აზრს. ახლა ვიღაც სხვა გეუბნებათ, რომ სულელი ხართ და მას შეუძლია ძალიან იოლად დაანგრიოს თქვენი სიბრძნე. თქვენ ბანქოს სახლი ააგეთ, მან კი ქვა ესროლა ამ სახლს და ყველაფერი დაინგრა. აი, რატომ ბრაზდებით, რისხვაში ვარდებით, სასტიკი ხდებით ან დარდობთ. თქვენ გამუდმებით აყურადებთ სხვების აზრს, რადგანაც არაფერი იცით საკუთარი თავის შესახებ. იცით მხოლოდ ის, რასაც სხვები ფიქრობენ თქვენზე. რას ჰგავს ეს ვითარება ? თუკი მე თვითონ არაფერი ვიცი საკუთარ თავზე, ნუთუ ვინმეს შეუძლია იცოდეს ეს? გარედან არავის ძალუძს ჩემი დანახვა, რადგანაც გარედან არ ვჩანვარ. გარედან მხოლოდ ჩემი სხეულის დანახვაა შესაძლებელი. მხოლოდ მე შემიძლია ვიცოდე, რა ხდება შიგნიდან ჩემს ცნობიერებაში .
მაშინაც კი, როცა სარკის წინ დგახართ, მხოლოდ საკუთარ სხეულს ხედავთ და არ შეგიძლიათ საკუთარი ცნობიერების დანახვა. თქვენ პირდაპირ უნდა შეხედოთ მას. იგი არასოდეს ირეკლება სარკეში, იგი არაფერში არ ირეკლება, იგი უჩინარია. თქვენ უნდა დახუჭოთ თვალები და გახდეთ ეს ცნობიერება. მხოლოდ ასე შეგიძლიათ გაიგოთ, რა არის ეს.
ადამიანები ღრმა გაუცნობიერებლობაში და სხვების შეხედულებებით ცხოვრობენ. ის, რასაც ლაპარაკობენ მასზე სხვები, მათი სული ხდება. სხვებს შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში წაართვან მას სული. ადამიანები გლახაკებივით ცხოვრობენ.
რაიმე მაინც იცით საკუთარ თავზე? გინახავთ საკუთარი თავი უშუალოდ, სხვათა შეხედულებების გათვალისწინების გარეშე? თუ არა, მაშინ ჯერ არ გიცხოვრიათ. ცხოვრება იწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარ თავს ხვდებით, როდესაც მას პირდაპირ, უშუალოდ ხედავთ . თქვენ ცხოვრობთ მხოლოდ მაშინ, როდესაც შეგიძლიათ დაინახოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ, და არა ისეთი, როგორც სხვები გხედავენ. სხვებსროგორ შეუძლიათ რამე თქვან თქვენზე? ისინი მხოლოდ თქვენს ქცევას ხედავენ, და არა თქვენ . საკუთარი თავის ხილვა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, სხვას არავის. შეუძლებელია ეს დაავალოთ მსახურებს, ან გადააბაროთ სხვა ვინმეს. ამას ვერ გააკეთებენ სპეციალური ექსპერტებიც კი. ჩვენ ასე გვაღელვებს სხვების აზრი, რადგანაც ჩვენ თავად არ ვართ, ჩვენს შგნით არავინაა, ისე ღრმად გვძინავს, რომ საკუთარი ხვრინვაც კი არ გვესმის.
დაბნეული პროფესორი თმის შესაჭრელად მივიდა. დალაქის წინ სავარძელში მოკალათდა და არც უფიქრია ქუდის მოხდა.
- ვშიშობ, ქუდის მოხდა მოგიწევთ, - უთხრა დალაქმა.
- ბოდიშს ვიხდი, - თქვა პროფესორმა, - არ ვიცოდი, თუ აქ ქალბატონები იყვნენ.
დააკვირდით თქვენს გაფანტულობას. დაკვირვება გაცნობიერებულობას შექმნის თქვენში. დააკვირდით ყველაფერს, რაც თქვენს შიგნით ხდება: როგორ მოდიან აზრები, მოგონებები, რისხვის ღრუბელი, დარდის ბნელი ღამე, სიხარულის საოცარი დილა. დააკვირდით ყველაფერს, რაც თქვენს შიგნით ხდება და გახდით უფრო და უფრო დაკვირვებული. დროთა განმავლობაში თქვენი დაკვირვებულობა ინტეგრირდება. მეთოდი, რომელსაც „ოქროს ყვავილის საიდუმლო“ გასწავლით, დაგეხმარებათ თქვენი შინაგანი სინათლის ინტეგრაციაში.
აი, ამ წიგნის ისტორია მანამ, სანამ სუტრებზე გადავალთ. ეს წიგნი მომდინარეობს ჩინეთის ერთ-ერთი ეზოთერული წრიდან. გადმოცემის თანახმად, ამ ეზოთერული წრის დამფუძნებელი ცნობილი დაოსი - ადეპტი ლუ იენი გახდლათ. საიდან გაიგო ლუ იენმა ამ საიდუმლო ცოდნის შესახებ? თავად იგი ამას ოსტატ კუან იუ-სის მიაწერს, რომლისთვისაც ტრადიციის თანახმად ლაო-ძიმ „დაო-დე-ძინი“ დაწერა. თავისი ცხოვრების მანძილზე ლაო-ძის ერთი სიტყვაც არ დაუწერია. იგი გამოდმებით უარყოფდა რაიმეს დაწერის იდეას. მართალია საკუთარ მოსწავლეებს მოუყვა ყველაფერი, რაც იცოდა, მაგრამ მზად არ იყო ამის დასაწერად. იგი ამბობდა: „დაო, რომელიც შეიძლება გამოითქვას სიტყვებით, არ არის ჭეშმარიტი დაო“. დაო, რომლის გამოთქმაც შესაძლებელია, უკვე თავისთავად ტყუილია. მისი წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ოსტატთან უშუალო კონტაქტის შედეგად. არ არსებობს დაოს გადმოცემის სხვა გზა. მისი წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ოსტატისა და მოსწავლის ღრმა ერთიანობაში, როდესაც მოსწავლე არაფერს აკავებს, როცა მოსწავლე და ოსტატი ცნობიერებით ერწყმიან ერთმანეთს. მხოლოდ ასეთ შერწყმაში, ასეთ ერთიანობაშია შესაძლებელი დაოს გადაცემა. ამის გამო ლაო-ძი უარს ამბობდა თავისი სწავლების ჩაწერაზე.
მან ხანგრძლივად იცოცხლა. როცა გარდაცვალება გადაწყვიტა, ჩინეთი მდინარის კამეჩზე ამხედრებულმა დატოვა. რატომ მდინარის კამეჩზე? მთელი მისი სწავლება წარმოადგენდა სწავლებას წყლის გზის შესახებ. იგი ამბობდა: უნდა იყოთ როგორც წყალი : მოძრავი, რბილი, საღი, ოკეანისკენ გამუდმებით მსწრაფი. რბილი, ქალური, მიმღები, მოსიყვარულე, არამოძალადე. საჭირო არაა დაემგვანოთ კლდეს. კლდე ძალიან მაგარი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. წყალი ძალიან სუსტი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. არასოდეს მოტყუვდეთ გარეგნული ფაქტორებით. ბოლოს და ბოლოს , წყალი ამარცხებს კლდეს: კლდე ინგრევა წყლის ზემოქმედებით, ქვიშად იქცევა და ოკეანეში მიედინება. საბოლოოდ, კლდე ქრება რბილი წყლის ზეგავლენით ქრება.
კლდე მამაკაცური საწყისია, მამაკაცური და აგრესიული გონება, წყალი - ქალური საწყისია: რბილი, მოსიყვარულე, არააგრესიული. წყალი ყოველთვის მზადაა დაემორჩილოს, ეს ქალის გზაა. ქალი ყოველთვის მორჩილია და ამ მორჩილებით იმარჯვებს. მამაკაცი კი ყოველთვის ცდილობს გამარჯვებას, მაგრამ შედეგად ემორჩილება და მეტი არაფერი. ამიტომ ქვეყნის დატოვებისას ლაო-ძიმ მდინარის კამეჩი აირჩია. სად მიდიოდა? მიდიოდა ჰიმალაებში, რათა ამ მთების მარადიულ სილამაზეში მომკვდარიყო.
ჭეშმარიტების ადამიანმა იცის, როგორ იცხოვროს და როგორ მოკვდეს. ჭეშმარიტების ადამიანი ცხოვრობს ტოტალურად და ასევე კვდება . ჭეშმარიტების ადამიანი ცხოვრობს მადლში და ასევე კვდება .
ლაო-ძი ჰიმალაებში აბსოლუტურ მარტოობაში წავიდა. საზღვარზე იგი შეაჩერეს. იგი ოსტატმა კუან-იუ-სიმ გააჩერა, რომლიც ჩინეთის უკანასკნელი სასაზღვრო პუნქტის მცველი იყო. ლაო-ძს უნდა აუცილებლად უნდა გაევლო ეს პოსტი, რომ ქვეყნის დატოვება მოეხერეხებინა . კუან იუ-სიმ დარწმუნა იგი: „შენ მალე მოკვდები, სამუდამოდ დატოვებ ქვეყანას, შემდეგ კი - სხეულსაც. გთხოვ, დაწერე თუნდაც რამდენიმე სიტყვა. ქვეყნიდან არ გაგიშვებ, სანამ რამეს არ დაწერ. ეს შენი ვალია“. ლაო-ძი იძულებული გახდა სამი დღე კუან იუ-სის ქოხში გაეტარებინა, სადაც „დაო-დე-ძინი“ დაწერა.
გადმოცემის თანახმად, „ოქროს ყვავილის საიდუმლოს“ სწავლების სათავეებთან ლუ იენი დგას. თავად ლუ იენი სწავლების ფუძემდებლად ოსტატ კუან იუ-სის ასახელებს, რომლისთვისაც, ლაო-ძიმ „დაო-დე-ძინი“ დაწერა. სახელი კუანი ნიშნავს „ან-კუ-ს გზას“, ასე რომ ოსტატი კუანი ნიშნავს „ან-კუს გზის ოსტატს“. იგი დიადი ადეპტი უნდა ყოფილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ აიძულებდა ლაო-ძის „დაო-დე-ძინის“ დაწერას. ლაო-ძი ყოველთვის უარს ამბობდა წერაზე, მაგრამ ამ ადამიანს თხოვნაზე უარი ვერ უთხრა . ალბათ ამ ადამიანში იყო რაღაც ისეთი, რომ ლაო-ძიმაც კი ვერ უთხრა „არა“.
ასე უკავშირდება ოქროსფერი ყვავილის ტრადიცია ლაო-ძის. მაგრამ ის არ დაწყებულა ლაო-ძისგან. თავად ლაო-ძი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი, რასაც ამბობს, უკვე ნათქვამია მანამდე და ასწლეულების განმავლობაში მეორდება. მას არ მოუტანია სამყაროში ახალი ჭეშმარიტება, არამედ მოიტანა მხოლოდ ახალი გამოხატულება ამ ჭეშმარიტებისა. ასეცაა: ჭეშმარიტება ერთია, სხვაობა მხოლოდ გამოხატვის ფორმებშია.
ის , რასაც ლაო-ძი ამბობს, მანამდე კრიშნამ თქვა. იმას, რასაც კრიშნა ამბობს, მოგვიანებით იმეორებს ბუდა. ბუდამ იგივე თქვა, რაც მუჰამედმა, იესომ, ზარატუსტრამ, მაგრამ მათი გამოხატულება იმდენად განსხვავებულია, რომ საჭიროა დიდი გამჭრიახობა, რათა არსი დავინახოთ. სტრუქტურა , ენა , გამოხატვის ფორმები განსხვავებულია , და ეს ბუნებრივია, რადგანაც ისინი სხვადასხვა ადამიანები არიან, სხვადასხვა ინდივიდები თავიანთი უნიკალურობით. ჭეშმარიტება ვერ იქნება ვერც ძველი და ვერც ახალი. ჭეშმარიტება მარადიულია.
წიგნი „ოქროს ყვავილის საიდუმლო“, ერთ-ერთი მარადიული წყაროა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ თავიდან დაიწყოთ ცხოვრება, იპოვნოთ ღვთაებრივისკენ მიმავალი კარი.
სუტრები:
ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა:
მას, რაც თავისთავად არსებობს , ეწოდება გზა, დაო.
სიტყვა „დაო“ თავისი არსით გზას ნიშნავს. შეუძლებელია მიზანზე საუბარი. მიზანი მოუხელთებელი და გამოუთქმელი რჩება, მაგრამ შესაძლებელია ვისაუბროთ გზის შესახებ. დაოსები არასოდეს იყენებენ სიტყვას „ღმერთი“, „ჭეშმარიტება“, „ნირვანა“; ნაცვლად ამისა ისინი ამბობენ უბრალოდ „გზა“. ბუდამ თქვა: „მხოლოდ ბუდებს შეუძლიათ გაჩვენოთ გზა. თუ მიჰყვებით გზას, მიაღწევთ ჭეშმარიტებას“.
ჭეშმარიტება თქვენი პირადი გამოცდილება უნდა იყოს. არავის ძალუძს ჭეშმარიტების განსაზღვრა, მაგრამ გზის განსაზღვრა შესაძლებელია. ოსტატს არ შეუძლია მოგცეთ ჭეშმარიტება, მაგრამ მას შეუძლია გიჩვენოთ გზა. როცა გზა განსაზღვრულია, მას უნდა მიჰყვეთ. მე ვერ ვივლი თქვენს მაგივრად. ყველაფერი ეს თავად უნდა გააკეთოთ. მე შემიძლია გზა გაჩვენოთ, რადგანაც მე ის უკვე გავლილი მაქვს .
დაო უბრალოდ გზას ნიშნავს.
მას, რაც არსებობას თავისთავად, ეწოდება გზა.
ლუ-ძი ამბობს: ის, რაც თავისთავად არსებობს, არ საჭიროებს ვინმეს დახმარებას. ის ყოველთვის არსებობდა და იარსებებს , მიუხედავად იმისა, აცნობიერებთ თუ არა ამას.
სინამდვილეში ყველა გზაზე მიდის, ისე რომ ვერც კი ხვდება ამას. თუ თქვენ გაცნობიერებულად მიჰყვებით გზას, თქვენი ცხოვრება უდიდესი მადლი გახდება. თუ გზას გაუცნობიერებლად მიჰყვებით, წაბორძიკდებით და ვერ დატკბებით ისე, როგორც შეგიძლიათ.
წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი ბაღში მიიყვანეს, მაგრამ ის გაუცნობიერებელია. მთვრალია, კომაშია ან ქლოროფორმის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება : ჩიტების ჟღურტული მის ყურებს მისწვდება, მაგრამ ვერ იგრძნობს ამას; ყვავილების არომატი მის ნესტოებს მიაღწევს, მაგრამ ვერ შეიგრძნობს ; მზე გაათბობს, გადმოღვრის მასზე თავის სინათლეს, მაგრამ ვერ შეიგრძნობს; ქარი მის კანს მოეალერსება, მაგრამ ვერ შეიგრძნობს. თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ იგი დიდი ხის ჩრდილში, სიგრილეში, მაგრამ ამას ვერ იგრძნობს. ასეთია ადამიანი.
ჩვენ გამუდმებით ვიმყოფებით დაოში, იმიტომ რომ სხვაგან სად შეგვიძლია ვიყოთ? იცოცხლო, ნიშნავს გზაზე ყოფნას. იცოცხლო, ნიშნავს ღმერთში იყო, ისუნთქო ნიშნავს ღვთაებრივით ისუნთქო. სხვაგან სად შეგვიძლია ყოფნა? მსგავსად თევზისა, რომელიც ოკეანეში ცხოვრობს და საერთოდ ვერ აცნობიერებს ოკეანეს, ჩვენ ვცხოვრობთ დაოში და ვერ ვაცნობიერებთ მას. არადა იმდენად განუყოფელი ვართ დაოსგან, რომ მისი გაცნობიერება გვიჭირს. თევზმა კარგად იცის ოკეანე - იგი ოკეანეშია დაბადებული, მაგრამ არასოდეს უცხოვრია ოკეანეში. თევზი იღებს მას , როგორც თავისთავადს, ამიტომაც ვერ აცნობიერებს მას. ჩვენ გზაზე ვართ, ჩვენ ღმერთში ვართ, ჩვენ ვცხოვრობთ დაოში და დაოს წყალობით, მაგრამ ვერ ვცნობიერებთ ამას. დაო არსებობს , მის გარეშე ვერ გაიზრდებოდნენ ხეები, ვერ იკაშკაშებდნენ ვარსკვლავები, ვერ იმოძრავებდა სისხლი სხეულში, ვერ ისუნთქებდნენ ფილტვები და სიცოცხლე გაქრებოდა.
სიცოცხლე შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს ფუნდამენტური კანონი, რომელიც მას ინარჩუნებს. შეხედეთ, როგორი წესრიგი სუფევს ყოფიერებაში. მასში არაა ქაოსი, ყოფიერება - ეს კოსმოსია. რა ხდის ყოფიერებას კოსმოსად? საიდან მოდის ამდენი ჰარმონია? ჰარმონიისთვის უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც ინარჩუნებს დინებას და ყველაფერს ყველაფერს ერთმანეთთან თანხმობაში. ჩვენ არაფერი ვიცით ამის შესახებ. არაფერი ვიცით ჩვენი შინაგანი არსის შესახებ, არადა სწორედ შინაგანი არსით ვართ დაკავშირებული დაოსთან.
დაოს არ აქვს არც სახელი და არც ფორმა. ეს ერთიანი არსია, ერთიანი და თავდაპირველი სული.
ჩვენს გარშემო სიცოცხლის ოკეანეა, გარეთაც და შიგნითაც - ერთიანი არსი. არ არსებობს ისეთი სახელი, რომელიც დაოს დაიტევდა თავის თავში. ყველა სახელი - ეს დაოს სახელია. დაო არაა შემოსაზღვრული რაიმე ერთი ფორმით, რადგანაც ყველა არსებული ფორმა დაოს ფორმებია. იგი არსებობს მილიონობით ფორმაში. ხეში იგი მწვანეა, ყვავილში - წითელი, ადამიანში -ადამიანის ფორმას იღებს, თევზში - თევზისას. ეს ერთიანი კანონია. თქვენ შეგიძლიათ სიტყვა „დაო“ შეცვალოთ სიტყვით „ღმერთი“, და ეს ერთი და იგივე იქნება. ის, რასაც ქრისტიანები და მუსულმანები ღმერთს უწოდებენ, დაოსები დაოს ეძახიან, ბუდისტები - დჰარმას, იუდეველები - ლოგოსს, მაგრამ ყველა ერთი და იგივეს გულისხმობს. დაოს ვერ გამოვთქვამთ ერთი სახელით ან მისი გამოთქმა შესაძლებელია ნებისმიერით.
არსი და სიცოცხლე უხილავნი არიან. ისინი იმყოფებიან ღვთაებრივ სინათლეში. ღვთაებრივი სინათლე უხილავია. იგი იმყოფება ორ თვალში.
თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ფორმა, შეგიძლიათ დაინახოთ სხეული; სხეული ფორმაა, სუბსტანცია, რომელიც არსს აკრავს გარშემო. თქვენ არ შეგიძლიათ დაინახოთ არსი. არსი უხილავია თვალისთვის, მიუწვდომელია გრძნობებისთვის. მისი შეგრძნება შესაძლებელია მხოლოდ უშუალოდ, რომელიმე შუამავლის გარეშე.
თქვენ ხედავთ ჩემს სხეულს, მე ვხედავ თქვენსას, ჩვენ ამას ვხედავთ შუამავლის მეშვეობით. ჩემი თვალები მეუბნება, რომ აქ ხართ, თქვენი თვალები გეუბნებათ, რომ აქ ვარ, მაგრამ ვინ იცის? იქნებ ეს მხედველობის ილუზიაა?
ღამით, სიბნელეში თქვენმა თვალებმა შესაძლოა ტოტი გველად ჩათვალონ, და მასზე რეაგირებთ როგორც გველზე: გეშინიათ და გარბიხართ. შესაძლოა უდაბნოში ოაზისი დაინახოთ, რომელიც სინამდვილეში იქ არაა და მხოლოდ თქვენს წარმოსახვაში გაჩნდა, რადგან ძლიერი წყურვილი გტანჯავთ, თქვენ უბრალოდ ოცნებობთ იქ მოხვედრაზე და ამიტომ თავად ქმნით მას. თვალები არც თუ იშვიათად გვატყუებენ, მაშ ვინ რა იცის?
თუ ჭეშმარიტებას შუამავლის მეშვეობით შეიცნობთ, ყოველთვის დაგრჩებათ ეჭვი. დარწმუნებული ვერ იქნებით, რომ ეს ჭეშმარიტებაა. არ გექნებათ აბსოლუტური რწმენა. ჭეშმარიტება აბსოლუტური უნდა იყოს. იგი არ უნდა იყოს სათუო. მისი მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ერთი მეთოდით - შევიცნოთ იგი შუამავლის გარეშე, პირდაპირ, უშუალოდ, გრძნობათა ორგანოების მონაწილეობის გარეშე. სწორედ ასეა შესაძლებელი ჭეშმარიტების წვდომა: თქვენ არ შეგიძლიათ დაინახოთ ცხოვრება, მაგრამ შეგიძლიათ შეიგრძნოთ იგი. ეს სუბიექტური განცდაა და არა ობიექტური.
არსი და სიცოცხლე უხილავია. ისინი იმყოფებიან ღვთაებრივ სინათლეში. ღვთაებრივი სინათლე უხილავია. იგი იმყოფება ორ თვალში.
თქვენ ორი თვალი გაქვთ. დაოსისთვის თვალებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ თანამედროვე მეცნიერებამ შეძლო ამ ჭეშმარიტების აღიარება. ეს ორი თვალი - არა მხოლოდ მხედველი თვალია; ეს ორი თვალი თქვენში მამაკაცურ და ალურ საწყისებს წარმოადგენს. თანამედროვე მეცნიერება ამტკიცებს, რომ ადამიანის ტვინი ორი ნახევარსფეროსგან შედგება, რომელიც მამაკაცურად და ქალურად იყოფა. თქვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო ქალურია, ხოლო მარცხენა - მამაკაცური. ერთი თვალი თქვენში მამაკაცურ საწყისს წარმოადგენს, მეორე კი ქალურს. როდესაც თქვენში მამაკაცური და ქალური ერთმანეთს ხვდება , მაშინ ხდება ის, რასაც უწოდებენ „სამოთხეს“, შინაგანი ქალისა და მამაკაცის შეხვედრას, შეერთებას.
იესო ამბობს: „როდესაც თქვენი ორი თვალი ერთი ხდება, ჩნდება სინათლე“. იგი საუბრობს როგორც დაოსი ალქიმიკოსი: „როდესაც თქვენი ორი თვალი ერთი ხდება, ჩნდება სინათლე“. როცა თქვენი ორი თვალი ერთი ხდება, როცა თქვენი მამაკაცური და ქალური საწყისი ერთმანეთში ქრება, თქვენ განიცდით ორგაზმის უმაღლეს გამოვლინებას. ის, რასაც თქვენ გრძნობთ, როდესაც სექსით ხართ დაკავებული, მხოლოდ ხანმოკლე ნაპერწკალია ამისა. ის იმდენად ხანმოკლეა, რომ მისი შეგრძნების მომენტში უკვე გაივლის ხოლმე. იმდენად სწრაფმავალია ეს გაელვება, მას თქვენ აცნობიერებთ როგორც მოვლენას წარსულში, - მაგრამ ეს გაელვებაა, მამაკაცის და ქალის შეხვედრის გაელვება.
ეს გარეგნული შეხვედრაა. ეს სასწაულია, მაშინაც კი, როცა მხოლოდ ერთი წამით ხდება. მასში ღრმა შესაძლებლობები იმალება. ტანტრას, დაოს, იოგას, მსოფლიოს ყველა დიადი საიდუმლო სწავლების ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი შინაგანი მამაკაცისა და ქალის გაცნობიერებაში დაგეხმარონ ანუ იმის გაცნობიერებაში, რასაც ტანტრისტები შივას და შაკტის უწოდებენ, დაოსები კი -ინს და იანს. ეს წინაარმდეგობები თქვენში ერთანეთს უნდა შეხვდნენ : პოზიტიური და ნეგატიური, დღე და ღამე .
ღვთაებრივი სინათლე უხილავია. იგი იმყოფება ორ თვალში.
მანამ, სანამ ეს ორი თვალი არ გერთიანდება, თქვენ ვერ აცნობიერებთ ამ სინათლის არსებობას.
იგი იმყოფება ორ თვალში.
თქვენ შეძლებთ მის დანახვას მხოლოდ მაშინ, როდესაც თვალები გაერთიანდება.ამ დროს ხდება უზარმაზარი გამონთავისუფლებ; სინათლის დიდი აფეთქება. ზარატუსტრა მას უწოდებს „ცეცხლოვან აფეთქებას“, ლაო-ძი - „სინათლის აფეთქებას“. ეს ერთი და იგივეა.
ყველას გსმენიათ იოანე ნათლისმცემლის სიტყვები: „მე წყლით გნათლავთ. ჩემს შემდეგ მოვა სხვა, რომელიც ცეცხლით მოგნათლავთ“. მან წყლით მონათვლაში გარეგნული მონათვლა იგულისმხა. . მის აღქმაში წყალი გარეგნულ დინებას წარმოადგენდა.
გახსოვდეთ, გარეთ და ქვემოთ , შიგნით და ზემოთ - ეს სინონიმებია; ის, რაც ქვემოთ მიდის, ასევე გარეთ მიდის; ის , რაც ზემოთ მიდის, ასევე შიგნით მიდის, და პირიქით. წყალი ყოველთვის ქვემოთ მიედინება, რადგანაც ეს გარე დინებაა; იგი მიედინება საკუთარი თავისგან, მისი მიმართულება - გარეთკენ მოძრაობაა. ცეცხლი ყოველთვისზემოთკენ მიემართება, ზემოთ კი ნიშნავს - შიგნით. მისი მიმართულება - ეს შიგნითკენ მოძრაობაა.
იოანე ნათლისმცემელი ამბობს: „მე წყლით გაკურთხებთ“, მე გაძლევთ რელიგიის გარეგნულ ფორმას. ჩემს შემდეგ მოვა ქრისტე, რომელიც შინაგან კურთხევას მოგცემთ, ცეცხლით კურთხევას.
იესო არაერთხელ იმეორებს: „მოინანიეთ! მოინანიეთ!“ ეს სიტყვა არასწორად იქნა განმარტებული ქრისტიანების მიერ. მათ განმარტეს იგი, როგორც „ცოდვების მონანიება“. მონანიებას არაფერი აქვს საერთო ცოდვასთან. სინამდვილეში, სიტყვა „მონანიება“ ნიშნავს “დაბრუნებას“, „მოძრაობას უკან, შიგნით“. იგი ნიშნავს: „მოიხედე უკან, გაიხსენე შენი ნამდვილი სახე“. სიტყვა „მონანიება“ ნიშნავს „მეტანოიას“ * (მეტანოია - ძვ. ბერძნულიდან meta – მიღმიერი, nous - გონება. თანამედროვე ფსიქოლოგიაში იხმარება მნიშვნელობებით: „შიგნით დაბრუნება“, „გონების გარდაქმნა“, „ახალი გონება“. ახალ აღქმაში, შემდეგ კი მთელ ქრისტიანულ თეოსოფიაში ეს სიტყვა არასწორი განმარტების გამო დამკვიდრდა მნიშვნელობით - „მონანიება“), დაბრუნებას, 180 გრადუსით შემობრუნებას. თუ თქვენ აგრძელებთ გარეთკენ დინებას - წყლად რჩებით. თუ შიგნითკენ ბრუნდებით - ცეცხლი ხდებით.
როცა თქვენი ორი თვალი: ეს ორი ცეცხლის ალი, ცნობიერების ეს ორი ნახევარსფერო ერთიანდება და ერთმანეთს ერწყმის, თქვენ ერთიანი ალი ხდებით და მაშინ ეს ერთიანი ალი იქცევა იმად, რასაც პლოტინი უწოდებს „ერთიანის ერთიანისკენ ფრენას“.
დიადი ყოფიერი - ესაა სახელი იმის, რის ზემოთაც არაფერია.
თუ თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ერთიანი, მთლიანი, მაშინ ხდებით დიადი ყოფიერი. ასე ლაპარაკობენ დაოსები ღმერთზე ისე, რომ არ იყენებენ სიტყვას „ღმერთი“: თუ თქვენ ხდებით ერთიანი, თქვენ ხდებით ღმერთი.
ცხოვრების მაგიის საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ გამოვიყენოთ მოქმედება უმოქმედობის მისაღწევად.
ამ სიტყვებში უზარმაზარი პოტენციალია. რაშია ორი თვალის შეერთების საიდუმლო? როგორ უნდა შეერწყას თქვენში მამაკაცური და ქალური საწყისი? როგორ მივცეთ საშუალება თქვენს მამაკაცს და თქვენს ქალს შერწყმის საშუალება იმდენად, რომ ორმაგობა დაკარგოთ და აღარ იყოთ დაყოფილი პოლარულ ურთიერთწინააღმდეგობებად, რომ აღარ ებრძოლოთ საკუთარ თავს, აღარ გქონდეთ შინაგანი კონფლიქტი და დაძაბულობა, და თქვენში ყველაფერი ერთიანი გახდეს? სწორედ ამ ერთიანობაშია ნეტარება, რადგანაც ყველანაირი კონფლიქტი, დაძაბულობა, შფოთვა და დარდი ქრება. მაშ, როგორ უნდა გახდეთ ეს მთლიანობა?
ცხოვრების მაგიის საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ გამოვიყენოთ მოქმედება უმოქმედობის მისაღწევად.
მამაკაცი მოქმედების სიმბოლოა, ქალი - უმოქმედობის. თქვენ უნდა გამოიყენოთ მოქმედება იმისთვის, რომ უმოქმედობას მიაღწიოთ; უნდა გასწიოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ ძალისხმევის არარსებობამდე მიხვიდეთ. მოქმედებაში მთელი თქვენი ენერგია უნდა ჩადოთ, ისეთი აქტიური უნდა გახდეთ, რომ მეტი აღარაფერი დარჩეს, მთელი ენერგია შემოქმედებით აქტში იხარჯება და ხდება ტრანსფორმაცია. სწორედ ისევე, როგორც წყალი ორთქლდება მხოლოდ მაშინ, თუკი ტემპერატურამ ას გრადუსს მიაღწია, მოქმედება ორთქლდება მაშინ, თუ იგი ტოტალური გახდა და რჩება უმოქმედობა.
თავდაპირველად ცეკვა უნდა ისწავლოთ და მასში მთელი თქვენი ენერგია ჩადოთ. თქვენ საოცარ განცდას შეიგრძნობთ, როცა უეცრად მოცეკვავე გაქრება ცეკვაში, და ცეკვა თავისთავად მოხდება, ყველანაირი ძალისხმევის გარეშე. ეს გახდება უმოქმედობა. თავდაპირველად უნდა ისწავლოთ მოქმედება იმისთვის, რომ უმოქმედობამდე მიხვიდეთ. სწორედ ამაში მდგომარეობს მედიტაცია.
ადამიანები მოდიან ჩემთან და მეკითხებიან, რატომ ვასწავლი აქტიურ მედიტაციებს. იმიტომ, რომ ეს ერთადერთ მეთოდია უმოქმედობამდე მისასვლელად. იცეკვეთ დაცემამდე, იცეკვეთ გიჟივით, და თუ მთელი თქვენი ენერგია ამ ცეკვაში ჩაიღვრება, უეცრად დადგება მომენტი, როდესაც იგრძნობთ, რომ ცეკვა თავისთავად ხდება, ყველანაირი ძალისხმევის გარეშე - სწორედ ესაა მოქმედება უმოქმედობით.
ოქროს ყვავილი - ეს სინათლეა. ოქროს ყვავილი - ეს სინათლის სიმბოლოა. იგი აღიწერება სიტყვებით: „სადაც არ უნდა ამოიღო წყალი მდინარიდან, გემო მისი ერთია“.
ოქროს ყვავილი - ეს სიმბოლოა იმისა, რაც ხდება თქვენი ენერგიების პოლარობების ერთიანობად შერწყმის დროს: გამონთავისუფლდება უზარმაზარი სინათლე და ეს სინათლე ოქროსფერია. თქვენს შიგნით თითქოს ოქროსფერი სინათლის ყვავილი იფურჩქნება. ეს არაა მხოლოდ სიმბოლო. იგი ნამდვილია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყველაფერი სწორედ ასე ხდება. ამჟამად თქვენ არსებობთ როგორც სიბნელე, როგორც ბნელი ღამე. შემდეგ თქვენ იარსებობთ როგორც განთიადი. თქვენ არ შეგიძლიათ დაინახოთ მზე, მაგრამ ხედავთ სინათლეს. მას არ გააჩნია წყარო, იგი არსაიდან იღვრება. როგორც კი საკუთარ თავში იგრძენით ეს ოქროსფერი სინათლე, უკვდავი გახდით. მაშინ აღარ არსებობს სიკვდილი, რადგანაც სინათლე არასოდეს კვდება.
მთელი ცხოვრება, მთელი ყოფიერება სწორედ სინათლისგან შედგება. ყველაფერი არსებული - ეს სინათლის სხვა დ სხვა ფორმებია. თქვენ შეგიძლიათ დაეკითხოთ თანამედროვე ფიზიკოსებს. მთელი თანამედროვე ფიზიკა სრულიად ეთანხმება დაოს იმაში, რომ ყველაფერი სინათლის ფორმებია; ფორმები იცვლება, მაგრამ სინათლე გრძელდება. სინათლე უკვდავია.
მრავალი წმინდა წერილი იწყება სიტყვით „სინათლე“: „თავდაპირველად ღმერთმა თქვა: „დაე ,იქმნას ნათელი“. ეს დასაწყისია. თუ ოდესმე ყოფილა დასაწყისი, იგი სწორედ ასეთი იქნებოდა. ყველაფერი სინათლით დაიწყებოდა. მაგრამ დასაწყისი არასოდეს ყოფილა. ეს მხოლოდ მითია. სინათლე ყოველთვის არსებობდა. ყურანში ნათქვამია, რომ ღმერთი სინათლეა. ერთ-ერთი სახელი, რომლითაც სუფიები ღმერთს მიმართავდნენ, - ესაა „ნურ“. „ნური“ ნიშნავს „სინათლეს“.
გემოც იგივეა - ვისაც არ უნდა დაემართოს ეს, მე თუ თქვენ, გემო ერთი და იგივე რჩება. ბუდას გემო ერთნაირია. ბუდამ თქვა: „ბუდაობის გემო ოკეანეს ჰგავს. თქვენ შეგიძლიათ გასინჯოთ ოკეანე ჩრდილოეთში ან სამხრეთში, ერთ ან მეორე ადგილას, ნაპირზე ან გაშლილ სივრცეზე, მაგრამ გემო ყოველთვის ერთი და იგივეა. ასევეა ბოდაობის გემოც“. იმ მომენტში, როდესაც ადამიანი ამ მარადიულ სინათლეს აღწევს, მისი ცხოვრება განსაკუთრებული არომატს იძენს - აბსოლუტური გაცნობიერებულობის არომატს; მისი არაცნობიერი ქრება, მის არსებაში არ რჩება არც ერთი ბნელი ნაწილაკი.
ფროიდის მიმდევარი ადამიანში იპოვნის მხოლოდ ცნობიერს, და ვერ აღმოაჩენს არაცნობიერის ნასახსაც კი. თუ ფროიდის მიმდევარი თქვენ შემოგხედავთ, იგი დაინახავს, რომ თქვენში მხოლოდ ერთი ნაწილია ცნობიერი. ამ ერთ ცნობიერ ნაწილთან წინააღმდეგობაში მოდის ცხრა არაცნობიერი ნაწილი. თქვენი გონების მხოლოდ ერთი მეათედია ცნობიერი. ბუდები ასპროცენტიანი ცნობიერებები არიან.
სინათლის მოძრაობა წრეზე მთლიანადაა დამოკიდებული სინათლის მოძრაობაზე შიგნით, რის წყალობითაც ფიქრები ერთად გროვდებიან. ღვთაებრივი გული მოთავსებულია მზესა და მთვარეს შორის.
გახსოვდეთ, მზე წარმოადგენს მამაკაცურ ენერგიას, მთვარე - ქალურს, ხოლო გული მათ შორის იმყოფება. გული არც მამაკაცური საწყისია და არც ქალური, და ამაშია გულის სილამაზე. გული ღვთაებრივია, არც ქალურია და არც მამაკაცური. იგი ზუსტად შუაში იმყოფება.
თუ თქვენში მამაკაცური ენერგია ჭარბობს, მაშინ ზედმეტად აქტიური ხართ და არ შეგიძლიათ იყოთ პასიური. სწორედ ეს დაემართა დასავლეთს. დასავლეთი ორიენტირებულია მზეზე - იქ ძალიან ბევრი აქტიურობაა. ადამიანებს ჭკუიდან გადაჰყავთ საკუთარი თავი აქტიურობისგან. ყველაფერი უზარმაზარი სისწრაფით ხდება, ყველაფერი სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს, მოსაცდელი დრო არ არის. მათ დაავიწყდათ, რას ნიშნავს ლოდინი, პასიურად ყოფნა, მოთმინება. სრულიად გადაეჩვივნენ მოდუნებას. არ იციან დასვენება. მაშინაც კი, როცა დასვენების დღე აქვთ, ისე აქტიურობენ, როგორც არასდროს. კვირაობით გულის შეტევისგან უფრო მეტი ადამიანი კვდება , ვიდრე სხვა რომელიმე დღეს, რადგანაც ეს დასვენების დღეა და ადამიანები ძალიან დაკავებულნი არიან. მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში ისინი ფიქრობენ, რომ შაბათ-კვირას დაისვენებენ, მაგრამ როცა შაბათ-კვირა დგება, მათ უეცრად უამრავი საქმე უჩნდებათ. უბრალოდ, ადამიანებმა არ იციან დასვენება. მათ არ შეუძლიათ უბრალოდ წამოწვნენ მიწაზე, ხის ქვეშ, სიჩუმეში და არაფერი აკეთონ. არა, ისინი ათას ერთ საქმეს გააკეთებენ სახლში. დაიწყებენ რაღაცის შეკეთებას, მანქანის გარემონტებას. აუცილებლად გააკეთებენ რაღაცას, იქნებიან აქტიურები.
მთელი ცხოვრება ადამიანები ფიქრობენ, რომ როცა პენსიაზე გავლენ, ბოლოს და ბოლოს, დატკბებიან ცხოვრებით. მაგრამ მათ არ შეუძლიათ სიამოვნების მიღება, მათ არ შეუძლიათ დასვენება, და როცა პენსიაზე გადიან, მალევე კვდებიან. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ისინი ათი წლით ადრე კვდებიან, რადგანაც არ იციან რა აკეთონ. სიკვდილი ერთადერთი საშუალება აღმოჩნდება ხოლმე უაზრო ცხოვრებისგან გასანთავისუფლებლად. მათი ცხოვრება ყოველთვის უაზრო და , შეუჩერებელი რბოლა იყო. ადამიანები იჩქარიან, არ იციან სად. ყველაფერი, რაც მათ იციან, ეს არის ის, რომ რაც შეიძლება უფრო სწრაფად უნდა ირბინონ და არ დაფიქრდნენ იმაზე, „სად მივიჩქარი სინამდვილეში?“ შესაძლოა წრეზე დარბიხართ. სწორედ ასე ხდება სინამდვილეში. ადამიანები წრეზე დარბიან.
დასავლეთი მზეზეა ორიენტირებული, აღმოსავლეთი - მთვარეზე. აღმოსავლეთი ძალიან პასიური გახდა, მას ზედმეტად სჯერა წინასწარგანსაზღვრულობის. „არაფრის კეთება არაა საჭირო, უბრალოდ დაელოდე, ღმერთი ყველაფერს გააკეთებს“. ეს სისულელის მეორე გამოვლინებაა. აღმოსავლეთი ღარიბია, ზარმაცია, ჭუჭყიანია, მაგრამ ადამიანები არაფერზე არ ღელავენ. მათ გარშემო სიღატაკეა, ავადმყოფობაა, მაგრამ ეს არავის აღელვებს, ეს ბუნებრივად აღიქმება. „რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ყველაფერი ღმერთის ნებაა. ჩვენ უნდა მივიღოთ იგი. ჩვენ უბრალოდ უნდა დაველოდოთ. როცა მეტისმეტი იქნება, ღმერთი დაგვეხმარება. სხვა რა შეგვიძლია გავაკეთოთ?“ ეს ქალური ლოგიკაა.
„ოქროს ყვავილის საიდუმლო“ ამბობს , რომ თქვენ ზუსტად შუაში უნდა იყოთ, ქალურ და მამაკაცურ საწყისებს შორის, არ უნდა გადავარდეთ უკიდურესობებში. მაშინ დგება წონასწორობა. მაშინ თქვენ აქტიურები ხართ და შიგნით, სიღრმეში პასიური რჩებით, მაშინ პასიური ხართ და გარეთ კი აქტიური რჩებით. გარე სამყაროში ორიენტირდით მზეზე, შინაგან სამყაროში ორიენტირდით მთვარეზე. ნება მიეცით მზესა და მთვარეს - შეხვდნენ თქვენში, და მაშინ თქვენ ზუსტად შუაში იქნებით. შუაში კი ტრანსცენდენცია ხდება* (ტრანსცენდენცია - საზღვრებს მიღმა გასვლა).
სინათლის მოძრაობა წრეზე მთლიანადაა დამოკიდებული სინათლის მოძრაობაზე შიგნით, რის წყალობითაც ფიქრები ერთად გროვდებიან.
ადამიანს აქვს ცენტრი და პერიფერია. თუ პერიფერიაზე იმყოფებით, მრავალი აზრი გიჩნდებათ. პერიფერია -მრავლობითობაა, ცენტრი კი ერთიანობა. თუ ცენტრის მიმართულებით მოძრაობთ, აზრები გაქრობას იწყებენ. შუაგულ ცენტრში აზრი საერთოდ ქრება და მხოლოდ გაცნობიერებულობა რჩება. სწორედ ამაზე საუბრობს საიდუმლო ტრაქტატი:
...რის წყალობითაც ფიქრები ერთად გროვდება.
სინათლე შიგნით უნდა მოძრაობდეს.
როცა ხეს უყურებთ, თქვენი თვალები სინათლეს ავრცელებენ მასზე - ასე მოძრაობს სინათლე გარეთკენ. როცა თვალებს ხუჭავთ, სინათლე შიგნით იწყებს მოძრაობას. ესაა მეტანოია, მონანიება, საკუთარ თავთან დაბრუნება. როცა სინათლე თქვენს არსამდე აღწევს, ვლინდება შინაგანი ცოდნა, საკუთარი თავის ცოდნა. და ეს ცოდნა თავისუფლებას გაძლევთ , თავისუფლებას ყველა ბორკილისგან, ყველა მიჯაჭვულობისგან, სიკვდილისგან, სხეულისგან. იგი სულს ბადებს თქვენში.
გურჯიევი ეუბნებოდა თავის მოსწავლეებს: თქვენ არ დაბადებულხართ სულით. თქვენ უნდა შექმნათ სული მეტანოიის მეშვეობით.
„ყვითელი ციხე-სიმაგრის წიგნში“ ნათქვამია: „ოთახში კვადრატული დიუმით, სახლში კვადრატული ფუტით, ცხოვრების მართვა შეიძლება“.
თქვენი სხეულის პატარა ტაძარში ცხოვრების მართვაა შესაძლებელი.
კვადრატული დიუმის შუაში უმაღლესი სილამაზე ცხოვრობს. ზურმუხტების ქალაქის მეწამულ დარბაზში ცხოვრობს უმაღლესი სიცარიელის და სიცოცხლის ღმერთი.
დააკვირდით ამ წინააღმდეგობას: სიცარიელე და სიცოცხლე. სიცოცხლე მამაკაცური საწყისია. სიცარიელე - ქალური. სიცოცხლე და სიცარიელე - ეს შინაგანი ღმერთის ორი ასპექტია. როცა უპირატესობას არ ანიჭებთ რომელიმეს, როცა არ ირჩევთ, როცა მხოლოდ დამკვირვებელი ხართ - თქვენ ღმერთი ხდებით, რომლის ერთი მხარე სიცოცხლეა, მეორე კი - სიკვდილი. ერთი მხარე - სრულყოფილებაა, მეორე კი - სიცარიელე.
ამიტომ, როცა სინათლე წრეზე მოძრაობს, სხეულის ყველა ენერგია მისი ტახტის წინაშე წარდგება...
როცა სინათლე შიგნითკენ მოძრაობს და თქვენი არსების შიგნით ცირკულირებს ისე, რომ გარეთ ვერ ნახულობს გამოსავალს, - მაშინ ხდება მედიტაცია. ესაა ის, რაც ემართება ბუდას, როდესაც ბოდჰის ხის ქვეშ ზის. თქვენ ზიხართ სიჩუმეში, კეტავთ ყველა კარს, და სინათლე თქვენს შიგნით ცირკულირებს. მაშინ თქვენ პირველად აცნობიერებთ თქვენს სხეულს და ყველაფერ იმას, რაც მის შიგნით ხდება, - ყველა მის საიდუმლოს. თქვენს პატარა სხეულში მთელი სამყაროს საიდუმლოებებია ჩატეული. ესაა კოსმოსი მინიატურაში.
ამიტომ, როცა სინათლე წრეზე მოძრაობს, სხეულის ყველა ენერგია მისი ტახტის წინაშე წარდგება, მსგავსად იმისა, როგორც ყველა ქვეშევრდომი ძღვენით ეახლება ხოლმე მეფეს, რომელმაც დააარსა თავისი დედაქალაქი და დააწესა სახელმწიფოს კანონები; ან მსგავსად იმისა, როგორც მსახურები ემსახურებიან გულმოდგინედ თავიანთ ბატონს, თუ იგი მშვიდი და უშფოთველია, და ამასთან ყოველმა მათგანმა იცის თავის საქმე.
როცა სინათლე თქვენს შიგნით მოძრაობს, სხეული და ყველა გრძნობა თქვენი თქვენი მორჩილი მსახური ხდება და აღარ გჭირდებათ მათი კონტროლი. ისინი გულმოდგინედ გემორჩილებიან.
ამაშია დაოს მთელი სილამაზე - იგი არასოდეს არაფერს გახვევთ თავს, არ ცდილობს გარკვეული ხასიათის შექმნას თქვენში. იგი ამბობს: უბრალოდ აღივსეთ სინათლით, და ნარჩენი თვითონ მოვა.
ამიტომ საჭიროა მხოლოდ ვაიძულოთ სინათლეს წრეზე ტრიალი - ამაშია ყველაზე ღრმა და საოცარი საიდუმლო. ადვილია სინათლის ამოძრავება, მაგრამ ძნელია მისი ერთ ადგილზე გაჩერება. თუ ის წრეზე საკმაოდ ხანგრძილვად ტრიალებს, იგი თავისთავად განიცდის კრისტალიზაციას. ესაა მდგომარეობა, რომელზეც ამბობენ: „ყოველ დილით დუმილში აფრინდები“.
ამ სუტრაში საუბარია რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე : ადვილია სინათლის ამოძრავება, მაგრამ ძნელია მისი ერთ ადგილზე გაჩერება, ამიტომ არც ეცადოთ სინათლის ერთ ადგილზე დააკავოთ.
იოგები ზუსტად იმის გაკეთებას ცდილობენ, რისი მიღწევაც არც ისე ადვილია. გამუდმებული ძალისხმევით იოგები ცდილობენ შეინარჩუნონ სინათლე. ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ სინათლე წერტილში თვალებს შორის, მესამე თვალის ადგილას. ამაშია განსხვავება იოგასა და დაოს შორის: იოგა ცდილობს შეინარჩუნოს სინათლე მესამე თვალზე კონცენტრაციით. აი , იოგას მთელი ფილოსოფია: თუ თქვენ შეძლებთ ცნობიერების კონცენტრაციას მესამე თვალზე, ტრანსფორმირებულნი გახდებით, ორი თვალი გაერთიანდება და სინათლით აღივსებით. სწორედ მესამე თვალის ზემოთ, რომელიც იოგას სისტემაში ცნობიერების მეექვსე ცენტრს წარმოადგენს, იმყოფება მეშვიდე ცენტრი. მას ეწოდება „ათასფურცლოვანი ლოტოსი“. თუ სინათლე კონცენტრირებულია მესამე თვალზე და აღავსებს მას, იგი ისწრაფვის მეშვიდე ცენტრისკენ, იწევს მაღლა, როგორც წყალი რეზერვუარში. და ეს სწრაფვა შლის ყვავილს, რომელიც კოკორად რჩებოდა ასწლეულების განმავლობაში, მილიონობით ცხოვრების განმავლობაში.
დაო სხვა გზით მოძრაობს. დაო ამბობს: სინათლის შეკავება ძალიან ძნელია. ნუ ეცდებით მის შეკავებას. უფრო ადვილია აიძულოთ მას - იტრიალოს წრეზე. სინათლის მოძრაობა მხოლოდ გონებისთვისაა, რადგანაც მოძრაობა გონების ბუნებაშია; გონებისთვის ძნელია კონცენტრაცია. მაშ რატომ არ უნდა გამოვიყენოთ გონების ეს თვისება? რატომ არ უნდა ჩავრთოთ იგი პროცესში?
დაო სპონტანური მეცნიერებაა: ნუ მოახდენთ ფორსირებას, ნუ იძალადებთ საკუთარ თავზე. ნუ შეიქმნით ზედმეტ პრობლემებს. გამოიყენეთ ბუნებრივი თვისება გონებისა, რომელიც გამუდმებით მოძრაობს, რომელსაც უყვარს მოძრაობა. გამოიყენეთ ეს და აიძულეთ სინათლეს რომ იმოძრაოს. მოგვიანებით ჩვენ შევიტყობთ, როგორ ვაიძულოთ სინათლეს წრეზე მოძრაობა. იპოვნეთ გზები და ნება მიეცით სინათლეს , რომ წრეზე იმოძრაოს.
სინათლის ამ ცირკულაციით დაოსებმა აკუპუნქტურის შვიდასი წერტილი აღმოაჩინეს. სინათლის მთელ სხეულში მოძრაობით მათ აღმოაჩინეს, რომ არსებობს შვიდასი წერტილი, რომლებშიც სინათლე გროვდება. დაოსებმა დიდი სიზუსტით დათვალეს ისინი. თანამედროვე მეცნიერებამ დაადასტურა, რომ არსებობს ზუსტად შვიდასი წერტილი. ამჟამად სპეციალური ხელსაწყოებიც კი გამოიგონეს, რომლებითაც შეგიძლიათ დაინახოთ ეს შვიდასი წერტილი, ასევე ის წერტილები, სადაც სინათლის ნაკლებობაა, სადაც ენერგია არ მოძრაობს საჭირო მერიდიანებში. როგორ შეიტყვეს დაოსებმა ამის შესახებ? მათ არ გააჩნდათ არც მანქანები და არც ტექნოლოგია. მათი ერთადერთი ტექნოლოგია სიღრმეში შესვლა და სინათლის წრეზე ამოძრავება იყო.
ჩვენ გავიგებთ მეთოდს, რომელიც წრეზე მოძრაობის საშალებას აძლევს სინათლეს. ახლა უბრალოდ საფუძველს გაძლევთ იმისათვის, რომ ზუსტად გესმოდეთ გაიგოთ მათი მიდგომა.
დაოსები ამბობენ, რომ თუ სინათლეს წრეზე ატრიალებთ და ამას გამუდმებით აკეთებთ, გარკვეულ მომენტში სინათლე თავისთავად კრისტალიზდება. თქვენ არ მოგიწევთ ზრუნვა მის შენარჩუნებაზე. სინათლე მოძრაობს წრეზე და რაღაც მომენტში თქვენ გრძნობთ, რომ ყველაფერი გაჩერდა და მოხდა ის, რის მიღწევასაც იოგები დიდი ძალისხმევით ცდილობენ. დაოში ეს სპონტანურად ხდება, იოგაში კი მძიმე და ხანგრძლივი პროცესია. იოგა ორიენტირებულია მამაკაცურ საწყისზე.
დაო არაა ორიენტირებული ქალურ საწყისზე. დაო ორივე საწყისის სინთეზია. სინათლის მოძრაობა წრეზე - ეს მამაკაცური ენერგიაა, ხოლო მისი დაგროვება - ქალური ენერგია. მიაღწიეთ მოდუნებას, მიაღწიეთ პასიურობას მოქმედების გზით; მიაღწიეთ ძალისხმევის არარსებობას ძალიხსმევის მეშვეობით.
თუ ამ მთავარ პრინციპს მიჰყვები, აღარ გჭირდება არანაირი სხვა მეთოდის ძებნა, საჭიროა მხოლოდ მთლიანად მოახდინო ამაზე შენი ფიქრების კონცენტრაცია. აზრების ერთად თავმოყრით, შეძლებ აფრინდე და ზეცაში დაიბადო.
ოქროს ყვავილი - ეს სიცოცხლის ელექსირია.
ეს უკვდავების საიდუმლოა. დასავლეთში ალქიმიკოსები მას „ფილოსოფიურ ქვას“ ეძახდნენ, ინდოეთში - ,,ამრიტას’’, „ელექსირს“, „ნექტარს“. ეს ალქიმიური ტრაქტატია: იგი ხსნის თქვენი ბიოქიმიის ალქიმიად ტრანსფორმაციისა და უბრალო ლითონის ოქროდ ქცევის საიდუმლოს. ახლა თქვენ უბრალო ლითონი ხართ, მაგრამ თქვენში დაფარულია ტრანსფორმაციის საიდუმლოებები. მათი აღმოჩენით თქვენ ოქროდ იქცევით. ოქრო უკვდავია.
ოქროს ყვავილი - ეს სიცოცხლის ელექსირია. თუმცა უზადოდ მოქმედებს, იგი ისეთი მოძრავია, რომ აუცილებლად მასთან მუშაობითის აუცილებლად გჭირდება ჭკუა და ნათელი გონება, ასევე მიმღებლობა და სიმშვიდე . ის, ვისაც არ გააჩნია დიადი გონება და გაგება, ვერ იპოვნის გზას; ის, ვისაც არ გააჩნია დიადი მიმღებლობა და სიმშვიდე, ვერ მიაღწევს წარმატებას.
ორი მოთხოვნა : პირველ რიგში გესაჭიროებათ ჭკუა და ნათელი გონება. არ იდარდოთ ამაზე. არ იფიქროთ, რომ თუ ჭკვიანი არ ხართ, რა გეშველებათ. ყოველი ადამიანი ჭკვიანი იბადება. ჭკუა - ეს თანდაყოლილი თვისებაა: ისევე, როგორც ყოველი იბადება თანდაყოლილი სუნთქვის უნარით. იდეა, რომ ზოგიერთი ადამიანი ჭკვიანია, ზოგიერთი კი არა, აბსოლუტურად მცდარია. იგი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია. მან მრავალი ადამიანი დაამცირა.
ყველა ჭკვიანი იბადება, უბრალოდ მათმა ჭკუამ შესაძლოა სხვადასხვა გამოხატულება ჰპოვოს. ერთი ნიჭიერია მუსიკაში, მეორე მათემატიკაში, მაგრამ თუ მათემატიკას ჭკუა-გონების კრიტერიუმად ავირჩევთ, მუსიკოსი სულელი ჩანს. თუ ამ ორ პროფესიას ადარებთ და კრიტერიუმად იღებთ მათემატიკას, მუსიკოსი აგებს. შეცვალეთ კრიტერიუმი : აირჩიეთ მუსიკა და აიძულეთ მათ მონაწილეობა მიიღონ მუსიკალურ შეჯიბრებაში. მათემატიკოსი სულელად გამოჩნდება.
ჩვენ ვირჩევთ გარკვეულ კრიტერიუმებს, ამიტომ მრავალ ადამიანს მივიჩნევთ სულელებად და განვიკითხავთ, - მაგრამ ისინი არ არიან სულელები. მე არასოდეს შემხვედრია არც ერთი სულელი ადამიანი, - ეს შეუძლებელია - უბრალოდ მათ შესაძლოა განსაკუთრებული თვისების გონება ჰქონდეთ. პოეზიაში აუცილებელია გონების ერთი თვისება, ბიზნესში კი - მეორე. პოეტი ვერ იქნება ბიზნესმენი, ბიზნესმენს კი გაუჭირდება პოეტობა. იმისთვის, რომ პოლიტიკოსი გავხდეთ, გონების სხვა თვისება გვჭირდება, ხოლო მხატვრობისთვის - სხვა. არსებობს მილიონობით შესაძლებლობა.
გახსოვდეთ, გამონაკლისის გარეშე ყველა ჭკვიანი იბადება. საჭიროა მიხვდეთ, რაშია თქვენი ნიჭი, სად შეგიძლიათ მისი გამოყენება.როგორც კი ამას მიხვდებით, გონებაც გაგინათდებათ. ადამიანები გაურკვევლობაში ცხოვრობენ, რადგანაც საკუთარ თავზე არასწორი წარმოდგენა აქვთ. ვიღაცამ (თქვენი სკოლის მასწავლებელმა, დირექტორმა, პროფესორმა უნივერსიტეტში) გითხრათ, რომ არ ხართ ჭკვიანი. მაგრამ მათ აირჩიეს გარკვეული კრიტერიუმი, რომელსაც ყველას ვერ მივუსადაგებთ. უნივერსიტეტები არ არის უნივერსალური. ისინი არ უშვებენ გონების ყველა სახეს, ყველა გამოვლინებას. როგორც კი მიიღებთ საკუთარ გონებას და პატივს სცემთ მას, მაშინვე მოდის სიცხადე და პრობლემებიც ქრება.
პოეტი სულელად გრძნობს თავს, რადგანაც არ შეუძლია იყოს კარგი ბიზნესმენი. ეს გაუგებრობას ქმნის. იგი პატივს არ სცემს საკუთარ თავს, მას არასრულფასოვნად მიიჩნევს და ადანაშაულებს . ის ცდილობს იყოს ბიზნესში წარმატებული , მაგრამ არ შეუძლია. ეს ბურუსს ქმნის მის გარშემო. თუ იგი უბრალოდ მიხვდება, რომ პოეტია და არაა ბიზნესმენობისთვის გაჩენილი, რომ ბიზნესმენად გახდომა მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია, რომ უნდა შედგეს როგორც პოეტი... სწორედ ამაშია მისი გონება, სწორედ ასე უნდა გაიფურჩქნოს მისი ნიჭი. მან არავის იმიტაცია არ უნდა მოახდინოს .
შესაძლოა საზოგადოებამ არ დააფასოს ეს, რადგანაც პოეზია ისე არ სჭირდება, როგორც ბომბები; სიყვარული ისე არ სჭირდება, როგორც სიძულვილი.
აი, რატომაა, რომ კინოში, რადიოსა და ტელევიზიაში დაშვებულია მკვლელობა. ეს უწესობად არ მიიჩნევა . მაგრამ სექსი არ დაიშვება. ეს უწესობაა. საზოგადოება სიძულვილით ცხოვრობს და არა სიყვარულით. თუ ვინმე კლავს, ეს სრულიად ნორმალურად ითვლება. თუ ვინმე დანას გირჭობთ გულში და სისხლი შადრევანივით ასხამს, ეს სრულიად ნორმალურია. მაგრამ თუ ვინმეს უყვარხართ, გეხვევათ და გკოცნით, საზოგადოება შეშინებულია. ძალიან უცნაურია, რომ სიყვარული უწესობაა, ხოლო სიკვდილი წესიერება; მოსიყვარულეებს კიცხავენ, ჯარისკაცებს კი ადიდებენ; ომი სწორია, სიყვარული არა.
როცა თქვენ მიიღებთ საკუთარ გონებას, მიიღებთ საკუთარ თავს ისეთებად, როგორებიც ხართ, მაშინვე მოვა აბსოლუტური სიცხადე და ყველა ღრუბელი გაიფანტება.
და მეორე: თქვენთვის აუცილებელია მიმღებლობა და სიმშვიდე. ჭკუა და ნათელი გონება - ეს მამაკაცური გონების თვისებებია, მიმღებლობა და სიმშვიდე კი ქალურის. მხოლოდ ქალს აქვს უნარი მიიღოს, ამიტომაც შეუძლია დაორსულება: მას გააჩნია საშვილოსნო.
ეს ორი მოთხოვნა ავსებს ერთმანეთს. თუ თქვენ არ გაქვთ ჭკუა და ნათელი გონება, ვერ გაიგებთ იმას, რასაც გეუბნებიან; ვერ გაიგებთ, რისი გადმოცემა უნდა ოსტატს თქვენთვის. თუ არ ხართ ქალური, ვერ მიიღებთ ამას, ვერ დაფეხმძიმდებით. აუცილებელია ორივე ეს მხარე: აუცილებელია გონება და დიდი სიცხადე, რომ გაიგოთ, და აუცილებელია უზარმაზარი მიმღებლობა, რომ შეისრუტოთ და თქვენი ნაწილი გახდეს.
ეს მხოლოდ პრეისტორიაა. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ გავეცნობით სინათლის ცირკულაციის ტექნიკებს. ყურადღებით და ნათელი გონებით მოისმინეთ, შეისრუტეთ. შესაძლოა ეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი უდიდესი განცდა გახდეს.
დღეისთვის საკმარისია.