ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო

ოშო
0
0

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მას არ სჭირდება ძებნა, მას უბრალოდ ხელახლა აღმოჩენა სჭირდება. ვეძებოთ იგი სადღაც გარეთ - ეს საიმედო გზაა მისი ხელიდან გ...

თავი 4 - აქ ყველაფერი სერიოზულადაა

 

თავი 4

აქ ყველაფერი სერიოზულადაა

პირველი კითხვა:

მდინარე, ბოლოს და ბოლოს, მიაღწევს ოკეანეს. სხეული კვდება და რჩება მხოლოდ ყოფიერება, მარადისობა. მაშ, რა საჭიროა, რომ ვიჩქაროთ და ახლა მოვხვდეთ იქ? განა ეს მოვლენების ფორსირება არაა?

პრობლემა იმაშია, რომ ადამიანმა შეწყვიტა მდინარედ ყოფნა, იგი გაიყინა. მისი არსი არ მიედინება. ადამიანი ყინულად იქცა, იგი აღარაა წყალი.

ადამიანი რომ მდინარე ყოფილიყო, საჭირო არ იქნებოდა  არანაირი ძალისხმევა, იგი, ბოლოს და ბოლოს, მიაღწევდა ოკეანეს , იგი უკვე იქ იქნებოდა. თავის დინებაში მდინარე უკვე წარმოადგენს ოკეანის ნაწილს: იდინო  ნიშნავს ოკეანის ნაწილი იყო. მაგრამ ადამიანი არ მიედინება. ყინულს გადნობა უნდა, ამიტომ ძალისხმევაა საჭირო. როცა ყინული გალღვა, მაშინ აღარაფრის ფორსირება არაა საჭირო, მაშინ ყველაფერი თავისით ხდება.

ადამიანი ქვად იქცა.  მიზეზი კი, რის გამოც იგი გაყინულ ქვად იქცა არის გონება. სხეულმა იცის დინება, ისევე როგორც სულმა, მაგრამ მათ შორის გონება დგას, და ეს გონება  გაყინული ყინულია. როცა გონება ღრმად იძირება მედიტაციაში, იგი დნობას იწყებს. მედიტაცია სხვა არაფერია, თუ არა გონების გალღობის მცდელობა.

შენ ამბობ: „მდინარე, ბოლოს და ბოლოს, ოკეანეს აღწევს“. ეს სიმართლეა, მაგრამ თავიდან გახდი მდინარე. შენ ამბობ: „სხეული კვდება, და რჩება მხოლოდ ყოფიერება, უსასრულობა“. ეს სიმართლეა. მაგრამ სხეულსა და სულს შორის გონება დგას, რომელიც შენ გეჭიდება, ან შენ ეჭიდები მას. სხეული კვდება, მაგრამ შენ არ ხდები მარადისობის ნაწილი, იმიტომ რომ შენ არ გაქვს მხოლოდ სხეული. სხეული  შენი ფიზიკური შეზღუდულობაა, მაგრამ შენს შიგნით ასევე ფსიქოლოგიური შეზღუდულობაცაა. სხეულის სიკვდილთან ერთად გონება არ მოკვდება, იგი კვლავ დაიბადება. ის კვლავ შევა დედის საშოში, რადგანაც ის  ბევრ სურვილს ატარებს საკუთარ თავში, რომელთა განხორციელებაც სწადია. ის კვლავ იპოვნის დედას, რათა ხელახლა დაიბადოს, კვლავ იპოვნის სხეულს, რათა განახორციელოს ყველა თავისი სურვილი. თავად ესაა რეინკარნაციის თეორიის საფუძველი.

გონება შედგება სურვილებისგან, და თუ არსებობს სურვილები,  მათი განხორციელების შესაძლებლობებიც გამოჩნდება . ღმერთი თანამშრომლობს შენთან. თუ შენი სურვილია რომ ძაღლი გახდე , გახდები კიდეც  : ძაღლის სხეულში დაიბადები. შენი გონება მოდელს ქმნის და სხეული მას მიჰყვება .  სხეული გონების პროექციაა, და არა პირიქით. სანამ გონება საბოლოოდ არ გაქრება, შენ კვლავ და კვლავ დაიბადები. როცა გონება გაქრება, მოხდება ის, რაზეც შენ საუბრობ: სხეული გაქრება, და შენ უსასრულობა ხდები. სინამდვილეში, თუ გონება გაქრება, შენ უსასრულობა ხდები სხეულის სიკვდილის გარეშეც კი. სხეულის სიკვდილი არაა ამისთვის აუცილებელი.

ბუდა უსასრულოა სხეულშიც კი, რადგანაც მან იცის, რომ იგი არაა სხეული. ბუდა უსასრულოა, როდესაც სხეულიდან მიდის. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, სხეულშია თუ არა. შენ ცხოვრობ სახლში, მაგრამ იცი, რომ არ ხარ ეს სახლი. სწორედ ასევე, გასხივოსნებული ცნობიერება ცხოვრობს სხეულში და იყენებს სხეულს, ისევე როგორც შენ იყენებ შენს ავტომობილს. ჯდები ავტომობილში, ატარებ მას, და იცი, რომ  არ ხარ ავტომობილი, შენ ნებისმიერ მომენტში შეგიძლია გადმოსვლა. არ გჭირდება ავარიის ლოდინი, რომელიც შენს ავტომობილს დაანგრევს, იმისთვის რომ გაიგო, რომ არ ხარ ეს ავტომობილი. და თუ არ იცი ეს, სანამ ავტომობილი მთელი და უვნებელია, როგორ გაიგებ ამას, თუკი იგი აღარ იქნება?  სხეულის სიკვდილით შენ ვერ მიხვდები, რომ უსასრულო ხარ. ან აქ და ახლა ხარ უსასრულო, ან არასოდეს. უსასრულობა  შენი ბუნებაა.

სინამდვილეში, პრობლემა არაა სხეულში. ყველა ე.წ. რელიგია გეუბნებოდათ თქვენ: „ეს სხეულია ყველაფერში დამნაშავე!“ ,  მაგრამ ეს ასე არაა. სხეული უდანაშაულოა.  სხეული მშვენიერი და უმანკოა. ყველაფერში დამნაშავე გონებაა, ეშმაკი -  გონებაა. შენ უნდა გაალღო გონება, ამისათვის კი ძალისხმევაა საჭირო, ამისათვის საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა ყველა მეთოდოლოგია :  დაო, იოგა, ტანტრა, ძენი, ჰასიდიზმი.

გახდი მდინარე და მეტი აღარაფერი იქნება საჭირო. სწორედ ამაზე საუბრობს „ოქროს ყვავილის საიდუმლო“: მიაღწიე უმოქმედობას ქმედებით, მიაღწიე ძალისხმევის არარსებობას ძალისხმევის მეშვეობით. მაგრამ თავდაპირველად აუცილებელია მოქმედება, ძალისხმევა  გაალღობს შენს ყინულს, და მაშინ მდინარე დინებას დაიწყებს. თავად თავის დინებაში მდინარე უკვე აღწევს ოკეანეს. 

მეორე კითხვა:

მე მეჩვენება, რომ მამაკაცური ეგოსადმი დანებება ჩემთვის თითქმის შეუძლებელია. ამის ნაცვლად წინააღმდეგობას, შიშს და ბრძოლის სურვილს ვგრძნობ. შეგიძლია გვითხრა რამე ამის შესახებ?

ეგო არ არსებობს არც მამაკაცური და არც ქალური. ეგო უბრალოდ ეგოა. ის, რაც მამაკაცურ ეგოს ეწონააღმდეგება, ქალური ეგოა.

შენ აცნობიერებ შენს მამაკაცურ ეგოს, მაგრამ შენ ვერ აცნობიერებ შენ საკუთარ ეგოს. ვის არ სურს დანებდეს მამაკაცურ ეგოს? გახდი უფრო ყურადღებიანი საკუთარი ეგოსადმი და ყველაფერი გამარტივდება. ყველა ხედავს სხვის ეგოს, მაგრამ სხვის ეგოს ვერაფერს მოუხერხებ. მხოლოდ საკუთარ თავს თუ მოვუხერხებთ რამეს.

შენ ამბობ: „მე მეჩვენება, რომ მამაკაცური ეგოსადმი დანებება ჩემთვის თითქმის შეუძლებელია“. ვის ეჩვენება რომ ეს შეუძლებელია? გაარკვიე ეს შენთვის! და გაკვირვებული დარჩები: ეგო , უბრალოდ ეგოა, იგი არც მამაკაცურია და არც ქალური. ნუ დაყოფ მას. ეგოს არ გააჩნია სქესი, ეს ერთი და იგივე ავადმყოფობაა. თუ ქალს კიბო აქვს , ეს  კიბოა; თუ მამაკაცს აქვს კიბო , ესეც  კიბოა. ის არც ქალურია და არც მამაკაცური. იგივე შეიძლება ითქვას ეგოზეც: ეგო გონების კიბოა.

და ვინ გითხრა, რომ მამაკაცურ ეგოს უნდა დანებდეს? შეუძლებელია ვინმეს დანებდე. როცა ორ ადამიანს უყვარდება ერთმანეთი, ისინი ორივენი სიყვარულს ნებდებიან, ისინი არ ნებდებიან ერთმანეთს. თუ ვინმე ცდილობს, რომ გაიძულოს მისადმი დანებება, ფრთხილად იყავი ,  ეს არაა სიყვარული! სიყვარული არასოდეს ითხოვს ამას. სიყვარულში ბუნებრივად ნებდებით, ვერავინ მოგთხოვთ ამას.

თუ მამაკაცი ითხოვს, რომ  დანებდე, მას არ უყვარხარ. ნუ შეხვალ ასეთ უსიყვარულო ურთიერთობებში. მას სძულხარ, წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ უნდა მოგთხოვოს, რომ დანებდე? მას შენი ფლობა ,  საგნად ქცევა , ექსპლუატაცია უნდა. იგი აღგიქვამს როგორც  მხოლოდ სხეულს, როგორც მექანიზმს. პატივს არ გცემს, როგორც ადამიანს, როგორც ცოცხალ თანმყოფობას. ეს დამამცირებელია, ეს არაა სიყვარული. თავი აარიდე ამას.

როცა სიყვარული არსებობს, შენ ბუნებრივად ნებდები. არავინ არ ითხოვს ამას შენგან, და არავინ არავის არ ნებდება - არც ქალი მამაკაცს და არც მამაკაცი ქალს. ისინი ორივენი სიყვარულის ღმერთს ნებდებიან. ისინი ორივენი საკუთარი არსის გახსნას ნებდებიან. და როცა ორივე ნებდება სიყვარულს, ამაშია სილამაზეც და თავისუფლებაც. როცა შენ არ ხარ მონის მდგომარეობაში. სინამდვილეში, მხოლოდ სიყვარულში აღწევ დიდებას, მოიპოვებ ღირსებას, მხოლოდ სიყვარულში ვლინდება შენი უმაღლესი სილამაზე. აი, ჭეშმარიტი სიყვარულის კრიტერიუმები: შენ ხდები უფრო დიდი, ვიდრე ადრე, და უფრო თავისუფალი ხარ, ვიდრე ოდესმე.

სიყვარული ათავისუფლებს. ამაშია თავად სიყვარულის არომატი. თუ ეს არაა, თუ სიყვარული თავისუფლებას არ იძლევა, გაიქეცი მისგან, როგორც შავი ჭირისგან. ნუ ჩაერთვები მასში; რაღაც სხვა წარმოაჩენს  თავს სიყვარულად. როცა ნამდვილი სიყვარულია,   შენ აღმოაჩენ, რომ უკვე დანებდი, და ეს მყისიერად მოხდა. იმ დროს, როცა სიყვარულს გრძნობ ვინმესადმი, შენ უკვე დანებდი. სწორედ ესაა სიყვარული: ისევ ვიმეორებ, შენ არ ნებდები ვინმეს, შენ ნებდები იმ უცნობ ძალას, რომელიც თქვენ ორივეს დაგეუფლათ. ეს შენსა და შენს შეყვარებულს მიღმაა. თქვენ ორივენი რაღაც უცნობ ენერგიას ეძლევით. ორ სვეტს ემგვანებით, რომლებიც ცალ-ცალკე დგანან, მაგრამ ერთი სახურავი უჭირავთ: თქვენ გიჭირავთ რაღაც, რაც თქვენზე აღმატებულია, თქვენს მიღმაა, რაც ტრანსცენდენციას განიცდის თქვენში, და ამასთან თქვენ განცალკევებულნი ხართ.

სიყვარული ინარჩუნებს შენს ინდივიდუალობას. ის არ გართმევს ინდივიდუალობას, პირიქით, ის გაძლევს ინდივიდუალობას და უნიკალურობას. სიყვარული ძალიან დელიკატურია.

შენ ამბობ: „მამაკაცური ეგოსადმი დანებება ჩემთვის თითქმის შეუძლებელია. ამის ნაცვლად წინააღმდეგობას, შიშს და ბრძოლის სურვილს ვგრძნობ“.

სწორედ ასე მოქმედებს ეგო. შესაძლოა, სხვას გააჩნია ეგო, შესაძლოა არა,  მაგრამ მე არაფრის თქმა არ შემიძლია სხვაზე, ვინაა ეს სხვა? - მე შემიძლია ზუსტად ვთქვა: შენ ძალიან ნატიფი ეგო გაქვს. ეს ეგო გრძნობს ბრძოლის სურვილს. ეგოს ყოველთვის სურს ბრძოლა, რადგანაც ბრძლა თავად ეგოს ბუნებაშია. ეგო გრძნობს წინააღმდეგობას და შიშს, და ეს წინააღმდეგობა, ეს შიში, ეს ბრძოლა ანგრევს სიყვარულს.

ცხადია,  რომ შენ უნდა გააცნობიერო საკუთარი ნატიფი ეგოისტური მიდგომა ცხოვრებისადმი. გადააგდე ეგო. ყოველ შემთხვევაში, შენი მხრიდან მიეცი წასვლის ნება. და მაშინ გაოცდები: შესაძლოა არც არავინ ითხოვდა, რომ დანებებულიყავი; ეს უბრალოდ შენი ეგოს პროექცია იყო. თუ ეს ასეა, მაშინ შეგიძლია დანებდე სიყვარულს. თუ ეს ასე არაა, და სხვა ჯერ კიდევ მოითხოვს... და შენ შეძლებ გაიგო, რა ხდება სინამდვილეში, მხოლოდ მაშინ, თუკი შენში არ იქნება წინააღმდეგობა, მხოლოდ მაშინ, თუკი შენში არ იქნება შიში, მხოლოდ მაშინ, თუკი შენში არ იქნება ბრძოლა. მაშინ შენ გექნება გონების სიცხადე და ყველაფერს დაინახავ ისეთს, როგორიც სინამდვილეშია, და მაშინვე მიხვდები, მოითხოვს თუ არა ვინმე, რომ დანებდე, თუ ეს მოთხოვნა მოდის იმისგან, რაც ორივე თქვენგანს მიღმაა. თუ ეს მიღმიერისგან მომდინარეობს, მაშინ დანებდი. თუ ეს ვინმესგან მომდინარეობს, გაიქეცი მისგან - ეს ადამიანი გიჟია. ის სიბრალულს და თანაგრძნობას იმსახურებს, მაგრამ ნუ შეგიყვარდება იგი, რადგანაც ეგოისტური მანიაკის შეყვარება სახიფათოა: ის შენ დაგანგრევს.

ეს უნდა გაიგო შენთვის.

მესამე კითხვა:

შენ ამბობდი, რომ დუმილი, რომლის პოვნაც ჰიმალაებში შეიძლება, ეს თავად ჰიმალაების დუმილია, რომ იგი ნასესხებია და ტოვებს ადამიანს, როცა ის ჩვეულებრივ სამყაროში, ფულის სამყაროში ბრუნდება. შეიძლება თუ არა იგივე ითქვას იმ დუმილზე, რომელსაც შენს გვერდით ყოფნისას ვგრძნობ? ისიც ნასესხებია და გაქრება, როდესაც აქედან წავალ?

ეს ადგილი ჩვეულებრივი სამყაროს, ფულის სამყაროს ნაწილია. ნუთუ შესაძლებელია სხვა აშრამის პოვნა, რომელიც ამდენად იქნებოდა ჩვეულებრივი სამყაროს ნაწილი? მე შემეძლო სადღაც ჰიმალაებში მომეწყო ჩემი აშრამი. მე მიყვარს ჰიმალაები! არ ვიყო ჰიმალაებში, ეს ჩემთვის დიდი მსხვერპლია. მე სპეციალურად არ მოვაწყვე ჩემი აშრამი ჰიმალაებში: მე მინდა, რომ იგი ჩვეულებრივი სამყაროს, ფულის სამყაროს ნაწილი იყოს.

ამ აშრამში თითქმის ყველაფერი ისევეა მოწყობილი, როგორც ჩვეულებრივ სამყაროში. ინდოელებს ეს ძალიან აღიზიანებს, მათ არ შეუძლიათ ამის გაგება. ინდოეთში უკვე მრავალი საუკუნეა არსებობენ აშრამები, მაგრამ ეს აშრამი მათი გაგების საზღვრებს მიღმაა. მათ არ შეუძიათ მიიღონ ის ფაქტი, რომ ფული უნდა გადაიხადონ იმისთვის, რომ რელიგიური ლექცია მოისმინონ. ისინი ყოველთვის უფასოდ ისმენდნენ.  ლექციების შემდეგ აშრამში ყოველთვის არიგებდნენ პრასადს. ბევრი ლექციებზე არა თავად ლექციისთვის, არამედ პრასადის გულისთვის დადიოდა. აქ კი უნდა გადაიხადოთ. რატომ ვაკეთებ ამას?

მე მინდა, რომ ეს აშრამი ჩვეულებრივი სამყაროს ნაწილი იყოს, რადგანაც ჩემი სანიასები არ უნდა წავიდნენ მონასტერში. ისინი ხალხში უნდა დარჩნენ, მათი მედიტაცია ხალხში უნდა გაიზარდოს და არ იქცეს ხალხისგან გაქცევად. ამიტომ ის სიმშვიდე, რომელსაც აქ პოულობ, შეგიძლია ყველგან შეინარჩუნო. შენთვის ეს არ იქნება პრობლემა. მე ისე მოვაწყვე, რომ ყველაფერი, რასაც შეუძლია სადმე ხელი შეგიშალოს, აქ არის, ასე რომ , შეგიძლია არ აღელდე.

მედიტატორებს ყოველთვის რამდნიმე რამის ეშინოდათ . მაგალითად, მათ ყოველთვის ეშინოდათ ქალების. შეიძება სადმე ინდოეთში ისეთი ლამაზი ქალების პოვნა, როგორებიც აქ არიან? ასეთი ცოცხლების? აქ ყოფნით, თქვენ თანდათანობით ვეღარ აცნობიერებთ, ვინ ქალია და ვინ მამაკაცი. რამდენი ხანი უნდა შეინარჩუნოთ ეს დაყოფა?

მომავალი არ ეკუთვნის ქალს ან მამაკაცს. მომავალი ორივესია, და დაყოფა ქალსა და მამაკაცს შორის თანდათანობით გაქრება.

ადრე ეს დაყოფა ხელოვნურად იქმნებოდა და კულტურის გამო ნარჩუნდებოდა. გოგონებს სრულიად სხვაგვარად ზრდიდნენ, ბიჭებს- სრულიად სხვაგვარად. მე არ ვამბობ, რომ ქალსა და მამაკაცს შორის არანაირი სხვაობა არაა. ის წმინდად ბიოლოგიურია. მაგრამ საზოგადოება ფსიქოლოგიურ სხვაობასაც ქმნის: „ეს დაშვებულია მხოლოდ ბიჭებისთვის, რადგანაც „ბიჭებიბიჭები არიან“, გოგონებს კი ეს ეკრძალებათ. თავიდანვე იქმნება ფსიქოლოგიური განსხვავებები. ის განსხვავებები, რომლებიც ახლა არსებობს საზოგადოებაში ქალსა და მამაკაცს შორის, ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტით, არაბუნებრივია, ხელოვნურია. არსებობს განსხვავების ერთი პროცენტი , რომელიც  ბიოლოგიური განსხვავებაა, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. აქ ისეთ სიახლოვეში ცხოვრობთ, რომ თანდათანობით გავიწყდებათ, ვინაა ქალი და ვინ მამაკაცი.

წარსულში, ძველი სანიასას დროს, მამაკაცები ქალებისგან შორს, გამოქვაბულში ან მონასტერში მიდიოდნენ. არსებობს ქრისტიანული მონასტრები, სადაც ქალს არასოდეს დაუდგამს ფეხი. ათონის მთაზე არის მონასტერი, სადაც ათას ორასი წლის განმავლობაში არც ერთი ქალისთვის არ მიუციათ შესვლის ნება. არა მხოლოდ ქალისთვის, არამედ ნახევარი წლის გოგონასთვისაც კი! და როგორი  ადამიანები ცხოვრობენ იქ, თუკი ნახევარი წლის გოგონას შეშვებაც კი არ შეუძლიათ? - მანიაკები, რომლებიც ბერებად იწოდებიან, მაგრამ არა მამაკაცები. სწორედ მონასტრებში გაჩნდა ყველა შესაძლო სიმახინჯე.

ჰომოსექსუალიზმი პირველად მონასტრებში გაჩნდა, ეს რელიგიური მოვლენაა. ეს გარდაუვალი იყო. თუ ვაიძულებთ მამაკაცებს, ერთად იცხოვრონ იქ, სადაც ერთი ქალიც კი არაა, ადრე თუ გვიან ისინი ჰომოსექსუალები გახდებიან. მასტურბაციაც მონასტრებში გაჩნდა, ეს მონასტრული პრაქტიკაა. იქ გარდაუვალად ჩნდებოდა სხვა და სხვა სიმახინჯეები.

არსებობს ასევე ქალთა მონასტრები, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობენ, და სადაც არასოდეს უშვებენ მამაკაცებს; ეს მონაზვნები მხოლოდ მამაკაცებზე ოცნებობენ. მათთვის მიუწვდომელია „პლეიბოის“ ტიპის ჟურნალები, მაგრამ რა საჭიროა ისინი, როცა ამდენი დროა ფანტაზიისთვის? მათი წარმოსახვა იმდენად პორნოგრაფიულია, რომ „პლეიბოის“ ტიპის ჟურნალები ვერანაირად  შეედრება . მონაზვნებს გაცილებით უფრო ფსიქოდელიური ოცნებები აქვთ.

ბუნებრივია, თუკი ადამიანები, რომლებიც დიდხანს ცხოვრობდნენ მონასტრებში, სამყაროს უბრუნდებიან, ისინი გრძნობენ, რომ მათ მედიტაციებს, ლოცვებსა და  რელიგიას გამუდმებით რაღაც უშლის ხელს.

ბერებს ყოველთვის ეშინოდათ ფულის. ბუნებრივია, თუკი ისინი ხალხში ჩნდებიან, ფულთან უწევთ შეხება. შეუძლებელია ხალხში ფულის გარეშე ცხოვრება. ბერს კი ისე ეშინია მისი, რომ არც კი ეხება. ეს რაღაც აკვიატებული შიშია.

აჩარია ვინობა ბჰავა, მაჰატმა განდის მთავარი მოსწავლე, არასოდეს ეხებოდა ფულს. რა შეპყრობილობაა ეს? რა მოხდება ცუდი, თუკი ქაღალდის ნაგლეჯს შეეხებით? თუ მას შეუძლია როგორღაც გავნოთ, რაღა სულიერებაა ეს? ეს კასტრირებული სულიერებაა. ის არა მხოლოდ ეხება მათ, არამედ  ყურებაც კი არ შეუძლია. თვალებს ხუჭავს, როცა მის წინ ფულს აწყობენ. მის გურუს, მაჰატმა განდის, სამი მაიმუნი ჰყავდა. ( ვიღაცამ მოუყვანა საჩუქრად).  ეს ვიღაცა, როგორც ჩანს კარგად იცნობდა მას, რადგანაც კარგი არჩევანი გააკეთა. ერთი მაიმუნი იჯდა და თათები თვალებზე აეფარებინა, რომ არაფერი დაენახა: „არ ღირს რაღაც საგნების დანახვა ცხოვრებაში, რადგან ეს სახიფათოა“. მეორე მაიმუნს ყურებზე აეფარებინა თათები: „არ ღირს რაღაცების მოსმენა, რადგან ეს სახიფათოა“. მესამე კი პირზე თათებაფარებული იჯდა: „არ ღირს რაღაცებზე ლაპარაკი, რადგანაც ეს სახიფათოა“. ბერს სამივე ამის გაკეთება ერთდროულად უწევს. აი, რატომ ვამბობ, რომ ბერი სამჯერ მაიმუნია.

ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია გახსნას თვალები,  ყურები და  პირი, ბუნებრივია,  რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება, როცა ხალხში გადის. იქ ყველა ხელს უშლის, ყველა აღიზიანებს. ინდოეთი ღარიბია, რადგანაც ქვეყნის ლიდერები ასეთი მაიმუნები გახდნენ:  გარყვნილები, ადამიანები, რომლებიც ყველა შესაძლო გაუკუღრმართებისგან იტანჯებიან, რომლებიც ყალბები არიან, რომლებიც დაოს დინებაში არ მიედინებიან.

მთელი ჩემი ძალისხმევა მიმართულია იმაზე, რომ აქ შევქმნა სამყარო მინიატურაში: სამყარო, რომელშიც ბოლომდე იღებენ ფულს; რომელშიც მამაკაცები და ქალები ერთად ცხოვრობენ სიხარულსა და  ზეიმში  ყოველგვარი შიშის გარეშე. რომელშიც ხდება ყველაფერი ის, რაც ჩვეულებრივ სამყაროში, და ამის პარალელურად იზრდება მედიტაცია. იგი უფრო და უფრო ძლიერი ხდება, რადგანაც აქ მისთვის ყველა შესაძლო გამოცდაა გამძლეობაზე.

სადაც არ უნდა წახვიდე, ვერავინ წაგართმევს შენს დუმილს. შენი მდუმარება შენ გეკუთვნის! იგი არაა ჩემზე დამოკიდებული. შენ დაიმსახურე იგი, შენ გამოიმუშავე იგი.

მეოთხე კითხვა:

ოშო, შენი გუშინდელი სიტყვები გაუპატიურების შესახებ, ძალიან შეურაცხმყოფელი მეჩვენება, კერძოდ ის, რომ გაუპატიურებულ ქალებს „თავად უნდოდათ ეს“. დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ეს აბსოლუტურად არასწორია.

მაშინ რატომ არაა ეს კითხვა ხელმოწერილი? პირველ რიგში, მე არ მითქვამს, რომ ყველა გაუპატიურებულ ქალს უნდოდა ეს; მე ვთქვი :  „უმეტეს შემთხვევებში“.  ამაში დიდი განსხვავებაა.  ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. ათასობით ავტო-კატასტროფა ხდება, და მე შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანების უმეტესობას, რომლებიც მათში მოჰყვნენ, თავად სურდათ ეს, თავად იზიდავდნენ სიტუაციას, თითქმის იმედოვნებდნენ, რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა, ქვეცნობიერად სურდათ, მათ თვითმკვლელობისკენ ჰქონდათ მიდრეკილება.

გონება, რომელსაც შენ იცნობ,   ჯერ კიდევ არაა მთელი გონება; მის გარდა არსებობს გაცილებით უფრო დიდი ქვეცნობიერი გონება. ამ ქვეცნობიერი გონებით მრავალ რამეს ინახავ, რომელსაც ვერ აცნობიერებ. წარმოიდგინე ადამიანი, რომელსაც თვითმკვლელობის ჩადენა უნდა, მაგრამ საკმარის სიმამაცეს ვერ პოულობს. ის მოძებნის თვითმკვლელობის ირიბ მეთოდებს, მაგალითად,  საავტომობილო კატასტროფაში, ამ გზით ის არ იქნება ამაზე პასუხისმგებელი, ვერავინ იტყვის, რომ თავი მოიკლა. ვერავინ იტყვის, რომ ლაჩარია, რომ ცხოვრებას ვერ გაუმკლავდა. უფრო ადვილია ავტო-კატასტროფაში მოჰყვე, ვიდრე თვითმკვლელობა ჩაიდინო.

რაც შეეხება სექსუალურ ძალადობას, უბრალოდ ჩაიხედე შენს ქვეცნობიერში, ჩაიხედე შენს ოცნებებში. დიდი იშვიათობაა ქალი, რომელიც არ იოცნებებდა გაუპატიურებაზე . არის ამაში რაღაც მიმზიდველი. რაშია მისი მიმზიდველობა? იმაშია, რომ თქვენ ისეთი უბადლო ხართ, რომ ვიღაც მზადაა თქვენს გამო ათი წლით მოხვდეს ციხეში, და თუ მუსულმანი ხართ, მოკვდეს კიდეც ამისთვის. მუსულმანურ ქვეყნებში გაუპატიურებისთვის ბრალდებულნი სიკვდილით ისჯებიან. და გაგიკვირდებათ, მაგრამ მუსულმანურ ქვეყნებში უფრო მეტი გაუპატიურება ხდება, ვიდრე სადმე სხვაგან.

შესაძლოა, მოძალადეს უბრალოდ თვითმკვლელობის ჩადენა უნდა. ეს თვითმკვლელობისთვის  მშვენიერი საშუალებაა. შეიძლება უფრო მოხერხებული მეთოდის მოძებნა? - თანაც ასეთი თამამის.. მოკვდე სიყვარულისთვის... ეს ისეთი პოეტურია, ისეთი რომანტიკული.  

საერთოდ, სექსში  არსებობს რაღაც ძალადობა. ჩვეულებრივ სექსშიც კი, როცა არ ხდება გაუპატიურება, უკვე არის ძალადობა. ქალი ყოველთვის ამბობს „არა“-ს. რატომ? - იმიტომ, რომ თუ იგი „კი“-ს ძალიან იოლად ამბობს,  კარგავს შეგრძნებას, რომ „მე მას ვჭირდები, მისთვის აუცილებელი ვარ“. ის გამუდმებით გამბობს „არა“-ს, და გულისხმობს „კი“-ს. დაჟინებით ამბობს „არა“-ს, რათა მამაკაცის პროვოცირება მოახდინოს: მას უნდა, რომ მამაკაცმა მოიპოვოს იგი, უნდა, რომ მამაკაცმა აიძულოს იგი. თავად ეს  ძალისხმევა ანიჭებს  სიამოვნებას: იგი მას სჭირდება. ეს გონების ძალიან საცოდავი მდგომარეობაა, მაგრამ ყველაფერი მაინც ასეა. 

ასე რომ, პირველ რიგში, მე ვთქვი „უმეტეს შემთხვევაში“. არსებობს ასევე შემთხვევითობებიც. შესაძლოა, შენ არ ფიქრობ გაუპატიურებაზე, და უცებ მანიაკის მსხვერპლი აღმოჩნდე. მე არ გამოვრიცხავ ასეთ შემთხვევებს, ამიტომ არ მითქვამს - „ას პროცენტ შემთხვევებში“. უმეტეს შემთხვევაში , ყველაფერი, რაც  გემართება (გაუპატიურება, მკვლელობა, ავადმყოფობა, ) შენი სურვილია. მაგრამ მე არ ვამბობ, რომ ყველა შემთხვევაში ასეა.

ფსიქოლოგებმა  აღნიშნეს, რომ ადამიანები იზიდავენ გარკვეულ ავადმყოფობებს. მაგალითად, დაახლოებით ორმოცდაორი წლის ასაკში ადამიანებს ხშირად ემართებათ ინფარქტი. რატომ სწორედ ამ ასაკში? - იმიტომ, რომ სწორედ ამ დროს იწყებენ წარმატების მიღწევას, ან უკვე მიაღწიეს მას. ახლა მათ აქვთ ფული, რომელიც ყოველთვის უნდოდათ, და არ იციან, რა გააკეთონ ამის შემდეგ: მათ , როგორც იქნა,  მიაღწიეს წარმატებას და ისინი შოკში არიან  წარმატებისგან. ისინი ყოველთვის იმედოვნებდნენ, რომ ამდენი ფული ექნებოდათ, ასეთი ქალი, ასეთი სახლი, ასეთი ავტომობილი - და ახლა ეს ყველაფერი უკვე აქვთ. რა იქნება შემდეგ? უეცრად გული ჩერდება. რა იქნება შემდეგ? ისინი მიმართულებას კარგავენ. თუ ინფარქტი არ ემართებათ, ძალიან უბედურად გრძნობენ თავს. ინფარქტი მოდუნებაში ეხმარება მათ. ახლა შეუძლიათ ყველას უთხრან: „მე უნდა დავისვენო. ექიმებმა სრული სიმშვიდე გამომიწერეს.  აღარ შემიძლია მძიმე სამუშაოს შესრულება“.

მათ არ შეუძლიათ, დაისვენონ რაიმე საბაბის გარეშე; ინფარქტი  საბაბი ხდება დასვენებისთვის. თუ ისინი უბრალოდ დაისვენებენ, ადამიანები  იტყვიან: „რას აკეთებ? გაფურჩქვნის ასაკში, წარმატების უმაღლეს საფეხურზე? შეგიძლია მეტი ფული გქონდეს სწორედ ახლა, რადგანაც ფული ფულთან მიდის. როცა უკვე წარმატებული ხარ, კიდევ უფრო მეტი წარმატება მოდის. რას აკეთებ ,  ისვენებ, დუნდები?“ და მათ არ აქვთ არანაირი პასუხი. ინფარქტი მშვენიერი პასუხია. ახლა აღარავინ იტყვის, რომ ისინი ცხოვრებისგან გაიქცნენ. არავინ აჰკიდებს მათ პასუხისმგებლობას. რა შეუძლიათ გააკეთონ? მთელი პასუხისმგებლობა ინფარქტს ეკუთვნის. ადამიანები ვერ აცნობიერებენ ყველაფერ იმას, რაც მათ შიგნით ხდება.

შენ ამბობ: „შენი გუშინდელი სიტყვები გაუპატიურების შესახებ, ძალიან შეურაცხმყოფლად მეჩვენება...“ მაგრამ რატომ გეჩვენება შეურაცხმყოფლად  და თანაც , მხოლოდ შენ? სხვას არავის დაუწერია ამის შესახებ, სხვას არავის უგრძვნია თავი შეურაცხყოფილად. თუ შენ ქალი ხარ და მე იმედი მაქვს, რომ ქალი ხარ, (რადგანაც თუ კაცი ხარ, ყველაფერი გაცილებით უფრო რთულადაა, ამიტომ ვგულისხმობ, რომ შენ ქალი ხარ,)  მაშინ რატომ გრძნობ თავს შეურაცხყოფილად? ალბათ, შენს შიგნითაა ეს სურვილი, ამიტომ გრძნობს თავს შეურაცხყოფილად; წინააღმდეგ შემთხვევაში ამაში არ იქნებოდა არაფერი შეურაცხყმყოფელი.

მე გიჟი ვარ. მე შემიძლია ყველაფერი ვთქვა. რატომ უნდა იგრძნო თავი შეურაცხყოფილად? მე არ ვარ მეცნიერი, ფსიქოლოგი, მე არავინ არ ვარ - მე უბრალოდ ლაყბობა მიყვარს - რატომ უნდა იგრძნო თავი შეურაცხყოფილად? მე არათანმიმდევრული ადამიანი ვარ, მე გამუდმებით ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს. დამელოდე რამდენიმე დღე, მე რაღაც სრულიად საპირისპიროს ვიტყვი. მე ვიტყვი: „არაფერი მსგავსი! როცა ქალს აუპატიურებენ, იგი არაა დამნაშავე. დამნაშავეა მამაკაცური ეგო, მამაკაცური ძალადობა“. უბრალოდ , დამელოდე! ჩემთან მომთმენი უნდა იყო ,  მე საკუთარ თავს ვეწინააღმდეგები!

მაგრამ რატომ გრძნობ თავს შეურაცხყოფილად? როგორც ჩანს, ეს  მტკივნეული წერტილია შენთვის ; როგორც ჩანს რაღაც იარას ატარებ საკუთარ თავში. ნუთუ შენში არაა ქვეცნობიერი სურვილი , რომ  გაუპატიურებული იყო? სწორედ ამიტომ გრძნობ ამხელა რისხვას და შიშს , თავს დამცირებულად გრძნობ, ეს ბუნებრივია,  ამიტომაც არ მოგიწერია ხელი  ამ კითხვაზე.

ყოველთვის მოაწერე ხელი შენს კითხვას. და თუ ძალიან გეშინია, შეგიძლია სხვისი სახელი მიაწერო ,  მაგრამ აუცილებლად მოაწერე! მაშინ შეძლებ დატკბე იმით, თუ როგორ გავაცამტვერებ სხვას. არ ღირს ამაზე ნერვიულობა.

და შენ ამბობ: „დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ეს აბსოლუტურად არასწორია“.იცი თუ არა, რომ არაფრის დამტკიცება არ შეიძლება აბსოლუტურად? არაფრის! ადამიანს ჯერ არაფერი დაუმტკიცებია აბსოლუტურად. ვერაფერს ვერ დაამტკიცებ აბსოლუტურად:  ახალი აღმოჩენები,ახალი ფაქტები, ახალი მონაცემები ჩნდება  და გვიწევს, რომ ცვლილებები შევიტანოთ ყველაფერში. მეცნიერული აღმოჩენებიც კი არაა აბსოლუტური, როგორ შეიძლება აბსოლუტური იყოს ფსიქოლოგიური აღმოჩენები? ფსიქოლოგია ჯერ კიდევ არაა მეცნიერება, იგი ჯერ კიდევ ჰიპოტეტურია. თუ თქვენ ძალიან მოგწონთ სიტყვა „მეცნიერება“, შეგიძლით მას დაარქვათ სამეცნიერო ფანტასტიკა, მაგრამ მეტი არაფერი. მას ჯერ კიდევ არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან. იგი იბრძვის უფლებისთვის, რომ იწოდებოდეს მეცნიერებად, მაგრამ არა მგონია, რომ ოდესმე მიაღწიოს ამას, რადგანაც ადამიანის გონება ვერცხლისწყალს ჰგავს და  მისგან შეუძებელია მეცნიერების შექმნა.

ადამიანური გონებები არაა ერთნაირი. რამდენიც ადამიანია, იმდენივეა გონება. ყველაფერი, რასთანაც შეუძლია მუშაობა ფსიქოლოგიას, - ეს გასაშუალოებული გონებაა. მაგრამ თქვენ ვერასოდეს იპოვნით „საშუალო გონებას“, თქვენ ყოველთვის ინდივიდუალირი გონება შეგხვდებათ. ინდივიდუალური გონებისთვის კი შეუძებელია რაიმე მეცნიერული ახსნა.

ფსიქოლოგია ჯერ არ გამხდარა მეცნიერება, მაგრამ მეცნიერებასაც კი არ შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს აბსოლუტურობაზე. ის, რაც ოდესღაც ნიუტონმა გააკეთა, უკვე აღარ ითვლება სიმართლედ. მის დროს ეს აბსოლუტურ ჭეშმარიტებად ითვლებოდა ,  ახლა ეს ასე არაა. თქვენ ფიქრობთ, რომ ის, რაც ეინშტეინმა გააკეთა, ყოველთვის ჭეშმარიტებად ჩაითვლება? ეს შეუძლებელია, ეს არაა ბუნებრივი. ცხოვრება ისეთი იდუმალია, რომ რაც უფრო მეტად შეიცნობთ მას, მით უფრო მეტი ჰიპოთეზის შექმნა გიხდებათ  რათა ჩართოთ ახალი ფაქტები.

იცნობ თუ არა ქალს ან მამაკაცს ტოტალურად? შეიცანი თუ არა ქალური გონება იმდენად ტოტალურად, რომ იცოდე, რა სწორია და რა  არასწორი?  არ არსებობს არაფერი აბსოლუტურად სწორი ან აბსოლუტურად არასწორი. არსებობს მხოლოდ ვარაუდები . ერთი შესაძლოა უფრო ახლო იყოს ჭეშმარიტებასთან, მეორე უფრო შორს. მაგრამ ის, რაც მე ვთქვი, არ უნდა აღიქვათ, როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტება. ეს უნდა აღიქვათ, როგორც ობიექტი მედიტაციისთვის. უბრალოდ იმედიტირეთ ამაზე.

მე არ მაინტერესებს ზოგადი ჭეშმარიტებები. მე მოსწავლეებს ვესაუბრები! შენ საკუთარი თავის სიღრმეში უნდა ჩაიხედო. თუ ქალი ხარ, უბრალოდ ჩაიხედე სიღრმეში. გაქვს თუ არა იდუმალი სურვილი, რომ გაგაუპატიურონ? და თუ გაქვს, ჯობია იცოდე ეს, მაშინ უფრო ადვილი გახდება მისი ქვეცნობიერიდან ცნობიერში ამოტანა, რადგანაც ის, რაც გაცნობიერებულია, ქრება. ის იარსებებს მხოლოდ მაშინ, თუ გაუცნობიერებელია. არაცნობიერი სახით კი ძალზე სახიფათოა. ის ,როგორც კი გაცნობიერებული ხდება, მაშინვე ორთქლდება. წარმოიდგინე, რომ მიწიდან ხის ამოგლეჯას ცდილობ: გააშიშვლე მისი ფესვები და ის მოკვდება. სწორედ ასევე ხდება ყველაფერი შიგნითაც: გამოიყენე ყველაფერი, რაც შენი სულის ბნელ კუნჭულებში იმალება, შენს ქვეცნობიერში, (რომელიც შენს ცნობიერ გონებაზე ცხრაჯერ დიდია), - გამოიტანე ეს ყველაფერი შენს ცნობიერ გონებაში, გამოამზეურე, და როცა მზე შეაღწევს მასში, იგი გაქრება.

რასაც მე ვამბობ, იმიტომ ვამბობ, რომ ამაზე იმედიტირო. თუ თავი შეურაცხყოფილად იგრძენი, ეს ნიშნავს, რომ ამაზე უნდა იმედიტირო: შედი სიღრმეში,  ეძებე შენში და ნუ გააკეთებ ნაჩქარევ დასკვნებს. არ თქვა მაშინვე: „ეს არასწორია, დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ეს არასწორია“. ჯერ იმედიტირე ამაზე, ნუ ეცდები დაამტკიცო, მართალია ეს თუ არა. უბრალოდ , გახსნილი გონებით შედი შენს შინაგან არსში და ეძებე. და შენ გაოცდები, რადგანაც შენს შიგნით, სიღრმეში აღმოაჩენ ამ სურვილს. მასში არსებობს გარკვეული მიმზიდველობა.

ერთი ქალი მღვდელთან აღსარებაზე მივიდა.   მან აღიარა რომ გააუპატიურეს. მან ასევე აღიარა, რომ აღსარებაზე იმიტომ მივიდა, რომ გაუპატიურებისგან სიამოვნება მიიღო . ამის გამო დანაშაულს გრძნობდა: სიამოვნება რომ არ მიეღო, თავშიც კი არ მოუვიდოდა მღვდელთან მისვლა.

მალე ისევ მივიდა და იგივეს გამო ჩააბარა აღსარება. შემდეგ კიდევ ერთხელ. როცა მეოთხედ მივიდა, მღვდელმა უთხრა:

-ეს უკვე მეტისმეტია! თქვენ რა, ყოველ კვირას გაუპატიურებენ?

- არა, მე ისევ იმაზე, პირველზე ვამბობ, - უპასუხა მან.

-კი, მაგრამ რატომღა მოდიხართ ისევ?

- უბრალოდ მომწონს ამის მოყოლა.

უბრალოდ ჩაიხედე სიღრმეში და აღმოაჩენ ყველა შესაძლო იდუმალ სურვილს. რაღაც სადისტურს აღმოაჩენ შენში: რომ სხვების წამება გინდა. რაღაც მაზოხისტურს აღმოაჩენ: რომ საკუთარი თავის წამება გინდა. მრავალ რამეს აღმოაჩენ, რადგანაც ადამიანის ქვეცნობიერი დაულაგებელია : იქ   ქაოსია, საგიჟეთია. მაგრამ ჩვენ ყველაფერ ამას გამუდმებით ვახშობთ. ჩვენ ამის დანახვისაც კი იგვეშინია. სწორედ ამიტომ იგრძენი თავი შეურაცხყოფილად. საქმე იმაში არაა, სწორია თუ არა ეს, და დამტკიცებულია თუ არა ეს. მე ეს საერთოდ არ მაინტერესებს.

მე ერთი მინდა: უფრო მედიტატიურები  გაგხადოთ, გასწავლოთ, რომ უფრო და უფრო მეტად გააცნობიეროთ საკუთარი შინაგანი, იდუმალი სურვილები, მისწრაფებები, გარყვნილებები. თუ სინათლეს გაუხსნით მათ, ისინი გაქრებიან. და თუ შეძებთ, რომ ბოლომდე დააცარიელოთ თქვენი ქვეცნობიერი, ბუდა  გახდებით.

ასე რომ,  შეწყვიტე ჩემთან კამათი, რადგანაც ეს  დროისა და ენერგიის ხარჯვაა. შიგნით შედი. თუ შენს შიგნით ვერ იპოვნი ამ სურვილს, მით უკეთესი. თუ იპოვნი, ძალიან კარგი,  შეიტანე მასში ცნობიერების სინათლე და იგი გაქრება.

 

მეხუთე კითხვა:

მე ვბერდები და ინტერესს ვკარგავ ქალებისადმი. რა გავაკეთო?

სერ, განაგრძეთ ინტერესის დაკარგვა! ეს ძალიან კარგია, ამაში არაფერია არანორმალური. გარწმუნებთ, რომ არც ერთი ქალი არ დამწუხრდება ამაზე. პირიქით, ისინი ძალიან ბედნიერები იქნებიან.

მას შემდეგ, რაც ფროიდმა პანდორას ყუთი გახსნა, დასავლეთში გამყარდა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ადამიანი ბოლომდე უნდა დარჩე სექსუალური, რადგანაც სექსი სიცოცხლის სინონიმია. ასე რომ, მაშინაც კი, თუ თქვენ უკვე სამოცდაათის ან ოთხმოცის ხართ, უნდა შეინარჩუნოთ სექსისადმი ინტერესი. თუ სექსისადმი ინტერესს კარგავთ, ეს ნიშნავს, რომ სიცოცხლისადმი კარგავთ ინტერესს, ეს ნიშნავს, რომ უკვე აღარ ხართ საჭირო, რომ უკვე აღარაფრისთვის ხართ ვარგისი. შეგიძლიათ მშვიდად მოკვდეთ, ან პარლამენტში წახვიდეთ, რადგანაც სხვა ყველაფრისთვის უვარგისი ხართ.

წარმოდგენა, რომ სექსი და სიცოცხლე სინონიმებია, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. სექსი და სიცოცხლე სინონიმურია გარკვეულ ასაკში. ბავშვობაში  ისინი არ არის  სინონიმები, ახალგაზრდობაში არის, სიბერეში კი ისევ არ არის . ეს განსხვავებული სტადიებია. ბავშვს სექსი არ აინტერესებს, ახალგაზრდა ადამიანს კი აინტერესებს .

დასავლეთში ყველა იმისკენ ისწრაფვის, რომ მარადიულად ახალგაზრდა დარჩეს და არ დაბერდეს. ადამიანები სრულიად განსხვავებული მეთოდებით ცდილობენ დაარწმუნონ საკუთარი თავი იმაში, რომ უწინდებურად ახალგაზრდა არიან. გამუდმებით ხდება ახალი პანაცეის აღმოჩენა სიბერისგან თავდაცვისთვის, ახალი ელექსირები, რომლებიც ახალგაზრდობას გინარჩუნებენ; და ადამიანები იმდენად ბრიყვები არიან,რომ ყოველთვის მზად არიან დაიჯერონ ნებისმიერი სისულელე, ოღონდაც კი ახალგაზრდებად დარჩნენ. სიბერე ერთ-ერთ ავადმყოფობად ითვლება. დასავლეთში,იყო მოხუცი ნიშნავს, რომ   ავადმყოფი იყო . მაგრამ ეს ასე არაა.

სიბერეს თავისი სილამაზე და განძი აქვს , ისევე როგორც ახალგაზრდობას აქვს თავისი სილამაზე და  განძი. და რა თქმა უნდა, განძი, რომელსაც ადამიანი სიბერეში პოულობს, გაცილებით უფრო ძვირფასია იმაზე, რაც  ახალგაზრდობაში იპოვნა, რადგანაც მან უკვე გაიარა თავისი ახალგაზრდობა. მან უკვე შეიცნო იგი, უკვე დაინახა, უკვე გაიარა ყველა ილუზია მათი დანაკარგებითაც. ახლა ის უფრო ბრძენია, ახლა ის კვლავ უმანკო ხდება. როცა სექსი ქრება, მოდის რაღაც უმანკოება: თქვენ კვლავ ბავშვი ხდებით ,  მომწიფებული ბავშვი.

ჩვენთან, აღმოსავლეთში, ცხოვრების სრულიად განსხვავებული ხედვაა. აღმოსავლეთში ყოველთვის პატივს სცემდნენ მოხუც ადამიანებს, და არა ახალგაზრდებს, რადგანაც მოხუცებმა თავიანთ პიკს მიაღწიეს - მათი ცხოვრებისეული მოგზაურობა თავის მიზანს უახლოვდება. დასავლეთში მოხუცს  სანაგვეზე აგდებენ.  სპეციალური სახლები და საავადმყოფოები იქმნება  მოხუცებულთათვის იქმნება , სადაც ყველას ერთად აგროვებენ. არავის უნდა, რომ მათთან  რაიმე საერთო ჰქონდეს ,  თითქოს ისინი არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ. არადა მათ მთელი ცხოვრება განვლეს, მისი მრავალი საიდუმლო შეიცნეს :  მათ შეუძლიათ დიდი მასწავლებლები იყვნენ, მხოლოდ მათ შეუძლიათ იყვნენ მასწავლებლები.

აღმოსავლეთში  მიღებულია, რომ ხანშიშესული ადამიანი მასწავლებელი ხდება ახალგაზრდებისთვის, რადგანაც მან უკვე იცხოვრა, გაიზარდა, ბევრი გაიგო. მას შეუძლია მიგითითოთ სწორი მიმართულება საკუთარი სიმწიფიდან, საკუთარი სიცხადიდან. სიბერე სიკვდილისთვის მომზადების დროა. და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომზადებაა, რადგანაც თქვენ ემზადებით  ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობისთვის შეუცნობელში. თუ განაგრძობთ სექსით დაინტერესებას, ვერ მოემზადებით სიკვდილისთვის. დასავლეთში ყველაფერი სწორედ ასე ხდება.

დასავლეთში ადამიანს არ აქვს მიღებული სიკვდილი, როგორც თავისი ცხოვრების ნაწილი. სიკვდილი მისთვის ისეთივე ტაბუა, როგორიც ასი წლის უკან  სექსი იყო.ასი წლის უკან   არავინ საუბრობდა სექსზე. მასზე შეუძლებელი იყო ლაპარაკი ან წერა. ვიქტორიანულ ეპოქაში სექსი ისეთი ტაბუ იყო, რომ ქალბატონები სკამის ფეხებსაც კი ქსოვილით ფარავდნენ , რადგანაც მათ ფეხები ერქვათ, ფეხები კი არ უნდა გამოჩენილიყო.

ფროიდმა დიდი რევოლუცია მოახდინა. მსოფლიო ახალ ფროიდს ელოდება, რომ კიდევ უფრო მეტად დაინგრეს სიკვდილის ტაბუ. მან დაანგრია სექსის ტაბუ და ამის წყალობით სამყარო უკეთესი გახდა. ფროიდი კაცობრიობის ერთ-ერთი უდიადესი კეთილისმყოფელია. აუცილებელია ახალი ფროიდი, რომ დაანგრიოს მეორე, უფრო ძლიერი  ტაბუ .

უნდა მიიღოთ სიკვდილი. სიკვდილის მიღებით თქვენ სიბერის მიღებასაც იწყებთ. და ეს მიღება მოდუნებას იძლევა. როცა უკვე  აღარ გაინტერესებთ სექსი, შეგიძლიათ მთელი თქვენი ყურადღება სიკვდილს მიაპყროთ. გახსოვდეთ: სექსი და სიკვდილი  პოლარული ურთიერთწინააღმდეგობებია; თუ აგრძელებთ სექსით დაინტერესებას, როგორ შეგიძლიათ მოემზადოთ სიკვდილისთვის? თქვენი ყურადღება მთლიანად სექსს მიეცემა და მოუმზადებლად მოკვდებით.

მედიტაცია  სიკვდილისთვის მზადებაა. ახლა მოემზადეთ სიკვდილისთვის - იმედიტირეთ. თქვენ დაკარგეთ ქალებისადმი ინტერესი ,  ძალიან კარგი. ახლა  ინტერესი გამოავლინეთ საკუთარი თავისადმი. ქალი, ეს რაღაც თქვენს გარეთ მყოფია; თქვენ სხვა ადამიანით ინტერესდებით. ან თუ ქალი ხართ, მაშინ მამაკაცია - რაღაც თქვენს გარეთ მყოფი; თქვენ სხვა ადამიანით ინტერესდებით. ახლა გამოავლინეთ ინტერესი საკუთარი თავისადმი: დაიწყეთ საკუთარი თავის ძიება, გაემგზავრეთ შინაგან მოგზაურობაში.

თქვენ მეკითხებით: „მე ვბერდები და  ინტერესს ვკარგავ  ქალებისადმი. რა გავაკეთო?“ ბოლომდე დაკარგეთ ეს ინტერესი. ნება მიეცით მას, წავიდეს. მშვენიერია, თუ ეს თავისთავად ხდება.

მე გამიგია...

ერთხელ, სახლში დაბრუნებულმა, სამოცდაათი წლის მაქსმა   თავისთან თვრამეტი წლის გოგო აღმოაჩინა, რომელიც მოხერხებულად ქურდავდა მის ბინას.

- გოგონა, თქვენ ქურდი ხართ! - თქვა მან. - მე პოლიციაში ვრეკავ.

- მისტერ, თუ კიდევ დამაპატიმრებენ, რამდენიმე წლით ჩამსვამენ. გთხოვთ, ნუ დარეკავთ პოლიციაში.

- ძალინ ვწუხვარ, მაგრამ მომიწევს ამის გაკეთება, - უპასუხა მაქსმა.

- მომისმინეთ, ყველაფერს გავაკეთებ, რაც გსურთ! შემიძლია  თქვენთან დავწვე.

- კარგი,  - დათანხმდა ხანშიშესული მოქალაქე, - გაიხადეთ და დაწექით ლოგინში.

გოგო ასეც მოიქცა და მაქსმა მას მიბაძა. ოცი წუთის განმავლობაში ძალისხმევას არ იშურებდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს გააცნობიერა თავისი მარცხი და დაღლილმა უარი თქვა იდეაზე.

- უშედეგოა, - ამოიოხრა მაქსმა. - არაფერი გამოდის. მომიწევს პოლიციის გამოძახება.

თქვენ მეკითხებით: „რა გავაკეთო?“ იქნებ პოლიციის გამოძახება გინდათ? უთხარით საკუთარ თავს: „საკმარისია!“ საკმარისია ეს სისულელე, საკმარისია ეს აკვიატება. ამჯერად სიკვდილისკენ მიმართეთ თქვენი ენერგია: პირდაპირ თვალებში შეხედეთ სიკვდილს, პირისპირ შეხვდით მას. სიკვდილთან შეხვედრა უდიდესი განცდაა ცხოვრებაში. და თუ შეძლებთ სიკვდილთან შეხვედრას, თქვენ გაიგებთ, რომ უკვდავი ხართ. სიკვდილთან შეხვედრა ერთადერთი მეთოდია იმის გასაგებად, რომ უკვდავი ხართ, რომ მხოლოდ სხეული კვდება, თქვენ კი არასოდეს კვდებით. და როდესაც ამას მიხვდებით, თქვენ მზად ხართ მოგზაურობისთვის, და როდესაც სიკვდილი მოდის, თქვენ იცინით,  ცეკვავთ და მღერით.

ადამიანი, რომელსაც მომაკვდავსაც კი  შეუძლია იცინოს, იცეკვოს და იმღეროს  ლოცვისა და მედიტაციის მდგომარეობაში, ის სამყაროში ყველაზე დიდ ორგაზმს განიცდის. სექსუალური ორგაზმი არაფერია ამასთან შედარებით, რადგანაც სექსუალურ ორგაზმში თქვენი სასიცოცხლო ენერგიის მხოლოდ მცირე ნაწილი ტოვებს სხეულს, და თქვენ უდიდეს რელაქსაციას გრძნობთ. სიკვდილის დროს მთელი სასიცოცხლო ენერგია ტოვებს სხეულს. ვერანაირი სექსუალური ორგაზმი ვერ შეედრება ამ კოსმიურ ორგაზმს, ტოტალურ ორგაზმს, რომელიც სიკვდილს მოაქვს თქვენთვის.

ხელიდან არ გაუშვათ სიკვდილი. სიკვდილი უდიდეს საჩუქარს გაძლევთ ცხოვრებაში, გამოსამშვიდობებელ საჩუქარს. მაგრამ მხოლოდ ცოტაოდენი ადამიანი იღებს მას, რადგანაც მისთვის არავინაა მზად. სიკვდილი ცუდ მომენტში მოდის. თქვენ ისეთი შეშინებული ხართ, ისე ხართ შეპყრობილი სექსით, რომ სიცოცხლეს ეჭიდებით.

იცით თუ არა, რომ აღმნოსავლეთში ეს საიდუმლო დიდი ხანია ცნობილია? თუ ადამიანი, რომელიც კვდება, ძალიან ეჭიდება სიცოცხლეს და უწინდებურადაა დაინტერესებული სექსით, ის ერექციით კვდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საწყალი მოუმზადებლად მოკვდა ,  სიკვდილის დროსაც კი სავსე იყო სექსუალური ფანტაზიებით. ყოველთვის ასე ხდება ,  თუ არ გახდებით მედიტატორი ადამიანი, თქვენც იგივე დაგემართებათ:  სიკვდილის დროს სექსზე იფიქრებთ, თქვენს წარმოსახვაში სექსი გექნებათ. არ ღირს ასე სიკვდილი. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია სიკვდილის, ღმერთისა და   საკუთარი თავის მიმართ.

დრო  მოვიდა სექსს გაქრობის ნება მისცეთ. მოეშვით სექსუალურობას არარსებობაში. სექსუალობის არარსებობა უფრო ცენტრირებულს გაგხდით. შეწყვიტეთ ქალების ძიება და საკუთარი თავის ძიება დაიწყეთ.შეუძლებელია ერთდროულად აკეთოთ ერთიც და მეორეც. მზად იყავით: სიკვდილმა შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოგისწროთ. შეუძლებელია გავიგოთ წინასწარ, როდის მოვა იგი: მოემზადეთ მისთვის, ნება მიეცით საკუთარ თავს  რომ   დატკბეთ მედიტაციით, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მოახდინეთ თქვენი სექსუალური ენერგიის მედიტატიურ ენერგიად ტრანსფორმაცია. ეს იგივე ენერგიაა, იცვლება მხოლოდ მისი მიმართულება: ის აღარ მიედინება გარეთ და დაბლა, იგი დინებას იწყებს შიგნით და ზემოთ. იგივე ენერგია ხსნის თქვენში ოქროსფერი ყვავილის კოკორს. ამაშია მთელი საიდუმლო.

თქვენ ბუნებრივად მიუახლოვდით ამ მომენტს და მეკითხებით: „რა გავაკეთო?“ თქვენ მეკითხებით რეცეპტებს, რომ აღადგინოთ გაქრობადი სექსუალობა. თქვენ ეძებთ რაიმე ბუტაფორიას, რაიმე დახმარებას, რომ განაგრძოთ იგივე სულელური თამაში სიბერეშიც კი.

ეს თამაში კარგია ახალგაზრდობაში, რადგანაც ახალგაზრდობაში თქვენ სულელი ხართ. იშვიათად თუ ხდება ვინმე უკვე დაკვირვებული, გაცნობიერებული და მედიტატიური  ახალგაზრდობაში. თუ ამის უნარი გაქვთ, იშვიათი გენიოსი ხართ. მაგრამ თუკი არ შეგიძლიათ მედიტატიური გახდეთ სიბერეშიც კი, მაშინ ბრიყვი ხართ, უბრალოდ ბრიყვი.  სისულელეების კეთება კარგია  ახალგაზრდობაში. ეს სისულელე ზრდის ნაწილია, ის გეხმარებათ. გარეგნული ქალი ან მამაკაცი სარკე ხდება თქვენთვის, რომელიც თქვენი ანარეკლია, გეხმარებათ იმის დანახვაში, თუ ვინ ხართ თქვენ. სიყვარული თვალებს გიხსნით. ბოლოს და ბოლოს , შიგნიდან უნდა დაინახოთ საკუთარი თავი და არა სარკეში. სარკეც კი უნდა გადააგდოთ. საკუთარ თავთან მარტო უნდა დარჩეთ. მარტოობის სიწმინდე უსასრულოა, მარტოობის ნეტარება კი მარადიული.

დრო მოვიდა. დაე,   ქალებისადმი ინტერესი  გაქრეს, და უეცრად აღმოაჩენთ, რომ თქვენში ახალი ინტერესი ჩნდება - ინტერესი მედიტაციისადმი. და მაშინ შეძლებთ, რომ ცხოვრებისგან ახალი საჩუქარი მიიღოთ - სიკვდილი მედიტაციაში, სიკვდილი სატორიში, სიკვდილი სამადჰიში, სიკვდილი ექსტაზში - და თქვენ განიცდით უმაღლეს ორგაზმს. ეს განცდა საკმარისია; ამის შემდეგ აღარასოდეს დაბრუნდებით ცხოვრებაში, სხეულში, ამ ციხეში.

აღმოსავლეთში ყოველთვის ისწრაფვოდნენ ამ მიზნისკენ - შეეწყვიტათ კვლავ დაბადება - რადგანაც კვლავ და კვლავ დაბადების და სიკვდილის მთელი ეს პროცესი ძალიან დამღლელია. იგი სრულიად უსარგებლოა. ბოლოს და ბოლოს, ეს უბრალოდ სიზმარია ,თან უსიამოვნო სიზმარი, ღამის კოშმარი.

ჩემი რჩევაა: თქვენ გაიარეთ თქვენი ცხოვრება, შეიცანით სხეულის სიამოვნებები, შეიცანით ქალებთან ურთიერთობები და აქედან მიიღეთ ის გაკვეთილები, რომლებიც უნდა მიგეღოთ, ახლა კი დრო დადგა სიღრმეში შეხვიდეთ.

 

უკანასკნელი კითხვა:

რა არის ფილოსოფია?

არ ვიცი და არა მგონია, რომ ვინმე სხვამ იცოდეს. ფილოსოფია  უსარგებლო ვნებაა. მე ვიყენებ ჟან-პოლ სარტრის სიტყვებს. მან თქვა: „ადამიანი - ეს უსარგებლო ვნებაა“. მე ამას არ ვამბობ ადამიანზე, მე ამას ფილოსოფიაზე ვამბობ.

თქვენ მეკითხებით: „რა არის ფილოსოფია?“ ჯერ არავის მიუცია მისთვის მკაფიო განსაზღვრება. იგი ბუნდოვანი რჩება. ისე არაა, რომ თითქოს არავის ეცადოს მისი განსაზღვრა . მილიონობით განსაზღვრება არსებობს , მაგრამ არ არსებობს ერთიანი განსაზღვრება. ყოველი ფილოსოფოსი თავის განსაზღვრებას იძლევა, მეორე კი ეწინააღმდეგება მას. ეს თამაშია, ეს გიმნასტიკაა გონებისთვის, ეს ვარჯიშია ლოგიკისთვის. იგი ჭადრაკს ჰგავს :  ძალიან ინტელექტუალური თამაშია, ძალიან წარმტაცი, მაგრამ უაზრო.  იგი სრულიად უაზროა. ეს თამაში თაობიდან თაობამდე გრძელდება. თანდათანობით ამ თამაშისგან იშვა ორი მოვლენა - მეცნიერება და რელიგია.

მეცნიერება ობიექტურია, რელიგია სუბიექტური. მეცნიერება ექსპერიმენტზეა დაფუძნებული, რელიგია კი  განცდაზე. ფილოსოფია  არც ერთია და არც მეორე, ის სადღაც მათ შორისაა. და თანდათანობით გაქრობას იწყებს, რადგანაც ყველაფერ ობიექტურს თანდათან მეცნიერება იფარებს თავისი კალთის ქვეშ, ხოლო ყველაფერი სუბიექტური უკვე შეეფარა რელიგიის კალთას. ფილოსოფიას არაფერი დარჩა. ამიტომ თანამედროვე ფილოსოფია მხოლოდ ენს განიხილავს - იგი ენის ანალიზითაა დაკავებული.

ფილოსოფოსები ყველაზე აბსურდულ კითხვებს სვამენ, რადგანაც მათ არ დარჩათ არანაირი მნიშვნელოვანი კითხვა, ამ კითხვებით უკვე დაკავებულია ან მეცნიერება, ან რელიგია. ფილოსოფია უფრო და უფრო ცარიელი ხდება. მას საკუთარი კითხვების პოვნაც კი არ შეუძლია, ამიტომ მეცნიერებისგან იღებს კითხვებს და მსჯელობს მათზე. ყველა მისი კითხვა ნასესხებია. ფილოსოფია მომაკვდავი მოვლენაა. გასაკვირი არ იქნება, თუ ერთ მშვენიერ დღეს შეიტყობთ, რომ ფილოსოფია მოკვდა. ის სასიკვდილო სარეცელზე წევს. შედით ნებისმიერ უნივერსიტეტში და დარწმუნდებოთ, რომ ფილოსოფია სასიკვდილო სარეცელზე წევს.

მაგრამ რატომ სვამ ასეთ კითხვას? ამის გაგება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია.

მე აქ არ ვასწავლი ფილოსოფიას. ის, რასაც მე ვამბობ, არანაირად არ უკავშირდება ფილოსოფიას. ის, რასაც მე ვამბობ, დაკავშირებულია მხოლოდ ექსპერიმენტთან და განცდასთან. მთელი ჩემი ძალისხმევა მიმართულია იმაზე, რომ შევქმნა მეცნიერული რელიგია - ბუდების ფსიქოლოგია. ამიტომაც გთავაზობთ ექსპერიმენტებს და იმის განცდის შესაძლებლობას, რაც აქამდე არასოდეს განგიცდიათ. ეს ლაბორატორიაა, ეს სახელოსნოა. ჩვენ მიმართულნი ვართ რაღაცის კეთებისკენ ,  აქ ყველაფერი სერიოზულადაა!  ჩვენ არ გვაინტერესებს ფილოსოფია .

მე ძალიან ანტი-ფილოსოფიური ვარ, და მე თავს ვარიდებ ფილოსოფიას, რადგანაც ეს ჩრდილებთან, აზრებთან, კონცეფციებთან თამაშია.  ეს თამაში შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს, გულისრევამდე - მას შეიძლება ბოლო არ ჰქონდეს. ერთი სიტყვა ჰბადებს მეორე სიტყვას, ერთი თეორია ჰბადებს მეორე თეორიას და ასე უსასრულობამდე. ხუთი ათასი წლის განმავლობაში მრავალი ფილოსოფია არსებობდა, თან  ყველანაირი სარგებლის გარეშე.

 არიან ფილოსოფიისკენ მიდრეკილი ადამიანები. თუ შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ, გთხოვ,  უარი თქვი ამაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შენ და შენი ენერგია უდაბნოში განქარდებით.

მე მოგიყვებით ფილოსოფიის ოთხ სტადიაზე ოთხი ისტორიის მეშვეობით. ფილოსოფიის პირველი სტადია, პირველი ისტორია...

ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ისტორიაა  იმის შესახებ, თუ როგორ სრიალებდნენ გოგო და ბიჭი ციგით. ეს ისტორია ახალ ინგლისში მოხდა, სადაც ცივ ზამთარში ძალიან უყვართ ციგით სრიალი. ერთ კვირა საღამოს, ისინი თავიანთ თბილ გადასაფარებელში შეფუთნულები სრიალებდნენ, როცა უცებ გოგო ბიჭთან მიჩოჩდა და უთხრა:

- ჯონი, გავიყინე.

ჯონიმ ზემოდან გადმოხედა და უთხრა:

- ჯეინ, მეც გავიყინე. ზემოთ წამოწიე გადასაფარებელი.

ჯეინმა წამოწია გადასაფარებელი, მაგრამ მალე კიდევ უფრო მიეკრა ჯონის და კვლავ უთხრა:

- ხელები სულ გაყინული მაქვს.

მას ყურადღება არ მიუქცევია, მაშინ გოგომ იდაყვი გაუხახუნა და ჰკითხა:

_ჯონი, გაიგე რა გითხარი? სულ მთლად გამეყინა ხელები... და საერთოდაც, არავის ვუყვარვარ.

ამჯერად ბიჭმა მზერა აღირსა:

- ჯეინ, გახსოვდეს, რომ ღმერთს უყვარხარ, ხელები კი ყოველთვის შეგიძლია გაითბო, თუ მათზე დაჯდები.

ეს ფილოსოფოსობის პირველი სტადიაა. მეორე სტადია, მეორე ისტორია...

ფილოსოფოსების ჯგუფი ყოველ წელს იკრიბებოდა, რომ თალმუდი შეესწავლათ. ჯგუფის ერთ-ერთ წევრს მანკიერი ჩვევა ჰქონდა, რომ შეკრების დროს ბრენდი ეწრუპა. ერთხელ ჩვეულებრივზე მეტი დალია და ბოლოს დათვრა. მისმა კოლეგებმა გადაწყვიტეს გაკვეთილი ჩაეტარებინათ მისთვის. სანამ მთვრალ სტუპორში იყო, სასაფლაოზე წაიყვანეს და საფლავებს შორის დატოვეს.

როცა ფილოსოფოსმა გაიღვიძა და მიიხედ-მოიხედა, შიშმა შეიპყრო. შემდეგ მსჯელობა დაიწყო: „ცოცხალი ვარ თუ მკვდარი? თუ ცოცხალი ვარ, რას ვაკეთებ სასაფლაოზე, ამ საფლავებს შორის? ხოლო თუ მკვდარი ვარ, რატომ მინდა სასწრაფოდ მივაღწიო ტუალეტს?“

ეს ფილოსოფოსობის მეორე სტადიაა. ახლა მესამე სტადია, მესამე ისტორია...

პროფესორი შტეინბერგი ოცი წლის განმავლობაში ყოველთვის ერთი და იმავე რესტორანში სადილობდა. ყოველ შუადღეს , იგი გამოდიოდა ოფისიდან, შედიოდა რესტორანში და უკვეთავდა ქათმის ბულიონს - არასოდეს არანაირი ცვლილება.

მაგრამ ერთხელ, მიიღო რა ბულიონი, პროფესორმა  ოფიციანტი მოიხმო.

-დიახ, პროფესორო - გამოცხდდა  ოფიციანტი.

- ოფიციანტო, გთხოვთ, გასინჯეთ ბულიონი.

- რას გულისხმობთ  ბულიონის გასინჯვაში? ოცი წლის განმავლობაში ყოველდღე ამ ბულიონს მიირთმევთ, ასე არაა? ნუთუ რამე შეიცვალა?

მაგრამ პროფესორმა ყურადღება არ მიაქცია   ოფიციანტის სიტყვებს.

- გთხოვთ, გასინჯეთ ბულიონი, - გაიმეორა მან.

- პროფესორო, რა დაგემართათ? მე მშვენივრად ვიცი, როგორი გემო აქვს მას.

- გასინჯეთ ბულიონი, - დაიჟინა პროფესორმა.

- კარგი, კარგი, გავსინჯავ.  სადაა კოვზი?

- აჰა! - წამოიძახა პროფესორმა.

ეს მესამე სტადიაა. და ბოლოს, მეოთხე სტადია, მეოთხე ისტორია...

ერთმა ქალმა ფილოსოფოს-ფსიქონალიტიკოსს მიმართა საკუთარი ავადმყოფობის სამკურნალოდ: მას ეჩვენებოდა, რომ მთლლიანად ბუმბულით იყო დაფარული. რამდენიმე სესიის შემდეგ ფილოსოფოსმა უთხრა:

- რა გაეწყობა, ვფიქრობ, ჩვენი საუბრებისა და ანალიზის წყალობით თქვენი პრობლემის ფესვებს მივაგენით და ახლა ის მოგვარებულია. როგორ ფიქრობთ, მისის სმიტ?

- დიახ, ექიმო, - უპასუხა მისის სმიტმა. - სესიები უბრალოდ შესანიშნავი იყო, და მე გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს. ერთადერთი, რაც მაღელვებს, - დაამატა მან, - ისაა, ბოლოს და ბოლოს, თუ რა ვუყო  ამ ბუმბულს?

ხელი მხართან მიიტანა და ისეთი მოძრაობების კეთება დაიწყო, თითქოს „საკუთარ ფრთებს“ ეფერებოდა. უეცრად ფილოსოფოსი განზე გადახტა:

- შეჩერდით, მისის სმიტ! ჩემზე რატომ იფხანთ?

აი მეოთხე სტადია: თანდათან ფილოსოფია სიგიჟედ იქცევა, იგი ნევროზს ჰბადებს თქვენში, რადგანაც ფილოსოფია გონების საქმიანობაა. მეცნიერება დაკავებულია მატერიით, რელიგია დაკავებულია სულით, ფილოსოფიას კი მხოლოდ გონება დარჩა. გონება კი პოტენციური სიგიჟეა. თუ თანდათანობით გონებაში იძირებით, თანდათანობით ჭკუიდან გადადიხართ. ნორმალური ფილოსოფოსი ძალიან დიდი იშვიათობაა.  და პირიქით: ძნელია გიჟის პოვნა, რომელიც ფილოსოფოსი არ იქნებოდა.

მე აქ არ ვასწავლი ფილოსოფიას, რადგანაც მე ვასწავლი არა-გონებას. და თუ არა-გონებამდე მიხვალთ, გაქრება ნებისმიერი ფილოსოფია: ქრისტიანული, ინდუისტური, მუსულმანური, ბუდისტური; გაქრება ნებისმიერი ფილოსოფია : ჰეგელის, კანტის თუ სხვა. თუ გონება ქრება, ფილოსოფია სადღა იარსებებს სად შეძლებს იგი გაზრდას? გონება ის ნიადაგია, რომელზეც ფილოსოფია იზრდება.

ნება მიეცით გონებას რომ  გაქრეს. მშვენიერია, როცა გონება ქრება, და აღარავინაა, ვინც შეძლებს ფილოსოფოსობას, და არაფერია, რაზეც შეიძლება ფილოსოფოსობა, თქვენ უბრალოდ იცით. ფილოსოფია ბრმა ადამიანის ძალისხმევაა. ამბობენ, რომ ფილოსოფიაა,  როდესაც  ბრმა ადამიანი ბნელ ღამეში და  ბნელ ოთახში ეძებს შავ კატას ,რომელიც იქ საერთოდ არაა...

დღეისათვის საკმარისია.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff