ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო

ოშო
4.5
1

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მას არ სჭირდება ძებნა, მას უბრალოდ ხელახლა აღმოჩენა სჭირდება. ვეძებოთ იგი სადღაც გარეთ - ეს საიმედო გზაა მისი ხელიდან გ...

თავი 13 - მგრძნობიარე გული

 

თავი 13

მგრძნობიარე გული

ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა:

გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს გაწონასწორებულ მდგომარეობაში და წარმატების მოლოდინის გარეშე; მაშინ წარმატება თავისით მოვა. განთავისუფლების პირველ ეტაპზე შესაძლებელია ძირითადად ორი შეცდომა - სიზარმაცე და ყურადღების გაფანტულობა. მაგრამ მათი გამოსწორება შეიძლება; გული ბოლომდე არ უნდა ჩაიძიროს სუნთქვაში. სუნთქვა გულიდან მოდის. ის, რაც გულიდან მოდის, სუნთქვაა. როცა გული მოძრაობს, იქმნება სუნთქვის ენერგია. სუნთქვის თავდაპირველი ენერგია - ეს გულის მოქმედების სახეცვლილებაა. როცა ჩვენი აზრები ძალიან სწრაფად მოძრაობენ, ისინი შეუმჩნევლად იქცევიან ფანტაზიებად, რომლებსაც ყოველთვის თან ახლავს ჰაერის ჩასუნთქვა, რადგანაც შინაგანი და გარეგანი სუნთქვა დაკავშირებულია ერთმანეთთან ისევე, როგორც ხმა და ექო. დღის განმავლობაში უამრავ ჩასუნთქვას ვაკეთებთ და ფანტაზიების იგივე რაოდენობა გვაქვს. ამის გამო სულის სინათლე იმის მსგავსად სუსტდება, როგორც ხმება ხე და  ქვრება ნახშირი.

მაშინ, უნდა შეიკავოს თუ არა პრაქტიკოსმა გონებაში ფანტაზიები? ფანტაზიების შეკავება შეუძლებელია. უნდა შეიკავოს თუ არა სუნთქვა? სუნთქვის გარეშე შეუძლებელია.  უმჯობესია  ავადმყოფობა წამლად ვაქციოთ. რადგანაც გული და სუნთქვა ურთიერთდაკავშირებულია, სინათლის წრეზე მოძრაობა სუნთქვის რიტმთან უნდა გაერთიანდეს. ამისთვის ყველაზე მეტად  ყურის სინათლეა საჭირო. არსებობს თვალის სინათლე და ყურის სინათლე. თვალის სინათლე - ესაა მზისა და მთვარის გაერთიანებული სინათლე გარეთ. ყურის სინათლე - ესაა მზისა და მთვარის გაერთიანებული თესლი შიგნით. ამგვარად, ეს თესლი  კრისტალიზებული სახის სინათლეა. ერთსაც და მეორესაც ერთი წარმომავლობა გააჩნიათ; განსხვავება მხოლოდ სახელებშია. ამიტომ გაგება (ყური) და სიცხადე (თვალი) ერთი და იგივე საჭირო სინათლეა.

როცა პრაქტიკოსი ჯდება და ქუთუთოებს ხრის, ის ფარდად იყენებს თვალებს, შემდეგ კი ქვემოთ გადააქვს სინათლე. მაგრამ თუ ქვემოთ გადანაცვლება არ იყო წარმატებული, მაშინ გული მიდრეკილია იმისკენ, რომ სუნთქვას მოუსმინოს. პრაქტიკოსმა ყურით არ უნდა უსმინოს ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას. უფრო ზუსტად, მან არ უნდა უსმინოს სუნთქვის არანაირ ტონს. თუ რაიმე ტონი ისმის, ესე იგი სუნთქვა უხეში და ზედაპირულია და ვერ აღწევს ღია სივრცეს. მაშინ გული უნდა გავხადოთ საკმარისად მსუბუქი და უმნიშვნელო. რაც უფრო მეტად თავისუფლდება იგი, მით უფრო მცირე ხდება, რაც უფრო მცირე ხდება, მით უფრო მშვიდდება. და უეცრად ისეთი წყნარი ხდება, რომ ჩერდება. მაშინ ვლინდება ჭეშმარიტი სუნთქვა, და გულის ფორმა ცნობიერებაში მოდის. თუ გული მსუბუქია, სუნთქვაც მსუბუქია, რადგანაც გულის ყოველი მოძრაობა ზემოქმედებას ახდენს სუნთქვის ენერგიაზე. თუ სუნთქვა მსუბუქია, გულიც მსუბუქია, რადგანაც სუნთქვის ენერგიის ყოველი მოძრაობა გულზე ახდენს ზემოქმედებას. იმისთვის, რომ გული დავამშვიდოთ, უნდა ვიზრუნოთ სუნთქვის ენერგიაზე. გულზე პირდაპირ ზემოქმედება შეუძლებელია. ამიტომ სუნთქვის ენერგია გამოიყენება, როგორც ბერკეტი. ამას ეწოდება სუნთქვის სტაბილური ენერგიის შენარჩუნება.

ბავშვებო, ნუთუ არ გესმით მოძრაობის ბუნება? მოძრაობის გამოწვევა გარეგნული საშუალებებითაა შესაძლებელი. ეს ოსტატობის მეორე დასახელებაა. გულს შეგიძლიათ აიძულოთ მოძრაობა, თუკი უბრალოდ გაიქცევით. მაშ, ნუთუ არ შეიძლება მისი დაწყნარება სიმშვიდეზე კონცენტრაციით? დიდმა წმინდანებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ გული და სუნთქვის ენერგია ურთიერთკავშირშია, მოიგონეს იოლი მეთოდი შთამომავლობის დასახმარებლად.

„კრუხს შეუძლია წიწილების გამოჩეკვა, რადგანაც მის გულს ყოველთვის ესმის“. ეს მნიშვნელოვანი მაგიური შელოცვაა. კრუხი წიწილებს სითბოს ენერგიის მეშვეობით ზრდის. მაგრამ სითბოს ენერგიას შეუძლია მხოლოდ გარსი გაათბოს, მას არ შეუძლია შიგნით შეღწევა. ამიტომ ის თავის ენერგიას შიგნით თავისი გულიდან აგზავნის. ამას სმენის მეშეობით აკეთებს. ამგვარად, იგი მთელი თავისი გულის კონცენტრაციას ახდენს. როცა გული აღწევს, ენერგიაც აღწევს, წიწილა სითბოს ენერგიას იღებს  და სიცოცხლეს იწყებს. ამიტომ, მაშინაც კი, თუ კრუხი ზოგჯერ ტოვებს კვერცხებს, ის ყოველთვის მოსმენის მდგომარეობაში იმყოფება. მაშინ სულის კონცენტრაცია არ წყდება. და რადგანაც ის არ წყდება არც დღისით და არც ღამით. ასევე არ წყდება სითბოს ენერგიის დინება, და სული ცოცხლდება. ხდება სულის გამოღვიძება, რამეთუ თავდაპირველად გული მოკვდა. როცა პრაქტიკოსი ნებას აძლევს თავის გულს, რომ მოკვდეს, თავდაპირველი სული ცოცხლდება. გულის მოკვლა  არ ნიშნავს  რომ გახმობის და დაჭკნობის საშუალება მივცეთ მას; ეს ნიშნავს  რომ ის განუყოფელი უნდა გახდეს და ერთ მთლიანობად უნდა შეიკრას.

 ისტორია...

ძენის ოსტატ დოგოს ჰყავდა მოსწავლე , სახელად სოშინი. როცა სოშინი დოგოს მოსწავლე გახდა, ის  , ბუნებრივია, ელოდა, რომ ოსტატი ზუსტად ისევე ასწავლიდა ძენს, როგორც სკოლის მასწავლებელი ასწავლის ბავშვებს. მაგრამ დოგო არაფერ განსაკუთრებულს არ ეუბნებოდა და არც რაიმე განზრახვას ავლენდა, რომ რაღაც უჩვეულო ეთქვა მისთვის. როცა სოშინმა უკვე ვეღარ აიტანა ეს, მან დაადანაშაულა ოსტატი იმაში, რომ იგი ძენს არ ასწავლიდა მას.

- კი, მაგრამ მე ხომ შენი აქ მოსვლის პირველივე დღიდან გაძლევ გაკვეთილებს - თქვა დოგომ.

- მართლა? - ჰკითხა სოშიმ. - როდის ხდება ხოლმე ეს?

- როცა დილის ჩაი მოგაქვს ჩემთვის, - თქვა დოგომ, - მე ვღებულობ მას, როცა სადილი მოგაქვს, მე ვჭამ მას. როცა ჩემს წინაშე ქედს იხრი, მე ამას ვაღიარებ. სხვანაირად როგორ გინდა ძენის შესწავლა?

დაოს გაზიარებაა შესაძლებელი, მაგრამ არა გაყოფა. დაოს ჩვენებაა შესაძლებელი, მაგრამ არა გამოთქმა.

ოსტატი ცხოვრობს დაოში. მოსწავლემ უნდა შეისრუტოს მისი სული. ეს არაა სწავლება, ეს ვერ იქნება სწავლება .  ყველა სწავლება ზედაპირულია. დაო უფრო ღრმაა, ვიდრე სწავლება. ეს ენერგიის გადაცემაა. ეს გულიდან გულზე, სულიდან სულზე, სხეულიდან სხეულზე გადაცემაა. იგი ვერ იქნება ვერბალური. მოსწავლე უნდა ხედავდეს, აკვირდებოდეს, იჭერდეს, გრძნობდეს, უყვარდეს ენერგია, რომელიც ოსტატში ვლინდება. მაშინ, თანდათანობით, უბრალოდ ოსტატის გვერდზე ჯდომით, მოსწავლე მრავალ საიდუმლოს შეიცნობს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არასოდეს გამოთქმულა.

ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო იმაშია, რომ ოსტატის გვერდზე ჯდომისას მოსწავლე ზუსტად ისევე იწყებს სუნთქვას, როგორც ოსტატი.  სინქრონულობა ჩნდება , და ამ სინქრონულობაში ისინი ერთმანეთს ხვდებიან. იგივე ემართებათ შეყვარებულებსაც. თუ ღრმად გიყვართ ვიღაც, გაკვირვებული აღმოაჩენთ, რომ როცა მის გვერდით ზიხართ, უეცრად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, წინასწარი განზრახვის გარეშე, ერთ რიტმში იწყებთ სუნთქვას. როცა თქვენი შეყვარებული ამოისუნთქავს, თქვენც ამოსუნთქვას აკეთებთ, ხოლო როცა ჩაისუნთქავს, თქვენც ჩაისუნთქავთ. და მაშინ უეცრად, დაკავშირებულები ხდებით ერთმანეთთან.

სუნთქვას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. სწორედ სუნთქვის მეშვეობითაა დედა შვილთან დაკავშირებული. მაშინაც კი, თუ ბავშვს დედისგან ათასობით მილით აშორებენ, დედა მყისიერად გრძნობს გულით, თუ ბავშვი საფრთხეშია. მათი სუნთქვა იმდენად ძლიერაა ურთიერთდაკავშირებული, -რომ ისინი ერთნაირად სუნთქავენ. ამის ახსნა ძალიან მარტივია. ორსულობის დროს ბავშვი დედის მეშვეობით სუნთქავდა ცხრა თვის განმავლობაში. მას საკუთარი სუნთქვა არ ჰქონდა. იყო მხოლოდ დედის სუნთქვა, და ის უბრალოდ იღებდა მას. დედა სუნთქავდა ბავშვისთვის, მის მაგივრად; ცხრა თვის განმავლობაში ისინი ღრმა სინქრონულობაში იყვნენ. ეს დაბადების შემდეგაც გრძელდება. და თუ ნამდვილი სიყვარულია, ეს შეიძლება მთელი ამ ცხოვრების განმავლობაშიც გაგრძელდეს.

დღესდღეობით ამის მეცნიერული დადასტურებაც არსებობს. უკანასკნელ დროში ამერიკაში, რუსეთსა  და სხვა ქვეყნებში მრავალი ექსპერიმენტი ჩატარდა ცხოველებსა და ფრინველებზე. დედას შვილს ართმევდნენ და კლავდნენ, შემდეგ კი სხვა და სხვა რთული მოწყობილობებით აკვირდებოდნენ. ზუსტად იმ მომენტში, როცა ბარტყს ან ლეკვს კლავდნენ, ( შესაძლოა ის ათასი მილის მანძილზეც კი ყოფილიყო დედისგან)   დედის სუნთქვა მყისიერად იცვლებოდა - მყისიერად, ზუსტად იმავე მომენტში. მისი სუნთქვა წყდებოდა, იგი კანკალს იწყებდა. იგი პანიკას და ტკივილს გრძნობდა  ყოველგვარი ცხადი მიზეზის გარეშე. ეს ინტუიციის დონეზე ხდებოდა, დედასა და შვილს შორის რაიმე შუამავლობის გარეშე. ვიზუალურად ისინი არაფრით არ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან, მაგრამ არსებობს უხილავი ძაფებიც.

მოსწავლემ ის კი არ უნდა ისწავლოს, რასაც მასწავლებელი ამბობს, არამედ ის, რასაც მასწავლებელი წარმოადგენს. სწორედ ამას გულისხმობს დოგო, როცა ამბობს: „კი, მაგრამ მე ხომ შენი აქ მოსვლის პირველივე დღიდან გაძლევ გაკვეთილებს. როცა დილის ჩაი მოგაქვს ჩემთვის, მე ვღებულობ მას. ნუთუ არ დაკვირვებიხარ - თუ როგორ ვღებულობ მას? ნუთუ ვერ გრძნობდი ღრმა ჰარმონიას ჩემთან, როცა შენგან ჩაის ვიღებდი? როცა სადილი მოგაქვს, მე ვჭამ მას. როცა ქედს იხრი ჩემს წინაშე, მე ვაღიარებ ამას. სხვანაირად როგორ შეგიძლია ძენის სწავლა?“

ოსტატი ამბობს: დააკვირდი ჩემს ჟესტებს, დააკვირდი იმას, თუ როგორ დავდივარ, როგორ ვზივარ,  ვსუნთქავ; დააკვირდი, როგორ ვზივარ შენს გვერდით, როგორ გიყურებ, როგორ გეხმიანები ათას ერთი მეთოდით. ნუ ელოდები რაიმე დოქტრინას; ოსტატის თანმყოფობაა ერთადერთი დოქტრინა. ნამდვილი სწავლება სულაც არაა სწავლება, ეს ენერგიის გადაცემაა, სიტყვებს მიღმა გადაცემა, წერილებს მიღმა გადაცემა. და ეს გადაცემა სუნთქვის ჰარმონიით ხდება.

მეც მინდა გითხრათ, რომ არაფერი მაქვს, რომ შემოგთავაზოთ სწავლების, დოქტრინის, ფილოსოფიის, რელიგიის სახით. მე არაფრის სწავლება არ შემიძლია. მე ბევრი რამ მაქვს, რისი გაზიარებაც მინდა, მაგრამ არაფერი მაქვს, რომ გასწავლოთ, - ან, უფრო ზუსტად, მხოლოდ არაფერი მაქვს სწავლების სახით! მაგრამ იმისთვის, რომ იგრძნოთ ეს არაფერი, რომლის გადმოცემაც მე მინდა, თქვენ ერთ ტალღაზე უნდა გადმოეწყოთ ჩემთან. და ამას ხელს უშლიან მცირე საგნებიც, ყველაზე მცირე მოვლენებიც. თქვენ თანდათანობით უნდა გააცნობიეროთ, რა საგნებია ეს.

საღამოს დარშანებზე მე ხანდახან ვიძახებ რამდენიმე სანიასს, რომ ვინმესადმი ენერგიის გადაცემაში დამეხმარონ. ამისთვის არაერთხელ გამომიძახებია პრადიპა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მას ვიძახებდი, შედეგად გულისრევას ვგრძნობდი. მე გაოცებული ვიყავი. რა ხდება? ის შესანიშნავი ქალია, ჩემდამი დიდი სიყვარულით. სწორედ ამიტომ ვთხოვდი დახმარებას. მაგრამ ეს ყოველ ჯერზე ხდებოდა. ბოლოს გულისრევა იმდენად ძლიერად ვიგრძენი, რომ მომიწია დავკვირვებოდი ამას, გამერკვია, რაში იყო საქმე. და გავერკვიე. როგორც ჩანს ის არავეგეტარიანულ საკვებს მიირთმევდა :  ხორცს, კვერცხს და სხვა პროდუქტებს. ეს მის სუნთქვას ამახინჯებს და მთელ მის შინაგან ჰარმონიას არღვევს. სწორედ ამიტომ არ შეუძლია ჩემთან ერთ ტალღაზე გადმოწყობა. და რადგანაც არ შეუძლია, ეს ხარვეზებს ქმნის. მას მე ვუყვარვარ, მაგრამ ეს სიყვარული ჯერ კიდევ გაუცნობიერებელია. თუ ის უფრო გაცნობიერებული გახდება, დაინახავს ამას; ის დაინახავს, რომ ჩემთან ყოფნა  საკუთარ თავში მრავალი რამის შეცვლას ნიშნავს.

იმისთვის, რომ ჩემთან იყო და სიღრმეში  შეხვიდე, იმისთვის, რომ გულიდან გულზე იყოს კონტაქტი, აუცილებელია მიატოვო მთელი უსარგებლო ტვირთი. არამედიტატიური ადამიანისთვის არაა აუცილებელი ვეგეტარიანელობა; მედიტატორისთვის არავეგეტარიანული ჩვევები არასაჭირო ხარვეზებს ქმნიან. ისინი ანგრევენ თქვენს სირბილეს და  გარკვეულ სიუხეშეს ქმნიან თქვენში. შესაძლოა ამას საერთოდ ვერ აცნობიერებთ, რადგანაც საერთოდ ვერაფერს აცნობიერებთ, მაგრამ როცა ჩემთან მოდიხართ, მე უბრალოდ სარკე ვხდები თქვენთვის.

პრადიპა, როგორც ჩანს,  დიდ ღებინების შეგრძნებას იგროვებს თავის არსში. როგორც ჩანს შეეჩვია ამას, ამიტომაც ვერ აცნობიერებს. მაგრამ მე რამდენჯერმე ვიგრძენი გულისრევა: როცა თქვენ ენერგეტიკულად ურთიერთქმედებთ ჩემთან, ეს არაა ცალმხრივი პროცესი,  ჩემი ენერგია თქვენსკენ მოედინება, თქვენი კი ჩემსკენ. ეს ვერ იქნება ცალმხრივი პროცესი. იქმნება წრე, ხდება ენერგიის წრეზე მოძრაობა. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია და ეს არ ეხება მხოლოდ პრადიპას, ეს თქვენ ყველას გეხებათ.

თუ გსურთ, რომ უფრო ღრმა ჰარმონიაში იყოთ ჩემთან, თუ გსურთ, რომ გაიზიაროთ დაო, რომელიც მე დამემართა, მოგიწევთ, რომ უფრო გაცნობიერებული და დაკვირვებული იმასთან მიმართებაში, თუ რას აკეთებთ, რას ჭამთ, რას კითხულობთ, რას უსმენთ, სად დადიხართ, ვისთან გაქვთ ურთიერთობა. ეს ტოტალური ძალიხმევა უნდა გახდეს. თქვენი გაცნობიერება სადღეღამისო უნდა იყოს, რადგანაც ყველა ეს მცირე საგანი ერთიანდება და უზარმაზარ ზეგავლენას ახდენს.

თუ ვინმესთან იჩხუბეთ, თუ ვინმეზე ბრაზობთ, შემდეგ კი ჩემთან მოდიხართ, ბუნებრივია, რომ შორს იქნებით ჩემგან. სწორედ ამიტომ ამბობს იესო, რომ თუკი სალოცავად მიდიხართ ტაძარში და გახსენდებათ, რომ ვიღაცას აწყენინეთ, შეურაცხყოფა მიაყენეთ, ვიღაცაზე გაბრაზებული ხართ, ან თავად გააბრაზეთ ვინმე, მაშინ ჯერ წადით და პატიება სთხოვეთ, და მხოლოდ ამის შემდეგ ილოცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებთ ღმერთთან ურთიერთობას. ჯერ პატიება ითხოვეთ. ჯერ განიწმინდეთ.

მე მსმენია...

როცა მიქელანჯელო სიქსტის კაპელაზე მუშაობდა, იგი იესოს პორტრეტს ხატავდა. ნახატი თითქმის დასრულებული იყო,  მხოლოდ უკანასკნელი შტრიხები რჩებოდა. მაგრამ  უკანასკნელი შტრიხები ძალიან რთული აღმოჩნდა მისთვის. იესო არც თუ ისე ჰგავდა იესოს, რაღაც აკლდა მის სახეს : სირბილე, ქალურობა, სიყვარული. მიქელანჯელო რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა ნახატის დასრულებას, შემდეგ კი გაახსენდა, რომ რამდენიმე დღის წინ მეგობართან იკამათა და ამას საკუთარ თავში ატარებდა. დაგაახსენდა იესოს გამოთქმა, რომ თუ სალოცავად მიდიხართ და რაიმე გრძნობა გამძიმებთ მეგობართან ან ძმასთან მიმართებაში, მაშინ ჯერ წადით და პატიება ითხოვეთ.

იგი გამოვარდა კაპელადან, იპოვა თავისი მეგობარი, პატიება სთხოვა მას და თავისი ისტორია მოუყვა: „მე უკვე რამდენიმე დღეა ვმუშაობ, მაგრამ იესოს სახე ვერაფრით ვერ ხდება ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ის განრისხებული მეჩვენება“, - რადგანაც მხატვარი თვითონ იყო განრისხებული. თუ თქვენ გაბრაზებული ან ნაწყენი ხართ და ნახატის დახატვას ცდილობთ, მხატვარი თქვენ იქნებით და სურათი თქვენი ამსახველი იქნება. იმ დღეს, როცა მიქელანჯელომ პატიება ითხოვა და მიიღო კიდეც პატიება, სამუშაოდ სრულიად სხვა განწყობით დაჯდა. და რამდენიმე წუთიანი მუშაობის შემდეგ ნახატი დასრულებულ იქნა. და ეს იესოს ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი გამოსახულებაა. სულ რაღაც რამდენიმე შტრიხი  და ნახატი გაცოცხლდა, იესო გამოვლინდა, რადგანაც ახლა უკვე მიქელანჯელოს გული ჰარმონიაში იყო მასთან.

დაოს გაზიარებაა შესაძლებელი. მაგრამ მაშინ თქვენ უნდა ისწავლოთ, როგორ გაიზიაროთ იგი ოსტატთან  და ძალიან დაკვირვებული უნდა იყოთ მრავალი მოვლენის მიმართ. ერთი მხრივ  ეს  მარტივია, მეორე მხრივ - რთული. მარტივი იმიტომ, რომ თუ თქვენ მართლაც გახსნილი ხართ ჰარმონიაში, ეს შესაძლოა ერთ მომენტში მოხდეს; რთული იმიტომ, რომ თქვენ მოგიწევთ იმ ჩვევების შეცვლა, რომლებსაც საეროდ ვერ აცნობიერებთ. მოგიწევთ შეცვალოთ მთელი თქვენი ცხოვრება.

სწორედ ამიტომ ვამბობ: არაფერი მაქვს  რომ სწავლების სახით შემოგთავაზოთ. მე მაქვს გარკვეული ენერგია, რომელიც შემიძლია გაგიზიაროთ და  გიბიძგოთ. მე არ გთავაზობთ ფილოსოფიურ სისტემას ან თეოლოგიას. მე საკუთარ თავს გთავაზობთ. ეს გამოწვევაა. ჩემი ძალისხმევა თქვენი გამოღვიძებაა. თქვენ გახსნილი უნდა იყოთ, ერთ ტალღაზე უნდა იყოთ ჩემთან, სხვა და სხვა საკითხებს უნდა დააკვირდეთ საკუთარ ცხოვრებაში. და სუნთქვა  ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. თქვენ უნდა ისწავლოთ სუნთქვა სატსანგზე, სუნთქვა ოსტატის თანდასწრებით, სუნთქვა, როცა შეყვარებული ხართ.

სუნთქვა გამუდმებით იცვლება თქვენი ემოციების შესაბამისად. როცა ბრზადებით, არარიტმული, ასიმეტრიული სუნთქვა გაქვთ; როცა ვნებას განიცდით, თქვენი სუნთქვა თითქმის გიჟური ხდება. როცა მშვიდი და გახარებული ხართ, თქვენს სუნთქვას მუსიკის თვისება უჩნდება, თქვენი სუნთქვა სიმღერას ემსგავსება. როცა თავს სახლში გრძნობთ ამ სამყაროში, როცა სურვილები აღარ გაქვთ და დაკმაყოფილებული ხართ, უეცრად სუნთქვა თითქმის ჩერდება. როცა სიხარულის, აღტაცების მდგომარეობაში იმყოფებით, სუნთქვა წამიერად ჩერდება. და ეს ცხოვრების საუკეთესო მომენტებია, რადგანაც მხოლოდ იმ  მომენტებში, როცა სუნთქვა თითქმის ჩერდება, თქვენ იმყოფებით სრულ ჰარმონიაში ყოფიერებასთან: თქვენ ღმერთში ხართ, ღმერთი კი თქვენშია.

თქვენი სუნთქვის შეგრძნება უფრო ღრმა უნდა გახდეს; დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ მას, დააკვირდეთ ,  გულდასმით შეისწავლოთ, გააანალიზოთ. დააკვირდით, როგორ იცვლება თქვენი სუნთქვა ემოციის შესაბამისად, და პირიქით, როგორ იცვლება ემოცია სუნთქვის შესაბამისად. მაგალითად, დააკვირდით, როგორ იცვლება სუნთქვა, როცა შიშის გრძნობა გაქვთ, შემდეგ კი ერთხელ შეეცადეთ ისე ისუნთქოთ, თითქოს შეშინებული ხართ. და თქვენ გაოცდებით: თუ ზუსტად ისევე ისუნთქებთ, თითქოს შეშინებული იყოთ, მაშინვე შიშს იგრძნობთ. დააკვირდით სუნთქვას, როცა ღრმა სიყვარულს გრძნობთ ვინმესადმი. დააკვირდით სუნთქვას, როდესაც ხელი ხელზე გაქვთ ჩაჭიდებული შეყვარებულთან, ან ეხვევით მას. ერთხელ კი, ხის ქვეშ, სიჩუმეში მჯდარმა სცადეთ ზუსტად ასევე სუნთქვა. ისუნთქეთ ზუსტად იმავე რიტმში, მიჰყევით იმავე გეშტალტს, ისუნთქეთ ზუსტად ისევე, თითქოს თქვენს შეყვარებულს ეხვეოდეთ, და თქვენ გაოცდებით , და  მთელი ყოფიერება თქვენი შეყვარებული გახდება, კვლავ იგრძნობთ უზარმაზარ სიყვარულს. სიყვარული და სუნთქვის განსაზღვრული რიტმი განუყოფელია ერთმანეთისგან. სწორედ ამიტომ, იოგაში, ტანტრაში და დაოში - ადამიანის ცნობიერების გაფართოების ყველა ამ უდიდეს მეცნიერებაში  სუნთქვა ყველაზე საკვანძო მოვლენას წარმოადგენს. ისინი  სუნთქვასთან მუშაობენ.

ბუდას მთელი მედიტაციური სისტემა დაფუძნებულია სუნთქვის გარკვეულ ხარისხზე. ის ამბობს: „უბრალოდ დააკვირდით თქვენს სუნთქვას ისე, რომ არაფერი შეცვალოთ. ყველაფრის შეუცვლელად, უბრალოდ დააკვირდით“. თქვენ გაოცდებით - როგორც კი დაიწყებთ დაკვირვებას, იგი შეიცვლება, და შეიცვლება თქვენი მონაწილეობის გარეშე. ბუდა ამბობს: „ისე რომ არ შეცვალოთ, უბრალოდ დააკვირდით სუნთქვას“. მაგრამ როგორც კი დაკვირვებას იწყებთ, ის მაშნვე იცვლება, რადგანაც დაკვირვებას თავისი საკუთარი რიტმი აქვს. სწორედ ამიტომ ამბობს ბუდა: „არაფრის შეცვლა არაა საჭირო, უბრალოდ დააკვირდით“. დაკვირვება სუნთქვის თავისებურ სახეს ქმნის, და ეს თავისთავად ხდება. თქვენ გაგიკვირდებათ: რაც უფრო მეტხანს აკვირდებით, მით უფრო ნაკლებად სუნთქავთ; სუნთქვა უფრო ღრმა და იშვიათი ხდება.

მაგალითად, თუკი წუთის განმავლობაში თექვსმეტ ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას აკეთებდით, ამჯერად ექვსს, ოთხს ან სამს გააკეთებთ. როცა სუნთქვაზე დაკვირვებას იწყებთ, იგი უფრო ღრმა ხდება, უფრო იშვიათი, და უფრო და უფრო ნაკლებ ჩასუნთქვებსა და ამოსუნთქვებს აკეთებთ. მაშინ შეგიძლიათ ამას სხვა მხრიდან მიუდგეთ. ისუნთქეთ ნელა, მშვიდად, გააკეთეთ ღრმა და იშვიათი ჩასუნთქვები და ამოსუნთქვები, და უეცრად იგრძნობთ, რომ თქვენთან გაცნობიერებულობა მოდის. ყოველ ემოციას თავისი სუნთქვის რიტმი აქვს: და ამ ემოციების ჩართვა სუნთქვითაა შესაძლებელი.

ყველაზე უმჯობესია  დააკვირდეთ სუნთქვას მაშინ, როცა სიყვარულს გრძნობთ. როცა შეყვარებულის გვერდით ზიხართ, დააკვირდით სუნთქვას, რადგანაც სიყვარულის სუნთქვითი რიტმი ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი მთელი თქვენი არსების ტრანსფორმაციას ახდენს.

სიყვარულში თქვენ უფრო მეტად გრძნობთ იმ აბსურდულობას, საკუთარი წარმოდგენის იმ სიმცდარეს, რომ განცალკევებული არსება ხართ. და მიუხედავად ამისა, სწორედ ამ განცალკევების წყალობით, აბსურდულობის წყალობით შეგიძლიათ გამოხატოთ ის, რასაც სხვაგვარად ვერ გამოხატავდით. საკუთარი განცალკევებულობის მეშვეობით შეგიძლიათ იზეიმოთ ერთიანობა. ამაშია სიყვარულის პარადოქსი: თქვენ ორნი ხართ, მაგრამ ერთ მთლიანად გრძნობთ თავს; ერთ მთლიანად გრძნობთ და ამავე დროს იცით, რომ ორნი ხართ. ერთიანობა ამავდროულად განცალკევებულობაცაა,  და ამაშია სიყვარულის პარადოქსი. ამაშია ლოცვისა და მედიტაციის პარადოქსიც. ბოლოს და ბოლოს,  თქვენ ისეთივე ერთიანობა უნდა იგრძნოთ მთელს ყოფიერებასთან, როგორსაც იშვიათ და ძვირფას მომენტებში გრძნობთ თქვენს შეყვარებულთან, თქვენს მეგობართან, თქვენს დედასთან, თქვენს შვილთან. სწორედ განცალკევებულობის წყალობით შეგიძლიათ იზეიმოთ ერთიანობა.

ვედებში წერია: ტატ ტვამ ასი, „მე ვარ იგი“. ეს სიყვარულის უდიდესი განსაზღვრებაა: მე ვარ იგი, ან შენ ხარ იგი. ეს ნიშნავს, რომ არსებობს განცალკევებულობის მკაფიო გაგება და ამავე დროს ღრმა ერთიანობა. ტალღა განცალკევებულია ოკეანისგან და ამავე დროს არაა განცალკევებული მისგან.

დაიწყეთ უფრო მეტი დაკვირვება საკუთარ თავზე სიყვარულის მომენტებში. იყავით უფრო ყურადღებით. დააკვირდით, როგორ იცვლება სუნთქვა, როგორ ვიბრირებს თქვენი სხეული. თქვენ გაოცდებით... უბრალოდ თქვენს ქალთან ან მამაკაცთან ჩახუტებისას... სცადეთ ექსპერიმენტი: ერთხელ, უბრალოდ ჩახუტების დროს, ერთმანეთთან შერწყმის დროს, იყავით ამ პროცესში ერთი საათის განმავლობაში, და თქვენ გაოცდებით ,  ეს ერთ-ერთი ყველაზე ფსიქოდელიური განცდა გახდება. დარჩით ამაში ერთი საათის განმავლობაში ისე, რომ არაფერი აკეთოთ, უბრალოდ ჩახუტებულები, შერწყმულები, გაერთიანებულები, და თანდათანობით თქვენი სუნთქვაც შეირწყმება ერთმანეთში. ისე ისუნთქებთ, თითქოს ორი სხეული გაქვთ, მაგრამ ერთი გული.  ერთ რიტმში ისუნთქებთ. როცა ერთ რიტმში სუნთქავთ  არა იმიტომ, რომ რაღაც ძალისხმევას მიმართეთ, არამედ იმიტომ, რომ იმდენ სიყვარულს გრძნობთ, რომ თქვენი სუნთქვა ერთმანეთს ერწყმება, და დგება  ყველაზე ძვირფასი, მნიშვნელოვანი და არაამქვეყნიური მომენტები. და ამ დროს ვლინდება მედიტატიური ენერგიის პირველი გამობრწყინება. ამ მომენტებში  გრამატიკა უკან იხევს, ენა კვდება.

ამის გადმოცემის მცდელობისას ენა კვდება და თავისი სიკვდილით უკანასკნელად მიუთითებს იმაზე, რისი გადმოცემაც შეუძლებელია. სწორედ ასეთი, და უფრო ღრმა დონის უნდა იყოს ურთიერთობა ოსტატთან. მხოლოდ მაშინ შეუძლია დაოს, როგორც ცეცხლის ალს, გადმოვიდეს ოსტატიდან მოსწავლეზე. თქვენ უნდა ისწავლოთ სუნთქვის ხელოვნება.

სუტრები:

ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა:

გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს გაწონასწორებულ მდგომარეობაში და წარმატების მოლოდინის გარეშე; მაშინ წარმატება თავისით მოვა.

უკიდურესად მნიშვნელოვანი გამოთქმა, საკვანძო გამოთქმა:

ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა:

გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს გაწონასწორებულ მდგომარეობაში...

პირველი:  ადამიანი იბადება მხოლოდ მაშინ, როცა მტკიცე და გადამწყვეტი ხდება. სიმტკიცე დამიანის დაბადებას აღნიშნავს. ისინი, ვინც ყოყმანობენ, ჯერ არ გამხდარან ადამიანები. გადაუწყვეტელობის მდგომარეობაში კი მილიონობით ადამიანი ცხოვრობს, მათ არ შეუძლიათ არცერთი გადაწყვეტილების მიღება. ისინი ყოველთვის ვიღაც სხვას ეყრდნობიან, ვიღაც სხვამ უნდა გადაწყვიტოს მათ მაგივრად. სწორედ ამიტომ ეძებენ ადამიანები ავტორიტეტებს.

ავტორიტარულობა დღემდე არსებობს მსოფლიოში იმ ერთადერთი მიზეზით, რომ მილიონობით ადამიანი ვერ წყვეტს საკუთარი თავისთვის. ისინი ყოველთვის ბრძანებას ელოდებიან. როცა ბრძანება მიღებულია, ისინი მისდევენ მათ. მაგრამ ეს მონობაა. ამ სახით ისინი შეუძებელს ხდიან თავიანთი სულის დაბადებას. გადაწყვეტილება შიგნიდან უნდა მოდიოდეს, რადგანაც ამ უნართან ერთად მოდის მთლიანობა. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენ უნდა მიიღოთ გარკვეული გადაწყვეტილება; გადაწყვეტილების მიღება ინდივიდუალურს გაგხდით.

რა ნიშნავს  გადაწყვეტილების უუნარობა? -ეს ნიშნავს  რომ თქვენს შიგნით ბრბოა, მრავალი ხმა, რომელიცერთმანეთს ეწინააღმდეგება, და თქვენ არ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რომელ მხარეს წახვიდეთ. ადამიანები წვრილმანებშიც კი ყოყმანობენ: მათ ვერ გადაუწყვეტიათ, ნახონ ეს ფილმი თუ არა. ყოყმანი თითქმის მათი ცხოვრების სტილი გახდა. იყიდონ ეს თუ არა? დააკვირდით ადამიანებს მაღაზიებში, დააკვირდით მათ ყოყმანს. შედით ნებისმიერ მაღაზიაში და დააკვირდით სხვა და სხვა ადამიანს, მყიდველებს, და გაოცდებით: ადამიანებს არ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება. ის, ვინც გადაწყვეტილებას ვერ იღებს, ბურუსში ცხოვრობს, გაუგებრობაში, გაურკვევლობაში. გადაწყვეტილების მიღება სიცხადეს იძლევა. და თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გჭირდებათ, თუ ეს ეხება მნიშვნელოვან საკითხებს თქვენს ცხოვრებაში, მაშინ იბადება ინდივიდუალურობა.

ჩემთან მრავალი ადამიანი მოდის, რომლებიც ამბობენ: „ჩვენ ვერ გადაგვიწყვეტია, მივიღოთ თუ არა სანიასა“. მათ უნდათ, რომ მე მივიღო მათ მაგივრად გადაწყვეტილება. მაგრამ მაშინ ისინი ყველაზე მთავარს უშვებენ ხელიდან. თუ მე ვეტყვი: „დიახ, გახდი სანიასი“, - მაშინ თქვენბ ხელიდან გაუშვებთ შესაძლებლობას, გადაწყვეტილების მიღების უზარმაზარ შესაძლებლობას. თქვენ კვლავ ვიღაც სხვას დაეყრდენით, - მაგრამ ეს არაა ის, რაც სულის გაზრდაში დაგეხმარებათ. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, უკიდურესად მნიშვნელოვანი, რადგანაც ის მთელი თქვენი ცხოვრების სტილს შეცვლის, ახალ ხედვას მოგცემთ. ახალი მიმართულებით დაიწყებთ მოძრაობას. უკვე აღარ იქნებით იგივე. ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება თავად უნდა შეგეძლოთ. უნდა შეგეძლოთ გარისკვა. თქვენ მხოლოდ მაშინ იბადებით, როცა რისკავთ, როცა სიმამაცეს ავლენთ.  

მაშინ მიჰყევით; წინააღმდეგ შემთხვევაში ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რადგანაც მიიღო გადაწყვეტილება და არ მიჰყვე მას გაცილებით უფრო სახიფათოა, ვიდრე უბრალოდ ყოყმანი. მიიღო გადაწყვეტილება და არ მიჰყვე მას - ნიშნავს საკუთარ თავს კასტრირება გაუკეთო. მაშინ ჯობს საერთოდ არ მიიღოთ გადაწყვეტილება. არიან ადამიანები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ არასოდეს ასრულებენ მას. თანდათანობით ისინი მთელ ნდობას და თავდაჯერებულობას კარგავენ. ახალი გადაწყვეტილების მიღებისას, უკვე მშვენივრად იციან, რომ არ აპირებენ მის შესრულებას. ისინი გახლეჩილნი ხდებიან, ისინი მატყუარები ხდებიან საკუთარ თავთან მიმართებაში. იმ მომენტშიც კი, როცა გადაწყვეტილებას იღებენ,  მათ იციან რომ არ აპირებენ მის მიყოლას, რადგანაც იციან თავიანთი თავიანთი წარსული გამოცდილება. მათ რაც არ უნდა გადაეწყვიტათ წარსულში, არაფერი შეუსრულებიათ.

მაშინ ყველაზე უმნიშვნელო გადაწყვეტილებებიც კი შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. სრულიად უმნიშვნელო გადაწყვეტილება - „დღეიდან აღარ მოვწევ“ - ძალიან ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, მისი შესრულებისთვის არაფერია საჭირო... ეწევით თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა: ცხოვრება გრძელდება. შესაძლოა ოცი წლის შემდეგ ტუბერკულოზი გქონდეთ, მაგრამ მისი განკურნება შეიძლება; ან შესაძლოა ორი ან სამი წლით ადრე მოკვდეთ. მერე რა? - თქვენ მაინც არასოდეს გიცხოვრიათ ნამდვილი ცხოვრებით.

ზუსტად ამ დღეებში ერთი კარიკატურა ვნახე.

მამაკაცი ქალს ეკითხება:

- თქვენ გჯერათ სიცოცხლის სიკვდილის შემდეგ?

ქალი კი პასუხობს:

- ეს სწორედ ისაა!

არაა აუცილებელი, გჯეროდეთ სიცოცხლის სიკვდილის შემდეგ, ეს სწორედ ისაა. თქვენ ისეთი მკვდარი ცხოვრებით ცხოვრობთ, ნუთუ შეიძლება მეტის მოლოდინი გქონდეთ სიკვდილის შემდეგ? ზუსტად იგივე იქნება. ეს სწორედ ისაა!

ისეთი უმნიშვნელო გადაწყვეტილების მიღება, როგორიცაა მოწევაზე უარის თქმა და შემდეგ მისი არ-შესრულება  ძალიან დამანგრეველია. თქვენ დაკარგავთ საკუთარი თავის რწმენას, საკუთარი არსისადმი ნდობას. უნდობელი გახდებით. ჯობს არ მიიღოთ მსგავსი გადაწყვეტილებები - განაგრძეთ მოწევა. მაგრამ თუ მიიღეთ გადაწყვეტილება, ჩათვალეთ, რომ მოვალეობა გაქვთ. მაშინ, რაც არ უნდა მოხდეს, უნდა შეასრულოთ იგი. და თუ ამას შეძებთ, იგრძნობთ, რომ თქვენთან სიცხადე მოდის, ბურუსი იფანტება, და რაღაც კრისტალიზდება, ცენტრირდება თქვენში. გადაწყვეტილებების მიღების უნარს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს.

გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს გაწონასწორებულ მდგომარეობაში...

სწორედ ამას გულისხმობს ლუ-ძი: თუ მაინც მიიღეთ გადაწყვეტილება, მთელი გულით მიჰყევით მას, მოახდინეთ კონცენტრაცია იმდენად, რომ უკან აღარ შემობრუნდეთ. სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა კვლავ და კვლავ ვუმეორებ ჩემს სანიასებს: „დაწვით თქვენს უკან ხიდები“. თუ დაბრუნებას არ აპირებთ, რატომ უნდა დატოვოთ ხიდები? გადააგდეთ ტრაპი, ჩაძირეთ ნავი, რადგანაც აღარ აპირებთ ძველ ნაპირზე დაბრუნებას. თუ უწინდებურად, ყოველი შემთხვევისთვის ინახავთ ნავს ნაპირთან, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჯერ კიდევ ყოყმანობთ, ჯერ კიდევ ფიქრობთ: „შესაძლოა, ერთხელ დაბრუნება მომიხდეს“.

რამდენიმე თვის უკან  ერთი სანიასი აშშ-ში წავიდა, და გამგზავრების წინ ვუთხარი:

- ახლა ბოლომდე დაწვი ყველა ხიდი.

და მან მიპასუხა:

- დიახ, ოშო.

ახლა, როცა დაბრუნდა, ვკითხე მას:

- რა მოხდა? როგორაა ხიდების საქმე?

 მან მიპასუხა:

- მე ვერ შევძელი ამის გაკეთება.

რას ნიშნავს ეს? ის აქ მხოლოდ სანახევროდ იქნება. მან თავის უკან ღია კარი დაიტოვა, რომ დაბრუნებულიყო, უსაფრთხოების ყველა ზომა მიიღო. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ თუ აქ მხოლოდ სანახევროდ იქნება, იგი ვერ გაიზრდება. იკვრება მანკიერი წრე. თუ ვერ გაიზრდება, რამდენიმე თვეში იფიქრებს: „კარგია, რომ ხიდები არ დავწვი. ოშოსთვის რომ დამეჯერებინა და ხიდები დამეწვა, ახლა პრობლემები მექნებოდა. აქ არაფერი არ მემუქრება. რა კარგია, რომ ყველაფერი ძველებურად დავტოვე, და ახლა ნებისმიერ მომენტში შემიძლია სახლში დაბრუნება“. ის იფიქრებს, რომ ძალიან გონივრულად მოიქცა.

უპირველეს ყოვლისა, რადგანაც მან ყველა ხიდი შეინარჩუნა და თავის უკან კარი ღია დატოვა, ის აქ მხოლოდ ნახევრად იქნება, ყოყმანით, თავდაჯერებულობის გარეშე, გამუდმებულ ეჭვებში. ამ ეჭვებში შენ ჩემთან არ იქნები. შენ შეგიძლია ჩემთან მხოლოდ მაშინ იყო, თუ მთელი გულით მიიღე გადაწყვეტილება. და მაშინ ზრდა შესაძლებელია! ზრდა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი.

გააცნობიერე, რომ თუ აქ ტოტალურად იქნები, ზრდა შესაძებელი გახდება, და შენ აღარ დაგჭირდება უკან დაბრუნება, და არც სარეზერვო ხიდები. მაგრამ თუ ტოტალურად არ ხარ ჩემთან, მაშინ აუცილებელი დაგჭირდება ხიდები. და მაშინ ძალიან ჭკვიანად იგრძნობ თავს და გაგიხარდება, რომ არ დამიჯერე: „ნახე, აქ არაფერი არ ხდება, მე უკან უნდა დავბრუნდე. სად აღმოვჩნდებოდი ახლა, ყველა ხიდი რომ დამეწვა?“ სწორედ ასე მუშაობს ლოგიკური გონება: იგი თავად ქმნის სუიციდურ სიტუაციებს.

გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს გაწონასწორებულ მდგომარეობაში და წარმატების მოლოდინის გარეშე; მაშინ წარმატება თავისით მოვა.

ყველაზე მთავარი ისაა, რომ თუ წარმატებას ელოდებით, უკვე გახლეჩილი ხართ. მაშნ თქვენი გული არ მონაწილეობს მუშაობაში, თქვენი გული  უკვე შედეგშია. თუ გახლეჩილი ხართ, ვერ მიაღწევთ წარმატებას. წარმატება მხოლოდ გაუხლეჩელ გულებს ემართებათ, რომლებიც არ დარდობენ შედეგზე, რომლებიც თავად მოგზაურობით ტკბებიან და არ ფიქრობენ მიზანზე. მხოლოდ ისინი აღწევენ მიზანს, ვინც საერთოდ არ ფიქრობს მიზანზე, რადგანაც მოგზაურობის ყოველ მომენტში მათი გონება საერთოდ არაა გახლეჩილი, მათი მიზანი ხდება მოგზაურობის ყოველი ნაბიჯი. სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი, იქვეა მათი მიზანიც. წარმატება სულიერ გზაზე მხოლოდ იმ ადამიანებთან მოდის, რომლებიც საერთოდ არ ფიქრობენ წარმატებაზე.

თუ თქვენ ფიქრობთ წარმატებაზე, იგი არ მოვა, რადგანაც ამ შემთხვევაში თქვენი გონება სადღაც მომავალშია, და თქვენ არ მუშაობთ აწმყოში.   წარმატება კი  მხოლოდ მაშინ მოდის,  თუ სამუშაო ბოლომდე აწმყოში სრულდება. ერთი მომენტი დაბადებას აძლევს შემდეგ მომენტს. თუ შეგიძლიათ, რომ ტოტალურად იცხოვროთ ამ მომენტში, მაშნ შემდეგი მომენტი უცილობლად უფრო მეტად ტოტალური იქნება, მას ტოტალურობის უფრო მეტი ხარისხი ექნება. მაგრამ ადამიანები განაგრძობენ გახლეჩილ მდგომარეობაში ყოფნას. უნდა დაფიქრდეთ ამ პრობლემებზე, რადგან  ყველას აქვს.

ზუსტად რამდენიმე დღის უკან  ერთმა სანიასმა დაწერა თავის წერილში, რომ ახლა აქ იმყოფება, მაგრამ კვლავაც შენახული აქვს თავის ოთახში სატია საი ბაბას ფოტო. ეს მისი ოთახია - შეუძლია ვისიც უნდა იმის ფოტო ჰქონდეს იქ. მაგრამ საქმე ამაში არაა... ახლა მას გაუძნელდება. მე მას ვუთხარი: „როცა სატია საი ბაბასთან წახვალ, გთხოვ ნუ შეინახავ იქ ჩემს ფოტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იქაც ხელიდან გაუშვებ. იყავი ან აქ, ან იქ; სადაც არ უნდა აირჩიო ყოფნა, იყავი მთელი გულით, ტოტალურად. ჯობია სატია საი ბაბასთან იყო, ვიდრე ჩემთან, თუ აქ მხოლოდ სანახევროდ ხარ“. მაგრამ მე მესმის მისი პრობლემა: ვიცი, რომ იქაც შეინახავს ჩემს ფოტოსაც, ამიტომ წარუმატებლობისთვისაა განწირული.

აუცილებელია არჩევანის გაკეთება, აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება. ცხოვრებისეული მოგზაურობის ყოველ ეტაპზე არსებობენ სხვადასხვა გზები, და თქვენ უნდა აირჩიოთ. თქვენ არ შეგიძლიათ ყველა გზის არჩევა. თქვენ არ შეგიძლიათ ერთდროულად ყველა გზით სიარული. და მე არ ვსაუბრობ იმაზე, თუ რა არის სწორი და რა არასწორი. მე ვამბობ: სწორი ისაა, რასაც ტოტალურად ირჩევთ. ყოფილა შემთხვევები, როცა მოსწავლე გასხივოსნებულა არაგასხივოსნებულ ოსტატთანაც კი, თუკი ტოტალურად ენდობოდა მას. და ათასობით შემთხვევაა, როცა თქვენ იდეალური ოსტატი გყავთ, მაგრამ არაფერი არ ხდება.

ეს უფრო მეტად თქვენი ტოტალურობის საკითხია, ვიდრე ოსტატის სრულყოფილების. ტრანსფორმირება არასწორ ადამიანთანაც კი შესაძლებელია. არა ის, რომ ამ არასწორ ადამიანს შეუძლია თქვენი ტრანსფორმირება; უბრალოდ, თუ თქვენი გადაწყვეტილება ტოტალურია, სწორედ ეს ტოტალური გადაწყვეტილება ახდენს თქვენს ტრანსფორმაციას. ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ბუდასთან ერთად იყოთ, მაგრამ არაფერი დაგემართებათ, თუ ბოლომდე არ ხართ ჩართული, თუ გახლეჩილი ხართ. ნებისმიერი გახლეჩა სახიფათოა, ეხება ეს იმას იყო   მომავალში თუ აწმყოში, ისწრაფვო მიზნისკენ თუ იყო თავად მოგზაურობაში, წახვიდე ამ მიმართულებით თუ იმ მიმართულებით, იყო ამ ოსტატთან თუ იმასთან.  მაშინ თქვენ გაფანტავთ ენერგიას და სხვას გადააბარებთ პასუხისმგებლობას.

თქვენ მიხვალთ დასკვნამდე, რომ არასწორ ადგილას იმყოფებით. თქვენ ვერ გააცნობიერებთ, რომ გაყოფილი ადამიანი იყავით; მხოლოდ დაასკვნით, რომ არასწორ ადგილას იყავით, რომ „ეს ადგილი არაა საჩემო“. მაგრამ თუ გახლეჩილი ხართ, მაშინ, სადაც არ უნდა იყოთ, ეს კვლავ და კვლავ განმეორდება.

მოიკრიბეთ მთელი თქვენი სიმამაცე. მე ვიცი, რომ გონებას უნდა იყოს ჭკვიანი. გონება ამბობს: „რატომ არ უნდა შევინარჩუნო ერთიც და მეორეც? ვინ იცის? შეინარჩუნე ორივე შესაძლებლობა. თუ ერთი არ იმუშავებს, მეორეს მოსინჯვა იქნება შესაძლებელი“. მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარად მუშაობს. თქვენ გინდათ, რომ მგლებიც მაძღრები იყვნენ და ცხვრებიც მთელები. ასე არ ხდება.

ლუ-ძი ამბობს: „...წარმატების მოლოდინის გარეშე“, რადგანაც წარმატების მოლოდინიც კი გახლეჩა გახდება. იყავით ბოლომდე აქ და ახლა, ყოველგვარი გაყოფის გარეშე. „... და მაშინ წარმატება თავისით მოვა“. და როცა წარმატება თავისით მოდის, მასში უზარმაზარი სილამაზეა. თქვენ არ გჭირდებათ მისი მოპოვება, იგი ყვავილივით იფურჩქნება. თქვენ არ გჭირდებათ ყვავილის ძალით გაფურჩქვნა, ასე მოკლავთ მას. ამაში არაფერია კარგი. თქვენ დროზე ადრე გახსნით მას, და შესაძლოა მასში არ იყოს არომატი, რადგანაც ყვავილი სწორ დროს უნდა დაელოდოს, რათა არომატი შექმნას, რათა არომატი გახდეს. და მხოლოდ მაშინ, როცა არომატი მზადაა, ყვავილი თავისით იფურჩქნება, რადგანაც ახლა მას უკვე აქვს რაღაც, რასაც ყოფიერებას გაუზიარებს.

უნდა დატკბეთ მომენტით. ბოლომდე უნდა იყოთ მომენტში და დაივიწყოთ ყველაფერი დანარჩენი. და მაშინ ერთხელ უეცრად წარმატებაც მოდის. მაშინ  ოქროსფერი ყვავილი იფურჩქნება და თქვენ სხვა რეალობაში გადადიხართ.

განთავისუფლების პირველ ეტაპზე შესაძლებელია ძირითადად ორი შეცდომა - სიზარმაცე და ყურადღების გაფანტულობა.

აუცილებელია გაიგოთ ეს ორი შეცდომა: ერთი მათგანი ქალური გონების შეცდომაა, მეორე - მამაკაცურის. ქალურ გონებას შეუძლია შექმნას სიზარმაცე, რადგანაც ის პასიურია. ხოლო მამაკაცური გონება მიდრეკილია ყურადღების გაფანტულობისკენ, რადგანაც ის ზედმეტად აქტიურია. მას უნდა გააკეთოს ერთიც და მეორეც  და კიდევ სხვა რამეც. მას უნდა ყველა მიმართულებით იმოძრაოს, ყველა მხარეს მოედოს. ქალური გონება პასიურია. იგი მიდრეკილია ლოდინისკენ, იგი ნებას აძლევს მოვლენებს რომ მოხდეს. მაგრამ შესაძლოა ესეც სახიფათო აღმოჩნდეს, თუ ეს ლეთარგიად და  სიზარმაცედ , თუ ეს ერთგვარ სიკვდილად იქცევა.

გახსოვდეთ: პასიურობა შეიძლება იყოს ან პოზიტიური, ან ნეგატიური, ზუსტად ისევე, როგორც აქტიურობა შეიძლება იყოს ან პოზიტიური, ან ნეგატიური. იყო პოზიტიურ პასიურობაში ნიშნავს ელოდო, და ამავე დროს იყო ყურადღებით, გამოღვიძებული. იყო ნეგატიურ პასიურობაში ნიშნავს გეძინოს, ხვრინავდე და ამას ლოდინს უწოდებდე.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შეყვარებული უნდა მოვიდეს, და ნებისმიერ დროს შეუძლია დააკაკუნოს. თქვენ შეგიძლიათ ორი მეთოდით ელოდოთ. თქვენ შეგიძლიათ იმყოფებოდეთ პოზიტიურ მოლოდინში: გააღოთ კარი, თვალი არ მოაშოროთ მას და სმენად იქცეთ. ნებისმიერი ბგერა: ნაბიჯის ხმა, კაკუნი ან ხმელი ფოთლის ხიდან ვარდნა,  და თქვენ მაშინვე კარს მივარდებით. ვიღაცის ფეხის ხმა გესმით და მაშინვე კარს მივარდებით, შესაძლოა ის მოდის. ეს პოზიტიური ლოდინია. იგი მშვენიერია.

მაგრამ თუ თქვენ კარს კეტავთ, შუქს აქრობთ, დასაძინებლად წვებით და ამბობთ: „ის მაინც დააკაკუნებს კარზე, როცა მოვა... და მაშინ ვნახავ“, და ხვრინვას იწყებთ, მაშინ ეს ნეგატიური პასიურობაა. ეს სიზარმაცეა. ღმერთის ლოდინი მშვენიერია, მაგრამ თქვენი პასიურობა ცოცხალი უნდა იყოს, ვიბრირებადი.

მეორე შეცდომა  ყურადღების გაფანტულობაა. ეს მამაკაცური გონების თვისებაა. მამაკაცური გონება მუდამ გაფანტულია. სწორედ ამიტომაა ქალური გონება მონოგამიური, ხოლო მამაკაცური - პოლიგამიური. მამაკაცური გონება გამუდმებით მოცდენისკენაა მიდრეკილი: გვერდზე ქალი ჩაივლის და იგი ყურადღებას აქცევს მას. სრულიდ ავიწყდება, რომ უკვე ცოლი ყავს. მას სრულიად ავიწყდება ის ქალი, რომელსაც ეუბნებოდა: „ჩემი სიცოცხლე ხარ, მხოლოდ შენთვის ვიცოცხლებ. ჩემი სიხარული ხარ. ყოველთვის მეყვარები“. და ერთ მომენტში ავიწყდება ყველა ეს სისულელე. ძალიან ადვილად ერთვება სხვა რამეზე.

მამაკაცური გონება ზედმეტად აქტიურია. აქტიურობა კარგია, თუ ის პოზიტიურია. პოზიტიური აქტიურობა - ეს კონცენტრირებული აქტიურობაა, ყურადღების გაფანტვის გარეშე, როცა ჭას მხოლოდ ერთ ადგილას თხრით. ნეგატიური აქტიურობა ნიშნავს, რომ რამდენიმე წუთით ერთ ადგილას თხრით ჭას, შემდეგ სხვა ადგილას, შემდეგ კიდევ სხვა ადგილას, მთელ მიწას გადათხრით და წყაროს ვერ პოულობთ. სწორედ ესაა დამახასიათებელი მამაკაცური გონებისთვის: მას ჯერ ერთი ქალი უყვარს, შემდეგ სხვა და ვერასოდეს აცნობიერებს სიყვარულის რეალობას. მისი ურთიერთობები მხოლოდ ზედაპირულ მოვლენად რჩება. ისინი არასოდეს იქცევა სიახლოვედ, მათ არასოდეს გააჩნიათ სიღრმე. ისინი ვერასოდეს შედიან ღრმად სხვა ადამიანის არსში, ისინი მხოლოდ ზედაპირულ, სხეულებრივი ურთიერთობის დონეზე რჩებიან, ყველაზე დიდი სექსუალური ურთიერთობის დონეზე. ისინი ვერასოდეს აღწევენ გულს, და ბუნებრივია, ვერასოდეს აღწევენ სულს, რადგანაც იმისთვის, რომ გულს მიაღწიოთ, იმისთვის, რომ სულს მიაღწიოთ, დროა საჭირო. ამისთვის საჭიროა ლოდინი და ღრმად ამოთხრა.

აი, ორი შესაძლო შეცდომა. უფრთხილდით მათ. ნუ გახდებით ზედმეტად აქტიური და ნუ გახდებით ზედმეტად ზარმაცი, შუაში დარჩით. დარჩით შუაში -  პასიურად აქტიურები და აქტიურად პასიურები. თქვენს მოქმედებებს ლოდინის თვისება უნდა ჰქონდეთ, თქვენს ლოდინს კი მოქმედების თვისება. მაშინ წარმატება აბსოლუტურად გარდუვალია, არც კი გჭირდებათ მასზე ფიქრი,  ის თავისთავად მოდის. ამ შეცდომების გამოსწორება შეიძლება.

მაგრამ მათი გამოსწორება შეიძლება; გული ბოლომდე არ უნდა ჩაიძიროს სუნთქვაში.

ოსტატი ლუ-ძი ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საიდუმლოს გაძლევთ:

...გული ბოლომდე არ უნდა ჩაიძიროს სუნთქვაში.

თქვენ უნდა ისწავლოთ ძალიან წყნარად სუნთქვა, თითქოს არ ჩქარობთ ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის გაკეთებას, თითქოს გულგრილი ხართ სუნთქვისადმი, თითქოს განზე დგახართ. თუ შეგიძლიათ, რომ გულგრილი იყოთ სუნთქვისადმი, მაშინ შეძლებთ შუალედის მიღწევას. ამ მომენტში თქვენში არ იქნება არც მამაკაცური და არც ქალური. თქვენ ერთიც იქნებით და მეორეც. თქვენ ორივეს საზღვრებს მიღმა აღმოჩნდებით. და მაშინ ორივე შეცდომა გაქრება.

სუნთქვა გულიდან მოდის. ის, რაც გულიდან მოდის, სუნთქვაა. როცა გული მოძრაობს, იქმნება სუნთქვის ენერგია. სუნთქვის თავდაპირველი ენერგია  გულის მოქმედების სახეცვლილებაა.

როცა თქვენი ყურადღება იფანტება, დააკვირდით: თქვენი სუნთქვაც ასევე გაიფანტება. როცა ყურადღებას არ ფანტავთ, როცა სიჩუმეში ზიხართ და არ ცდებით სხვა რამეზე, თქვენი სუნთქვა წყნარი, მშვიდი და რიტმული ხდება, მას უჩნდება დახვეწილი მუსიკის თვისება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ზუსტად შუაში იმყოფებით, რადგანაც არაფერს აკეთებთ და ამავდროულად არც გძინავთ; არც აქტიური ხართ და არც პასიური, და  თქვენ წონასწორობის მდგომარეობაში იმყოფებით.და წონასწორობის ამ მომენტში ყველაზე ახლოს ხართ რეალობასთან, ღმერთთან, ნეტარებასთან.

როცა ჩვენი აზრები ძალიან სწრაფად მოძრაობენ, ისინი შეუმჩნევლად იქცევიან ფანტაზიებად, რომლებსაც ყოველთვის თან ახლავს ჰაერის ჩასუნთქვა, რადგანაც შინაგანი და გარეგანი სუნთქვა დაკავშირებულია ერთმანეთთან ისევე, როგორც ხმა და ექო. დღის განმავლობაში უამრავ ჩასუნთქვას ვაკეთებთ და ფანტაზიების იგივე რაოდენობა გვაქვს. ამის გამო სულის სინათლე იმის მსგავსად სუსტდება, როგორც ხმება ხე და  ქრება ნახშირი.

გახსოვდეთ: ყოველი თქვენი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ეს მხოლოდ ჩასუნთქვა და ამოსუნთქვაა, არამედ ეს ასევე აზრია,  ემოციაა, გრძნობა, ფანტაზია. მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ გაიგებთ, თუ საკუთარ სუნთქვას დააკვირდებით რამდენიმე დღის განმავლობაში. დააკვირდით საკუთარ სუნთქვას, როდესაც სექსით იქნებით დაკავებული. თქვენ გაოცდებით: სუნთქვა ქაოტური იქნება, რადგანაც სექსუალური ენერგია ძალიან უხეშია, დაუდგრომელია. სექსუალური ფანტაზიები  უხეშია, ცხოველური. სექსუალურობაში არაფერია განსაკუთრებული. ის ყველა ცხოველს აქვს. როცა სექსუალურად აგზნებული ხართ, ზუსტად ისევე იქცევით, როგორც ნებისმიერი ცხოველი დედამიწის ზურგზე. მე არ ვამბობ, რომ ცხოველად ყოფნა ცუდია. მე უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვახდენ. ასე რომ, დააკვირდით სუნთქვას სექსის დროს: ის წონასწორობას კარგავს.

სწორედ ამიტომ ტანტრაში სექსი დაშვებულია მხოლოდ მაშინ, როცა ისწავლით სექსის დროს მშვიდი, რიტმული სუნთქვის შენარჩუნებას. მაშინ სექსი სრულიად სხვა თვისებას ღებულობს: ის ლოცვას ემგვანება. ის ღვთაებრივი ხდება. გარე დამკვირვებელი ვერანაირ სხვაობას ვერ შენიშნავს. ის მხოლოდ იმას დაინახავს, რომ სექსი გაქვთ. სხვა ვერანაირ სხვაობას ვერ შეამჩნევს. მაგრამ თავად მონაწილეებისთვის, მათთვის, ვინც იცის, განსხვავება უზარმაზარი იქნება. ძველ ტანტრულ სკოლებში, სადაც  ყველა ეს საიდუმლო მუშავდებოდა და ექსპერიმენტები ტარდებოდა , სუნთქვას განსაკუთრებული მნიშვნელობას ანიჭდნენ. თუ ადამიანს შეუძლია დაკავდეს სექსით ისე, რომ ეს გავლენას არ ახდენდეს მის სუნთქვაზე, მაშინ ეს უკვე აღარაა სექსი, მაშინ ეს უკვე რაღაც ღვთაებრივია, და მისი მეშვეობით თქვენი არსის სიღრმეში იძირებით. მაშინ ის ცხოვრების ყველა საიდუმლოს და კარს გიხსნით. სუნთქვა არაა უბრალოდ სუნთქვა; სუნთქვა თქვენი სიცოცხლეა, მასში იმყოფება ყველაფერი, რაც სიცოცხლეშია.

მაშინ, უნდა შეიკავოს თუ არა პრაქტიკოსმა გონებაში ფანტაზიები? ფანტაზიების შეკავება შეუძლებელია. უნდა შეიკავოს თუ არა სუნთქვა? სუნთქვის გარეშე შეუძლებელია.   უმჯობესია ავადმყოფობა წამლად ვაქციოთ.

ასეთია ტანტრას მიდგომა, ასეთია დაოს მიდგომა.

...ავადმყოფობა წამლად ვაქციოთ.

ეს დამახასიათებელია სწორედ დაოსთვის და ტანტრასთვის. იოგა ამბობს: თავი აარიდეთ სექსს, უარი თქვით მასზე .  ის სახიფათოა. მაგრამ დაო და ტანტრა ამბობენ: ნუ გაქეცევით სექსს. მოახდინეთ მისი ენერგიის ტრანსფორმაცია და მაშინ თავად ავადმყოფობა იქცევა წამლად. შეგიძლიათ მეცნიერებს ჰკითხოთ. ისინი სწორედ ამას აკეთებენ, განსაკუთრებით ალოპათიაში: ვაქცინები სწორედ ავადმყოფობის მომტანი მიკრობებისგან მზადდება, და ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ისინი წამლად იქცევიან. ის, რაც ალოპათიამ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, ტანტრას და დაოს ძალიან დიდი ხნის უკან ჰქონდათ აღმოჩენილი.

ყველაფერი, რაც ღმერთისგან მოდის, უზარმაზარი მნიშვნელობის უნდა იყოს. ნუ გაექცევით ამას. ამით საკუთარ თავს იზღუდავთ. ნუ იტყვით ამაზე უარს, წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაც განუცდელი დარჩება თქვენში. სწორედ ამიტომაა, რომ ეგრეთწოდებულ იოგს გამუდმებით ტანჯავენ სექსუალური ფანტაზიები. მას არ შეუძლია ძილი ,  ეს შეუძლებელია,  რადგანაც ყველაფერი, რაზეც დღისით ამბობდა უარს, ღამით უბრუნდება, რომ თავისი მიიღოს. როცა იძინებს და კონტროლი უკან იხევს, ყველაფერი, რაც არაცნობიერში დათრგუნა, ზედაპირზე გამოდის და ფანტაზიებად იქცევა. იოგს, ე.წ.  იოგს, გამუდმებით ეშინია. მას ეშინია ქალის დანახვის, ქალთან შეხების. მას ეშინია. რა თავისუფლებაა ეს? შიში ვერ მოგცემთ თავისუფლებას.

დაოს და ტანტრას სრულიად სხვა მიდგომა აქვთ. ისინი ამბობენ: მოახდინეთ ყველაფრის ტრანსფორმაცია, რასაც ღმერთი გაძლევთ.

სექსუალური ენერგიის ტრანსფორმირება შესაძლებელია, თუ თქვენს სუნთქვას შეცვლით. რისხვის ტრანსფორმირება შესაძლებელია, თუ თქვენს სუნთქვას შეცვლით. უბრალოდ დააკვირდით, როგორ სუნთქავთ, როცა რისხვას გრძნობთ. და შემდეგში, როცა იგივეს იგრძნობთ, არ ისუნთქოთ ისე, როგორც რისხვის დროს სუნთქავდით. და თქვენ გაოცდებით: თქვენ ვერ შეძლებთ გაბრაზებას. თუ გარკვეული სახით არ ისუნთქებთ, რისხვა ვერ მიიღებს მხარდაჭერას და გაქრება. მის ნაცვლად თანაგრძნობა გაჩნდება. სწორედ ასევე ქრება სექსი და მის ნაცვლად ჩნდება სიყვარული. სიყვარული აბსოლუტურად ადამიანური მოვლენაა. სექსი  არა მხოლოდ ადამიანური მოვლენაა, არამედ ცხოველურიც. მაგრამ არც ერთმა ცხოველმა არ იცის სიყვარული.

სექსი ცხოველური მოვლენაა, სიყვარული - ადამიანური, ლოცვა - ღვთაებრივი. სექსი უნდა ტრანსფორმირდეს სიყვარულად, სიყვარული უნდა ტრანსფორმირდეს ლოცვად.

სექსის დროს სუნთქვა ქაოტური ხდება. მე შემთხვევით არ ამირჩევია მედიტაციის ქაოტური მეთოდები: ქაოტური მედიტაციები კათარზისს იწვევს, ქაოტური სუნთქვა  თქვენს დათრგუნულ რისხვას, სექსს, სიხარბეს, ეჭვიანობას, სიძულვილს ეხება და ზედაპირზე ამოჰყავთ ისინი. ეს განწმენდის მნიშვნელოვანი პროცესია. სექსის დროს სუნთქვა ქაოტურია. სიყვარულის დროს სუნთქვა მუსიკას ჰგავს. ლოცვის დროს ის თითქმის ჩერდება.

რადგანაც გული და სუნთქვა ურთიერთდაკავშირებულია, სინათლის წრეზე მოძრაობა სუნთქვის რიტმთან უნდა გაერთიანდეს.

როცა ამოსუნთქვას აკეთებთ, ნება მიეცით სინათლეს, რომ თქვენი თვალებიდან გამოვიდეს. როცა ჩასუნთქვას აკეთებთ, ნება მიეცით სინათლეს, რომ შიგნით დაბრუნდეს. გააერთიანეთ სუნთქვა სინათლის ცირკულაციასთან. ამგვარად თქვენ რაღაცით დააკავებთ თქვენს სუნთქვას, და მაშინ იგი აღარ გადაიქცევა სხვა ფანტაზიებად. ის, რითაც სუნთქვა დააკავეთ, ასევე ფანტაზიაა. სწორედ ამიტომ ამბობს ლუ-ძი: „ფანტაზიების შეკავება შეუძლებელია“ - ყოველ შემთხვევაში თავიდან. ფანტაზიების გადაგდება მხოლოდ უმაღლეს პიკზე შეიძლება. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ისინი, როგორც საყრდენი წერტილი.

წარმოიდგინეთ, რომ როდესაც ამოსუნთქვას აკეთებთ, სინათლე გარეთ გამოდის, ხოლო ჩასუნთქვისას შიგნით შედის. სცადეთ ეს ამგვარად: ამოსუნთქვის დროს შეიგრძენით, რომ მთელი ის სინათლე, რომელიც შიგნით იყო, გარეთ გამოდის; ხოლო ჩასუნთქვის დროს შეიგრძენით, რომ თქვენში ყოფიერების მთელი სინათლე შემოდის. და მაშინ ფანტაზია გაერთიანდება სუნთქვასთან, შეერწყმება სუნთქვას, და თქვენი წარმოსახვა ჩაირთვება. შემდეგ თანდათანობით ნება მიეცით თქვენს სუნთქვას, რომ უფრო ჩუმი და მშვიდი გახდეს.

არაა საჭირო სუნთქვის რაიმე განსაკუთრებული რიტმის პრაქტიკა, როგორც ეს იოგაშია, პრანაიამაშია, რადგანაც ყოველმა ადამიანმა საკუთარი რიტმი უნდა იპოვნოს. ყველას სხვა და სხვა სხეული და გონება აქვს - ამიტომ სუნთქვაც ვერ იქნება ერთნაირი. თქვენ საკუთარი რიტმის პოვნა მოგიწევთ. მხოლოდ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ: რომ თანდათანობით სუნთქვა წყნარი, მშვიდი და მუსიკალური უნდა გახდეს.

ამისთვის ყველაზე მეტად  ყურის სინათლეა საჭირო.

აქ ლუ-ძი კიდევ ერთ რამეს გვთავაზობს. ის ამბობს: ზუსტად ისევე, როგორ შედის და გამოდის სინათლე თვალებით, მას შეუძლია შევიდეს და გამოვიდეს ყურებითაც. ეს გასაკვირია თქვენთვის, რადგანაც ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ყურებიდან რაიმე სინათლე შედიოდეს ან გამოდიოდეს. მაშინ ჰკითხეთ თანამედროვე ფიზიკოსებს. ისინი ამბობენ, რომ ბგერა  სხვა არაფერია, თუ არა ელექტროობა, ელექტროობის გარკვეული სახე. ბგერა ელექტროობაა. სწორედ ამას, თავის უძველეს ენაზე, ლუ-ძი უწოდებს სინათლეს. ბგერა შედის და გამოდის ყურიდან.

ყური სხეულის ქალური ნაწილია, სწორედ ისევე, როგორც თვალია  სხეულის მამაკაცური ნაწილი. თვალი ექსტრავერტულია, ყური - ინტრავერტული. სწორედ ამიტომ არსებობს ამქვეყნად მედიტაციის ორი სახე: ან თვალის ენერგიასთან დაკავშირებული მედიტაციები, ან ყურის ენერგიასთან დაკავშირებული მედიტაციები.

ყურის ენერგიასთან დაკავშირებული მედიტაციები - ქალური, პასიური მედიტაციებია,  - თქვენ არაფრის კეთება არ გჭირდებათ, მხოლოდ უნდა უსმინოთ. უსმინოთ ჩიტების გალობას, ქარის მოძრაობას ფიჭვებში, რაიმე მუსიკას ან ავტომობილების ხმაურს ,  უბრალოდ უსმინოთ, რაიმეს კეთების გარეშე,  და მაშინ მოვა უზარმაზარი სიჩუმე, უზარმაზარ სიმშვიდეში ჩაიძირებით. ყურის ენერგიასთან დაკავშირებული მედიტაციები უფრო იოლია, ვიდრე თვალის ენერგიასთან დაკავშირებული მედიტაციები. უფრო იოლია, რადგანაც ყური პასიურია, არააგრესიულია, ის ვერაფერს უზამს ყოფიერებას, მას მხოლოდ შეუძლია უფლება მისცეს მოვლენებს, რომ მოხდნენ. ყური  არის ჭიშკარი, ყური მიმღებია.

არსებობს თვალის სინათლე და ყურის სინათლე. თვალის სინათლე - ესაა მზისა და მთვარის გაერთიანებული სინათლე გარეთ.

თვალი ექსტრავერტულია.

ყურის სინათლე - ესაა მზისა და მთვარის გაერთიანებული თესლი შიგნით.

ყური ინტრავერტულია.

ამგვარად, ეს თესლი - კრისტალიზებული სახის სინათლეა. ერთსაც და მეორესაც ერთი წარმომავლობა გააჩნიათ; განსხვავება მხოლოდ სახელებშია. 

სინათლე და ბგერა მხოლოდ სახელებით განსხვავდებიან.

ინდოეთში არსებობს ისტორიები, - შესაძლოა, მართალი... ადრე თუ გვიან მეცნიერება დაადასტურებს მათ ჭეშმარიტებას. ინდოეთში არსებობს ისტორიები იმაზე, რომ გარკვეულ მელოდიას შეუძლია ცეცხლი გააჩაღოს. თქვენ შეგიძლიათ მუსიკოსის წინ აუნთებელი სანთელი დადოთ, და თუ ის გარკვეულ მელოდიას, გარკვეულ რაგას დაუკრავს, სანთელი უეცრად აინთება. ეს შეუძლებელი ჩანს, ეს უბრალოდ ისტორიას ჰგავს, მითს ან მეტაფორას. მაგრამ თუ ბგერა ელექტროობაა, გარკვეულ ვიბრაციებს შეუძლიათ მისი შექმნა. მალე ამის დამადასტურებელი ექსპერიმენტებიც ჩატარდება. მე ვგრძნობ, რომ ადრე თუ გვიან მეცნიერება შეძლებს ამის გაკეთებას.

კარგადაა ცნობილი, რომ თუ მთელი პოლკი გადადის ხიდზე, ჯარისკაცებს ბრძანებას აძლევენ, რომ ნაბიჯი აურიონ. ჩვეულებრივ ისინი მწყობრად მიდიან: მარცხენა, მარჯვენა, მარცხენა, მარჯვენა. არაერთხელ მომხდარა, როცა ჯარისკაცები მწყობრი ნაბიჯით მიდიოდნენ, ხიდი ჩანგრეულა. ახლა ფართოდაა ცნობილი, რომ ხიდზე ჯარისკაცებმა მწყობრად არ უნდა იარონ; გარკვეული რიტმი სახიფათოა ხიდისთვის.

კანადაში ტარდებოდა ექსპერიმენტები მცენარეებზე და მათ რეაქციაზე მუსიკასთან დაკავშირებით. მცირე ექსპერიმენტი, მაგრამ განსაკუთრებულად თვალნათლივი. მეცნიერებმა ერთი და იგივე სეზონური ყვავილები სხვადასვხა ადგილას დათესეს, მაგრამ ერთი და იმავე დროს და ერთი და იმავე ნიადაგზე. მათ ერთი და იგივე მებაღე უვლიდა. ყველაფერი აბსოლუტურად იგივე იყო ორივე ადგილას. მაგრამ პირველთან გამუდმებით უკრავდა რავი შანკარის მუსიკა, მისი სიტარა, მეორესთან  კი - პოპ-მუსიკა. შედეგები ძალიან თვალნათლივი იყო. იმ ადგილას, სადაც პოპ-მუსიკა უკრავდა, მცენარეებმა ხმის წყაროსგან საპირისპიროდ დაიწყეს გაწევა, თითქოს გაქცევა უნდოდათ, თითქოს არ უნდოდათ ამ მუსიკის მოსმენა, თითქოს დაიღალნენ მისგან. აქ ყვავილები უფრო პატარები იყვნენ, და თითქმის ორჯერ უფრო მეტი დრო დასჭირდათ, რომ გაზრდილიყვნენ. იმ ადგილას, სადაც რავი შანკარის მუსიკა ჟღერდა, მცენარეებმა დინამიკებისკენ დაიწყეს გადახრა, ისინი ფაქტობრივად შემოეხვივნენ დინამიკებს, ორჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდნენ, მათი ყვავილები უფრო დიდი იყო და უფრო ადრეც გაიფურჩქნენ. მცენარეებიც კი გრძნობენ განსხვავებას ბგერის ტალღებში.

თვითმფრინავების ხმაურს კაცობრიობა ჭკუიდან გადაყავს, და დღითი დღე ხმაური უფრო იზრდება. სასწაული იქნება, თუ ადამიანი საერთოდ გადაიტანს ამას.

ერთსაც და მეორესაც ერთი წარმომავლობა გააჩნიათ; განსხვავება მხოლოდ სახელებშია. 

სინამდვილეში ყველაფერს ერთი წარმომავლობა აქვს. ყველაფერი შექმნილია ნივთიერებისგან, რომელსაც ეწოდება სინათლე, ცეცხლი, ელექტროობა;  რაც არ უნდა დაარქვათ, განსხვავება მხოლოდ ფორმებშია.

ამიტომ გაგება (ყური) და სიცხადე (თვალი) - ეს ერთი და იგივე საჭირო სინათლეა.

გაგება ყურისგან მოდის, სიცხადე კი თვალისგან. სიცხადე მამაკაცური პრინციპია, გაგება - ქალური. სწორედ ამიტომ ვამბობ ყოველთვის, რომ ქალი უფრო ადვილად ხდება მოსწავლე, ქალი უფრო ადვილად ნებდება, უფრო ადვილად იგებსს, ვიდრე მამაკაცი. მამაკაცი ლოგიკურ სიცხადეს ითხოვს, ლოგიკურ არგუმენტებს. ქალი რაღაც სხვას ელოდება, - მან უნდა მოისმინოს და იგრძნოს. ქალი ინტუიტიურად ისმენს, იგი გრძნობს მოლაპარაკე ადამიანის ენერგიას. მისთვის არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს, რას ლაპარაკობენ, მისთვის მნიშვნელოვანია ვინ ლაპარაკობს, როგორ ლაპარაკობს, და საიდან მოდის ეს. ქალი უფრო ღრმად შედის, ქალი თავად სულს იჭერს. მამაკაცი სიტყვებს ეჭიდება. და რადგანაც ბეჭდვითი პრესა, წერილები და წიგნები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, ამან დიდი ცვლილებები გამოიწვია.

თავდაპირველად ყველა სწავლება ოსტატის პირიდან მოდიოდა. ისინი სიტყვიერად გადაეცემოდნენ, ამიტომ მიმღებ ცენტრს ყური წარმოადგენდა. ახლა კი წიგნები გახდა ძალიან ხელმისაწვდომი. როცა კრიშნა ელაპარაკებოდა არჯუნას, არჯუნა მას უსმენდა, ის ყურიდან აღიქვამდა. მას უდიდესი გაგება დაემართა, მან ტრანსფორმაცია განიცადა. მაგრამ არჯუნა ქალურად მიმღები იყო.

ახლა წაიკითხეთ გიტა. კითხვა  ნიშნავს თვალებიდან გაგებას. თვალი არაა დაინტერესებული გაგებაში, ის დაინტერესებულია ლოგიკურ სიცხადეში. ეს სრულიად სხვაგვარი მიდგომაა. მრავალი საუკუნის მანძილზე ყველა რელიგია მოითხოვდა, რომ მათი სწავლება არ ჩაწერილიყო. მიზეზი იმაშია, რომ როცა ისინი იწერება, მათი თვისება სრულიად იცვლება. როცა ისინი ქაღალდზე გადადიან, მნიშვნელოვანი ხდება თვალი, ყური კი მნიშვნელობას კარგავს.

ჩემი მოსმენა ერთია, ხოლო კითხვა - მეორე. როცა თქვენ კითხულობთ, გონების მამაკაცური ნაწილი მუშაობს. როცა თქვენ ისმენთ, ქალური ნაწილი მუშაობს.

როცა პრაქტიკოსი ჯდება და ქუთუთოებს ხრის, ის ფარდად იყენებს თვალებს, შემდეგ კი ქვემოთ გადააქვს სინათლე. მაგრამ თუ ქვემოთ გადანაცვლება არ იყო წარმატებული, მაშინ გული მიდრეკილია იმისკენ, რომ სუნთქვას მოუსმინოს. პრაქტიკოსმა ყურით არ უნდა უსმინოს ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას. უფრო ზუსტად, მან არ უნდა უსმინოს სუნთქვის არანაირ ტონს. თუ რაიმე ტონი ისმის, ესე იგი სუნთქვა უხეში და ზედაპირულია და ვერ აღწევს ღია სივრცეს. მაშინ გული უნდა გავხადოთ საკმარისად მსუბუქი და უმნიშვნელო. რაც უფრო მეტად თავისუფლდება იგი, მით უფრო მცირე ხდება, რაც უფრო მცირე ხდება, მით უფრო მშვიდდება.

მოუსმინეთ თქვენს სუნთქვას. თუ გესმით, ეს ნიშნავს, რომ ის უხეშია. თუ მას რაიმე ტონი გააჩნია, ეს ნიშნავს, რომ ის უხეშია. როცა მას მხოლოდ გრძნობთ და არ გესმით, მაშინ ის ჩუმი და მშვიდია. და ეს ყოფიერებასთან, საკუთარ თავთან, რეალობასთან ჰარმონიულად ყოფნის სწორი საშუალებაა. რაც უფრო მშვიდია, მით უფრო ღრმად იძირებით შიგნით. ხანდახან იგი საერთოდ ჩერდება! აქ ეს მრავალ სანიასს ემართება: ისინი მოდიან და მიყვებიან ამის შესახებ, რადგანაც ძალიან შეშინებულები არიან ხოლმე. როცა სუნთქვა ჩერდება, ფიქრობენ, რომ ახლა მოკვდებიან!

სწორედ რამდენიმე დღის უკან  ვუპასუხე ერთ ადამიანს, რომელმაც დისკურსის დროს იგრძნო, რომ კვდებოდა. მას შეეშინდა. ნუ შეგეშინდებათ. თუ სუნთქვა ჩერდება, ნება მიეცით მას, რომ გაჩერდეს, დატკბით ამით, - და თქვენ არ მოკვდებით! სუნთქვის ამ გაჩერებაში თქვენ შეიცნობთ რეალობის ჭეშმარიტ ფორმას, თქვენ შეიცნობთ მარადიულ სიცოცხლეს, თქვენ შეიცნობთ უკვდავებას.

უეცრად იგი ისეთი წყნარი ხდება, რომ ჩერდება. მაშინ ვლინდება ჭეშმარიტი სუნთქვა, და გულის ფორმა ცნობიერებაში მოდის.

თუ ნებას მისცემთ ამას, რომ მოხდეს... სწორედ ამიტომ ვუთხარი ამ ადამიანს: „შენ სულელი ხარ, შენ ხელიდან გაუშვი! არ გაუშვა ხელიდან შემდეგში“.

თუ სუნთქვა ჩერდება, „... მაშინ ვლინდება ჭეშმარიტი სუნთქვა“, ვლინდება ჭეშმარიტი სიცოცხლე;   სიცოცხლე, რომელიც არაა დამოკიდებული სუნთქვაზე, მარადიული სიცოცხლე;  სიცოცხლე, რომელიც არ წარმოადგენს სხეულის ნაწილს; სიცოცხლე,  რომელიც მაშინაც რჩება, როცა სხეული ფერფლად იქცევა და ქრება. ამ მომენტში ვლინდება ცნობიერება, და თქვენ ბუდა ხდებით. იყო ბუდა  ნიშნავს იყო ბოლომდე გაცნობიერებული, გამოღვიძებული.

თუ გული მსუბუქია, სუნთქვაც მსუბუქია, რადგანაც გულის ყოველი მოძრაობა ზემოქმედებას ახდენს სუნთქვის ენერგიაზე. თუ სუნთქვა მსუბუქია, გულიც მსუბუქია, რადგანაც სუნთქვის ენერგიის ყოველი მოძრაობა გულზე ახდენს ზემოქმედებას. იმისთვის, რომ გული დავამშვიდოთ, უნდა ვიზრუნოთ სუნთქვის ენერგიაზე. გულზე პირდაპირ ზემოქმედება შეუძლებელია. ამიტომ სუნთქვის ენერგია გამოიყენება, როგორც ბერკეტი. ამას ეწოდება სუნთქვის სტაბილური ენერგიის შენარჩუნება.

ბავშვებო, ნუთუ არ გესმით მოძრაობის ბუნება? მოძრაობის გამოწვევა გარეგნული საშუალებებითაა შესაძლებელი. ეს ოსტატობის მეორე დასახელებაა. გულს შეგიძლიათ აიძულოთ მოძრაობა, თუკი უბრალოდ გაიქცევით. მაშ, ნუთუ არ შეიძლება მისი დაწყნარება სიმშვიდეზე კონცენტრაციით? დიდმა წმინდანებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ გული და სუნთქვის ენერგია ურთიერთკავშირშია, მოიგონეს იოლი მეთოდი შთამომავლობის დასახმარებლად.

ეს თქვენთვის ნაცნობია: თუ გარბიხართ, სუნთქვა ძალიან ქაოტური და წყვეტილი ხდება. იოგას პოზები სირბილის საპირისპირო მხარეა: მაგალითად, სრული ლოტოსის პოზა -  თქვენ ზიხართ ძალიან გამართული, სრულ სიჩუმეში, თითქოს მარმარილოს ქანდაკებად იქეცით, ოდნავი მოძრაობის გარეშე. ეს უბრალოდ გარეგნული მექანიზმია, რომელიც თქვენს სუნთქვას დამშვიდებაში ეხმარება. თუკი სუნთქვას შეუძია ინტენსიური გახდეს სირბილის დროს, ბუნებრივია, ის მშვიდი გახდება, თუკი მშვიდად იჯდებით, როგორც ბუდას ქანდაკება. სცადეთ დაჯდეთ ქანდაკებასავით, სხეულში ოდნავი მოძრაობის გარეშე, და მაშინ სუნთქვა აუცილებლად დამშვიდდება... და გაჩერდება. თავიდან ის მხოლოდ რამდენიმე წამით ჩერდება. ნუ შეგეშინდებათ და ნუ იფიქრებთ, რომ გულის შეტევა დაგემართათ ან რამე ამდაგვარი. ეს გულის შეტევა არაა, ეს ღვთებრივი შეტევაა.

 „კრუხს შეუძლია წიწილების გამოჩეკვა, რადგანაც მის გულს ყოველთვის ესმის“. ეს მნიშვნელოვანი მაგიური შელოცვაა. კრუხი წიწილებს სითბოს ენერგიის მეშვეობით ზრდის. მაგრამ სითბოს ენერგიას შეუძლია მხოლოდ გარსი გაათბოს, მას არ შეუძლია შიგნით შეღწევა. ამიტომ ის თავის ენერგიას შიგნით თავისი გულიდან აგზავნის. ამას სმენის მეშეობით აკეთებს. ამგვარად, იგი მთელი თავისი გულის კონცენტრაციას ახდენს. როცა გული აღწევს, ენერგიაც აღწევს, წიწილა სითბოს ენერგიას ღებულობს და სიცოცხლეს იწყებს. ამიტომ, მაშინაც კი, თუ კრუხი ზოგჯერ ტოვებს კვერცხებს, ის ყოველთვის მოსმენის მდგომარეობაში იმყოფება. მაშინ სულის კონცენტრაცია არ წყდება.

ეს არა მხოლოდ კრუხებს , არამედ ადამიანებსაც  ემართებათ. ეს ყველა დედას ემართება. შესაძლოა ქარიშხალი ამოვარდეს, მაგრამ ის ვერ გაიგებს ამას, ქარიშხალი ვერ დაარღვევს მის ძილს. მაგრამ როგორც კი ბავშვი წამოიტირებს, ან გაინძრევა, დედა მყისიერად იღვიძებს, თითქოს მისი სმენა გამუდმებით ბავშვზეა კონცენტრირებული. გინდ მატარებელმა ჩაიაროს, გინდ თვითმფრინავმა ჩაიფრინოს, ისინი მას ვერ გააღვიძებენ. მაგრამ როგორც კი ბავშვი შეირხევა, ის მყისიერად ფხიზლდება და სმენად იქცევა. ის ღრმად შეიგრძნობს ბავშვს ბგერის მეშვეობით. ის გამუდმებით აყურადებს, ითქოს ბავშის გულისცემის გაგება უნდა.

ეს მეთოდი ყველასთვისაა, ვინც მედიტირებს: იყო დაკავშირებული სმენასთან იმდენად ღრმად, რომ გესმოდეს საკუთარი სუნთქვა, საკუთარი გულისცემა. თავიდან მოისმენთ ამას, იმიტომ რომ იგი ქაოტურია. მაგრამ თუ განაგრძობთ მოსმენას, თავად ეს ძალისხმევა გახდის სუნთქვას უფრო მშვიდს. როცა ამას ეუფლებით, როცა თქვენი სმენა ძალიან ღრმა გახდება და შეძლებთ, რომ გაცნობიერებული იყოთ, მაშინ  ყველა ბგერა და  ბგერის ყველა ტონი გაქრება. დადგება მომენტები, როცა სუნთქვა გაჩერდება. ეს ექსტაზის, სატორის, გასხივოსნების, სამადჰის ძვირფასი მომენტებია.

მაშინ სულის კონცენტრაცია არ წყდება. და რადგანაც ის არ წყდება არც დღისით და არც ღამით. ასევე არ წყდება სითბოს ენერგიის დინება, და სული ცოცხლდება. ხდება სულის გამოღვიძება, რამეთუ თავდაპირველად გული მოკვდა.

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თუკი უეცრად მედიტაციის დროს იგრძნობთ, რომ თქვენი გული კვდება, არ იფიქროთ, რომ ეს გულის შეტევაა. როცა სუნთქვა ჩერდება, გეჩვენებათ, რომ თქვენი გული კვდება. მაგრამ ის არ კვდება, ის დაბადებას აძლევს თქვენს ნამდვილ გულს.

როცა პრაქტიკოსი ნებას აძლევს თავის გულს, რომ მოკვდეს, თავდაპირველი სული ცოცხლდება. გულის მოკვლა  არ ნიშნავს, რომ გახმობის და დაჭკნობის საშუალება მივცეთ მას; ეს ნიშნავს, რომ ის განუყოფელი უნდა გახდეს და ერთ მთლიანობად უნდა შეიკრას.

სწორედ ამაშია ოქროსფერი ყვავილის საიდუმლო: თუ გული შეძლებს, რომ მოკვდეს, ყვავილი შეძლებს გაფურჩქვნას. მოკვდით ისეთები, როგორებიც ხართ, რათა ხელახლა დაიბადოთ. იესო ამბობს: „სანამ ხელახლა არ დაიბადებით, ვერ იხილავთ ცათა სასუფეველს“.

დღეისათვის საკმარისია.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff