ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო

ოშო
0
0

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მას არ სჭირდება ძებნა, მას უბრალოდ ხელახლა აღმოჩენა სჭირდება. ვეძებოთ იგი სადღაც გარეთ - ეს საიმედო გზაა მისი ხელიდან გ...

თავი 19 - ოქროს ყვავილი იფურჩქნება

 

თავი 19

ოქროს ყვავილი იფურჩქნება

ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა:

წარმატების მრავალი ნიშანი არსებობს. არ უნდა დაკმაყოფილდეთ მცირედით. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ყველა ცოცხალი არსება უნდა გადარჩეს. არ უნდა იყოთ ტრივიალური და უპასუხისმგებლო თქვენს გულში; უნდა ისწრაფოთ იმისკენ, რომ სიტყვები საქმით დადასტურდეს.

თუკი სიმშვიდის მდგომარეობაში გიჩნდებათ უწყვეტი და ხანგრძლივი გრძნობა უზარმაზარი სიხარულისა, თითქოს მთვრალი ხართ, ან წყაროში განიბანეთ, ეს იმის ნიშანია, რომ სინათლის პრინციპი მთელს სხეულში ჰარმონიულია; ეს ნიშნავს, რომ ოქროს ყვავილი გაფურჩქვნას იწყებს. შემდეგ, როცა ყველა გრძნობათა ორგანო მშვიდია, და ვერცხლისფერი მთვარე ცის შუაში დგას, და თქვენ გიჩნდებათ შეგრძნება, რომ ეს დიადი დედამიწა - სინათლის სამყაროა, ეს ნიშნავს, რომ გულის სხეული სიცხადისკენ იხსნება. ესაა ნიშანი, რომ ოქროს ყვავილი იფურჩქნება. შემდეგ, მთელ სხეულში იგრძნობა ძალა და სიმყარე ისე, რომ მას აღარ ეშინია არც ქარბუქის, არც ყინვის. თუ მე ვხვდები ადამიანს, რომელიც მოქუფრულია, ეს არ მოქმედებს სულის თესლის ნათებაზე. ყვითელი ოქრო ავსებს მთელ სახლს, რომლის საფეხურებიც თეთრი ნეფრიტისგანაა ნაკეთები. ყველაფერი, რაც გახრწნილია და მყრალია, ჭეშმარიტი ენერგიის ერთიან სუნთქვასთან შეხებით კვლავ მყისიერად ცოცხლდება. სისხლი რძედ იქცევა. ხორცის ნაზი სხეული სუფთა ოქროდ და ბრილიანტად გარდაიქმნება. ესაა ნიშანი, რომ ოქროს ყვავილმა კრისტალიზება განიცადა.

სინათლის ნათება თანდათანობით კრისტალიზდება. შემდეგ ჩნდება უზარმაზარი ტერასა, რომელზეც დროთა განმავლობაშ ბუდა ვლინდება. როცა ოქროს არსება ჩნდება, სხვა ვინ შეიძება იყოს ეს, თუ არა ბუდა? ბუდა - ეს ხომ დიადი გასხივოსნების ოქროს წმინდა ადამიანია. ეს წარმატების უდიდესი ნიშანია.

იგავი...

ერთხელ ღმერთი ვიშნუ შორეულ მთაზე, ღრმა გამოქვაბულში იჯდა და თავის მოსწავლესთან ერთად მედიტირებდა. მოსწავლე ისეთი შეძრული იყო ამ პროცესით, რომ მედიტაციის დამთავრებისთანავე ვიშნუს ფეხებთან პირქვე დაემხო და სთხოვდა ნებართვას, რომ მადლიერების ნიშნად რაიმე გაეკეთებინა ოსტატისთვის. ვიშნუს გაეღიმა და თავი გააქნია:

- არაფერია უფრო ძნელი, ვიდრე მადლობის გადახდა იმისთვის, რაც ისე, უანგაროდ მოგეცი.

- გთხოვ, ბატონო, - შეევედრა მოსწავლე, - ნება მომეცი გემსახურო.

- კარგი, - დათანხმდა ვიშნუ, - ერთი ჭიქა საოცარი, გრილი წყალი მინდა.

- ახლავე, ჩემო ბატონო, - თქვა მოსწავლემ და მთიდან ქვემოთ დაეშვა, თან სიხარულის ნიშნად მღეროდა. რაღაც დროის შემდეგ მშვენიერი დაბლობის ბოლოში მდგარ მომცრო სახლს მიუახლოვდა და კარზე დააკაკუნა.

- შეიძლება ერთი ჭიქა ცივი წყალი გთხოვოთ ჩემი ოსტატისთვის? - იკითხა მან. - ჩვენ მოხეტიალე სანიასები ვართ და სახლი არ გაგვაჩნია ამ მიწაზე.

კარი მშვენიერმა ქალმა გაუღო და დაუფარავი აღტაცებით მიაპყრო თვალები.

- აჰ, - წამოიძახა მან, - თქვენ ალბათ იმ დიად წმინდანს ემსახურებით შორეულ მთაზე. გთხოვთ, კეთილო ბატონო, შემობრძანდით ჩემს სახლში და აჩუქეთ მას თქვენი წყალობა.

- მაპატიეთ უხეშობისთვის, - უპასუხა მან, - მაგრამ მეჩქარება. მე დაუყოვნებლივ უნდა დავბრუნდე ჩემს ოსტატთან და წყალი მივუტანო.

- დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სახლის კურთხევით, არანაირად არ აწყენინებთ მას. ბოლოს დაბოლოს, ის დიადი წმინდანია, და თქვენ, როგორც მისი მოსწავლე, ვალდებული ხართ დაეხმაროთ მათ, ვისაც ნაკლებად გაუმართლა. გთხოვთ, - გაიმეორა მან, - აკურთხეთ ჩემი მოკრძალებული სახლი. ჩვენთვის დიდი პატივია გიხილოთ აქ და თქვენი მეშვეობით ვემსახუროთ თქვენს ბატონს.

მოსწავლე მორბილდა, სახლში შევიდა და აკურთხა იგი. შემდეგ ვახშმის დროც დადგა, და დიასახლისმა დაარწმუნა იგი, რომ დარჩენილიყო და ეკურთხებინა მისი სახლი უშუალოდ, საჭმლის დაგემოვნებით და მისი კურთხევით. შემდეგ კი დაბნელდა, მთისკენ გზა კი პატარა არ იყო, და მას შეეძლო წაბორძიკებულიყო და წყალი დაექცია, ამიტომაც დათანხმდა და დილამდე დარჩა. მაგრამ დილით აღმოჩნდა, რომ ძროხები ტკივილისგან ბღაოდნენ, რადგან არავინ იყო ისეთი, ვინც მათ მოწველაში დაეხმარებოდა ქალს. და ერთი ძროხის მოწველაში მაინც თუ დაეხმარებოდა, - ბოლოს და ბოლოს, ძროხები - ღმერთ კრიშნას წმინდა ცხოველები არიან და არ უნდა დაიტანჯონ, - ეს შესანიშნავი იქნებოდა.

დღეები კვირებად იქცნენ, ის მოსწავლე კი ქალის სახლში განაგრძობდა ცხოვრებას. ისინი დაქორწინდნენ და მრავალი შვილი შეეძინათ. მიწას ამუშავებდა და მოსავალს იღებდა. შემდეგ სხვა მიწებიც შეიძინა და მათი დამუშავებაც დაიწყო. მალე მეზობლებმა დაიწყეს მასთან რჩევებისთვის და დახმარებისთვის მისვლა, და ისიც სიამოვნებით ეხმარებოდა. მისი ოჯახი აყვავდა. მისი ძალისხმევით აშენდა ტაძრები, მალე სკოლები, საავადმყოფოებიც გაჩნდა და ეს ველი სამოთხედ იქცა დედამიწაზე. ჰარმონია სუფევდა იქ, სადაც მანამდე მხოლოდ უდაბნო იყო, და მრავალი ადამიანი მიდიოდა იმ ადგილას, რადგანაც ხმები გავრცელდა მის აყვავებასა და კეთილდღეობაზე. იქ არ იყო არც სიღარიბე, არც ავადმყოფობები, და თავისი შრომით ადამიანები ღმერთს ადიდებდნენ. იგი ხედავდა, როგორ იზრდებოდნენ მისი შვილები, მისი შვილიშვილები, და კმაყოფილი იყო.

ერთხელ, უკვე მოხუცებული, ერთ-ერთ მთაზე იდგა, და ფიქრობდა, თუ როგორ შეიცვალა ეს დაბლობი მას შემდეგ, რაც აქ მოვიდა: სადაც არ უნდა გაიხედო - აყვავებული ფერმები და ბედნიერი ადამიანები არიან. ის კმაყოფილი იყო.

უეცრად დაბლობს ცუნამის უზარმაზარი ტალღა დაატყდა, და მის თვალწინ მთელი დაბლობი წყალმა დაფარა. ერთ წამში ყველაფერი გაქრა. ცოლი, შვილები, ფერმები, სკოლები, მეზობლები - ყველაფერი გაქრა. შეძრული, მის თვალწინ დატრიალებულ კატასტროფას უყურებდა. და ამ დროს, ტალღის ქიმზე თავისი ოსტატი - ვიშნუ დაინახა, რომელმაც შემოხედა, სევდიანად გაუღიმა და უთხრა: „მე ჯერ კიდევ ველოდები ჩემს წყალს!“

ეს ყოველი ადამიანის ისტორიაა. ესაა ის, რაც ყველას დაემართა.. ჩვენ სრულიად დაგვავიწყდა, რატომ ვართ აქ, რატომ გავჩნდით აქ, - რა უნდა ვისწავლოთ აქ, რა უნდა გავიგოთ, რა უნდა შევიძლინოთ, ვინ ვართ და საიდან ვართ, სადაა ჩვენი წყარო, და რა მიზეზით მოვედით ამ ცხოვრებაში, ამ სხეულში, ამ სამყაროში. რას მივაღწიეთ ამ მომენტისთვის? თუკი ცუნამი მოვარდება, - ის კი მოვარდება, ის ყოველთვის მოდის, სახელი მისი - სიკვდილია, - მაშინ ყველაფერი გაქრება.: ბავშები, ოჯახი, სახელი, დიდება, ფული, ძალაუფლება, პრესტიჟი. ერთ გაელვებაში ყველაფერი გაქრება, და თქვენ მარტოობაშჳ დარჩებით, სრულ მარტოობაში. ყველაფერი, რაც გააკეთეთ, ამ უზარმაზარი ტალღის მიერ იქნება გაადგურებული. ყველაფერი, რისი გულისთვისაც მუშაობდით, მხოლოდ სიზმარი აღმოჩნდება, - თქვენ ცარიელი ხელებით და ცარიელი გულით აღმოჩნდებით, და მოგიწევთ, რომ პირისპირ აღმოჩნდეთ ღმერთთან, მოგიწევთ, რომ პირისპირ შეხვდეთ ყოფიერებას.

ყოფიერება კი გელდებოდათ და ახლაც გელოდებათ, - ის უკვე ძალიან დიდი ხანია გელოდებათ, როდის მიუტანთ იმას, რისი გულისთვისაც პირველ რიგში იყავით აქ გამოგზავნილი. მაგრამ თქვენ ჩაგეძინათ, და ათასი სიზმარი გესიზმრებათ. ყველაფერი, რასაც აქამდე აკეთებდით, ეს მხოლოდ სიზმარია, რადგანაც როცა სიკვდილი დადგება, ყველაფერი გაქრება.

სიკვდილი ვერ გაანადგურებს რეალობას. რეალობამ არ იცის სიკვდილი. რეალობა უკვდავია. რეალობა მარადიულია. თუკი რაღაც კვდება, ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ის რეალობა კი არა, არამედ ილუზია იყო, აია, სიზმარი - შესაძლოა, ლამაზი სიზმარი, მაგრამ მაინც მხოლოდ სიზმარი. შესაძლოა, გესიზმრებათ, რომ ჯოჯოხეთში ხართ, შესაძლოა, გესიზმრებათ, რომ სამოთხეში ხართ, მაგრამ ამას არ აქვს განსაკუთებული მნიშვნელობა. იმ მომენტში, როცა გაგაღვიძებენ, თქვენ სრულ სიცარიელეში აღმოჩნდებით, - ნეგატიურ სიცარიელეში, და არა პოზიტიურში, რომელიც ბუდებმა შეიცნეს; არა იმ სიცარიელეში, სადაც ეგო აღარაა, არამედ იმაში, სადაც აღარაფერია - თქვენი ეგოს მიერ შექმნილი; სიცარიელეში, სადაც ბევრია ეგო, მაგრამ აღარაა არანაირი მიღწევა, არანაირი რეალიზაცია, არანაირი ცოდნა. ეს არ ნისნავს, რომ ეგოს არ აქვს პრეტენზია ცოდნაზე. ეგო აგროვებს ინფორმაციას. ის ყოველთვის ძალიან მცოდნეა. ეგო - დიდი კოლექციონერია: ის აგროვებს ფულს, იფორმაციას, ყველაფერს, რაც შეუძლია. მას სჯერა დაგროვების. ეგო - ეს ავხორცობაა. ეგო - სხვა სახელწოდებაა ავხორცობისთვის, მას უნდა, რომ ფლობდეს. მაგრამ ყველაფერი, რასაც ფლობთ, გაქრება; ყველაფერს, რასაც აკეთებდით, სიზმარში აკეთებდით. იმ მომენტში, როდესაც გაგაღვიძებენ, გაოცდებით, რადგანაც მიხვდებით, რამდენი დრო დაგიკარგავთ უაზროდ, რამდენი ცხოვრება ცხოვრობდით სიზმარში, რამდენი სიზმარი გამოიარეთ.

იყო მაძიებელი - ნიშნავს გამოიღვიძო სიზმრისგან, გამოხვიდე ცნობიერების მძინარე მდგომარეობიდან. იყო მაძიებელი - ნიშნავს ძალისხმევას იმისთვის, რომ გაიღვიძო. გამოიღვიძო - ნიშნავს ბუდა გახდე, დაკვირვებული გახდე, გაცნობიერებული, შიგნით  სინათლით აღივსო ისე, რომ მთელი არაცნობიერი გაქრეს, მთელი სიზმარი გაქრეს, ასე რომ თქვენს შიგნით აღარაა ძილის სიბნელე, და ბოლომდე გამოღვიძებული ხართ.

ერთხელ ერთმა დიადმა ასტროლოგმა ბუდა დაინახა. თავის თვალებს არ უჯერებდა: გააოცა მისმა სხეულმა, მისმა ოქროსფერმა აურამ, მშვენიერმა თვალებმა, მშვიდმა, ღრმამ, კრისტალურმა სიცხადემ, ამ გრაციოზულმა სიარულის მანერამ. ბუდას ფეხებთან დაეცა და უთხრა:

მე ასტროლოგიას და ქირომანტიას ვსწავლობდი. მთელი ცხოვრება ვსწავლობდი ადამიანთა ტიპებს, მაგრამ ჯერ არასოდეს შემხვედრია თქვენნაირი ადამიანი! რომელ ტიპს განეკუთვნებით? თქვენ ღმერთი ხართ, რომელიც დედამიწაზე ჩამოვიდა? მეჩვენება, რომ არაამქვეყნიური ხართ. თქვენშჳ ვერანაირ სიმძიმეს ვერ ვხედავ. თქვენ აბსოლუტურად მსუბუქი ხართ, უწონადი. მიკვირს: მიწაზე ისე დადიხართ, თითქოს მიზიდულობის ძალა არ მოქმედებს თქვენზე.თქვენ ღმერთი ხართ, რომელიც ციდან ჩამოვიდა, რათა დაენახა, თუ რა ხდება დედამიწაზე? ღმერთის გამოგზავნილი ხართ? წინასწარმეტყველი ხართ? ვინ ხართ?

ბუდამ უპასუხა:

- მე არ ვარ ღმერთი.

- მაშინ იაქშა ხართ? - ჰკითხა ასტროლოგმა (ინდურ მითოლოგიაში ეს არსებები ღმერთებზე ცოტა დაბლა დგანან).

- არა, მე არ ვარ იაქშა, - უპასუხა ბუდამ.

- მაშ, ინ ხართ? რა მამაკაცი ხართ? რომელ კატეგორიას ეკუთვნით?

ბუდამ უთხრა:

- მე არც მამაკაცი ვარ და არც ქალი.

ასტროლოგი სრულიად გაოგნებული იყო. მან ისევ იკითხა:

- რას გულისხმობთ? გულისხმობთ, რომ ცხოველი ხართ? ცხოველის სული? ხის სული? ან იქნებ მთის ან მდინარის სული? - რადგანაც ინდური მითოლოგია პანთეისტურია: მას ყველანაირი სულების არსებობის სჯერა. - მაშ ვინ ხართ? - ვარდის სული? თქვენ ისეთი მშვენიერი ხართ, ისეთი უმანკო.

ბუდამ მიუგო:

- არა, მე არც ცხოველი ვარ, არც ხის სული და არც მთის სული.

- მაშ, ვინ ხართ? - ასტროლოგი ძალიან გაოცებული იყო.

ბუდამ უპასუხა:

- მე გაცნობიერებულობა ვარ, უბრალოდ გაცნობიერებულობა. შეუძლებელია ჩემი მიკუთვნება რომელიმე კატეგორიისადმი, რადგანაც ყველა კატეგორია სიზმრებს განეკუთვნება.

ვიღაცას ესიზმრება, რომ ის მამაკაცია, ვიღაც სხვას ესიზმრება, რომ ქალია, და ასე შემდეგ. კატეგორიები სიზმრების სამყაროს განეკუთვნება. როცა ადამიანი იღვიძებს, ის უბრალოდ გაცნობიერებულობის პრინციპი ხდება, თავად გაცნობიერებულობა. მაშინ ის უბრალოდ მოწმეა, სუფთა მოწმე. ყველა ღრუბელი გაქრა. ქალის, მამაკაცის, ცხოველის, ღმერთის, ხის - ყველა ღრუბელი, ყველა ფორმა გაქრა. მაშინ ის უბრალოდ უფორმო გაცნობიერებულობაა, წმინდა, უსასრულო, უსაზღვრო, უზარმაზარი ცა. ამ გაცნობიერებულობაში აღარაა ღრუბელი, მასში ბევრი ცაა. სწორედ ესაა პოზიტიური სიცარიელე, სწორედ ესაა ნირვანა.

არსებობს ასევე ნეგატიური სიცარიელე: თქვენ ღრუბლებით ხართ სავსე, - სავსე იმდენად, რომ ცის პატარა ნაგლეჯიც კი არ ჩანს; თქვენ გავსებთ ცოდნა, - გავსებთ იმდენად, რომ საერთოდ აღარ რჩება სივრცე მედიტაციისთვის.

ამბობენ, რომ ის, ვინც არ იცის, და ამავე დროს იცის, რომ იცის, - სულელია. ჩვეულებრივ ასეთ ადამიანებს პანდიტებს ან მეცნიერებს უწოდებენ, - უფრთხილდით მათ. ის, ვინც არ იცის, და არ იცის, რომ არ იცის, უმანკო ბავშვია. გამოაღვიძეთ იგი. ის, ვინც არ იცის, და იცის, რომ არ იცის, - ბუდაა. გაჰყევით მას.

გახდე ბუდა - ნიშნავს მიხვიდე გაგებამდე: „მე არავინ არ ვარ“. ბუდა - ეს არაა ვინმეს სახელი. ბუდა - ეს სიცარიელის სახელია. ბუდა - ეს არაა რაიმე ცალკე არსება. ბუდა - ეს უბრალოდ ცაა, გახსნილი ცა, გახსნილობა, უსაზღვრო ცის, გახსნილობის სხვა სახელწოდება.

დააკვირდით საკუთარ გონებას: რამდენ სიზმარს ჰბადებს გამუდმებით. თქვენ სიზმრებს ხედავთ არა მხოლოდ ღამით, თქვენ სიზმრებს ხედავთ გამუდმებით. სიზმარშ  იმყოფებით დღისითაც კი, მაშინაც კი, როდესაც ფიქრობთ, რომ არ გძნავთ. ნებისმიერ მომენტშ დახუჭეთ თვალები, მოდუნდით და თქვენს წინ მაშინვე გაიელვებენ სიზმრები. ისინი არასოდეს გტოვებენ, ისინი გამუდმებით შიგნით არიან, როგორც ფონი. ისინი გამუდმებით ახდენენ გავლენას თქვენს არსებობაზე. ისინი თქვენს ქვეცნობიერში არიან. შესაძლოა, ვერ აცნობიერებთ მათ, შესაძლოა არც კი ეჭვობთ მათ არსებობაზე, მაგრამ ისინი ყოველთვის არიან. მაშინაც კი, როცა მე მისმენთ, თქვენს შიგნით კვლავ და კვლავ მეორდება ეს კინო, სიზმრების ეს სერიალი. ამიტომაც ვერ შეძლებთ იმის მოსმენას, რასაც ვამბობ. პირველად, ჩემი ნათქვამი თქვენს სიზმრებს გაივლის და მახინჯდება მათ მიერ; თქვენ ის არ გესმით, რაც სინამდვილეშ ითქვა. თქვენი სიზმრები ამახინჯებენ, თქვენი სიზმრები მანიპულირებას ახდენენ, თქვენი სიზმრები პროეცირებას ახდენენ, თქვენი სიზმრები ყველაფერს ცვლიან: მე ერთს ვამბობ, თქვენ კი სრულიად სხვა გესმით.

ამ სიზმრებს თქვენს შიგნით უზარმაზარი ძალა აქვთ, მაგრამ თქვენ არ იცით, რა მოუხერხოთ მათ. სინამდვილეშ, თქვენ იმდენად აიგივებთ თავს ამ სიზმრებთან, რომ უკვე ვეღარ ხვდებით, რომ თქვენ ცალკე ხართ, რომ შეგიძლიათ დააკვირდეთ, შექმნათ დისტანცია, რომ შეგიძლიათ უბრალოდ დამკვირვებელი იყოთ. თქვენ ძალიან გაიგივდით თქვენს სიზმრებთან.

იმ სწავლების პოვნა, რომელსაც შეუძლია თქვენი გამოღვიძება, ძალიან დიდი იშვიათობაა. იმ ოსტატის პოვნა, რომელიც შეგაჯანჯღარებთ და გამოგაფხიზლებთ, ვინც საუკუნოვანი და ქვეცნობიერშ ღრმად გამჯდარი სიზმრებისგან გამოგათრევთ, ძალიან დიდი იშვიათობაა. ოსტატთან შეხვედრა - ეს დიდი იშვიათობაა; ადვილად შეიძლება მისი ხელიდან გაშვება, რადგანაც ოსტატთან ყოფნა თავისი არსით მხოლოდ ერთს მოითხოვს: დადოთ მის წინ თავი, რათა მან შეძლოს, რომ მთელი ძალით ჩაგცხოთ თავის კუვალდა. ოსტატი - ეს კუვალდაა. ადამიანები სხვა სიტუაციას ელიან: ისინი ფიქრობენ, რომ ოსტატი ასიამოვნებს მათ ეგოს, რომ ეტყვის მათ: „ყოჩაღ, შენ დიადი სულიერი მაძიებელი ხარ“.

არსებობს შესანიშნავი ჰასიდური გამოთქმა: ღმერთი - ეს არაა თქვენი კეთილი ბიძა, ღმერთი - ეს მიწისძვრაა.

ისევე, როგორც ოსტატი! ოსტატი - ეს არაა თქვენი კეთილი ბიძა, ოსტატი - ეს მიწისძვრაა. მხოლოდ მათ, ვინც მზად არიან ყველაფრით გარისკონ, ტოტალურად გარისკონ, მოკვდნენ, როგორც ეგო, შეუძლიათ დაბადება.  სწორედ ამას გულისხმობს იესო, როდესაც ამბობს: „თუ გინდათ, რომ გამომყვეთ, საკუთარი ზურგით მოგიწევთ ჯვრის ტარება“.

კაბირმა თქვა: „თუ მართლა გინდათ, რომ მე გამომყვეთ, დაუყოვნებლივ დაწვით თქვენი სახლი!“ რა სახლზე ლაპარაკობს იგი? სიზმრების სახლი, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, ბოლომდე უნდა დაიწვას, რათა კვლავ შეძლოთ ღია ცის, ვარსკვლავების, მზისა და მთვარის ქვეშ დარჩენა, რათა კვლავ შეძლოთ ქარში წვიმის ქვეშ დარჩენა, რათა კვლავ გახსნილი იყოთ ბუნებისთვის, - რადგანაც ღმერთი, სხვა არაფერია, თუ არა ბუნების ღრმად დამალული გული. ღმერთი - არაა რომელიმე ცოდნა, ღმერთი - ეს უმანკოებაა. თქვენ შეიცნობთ ღმერთს არა ცოდნის დაგროვებით, არამედ სრულიად უმანკოდ გახდომით.

მაგრამ ეს ძალიან ძნელია ეგოსთვის... ძნელია უბრალოდ ამ სიტყვების მოსმენაც კი. და ეგო მათ მყისვე დაამახინჯებს, შეცვლის, სხვა ფერად გადაღებავს, ჩააქრობს; ის მანიპულირებას მოახდენს, ისე გააკეთებს, რომ ჩემი სიტყვები უფრო მეტად დაეხმარებიან ეგოს, ვიდრე დაანგრევენ.

ამ დაკვირვებას ერთი ისტორია ასახავს.  მასში საუბარია ადამიანზე, რომელსაც ჰქონდა აკვიატებული იდეა, რომ ის მკვდარია. მან ფსიქიატრს მიმართა. ფსიქიატრმა ყველა საშუალება გამოიყენა, რაც კი გააჩნდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ფსიქიატრმა გადაწყვიტა, რომ პაციენტის ლოგიკა მოეხმო.

- შეიძლება, რომ მკვდარ ადამიანებს სისხლი მოსდიოდეთ? - ჰკითხა ექიმმა.

- რა თქმა უნდა, არა, - უპასუხა პაციენტმა.

- კარგი, - თქვა ექიმმა, - მაშინ ჩავატაროთ ერთი ექსპერიმენტი.

მან ნემსი აიღო და პაციენტს უჩხვლიტა. მას სისხლი წამოუვიდა.

- შეხედეთ! ახლა რას იტყვით? - ჰკითხა ფსიქიატრმა.

- ეშმაკმა დალახვროს! - წამოიყვირა პაციენტმა. - გამოდის, რომ მკვდრებსაც შეიძლება წამოუვიდეთ სისხლი!

სწორედ ასე მუშაობს ეგო, სწორედ ასე მუშაობს გონება: მას შეუძლია ყველაფერი მტკიცებულებად აქციოს, არგუმენტად - საკუთარი თავის სასარგებლოდ. ეგო ძალიან ნატიფად და ცბიერად მოქმედებს, მას შეუძლია დაგარწმუნოთ იმაში, რომ მართალი ხართ. იგი ნებისმიერი საშუალებით, ნებისმიერი შესაძლო მეთოდით დაგარწმუნებთ იმაში, რომ ის მართალია, და ყველაფერი მისი საწინააღმდეგო - მცდარია. გახსოვდეთ: ეგო არასოდეს არაა მართალი! თუკი იპოვნით რაიმეს, რაც მის წინააღმდეგ მიდის, შანსს ნუ გაუშვებთ ხელიდან, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ დაანგრიოთ თქვენი ეგო. ის მომენტი, როდესაც თქვენი ეგოს დანგრევას შეძლებთ, უდიდესი წყალობის მომენტი გახდება, რადგანაც როცა თქვენ არ ხართ, არის ღმერთი; როცა თქვენ არ ხართ, თქვენ ხართ. ეს ყოფიერების უდიდესი პარადოქსია: როცა თქვენ არ ხართ, თქვენ ხართ.

სწორედ ამიტომ არ თანხმდებოდა ვიშნუ... მან უთხრა თავის მოსწავლეს: „არაფერია უფრო რთული, ვიდრე მადლობის გადახდა იმისთვის, რაც უანგაროდ მოგეცი“.

რატომ? რატომაა არაფერი უფრო რთული? იმიტომ, რომ ოსტატმა იცის - მისი მოსწავლე ჯერ კიდევ სიზმრებშია, ჯერ კიდევ თავის ეგოშია. სინამდვილეში, თავად აზრი იმის შესახებ, რომ „მე მინდა მადლობა გადაგიხადო, რამე გავაკეთო შენთვის, რადგანაც შენ ამდენი გააკეთე ჩემთვის“, - ეს აზრი თავად ეგოსგან მოდის. თუ მოსწავლემ გადააგდო ეგო, ვინ გადაიხდის მადლობას? ვინ? რჩება ვინმე, ვინც მადლიერი იქნება? არავინ არ რჩება. რჩება მხოლოდ სრული სიჩუმე. და ოსტატი მოხარულია ამ სიჩუმის: მოსწავლე მადლობას უხდის, - ამ სრული სიჩუმის მეშვეობით.

ერთხელ ბუდასთან მივიდა ადამიანი, რომელსაც რაიმეს გაკეთება უნდოდა კაცობრიობისთვის. იგი ძალიან მდიდარი იყო. მან ბუდას ჰკითხა:

- მითხარი, რა შეიძლება გავაკეთო კაცობრიობისთვის? მე ბევრი ფული მაქვს, ცოლი მომიკვდა, შვილები არ მყავს და მარტო ვცხოვრობ. მე ბევრის გაკეთება შემიძლია.

ბუდამ ძალიან სევდიანი თვალებით შეხედა და არაფერი არ უთხრა. მამაკაცმა ჰკითხა:

- რატომ დუმხარ? რატომ არ ამბობ არაფერს? შენ გამუდმებით ლაპარაკობ თანაგრძნობაზე, და მე მზად ვარ, რომ რაიმე გავაკეთო შენთვის. ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვი. ნუ ღელავ - საკმარისი ფული მაქვს! უბრალოდ მომეცი ნებისმიერი დავალება და შევასრულებ მას.

- მესმის, რასაც ამბობ, - უპასუხა ბუდამ. - მაგრამ მე ვწუხვარ: შენ ვერაფერს ვერ გააკეთებ, რადგანაც შენ ჯერ კიდევ არ ხარ. მანამ, სანამ რაიმეს გააკეთებ, ჯერ უნდა იყო. საქმე იმაში არაა, რამდენი გაქვს ფული, საქმე იმაშია, ხარ თუ არა შენ!

თანაგრძნობათანმყოფობას ახლავს თან, როგორც ჩრდილი, მაგრამ თქვენში არაა თანმყოფობა. ეგოს არ შეუძლია თანაგრძობა, ეგო სასტიკია. სასტიკია მაშინაც, როცა თანაგრძნობას თამაშობს. როცა ეგო ქრება, მაშინ ეს ადამიანი სასტიკადაც რომ გეჩვენებოდეთ, იგი არაა სასტიკი, მას არ შეუძლია სასტიკი იყოს. მაშინ მისი სისასტიკეც კი - ღრმა თანაგრძნობაა.

როცა ძენის ოსტატი თავში ურტყამს ჯოხს თავის მოსწავლეს, ეს არაა სისასტიკე. როცა ძენის ოსტატი თავს ესხმის მოსწავლეს და ცემს მას, ეს არაა სისასტიკე, რადგანაც მომხდარა, რომ ოსტატის დარტყმის შემდეგ მოსწავლეს გამოუღვიძია - გასხივოსნება ერთ წამში დამართნია, როგორც გაელვება.

ბუდამ თქვა: „შენ ვერაფერს იზამ. მე ვიცი შენი ფულის შესახებ, მე მსმენია შენს შესახებ, მაგრამ როდესაც გიყურებ, ძალიან ვწუხვარ. შენ გინდა რამე გააკეთო, მაგრამ შენშ არაა ის, ვინც გააკეთებს ამას. ყველაფერი რაც გაქვს, ეს მხოლოდ სიზმრებია“.

სწორედ ამიტომ ამბობს ვიშნუ: „არაფერია იმაზე ძნელი, ვიდრე მადლობის გადახდა იმისთვის, რაც უანგაროდ მოგეცი“. იგივეს ეუბნებოდა გიორგი გურჯიევი თავის მოსწავლეებს. ეს იყო ყველაზე პირველი, რაც მან პ.დ. უსპენსკის უთხრა.

უსპენსკი დიადი მაძიებელი იყო. ცოდნის მაძიებელი. როცა პირველად შეხვდა გურჯიევს, ის უკვე საქვეყნოდ ცნობილი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, მოაზროვნე იყო. უკვე გამოქვეყნებული იყო მისი უდიადესი წიგნი „Tertium Organum”. ეს იშვიათი წიგნია - იშვიათი იმ თვალსაზრისით, რომ მისი ავტორი არ იყო გამოღვიძებული. როგორ მოახერხა ასეთი მშვენიერი წიგნის დაწერა? მხოლოდ გასხივოსნებულ ადამიანს შეუძლია დაინახოს მასში რაღაც ნაკლოვანებები. საერთოდ კი მასში ძნელია რაიმე ნაკლოვანებების პოვნა. ის თითქმის უნაკლოა, თითქოს გასხივოსნებულს დაეწეროს.

მაგრამ როდესაც გიორგი გურჯიევმა ამ წიგნს შეხედა, რამდენიმე გვერდი გადაფურცლა და კარს იქით მოისროლა. მან თქვა: „ბოდვაა. შენ არაფერი არ იცი! როგორ შეგიძლია რამე იცოდე, თუ შენ არ ხარ! მანამ, სანამ რაიმეს გაიგებ, ჯერ უნდა იყო!“ მანამდე კი უსპენსკიმ მთელი აღმოსავლეთი შემოიარა ოსტატის ძიებაში. ეს შესანიშნავი ისტორიაა, თითქმის იგავია.

იგი მოგზაურობდა ინდოეთში, მოინახულა შრი-ლანკა, ბირმა. ცხოვრობდა მონასტრებში, ჰიმალაის გამოქვაბულებში. ხვდებოდა ლამებს, სვამიებს, ინდოელ მისტიკოსებს, მაგრამ არავინ არ აწყობდა. რატომ? - იმიტომ, რომ ყველაფერი, რასაც ისინი ამბობდნენ, იყო გამეორება იმ წერილებისა, რომლებიც უკვე წაკითხული ჰქონდა. ისინი არაფერს არ ამბობდნენ საკუთარი თავისგან. ღრმად იმედგაცრუებული, იგი რუსეთშ დაბრუნდა, პეტროგრადში, იქ, სადაც ცხოვრობდა. და პეტროგრადში, ერთ ყავახანაში მან გიორგი გურჯიევი გაიცნო. პირველივე შეხვედრა, ოსტატის ერთი მზერა... და გაბრწყინება: „აი, ადამიანი, რომელსაც მე ვეძებ. მთელი ცხოვრება ამ ქალაქში ვცხოვრობ, უკვე მრავალი წელია ამ ყავახანაში დავდივარ, და აი, ეს ადამიანი ჩემს წინ ზის! მე კი ნეპალში, ქაშმირში, ცეილონში, შორეულ ადგილებში ვეძებდი მას“.

პირველი, რაც გურჯიევმა უსპენსკის უთხრა: „სანამ შენ არ ხარ, ვერაფერი ვერ გეცოდინება. სანამ შენ არ ხარ, ვერაფერს ვერ გააკეთებ“.

და პარადოქსი იმაშია, რომ თქვენ ხართ მხოლოდ მაშინ, როცა ქრებით, როცა სიტყვა „მე“-ს უკვე აღარ აქვს აზრი. ეს სუტრები - გასაღებებია, რომლებიც გეხმარებიან ბუდას მდგომარეობის შექმნაში, - როცა თქვენ არავინ ხართ, უბრალოდ გაცნობიერებულობა, სინათლის ნათება სრულ სიცარიელეში.

სუტრები...

ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა:

წარმატების მრავალი ნიშანი არსებობს.

წარმატების ნიშანი ნიშნავს, რომ თქვენს სახლს უახლოვდებით. უნდა გესმოდეთ, უნდა აცნობიერებდეთ წარმატების ნიშანს, რადგანაც ეს სიმამაცეს გმატებთ, იმედს გაძლევთ, ძალებს გაძლევთ. თქვენ იწყებთ შეგრძნებას, რომ ამაოდ არ ეძებთ, რომ განთიადი უკვე ახლოსაა. შესაძლოა, ჯერ კიევ ბნელა, ჯერ კიდევ ღამეა, მაგრამ უკვე გამოჩნდნენ პირველი სხივები. ვარსკვლავები ქრებიან, აღმოსავლეთი ვარდისფრად იღებება, მზე ჯერ კიდევ არ ამოსულა, ჯერ მხოლოდ განთიადისწინა ბინდია, - მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მზე სადღაც ახლოსაა. თუ აღმოსავლეთი ვარდისფერს იღებს, ეს ნიშნავს, რომ განთიადი ახლოსაა, და ნებისმიერ მომენტში ჰორიზონტზე შესაძლოა მზე გამოჩნდეს. ჩიტებმა უკვე დაიწყეს ჟღურტული. ისინი დილას ეგებებიან. ხეები ცოცხლდებიან და ძილს იფერთხავენ. ადამიანები იღვიძებენ. ყველაფერი ეს კარგი ნიშნებია.

სწორედ ასევეა კარგი ნიშნები სულიერ გზაზეც. წარმოიდგინეთ, რომ მშვენიერი ბაღის მიმართულებით მიდიხართ, მაგრამ ვერ ხედავთ მას; რაც უფრო უხლოვდებით, მით უფრო კარგად გრძნობთ სიგრილეს და სუფთა ჰაერს. რაც უფრო შორდებით, მით უფრო ნაკლებად გრძნობთ ამ სიგრილეს. რაც უფრო უახლოვდებით, მით უფრო კარგად გრძნობთ არომატს, უამრავი ყვავილის არომატს. რაც უფრო შორდებით, მით უფრო სუსტი ხდება ეს არომატი. რაც უფრო უახლოვდებით, მით უფრო კარგად და მკაფიოდ გესმით ჩიტების ჭიკჭიკი. ხეებს ვერ ხედავთ, მაგრამ ჩიტების გალობა გესმით - გუგულის გალობა მანგოს ხეივანში... თქვენ უფრო და უფრო ახლოს მიდიხართ... ყველაფერი ეს - კარგი ნიშნებია. იგივე ხდება, როცა შინაგან ბაღს, სიცოცხლის, სიხარულის, სიჩუმის, ნეტარების შინაგან წყაროს უახლოვდებით. როცა ცენტრს უახლოვდებით, რაღაც გაქრობას იწყებს, და ჩნდება რაღაც ახალი.

არ უნდა დაკმაყოფილდეთ მცირედით. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ყველა ცოცხალი არსება უნდა გადარჩეს.

გახსოვდეთ: როცა წარმატების ნიშნები ჩნდებიან, არ უნდა დაკმაყოფილდეთ მცირედით. უეცრად საღმა ჰაერმა დაუბერა, და თქვენ ფიქრობთ, რომ ყველაფერს მიაღწიეთ. სიგრილე მშვენიერია, მაგრამ თქვენ უფრო შორს უნდა წახვიდეთ. არ უნდა დაკმაყოფილდეთ მცირედით. გიხაროდეთ, რომ ეს ხდება, მიიღეთ ეს, როგორც კარგის ნიშანი, მაგრამ ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ამით; დატკბით ამით, მადლიერი იყავით ღმერთისადმი, იგრძენით მადლიერება და განაგრძეთ იმავე მიმართულებით სიარული, საიდანაც წარმატების ნიშნები მოდიან.

ნუ დაკმაყოფილდებით მცირედით. მაგალითად, სიმშვიდით დაკმაყოფილება - ნინავს მცირედით დაკმაყოფილებას; სიმშვიდე იოლად მიღწევადია. მოდუნებული გონების მდგომარეობა იოლად მიღწევადია, ეს არც ისე რთულია. ბედნიერების და კმაყოფილების მიღწევა ადვილია. მოდუნებული, მშვიდი, დაუძაბავი ყოფნა - არც ისე მაღალი ამოცანაა. მაშ, რა ამოცანა უნდა დავისახოთ მიზნად?

აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ყველა ცოცხალი არსება უნდა გადარჩეს.

გაგიკვირდებათ, როცა შეიტყობთ, რომ სწორედ ეს წარმოადგენდა და წარმოადგენს მთავარ კრიტერიუმს. ბუდიზმში ამას „ბოდჰისატვების თანაგრძნობას“ უწოდებენ.

რაც უფრო უახლოვდებით თქვენს შინაგან ცენტრს, მით უფრო მეტად გრძნობთ ყველა ცოცხალი არსების ტანჯვას. ერთი მხრივ, ძალიან მშვიდი და უშფოთველი ხდებით; მეორე მხრივ, ღრმა თანაგრძნობას განიცდით მათ მიმართ, ვინც იტანჯება. არადა იტანჯება მთელი სამყარო, მთელი სამყარო მხოლოდ ტანჯვით, ტანჯვით და ტანჯვითაა სავსე. ერთი მხრივ უდიდეს სიხარულს იგრძნობთ, მეორე მხრივ კი - უდიდეს ნაღველს, რადგანაც მილიონობით ადამიანი იტანჯება - იტანჯება ამაოდ, ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე! მიაღწიონ ისეთივე ნეტარებას, როგორსაც თქვენ მიაღწიეთ, - ეს მათი ულებაა დაბადებიდან.

ნუ დაკმაყოფილდებით მხოლოდ იმით, რომ ნეტარებას მიაღწიეთ. ნუ იფიქრებთ, რომ თუ ნეტარებას მიაღწიეთ, ამით ყველაფერი დამთავრდა. თქვენ მიაღწიეთ ნეტარებას, მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა. სინამდვილეში თქვენი მოგზაურობა ახალ საფეხურზე გადადის. ახლა, როცა ბუდას მდგომარეობას მიაღწიეთ, ახლა, როცა სახლში დაბრუნდით, იწყება ნამდვილი მუშაობა. აქამდე მხოლოდ ოცნება იყო, ახლა კი ნამდვილი სამუშაო იწყება: სხვებსაც უნდა დაეხმაროთ გამოღვიძებაში. როცა მოსწავლე ბუდა ხდება, იგი ოსტატი უნდა გახდეს.

ქრისტიანობაშ ამას ეწოდება „ქრისტეს ცნობიერება“. მაგრამ ქრისტიანებმა ვერ გაიგეს ეს. მათ არასწორად გაიგეს. მათ გაიგეს, რომ იესო - ეს ერთადერთი ქრისტეა.

სიტყვა „ქრისტე“ მომდინარეობს სიტყვიდან კრიშნა. ეს იგივე პრინციპია: თუ თავად გადარჩით, სხვებიც უნდა იხსნათ. ტანჯვისგან განთავისუფლება - უდიდესი ნეტარებაა, მაგრამ ეს ნეტარება არაფერია იმ ნეტარებასთან შედარებით, რომელსაც განიცდით, როცა ტანჯვისგან სხვა ადამიანებს ანთავისუფლებთ. მხოლოდ საკუთარი თავის განთავისუფლება - ცოტა არ იყოს ეგოისტურია. ამ დროს მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავთ. როცა ეგო ქრება და თქვენ თავისუფლდებით, როგორ შეგიძლიათ გზაზე გაჩერება? ახლა სხვებიც უნდა იხსნათ. სწორედ ამიტომ უწოდენდნენ იესოს „მხსნელს“. მაგრამ იგი არაა ერთადერთი ქრისტე. ისინი ბევრნი იყვნენ მანამდეც, ისინი ბევრნი იყვნენ მის შემდეგაც, ისინი ბევრნი იქნებიან მომავალშიც. ყოველი, ვინც ბუდა ხდება, აუცილებლობის გამო მხსნელი უნდა გახდეს.

საკუთარი სიხარული, საკუთარი სიმშვიდე, საკუთარი ნეტარება - არც ისე ღირებულია. ნუ დაკმაყოფილდებით მხოლოდ ამით. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ერთხელ სხვებისთვისაც უნდა დაიწყოთ მათი გაზიარება, ერთხელ სხვებსაც უნდა დაეხმაროთ გამოღვიძებაში. ისე ღრმად უნდა ჩაიდოთ ეს თესლი თქვენს გულში, რომ როდესაც თქვენი ბუდაობა გაიფურჩქნება, ამ სამყაროდან არ გაქრეთ.

ბუდისტებს ამისთვის ორი სიტყვა აქვთ. პირველია - არჰატი. არჰატი - ესაა ადამიანი, რომელიც გასხივოსნებული გახდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ამით ყველაფერი დასრულდა, რომ მისი სამუშაო დასრულებულია. ის მიდის ამ სამყაროდან. მეორე სიტყვაა - ბოდჰისატვა. ბოდჰისატვა - ეს ისაა, ვინც გასხივოსნდა, მაგრამ ამ სამყაროდან არ წავიდა, - გადაწყვიტა აქ დარჩენილიყო, რაც შეიძლება დიდხანს.

ბუდაზე ამბობენ, რომ როდესაც იგი ნირვანას კარს მიუახლოვა, კარი ფართოდ გაიღო, მოისმა ღვთაებრივი მუსიკა, ოქროს ყვავილები ცვიოდნენ, მშვენიერი ანგელოზები სიხარულით ეგებებოდნენ, მაგრამ მან უარი თქვა შესვლაზე. ზურგი აქცია კარს.

ანგელოზები გაოცდნენ, ისინი თვალებს არ უჯერებდნენ. კვლავ და კვლავ კითხულობდნენ:

- რას აკეთებ? მთელი ცხოვრების განმავლობაში - არა მხოლოდ ამის, არამედ მრავალი წარსული ცხოვრების, - ამ კარს ეძებდი. ახლა, როცა იპოვე ის, ზურგს აქცევ? ჩვენ ხომ ასე გელოდით! სიხარულით სავსე სამოთხის ბაღი, - კიდევ ერთი ადამიანი გახდა ბუდა. შემოდი! მოდი, ერთად ვიზეიმოთ შენი ბუდაობა.

მაგრამ ბუდამ უპასუხა:

- სანამ ყველა, ვინც იტანჯება, გადარჩენილი არ იქნება, არ შემოვალ მანდ. მოცდა მომიწევს. მე ბოლო ვიქნები. დაე, ჯერ სხვები შემოვიდნენ.

ამ მშვენიერ ისტორიაში ნათქვამია, რომ იგი დღემდე ელოდება კართან. კარი უწინდებურად ღიაა, რადგანაც ანგელოზებს არ შეუძლიათ მისი დახურვა, - მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოუნდეს შესვლა, მას ამის სრული უფლება აქვს. ასე რომ კარი ღიად რჩება, ღვთაებრივი მუსიკა კვლავ ისმის, ოქროს ყვავილები კვლავ ცვივიან, მშვენიერი ანგელოზები კი კვლავ ელოდებიან. მაგრამ ბუდა კარის წინ დგას. იგი უხმობს, ეძახის დანარჩენ ადამიანებს, აღვიძებთ მათ, იწვევს მათ. იგი ეუბნება ადამიანებს: „კარი ღიაა, ნუ გაუშვებთ ამ შესაძლებლობას. შედით! მე უკანასკნელი ვიქნები. ახლა კარი აღარასოდეს დაიკეტება. ის მხოლოდ მაშინ დაიკეტება, როცა ყველა გადარჩენილი და გასხივოსნებული იქნება“.

ეს უბრალოდ იგავია, მაგრამ მასში უდიდესი აზრი დევს. ნუ აღიქვამთ მას, როგორც ისტორიულ ფაქტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ აზრს გაუშვებთ ხელიდან. არ არსებობს არანაირი კარი, არანაირი ანგელოზები, არანაირი ყვავილები, არანაირი ღვთაებრივი მუსიკა. იმ მომენტში, როცა ბუდა გასხივოსნდა, იგი წავიდა, - როგორ შეეძლო სამოთხის კარის წინ დგომა, თუკი გაქრა? იგავის აზრი იმაშია, რომ ენერგია, რომელიც ბუდამ ყოფიერებას აჩუქა, ჯერ კიდევ მუშაობს; ეს ენერგია ჯერ კიდევ მისაწვდომია მათთვის, ვინც მართლა ეძებს. ეს ენერგია განაგრძობს მოქმედებას, ის მარადიულად იმოქმედებს.

იესო უკვე აღარაა, მაგრამ მისი გასხივოსნებული ცნობიერება ამ სამყაროს ნაწუილი გახდა. მაჰავირა უკვე აღარაა, მაგრამ მისი ცნობიერება ამ ოკეანური ცხოვრების ნაწილი გახდა. ეს ადამიანები ყოფიერების ნაწილები გახდნენ, მათი ენერგია დღემდე ვიბრირებს მასში. სწორედ ამაშია იგავის აზრი: იგი გიბიძგებთ, და თუ მზად ხართ, რომ მისი გზავნილი მიიღოთ, იგი უწინდებურად მზადაა, რომ მეორე ნაპირზე გაგიყვანოთ.

იმ მომენტში, როცა ოსტატი კვდება, იგი იმ უზარმაზარი ენერგიის ნაწილი ხდება, რომელსაც ბუდა შეერწყა, რომელსაც მაჰავირა, ზარატუსტრა, ლაო-ძი, იესო, მუჰამედი შეერწყნენ. ყოველთვის, როცა ოსტატი კვდება, ყოფიერების ნაკადს კიდევ უფრო მეტი ენერგია ერთვის, - და იგი უზარმაზარ ტალღად იქცევა. უკვე იმდენი გასხივოსნებული ადამიანი მოსულა, ამიტომ ეს ტალღა უზარმაზარია. თქვენ ძალიან გაგიმართლათ: თუ ნამდვილად ისწრაფვით ამისკენ, თუ ნამდვილად გსურთ ეს, მაშინ ამ უზარმაზარ ტალღას შეუძლია, რომ სხვა ნაპირზე გადაგიყვანოთ.

შეინახეთ ეს სულის სიღრმეში: თქვენ არ უნდა დაკმაყოფილდეთ მცირედით. გზაზე მრავალი რამ ხდება, გზაზე მრავალი სასწაული ხდება, მაგრამ თქვენ არ უნდა დაკმაყოფილდეთ მხოლოდ ამით. გახსოვდეთ, თქვენ გასხივოსნებული ცნობიერება უნდა გახდეთ, ბოდჰისატვა, - უფრო ნაკლები ვერ დაგაკმაყოფილებთ. ეს ღვთაებრივი დაუკმაყოფილებლობაა.

არ უნდა იყოთ ტრივიალური და უპასუხისმგებლო თქვენს გულში; უნდა ისწრაფოთ იმისკენ, რომ სიტყვები საქმით დადასტურდეს.

მაძიებლის ცხოვრება არ უნდა იყოს ტრივიალური, რადგანაც, ყველაზე უმნიშვნელო საქმეების კეთების დროსაც კი, თქვენ თქვენს დროს, ენერგიას, ცხოვრებას ფლანგავთ.

მაძიებელს არ შეუძლია, რომ უაზროდ გაფლანგოს თავისი ცხოვრება. მან მთელი თავისი ცხოვრება ერთ მთავარ მიზანს უნდა მიუძღვნას. მას არ შეუძლია დროის უაზროდ ფლანგვა: არ შეუძლია, იჯდეს ყავახანაში და იჭორაოს, და არ შეუძლია იკითხოს ის, რაც უსარგებლოა. ის არ გააკეთებს იმას, რაც გზაზე ვერანაირად ვერ დაეხმარება; ის არ დააგროვებს იმას, რაც შემდეგ უსარგებლო ტვირთი გახდება და რისი გადაგდებაც მოუწევს. ერთ-ერთი მისი თვისება უბრალოება იქნება. ამ უბრალოებას არაფერი ექნება საერთო ასკეტიზმთან. ეს უბრალოება ძალიან მეცნიერული იქნება. ის არ მოაგროვებს ყოველგვარ ნაგავს, რადგანაც მაშინ მისი ტარება მოუწევს. ყველაზე ცუდი ნაგავი - ესაა ცოდნის ნაგავი, რადგანაც ნებისმიერი სხვა ნაგავი თქვენგან ცალკე რჩება, ცოდნის ნაგავი კი შიგნით აღწევს, იგი თქვენს თავს ძალიან მძიმეს ხდის, თავი კი მსუბუქი უნდა იყოს.

ოდესმე გინახავთ იაპონური თოჯინა, რომელსაც დარუმას ეწოდებენ? იაპონურად „დარუმა“ ნიშნავს ბოდჰიდჰარმას. ეს თოჯინა მშვენიერია: იგი ადამიანის გასხივოსნების სიმბოლოა. მისი სილამაზე იმაშია, რომ როგორც არ უნდა დააგდოთ, ის მაინც ლოტოსის სრულ პოზაში ბრუნდება. შეგიძლიათ ისე მოისროლოთ, როგორც გინდათ, მაგრამ ვერ წააქცევთ მას, - იგი ყოველთვის იმავე პოზაში ბრუნდება. მას მძიმე ქვედა ნაწილი და მსუბუქი თავი აქვს, ამიტომ შეუძლებელია მისი უკუღმა დადება. ის ყოველთვის თავით მაღლა დგას.

ადამიანების შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა: ისინი ფეხებით ზემოთ დგანან. მათი თავები ძალიან დამძიმდა. ადამიანები თავებზე დგანან და არა ფეხებზე. მცოდნე ადამიანი თავზე დგას. ის გამუდმებით შირშასანაში დგას.

ადამიანი, რომელსაც თავსი არ აქვს ცოდნა, რომლის თავიც ცარიელი და მდუმარეა, თოჯინა დარუმას ჰგავს. ის ლოტოსის პოზაში ზის და არასოდეს ბრუნდება თავით ქვემოთ. მისი ამოყირავება შეუძლებელია, მისი გადაბრუნება შეუძლებელია, - ის ყოველთვის იმავე პოზას უბრუნდება. შეუძლებელია მისი წონასწორობიდან გამოყვანა - ის ყოველთვის ინარჩუნებს წონასწორობას.

არ უნდა იყოთ ტრივიალური და უპასუხისმგებლო თქვენს გულში...

რას ნიშნავს პასუხისმგებლობა? როგორც წესი, ეს სიტყვა არასწორად ესმით. ნამდვილი პასუხისმგებლობა - ესაა პასუხისმგებლობა ღმერთთან მიმართებაში, მხოლოდ ღმერთთან მიმართებაში და სხვასთან არავისთან. ან ნამდვილი პასუხისმგებლობა - ესაა პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენს არსებითობასთან დამოკიდებულებაში და არავისთან სხვასთან. თქვენ არ ხართ პასუხისმგებელი საზოგადოების წინაშე, ეკლესიის წინაშე, სახელმწიფოს წინაშე. თქვენ არ ხართ პასუხისმგებელნი თქვენი ოჯახის წინაშე, თქვენი გარშემომყოფების წინაშე. თქვენ მხოლოდ ერთი პასუხისმგებლობა გაქვთ - პასუხისმგებლობა თქვენი ჭეშმარიტი სახის, თქვენი ჭეშმარიტი არსის წინაშე. ეს პასუხისმგებლობა ავტომატურად მოიცავს ყველა დანარჩენ პასუხისმგებლობასაც. უბრალოდ იყავით ბუნებრივი.

ბუნებრივი ადამიანი პასუხისმგებელია, - რადგან ის პასუხობს, ეხმიანება. უპასუხისმგებლო ადამიანი არასოდეს ეხმიანება, ის მხოლოდ რეაგირებს. რეაქცია - ეს რაღაც ავტომატურია, გამოხმაურება ვერ იქნება ავტომატური, ეს რაღაც სპონტანურია.

მაგალითად, თქვენ ხედავთ მშვენიერ ყვავილს და მყისიერად ამბობთ: „რა ლამაზია“. დააკვირდით, რეაქციაა ეს, თუ გამოხმაურება. დააკვირდით ამას ყურადღებით, გააანალიზეთ. როცა თქვენ თქვით: „რა ლამაზი ყვავილია“, იყო ეს თქვენი სპონტანური გამოხმაურება აქ-და-ახლა? იყო ეს, თქვენი პირადი განცდა, თუ უბრალოდ გავრცელებული შტამპი გაიმეორეთ; თქვენ ხომ გაგიგიათ, როგორ უთქვამთ სხვებს, რომ ეს ყვავილები მშვენიერნი არიან? დააკვირდით ამას, ვინ თქვა ეს თქვენში? შესაძლოა ეს თქვენი დედა იყო... შესაძლოა გაიხსენოთ კიდეც, ერთხელ, როცა ბაღში ან პარკში პირველად წახვედით, მან გითხრათ: „შეხედე ამ ვარდს. როგორი ლამაზია!“ შემდეგ კი ყველა წიგნი, რომელიც წაგიკითხავთ, ყველა ფილმი, რომელიც გინახავთ, ყველა ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა გქონიათ, - ისინი ყველანი ამბობდნენ: ვარდები მშვენიერია. ეს პროგრამა გახდა თქვენში. იმ მომენტში, როცა ვარდს ხედავთ, თქვენ კი არა, თქვენი პროგრამა ამბობს: „ის მშვენიერია“. ეს უბრალოდ ფირფიტაა, ეს უბრალოდ მაგნიტოფონის ჩანაწერია. გარე ვარდი თითქოს ღილაკს აჭერს, და მაგნიტოფონი უბრალოდ იმეორებს. ეს რეაქციაა.

რა არის პასუხი? გამოხმაურება? გამოხმაურება არაა დაპროგრამებული - ეს მომენტის განცდაა. თქვენ უყურებთ ყვავილს, მართლა უყურებთ, და თქვენს ხედვას ვერანაირი იდეა ვერ ბინდავს. თქვენ ამ ყვავილს უყურებთ, თქვენ უშუალოდ მას უყურებთ, და ყველა ცოდნა გვერდზე გაქვთ გადადებული. რეაქცია - გონებისგან მოდის. პასუხისმგებლობა - გულისგან. შესაძლოა არც არაფერი თქვათ; სინამდვილეში არცაა საჭირო თქვათ: „ეს მშვენიერია“.

მე გამიგია...

ლაო-ძის ჩვეულება ჰქონდა, რომ ყოველ დილით სასეირნოდ ევლო. ერთხელ, მისმა მეზობელმა მასთან ერთად წასვლა გადაწყვიტა. ლაო-ძიმ უთხრა მას:

- გახსოვდეს, მე არ მინდა, რომ ბევრი ილაპარაკო. შეგიძლია წამომყვე, მაგრამ ნუ ილაყბებ.

ბევრჯერ უნდოდა მის თანამგზავრს, რაიმეს თქმა, მაგრამ იცნობდა რა ლაო-ძის, ხედავდა რა, მას, თავს იკავებდა. მაგრამ როცა მშვენიერი განთიადი დადგა და მზემ ამოსვლა დაიწყო, რაღაცის თქმის ცდუნება იმდენად დიდი გახდა, რომ მას სრულიად დაავიწყდა თავისი პირობა და თქვა:

- შეხედე, რა საოცარი დილაა!

- შენ ძალიან ბევრს ყბედობ, - შენიშნა ლაო-ძიმ, - შენ ძალიან ყბედი ხარ! შენ აქ ხარ, მე აქ ვარ, მზე აქაა, იგი ამოდის, - რა აზრი აქვს ჩემთვის იმის თქმას, რომ მზე მშვენიერია? ნუთუ მე ვერ დავინახავ? ბრმა ვარ? რა აზრი აქვს ამის თქმას? მეც ხომ აქ ვიმყოფები?

სინამდვილეში, ადამიანი, რომელმაც თქვა: „რა საოცარი დილაა!“, იქ არ იყო. ის უბრალოდ რეაგირებდა, ის უბრალოდ სხვების სიტყვებს იმეორებდა.

როცა თქვენ ეხმიანებით, სიტყვები შეიძლება სულაც არ იყოს საჭირო, ხანდახან კი შეიძლება საჭიროც გახდეს, - ყველაფერი სიტუაციაზეა დამოკიდებული. მაგრამ აუცილებელი არაა მათი გამოთქმა: შესაძლოა გამოითქვას, შესაძლოა - არა.

გამოხმაურება გულიდან მოდის. გამოხმაურება - ეს გრძნობაა და არა აზრი. თქვენ აღელვებული ხართ: როცა ვარდის ყვავილს ხედავთ, რაღაც ცეკვას იწყებს თქვენში, რაღაც ეხება თქვენი არსის ყველაზე დიდ სიღრმეს, რაღაც იფურჩქნება თქვენს შიგნით. გარე ყვავილი შიგნითა ყვავილს ეხება, შინაგანი ყვავილი კი პასუხობს მას, - ეს გულის პასუხისმგებლობაა. თუ ტრივიალური საგნებით არ ხართ დაკავებული, საკმარისი ენერგია გექნებათ, ზღვა ენერგია გექნებათ, რომ გულის ეს შინაგანი ცეკვა მოხდეს. როცა ენერგია აზრებზე იხარჯება, თქვენი გრძნობები შიმშილობენ.

აზრები - ეს პარაზიტებია: ისინი იმ ენერგიის ხარჯზე ცხოვრობენ, რომელიც სინამდვილეში გრძნობებისთვისაა განკუთვნილი. ისინი გრძნობების ენერგიის ექსპლუატაციას ახდენენ. აზრები - ეს ხვრელებია, რომელთა მეშვეობითაც თქვენი არსებიდან ენერგია გაედინება. მაშინ თქვენში აღარაფერი რჩება და ღატაკი ხდებით. როცა აზრები არაა, მთელი ენერგია შიგნით ინახება, მისი დონე უფრო და უფრო მაღლკა იზრდება, და თქვენ სავსე ხდებით. ამ სისავსეში თქვენი გული სამყაროს ეხმიანება. მაშინ ცხოვრება პოეზია ხდება. მაშინ ცხოვრება მუსიკა ხდება, მხოლოდ მაშინ შეიძლება თქვენი სიტყვებით დადასრურება, არა მანამდე. მაშინ უბრალოდ არ აღარ ამბობთ: „მე შენ მიყვარხარ“, მაშინ მთელი თქვენი არსებობა ადასტურებს ამ სიყვარულს. მაშინ თქვენი სიტყვები აღარაა უძლური, მათ სული უჩნდებათ. მხოლოდ ასე ღირს ცხოვრება: იცხოვროთ ისე, რომ თქვენი სიტყვები თქმევს მოქმედებებს ემთხვეოდეს; იცხოვროთ ისე, რომ თქვენი სიტყვები გულწრფელი იყოს; იცხოვროთ ისე, რომ თქვენი სიტყვები ის იყოს, რაც სინამდვილეში ხართ.

სანამ ეს არ იქნება, გახლეჩილი იქნებით: ერთს ამბობთ და მეორეს აკეთებთ. მაშინ გახლეჩილი რჩებით, - მთელი კაცობრიობა გახლეჩილია, - მანამ, სანამ არ მიუახლოვდებით წერტილს, სადაც სიტყვები აღარ განსხვავდება საქმეებისგან, სადაც სიტყვები და საქმეები ერთი მოვლენის ორ მხარედ რჩება. მაშინ იმას ამბობთ, რასაც გრძნობთ, და იმას გრძნობთ, რასაც ამბობთ; იმას აკეთებთ, რასაც ამბობთ, და იმას ამბობთ, რასაც აკეთებთ. მაშინ თქვენზე უბრალოდ შემოხედვით შესაძებელია თქვენი არსების ჭეშმარიტების დანახვა.

თუკი სიმშვიდის მდგომარეობაში გიჩნდებათ უწყვეტი და ხანგრძლივი გრძნობა უზარმაზარი სიხარულისა, თითქოს მთვრალი ხართ, ან წყაროში განიბანეთ, ეს იმის ნიშანია, რომ სინათლის პრინციპი მთელს სხეულში ჰარმონიულია; ეს ნიშნავს, რომ ოქროს ყვავილი გაფურჩქვნას იწყებს.

„თუკი სიმშვიდის მდგომარეობაში“ - რაც უკვე თავისთავად კარგი ნიშანია - „გიჩნდებათ უწყვეტი და ხანგრძლივი გრძნობა უზარმაზარი სიხარულისა“. ყოველგვარი მიზეზის გარეშე უეცრად უზარმაზარ სიხარულს გრძნობთ. ჩვეულებრივ ცხოვრებაში მხოლოდ მაშინ გიხარიათ, თუ რაიმე მიზეზი არსებობს. მშვენიერი ქალი გაიცანით, და გიხარიათ; ან ფული აიღეთ, რომელზეც ყოველთის ოცნებობდით, და გიხარიათ; ან სახლი შეიძინეთ ლამაზი ბაღით, და გიხარიათ, - მაგრამ ეს სიხარულები ერთმომენტიანია, ისინი არასოდეს გრძელდებიან დიდხანს. ისიი არასოდეს ხდებიან უწყვეტი და ხანგრძლივი.

მე მსმენია...

ერთხელმოლა ნასრედინი ღრმად დამწუხრებული თავისი სახლის ზღურბლთან იჯდა. მეზობელმა ჰკითხა:

- მოლა, რატომ ხარ ასეთი მოწყენილი?

მოლამ უპასუხა:

- აბა როგორ ვიქნები! ორი კვირის წინ ბიძა გარდამეცვალა და ორმოცდაათიათასი რუპია დამიტოვა.

მეზობელს გაუკვირდა:

- მერე ეს მიზეზია მწუხარებისთვის? უნდა გიხაროდეს.

- ჯერ ბოლომდე მომისმინე, - თქვა მოლამ. - ერთი კვირის წინ მეორე ბიძა მომიკვდა და შვიდიათასი რუპია დამიტოვა. ახლა კი არაფერი. არავინ არ კვდება, არაფერი არ ხდება. უკვე მთელი ერთი კვირა გავიდა და ძალზე მოწყენილი ვარ.

თუ თქვენი სიხარული რაღაცითაა გამოწვეული, ის გაქრება, ის ერთმომენტიანი იქნება. მალე ღრმა მწუხარებაში დაგტოვებთ. ყველანაირი სიხარული ღრმა მწუხარებაში გტოვებთ. მაგრამ არსებობს სხვა სიხარული, სიხარული, რომელიც კარგ ნიშანს წარმოადგენს: უეცრად ყოველგვარი მიზეზის გარეშე გრძნობთ სიხარულს. არ შეგიძლიათ განსაზღვროთ, რატომ გიხარიათ. თუ ვინმე გკითხავთ: „რა გიხარია?“ - თქვენ ვერ შეძებთ უპასუხოთ.

მე არ შემიძლია ვთქვა, რა მიხარია. არ არსებობს არანაირი მიზეზი. სიხარული უბრალოდ არის. ასეთი სიხარულის გაფუწება შეუძლებელია. რაც არ უნდა მოხდეს, ის თქვენთან რჩება. იგი თქვენთან რჩება დღიდან დღემდე. არა აქვს მნიშვნელობა - ახალგაზრდა ხართ თუ მოხუცი, ცოცხალი თუ მომაკვდავი, - იგი ყოველთვის თქვენთანაა. თუ ეს უცვლელი სიხარული აღმოაჩინეთ, რომელიც მიუხედავად ვითარებისა ყოველთვის თქვენთან რჩება, ეს ნიშნავს, რომ ბუდას მდგომარეობას უახლოვდებით. ეს წარმატების ნიშანია.

თუ სიხარული მოდის და მიდის, მას არ გააჩნია განსაკუთრებული ღირებულება; ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ სიხარული უცვლელი და ხანგრძლივია, თუ ის არსად აღარ ქრება, თუ ის ყოველთვის თქვენთან რჩება, თითქოს მთვრალი ხართ, თითქოს რომელიმე ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებით, თითქოს ეს-ესაა წყაროში იბანავეთ, ანკარა წყალში - სუფთაში, როგორც დილის ცვარი, სუფთაში, როგორც ლოტოსის ფურცლები, - თითქოს ასეთ წყალში განიბანეთ და გამუდმებით ამ სისუფთავეში იმყოფებით, - თუ ის ყოველთვის თქვენთან რჩება და არაფერს შეუძია მისი გაფუჭება, - იცოდეთ, რომ სახლს უახლოვდებით.

ეს იმის ნიშანია, რომ სინათლის პრინციპი მთელს სხეულში ჰარმონიულია.

ახლა უკვე მთელი თქვენი სხეული ჰარმონიულად მუშაობს. უკვე აღარ ხართ დაყოფილი, უკვე აღარ ხართ გახლეჩილი. სწორედ ესაა ინდივიდუაცია: თქვენ ერთი მთლიანობა გახდით, რომლის ყველა ნაწილი შეთანხმებულად მუშაობს, უნისონში უკრავენ თქვენი არსების ორკესტრში, სადაც არაფერი არ ვარდება საერთო ჰარმონიიდან. სხეული, გონება, სული, დაბალი და მაღალი, დაწყებული სექსით და დამთვრებული სამადჰით, - ყველაფერი ღრმა ჰარმონიაშია და უნისონში ჟღერს.

ეს ნიშნავს, რომ ოქროს ყვავილი გაფურჩქვნას იწყებს. შემდეგ, როცა ყველა გრძნობათა ორგანო მშვიდია, და ვერცხლისფერი მთვარე ცის შუაში დგას, და თქვენ გიჩნდებათ შეგრძნება, რომ ეს დიადი დედამიწა - სინათლის სამყაროა, ეს ნიშნავს, რომ გულის სხეული სიცხადისკენ იხსნება. ესაა ნიშანი, რომ ოქროს ყვავილი იფურჩქნება.

შემდეგ, როცა მშვიდია არა მხოლოდ გონება, არამედ გრძნობის ყველა ორგანოც... გონება - ეს თქვენი შინაგანი გრძნობის ორგანოა, ის პირველ რიგში უნდა დამშვიდდეს. გარდა ამისა არსებობს გრძნობის ხუთი ორგანო, რომლებიც გონებას კვებავენ: თვალები, ყურები, ცხვირი, ყველა გრძნობათა ორგანო.

მათ გამუდმებით შემოაქვთ გარედან ინფორმაცია და შიგნით, გონებას გადასცემენ მას. როცა ისინი მშვიდები და პასიურები არიან, როცა არაფერი არ შემოაქვთ გარედან, როცა მდუმარედ არიან, - თვალები იცქირებიან, მაგრამ ინფორმაციას არ გადასცემენ შიგნით, ყურებს ესმით, მაგრამ არ ეჭიდებიან გაგონილს, ენა გემოს გრძნობს, მაგრამ არ წყურია გემო, - როვა გრძნობათა ყველა ორგანო „მშვიდადაა, და ვერცხლისფერი მთვარე ცის შუაშ დგას“... ვერცხლისფერი მთვარე ქალური პრინციპის სიმბოლოა.

როცა „...ვერცხლისფერი მთვარე ცის შუაში დგას“ - როცა გრძნობატა ყველა ორგანო პასიურია, გონება პასიური და მშვიდია, - თქვენ აღწევთ პასიურობის ქალურ პრინციპს, ლოდინს. თქვენ საშვილოსნოდ იქცევით.

ღამე დადგა, ცაზე სავსე მთვარეა, გარშემო სრული სიჩუმე, სიგრილე და პასიურობაა, არაფერი არ ირხევა, - თქვენი სიხარული უსაზღვროა!

...და თქვენ გიჩნდებათ შეგრძნება, რომ ეს დიადი დედამიწა - სინათლის სამყაროა...

და ამას მხოლოდ შიგნით არ გრძნობთ. როგორც კი თქვენს შიგნით ეს შეგრძნება ჩნდება, მყისიერად იწყებთ იგივეს შეგრძნებას გარეთაც: რომ ეს დიადი მიწა - სინათლის სამყაროა.

ეს ნიშნავს, რომ გულის სხეული სიცხადისკენ იხსნება.

თქვენ ხდებით სუფთა, გამჭვირვალე, ნათელი.

რადგანაც ქალური პრინციპი - ეს პასიურობის პრინციპია, მას სიცხადე მოაქვს. მას სიმშვიდე მოაქვს, სრული სიმშვიდე. თქვენ არაფერს აკეთებთ, თქვენ უბრალოდ ხართ. ყველა ღრუბელი გაქრა. გარშემო მოწმენდილი ცაა. თქვენ შეგიძლიათ მთელი რეალობა მოიცვათ მზერით. თქვენს შიგნით სიჩუმე და სიხარულია, თქვენს გარეთ - სიჩუმე და სიხარულია.

ესაა ნიშანი, რომ ოქროს ყვავილი იფურჩქნება.

ჯერ კოკორი გაჩნდა, შემდეგ კი იგი გაშლას იწყებს. აუცილებელია კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა.

შემდეგ, მთელ სხეულში იგრძნობა ძალა და სიმყარე ისე, რომ მას აღარ ეშინია არც ქარბუქის, არც ყინვის.

რაც უფრო ღრმა ხდება თქვენი სიჩუმე და სიხარული, მით უფრო მეტად გრძნობთ, რომ სიკვდილი არ არსებობს. კვდება მხოლოდ პიროვნება, სახე. არსი არასოდეს არ კვდება. როცა თქვენ იგრძენით, რომ თქვენში არის ერთგვარი თანმყოფობა, რაღაც, რაც არასოდეს იცვლება, - სიხარული, რომელიც არის შიგნით მიუხედავად გარემოებებისა, - მაშინ პირველად გებულობთ, რომ თქვენს შიგნით არის რაღაც უკვდავი, რაღაც მარადიული. ეს მომენტი ძალის, სტაბილურობის, უშიშარობის მომენტი ხდება. მაშინ უკვე აღარ გეშინიათ. მაშინ შიშ ქრება. მაშინ პირველად უყურებთ რეალობას შიშის გარეშე. თქვენი ეგრეთწოდებული ღმერთები - ეს მხოლოდ შიშს გამოვლინებაა: თქვენ შექმენით ისინი, რათა თავი დაგემშვიდებინათ, თქვენ შექმენით ისინი, როგორც საყრდენი, როგორც ჯავშანი შიშს წინააღმდეგ. თქვენ გეშინიათ და გინდათ, რომ ვინმეს ჩაეჭიდოთ. ესენი არ არიან ნამდვილი ღმერთები. ესენი ყალბი ღმერთები არიან. როგორ შეგიძლიათ იპოვნოთ ნამდვილი ღმერთი, თუკი შიში გამოძრავებთ?

ეგრეთწოდებულ რელიგიურ ადამიანებს ღვთისმოშიშებს უწოდებენ. ჭეშმარიტად რელიგიურ ადამიანს არ ეშინია, მას არ ეშინია არც სამყაროსი, არც ღმერთის. უშიშარობაში ღმერთის სრულიად სხვაგვარი ხედვა იბადება.

თუ მე ვხვდები ადამიანს, რომელიც მოქუფრულია, ეს არ მოქმედებს სულის თესლის ნათებაზე.

ახლა უკვე აღარაფერი აღარ აკნინებს თქვენს სიცხადეს, ვერაფერი შეგიპყრობთ იმდენად, რომ თქვენი სიცხადე დაამახინჯოს. თქვენი ხედვა მკაფიო და ნათელი რჩება. ვიღაც შეურაცხყოფას გაყენებთ, მაგრამ ეს ვერ აკნინებს თქვენს სიცხადეს. ვიღაც ბრაზობს, მაგრამ თქვენ ცხადად ხედავთ, რომ ეს ადამიანი ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე იწვის ცეცხლში; თქვენ თანაგრძნობას განიცდით მისადმი. ნეტარებას, სიმშვიდეს, სიყვარულთ აძლევთ მას. ის სულელია, ის თანაგრძნობას იმსახურებს.

ყვითელი ოქრო ავსებს მთელ სახლს...

ახლა უკვე მოქმედებას იწყებს მეორე პრინციპი, მამაკაცური, - ყვითელი ოქრო. მთვარე ქალური პრინციპის, ანიმას სიმბოლოა, ხოლო მზე, ყვითელი ოქრო, მამაკაცური პრინციპის, ანიმუსის სიმბოლოა. მთვარე - ეს ინია, ხოლო მზე - იანი.

თავდაპირველად ქალური პრინციპი უნდა გახდეთ - მდუმარე, პასიური. მამაკაცურ პრინციპს მხოლოდდ ქალის საშვილოსნოსგან შეუძლია დაიბადოს. აქტიური შესაძებელია მხოლოდ პასიურისგან გაჩნდეს, და მაშინ ამ აქტიურობასი აღარ იქნება მოუთოკავობის თვისება. მაშინ აქტიურობა უბრალოდ ყვავილობა გახდება. მაშინ აქტრიურობას, ჩრდილივით არ მოჰყვება შფოთვა, მაშინ მოქმედებების წარმოშობის წყარო სურვილები აღარ იქნება. ისინი ენერგიის სიჭარბის შედეგად გამოვლინდებიან. ისინი გამოვლინდებიან, რადგანაც იმდენი ენერგია გექნებათ, რომ ვერ შეძლებთ - არ იცეკვოთ.

ყვითელი ოქრო ავსებს მთელ სახლს, რომლის საფეხურებიც თეთრი ნეფრიტისგანაა ნაკეთები.

თეთრი ნეფრიტი - ეს ქალური პრინციპია, კიბის საფეხურები - ინია. კიბე - ეს ქალური პრინციპია. როცა ბოლო საფეხურზე ადიხართ, პასიურობა უეცრად აქტიურობად გარდაიქმნება.

ყვითელი ოქრო ავსებს მთელ სახლს, რომლის საფეხურებიც თეთრი ნეფრიტისგანაა ნაკეთები. ყველაფერი, რაც გახრწნილია და მყრალია, ჭეშმარიტი ენერგიის ერთიან სუნთქვასთან შეხებით კვლავ მყისიერად ცოცხლდება.

თუკი როგორღაც შეხება გექნებათ ადამიანთან, რომლის შინაგანი საფეხურებიც თეთრი ნეფრიტისგანაა შექმნილი, ვის შინაგან ცაშიც სავსე მთვარის შუქი იღვრება, ვის შინაგან სახლსაც ყვითელი ოქრო აღავსებს, - თუკი ასეთ ადამიანთან გექნებათ შეხება, მკვდარიც რომ იყოთ, მყისვე გაცოცხლდებით. სწორედ ამაშია ლაზარეს შესახებ იგავის არსი, იგავის, რომელშიც იესო საფლავიდან იხმობს ლაზარეს. ყველა ბუდა მოუწოდებდა და მოუწოდებს ადამიანებს, რომ წამოდგნენ საფლავებიდან.

მე მოგიწოდებთ საფლავიდან ადგომას, რადგანაც გზა, რომელსაც აქამდე მიჰყვებოდით, ეს არაა ნამდვილი გზა: თქვენ მხოლოდ ტრივიალური საქმეებით იყავით დაკავებულნი და დაგავიწყდათ ყველაზე მთავარი. თქვენ მხოლოდ ნიჟარებს და ფერად ქვებს აგროვებდით ზღვის პირას და სრულიად დაგავიწყდათ ბრილიანტები, რომლებიც სულ ახლოსაა; თქვენ აგროვებდით ნაგავს, რომელსაც სიკვდილი წაგართმევთ.

მე მოგიწოდებთ, რომ იპოვნოთ განძი, რომელსაც სიკვდილი ვერ წაგართმევთ: ლაზარე, ადექი საფლავიდან!

ის, ვინც მოისმენს, მოსწავლე გახდება. ის, ვინც გაიგებს, სანიასი გახდება, ის ვინც მოისმენს, შინაგანი სამყაროსკენ დაიწყებს მოძრაობას. მისი გზა ძალიან იქნება განსხვავებული სხვა ადამიანების გზისგან: ის მიწაზე იცხოვრებს, მაგრამ ამავე დროს არ იქნება ამ მიწისა, მას სრულიად სხვა ინტერესები ექნება.

სისხლი რძედ იქცევა...

სწორედ ამის შესახებაა საუბარი მაჰავირას შესახებ ცნობილ იგავში. ამბობენ, რომ ძალიან საშიშმა გველმა ფეხზე უკბინა მაჰავირას, მაგრამ სისხლის ნაცვლად მას რძე გამოუვიდა. ჯაინებმა ეს ძალიან სიტყვა-სიტყვით გაიგეს და სასაცილოდ გამოიყვანეს საკუთარი თავი. ეს არ უნდა გავიგოთ სიტყვა-სიტყვით, ეს იგავია. წითელი სისხლი ძალადობის სიმბოლოს წარმოადგენს, რძე კი სიყვარულის.

როგორც კი ბავში ამქვეყნად ჩნდება, დედის ძუძუები რძით ივსებიან, - სიყვარულისგან, ახალშობილისადმი დიდი გრძნობებისგან მისი სისხლი უეცრად რძედ იწყებს გარდაქმნას. უეცრად დედის ორგანიზმში სასწაული ხდება: აქამდე იგი უბრალოდქალი იყო, ახლა კი დედა გახდა. როცა ბავშვი იბადება, ამქვეყნად ორი ადამიანი ჩნდება, - იბადება შვილი და იბადება დედა. დედის ორგანიზმში ხდება ის, რაც არ ხდება ჩვეულებრივი ქალის ორგანიზმში, - ხდება სასწაული: სიყვარულისგან მისი სისხლი რძედ იქცევა. ეს ძალიან სიმბოლურია: სისხლი ძალადობის სიმბოლოა, რძე - სიყვარულის.

როცა ადამიანი აღწევს ამ მდგომარეობას, ძალადობრიობა ქრება: იგი სიყვარული ხდება - წმინდა სიყვარული და მეტი არაფერი.

ხორცის ნაზი სხეული სუფთა ოქროდ და ბრილიანტად გარდაიქმნება.

ისინი, ვინც ხედავენ, ისინი, ვისაც თვალები აქვთ, ბუდას სხეულში არა უბრალოდ ხორცს, არამედ ოქროს და ბრილიანტებს ხედავენ. სწორედ ამიტომ, უცხო ადამიანებს არ ესმით ოსტატის მოსწავლეების. ისინი თვლიან, რომ მოსწავლეები ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. სინამდვილეში, მოსწავლეები იწყებენ იმის დანახვას, რასაც გარეშე ადამიანები ვერ ხედავენ, რაც მხოლოდ ახლო მოსწავლეებისთვისაა მისაწვდომი. ჩვეულებრივ ფიზიკურ სხეულში ისინი კიდევ სხვა რაღაცას ხედავენ - სხვა სხეულს, ოქროსა და ბრილიანტის სხეულს, მარადიულ სხეულს. ფიზიკური სხეული, ესაა სხეული, რომელიც დროს განეკუთვნება. ამ სხეულში დაფარულია სხეული, რომელიც მარადისობას ეკუთვნის. მაგრამ მათ დასანახად თვალებია საჭირო... მხოლოდ სიყვარული და თავგანწირვა შეაძლებინებს თქვენს თვალებს მათ დანახვას.

ესაა ნიშანი, რომ ოქროს ყვავილმა კრისტალიზება განიცადა.

როცა ამ შინაგან მოგზაურობაშ იძირებით და ხედავთ საკუთარ სხეულს, როგორც ოქროსა და ბრილიანტების სხეულს, შეგიძიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ ოქროს ყვავილმა კრისტალიზაცია განიცადა. თავდაპირველად მან კოკორი შექმნა, შემდეგ გაიხსნა, ახლა კი კრისტალიზაციას განიცდის.

სინათლის ნათება თანდათანობით კრისტალიზდება. შემდეგ ჩნდება უზარმაზარი ტერასა, რომელზეც დროთა განმავლობაშ ბუდა ვლინდება.

ახლა უკვე შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ: ღამე დასრულდა, მზე ამოდის, ბუდა უკვე ახლოვდება. როცა მარადიულობის ეს მარადიული სხეული თქვენს შიგნით იხილეთ, როცა დაინახეთ, რომ ეს სხეული ოქროსა და ბრილიანტებისგანაა, როცა სინათლის ამა ნათებამ შიგნით განიცადა კრისტალიზაცია, - ჩნდება ტერასა, რომელზეც დროთა განმავლობაშ ბუდა გამოჩნდება.

ამ წერტილის იქით შეუძებელია რაიმეს გაკეთება. როცა ოქროს ყვავილმა კრისტალიზაცია განიცადა, ამ წერტილის იქით თქვენ აღარაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. ახლა საჭიროა უბრალოდ დაელოდოთ, დაელოდოთ სიჩუმეში, ისე რომ არაფერი აკეთოთ, - გაზაფხული მოვა, და ბალახი თავისთავად გაიზრდება. და ერთხელაც...

...დროთა განმავლობაში...

როცა გაზაფხული მოდის...

...ბუდა ვლინდება. როცა ოქროს არსება ჩნდება, სხვა ვინ შეიძება იყოს ეს, თუ არა ბუდა?

აღმოსავლეთში ჩვენ მას ბუდას ვუწოდებთ, დასავლეთშ მას ქრისტეს უწოდებენ - ეს ერთი და იგივეა.

ბუდა - ეს ხომ დიადი გასხივოსნების ოქროს წმინდა ადამიანია. ეს წარმატების უდიდესი ნიშანია.

როცა თქვენს შიგნით მბრწყინავი ტერასა, კრისტალიზებული სინათლე დაინახათ, და ამ ტერასაზე ბუდა ჩნდება; როცა დაინახეთ, რომ ოქროს ყვავილი გაიფურჩქნა, და ოქროს ლოტოსის თავზე ბუდა გაჩნდა, თქვენ სახლში დაბრუნდით.

ეს უმაღლესი მიზანია. აუცილებელია მისი მიღწევა. შესაძლებელია მისი მიღწევა. ეს თქვენი უფლებაა დაბადებიდან. თუ ხელიდან გაუშვებთ ამას, პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ იქნებით, და სხვა არავინ. გარისკეთ ყველაფრით, მაგრამ ხელიდან ნუ გაუშვებთ ამას! მსხვერპლად გაიღეთ ყველაფერი, მაგრამ ხელიდან ნუ გაუშვებთ ამას!

დღეისათვის საკმარისია.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff