ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო

ოშო
0
0

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მას არ სჭირდება ძებნა, მას უბრალოდ ხელახლა აღმოჩენა სჭირდება. ვეძებოთ იგი სადღაც გარეთ - ეს საიმედო გზაა მისი ხელიდან გ...

თავი 16 - სიცარიელის ტბაში

 

თავი 16

სიცარიელის ტბაში

პირველი კითხვა:

გთხოვ, დაწვრილებით ამიხსენი განსხვავება კ. გ. იუნგის „ინდივიდუაციის პროცესსა“ და „ოქროს ყვავილის საიდუმლოს“ არსს შორის.

კარლ გუსტავ იუნგი ხელის ცეცებით მოძრაბდა და სწორი მიმართულებით მოძრაობდა, მაგრამ მან ვერ შეიცნო ჭეშმარიტება. მას მხოლოდ ფილოსოფია ჰქონდა, მას არ ჰქონია ჭეშმარიტების პირადი განცდა. იგი მსჯელობდა ინდივიდუაციაზე, ის უფრო და უფრო ღრმად ფიქრობდა ინდივიდუაციაზე, მაგრამ ეს არ იყო მისი მედიტაცია, ეს არ იყო მისი ეგზისტენციალური განცდა.

„ოქროს ყვავილის საიდუმლო“ - ეს ალქიმიური პროცესია. ესაა მათი სიტყვები, ვინც შეიცნო.

იუნგი არ იყო ინდივიდუალობა ინდივიდუაციის ჭეშმარიტი მნიშვნელობით. ის ჯერ კიდევ გახლეჩილი იყო: მას ჰქონდა ცნობიერი, არაცნობიერი და კოლექტიური არაცნობიერი გონება. ის არ იყო ერთიანი, ის მრავალი იყო. მის შიგნით ბრბო იყო, ისევე როგორც ყოველ ადამიანში. მას ჩვეულებრივი ადამიანის ყველა შიში, ყველა მიჯაჭვულობა, ყველა ამბიცია ჰქონდა. ის არ იყო ბუდა, ის არ იყო გასხივოსნებული. მას არ შეუცვნია თავისი შინაგანი არსი, რომელიც მარადიულია.

შინაგანი გასხივოსნების მომენტში ყველა გაყოფა და საზღვარი იშლება. რჩება მხოლოდ წმინდა ცნობიერება - არ რჩება არც ცნობიერი, არც არაცნობიერი, არც კოლექტიური არაცნობიერი გონება.

იგივე ხდებოდა ინდოეთში შრი აურობინდოს შემთხვევაშიც. ისიც ლაპარაკობდა ცნობიერ და ზე-ცნობიერ გონებაზე, დაახლოებით ამავე სახით.

გასხივოსნების მომენტში გონება ქრება. გონება ნიშნავს დაყოფას. ცნობიერად და არაცნობიერად ჰყოფთ მას თუ ცნობიერად და ზეცნობიერად, მნიშვნელობა არ აქვს, გონება - ეს დაყოფაა. ინდივიდუალობა ნიშნავს „განუყოფელობას“. გონება - ეს ეს ყოველთვის ბრბოა, გონებას არ შეუძლია იყოს ერთიანი, თავისი ბუნებით მას მხოლოდ ბრბოდ ყოფნა შეუძლია. როცა გონება ქრება, ჩნდება ერთიანობა. მაშინ სახლში ბრუნდებით. სწორედ ესაა ინდივიდუაცია.

დიახ, იუნგი სწორი მიმართულებით მოძრაობდა, მაგრამ იგი ხელის ცეცებით მოძრაობდა სიბნელეში.. ის ვერ მიუახლოვდა კარს. ის მხოლოდ ოცნებობდა მასზე.

ამის პარალელები კაცობრიობის ისტორიაშიც შეგვიძლია ვნახოთ. მაგალითად, ბერძენი მოაზროვნე დემოკრიტე ატომის არსებობის შესახებ აზრს ყოველგვარი მეცნიერული ექსპერიმენტის გარეშე შეეჯახა. იმ ეპოქაში არ არსებობდა არანაირი შესაძებლობა ექსპერიმენტებისთვის, თანამედროვე რთული მოწყობილობები მაშჳნ არ არსებობდა. მას არ შეეძლო ატომის გახლეჩა, არ შეეძო იმის დამტკიცება, რომ მატერიას ატომური სტრუქტურა ჰქონდა, მაგრამ ის ფიქრობდა ამაზე. როგორც ჩანს, ის დიდი მოაზროვნე იყო - მაგრამ მხოლოდ მოაზროვნე. ის შემთხვევით შეეჩეხა აზრს ატომის არსებობის შესახებ.

შემდეგ გამოჩნდა ალბერტ აინშტაინი და თანამედროვე ფიზიკა. დემოკრიტეც და თანამედროვე ფიზიკოსებიც, ორივენი საუბრობენ ატომურ სტრუქტურაზე, მაგრამ მათ შორის უზარმაზარი სხვაობაა: დემოკრიტე მხოლოდ ლაპარაკობს, თანამედროვე ფიზიკამ კი იცის.

აღმოსავლეთშიც საუბრობდნენ ატომის არსებობის შესახებ. ინდოეთის ერთ-ერთი დიდი მოაზროვნე კანადი საუბრობდა ატომის არსებობის შესახებ და საუბრობდა ძალიან დაწვრილებით, ძალიან დეტალურად, - მაგრამ ეს მხოლოდ საუბრები იყო. სინამდვილეში, სწორედ იმიტომ, რომ ის ამდენს ლაპარაკობდა ატომებზე, სწორედ იმიტომ, რომ მთელი მისი ფილოსოფია დაფუძნებული იყო ატომების ჰიპოთეზურ არსებობაზე, მას უწოდეს კანადი. კან ნიშნავს „ატომს“, ხოლო კანადი - იმას, ვინც გამუდმებით ატომზე ლაპარაკობს. მაგრამ ეს მხოლოდ ფილოსოფია იყო. ის არ დასტურდებოდა რეალური ექსპერიმენტებით. ის არ იყო დაფუძნებული მეცნიერულ კვლევებზე. იგი აინშტაინამდე სამიათასი წლით ადრე გაჩნდა, და როგორც ჩანს დიადი მოაზროვნე იყო. იგი შემთხვევით გადააწყდა, სწორედ შემთხვევით გადააწყდა სწორ აზრს ატომის არსებობის შესახებ. მაგრამ ეს დაუდასტურებელი ჰიპოთეზა გახლდათ. ამის პარალელი ბევრი შეგვიძლია ვიპოვნოთ ისტორიაში.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ კარლ გუსტავ იუნგზე და იმ პროცესზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, პროცესზე, რომელიც აღწერილია „ოქროსფერი ყვავილის საიდუმლოში“.

ეს წიგნი, „ოქროსფერი ყვავილის საიდუმლო“, - ალქიმიური ტრაქტატია, მან იცის, და თუ გამოიყენებთ ამ მეთოდს, თქვენც შეიცნობთ. ეს აბსოლუტური სიმართლეა. მე ვამბობ ამას, რადგან ვიცი, რადგან გავიარე ეს პროცესი. დიახ, ოქროსფერი ყვავილი იფურჩქნება თქვენში: თქვენ უახლოვდებით წერტილს, როდესც ბრბო ქრება, როცა მრავლობითობა ქრება, როცა გონების ცალკეული ფრაგმენტები ქრებიან, და თქვენ ერთი რჩებით. სწორედ ამაშია სიტყვა ‘მარტოობის“ მნიშვნელობა: თქვენ ერთნი რჩებით, სრულიად ერთნი.

თუ ამაზე იფიქრებთ, თქვენი ფიქრი გარდუვალად მიგიყვანთ განსაზღვრულ წერტილამდე. თუ ამაზე იფიქრებთ, რაღაც მომენტში იკითხავთ, როგორ მიხვიდეთ ერთიანობამდე, როგორ შეაერთოთ გონების ცალკეული ფრაგმენტები, როგორ შეაწებოთ ისინი. მაგრამ ეს არ იქნება ნამდვილი ერთიანობა. შეწებებულნი თუ შეუწებებელნი, ისინი მაინც დაყოფილად დარჩებიან. ბრბო შეგვიძლია არმიად ვაქციოთ: თქვენ შეგიძლიათ შეაწებოთ ისინი, რომ ის აღარ იყოს ბრბო. მაგრამ მრავლობითობა - ეს მაინც მრავლობითობაა, თუნდაც მოწესრიგებული იყოს. შეგვიძლია ავიღოთ ყვავილების თაიგული და მისგან გირლიანდა გავაკეთოთ: მაშჳნ ყვავილები ძაფით იქნებიან შეერთებულნი, რომელიც ერთიანობის შთაბეჭდილებას შეგვიქმნის.

სწორედ ამას აკეთებდა იუნგი. ინდივიდუაციის მთელი მისი პროცესი იმაში მდგომარეობდა, რომ შეეერთებინა, შეეწეპებინა ცალკეული ფრაგმენტები.

ინდივიდუაციის ნამდვილი განცდა - ეს სრულიად სხვაა: თქვენ არ აწეპებთ ცალკეულ ფრაგმენტებს, თქვენ უბრალოდ ნებას აძლევთ მათ, რომ გაქრნენ, მოისვრით მათ. და როცა გონების ყველა ფრაგმენტი ქრება, უფრო და უფრო გშორდებათ, - უეცრად ერთიანობას აღმოაჩენთ. ერთიანობა შეიცნობა მაშინ, როცა გონება ქრება, და არა მაშინ, როცა გონებას გარვეული წესრიგით, გარკვეული დისციპლინით აერთებთ. წესრიგი - ჯერ კიდევ არაა ერთიანობა. მაშინ თქვენ უბრალოდ მოწესრიგებულ ქაოსს ქმნით.

ამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში ყალბი ინდივიდუაცია გექნებათ. თავს უკეთ იგრძნობთ, ვიდრე ადრე, რადგანაც შეწყვეტთ ბრბოდ ყოფნას, აღარ შეგაწუხებთ მრავალი ხმა. ისინი გარკვეულ წესრიგში, გარკვეულ ჰარმონიაში აღმოჩნდებიან. თქვენი ცნობიერი გონება არაცნობიერთან ითანამშრომლებს, და აღარ შეეწინააღმდეგება მას. თქვენი არაცნობიერი გონება კოლექტიურ არაცნობიერთან ითანამშრომლებს, და აღარ შეეწინააღმდეგება მას. მაშინ ცალკეული ყვავილები ძაფით შეერთდებიან, თქვენ უფრო გირლიანდას დაემსგავსებით, ვიდრე ყვავილების გროვას. მაგრამ ინდივიდუაცია, რომელზეც მე ვსაუბრობ, მაინც არ მოხდება.

ინდივიდუაცია - ეს არაა წესრიგის დამყარება გონებაში, ეს გონების გაქრობაა. როცა ბოლომდე თავისუფალი ხართ გონებისგან, ერთიანობა ხდებით. ნამდვილი ინდივიდუაცია - ეს არა-გონების მდგომარეობაა.

იუნგი ხელისცეცებით მოძრაობდა სიბნელეში და ძალიან მიუახლოვდა ჭეშმარიტებას, სწორედ ისევე, როგორც დემოკრიტე მივიდა ძალიან ახლოს მატერიის ატომური სტრუქტურის შეცნობასთან. მაგრამ იუნგი იმდენადვე შორს იყო ნამდვილი ინდივიდუაციისგან, რამდენადაც დემოკრიტე იყო შორს თანამედროვე ნამდვილი ფიზიკისგან. თანამედროვე ფიზიკა - ეს მსჯელობა არაა, ეს მეცნიერულად დადასტურებული მოვლენაა.

„ოქროსფერი ყვავილის საიდუმლოს“ ავტორისთვის ინდივიდუაცია - ეს მსჯელობა არაა, ეს მისი პირადი გამოცდილებაა. მანამ, სანამ ერთიანობამდე მიხვალთ, აუცილებელია მრავლობითობას დაემშვიდობოთ: უნდა ისწავლოთ აბსოლუტურად ცარიელად ყოფნა. ინდივიდუაცია - ეს შინაგანი სიცარიელის ყვავილობაა. დიახ, სწორედ ასეა: ოქროსფერი ყვავილი თქვენში იფურჩქნება, როცა აბსოლუტურად ცარიელი ხართ. ესაა ყვავილობა სიცარიელეში, ოქროსფერი ლოტოსი სიცარიელის ტბაში ყვავილობს. ეს სრულიად სხვა პროცესია. იუნგი ცდილობს, რომ ცალკეული ნაწილები გააერთიანოს, - თითქოს სარკე გაგიტყდათ, და ცდილობთ კვლავ შეაწებოთ ნამტვრევები. და თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ სარკე ვეღარ იქნება იგივენაირი. გატეხილი სარკე - ეს გატეხილი სარკეა.

აღმოსავლეთში ეს პროცესი სრულიად სხვა განზომილებაში აღიქმება: ჩვენ საშუალება უნდა მივცეთ გონებას, რომ წავიდეს, თანდათანობით უნდა მოვიშოროთ გონების ყოველი ნაწილი. ღრმა გაცნობიერებულობაში, მედიტაციაში აზრები ქრებიან, და ადრე თუ გვიან გონება ცარიელდება. როცა გოება ცარიელდება, იგი არა-გნებად იქცევა, რადგანაც გონება, როგორც ასეთი - ეს სხვა არაფერია, თუ არა აზროვნების პროცესი. როცა აზრები არ გაქვთ, როცა თქვენს შიგნით ერთი აზრიც კი არაა, მაშინ ჩნდება არა-გონება. თქვენ შეგიძლიათ ამას უწოდოთ ინდივიდუაცია, შეგიძიათ უწოდოთ სამადჰი, ნირვანა, ან როგორც გნებავთ.

მაგრამ იყავით ყურადღებით: ისეთი ადამიანის სიტყვები, როგორიც იუნგია, ძალიან მომხიბვლელად ჟღერენ, რადგანაც ძალიან ლამაზ ტერმინებს იყენებენ. ისინი საუბრობენ ინდივიდუაციაზე, და თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ, რომ იუნგის ინდივიდუაცია - ეს ნამდვილი ინდივიდუაციაა. მაგრამ ის არაა ნამდვილი, ის ვერ იქნება ნამდვილი, - მას არასოდეს მედიტირებდა.

სინამდვილეში, მას ეშინოდა მედიტაციის. მას ეშინოდა აღმოსავლეთის. როცა მისი მეგობარი რიჰარდ ვილჰელმი, რომელმაც ი-ძინი და „ოქროსფერი ყვავილის საიდუმლო“ გერმანულ ენაზე თარგმნა, ჭკუიდან შეიშალა, მას კიდევ უფრო მეტად შეეშინდა. მაშინ მან დაიწყო ლაპარაკი, რომ აღმოსავლური მეთოდები სახიფათოა, რომ ისინი გამოუსადეგარია დასავლეთისთვის, რომ არ ღირს აღმოსავლური მეთოდების დასავლეთში გამოყენება, რადგანაც დასავლეთმა სრულიად სხვა ევოლუციური გზა გაიარა. მან დაიწყო ლაპარაკი, რომ აღმოსავლური მეთოდები: იოგა, ტანტრა, დაო, ძენი, სუფიზმი - არ შეესაბამებიან დასავლურ გონებას. იგი ძალიან შეშინებული იყო. არ ესმოდა, რას ამბობდა, - მას არასოდეს გამოუცდია ეს მეთოდები.

ვილჰელმი ჭკუიდან შეიშალა არა იმიტომ, რომ ეს მეთოდები გამოიყენა, არამედ იმიტომ, რომ ცდილობდა შეექმნა დასავლური და აღმოსავლური ფსიქოლოგიის სინთეზი. ამან კი ნებისმიერი შეიძება გააგიჟოს. ის არ მედიტირებდა, ის არ იყო მედიტატიური ადამიანი. ის ფილოსოფოსი იყო.

აღმოსავლეთი და დასავლეთი ვერ შეხვდებიან ფილოსოფიაში - ეს შეუძლებელია. სიცოცხლე და სიკვდილი ვერ შეხვდებიან ფილოსოფიაში, დადებითი და უარყოფითი ვერ შეხვდებიან ფილოსოფიაში. მაგრამ რეალობაში ისინი ხვდებიან: რეალობაში დადებითი არ არსებობს უარყოფითის გარეშე, რეალობაში სიკვდილი - ეს სხვა არაფერია, თუ არა სიცოცხლის კულმინაცია, რეალობაში სიჩუმე და ბგერა - ეს ერთი მოვლენის სხვადასხვა ასპექტებია. რეალობაში ქალი და მამაკაცი ერთნი არიან, მაგრამ ისინი ვერ შეხვდებიან ფილოსოფიაში, რადგან ფილოსოფია - ეს გონების სამუშაოა. გონება გაყოფილია, გონებას არ შეუძლია შეერთება. ისინი მხოლოდ არა-გონების მდგომარეობაში, ეგზისტენციალურ განცდაში ხვდებიან.

მეფემ სუფ მისტიკოსს ბაბა ფარიდს საჩუქარი აჩუქა. ეს იყო ბრილიანტებით მორთული მშვენიერი ოქროს მაკრატელი. მეფეს ძალიან უყვარდა იგი, თანაც სხვა მეფისგან ჰქონდა საჩუქრად მიღებული. ფარიდთან წასვლისას გაიფიქრა: „ეს შესანიშნავი საჩუქარი იქნება“. ამიტომაც წაუღო მაკრატელი.

ფარიდმა შეხედა მაკრატელს, უკან დაუბრუნა მეფეს და უთხრა:

- რაში მჭირდება ეს? მაკრატელი ჭრის, ჰყოფს, ამიტომ მე არ გამომადგება. ჯობია ნებსი მაჩუქო, რომელიც საგნებს აერთიანებს. ნემსი უფრო შემესაბამება, ვიდრე მაკრატელი.

გონება - ეს მაკრატელია, ის განუწყვეტლივ ჭრის. ის თაგვს ჰგავს, ვირთხას, რომელიც განუწყვეტლივ რაღაცას ღრღნის.

თქვენ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ერთ-ერთი მითოლოგიური ფიგურა ინდოეთში განეშაა - სპილოს თავიანი ღმერთი. ეს ლოგიკის ღმერთია. და იგი ვირთხაზეა ამხედრებული, ვირთხაა მისი გადაადგილების საშუალება. ლოგიკა ვირთხას ჰგავს: ის ღრღნის. ლოგიკა - ეს მაკრატელია.

გონება ყოველთვის ჰყოფს. გონება პრიზმას ჰგავს: გაატარეთ მასში დიდი სხივი და ის მაშინვე დაიშლება შვიდ ფერად. გაატარეთ რაიმე გონებაში და ის მაშინვე ორმაგი გახდება. სიცოცხლე და სიკვდილი არაა სიცოცხლე და სიკვდილი. რეალობა სიცოცხლესიკვდილია. ისინი ერთი სიტყვა უნდა იყვნენ და არა ორი, მათ შორის დეფისიც კი არ უნდა იყოს. სიცოცხლესიკვდილი ერთი მოვლენაა, ისევე როგორც სიყვარულისიძულვილი , სიბნელესინათლე , პოზიტიურინეგატიური . მაგრამ გაატარეთ ერთი მოვლენა გონებაში, და ერთიანობა მყისიერად ორად დაიშლება. სიცოცხლესიკვდილი იქცევა სიცოცხლე-სიკვდილად, - ისინი არა მხოლოდ იყოფიან, სიკვდილი ეწინააღმდეგება კიდეც სიცოცხლეს, ისინი მტრები ხდებიან. თქვენ შეგიძლიათ სცადოთ მათი შეერთება, მაგრამ ისინი არასოდეს უერთდებიან ერთმანეთს.

კიპლინგი მართალია, როცა ამობს, რომ „აღმოსავლეთი - ეს აღმოსავლეთია, ხოლო დასავლეთი - ეს დასავლეთია, და ისინი არასოდეს შეხვდებიან“. ლოგიკის თვალსაზრისით ის მართალია. როგორ შეიძლება აღმოსავლეთი შეხვდეს დასავლეთს? როგორ შეიძლება დასავლეთი შეხვდეს აღმოსავლეთს? მაგრამ ეგზისტენციალური თვალსაზრისით - ეს სრული ბოდვაა. ისინი ყველგან ხვდებიან. მაგალითად, ახლა აქ ხართ, პუნაში: აღმოსავლეთში ხართ თუ დასავლეთში? თუ პუნას ლონდონს შევადარებთ, მაშინ აღმოსავლეთში ხართ, მაგრამ თუ ტოკიოს შევადარებთ, მაშჳნ დასავლეთში. მაში, რა არის აღმოსავლეთი და დასავლეთი? ისინი ყოველ მომენტში ხვდებიან, კიპლინგი კი ამტკიცებს, რომ ისინი არასოდეს ხვდებიან. ისინი გამუდმებით ხვდებიან. არ არსებობს ადგილი, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი არ ხვდებოდნენ ერთმანეთს; არ არსებობს ადამიანი, რომელშიც აღმოსავლეთი და დასავლეთი არ ხვდება ერთმანეთს. ეს უბრალოდ შეუძლებელია. ისინი ხვდებიან, ეს ერთი რეალობაა - აღმოსავლეთი, დასავლეთი - ერთი ცა.

მაგრამ გონება ჰყოფს. და თუ შეეცდებით, რომ იმავე გონების მეშვეობით შეაერთოთ საგნები, ჭკუიდან შეიშლებით. სწორედ ეს დაემართა რიჰარდ ვილჰელმს. ის შესანიშნავი ადამიანი იყო, თავისებურად გენიალური, მაგრამ ის მხოლოდ ინტელექტუალი იყო. როცა ის გაგიჟდა, იუნგი, ბუნებრივია, შეშინდა: სწორედ ვილჰელმმა გააცნო მას აღმოსავლეთის იდუმალი წიგნები - ი-ძინი და „ოქროსფერი ყვავილის საიდუმლო“. მან დაარწმუნა იუნგი, რომ დაეწერა კომენტარები ამ წიგნისთვის. მაგრამ იუნგს ძალიან ეშინოდა აღმოსავლეთის. ის საუბრობდა ამ თემებზე, მაგრამ არასოდეს უცდია მათი პრაქტიკა. ის არწმუნებდა დასავლეთელ ადამიანს იმაში, რომ დასავლეთმა საკუთარი იოგა, მედიტაციის თავისი მეთოდები უნდა განავითაროს, და არ უნდა გამოიყენოს დასავლური მეთოდები. ეს ისეთივე სისულელეა, როგორც, მაგალითად აღმოსავლეთელმა შოვინისტმა თქვას, რომ აღმოსავლეთმა საკუთარი მეცნიერება უნდა განავითაროს, საკუთარი ფიზიკა, საკუთარი ქიმია. აღმოსავლეთმა არ უნდა მისდიოს დასავლეთს, რადგანაც ეს მეთოდები დასავლეთში იქნა შემუშავებული. მათი გამოყენება არ შეიძება, რადგან „აღმოსავლეთი - ეს აღმოსავლეთია, ხოლო დასავლეთი - ეს დასავლეთია“.

თქვენ ფიქრობთ, რომ აღმოსავლეთმა საკუთარი ქიმია უნდა განავითაროს? და რაშია განსხვავება? აღმოსავლეთმა საკუთარი ფიზიკა უნდა განავითაროს? და რაშია განსხვავება? ნუთუ აღმოსავლეთში წყალი სხვაგვარად აორთქლდება, ვიდრე დასავლეთში? არანაირი განსხვავება არ იქნება. და თუ ეს მატერიალურს ეხება, იგივე ეხება შინაგან ცნობიერებასაც.

ყველა განსხვავება ზედაპირულია. ყველა განსხვავება თქვენს განპირობებულობასთანაა დაკავშირებული, და არა თქვენს არსთან. არსი ერთნაირია; თეთრი კანი გაქვთ თუ შავი, არ აქვს მნიშვნელობა. განსხვავება მხოლოდ ფერთა შორის მცირე სხვაობაშია. ადრე ამბობდნენ, რომ განსხვავება მხოლოდ პიგმენტის რაოდენობაშია, პიგმენტების ოთხ ანასში. თეთრ ადამიანს უფრო ნაკლები პიგმენტი აქვს, ვიდრე შავკანიანს. გახსოვდეთ: შავკანიანი ადამიანი უფრო მდიდარია, მდიდარი ოთხი ანასით. სულ რაღაც ოთხი ანასი  და თქვენ სხვა ფერის კანი გაქვთ. ადრე თუ გვიან გამოვიგონებთ ინექციებს, რომლებიც საშუალებას მისცემენ თეთრ ადამიანებს, რომ შავები გახდნენ, ხოლო შავებს - თეთრები. მხოლოდ ერთი ჩხვლეტა  და დილით ნამდვილ ზანგად იქცევით! განსხვავება მცირეა, ის ზედაპირულია. ასეთია ყველა განსხვავება, რომლებსაც გონება ქმნის.

ბუნებრივია, ინდუისტს სხვა გონება აქვს, ვიდრე მუსულმანს, მაგრამ გონება მხოლოდ ისაა, რაც გასწავლეს. როცა ბავში იბადება, ის არც იუდეველია, არც ქრისტიანი, და არც ინდუისტი. ის უბრალოდ წმინდა თანამყოფობაა. თუ ბავში იუდეველ მშობლებთან იბადება, მაგრამ ინდუისტების მიერ აღიზრდება, მას ინდუისტური გონება ექნება, და არა იუდევური. ის ვერასოდეს გააცნობიერებს, რომ იუდეველი იყო, მისი სისხლის ანალიზი არ აჩვენებს ამას. სისხლი არ აჩვენებს, ვინ ვინაა. თქვენ არ შეგიძიათ მიხვიდეთ ექიმთან და სისხლის ანალიზით დაადგინოთ ინდუისტი ხართ თუ მუსულმანი. ამას არც თქვენი ძვლები აჩვენებენ... განსხვავება მხოლოდ იმაშია, რასაც გასწავლიან, რასაც თავს გახვევენ. განსხვავება მხოლოდ გარსშია, ტანსაცმელში და სხვა არაფერში. ტანსაცმლის ქვეშ  იგივე შიშველი ადამიანია.

რა სისულელეს ამბობს იუნგი, როცა ამტკიცებს, რომ დასავლეთმა საკუთარი ალქიმია, საკუთარი ტანტრა, საკუთარი დაო უნდა განავითაროს! მას იმდენად ძლიერად ეშინოდა, რომ ეს მისთვის საშუალება იყო საკუთარ შიშთან შეხვედრისგან თავის ასარიდებლად. 

დასავლეთმა არ უნდა განავითაროს რაიმე საკუთარი მხოლოდ იმიტომ, რომ იგი დასავლეთია. დიახ, ყოველმა ეპოქამ უნდა განავითაროს საკუთარი მეთოდები, მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია. ეს უკვე არაა დასავლეთის ან აღმოსავლეთის საკითხი. მე გამოვიმუშავებ ახალ მეთოდებს იმიტომ, რომ მრავალი რამ შეიცვალა. ბუდას გამოჩენიდან ოცდახუთი ასწლეულის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ბუდა მუშაობდა ცნობიერებაზე, რომელიც სრულიად სხვაგვარად იყო განპირობებული.

ბევრი რამ შეიცვალა: ადამიანი უფრო მომწიფებული გახდა, ის უფრო ეჭვიანი და სკეპტიკური გახდა, მისთვის უფრო ძნელი გახდა „კი“-ს თქმა. მას უნდა, რომ გამოიკვლიოს, და არა ირწმუნოს, მას არ შეუძლია მხოლოდ ნდობა, მისი უნდობლობა ძალიან ღრმა გახდა, ის აღარაა უმანკო, ცოდნამ გააფუჭა იგი. ყველა ეს ცვლილება მოხდა. და ამ ცვლილებების შესაბამისად მეთოდებიც უნდა შეიცვალოს. მაგრამ ეს არაა დასავლეთის ან აღმოსავლეთის საკითხი. ჩვენს საუკუნეში დასავლეთზე ან აღმოსავლეთზე ლაპარაკი სრული სიბრიყვეა.

დედამიწა ერთიანია. დედამიწაზე პირველად მოხდა ეს მშვენიერი მოვლენა: ჩვენ გლობალურები გავხდით, ჩვენ სამყაროსეულები გავხდით. ნაციები  მხოლოდ გადმონაშთებია, წარსულის გადმონაშთები, ძველი ჩვევები, რომლებიც ძნელად მიდიან. რადგანაც ძველი ჩვევები ძნელად მიდიან, ადამიანი არასაჭირო ტანჯვას განიცდის.

დღესდღეობით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წყალობით შესაძლებელი გახდა, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს ნახევრადმშიერ მდგომარეობაში. მაგრამ ამას ხელს უშლის ნაციათა ძველი საზღვრები. თუ მსოფლიოში ისევ რჩებიან ღატაკი ადამიანები, ეს იმიტომ კი არაა, რომ მათი დახმარების საშუალებაა არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ დღემდე არსებობენ ნაციები, სახელმწიფოები და პოლიტიკური საზღვრები. ახლა ადამიანს ძალუძს, რომ მთელი დედამიწა სამოთხედ აქციოს, მაგრამ პოლიტიკოსები არ უშვებენ ამას. ის, რისი გაკეთებაც ახალ თაობას მაინც მოუწევს, ადრე თუ გვიან,  და რაც უფრო ადრე, მით უკეთესი, - ესაა ნაციების გაუქმება. ჩვენ გვჭირდება ერთიანი მსოფლიო, და ეს ერთიანი მსოფლიო იქნება  მრავალი კითხვის პასუხი და მრავალი პრობლემის გადაჭრა.

სიღარიბე შესაძებელია, რომ ახლავე გაქრეს, თუკი მსოფლიოს ერთ მთლიანად აღვიქვამთ და გამოვიყენებთ ყველაფერ იმას, რაც აღმოაჩინა და შექმნა ადამიანმა. წინააღმდეგ შემთხვევაში სიღარიბე კი არ გაქრება, გაგრძელდება და მომავალშიც იარსებებს. შეიძლება, რომ ავადმყოფობები გაქრეს, ადამიანი უფრო ჯანმრთელი გახდეს. ამისთვის ყველაფერი აუცილებელი არსებობს, უბრალოდ ძელი გახრწნილი გონება განაგრძობს არსებობას.

ჩემი წინადადებაა შევქმნათ მსოფლიო მმართველობა. ნაციონალური მმართველობები უკვე აღარაა საჭირო, რადგან ყველა ნაციონალური მმართველობა მოძველდა. მაგრამ პოლიტიკოსები არ დაუშვებენ ამას. რატომ? - იმიტომ, რომ მაშინ ისინი აღარ იქნება საჭირო. რაღა საჭირო იქნება მაშინ მორარჯი ბჰაი დესაი? სად აღმოჩნდება მაშინ ყველა პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი? ყველა ეს ადამიანი უსარგებლო აღმოჩნდება. მაშინ ისინი ვეღარ შექმნიან ამდენ ომებს და ამდენ ხმაურს მსოფლიო სცენაზე. მათ დაივიწყებენ. ისინი უსარგებლო და მუზეუმში ჩასაბარებელი გახდებიან. ისინი უკვე აღარ არიან საჭირო.

მსოფლიოს ერთიანი მმართველობა სჭირდება. ყველა ნაცია უნდა გაქრეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაქრება ომები მიწის ნაგლეჯებისთვის, რომლებიც არავის ეკუთვნის და ამავე დროს ყველას ეკუთვნის. ომები მხოლოდ მაშინ გაქრება, თუ ნაციები გაქრება; ომები ნაციების არსებობის პროდუქტია. მაგრამ პოლიტიკოსებს არ მოეწონებათ ეს, ისინი რისკავენ, რომ მთელი თავისი მნიშვნელოვნება დაკარგონ. სინამდვილეში, პოლიტიკოსები მეტი ნაციის არსებობაში არიან დაინტერესებული.

ინდოეთი ერთიანი ნაცია იყო, მაგრამ ინდოელმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს ორი ნაცია შეექმნათ, ინდოეთი და პაკისტანი, რათა იქაც და აქაც ყოფილიყვნენ პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, მინისტრები და სხვა პაიაცები. მაგრამ შემდეგ პაკისტანი თავის მხრივ ორ ნაწილად დაიშალა, რადგანაც პაკისტანი რომ ერთიანი დარჩენილიყო, მაშინ ბენგალიელები დაიტანჯებოდნენ, რომ ისინი არ არიან პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები. მათ მოუწიათ პაკისტანისგან განცალკევება. ინდოეთი სამ ქვეყანად იქცა, და თუ ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა, ინდოეთიც მრავალ ქვეყნად იქცევა.

გარდა ამისა, სამხრეთ ინდოეთს განცალკევება უნდა ჩრდილოეთ ინდოეთისგან ენობრივი პრინციპის გამო. სამხრეთელები ამტკიცებენ, რომ ისინი მიეკუთვნებიან ერთ რასას, დრავიდულს, ხოლო ჩრდილოეთელები - მეორე რასას, არიულს. „ჩვენ სხვადასხვა სისხლი გვაქვს, ჩვენ სხვადასხვა იდეალები გვაქვს, ჩვენ სხვადასხვა ენები გვაქვს“. ჩრდილოეთისგან გამოცალკევების იდეა უფრო და უფრო მეტ ძალას იძენს, რადგანაც მაშნ სამხრეთელს თავისი პრემიერ-მინისტრი ეყოლება. აქამდე ყველა პრემიერ-მინისტრი სამხრეთელი იყო.

ჩრდილოეთელებმა პრეზიდენტად სამხრეთელი აირჩიეს, უბრალოდ იმისთვის, რომ დაემშვიდებინათ სამხრეთელები, რადგანაც ინდოეთის პრეზიდენტი - ეს მოჩვენებითი ფიგურაა. ეს ისეთივე ფიგურაა, როგორც ინგლისის დედოფალი: ის წარმოადგენს სახელმწიფოს ნომინალურ მეთაურს, მაგრამ ამასთან არანაირი ძალაუფლება არ გააჩნია. ყველა პრეზიდენტი სამხრეთელი აღმოჩნდება ხოლმე, უბრალოდ იმისთვის, რომ სამხრეთი დააწყნარონ. ძალაუფლებას კი პრემიერ-მინისტრი ფლობს, სწორედ მის ხელშია მთელი ძალაუფლება, და ის ჩრდილოეთელია. სამხრეთი ამის გამო იტანჯება. კერძოდ კი სამხრეთელი პოლიტიკოსები. ადრე თუ გვიან სამხრეთს განცალკევება მოუნდება.

მსოფლიო აგრძელებს უფრო პატარა ნაწილებად დაყოფას. პოლიტიკოსებს რომ ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ, რაც მოუნდებათ, მაშინ ყოველი სოფელი ცალკე სახელმწიფო გახდებოდა, რადგანაც მაშნ ყველა სოფელს ეყოლებოდა თავისი პოლიტიკოსები, თავისი პარლამენტი, თავისი პრეზიდენტი, თავისი პრემიერ-მინისტრი და მინისტრები. პოლიტიკოსებისთვის რომ ყველაფრის უფლება მიეცათ, ასეც მოიქცეოდნენ. რატომ არ აძლევენ ამის უფლებას? არ აძლევენ ისევ პოლიტიკური მიზეზის გამო. თუ სამხრეთ ინდოეთი ჩრდილოეთს გამოეყოფა, მაშინ მორარჯი დესაი თავისი ძალაუფლების ნახევარს დაკარგავს. ამიტომ ისინი, ვინც მმართველობაშია, ამას ეწინააღმდეგებიან, მათ არ უნდათ, რომ ქვეყანა დაიყოს. ისინი, ვინც ხელისუფლებაში არაა, ცდილობენ დაყონ ქვეყანა. და ასე ხდება გამუდმებით.

ერთხელ მთელმა მსოფლიომ უბრალოდ უნდა აიღოს და მოისროლოს მთელი ეს სისულელე და გახდეს ერთიანი. ჩვენ არ გვჭირდება პასპორტები, ჩვენ არ გვჭირდება ვიზები. ჩვენ გვჭირდება მსოფლიო მოქალაქეობა. ჩვენ გვჭირდება გადაადგილების თავისუფლება. საიდან ამდენი უნდობლობა? საიდან ამდენი მტრობა ერთმანეთისადმი? ეს მიწა  ჩვენი საერთო პლანეტაა, ჩვენ უნდა გვქონდეს გადაადგილების თავისუფლება. ეს მსოფლიო ჯერ კიდევ ვერ გახდა თავისუფალი წარსულის გადმონაშთების გამო. ისინი უნდა გადავაგდოთ. როცა მათ გადავაგდებთ, მსოფლიო იმდენად მდიდარი გახდება, რამდენადაც თქვენ გინდათ, იმდენად ჯანმრთელი, რამდენადაც თქვენ გინდათ. სიღარიბე გაქრება.

სიღარიბე ვერ გაქრება მხოლოდ იმიტომ, რომ მაჰატმა განდი მესამე კლასის ვაგონით მგზავრობს. ეს უბრალოდ სტრატეგიაა, პოლიტიკური სტრატეგია. ნუთუ სიღარიბე გაქრება მხოლოდ იმიტომ, რომ მაჰატმა განდიმესამე კლასის ვაგონით მგზავრობს? სინამდვილეში, ის დამატებით გადაავსებს ხოლმე მესამე კლასის ვაგონს, რომელიც ისედაც გადავსებულია! მას რომ პირველი კლასის ვაგონით ემგზავრა, კონდენციონერით, მაშინ გადავსებულ ვაგონში ერთი ადამიანით ნაკლები მაინც იქნებოდა. ასეთი საკითხები არ ესმით, მაგრამ ღარიბებს მოსწონთ ეს.

ისინი თვლიან, რომ მათი სიღარიბე რაღაც განსაკუთრებულია. „ნახეთ, მაჰატმა განდიც კი მესამე კლასის ვაგონით მგზავრობს. შეხედეთ მაჰატმა განდის, ის ღარიბი ადამიანივით ცხოვრობს.’’

ასე ხდება სიღარიბე რაღაც სულიერი. მსოფლიო ღარიბად რჩება, რადგანაც სიღარიბე კეთილშობილების რანგში აჰყავთ. ყველგან, სადაც სიღარიბე კეთილშობილებად ითვლება, იარსებებენ ღარიბი ადამიანები. 

ინდოეთში სიღარიბე კეთილშობილებად ითვლება, თითქოს მასში რაიმე სულიერი იყოს. მასში არაფერია სულიერი, ეს რაღაც პათოლოგიურია. თუ თქვენ ღარიბი ხართ, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ სულელი ხართ, რომ არ შეგიძლიათ საკუთარი თავის უზრუნველყოფა. თუ ღარიბი ხართ, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ იმ ძველი ფორმებისადმი ხართ მიჯაჭვული, რომლებიც უკვე უსარგებლონი არიან ამ სამყაროში. თუ თქვენ ღარიბი ხართ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ შემოქმედებითი და შეუპოვარი ადამიანი. თუ თქვენ ღარიბი ხართ, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ გონიერი. ამაში არაფერია სულიერი, ეს უბრალოდ ენერგიისა და   გონივრულობის ნაკლებობაზე მეტყველებს.

სიღარიბე უნდა განიკითხებოდეს. სიღარიბე არ უნდა ითვლებოდეს კეთილშობილებად. ჩვენ უნდა შევცვალოთ ადამიანის დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი, მაშინ ისინი ძალიან ადვილად გაქრება. ტექნოლოგიების წყალობით ჩვენ შეგვიძლია, რომ ძალიან კეთილსასურველ სამყაროში ვიცხოვროთ, მაგრამ ფსიქოლოგიურად არ შეგვიძლია სიუხვის გარემოში ცხოვრება.

ხანდახან ხდება, რომ ადამიანი მდიდრდება, მაგრამ ღარიბივით აგრძელებს ცხოვრებას, და გარშემომყოფები ძალიან აფასებენ ამას. ისინი ამბობენ: „ნახეთ, იგი ისეთი მდიდარია, და მაინც უბრალო ადამიანივით ცხოვრობს“. ეს ადამიანი უბრალოდ ბრიყვია! რატომ არ ტკბება სიმდიდრით, რომელიც თავისი ძალისხმევისა და დიდი შრომის წყალობით მოიპოვა? ის უბრალოდ ძუნწია. მან უბრალოდ არ იცის მდიდრულად ცხოვრება. ის ფარავს თავის მდიდრულად ცხოვრების უუნარობას ლამაზი შირმის მიღმა, რომელსაც ეწოდება „უბრალოება“. აუცილებელია, რომ შეიცვალოს ეს იდეალები.

სიღარიბე უსახურია, ისეთივე უსახური, როგორც ავადმყოფობა. მაგრამ ის მომავალშიც განაგრძობს არსებობას, სანამ არსებობენ ნაციები; ის განაგრძნობს არსებობას, სანამ არსებობენ პოლიტიკოსები. ის განაგრძობს არსებობას, სანამ სამყარო დაყოფილი რჩება. ომები გაგრძელდება. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მშვიდობაზე, მაგრამ გავაგრძელებთ ომისათვის მზადებას, რადგანაც მშვიდობა - ეს მხოლოდ სიტყვებია. ჩვენ დიდი მემკვიდრეობა გვერგო წარსულისგან. რა მემკვიდრეობაა ეს? - გამუდმებული შეტაკებების, ბრძლების, მკვლელობებისა და ომების სამი ათასი წელი - აი, ჩვენი წარსული.

ჩვენ უნდა გავწყვიტოთ კავშირი წარსულთან. დასავლეთელმა ადამიანმა კავშირი უნდა გაწყვიტოს დასავლურ წარსულთან, აღმოსავლეთელმა კი - აღმოსავლურთან. ინდუისტმა კავშირი უნდა გაწყვიტოს ინდუისტურ წარსულთან, ხოლო ქრისტიანმა - ქრისტიანულთან. წარსულიგან განთავისუფლების მეთოდი ერთი და იგივე იქნება. ის ვერ იქნება აღმოსავლური ან დასავლური. წარსულის მემკვიდრეობისგან საკუთარი თავის გამოყოფის მეთოდი ერთი და იგივე იქნება.

მაგრამ იუნგი ძალიან იყო შეშინებული. მას ეშინოდა სიჩუმეში შესვლა, მას ესინოდა საკუთარ შინაგან არსში შესვლა, რადგანაც საკუთარი შინაგანი არსის პირველი განცდა აბსოლუტური სიცარიელის განცდაა. მაგრამ იგი არ აღიარებს, რომ ეშინია; ის იტყვის, რომ დასავლური მეთოდების შემუშავებაა აუცილებელი.

არ არსებობს აღმოსავლური მეთოდები, არ არსებობს დასავლური მეთოდები; მეთოდები - ეს უბრალოდ მეთოდებია. როცა ცდილობთ, რომ გონების საზღვრებს გასცდეთ, ერთ მეთოდს იყენებთ - გაცნობიერებულობას. რა შეგიძიათ გააკეთოთ დასავლეთში გარდა იმისა, რომ გააცნობიეროთ? გაცნობიერებულად ყოფნა, დაკვირვებით ყოფნა, მომენტში ყოფნა, ტოტალურად და სპონტანურად ყოფნა, სადაც არ უნდა იყოთ, - ესაა ის, რაც მთელი წარსულისგან განთავისუფლებაში დაგეხმარებათ - პოლიტიკურისგან, სოციალურისგან, რელიგიურისგან. როცა თქვენს წარსულს გამოეყოფით, თქვენი გონება გაქრება, რადგანაც გონება სხვა არაფერია, თუა არა წარსული, რომელშიც შეფუთული ხართ. გონება  ნიშნავს მეხსიერებას, მეხსიერება - ნიშნავს წარსულს; როცა გონება არ არის, თქვენ ბოლომდე აქ იმყოფებით, ბრწყინვალე აქ-და-ახლაში. და ამ შესანიშნავ მდგომარეობაში ხდება ინდივიდუაცია, ის ინდივიდუაცია, რომელზეც საუბარია „ოქროს ყვავილის საიდუმლოში“. იუნგი სწორი მიმართულებით აზროვნებდა, მაგრამ მხოლოდ აზროვნებდა.

ადამიანი, რომელმაც ეს კითხვა დასხვა - თვითონაა იუნგის მიმდევარი. შესაძლოა მისთვის ძალიან რთული იყოს იმის გაგება, რასაც ახლა ვამბობ. მან კიდევ ერთი კითხვა დასხვა. მან დაწერა: „ოშო, როდესაც შენ ფროიდს, იუნგს და ადლერს ერთ კონტექსტში ახსენებ, ეს მე მანაწყენებს. ეს ისე ჩანს, თითქოს ერთ კონტექსტში ახსენებდე ბუდას, ქრისტეს და ნიქსონს“.

შენთვის ეს რთული იქნება, მაგრამ სიმართლე ასეთია, რომ ფროიდი - გენიოსია, ხოლო იუნგი და ადლერი პიგმეები არიან, უბრალოდ პიგმეები, მათ არ მიუღწევიათ მისი სიმაღლისთვის. ფროიდი პირველად აღმომჩენი გახდა. მან კაცობრიობას რაღაც განსაკუთრებით ღირებული აჩუქა. ფროიდი წყარო გახდა, მამამთავარი. იუნგი და ადლერი - უბრალოდ მისი ნაშიერები არიან. ფროიდს შეუძლია იარსებოს იუნგისა და ადლერის გარეშე, ის მათ გარეშეც  მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ იუნგს და ადლერს არ შეუძიათ მის გარეშე არსებობა. ამის წარმოდგენაც შეუძლებელია. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ იუნგი და ადლერი, ფროიდი რომ არ ყოფილიყო? ეს შეუძლებელია, ამის წარმოდგენაც შეუძლებელია - ისინი მისი შვილები არიან. მიუხედავად იმისა, რომ არ გაუგონეს მას, აუჯაყდნენ მას, ეს არ ცვლის საქმის არსს: თქვენ შეგიძლიათ არ დაუჯეროთ თქვენს მამას, შეგიძლიათ მის წინააღმდეგ წახვიდეთ, მაგრამ ის მაინც თქვენს მამად დარჩება. შეგიძლიათ ებრძჴლოთ მას, შეგიძლიათ მოკლათ, მაგრამ ის მაინც თქვენი მამა იქნება. არ შეგიძლიათ ამ კავშირის განადგურება. თქვენ შეგიძიათ მოკლათ მამა, მაგრამ ვერ მოკლავთ მამობრიობას. ეს აბსოლუტურად ზუსტია. ვერ იზამთ ისე, რომ მან შეწყვიტოს თქვენს მამად ყოფნა.

ფროიდი მამა იყო ,  იუნგი და ადლერი კი აჯანყებული შვილები, მხოლოდ ნაშიერები, რომლებიც განცალკევებას ცდილობდნენ მშობლიური ხისგან. მაგრამ მათ ვერ შეძლეს შორს წასვლა, რადგანაც შიგნით სიღრმეში ისინი ამ ხის გამგრძელებლებად რჩებოდნენ, შიგნით სიღრმეში დაკავშირებულნი რჩებოდნენ მასთან. ისინი გახდნენ რეაქცია ფროიდზე. და გახდნენ რეაქცია არა იმიტომ, რომ რაღაც ახლის შემუშავება შეძლეს, - არაფერი მსგავსი. ფროიდთან დაკავშირებით იუნგი იგივე იყო, რაც იუდა ქრისტესთან დაკავშირებით.

ასე ხდება ყოველთვის: ყველაზე ახლო მოსწავლეს ადვილად შეუძია უღალატოს ოსტატს. იუდა იესოს ყველაზე ახლო მოსწავლე იყო, ყველაზე ჭკვიანი,  განათლებული და  უფრო გონიერი და განათლებული, ვიდრე ყველა დანარჩენი. სინამდვილეში ის უფრო განათლებული იყო, ვიდრე იესო, ის ყველაზე განსწავლული მოსწავლე იყო. ბუნებრივია, მას იმედი ჰქონდა, რომ მემკვიდრე გახდებოდა იესოს წასვლის შემდეგ. ის მეორე იყო იესოს შემდეგ, ბუნებრივია მასში დაიბადა ღრმა შური და ეგოს მისწრაფება - რატომ არ უნდა იყოს პირველი? რამდენი უნდა ელოდოს? მან მეტი იცის და უკეთ ლაპარაკობს, ვიდრე იესო, იესო არაა განათლებული. სავარაუდოდ სწორედ ასე ფიქრობდა, და  კონფლიქტი წარმოიშვა. როგორც ჩანს იგი ძალიან ეგოისტი იყო.

და ეს ერთხელ არ მომხდარა. ეს ბევრჯერ მოხდა. ეს შეემთხვა მაჰავირას: სიძემ, რომელიც მისი მოსწავლე იყო, უღალატა და ხუთასამდე სხვა მოსწავლე წაიყვანა მისგან. ბუდას მისმა ბიძაშვილმა დევადატამ უღალატა, და მის მოკვლას, მის მოწამვლას ეცადა. რატომ? - დევადატა ყოველთვის თვლიდა, რომ ის ბუდაზე არანაკლებია. „რატომ სცემენ ბუდას ასე დიდ პატივს, მე რატომ არ მცემენ პატივს?ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ერთ მასწავლებლებთან ვისწავლეთ, ერთი ოჯახიდან წამოვედით, სამეფო ოჯახიდან, - რატომ გახდა იგი გასხივოსნებული, მე კი დღემდე მხოლოდ მოსწავლე ვარ?“ მასაც უნდოდა საკუთარი თავსი გასხივოსნებულად გამოცხადება. მას ამბიცია, შური, ეგო წარმართავდა. იგივე ეხება იუნგსაც, ადლერსაც და ზოგიერთ სხვასაც.

ფროიდი რევოლუცია გახდა და  დიდი მატრანსფორმირებელი ძალა გახდა კაცობრიობის ცნობიერების ისტორიაში. ის არ იყო გასხივოსნებული, როგორც ბუდა ან მაჰავირა, ან იესო. მაგრამ ის დიდი რეოლუციონერი იყო იმაში, რაც ეხებოდა აზროვნებას, და მან გაიკვალა გზა ახალი შესაძლებლობებისკენ. ფროიდი რომ არ ყოფილიყო, დასავლეთი ვერ გაიგებდა ტანტრას. ფროიდი რომ არ ყოფილიყო, დასავლეთელი ადამიანი განაგრძობდა ვიქტორიანულ პურიტანიზმში, სიყალბეში და პირფერობაში ცხოვრებას. ფროიდმა გახსნა გზა იმისკენ, რომ უფრო ნამდვილები ვყოფილიყავით, უფრო ჭეშმარიტები, უფრო გულწრფელები,  გულმართლები. იუნგი და ადლერი მისი მხოლოდ ნაშიერები იყვნენ.

იუნგი ფროიდის მარჯვენა ხელი იყო. ფროიდმა თავად აირჩია იგი თავის მემკვიდრედ. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ იუნგი იუდას ჰგავს. მაგრამ ფროიდი შეცდა. მან არასწორი არჩევანი გააკეთა. ის თავად არ ყოფილა გასხივოსნებული. როგორც ჩანს მან ყველაზე ეგოისტი მოსწავლე აირჩია, რადგანაც ყველაზე ეგოისტი ყველაზე აქტიურია. იუნგი ყველაზე ეგოისტი მოსწავლე იყო. შეხედეთ მას ძველ ფოტოებში: ფროიდისა და სხვების გვერდით იუნგი ყველაზე ეგოისტურად გამოიყურება. ეს ფოტოზეც კი ჩანს, ამის დამალვა შეუზებელია. ეს მას სახეზე აწერია.

როგორც ჩანს ფროიდმა იმიტომ აირჩია იუნგი მემკვიდრედ, რომ ის იყო ყველაზე ნიჭიერი, აქტიური, განსაკუთრებულად აქტიური,  რადგან მას შეეძლო ყველაზე კარგად ლაპარაკი, ფილოსოფოსობა, კამათი, მსჯელობა. მაგრამ ძალიან მალე იუნგმა გააცნობიერა, რომ ამ თვისებებით მას თვითონ შეეძლო გამხდარიყო ოსტატი, რომ მას შეეძლო თვითონ დაეარსებინა ახალი ფსიქოლოგიური სკოლა. რატომ უნდა ყოფილიყო მეორე ვიოლინო? მას შეეძლო პირველი ყოფილიყო, მთავარი, ერთადერთი. და მან დააარსა თავისი სკოლა.

მისი სკოლა უბრალოდ რეაქცია გახდა, რეაქცია ფროიდზე, მაგრამ ის არ წასულა ასე ღრმად თავის გაგებაში. თუმცა ის სწორი მიმართულებით მოძრაობდა, მაგრამ, ვიმეორებ, ის მხოლოდ ხელისცეცებით მიდიოდა სიბნელეში, ეს არ იყო გაცნობიერებული მოძრაობა. ის უბრალდ რაც შეიძლება შორს გადაადგილდებოდა ფროიდისგან.

ფროიდს ძალიან მეცნიერული მიდგომა ჰქონდა, იუნგმა ხელოვნების სამყაროში დაიწყო მოძრაობა  უბრალოდ იმისთვის, რომ ფროიდს დაშორებოდა. სრულიად შემთხვევით მან სწორი მიმართულება აირჩია. ფროიდის მიდგომა მათემატიკური იყო, იუნგის მიდგომა პოეტური გახდა. ფროიდის მიდგომა ძალიან რეალისტური იყო, იუნგის მიდგომა უფრო და უფრო მითოლოგიური ხდებოდა. და ყველაფერი იმიტომ, რომ ეს საქმიანობა რეაქცია გახლდათ: იგი ცდილობდა, რომ საკუთარი დამოუკიდებლობა დაემტკიცებინა, სრული დამოუკიდებლობა ფროიდისგან, მას უნდოდა კავშირი გაეწყვიტა ფროიდთან, მისი სრული წინააღმდეგობა გამხდარიყო, - ისე რომ თავადაც ვერ ხვდებოდა, გაუცნობიერებლად. რაღაც თვალსაზრისით ეს კარგი იყო. კარგი იყო იმ თვალსაზრისით, რომ იგი შეეჯახა ზოგიერთ ფაქტს, რომელსაც ფროიდი ვერასოდეს აღმოაჩენდა თვითონ, რადგანაც მისი მიდგომა ძალიან პრაქტიკული, დამიწებული, პრაგმატული, მეცნიერული, რეალისტური იყო, მაგრამ არის მრავალი საკითხი, რომელიც არ განისაზღვრება მხოლოდ ფაქტებით.

არსებობს მილიონობით საკითხი, რომლის გაგებასაც ვერ შევზღუდავთ მხოლოდ ფაქტებით. რაც უფრო მაღლა ადიხართ, რაც უფრო სიღრმეში შედიხართ, მით უფრო ძნელი ხდება მეცნიერების ენაზე ლაპარაკი, მეცნიერების ენის გამოყენება. მაშინ აუცილებელია პოეტური თავისუფლება, აუცილებელია პოეზია, აუცილებელია გამოხატვის მხატვრული ფორმები. მაშინ მითოლოგია ერთადერთი საშუალება ხდება, რათა გარკვეული სიმაღლეები და სიღრმეები გადმოსცეს.

მაგრამ ის, ვინც ეს კითხვა დასვა, როგორც ჩანს ნაწყენია. ის იუნგის მიმდევარი იყო, ახლა კი ჩემთან მოხვდა. მე რაც შეიძება უფრო ძლიერად ჩავარტყამ თავში... რადგანაც მისგან რაღაც სრულიად ახალი უნდა შევქმნა - არა ვინმეს მიმდევარი, არამედ ინდივიდუალობა. მე მას ინდივიდუაცია უნდა მივცე, და მას მოუწევს ამის ატანა, მას მოუწევს ცეცხლსა და წყალში გამოწრთობა. ის, რასაც ახლა ვამბობ, ცეცხლია. როგორც კი ვამჩნევ თქვენს მიჯაჭვულობებს, მაშინვე ვუტევ მათ. მისი მიჯაჭვულობა - იუნგია. მისი მიჯაჭვულობის გამო იუნგსაც ხვდება.

მეორე კითხვა:

რატომ იყენებ იგავებს?

იგავი იმის თქმის საშუალებაა, რისი თქმაც შეუძლებელია. იგავი თითია, რომელიც მთვარეზე მიუთითებს: დაივიწყეთ თითი და შეხედეთ მთვარეს. ნუ მოეჭიდებით თითს, ნუ დაუწყებთ მას კბენას. იგავი უნდა გაიგოთ და დაივიწყოთ.

სწორედ ამაშია ნებისმიერი იგავის, ნებისმიერი ისტორიის სილამაზე: როცა მას ჰყვებიან, თქვენ ყურადღებით ისმენთ, რადგანაც ის ყოველთვის ცნობისმოყვარეობას ჰბადებს - რა იქნება მომავალში? თქვენ ბოლომდე სმენად იქცევით, ყურადღებიანი და მიმღები ხდებით. თქვენ დაინტრიგებული აღმოჩნდებით, ელოდებით, რა იქნება შემდეგ. კვანძის გახსნას ელოდებით. ისტორიის რაღაც მომენტში კულმინაცია დგება, შემდეგ კი უეცრად - კვანძის გახსნა. და როცა კულმინაციის შემდეგ კვანძი იხსნება, თქვენ ისეთი მოუთმენლობის მდგომარეობაში იმყოფებით, რომ კვანძის გახსნა ღრმად აღწევს თქვენს გულში.

ჭეშმარიტებაზე რაიმეს თქმა არც ისე ადვილია. გვიწევს, რომ გამოვიყენოთ იგავები, ლექსები, სხვა საშუალებები, რომლებიც მსმენელში ისეთ მწველ ინტერესს,  ცნობისმოყვარეობას,  მიმღებლობას გამოიწვევს, რომ იგი მოუთმენლად დაელოდოს, თუ რა მოხდება შემდეგ.

იგავებს მარტო მე არ ვიყენებ. ასე იყო ყოველთვის: მათ იყენებდა ბუდა, მათ იყენებდა ჟუან-ძი, მათ იყენებდა იესო - ყველა დიადი ოსტატი იყენებდა იგავს, როგორც ერთ-ერთ მეთოდს. იგი ემსახურებოდა თავის მიზანს მრავალი საუკუნის განმავლობაში და ძველებურად რჩება და დარჩება განსაკუთრებით მნიშვნელოვნად.

იგავი უბრალოდ ისტორია არაა, მისი მიზანი თქვენი გართობა კი არა -გახსივოსნებაა. სწორედ ეს განსხვავებაა ჩვეულებრივ ისტორიასა და იგავს შორის: იგავში ჩადებულია გზავნილი, დაშიფრული გზავნილი, რომელიც უნდა გაშიფროთ. შეიძლება ისე მოხდეს, რომ მთელი ცხოვრება დაგჭირდეთ გზავნილის გასაშიფრად, მაგრამ თავად ეს პროცესი მოახდენს თქვენს ტრანსფორმაციას.

იგავი არაა უბრალოდ ისტორია, ერთმომენტიანი გართობა. მისი არსი მარადიულია, მისი არსი არაა ერთმომენტიანი. სინამდვილეში, იგი დიდ უფრო დიდ მნიშვნელობას ატარებს, ვიდრე თქვენი ეგრეთ წოდებული ფაქტები, რადგანაც ფაქტების ზემოქმედება ცნობიერებაზე ძალიან შეზღუდულია. ფაქტი მოვლენას ჰგავს: იგი ხდება, შემდეგ კი ჩაივლის. მას შემდეგ, რაც ჩაიარა, მას უკვე ვეღარ დავეყრდნობით.

თქვენ ვერ იქნებით დარწმუნებული იმაში, რომ არსებობდა იესო, რომ არსებობდა ისეთი ისტორიული ფიგურა, როგორიც იყო იესო. თქვენ ვერ იქნებით ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულნი. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ იგრძნოთ იმის ალბათობა, რომ ის არსებობდა. მაგრამ მაინც დაგრჩებათ ეჭვი: შესაძლოა ის არც არასოდეს ყოფილა, -ვინ იცის? გარდა მისი ოთხი მოსწავლისა, მას სხვა არავინ იხსენიებს.

შესაძლოა, ეს ოთხი მოსწავლე ვინმე მწერლის გამონაგონი გახლდათ, - მთელი ისტორია ისეთი დრამატული ჩანს. მასში ყველაფერია, რაც ნებისმიერ მელოდრამაშია, ყველაფერი, რაც ნებისმიერ თანამედროვე კინოში შეგვიძლია ვნახოთ: იესოზე შეყვარებული მეძავი; ღარიბის შვილი, რომელმაც თავი ღმერთის შვილად გამოაცხადა; სასწაულმოქმედი ადამიანი, რომელიც ბრმებს თვალს უხელს, დავრდომილებს ფეხზე აყენებს, გამოჯანმრთელებაში ეხმარება ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრება იტანჯებოდნენ; უფრო მეტიც, ლაზარეს მკვდრეთით აღადგენს საფლავიდან. სად შეიძლება ვნახოთ უფრო მეტი სიმწვავე და ვნება? რა გახდის ისტორიას უფრო მიმზიდველს? შემდეგ  იესოს დაპატიმრება, პოლიტიკური ინტრიგები, მისი მოკვლის მცდელობები, და ბოლოს, ჯვარცმა. მაგრამ ისტორია ამაზე არ მთავრდება: სამი დღის შემდეგ იგი აღსდგება. არც ერთ დეტექტიურში არაა ასეთი ოსტატურად დალაგებული სიუჟეტი.

აღდგომა... ამის შემდეგ მას კვლავ ხედავენ მოსწავლეები. იგი კვლავ ხვდება მოსწავლეებს, რომლებიც ვერც კი იცნობენ მას. შემდეგ კი ეს ხუროს ვაჟი, გაუნათლებელი, შეურყვნელი, ხდება მსოფლიოს უდიდესი რელიგიის, უზარმაზარი რელიგიური იმპერიის დამფუძნებელი, და უკან იტოვებს ყველა დანარჩენ წინასწარმეტყველს და ღმერთის მიერ წარმოგზავნილს. რა საფუძველი ჰქონდა ამისთვის? ბუდა მეფის შვილი იყო, მაგრამ ხუროს შვილმა დაჩრდილა იგი მიმდევრების რაოდენობით. სოკრატეს არ ჰყოლია და არ ჰყავს არცერთი მიმდევარი, თუმცა ის ძალიან განათლებული, ძალიან გონიერი ადამიანი იყო. და მასაც იგივე ისტორია შეემთხვა. ის მოწამლული და მოკლული იქნა, მაგრამ მიუხედავად ამისა ერთი მიმდევარიც კი ვერ მოიპოვა. რატომ? როგორ მოხდა ეს? მართლა არსებობდა იესო? მართლა რეალური პიროვნება იყო? - ისტორიის სახელმძღვანელოებშჳ ხომ არ მოიხსენიება მისი სახელი, და ვერც მის ძეგლს იპოვნით სადმე. შესაძლოა იესო უბრალოდ მოგონილია, გამოგონილი ისტორია.

როცა ისტორიული მოვლენები ჩაივლიან, მათი დამკიცება შეუძლებელია, მათი დამტკიცება შეუძლებელია სრული დარწმუნებულობით. ისინი მეტ-ნაკლებად სავარაუდონი რჩებიან. იგავში კი ჩადებულია მარადიული რეალობა. მას არ აქვს პრეტენზია ისტორიულ სინამდვილეზე, ის უბრალოდ რაღაც გზავნილს გადმოგვცემს. მას არ აქვს კავშირი მოვლენებთან, რომლებიც დროში ვითარდება. იგავი ისაა, რაც დროის საზღვრებს მიღმა ხდება და ამასთანავე უზარმაზარ მნიშვნელობას ინარჩუნებს.

არსებობდა იესო თუ არა, ეს არც ისე მნიშვნელოვანია. მაგრამ ისტორიები, რომლებსაც ის ჰყვებოდა, არსებობენ; თავად იესომ მოჰყვა ისინი, თუ სხვა რომელიმე მწერლის გამონაგონია, არ აქვს მნიშვნელობა. ამ იგავებში ჩადებულია მარადიული გზავნილები, რაღაც იმდენად მარადიული, რომ დრო ვერ აქცევს მათ უმნიშვნელოდ, დროის ვერანაირი მონაკვეთი ვერ დაუკარგავს მათ ღირებულებას.

ჭეშმარიტება, რომელიც იგავშია ჩადებული, მარადიულია. ისტორიული ჭეშმარიტება გარკვეული მოვლენის ნამდვილობის საკითხია. როცა მოვლენა წარსულშია, მისი ნამდვილობის აბსოლუტურად დადასტურება შეუძლებელია; ყველაფერი, რაც მასზე შეიძლება ითქვას, ეს მხოლოდ მათი ალბათობაა. ერთადერთი, რაც შეგვიძლია რეალურად დავამტკიცოთ, ეს აწმყოში მომხდარი მოვლენებია. რადგანაც იგავის ჭეშმარიტება მარადიულია, მისი გამოყენება ყოველთვის შეგვიძლია აწმყოში. იგავი ყოველთვის აწმყოში რჩება და არასოდეს გადადის წარსულში. თუ თქვენ მზად ხართ მის გასაგებად, ის მზად იქნება, რომ ყველა თავისი განძი გადმოგცეთ. იგი არაა დამოკიდებული ისტორიულ პირობებზე. იგავი შეიძლება ემთხვეოდეს ისტორიულ პირობებს, ისტორიულად სარწმუნო მოვლენები შეიძლება შეიცავდნენ იგავის ღირებულებას.

შესაძლოა, იესოს ან ბუდას ისტორია ისტორიულად სარწმუნოა; ასეც რომ იყოს, ჩვენ ისტორიული სარწმუნოობა კი არა, იგავის ისტორია გვკურნავს. მნიშვნელოვანი არაა, არსებობდა თუ არა იესო, არსებობდა თუ არა ბუდა. ბუდას არსებობის მხოლოდ ალბათობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენი გულები ღრმა მისწრაფებით აანთოს, ღვთაებრივის წყურვილი გვაიძულოს. მხოლოდ ალბათობაც კი საკმარისია, რომ ზეცისკენ აგვახედოს, გვიბიძგოს ძიებისკენ და იმ შეზღუდვებით უკმაყოფილებისკენ, რომლებიც ჩვენს გარშემო შევიქმენით. მხოლოდ ეს ალბათობაც კი გვიბიძგებს თავგადასავლებისკენ.

წარმოიდგინეთ, რომ იძირება ადამიანი, და ვიღაც თოკს უგდებს. იგი ეჭიდება თოკს და გამოცურავს. ვინ დაწნა ეს თოკი? ეს იგავია... ვიღაც იტყვის, რომ იგი ბუდამ დაწნა, ვიღაც - რმ იესომ, ვიღაც - რომ მუჰამედმა, მაგრამ იმ ადამიანისთვის, რომელიც იხრჩობოდა, მხოლოდ ერთია მნიშვნელოვანი: „გაუძლებს ეს თოკი ჩემს წონას, თუ არა?“ ვინ დაწნა თოკი - ეს ისტორიული საკითხია: აქ შეიძლება ცდებოდეთ, მაგრამ მაინც გამოცუროთ. სწორედ ამაშჳა იგავის სილამაზე. შესაძლოა ბუდა არასოდეს არსებობდა, მაგრამ თუ იგავს გაიგებთ, გადარჩებით.

რა არის იგავი? მაგალითად...

ერთხელ ბუდა თავისი ულამაზესი ოქროს ეტლით ახალგაზრდულ დღესასწაულზე გაემართა. მოულოდნელად, ცხოვრებაში პირველად, მან მოხუცებული ადამიანი დაინახა.

ეს იგავი ასე იწყება: როცა ბუდა დაიბადა, დიადი ასტროლოგები მივიდნენ მამამისთან, რათა ბავშის მომავალი, მისი პოტენციალი ეწინასწარმეტყველათ. ყველა ასტროლოგმა განაცხადა:

- ის ან მსოფლიო მმართველი, ჩაკრავარტინი, გახდება, რომელიც ყველა ექვს კონტინენტს მართავს, ან სამყაროსგან განდეგილი სანიასი გახდება. ეს ორი შესაძლებლობა არსებობს.

ყველა ასტროლოგმა, გარდა ერთისა, ორი თითი ასწია და მოახსენა მეფეს:

- არსებობს ორი შესაძლებლობა: ის ან მსოფლიოს უდიადესი მმართველი იქნება, და იმდენი ძალაუფლება ექნება, რომელიც ჯერ არავის ჰქონია მანამდე, ან ყველაფერზე უარს იტყვის და ტყეში წავა, სანიასი გახდება, იმედიტირებს, გასხივოსნებას მიაღწევს.

და მხოლოდ ერთმა ასტროლოგმა, მხოლოდ ყველაზე ახალგაზრდამ, ასწია ერთი თითი. მეფეს გაუკვირდა:

- ყველამ ორი თითი ასწია, შენ კი მხოლოდ ერთი?

ასტროლოგმა უპასუხა:

- ის გასხივოსნებული გახდება. სხვა შესაძლებლობა არ არსებობს.

მაგრამ ის ყველაზე ახალგაზრდა იყო ასტროლოგებს შორის, ამიტომ მეფემ არ მიანიჭა დიდი მნიშვნელობა. ყველა მოხუცმა ასტროლოგმა განაცხადა, რომ ორი შესაძლებლობა არსებობს, ამიტომ ამ ახალგაზრდას სიტყვებს არ გააჩნია დიდი ღირებულება.

ამიტომ მან გამოცდილ ასტროლოგებს ჰკითხა:

- რა უნდა გავაკეთო, რომ მან არასოდეს თქვას უარი მიწიერზე და არ დატოვოს სამეფო?

მათ შესთავაზეს:

- ააშენე მისთვის რამდენიმე მშვენიერი სასახლე, სხვადასხვა სასახლეები წელიწადის ოთხი დროისთვის. ინდოეთში წელიწადის ოთხი დროა, ამიტომ აუშენე ოთხი სასახლე, მშვენიერი ბაღებით და ყვავილებით. აქციე ისინი თითქმის სამოთხედ. და აუცილებლად გააკეთე ისე, რომ მის ბაღებში ვერ მოხვდეს ვერცერთი ხანშიშესული ადამიანი, რომ იგი ვერ შეხვდეს ვერცერთ ავადმყოფს, რომ ვერ დაინახოს ვერცერთი სანიასი, და ვერასოდეს შეეჯახოს სიკვდილის არსებობას. ეს ოთხი რამ ბოლომდე უნდა გამოირიცხოს. როცა ფოთლები ხეებიდან ჩამოცვივდება, მანამდე უნდა მოაშორონ ისინი, სანამ ერთ მკვდარ ფოთოლს მაინც დაინახავს. ბაღში ყვავილები მანამდე უნდა მოიჭრას, სანამ ერთ დამჭკნარ და მომაკვდავ ყვავილს მაინც დაინახავს.

მას გარს უნდა ეხვეოდნენ სამეფოს ყველაზე ლამაზი ქალები. იგი გამუდმებით რაღაცით უნდა გაართონ. გახსოვდეს: მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძება, რომ გასხივოსნების სურვილისგან იხსნათ. დაე ყოველთვის დაკავებული და დაღლილი იყოს. გაღვიძებისას, დაძინებისას და მთელი დღის განმავლობაში, გარშემო მშვენიერ მოცეკვავე ქალებს უნდა ხედავდეს. მუსიკის და ცეკვების ბგერების ქვეშ უნდა იძინებდეს.

მეფემ ყველაფერი სწორედ ასე გააკეთა.

ისტორიულად მართალია თუ არა ეს, არ აქვს მნიშვნელობა. იგავის არსი იმაშია, რომ ასე თუ ისე, ჩვენ ყველანი მსგავსი სახით ვიწყობთ ცხოვრებას. მშობლებს ყოველთვის ეშინიათ თავიანთი შვილების გამო, - შესაძოა ისე ძლიერ არა, როგორც ბუდას მამას ეშინოდა, რადგანაც იგი უკიდურესობამდე მივიდა. იმისთვის, რომ იგავი აბსოლუტურად გასაგები იყოს, მასში რაღაც უკიდურესობა, გაზვიადება უნდა იყოს, სულ ესაა. მაგრამ ნებისმიერ მამას, ნებისმიერ დედას ეშინია იმის, რომ მისი შვილი განდეგილი გახდება, რომ იგი საზოგადოებას გაერიყება.

ერთმა ამერიკელმა ქალმა მისწერა მორარჯი დესაის, რომ მისი ქალიშვილი რომელიღაც ინდოელი ოსტატის კლანჭებში მოხვდა, რომ მან ის დააჰიპნოზა. „გადაარჩინეთ ჩემი ქალიშვილი! დამიბრუნეთ იგი“. გაზეთებში არ იყო მოხსენიებული იმ ადამიანის სახელი, ვინც დააჰიპნოზა. სავარაუდოდ ეს მე ვარ, მისი ქალიშვილი კი აქაა. სხვაგან სად?

მშობლები ქმნიან ასოციაციებს, საზოგადოებებს, რათა დაიცვან თავიანთი შვილები მსგავსი გატაცებებისგან. მათ უფრო მეტად ეშინიათ მედიტაციის, ვიდრე ნარკოტიკების. ამერიკაში ორგანიზაციაც კი არსებობს, რომელიც ეხმარება მშობლებს - მოიპარონ და დაიბრუნონ თავიანთი შვილები, თუ კი ისინი აღმოსავლეთში მიდიან და მედიტირებას იწყებენ. შემდეგ ამ ბავშვებს ფსიქოანალიტიკოსებთან, ფსიქიატრებთან გზავნიან, რათა ჰიპნოზისგან გაანთავისუფლონ, რათა „ტვინი გამოურეცხონ“.

ეს კანონსაწინააღმდეგოა. კალიფორნიის ერთ-ერთი ფსიქიატრი დააპატიმრეს მსგავსი საქმიანობის გამო, რადგანაც ზედმეტის უფლება მისცა საკუთარ თავს. ჯერ მშობლები თხოვნით მიმართავდნენ, რომ მოეპარათ და დაებრუნებინათ თავიანთი შვილები, შემდეგ კი ამის კეთება დამოუკიდებლად დაიწყო. მშობლებსაც კი არ აქვთ ამის უფლება. როცა ბავშვი სრულწლოვანებას აღწევს, მშობლებს არ აქვთ მისი მოტაცების უფლება. მაგრამ ისინი მხარდაჭერას უზრუნველყოფენ: მათ მხარდაჭერა აქვთ პარლამენტში, სასამართლოში, რადგანაც მოსამართლეც მშობელია, პოლიციელები და ადვოკატებიც მშობლები არიან. ისინი შეძლებენ, რომ მისი მხარდაჭერა უზრუნველყონ.

მაგრამ ამ ფსიქიატრმა დამოუკიდებლად დაიწყო მოქმედება, მან საკუთარ თავზე მისიონერის ფუნქცია აიღო, იპარავდა და მშობლებს უბრუნებდა მათ შვილებს, სპეციალური ორგანიზაცია შექმნა თავის მხარდასაჭერად და დაიწყო „ტვინის გამოსარეცხი“ პროგრამის გამოყენება. მან ამ პროგრამას „დეპროგრამირება“ დაარქვა. იგი მიმათულია იმაზე, რომ ადამიანმა უარი თქვას მედიტაციაზე, დაკარგოს ინტერესი აღმოსავლეთისადმი და ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს. თუ ის კათოლიკე იყო, კვლავ კათოლიკე ხდება და ეკლესიაში იწყებს სიარულს; თუ პროტესტანტი იყო, კვლავ პროტესტანტი ხდება და ბიბლიას კითხულობს. ამ ადამიანებს ეშინიათ, და ეშინიათ არა მხოლოდ ახლა, მათ ყოველთვის ეშინოდათ ამის. ისტორია ბუდაზე - ეს არაა გაზვიადება. მშობლებს ყოველთვის ეშინიათ, რომ მათი შვილები განდეგილები გახდებიან, ეს მშობლების მარადიული შიშია.

იგავი გრძელდება...

ყოველთვის, როცა ბუდა დედაქალაქში შედიოდა, ქუჩებს ალაგებდნენ, მოუხებს და სანიასებს აშორებდნენ. როცა ქუჩაში მისი ეტლი გაივლიდან მას არ ხვდებოდა არაფერი უსახური, ავადმყოფური, ძველი, მკვდარი. მაგრამ ერთხელ ეს მოხდა.

იგავში ნათქვამია, რომ ღმერთები შეშფოთდნენ ბუდას გამო. ისინი განიცდიდნენ: „ნუთუ ბუდა ასე დარჩება მუდმივი უზრუნველობის ამ სულელურ მდგომარეობაში? ნუთუ ის არასოდეს გასხივოსნდება?“

ქუჩები იწმინდებოდა, ხალხის გადაადგილება მკაცრად კონტროლდებოდა, მაგრამ ღმერთებმა მაინც მოახერხეს იქ შეღწევა: ერთი ღმერთი მოხუცის სახით წარსდგა მის წინაშე, მეორე - სანიასის, მესამე - მძიმე ავადმყოფის, ხოლო მეოთხე - მიცვალებულის სახით.

ეს იგავი მშვენიერია. ღმერთები შეშფოთდნენ. ამაში დიდი აზრია ჩადებული. აზრი იმაშია, რომ ყოფიერებას უნდა, რომ გასხივოსნებული გახდეთ, ყოფიერება ღელავს თქვენს გამო, ზრუნავს თქვენზე, მას უნდა, რომ ნებისმიერი სახის მონობისგან, ნებისმიერი სიბნელისგან განთავისუფლდეთ. ყოფიერებას უნდა, რომ დაგეხმაროთ.

და როცა ხედავს, რომ წრეზე დადიხართ და უაზროდ ფლანგავთ ცხოვრებას, იგი ქმნის სიტუაციებს, რათა გამოგაღვიძოთ. სწორედ ამაშია იგავის აზრი.

სინამდვილეში ცაზე არ არიან ღმერთები, და მათ არ შეუძლიათ ჩამოვიდნენ და წარსდგნენ თქვენს წინაშე მოხუცის სახით: უბრალოდ იგავი - ეს დაფარული ჭეშმარიტების გამოხატვის საშუალებაა. დაფარული ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ ყოფიერება ზრუნავს თქვენზე; თქვენ ამ სამყაროში იმისთვის მოხვდით, რომ რაღაც ისწავლოთ, - ნუ დაიკარგებით.

ეს მარადიული გზავნილია. მნიშვნელობა არ აქვს, არსებობდა ბუდა თუ არა, იყო ის ისტორიული პიროვნება თუ არა, მნიშვნელოვანია ის, რომ ყოფიერება ზრუნავს თქვენზე. თუ ის ბუდაზე ზრუნავს, ის თქვენზეც ზრუნავს, თქვენთვისაც ქმნის სიტუაციებს. და თუკი ცოტათი მაინც ხართ ყურადღებით, მოეჭიდებით ამ სიტუაციებს, და ისინი თქვენთის ტრანსფორმაციის, გამოღვიძების საშუალებები გახდებიან.

ბუდამ მოხუცი დაინახა და მეეტლეს ჰკითხა:

- რა დაემართა ამ ადამიანს?

მან სწორედ ასეთი კითხვა დასვა, რადგანაც აქამდე არასოდეს უნახავს მოხუცებული. თქვენ არ დასვამდით მსგავს კითხვას, რადგანაც ყოველდღე ხედავთ მოხუცებს. მისთვის კი ეს ძალიან უცნაური იყო. მას ჰყავდა მეუღლე, ჰყავდა ვაჟი, მაგრამ არასოდეს უნახავს არც ერთი მოხუცი. ბუნებრივია, შეძრული აღმოჩნდა, როცა უეცრად მოხუცი დაინახა. მეეტლე აპირებდა, რომ ტყუილი ეთქვა მისთვის, რადგან კარგად იცნობდა ბუდას მამას.

მაგრამ იგავში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ღმერთი შევიდა მეეტლის სხეულში და სიმართლე უთხრა. მან თქვა:

- ყოველი ადამიანი ხდება მოხუცებული.

- და მეც გავხდები ასეთი? - იკითხა ბუდამ. - ჩემი შეყვარებული, ჩემი ცოლი იაშოდჰარა, ასევე მოხუცდება? ჩემი პატარა ვაჟი რაგული, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიბადა, ასევე მოხუცდება?

და ღმერთმა მეეტლის მეშვეობით უთხრა:

- დიახ, ყველა ადამიანი ბერდება.

შემდეგ ბუდამ მიცვალებული დაინახა.

- მას რაღა დაემართა? - იკითხა მან.

და ღმერთმა კვლავ მიუგო მეეტლეს მეშვეობით:

- ყოველ ადამიანს ელოდება ეს მდგომარეობა - ავადმყოფობა, სიბერე, შემდეგ კი სიკვდილი.

- და მეც მოვკვდები? ჩემი მშვენიერი მეუღლე იაშოდჰარაც, ჩემი შვილი რაგულიც, რომელიც რამდენიმე დღის უკან დაიბადა?

- ყველა ადამიანი კვდება, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, - უპასუხა ღმერთმა.

შემდეგ ბუდამ სანიასი დაინახა ნარინჯისფერ სამოსში და იკითხა:

- რატომ აცვია ნარინჯისფერი?

ღმერთმა უპასუხა:

- ამ ადამიანმა უკვე დაინახა, რომ არსებობს ავადმყოფობა, სიბერე და სიკვდილი; ახლა იგი ცდილობს, რომ უკვდავების წყარო იპოვნოს. მან გააცნობიერა, რომ სიცოცხლე სიკვდილით მთავრდება. გააცნობიერა ის ფაქტი, რომ ადრე თუ გვიან სხეული გაქრება და ფერფლად იქცევა. ამიტომ ცდილობს იპოვნოს ის, რაც არასოდეს კვდება. მან მედიტაცია დაიწყო, უარი თქვა გართობებზე. ის გასხივოსნებას ეძებს.

- მაშინ შემობრუნდი, - თქვა ბუდამ. - მე არ მჭირდება ახალგაზრდულ დღესასწაულზე წასვლა, რადგანაც თუ ჩემი ახალგაზრდობა - ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა, მაშინ მე უკვე მოხუცი ვარ. თუ სხეული მაინც ფერფლად იქცევა, ეს ნიშნავს, რომ მე უკვე მოვკვდი.

ჩაწვდით ბუდას გამობრწყინებას...

ბუდა ამბობს: „თუ ეს მაინც უნდა მოხდეს, მაშჳნ რა მნიშვნელობა აქვს, ხვალ მოხდება თუ სამოცდაათი წლის შემდეგ? თუ ეს მაინც უნდა მოხდეს, ეს ნიშნავს, რომ უკვე მოხდა. შემოატრიალე! მე აღარ მაინტერესებს არანაირი დღესასწაულები. დღესასწაულები ჩემთვის დამთავრდა. მე უნდა ვეძებო ის, რასაც შენ გასხივოსნებას უწოდებ. სანამ ეს სხეული გაქრება, საშუალებად უნდა გამოვიყენო იგი, საშუალებად - უკვდავების საპოვნელად. უნდა ვიპოვნო ეს ნექტარი“.

და ის უკან გაბრუნდა. იმავე ღამით დატოვა სასახლე და ბნელ ტყეში წავიდა მედიტაციისთვის.

ესაა იგავი. სინამდვილეში მოხდა თუ არა, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. რა მნიშვნელობა აქვს - დაემთხვევა თუ არა ისტორიულ ფაქტებს? მე საერთოდ არ მაღელვებს ისტორიული ფაქტები, და სწორედ ამიტომ ადამიანები, რომლებიც გიჟდებიან ისტორიაზე, მიბრაზდებიან ხოლმე. მე საკუთარ თავს სრულ პოეტურ თავისუფლებას ვაძლევ.

მე მაინტერესებს იგავი, და არა ისტორიული ფაქტები. თუ ვხედავ, რომ იგავი შეიძება უფრო მშვენიერი გავხადო, მაშინ მე ვთამაშებ მასთან. არ მაღელვებს, როგორი ფორმით იყო დაწერილი თავდაპირველად. რა მნიშვნელობა აქვს, თუ მე იგავების პოეტურობა და მათში ჩადებული გზავნილი მაინტერესებს. მართლა მოხდა თუ არა, არ აქვს მნიშნელობა; ის მაინც დაგეხმარებათ.

„ვინ დაწნა ეს თოკი - იესომ, ბუდამ თუ მუჰამედმა?“ რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, თუკი იხრჩობით? ამ მომენტში მხოლოდ ერთია მთავარი - გაუძლებს ეს თოკი თქვენს წონას თუ ვერა.

შეგიძლიათ შეამოწმოთ ეს. შესაძლოა არასწორი პასუხი მიიღოთ, მაგრამ მაინც გადარჩებით. შესაძლოა თოკი ბუდამ დაწნა, თქვენ კი ფიქრობდით რომ იესომ დაწნა, - არ აქვს მნიშვნელობა, ის მაინც გადაგარჩენთ. დაე ბიბლია დაწერილი იყოს უჩინარი ავტორის მიერ, - ეს არაა მნიშვნელოვანი, მასში გზავნილია. ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს ავტორი, ალბათ ის გასხივოსნებული იყო, წინააღმდეგ შემთხვევაშ ვერ დაწერდა ასეთ მშვენიერ იგავს. ის თავად იყო იესო. ვინც არ უნდა ყოფილიყო ბუდას შესახებ იგავის შემდგენელი, ის თავად იყო ბუდა. იყო თუ არა ეს ისტორიული რეალობა, არ აქვს მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ ვიყეებ ასე ხშირად იგავებს.

იგავი - ეს იმედი, რისკი და შანსია, რომლებსაც ლაო-ძი ან ზარატუსტრა გვიგზავნიან. ყველა ბიბლია რომ დაიშალოს, იესოს სახელი რომ დავიწყებას მიეცეს, ამას არ იქნებოდა დიდი მნიშვნელობა, თუკი იმედის ცეცხლი, სილამაზის ცეცხლი განაგრძობდა წვას, თუკი ეს შანსი განაგრძობდა არსებობას.

თუკი დადასტურდება, მეცნიერულად დადასტურდება, რომ ბუდა არ არსებობდა, რომ იესო არასოდეს დაბადებულა, რომ მუჰამედს არასოდეს უვლია ამ მიწაზე, რომ მაჰავირა - ეს უბრალოდ მითია, რომ ლაო-ძი - ეს მხოლოდ გამონაგონია, მაგრამ ამასთანავე ადამიანს მაინც ექნება იმედი, საკუთარ თავზე აღმატების იმედი, თუ ეს ცეცხლი მის გულში კვლავ განაგრძობს წვას, თუ მასში დარჩება ჭეშმარიტების ძიებისკენ სწრაფვა, ეს საკმარისი იქნება. მაშნ შეგიძიათ ყველაფერი დაივიწყოთ ბიბლიებსა და ყურანებზე. თუკი თქვენ გაქვთ მისწრაფება, მაშინ ყურანი თქვენს შიგნით დაიბადება. თუკი თქვენი მისწრაფება საკმარისად ძლიერი იქნება, მაშინ ერთხელაც თქვენ დაინახავთ, როგორ დაიბადება თქვენში ბუდა, როგორ დაიბადება თქვენში იესო.

ბოლო კითხვა:

შენ ამბობ, რომ ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა გადავიხადოთ. ნუთუ არ არსებობს არანაირი გამონაკლისი?

მოისმინე შემდეგი ანეკდოტი...

ერთმა ამერიკელი ტურისტმა, რომელიც პარიზში აღმოჩნდა, ტაქსის მძღოლს სთხოვა, რომ კარგი ბორდელის მისამართი მიეცა. საღამოს მივიდა ბორდელში, აირჩია გოგო და ვახშამი შეუკვეთა. დილისკენ, როცა ყველა თავისი კაპრიზი დაიკმაყოფილა, ამერიკელი ქვემოთ ჩამოვიდა და მადამს ანგარიში მოსთხოვა.

- თქვენ არაფერი არ გაქვთ გადასახდელი მესიე, - უთხრა დაწესებულების ქალბატონმა.

გაოცებულმა, მაგრამ ამ საკითხის გარჩევის სურვილს მოკლებულმაახალგაზრდამ უსიტყვოდ დატოვა ბორდელი. მეორე დღეს იგი კვლავ ესტუმრა მას და ყველაფერი იგივე გაიმეორა. დაწესებულების დატოვებისას, მისდა გასაკვირად აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიში რვაას ფრანკს შეადგენდა.

- ეს შეუძლებელია! - წამოიყვირა ამერიკელმა. - მე აქ გუშინ ვიყავი, ზუსტად ისევე გავერთე, მაგრამ ერთი ფრანკიც კი არ აგიღიათ ჩემგან.

- აჰ, - თქვა ქალბატონმა, - მაგრამ წუხელ ღამით თქვენი ტრანსლაცია  პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა ტელევიზიით.

დიახ, ხანდახან შესაძლოა უფასოდ მიიღოთ რამე, მაგრამ მაშინ ყურადღებით უნდა იყოთ - შესაძლოა ამ დროს თქვენი პირდაპირ ეთერში ტრანსლირება მიმდინარეობდეს.

სინამდვილეში, ცხოვრებაში არაფერი მოდის უფასოდ. თქვენ ზუსტად იმდენს იღებთ, რამდენისთვისაც მზად ხართ რომ გადაიხადოთ. როცა მზად ხართ, რომ  მთელი თქვენი ცხოვრებით გადაიხადოთ, სანაცვლოდ მარადიულ ცხოვრებას მიიღებთ. უფასო არაფერია, უფასო ვერაფერი ვერ იქნება.

დღეისათვის საკმარისია.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff