ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო

ოშო
0
0

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მას არ სჭირდება ძებნა, მას უბრალოდ ხელახლა აღმოჩენა სჭირდება. ვეძებოთ იგი სადღაც გარეთ - ეს საიმედო გზაა მისი ხელიდან გ...

თავი 7 - გასაღების გადატრიალებისას

 

თავი 7

გასაღების გადატრიალებისას

ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა:

როცა სინათლე წრეზე მოძრაობს, ყველა ენერგია კრისტალიზდება : ცისა და მიწის, ნათელისა და ბნელის. როცა მოსწავლე იწყებს ამ საოცარი საიდუმლოს გამოყენებას, ყოფიერების შუაში მას არყოფნა ემართება. როცა დროთა განმავლობაში სამუშაო დასრულებული აღმოჩნდება და სხეულის საზღვრებს გარეთ ახალი სხეული ჩნდება, ეს იმას ჰგავს, რომ არყოფნის შუაში ყოფიერება ვლინდება. მხოლოდ ასდღიანი შეუპოვარი შრომის შემდეგ ხდება სინათლე ჭეშმარიტი... მხოლოდ მაშინ ხდება იგი სული-ცეცხლი. ასი დღის შემდეგ ნათელში იბადება სინათლის ჭეშმარიტი წყაროს წერტილი. შემდეგ უეცრად იბადება მარგალიტის თესლი. ეს იმას ჰგავს, თითქოს ქალი და მამაკაცი ერთმანეთს შეერწყნენ და ჩასახვა მოხდა. მაშინ შეიძლება შევაჩეროთ ძალისხმევა და უბრალოდ დაველოდოთ. პირველადი ტრანსფორმაციის განმსაზღვრელი ნიშანი სინათლის შინაგანი ნათება იქნება. ფიზიკურ სამყაროში ეს მზეა. ადამიანში ეს თვალებია. ეს ენერგია მიმართულია გარეთ და მიედინება ქვემოთ. ამიტომ ოქროსფერი ყვავილის გზა ბოლომდეა დამოკიდებული შიგნითკენ მოძრაობაზე.

სინათლის მოძრაობა წრეზე არაა უბრალოდ ფანტაზია.

აზრების კონცენტრაციით, შეგვიძლია ავფრინდეთ; სურვილების კონცენტრაციით, შეგვიძლია დავეცეთ. როცა მოსწავლე ცოტას ზრუნავს აზრებზე და ბევრს  სურვილებზე, ის რისკავს, რომ ჩაიძირება. მხოლოდ ჭვრეტისა და სიმშვიდის წყალობით იბადება ჭეშმარიტი ინტუიცია; ამისათვის აუცილებელია სინათლე კვლავ შიგნითკენ მივმართოთ.

ერთ დიად ოსტატს ჰკითხეს:

- რა არის ბუდა?

- ბუდა ჭკუაა, - უპასუხა მან.

როცა მრავალი წლის შემდეგ იგივე მოსწავლემ იგივე კითხვა დაუსვა, ოსტატმა წარმოთქვა:

- არ არსებობს ბუდა, არ არსებობს ჭკუა.

- მაშ, რატომ ამბობდი ადრე,რომ ბუდა ჭკუაა“?

- იმისთვის, რომ მტირალი ბავშვი დამემშვიდებინა! როცა ბავშვმა შეწყვიტა ტირილი, მე ვთქვი: „არ არსებობს ბუდა, არ არსებობს ჭკუა“.

ფილოსოფია მხოლოდ სათამაშოა; სათამაშო იმისთვის, რომ მტირალი ბავშვი დავაწყნაროთ, ისევე, როგორც თეოლოგია. რელიგია განცდაა, ექსპერიმენტისთვის მზადყოფნა; მას არაფერი აქვს საერთო აზროვნებასთან. თავისი არსით ესაა მეცნიერება შინაგანი სამყაროს შესახებ; იგი ისეთივე მეცნიერულია, როგორც ნებისმიერი სხვა მეცნიერება. განსხვავება მეცნიერებასა და რელიგიას შორის მდგომარეობს არ მათ მეთოდოლოგიაში, არამედ მხოლოდ ობიექტში.

მეცნიერება დაკავებულია ობიექტური სამყაროთი, სადაც მიედინება ჩვენი ენერგია, სადაც მიედინება ჩვენი სინათლე. რელიგია დაკავებულია სუბიექტური სამყაროთი, იქ ჩვენი სინათლე არ მიედინება, მაგრამ შეუძლია იდინოს. ამიტომ მეცნიერება უფრო მარტივია, ვიდრე რელიგია. არც კი იფიქროთ, რომ რელიგია მეცნიერებაზე მარტივია. რელიგია უფრო მაღალი დონისაა,  ის  უმაღლესი მეცნიერებაა.

უპირველეს ყოვლისა, სინათლე შიგნითკენ უნდა დაიძრას და თქვენი არსი გაანათოს, მაშინ თქვენი არსი გაიხსნება და შეძლებთ მასში შესვლას. ხოლო საკუთარ არსში შესვლა  ღმერთის სასუფეველში შესვლას ნიშნავს. იქ არ ხართ თქვენ, იქ მხოლოდ ღმერთია: თქვენ არსებობთ მხოლოდ როგორც მისი ჩრდილი. როცა სინათლე გარეთკენ მოძრაობს, თქვენ არსებობთ მხოლოდ როგორც ჩრდილი, რადგანაც ვერ აცნობიერებთ თქვენს ჭეშმარიტ „მე“-ს. თქვენი ჭეშმარიტი „მე“ - ეს უმაღლესი „მეა“. თქვენი ჭეშმარიტი „მე“ არის  „მე“ დიდი ასოებით. მას არაფერია აქვს თქვენთან საერთო, ესაა „მე“ მთელი ყოფიერისა. მაგრამ ამის გაცნობიერებისთვის, ღრმა ტრანსფორმაციაა საჭირო.

ბუნებამ გარეთკენ მოძრაობისთვის მოგამზადათ. ამით ბუნების ფუნქცია დასრულდა. ბუნებამ ადამიანში თავის ზღვარს მიაღწია; ბიოლოგიურად მას უკვე აღარ შეუძლია განვითარება, თუკი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ბიოლოგიის საზღვრებს გარეთ განვითარდეს. ბუნებამ იმ წერტილამდე მიგიყვანათ, სადაც საკუთარ ფეხებზე შეგიძლიათ დგომა. ადამიანი აღარაა ბავშვი, ის გაიზარდა. ბუნება აღარ მოგივლით, ამის აუცილებლობა აღარაა.

ბუნებრივი ევოლუცია ადამიანზე დასრულდა. ამ ფაქტს უფრო და უფრო ხშირად აღიარებენ მეცნიერები: რაც არ უნდა შეიცვალოს ადამიანი ათასწლეულების განმავლობაში, იგი ისეთივე რჩება . და  თითქოს ბუნების ფუნქცია დასრულდა. ადამიანის შემდგომი განვითარება თავად მასზეა დამოკიდებული. სწორედ ესაა რელიგია.

რელიგია ნიშნავს, რომ ადამიანი საკუთარ ფეხებზე იწყებს დგომას, პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ არსზე, იწყებს ძიებას და საკუთარი თავისთვის კითხვის დასმას - ვინ ვარ მე? და ეს არ უნდა იყოს უბრალო ცნობისმოყვარეობა.

ფილოსოფია უბრალოდ ცნობისმოყვარეობაა. რელიგია ძალიან გულწრფელი, ჭეშმარიტი ძიებაა, კვლევაა. ხოლო ცნობისმოყვარეობა და ძიება - სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. ცნობისმოყვარეობა ბავშური  ქავილია თავში; ცოტას მოფხანთ და უკვე კმაყოფილი ხართ. ფილოსოფია სურვილია, მოიფხანოთ იქ, სადაც გეფხანებათ; რელიგია კი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ფილოსოფიაში არასოდეს აღმოჩნდებით ღრმად ჩაფლულები, იქ ზედაპირზე რჩებით. თქვენ უბრალოდ სათამაშოებით თამაშობთ, მაგრამ ეს არაა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. თქვენ ცოდნას აგროვებთ, მაგრამ არასოდეს იყენებთ მას.

მე გამიგია...

ოდესღაც ცხოვრობდა ცნობილი მეცნიერი-კონფუციანელი. ეს იყო ოთხმოცი წლის ჯენტლმენი  . ითვლებოდა, რომ მას ბადალი არ ჰყავდა ცოდნასა და გაგებაში.

მაგრამ მოულოდნელად გავრცელდა ხმები, რომ სადღაც შორს გაჩნდა ახალი დოქტრინა, უფრო ღრმაც კი, ვიდრე მისი ცოდნა იყო. ეს ამბავი აუტანელი აღმოჩნდა მოხუცი მეცნიერისთვის  და მან გადაწყვიტა ნებისმიერი გზით გაერკვია თუ  რაში იყო საქმე.

მიუხედავად თავისი საქმეებისა, ის შორეულ მოგზაურობაში გაემგზავრა. რამდენიმე თვიანი რთული გზის შემდეგ, როგორც იქნა  დანიშნულების ადგილს მიაღწია , თავი წარუდგინა და სტუმრობის   მიზეზი მოახსენა.

ძენის ახალი სკოლის ოსტატმა, რომელმაც იგი მიიღო, უბრალოდ ციტირება მოახდინა ცნობილი გამონათქვამისა:

თავი აარიდე ბოროტ საქმეებს და აკეთე რაც შეიძლება მეტი სიკეთე - აი ,  ბუდას ყველა სწავლება.

ამის გაგებისას მეცნიერი-კონფუციანელი რისხვამ შეიპყრო:

- მე აქ შორიდან ჩამოვედი, მიუხედავად ყველა ხიფათისა და სირთულისა, და მიუხედავად ჩემი ასაკისა, თქვენ კი უბრალოდ იმ გამონათქვამის ციტირებას ახდენთ, რომელიც ყოველმა სამი წლის ბავშვმა ზეპირად იცის! თქვენ რა, დამცინით?

- მე არ დაგცინით, სერ, - უპასუხა ძენის ოსტატმა. - მაგრამ დაფიქრდით: მიუხედავად იმისა, რომ ყოველმა სამი წლის ბავშვმა ზეპირად იცის ეს გამონათქვამი, ყველა ოთხმოცი წლის ადამიანი არ ცხოვრობს ამით!

რელიგია არ ნიშნავს უბრალოდ ცოდნას, ის  ცხოვრებას ამ ცოდნით. რელიგია  სიცოცხლეა, და სანამ არ განიცდით მას, ვერ გაიგებთ, რა არის . ხოლო იმისთვის, რომ რელიგიით იცოცხლოთ, უნდა გადააგდოთ ყველანაირი ფილოსოფოსობა და დაიწყოთ ექსპერიმენტები. ლაბორატორიად უნდა იქცეთ. მეცნიერის ლაბორატორია გარეთ იმყოფება; რელიგიური მკვლევარის ლაბორატორია შიგნით იმყოფება : მის სხეულში, მის სულსა და  გონებაში. მეცნიერი იმ ობიექტზე კონცენტრირდება, რომელზეც ექსპერიმენტს ატარებს: მან გახელილი თვალებით უნდა შეასრულოს თავისი სამუშაო. რელიგიური მაძიებლის სამუშაო დახუჭული თვალებით მიმდინარეობს - ის საკუთარ თავზე კონცენტრირდება.

 რელიგიის სამყაროში ის, ვინც ექსპერიმენტს ატარებს, და ექსპერიმენტის ობიექტი  ერთი სახეა, ამიტომაც ეს ძალიან რთული, უცნაური და ალოგიკურია.  რელიგიის სამყაროში შემცნობი და შეცნობილი განუყოფელი არიან. მეცნიერების სამყაროში შემცნობი და შეცნობილი განსხვავდებიან ერთმანეთისგან - აქ ყველაფერი მკვეთრად დაყოფილი და ცხადია. რელიგიაში  ყველაფერი ერთმანეთს ერწყმება, ყველაფერ დანარჩენში ითქვიფება - შემცნობსაც კი არ შეუძლია ცალკე დარჩეს! რელიგიას არ შეუძლია მოგცეთ ცოდნა, რომელიც განცალკევებული იქნებოდა შემცნობისგან. ის გაძლევთ განცდას, რომელიც ცალკე კი არაა შემცნობისგან, არამედ თავად მის არსს წარმოადგენს.

იმისთვის, რომ რელიგიური მკვლევარი იყოთ, აუცილებელია  გადააგდოთ ნებისმიერი ფილოსოფოსობა, ნებისმიერი თავისთავადი  ცოდნა, რადგანაც ნებისმიერი თავისთავადი ცოდნა არის  დაბრკოლება. ის აჩერებს თქვენს ძიებას. თქვენი ძიება არაგულწრფელი და მოწამლული  ხდება. როგორ შეგიძლიათ ეძებოთ, თუ ყველაფერი წინასწარ გადაწყვიტეთ? იყო ქრისტიანი ან ინდუისტი  და ამაავდროულად იყო რელიგიური ადამიანი  შეუძლებელი. როგორ იქნებით რელიგიური, თუ ინდუისტი ხართ? ის ფაქტი, რომ ინდუისტი ხართ, ნიშნავს, რომ უკვე წინასწარ გადაწყვიტეთ, რა არის ჭეშმარიტება. მაშ , რა აზრი აქვს ძიებას? რის ძიებას დაიწყებთ? თქვენ დაიწყებთ მხოლოდ მხარდაჭერის და არგუმენტების ძიებას იმის სასარგებლოდ, რაც უკვე გადაწყვიტეთ. თქვენი გადაწყვეტილება კი შესაძლოა არასწორი იყოს,  ვინ იცის...  ის ხომ თქვენი არაა, ის საზოგადოებისგან მიიღეთ.

საზოგადოება ძალიანაა დაინტერესებული იმით , რომ მზა გადაწყვეტილებები მოგაწოდოთ. საზოგადოება საერთოდ არაა დაინტერესებული, რომ ცნობიერება მოგცეთ, რომლითაც საშუალება გექნებათ თავად მიიღოთ გადაწყვეტილებები. მანამ, სანამ გაცნობიერებულები ხდებით, სანამ რაიმე ძიებას იწყებთ, საზოგადოებამ უკვე უზრუნველგყოთ ყველა შესაძლო მზა გადაწყვეტილებით - იმისთვის, რომ თქვენი ძიება გააჩეროს ,  რადგანაც მაძიებელი სახიფათოა საზოგადოებისთვის. არა-მაძიებელი მოსახერხებელია, არა-მაძიებელი მორჩილია. ის უბრალოდ იღებს ბრძანებებს და ასრულებს მათ. ის კონფორმისტია და  პირობითობებს მიჰყვება. როგორც კი ვინმეს გონებაში რაიმე რწმენას დებთ, თქვენ წამლავთ მას, რადგანაც რწმენა ნარკოტიკია. იგი იჯერებს მას და თანდათანობით იწყებს ფიქრს, რომ ეს რწმენა  მისი პირადი გამოცდილებაა.

რწმენა ერთგვარი ჰიპნოზია. თქვენ გამუდმებით შთააგონებთ ბავშვს: „შენ ინდუისტი ხარ, შენ ინდუისტი ხარ“, თქვენ ტაძარში დაგყავთ იგი, აიძულებთ, რომ ეგრეთ წოდებულ რელიგიურ რიტუალებსა და ცერემონიებში მიიღოს მონაწილეობა, და თანდათანობით იგი ეჩვევა აზრს, რომ ინდუისტია, რომ ყველაფერი ინდუისტური კარგია, ხოლო ყველაფერი არაინდუისტური ცუდია.

და ეს ხდება ნებისმიერ საზოგადოებაში: თქვენ წამლავთ ბავშვს, თქვენ წამლავთ  მისი ცნობიერების წყაროს. თუ რაღაცის გჯერათ, მაშინ გეჩვენებათ, რომ ეს სიმართლეა. თუ რაღაცის გჯერათ, თქვენ პოულობთ ნებისმიერ შესაძლო მხარდაჭერას თქვენი რწმენისთვის, თქვენ ნახულობთ ყველა შესაძლო არგუმენტს მათ სასარგებლოდ , სწორედ  ამაში მთელი თქვენი ეგო ეფლობა. ეს ჭეშმარიტების საკითხიც კი არაა, შიგნით სიღრმეში ეს ის საკითხია, თუ ვინაა მართალი - „მე თუ შენ? როგორ შემიძლია არ ვიყო მართალი? - მე ყოველთვის მართალი ვარ“. ამიტომ ყველაფერს ირჩევთ, რაც მხარს გიჭერთ. ცხოვრება კი ისეთი მრავალფეროვანია, რომ მასში შეგიძლიათ ყველაფერი იპოვოთ, ყველაფერი, რასაც თავად ირჩევთ, ყველაფერი, რისიც თავად გჯერათ. თუ პესიმისტი ხართ, ცხოვრებაში უამრავ არგუმენტს იპოვით პესიმიზმის სასარგებლოდ. თუ ოპტიმისტი ხართ, უამრავ არგუმენტს იპოვით ოპტიმიზმის სასარგებლოდ.

ცხოვრება ორმაგია, ცხოვრება პარადოქსულია, ცხოვრება მრავალფეროვანია. სწორედ ამიტომ არსებობს მსოფლიოში ამდენი ფილოსოფია, „იზმები“ და თეოლოგია. ნებისმიერი თეოლოგია შემოისაზღვრება რიგი რწმუნებულებებით და მშვენივრად გრძნობს თავს.

მხოლოდ ამ ასწლეულში იგრძნეს მორწმუნეებმა შფოთვა,  და ეს დიდი წყალობაა, - რადგანაც მათ გააცნობიერეს, რომ არსებობენ სხვა მორწმუნეებიც. ახლა ინდუისტები ისე მშვიდად აღარ არიან, მათ არ შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგანაც იციან, რომ არსებობენ ქრისტიანებიც. ქრისტიანებიც ვერ იქნებიან დარწმუნებული, რომ მხოლოდ მათ აქვთ საავტორო უფლება ჭეშმარიტებაზე, რადგანაც მათ იციან, რომ არსებობენ მუსულმანები, და დაოსები, და ბუდისტები.

ამ საუკუნეში ყველაფერი ერთმანეთს შეერია ისე, როგორც არასოდეს ადრე. და გახსოვდეთ, ეს შერევა დიდი წყალობაა; მზადდება რაღაც ახალის მოსვლა, რაღაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოხდება. ეს ქაოსი ადამიანთა გონებაში  ახალი განთიადის დასაწყისია. მომავალში არ აიქნებიან მუსულმანები, ან ინდუისტები, ან ბუდისტები.  უბრალოდ მაძიებლები იქნებიან . რწმენა მიდის, და მიდის მისი სიბნელე. მომავალში არ იქნებიან მორწმუნეები. მომავალში იქნებიან მაძიებლები, რომლებიც ენდობიან იმას, რასაც იპოვნიან. რწმენა რაღაც ნასესხებია, ნდობა კი პირადი გამოცდილებაა.

მე სწორედ ასეთ რელიგიას გასწავლით, რომელიც უფრო და უფრო ხშირად მოხდება მომავალში. აქ მომავალს აწმყოში წარმოვადგენ: მე თქვენ მაძიებლებად გხდით რწმენის რაიმე სისტემის გარეშე, მაძიებლებად, რომლებიც მზად არიან ექსპერიმენტებისთვის და არ იღებენ არცერთ რწმენას; გახსნილებად იმისთვის, რომ ჭეშმარიტება დაინახოთ, როგორიც არ უნდა იყოს იგი, მზადმყოფებად მხოლოდ ჭეშმარიტების მიღებისთვის.

მორწმუნე ადამიანი ჩაკეტილი ადამიანია: მისი ფანჯრები და კარები ჩაკეტილია, ის ციხეში ცხოვრობს. მას უწევს ამ ციხეში ცხოვრება: თუ ფანჯრებს და კარებს გახსნის, მათში შევა  მზე, წვიმა და ქარი, და სრულიად შესაძლებელია, რომ მისი რწმენის სისტემა შეირყეს. თუ ჭეშმარიტება ყველა მხრიდან შემოვა, ის ვერ დაიცავს თავის რწმენას. მან ჭეშმარიტებისგან უნდა დამალოს იგი, ჩაკეტილ სამყაროში უნდა იცხოვროს, ფანჯრებისა და კარების გარეშე, რომ ვერაფერმა შეუშალოს ხელი, რომ  მშვიდად რწმენა განაგრძოს. ეს ძალიან კარგია საზოგადოებისთვის, მაგრამ ძალიან სახიფათოა ინდივიდის ჯანმრთელობისთვის.

ადრე,ინდოეთის სოფლებში როცა  ღარიბი ქალები ყანაში სამუშაოდ  მიდიოდნენ, თავიანთი პატარა ბავშვებიც თან მიჰყავდათ. თუ ბავშვი უკვე გაიზარდა, მას სხვა ბავშვებთან ერთად სათამაშოდ ტოვებდნენ, მაგრამ თუ ის ჯერ ძალიან პატარა იყო და ვერ ითამაშებდა სხვა ბავშვებთან, დედას გამუდმებით საქმისგან მოცდენა უხდებოდა უხდებოდა : ბავშვი ხან ტიროდა, ხან მშიერი იყო, ხან ციოდა. დედას გამუდმებით უნდა ეზრუნა მასზე, ეს სამუშოსგან აცდენდა და ბატონს აბრაზებდა. ამიტომ დედა ცოტა ოპიუმს აძლევდა შვილს . ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ბავშვი ნეტარი ძილით იძინებდა და ტკბილ სიზმრებს ხედავდა, დედა კი მშვიდად განაგრძობდა მუშაობას. ძალიან კარგია დედისთვის, ძალიან კარგია სამუშაოსთვის, ძალიან კარგია ბატონისთვის, მაგრამ ძალიან სახიფათოა და სარისკოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის და მომავლისთვის. მაგრამ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო.

საზოგადოება თავს გახვევთ რწმენას, რომ ექსპერიმენტები არ ჩაატაროთ;  ძიებამ არ გაგიტაცოთ, რადგანაც ძიება იმდენ ენერგიას მოითხოვს თქვენგან, რომ ვეღარ გახდებით  კარგი კლერკი, ან სადგურის უფროსი, ან გადასახადების ამკრეფი, ან პოლიციელი. ძიება სამსახურისგან მოგაცდენთ; უფრო მეტად დაინტერესდებით შინაგანით, გარეგნულისადმი ინტერესი კი გაქრობას დაიწყებს.

საზოგადოებას უნდა  რომ ექსტრავერტულად იცხოვროთ. საზოგადოებას უნდა, რომ პროდუქტიული იყოთ - აწარმოებთ რაიმე კარგს თუ ცუდს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ ბომბების წარმოებაში მუშაობთ, პროდუქტიული უნდა იყოთ. თუ ჯარში მსახურობთ, პროდუქტიული უნდა იყოთ და თან ყოველთვის მორჩილი. სადაც არ უნდა იყოთ, კარგ სამუშაოს ასრულებთ თუ ცუდს, მნიშვნელობა არ აქვს: უნდა მიჰყვეთ იმას, რაც საზოგადოებამ გადაწყვიტა და  შეესაბამებოდეთ მას.

თუ მაძიებელი ხართ, მაშინ სახიფათო გახდებით : თქვენ უფრო ინტრავერტული, იქნებით და შეიცვლება თქვენი პრიორიტეტები, ღირებულებები. თქვენ არ აგაღელვებთ ფული და  ძალაუფლება, თქვენ არ გექნებათ ამბიციები, თქვენ არ მოგინდებათ საგნების დაუფლება, საკუთრებისადმი ინტერესს დაკარგავთ. თქვენ დაიწყებთ შინაგანი სიმდიდრის ძიებას, ღმერთის სასუფევლის ძიებას თქვენში. მაგრამ მაშინ სულ უფრო და უფრო ნაკლებად პროდუქტიული გახდებით საზოგადოებისთვის, საზოგადოებას კი არ შეუძლია  ამის უფლება მოგცეთ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო უკეთესი გახდება. ეს იქნება მსოფლიო, სადაც  ადამიანები სიღრმეში ჩაიხედავენ და ამჯობინებენ რაღაც თავისი გააკეთონ, ვიდრე სხვებს მისცენ მათი ექსპლუატაციის უფლება. ეს იქნება უფრო სრულყოფილი მსოფლიო, რომელშიც ადამიანები უფრო მეტად  მედიტატიურები იქნებიან. ასეთ მსოფლიოში პოლიტიკოსები ვეღარ მიაყენებენ ადამიანებს ისეთ ზიანს, როგორსაც ადრე. თუ ადამიანები უფრო ინტრავერტულები გახდებიან, ომები ავტომატურად გაქრება. ვის მოუნდება მაშინ ომი და სხვების მოკვლა?

ძალადობა ყოველთვის იმ სახით მოგვეწოდება, რომ მშვენიერი ჩანს. მკვლელობა „ნაციის“ სახელით, ისლამის სახელით, ქრისტიანობის სახელით - და მკვლელობა მშვენიერი გვეჩვენება. მკვლელობა მკვლელობაა, კლავთ თქვენ ქრისტიანობისთვის თუ ეკლესიისათვის, ქვეყნისთვის თუ ნაციისთვის, არ აქვს მნიშვნელობა. ეს უბრალოდ სიტყვებია, რომლებიც ამართლებენ მკვლელობას, ძალადობას,  სიგიჟეს.

ყოველ ათ წელიწადში ერთხელ დედამიწაზე დიდი მსოფლიო ომია, რადგანაც ყოველ ათ წელში ადამიანები იმდენ ჩირქს იგროვებენ, რომ ის გამოსავალს ეძებს. იმდენ შხამს იგროვებენ, რომ უკვე აღარ შეუძლიათ შიგნით შეკავება,  და ეს მსოფლიო სიგიჟის სახით ფეთქდება.

თუ ადამიანები უფრო ინტრავერტულები გახდებიან , ომები და პოლიტიკა  გაქრება. თუ ადამიანები უფრო ინტრავერტულები იქნებიან, ისინი , რა თქმა უნდა,  აღარ იქნებიან ისეთი პროდუქტიულები, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა ,  ისინი უფრო ბედნიერები და სიხარულით სავსე იქნებიან. ისინი შექმნიან ყველაფერ აუცილებელს და არ იზრუნებენ ზედმეტზე.

ჩვენ ძალიან ვზრუნავთ ზედმეტზე, რომელიც სრულიად არ გვჭირდება, და რომლის გარეშეც თავისუფლად გავიტანთ თავს. მაგრამ სხვაგვარად არ შეგვიძლია, რადგანაც ყოველთვის გვასწავლიდნენ, რომ გამუდმებით სადღაც უნდა ირბინო და რაღაცა მოიპოვო. უბრალოდ ვერ წარმოგვიდგენია, რომ სხვაგვარად ცხოვრება შესაძლებელია.

საზოგადოება თავს გახვევთ რწმენას და თავიდანვე გიკლავთ ძიების წყურვილს. რელიგია ნიშნავს თქვენი ძიების აღორძინებას, თქვენს პირველსაწყის წყაროსთან დაბრუნებას.

გახსოვდეთ , ეს არაა ცნობისმოყვარეობა, ეს ძალიან გულწრფელი ძიებაა. იცხოვრო, საკუთარი თავის ცნობის გარეშე, იგივეა, რაც მკვდარი იყო. როგორ შეიძლება მართლა იცხოვრო, თუ საკუთარ თავი არ იცი? რა აზრი ექნება თქვენს ცხოვრებას, თუკი არ იცით ვინ ხართ? როგორ გადაწყვეტთ მაშინ, როგორია თქვენი ბედი? დიახ, მაშინ თქვენს ცხოვრებაში ბევრი  ხმაური იქნება, მაგრამ არა მუსიკა.  თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი გათვლილი იქნება, მაგრამ მასში არ იქნება ზეიმი.  გამუდმებით სადღაც გაიქცევით, მაგრამ ვერასოდეს მიაღწევთ დანიშნულების პუნქტს. დაბადებიდან სიკვდილამდე გამუდმებულ დაძაბულობაში იქნებით, მაგრამ ვერასოდეს შეიცნობთ ყოფიერების სილამაზესა და მადლს, რადგანაც თქვენ საკუთარი შინაგანი არსის სილამაზე და მადლიც კი არ გაგიგიათ - ეს კი პირველია, რაც უნდა გაიგოთ, და ყველაზე ახლოსაა თქვენთან.

პირველი ნაბიჯი ცხოვრებაში საკუთარი თავის შეცნობაა. ეს არ უნდა იყოს უბრალო ცნობისმოყვარეობა. არსებობს მრავალი ადამიანი, რომლებიც უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო ეძებენ, მაგრამ ცნობისმოყვარეობას არ შეუძლია თქვენი ტრანსფორმაცია მოახდინოს; ეს მხოლოდ ქავილია, რომლის დაკმაყოფილებაც ძალიან ადვილია.

ერთი მიკიტანს თავი  ძლივს გაჰქონდა . მთელი პერსონალი შეცვალა სამიკიტნოში, მაგრამ ამანაც არ უშველა. ყველა მისი მცდელობა უშედეგოდ მთავრდებოდა. სასოწარკვეთილმა მიკიტანმა  გადაწყვიტა ბრძენი ქალისთვის მიემართა.

- ყველაფერი ძალიან მარტივია, - უთხრა მას ქალმა და ფული ჯიბეში შეინახა. - უბრალოდ სახელი უნდა შეუცვალოთ სამიკიტნოს.

- კი, მაგრამ მას ასი წელია უკვე „ოქროს ლომი“ ჰქვია, - გააპროტესტა მიკიტანმა.

- სახელი უნდა შეცვალო, - გაიმეორა ქალმა. - უნდა დაარქვა „რვა ზარი“ და აბრაზე შვიდი ზარი უნდა ჩამოკიდო.

- შვიდი? - გაუკვირდა მიიტანს. - რა სისულელეა! რა აზრი აქვს ამას?

- სახლში წადი და ნახავ, - უპასუხა ბრძენმა ქალმა.

მიკიტანი სახლში წავიდა და ისე გააკეთა, როგორც ქალმა ურჩია. ყველა, ვინც გვერდზე ჩაივლიდა, ჩერდებოდა, რომ ზარები დაეთვალა, შემდეგ კი სამიკიტნოში შესვლას ჩქარობდა, რომ შეეტყობინებინა შეცდომის შესახებ, რადგან მიამიტურად თვლიდა საკუთარ თავს პირველ ადამიანად, ვინც ეს შეამჩნია, და აუცილებლად უკვეთავდა რამეს, რათა სხვა თუ არაფერი ეფიქრა მაინც,რომ ტყუიილად არ შესულა .

ასე გამოისწორა მიკიტანმა თავისი საქმეები და გამდიდრდა კიდეც.

ასეთია ადამიანი. სამიკიტნოს ჰქვია „რვა ზარი“, აბრაზე  მხოლოდ შვიდია  და ეს საკმარისია, რომ ადამიანის ცნობისმოყვარეობა გააღვივოს და დროებით მაინც რაღაცით დაკავდეს. მაგრამ ასეთ ცნობისმოყვარეობას არსად არ მივყავართ.

ადამიანები კითხულობენ ღმერთის შესახებ,  ჭეშმარიტების შესახებ, მაგრამ მათი თვალებით, იმით, თუ როგორ კითხულობენ, ჩანს, რომ სერიოზულად არ ეძებენ  ისინი ღმერთზე ისევე საუბრობენ, როგორც ამინდზე,  ეს უბრალოდ საუბრის თემაა. თითქმის არავინაა ჩართული ვნებიან ძიებაში. თუ მთელი ვნებით, მთელი ჩაფლულობით არ ეძებთ, თუ პროცესს მთლიანად არ ეძლევით, თქვენ ვერ შეიცნობთ საკუთარი არსის საიდუმლოებებს, რადგანაც ამისთვის უზარმაზარი ძალისხმევაა საჭირო. ცნობისმოყვარე ადამიანს არ შეუძლია ამხელა ძალისხმევის გაწევა. ცნობისმოყვარეობა ვერ მიგიყვანთ მწვერვალებამდე, მისი ენერგია ძალიან მცირეა. მხოლოდ შეცნობის სურვილის ჭეშმარიტ ვნებას შეუძლია გაგატაროთ ყველა სირთულე, რომლებიც გარდაუვალია ამ გზაზე. ძიება  მთაზე აღმასვლაა.

ასე რომ,  პირველი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ „ოქროსფერი ყვავილის საიდუმლო“ გაიგოთ,  ესაა არ იფილოსოფოსოთ, არ მისცეთ საზოგადოებას უფლება, რომ შეცდომაში შეგიყვანოთ, არ ირწმუნოთ და არც უარყოთ.გახსოვდეთ, როდესაც მე ვამბობ „არ ირწმუნოთ“, მე არ ვგულისხმობ, რომ უნდა უარყოთ. უარყოფა იგივე რწმენაა, ოღონდ მინუს ნიშნით. როცა მე ვამბობ „არ ირწმუნოთ“, მე ვგულისხმობ, რომ უნდა გადააგდოთ რწმენაც და უარყოფაც. თქვენ უბრალოდ გახსნილი უნდა იყოთ, რაიმე დასკვნების გარეშე.  უნდა გააცნობიეროთ საკუთარი უმეცრება, და არ შენიღბოთ არც ერთი ცოდნით. უმანკო უნდა იყოთ, უმანკოდ უმეცარი. უნდა გესმოდეთ, რომ „მე არ ვიცი“.

სწორი მიდგომა ყოველთვის  იმის გაგებით იწყება , რომ „მე არ ვიცი“. თუ უკვე „იცით“ რაღაც, სინამდვილეში არ იცით; თუ სავსე ხართ ცოდნით, მაშინ თქვენი ეს რწმენა დაბრკოლება გახდება, ეს რწმენა დაბადებს ყალბ განცდას. თუ დამოკიდებული ხართ რაიმე რწმენაზე, -რწმენა კი ლსდ-ს  ჰგავს, ან მარიხუანას, ან ჰაშიშს, - თუ დამოკიდებული ხართ რაიმე რწმენაზე, იგი თავის სამყარო-პროექციას ქმნის, იგი უფასო სპექტაკლს გაჩვენებთ. და როდესაც თქვენი წარმოსახვა ასეთი სპექტაკლის თამაშს იწყებს, თქვენ წყვეტთ რეალობის ნაწილად ყოფნას, თქვენ აღმოჩნდებით საკუთარ კერძო, განცალკევებულ სამყაროში თქვენ იქნებით იდიოტი.

სწორედ ასეთია სიტყვა „იდიოტის“ ზუსტი მნიშვნელობა .  ესაა ის, ვინც თავის კერძო სამყაროში ცხოვრობს, განცალკევებულ რეალობაში.  ის, ვინც დაკარგა კავშირი ჭეშმარიტ რეალობასთან, ვისი წარმოსახვაც იმდენად რეალური გახდა, რომ ჩაანაცვლა ის, რაც სინამდვილეში არსებობს. სწორედ ეს გემართებათ, როცა ლსდ-ს იღებთ, ან მარიხუანას, ან სხვა ნარკოტიკს: ის თქვენს შიგნით წარმოსახვით ძალიან ფერადოვან სამყაროს ქმნის. ნარკოტიკული ზემოქმედების დროს ყველაფერი, რასაც განიცდით, უმაღლეს ჭეშმარიტებად გეჩვენებათ.

ყოველდღე ვიღაც მოდის ჩემთან და მეუბნება: „სწორედ ნარკოტიკების წყალობით გავაცნობიერე, რა მშვენიერია სამყარო“. ყველაფერი, რაც მან გააცნობიერა, მხოლოდ მისი წარმოსახვითი სამყაროა; ნარკოტიკი უბრალოდ ხსნის მოვლენებისადმი კრიტიკულ ხედვას. ნარკოტიკი  რთავს  თქვენს გონებას და კარს უხსნის თქვენი წარმოსახვების სამყაროს, და ის ყველა მიმართულებით იწყებს დინებას. როცა კრიტიკის უნარი გათიშულია და გონება არ მუშაობს, წარმოსახვას კი სრული თავისუფლება და აბსოლუტური ძალაუფლება ეძლევა, თქვენ გეჩვენებათ, რომ უმაღლეს ჭეშმარიტებას განიცდით,  მაგრამ ეს ასე არაა. ამ განცდებს არაფერი აქვთ საერთო ჭეშმარიტებასთან. ჭეშმარიტება მისაწვდომია მხოლოდ მათთვის, ვინც თავისუფალია ნებისმიერი დამოკიდებულებისგან : არა მხოლოდ ქიმიურისგან, არამედ რელიგიურისგანაც. მხოლოდ ის, ვინც ბოლომდე თავისუფალია დამოკიდებულებისგან, მზადაა შეიცნოს ჭეშმარიტება.

მე გამიგია...

დიდი ფსიქოლოგი , უილიამ ჯეიმსი,„გამამხიარულებელი გაზის“ ანუ აზოტის ზეჟანგის ზემოქმედების ქვეშ,  უმაღლესი „ჭეშმარიტების“ განცდამდე მივიდა. ის ერთ-ერთი პირველი ექსპერიმენტატორი გახლდათ .  იმ დროში ჯერ არ იყვნენ ნარკომანები.

აზოტის ზეჟანგის ზემოქმედების ქვეშ მას მოეჩვენა, რომ უმაღლეს ჭეშმარიტებას „წააწყდა“. ის დიადი ფსიქოლოგი და  ფილოსოფოსი იყო, მაგრამ ისეთი რამ გააკეთა, რასაც ძალიან ცოტა აკეთებს: მან მაშინვე ჩაწერა თავისი განცდები. საკმაოდ გონიერი იყო და მიხვდა, რომ რაღაც ძალიან ღირებული გამოვლინდა მის ცნობიერებაში, და ეს დაუყოვნებლივ უნდა ჩაეწერა. ვინ იცის? - შესაძლოა, როგორც კი ნარკოტიკის ზემოქმედება დამთავრდება, ყველაფერი დავიწყებოდა. ამიტომ ყველაფერი მაშინვე ჩაწერა, შემდეგ დაელოდა, სანამ ნარკოტიკის ზემოქმედება გაივლიდა. იგი ფიქრობდა, რომ ბუდა გახდა, ან ქრისტე, ან ღმერთი ნახა, ან ის, რაც უპანიშადების ავტორებმა ნახეს, ან ლაო-ძიმ, ან ზარატუსტრამ, ან მუჰამედმა, - ან დაახლოებით რაღაც ამდაგვარი.

მაგრამ ის ძალიან გაკვირვებული და დაბნეული იყო, როცა ჩანაწერების წიგნში ჩაიხედა. იქ ეწერა:

„ჰოგამუს, ჰიგამუს,

მამაკაცი პოლიგამია

ჰიგამუს, ჰოგამუს

ქალი მონოგამია“.

აი, უმაღლესი ჭეშმარიტება, რომელსაც ის გადააწყდა.

ნებისმიერი აბსურდი, ნებისმიერი სისულელე შეიძლება უმაღლეს ჭეშმარიტებად მოგვეჩვენოს მაშინ, როდესაც თქვენს ჭკუაზე არ ხართ, როდესაც თქვენი გონება გამორთულია და თქვენი კრიტიკული უნარი ბოლომდე მიძინებულია. მაგრამ იმ მომენტში იგი არ გეჩვენებათ სისულელედ, პირიქით, მაშინ ის  უმაღლეს ჭეშმარიტებას ჰგავს.

ოლდოს ჰაკსლი ყვებოდა, რომ როდესაც პირველად მიიღო ლსდ , ის ჩვეულებრივ ოთახში იჯდა და მის წინ ყველაზე ჩვეულებრივი სკამი იდგა. როცა ლსდ-მ მასზე  მასზე ზემოქმედება დაიწყო , სკამი ისე ლამაზად მოეჩვენა, რომ თვალებს არ უჯერებდა: ცხოვრებაში ა არ ენახა რაიმე უფრო ლამაზი.  სინათლე ყველა მხრიდან იღვრებოდა მისგან,ის მთლიანად ანათებდა,  მრავალფერი და ფსიქოდელიური იყო. სკამი იგივედ დარჩა - ეს უბრალოდ წარმოსახვის თამაში იყო, ლსდ-მ გონება და კრიტიკის უნარი დააკარგვინა მას.

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ რწმენა ეჭვის წინააღმდეგაა, ნდობა კი არა. ნდობა ეჭვის მეშვეობით იზრდება, რწმენა კი ეჭვის დათრგუნვის მეშვეობით. ამიტომ რწმენა  ერთგვარი ნარკოტიკია. ნარკოტიკი სწორედ ასე მოქმედებს: ის ახშობს თქვენს უნარს რომ დაეჭვდეთ, იმ დროს, როცა მხოლოდ ეს გეხმარებათ, რომ დაკვირვებული იყოთ. არ გახდეთ იდიოტი, არ გახდეთ საკუთარი წარმოსახვის მსხვერპლი. რელიგიები მრავალი საუკუნის განმავლობაში გეუბნებოდათ: „ნუ დაეჭვდებით! თუ დაეჭვდებით  ჯოჯოხეთში მოხვდებით. ირწმუნეთ! თუ ეჭვობთ, დათრგუნეთ და გადააგდეთ ეჭვი. უბრალოდ ირწმუნეთ. რწმენა გაგებაა, - ამტკიცებდნენ ისინი, - ირწმუნეთ და გაიგებთ“.

ნდობა სრულიად სხვა მოვლენაა. ის ცნობიერების აუმღვრეველ და გახსნილ მდგომარეობაში მოდის; როცა თქვენ არც გჯერათ და არც უარყოფთ, როცა არანაირ დასკვნას არ აკეთებთ ,  როცა უბრალოდ თავისუფალი და უმანკო ხართ.

ამიტომ ეჭვი სასარგებლოა. სანამ ჭეშმარიტებამდე არ მიხვალთ ,  ეჭვი თქვენი დამხმარეა. ეჭვი ნდობის მეგობარია. ეჭვი გეხმარებათ, რომ არ გახდეთ წარმოსახვის მსხვერპლი, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოსახვა ქაოსს შექმნის თქვენში.

მაგალითად, თუ თქვენ დაიბადეთ ინდუისტურ ოჯახში და წაგიკითხავთ კუნდალინის შესახებ, მაშინ თქვენი წარმოსახვა შესაბამის განცდას შეგიქმნით: ერთხელ თქვენი ხერხემლის ძირში უეცრად გველი გაიღვიძებს და ხმამაღალი სისინით აღიმართება თქვენი მეშვიდე ჩაკრასკენ. და თუ ყოველთვის გჯეროდათ ამის, ეს განცდა ისე რეალურად მოგეჩვენებათ, რომ წამითაც კი არ შეგეპარებათ ეჭვი. მაგრამ იესო არასოდეს შეხვედრია კუნდალინის, მუჰამედსაც არაფერი სმენია მასზე... ბუდასაც კი, რომელიც ინდუისტურ ოჯახში დაიბადა.  ის გულწრფელი მაძიებელი იყო და ყველანაირი რწმენა გადააგდო, იგი არასოდეს შეხვედრია კუნდალინის. მაჰავირამაც არაფერი იცოდა ამის შესახებ, ზარატუსტრასაც არაფერი უთქვამს ამაზე. რაშია საქმე? ან იქნებ რაღაც გაუშვეს ხელიდან? ეს უბრალოდ რწმენის შედეგია: თუ გჯერათ ჩაკრების, ეს შვიდი ჩაკრა თქვენი ცხოვრების რეალობა გახდება. ყველაფერი რისიც გჯერათ, თქვენი რეალობა ხდება.

გოპი კრიშნა, რომელიც კუნდალინი-იოგას პროპაგანდას ეწეოდა ამ საუკუნეში, ამბობს, რომ ის ცამეტი წელი მუშაობდა, უბრალოდ იჯდა და ელოდა, როდის აიწეოდა მისი კუნდალინი. ცამეტი წელი  არაა ცოტა დრო. თუ მთელი ცამეტი წელი გვექნება რწმენა კუნდალინიში, დაველოდებით მას და კონცენტრაციას მოვახდენთ ხერხემლის ფუძეზე, და მაშინ რა  გასაკვირია, რომ შედეგიც მივიღოთ.

და ერთხელაც  მოხდა შემდეგი : გველმა გაიღვიძა,  უზარმაზარი ენერგიითა და ჩანჩქერის გამაყრუებელი ხმით ზემოთ,ხერხემლის გასწვრივ აღიმართა და მის ტვინში შეაღწია. მას შემდეგ გოპი კრიშნა დარწმუნებულია, რომ მისი გენია გაიფურჩქნა. იგი თვლის, რომ თუ თქვენი კუნდალინი აიწევა, თქვენ გენიოსი გახდებით. მე, თუმცაღა ვერ ვხედავ, რაშია მისი გენიოსობა. დიახ, ნამდვილად, მან დაწერა რამდენიმე სულელური პოემა - ძალიან მდარე და  ჩვეულებრივი. თუ ის გენიოსია, მაშინ ჯობს, რომ ადამიანებმა შეინახონ თავიანთი კუნდალინი და აწევის უფლება არ მისცენ მას. თუ ყველა მეორეხარისხოვანი პოეტი გახდება, ეს არც ისე კარგი იქნება.

ეს არაა ზრდა. ეს მხოლოდ წარმოსახვაა. მაგრამ თუ რაღაცის გჯერათ, თქვენ ამის დანახვას იწყებთ - ამაშია მთელი საფრთხე. ნუ დაიწყებთ რწმენით. დაო ამბობს: ეძებეთ, ჩაატარეთ ექსპერიმენტები, მოიცადეთ, სანამ გაგება თავისთავად მოვა.

სუტრები:

ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა:

როცა სინათლე წრეზე მოძრაობს, ყველა ენერგია კრისტალიზდება : ცისა და მიწის, ნათელისა და ბნელის.

ფაქტია, თქვენი ცნობიერება გარეთკენ მოძრაობს , ამისთვის რწმენაც კი არაა საჭირო: როცა რაღაც ობიექტს უყურებთ, თქვენი ცნობიერება ობიექტისკენ მოძრაობს.

მაგალითად, როცა მე  მიყურებთ,  თქვენ ივიწყებთ საკუთარ თავს და  ჩემზე ახდენთ ფოკუსირებას, მაშინ თქვენი ენერგია და თვალები  ჩემსკენაა მომართული, -ეს ექსტრავერტული მოძრაობაა.თქვენ უმზერთ ყვავილს და მოხიბლული ხართ მისი სილამაზით; თქვენ ფოკუსირდებით მასზე და ივიწყებთ საკუთარ თავს, თქვენ მხოლოდ ყვავილის სილამაზეს აცნობიერებთ. ეს ყველამ კარგად ვიცით , ეს ყოველ მომენტში ხდება. თქვენს გვერდით ლამაზი ქალი ჩაივლის  და  თქვენი ენერგია მაშინვე მას მიჰყვება.

ჩვენ ვიცნობთ სინათლის გარეთკენ მოძრაობას, მაგრამ ეს მხოლოდ ისტორიის ნახევარია; ყოველ ჯერზე, როცა სინათლე გარეთკენ მიედინება, თქვენ ჩრდილში აღმოჩნდებით ხოლმე და საკუთარ თავს  ივიწყებთ . სინათლე უკან, შიგნითკენ უნდა მიედინებოდეს იმისთვის, რომ სუბიექტი და ობიექტი  ერთდროულად გახდეთ და საკუთარი თავი დაინახოთ. ამ დროს მოდის ცოდნა საკუთარი თავის შესახებ. როგორც წესი, ჩვენ ვცხოვრობთ მხოლოდ გარე სამყაროში , და  მაშინ ჩვენ ნახევრად ცოცხლები ვართ, ნახევრად-  მკვდრები :  სინათლე გამუდმებით გარეთ გაედინება და უკან არ ბრუნდება. და ჩვენ უფრო ცარიელები ვხდებით შიგნით.

იგივე დიდ მასშტაბით  ხდება მთელს სამყაროში. ცოტა ხნის უკან  ფიზიკოსებმა  შავი ხვრელების არსებობა აღმოაჩინეს. დაოსებმა შავი ხვრელები გაცილებით უფრო ადრე აღმოაჩინეს, თუმცაღა მათ აინტერესებდათ შავი ხვრელები არა შორეულ კოსმოსში, არამედ თქვენში. შავი ხვრელი არის მდგომარეობა, როცა თქვენი ენერგია იფიტება და ცარიელდებით. თქვენ საერთოდ დაგავიწყდათ, როგორ უნდა შეივსოთ ენერგიის ეს წყარო. მეცნიერები ამბობენ, რომ ადრე თუ გვიან მზეც შავი ხვრელი გახდება, რადგანაც იგი გამუდმებით ასხივებს ენერგიას, რომელიც აღარ უბრუნდება. ეს ენერგიის უზარმაზარი წყაროა. იგი უკვე მილიონობით წელია აძლევს ენერგიას მთელს მზის სისტემას. მზის ენერგიის წყალობით უკვე მილიონობით წელია იზრდებიან ხეები, ჰყვავიან ყვავილები, არსებობს ადამიანი, ცოცხლობენ ცხოველები, დაფრინავენ ფრინველები. მაგრამ მზე იფიტება. თანდათანობით და ნელ-ნელა იგი ამოწურავს თავის ენერგიას და ერთხელაც ჩაქრება. უეცრად გაქრება სინათლე და მისი უკანასკნელი სხივები.  და მაშინ ის შავ ხვრელად იქცევა.

სწორედ ასე ცხოვრობს მრავალი ადამიანი: იმის გამო, რომ  მხოლოდ ექსტრავერტულ ცხოვრებით ცხოვრობენ, ისინი შავ ხვრელად იქცევიან. თქვენ უყურებთ ამას, თქვენ უყურებთ იმას, თქვენ გამუდმებით იყურებით სადღაც გარეთ და არასოდეს უბრუნებთ ენერგიას მას, ვინც იყურება. დღისით სამყაროს ხედავთ, ღამით სიზმრებს, მაგრამ გამუდმებით მიჯაჭვული ხართ ობიექტებზე. ეს ფანტავს თქვენს ენერგიას. ოცდაათი წლის ასაკში ადამიანი თითქმის ბოლომდე დაცლილია - ის შავი ხვრელი ხდება.

ადამიანთა უმეტესობა ოცდაათი წლის ასაკში კვდება, იმის მიუხედავად, რომ   სამოცდაათი წლის ასაკში ასაფლავებენ, მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია, - ოცდაათი წლისთვის ისინი უკვე მკვდრები არიან. მე ვხედავ სიმართლის მარცვალს ჰიპების ცნობილ გამონათქვამში: „არ დაუჯეროთ ადამიანს, რომელიც უკვე ოცდაათს გადაცილდა“. ამ გამონათქვამში არის სიმართლის ნაწილი, რადგანაც დიდ იშვიათობას წარმოადგენს ისეთი ადამიანის პოვნა , რომელიც ოცდაათსაა გადაცილებული და ჯერ კიდევ ცოცხალია. ადამიანები შავი ხვრელები ხდებიან : სრულიად გამოფიტული და  დახარჯული. ისინი უბრალოდ საცოდავად არსებობენ. ცოცხალ-მკვდარი არიან, და თითქოს მხოლოდ წარსულში აღებულ ინერციას მიჰყვებიან.

თქვენ იცით, რომ თუ ველოსიპედით სეირნობა გინდათ, პედლები უნდა ატრიალოთ. ხანდახან შეგიძლიათ ფეხი აუშვათ პედალს, და იმ სიჩქარის ხარჯზე, რომელიც უკვე აკრიფეთ, ველოსიპედი რაღაც დროის განმავლობაში თავისით იმოძრავებს. ხოლო თუ მთიდან ეშვებით, შეგიძლიათ პედლები საერთოდ არ ატრიალოთ . ოცდაათი ან ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ თქვენ მთიდან ეშვებით. თუ სამოცდაათი წელი სიკვდილის საშუალო ასაკია, ოცდათხუთმეტი წელი  სასიცოცხლო პიკია. ოცდათხუთმეტის შემდეგ თქვენ უბრალოდ მთიდან ეშვებით: შეგიძლიათ უბრალოდ ჩამოგორდეთ, ყველანაირი ძალისხმევის გარეშე.

დაოსების გამოცდილება მეტყველებს იმაზე, რომ ენერგია, რომელსაც გამუდმებით გარეთ ხარჯავთ, შესაძლებელია დახარჯვის ნაცვლად შიგნით დააგროვოთ . ეს შეაძლებელი გახდება, თუ შეიცნობთ საიდუმლო ცოდნას იმაზე, თუ როგორ მიმართოთ ენერგია შიგნითკენ. სწორედ ამაში მდგომარეობს მეცნიერება კონცენტრაციის ნებისმიერი მეთოდის შესახებ.

სცადეთ ექსპერიმენტის ჩატარება სარკესთან. როცა სარკის წინ დგახართ, მასში საკუთარ თავს ხედავთ :  საკუთარ სახეს, საკუთარ თვალებს. ესაა ენერგიის მოძრაობა გარეთკენ. თქვენ ხედავთ საკუთარ ანარეკლს :  რა თქმა უნდა,  თქვენ ხედავთ საკუთარ სხეულს, მაგრამ ესაა ობიექტი თქვენს გარეთ. შემდეგ  პროცესი საწინააღმდეგო მხარეს მიმართეთ. იგრძენით, რომ სარკის ანარეკლი თქვენ გიმზერთ თითქოს თქვენ კი არ უყურებთ ანარეკლს, არამედ ანარეკლი გიყურებთ ,   და თავს ძალიან უჩვეულოდ იგრძნობთ. სცადეთ ამის გაკეთება რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამის მეშვეობით ძალიან  ძალიან ცოცხალი გახდებით და  თქვენში უზარმაზარი ძალა შემოვა. შესაძლოა შეგეშინდეთ კიდეც, რადგანაც ადრე არასოდეს განგიცდიათ მსგავსი რამ. თქვენ არასოდეს შეგიგრძვნიათ ენერგიის ჩაკეტილი წრე.

და თუმცა ამაზე არაფერია ნათქვამი არცერთ დაოსურ წერილში,  ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მარტივი ექსპერიმენტია, რომლის გაკეთებაც ყველას იოლად შეუძლია.  დადექით სარკის წინ სააბაზანო ოთახში და პირველად დაათვალიერეთ თქვენი ანარეკლი: თქვენ უყურებთ და ობიექტი თქვენი ანარაკლია. შემდეგ შეცვალეთ სიტუაცია, გააკეთეთ პირიქით. გააცნობიერეთ თქვენი ანარეკლი და შეიგრძენით, რომ ანარეკლი გიყურებთ , ცვლილება  მყისიერად მოხდება და უზარმაზარი ენერგია დაიწყებს თქვენს შიგნით მოძრაობას. თავიდან ამან შესაძლოა შეგაშინოთ, რადგანაც აქამდე  არ გაგიკეთებიათ. შესაძლოა სიგიჟედ მოგეჩვენოთ, შეგძრათ, შესაძლოა კანკალი დაიწყოთ ან ორიენტაცია დაკარგოთ, რადგანაც აქამდე თქვენი ორიენტაცია ბოლომდე გარეთ იყო მიმართული. შიგნითკენ მოძრაობის სწავლა თანდათანობითაა საჭირო. მაგრამ წრე იკვრება, და თუ ამას რამდენიმე დღის განმავლობაში გააკეთებთ, გაოცდებით, რამდენად უფრო ცოცხლად იგრძნობთ თავს დღის განმავლობაში. თქვენ უბრალოდ რამდენიმე წუთი იდექით სარკესთან და ნება მიეცით თქვენს ენერგიას, რომ შიგნით დაბრუნებულიყო და წრე შეეკრა. ყოველთვის, როცა წრე იკვრება,  ღრმა სიჩუმე ისადგურებს. გაწყვეტილი წრე შფოთვას და დარდს ქმნის; ჩაკეტილი წრე კი სიმშვიდეს, ის უფრო ცენტრირებულს გხდით, ცენტრირებულად  ყოფნა კი  ძლიერად ყოფნას ნიშნავს. ეს ძალა  თქვენშია. და ეს მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო ექსპერიმენტია, შემდეგ შეგიძლია სხვადასხვა ვარიანტები სცადოთ.

როცა ვარდის ყვავილს დაინახავთ, თავიდან შეხედეთ მას, უყურეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ კი დაიწყეთ უკუ-პროცესი: თითქოს ვარდის ყვავილი გიმზერთ თქვენ. და გაგიკვირდებათ, რამხელა ენერგიის მიღება შეგიძლიათ ვარდის ყვავილისგან. იგივე შეიძელბა გავაკეთოთ ხეებზე, ვარსკვლავებზე და ადამიანებზე. შეყვარებულთან ამის გაკეთება ყველაზე კარგია. . უბრალოდ უყურეთ ერთმანეთს თვალბში. უყურეთ ჯერ თქვენს პარტნიორს, შემდეგ კი იგრძენით, როგორ გიბრუნებთ იგი ენერგიას და  როგორ გიბრუნდებათ თქვენი ძღვენი. შეიგრძნობთ, თუ როგორ გავსებთ და გეხვევათ ახალი ენერგია. ამის შემდეგ უფრო ცოცხლად, უფრო ახალგაზრდად იგრძნობთ თავს.

ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა:

როცა სინათლე წრეზე მოძრაობს...

სწორედ ამას უწოდებენ ისინი სინათლის წრეზე მოძრაობას. თქვენი სინათლე ნახევარწრეზე მოძრაობს: იგი ყოველთვის გარეთკენაა მიმათული და არასოდეს ბრუნდება შიგნით. ადრე თუ გვიან შავ ხვრელად იქცევით. თუ წრე იკვრება, მაშინ თეთრი ხვრელი ხდებით. შავი ხვრელების აღმოჩენის შემდეგ მეცნიერებმა თეთრი ხვრელებიც აღმოაჩინეს. განსხვავებით შავი ხვრელისგან, თეთრი ხვრელი ენერგიით სავსეა.

როცა სინათლე წრეზე მოძრაობს, ყველა ენერგია კრისტალიზდება : ცისა და მიწის, ნათელისა და ბნელის.

ცა და მიწა  ნიშნავს შინაგანს და გარეგანს, მაღალს და დაბალს, ღმერთს და სამყაროს, უხილავს და ხილულს, შეუცნობელს და შეცნობადს. ცა ღმერთის სიმბოლოა, მიწა - გამოვლენილი სამყაროსი. როცა წრე იკვრება, ისინი ერთიანდებიან. მაშინ არა მხოლოდ მიწას ეკუთვნით, არამედ რაღაც ზეციურიც აღწევს თქვენში. მაშინ არა მხოლოდ მიწიერი ხართ, არა მხოლოდ ადამიანი, არამედ ღვთაებრივი ხდებით.

გაიხსენეთ სიტყვა „ადამიანის“ (human) ფუძეა „humus”. Humus ნიშნავს „მიწას“. ადამიანი მიწისგანაა შექმნილი, ამიტომაც იწოდება ასე. როცა მიწა ღვთაებრივით ნათდება, თქვენ ხედავთ ცხოვრების მშვენიერებას. ეს შესაძლებელი ხდება, თუკი თქვენი ენერგია შიგნით ბრუნდება. და მისი დაბრუნება ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ, არანაირი პრობლემა არაა: უბრალოდ უნდა გამოიყენოთ საიდუმლო. როცა  მის მუდმივ გამოყენებას ისწავლით , ენერგიას ყველგან იპოვით.

შეგიძლიათ უბრალო მწვანე ხის ყურებით თავი ისე სავსედ იგრძნოთ თავი ,  თითქოს მთელი მისი სასიცოცხლო ძალა თქვენში გადმოიღვარა, თითქოს ხის მთელი წვენი თქვენს არსში გადმოვიდა. უბრალოდ მთვარის ყურებით, თქვენ გაოცდებით: არაა საჭირო ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მიღება იმისთვის, რომ მთვრალად იგრძნოთ თავი, თქვენ შეგიძლიათ მთვარით დათვრეთ. მთვარეს შეუძლია უზარმაზარი ენერგია დაგიბრუნოთ, თუ იცით, როგორ მიიღოთ იგი.

უძველეს ინდურ წერილში  „რიგ-ვედა“  სომაზეა საუბარი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სომა  ლსდ-ს მაგვარია. ისინი ფიქრობენ, რომ ეს რაღაც სოკო იყო, რომელიც ჰიმალაებიდან გაქრა კლიმატის ცვლილების ან სხვა მიზეზის გამო.  ან, შესაძლოა, არც კი გამქრალა, უბრალოდ ადამიანებს დაავიწყდათ იგი. შესაძლოა უწინდებურად იზრდება სადღაც ჰიმალაების ველებზე, და ჩვენ უბრალოდ დავივიწყეთ. შესაძლოა ძველმა ბრძენებმა გაცნობიერებულად დაავიწყეს იგი კაცობრიობას, რადგანაც ძალიან სახიფათო აღმოჩნდებოდა.

ოლდოს ჰაკსლი ამბობს, რომ სომა უმაღლესი ნარკოტიკი იყო, და როდესაც ჩვენ აღმოვაჩენთ ნარკოტიკს, რომელიც ლსდ-ს აღემატება, კვლავ სომას დავარქმევთ მას. გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ სანსკრიტზე სიტყვა სომა „მთვარეს“ ნიშნავს. ამიტომაც ჰინდიზე ორშაბათს „სომვარ“, მთვარის დღე ეწოდება. სომა ნიშნავს „მთვარეს“, ეს არაა სოკო, და არც ლსდ-სმაგვარი ნარკოტიკი. ეს მთვარესთან შეერთების საიდუმლო ცოდნაა. მთვარეს ისევე შეუძლია ,   როგორც ოკეანეებზე მოქმედებს. თუ მთვარისგან ენერგიის მიღებას შეძლებთ, უზარმაზარი, ნექტარივით ტკბილი  ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, და დათვრებით მისით, ყველანაირი ნარკოტიკის მიღების გარეშე.

თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ მთვარის ენერგია თქვენი არსის სიღრმეში, და ეს ენერგია მშვიდსა და გაწონასწორებულს გაგხდით, რადგანაც მთვარე ქალური ენერგიაა. ისევე, როგორც საყვარელ ქალთან ჩახუტების დროს გრძნობთ დიდ სიმშვიდეს და მოდუნებას, იგივე, და გაცილებით უფრო ძლიერად ხდება, როცა მთვარის ენერგიას იღებთ.

მთვარე ქალური პრინციპია, მზე - მამაკაცური. მთვარე - ინია, მზე - იანი. მთვარე დედასავით ზრუნავს თქვენზე. რომელიმე სოკოსთვის ჰიმალაებში გამგზავრება არაა საჭირო , რადგან ეს  მთვარის სახით  ყოველთვის ცაზეა  . უბრალოდ უნდა გაიგოთ საიდუმლო, მისგან ენერგიის მიღების საიდუმლო.   მზისგან და მთვარისგან ენერგიის მიღების საიდუმლო მეთოდები არსებობს.

მზის თაყვანისცემა გარკვეულ ტექნიკაზე იყო დაფუძნებული; გაჩნდა მზის საოცარი ტაძრები. მზის ტაძარი  ,,კონარაკი’’-  უბრალოდ მზისადმი მადლიერების გამნოვლინებაა. ეს არ იყო უბრალოდ თაყვანისცემა, ეს იყო მეცნიერება მზისგან ენერგიის მიღების შესახებ. ქალებისთვის განსაკუთრებით კარგია მზის ენერგიის მიღება მათში მთვლემარე იანის გამოსაღვიძებლად  .  მამაკაცებისთვის  მთვარის ენერგიის მიღება მათში მთვლემარე ქალური საწყისის გასააქტიურებლად არის კარგი. ქალები მზეს კარგად ეთაყვანებიან , კაცები - მთვარეს. მაგრამ თაყვანისცემა არა უბრალოდ  რიტუალი, არამედ  მეცნიერული მეთოდი უნდა იყოს.

როცა სინათლე წრეზე მოძრაობს, ყველა ენერგია კრისტალიზდება :  ცისა და მიწის, ნათელისა და ბნელის.

 

ნათელი და ბნელი წარმოადგენენ მამაკაცისა და ქალის, სიმსუბუქისა და სიმძიმის, უწონადობის და გრავიტაციის, სიცოცხლისა და სიკვდილის, მოძრაობისა და სიმშვიდის სიმბოლოებს. ნათელი და ბნელი ყველა ამ წყვილის სიმბოლოა.

თუ ენერგია წრეზე დაიწყებს მოძრაობას, თანდათანობით დაგავიწყდებათ მამაკაცი ხართ თუ ქალი. ექსტრავერტული მოძრაობა იანის პრინციპია, ინტროვერტული მოძრაობა კი ინის. მამაკაცი ბუნებით ექსტრავერტია, ქალი - ინტროვერტი.  როცა მამაკაცი სექსითაა დაკავებული, ის ამას გახელილი თვალებით აკეთებს :  მას უნდა რომ დაინახოს, ეს  აღაგზნებს, აქედანაა პორნოგრაფიის შესაძლებლობა. არც ერთ ქალს არ აინტერესებს პორნოგრაფია, რადგან  მასში ვერანაირ აზრს ვერ ხედავს. როცა ქალი თავის შეყვარებულთან  სექსითაა დაკავებული,  ის თვალებს ხუჭავს. ქალი  ინტროვერტია, მისი ენერგია შიგნითკენ მოძრაობს.

ენერგია ჩაკეტილი წრე უნდა გახდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მამაკაცი მხოლოდ მამაკაცად რჩება, ქალი  - მხოლოდ ქალად, მაგრამ ორივე ნახევარი რჩება - ერთი მთლიანის ორი ნახევარი. აქედანაა მათი ერთმანეთისადმი მიზიდულობა  .  როცა თქვენი ენერგია წრეზე იმოძრავებს, თქვენ აღარ დაგჭირდებათ გარე ქალი ან გარე მამაკაცი, რადგანაც თქვენი შინაგანი ქალი და მამაკაცი ერთმანეთს შეხვდებიან   და შეერწყმებიან თქვენში. მაშინ ერთი მთლიანი გახდებით, მთლიანად ყოფნა კი  წმინდანად ყოფნას ნიშნავს.

სწორედ ესაა დაო, სწორედ ესაა ტანტრა: ერთიანად ყოფნა  წმინდანად ყოფნას ნიშნავს.

როცა სინათლე წრეზე მოძრაობს, ყველა ენერგია კრისტალიზდება : ცისა და მიწის, ნათელისა და ბნელის.

იმას, რასაც აქ „კრისტალიზაცია“ ეწოდება, კარლ გუსტავ იუნგი „ინდივიდუაციას“ უწოდებდა. გურჯიევმა კი მას „საკუთარი თავის დაბადება“, ანუ „სულის დაბადება“ დაარქვა.

 თქვენ შედგებით ცალკეული ფრაგმენტებისგან, თქვენ  მთელი ბრბო ხართ, ბევრი „მე“ გაქვთ. თქვენ არ გაქვთ ერთიანი „მე“, თქვენ მრავალრიცხოვანი პატარა „მე“ გაქვთ, და ისინი ერთმანეთს ებრძვიან ძალაუფლებისთვის. ამაშია ადამიანის ტანჯვა:   ის მრავალი „მე“-სგან შედგება. როგორ შეგიძლიათ მოდუნებული იყოთ, როცა ბევრი ხართ? თქვენი ერთი ნაწილი ამბობს: „გააკეთე ეს“, მეორე ნაწილი ამბობს: „არ გააკეთო ეს“, მესამე კი გეუბნებათ: „ჯობია ის გააკეთო“.

და რაც არ უნდა გააკეთოთ, მაინც ნანობთ, რადგან ნაწილები, რომლებსაც არ უნდოდათ ამის გაკეთება, გაგტანჯავენ. ისინი დაიჟინებენ, რომ არასწორად მოიქეცით, რომ ჯობდა სხვაგვარად გაგეკეთებინათ: “ჩემთვის რომ დაგეჯერებინა, უკვე მიაღწევდი მიზანს. ხედავ, რა გამოვიდა, არადა ხომ გეუბნებოდი!“ მაგრამ ამ ნაწილისთვის რომ დაგეჯერებინათ, თქვენზე სხვა დანარჩენი ნაწილები იძიებდნენ შურს.

ადამიანი არასოდესაა  კმაყოფილი  და არც კმაყოფილად იგრძნოს თავი,  რადგანაც შიგნით  მრავალ ნაწილადაა დაყოფილი. თუ ერთიანი ხდებით, კმაყოფილება თავისთავად მოდის. თუ დაყოფილი ხართ, ყოველთვის უკმაყოფილო იქნებით. თუ დაყოფილი ხართ, გამუდმებულ კონფლიქტში იქნებით. თუ ერთიანი ხდებით, კონფლიქტი ქრება , რადგან თქვენ სახლში ბრუნდებით. სწორედ ამას უწოდებენ დაოსები კრისტალიზაციას, და ამის მიღწევა  სინათლის წრეზე მოძრაობით ისეა შესაძლებელი, რომ  რომ ინი და იანი ერთ მთლიანად ერთიანდება.

სინათლემ ზუსტად ისევე უნდა იმოძრაოს, როგორც სუნთქვა მოძრაობს:   შიგნითკენ და გარეთკენ, გარეთკენ და შიგნითკენ; თქვენ ჩაისუნთქავთ და ამოისუნთქავთ. ეცადეთ წარმოიდგინოთ ადამიანი, რომელიც მხოლოდ ამოსუნთქავს : ის ვერ იცოცხლებს, მისი სხეული მოკვდება. ახლა კი  წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც მხოლოდ ჩაისუნთქავს,  ისიც  მოკვდება. სწორედ ეს დაემართა თქვენს სულს :  ის მკვდარია, რადგანაც თქვენ ან მხოლოდ ამოისუნთქავთ სინათლეს, ან მხოლოდ ჩაისუნთქავთ. თქვენ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეთ, რომ ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა წრედ და ერთიან  პროცესად უნდა იქცეს. გააკეთეთ ღრმა ამოსუნთქვა და ღრმა ჩასუნთქვა.

სწორედ ისევე, როგორც სხეულის არსებობისთვისაა აუცილებელი სუნთქვა, სულის არსებობისთვის აუცილებელია  ცნობიერება. ამიტომ ცნობიერება არ უნდა იქნეს დავიწყებული, ის წრის ნახევარს შეადგენს; წრე აუცილებლად უნდა შეიკრას. ქალმა უნდა ისწავლოს მამაკაცად ყოფნა ისევე, როგორც მამაკაცმა უნდა ისწავლოს ქალად ყოფნა.  როდესაც ქალი და მამაკაცი წონასწორობაში აღმოჩნდებიან, ისინი აბსოლუტურად თანაბარი და დაბალანსებული ხდებიან, ამ დროს ხდება კრისტალიზაცია :  იბადება სული.

როცა მოსწავლე იწყებს ამ საოცარი საიდუმლოს გამოყენებას...

და ეს მართლაც სასწაულია, რადგანაც მისი შედეგები არაჩვეულებრივია.

როცა მოსწავლე იწყებს ამ საოცარი საიდუმლოს გამოყენებას, ყოფიერების შუაში მას არყოფნა ემართება.

სწორედ ამას ვუწოდებ შავ ხვრელს .

როცა მოსწავლე იწყებს ამ საოცარი საიდუმლოს გამოყენებას, ყოფიერების შუაში მას არყოფნა ემართება.

თქვენ თითქოს გარშემორტყმული ხართ ყოფიერებით, მაგრამ ამავე დროს თითქოს არყოფნის, სიცარიელის კუნძული ხართ - შავი ხვრელი. ხეები , ვარკვლავები , ფრინველები ცოცხალი არიან;  მიწა , მზე, მთვარე ცოცხალია, ყველა ცოცხალია, თქვენ კი... თქვენ უბრალოდ მკვდარი შავი ხვრელი ხართ. ყოფიერების უზარმაზარ ოკეანეში თქვენ არსბობთ როგორც არყოფნა. და იწყებთ სწორედ ამ მდგომარეობით.

როცა დროთა განმავლობაში სამუშაო დასრულებული აღმოჩნდება და სხეულის საზღვრებს გარეთ ახალი სხეული ჩნდება, ეს იმას ჰგავს, რომ არყოფნის შუაში ყოფიერება ვლინდება.

მაშინ ყველაფერი იცვლება და  თქვენ ყოფიერება ხდებით, თეთრი ხვრელი. თქვენ ისეთი ინტეგრირებული, , ისეთი კრისტალიზებული  ხდებით, რომ თქვენთან შედარებით მზე, მთვარე, ხეები და ფრინველები არყოფნად გეჩვენებათ.

წარმოიდგინეთ ბუდა: მასში არის ყოფიერება; არსებობა უბრალოდ ფერმკრთალდება მასთან შედარებით. მასში  მარადიული სიცოცხლეა, უხვი სიცოცხლე. მთელი არსებობა ღარიბია, ის კი მდიდარია. ის მეფეა, მთელი ყოფიერება კი ღატაკი ჩანს.

როცა დროთა განმავლობაში სამუშაო დასრულებული აღმოჩნდება და სხეულის საზღვრებს გარეთ ახალი სხეული ჩნდება...

როცა სინათლის წრე კრისტალდება და თქვენს შიგნით  მყარდება , თქვენ სხეულში კიდევ ერთ სხეულს გრძნობთ. პირველი სხეული მიწისგანაა შექმნილი, მეორე სხეული ღვთაებრივისგან, ღმერთისგან. პირველ სხეულს ფორმა გააჩნია, მეორეს არა. პირველი სხეული უხეშია, მეორე სხეული კი  ნატიფი. პირველი სხეული მოკვდება, მეორე სხეული უკვდავია. პირველი სხეული განეკუთვნება დროის სამყაროს, მეორე - მარადისობას.

მეორე სხეული მხოლოდ სინათლის ამოსუნთვქისა და ჩასუნთქვის სწავლით იბადება.  თქვენ სინათლეს ისევე ამოისუნთქვათ და ჩაისუნთქავთ, როგორც ჰაერს და სწორედ მაშინ მეორე სხეული ანუ სინათლის სხეული იბადება.   პირველი სხეული -  სიბნელის სხეულია, ის მიწის ნაწილს, გრავიტაციის ნაწილს წარმოადგენს. ის მძიმეა და  მიწისკენ მიიზიდება. მეორე სხეული ზემოთკენ მიიწევს, ის მსუბუქია, უწონო. ის ისეთი მანათობელი და უწონადია, რომ შეგიძლიათ აფრინდეთ.

სწორედ ამაზე ამბობენ ძენის ოსტატები: „იფრინო ფრთების გარეშე“. მაშინ თქვენთვის მისაწვდომი ხდება  ცა მთელი მისი უსასრულობით.

...ეს იმას ჰგავს, რომ არყოფნის შუაში ყოფიერება ვლინდება. მხოლოდ ასდღიანი შეუპოვარი შრომის შემდეგ დგება  სინათლე ჭეშმარიტი.

სინათლე უბრალო ფანტაზიად მოგეჩვენებათ , თავიდან ის უნდა იყოს კიდეც ფანტაზია. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, მხოლოდ ასი დღის შემდეგ...

მხოლოდ ასდღიანი შეუპოვარი შრომის შემდეგ...

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეუპოვრად მუშაობთ; ასი დღე  არაა ფიქსირებული ვადა. თუ ტოტალურად ხართ ჩართული, მაშინ ეს ას დღეში მოხდება; თუ არადა, შესაძლოა ასი წელი ან ასი ცხოვრება დაგჭირდეთ - ვინ

იცის. ყველაფერი  ინტენსიურობაზეა დამოკიდებული. თუ თქვენი არსი ბოლომდე, ტოტალურადაა ჩართული; თუ მტკიცე და ურყევი ხართ;  თუ მზად ხართ ყველაფრით გარისკოთ, მაშინ ასი დღის შემდეგ სინათლე ჭეშმარიტი გახდება. თავიდან კი ის უბრალო ფანტაზიად მოგეჩვენებათ.

ფანტაზიაში ცუდი არაფერია.  ფანტაზია მხოლოდ მაშინაა ნეგატიური,  თუ მას რეალობის წინააღმდეგ მიჰყავხართ და დაბრკოლებად იქცევა. როცა ფანტაზია  რეალობასთან თანამშრობმლობს მასში ცუდი არაფერია. მაშინ ეს დიდი კურთხევაა. თავიდან, ექსპერიმენტის სარკესთან ჩატარებისას, თქვენ მოგეჩვენებათ, რომ ეს მხოლოდ წარმოსახვაა. თქვენ მოგეჩვენებათ  რომ  ანარეკლი , რომელიც გიყურებთ  ფანტაზიაა. მაგრამ მალე თქვენ გააცნობიერებთ, რომ ეს არ იყო ფანტაზია - თქვენ  გასაღები გადაატრიალეთ რეალობის სასახლეში, და ეს სინამდვილეში მოხდა.

თავდაპირველად, თუკი ხეს დიდი სიყვარულით შეეხებით, იფიქრებთ, რომ ხე ვერ გიპასუხებთ, ხოლო თუ იგრძნობთ, რომ ის გპასუხობთ, იფიქრებთ, რომ მხოლოდ თქვენი წარმოსახვაა. არადა  ხე მართლაც გპასუხობთ, მაგრამ სანამ ამას გააცნობიერებთ, რაღაც დრო უნდა გავიდეს. თუ სიყვარულით მიდიხართ, ხეც სიყვარულით გპასუხობთ .   სიყვარულზე ყოველთვის სიყვარულით პასუხობენ. ხოლო თუ არ პასუხობენ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ეს სიყვარული არაა; რაღაც სხვა გვაჩვენებს  თავს სიყვარულად.

...მხოლოდ მაშინ ხდება იგი სული-ცეცხლი.

ასდღიანი შეუპოვარი ძალისხმევის შემდეგ იგი სული-ცეცხლი ხდება.

ასი დღის შემდეგ ნათელში იბადება სინათლის ჭეშმარიტი წყაროს წერტილი.

თავიდან ეს გაფანტული სინათლეა; თქვენ მხოლოდ იწყებთ მისი არსებობის გაცნობიერებას; ის ხან არის, ხან არ არის, ის ჯერ კიდევ ძალიან ბუნდოვანი და ძნელად მოსახელთებელია. მაგრამ თანდათანობით უფრო და უფრო ძლიერდება და წყაროდ იქცევა.

შემდეგ უეცრად იბადება მარგალიტის თესლი.

ეს იმას ჰგავს, თითქოს ქალი და მამაკაცი ერთმანეთს შეერწყნენ და ჩასახვა მოხდა.

სწორედ ასე ხდება ყველაფერი: შინაგანი მამაკაცი და შინაგანი ქალი ერთმანეთს ერწყმიან. სწორედ ესაა ჭეშმარიტი ტანტრა: თქვენი მამაკაცური და ქალური  შინაგანი ნაწილი სექსუალურ აქტში ერწყმიან ერთმანეთს, ერთიანდებიან და აღარასოდეს შორდებიან.

გარე ქალთან განშორება გიწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთობა მახინჯდება და  აუტანელი ხდება. გარე მამაკაცთან განშორება გიწევთ - მასთან ერთიანობა არაა ხანგრძლივი, მხოლოდ წამით შეიგრძნობთ ერთიანობის გაბრწყინებას. შინაგან პარტნიორთან განშორება არ გჭირდებათ.

გასხივოსნებული ადამიანი გამუდმებული ორგაზმის მდგომარეობაში ცხოვრობს: მისი შინაგანი მამაკაცი და  ქალი განუწყვეტლივ სექსით არიან დაკავებული. ალბათ გინახავთ შივალინგა ინდუისტურ ტაძრებში; ეს  შინაგანი მამაკაცისა და ქალის შეხვედრის სიმბოლოა. ლინგა მამაკაცური პრინციპია, იონი - ქალური. ეს  უბრალოდ ფალოსური გამოსახულება არაა, როგორც ამას ფროიდის მიმდევრები ამბობენ. ეს სიმბოლური გამოსახულებაა. იგი შინაგან პოლარობას ასახავს.

როცა ეს შეხვედრა ხდება, თქვენ ხელახლა იბადებით. სწორედ ამას გულისხმობს იესო, როცა ნიკოდემეს ეუბნება: „სანამ არ დაიბადები ხელახლა...“ არ ვიცი რას ამბობენ ამის შესახებ ქრისტიანები, მე ეს არც ისე მაღელვებს, მაგრამ იგი სწორედ ამას გულისხმობდა. „სანამ არ დაიბადები ხელახლა...“  ის მეორედ დაბადებას გულისხმობს. ინდუისტები ასეთ ადამიანებს ,,დვიჯას’’ ანუ  ორჯერ შობილებს უწოდებენ. თქვენ  დაბადებას აძლევთ საკუთარ თავს. როცა გარე მამაკაცი ხვდება გარე ქალს, ისინი ბავშვს წარმოქმინიან, ჰბადებენ.   და თქვენ ამ შემთხვევაში მშობელიც ხართ და ბავშვიც. თქვენში ახალი ცხოვრება იწყება - ბუდას ცხოვრება, გასხივოსნებული და უკვდავი ცხოვრება.

მაშინ შეიძლება შევაჩეროთ ძალისხმევა და უბრალოდ დაველოდოთ.

როცა იგრძენით, რომ თქვენში ჩასახვა მოხდა, როცა იგრძენით, რომ შინაგანი მამაკაცი შინაგან ქალს შეერწყა და ქალი დაორსულდა, მაშინ სხვა არაფერი დაგრჩენიათ ლოდინის გარდა, ისევე, როგორც ქალი ელოდება ცხრა თვის განმავლობაში. ის ელოდება დიდი სიხარულით,  იმედითა და მუდმივი ლოცვით.  საჭირო არაა ძალისხმევა, არაფრის კეთება აღარაა საჭირო - პროცესის აქტიური ნაწილი დასრულებულია.

მოქმედება პროცესის მამაკაცური მხარეა. სინათლის წრეზე მოძრაობა მამაკაცური ნაწილია. როცა ჩასახვა მოხდა და შინაგანი ქალი დაფეხმძიმდა, მამაკაცურ ნაწილს აღარ სჭირდება მოქმედება, მას შეუძლია დაისვენოს. შემდგომში ყველაფერი თავისთავად მოხდება.

მედიტაცია პირველი ნაწილია. ახლა მხოლოდ ლოცვა რჩება. სწორედ ამიტომ გეუბნებით, რომ მედიტაციის გარეშე ვერასოდეს გაიგებთ,თუ  რა არის ლოცვა. ლოცვა მედიტაციის უმაღლესი ფორმაა. მედიტაცია ყვავილს და  მის არომატს ჰგავს. გზა ლოცვისკენ  მედიტაციაზე გადის.

ადამიანები მეკითხებიან, რატომაა, რომ თუ მათი გზა  ლოცვის გზაა, მაინც უნდა აკეთონ ამდენი მედიტაცია აქ, ამ აშრამში. ლოცვა მოვა, მაგრამ ამისთვის გზა უნდა დაუგოთ მას. ყველა შესაძლო მედიტაცია უნდა გაიაროთ . ეს განწმენდის პროცესია. ამით თქვენს მამაკაცურ ნაწილს დააკმაყოფილებთ, და მაშინ დაგეფუფქებათ  ქალური ნაწილი. თქვენ დაორსულდებით! ორსულობა  ლოცვის მდგომარეობაა, რადგანაც მაშინ აღარაფრის კეთება აღარ გჭირდებათ. თქვენ ყველა ძალისხმევა ჩადეთ, ახლა კი უბრალოდ ისვენებთ. სწორედ ესაა ის, რასაც დაოსები უწოდებენ „უმოქმედობას მოქმედების გზით“.

თქვენ სინათლის წრეზე მოძრაობის მრავალი ექსპერიმენტი ჩაატარეთ, თქვენ წარმატებას მიაღწიეთ :  ხანგრძლივი და შეუპოვარი ძალისხმევის შემდეგ რაღაც კრისტალიზდა თქვენში;  მამაკაცი და ქალი აღარ არიან ცალ-ცალკე, ისინი შეერთდნენ, ბავშვი გაჩნდა - ახლა მხოლოდ ლოდინია საჭირო. ელოდეთ იმედით, ელოდეთ ნდობით. სწორედ ესაა ლოცვა.

პირველადი ტრანსფორმაციის განმსაზღვრელი ნიშანი იქნება სინათლის შინაგანი ნათება.

როგორ იგებთ , რომ ქალი ორსულადაა? ნუთუ ორსული ქალის გარშემო განსაკუთრებულ აურას ვერ ხედავთ? ნუთუ ვერ ამჩნევთ, როგორ სინათლეს ასხივებენ მისი თვალები,  სახე, მთელი მისი არსება? იგივე, მაგრამ გაცილებით მაღალ დონეზე  ხდება, როდესაც ღმერთით ხართ ორსულად :  თქვენს შიგნით შინაგან სინათლეს ხედავთ. როცა თვალებს ხუჭავთ, მხოლოდ სინათლეს ხედავთ - სინათლეს, რომელიც არსაიდან მოდის, ყოველგვარი წყაროს გარეშე, გრილი მთვარის სინათლე :  მომხიბვლელი და  ჯადოსნური. და ის, ვისაც უყვარხართ და ახლოსაა თქვენთან, ასევე იგრძნობს ამას.

სწორედ ამიტომ ხატავენ წმინდანთა გამოსახულებებზე ნიმბებს. ყველას არ შეუძლია ამ ნიმბების დანახვა. ქრისტე რომ გენახათ, ვერ დაინახავდით მის აურას, მაგრამ მისი მოსწავლეები ხედავდნენ მას. ადამიანები, რომლებმაც ჯვარზე გააკრეს იგი, რა თქმა უნდა, ვერ ხედავდნენ მის აურას. მათ არ შეეძლოთ მისი დანახვა. ისინი ბრმები და ჩაკეტილები იყვნენ. ბუდას გარშემოც ხედავდნენ აურას... მაგრამ მხოლოდ მისი მოსწავლეები.

ეს საიდუმლო მხოლოდ მათთვისაა მისაწვდომი, ვისაც უყვარს. ეს ისეთი ინტიმური საიდუმლოა, რომ მისი ცოდნა ყველას არ შეუძლია. ის გახსნილია მხოლოდ ახლობელი ადამიანებისთვის, მათთვის, ვინც ახლოს  და კიდევ უფრო ახლოს მივიდა;  მათთვის, ვინც გახსნილია და  მიმღები.

პირველადი ტრანსფორმაციის განმსაზღვრელი ნიშანი იქნება სინათლის შინაგანი ნათება. ფიზიკურ სამყაროში ეს მზეა, ადამიანში _თვალები.

როცა თქვენში ზრდას იწყებს შინაგანი ნათება, თქვენი თვალები მანათობელი ხდება და  თრობამორეულს ჰგავს. თვალებში უნატიფესი სინათლის ცეკვა ჩნდება . ისინი სრულიად სხვა თვისებას იძენენ. ახლა ისინი არა მხოლოდ ხედავენ, არამედ გამოასხივებენ კიდეც სინათლეს. დაოს დაყოფა შეუძლებელია, მაგრამ მისი გაზიარებაა შესაძლებელი,  და მისი გაზიარება თვალებიდან შეიძლება.

როცა სანიასას ინიციაციას გაძლევთ, გთხოვთ ხოლმე, რომ მიყუროთ. მინდა, რომ ვხედავდე თქვენს თვალებს, მინდა, რომ ჩემმა თვალებმა ღრმად შემოაღწიონ თქვენსაში და იგრძნოთ კონტაქტი, რადგანაც თქვენი თვალების მიღმა მესამე თვალი იმალება. როცა კონტაქტს ვგრძნობ მესამე თვალთან (თუ თქვენ გახსნილი ხართ, ამისთვის წამის მეათედიც კი არაა საჭირო ) მე ვიცი, რომ ჩემთან მოსწავლე მოვიდა. თუ ვერ ვგრძნობ კონტაქტს, მაშინ შემიძლია მხოლოდ იმედი მქონდეს, რომ ოდესმე გახდებით მოსწავლე. მაშინ მხოლოდ ამ იმედით გაძლევთ სანიასას. მაგრამ ეს მხოლოდ იმედია; შესაძლოა იგი აღსრულდეს, შესაძლოა არა .  ეს ათას ერთ მიზეზზე იქნება დამოკიდებული. მაგრამ როდესაც ვხედავ მოსწავლეს, როდესაც თქვენი მესამე თვალი მყისიერად რეაგირებს, მაშინ სწორედ იმ ადგილზე  მოხვედით,რომელსაც ეძებდით. მაშინ არ გჭირდებათ არსად სიარული, მაშინ არ გჭირდებათ არანაირი ოსტატი, არანაირი სწავლება - თქვენ სახლში მოხვედით.

ეს ენერგია მიმართულია გარეთ და მიედინება ქვემოთ.

როგორც წესი, ენერგია, რომელიც თვალებიდან გამოდის, გარეთკენაა მიმართული. „გარეთკენ“ და „ქვემოთ“  სინონიმებია.

ამიტომ ოქროსფერი ყვავილის გზა ბოლომდეა დამოკიდებული შიგნითკენ მოძრაობაზე.

ჩვეულებრივ , ენერგია მოძრაობს გარეთ და ქვემოთ. თქვენ კი უკან, შიგნითკენ უნდა დააბრუნოთ იგი; „შიგნით“ ანუ   „ზემოთ“. როცა ის შიგნით დაბრუნებას დაიწყებს და თქვენ ენერგიის წრედ იქცევით, გაოცდებით - თქვენ ახალი განზომილება გაგეხსნებათ: ზემოთკენ დაიწყებთ მოძრაობას, თქვენი ცხოვრება აღარ იქნება ჰორიზონტალური. და აღმოაჩენთ ახალ , ვერტიკალურ განზომილებას.

ღმერთი  ვერტიკალურ განზომილებაში არსებობს. თქვენ ვერ შეხვდებით მას მიწაზე - არა იმიტომ, რომ ის იქ არაა; თქვენ ვერ შეხვდებით მას მანამ, სანამ არ დაიწყებთ ვერტიკალურ განზომილებაში მოძრაობას. ზუსტად ისევე როგორც ბრმა ვერ დაინახავს სინათლეს, ჰორიზონტალური ადამიანი ვერ იხილავს ღმერთს.

ბევრი ადამიანი მოდის და მეუბნება: „თუ ღმერთს გვაჩვენებ, დაგიჯერებთ“. მაგრამ როგორ შემიძლია ღმერთი გაჩვენოთ? როგორ შემიძლია ბრმა ადამიანს სინათლე დავანახო, თუ ის მზად არაა იმ მკურნალობის კურსის გასავლელად, რომელიც თვალებს აუხელს? მე მომიწევს, რომ ცხოვრების ჰორიზონტალური განზომილებიდან ვერტიკალურისკენ წარგმართოთ. აი, რა არის სანიასა ,  ის  ცხოვრების ვერტიკალური მეთოდია. როცა სინათლე ზემოთკენ იწყებს მოძრაობას, ოქროსფერი ყვავილი იფურჩქნება.

ეს ყველაფერი სიმბოლოებია. თქვენში არაა ყვავილი. სიტყვა „ყვავილი“ უბრალოდ ყვავილობის სიმბოლოა, „ოქროსფერი“ კი მისი ნათების.

სინათლის მოძრაობა წრეზე  არაა უბრალოდ ფანტაზია.

გახსოვდეთ: სინათლის წრეზე მოძრაობა არაა უბრალოდ ფანტაზია. თავიდან ის შესაძლოა ფანტაზიად მოგეჩვენოთ - მოგიწევთ მოთმინების გამოვლინება - მალე ის რეალობად იქცევა. სწორედ ესაა რეალობა, ეს დასაწყისიდანვე რეალობაა; ის გეჩვენებათ ფანტაზიათ მხლოდ იმიტომ, რომ აქამდე არასოდეს შეხვედრიხართ მას.

აზრების კონცენტრაციით, შეგვიძლია ავფრინდეთ; სურვილების კონცენტრაციით- დავეცეთ.

„სურვილს“ დაოსები უწოდებენ ენერგიის მოძრაობას გარეთკენ და ქვემოთ, ხოლო „აზრს“ - ენერგიას, რომელიც შიგნითკენ მოძრაობს. არ გაიგოთ ისინი არასწორად! „აზრებში“ დაოსები არ გულისხმობენ თქვენს ეგრეთ წოდებულ აზრებს; აზრებში ისინი გულისხმობენ აზრობრივ ენერგიას, სურვილებისგან თავისუფალს. თუ ის თავისუფალია სურვილისგან და ყველა სურვილი გაქრა, მაშინ არ გჭირდებათ გარეთკენ მოძრაობა, რადგანაც თქვენ გარეთ მხოლოდ იმიტომ მოძრაობთ, რომ რაღაც გსურთ. გსურთ სახლი, ფული,  ძალაუფლება,  ქალი ან მამაკაცი, გსურთ ესა თუ ის  და თქვენ გარეთკენ მოძრაობთ. თუ სურვილები არაა, აზრი არ მოძრაობს გარეთ, ის შიგნითკენაა მიმათული - ხდება შებრუნება ასო ოთხმოცი გრადუსით.

სურვილისგან თავისუფალი აზრი  შიგნითკენ მოძრაობს;  სურვილებით დატვირთული აზრი კი  გარეთკენ .  სწორედ ამიტომ მოუწოდებს ყველა ბუდა სურვილებისგან განთავისუფლებას.

როცა მოსწავლე ცოტას ზრუნავს აზრებზე და ბევრს ზრუნავს სურვილებზე, ის რისკავს რომ ჩაიძირება.

როცა მოსწავლე ცოტას ზრუნავს თავის აზრებზე და ძალიან ბევრს ზრუნავს თავის სურვილებზე, ის მიწიერებაში იძირება.

მხოლოდ ჭვრეტისა და სიმშვიდის წყალობით იბადება ჭეშმარიტი ინტუიცია; ამისათვის აუცილებელია სინათლე კვლავ შიგნითკენ მივმართოთ.

აუცილებელია რომ აზრი გავასუფთავოთ სურვილებისგან. სურვილებისგან თავისუფალი აზრი აღარაა აზრი. სურვილებისგან თავისუფალი გონება არაა გონებაა. ესაა ის, რასაც პატანჯალი ,,სამადჰის’’ უწოდებს, ძენის ოსტატები   ,,სატორის’’, ხოლო დაოსები - კრისტალიზაციას; ესაა შინაგანის და გარეგანის ბალანსი, რომელშიც არ იკარგება არც ერთი წვეთი ენერგია. ის მიდის სამყაროში და უკან ბრუნდება, როგორც ჩიტი, რომელიც დილით ცაში აიჭრება ხოლმე, საღამოს კი უკან, ბუდეში ბრუნდება.

თქვენს ენერგიას ნება მიეცით, რომ კვლავ და კვლავ დაბრუნდეს ბუდეში. ნუ მისცემთ ნებას, რომ მხოლოდ წავიდეს და დაიკარგოს. მაშინ ენერგიის რეზერვუარად იქცევით და ძალიან გაძლიერდებით შიგნიდან. მხოლოდ ამ ძალის წყალობით იწყებს მუშაობას ინტუიცია. ამ ძალაში იბადება სული-ცეცხლი. ამ ძალაში ჩნდება სინათლის ცენტრი. ამ ძალაში იბადება უეცრად მარგალიტის თესლი.

ეს იმას ჰგავს, თითქოს ქალი და მამაკაცი ერთმანეთს შეერწყნენ და ჩასახვა მოხდა. მაშინ შეიძლება შევაჩეროთ ძალისხმევა და უბრალოდ დაველოდოთ.

მაშინ მთავრდება მედიტაცია და იწყება ლოცვა. დაოს მთელი სამუშაო იმაში მდგომარეობს, რომ მედიტაციიდან ლოცვამდე მიხვიდეთ.

დღეისათვის საკმარისია.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff